ავტორი: მარკ სედვიკი
მთარგმნელი: ანა თოთლაძე
რედაქტორი: ბექა იობიძე
კორექტორი: მარიამ გორდაძე
მარკ სედვიკი
არაბული და ისლამური კვლევების განყოფილება, რელიგიის კვლევის განყოფილება, ორჰუსის უნიერისტეტი, ორჰუსი, დანია
ტერმინ “რადიკალიზაციის” ბოლო დროს მოჭარბებულად გამოყენებამ შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ მისი მნიშვნელობა ყველასთვის ერთი და გასაგებია. აღნიშნული სტატია საპირისპიროს ამტკიცებს. ტერმინი სამ შემთხვევაში გამოიყენება: უსაფრთხოების, გაერთიანებისა და საგარეო პოლიტიკის. თითოეულ მათგანს განსხვავებული წესრიგი გააჩნია და, შედეგად, ტერმინს სხვადასხვა მნიშვნელობით იყენებს. ეს დიდ ბუნდოვანებას ქმნის. ამ ვითარებაში გამოსავალი “რადიკალიზაციის” აბსოლუტური გაგებით გამოყენების შეწყვეტა გახლავთ.
მნიშვნელოვანი ტერმინები: განმარტება, გაერთიანება, ჯიჰადი,
ნეონაციონალიზმი, რადიკალიზაცია
დღეს ტერმინი “რადიკალიზაცია” აღწერს იმას, “რაც ხდება ბომბის აფეთქებამდე”. ტერმინის საყოველთაო გამოყენება მცდარად გვაფიქრებინებს, რომ მისი მნიშვნელობის შესახებ თანხმდებიან. აღნიშნული სტატია ასკვნის, როგორც ეს მანამდე რამდენიმე მკვლევარმა ცხადყო, რომ ტერმინი ხშირად სხვადასხვა აზრით გამოიყენება, რაც ბუნდოვანებას იწვევს. ის ძირითადად სამ შემთხვევაში გვხვდება; ესენია: უსაფრთხოების, გაერთიანებისა და საგარეო პოლიტიკის. ვინაიდან თითოეულს განსხვავებული წესრიგი გააჩნია, ტერმინი “რადიკალურიც” სხვადასხვა მნიშვნელობას იძენს. პრობლემას ის საკითხიც ართულებს, რომ თითოეულ მათგანს, სულ მცირე, ორი ქვემხარე აქვს: ანალიტიკური, ოფიციალური, საზოგადოებრივი და პოლიტიკური. ნეონაციონალიზმის განვითარების კვალდაკვალ ამ ბოლო ორით განსაკუთრებით დაინტერესდნენ დასავლეთ ევროპაში. წინამდებარე სტატიის მიხედვით, ბუნდოვანების დასაძლევად ერთადერთი გამოსავალი ტერმინის მხოლოდ შედარებითი აზრით გამოყენება გახლავთ.
მარკ სედვიკი არის თანამედროვე ისლამისა და ტერორიზმის ისტორიის მკვლევარი. 20 წელი გაატარა კაიროს ამერიკულ უნივერსიტეტში, ამჟამად ასწავლის ორჰუსის უნივერისტეტში, დანიაში.
ისტორია
სიტყვა “რადიკალიზაციის” ხშირი გამოყენება სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო (იხილეთ გრაფიკი 1).
2001 წლამდე სიტყვა “რადიკალიზაცია” აკადემიურ ნაშრომებში დროდადრო, მედიაში კი იშვიათად ისმოდა და ძირითადად გამოიყენებოდა მისი შედარებითი მნიშვნელობით, რომელსაც ქვემოთ განვმარტავ. სიტყვის გამოყენება ყველაზე უფრო 2005-2007 წლებში გახშირდა, რაც დასავლეთ ევროპაში “საშინაო ტერორიზმის” აღზევებასა და, უფრო ზუსტად, ლონდონის 2005 წლის ტერორისტულ თავდასხმას უკავშირდება. 2005 წლის შემდგომ დასავლეთ ევროპის ქვეყნების დიდმა ნაწილმა რადიკალიზაციასთან ბრძოლის გეგმები შეიმუშავა. ამასთან ერთად, კვლევების დაფინანსებამ, რომლებიც აღნიშნულ გეგმებს ერთვის, ტერმინის უფრო ხშირი გამოყენება განაპირობა.
პიტერ ნოიმანის (რადიკალიზაციისა და პოლიტიკური ძალადობის შემსწავლელი საერთაშორისო ცენტრის დირექტორი ლონდონში) თვალსაზრისით, ტერმინის თანამედროვე აზრით, ანუ ტერორიზმთან მიმართებით, გამოყენება 9/11-ის შემდგომ შექმნილ პოლიტიკურ გარემოებას უკავშირდება:
“ტერორიზმი და პოლიტიკური ძალადობა გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან იღებს სათავეს. მათ გამომწვევ მიზეზებზე დიდი ხანია მსჯელობენ. თუმცა, 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ზე თავდასხმის შემდეგ ძალიან გართულდა “ტერორიზმის ფესვებზე” საუბარი, ვინაიდან გაჩნდა მოსაზრება, რომ ამგვარი მსჯელობა უდანაშაულო ადამიანების მკვლელობის გამართლებას ემსახურებოდა … სწორედ რადიკალიზაციის ცნებას უნდა ვუმადლოდეთ, რომ მსჯელობა კვლავ შესაძლებელი გახდა”.
გრაფიკი 1. ინგლისურენოვან პრესაში ტერმინი “რადიკალიზმის” გამოყენება (წყარო: aggregated, time-limited Google News searches)
ნაწილობრივ მართალია, რომ ტერმინი “რადიკალიზაციის” ათვისებამ ისლამური ტერორიზმის შესწავლა შესაძლებელი გახადა, თუმცა ამას ცუდი შედეგებიც მოჰყვა, რომლებიც სტატიაში განიხილება. უპირველესად, აღსანიშნავია ის, რომ მსჯელობის შინაარსი შეიცვალა. ადრე ტერორიზმის შესწავლა, რაზეც ნოიმანი გვესაუბრება, გულისხმობდა გარემოებებზე, იდეოლოგიაზე, ჯგუფებსა და პიროვნებაზე დაკვირვებას. ტერმინმა “რადიკალიზაციამ” კი ხაზი გაუსვა პიროვნებას და, გარკვეულწილად, იდეოლოგიასა და ჯგუფს, თუმცა ყურადღება არ გაამახვილა ტერორიზმის საფუძველმდებარე მიზეზებზე, რომლებზე ლაპარაკიც 9/11-ის შემდგომ გართულდა და რომლებიც დღესაც ხშირად ანალიზისას უგულებელყოფილია. ვიდრე ისლამის მიმდევარი რადიკალების წარმომშობ გარემოებებს არ გავითვალისწინებთ, ისინი გარდაუვალად მოგვევლინებიან, როგორც “აჯანყებულები მიზეზის გარეშე”.
ტერორიზმის გამომწვევი მიზეზების უგულებელყოფის შედეგად ჩამოყალიბდა ერთგვარი ჩვეულება, რომელიც გულისხმობს განსხვავებულ გარემოებაში მოქმედი ჯგუფებისა და პიროვნებების გაერთიანებას მსგავსი ნიშნების საფუძველზე; ესენია: ისლამი და ძალადობა. ამ პრობლემაზე ყურადღება მეთიუ ჰერბერტმა გაამახვილა:
“ანალიზის საწყის საფეხურზე ყველა ისლამური ტერორისტული დაჯგუფების გაერთიანებით გავლენას ვახდენთ დასკვნაზე, უფრო ზუსტად, ნაადრევად ვასკვნით, რომ ყველა ძალადობრივი ისლამური დაჯგუფება რელიგიური პრინციპებით იმართება; რომ ისინი უპირისპირდებიან ყველაფერს, რაც უცხოა ისლამისთვის; რომ მათ აქვთ არაჯეროვანი ძალადობრივი ხასიათი”.
შედეგად, თუ რადიკალიზმს განსხვავებული ჯგუფების საერთო ნიშნად განვიხილავთ, რადიკალიზმის ნებისმიერი კვლევის შედეგი ასახავს საფუძველს, რომელზე დაყრდნობითაც ეს ჯგუფები აირჩნენ.
არსებული განმარტებები
ტერმინები: “რადიკალური”, “რადიკალიზმი”, “რადიკალიზაცია” – ორი – შედარებითი და აბსოლუტური – მნიშვნელობით შეიძლება გავიგოთ. უპირველეს ყოვლისა, განვიხილავ შედარებით მნიშვნელობას, რომელიც ხშირად გამოიყენება და არც ორაზროვნებას იწვევს. შემდეგ, შევეხები აბსოლუტურ მნიშვნელობას, რომელიც, როგორც წესი, დაბნეულობის ძირითადი მიზეზია.
ოქსფორდის ინგლისური ლექსიკონის მიხედვით, “რადიკალურის” ერთ-ერთი განმარტება ასეთია: “ჯგუფში უკიდურესი მხარის წარმომადგენელი ან გულშემატკივარი”. ამ გაგებით ტერმინი “უკიდურესის” სინონიმად და “ზომიერის” ანტონიმად შეგვიძლია გამოვიყენოთ. აღნიშნული განმარტების თანახმად, არსებობს ჩამოყალიბებული შეხედულების ერთგვარი სპექტრი და “რადიკალიზაცია” სწორედ ამ სპექტრზე მოძრაობას აღნიშნავს. შესაბამისად, ტერმინი “რადიკალურის” შედარებითი აზრით გამოყენება პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა ჩნდება ორი შეკითხვა: პირველი – სპექტრის რა ნაწილშია მოთავსებული ზომიერება?; მეორე და უფრო რთული – რა სახის სპექტრს განვიხილავთ? თუ ჯგუფი შემოკრებილია ერთი ძირითადი იდეის გარშემო, მაშინ, ცხადია, რომ შესაბამისი სპექტრი სწორედ ამ იდეასთან იქნება დაკავშირებული. ჩვენ ყველამ ვიცით, თუ რას ნიშნავს იყო აბორტის რადიკალური მოწინააღმდეგე. თუმცა სინამდვილეში ცოტაა ისეთი ჯგუფი, რომელიც მხოლოდ ერთ განსაზღვრულ თემაზე ამახვილებს ყურადღებას. მაგალითისთვის, პოლიტიკური პარტიები, როგორც წესი, მრავალ საკითხს განიხილავენ, რის გამოც არაა მარტივად გადასაწყვეტი, ვის უნდა ვუწოდოთ “რადიკალური” ასეთ ჯგუფებში. მაგალითად, გაუგებარია ზუსტად რას გულისხმობს ტერმინი “რადიკალური რესპუბლიკელი”.
რაც შეეხება თანემდროვე ისლამს, ცხადია, უნდა მოვიაზროთ ათასობით ჯგუფი, რომელთაგან სავარაუდოდ ყველა მრავალ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. ჯგუფთაგან ზოგიერთი შეიძლება ერთმანეთს წააგავდეს, მაგრამ ამავე დროს საგულისხმოდ განსხვავდებოდეს ზემოხსენებული საკითხების მრავალფეროვნებით ან იმ გზებით, რომლებითაც მათი გადაჭრა დაუსახავთ. შესაძლებელია, რომ აღნიშნული ჯგუფები დავალაგოთ გარკვეულ თემაზე მათი შეხედულებების მიხედვით, რაც ხშირად გამოიყენება კიდეც ისლამური რადიკალიზმის გასაანალიზებლად. თუმცა ეს მიდგომა უგულებელყოფს სხვა საკითხებს, რომლებიც შესაძლოა უფრო მნიშვნელოვნადაც მიაჩნდეთ ჯგუფის წევრებს; შესაბამისად, ის ნაკლოვანია. მაგალითად, ჰერბერტი ამბობს, რომ: “სინამდვილეში, ისლამური აქტივიზმის გულში ათასობით ყვავილი ხარობს: მივუდგეთ ასეთ მრავალფეროვნებას პრინციპით – “ჩვენთან ან ჩვენ წინააღმდეგ” – უშედეგო იქნება”.
შესაბამისად, “რადიკალურის” შედარებითი გამოყენება სწორია მანამ, სანამ: ზუსტადაა განსაზღვრული, რა იგულისხმება “ზომიერში”; სპექტრი, რომელზეც ვმოძრაობთ, ფრთხილად და ჯეროვნადაა შერჩეული; გაანალიზებულია, რომ სხვა სახის სპექტრი შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანი იყოს ჩვენთვის საინტერესო ჯგუფის/ჯგუფებისთვის. სამწუხაროდ, ძალიან ხშირად არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ არის, შედეგად კი ტერმინის აბსოლუტური მნიშვნელობით გამოყენებას ვიღებთ. ეს შეიძლება იმიტომ მოხდეს, რომ განსხვავება ზომიერსა და რადიკალურს შორის, ანდაც მთლიანად სპექტრი (“ჩვენთან ან ჩვენ წინააღმდეგ” პრინციპით) თავისთავად ცხადად ჩაითვალოს. ასეთი ვარაუდები მცდარია. როგორც ამას სტატიის შემდეგ ნაწილში გავეცნობით, არც ზომიერსა და რადიკალურს შორის განსხვავება და არც თავად სპექტრი თავისთავად ცხადი არ არის.
“რადიკალურის” აბსოლუტური აზრით განმარტვის რამდენიმე მცდელობა არსებობს. სტატიაში სამ მათგანს განვიხილავთ: ზოგადი ფილოსოფიური, ანალიტიკური და ოფიციალური. ფილოსოფიური მცდელობები, როგორც გამოჩნდება, საკმაოდ საინტერესოა, თუმცა იშვიათად გამოიყენება, როდესაც საქმე ისლამურ რადიკალიზაციას ეხება. ანალიტიკური მცდელობები არანაკლებ ყურადსაღებია და დიდად განსხვავდება ფილოსოფიურისგან. ოფიციალური მცდელობები კი ყველაზე საინტერესოა, ვინაიდან მნიშვნელოვან უთანხმოებებს გამოავლენს.
ერთ-ერთი კლასიკური ფილოსოფიური განმარტება ესპანელი პოლიტიკური ფილოსოფოსის, ხოსე ორტეგა ი გასეტის, 1923 წლის დაკვირვებას უკავშირდება. ის თანამედროვე რევოლუციას აჯანყებულობის ადრეული ფორმებისგან განასხვავებს. “როდესაც შუა საუკუნეების კაცი აჯანყდა, ის აჯანყდა ბატონების წინააღმდეგ”, – წერს ორტეგა ი გასეტი. “თანამედროვე რევოლუციონერები კი აჯანყდნენ არსებული მთლიანი სისტემის წინააღმდეგ”. ამ თვალსაზრისით შეგვიძლია რადიკალიზმი და რეფორმიზმი დავუპირისპიროთ ერთმანეთს. რეფორმიზმი, მექსიკელი ინტელექტუალის, ოქტავიო პასის, მიხედვით, გულისხმობს: “არსებული სტრუქტურის შენარჩუნებას და მხოლოდ ღონისძიებრივ ცვლილებებს”. საპირისპიროდ, “რადიკალიზმი სისტემის ძირეულ ცვლილებას მოიაზრებს”.
მსგავსი ფილოსოფიური განსხვავება წამოჭრა ამერიკელმა სოციოლოგმა, ეგონ ბიტნერმა, 1962 წელს. რადიკალიზმსა და მის მიერ შემუშავებულ “საღი აზრის მსოფლმხედველობას” შორის განსხვავების საჩვენებლად ის მაქს ვებერს დაეყრდნო. საღი აზრის მსოფლმხედველობა “ჩვეულებრივი, ტრადიციულად განსაზღვრული სამყაროსეული ხედვა” გახლავთ. ის გულისხმობს ისეთი შეხედულებების ერთიანობას, რომლებიც შეიძლება არ იყოს თანმიმდევრული და თავისთავად იცვლებოდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში, როდესაც ამას გარემოებები გვკარნახობს. საპირისპიროდ, რადიკალიზმი, ბიტნერის განმარტებით: “სამყაროს ერთიანი და მწყობრი ხედვაა”, რომელიც მოუქნელი სახელმძღვანელოა მოქმედებისთვის. რადიკალიზმის ბიტნერისეული განმარტება, როგორც შემდეგში აღვნიშნავ, ემსგავსება ჰანა არენდტის ცნობილ მსჯელობას ტოტალიტარიზმის შესახებ. ბიტნერი აღწერს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, რომლის ნაყოფიც გახლავთ ორტეგა ი გასეტის მიერ განხილული აჯანყება ჩამოყალიბებული ჩვეულებებისა და სტრუქტურების წინააღმდეგ. ბიტნერი რადიკალიზმს უპირისპირებს წესებს, ორტეგა ი გასეტი კი – რეფორმიზმს.
ორივე ფილოსოფიურ განმარტებას წვლილი შეაქვს ლიბერალიზმის ჩვენეულ გაგებაში, რომელიც გმობს ძალადობას არსებულ სისტემაში, მაგრამ ეთანხმება თავად წყობას. თუმცა არცერთი გვეხმარება, როდესაც საქმე ისლამურ რადიკალიზაციას ეხება. ორტეგა ი გასეტის განმარტების მიხედვით, არაბული სამყაროს მოსახლეობის 90% რადიკალია, ვინაიდან მოსახლეობის 90%-ს სურს რადიკალური ცვლილება არსებულ საზოგადოებრივ, კულტურულ და პოლიტიკურ სტრუქტურებში. არაბულ სამყაროზე დაკვირვებისას დასავლური მთავრობები იმავეს ასკვნიან, თუმცაღა რადიკალურად მხოლოდ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ იმოქმედა ერაყში ავტორიტარული მთავრობის დემოკრატიულით შესაცვლელად. განმარტება, რომელიც მრავალ ადამიანს – მათ შორის პრეზიდენტ ბუშს – რადიკალად რაცხავს, ნაკლებად ხელსაყრელია გამოსაყენებლად. იგივე პრობლემა აქვს ბიტნერის განმარტებას, რადგანაც ის ნებისმიერ მორწმუნე მუსლიმს რადიკალად ცნობს, ვინაიდან ნებისმიერ მორწმუნე მუსლიმს სამყაროს ერთიანი, მწყობრი ხედვა გააჩნია. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ქრისტიანებზეც.
რაც შეეხება ანალიტიკურ განმარტებებს, ისინი საკვირველად ცოტაა. როგორც უკვე აღინიშნა, მკვლევრების უმეტესობა ტერმინებს – “რადიკალი” და “რადიკალიზაცია” – არ განმარტავს, ეყრდნობა მათ შედარებით მნიშვნელობას ან მიიჩნევს, რომ მათი აბსოლუტური მნიშვნელობა გასაგებია. სოფია მოსკალენკომ და კლარკ მაკკოლიმ შემოგვთავაზეს განსხვავება “რადიკალიზმსა” და “აქტივიზმს” შორის. აქტივიზმი განიმარტა, როგორც “მზაობა კანონიერ და არაძალადობრივ პოლიტიკურ მოქმედებაში ჩასართავად”, ხოლო რადიკალიზმი, როგორც “მზაობა უკანონო და ძალადობრივ პოლიტიკურ მოქმედებაში ჩასართავად”. მათი აზრით, აქტივიზმი მასობრივად გავრცელებული, რადიკალიზმი კი იშვიათია. ჯონათან გიტენს-მაზერი აბუნდოვანებს მოსკალენკოს და მაკკოლის მიერ ჩამოყალიბებულ განსხვავებას და გვეუბნება, რომ რადიკალიზმი არის: “საზოგადოების მიერ განსაზღვრული, ინდივიდუალურად შეგრძნობილი მორალური ვალდებულება ქმედებაში მონაწილეობის მისაღებად”, კანონიერსა თუ უკანონოში. ის რადიკალიზმს განასხვავებს არა აქტივიზმის, არამედ “აპათიისგან”. შესაბამისად, ორივე განმარტება რადიკალიზმს მიიჩნევს არა ფსიქოლოგიურ მდგომარეობად, როგორც მანამდე მოყვანილი ორი ფილოსოფიური ხედვა, არამედ სხვადასხვა სახის მიდრეკილებად ქმედების გარკვეული სახეობების მიმართ. განსხვავებული მიდგომა გამოიყენეს ლენე კუჰლემ და ლას ლინდეკილდემ. მათ ასევე უარი თქვეს რადიკალიზმის ფსიქოლოგიურ მდგომარეობად აღიარებაზე და განაცხადეს, რომ არსებული განმარტებები (რომლებსაც ქვემოთ განვიხილავ) არასათანადოა. ამასთანავე, განასხვავეს ნამდვილი რადიკალიზაცია და “ახალგაზრდული ბრაზის, წინააღმდეგობისა და თანადგომის გამოხატვა მუსლიმების მიმართ”.
როგორც არაერთმა მკვლევარმა აღნიშნა, და ეს წინამდებარე სტატიაშიც გამოჩნდება, ოფიციალური განმარტებები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ქვემოთ მოყვანილი განმარტებები თანამედროვე ოფიციალურ აზროვნებას წარმოადგენს და მიეკუთვნება ჩრდილოეთ ამერიკის ორ (აშშ და კანადა) და დასავლეთ ევროპის სამ (დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, დანია) ქვეყანას.
ხსენებული ხუთი ქვეყანა სამ რამეზე თანხმდება: პირველი – რადიკალი არ არის იგივე, რაც ტერორისტი. ტერორისტი იმავე დროს რადიკალია, თუმცა რადიკალი აუცილებლად ტერორისტი არ არის; მეორე – რადიკალი, როგორც წესი, განიმარტება ტერმინის – “უკიდურესი” დახმარებით; მესამე – რადიკალი საფრთხესთან კავშირდება. აშშ-ს განმარტება კონგრესის კანონპროექტიდან აზუსტებს: “ძალადობის ხელშეწყობის მიზანს”; კანადური განმარტების მიხედვით სამეფო კანადური ცხენოსანთა პოლიციიდან (RCMP), “შესაძლოა გადაიზარდოს პირდაპირ მოქმედებაში”; ხოლო ჰოლანდიური განმარტება დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურიდან (AIVD) შეიცავს წინადადებას: “შესაძლოა შეუქმნას საფრთხე დემოკრატიული სამართლებრივი წესრიგის უწყვეტობას”.
პირველი რამ, რაზეც ქვეყნები თანხმდებიან – ყველა რადიკალი ტერორისტი არ არის – არ იწვევს ორაზროვნებას და მნიშვნელოვანია. მეორე – “რადიკალისა” და “უკიდურესის” სინონიმებად გამოყენება – რადიკალის შედარებით განმარტებას ეფუძნება და სიზუსტე აკლია. მესამე – რადიკალის საფრთხის წყაროდ დანახვა – მოიცავს დაშვებას, რომ ყველა რადიკალი იმთავითვე საფრთხეს არ წარმოადგენს. ეს სწორი და მნიშვნელოვანი შენიშვნაა, თუმცა წრეზე ტრიალს ჰგავს, ვინაიდან ის გვეუბნება: რადიკალიზმი, რომელიც საფრთხეა, არის რადიკალიზმი, რომელიც საფრთხეა. არცერთი ზემოჩამოთვლილი არგუმენტი არ გვამცნობს მნიშვნელოვან სიახლეს.
როგორც აღვნიშნეთ, ყველა რადიკალი ტერორისტი არ არის, თუმცა ოფიციალური განმარტებები, რომლებიც საფრთხის შემცველ რადიკალიზმს ეხება, აუცილებლად ახსენებს ძალადობასაც. ზოგჯერ ძალადობა აღქმულია, როგორც საფრთხის შემცველი რადიკალიზმის ძირითადი ნაწილი. ეს კარგად ჩანს ზემოთ მოყვანილ ამერიკულ განმარტებაში და იგივე შეგვიძლია ამოვიკითხოთ ბრიტანულშიც, რომლის მიხედვითაც, რადიკალიზმი არის “ძალადობრივი ექსტრემიზმის ძლიერი მხარდაჭერა”. ზოგჯერ ძალადობა ნაკლებად აუცილებელ ნაწილად განიხილება, როგორც, მაგალითად, RCMP-ის ზემოთ მოყვანილ განმარტებაში. ამავე აზრს ავითარებს აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი: “უკიდურესი შეხედულებები, რომლებიც მოიცავს რწმენას, რომ ძალადობრივი ზომების მიღება საჭიროა”. ეს გულისხმობს, რომ რადიკალიზმი შეიძლება მოიცავდეს უკიდურეს შეხედულებებს, რომლებიც არ გვიბიძგებს ძალადობისკენ, მაგრამ მაინც საფრთხის შემცველია. საბოლოოდ, დანიური და ჰოლანდიური განმარტებები მოიცავს როგორც ძალადობრივ, ისე არაძალადობრივ, თუმცა არადემოკრატიულ ზომებს. დანიური განმარტება შეეხება “არადემოკრატიული ან ძალადობრივი ზომების მიღებას”. AIVD-ის განმარტება ემსგავსება კანადურსა და ამერიკულს (იმ მხრივ, რომ რადიკალიზმი “შეიძლება გადაიზარდოს ტერორისტულ ძალადობაში”) და ამავე დროს გამორიცხავს ძალადობას შემდეგი აზრით: “საზოგადოებაში ძირეული ცვლილებების მხარდაჭერა … შესაძლოა არადემოკრატიული საშუალებების გამოყენებით”. არაძალადობრივი გზებით საზოგადოებრივ ცვლილებებთან დაკავშირებით დანიური განმარტება ყველაზე გამორჩეულია, რადგანაც რადიკალიზმში აერთიანებს ნებისმიერი სახის “წინააღმდეგობას ღია, დემოკრატიული და მრავალფეროვანი საზოგადოების მიმართ”; ასევე მოიცავს დაშვებას: “საზოგადოებრივ ჯგუფებს ემუქრებიან, ამცირებენ, შეურაცხყოფენ მათი ფერის, ეროვნული ან ეთნიკური წარმომავლობის, რწმენის ან სექსუალური ორიენტაციის გამო”.
ლოგიკურად ჩნდება კითხვა, – უნდა მივიჩნიოთ ქმედება საფრთხის შემცველ რადიკალიზმად, თუ არსებობს შესაძლებლობა, რომ ის ძალადობაში გადაიზრდება? ანდაც შეიძლება ქმედებას საფრთხის შემცველი რადიკალიზმი ვუწოდოთ, თუ შეუძლებელია ის ძალადობაში გადაიზარდოს და მხოლოდ პირის შეურაცხყოფას წარმოადგენს სექსუალური ორიენტაციის გამო? რადგანაც ქმედება, რომელიც ძალადობას მოიცავს, იმთავითვე საფრთხის შემცველია, საკითხავი უფრო მეტად ისაა, უნდა ჩაითვალოს თუ არა საფრთხის შემცველად ქმედება, რომელიც ძალადობაში არ გადაიზრდება.
მსგავს უთანხმოებას ვაწყდებით ფიქრისა და ქმედების ურთიერთმიმართების განხილვისას. საფრთხის შემცველი რადიკალიზმის ზოგიერთი ოფიციალური განმარტება იდეოლოგიასა და რწმენას უკავშირდება, როგორც, მაგალითად, ეს იკითხება აშშ კონგრესის კანონპროექტიდან “უკიდურესი რწმენათა სისტემის” განხილვით, ანდაც RCMP-ს განმარტებიდან, რომელიც უკავშირდება “გადამეტებულ იდეოლოგიურ გზავნილს ან რწმენათა სისტემას”. ზოგიერთი განმარტება საერთოდ არ ახსენებს რწმენასა და იდეოლოგიას, – მაგალითად, ბრიტანული მხოლოდ “ძალადობრივი ექსტრემიზმის მხარდაჭერაზე” ამახვილებს ყურადღებას. აშშ-სა და RCMP-ს განმარტებების მიხედვით, შეგვიძლია ვთვაქთ, რომ მოსკალენკოსა და მაკკოლის “აქტივიზმი” და “რადიკალიზმი” საფრთხის შემცველი რადიკალიზმია, ბრიტანული განმარტება კი მხოლოდ მათ “რადიკალიზმს” აცხადებს საფრთხის შემცველ რადიკალიზმად.
რამდენიმე განსხვავებული დღის წესრიგი
ოფიციალურ დონეზე ასეთი განსხვავებები თავისთავად წარმოშობდა დაბნეულობას, თუმცა ტერმინი “რადიკალის” სხვადასხვა ვითარებაში გამოყენება უფრო დიდი გაურკვევლობის საწინდარია.
სამი ყველაზე მნიშვნელოვანი ოფიციალური და ნახევრად ოფიციალური შემთხვევა, რომელთა ფარგლებშიც დასავლური სამყაროს მიერ ტერმინი “რადიკალიზაცია” გამოიყენება, გახლავთ: უსაფრთხოება, გაერთიანება, საგარეო პოლიტიკა. აღნიშნული სტატიის მკითხველთათვის უსაფრთოხების შემთხვევა ყველაზე ნაცნობი იქნება; გაერთიანება- ნაკლებად ნაცნობი, ვინაიდან ევროპულ გაერთიანებას თვითმყოფადი სახე აქვს, რაც ბევრისთვის ჩრდილოეთ ამერიკაში უცნობია. როგორც ელეინ პრესმენი ამბობს, კანადისა და აშშ-ს მსგავს ქვეყნებში, სადაც გაერთიანების საკითხები ნაკლებად არის პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ დღის წესრიგში, რადიკალიზაცია მხოლოდ უსაფრთხოების მხრივ გვესმის; სხვაგან ასე არ ხდება. საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგი ცხადია, მაგრამ სასარგებლო იქნება მისი შედეგების გამოკვლევა ტერმინი “რადიკალის” გამოყენებაზე.
უსაფრთხოების დღის წესრიგი
მიუხედავად იმისა, რომ დაზვერვასა და პოლიციას ერთმანეთისგან განსხვავებული მიდგომა აქვთ, ორივეს აინტერესებს რადიკალიზაციის საკითხი და განიხილავს მას, როგორც პირდაპირ თუ არაპირდაპირ საფრთხეს სახელმწიფოს ან მისი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის. რადიკალიზმმა შეიძლება მიიღოს პირდაპირი საფრთხის სახე, მაგრამ არ წარმოადგენდეს ტერორიზმს; ასეთი შემთხვევა ბევრია, მაგალითისთვის, ჯიჰადისტური პროპაგანდის გავრცელება ინტერნეტში. ეს მოცემულობა საკამათო არ არის და არც ამ ნაშრომში იქნება განხილული. სამაგიეროდ, საინტერესოა რადკალიზმის არაპირდაპირი საფრთხის სახით განხილვა.
ტერორიზმის შემსწავლელნი თანხმდებიან შეხედულებაზე, რომ ტერორიზმის ყველა სახე მოქმედებს გარკვეული მხარდამჭერი გარემოს ფონზე და მიმართულია განსაზღვრული სამიზნე საზოგადოების წინააღმდეგ. ასეთი მხარდამჭერი გარემო შესაძლოა პოლიტიკურად სავსებით კანონიერად და მშვიდობიანად საქმიანობდეს, რასაც, მოსკალენკოსა და მაკკოლის მიხედვით, “აქტივიზმი”ეწოდება, ანდაც შესაძლოა ის საერთოდ არ მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში, რასაც, გიტენს მაზერის მიხედვით, “აპათია” ეწოდება. 1870-იან წლებში თანამედროვე ტერორიზმის ჩამოყალიბებიდან დღემდე, თითქმის გამონაკლისის გარეშე, ყველა ტერორისტული დაჯგუფება შეიძლება მოთავსდეს (როგორც ძალადობრივ, ისე არაძალადობრივ) უფრო დიდ საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ან ეთნიკურ მოძრაობაში და გაანალიზდეს რიგი გარემოებებისა და წყენების მიხედვით. იმ ანარქისტებთან ერთად, რომლებიც ტერორიზმს მნიშვნელოვნად იყენებდნენ, მე-19 საუკუნეში არსებობდნენ ისეთნიც, რომლებიც ამ საშუალებას საერთოდ არ მიმართავდნენ; ასევე სოციალისტებიც, რომლებიც არ იყვნენ ანარქისტები. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი ინდუსტრიული პროლეტარიატი გახლდათ, რომლის სახელითაც მოქმედებდნენ როგორც ტერორისტები, ისე აქტივისტები და რომელთა მხარდაჭერისთვისაც ეს ორი ერთმანეთს უპირისპირდებოდა. აშშ-ში “ვეზერმენთან” (Weatherman) ერთად არსებობდა “ფლაუერ ფაუერი” (Flower Power) და 1960-იანი, 1970-იანი წლების ახალგაზრდობა. დღეს დასავლეთ ევროპის მუსულმანური საზოგადოება ისლამური ტერორიზმის ერთ-ერთი საყრდენი და მხარდამჭერია. ასეთ საზოგადოებებში ჩამოყალიბებულმა მოსაზრებამ შესაძლოა არაპირდაპირი საფრთხე შექმნას, შესაბამისად, უსაფრთხოების დღის წესრიგის ნაწილად იქცეს.
უსაფრთხოების დღის წესრიგის პოლიტიკური დონე მცირედ განსხვავდება ოფიციალურისგან, – პოლიტიკურ დონეზე არა მხოლოდ საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება, არამედ აუცილებელია ჩანდეს, რომ შესაბამის ზომებს იღებ. როდესაც საქმე უსაფრთხოებას ეხება, თვალშისაცემობა საერთოდ არ არის სასურველი.
გაერთიანების დღის წესრიგი
გაერთიანების დღის წესრიგი უფრო რთულია, როგორც, ზოგადად, ევროპული დღის წესრიგი. თეორიულად, გაერთიანება სეგრეგაციის საპირისპირო რამაა, “საზოგადოების წევრობის თანაბარი უფლების მინიჭება იმ ჯგუფებისა თუ ადამიანებისთვის, რომლებსაც ავიწროებდნენ რასობრივი ან კულტურული მიზეზით”. სეგრეგაციის აღმოფხვრა გაერთიანების დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილია; განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება საცხოვრებელი, სამუშაო სეგრეგაციის აღმოფხვრაზე და ეს ხდება ისეთი გზით, როგორიცაა, მაგალითად, შესაბამისი საბინაო პოლიტიკის გატარება, ანდაც ენისა და სხვადასხვა უნარ-ჩვევების დასაუფლებელი გაკვეთილები მიგრანტებისთვის.
დასავლეთ ევროპაში “ნეონაციონალიზმის” ჩამოყალიბების შედეგად გაერთიანებაზე საუბარი სხვა ჭრილშიც შეიძლება. ეს არის ის საზოგადოებრივი მოვლენა იდეოლოგიური და პოლიტიკური შედეგებით, რომელიც აუცილებლად უნდა გამოცალკევდეს ძველი ევროპული უკიდურესი მემარჯვენეობისა და რეგიონული სეცესიისგან. თანამედროვე ევროპულ ნეონაციონალიზმს და მის მიმდევრებს ახასიათებს “პოპულისტური მიდრეკილებები მასობრივი კულტურების მიმართ” და მსგავსი დამოკიდებულება მიგრაციაზე, გაერთიანებაზე, ეროვნულ მთავრობებსა და ევროკავშირის მთავარ ორგანოებს შორის ურთიერთობებზე.
გაერთიანების პოლიტიკური და ოფიციალური დონეები ისევე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც ეს უსაფრთხოების შემთხვევაში განვიხილეთ. უსაფრთხოება არ არის პოლიტიკური საკითხი, მიგრაცია და გაერთიანება კი არის. ნეონაციონალისტური პარტიები მნიშვნელოვანია ზოგიერთი დასავლეთ ევროპული ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მაგალითად, 2007 წლის დანიის არჩევნებში “დანიელი ხალხის პარტიამ” (DPP) ხმების 13,8% მოიპოვა და პარლამენტში სიდიდით მესამე პარტია გახდა. მიუხედავად იმისა, რომ “დანიელი ხალხის პარტია” კოალიციური მთავრობის წევრი არაა, ეს უკანასკნელი დამოკიდებულია მის ხმებზე, რაც პარტიას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. მოსალოდნელი იყო, რომ ნიდერლანდების 2010 წლის არჩევნებში “პარტია თავისუფლებისთვის” ისეთივე წარმატებულ შედეგს აჩვენებდა, როგორც დანიაში DPP. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ევროპულ ქვეყნებში ნეონაციონალისტური პარტიები ხმების ანგარიშგასაწევ რაოდენობას ვერ იღებენ არჩევნებში, სხვა პარტიები აცნობიერებენ აღნიშნულის შესაძლებლობას და შესაბამისად მოქმედებენ; ასევე იცვლიან დამოკიდებულებას ამომრჩევლებს შორის ნეონაციონალისტური განწყობების გაძლიერებასთან ერთად. ცხადია, სხვადასხვა ქვეყანაში ეს განსხვავებული სიმძაფრით ხდება, მაგრამ გაერთიანების საკითხი დასავლეთ ევროპული პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია; ის განიხილება პარლამენტებში, მედიასა თუ კერძო საუბრებში. ხშირად ხაზგასმულია კულტურული საკითხებიც.
ნეონაციონალიზმის გავლენას გაერთიანების საკითხზე კარგად ასახავს ის მიზნები და პასუხისმგებლობები, რომლებიც დასავლეთ ევროპულმა გაერთიანების სამინისტროებმა გაწერეს. ისინი ძირითადად პასუხისმგებელნი არიან მიგრაციისა და გაერთიანების საკითხებზე სეგრეგაციის საპირისპიროდ. როგორც წესი, განკარგავენ კულტურის ზოგიერთ საკითხსაც დემოკრატიისა და მოქალაქეობის სახელით. ნიდერლანდების საბინაო, სივრცითი დაგეგმარებისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული “საერთო გაერთიანების დღის წესრიგი” ამგვარად მოიცავს “აქტიურ მოქალაქეობას”. დანიის ლტოლვილთა, მიგრაციისა და გაერთიანების სამინისტროს, რომელიც 2001 წლის ნოემბერში დაარსდა და ევროპის უპირველეს სამინისტროს წარმოადგენს ამ მიმართულებით, მესამე მიზნად აქვს გამოცხადებული სამ მთავარ მიზანს შორის, რომ “საზოგადოება დაეფუძნოს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს”. შვედეთის სამინისტროს გაერთიანებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში (დაარსებული 2007 წელს) ეკისრება პასუხისმგებლობა, რომელიც მოიცავს “დემოკრატიას, დისკრიმინაციას, საზოგადოებრივ მოძრაობებს, ჩართულობასა” და “თანამოქალაქეობას”. საფრანგეთის მიგრაციის, გაერთიანების, ეროვნული იდენტობისა და თანაგანვითარების სამინისტრო 2007 წლის მაისში დაარსდა; სხვა მიზნების გარდა, დასახული აქვს “რესპუბლიკური პრინციპების” გაღრმავება ფრანგულ იდენტობასთან ერთად. ზემოთ ჩამოთვლილ ყველა სამინისტროს აერთიანებს სეგრეგაციასთან ბრძოლის მიზანი. დემოკრატიის ბუნების გათვალისწინებით, ეს ასეც უნდა იყოს.
სამინისტროთა სხვა მიზნების გამოთქმა რთული და გარკვეულწილად სუბიექტური საქმეა. საცხოვრებელი ნიშნით სეგრეგაცია გაზომვადია და შესაძლებელია მის საწინააღმდეგოდ შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება, თუმცა ისეთი კულტურული მიზნები, როგორებიცაა “რესპუბლიკური პრინციპები”, “ძირითადი დემოკრატიული ღირებულებები”, “აქტიური მოქალაქეობა” თუ “თანამოქალაქეობა” რთულია განსასაზღვრად. ასეთი ტერმინები თავისთავად გულისხმობს “ტოლერანტულობას”, რაც გენდერისა და სექსუალური უმცირესობების საკითხებში გადაითარგმნება. სწორედ ამიტომაა, რომ ვინმეს შეურაცხყოფა სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე, დანიური განმარტებით, წარმოადგენს რადიკალიზმს. ამ უკანასკნელის განმარტებისას ასე გადამჭრელი არც ერთი სახელმწიფო არ არის. შვედეთის გაერთიანების სამინისტროს მიერ 2010 წელს გამოცემული სავალდებულო “საზოგადოებრივი ორიენტაციის” პროგრამა რვა ნაწილისგან შედგება, რომელთაგან ერთ-ერთი “შვედეთში ოჯახის დაფუძნებაა”; ის თავად შვიდ ქვეთავს მოიცავს, – იწყება “პიროვნული და საერთო მიდგომებით”, გრძელდება “ჰომოსექსუალთა, ბისექსუალთა და ტრანსგენდერთა უფლებებით” და სრულდება ქალთა თავშესაფრებით. ჰოლანდიური მთავრობა ასევე ხაზს უსვამს ჰომოსექსუალთა მიმართ ტოლერანტულობის მნიშვნელობას, რასაც უმატებს შიშვლად რუჯის მიღებას. ორივე საკითხი ასახულია ნიდერლანდური ცხოვრების შესახებ გადაღებულ ვიდეოში, რომელიც საინფორმაციო მასალის ნაწილია. აღნიშნულის ყიდვა სავალდებულოა გამოცდების ჩასაბარებლად მიგრანტთა გარკვეული ნაწილისთვის, ვიდრე ვიზაზე განაცხადს შეავსებენ. ერთ-ერთი ოფიციალური პირი ჰოლანდიიდან პირად საუბრებში წუხდა, რომ მთლიანი ჰოლანდიური კულტურა დავიდა გეი უფლებებზე. სინამდვილეში, ეს ასე არ არის. ნეონაციონალისტები დიდად იყენებენ გეი უფლებებს, რათა განასხვაონ ეროვნული იდენტობის ცნება არაეროვნულისგან.
საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგი
საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგი რადიკალიზმს პირდაპირ და არაპირდაპირ უკავშირდება. პირდაპირი კავშირი ეხება უსაფრთხოების საკითხებს, არაპირდაპირი კი – სხვა მოკავშირე მთავრობებთან (მათ შორის არაბულთან) ურთიერთობას. ეს ერთმანეთისგან განსხვავებულ დღის წესრიგს აყალიბებს, ვინაიდან არაბული რეჟიმები თავიანთი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ოპოზიციურ ძალებს არასამართლიანად უწოდებენ “რადიკალურს” და ამით დასავლეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მხარდაჭერასაც ინარჩუნებენ. რადგანაც ნებისმიერ არაბულ ქვეყანაში ერთადერთი მნიშვნელოვანი ოპოზიცია ისლამურია, არაბული რეჟიმები ტერმინი “რადიკალურის”, რამდენადაც შესაძლებელია, განვრცობას ესწრაფვიან. სწორედ ამიტომ ეგვიპტის “მუსლიმთა საძმო” ხშირად რადიკალურ დაჯგუფებად განიხილება, მიუხედავად იმისა, რომ 50 წელზე მეტია არანაირი სახის ძალადობა არ ჩაუდენიათ და მონაწილეობას იღებენ არჩევნებში.
საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის პოლიტიკური დონე ოფიციალურისგან დიდად არ განსხვავდება.
ისლამური დღის წესრიგი
ოფიციალურ, პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ დღის წესრიგთან ერთად არსებობს სხვა სახის, კერძო დღის წესრიგიც, რომელიც ბუნდოვანებას კიდევ უფრო ამძაფრებს. ისლამურ დაჯგუფებებს თავიანთი დღის წესრიგი აქვთ. რადგანაც ზომიერი ჯგუფების დაფინანსება შესაძლებელია, ისლამური დაჯგუფებებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ზომიერად, მათი მოწინააღმდეგენი კი – რადიკალურად აღიქმებოდნენ. ცხადია, დაჯგუფების გადაკეთებაზე იოლი განმარტების გადაკეთებაა. მაშინაც კი, როდესაც საქმე დაფინანსებას არ ეხება, ჯგუფები მოწინააღმდეგეთა გაშავებას ცდილობენ. მაგალითად, ამერიკელი სუფი – ჰიშამ კაბანი – სახელმწიფო დეპარტამენტისადმი 1999 წელს გაგზავნილ წერილში მთავრობას აფრთხილებდა, რომ ამერიკული მეჩეთების 80% ექსტრემისტებმა დაიკავეს. ასეთი გაფრთხილება კაბანის დღის წესრიგსა და მის თეოლოგიურ ბრძოლას აღწერს, რომელიც გვიანი მე-18 საუკუნიდან მიმდინარეობს თაქლიდებსა და მათ მოწინააღმდეგეებს, ასევე, სუფიზმის მიმდევრებსა და მათ მოწინააღმდეგეებს შორის. უნდა აღინიშნოს, რომ ამ უკანასკნელთა რიცხვი მე-20 საუკუნიდან მნიშვნელოვნად მრავლდება. თეოლოგიური მიზეზების გამო თაქლიდისა და სუფიზმის ძირითად მოწინააღმდეგეს ჯიჰადისტები წარმოადგენენ. თუმცა თაქლიდისა და სუფიზმის ყველა მოწინააღმდეგე ჯიჰადისტი არაა – მაგალითისთვის, საუდის არაბეთის მიერ დაფინანსებული რელიგიური დაჯგუფება. კაბანის მსგავსი მუსლიმები ხანდახან ცდილობენ, რომ საკუთარ დღის წესრიგს მხარი სხვის რადიკალად გამოცხადებით დაუჭირონ. შესაძლოა მართალია, რომ 1999 წელს ამერიკული მეჩეთების 80% თაქლიდისა და სუფიზმის წინააღმდეგი იყო, თუმცა ის ნამდვილად ვერ იქნება მართალი, რომ აღნიშნული 80% რაიმე აზრით ექსტრემისტი გახლდათ.
თანხმობა და უთანხმოება დღის წესრიგებს შორის
უსაფრთხოების, გაერთიანებისა და საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგი ზოგჯერ ემთხვევა ერთმანეთს, მაგალითად მაშინ, როდესაც საქმე მუსლიმების საზოგადოებაში წარმატებით გაერთიანებას ეხება, ვინაიდან ეს ისლამური ტერორიზმის მხარდაჭერას გარკვეულწილად ამცირებს. უსაფრთხოების, გაერთიანებისა და საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგი, ცხადია, ერთმანეთისგან განსხვავდება კიდეც. ისლამური ჯგუფები დანიაში, შვედეთსა და ნიდერლანდებში აცხადებენ, რომ ჰომოსექსუალობა ცოდვაა. აღნიშნული ქვეყნების გაერთიანების დღის წესრიგის მიხედვით, ეს ჯგუფები რადიკალურნი არიან, თუმცა არ წარმოადგენენ პრობლემას უსაფრთხოების თვალსაზრისით. სინამდვილეში, უსაფრთხოების კუთხით ასეთი ჯგუფები შესაძლოა საჭიროც კი იყვნენ, მაგალითად, ინფორმაციის მოსაპოვებლად იმ დაჯგუფებებზე, რომლებიც მართლა ქმნიან საფრთხეს. შედეგად, უსაფრთხოებისა და გაერთიანების დღის წესრიგი არა მხოლოდ განსხვავდება, არამედ უპირისპირდება ერთმანეთს.
სირთულეები, რომლებიც ასეთ დაპირისპირებას ახლავს, ნათლად გამოიკვეთა გაერთიანებულ სამეფოში “კონტესტ” (CONTEST) პროგრამის დაფინანსებაზე დავისას. ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის (Policy Exchange-ის) მოხსენება, სახელად – “როგორ ავირჩიოთ ჩვენი მეგობრები გონივრულად: ნიშნები მუსლიმ ჯგუფებთან დაახლოებისთვის”, მსჯელობს, რომ ბრიტანული მთავრობა რადიკალიზმთან ბრძოლისას სინამდვილეში აღვივებს მას. ჩარლზ ბარი, მაშინდელი უსაფრთხოებისა და ტერორიზმთან ბრძოლის დირექტორი შინაგან საქმეთა სამინისტროში, აცხადებს, რომ: “მთავრობას არასოდეს გამოუყენებია ექსტრემისტები მოძალადე ექსტრემისტების საპირისპიროდ”, თუმცა ასეთი პოლიტიკა ნამდვილად იქნებოდა თავდაცვითი; უსაფრთხოების თვალსაზრისით გონივრულიც კი. ფარი აცხადებს, რომ “კონტესტ” (CONTEST) პროგრამა მხარს უჭერდა ჯგუფებს, რომლებიც იცავდნენ ისეთ ღირებულებებს, როგორებიცაა: “სიტყვის თავისუფლება, თანასწორი შესაძლებლობის ქონა, სხვების პატივისცემა”. ასეთი ფასეულობები გაერთიანების დღის წესრიგის კუთხით უფრო ყურადსაღებია, ვიდრე უსაფრთხოების შემთხვევაში. არათანაბარი შესაძლებლობი უსაფრთხოების დღის წესრიგის პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს. უფრო მეტიც, მუსლიმი ჯგუფი, რომელიც, მაგალითად, მხარს უჭერს ჰომოსექსუალიზმს, აუცილებლად შევიწროვდება იმ გარემოში, სადაც უსაფრთხოების პრობლემის წარმოქმნა ყველაზე მოსალოდნელია. გამოდის, რომ საზოგადოებრივმა და გაერთიანების დღის წესრიგმა “რადიკალად” შერაცხა ჯგუფი, რომელიც უსაფრთხოების თვალსაზრისით პრობლემას არ წარმოადგენს, და უსაფრთხოების დასაცავად ფინანსები გამოყო ჯგუფებისთვის, რომლებიც გაერთიანების პრობლემის გადაწყვეტაში უფრო იღებენ მონაწილეობას, ვიდრე – უსაფრთხოებისაში.
ზუსტად ამავე აზრით, ჯგუფი ან პიროვნება, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს გაერთიანების თვალსაზრისით, შეიძლება სულაც არ იყოს პრობლემა უსაფრთხოების მხრივ და პირიქით. საყოველთაოდაა ცნობილი, რომ შიდა ტერორისტების დიდი ნაწილი საკმაოდ კარგად იყო შეგუებული ევროპულ ცხოვრების წესსა და საზოგადოებას. ისლამის მიმდევარი ტერორისტების არაპროპორციულ რაოდენობას კი ამ რელიგიაზე შემდგომ მოქცეული ადამიანები წარმოადგენენ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეთნიკურად ევროპელი, რომელიც ისლამზე მოექცა და შემდეგ ტერორისტი გახდა, სინამდვილეში არასოდეს იყო თავისი საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, ყოველ შემთხვევაში, ის ასე არ გრძნობდა. ასეთი ადამიანები გაერთიანების დღის წესრიგის საზრუნავს არ წარმოადგენენ.
საგარეო პოლიტიკისა და შიდა უსაფრთხოების საკითხებიც შეიძლება ურთიერთშეპირისპირებული აღმოჩნდეს. ლენე კუჰლემ და ლას ლინდეკილდემ აღმოაჩინეს, რომ ქალაქ ორჰუსში მათ მიერ გამოკითხულთაგან თითქმის ყველა დანიელი მუსლიმი მეტ-ნაკლებად მხარს უჭერდა ერთ ისეთ უცხოურ ორგანიზაციას (მაგალითად, ჰამასს), რომელიც დანიის უსაფრთხოების სამსახურის მიერ არაპირდაპირ საფრთხედ მიიჩნეოდა. არცერთი ასეთი ორგანიზაცია დანიის შიდა უსაფრთხოებისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა და გამოკითხულთაგან ყველამ, გარდა ერთისა, გამიჯნა ტერორისტული დაჯგუფების მხარდაჭერა და დანიაში ძალადობის გამოყენება, რაც დაგმეს. მაშასადამე, საგარეო უსაფრთხოების დღის წესრიგის მიხედვით, დანიის სიდიდით მეორე ქალაქში თითქმის მთლიანად მუსლიმი მოსახლეობა რადიკალია, მაშინ, როდესაც, უსაფრთხოების მიხედვით, მათგან მხოლოდ ერთი შეიძლება მოვიხსენიოთ ასე.
საჯარო, პოლიტიკურ, უსაფრთხოების, გაერთიანებისა და საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგს შორის არსებობს უთანხმოება იმის თაობაზე, თუ რომელი უნდა ჩავთვალოთ საფრთხედ აზროვნებასა და მოქმედებას შორის; ასევე, უნდა მივიჩნიოთ თუ არა საფრთხედ არაძალადობრივი რადიკალიზმი. ამ უკანასკნელში გამოხატული აზროვნება გაერთიანების დღის წესრიგის საკითხია, მაშინ, როდესაც ძალადობაში გამოხატული მოქმედება უსაფრთხოების პრობლემას წარმოადგენს. თუმცა აზროვნება, რომელიც არაძალადობრივ რადიკალიზმში ვლინდება, შეიძლება ტერორიზმის მხარდამჭერების შესახებ გვამცნობდეს; შესაბამისად, ყურადღების მიპყრობად ნამდვილად ღირს.
სხვადასხვა დღის წესრიგის დაპირისპირების პრობლემა აისახა გაერთიანების საკითხებზე მომუშავე ბრიტანეთის კომისიის 2007 წლის მითითებაში, რომლის მიხედვითაც: “პოლიტიკური ექსტრემიზმი გაერთიანების საკითხებისგან დამოუკიდებლად უნდა განიხილებოდეს”. აღნიშნული შენიშვნა ჰეიზელ ბლეარმა, მაშინდელმა ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანმა ადგილობრივ საკითხებში, უარყო იმის გამო, რომ განსხვავებული დღის წესრიგები მხარს უჭერენ ერთმანეთს, რადგანაც ძალადობრივი ექსტრემიზმი ამცირებს გაერთიანების შესაძლებლობას და “გაერთიანებულ საზოგადოებაში ექსტრემისტული განცხადებები მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს”. განსხვავებული დღის წესრიგები შეიძლება ერთმანეთთან გადაიკვეთოს, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ ისინი ერთმანეთს შეუპირისპირდნენ. როდესაც გაერთიანება თავში მოიცავს ნეონაციონალისტურ კულტურულ დღის წესრიგს, საზოგადოების ნებისმიერი გაერთიანების მცდელობამ, პირიქით, შესაძლოა გაზარდოს რადიკალური განცხადებების მიმართ მხარდაჭერა.
ბლეარის პასუხი კომისიის მითითებაზე სავსებით ბუნებრივი და ლოგიკურია, რადგანაც მისი მიღება შეეიწინააღმდეგებოდა მისივე სამინისტროს პოლიტიკას, რომელიც გაერთიანებისა და რადიკალიზაციასთან ბრძოლის საკითხებზე ერთობლივად მუშაობდა.
დასკვნა
მიუხედავად ცნობადობისა, ტერმინი “რადიკალიზმი” ბუნდოვანია. მისი გამოყენება ტერორიზმთან დაკავშირებით ბოლო დროს დაიწყო და, როგორც პიტერ ნოიმანმა აღნიშნა, შეგვაძლებინა ტერორიზმის გამომწვევ მიზეზებზე ისე გვესაუბრა, რომ ეს უდანაშაულო მოქალაქეთა მკვლელობის გამართლებას არ მიმსგავსებოდა.
რამდენჯერმე სცადეს, რომ ტერმინი “რადიკალიზმი” აბსოლუტური გაგებით განემარტათ. ერთი მხრივ, ფილოსოფიურად, ანუ მიმდინარე მოვლენების გაანალიზების გარეშე, და, მეორე მხრივ, მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით. ამგვარი განმარტებების შედარება ცხადყოფს, რომ ვერ თანხმდებიან, თუ რა კავშირია რადიკალიზმსა და ძალადობას, აზროვნებასა და მოქმედებას შორის. უფრო მარტივია რადიკალიზმი მისი შედარებითი გაგებით განვმარტოთ, ანუ დავინახოთ ის, როგორც ერთგვარი დამოკიდებულება მოსაზრების სპექტრზე, თუმცა აქაც ორი პრობლემა იჩენს თავს: არსებობს თუ არა ასეთი სპექტრი საერთოდ და სად ივლება მასზე ზღვარი ზომიერსა და რადიკალურს შორის.
ერთმანეთთან თანმხვედრი უსაფრთხოების, გაერთიანებისა და საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგები, როემლთაც კერძო (მაგალითად, ისლამური ორგანიზაციები) დღის წესრიგებიც ერთვის, ზღვრებს სხვადასხვაგვარად ხშირად სხვადასხვა სპექტრზე ავლებენ. უსაფრთხოების დღის წესრიგი ერთმანეთისგან განასხვავებს ზომიერსა და რადიკალურს. უფრო ზუსტად, რადიკალურად მიიჩნევა პირი, რომელიც პირდაპირ საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას; ტერმინის ამ აზრით გამოყენება მაკკოლისა და მოსკალენკოს მსჯელობას ემთხვევა და უპირისპირდება ტერმინ “აქტივიზმს”. გაერთიანების დღის წესრიგი უშუალოდ მოქალაქეებზე, ნეონაციონალისტების მიერ გამოწვეულ კულტურულ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას – ეს ის თემებია, რომლებსაც მოსკალენკო და მაკკოლი “აქტივიზმს” უწოდებენ, და არა “რადიკალიზმს”. უკიდურეს შემთხვევებში აღნიშნული დღის წესრიგი მოიცავს იმასაც, რასაც გიტენს მაზერი “აპათიას” უწოდებს, რომელიც რადიკალურად აღიქმება, რადგანაც არყევს მოქალაქის ცნებას. დანიურ პრესაში (მაგრამ არა ოფიციალურ დოკუმენტებში) გამოითქვა აზრი, რომ დანიური კულტურა არ უკავშირდება რელიგიას და სწორედ ამიტომ მუსლიმ თემებში რელიგიურობის შემცირება მათი დანიურ საზოგადოებაში გაერთიანებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ამ თვალსაზრისით, ისლამური რელიგიის აღიარება და დაცვა უკვე შეგვიძლია აღვიქვათ რადიკალურად. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგს, ის სხვა სახელმწიფოების დღის წესრიგს იყენებს საზღვრის გასავლებად, რაც ტერმინ “რადიკალურს” ახალ, ისეთ მნიშვნელობებს სძენს, რომლებსაც უსაფრთხოების ანდაც გაერთიანების დღის წესრიგი არ ფარავს.
დღის წესრიგთა ასეთი თანაკვეთა და ტერმინის მრავალფეროვნება იწვევს დაბნეულობას იმის შესახებ, თუ სად და რომელ სპექტრზე უნდა გავავლოთ ზღვარი “ზომიერსა” და “რადიკალურს” შორის. ევროპელი პოლიტიკოსები პირად საუბრებში განმარტავენ, რომ ასეთი დაბნეულობა გამოსადეგიც კია, რადგანაც ორად გახლეჩილი პოლიტიკური გარემოს შექმნას უწყობს ხელს. არცერთი პოლიტიკოსი, მიუხედავად მისი შეხედულებისა ისლამზე, გაერთიანებაზე, მიგრაციასა და კულტურაზე, არ უჭერს მხარს რადიკალიზაციის გაღრმავებას. ანალიტიკური თვალსაზრისით, აღნიშნული ბუნდოვანება არასასურველია. ტერმინი “ზომიერის” განსამარტად საზოგადოებრივ და პოლიტიკურ დონეზე საერთო ნიადაგის პოვნა ნიშნავს ტერმინის შინაარსის დავიწროებას, რაც, თავის მხრივ, აფართოებს ტერმინ “რადიკალურის” მნიშვნელობას, შესაბამისად, საფრთხის აღქმასაც დასავლურ საზოგადოებაში. არსებობს საშიშროება, რომ საფრთხე მართლა გაიზარდოს. ჯგუფი, რომელიც მიჩნეულია რადიკალურად და გარიყულია საზოგადოებიდან ანდაც პოლიტიკიდან, შესაძლოა მართლაც გადაიქცეს რადიკალურად, რადგანაც ნორმალური გარემოებებიდან ჩამოშორება გიბიძგებს შეცვლისკენ. ბუნდოვანების კიდევ ერთი ცუდი შედეგი გახლავთ ის, რომ მოქმედებები, რომლებიც უსაფრთხოების თვალსაზრისით პრობლემად არ აღიქმება, სხვა სამთავრობო უწყებების მიერ შეიძლება დახასიათდეს, როგორც საფრთხე. ეს საზიანო იქნება სამოქალაქო თავისუფლებებისთვისაც.
ზემოთ ხსენებულის გათვალისწინებით, მკვლევრებისთვის მოცემულობიდან საუკეთესო გამოსავალი არის ტერმინ “რადიკალურის” ან “რადიკალიზაციის” აბსოლუტური მნიშვნელობით გამოყენებაზე უარის თქმა, იმის დაზუსტება, თუ რა სპექტრზე მსჯელობენ და განსაზღვრა, დაახლოებით რა აღიქმება ზომიერად აღნიშნულ სპექტრზე. მკვლევრებს ასევე უნდა ესმოდეთ, რომ დასავლეთ ევროპაში გაერთიანების დღის წესრიგი ხანდახან ძალიან პოლიტიზებულია; მათ უნდა იცოდნენ, თუ რა გავლენა აქვს ასეთ დღის წესრიგს რადიკალიზმის განმარტებაზე და მუსლიმ თემებზე.
რაც შეეხება პოლიტიკას, ყველა უწყებაში უნდა იყოს გაანალიზებული, რომ “რადიკალიზმსა” და “რადიკალიზაციას” სხვადასხვა, ხშირად ერთმანეთთან დაპირისპირებული მნიშვნელობები მიესადაგება განსხვავებული დღის წესრიგის მიხედვით. ზემოთ ხსენებული რჩევა მკვლევრებს დაეხმარება ამ განსხვავებების ამოცნობასა და დღის წესრიგებს შორის არსებული უთანხმოების მოგვარებაში.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. See for example David R. Mandel, ‘‘Radicalization: What does it mean?’’ In Indigenous Terrorism: Understanding and Addressing the Root Causes of Radicalization Among Groups With an Immigrant Heritage in Europe, T. Pick & A. Speckhard, eds. (Amsterdam: IOS Press, forthcoming), Jonathan Githens-Mazer, ‘‘Causal Processes, Radicalisation and Bad Policy: The Importance of Case Studies of Radical Violent Takfiri Jihadism for Establishing Logical Causality’’ (unpublished paper presented at the American Political Science Association Annual Meeting, Toronto, 6 September, 2009), and Lene Kuhle and Lasse Lindekilde, ‘‘Radicalization among Young Muslims in Aarhus’’ (Aarhus: Centre for Studies in Islamism and Radicalisation, January 2010, www.ps.au.dk/fileadmin/site_files/filer_statskundskab/subsites/cir/radicalization_aarhus_FINAL.pdf)
2.These comments are based on a limited review of articles from the 1990s containing the term.
3. Peter R. Neumann, Introduction to Perspectives on Radicalisation and Political Violence: Papers from the First International Conference on Radicalisation and Political Violence, London 17–18 January 2008 (London: International Center for the Study of Radicalisation and Political Violence, 2008), 4.
4. Or rather an ‘‘individual … ‘without a cause.’ ’’ Kuhle and Lindekilde, ‘‘Radicalization among Young Muslims in Aarhus’’ (see note 1 above), 27.
5. Matthew Herbert, ‘‘The Plasticity of the Islamic Activist: Notes from Counterterrorism Literature,’’ Studies in Conflict & Terrorism 32 (2009), 392.
6. ‘‘Radical, adj. and n.,’’ Oxford English Dictionary, September 2009.
7. Herbert, ‘‘Plasticity of the Islamic Activist,’’ 389–900.
8. Jose´ Ortega y Gasset, ‘‘El ocaso de las revoluciones’’ (1923), 2, pazfuerzayalegria.net / IMG=pdf_D8_el_ocaso_de_las_revoluciones.pdf
9. Octavio Paz, The Labyrinth of Solitude (New York: Grove Press, 1978), 21–22.
10. Egon Bittner, ‘‘Radicalism and the Organization of Radical Movements,’’ American Sociological Review 28 (1963), 932.
11. Hannah Arendt, The Origins of Totalitarianism (New York: Harcourt, Brace, 1951).
12. Sophia Moskalenko and Clark McCauley, ‘‘Measuring Political Mobilization: The Distinction Between Activism and Radicalism,’’ Terrorism and Political Violence 21 (2009), 240.
13. Githens-Mazer, ‘‘Causal Processes, Radicalisation and Bad Policy’’ (see note 1 above).
14. Kuhle and Lindekilde, ‘‘Radicalization among Young Muslims in Aarhus’’ (see note 1 above), 69, 73–74.
15. See Kuhle and Lindekilde, ‘‘Radicalization among Young Muslims in Aarhus’’ (see note 1 above), 23–25, Mandel, ‘‘Radicalization: What does it mean?’’ (see note 1 above), and D. Elaine Pressman, ‘‘Exploring the Sources of Radicalization and Violent Radicalization: Some Transatlantic Perspectives,’’ Journal of Security Issues 2, no. 1 (2008).
16. House Resolution 1955 of the 110th Congress, ‘‘Violent Radicalization and Homegrown Terrorism Prevention Act of 2007,’’ section 899A (2), www.govtrack.us/congress/ billtext.xpd?bill=h110-1955, accessed November 6, 2009.
17. RCMP Alternative Analysis Unit, internal communication (2007), quoted in Pressman, ‘‘Exploring the Sources of Radicalization’’ (see note 15 above), 2. See also Mandel, ‘‘Radicalization: What does it mean?’’ (see note 1 above).
18. AIVD (Netherlands General Intelligence and Security Service), The Radical Dawa in Transition: The Rise of Islamic Neoradicalism in the Netherlands (The Hague: AIVD, 2007), 10, www.aivd.nl/contents/pages/90126/theradicaldawaintransition.pdf
19. United Kingdom, Home Office, ‘‘Preventing Violent Extremism: A Strategy for Delivery’’ (May 2008), 5.
20. United States Department of Justice, Office of the Inspector General, ‘‘A Review of the Federal Bureau of Prisons Selection of Muslim Religious Services Providers’’ (April, 2004), 6, n. 6, www.usdoj.gov/oig/special/0404/final.pdf
21. Denmark, Ministry of Refugee, Immigration and Integration Affairs, ‘‘En fælles og tryg fremtid. Handlingsplan om forebyggelse af ekstremistiske holdninger og radikalisering blandt unge’’ (2009), 7, www.nyidanmark.dk/NR/rdonlyres/A797F73E-33E0-431A-9224-EE8BC39C932B/0/en_faelles_fremtid.pdf
22. AIVD, Radical Dawa in Transition (see note 18 above), 10.
23. Denmark, Ministry of Refugee, Immigration and Integration Affairs, ‘‘En fælles og tryg fremtid’’ (see note 21 above), 7–8.
24. HR 1955.
25. RCMP, internal communication, quoted in Pressman, ‘‘Exploring the Sources of Radicalization’’ (see note 15 above), 2.
26. This observation is based on private discussions with a number of European government officials.
27. Pressman, ‘‘Exploring the Sources of Radicalization’’ (see note 15 above), 18–19.
28. If this were not the case, one would probably be dealing with criminality or insanity, not terrorism.
29. ‘‘Integration,’’ Oxford English Dictionary, 2nd edition, 1989.
30. A concern with avoiding polarization between Muslim and majority communities is also, it has been argued by some European officials in private, one good reason for using the term ‘‘radicalization’’: it allows public discussion of the problem of violent Islamism without using the words ‘‘Islam’’ or ‘‘Muslim.’’ This may be true, but it may also simply establish the idea that ‘‘Muslim’’ and ‘‘radical’’ are synonymous.
31. Marcus Banks and Andre´ Gingrich, ‘‘Neo-nationalism in Europe and Beyond,’’ in Neo-nationalism in Europe and Beyond: Perspectives from Social Anthropology, Gingrich and Banks, eds. (Oxford: Berghahn, 2006), 2–3.
32. ‘‘Endelig opgørelse af folketingsvalget den 13. September 2007,’’ valg.ism.dk=valg= folketingsvalg=Documents=Med-endelige-res.pdf
33. Michael Steen, ‘‘Far Right Seeks to Benefit from Dutch Election in June,’’ Financial Times, February 24, 2010, www.ft.com/cms/s/0/d0f13ca2-20e4-11df-b920-00144feab49a. html
34. Mehmet Akozbek et al., ‘‘Datgene wat ons bindt: gemeenschappelijke integratieagenda van rijk en gemeenten’’ (January 2009), 2, www.vrom.nl/pagina.html?id= 2706&sp=2&dn=w1090
35. ‘‘Arguably’’ because the Netherlands position of Minister without Portfolio for Migration and Integration, established in 2002, was a development of the position of State Secretary for Migration, established in 1989.
36. Denmark, Ministeriet for Flygtninge, Indvandrere og Integration, ‘‘Oversigt over regeringens integrationspolitik,’’ www.nyidanmark.dk/da-dk/ministeren/regeringens_ integrationspolitik, Accessed November 22, 2009.
37. Sweden, Integrations-och jamstalldhetsdepartementet, ‘‘For egenmakt – mot diskri-minering,’’ www.regeringen.se/sb/d/8324/a/103538, accessed November 22, 2009.
38. France, Ministère de l’immigration, de l’intégration, de l’identité nationale et du développement solidaire, ‘‘Missions et rôle,’’ www.immigration.gouv.fr/spip.php?page=dossiers_them_org&numrubrique=311, accessed November 22, 2009.
39. ‘‘Sverige for nyanlanda: Varden, valfardsstat, vardagsliv’’ (Stockholm: Government Office, 2010), 20, www.regeringen.se/content/1/c6/14/07/76/f7d489d6.pdf
40. An edited version is available for use in jurisdictions where possession of the unedited version of the video might constitute a criminal offense (‘‘The Film ‘Coming to the Netherlands,’’’ Netherlands Ministry of Justice, www.naarnederland.nl/documentenservice/ pagina.asp?pagkey=53774, accessed March 12, 2010).
41. These comments are based especially on observation of the policies and statements of the Egyptian government.
42. An excellent article is Mona El-Ghobashy, ‘‘The Metamorphosis of the Egyptian Muslim Brothers,’’ International Journal of Middle East Studies 37 (2005), 373–395.
43. Muhammad Hisham Kabbani, ‘‘Islamic Extremism: A Viable Threat to U.S. National Security,’’ address at an Open Forum at the U.S. Department of State, January 7, 1999, members.fortunecity.com=amirm=Extremism.html
44. There are also supporters of taqlid who condemn Sufism, and supporters of Sufism who condemn taqlid, but these are not major categories.
45. Shiraz Maher and Martyn Frampton, Choosing Our Friends Wisely: Criteria for Engagement with Muslim Groups (London: Policy Exchange, 2009), 5.
46. Charles Farr, letter to Dean Goodson, June 23, 2009, 1, www.policyexchange.org.uk/images/publications/pdfs/Dean_Godson_letter_Choosing_our_Friends_Wisely_23- 06-09.pdf
47. Farr to Goodson (see note 46 above), 2.
48. Kuhle and Lindekilde, ‘‘Radicalization among Young Muslims in Aarhus’’ (see note 1 above), 47.
49. Kuhle and Lindekilde, ‘‘Radicalization among Young Muslims in Aarhus’’ (see note 1 above), 58.
50. United Kingdom, Commission on Integration and Cohesion, ‘‘Our Shared Future,’’ final report of the commission (Wetherby: Communities and Local Government Publications, 2007), 15.
51. United Kingdom, Department for Communities and Local Government, ‘‘The Government’s Response to the Commission on Integration and Cohesion’’ (Wetherby: Communities and Local Government Publications, 2008), 11.
52. At least one bishop of the Danish National Church has objected to this conception in a newspaper column, pointing out that she was both Danish and religious (Elisabeth Dons Christensen, ‘‘Frygten for religion har Fanden skabt,’’ Jyllands-Posten, 21 February 2010, A 22).
53. I have never seen this position expressed in an official document or in print—where the normal practices of Islam are simply described as an obstacle to integration rather than as actually radical—but have heard such practices described as ‘‘radical’’ in conversation.
54. It is, after all, a standard strategic objective of counter-terrorism and counter-insurgency to bring groups within the political process.