კორექტორი: ნინო კაჭარავა
მდევარი, 2026
წინათქმა
თითქმის ოთხი საუკუნის განმავლობაში დასავლურ ფილოსოფიურ ტრადიციაში უთქმელი, საზიარო შეთანხმება არსებობდა მატერიის ბუნების შესახებ. განმანათლებლობის საწყისებიდან და, კერძოდ, რენე დეკარტის „განაზრებანის“ კვალდაკვალ, ფიზიკური სამყაროს ონტოლოგიური სტატუსი მეტწილად განსაზღვრული იყო, როგორც Res Extensa – განფენილი სუბსტანცია. ამ მექანისტურ ხედვაში მატერია გააზრებულია, როგორც პასიური, გეომეტრიული და სრულად აქტუალური (actual); ეს არის „ნივთიერება“, რომელიც იკავებს სივრცეს, ფლობს განსაზღვრულ განზომილებებს (x,y,z) და ურთიერთქმედებს შეხებით. ეს „კორპუსკულური“ მეტაფიზიკა წარმატებით დაესაფუძვლა ნიუტონის კლასიკურ ფიზიკას და, სავარაუდოდ, დასაბამი მისცა მეცნიერულ ეპოქას. თუმცა მექანისტური მსოფლმხედველობის ბატონობა ერთიანად მოშალა არა ახალმა ფილოსოფიურმა იდეამ, არამედ, ასე უბრალოდ, სამყაროს უკეთესი ხელსაწყოებით გაზომვამ, უშალოდ ფიზიკის მკაცრმა მოთხოვნებმა.
მე-20 საუკუნეში ველის კვანტური თეორიის (QFT) გამოჩენამ გამოააშკარავა სუბატომური სინამდვილე, რომელიც არსებითად უპირისპირდება სუბსტანციის დეკარტისეულ განსაზღვრებას. ფუნდამენტურ დონეზე, ბუნება არ შედგება პატარა, მყარი, განცალკევებული კორპუსკულებისგან, რომლებიც ყოველთვის ფლობენ განსაზღვრულ ადგილმდებარეობასა და იმპულსს. სინამდვილეში, ფიზიკური სამყარო ეფუძნება ველებს (დინამიკურ, სითხის მსგავსი მახასიათებლების მქონე, ვაკუუმში განფენად მოცემულობას), ხოლო ნაწილაკები მხოლოდ და მხოლოდ ველის გარდამავალი ენერგეტიკული მდგომარეობა გახლავთ; მარტივად, ელექტრონი არ არის პატარა ბურთულა, ესაა ელექტრული ველის ერთი კვანტური მდგომარეობა. ველთა ქცევა, რომელიც სუპერპოზიციითა და ალბათობით ხასიათდება, ეწინააღმდეგება კლასიკური მექანიციზმის მახასიათებელ „ყოფიერებისა“ და „არარას“ ორსახა კატეგორიებს. როცა სუპერპოზიციაში მყოფი ელექტრონი არც სრულად „აქაა“ და არც სრულად „იქ“, არამედ არსებობს ალბათური წონის მდგომარეობაში, იგი გამორიცხავს განფენილი სუბსტანციის განსაზღვრებას. ის ფლობს სინამდვილის ისეთ მდგომარეობას, რომელიც მართლა რეალურია, თუმცა არა სრულად აქტუალური.
წინამდებარე ნაშრომში უსაფუძვლო სითამამით განვიხილავ ფუნდამენტურ ონტოლოგიურ აპორიას: გაბატონებულ თანამედროვე მეტაფიზიკას (დეკარტისეული მექანიციზმი) არ გააჩნია კატეგორიული ინსტრუმენტები თანამედროვე ფიზიკის (ველის კვანტური თეორია) აღსაწერად. ჩვენ ხელებში გვრჩება სამყაროს ისეთი აღწერა, რომელიც მათემატიკურად ზუსტია, მაგრამ ონტოლოგიურად შეუფასებელი. ამ პრობლემის გადასაჭრელად, ვეპოტინები რა ყოვლად ამოგლეჯილ ურბანულ გამონათქვამს (რომელიც წინამდებარე ნაშრომის დაწერამდე ჩემთვის ნათელი, შეიძლება ითქვას, არც ყოფილა), ვამტკიცებ, რომ „ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია“. უფრო ზუსტად, ფილოსოფიაში კვანტური სამყაროს „ბუნდოვანება“ მხოლოდ იმ შემთხვევაშია გაუგებარი, თუ ჩვენ მაინცდამაინც წმინდა აქტუალობის მეტაფიზიკას ვაჯინდებით; თუკი ჰილემორფიზმის არისტოტელესეულ და თომისტურ გაგებას დავუბრუნდებით, კერძოდ, პოტენციისა და პირველადი მატერიის (Materia Prima) ცნებებს, კვანტური ანომალიები გამართულ, გასაგებ ონტოლოგიურ სტრუქტურაში მოექცევა.
ჩემი თეზისი არ გულისხმობს, რომ ფიზიკა ემპირიულად ადასტურებს ანტიკური მეტაფიზიკის ჭეშმარიტებას, არამედ იმას, რომ არისტოტელესეული ჰილემორფიზმი გვთავაზობს უპირატეს კატეგორიულ ჩარჩოს თანამედროვე მეცნიერების განსჯისათვის. დეკარტისეული „განფენილი სუბსტანციის“ რღვევის საფუძველზე, სტატიაში ვაჩვენებ, რომ კვანტური ველი ასრულებს პირველადი მატერიის (Materia Prima) ონტოლოგიურ როლს, ხოლო მის მახასიათებელ მათემატიკურ სიმეტრიებს სუბსტანციური ფორმის (Forma Substantialis) ფუნქცია აკისრიათ. ამგვარად, „საგნების“ სტატიკური ონტოლოგიიდან ვინაცვლებთ „ქმნადობის“ დინამიკურ ონტოლოგიაში და ვვარაუდობთ, რომ ფიზიკური სამყაროს ფუნდამენტური არქიტექტურა საუკეთესოდ გაიგება, როგორც პოტენციის აქტში განუწყვეტელი გადასვლა. მოკლედ, ვსაუბრობთ ჭეშმარიტების თვალსაზრისით უპირატეს, კვანტურ ონტოლოგიაზე.
პოტენციის ონტოლოგია
თანამედროვე მექანისტური მსოფლმხედველობის ნაკლოვანებათა აღმოსაჩენად, პირველ რიგში, უნდა აღვადგინოთ ის მეტაფიზიკური არქიტექტურა, რომელიც მან თავის დროზე ჩაანაცვლა. დეკარტისეული შეცდომის არსი შემდეგია – „აქტში-ყოფნასა“ და „პოტენციაში-ყოფნას“ შორის განსხვავების უგულებელყოფა. კლასიკურ ტრადიციაში სინამდვილე არასოდეს შემოისაზღვრებოდა მხოლოდ იმით, რაც სრულად აქტუალიზებული და მოცემულია; პირიქით, კოსმოსი გაგებული იყო, როგორც დინამიკური ურთიერთქმედება ყოფნის უნარსა და ამ უნარის აღსრულებას შორის. ეს განსხვავება არისტოტელესეულ და თომისტურ ონტოლოგიაში მხოლოდ ენობრივი არ ყოფილა; იყო არსებობის შემომწერელი.
„მეტაფიზიკაში“ არისტოტელე არღვევს პარმენიდესეულ დაშვებას, რომ „ის, რაც არ არის“, უბრალოდ არაფერია. მას შემოაქვს dynamis (პოტენციურობა), როგორც ყოფიერების ნამდვილი მდგომარეობა. პოტენციურობა არ არის უბრალო, ისეთი ლოგიკური მონაცემი, როგორიც, მაგალითად, მფრინავი ცხენის არსებობის შესაძლებლობაა ჩვენს წარმოსახვაში; ესაა ნამდვილი, სუბსტანციის თანდაყოლილი უნარი, გახდეს რაღაც სხვა. რკოსა და მუხის მაგალითი ამას ნათლად წარმოაჩენს: რკო არ არის მუხა, თუმცა ის არც არარაა მუხასთან მიმართებით; ფლობს მუხად ყოფნის კონკრეტულ, მიმართულ პოტენციალს (dynamis). არისტოტელესთვის საგნის გაგება ნიშნავს არა მხოლოდ მისი მყისიერი მდგომარეობის (energeia ან entelecheia) წვდომას, არამედ მისი ფარული შესაძლებლობების სარბიელის გააზრებასაც. შესაბამისად, სინამდვილე „ამფიბიურია“, – ბინადრობს იმ წყლებში, რაც არის, და ასევე იმ ხმელეთზე, რაც შეიძლება იყოს.
ეს ცნება თავის ყველაზე ველურ აბსტრაქციას თომა აკვინელთან აღწევს. ნაშრომში “De ente et essentia” („ყოფიერებისა და არსის შესახებ“) აკვინელი ავითარებს არისტოტელესეულ ჰილემორფულ თეორიას, – მოძღვრებას, რომლის თანახმადაც ყველა ფიზიკური სუბსტანცია მატერიისა (hyle) და ფორმის (morphe) ერთობაა. აკვინელი გვაფიქრებს „მატერიაზე“ არა როგორც ცხად, ჩვეულებრიობაში მოცემულ, ხელშესახებ მასალაზე, არამედ როგორც პირველადზე (materia prima). ესაა რთული, ნატიფი ნააზრევი თანამედროვე გონებისათვის. პირველადი მატერია არის წმინდა პოტენციალი; ესაა სუბსტანციური ცვლილების აბსოლუტური საგანი. აკვინელი ამტკიცებს, რომ თუ ობიექტს ჩამოვაცილებთ ყველა თავისებურ მახასიათებელს, მოვაშორებთ ფორმას, ფერს, ზომას, უშუალოდ ბუნებასაც კი, სიცარიელე კი არ დაგვრჩება, არამედ „ფორმის მიღების წმინდა უნარი“.
ხაზგასასმელია materia prima-ს (პირველადი მატერიის) „ონტოლოგიური სიღარიბე“. როგორც აკვინელი აღნიშნავს, მას არ გააჩნია საკუთარი „რაობა“ (quidditas) ან არსი; ის არ არის არც ცხადი „ეს“ და არც განსაზღვრული „ის“. იგი წმინდად მიმღეობითია (receptive). თომისტურ აღქმაში პირველადი მატერია არის განსაზღვრადობის პრინციპი, „წყურვილი ყოფნისა“, რომელიც არსებობაში გამოსავლენად, შესაკვრელად, სუბსტანციურ ფორმას საჭიროებს. ფორმის გარეშე მატერია ჩაუწვდომელი და ფაქტობრივად არარსებულია, თუმცა ის რჩება აუცილებელ პირობად ნებისმიერი ფიზიკური ცვლილებისათვის. რომ არ არსებობდეს პოტენციალის ფუძემდებლური სუბსტრატი, ზოგადად ცვლილება შეუძლებელი გამოვიდოდა, ეს იქნებოდა ანიჰილაციისა და ex nihilo ქმნის მაგიური აქტი. ამრიგად, წინარემოდერნული ონტოლოგისთვის ფიზიკური სამყარო ეფუძნება რაღაც შუამავალს, რომელიც ნამდვილია, მაგრამ არა აქტუალური; პოტენციალის შეუმჩნეველ ქვემდებარეს, რომელიც შედგომას ფორმისაგან ელის.
მატერიის „წმინდა პოტენციალად“, მკაცრად ფორმისადმი მიმღეობითობით განსაზღვრით ჰილემორფიზმი უშვებს სინამდვილეს, რომელიც არის სითხის მაგვარი, გარდამავალი და დაფუძნებული ქმნადობაში. ეს ქმნის კატეგორიას „იმისთვის, რაც ჯერ არ არის საგანი, მაგრამ არის საგნობის უნარი“. როგორც დავინახავთ, სწორედ „ნამდვილი პოტენციის“ ეს კატეგორია ამოიკვეთა მე-17 საუკუნის მექანისტურმა ფილოსოფიამ (რამაც, ასე ვთქვათ, ონტოლოგიურ უხერხულობაში ჩაგვაყენა, როდესაც აღმოჩნდა, რომ კვანტური სამყარო სწორედ ასეთი სუბსტრატისგან შედგება, მაგრამ ეს მოგვიანებით).
ანტიკური ფილოსოფიური აზრი ეჭვიანობაში საშუალოდ წარმატებულმა რენე დეკარტმა ამოატრიალა. „განაზრებანი პირველი ფილოსოფიის შესახებ“ აკვინელისეული მატერიის ბუნდოვანი ბუნების გაქარწყლებას ისახავდა მიზნად. თუ სქოლასტიკოსები ფიზიკურ სამყაროს ხედავდნენ, როგორც ფორმისა და იდუმალი პოტენციის შეუღლებას, დეკარტმა იგი გეომეტრიის ცივი, ცალსახა სახით წარმოგვიდინა, უეჭველობის ძიებაში ონტოლოგიური რედუქცია წამოიწყო და თანამედროვე ეპოქაც განსაზღვრა,- მატერიალური სუბსტანცია განფენილობამდე დაიყვანა.
თქმული გარდატეხა ცხადად აღბეჭდილია „განაზრება მეორეში“, „სანთლის ნაჭრის“ არგუმენტის ჩამოყალიბებისას. დეკარტი განიხილავს ფიჭას (სანთელს): მას ჯერ კიდევ არ დაუკარგავს თაფლის სიტკბო, ყვავილების სურნელი, განსაზღვრული ფერი, ფორმა და ზომა; შეხებისას ის მაგარი და ცივია. ცეცხლთან მიტანისას ეს გრძნობადი თვისებები ქრება,- გემო უჩინარდება, სურნელი ორთქლდება, ფერი იცვლება, ფორმა იშლება და ზომა იზრდება. ყველაფრის მიუხედავად, უნდა ვაღიაროთ, რომ „სანთელი“ რჩება. დეკარტი კითხულობს: რა არის ეს ცვილი, თუ არა გრძნობადი მონაცემები, რომლებიც ჩვენ ახლახან ჩამოვაცილეთ? მისი დასკვნა რადიკალურია: ცვილი არაფერია, თუ არა სხეული, „რომელიც ამაზე წინ მეჩვენებოდა მე ამ ფორმებით და რომელიც ამჟამად იგრძნობა სხვა ფორმებით“. როდესაც სხეულს ჩამოვაცილებთ მის გრძნობად მახასიათებლებს, ვლინდება, რომ მისი არსი სხვა არაფერია, თუ არა რაღაც განფენილი, მოქნილი და ცვალებადი,- „რჩება მხოლოდ რაღაც ვრცეული საგანი, რომელიც შეიძლება მოვქნათ და ავამოძრაოთ“.
აქაა Res Extensa-ს გენეზისი. დეკარტისთვის მატერიის არსი უბრალოდ სივრცული განფენილობაა,- სიგრძე, სიგანე და სიღრმე. იყო მატერიალური, ნიშნავს იკავებდე სივრცეს, ხოლო სივრცის დაკავება ნიშნავს იყო სრულად, გეომეტრიულად მოცემული. ამით დეკარტმა ფაქტობრივად განდევნა პოტენციის „აჩრდილი“ სამყაროსეული მექანიზმიდან. განსხვავებით არისტოტელესეული მატერიისგან, რომელიც განისაზღვრება იმით, რაც შეიძლება იყოს (მისი მიმართული უნარი ფორმისკენ), დეკარტისეული მატერია მთლიანად განისაზღვრება იმით, რაც ის არის (მისი სივრცული განზომილებები). დეკარტისეულ კოორდინატთა სისტემაში არ არსებობს „ყოფიერების წყურვილი“; არსებობს მხოლოდ სტატიკური არსებობა. მატერია ხდება ინერტული, პასიური და მეყსეულ მომენტში სრულად განსაზღვრული (determinate).
მატერიის განფენილობასთან გათანადებით, დეკარტმა გააუქმა „შუალედურის“ ონტოლოგიური კატეგორია,- მდგომარეობა ყოფიერებასა და არყოფიერებას (non-being) შორის. დეკარტისეულ სამყაროში საგანი ან არსებობს (იკავებს კოორდინატებს x,y,z), ან – არა. არ არის ადგილი სინამდვილისთვის, რომელიც არის „ბუნდოვანი“, „ალბათური“ ან „პოტენციური“. Dynamis-ის ცნება დაყვანილ იქნა მენტალურ აბსტრაქციამდე, რაც განიხილებოდა, როგორც ადამიანური ცოდნის ნაკლი, და არა – როგორც თავად სამყაროს თვისება. ბუნების ამგვარმა მექანიზაციამ შექმნა სრულყოფილი მეტაფიზიკური საფუძველი კლასიკური მექანიკის, ანუ ნიუტონის ფიზიკისთვის, რომელიც სამყაროს განიხილავს, როგორც დისკრეტული ნაწილების სრულფასოვან, საათისებრ მექანიზმს, სადაც ურთიერთქმედება მოძრაობის გამოისობით ხდება. ესაა დიდი ფილოსოფიური ხაფანგი. მატერიის, როგორც სრულად აქტუალური განფენილობის, განსაზღვრით დეკარტმა ჩამოაყალიბა მოუქნელი ონტოლოგია, რომელიც საბოლოოდ უბრალოდ დაიმსხვრა, როდესაც მე-20 საუკუნის სუბატომურ სინამდვილეს შეხვდა. მან მოგვცა მატერიის ინტუიციური განსაზღვრება, მაგრამ, როგორც კვანტურმა მექანიკამ მოგვიანებით გამოავლინა, უშუალოდ დამზერადი, ინტუიციურად „ცხადი“ მოცემულობა ჭეშმარიტებას არ ნიშნავს.
კვანტური გამოწვევა Res Extensa-ს
მატერიის სივრცულ განფენილობასთან (Res Extensa) გაიგივებამ კლასიკურ ფიზიკას ცნებისმიერი, ცხადი საფუძველი ჩაუყარა. თუ მატერია არსებითად არის „ის, რაც იკავებს სივრცეს“, მაშინ სამყარო შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც განცალკევებული, ადგილმიჩენილი კორპუსკულების (სუბსტანციის მდგენელების) გრანდიოზული ერთობლიობა, რომლებიც შეხებით, ზედაპირზე მოდებული ძალის გამოისობით ურთიერთქმედებენ. საუკუნეების განმავლობაში ეს „კორპუსკულური ფილოსოფია“ სავსებით საკმარისი და თანაც, ცხადი ჩანდა. თუმცა მე-20 საუკუნის დასაწყისში აღმოჩნდა, რომ კლასიკური მექანიკა (ნიუტონის ფიზიკა) კერძო შემთხვევაა,- მუშაობს მხოლოდ მაკროსამყაროში, მიკროსამყაროში გამოუსადეგარია, ჩვეული კავშირები არ დაიმზირება, შედეგები არასწორია. კვანტური მექანიკის საწყისებმა და შემდეგ ველის კვანტური თეორიის (QFT) ჩამოყალიბებამ გამოავლინა სუბატომური ონტოლოგია, რომელიც მკვეთრად უპირისპირდება მარტივი განფენილობის კატეგორიას. თურმე, ბუნების ფუნდამენტური მდგენელები არ ფლობენ იმ სტატიკურ, გეომეტრიულ თვისებებს, რომლებიც დეკარტმა „ცვილის ნაჭერს“ მიაწერა.
ხსენებული ონტოლოგიური კრიზისის საფუძველი სუპერპოზიციის მოვლენაა. კლასიკურ დეკარტისეულ ხედვაში, მატერიალური სხეული, განსაზღვრების თანახმად, ნებისმიერ მომენტში უნდა ფლობდეს სივრცულ კოორდინატებს (determinate). ნაწილაკი ან A წერტილშია, ან B წერტილში; შეუძლებელია ის იყოს მათ შორის „განფენილი“ ისე, რომ არ დაკარგოს განცალკევებული არსის სტატუსი. მიუხედავად ამისა, კვანტური მექანიკის მათემატიკური ფორმალიზმი სისტემის მდგომარეობას აღწერს არა ფიქსირებული კოორდინატებით, არამედ ტალღური ფუნქციით (Ψ). ეს ტალღური ფუნქცია ფიზიკური ობიექტის ფორმის პირდაპირი აღწერა არაა; ესაა კომპლექსური მნიშვნელობის მქონე ალბათობის ამპლიტუდა, რომელიც დროში ცვალებადია.
გადამწყვეტია ის, რომ, რაც უნდა უცნაურად ისმოდეს, გაზომვამდე ან ურთიერთქმედებამდე კვანტური სისტემა არ ფლობს განსაზღვრულ მნიშვნელობას ისეთი თვისებებისთვის, როგორიცაა მდებარეობა ან იმპულსი. განვიხილოთ ელექტრონი მდგომარეობათა „სუპერპოზიციაში“. საქმე ის კი არ არის, რომ ჩვენ, როგორც დამკვირვებლებმა, უბრალოდ არ ვიცით ელექტრონის ადგილმდებარეობა (ეპისტემოლოგიური ზღვარი), არამედ ელექტრონი არ ფლობს ერთ, განსაზღვრულ ადგილმდებარეობას (ონტოლოგიური ფაქტი). ის არსებობს „ობიექტური განუზღვრელობის“ (objective indefiniteness) მდგომარეობაში. თუ ვინმე შეეცდებოდა Res Extensa-ს დეკარტისეული კატეგორიის ამ სინამდვილეზე რამენაირ მისადაგებას, მას უნდა ეთქვა, რომ ელექტრონი „განფენილია“ ალბათობის განაწილებაში, თუმცა დამზერისას ის არასოდეს ვლინდება. ამ რთული წინადადების ასახსნელად, ვახსენებ ასეთ მცენარეს, „მორცხვ მიმოზას“. როგორც წესი, თუკი არ ეკარები, ჩვეულებრივი მიმოზაა, მაგრამ თითის დადებისთანავე მისი ფოთლები იკეცება. შეიძლება სადავო შედარებაა, მაგრამ ელექტრონი ძალიან ჰგავს მორცხვ მიმოზას: როცა ანათვალს ვიღებთ, ანუ სისტემაზე ურთიერთვქმედებთ, ის ყოველთვის დაიმზირება, როგორც წერტილოვანი მოვლენა. ეს ქმნის პარადოქსს მექანისტისთვის: ელექტრონი იქცევა, როგორც ტალღა (განფენილი, ინტერფერენციის მქონე), როდესაც მას არ უყურებენ, და როგორც ნაწილაკი (ლოკალიზებული, დისკრეტული), როცა აკვირდებიან.
ეს ქცევა დეკარტისეული ხედვისთვის პირდაპირ ონტოლოგიური სკანდალია. თუ მატერიის არსი განფენილობაა, მაშინ სუპერპოზიციაში მყოფი ელექტრონი (რომელსაც არ აქვს ცხადი საზღვრები, არ გააჩნია ერთეული სიგრძე, სიგანე ან სიღრმე) ტექნიკურად მოკლებულია მატერიის არსს. ის არის „აჩრდილი“, რომელიც ეწინააღმდეგება არსებობის გეომეტრიულ მოთხოვნებს. სუბატომური სამყაროს „ცვილი“ არ არის ფიქსირებული გზით განფენილი; ის ალბათობების მერხევი ველია. ამრიგად, „განფენილობის“ კატეგორია სინამდვილეში ვლინდება არა როგორც ყოფიერების არსებითი საფუძველი, არამედ როგორც მეორადი, მეყსეული თვისება, რომელიც წარმოიშობა მხოლოდ მაშინ, როდესაც სისტემა იძულებულია იურთიერთქმედოს. დეკარტისეული ჩარჩო გვაიძულებს ავირჩიოთ: ან ელექტრონი არ არის ნამდვილი რამე, ან „განფენილობა“ რეალობის არასაკმარისი განსაზღვრებაა. ვინაიდან ელექტრონი თვალნათლივ ნამდვილია (აქვს კაუზალური ძალა და, შესაბამისად, ენერგია), უნდა დავასკვნათ, რომ Res Extensa-ს ონტოლოგია, ისევე როგორც ნიუტონის ფიზიკა, კერძო შემთხვევაა, არასრულია. ის აღწერს ნაწილაკის „აქტს“, მაგრამ სრულიად ბრმაა ტალღის „პოტენციის“ მიმართ.
მექანიციზმის ონტოლოგიური მარცხი კიდევ უფრო ცხადია, როდესაც ამ კვანტური არსების ურთიერთქმედებას განვიხილავთ. დეკარტისა და ფაქტობრივად მთელი ნიუტონისეული ტრადიციისთვის სამყარო იყო განცალკევებული, განფენილი სუბსტანციების „პლენუმი“ (plenum), რომლებიც ურთიერთქმედებდნენ მხოლოდ უშუალო, ადგილობრივი შემხებლობით,- საათის მექანიზმის მსგავსი სამყარო, სადაც კბილანა კბილანას ატრიალებს. ამ სქემაში სივრცული განცალკევება ონტოლოგიურ დამოუკიდებლობას უზრუნველყოფდა; თუ A ობიექტი x ადგილასაა, ხოლო B ობიექტი – y ადგილას, ისინი ორი განცალკევებული სუბსტანციაა და მათ შორის ნებისმიერმა ზეგავლენამ დროში უნდა გადაკვეთოს შუალედური სივრცე. თუმცა კვანტური გადაჯაჭვულობის (entanglement) ფენომენი (რაც ემპირიულად დადასტურდა ბელის უტოლობების დარღვევით) ანგრევს მთელ ამ ინტუიციას.
როდესაც ორი კვანტური სისტემა გადაჯაჭვული ხდება, ისინი ვეღარ აღიწერებიან, როგორც ორი ცალკეული „განფენილი საგანი“ დამოუკიდებელი თვისებებით. ისინი იქცევიან ერთ, ჰოლისტურ სისტემად, რომელიც აღიწერება საერთო ტალღური ფუნქციით, მიუხედავად იმ სივრცული მანძილისა, რომელიც მათ აცალკევებთ. სისტემის ერთ ნაწილზე ჩატარებული გაზომვა მომენტალურად თანხვედრაშია მეორის მდგომარეობასთან, რაც ეწინააღმდეგება დეკარტისეულ მოთხოვნას, რომ ქმედება გაშუალებული უნდა იყოს განფენილ ზედაპირებს შორის კონტაქტით. თუ ჩვენ ჩავებღაუჭებით Res Extensa-ს, პარადოქსის წინაშე აღმოვჩნდებით: როგორ შეუძლია სინათლის წლებით დაშორებულ ორ „საგანს“ იმოქმედონ, როგორც ერთმა „სუბსტანციამ“? განფენილობის დეკარტისეული კატეგორია, რომელიც მატერიას მისი საზღვრებითა და განცალკევებით განსაზღვრავს, უბრალოდ ვერ ხსნის სინამდვილეს, რომელიც ფუნდამენტურად განუცალკევებელია. „ნაწილები“ გაითქვიფა მიმართებით მთლიანობაში, რომელიც წინ უსწრებს მათ სივრცულ დამოუკიდებლობას.
უფრო მეტიც, ველის კვანტური თეორია სრულებით ანადგურებს „კორპუსკულას“ ცნებას,- მატერიის პატარა, მაგარ, ინდივიდუალურ მარცვალს. კლასიკურ მეტაფიზიკაში მატერიის თითოეულ ნაგლეჯს აქვს უნიკალური იდენტობა; თეორიულად შესაძლებელია კონკრეტული ატომის მონიშვნა და დროში მისი ტრაექტორიის მიკვლევა. თუმცა QFT-ში ერთი და იმავე ტიპის ელემენტარული ნაწილაკები (მაგ., ელექტრონები) ფუნდამენტურად განურჩევადია. ისინი არ ფლობენ ინდივიდუალურ იდენტობებს ისე, როგორც მაკროსკოპული ობიექტები; არ შეიძლება ითქვას, რომ „ეს ელექტრონი, აქ, განსხვავდება იმ ელექტრონისგან, იქ“ აბსოლუტური გაგებით, რადგან ისინი წარმოადგენენ ერთი და იმავე ფუძემდებლური უნივერსალური ველის აგზნებულ მდგომარეობებს. ისინი არ არიან განცალკევებული სუბსტანციები, არამედ „რხევები“ ერთ, უწყვეტ სუბსტრატში.
აქ მექანისტური მსოფლმხედველობა აწყდება დამანგრეველ აპორიას. ის მოითხოვს, რომ არსებობა იყოს ორსახა: საგანი ან არის (სრულად აქტუალური, განფენილი, განსაზღვრული), ან არ არის (არარა). მაგრამ კვანტური სამყარო გვთავაზობს არსებს (მოცემულობებს), რომლებიც ფიზიკურად ნამდვილია, მაგრამ ონტოლოგიურად განუსაზღვრელი; ისინი ფლობენ ენერგიასა და კაუზალურ ძალას, თუმცა არ გააჩნიათ მკაფიო საზღვრები და თანამედროვე გაგებით „აქტუალური საგნების“ განმსაზღვრელი უცვლელი თვისებები. ჩვენ ვუყურებთ ონტოლოგიურ ნაპრალს. განმანათლებლობის ლექსიკონი (სუბიექტი, ობიექტი, განფენილობა, ადგილმდებარეობა) არასაკმარისია, რათა მოიხელთოს ის სინამდვილე, რომელიც არსებობს, როგორც „ალბათობის ველი“. ელექტრონი გაზომვამდე არ არის აჩრდილი, არც ფიქციაა; ის რაღაც უფრო ღრმაა. ეს არის სინამდვილე, რომელიც „ჯერ არ“ არის საგანი, მაგრამ „მეტია, ვიდრე“ არარა. ამ ნაპრალის ამოსავსებად ჩვენ უნდა მივატოვოთ დეკარტის ონტოლოგია და დავუბრუნდეთ არისტოტელეს ონტოლოგიას. ჩვენ გვჭირდება კატეგორია „პოტენციაში-ყოფიერებისთვის“.
ველი, როგორც ჰილემორფული სუბსტანცია
თუ Res Extensa-ს უხეში, მოუქნელი გეომეტრია ვერ იტევს კვანტური სამყაროს ალბათურ და ადგილმიუჩენელ ბუნებას, ჩვენ უნდა ვეძიოთ ონტოლოგია, რომელიც ამას შეძლებს. გამოსავალი, რომელსაც მე ასე უბოდიშოდ გთავაზობთ, ველის კვანტურ თეორიასთან არისტოტელესეული ჰილემორფიზმის ფრთხილ მისადაგებაშია. როდესაც შევწყვეტთ სამყაროს ფუნდამენტური მდგენელების განხილვას, როგორც „საგნებისა“, და სანაცვლოდ განვიხილავთ მათ, როგორც „ყოფიერების მდგომარეობებს“, მსგავსება კვანტურ ველსა და მატერიის სქოლასტიკურ ცნებას შორის თვალშისაცემი ხდება. ველი არ არის „საგანი“ დეკარტისეული გაგებით, იგი არაა განცალკევებული, შემოსაზღვრული ობიექტი; უფრო მეტიც, ის იკავებს არისტოტელესეული სუბსტრატის ზუსტ ონტოლოგიურ როლს,- ესაა ფუძემდებლური სინამდვილე, რომელიც ნარჩუნდება ცვლილებისას და ფლობს ფორმის მიღების უნარს.
ამის გასაგებად, უნდა შევხედოთ, თუ როგორ განსაზღვრავს QFT ხელახლა „ნაწილაკს“. კლასიკურ ფიზიკაში ნაწილაკი პირველადი სინამდვილეა, ხოლო ველები – მხოლოდ ნაწილაკებისაგან წარმოქმნილი ძალისმიერი ეფექტები. QFT-ში ეს იერარქია ამოტრიალებულია: ველი ფუნდამენტური სინამდვილეა, ხოლო ნაწილაკი მხოლოდ წარმოებული მდგომარეობა (ამ ველის ლოკალიზებული „აგზნება“ ან „ვიბრაცია“). მაგალითად, ელექტრონული ველი განჭოლავს მთელ დროსა და სივრცეს. თავის ვაკუუმურ მდგომარეობაში ის არ შეიცავს ნაწილაკებს; ის ფიზიკურად მშვიდია. თუმცა, ის არ არის „არარა“. ის ფლობს სახასიათო სტრუქტურას, განსაზღვრული შესაძლებლობების ნაკრებს და თანდაყოლილ უნარს, მიმართოს (როგორც ნაკადი) ელექტრონები შესაბამისი ენერგიის მიწოდებისას.
ეს ფიზიკური აღწერა დახვეწილად ემთხვევა არისტოტელესეულ განსხვავებას Dynamis-სა (პოტენციასა) და Energeia-ს (აქტუალობას) შორის. კვანტური ველი თავის პირვანდელ მდგომარეობაში არ არის აქტუალური ნაწილაკების პლენუმი (plenum) და არც – სიცარიელე; ის ობიექტური პოტენციის „ავზია“. ესაა „მატერია“ იმ გაგებით, რომ წარმოადგენს რეალიზების მომლოდინე უნარს. ვერნერ ჰაიზენბერგმა, კვანტური მექანიკის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, ცხადად აღიარა ანტიკურ კატეგორიებთან მსგავსი კავშირი. თავის, ასე ვთქვათ, ფილოსოფიურ განაზრებებში ის ამტკიცებდა, რომ თანამედროვე ფიზიკის ელემენტარული ნაწილაკები არ არიან „ნამდვილნი“ იმავე გაგებით, როგორც ყოველდღიური ცხოვრების ობიექტები; პირიქით, ისინი ქმნიან potentia-ს. ტალღური ფუნქცია, რომელიც აღწერს სისტემის მდგომარეობას გაზომვამდე, ამ ტენდენციების მათემატიკური კატალოგია,- არისტოტელესეული dynamis-ის რაოდენობრივი საზომი.
თუმცა ზუსტი ჰილემორფული ანალიზისას საჭიროა ტერმინები ფრთხილად გამოვიყენოთ. მნიშვნელოვანია, რომ კვანტური ველის Materia Prima-სთან (პირველად მატერიასთან) ხელაღებით გაიგივება ზუსტი ვერ იქნება. აკვინელისთვის პირველადი მატერია წმინდა პოტენციაა, სრულად მოკლებული ფორმასა თუ განსაზღვრულობას. ელექტრონული ველი, საპირისპიროდ, მდიდარია განსაზღვრულობით; მას გააჩნია სახასიათო სპინი, მასა და მუხტი, რაც მათემატიკური კანონებითაა განსაზღვრული. შესაბამისად, ველი უფრო ზუსტად გაიგება, როგორც materia signata (ნიშანდებული მატერია). ესაა სუბსტრატი, რომელსაც ფიზიკის კანონებისგან უკვე დადგენილი სახასიათო ბუნება აქვს (მას შეუძლია წარმოქმნას ელექტრონები და არა კვარკები), თუმცა რჩება პოტენციის მდგომარეობაში ნებისმიერი კონკრეტული ნაწილაკის არსებობასთან მიმართებაში.
მაშასადამე, ველის ონტოლოგიური სტატუსი არის „პოტენციალის სინამდვილე“. ის არის მდგრადი სუბსტრატი, რომელიც საფუძვლად უდევს ნაწილაკების წარმოქმნასა და ანიჰილაციას. როდესაც ფიზიკოსი საუბრობს ელექტრონის „შექმნაზე“, ის არ გულისხმობს, რომ სუბსტანცია არაფრისგან წარმოიქმნება (creatio ex nihilo); მას ველი გადაჰყავს პოტენციის მდგომარეობიდან აქტის მდგომარეობაში. ველი არის ნაწილაკის მატერიალური მიზეზი. ეს ხსნის სუპერპოზიციის დეკარტისეულ პარადოქსს: სივრცეში „გადღაბნილი“ ელექტრონი ბუნდოვანი „საგანი“ კი არა, ველის პოტენციის გამოვლინებაა, რომელიც ბუნებრივადაა გავრცობილი, სანამ არ აქტუალიზდება ადგილმიჩენილ მოვლენად. კვანტური სამყაროს „ბუნდოვანება“ უბრალოდ პოტენციის ბუნდოვანებაა,- მატერია, რომელიც ფორმას ელის.
თუ მივიღებთ, რომ კვანტური ველი ასრულებს მატერიის (პოტენციის ვრცელი სუბსტრატის) როლს, ჩნდება კითხვა: რა ანიჭებს ამ მატერიას მის თავისებურ ხასიათს? არისტოტელესეულ ონტოლოგიაში მატერია არასოდეს არსებობს უფორმოდ; ის ყოველთვის ყალიბდება ფორმისაგან (morphe). ფორმა არის პრინციპი, რომელიც ზღუდავს მატერიის უსასრულო შესაძლებლობებს და განსაზღვრავს, თუ რა არის საგანი სინამდვილეში. ფორმის გარეშე ველი იქნებოდა ქაოსური და მიუწვდომელი. თანამედროვე ფიზიკაში „ფორმალური მიზეზის“ ამ როლს ასრულებს სიმეტრიის მათემატიკური კანონები.
ნაწილაკების ფიზიკის სტანდარტულ მოდელში ნაწილაკის იდენტობა (ის, რაც ელექტრონს ელექტრონად აქცევს და არა – ფოტონად ან კვარკად) მთლიანად მათემატიკით განისაზღვრება. ფიზიკოსები ნაწილაკების კლასიფიკაციას „სიმეტრიის ჯგუფების“ გამოყენებით (მათემატიკური სტრუქტურები, რომლებიც აღწერენ, თუ როგორ რჩება სისტემა უცვლელი გარდაქმნისას) ადგენენ. ეს სიმეტრიები ზუსტად ისე მოქმედებენ, როგორც არისტოტელეს სუბსტანციური ფორმა. ზუსტად ისე, როგორც ცალკეული გენეტიკური კოდი განსაზღვრავს, ორგანიზმი მუხად განვითარდება თუ ვარდად, ცალკეული მათემატიკური სიმეტრია განსაზღვრავს, ველის აგზნება მძიმე, დამუხტულ ნაწილაკად მოვლინდება თუ მსუბუქ, ნეიტრალურ ნაწილაკად. სიმეტრია ზღუდავს „წმინდა პოტენციას“ და მას განცალკევებულ, გონმისაწვდომ სახეობებად აწესრიგებს. ამრიგად, ელექტრონი არ არის „ნივთიერებისგან“ შემდგარი მარტივი „საგანი“; ის ჰილემორფული კომპოზიტია: ველის (მატერია) ვიბრაცია, რომელიც სტრუქტურირებულია მათემატიკური კანონით (ფორმა).
ეს გააზრება საშუალებას გვაძლევს, გადავჭრათ კვანტური მექანიკის ყველაზე ცნობილი თავსატეხი: „გაზომვის პრობლემა“. არისტოტელესეულ მსოფლმხედველობაში ცვლილება განისაზღვრება, როგორც გადასვლა „პოტენციიდან“ „აქტუალობაში“. როდესაც კვანტურ სამყაროს ამ პრიზმაში განვიხილავთ, „ტალღური ფუნქციის დაშლა“ იდუმალი პარადოქსიდან ბუნებრივ ონტოლოგიურ მოვლენად იქცევა.
განვიხილოთ ნაწილაკის მდგომარეობა მის გაზომვამდე. როგორც ვთქვით, ის აღიწერება ტალღური ფუნქციით (Ψ), რომელიც ასახავს ალბათობების განაწილებას. დეკარტისეული მექანისტისთვის ეს ღამის კოშმარია: ნაწილაკი თითქოს არსადაა და, ამავდროულად, ყველგანაა. მაგრამ ჰილემორფისტისთვის ტალღური ფუნქცია უბრალოდ ველის პოტენციის ზუსტი აღწერაა. ის აღწერს ველის ტენდენციას, მოავლინოს ნაწილაკი სხვადასხვა ადგილას. ეს არ არის იმის რუკა, თუ სად არის (აქტი) ნაწილაკი; ეს არის რუკა იმისა, თუ სად შეიძლება იყოს (პოტენცია) ნაწილაკი.
როდესაც ვცდილობთ ტალღის დამზერას, ვცდილობთ ანათვალის აღებას, გნებავთ გაზომვას, ანუ ხდება სისტემაზე ურთიერთქმედება, ტალღური ფუნქცია „ირღვევა“. ეს არ არის ნაწილაკის მაგიური შექმნა არაფრისგან, ესაა პოტენციის მომენტალური დაყვანა აქტზე. ველი, რომელიც მანამდე ფლობდა პოტენციას, ყოფილიყო A, B ან C ადგილას, სისტემაზე ურთიერთქმედებისგან პროვოცირებულია, ხდება ამ პოტენციის აქტუალიზაცია A ადგილას.
მაშასადამე, კვანტური მექანიკის „უცნაურობა“ მხოლოდ მაშინ არსებობს, თუ ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ, რომ სამყარო ყოველთვის სრულად აქტუალური, მყარი ობიექტებისგან შედგებოდეს. თუ ვაღიარებთ, რომ სინამდვილის საფუძველი არის ფორმით მართული პოტენციის ველი, კვანტური სამყაროს ქცევა სრულიად გასაგები ხდება. ნაწილაკი არ არის წინასწარ არსებული, სიბნელეში დამალული ქვა; ის მოვლენაა. ეს არის მომენტი, როდესაც ველის პოტენცია არსებობაში რეალიზდება. ამ აზრით, თანამედროვე ფიზიკას არ აღმოუჩენია ახალი, უცნაური სახის მატერია; მან უბრალოდ ხელახლა აღმოაჩინა ბუნების ანტიკური განსაზღვრება: შესაძლებლის გადასვლა აქტუალურში.
ვაკუუმი და არარა: სიცარიელიდან პლენუმამდე
ჩვენს ონტოლოგიაში არისტოტესეული „პოტენციალის“ აღდგენა გვაიძულებს, განვიხილოთ მეტაფიზიკის ერთ-ერთი უძველესი დავაც სიცარიელის ბუნების შესახებ. საუკუნეების განმავლობაში, ნიუტონის ფიზიკის კვალდაკვალ, დასავლური გონება სივრცეს მოიაზრებდა, როგორც ცარიელ ჭურჭელს, პირდაპირი მნიშვნელობით „არარას“, რომელიც როგორღაც არსებობდა, რათა დაეტია მატერია. თუმცა ეს ხედვა ფილოსოფიურად ყოველთვის სათუო იყო. როგორ შეიძლება „არაფერი“ არსებობდეს? ამას მივყავართ ანტიკურ არისტოტელესეულ პრინციპამდე, რომ „ბუნებას ეზიზღება სიცარიელე“ (horror vacui), რაც ამტკიცებს, რომ ყოფიერება უნდა იყოს უწყვეტი, „პლენუმი“ (Plenum) ან სისავსე. თანამედროვე ფიზიკამ კიდევ ერთხელ გაამართლა ანტიკური ინტუიცია მექანისტურთან შედარებით. ველის კვანტური თეორია გვაძლევს არაჩვეულებრივ მტკიცებულებას სამყაროს „ცარიელი ყუთისებრი“ მოდელის უკუსაგდებად და დასადგენად, რომ უშუალოდ სივრცე მდიდარი, დინამიკური სუბსტრატია.
ფიზიკის ენაზე „ვაკუუმი“ არ ნიშნავს სიცარიელეს ან აბსოლუტურ არარას. პირიქით, ვაკუუმური მდგომარეობა არის უბრალოდ ველი მის შესაძლო უმდაბლეს ენერგეტიკულ დონეზე. ეს სინამდვილის „ნულოვანი სართულია“. თუმცა გადამწყვეტია ის, რომ ეს ნულოვანი სართული არ არის „ცარიელი“. კვანტური მექანიკის ფუნდამენტური კანონების გამო (კერძოდ, ჰაიზენბერგის განუსაზღვრელობის პრინციპი) ველი არასოდეს შეიძლება იყოს ზუსტად ნული. კოსმოსის უშორეს სივრცეშიც კი, სადაც აქტუალური ნაწილაკები არ გვხვდება, ველები მაინც ადგილზეა, მუდმივად აქტიური და ცხადად მოცემული (რაც ცნობილია, როგორც „კვანტური ფლუქტუაციები“).
პოპულარულ მეცნიერებაში ამ ფლუქტუაციებს გაიაზრებენ, როგორც ნაწილაკების არსებობაში უბრალოდ გაჩენასა და გაქრობას, რაც არასწორია. მკაცრი ონტოლოგია მეტ სიზუსტეს მოითხოვს. ეს „ვირტუალური ნაწილაკები“ არ არიან დამოუკიდებელი სუბსტანციები; ისინი არ არიან „საგნები“ ისე, როგორც ელექტრონია საგანი. ისინი წარმოადგენენ თავად ვაკუუმის შინაგან ვიბრაციას. ისინი აჩვენებენ, რომ „ცარიელი სივრცე“ ფიზიკურად ნამდვილია: მას აქვს სტრუქტურა, ის ემორჩილება კანონებს, დაიმზერს წნევას. ეს არ არის სიცარიელე; ეს არის მედიუმი, რომელიც გაჯერებულია მატერიის წარმოშობის პოტენციალით.
ვაკუუმის „პოტენციის პლენუმად“ გადააზრებით ჩვენ ვჭრით შექმნის ფილოსოფიურ პრობლემას. სივრცე რომ მართლაც ნიუტონისეული სიცარიელე (არარა) ყოფილიყო, ნაწილაკის გამოჩენა იქნებოდა ლოგიკის დარღვევა, creatio ex nihilo (შექმნა არაფრისგან). მაგრამ თუ სივრცე კვანტური ვაკუუმია, მაშინ ნაწილაკის წარმოქმნა უბრალოდ გარდამავლობაა; ესაა მოძრაობა ფარული ძალიდან გამოვლინებულ აქტში. ვაკუუმი ყოფიერების მშობელია. ამრიგად, უხეში დუალიზმი „ცარიელ სივრცესა“ და „მყარ მატერიას“ შორის იშლება. ჩვენ ვრჩებით ერთიანი, გამთლიანებული სინამდვილის პირისპირ: ეს არის ველი. „ცარიელი სივრცე“ არის ველი მის მდუმარე, პოტენციურ მდგომარეობაში, ხოლო „მატერია“ არის ველი მის აგზნებულ, აქტუალურ მდგომარეობაში. სამყარო არ არის ყუთში მოთავსებული ობიექტების კრებული; ის ერთიანი, დინამიკური სუბსტანციაა აქტუალიზაციის სხვადასხვა ხარისხში.
ბოლოთქმა
ეს აზრისმიერი სვლა რენე დეკარტის „მედიტაციებიდან“ ნაწილაკების ფიზიკის თანამედროვე მოდელამდე საგულისხმოდ ირონიულია. საუკუნეების განმავლობაში სამყაროს „მექანისტური“ ხედვა (სადაც მატერია განსაზღვრული იყო, როგორც სტატიკური, მყარი და სრულად აქტუალური) იყო პირველადი. გვისახავდა ცხად, მკაფიო, ინტუიციურ სამყაროს, რომელიც თავისუფალი გახლდათ ანტიკური ფილოსოფიის იდუმალებისგან. თუმცა, როგორც წინამდებარე ნაშრომმა აჩვენა, ბუნების ფუნდამენტურმა კვლევამ მექანისტური ხედვისთვის ადგილი აღარ დატოვა. კვანტური სამყარო, თავისი სუპერპოზიციებითა და არალოკალურობით, უბრალოდ ვერ აიხსნება მკვდარი, ინერტული ნაწილების გეომეტრიით.
ამ მდგომარეობაში არისტოტელესა და აკვინელის ჰილემორფული ონტოლოგია წარმოჩინდება არა როგორც ანტიკური რელიკვია, არამედ როგორც შორსმჭვრეტელი საზრისი, დღევანდელ ფიზიკას რომ ეხმიანება. Dynamis-ისა (პოტენცია) და Materia Prima-ს (პირველადი მატერია) ცნების აღდგენით ვახერხებთ ონტოლოგიურად გავიშინაგნოთ ის სამყარო, რომელიც ალბათურია და არა დეტერმინისტული; ფილოსოფიაში აღარ გვიწევს გამორჩევა ნაწილაკის „რეალიზმსა“ ან ტალღის „აბსტრაქტულ მათემატიკას“ შორის. სანაცვლოდ, შეგვიძლია ფილოსოფიურად განვმარტოთ, რომ კვანტური ველი ნამდვილია სწორედ იმიტომ, რომ ის პოტენციურია,- „ყოფნის წმინდა უნარის“ თანამედროვე განსხეულებაა.
ჩემდავე გასაკვირად, ამ სინთეზს საგულისხმო ადგილი შეიძლება ჰქონდეს თანამედროვე მეტაფიზიკაში. მოცემული ანალიზი აჩვენებს, რომ კვანტური მექანიკის „უცნაურობა“ სამყაროს შინაგანი თვისება კი არა, ჩვენივე არასაკმარისი ფილოსოფიური კატეგორიების სიმპტომია. აღმოვაჩენთ, რომ მატერია არ არის სივრცეში მოთავსებული „ნივთიერება“, არამედ იგი დინამიკური მიდრეკილებაა, „წყურვილი ფორმისა“, რომელიც სტრუქტურირებულია მათემატიკური სიმეტრიით და რეალიზდება ურთიერთქმედების გზით.
საბოლოო ჯამში, ეს კვლევა (რატომღაც) აჩვენებს, რომ ფიზიკა არ ანადგურებს მეტაფიზიკას; პირიქით, გასააზრებლად იგი მოითხოვს მეტაფიზიკის კონკრეტულ სახეს. თუ გვსურს ვიყოთ მეცნიერული რეალისტები, ფილოსოფოსებმა უნდა გადავიაზროთ განმანათლებლობის სტატიკური მექანიციზმი ზუსტად ისე, როგორადაც თანამედროვე ფიზიკამ, კლასიკური მექანიკა განმხოლოებულად მეცხრე კლასის ფიზიკის სახელმძღვანელოს რომ გადაულოცა. თანამედროვე ფიზიკა, რაღაც მხრივ, არისტოტელესთან გვაბრუნებს; გვაჩვენებს, რომ სამყაროს ფუნდამენტური ბუნება არ არის მარტივი ყოფიერება, არამედ განუწყვეტელი, სტრუქტურირებული გადასვლა შესაძლებლობიდან აქტუალურში.
ბიბლიოგრაფია
არისტოტელე. მეტაფიზიკა. ძველი ბერძნულიდან თარგმნა, წინასიტყვაობა და კომენტარები დაურთო თამარ კუკავამ. თბილისი: გამომცემლობა „კარპე დიემი“, 2016 (რეპრინტი).
არისტოტელე. სულის შესახებ. ძველი ბერძნულიდან თარგმნა თამარ კუკავამ. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1977.
დეკარტი, რენე. მეტაფიზიკური განაზრებანი. ფრანგულიდან თარგმნა ს. დანელიამ. თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1955.
პლატონი. სოფისტი. ძველი ბერძნულიდან თარგმნა ბაჩანა ბრეგვაძემ. თბილისი: გამომცემლობა „ლოგოსი“, 2013.
Aquinas, Thomas. On Being and Essence (De Ente et Essentia). Translated by Joseph Kenny, O.P. Toronto: Pontifical Institute of Mediaeval Studies, 1965.
Aquinas, Thomas. Summa Theologiae. Vol. 1. Translated by the Fathers of the English Dominican Province. New York: Benziger Brothers, 1948.
Feynman, Richard P. QED: The Strange Theory of Light and Matter. Princeton: Princeton University Press, 1985.
Heisenberg, Werner. Physics and Philosophy: The Revolution in Modern Science. New York: Harper & Row, 1958.
Koons, Robert C. “Hylomorphic Escalation: A Aristotelian Interpretation of Quantum Mechanics.” American Catholic Philosophical Quarterly 92, no. 1 (2018): 1-22
Peskin, Michael E., and Daniel V. Schroeder. An Introduction to Quantum Field Theory. Reading, MA: Addison-Wesley, 1995.
