რედაქტორი: მ. მირიანაშვილი
მსოფლიოს ფიზიკოსები II, თბილისი, 1973
გამციფრულებელი: ანასტასია ჯაფარიძე
გელა გელაშვილის ბიბლიოთეკიდან
„საბუნებისმეტყველო მეცნიერებას ინდოეთში სათავეში უდგას შესანიშნავი მეცნიერი ბოსე, რომლის სახელი მსოფლიო მეცნიერებაში მოასწავებს ახალ ეპოქას. ბოსეს მნიშვნელობა განისაზღვრება მისი ცდებით ელექტრომაგნიტურ ტალღებზე, რითაც ხელი შეუწყო სინათლის ელექტრომაგნიტური თეორიის განმტკიცებას; კლასიკური შრომებით მცენარეთა ფიზიოლოგიაში და ინდოეთში პირველი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შექმნით, სადაც მუშავდება საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მნიშვნელოვანი პრობლემები.“[1] ასე იწყებს ბოსეს შეფასებას გამოჩენილი რუსი ბუნებისმეტყველი პროფ. კ. ტიმირიაზევი.
ჯ ე გ დ ი შ ჩ ა ნ დ რ ა ბ ო ს ე დაიბადა 1858 წლის 30 ნოემბერს სოფ. რადიკხალში (ბენგალია). იმ დროს ინდოეთის ეს მხარე ბრიტანეთის კოლონიაში შედიოდა (1947 წლამდე) და, ბუნებრივია, ინდოელთა ეროვნული კულტურისა და, კერძოდ, მეცნიერების განვითარებაზე ინგლისელები არ ფიქრობდნენ. ჯ. ბოსეს მამა – ბხაჰავან ჩანდრა ბოსე, განათლებული და ერუდირებული პიროვნება, კარგა ხანს ქალაქის მმართველობის დეპუტატი იყო. მან შესანიშნავად განჭვრიტა კოლონიური ინდოეთის იმ დროის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული დონე; ესმოდა, რომ ერთბაშად დიდი საქმის წამოწყება შეუძლებელი იყო და ამიტომ ჯერ სახელოსნო და ტექნიკური სასწავლებლის გახსნას შეუდგა. როგორც ბოსე იგონებს, სწორედ ამ სასწავლებელში მიიღო მან პირველი ექსპერიმენტული წვრთნა. პირველდაწყებითი განათლება მან მშობლიურ ქალაქში, მშობლიურ ენაზე მიიღო. ამაში, რასაკვირველია, მთავარი როლი მშობლებმა შეასრულეს. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ პატარა ჩანდრას თავიდანვე ჰყვარებოდა მშობლიური ენა, თავისი ერი და ბოლოს სამშობლო. მხოლოდ ამით უნდა აიხსნას ის, რომ მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ჩ. ბოსემ ერისა და სამშობლოს განდიდებას მიუძღვნა.
საშუალო განათლების მიღების მიზნით პირველდაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ ბოსე კალკუტაში გადაიყვანეს და ევროპული ტიპის კოლეჯში მიაბარეს. იქ ფიზიკის მასწავლებელმა, ფრანგმა იეზუიტმა პატერმა ლაფონმა არაფერი დაზოგა იმისთვის, რომ ჩ. ბოსე კარგად დახელოვნებულიყო ფიზიკის ექსპერიმენტში.[2]
საშუალო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ბოსე სახელმწიფო სამსახურს აპირებდა, მაგრამ მამის დაჟინებული რჩევით იგი ლონდონში გაემგზავრა და უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ერთი წლის შემდეგ ბოსე ლონდონის უნივერსიტეტიდან კემბრიჯის უნივერსიტეტში გადავიდა. იქ მას დიდი შესაძლებლობა მიეცა მოესმინა გამოჩენილი მეცნიერებისათვის. განსაკუთრებული გავლენა ბოსეზე მაინც ორმა ინგლისელმა მეცნიერმა მოახდინა: ფიზიკოსმა ჯონ ვილიამ სტერტმა (ლორდმა რელეიმ) და ჩარლზ დარვინის შვილმა ფრენსის დარვინმა.[3]
კემბრიჯში ბოსე ძირითადად მაინც ფიზიკისკენ გადაიხარა. შესანიშნავ ლაბორატორიებში მან მალე მიიპყრო რელეის ყურადღება და საქმე იმით დამთავრდა, რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მას წინადადება მიეცა სამეცნიერო მუშაობის გაგრძელების მიზნით კემბრიჯში დარჩენილიყო. მაგრამ ბოსეს ოცნება – მალე დაბრუნებულიყო სამშობლოში და მის სამსახურში ჩამდგარიყო – არ დამცხრალა. მალე ბოსე კვლავ კალკუტის პრეზიდენტ-კოლეჯის პროფესორია.
იმ დროს კალკუტაში სხვა ტიპის უმაღლესი სასწავლებლები არსებობდა. აღსანიშნავია, რომ ამ სასწავლებლებში სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა არ წარმოებდა. მეცნიერების მიმართ ამგვარ განწყობილებას ბოსემ შეურიგებელი ბრძოლა გამოუცხადა. მან პირადი მაგალითით დაამტკიცა, რომ ძველთაგანავე ცივილიზებულ ინდოელ ხალხს შეუძლია გაუტოლდეს თანამედროვე განვითარებულ ხალხებს.
ინგლისელთა მიბაძვით, ბოსემ მიზნად დაისახა შეექმნა ისეთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, რომელიც გადაჭრიდა რთულ მეცნიერულ პრობლემებს, გამოზრდიდა მეცნიერთა კადრებს და თავისი შრომებით მიიზიდავდა უცხოელ მეცნიერებს ცოდნის შევსებისა და კვლევის მეთოდების დასაუფლებლად. ამ ოცნების განხორციელებას ბოსემ 30-ზე მეტი წელი უცადა. პირველი ათი წელი დასჭირდა მცირე თანხის მიღებას ლაბორატორიების შესაქმნელად. ამ ლაბორატორიებში ბოსემ თავისი ცდები ელექტრომაგნიტურ ტალღებზე ჩაატარა. აქვე დაიწყო ცდები ბიოლოგიაში. ამ ცდების შედეგებმა გააოცა ინგლისელი ფიზიკოსები, ბოსეს კი დამსახურებული პროფესორის წოდება მიენიჭა.[4]
ინდოეთის იმ დროის კანონმდებლობით უმაღლესი სასწავლებლის მასწავლებელს 55 წლის ასაკის შემდეგ ეკრძალებოდა მუშაობა. მაგრამ ამ კანონის გამონაკლისი ბოსეზე გავრცელდა, თუმცა ამის მიღწევას დიდი ბრძოლა დასჭირდა.
XIX საუკუნის უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში მსოფლიო ფიზიკოსები ჰ. ჰერცის ექსპერიმენტული შედეგების ძლიერი შთაბეჭდილების ქვეშ იმყოფებოდნენ. ამ შედეგებით ჰერცმა დაადასტურა ფარადეი – მაქსველის იდეა – თავისუფალ სივრცეში ელექტრომაგნიტური ტალღების არსებობისა და სინათლის ელექტრომაგნიტური ბუნების შესახებ.
ჰერცის ეს შედეგები ძველი ფიზიკიდან ახალში გადასვლას წარმოადგენდა. იგი აღმოჩნდა მრავალი მძლავრი ფიზიკური აღმოჩენის წინასწარმეტყველი. ჰერცს გაუჩნდნენ მიმდევრები. ერთნი მის აღმოჩენას პრაქტიკული თვალსაზრისით მიუდგნენ და ცდილობდნენ იგი უმავთულო ელექტროკავშირის დასამყარებლად გამოეყენებინათ. ამათ მიეკუთვნებიან ნ. ტესლა, ე. ბრანლი, ა. პოპოვი, ნაწილობრივ ო. ლოჯი, გ. მარკონი, კ. ბრაუნი, ა. სლაბი და სხვ. მეორე მიმართულება გაჰყვა ჰერცის ძირითადი თემის განვითარებას ე.ი. სინათლის ელექტრომაგნიტური ბუნების დამტკიცების გაღრმავებას. ამ მიმართულებას გაჰყვნენ სარაზენი და დე ლა რივი, ო. ლოჯი, ჰ. ლებედევი და ჯ. ბოსე.[5]
1895 წ. გამოქვეყნდა ბოსეს პირველი მეცნიერული შრომა, რომელშიც ავტორმა გადმოგვცა თავისი მოსაზრება ელექტრომაგნიტური ტალღების ბუნების შესახებ, რაც მან ექსპერიმენტების შედეგად მიიღო. ეს შრომა ძალიან მალე ლონდონშიც დაიბეჭდა. მკითხველს გავახსენებთ, რომ ამ თარიღს თანხვდება ა. პოპოვის მიერ ჭექა-ქუხილის აღმნიშვნელის დემონსტრირება. ამავე წელს გამოქვეყნდა პ. ლებედევის შრომა 6 მმ სიგრძის მქონე ჰერცის ტალღებზე წარმოებული ექსპერიმენტების შესახებ.
ორი წლის შემდეგ ბოსემ ინდოეთში მოხსნა დანადგარი, რომელზეც თვითონ მუშაობდა და წაიღო ლონდონში. იქ მოხდა ამ ხელსაწყოთა ასლების გადაღება, დანადგარის აწყობა და ამ ასლებით ცდების განმეორება. ეს იყო ტრიუმფი არა მარტო ბოსესი, არამედ ახლად ჩასახული ზუსტი მეცნიერებისა მთელს ინდოეთში.
ბოსეს და ლებედევის ექსპერიმენტების იდეური მხარე იმდენად წააგავდა ერთმანეთს, რომ ტიმირიაზევი ამ ორ მეცნიერს ერთმანეთის მეტოქეებს უწოდებდა.[6]
ელექტრომაგნიტურ ტალღებზე მრავალი ცდის შედეგებმა მთელი ევროპის ფიზიკოსები განცვიფრებაში მოიყვანა. სპეციალისტები განსაკუთრებით ბოსეს ხელსაწყოებით იყვნენ გაკვირვებული. შემდეგ ბოსე გადავიდა, თანამედროვე ტერმინით რომ გამოვთქვათ, ბიოფიზიკის საკითხების შესწავლაზე. პარალელურად დაიწყო მუშაობა ფიზიოლოგიასა და ბოტანიკაში. ეს გარემოება ადვილად ასახსნელია. იქ, სადაც საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა განვითარებამ გარკვეული მიზეზების გამო დაიგვიანა, მოწინავე ადამიანებს უხდებოდათ ერთდროულად მეცნიერების რამდენიმე დარგის დაძვრა მკვდარი წერტილიდან. ამის მაგალითი ბევრია: რუსეთში – მ. ლომონოსოვი, ამერიკაში – ფრანკლინი, საქართველოში – ანტონ, დავით და იოანე ბაგრატიონები და სხვ.
1895-1900 წლებში ჩატარებული ცდებისა და მიღებული შედეგების საფუძველზე ლონდონის უნივერსიტეტმა (მართალია, დაგვიანებით) ბოსეს მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიანიჭა. ბოსეს შრომების შეფასებას გამოეხმაურნენ ინგლისში – ჯ. პოინტინგი, ჯ. სტოქსი, ს. თომსონი; საფრანგეთში – გ. ლიპმანი; გერმანიაში – ჰ. კვინკე, ე. ვარბურგი, ფ. ლენარდი, და სხვ. 1900 წ. ბოსე აირჩიეს საფრანგეთის ფიზიკური საზოგადოების საბჭოთს წევრად. მაგრამ ინგლისელები სინანულით აღნიშნავდნენ, რომ ბოსემ ტყუილად დაანება თავი ფიზიკას და მუშაობა დაიწყო ბიოლოგიაში. მიუხედავად ამისა, ბოსემ გააგრძელა მუშაობა ბიოფიზიკაში და, როგორც სპეციალისტები ასკვნიან, მისი შრომები მეცნიერების ამ დარგში თავისი მნიშვნელობით არაფრით არ ჩამორჩებოდა ფიზიკაში შექმნილ შრომებს. აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოსე ფიზიკაში პირადად შექმნილი მიკროხელსაწყოებით მუშაობდა.
თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი საუკუნის დასაწყისში ინდოეთში ზუსტი ხელსაწყოების შექმნის ტექნიკა საგრძნობლად ჩამორჩებოდა ევროპის სათანადო ტექნიკას, მაშინ ბოსეს როლი კიდევ უფრო გაიზრდება.
უნდა ითქვას, რომ მსოფლიოს გამოჩენილ ფიზიკოსთა ლაბორატორიებში ბიოლოგიური ობიექტების კვლევა ახალ ამბავს არ წარმოადგენდა. მაგ., რ. დეკარტის (1596-1650) და ჯ. ბორელის (1608-1679) შესახებ ბუნებისმეტყველების ისტორიკოსნი ხშირად დავობენ: სად უფრო ბევრი შექმნეს – ფიზიკაში თუ ბიოლოგიაში. სხვა მაგალითები: XIX ს. პირველ ოცეულში ფლორენციელი ფიზიკოსი ლ. ნობილი ცდებს აწარმოებდა ბაყაყის ტყავის ემძ-ზე; იმავე საუკუნის 40-იან წლებში ინგლისელი ფიზიკოსი მ. ფარადეი სწავლობდა ელექტრული სკაროსის მიერ გენერირებულ დენს[7]; პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ვ. პეტროვი XIX ს. დასაწყისში სწავლობდა სისხლისა და რძის ელექტროლიზს; მუდმივი დენით აძინებდა თევზებს აკვარიუმში, რაც ფართოდ გამოიყენება თევზის თანამედროვე მრეწველობაში; 1901 წ. მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორი ნ. უმოვი ბიოლოგიურ მოვლენებს ფიზიკის თვალსაზრისით ხსნიდა სხვ.
ჯ. ბოსეს პირველი ბიოფიზიკური შრომები დაახლოებით 60 წლის წინათ გამოქვეყნდა. ამგვარად, მან გააგრძელა ზემოხსენებულ ფიზიკოსთა ტრადიციები ამ სფეროში.
საქმე ის არის, რომ სასიცოცხლო მოვლენების სამყაროში ფიზიკოსის შეჭრა მრავალ მოსაზრებასთან იყო დაკავშირებული. მათგან უმთავრესი კი იმაში მდგომარეობდა, რომ იმ დროის გაგებით, თუ ფიზიკური სამყარო მიზეზობრიობის კანონს ემორჩილებოდა და ექსპერიმენტატორის კვლევის საგანი ხდებოდა, მაშინ ბიოლოგიური მოვლენები განიხილებოდა როგორც სასიცოცხლო ძალის გამოვლინების პროცესი, როგორც სულისა და მისი შეუცნობელი კანონების გამოვლინება. ბოსეს ნათლად ჰქონდა წარმოდგენილი, რომ ფიზიკის კანონების გამოყენება შეიძლება არა მარტო ხილულ არაორგანულ ნივთიერებებზე, არამედ იმ ნივთიერებებზეც, რომელსაც ადგილი აქვს ცოცხალ ქსოვილებში. (აღვნიშნავთ, რომ თანამედროვე ბიოფიზიკას ბოსე უწოდებდა „ცოცხალი ქსოვილების ფიზიკას“)[8].
ბიოლოგიური პროცესების ფიზიკის კანონებით ახსნა, ცოცხალი ქსოვილების მიზეზობრიობის კანონისადმი დამორჩილება, ბოსეს ამოსავალ წერტილს წარმოადგენდა.
სხვადასხვა ნივთიერებაზე ელექტრომაგნიტური ტალღების მოქმედების შესწავლის დროს ბოსემ აღმოაჩინა მათი ელექტროგამტარობის ცვლილება მუდმივი დენის მიმართ. ეს მოვლენა ბოსემ ახსნა, როგორც ნივთიერების მოლეკულური რეაქციის შედეგი. იგი აღწერა, როგორც ელექტრომაგნიტურ რხევათა გავლენით გამოწვეული მოლეკულების „წანაცვლება“ და „ძაბვა“. უფრო გვიან გამოირკვა, რომ ელექტრომაგნიტური გამოსხივებით გამოწვეული ელექტროგამტარობის ცვლილება გაცილებით უფრო რთული იყო.[9]
ბოსემ შეამჩნია, რომ თვალის ბადურაში მიმდინარე ფიზიოლოგიური მოვლენები შეიძლება აიხსნას ფიზიკის კანონებით. მისი აზრით, სინათლის მოქმედება თვალის ბადურაზე იწვევს ისეთსავე პროცესს, როგორსაც ელექტრომაგნიტური რხევები მოლეკულების აღგზნების დროს. თვალზე მყისი სინათლით მოქმედების შემდეგ ბოსემ შენიშნა მხედველობითი შეგრძნების თანდათანობითი ზრდა. „მაქსიმალური ეფექტი შეიმჩნევა რამდენიმე ხნის შემდეგ… შეგრძნება თანდათან აღწევს უდიდეს ინტენსივობას, რის შემდეგ თანდათან სუსტდება.“
ბოსეს ბიოფიზიკური გატაცების უშუალო საგანი იყო „გარდამავალი პროცესები“ ფიზიოლოგიური მოვლენის დასაწყისსა და მის უსასრულოდ რთულ დინებას შორის. იგი ბევრს ელოდა ორ კატეგორიას შორის ასეთი „ხიდის“ გამოკვლევისგან (ელექტროდენის მოქმედება კუნთზე და მისი მომდევნო შეკუმშვა, ნერვის გაღიზიანება და მასში აღგზნების წარმოშობა, თვალის ბადურას მყისი განათება და მხედველობითი შეგრძნების გაზრდა).[10]
საკითხის ასეთი დაყენება მაღალ შეფასებას ითხოვს, რადგან იმ დროს ევროპაში გაბატონებული იყო ან ფიზიოლოგიური იდეალიზმი (ი. მიულერი), რომელიც ამტკიცებდა, რომ შეგრძნება დამოკიდებულია გარეშე სამყაროსგან, ან გ. ფეხნერის ფიზიკა, რომელსაც დასაშვებად მიაჩნდა პარალელიზმის არსებობა მატერიალურ სამყაროსა და ფსიქოლოგიურ მოვლენებს შორის.
სასიცოცხლო მოვლენათა ერთიანობის პრინციპზე დაყრდნობით ბოსემ კვლევა გადაიტანა მცენარეებზე, როგორც თავისებურ ცოცხალ მოდელებზე. მან ბიოფიზიკური მეთოდებით შეისწავლა გამღიზიანებლების მოქმედების შედეგად წარმოშობილი მექანიკური და ელექტრული რეაქციები. ამის საფუძველზე ბოსემ ჩამოაყალიბა შეხედულება ცოცხალი სისტემის რეაქციის შეპირობებულობის შესახებ გარემოს ისეთი სტიმულირების მოქმედებაზე, როგორიცაა სიმძიმის ძალა, მექანიკური შეხება, სინათლის მოქმედება, ტემპერატურისა და ტენიანობის ცვლილება. შემდეგ ბოსემ შექმნა საინტერესო წარმოდგენა სტიმულის ენერგიის როლის შესახებ ასეთი რეაქციის წარმოშობაში; მისი დაგროვების შესაძლებლობისა და ამ პროცესის მნიშვნელობის შესახებ ე.წ. რიტმული ავტომატური მოქმედების წარმოშობაში. ყურადსაღებია, რომ ამ შემთხვევაში ბიოლოგიური სისტემა შეიძლება განვიხილოთ როგორც მაგალითი ინფორმაციული მექანიზმისა, რომელიც უზრუნველყოფს გარემოს მიმართ შეგუებას. ამიტომაც, საფუძველს არ არის მოკლებული ინდოელ მკვლევართა აზრი იმის შესახებ, რომ „ბოსეს შრომები წარმოადგენს დასაყრდენს თანამედროვე ინფორმაციის, კიბერნეტიკის შესწავლის საქმეში“.[11]
ბოსეს დაუცხრომელი სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის შედეგად ინდოეთში გაიხსნა პირველი საბუნებისმეტყველო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. ეს მოხდა 1917 წლის 30 ნოემბერს, ჯეგდიშ ჩანდრა ბოსეს დაბადების დღეს. საზეიმო სხდომაზე ბოსემ წარმოთქვა სიტყვა, რომელიც ინდოელ ხალხს არასოდეს დაავიწყდება: „ადამიანმა უკვდავების მარცვლები უნდა ეძებოს იდეალებში და სახელის მოხვეჭაში. კაცობრიობამ შეიძლება დაამყაროს ჭეშმარიტი ბრძანებულობა არა დოვლათის დაგროვებით, არამედ იდეებისა და იდეალების გავრცელებით…. მეცნიერი ჯილდოს უნდა პოულობდეს მორალური კმაყოფილების სახით ახლად მიღებული მეცნიერული შედეგებისაგან… ცოდნა უნდა გავრცელდეს საყოველთაოდ, რაიმე აკადემიური შეზღუდვის გარეშე, ყველა რასასა და ხალხებში, მამაკაცთა და ქალთა შორის, ყველა დროში“.[12]
1922 წელს ჯ. ბოსე აირჩიეს ინგლისის სამეფო საზოგადოების წევრად. ამის შემდეგ ჯ. ბოსემ კიდევ კარგა ხანს იცოცხლა. იგი მრავალ ბედნიერ და ნათელ დღეს შეხვდა ინდოეთში.
ჯ. ბოსე გარდაიცვალა 1937 წლის 23 ნოემბერს, 79 წლის ასაკში.
ჯ. ჩ. ბოსეს უმთავრესი შრომები
Джегдиш Чандра Бозе. Избранные труды по экспериментальной физике, М., 1959.
ლიტერატურა ჯ. ჩ. ბოსეს შესახებ
М. И. Радовский, Джегдиш Чандра Бозе, в кн. «Джегдиш Чандра Бозе, Избранные труды по экспериментальной физике», М., 1959.
Б. А. Остроумов, Работа Дж. Ч. Бозе по электромагнитным волнам, там же.
Б. А. Введенский, Джегдиш Чандра Бозе и его исследования в об- ласти физики. Сб. «Вопросы истории естествознания и техники», вып. 8, 1959.
А. В. Лебединский, Джегдиш Чандра Бозе как биофизик, там же.
ვ. პ ა რ კ ა ძ ე, ჯეგდიშ ჩანდრა ბოსე, „მეცნიერება და ტექნიკა“, 1968, No 11. რ
- [1] 1 К. Тимирязев, Сочинения, т. ХІІІ, М., 1939, стр. 204.
- [2] М. Радовский, Джегдиш Чандра Бозе, в кн. «Избранные труды по экспериментальной физике», М., 1959, стр. 176.
- [3] Б. Введенский, Джегдиш Чандра Босе и его исследования в области физики. Сб. «Вопросы истории естествознания и техники». вып. 8, 1959, стр. 8.
- [4] М. И. Радовский, Дж. Ч. Бозе, стр. 181 – 182.
- [5] Б.А. Введенский, Дж. Ч. Бозе, стр. 8-9.
- [6] Б. Введенский, Дж. Ч. Бозе, стр. 9.
- [7] А. Лебединский, Джегдиш Чандра Босе как биофизик. Сб. «Вопросы истории естествознания и техники», вып. 8, 1959, стр. 18, 19, 21.
- [8] ი ქ ვ ე, გვ. 19.
- [9] А. Лебединский, стр. 21.
- [10] იქვე, გვ. 23.
- [11] А. Лебединский, стр. 25.
- [12] М. Радовский, стр. 182-183.
