ავტორი: ნუცა სეხნიაშვილი
რედაქტორი: ბექა იობიძე
კორექტორი: თაკო ინასარიძე
მცირე წინასიტყვა
1952 წელს, 29 აგვისტოს, დევიდ ტიუდორმა პირველად შეასრულა მავერიკის საკონცერტო დარბაზში ჯონ ქეიჯის „4’33“, ე.წ. ჩუმი კომპოზიცია. ტიუდორი სამ აქტად დაყოფილი 4 წუთისა და 33 წამის განმავლობაში საკრავთან იჯდა ჩუმად, ფურცელს თუ გადაშლიდა, აქტებს შორის საკრავს თავს ახდიდა და უმალვე დააფარებდა. დარბაზში მხოლოდ მსმენელთა შრაშუნი, ჩახველება, „იმედგაცრუება ისმოდა“. ამ ნაწარმოებით ჯონ ქეიჯი ბევრი რამის დამტკიცებას ეცადა, მათ შორის იმისას, რომ სრული სიჩუმე არ არსებობს, თუმცა უფრო საინტერესო დანასკვი ის იყო, რომ, რასაც სიჩუმეს ვუწოდებთ, თავადაა ხმა, რამეთუ მას აზრს ვძენთ. ჯონ ქეიჯის ნაწარმოების შეფასებას, რა თქმა უნდა, არ დავიწყებ. მაგალითი მხოლოდ იმისთვის მოვიყვანე, რომ მეორე დებულებისთვის გამესვა ხაზი და რამდენადაც ის ჭეშმარიტია, იმდენად შეგვიძლია აფრიკული გამოთქმა – „დუმილიც საუბრის ფორმაა“ („Silence is also a speech“) – ჭეშმარიტებად მივიღოთ. მაშასადამე, სტატიაში განვიხილავ დუმილის არსს, სახეებს, კულტურულ და საზოგადოებრივ მნიშვნელობებს.
დუმილი
დუმილი პირველადი მდგომარეობა, აუცილებელი სტრუქტურა და ფონია, რომელიც საუბარს აზრს ანიჭებს. დუმილი და მეტყველება ერთმანეთს განსაზღვრავს და ავსებს. მდუმარება იღებს მნიშვნელობას სიტყვიერ და არასიტყვიერ ნიშნებთან მიმართებით. ენის გაგებისთვის საჭიროა მასთან დაკავშირებული სიჩუმის აღქმა და გააზრება. ამასთან, დუმილი ზოგ შემთხვევაში, თანმხლები ბუნდოვანების პირობებში, ხელს უწყობს აზრის განვრცობასა და მოცემულობის თავისებურ ახსნას.
დუმილი შეიძლება იყოს როგორც ინდივიდუალური, ისე ერთობლივი ქმედება. ინდივიდუალური დუმილი, თუ ადამიანი მისით კმაყოფილდება, გამოხატავს სიმშვიდესა და გონების მიზანმიმართულ მდგომარეობას. როდესაც ორი ადამიანი დუმს და უხერხულობას არ გრძნობს, თანაგანცდის ან უსიტყვო თანხმობის მანიშნებელია. ხოლო როდესაც ჯგუფი დუმს, ადამიანები ამ გზით ერთობლივად გამოხატავენ რაღაც დამოკიდებულებას, მაგალითად, კეთილგანწყობას ან უკმაყოფილებას. სხვადასხვა საზოგადოება დუმილს განსხვავებულად აღიქვამს, მათ შორის იმიტომაც, რომ რომელიმე გაერთიანება შეიძლება დუმილს ისეთივე კავშირის იარაღად მიიჩნევდეს, როგორადაც მეორე საზოგადოება ენას მიიჩნევს.
ზოგადად, დუმილს ადამიანები მნიშვნელობას იმ წინასწარი დასკვნის საფუძველზე ანიჭებენ, რომ ფიქრი უწყვეტია. შესაბამისად, არსებობს მოსაზრებაც, რომ „წმინდა“ სიჩუმე არარსებულია, რადგან მისთვის მნიშვნელობის მიმნიჭებელი მოქმედი პირი რომც არ არსებობდეს, ობიექტს მუდამ აქვს მონოლოგი თავის გონებაში; მაშასადამე, სიჩუმე სიმბოლური რამაა, რომლის თავისებურად ახსნა-განმარტება ყოველთვის შეიძლება. იმასაც უნდა გავუსვათ ხაზი, რომ გარე სამყაროსთან ურთიერთობა მუდმივია, რადგან ადამიანის დუმილს, მისი ნებისგან დამოუკიდებლად, მუდამ ენიჭება ხოლმე მნიშვნელობა, რომელზეც გავლენას ახდენს ადამიანის ხასიათი, წარსული გამოცდილება, გარემოება, საზოგადოებრივ-კულტურული თავისებურებები.
ურთიერთობის მხრივ გამოყოფენ დიდი და მცირე კონტექსტის კულტურებს. დიდი კონტექსტის კულტურაა, რომელიც სათქმელს ჟესტების, სივრცეებისა თუ დუმილის საშუალებით გადასცემს. ხოლო მცირე კონტექსტის კულტურებს ისეთი საზოგადოებები მიეკუთვნება, რომლებშიც სიტყვიერი გზავნილია ყოვლისმთქმელი. ამ მხრივ კი გამოკვეთენ ხოლმე დასავლურ და აღმოსავლურ კულტურებს.
დუმილი დასავლურ საზოგადოებებში – ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი მკვიდრების მაგალითები
საზოგადოებრივ-კულტურული მიზეზებით გამოწვეულმა დუმილმა შესაძლოა ურთიერთობის კულტურული სტრუქტურები იმაზე უკეთ განმარტოს, ვიდრე თქმულმა სიტყვამ, რადგან ურთიერთობის ეთნოგრაფია მხოლოდ ამ უკანასკნელით არ უნდა შემოიფარგლებოდეს; ის იმასაც უნდა ითვალისწინებდეს, რა პირობებში ირჩევენ საზოგადოების წევრები სიტყვიერი გამოხატვისგან თავის შეკავებას.
სწორედ ამის მიხედვით რომ განვიხილოთ დასავლური კულტურა,- რობერტ ოლივერის დაკვირვებით, დასავლურ საზოგადოებებში დუმილი უხერხულობად მიიჩნევა; დასავლურ კულტურებში, რამდენიმე სუბკულტურის გამოკლებით, აღმოსავლეთის კულტურებთან შედარებით ნაკლებად აღიქვამენ დუმილის მრავალგვარ მნიშვნელობას. ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგალითად, დუმილი ძირითადად იმას მიანიშნებს, რომ საუბარი ვერ შედგა, ადამიანებს არაფერი აქვთ სათქმელი ერთურთისთვის, უხერხულ თემას შეეხნენ ან ვერ ახერხებენ თავი მოუყარონ აზრებს სიტყვებით. ამ მხრივ, ეს რწმენა უკავშირდება ჯორჯ შტაინერის თეორიას დუმილის შესახებ კულტურათა განვითარებასთან მიმართებით. ის ამბობს, რომ მეჩვიდმეტე საუკუნემდე, სანამ სამეცნიერო რევოლუცია მოხდებოდა, რისი გადმოცემაც ენას შეეძლო, შეესაბამებოდა გარე სამყაროში არსებულ სინამდვილეს. თუმცა მეჩვიდმეტე საუკუნიდან განვითარების აჩქარებამ გაასწრო სიტყვიერი გადმოცემის საზღვრებს და ახალი მნიშვნელობები უკვე არასიტყვიერ მეცნიერებებს მიეკუთვნა, მაგალითად, მათემატიკას, სიმბოლურ ლოგიკას, სახვით ხელოვნებასა და მსგავს დისციპლინებს, დუმილის გაზრდის ხარჯზე.
ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიჩნევა, რომ სიტყვით გადმოცემა თვითგამოხატვის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა, მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობის 70% არასიტყვიერია. მსგავს დამოკიდებულებასთანაა დაკავშირებული მედია ინდუსტრიის განვითარება და გამოთქმა – „დრო ფულია“, რადგან რადიოსა და ტელევიზორში გაწელილი სიჩუმე ითვლებოდა როგორც დროის კარგვად, ისე ფინანსურ ზიანად. თუმცა, მაინც არის გარემოებები, როდესაც დუმილი საზოგადოებრივი ნორმაა, მაგალითად, წუთიერი დუმილით გაიხსენებენ და პატივს სცემენ ხოლმე მნიშვნელოვან ადამიანებსა თუ მოვლენებს; ან ძალაუფლების მქონე ადამიანის შემოსვლისას ოთახში მყოფნი დადუმდებიან პატივისცემისა თუ საზოგადოებრივ იერარქიაში მათი ადგილის აღიარების ნიშნად. მაშასადამე, ასეთი შემთხვევები დაკავშირებულია ავტორიტეტსა და დოგმებთან.
საზოგადოებრივ-კულტურული გადმოსახედიდან, დუმილი დაკავშირებულია თაყვანისცემასთან, პატივისცემასთან, საკრალურისა და ბიწიერის ცნებებთან, უარყოფასა და კერპებთან. ქრისტიანული წესრიგი დოგმის, ნორმების, რწმენის, უმაღლესი ავტორიტეტისა თუ მასთან დაკავშირებული პირების მეშვეობით ადამიანს დუმილისკენ უბიძგებს. რელიგიური დოგმა რიტუალსა და ცერემონიებში კი აგებულია ამ დუმილის, როგორც თაყვანისცემის გამოხატვის, მართვაზე ან განმეორებადი შეძახილებით (წირვითა თუ გალობით) მის უარყოფაზე. სწორედ დუმილი შეიძლება იყოს ის, რაც დოგმის საწინააღმდეგოს თქმის საშუალებას არ იძლევა და, პირიქით, არსებულ დოგმებს ამყარებს. მაგალითად, პურიტანულ ამერიკაში ეკლესიისა და სახელმწიფო ავტორიტეტის საწინააღმდეგო მოსაზრებას დადუმების გეგმა მოჰყვებოდა ხოლმე.
ზემოთ მოყვანილი დებულებები ეხებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ძირითად მოსახლეობას, რომლისგანაც დამოკიდებულების მხრივ უკიდურესად განსხვავდება, მაგალითად, დასავლეთ აპაჩისა და ნავახოს ტომის მოსახლეობა. აპაჩის მკვიდრებისთვის დუმილი საზოგადოებრივი მნიშვნელობისაა და მას ძირითადად მაშინ მიმართავენ, როდესაც კავშირები ბუნდოვანია: მაგალითად, თუ ადამიანები ერთურთს პირისპირ პირველად შეხვდებიან, რამდენად გადაჯაჭვულიც არ უნდა იყვნენ ისინი სხვადასხვა კავშირით, ერთმანეთს არ დაელაპარაკებიან. შუამავლის ჩარევა არასაჭიროდ, ხოლო პირველივე შეხვედრაზე საუბარი საეჭვო საქციელად ითვლება. ახალგაცნობილებმა თვითონ, ბუნებრივად, დროის სვლასთან ერთად უნდა დაიწყონ საუბარი, როდესაც საჭიროდ ჩათვლიან.
დუმილი მისაღებია დასავლეთ აპაჩის მოსახლეობაში მაშინაც, როდესაც წყვილები პირველად ეცნობიან ერთმანეთს და, აღსანიშნავია, რომ მსგავსი ვითარებაა ნავახოს ტომშიც. წყვილები შესაძლოა საათების განმავლობაში ისხდნენ ან იდგნენ ერთმანეთისთვის ხმის გაუცემლად, რადგან ისინი ჯერ უცხო არიან. გამოლაპარაკებას, ამ შემთხვევაშიც, საზოგადოება არასახარბიელოდ აფასებს, რადგან დუმილი მოკრძალების ნიშანია. მეტიც, დასავლეთ აპაჩის ქალები უკიდურეს შემთხვევაში თვლიან, რომ საუბრის ადრე დაწყება სქესობრივი ურთიერთობის დამყარების სურვილადაც კი შეიძლება აღიქმებოდეს. მხოლოდ გაცნობიდან რამდენიმე თვის შემდეგაა მიღებული დუმილის დარღვევა.
დუმილი მშვიდობის შესანარჩუნებელი და დაპირისპირების ასარიდებელი საშუალებაა, – ტომის რომელიმე წევრის მიერ ბრაზის გამოვლენის შემთხვევაშიც ჩვეულია დუმილი. ნავახოს მკვიდრი მოსახლეობა მიიჩნევს, რომ მსგავს ვითარებაში ადამიანი დროებით საკუთარი თავი არაა და, შესაბამისად, საკუთარ ქცევაზეც არაა პასუხისმგებელი. მსგავსი რწმენაა აპაჩის მოსახლეობაშიც, – როდესაც ადამიანი გაბრაზებულია ან სიმთვრალის გამო საკუთარ ქცევას გონებით ვერ მართავს, დანარჩენები ერიდებიან მის კიდევ უფრო გაბრაზებას და დუმილს ინარჩუნებენ.
დუმილი აღმოსავლურ საზოგადოებებში – ჩინეთისა და იაპონიის მაგალითები
აღმოსავლურ ცივილიზაციებში დუმილი დაფასებულია, როგორც ოლივერი ამბობს. ის ამის ერთ-ერთ მიზეზად ასახელებს დასავლურ და აღმოსავლურ ტრადიციებს შორის განსხვავებას აზრის ჩამოყალიბებაში. მისი თქმით, თუ დასავლეთში ინდივიდუალიზმი წახალისებულია, აღმოსავლეთში დამოკიდებულების შექმნა, უპირველესად, ასაკით უფროსი, სწავლული ან ავტორიტეტის მქონე ადამიანის მოვალეობაა. ეს კი იმას საზღვრავს, ვინ რა შემთხვევაში ლაპარაკობს. ამასთან, მიიჩნევენ რა, რომ სიტყვიერი გამოთქმა დაკავშირებულია აზრთან, ქმედებასა და შედეგებთან, აზრი სიტყვიერად მხოლოდ მან უნდა გამოთქვას, ვისაც ძალუძს როგორც შესაბამისად მოქმედება, ისე შედეგებთან გამკლავება.
იაპონელი და ჩინელი საზოგადოებები დიდი კონტექსტის კულტურებია. ჩინურ კულტურაში ინფორმაციის გადაცემა მეტწილად ადგილის, მეტყველების თავისებურების, მოსაუბრის ვინაობის, დროის შესაბამის გააზრებაზეა დამოკიდებული. დუმილი, შესაბამისად, შეიძლება უკეთესად გადასცემდეს შეტყობინებას ზოგ შემთხვევაში, ვიდრე სიტყვები – ის, ვინც იცის, არ საუბრობს; ის, ვინც საუბრობს, არ იცის – ამბობს ჩინური გამოთქმა. ამასთან, დუმილი იერარქიის გამომხატველიცაა: მაგალითად, ოჯახში უფროსი თაობის წარმომადგენელს მეტის თქმის უფლება აქვს; დიალოგისას უმცროსი მოვალეა არ გააწყვეტინოს უფროსს საუბარი.
იაპონიას რაც შეეხება, განვიხილავ დუმილის აღქმის რიგ განზომილებებს, კერძოდ, მის კავშირს სიმართლესთან, საზოგადოებრივ კეთილგონიერებასთან, ურთიერთობებსა და დაუმორჩილებლობასთან.
იაპონიაში ისტორიულად დუმილი უკავშირდება სიმართლეს. ეს იდეა ძენ-ბუდიზმიდან მომდინარეობს და, უფრო ზუსტად, იმას გულისხმობს, რომ ჭეშმარიტება და განმანათლებლობა მასზე საუბრით არ მიიღწევა, შესაბამისად, დუმილია წახალისებული. ამასთან, იაპონურ გამოთქმებში ხშირად იჩენს თავს დუმილისკენ მოწოდებები, რადგან გამოთქმული სიტყვა არასანდოდ ითვლება. მეტიც, მსგავსად განსჯიან პოლიტიკოსებსაც, – მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსკენ იაპონიაში სიტყვიერი ურთიერთობის კულტურამ ფეხი ამ დარგშიც ვერ მოიკიდა და, როდესაც დასავლურ საზოგადოებებში პოლიტიკოსის ორატორობას აფასებენ, იაპონიაში მაინც დუმილია ღირებული. ჭეშმარიტება უკავშირდება ადამიანის შინაგან და გარეგან განზომილებებს. აქედან, გარეგანი განზომილება მოიცავს ადამიანის სხეულსა და მის სიტყვიერ გამოხატვას, ხოლო შინაგანი სამყარო, რომელიც სიმართლესთანაა დაკავშირებული, მოიცავს დუმილს. თუმცა, რადგან შინაგანი სამყარო გასაფრთხილებელია და დამალული უნდა იყოს გარეშე თვალისგან შეძლებისდაგვარად, სიტყვიერი გამოხატულება მაინც მიღებულია.
დუმილი მიიჩნევა საზოგადოებრივ წყობაში ადგილის გაუმჯობესების საშუალებადაც. ბრაუნმა და ლევისონმა 1978 წელს შეიმუშავეს თავაზიანობის თეორია, რომელიც ადამიანის საზოგადოებრივ „სახეს“ ორ ნაწილად ყოფდა: ცუდ სახედ, რომელიც გულისხმობდა ნებისამებრ მოქცევას, და კარგ სახედ, რომელიც სხვების მოსაწონ ქცევას მოიაზრებდა. შესაბამისად, არსებობს ისეთი ქმედებებიც, რომლებიც სახეს დააზიანებს და მათ შორისაა სიტყვიერი გამოხატვაც, რადგან ყოველთვის არსებობს საფრთხე, მოსაუბრესთან შეცდომის დაშვების. შესაბამისად, საზოგადოებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალებაა დუმილი, რასაც თავაზიანობა მოიაზრებს, სხვების კეთილგანწყობის შენარჩუნებასა თუ მოპოვებას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ დუმილი კერძო ურთიერთობების საზომადაც გამოიყენება. იაპონურ კულტურაში დუმილი მეტწილად კაცს უკავშირდება, – ჩვეულებრივ, მოსალოდნელია ხოლმე ქმრებისგან, რომ დუმილით ცოლებისგან განკერძოვდნენ. მეორე მხრივ, დუმილი სიახლოვის საზომიცაა, – იაპონური რწმენით, ცოლი და ქმარი ერთი არსებაა, შესაბამისად, მათ შორის დუმილით გამოხატული აზრი ამ ერთიანობისა და ერთგვარი ტელეპათიური კავშირის სიმბოლოა. თუმცა დუმილით გამოხატული სიახლოვე არ შემოიფარგლება მხოლოდ ცოლქმრული, სასიყვარულო ურთიერთობებით, ის მისაღებია მეგობრულ და საქმიან ურთიერთობებშიც.
ურთიერთობაში, კარგი თვისებების გარდა, საუბრისგან თავის შეკავება შეიძლება უკმაყოფილების გამომხატველიც იყოს. დუმილი, რომელიც დაუმორჩილებლობას გამოხატავს, უმეტეს შემთხვევაში, თან დაირთავს ხოლმე ჟესტებს, სახის გამომეტყველების ცვლილებას ან ხანგრძლივ თვალის გასწორებას. რადგან დუმილს მრავალი ახსნა შეიძლება ჰქონდეს, მნიშვნელოვანია მისი სწორი განმარტება: მაგალითად, სასწავლო სივრცეში მასწავლებლისთვის პასუხის არგაცემა შეიძლება როგორც მის მიმართ დაუმორჩილებლობის, ისე პატივისცემის გამომხატველი ან „სახის“ დასაცავი ქმედება იყოს.
ბოლოსიტყვა
დუმილის ყველა ფორმა ერთნაირია, შესაბამისად, მისი გაგება დამოკიდებულია ადამიანების აღქმაზე, ადგილსა და დროზე. გავრცელებული დამოკიდებულება ლაპარაკისგან თავის შეკავების შესახებ შეიძლება მეტყველებდეს საზოგადოების როგორც იერარქიულ, ისე ეკონომიკურ წყობასა თუ კულტურულ მემკვიდრეობაზე. დუმილის განსხვავებულად აღქმა დაბრკოლება შეიძლება იყოს სხვადასხვა კულტურის ადამიანების ურთიერთობისას, რამეთუ ერთნაირად გამოხატულ ამ ქცევას შესაძლოა სრულიად განსხვავებული მნიშვნელობები მიანიჭონ. მდუმარებისთვის ხაზგასმა კი არაფრით აკნინებს აზრის სიტყვიერად გადმოცემის გზას. როგორც უკვე აღვნიშნე, დუმილი და საუბარი განუყრელი ქმედებებია; ერთის უგულებელყოფა მეორის არასწორ აღქმას იწვევს ხოლმე. სათქმელის ბოლომდე ჩაწვდომა თუ გვსურს, საჭიროა არა მხოლოდ იმას ვუგდოთ ყური, რაც სიტყვით გამოიხატება, არამედ ისიც გავითვალისწინოთ, დუმილი რას შეიძლება ნიშნავდეს.
გამოყენებული ლიტერატურა
Bao, Dat. “Silence seen through different lenses”, Journal of Silence Studies in Education, vol.1, no.1, (ნოემებრი 2021).
Basso, Keith H., “”To Give up on Words”: Silence in Western Apache Culture”, Southwestern Journal of Anthropology, vol. 26, No.3, (1970).
Bruneau, Thomas J., “Communicative Silences: Forms and Functions”, The Journal of Communication vol. 23, (მარტი 1937), 17-46.
Johannesen, Richard L., “The functions of silence: A plea for communication research”, Western Speech, 38:1, (1974), 25-35.
Jones, Sally. “Speech is Silver, Silence is Golden: The Cultural Importance of Silence in Japan”, The ANU Undergraduate Research Journal.
Oliver, Robert T., Communication and culture in ancient India and China, New York: Syracuse University Press, 1971.
Ross, Alex. “Searching for Silence”, The New Yorker, 27 Sep. 2010, https://www.newyorker.com/magazine/2010/10/04/searching-for-silence
St. Clair, Robert N., “The Social and Cultural Construction of Silence”, University of Louisville.
Yuan, Yuan Quan. „Analysis of Silence in Intercultural Communication“, International Conference on Economy, Management and Education Technology (ICEMET 2015)