სტატიების არქივი

01.12.22 – დან.

სიმძიმის წნეხის ილუზია ანგია ბოჭორიშვილი

სიმძიმის ილუზიის ანალოგი წნეხის არეში (მოტორული განწყობის თეორიის ექსპერიმენტული შემოწმება)

ილუზიათა კვლევის ისტორიაში მნიშვნელოვანია ე. წ. სიმძიმის ილუზიის კვლევა. უკანასკნელი შემდეგში მდგომარეობს: როდესაც ორ, სიმძიმით თანასწორ, მაგრამ მოცულობის მხრივ განსხვავებულ საგანს ვწევთ, ყოველთვის ერთისა და იმავეს მოწმენი ვხდებით: პატარა საგანი უფრო მეტი სიმძიმის განცდას იწვევს ჩვენში, ვიდრე დიდი. აღნიშნული ჩვეულებრივი დაკვირვებითაც კარგა ხნის ცნობილი ფაქტია, ხოლო ექსპერიმენტული შესწავლის საგნად იგი ჯერ ფენერმა, შემდეგ კი მიულერმა და შუმანმა გახადეს. მათი ცდების უმთავრესი მიზანი არა იმდენად თვით ილუზიის ფაქტობრივად არსებობის შემოწმება იყო – ამაში ეჭვი არ ეპარებოდათ – არამედ იმ მიზეზის (ან მიზეზების) აღმოჩენა, რომელიც განსაზღვრავს თვით ფაქტს. ილუზიის საკითხი, მაშასადამე, უმთავრესად ახსნის თვალსაზრისით აინტერესებდათ და მათ თავიანთი ცდების შედეგად ცნობილი მოტორული განწყობის თეორია წამოაყენეს, რომელიც, თუმცა არ არის ერთადერთი თეორია ამ საკითხისათვის, ამჟამად მაინც ყველაზე მეტადაა გავრცელებული.
სოკრატეს ცხოვრება და მოღვაწეობა

სოკრატეს ცხოვრება და მოღვაწეობა

სოკრატე ანტიკური ეპოქის უდიდესი მოაზროვნეა, რომელმაც ფილოსოფიის, როგორც მეცნიერების დარგის, ახალი მხარეების წარმოჩენით საფუძველი ჩაუყარა საზოგადოებრივი აზრის ახალ მიმართულებას. სოკრატემდელი ფილოსოფია უმთავრესად სამყაროს მოვლენების აბსტრაქტული პრობლემების შესწავლით კმაყოფილდებოდა და საზოგადოებრივ ცხოვრებით განპირობებული სოციალური მოვლენების მეცნიერულ შესწავლას ნაკლებ ყურადღებას აქცევდა. ამ მხრივ სოკრატეს წინამორბედი არ ჰყოლია, თუ მხედველობაში არ მივიღებთ მატერიალისტ დემოკრიტეს, რომელმაც ჩამოაყალიბა ეთიკა როგორც ფილოსოფია. მონათმფლობელური ეპოქის აზრის ისტორიაში სოკრატემ მთელი სისრულით პირველმა დაიწყო ბუნების მოვლენების აბსტრაქტული პრობლემების კვლევის ნაცვლად საზოგადოებრივი ცხოვრების უმთავრესი მოვლენების შესწავლა, რაც მომდევნო ეპოქების ფილოსოფიური აზრის ძირითადი შემადგენელი ნაწილი ხდება.
რაჟდენ ხუციშვილი მდევარის ბიოგრაფია მდევარი

რაჟდენ ბართლომეს ძე ხუციშვილი (1887-1942)

1860 წელს სოფ. კახში (ამჟამად აზერბაიჯანის სსრ) ინგილო გლეხის ოჯახში დაიბადა ბ ა რ თ ლ ო მ ე ზაქარიას ძე ხ უ ც ი შ ვ ი ლ ი – მამა რაჟდენ ხუციშვილისა. ბართლომე ხუციშვილმა დაამთავრა კახის ორკლასიანი ვაჟთა სასწავლებელი, რის შემდეგ გადავიდა ჯერ ზაქათალის სამოქალაქო სასწავლებელში, ხოლო შემდეგ – გორის სამასწავლებლო სემინარიაში. სამივე სასწავლებელი ბართლომემ წარჩინებით დაამთავრა. განსაკუთრებით ეხერხებოდა მას მათემატიკა. ძველთა გადმოცემით, ბართლომეს დედა, ნაზლუ ხუციშვილისა, თურმე კენჭებზე ძალიან მარჯვედ ანგარიშობდა არითმეტიკის ოთხივე მოქმედებას, ამიტომ მას ხშირად იწვევდნენ ხოლმე მეზობლები ვაჭრებთან ანგარიშსწორებისას.1893 წლიდან ბართლომე ხუციშვილმა მოახერხა მშობლიურ კუთხეს – საინგილოს – დაჰბრუნებოდა მასწავლებლად. აქ იგი თავდავიწყებით შეუდგა ინგილო ხალხის განათლებასა და ახალი კულტურული ჩვევების გამომუშავებას. ამის გამო ბართლომემ მალე დაიმკვიდრა „ინგილო ხალხის ბიძის“ სახელი. ასევე დიდ პატივს სცემდნენ მას არაქართველებიც.
დუმილი დუმილის ანთროპოლოგია

დუმილის ანთროპოლოგია

1952 წელს, 29 აგვისტოს, დევიდ ტიუდორმა პირველად შეასრულა მავერიკის საკონცერტო დარბაზში ჯონ ქეიჯის „4’33“, ე.წ. ჩუმი კომპოზიცია. ტიუდორი სამ აქტად დაყოფილი 4 წუთისა და 33 წამის განმავლობაში საკრავთან იჯდა ჩუმად, ფურცელს თუ გადაშლიდა, აქტებს შორის საკრავს თავს ახდიდა და უმალვე დააფარებდა. დარბაზში მხოლოდ მსმენელთა შრაშუნი, ჩახველება, „იმედგაცრუება ისმოდა“. ამ ნაწარმოებით ჯონ ქეიჯი ბევრი რამის დამტკიცებას ეცადა, მათ შორის იმისას, რომ სრული სიჩუმე არ არსებობს, თუმცა უფრო საინტერესო დანასკვი ის იყო, რომ, რასაც სიჩუმეს ვუწოდებთ, თავადაა ხმა, რამეთუ მას აზრს ვძენთ. ჯონ ქეიჯის ნაწარმოების შეფასებას, რა თქმა უნდა, არ დავიწყებ. მაგალითი მხოლოდ იმისთვის მოვიყვანე, რომ მეორე დებულებისთვის გამესვა ხაზი და რამდენადაც ის ჭეშმარიტია, იმდენად შეგვიძლია აფრიკული გამოთქმა – „დუმილიც საუბრის ფორმაა“ („Silence is also a speech“) – ჭეშმარიტებად მივიღოთ. მაშასადამე, სტატიაში განვიხილავ დუმილის არსს, სახეებს, კულტურულ და საზოგადოებრივ მნიშვნელობებს. 
ძილის ისტორია ნეიოროლოგია

ძილის მოკლე ისტორია და ზოგადი ნეირობიოლოგიური ანალიზი

ძილისა და სიზმრების ისტორია დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენის თანადროულია. ცოცხალი არსებები უკვე ათასწლეულებია საკუთარი ცხოვრების საშუალოდ ერთ მესამედს მძინარენი ატარებენ. კაცობრიობა შეეგუა „ტრადიციას“, რომ უკლებლივ ყოველ დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში უნდა მიეცეს მდგომარეობას, რომელშიც საკუთარი ნებისგან დამოუკიდებლად გახევებული, ცნობიერებაწართმეული უნდა წარდგეს მეტად მძაფრი, ხშირად შემაძრწუნებელი ზმანების პირისპირ და დასრულებისთანავე წესისამებრ განაგრძოს ცხოვრება. მოცემულობა ასეთია, რომ ეს ჩვეულება გადაურჩა ევოლუციის მილიარდობით წლიან დინებას, თუმცაღა, აზრთა სიმრავლის მიუხედავად, ერთი პასუხი იმაზე, თუ რატომ გვძინავს ან – რაც გაცილებით ამოუხსნელია – რატომ გვესიზმრება, არ არსებობს. სირთულეს, შესაძლოა, თავად კითხვის შინაარსივე განაპირობებდეს, ვინაიდან მოითხოვს იმ ერთ მიზეზს, „წმინდა გრაალს“, რომელსაც უნდა დაეკისროს ყოფის ამ პარადოქსული მოვლენის სრულყოფილი ახსნის პასუხისმგებლობა. მსჯელობის ამგვარ ცდუნებას კაცობრიობამ გვერდი ვერ აუარა. პასუხების ძიებაში შეიქმნა თეორიები, რომლებმაც მოიცვა თითქმის ყველა სფერო, – მათ შორის მედიცინა, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, თეოლოგია და ოკულტიზმიც კი. 
რენტგენი მეცნიერი

ვილჰელმ კონრად რენტგენი (W. K. RÖNTGEN)

ფიზიკის ისტორიამ შემოინახა იმ მეცნიერთა გვარები, რომლებმაც ადამიანის საკეთილდღეოდ თავიანთი სიცოცხლე გაწირეს ან თავიანთი გამოგონებით გააუმჯობესეს ადამიანის ცხოვრება. ერთ-ერთი ამათგანია ცნობილი ფიზიკოსი ვილჰელმ რენტგენი. ძნელია წარმოდგენა მეცნიერების, მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და სახალხო მეურნეობის რომელიმე დარგისა, რომელიც რაიმე მიზნით რენტგენის სხივებს არ იყენებდეს.გამოჩენილი გერმანელი ფიზიკოსი ვილჰელმ კონრად რენტგენი დაიბადა გერმანია-ნიდერლანდის სასაზღვრო ქალაქ ლენეპეში (ჩრდილო-დასავლეთი გერმანია) 1845 წლის 27 მარტს. 1866 წელს დაამთავრა ციურიხის უმაღლესი პოლიტექნიკური სასწავლებელი. სტუდენტობის წლებში რენტგენი დაინტერესებული იყო ფიზიკით, რამაც მას საშუალება მისცა 1868 წელს დაეცვა დისერტაცია ფილოსოფიის დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად.
სოლომონ მეფე

სოლომონ მეფე და როსტომ რაჭის ერისთავი

პირველი წერილობითი წყარო, რომელშიც რაჭის საერისთავოა მოხსენებული, XI საუკუნეს განეკუთვნება.  პროფ. ო. სოსელიას მიხედვით, ამ საერისთავოს არსებობა X საუკუნიდან უნდა ვივარაუდოთ. თამარ მეფის დროს (1184-1213 წწ.) რაჭის საერისთავოს ფარგლებში თაკვერიც (ლეჩხუმი) შედიოდა, ხოლო 1230 წლისათვის იგი მხოლოდ რაჭით განისაზღვრება. რაჭის ერისთავები – კახაბერიძეები – ბაღუაშთა გვარის წარმომადგენლები იყვნენ. შემდეგში ჟამთააღწერელი მათ კახაბერის სახელის მიხედვით კახაბერიძედ თვლის. წარმოშობით ეს საგვარეულო არგვეთიდან მოდიოდა და მისი მამაპაპეული რეზიდენცია კაცხი იყო.
ეთნიკური უმცირესობა

ეთნიკური უმცირესობების ჩართულობა სწავლებაში: ინტერვიუ ელენე ჯაჯანიძესთან

სირთულე ზოგადი განათლებიდან იწყება, რადგან ეთნიკური უმცირესობებისთვის რეგიონების საბავშვო ბაღებში არაა ორენოვანი სწავლება (როგორც ქართულ, ისე  მშობლიურ ენაზე). შესაბამისად, უკვე სკოლაში მათ უჭირთ ქართული ენის შესწავლა. გარდა ამისა, ზემოხსენებული რეგიონების სკოლებში ქართული ენის პედაგოგები ძირითადად არ ჰყავთ, ან თავადვე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელნი არიან, რომლებიც ვერ ფლობენ კარგად ქართულს. ბოლო წლებში ეს საჭირობოროტო საკითხი მეტ-ნაკლებად მოგვარდა და მუშაობენ ე.წ. “დამხმარე მასწავლებლები”. ისინი ორენოვანნი არიან და, ასე თუ ისე, კარგად იციან ქართული. მიუხედავად ამისა, მოსწავლეებისთვის მაინც რთულია  საუბარი ქართულ ენაზე, რადგან იშვიათად ურთიერთობენ ქართულენოვან, ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან.
რადიკალიზაციის მნიშვნელობა, როგორც დაბნეულობის წყარო

რადიკალიზაციის მნიშვნელობა, როგორც დაბნეულობის წყარო

ტერმინ “რადიკალიზაციის” ბოლო დროს მოჭარბებულად გამოყენებამ შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ მისი მნიშვნელობა ყველასთვის ერთი და გასაგებია. აღნიშნული სტატია საპირისპიროს ამტკიცებს. ტერმინი სამ შემთხვევაში გამოიყენება: უსაფრთხოების, გაერთიანებისა და საგარეო პოლიტიკის. თითოეულ მათგანს განსხვავებული წესრიგი გააჩნია და, შედეგად, ტერმინს სხვადასხვა მნიშვნელობით იყენებს. ეს დიდ ბუნდოვანებას ქმნის. ამ ვითარებაში გამოსავალი “რადიკალიზაციის” აბსოლუტური გაგებით გამოყენების შეწყვეტა გახლავთ.
შრომის კოდექსი მდევარი, shromis kodeqsi

საქართველოს შრომის კოდექსი: არსებითი და რუდიმენტული ელემენტები

შრომის სამართლის, როგორც სამართლის დარგის, წარმოშობა და ჩამოყალიბება ინდუსტრიული რევოლუციის განსაკუთრებით პირველ ხანებს უკავშირდება, რაც  ეკონომიკისა და, ზოგადად, საზოგადოების განვითარებამ განაპირობა. სამუშაოს მიმცემისა და შემსრულებლის ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე, წარმოიშვა სამუშაოს მიმცემის მიერ უფლებამოსილების გადამეტების საფრთხე, რომლისგან დაცვაც საჭირო გახდა.  შრომის სამართალი აწესრიგებს ურთიერთობებს დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის. იქიდან გამომდინარე, რომ დიდი გავლენის მქონე უშუალოდ დამსაქმებელია, რომელიც ადგენს დასაქმებული პირისათვის შრომის შესაბამის პირობებს, ანაზღაურებასა და სხვა მთელ რიგ გარემოებებს, საჭირო გახდა ამ ურთიერთობის სამართლებრივი განსაზღვრა. ეს მსაზღვრელი  შრომის კოდექსია, რომელიც, მრავალი ავტორის (მაგალითად, ჰარი  უ. არტურსის) მოსაზრებით, უმეტესად მომუშავე პირების დაცვას ემსახურება.
ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ფრიდმანი (A. A. ФРИДМАН)

ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ფრიდმანი (A. A. ФРИДМАН)

ფიზიკის ისტორიაში არც თუ იშვიათია ისეთი შემთხვევა, როდესაც ადამიანი შედარებით მცირე ხანს ცოცხლობს, მაგრამ თავისი შემოქმედების მოკლე პერიოდში ქმნის ისეთ მნიშვნელოვან შრომებს, რომლებიც მას უკვდავების სახელით მოსავს. ასეთები იყვნენ: ევანჯელისტა ტორიჩელი (1608-1647), ბლეზ პასკალი (1623-1662), გეორგ რიხმანი (1711-1753), იოზეფ ფრაუნჰოფერი (1787-1826), ჟან ფრენელი (1788-1827), სადი კარნო (1796-1832), სოფია კოვალევსკაია (1850-1891), პიერ კიური (1856-1906), ჰენრიხ ჰერცი (1857-1894), მარიან სმოლუხოვსკი (1872-1917) და სხვ. ასეთი ბედის ფიზიკოსთა რიცხვს მიეკუთვნება საბჭოთა ფიზიკოსი ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ფრიდმანიც.
blockchain ბლოკჩეინის ისტორია

ბლოკჩეინის სისტემის მოკლე მიმოხილვა

ბლოკჩეინის ისტორია 1991 წელს დაიწყო – მაშინ, როდესაც სტუარტ ჰაბერსა და სკოტ სტორნეტს აზრად მოუვიდათ, შეექმნათ ტექნოლოგია, რომელიც მნიშვნელოვან დოკუმენტებს ისე შეინახავდა, რომ შეუძლებელი გახდებოდა მათი რაიმე სახით გაყალბება (მაგ. არასწორი დათარიღება). ამ იდეის განსახორციელებლად ჰაბერმა და სტორნეტმა კრიპტოგრაფიის მეშვეობით შექმნეს კომპიუტერული სისტემა, რომელში „შეტვირთული“ დოკუმენტებიც ვირტუალურ ბლოკებში ინახებოდა. ყოველი ახალი ინფორმაცია სისტემას ახალი ბლოკის სახით ემატებოდა. ანუ, თუ ვინმე შეცვლიდა მოცემული დოკუმენტის გარკვეულ ნაწილს, ეს სისტემაში ახალი ბლოკის სახით გამოჩნდებოდა, ძველი კი ისევ უცვლელად შეინახებოდა. ახალი და ძველი ბლოკები ერთმანეთთან დაკავშირებული, გადაჯაჭვული იყო. შედეგად, უახლესი ბლოკის მომხმარებელს შეეძლო ენახა დოკუმენტის მთელი ისტორია, მისი უპირველესი ასლის ჩათვლით. 

მდევარი