სოკრატეს ცხოვრება და მოღვაწეობა

გააზიარე:


ავტორი: ვ.აბაშმაძე

სოკრატეს პოლიტიკური მსოფლმხედველობა, საბჭოთა საქართველო, თბილისი, 1973

 

ნაშრომი გააციფრულა შორენა ვაშაძემ

გელა გელაშვილის ბიბლიოთეკიდან

 

 

       სოკრატე ანტიკური ეპოქის უდიდესი მოაზროვნეა, რომელმაც ფილოსოფიის, როგორც მეცნიერების დარგის, ახალი მხარეების წარმოჩენით საფუძველი ჩაუყარა საზოგადოებრივი აზრის ახალ მიმართულებას. სოკრატემდელი ფილოსოფია უმთავრესად სამყაროს მოვლენების აბსტრაქტული პრობლემების შესწავლით კმაყოფილდებოდა და საზოგადოებრივი ცხოვრებით განპირობებული სოციალური მოვლენების მეცნიერულ შესწავლას ნაკლებ ყურადღებას აქცევდა. ამ მხრივ სოკრატეს წინამორბედი არ ჰყოლია, თუ მხედველობაში არ მივიღებთ მატერიალისტ დემოკრიტეს, რომელმაც ჩამოაყალიბა ეთიკა, როგორც ფილოსოფია. მონათმფლობელური ეპოქის აზრის ისტორიაში სოკრატემ მთელი სისრულით პირველმა დაიწყო ბუნების მოვლენების აბსტრაქტული პრობლემების კვლევის ნაცვლად საზოგადოებრივი ცხოვრების უმთავრესი მოვლენების შესწავლა, რაც მომდევნო ეპოქების ფილოსოფიური აზრის ძირითადი შემადგენელი ნაწილი ხდება.

       სოკრატეს მიერ მეცნიერული კვლევის საგნის ახლებური განსაზღვრა ამ პერიოდის ათენის მონათმფლობელური სახელმწიფოს კრიზისით იყო განპირობებული. ათენის სახელმწიფოს რღვევასთან დაკავშირებით მონათმფლობელური იდეოლოგიის წარმომადგენლები ცდილობენ შეიმუშაონ ქმედითი ღონისძიებანი ქვეყნის გადასარჩენად და ამ მიზნით ბუნების ფილოსოფიის აბსტრაქტული პრობლემების შესწავლის მაგიერ გაძლიერებულ შემოქმედებით მუშაობას იწყებენ ამქვეყნიური ცხოვრებისა და მისი განვითარების განმსაზღვრელთა შესასწავლად. სოკრატე ანტიკური ფილოსოფიის იმ ახალი მიმართულების ფუძემდებელია, რომელმაც მონათმფლობელური ათენის სახელმწიფოს გადასარჩენად საზოგადოებრივი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პრობლემების მეცნიერული შესწავლის ამოცანები დაისახა მიზნად. სოკრატეს შემდეგი თაობის მოაზროვნეების – პლატონის, არისტოტელეს და სხვათა – მეცნიერული ინტერესები არსებითად ამ პრობლემებით განისაზღვრება, რაც თავის ნათელ გამოხატულებას მათ მიერ შემუშავებულ იდეალური საზოგადოებისა და სახელმწიფოს პროექტებში პოულობს.

      ამრიგად, სოკრატე ანტიკურ ფილოსოფიაში საზოგადოებრივი ცხოვრების თეორიული პრობლემების შესწავლასთან დაკავშირებით ახალი მიმართულების ფუძემდებელია, რომლის მოძღვრება მიზნად ისახავს ძველი შეხედულებებისა და წარმოდგენების დაძლევის საფუძველზე ათენის მონათმფლობელური სახელმწიფოს დაღუპვისაგან ხსნას. სოკრატეს მეცნიერული შემოქმედების ეს ახალი თვისებრივი მხარე შეუმჩნეველი არ დარჩენიათ მომდევნო თაობის მოაზროვნეებს, რომლებიც მთელ თავიანთ მოღვაწეობას სოკრატეს მიერ განსაზღვრულ მიმართულებს აფუძნებდნენ. ციცერონი მიუთითებს, სოკრატემ ფილოსოფია ზეციდან დედამიწაზე ჩამოიტანა იმისათვის, რომ ხილული ზეცის ნაცვლად მას ამქვეყნიური ცხოვრების შემეცნების უხილავი ზეცა შეექმნაო: “Socrates autem primus philosophiam devocavit e caelo et in urbibns collocavit et in domus etiam introduxit et coëgit de vita et moribus rebusque bonis et malis quaerere”¹.

       მიუხედავად ამისა, სოკრატეს მეცნიერული მემკვიდრეობის შეფასების მხრივ ფილოსოფიურ და პოლიტიკურ ლიტერატურაში აზრთა ერთიანობა არ არსებობს. ანტიკური და შუა საუკუნეების ეპოქებში ძნელია მოიძებნოს სხვა რომელიმე მოაზროვნე, რომლის მოძღვრების შესაფასებლად საუკუნეების განმავლობაში შექმნილ მდიდარ მეცნიერულ ლიტერატურაში ასე მრავალრიცხოვანი და ურთიერთდაპირისპირებული თვალსაზრისები არსებობდეს. შეიძლება გადაუჭარბებლად  ითქვას, რომ სოკრატე ანტიკური ფილოსოფიის უაღრესად ორიგინალურ და დღემდე ჯერ კიდევ გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს. ერთი შეხედვით, სოკრატე გულუბრყვილო და მიამიტი, თავმდაბალი და უპრეტენზიო, ჯიუტობამდე ამაყი და პირდაპირი, არსებული ცხოვრების წესებს შერიგებული და ქვეყნის ერთგული ქვეშევრდომია, რომელიც  დაინტერესებულია ყოველდღიური უბრალო ცხოვრებისეული საკითხებით და მონათმფლობელურ საზოგადოებაში არსებული კანონებისა და წეს-ჩვეულებების განუხრელ შესრულებას ქადაგებს. მაგრამ სინამდვილეში აზროვნების არაჩვეულებრივად ფართო მასშტაბითა და სიღრმით, მსჯელობათა დამაჯერებლობითა და პოლემიკის უბადლო უნარით, კვლევის ორიგინალური მეთოდითა და საზოგადოებრივი ცხოვრების მოვლენებისადმი ახლებური მიდგომით, ძველი შეხედულებების შენიღბული კრიტიკითა და მუდამ ახლის ძიებით სოკრატე არსებითად განსხვავდება თავის წინამორბედთაგან.

       სოკრატეს ცხოვრებისა და მოღვაწეობიდან ორი ათას წელზე მეტი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში კაცობრიობამ განვითარების მაღალ საფეხურს მიაღწია, შეიცვალა ადამიანთა წარმოდგენები და შეხედულებანი საზოგადოებისა და ბუნების მოვლენების შესახებ. სოკრატეს სიბრძნესა და მის მეცნიერულ მემკვიდრეობას, მისი აზრების სიდიადესა და ძლიერებას თანამედროვე ვითარებაში თავისი ზემოქმედებითი ძალა მართალია არ დაუკარგავს, მაგრამ საზოგადოებრივი ცხოვრების პირობების შეცვლის გამო დღევანდელ თაობას ბევრ ისეთ საკითხზე, რომლებიც ანტიკური ეპოქისათვის საჭირბოროტო იყო, სულ სხვაგვარი წარმოდგენა აქვს და უმრავლეს შემთხვევაში სოკრატეს მოსაზრებები ამ საკითხებზე შეიძლება ინტერესმოკლებულადაც მოეჩვენოს. მაგრამ სოკრატეს მეცნიერული მემკვიდრეობის, მოძღვრების მნიშვნელობა და სიახლე ნათელი ხდება იმ ისტორიული ეპოქის თავისებურებათა გათვალისწინებისთანავე, რომელშიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა სოკრატე.

       სოკრატეს მოღვაწეობა მოუხდა ძველი საბერძნეთის საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების ყველაზე მღელვარე და უმნიშვნელოვანეს ეპოქაში.

       ძვ. წ. ა. V საუკუნის დასაწყისში საბერძნეთის სახელმწიფოებს თავს დაესხა სპარსეთი, რომელიც ბატონობდა აზიისა და ევროპის უზარმაზარ ტერიტორიაზე. დიდი საფრთხის წინაშე იყო, უპირველეს ყოვლისა, ათენისა და ერეტრიის სახელმწიფოები, რადგანაც ისინი სპარსელთა წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში იონიელ ბერძნებს ეხმარებოდნენ. ათენის საშინაო მდგომარეობაც მეტად მძიმე იყო: ქვეყნის შიგნით გააფთრებით იბრძოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ კლისთენეს რეფორმებმა შეარყია არისტოკრატების ძლიერება და უზრუნველყო დემოკრატიის გამარჯვება, შინაკლასობრივი ბრძოლა დროგამოშვებით მაინც მძაფრდებოდა.

       ათენის სახელმწიფოს ძლიერება განსაკუთრებით განმტკიცდა მილტიადეს ძის, კიმონის, მმართველობის დროიდან. კიმონმა, რომელიც მოკავშირეთა არმიას ხელმძღვანელობდა, ეგეოსის ზღვაზე სპარსელების წინააღმდეგ გადამწყვეტ გამარჯვებას მიაღწია. ამ წარმატებებმა შეამზადა ძვ. წ. ა. 448 წ. კალიასის ზავი, რითაც დამთავრდა ძველი საბერძნეთის სახელმწიფოების ნახევარსაუკუნოვანი ბრძოლა სპარსეთის დესპოტურ სახელმწიფოსთან. ათენის სახელმწიფოს გამარჯვებამ ამ ომში ძველი საბერძნეთის სახელმწიფოების სწრაფი განვითარების ხელსაყრელი პირობები შექმნა. ბერძნული ქალაქი-სახელმწიფოები ეგეოსისა და მცირე აზიის სანაპირო ტერიტორიებზე განთავისუფლდნენ სპარსელების უღლისაგან.

       სპარსეთთან ომის წარმატებით დამთავრების შემდეგ ათენის სახელმწიფოში თანდათან ძლიერდება დემოკრატიული ძალები, რაც გამოიხატა სახელმწიფო ხელისუფლების შემდგომ დემოკრატიზაციაში: არქონტატისა და არეოპაგის გავლენის მნიშვნელოვნად შემცირების შედეგად ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში გაიზარდა ჰელეიას, ხუთასის საბჭოსა და სახალხო კრების მნიშვნელობა. ამ დემოკრატიული რეფორმების განხორციელებამ შეიწირა ათენის სახელმწიფოს მაშინდელი მეთაური ეფიალტე, რომელიც ანტიდემოკრატიულმა ძალებმა მოკლეს. მიუხედავად ამისა, ათენში დემოკრატიული წყობილება არ შესუსტებულა, რადგან ქვეყანას სათავეში ჩაუდგა დემოკრატიის უფრო დიდი და გავლენიანი წინამძღოლი პერიკლე.

       ათენის სახელმწიფო პერიკლეს მმართველობის ეპოქაში პოლიტიკური და კულტურულ-ეკონომიური განვითარების მწვერვალს აღწევს. პერიკლე მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებს ელინთა შორის მშვიდობის განსამტკიცებლად. ამასთან ერთად, ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციის მიზნით, პერიკლემ დაბალი სოციალური და ქონებრივი მდგომარეობის მოქალაქეებს, რომლებიც წინათ ჩამოშორებული იყვნენ სახელმწიფოებრივ ხელისუფლებას, უფლება მისცა მონაწილეობა მიეღოთ ქვეყნის მმართველობაში. პერიკლეს მმართველობისას ათენის სახელმწიფოში განმტკიცდა დემოკრატიული წყობილების საფუძვლები. განსაკუთრებით განვითარდა ორი პოლიტიკური ინსტიტუტი – ისონომია (ίσονομία) და ისეგორია (ίοηγορία). ისონომია ძველ საბერძნეთში კანონის წინაშე თანასწორუფლებიანობას ნიშნავდა, ხოლო ისეგორია – სიტყვის თავისუფლებასა და პოლიტიკურ ცხოვრებაში თავისუფალ მოქალაქეთა მონაწილეობის თანასწორუფლებიანობას. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ათენის მოსახლეობის ღარიბი ფენების დასაქმებას. პერიკლემ დაიწყო დიდი საზოგადოებრივი შენობების აგება, რითაც საარსებო საშუალება გამოუნახა ღარიბებს. მისი მეთაურობით ათენის დემოკრატიული სახელმწიფო დიდ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობასაც ეწეოდა. სახელმწიფოებრივი ხელისუფლება კლასობრივი და შინაკლასობრივი ბრძოლების შესუსტების გზით ქვეეყნის შიგნით მშვიდობისა და მონათმფლობელური წყობილების განმტკიცებას ცდილობდა.

       ათენის სახელმწიფოს საერთაშორისო ავტორიტეტი თანდათან იზრდება. იგი თავის გარშემო იკრებს ურთიერთისადმი მტრულად განწყობილ დანარჩენ ბერძნულ სახელმწიფოებს. ათენის სახელმწიფოთა კავშირი, რომლის ჩამოყალიბება ჯერ კიდევ საბერძნეთ-სპარსეთის ომის დროს დაიწყო, ბერძნულ სახელმწიფოებს შორის არსებულ უთანხმოებათა გამოხატულებას წარმოადგენდა და მიმართული იყო სპარტის მეთაურობით ჩამოყალიბებული პელოპონესის კავშირად გაერთიანებული სახელმწიფოების წინააღმდეგ. ათენსა და სპარტას შორის უთანხმოებამ ჯერ კიდევ საბერძნეთ-სპარსეთის ომების დროს იჩინა თავი, მაგრამ ძვ. წ. ა. 445 წ. მათ შორის დაიდო ზავი. მიუხედავად ამისა, ძველ ბერძნულ სახელმწიფოებს შორის დამყარებული მშვიდობა ხანმოკლე აღმოჩნდა. ამ ზავის დადებიდან თხუთმეტი წლის შემდეგ მათ შორის დაიწყო ომი, რომელიც ცნობილია პელოპონესის ომის (ძვ. წ. 431-404 წწ.) სახელწოდებით. ეს ომი დიდხანს გაგრძელდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ათენის მონათმფლობელურ სახელმწიფოში კრიზისი მძვინვარებდა. გაბატონებული კლასები მონათმფლობელური წყობილების შენარჩუნებისა და დაცვის მიზნით სახელმწიფოებრივ გადატრიალებებს აწყობდნენ.

       ძვ. წ. ა. 410 წ. თერამენეს ოლიგარქია დაემხო და ათენში დემოკრატიული წყობილება აღდგა. ქვეყნის შიგნით რთული კლასობრივი ბრძოლის ვითარებაში ათენი თავის სახელმწიფო მოკავშირეებთან ერთად დამარცხდა პელოპონესის ომში. საზავო ხელშეკრულება მეტად მძიმე იყო ათენის სახელმწიფოსათვის, რომელმაც ჰეგემონია უკვე სპარტას დაუთმო. ათენში კვლავ ოლიგარქიული წყობილება დამყარდა. სახელმწიფოებრივ ხელისუფლებას დაეპატრონა 30 ტირანი, ცნობილი სოფისტის კრიტიას მეთაურობით. ამ უკანასკნელთა ბატონობისას სახელმწიფოებრივი ხელისუფლების შენარჩუნებას გაბატონებული კლასი ტერორისტული გზების გამოყენებით ცდილობდა, მაგრამ გააფთრებული კლასობრივი ბრძოლის ვითარებაში ტირანები განდევნეს და ძვ. წ. ა. 403- 401 წწ. ათენში უკიდურესმა დემოკრატიამ გაიმარჯვა საბოლოოდ.

       ხანგრძლივი ომების შედეგებმა ათენის სახელმწიფოს დიდი პრობლემები შეუქმნა. მრავალრიცხოვანი მოსახლეობის გაჟლეტისა და მატერიალურ ფასეულობათა განადგურების გარდა, პელოპონესის ომში ათენის სახელმწიფოს დამარცხებას შედეგად მოჰყვა ათენის საზღვაო კავშირის რღვევა. ათენის სახელმწიფოს გაბატონებული მდგომარეობა ამ კავშირში შემავალი სახელმწიფოების მიმართ წარსულის უსიამოვნო მოგონებად დარჩა. ხანგრძლივმა და გაუთავებელმა ომებმა მოსახლეობა გააღატაკა, ქვეყანა გაუკაცრიელდა, ხელოსნობა და ვაჭრობა მოიშალა, სახელმწიფო ხაზინა სწრაფად დაცარიელდა. კოლონიებში მცხოვრები მდიდარი ათენელი მონათმფლობელები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ თავიანთი მიწის ნაკვეთები და დაბრუნებულიყვნენ ათენში, სადაც მათ სიღატაკე და გაჭირვება ელოდებოდათ. სახელმწიფოს უკვე აღარ შეეძლო მონათა შრომის დაბალი მწარმოებლურობის გამო იმ თავისუფალ ღატაკთა შენახვა, რომლებიც თავიანთი კეთილშობილური წარმოშობის გამო ფიზიკურ შრომას სათაკილოდ მიიჩნევდნენ. საზოგადოებაში აშკარად უპირისპირდებიან ერთმანეთს ღარიბები და მდიდრები, რომელთა შორის ურთიერთობის მოწესრიგებას ამაოდ ცდილობს სახელმწიფოებრივი ხელისუფლება. პლატონი თავის შრომაში „კანონები“ მიუთითებს, რომ კანონმდებლობას მძიმე ბრძოლის წარმოება უხდებოდა ორი მტრის — სიმდიდრისა და სიღარიბის წინააღმდეგ. ათენის მონათმფლობელური სახელმწიფოს კრიზისის შედეგად ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას პლატონი ახასიათებს, როგორც ყველას ომს ყველას წინააღმდეგ.

       ათენის სახელმწიფოს საშინაო და საგარეო ცხოვრებაში მომხდარი ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენების უშუალო მეთვალყურე და მონაწილე იყო სოკრატე (ძვ. წ. ა. 469—399 წწ.), რომლის ცხოვრება და მოღვაწეობა ორ ძირითად პერიოდად შეიძლება დაიყოს. მისი ცხოვრების პირველი პერიოდის შესახებ ისტორიულმა წყაროებმა ცოტა რამ შემოგვინახა. რაც შეეხება მეორე პერიოდს, მას შემდეგ რაც დელფოს მისანმა ათენში ყველაზე ჭკვიან ადამიანად სოკრატე მიიჩნია და ამ უკანასკნელმა დიდი შემოქმედებითი მუშაობა გააჩაღა, ჩვენამდე მოღწეული წყაროები მრავალ ცნობას შეიცავს მისი საინტერესო ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

       სოკრატე წარმოშობით ათენელი იყო. იგი დაიბადა ალოპეკის დემში, რომელიც ათენის გარეუბანში მდებარეობდა. სოკრატეს მამა სოფრონისკე მოქანდაკე ყოფილა. რაც შეეხება დედას – ფენარეტეს, იგი ბებიაქალი (μαία) იყო. სოფრონისკესთან ქორწინებამდე სოკრატეს დედა გათხოვილი ყოფილა ვინმე ქარედებზე, რომლისგანაც ჰყავდა ვაჟიშვილი პატროკლე. ახალგაზრდობისას სოკრატე მამას ეხმარებოდა მუშაობაში და ამავე დროს მოქანდაკის ხელობასაც სწავლობდა. სოკრატეს ოჯახი არ ყოფილა შეძლებული. ქსენოფონტის ცნობით, სოკრატეს ათენში ჰქონია საკუთარი სახლი და მამასაგან მემკვიდრეობით მიღებული მცირეოდენი ქონებაც.

       ბავშვობაში სოკრატე, ისე როგორც ყველა ათენელი, სწავლობდა მუსიკასა და ტანვარჯიშს. მუსიკალური განათლება ძველ საბერძნეთში ლიტერატურისა და პოეზიის შესწავლასაც გულისხმობდა, მაგრამ, ამის გარდა, ქსენოფონტის გადმოცემით, სოკრატე გატაცებული ყოფილა მათემატიკით, გეომეტრიითა და ასტრონომიით. ფილოსოფია სოკრატეს, პლატონის მიერ „ფედონში” გადმოცემული ცნობის მიხედვით, ანაქსაგორას შრომებით შეუსწავლია. ამას თურმე დიდად შეუწყო ხელი ანაქსაგორას მოწაფემ არქელაიმ, რომელიც სოკრატესთან მეგობრობდა.

       როგორც ათენის ღირსეული მოქალაქე, სოკრატე ერთგულად ემსახურებოდა თავის სამშობლოს. კალიასის ზავის პერიოდში (ძვ. წ. ა. 449 წ.) იგი არმიაში ჩაურიცხავთ ჰოპლიტად. უნდა ვიფიქროთ, რომ სოკრატე მონაწილეობდა ძე. წ. ა. 440-439 წწ. კუნძულ სამოსზე ათენელთა დიდ სამხედრო ოპერაციებში. მას მონაწილეობა მიუღია აგრეთვე ძვ. წ. ა. 432 წ. ათენის სახელმწიფოს მიერ წარმოებულ სამხედრო ლაშქრობაში პალენეს ნახევარკუნძულზე. ამ ბრძოლებში სოკრატეს თავიც გამოუჩენია; დაჭრილი ალკიბიადე, რომელიც მტერს ჩაუგდია ხელთ, სოკრატეს უხსნია ტყვეობისგან, რის გამო იგი ჯილდოზეც კი წარუდგენიათ. პლატონის შრომაში „ნადიმი“ თვით ალკიბიადე ამ ომში სოკრატეს მამაცობის შესახებ გვიამბობს: „არა მარტო ჩემზე, ყველა სხვა დანარჩენზეც უკეთ იტანდა იგი ლაშქრობის სიძნელეთ. ხშირად, როდესაც სხვებს მოვწყდებოდით, რაც ბრძოლის დროს ჩვეულებრივი მოვლენაა, და იძულებული ვიყავით გვეშიმშილა, მას კვლავ არ მოეძებნებოდა ბადალი გამძლეობაში. ხოლო ღრეობის დროს არავის შეეძლო მოელხინა მასავით ლაღად თუნდაც მაშინ, როცა თავისი სურვილით კი არ სვამდა, აიძულებდნენ ესვა. ლხინშიც ყველას სჯობნიდა იგი და, რაც ყველაზე საოცარია, ჯერ კიდევ არვის არ უნახავს სოკრატე მთვრალი… ყინვასაც წარბშეუხრელად ხვდებოდა – იქ კი მეტად მკაცრი ზამთარი იცის – და მართლაც რომ სასწაულებს ახდენდა იგი. ერთ დღეს, როცა საშინლად ყინავდა და ძეხორციელი ვერ ბედავდა თავის გამოყოფას კარვებიდან ან, თუ ბედავდა, გულმოდგინედ იფუთვნებოდა და ფეხებზე ნაბდებსა და ცხვრის ტყავს იხვევდა, მაშინაც კი სოკრატე მშვიდად გადიოდა კარში თავისი გაცრეცილი მოსასხამით და ფეხშიშველი უფრო თავისუფლად დააბიჯებდა სიპ ყინულზე, ვიდრე სხვები ტყავის ბანდულებით“.

       ეს ბრძოლა დამთავრდა ძვ. წ. ა. 430—429 წწ. ზამთარში და სოკრატეც გამარჯვებულ ათენელ ჯარისკაცებთან ერთად დაბრუნდა სამშობლოში. იმის შესახებ, თუ რას აკეთებდა სოკრატე პელოპონესის ომის შემდეგ წლებში, სარწმუნო ცნობები არა გვაქვს, მაგრამ ჩვენამდე მოღწეული წყაროებით დასტურდება, რომ არქიდამეს ომის დროს ძვ. წ. ა. 424 წ. დელიასთან ბრძოლაში სოკრატე თავისი მეგობრის ლაქესის მხარდამხარ იბრძოდა. პლატონი „ლაქესში“ წერს, ათენელები ამ ბრძოლაში მძიმე დამარცხებასა და ზარალს არ ნახავდნენ, ყველას ისე რომ ებრძოლა, როგორც სოკრატე იბრძოდაო. ამ ომში სოკრატეს მამაცობისა და გმირობის შესახებ დაწვრილებითი ცნობები შემონახულია პლატონის „ნადიმშიც“: „ახლა აღარ იკითხავთ, როგორი იყო ის ბრძოლის ველზე! რადგან სამართლიანობა მოითხოვს აქაც თავისი მივუზღათ მას. თუ მე ცოცხალი გამოვედი იმ ბრძოლიდან, რომლისთვისაც სიმამაცის ჯილდო მომანიჭეს სტრატეგებმა, ამას სოკრატეს უნდა ვუმადლოდე მხოლოდ და მხოლოდ, რომელმაც არ ისურვა დაჭრილი დავეტოვებინე ბრძოლის ველზე და ჩემთან ერთად ჩემი იარაღიც გადაარჩინა. მე მაშინაც ვურჩევდი, სოკრატე, სტრატეგებს შენთვის მოენიჭებინათ ეს ჯილდო და შენ აქაც ვერაფერში მისაყვედურებ, ვერ იტყვი, რომ ვცრუობ. მაგრამ რაკი ჩემის ღირსებით დაბრმავებულ სტრატეგებს გადაწყვეტილი ჰქონდათ მაინცდამაინც ჩემთვის მოენიჭებინათ იგი, შენ მათზე უფრო დაჟინებით მოითხოვდი, რომ სწორედ მე მიმეღო ჯილდო და არა შენ“ .

       პელოპონესის ომის დროს, როგორც პლატონი გადმოგვცემს „სოკრატეს აპოლოგიაში“, სოკრატე მონაწილეობდა აგრეთვე ამფიპოლისთან ძვ. წ. ა. 422 წ. გამართულ ბრძოლაში, სადაც კვლავ მამაცობა და გმირობა გამოუჩენია.

       პლატონის მიერ გადმოცემული სოკრატეს ცხოვრების მონაკვეთები მთლიანად შეესაბამება მის ხასიათს და, ამდენად, იგი საეჭვოდ არ უნდა მივიჩნიოთ, თუმცა ფილოსოფოს სოკრატეს მიერ სხვადასხვა ბრძოლაში გამოჩენილმა გმირობამ და მამაცობამ საფუძველი მისცა გერმანელ მწერალ ბ. ბრეხტს იუმორისტული მოთხრობაც კი შეექმნა მასზე.

       ამრიგად, არქიდამეს ომის დროს სოკრატეს მონაწილეობა მიუღია სამ ბრძოლაში. ამ ომის დამთავრებისას (ძვ. წ. ა. 421 წ. დაიდო ნიკიას ზავი) სოკრატეს 48 წელი შეუსრულდა და სამხედრო ვალდებულად აღარ ითვლებოდა. პელოპონესის შემდეგ ომებში მას მონაწილეობა აღარ მიუღია.

       სოკრატეს ოჯახური მდგომარეობის შესახებ ბევრი რამ არის დაწერილი, განსაკუთრებით მისი ცოლის, ქსანთიპას, ჭირვეულობაზე. როგორც ირკვევა, სოკრატე შედარებით გვიან დაქორწინებულა, ყოველ შემთხვევაში, ძვ. წ. ა. 421 წ. ნიკიას ზავის შემდეგ. სოკრატეს გასამართლებისას, ძვ. წ. ა. 399 წ., მისი უფროსი შვილი ლამპროკლე უკვე 18-20 წლისა იყო. მის გარდა, სოკრატეს კიდევ ჰყავდა ორი მცირეწლოვანი შვილი.

       საოჯახო საქმეებს მთლიანად ქსანთიპა განაგებდა. სოკრატე კი დილაადრიან გადიოდა სახლიდან და მთელი დღის განმავლობაში თავის ცოდნას უსასყიდლოდ ავრცელებდა ხალხში. სოკრატე ნაკლებად ერეოდა სახელმწიფო საქმეებში, მაგრამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ათენის სახელმწიფოს მოქალაქის ვალდებულებას ყოველთვის პირნათლად ასრულებდა: ესწრებოდა სახალხო კრებებს, რამდენჯერმე იყო ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წევრი. თავისი მოვალეობის შესრულებისას იგი მუდამ სიმართლეს იცავდა და სახელმწიფოში მოქმედ კანონებს ემორჩილებოდა, ბევრჯერ აშკარად გამოსულა ათენის სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებათა წინააღმდეგაც.

       სოკრატეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის პერიოდში ათენის სახელმწიფოში განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდნენ სოფისტები, რომელთაც ერთიანი პოლიტიკური პროგრამა არ გააჩნდათ. უფროსი თაობის სოფისტები –    პროტაგორა, გორგია, ჰიპია, ანტიფონეტი და პროდიკე – პროგრესულ შეხედულებებს ავითარებდნენ, ხოლო უმცროსი თაობის სოფისტები – ლიკოფრონი, თრასიმაქე, კალიკლე, ალკიდამე და კრიტია – რეაქციული პოლიტიკური იდეოლოგიის წარმომადგენლები იყვნენ. უმცროსი თაობის სოფისტი, ერთ დროს სოკრატეს მოწაფე კრიტია, შემდეგში კი ტირანული მმართველობის ერთ-ერთი მთავარი, ტერორით უსწორდებოდა დემოკრატიის მომხრეებს და სოკრატეზე ზემოქმედების მიზნით ავიწროებდა და დევნიდა მას.

       სოფისტებსა და სოკრატეს, რომლებიც ერთნაირად იყვნენ დაინტერესებული ათენის საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვანი პრობლემებით, ბევრი რამ აქვთ საერთო. სოფისტების მსგავსად სოკრატეც ახალგაზრდობას სიბრძნეს ასწავლიდა, თუმცა ამავე დროს ისინი კრიტიკულად იყვნენ განწყობილი ძველი, ტრადიციული შეხედულებებისადმი. მაგრამ ამ მსგავსების  მიუხედავად,  როგორც პლატონის ადრინდელი დიალოგებიდან ჩანს, სოკრატესა და სოფისტების მოძღვრებები პრინციპულად განსხვავდება ერთმანეთისაგან. სოკრატეს, როგორც მოაზროვნის, მთავარი დებულება – „მე ვიცი, რომ მე არაფერი არ ვიცი“ – არსებითად მიმართული იყო როგორც ათენის სახელმწიფოში გაბატონებული ტრადიციული წარმოდგენების, ასევე სოფისტების წინააღმდეგაც, რომლებიც თავიანთ შეხედულებებს საზოგადოებრივი ცხოვრების საკითხებზე ჭეშმარიტების უმაღლეს საფეხურად მიიჩნევდნენ.

       სოკრატეს მსჯელობათა ლოგიკის ძალა უდიდეს ზეგავლენას ახდენდა თანამედროვეებზე. იგი არა მარტო ამხელდა ძველი, ტრადიციული შეხედულებების უვარგისობასა და ნაკლოვანებებს, არამედ ათენის სახელმწიფოს კრიზისისაგან ხსნის მიზნით ათენელებს ძველი წეს-ჩვეულებების მოსპობისა და დიდი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გარდაქმნებისაკენ მოუწოდებდა. ამის შესახებ სოკრატეს თანამემამულე და თაყვანისმცემელი ალკიბიადე აღნიშნავს: „როცა მას ვუსმენ, ჩემი გული უფრო მძაფრად ცემს, ვიდრე აღტყინებული კორიბანტებისა და ცრემლები თავისით იღვრებიან თვალთაგან. და მე მინახავს მის სიტყვებს ასევე რომ გაუტაცნია სხვანიც. როცა პერიკლეს ვუსმენდი, ან სხვა დიდ ორატორთ, ვგრძნობდი რომ კარგად ლაპარაკობდნენ ისინი, მაგრამ არასდროს მსგავსი რამე არ განმიცდია, არასდროს შეშფოთებულა სული ჩემი, არც საკუთარი მონური სიმდაბლე დაუგმია მას. ხოლო ამ მარსიას როცა ვუსმენ, ხშირად გამივლია გულში – ჩემს ყოფნას არყოფნა სჯობს-მეთქი… მე ახლაც მჯერა, რომ, თუ ყურს ვათხოვებ შენს სიტყვებს, ვერ ვეურჩები მათ და იგივე გრძნობა დამეუფლება. ეს კაცი მაიძულებს ვაღიარო, რომ თუმცა ბევრი რამ მაკლია თავად, მაინც ხელს ვიღებ საკუთარ თავზე, რათა ათენის საქმეებს მივხედო“ .

       სოკრატეს მიერ შემუშავებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკური გარდაქმნის გეგმას და მთელ მორალურ ფილოსოფიას, რომელიც მონათმფლობელური ათენის გადარჩენისაკენ იყო მიმართული, გაბატონებული კლასი მტრულად შეხვდა. ძვ. წ. ა. 399 წ. ათენის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენით სოკრატე სიკვდილით დასაჯეს. სოკრატე და მისი მოძღვრების სიდიადე თანამედროვეებმა ჯეროვნად ვერ შეიცნეს და შეაფასეს.

       მას შემდეგ დიდმა დრომ განვლო, მაგრამ სოკრატე კვლავაც გამოუცნობი რჩება. მთელი მისი მოძღვრება იმდენად მაცდუნებელი და რთულია, რომ „არსებითად იგი დღემდე გამოუცნობია, როგორც გამოუცნობია მისი სიკვდილით დასჯა“ .

 

 

სოკრატეს ცხოვრება და მოღვაწეობა

 

სოკრატეს ცხოვრება და მოღვაწეობა
სოკრატეს ცხოვრება და მოღვაწეობა



მდევარი