სიმძიმის ილუზიის ანალოგი წნეხის არეში (მოტორული განწყობის თეორიის ექსპერიმენტული შემოწმება)

სიმძიმის წნეხის ილუზია ანგია ბოჭორიშვილი

გააზიარე:


ავტორი: ანგია ბოჭორიშვილი

გამოკვლევები ფსიქოლოგიაში, მეცნიერება, თბილისი, 1991

კორექტორი: ნუცა სეხნიაშვილი

ნაშრომი გააციფრულა თათია ორმოცაძემ

გელა გელაშვილის ბიბლიოთეკიდან

  1. საკითხის დაყენება

ილუზიათა კვლევის ისტორიაში მნიშვნელოვანია ე. წ. სიმძიმის ილუზიის კვლევა. უკანასკნელი შემდეგში მდგომარეობს: როდესაც ორ, სიმძიმით თანასწორ, მაგრამ მოცულობის მხრივ განსხვავებულ საგანს ვწევთ, ყოველთვის ერთისა და იმავეს მოწმენი ვხდებით: პატარა საგანი უფრო მეტი სიმძიმის განცდას იწვევს ჩვენში, ვიდრე დიდი. 

აღნიშნული ჩვეულებრივი დაკვირვებითაც კარგა ხნის ცნობილი ფაქტია, ხოლო ექსპერიმენტული შესწავლის საგნად იგი ჯერ ფენერმა, შემდეგ კი მიულერმა და შუმანმა გახადეს. მათი ცდების უმთავრესი მიზანი არა იმდენად თვით ილუზიის ფაქტობრივად არსებობის შემოწმება იყო – ამაში ეჭვი არ ეპარებოდათ – არამედ იმ მიზეზის (ან მიზეზების) აღმოჩენა, რომელიც განსაზღვრავს თვით ფაქტს. ილუზიის საკითხი, მაშასადამე, უმთავრესად ახსნის თვალსაზრისით აინტერესებდათ და მათ თავიანთი ცდების შედეგად ცნობილი მოტორული განწყობის თეორია წამოაყენეს, რომელიც, თუმცა არ არის ერთადერთი თეორია ამ საკითხისათვის, ამჟამად მაინც ყველაზე მეტადაა გავრცელებული. ამ თეორიას დაწვრილებით ქვემოთ განვიხილავთ; ჯერჯერობით კი უნდა აღვნიშნოთ, რომ იგი (ეს თეორია) უსათუოდ ემყარება ერთ შეუმოწმებელ აზრს, სახელდობრ: რომ ასეთი სახის ილუზია მხოლოდ სიმძიმის განცდის შემთხვევისათვის არის დამახასიათებელი, ვინაიდან იგი ისეა აგებული, რომ მისი ახსნის ძალა ისეთ მოვლენებს გულისხმობს, რომლებიც მხოლოდ სიმძიმის მგრძნობელობის სფეროშია შესაძლებელი. 

ამიტომ საინტერესო იქნებოდა, შეგვემოწმებინა, არის თუ არა ხსენებული ილუზიის მსგავსი მოვლენა აგრეთვე გრძნობათა სხვა სფეროშიც. წინასწარვე ცხადი უნდა იყოს, რომ ასეთი ფაქტის დადასტურებას არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა, უწინარეს ყოვლისა, მოტორული განწყობის თეორიის მართებულობის შესამოწმებლად.

არსებობს თუ არა თავისებურება პატარა საგნის მიერ გამოწვეული წნეხითი შეგრძნების სიძლიერის მეტად შეფასებისა იმავე წონის დიდ საგანთან შედარებით? ანუ სხვანაირად: განვიცდით თუ არა პატარა საგნებიდან უფრო ძლიერ წნეხით შეგრძნებას, ვიდრე იმავე წონის დიდი საგნებიდან? დადებითი პასუხი ამ საკითხზე იქნებოდა დადასტურება „სიმძიმის ილუზიის“ მსგავსი მოვლენის არსებობისა წნეხითი შეგრძნების სფეროშიც. 

  1. მეთოდიკა

საკითხის გამოსარკვევად ჩატარდა შემდეგი ცდები:

  1. აღებულია 8 კოლოფი თანასწორი სიმძიმის, ფორმისა და შედგენილობის, მაგრამ განსხვავებული სიდიდისა. განსხვავება კოლოფების სიმაღლეშია, რაც შემდეგნაირად გამოიხატება: 1½  სმ, 3½ სმ, 4 სმ, 5 სმ, 6½ სმ, 7½  სმ, 9 და 10 სმ. სიმძიმე თითოეული კოლოფისა უდრის 145 გრამს. ეს კოლოფები წყვილ-წყვილად შეადარეს ვუნდტის სასწორის საშუალებით მათი წნეხითი კოეფიციენტის გამოსარკვევად. 

ცდის პირი დარიგებულია შემდეგგვარად: „უყურეთ კოლოფებს, რომელნიც სასწორზე იქნება დადებული, შეადარეთ ორი მოცემული კოლოფის მიერ გამოწვეული წნეხითი შთაბეჭდილების ინტენსიობა ურთიერთს“. 

შესაძლებელია სამნაირი პასუხი: „მეტია პირველი“, „მეტია მეორე“, „თანასწორია“. იმ შემთხვევებში, როდესაც ცდის პირი არ იყო დარწმუნებული, თუ რომელი პასუხი იყო სწორი ამ სამი შესაძლებლობიდან, ცდა რამდენჯერმე მეორდებოდა. ნორმალურ სიმძიმედ (NR) აღებული იყო 5 სმ სიმაღლის კოლოფი. 

ცდის პირმა არაფერი იცოდა ცდის მიზნის შესახებ და არც ის, თუ რომელი იყო მიღებული ნორმულ გამღიზიანებლად. კოლოფების მიწოდების რიგი არ იყო გარკვეული. ისინი უწესრიგოდ მისდევდნენ ერთმანეთს, ე. ი. NR- ის შედარება ხდებოდა პირველად ხან 1½ სმ კოლოფთან, ხან 3½, ხან 10 და სხვ. რაც შეეხება NR და შესადარებელი (VR) კოლოფების რიგით სხვაობას, აქ დაცული იყო შემდეგი წესი: ერთი რიგი ცდისა ისე ხდებოდა, რომ პირველად ეძლეოდა NR, ხოლო შემდეგ რიგში პირიქით: პირველად ეძლეოდა შესადარებელი კოლოფი (VR), შემდეგ კი – ნორმული (NR). ამით თავიდან იყო აცილებული წნეხითი ინტენსივობის სხვადასხვაობაზე შესადარებელი კოლოფების სხვადასხვა დროს მიწოდების გავლენა. რა თქმა უნდა, ყოველი წყვილეული სიმძიმის შედარების დროს დაცული იყო თანასწორი პირობები. 

ცდის პირებად აიყვანეს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური დარგის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტები: 1. ვაშაკიძე ერასტი (ვაშ. ერ.), 2. თუთაშვილი ვერა (თუთ. ვ.), 3. ნიკოლაიშვილი დარეჯან (ნიკ. დ.), 4. ბრეგაძე ალექსანდრე (ბრ. ა.), 5. გელეიშვილი ივანე (გელ. ი.), 6. შარაშიძე კასკა (შარ. კ.). 

ის შემთხვევები, როდესაც პატარა საგნით გამოწვეული წნეხითი შთაბეჭდილება უფრო მეტად ფასდება, ვიდრე ასეთივე შთაბეჭდილება დიდი საგნისა, ჩვენს ცდებში აღინიშნებოდნენ +; საწინააღმდეგო მოვლენა კი -; როცა ცდის პირები ვერ პოულობდნენ განსხვავებას, დაისმებოდა თანასწორობის ნიშანი =. 

  1. ცდის შედეგები

ცდების პირველსავე წყებაში აშკარავდება, რომ პატარა საგნის მიერ გამოწვეული შთაბეჭდილება გაცილებით ხშირად ფასდება, როგორც უფრო ძლიერი, ვიდრე დიდი საგნის საშუალებით აღძრული შთაბეჭდილება (ცხრ. 1).

ც ხ რ ი ლ ი 1

№№ცდის პირიშედარების რიცხვი+=%%%
+=
123456ნიკ. დ.ბრ. ალ.ვაშ. ერ.თუთ. ვ.გელ. ივ.შარ. კ.446784695649352844212628519181816104202230141179%42%52%30%47%57%11%28%22%26%28%20%10%30%26%44%25%23%
სულ 63691828610149%24%27%

ამ შედეგების შესახებ ბევრის თქმა არ მოგვიხდება – რიცხვები ყველაზე მჭევრმეტყველურად ააშკარავებენ მათ მნიშვნელობას.

ცდის პირების თვითდაკვირვებიდან აღსანიშნავია უმთავრესად შემდეგი: ისინი ხშირად ხაზგასმით ამბობდნენ, რომ განსხვავებას ინტენსივობაში სრულიად აშკარად აღიქვამდნენ. უნდა ითქვას ისიც, რომ ის მცირე %, რომელიც მინუსის ნიშნის ქვეშ არის მოთავსებული, მთლიანად არ წარმოადგენს იმ სიდიდეს, რომელიც ლაპარაკობს პატარა საგნის კოეფიციენტის მეტობის წინააღმდეგ. საქმე ისაა, რომ ზოგ შემთხვევაში ცდის პირი, თუმცა ხედავს კოლოფებს, მათი სიდიდის განსხვავებას ნათლად ვერ აღიქვამს. ცდის პირი ბრ. ალ. აღნიშნავს: „ყურადღება მიპყრობილია სავსებით წნეხის შეგრძნებაზე და თითქოს მხედველობითი შთაბეჭდილება არც მაქვს. სრულიად არა მაქვს კოლოფების ფორმისა და მათი სიდიდის აღქმა; ვხედავდი მხოლოდ კოლოფების ფსკერს“.

იმ ცდებში, რომელშიც ცდის პირს ასეთი განწყობა უფრო ხშირად ჰქონდა, პასუხობდნენ: „თანასწორია“ და „მეტი“. ცდის პირს დამატებით უთითებენ: „მიაქციეთ ყურადღება კოლოფებს, ეცადეთ ისინი მხედველობით სავსებით აღიქვათ“. ასეთი მითითების შემდეგ შედეგები სწრაფად იცვლება: პასუხი პატარა საგნის წნეხითი კოეფიციენტის მეტობის სასარგებლოდ უფრო ხშირი ხდება. ეს გარემოება იმიტომ არის აღსანიშნავი, რომ მნიშვნელობა აქვს არა ფიზიკურად ხედვას (თვალის მიმართვას კოლოფისაკენ), თუ შეიძლება ასე ითქვას, არამედ ფსიქოლოგიურ ხედვას – კოლოფების სიდიდის ცნობიერებას.

ჩვენს ცდებში საგანგებო ყურადღება არ იყო მიპყრობილი თვით შედარების შესწავლისაკენ. ეს არსებითად სულ სხვა ამოცანა იქნებოდა. ამის მიუხედავად მაინც არის ანგარიშებში ზოგი რამ ისეთი, რისი აღნიშვნაც აქ შეიძლება. „პირველი და მეორე შთაბეჭდილების განსხვავებას, – ამბობს ცდის პირი, – უშუალოდ უფრო ნათლად განვიცდი, ვიდრე როცა ამაზე ვფიქრობ შემდეგში“. „მთავარი ყურადღება მიპყრობილი მაქვს პირველ შთაბეჭდილებაზე, ვცდილობ ის არ დამავიწყდეს; მეორე შთაბეჭდილება თვალწინ არის და მისი დაჭერისთვის არავითარი ძალისხმევა არ მჭირდება“. „შედარებისას პირველი შთაბეჭდილებიდან გადავდივარ მეორეზე“. „პირველი და მეორე შთაბეჭდილების შედარება ხდება უშუალო მეხსიერების ნიადაგზე. პირველი ჯერ კიდევ ინერციის ძალით არის ცნობიერებაში, როცა მეორე შთაბეჭდილებას ვღებულობ“. ცდის პირების ასეთი ჩვენება ლაპარაკობს იმ მოსაზრების სასარგებლოდ, რომელიც შედარებისთვის ორი წევრის ცნობიერებაში არსებობას თვლის საჭიროდ, თუმცა აქედან სრულიად არ შეიძლება იმის დასკვნა, თითქოს სხვაგვარი შედარება (ერთწევროვანი ან უწევრო) შეუძლებელი იყოს.

თუ რა მნიშვნელობა აქვს ხსენებული ილუზიის მოვლენის წარმოშობისათვის მხედველობით შთაბეჭდილებას, ნათლად ჩანს ცდების მეორე წყების შედეგებიდან. ამ შემთხვევაში ცდის პირებს ევალებათ არ უყურონ კოლოფებს და ისე თვალდახუჭული შეაფასონ წნეხის ინტენსივობა. როგორც მე-2 ცხრილიდან ჩანს, აქ პასუხი „თანასწორია“ საგრძნობლად მატულობს და თან პასუხების სისწორეში ისეთივე რწმენაა გამოთქმული, როგორც პირველ ცდათა შემთხვევაში.

ც ხ რ ი ლ ი 2

№№ცდის პირიშედ. რიცხვიმეტია ნორმულმეტია შესადარ.თანასწორ =W%V%=%
12345ნიკ. დარ.ბრეგ.ალ.თუთ. ვ.გელ. ივ.ნორ. აკ.1581614283244751235751071620%25%25%28%21%33%13%11%22%18%47%62%63%50%61%
სულ 58120164525%19%56%

აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული გვხვდება ისეთ ცდის პირებშიც, რომელთაც პირველი სერიაში მნიშვნელოვანი რიცხვი მოგვცეს „თანასწორის“. თუ შევადარებთ პროცენტულად პირველ სერიაში მიღებულ „თანასწორის“ რიცხვს მეორესთან, განსხვავებას აშკარად დავინახავთ (შეად. ცხრ. 3). „შეცდომა“ გაცილებით უფრო ნაკლებად იჩენს თავს მაშინ, როცა ცდის პირებზე არ მოქმედებს, როგორც „შთამაგონებელი“ ბიძგი – კოლოფების სიდიდე.

თუ შევადარებთ მიღებულ შედეგებს წნეხითი კოეფიციენტის შესახებ იმას, რაც მიულერმა და შუმანმა მიიღეს სიმძიმეების შედარების დროს, ერთგვარი განსხვავება მაინც აღმოჩნდება. თუ ჩვენს ცდებში მაინც გვხვდება ისეთი შემთხვევები, როცა დიდი საგნის წოლვითი შთაბეჭდილება უფრო მეტად ფასდება, ვიდრე პატარისა, ასეთი მოვლენა სიმძიმეთა მიმართ ჩატარებულ ცდებში არ გვხვდება. რით უნდა აიხსნას ეს გარემოება?

ცხრილი 3

ცდის პირიI სერიაშიII სერიაში
ნიკ. დარ. ბრეგ. ალ.თუთ. ვ.გელ. ივ.10%30%44%25%47%62%63%50%

პასუხისათვის მყისვე ყურადღებას იპყრობს თვით ცდების განსხვავებული წესი ერთსა და მეორე შემთხვევაში. როგორც იყო ნათქვამი, მიულერსა და შუმანს, პირველ რიგში, აინტერესებდათ არა თვით მოვლენის არსებობის დადასტურება, რომელზედაც აქ ვსაუბრობთ, არამედ იმ მიზეზების აღმოჩენა, რომლებიც მას საფუძვლად უდევს. ამისთვის მიზანშეწონილი იყო ხელოვნურად – ვარჯიშის საშუალებით – ისეთი პირობების შექმნა, სადაც ეს მოვლენა უფრო მეტი სიმძლავრით გამოაშკარავდებოდა. ეს გარემოება მათი შრომის სათაურიდანაც ჩანს: Über die psychologischen Grundlagen der vergleichung gehobener Gewichte. თუ ჩვენ, მაგალითად, ავიღებთ და ცდის პირს მარჯვენა ხელში ასაწევად მივცემთ 676 გრ-ს და მარცხენაში 2476 გრ-ს და უკანასკნელ სიმძიმეს, მის რამდენჯერმე აწევის შემდეგ (30-ჯერ), ცდის პირისათვის შეუმჩნევლად შევცვლით 826 გრ სიმძიმით, აღმოჩნდება, რომ ეს სიმძიმე ცდის პირს ნაკლებად მიაჩნია, ვიდრე ძირითადი სიმძიმე – 676 გრ მარჯვენა ხელში. და ეს გასაგებიცაა, როგორც შედეგი ვარჯიშის ხელოვნურად შექმნილი მოტორული განწყობისა. აკად. ბეხტერევი შემდეგნაირად ხსნის ამ ფაქტს: „რომელიმე განსაზღვრული მოძრაობის ხშირი გამეორებისას იქმნება შესაფერისი მოძრაობითი იმპულსი. ამიტომ 247 გრ სიმძიმის მრავალგზის აწევისას, იმპულსი არის საკმარისი ამ სიმძიმის აწევისათვის, მაგრამ მეტად ძლიერია 826 გრ სიმძიმისათვის, ამის გამო იგი ამ შემთხვევაში უფრო მსუბუქი გვეჩვენება, სიმძიმე 626 გრ“. „ეს მოძრაობითი განწყობა დამოკიდებულია ვარჯიშზე“, ავტორი სამართლიანად მიუთითებს აქ ვარჯიშის მნიშვნელობაზე. ის განსხვავება შედეგებში, რომელზედაც ზევით იყო ნათქვამი, უნდა აიხსნას უმთავრესად ვარჯიშის გავლენით: 

ჩვენს ცდებში ასეთი ვარჯიში (ხელოვნურად განწყობის შექმნა) არ ყოფილა. რამდენიმე ცდა – სხვადასხვა სიდიდის, მაგრამ ერთი წონის საგნების სიმძიმის კოეფიციენტის შედარებისა – ააშკარავებს, რომ პატარა საგანს არც სიმძიმის აწევის დროს აფასებენ ყოველთვის მეტად, და რომ, მეორე მხრივ, აქაც, როგორც წოლვის შემთხვევაში, საწინააღმდეგო მოვლენა ხდება, ე.ი. დიდი საგანი სიმძიმის მხრივ მეტად ფასდება. ვარჯიშით გამოწვეულ განწყობას სწორედ ამ უკანასკნელი მოვლენის გაუქმება უნდა მიეწეროს და არა მთლიანად „სიმძიმის ილუზიის“ შექმნა, როგორც ეს ბეხტერევს ჰგონია: პატარა საგნის მეტად დაფასების შეცდომას მაშინაც უშვებდნენ, როცა არავითარი ვარჯიში საგანგებოდ იმპულსის შექმნისათვის არ ყოფილა.

ცდების მსვლელობაში გაირკვა კიდევ ერთი გარემოება: პირველ ცდებში ნორმალური საგნისადმი პირველი შედარებისას სრულიად არ ვხვდებით ნიშანს – და ძალიან ბევრი შემთხვევაა ისეთი, რომელთაც +-ით აღვნიშნავთ. თუ შევადარებთ მაგ., რამდენიმე პირის მიერ მიღებულ შედეგებს ცდების მთელი ჯამისას და იმ შედეგებს, რომელნიც პირველი შედარების დროს იქნა მიღებული, განსხვავება მაშინვე თვალში გვეცემა. (ცხრ. 4).

ც ხ რ ი ლ ი 4


ცდის პირი
ყველა ცდის შედეგები %-შიპირველი ცდების შედეგები %-ში
+=+=
ვაშ. ერ.ნიკ. დ.თუთ. ვ52%79%30%22%11%26%26%10%44%86%84%71%0%0%0%14%16%29%

რით უნდა აიხსნას ასეთი მოცემულობა? უეჭველად აქ ჩვენ საქმე გვაქვს შედარების ნიადაგზე წარმოშობილი გართულებული ფაქტორების მოქმედებასთან. თუ რა არიან ეს ფაქტორები და როგორია მათი წარმოშობა და მოქმედება, განსაკუთრებით საინტერესოა შედარების საერთო თეორიისათვის. ჩვენი ცდების ნიადაგზე კი იმდენი საბუთი არ მოიპოვება, რომ რისიმე გარკვეულად თქმა შეიძლებოდეს ამის შესახებ. ჩვენი პირდაპირი მიზანი არც იყო შედარების ფსიქოლოგიაში რაიმეს შეტანა ამ ცდებით და ამიტომ ჩატარდა ისეთი ცდები, სადაც თავიდან იქნებოდა აცილებული ხსენებული გართულებანი. ბუნებრივი გზა ამისათვის იყო მხოლოდ ერთი შედარების ნიადაგზე ცდების წარმოება. და რადგანაც შედარება ხდებოდა ერთხელ, იგი მრავალ პირზე უნდა მომხდარიყო. მასობრივი ცდის მოსაწყობად მოწვეული იყვნენ ცხრაწლედის მოწაფეები, 28 კაცი, წლოვანებით 14-18 წლ. ცდა ხდებოდა იმავე წესით, რა წესითაც მიმდინარეობდა მისი პირველი სერია, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ აქ თითოეული პირი ადარებდა კოლოფებს მხოლოდ ერთხელ. შედეგებმა სავსებით გაამართლა მოლოდინი: პატარა საგნის წნეხით კოეფიციენტს აქ უფრო მეტ შემთხვევაში აფასებდნენ მეტად, ვიდრე მაშინ, როცა ცდა ერთსა და იმავე პირზე ხდებოდა რამდენჯერმე (6-12-მდე). მიღებულ იქნა შემდეგი საერთო შედეგი: +71%; -15%; =14%. ყურადღებას იპყრობს განსაკუთრებით ის გარემოება, რომ რაც მეტია ნორმულ კოლოფსა (ამ ცდებში ნორმულად აღებულია კოლოფი, რომლის სიმაღლე უდრის 1/2 სმ) და შესადარებელს შორის განსხვავება სიმაღლეში, საერთოდ, მით მეტია + ნიშანი და ნაკლები – ნიშანი. (ცხრ. 5). ამ შედეგების მიღების შემდეგ აღარ იყო საჭირო ცდების გაგრძელება; ფაქტი პატარა საგნის წნეხითი კოეფიციენტის მეტად დაფასებისა დამტკიცებულად უნდა ჩაითვალოს. 

ც ხ რ ი ლ ი 5

კოლ. სიმაღლე+=სულ.პროცენტულად.
+=
10 სმ9სმ7 ½ სმ 6 ½ სმ5სმ3 ½ სმ24241818152023467421646428282828282886%86%65%65%53%71%7%11%14%21%25%14%7%3%21%14%22%15%
სულ.119262316871%15%14%
  1. თეორეტული დასკვნები

ჩვენ წინაშეა შემდეგი ამოცანა: რას ამბობს ეს ფაქტი იმ თეორიებისათვის, რომელნიც შემუშავდა მსგავსი მოვლენის ასახსნელად სიმძიმის განცდის სფეროში? 

ყველაზე ფართოდ გავრცელებულია მოტორული განწყობის თეორია, რომელიც მოგვცეს ზემოთ დასახელებულ გამოკვლევაში გ. მიულერმა და შუმანმა.

მთავარი ხაზები ამ თეორიისა შემდეგნაირად უნდა წარმოვიდგინოთ: ორი სიმძიმის შედარების დროს ჩვეულებრივი გამოცდილებით თითოეულის მიმართ ჩვენ ვამზადებთ შესაფერ იმპულსს, რომლის ძალაც არ ვიცით, ვინაიდან არ არსებობს ინნერვაციული შეგრძნებები. სიმძიმეებზე ვმსჯელობთ არა იმ იმპულსის სიძლიერის მიხედვით, რომელსაც მოვახმართ ამა თუ იმ სიმძიმის ასაწევად, არამედ ეფექტისა, რომელიც სიმძიმის აწევის ხასიათს გამოხატავს. რა არის საზომი ამ ეფექტის შეფასებისათვის? წარსულის ნიადაგზე გვიმუშავდება შეხედულება, რომ ის საგნები, რომელნიც აღების დროს სწრაფად შორდებიან ნიადაგს, უფრო მსუბუქია, ვიდრე ისინი, რომელნიც ნელი სიჩქარით აიღებიან. ამისდა მიხედვით ვაფასებთ საგანთა სიმძიმეს. მაშასადამე, არსებობს ერთგვარი მასშტაბი ჩვენი დამოკიდებულებისა საგნებისადმი: დიდი საგნებისათვის მეტ იმპულსს მოვიხმართ და პატარა საგნებისათვის – პატარას. რომ არსებობდნენ ინნერვაციული შეგრძნებები და სიმძიმეს ამ შეგრძნებათა ინტენსივობის ხარისხით ვაფასებდეთ, მივიღებდით შედეგად იმას, რომ თანასწორი სიმძიმისა, მაგრამ განსხვავებული სიდიდის საგანთაგან პატარას ნაკლებ სიმძიმის კოეფიციენტს მივაკუთვნებდით, ვიდრე დიდს, რაც სინამდვილეში არ ხდება. ურთიერთობა, რომელიც არსებობს საგნის ობიექტურ წონასა და მისდამი განკუთვნილი მოტორული იმპულსის სიძლიერეს შორის, ქმნის იმ მოვლენებს, რომელნიც „აფრენისა“ და „დაწებების“ სახელწოდებით არიან ცნობილი. დიდი იმპულსით აღებული საგანი სწრაფად ადის მაღლა, იგი „ფრენს“, და ამავე წონის საგანი, რომლის მიმართ, მისი სიპატარავის გამო, მიმართულია პატარა იმპულსი, ძლივს სცილდება მიწას – kaum vom Boden lösen – აი ამ ეფექტის აღქმაა, რომ განსაზღვრავს ჩვენს განცდას სიმძიმეთა შედარების დროს. 

ამ თეორიის შეფასებისთვის საჭიროა ერთი წინასწარი დებულება ნათლად წარმოვადგინოთ, რომელსაც უეჭველად ემყარება იგი. რას ნიშნავს თავისთავად ის გარემოება, რომ ჩვენ მიერ გარჩეული მოვლენა ცნობილია, როგორც სიმძიმის ილუზია, როგორც მცდარი შეფასება? აქ შეცდომაზე ლაპარაკს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ მივიღებთ, რომ საგანი თუმცა იწვევს ჩვენში „სწორ“ განცდას, მისი ობიექტური სიმძიმის შესაფერის შთაბეჭდილებას, ეს „ჭეშმარიტება“ ჩვენთვის იფარება იმ თანმხლები ნიშნებით სიმძიმეთა აწევის დროს, რომელნიც „აფრენა-დაწებებით“ გამოითქმება. მაშასადამე, ნაგულისხმევია, რომ განცდას თუმცა ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს გამღიზიანებელი, ჩვენ ამის დანახვის საშუალებას არ გვაძლევენ დამატებითი შთაბეჭდილებები. ცხადია, რომ თვით განცდის მიმართება გამღიზიანებლებისადმი აქ ნაგულისხმევია, როგორც კონსტანტა. ამ თეორიიდან უშუალოდ გამომდინარეობს აგრეთვე ის, რომ თუ შესაძლებელი იქნება მოსპობა იმ თანმხლები ნიშნებისა, რომელნიც თითქოს ხელს გვიშლიან „ნამდვილი“ განცდა მივიღოთ, ილუზიაც აღარ იარსებებს. ჩვენი ცდების პირდაპირი შედეგი კი ამ დასკვნის საწინააღმდეგოა. წნეხით შეგრძნებებში სრულებით გამორიცხულია ის ნიშნები, რომელნიც, მიულერისა და შუმანის თეორიის თანახმად, ქმნიან „ილუზიას“, მაგრამ ამის მიუხედავად „ილუზია“ მაინც არსებობს. „აფრენისა“ და „დაწებების“ მოვლენები ამ შემთხვევაში არ ხდება, და თუ ფაქტი „შეცდომისა“ მაინც არის, იგი სხვანაირად უნდა აიხსნას. 

როგორც აღნიშნული იყო, ხსენებული თეორია აშენებულია სიმძიმეთა შეფასების იმ მოვლენების საფუძველზე, რომლებიც მხოლოდ ამ სფეროში არსებობს, და რამდენადაც შესაძლებელია მსგავსი „ილუზია“ სხვა სფეროშიც აღმოჩნდეს, სადაც ეს სიმძიმეთა შემთხვევაში არსებული მოვლენები არ არიან, იმდენად ეს თეორია საეჭვოა. მთელი რიგი დაშვებათა (აბსოლუტური შთაბეჭდილება, მოტორული განწყობების სხვადასხვაობა სხვადასხვა სიდიდის საგნების მიმართ, მჭიდრო ასოციატიური კავშირი სიმსუბუქესა და „აფრენის“ მოვლენას და სიმძიმესა და „დაწებებას“ შორის), რომლებიც დასჭირდათ მიულერსა და შუმანს სიმძიმის „შეცდომათა“ ასახსნელად, სრულიად ზედმეტი იქნებოდა, ისინი ერთხელ მაინც რომ შეეჭვებულიყვნენ ე.წ. Konstanzhypothese-ს სისწორეში. არის თუ არა სწორი ფორმულა: განსაზღვრული გამღიზიანებელი – განსაზღვრული განცდა, – უცვლელი გამღიზიანებელი – უცვლელი შეგრძნება? დღეს ბევრი ლაპარაკობს ამ ფორმულის წინააღმდეგ, მაგრამ იგი ბევრგან, შეუგნებლად თუ შეგნებულად, მაინც მოქმედებს, და  ეს რწმენა კონსტანტობის ჰიპოთეზისა ჯერ კიდევ იმდენად მტკიცეა, რომ მის გასამართლებლად და მის საფუძველზე შემუშავდა მთელი რიგი საეჭვო მოსაზრებები. ს. კრაკოვი მაგ., არჩევს სიმძიმის “ილუზიის” ფაქტს და შემდეგნაირად ხსნის მას: “ჭეშმარიტებასთან ყველაზე ახლოს იქნება არაცნობიერი გონებრივი დასკვნის დაშვება სიმძიმეთა შემდარებელი სუბიექტის მიერ. სახელდობრ: იცის რა გამოცდილებიდან, რომ ერთი მასალისგან გაკეთებული საგნები (როგორადაც გვეჩვენება ჩვენ მოცემული ცილინდრები) მით უფრო მსუბუქია, რაც პატარაა – ის ამის მიხედვით ადარებს რა მოცემული ცილინდრების სიდიდეს, აგზავნის იმპულსს თავის ხელში. გაგზავნილი იმპულსისა და ობიექტური სიმძიმის ურთიერთობიდან იქმნება სიმძიმის შეგრძნება და იმის ილუზია, რომ ყველაზე პატარა ცილინდრი (რომლის ასაწევად განკუთვნილია ყველაზე მცირე იმპულსი) ყველაზე მცირეა”. გარდა ამისა, ავტორი მიუთითებს იმაზე, რომ ასოციატიურად ამ მოვლენის ახსნა შეუძლებელია და რომ აქ უსათუოდ უნდა ვიგულისხმოთ შედარებისა და დასკვნების მოქმედებები. პატარა საგნის წნეხითი და სიმძიმითი კოეფიციენტების სიდიდე არ არის, რასაკვირველია, დასკვნა, არამედ იგი უშუალოდ განიცდება და ისეთივე ნამდვილი ძალის მქონეა, როგორც სხვა “ნამდვილი” განცდები. რომ ამ შემთხვევაში თვითდაკვირვების ნიადაგზე არავითარი დასკვნის დადასტურება არ შეიძლება, კრაკოვმაც კარგად იცის, და ამიტომ ამას არაცნობიერის სფეროში გულისხმობს. და ეს ჰიპოთეტური დაშვება ხდება დოგმატურად მიღებული კონსტანტობის ჰიპოთეზის გამართლების მიზნით. ჩვენ შეგვეძლო კიდევ გავყოლოდით აზრთა ამ მიმდევრობას და გვეკითხა ამ არაცნობიერი დასკვნების ბუნების შესახებ. აქ კვლავ რომელიმე ჰიპოთეზას შემოგვთავაზებდნენ არაცნობიერების დამცველები; ასე მივიღებდით დაუსრულებელ ჰიპოთეზათა რიგს, და ყველაფერი ეს მხოლოდ იმიტომ, რომ არ სურთ აღიარონ გრძნობადი შინაარსის ცვალებადობა გამღიზიანებლისა და აღგზნების უცვლელობასთან. გამღიზიანებლითა და აღგზნებით არ არის საბოლოოდ განსაზღვრული განცდაც. უკანასკნელის საბოლოო გამოკვეთისათვის თვით სუბიექტია მნიშვნელოვანი. მარტო იმას კი არა აქვს მნიშვნელობა, თუ რა მოქმედებს ან როგორ მოქმედებს, არამედ იმასაც, თუ რაზე მოქმედებს და როგორ უყურებს სუბიექტი იმას, რაც მასზე მოქმედებს, როგორც გამღიზიანებელი. თუ როგორ უნდა იქნეს წარმოდგენილი ეს ურთიერთობა სუბიექტსა და მასზე მომხდარ მოქმედებას შორის, ფსიქოლოგიის ძირითად საკითხს წარმოადგენს, რომელზედაც მხოლოდ ჩვენს ცდებზე დაყრდნობით არაფერი გარკვეულის თქმა არ შეიძლება.

დასასრულ, დიდად პატივცემულს ჩემს მასწავლებელს პროფ. დ. უზნაძეს თემის მოცემისთვის და განუწყვეტლივ იდეურად ხელმძღვანელობისათვის ვუძღვნი დიდს მადლობას. მადლობის ღირსი არიან აგრეთვე ჩემი ცდის პირები, რომელთაც არ დაიზარეს საკმაოდ ხანგრძლივ ცდებში მონაწილეობის მიღება.

სიმძიმის ილუზიის ანალოგი წნეხის არეში (მოტორული განწყობის თეორიის ექსპერიმენტული შემოწმება)

 



მდევარი