რედაქტორი: ბექა იობიძე, მარიამ გორდაძე
კორექტორი: სალომე მარხვაშვილი
მდევარი, 2026
,,როგორც ჩანს, თავში კიბორჩხალა მიზის, –
კიბორჩხალა, გომბეშო, რაღაც საზარელი,
რომლის ამონთხევაც ყველაფრის ფასად უნდა ვცადო“.[1]
– ჟორჟ ბატაი, ,,დამნაშავე“, 1944
წინათქმა
თომას ჰობსი 1668 წლის ,,ლევიათანის“ გამოცემაში წერს, რომ ,,ცოდნა ძალაა“, – დიდი ალბათობით, ფრენსის ბეკონის შთაგონებით, რომლის ხელქვეითიც იყო იგი ახალგაზრდობაში და რომელმაც 1597 წლის ,,წმინდა მედიტაციებში“ განაცხადა, რომ ,,ცოდნა თავისთავად არის ძალა“. განმანათლებლობის ეპოქის მთავარ მსაზღვრელადაც სწორედ ეს იდეა იქცა – ადამიანმა უნდა დათმოს უმეცრება, შიში და ცრურწმენა, რათა კაცობრიობა საბოლოოდ გათავისუფლდეს.
განმანათლებლობის ეპოქამ ბუნება მეცნიერული დაკვირვების საგნად აქცია, ამ პერიოდში ჩამოყალიბებულმა რაციონალურმა მიდგომებმა კი ცოდნის ის საფუძველი შექმნა, რომელიც დღემდე განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურობას. როცა იმანუელ კანტი ,,წმინდა გონების კრიტიკაში“ წერს: ,,ყოველი ჩვენი შემეცნება იწყება შეგრძნებებიდან, გადადის განსჯაში და სრულდება გონებით, რომელზე უმაღლესიც ჩვენში არაფერი მოიპოვება“,- ის თავსებადად აჯამებს მეთვრამეტე საუკუნის რაციონალიზმსა და ემპირიზმს, განმანათლებლობის მოძღვრებებს აგვირგვინებს. გონება არის ის უზენაესი ზღვარი, რომელიც სამყაროს ქაოსს წესრიგად, ლოგიკად და განვითარებად აქცევს. თითქოს, დასავლური ცივილიზაციის ამ ინტელექტუალურმა ეპოქამ, რომელიც მისტიკურს რაციონალურით ანაცვლებს, კაცობრიობა უკეთეს სინამდვილეს უნდა აზიაროს. და მაინც, სულ ცოტა ხანში მეცხრამეტე საუკუნის გამოგონებათა ,,აფეთქებას“, მონარქიათა ჩამოშლებს, ინდუსტრიულ რევოლუციას, თანამედროვე ერების ჩამოყალიბებას პირველი მსოფლიო ომი მოჰყვება, რომელსაც მეორეც მალევე მოსდევს თან. აქ კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ ადამიანობის ჯერჯერობით გამოცდილი ღირსებებიდან ვერცერთი, მათ შორის ვერც მისი ,,უზენაესი მწვერვალი“ – გონება, ვერ აკავებს მას სისასტიკის ჩადენისგან. კითხვა – სად გადის ადამიანური ყოფიერების ჭეშმარიტი საზღვარი, პასუხგაუცემელი რჩება. რატომ არ მიგვიძღვა ობიექტური ჭეშმარიტების ჩამოყალიბების, სწორის და არასწორის ლოგიკურად გარჩევის მეთოდები უკეთეს ადამიანობასთან? მშვიდობასთან? რატომ მივიდა ცივილიზაცია განმანათლებლობიდან იმ სრულ შეხედულებით ქაოსამდე, რასაც თანამედროვეობა ჰქვია? რა არსებობს ადამიანის რაციონალურობის მიღმა, რაც ტანჯავს მას ასე ძალიან?
დღევანდელი აკადემიური სამყარო ტრადიციულ ლიბერალურ ორთოდოქსიას უფრო და უფრო შორდება პოსტმოდერნიზმის სასარგებლოდ – მეცნიერება ყოვლისმომცველი იდეებითა და მსოფლმხედველობრივი ჩარჩოთი აღარ და ვეღარ ხელმძღვანელობს. აბსოლუტის რწმენა, ობიექტური ჭეშმარიტების არსებობა და განმანათლებლობის ეპოქის იდეა გონიერი განვითარების შესახებ თანამედროვეობაში იკარგება, ძალაუფლების სწორხაზოვნად მორალური გამართლება იშლება. აზროვნების ამ სისტემის სრულყოფილად ჩამოყალიბება და დაგვირგვინება 1960-70-იანი წლების ფრანგულ აკადემიას – ჟან-ფრანსუა ლიოტარს, ჟაკ დერიდას, მიშელ ფუკოს, ჟილ დელიოზს, ჟან ბოდრიარსა და სხვებს მიეწერებათ. მაგრამ ჩვენი არსებობის განმსაზღვრელი ყველა სტრუქტურის ონტოლოგიურად მოშლის მცდელობას სხვა ,,სულიერი მამაც“ ჰყავს – შედარებით ნაკლებად ცნობილი და სათანადოდ დაუფასებელი ჟორჟ ბატაი. ამ ფრანგი ფილოსოფოსისა და ანთროპოლოგის ინტელექტუალური მემკვიდრეობა დასავლური რაციონალიზმის ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი კრიტიკაა, რამაც, თავის მხრივ, განსაზღვრა თანამედროვე პოსტსტრუქტურალისტური და პოსტმოდერნისტული აზროვნების ბედი.
ჟორჟ ბატაის პიროვნება – მეტად უცნაური ჩვევებითა და არანაკლებ თავისებური განცხადებებით; სოციალურ მეცნიერებაში გარდამტეხი ეკონომიკური ნაშრომის ავტორობითა და ნუმიზმატიკოსის პროფესიით; მისტიციზმის გადაჭარბებული სიყვარულითა და ცხადად პორნოგრაფიული მხატვრული ლიტერატურით – ვერც ერთმნიშვნელოვნად განისაზღვრება და ვერც სწორხაზოვნად შეფასდება. მისი შემოქმედება უკიდურესად ანტისისტემურია და, შესაბამისად, მისი სრულყოფილად გააზრება თითქმის შეუძლებელია. ბატაი ადამიანს განიხილავს არა როგორც რაციონალურ, მიწაზე მყარად მდგომ სუბიექტს, არამედ როგორც მუდმივ დაძაბულობას ცივილიზებულ წესრიგსა და პირველყოფილ ქაოსს შორის. მიშელ ფუკოსთვის ბატაი იყო ის ადამიანი, რომელმაც ნიცშეს შემდეგ ყველაზე ჯეროვნად გაიაზრა, რას ნიშნავს ,,ღმერთის სიკვდილი“, – რომ ადამიანისთვის ღმერთის სიკვდილს არა თავისუფლებითა და რაციონალურობით ტკბობა, არამედ უფსკრულსა და სიცარიელეში მტანჯველი არსებობა მოსდევს. და ბატაის პასუხი, თუ როგორ უნდა ამოივსოს ეს უფსკრული, მისი ნაკლებად ცნობადობის ალბათ მთავარი მიზეზია. ფრანგი ფილოსოფოსი აყალიბებს ტერმინებს – ტაბუ და ტრანსგრესია (L’interdit et la transgression), მსხვერპლშეწირვა (Le sacrifice), საზარელი წმინდა (Le sacré d’horreur), არცოდნა (Le non-savoir) და თვითცნობიერება (La conscience de soi). წინამდებარე ნაშრომში კი ჟორჟ ბატაის ამ ცნებების განმარტებითა და მისი ნააზრევის მიმოხილვით ცხადდება, რაში ხედავს იგი ადამიანობის გადარჩენას; როგორ ხსნის ყველა იმ საშინელებას, რომელსაც კაცობრიობა, ცნობიერების უნიკალური პატრონობის მიუხედავად, მაინც სჩადის.
ტაბუ და ტრანსგრესია
,,დიონისე: მაინც საიდან შემოგიჩნდა ეს მძაფრი ვნება?
პენთევსი: მაწუხებს ფიქრი იმაზე, რომ ასე თვრებიან.
დიონისე: და რაც გაწუხებს იმის ხილვა ასე გწადია?“ [2]
– ევრიპიდე, ,,ბაკქოსის მხევლები“.
ჟორჟ ბატაი თავის ორ ყველაზე მნიშვნელოვან ნაშრომში – ,,ეროტიზმი: სიკვდილი და გრძნობადობა“ და ,,წყეული წილი“ – პალეოლითურ ეპოქაში ადამიანის ცხოველურიდან ადამიანურ მდგომარეობაში გადასვლას ტაბუს შექმნასა და ჩამოყალიბებას მიაწერს. ანუ, ტაბუები, რომლებიც ძალადობას, სექსსა და სიკვდილს უკავშირდებოდა, გახდა კაცობრიობის ცნობიერი ისტორიის საწყისი. ბატაი აღნიშნავს, რომ ტაბუს მეშვეობით ვქმნით ,,რაციონალურ სამყაროს“, თუმცა ამავე დროს ჩვენში რჩება ,,ძალადობის ქვედინება“, რადგან თავად ბუნებაა ძალადობრივი – განსაკუთრებით რაციონალური არსებებისთვის, რომელნიც ამ ბუნებაზე მაღლა დგომას ცდილობენ. ბატაისთან ტაბუს დანიშნულებაა შექმნას მწყობრი, განჭვრეტადი გარემო, სადაც სიცოცხლე დაცულია ქაოსისგან. ,,რა არიან ბავშვები, თუ არა ცხოველები, რომლებიც ადამიანებად იქცევიან?“[3] – ბატაი ამ სიტყვებით არა ბავშვების, არამედ პირიქით, ზრდასრული ადამიანების სამარადისო ნაკლოვანებასა და დაღდასმულობას აღწერს. ადამიანი ,,ცხოველია, რომელიც უბრალოდ არ იღებს ბუნების ფაქტებს, არამედ ეწინააღმდეგება მათ“. სწორედ ტაბუა ის, რაც სამყაროს ,,აადამიანურებს“, საზღვრებში აქცევს, ბოჭავს და, შესაბამისად, ცივილიზაციას ქმნის. ბატაის საზრისის სამაგალითოდ,- პენთევსმა აკრძალა ბაქხანალია, რადგან მას ეშინოდა ქაოსის, თუმცა სწორედ ამ აკრძალვამ გახადა ქაოსი მისთვის აუტანლად საინტერესო. აკრძალვა შობს ცნობისმოყვარეობას, რომელიც წამებას ჰგავს. ცივილიზაცია გვაიძულებს უარვყოთ ჩვენი ირაციონალური მხარე, მაგრამ ამით ის მხოლოდ აძლიერებს მას.
ამასთან, ბატაისთვის არ არსებობს ტაბუ ტაბუს გადალახვის გარეშე – სწორედ ამას უწოდებს იგი ,,ტრანსგრესიას“, ზღვრის გადაკვეთას და ამ ტერმინს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ანთროპოლოგის, მარსელ მოსის ჩანაწერებიდან იღებს. თუ ტაბუ თრგუნავს ჩვენს შინაგან წინააღმდეგობასა და დაუმორჩილებელ ბუნებას, სწორედ ტრანსგრესია, ტაბუს გარღვევა, ავსებს პირველს. ეს ერთგვარი დიალექტიკური წყვილია, რომელიც ერთმანეთის გარეშე ვერ იარსებებს. ტრანსგრესია, ბატაის გაგებით, არ არის ტაბუს უბრალო უარყოფა, დარღვევა ან მისი გაუქმება. ეს არის ფილოსოფიური აქტი, რომელიც აკრძალვას აჩერებს, მაგრამ არ აქრობს მას. აქ მნიშვნელოვანია პარადოქსის გააზრება: ტრანსგრესია შესაძლებელია მხოლოდ იქ, სადაც აკრძალვა არსებობს. პირველყოფილი სიამოვნება, რომელსაც ადამიანი აკრძალულის ჩადენისგან იღებს, ვერ იარსებებდა ამ აკრძალვის გარეშე. იმისათვის, რომ ზღვრის გადალახვა იყოს ,,წმინდა“ და ექსტაზური, ადამიანმა უნდა განიცადოს იმ კანონის სიმძიმე და შიში, რომელსაც არღვევს. თუ აკრძალვა საერთოდ გაქრება, ტრანსგრესია აზრს დაკარგავს და გადაიქცევა ჩვეულებრივ ქმედებად. ტრანსგრესია ტაბუს აგვირგვინებს, სრულყოფს.
თვითცნობიერება, უწყვეტობა და რიტუალები
,,ვნანობ იმ დროს, ანტიკურ სიჭაბუკეს,
ავხორც სატირებს და ცხოველურ ფავნებს,
ღმერთებს, სიყვარულით შეშლილნი ხის ქერქს რომ კბენდნენ
და დუმფარებს შორის ოქროსთმიან ნიმფებს კოცნიდნენ!
ვნანობ იმ დროს, როცა სამყაროს წვენი,
მდინარის წყალი, მწვანე ხეების წითელი სისხლი
პანის ძარღვებში სამყაროს ღვრიდა!“ [4]
-ჟან ნიკოლა არტურ რემბო, ,,მზე და ხორცი“, 1870
,,ცხოველი არის წყალი წყალში“[5] – წერს ჟორჟ ბატაი და, განზრახ თუ უნებლიედ, იდეალურად აღწერს იმ ერთიანობას, ჰარმონიასა და თავისუფლებას, რომელიც ცნობიერების გარეშე არსებობას მოჰყვება. ცხოველს არ აქვს ,,მე“, არ აქვს ყოფის გააზრების უნარი და, შესაბამისად, იგი თავისუფალია. თავისუფალია ეგოსგან, ეგზისტენციალური კრახისა და ფიქრისგან. ის ყველაზე მარტივი და ჭეშმარიტი ფორმით, უბრალოდ, არსებობს. და თუ თანამედროვე რაციონალიზმის სულისჩამდგმელი დეკარტი გვეუბნება, რომ ,,ვაზროვნებთ, მაშასადამე ვარსებობთ“, ბატაი თავის ნაშრომებში გამალებით ამტკიცებს საპირისპიროს. მისთვის ცხოველის მიმართება სამყაროსთან სრულყოფილია, არაფერი არ დგას ამ კავშირს შორის. განსხვავებით მათგან, ჩვენ, ადამიანებს, ცნობიერება სამუდამოდ გვაცალკევებს თავისუფლებისგან.
ბატაისთვის თვითცნობიერება,- საკუთარი ფიქრების, შეგრძნებების, ზრახვების, სურვილებისა თუ ეგოს ,,მესამე თვალიდან“ აღქმა,- პოტენციურად წყევლაა. ნაშრომში ,,ეროტიზმი: სიკვდილი და გრძნობადობა“ ის აყალიბებს ადამიანის ონტოლოგიურ თეორიას, რომლის მიხედვითაც, ადამიანები „წყვეტილი არსებები“ (êtres discontinus) ვართ. ჩვენ დავიბადეთ მარტონი, სხეულებში გამოკეტილნი, ცნობიერებით ერთდროულად დაჯილდოებულნი და დაწყევლილნი. მოვკვდებით მარტონი. მაგრამ, როგორც უკვე წინათქმაში აღვნიშნე, ბატაი ტრადიციული გაგებით ათეისტი სულაც არ არის – უფრო სწორად, ათეისტი საერთოდ არ არის. მისთვის პარადოქსი ისაა, რომ ადამიანი არის ერთადერთი არსება, რომელშიც ცნობიერი და შეუცნობელი სამარადისოდ ებრძვის ერთმანეთს. რაც უნდა განათლებული, რაციონალური, სტოიკური თუ გაწონასწორებული იყოს ადამიანი, მისი სულის სიღრმეში მაინც ყოველთვის არსებობს მონატრების სევდა რაღაც შეუცნობლის მიმართ. ბატაი ამას უწოდებს „უწყვეტობას“ (continuité) – პირველქმნილ მდგომარეობას, როდესაც ,,მე“-სა და სამყაროს შორის ზღვარი არ არსებობდა; როდესაც არ არსებობდა ტაბუ, მორალი, კანონი, ოჯახური, რელიგიური, კულტურული თუ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა; როდესაც არ არსებობდა არაფერი, გარდა არსებობისა.
ბატაის თანახმად, წყევლა, საბედნიეროდ, შეიძლება მოიხსნას – მაგრამ არსებობის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში. წყვეტილობა შეიძლება გადაიქცეს უწყვეტობად, ადამიანმა კი – განიცადოს მიღმიერი. ბატაისთან ადამიანი უწყვეტობას ეზიარება ეროტიზმის, რელიგიური ექსტაზისა და სიკვდილის დროს. გარდა იმისა, რომ ამ მოვლენებში ტაბუსა და ტრანსგრესიის ცხადი დიალექტიკა არსებობს, ბატაი ონტოლოგიურად აღწერს თითოეულის მნიშვნელობას. კერძოდ, მისთვის ეროტიზმი ფსიქოლოგიური ძალადობაა ინდივიდუალურ საზღვრებზე – ყველაზე ცხადი მცდელობა ადამიანების მიერ, უარი თქვან პიროვნულობაზე და გაერთიანდნენ მთლიანობის მიღწევის იმედით. უფრო მარტივად – ამ დროს საკუთარი გონების, თვითცნობიერების განმგებლობა იშლება და ,,მე“ წამიერად კვდება. სწორედ ამიტომ ბატაისთვის სექსი ,,სიცოცხლის დადასტურებაა სიკვდილში“. ხოლო როცა რელიგიურ ექსტაზზე საუბრობს, ის გულისხმობს პირდაპირ ან ირიბ ძალადობაში ნაპოვნი სიამოვნების ყველა გამოცდილებას. მიუხედავად იმისა, რომ მას არ აინტერესებს რელიგიური დოგმა, ღმერთი ან ანგელოზები, მისთვის ქრისტიანული ტრადიცია და კათოლიკური ესთეტიკა უმნიშვნელოვანესი შთამაგონებლებია – წმინდანების გამოცხადებები და ზმანებები არა ღმერთთან შეერთების, არამედ მათი გონისგან გათავისუფლების წამიერი მომენტია. დაბოლოს, რა თქმა უნდა, სიკვდილი ტრანსგრესიის, უწყვეტობის მიღწევის უმაღლესი და სამუდამო წერტილია. ბატაი ამტკიცებს, რომ ჩვენი შიში სიკვდილის მიმართ შერეულია მისტიკურ მიზიდულობასთან. ჩვენ გვეშინია არსებობის დაკარგვის, მაგრამ ქვეცნობიერად გვწყურია არა მხოლოდ იმის გაგება, თუ რა ხდება შემდეგ, არამედ ის სრული თავისუფლება, რომლითაც მხოლოდ სიკვდილი დაგვასაჩუქრებს.
თვითცნობიერება მხოლოდ ზემოხსენებულ სამ რიტუალში არ ჩერდება. სიცილი, ტირილი, პოეზია ის მცირე უწყვეტობის მიღწევის მომენტებია, რომელთა დროსაც ცნობიერება წამიერად ნადგურდება. ამ მომენტებს ბატაი „არ-ცოდნას“ (non-savoir) უწოდებს. რატომ? ესაა ლოგიკის კრახი და გონების დამარცხება, რადგან ქმედება შენგან დამოუკიდებელი, დაუმორჩილებელია. ჭეშმარიტი სიცილი უმართავი ენერგიის გამოყოფაა. ცივილიზაცია, ცხადია, თავისი არსისა და რაობიდან გამომდინარე, ყოველთვის ცდილობს მსხვერპლშეწირვის ეს მომენტებიც ,,სასარგებლო“, ,,ნაყოფიერი“ და რაციონალური გახადოს – მაგალითად, გასართობი ინდუსტრიები. მაგრამ ადამიანი, ცხადია, თავისი არსისა და რაობიდან გამომდინარე, ყოველთვის იპოვის თავში ნამდვილ ექსტაზს, რომელსაც ცივილიზაცია ვერასდროს მოიხელთებს. ,,მსხვერპლშეწირვა“ საზოგადოებაში დამკვიდრებული სარგებლიანობის ამ იდეის გაწყვეტაა. როდესაც ჩვენ ვანადგურებთ რაიმე გამოსადეგს – იქნება ეს ცხოველი, სიმდიდრე თუ საკუთარი ,,მე“-ს სიმბოლური ხატი – ჩვენ მას ვათავისუფლებთ ნივთობრივი მდგომარეობისგან. განადგურების აქტით საგანი უბრუნდება ,,წმინდა სამყაროს“, სადაც ის აღარავის ეკუთვნის და აღარაფრისთვისაა საჭირო – ესაა ყველაზე ძვირფასი მონაპოვარი, რაც შეიძლება ადამიანმა მიიღოს.
ცნობიერების მსხვერპლშეწირვა
,,ამისათვის მე უფსკრულში უნდა ჩავიდე:
ისე, როგორც შენ აკეთებ საღამოობით,
როცა ზღვის მიღმა მიდიხარ და ქვესკნელსაც კი სინათლეს ჰფენ;
შენ, უხვო მნათობო!“
– ნიცშე, ,,ესე იტყოდა ზარატუსტრა“
სინამდვილეში, ჟორჟ ბატაი მისტირის არა უბრალოდ აბსტრაქტულს, არამედ სწორედ იმას, რასაც ვერ ეთხოვება ფრანგი პოეტი ჟან ნიკოლა არტურ რემბოც – პაგანიზმს. ამაზე მიანიშნებს მუდმივი საუბარი რიტუალებსა და მსხვერპლშეწირვაზე. ბატაი მისტირის იმ დროს, როცა მსხვერპლშეწირვა თავისი უპირველესი მნიშვნელობით სრულდებოდა; როცა სისხლი იღვრებოდა; როცა სისტემურ რელიგიას ჯერაც არ ჰქონდა ანტიკური რიტუალები განადგურებული; როცა დიონისესთან დაკავშირება ბევრად მარტივი იყო. ცნობილია, რომ ბატაი დიონისიურ რიტუალს ატარებდა (ან ცდილობდა, რომ ჩაეტარებინა) – რიტუალს, რომელსაც ევრიპიდე ,,ბაკქოსის მხევლებში“ აღწერს და რომელიც თხემით ტერფამდე თავის დაკარგვას გულისხმობს. ბატაის ეს პაგანიზმი, თავისი არსით, არატრადიციული გნოსტიციზმია. აქ რაციონალური ცივილიზაცია აღიქმება სულის დამამწყვდეველ დილეგად – დილეგის შემქმნელი არა დემიურგი, არამედ თავად ცივილიზაციაა. ერთადერთი ჭეშმარიტი ხსნა – „გნოზისი“ – მხოლოდ „მე“-ზე უარის თქმაში იმალება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფრანგი ფილოსოფოსი, ერთი შეხედვით, ხისტად ყოვლის უარმყოფელი ჩანს, მასთანაც, როგორც გნოსტიციზმში, ხსნა არსებობს.
როდესაც ადამიანი უკიდურეს ტკივილს განიცდის, ის აღარ არის ,,პროფესორი“, ,,ექიმი“, ,,მამა“, ,,ნიჭიერი“ – არაფერი აღარ არის, მფეთქავი ხორცის გარდა. ეს მდგომარეობა „დაბალია“, მაგრამ სუფთაა. აქ მივდივართ ,,უწყვეტობასთან“, სხვასთან – რაღაცასთან, რაც ერთდროულად მატერიალურიცაა და სულიერიც; რაც ერთდროულად ჩვენ არ ვართ და ყველაზე მეტად ვართ. ადამიანმა ცნობიერი მსხვერპლად უნდა შესწიროს, რომ თავიდან დაიბადოს. აქ ბატაი ჰეგელისა და ნიცშესგან იღებს შთაგონებას. ადამიანი იგივე ვეღარ არის უწყვეტობის გამოცდის შემდეგ – ის არა თეზისი, არამედ უკვე სინთეზია. დიონისიური რიტუალი საკუთარი თავის დაკარგვაში საკუთარი თავის პოვნას ემსახურება. თუ ჰეგელთან „გაისთი“ ვითარდება მანამ, სანამ ყველაფერს არ შეიმეცნებს, ბატაისთან სულმა უნდა გადალახოს შემეცნება. ცნობიერი უნდა გახდეს ,,ზეცნობიერი“. მას სწამდა, რომ ადამიანს მუდმივი ვარჯიშისა და ნებისყოფის საშუალებით შეუძლია თვითმართვაზე უარის თქმა. ეს ,,ცნობიერების ასკეზაა“, დიონისიური დიალექტიკაა, რომელმაც წარმოუდგენელზე მუდმივი სწორებით ცნობიერების მსხვერპლშეწირვამდე უნდა მიგვიყვანოს.
ბოლოთქმა
ბატაის სიკვდილით, გნოსტიციზმით, ეროტიზმითა თუ ძალადობით აკვიატებები ემსახურებოდა ერთ მიზანს – დაემსხვრია ცნობიერების საზღვრები. ცნობიერების, რომელსაც დააჯერეს, რომ მის ადამიანობას მხოლოდ შრომა და სარგებლიანობა განსაზღვრავს. მსხვერპლშეწირვა, დიონისეული რიტუალები, გარდაცვალება და ყველა სხვა ,,ზღვრული გამოცდილება“ მისთვის სწორედ ამ მსხვრევის გზა იყო. რთულია მის ფილოსოფიაში კითხვებზე ერთი ზუსტი პასუხის მოძებნა, რადგან, როგორც ჭეშმარიტი პოსტმოდერნისტი და პოსტჰუმანისტი, მკვეთრად ეწინააღმდეგებოდა გრანდნარატივის ჩამოყალიბებას. და, მიუხედავად იმისა, რომ ერთმნიშვნელოვნად ირონიულია, აკადემიურ ჩარჩოებში მოაქციო მისი მსჯელობა, მისი წვლილი კულტურაში გამოსაკვლევია.
მაქს ვებერი, სოციოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, თვლიდა, რომ რაციონალიზაცია თანდათან განდევნიდა კულტურებიდან მისტიციზმს, მაგიას. ბატაი მკაცრად უარყოფდა ამ აზრს – ირაციონალიზმი იპოვის სხვა ეპოქებში სხვა სახეს, მაგრამ არასდროს გაქრება. ,,სპირიტუალობა“, საშინელებათა ფილმები, სამედიცინო დრამები და პოპ-კულტურის სხვა უსაყვარლესი თემები ბატაის ამ მოსაზრებას ადასტურებს. ცივილიზებულ ადამიანს მუდმივად სჭირდება კავშირი ,,საზარელ წმინდასთან“, მიღმიერთან. ის, რასაც იგი აკეთებს თავის ფილოსოფიასა თუ მხატვრულ ლიტერატურაში, გაბედვაა. გაბედვა, მოუსმინოს საკუთარ შემზარავ აზრებს, აღიაროს მათი არსებობა და არ უგულებელყოს ისინი; გაბედვა, ჩახედოს საკუთარ სულს თვალებში – არა მხოლოდ საკუთარს, არამედ მთელი კაცობრიობისას. და, ალბათ, სწორედ ეს აკლდათ მოაზროვნეებს, რომლებმაც, იდეალური მორალური გზამკვლევის ჩამოყალიბების მიუხედავად, მსოფლიო სისასტიკისგან მაინც ვერ იხსნეს.
ბიბლიოგრაფია
Bataille, Georges. The Accursed Share: An Essay on General Economy. Translated by Robert Hurley. Vols. 2 and 3. New York: Zone Books, 1991.
Bataille, Georges. The Bataille Reader. Edited by Fred Botting and Scott Wilson. Oxford: Blackwell, 1997.
Bataille, Georges. Erotism: Death and Sensuality. Translated by Mary Dalwood. San Francisco: City Lights Books, 1986.
Bataille, Georges. Inner Experience. Translated by Leslie Anne Boldt. Albany: State University of New York Press, 1988.
Bataille, Georges. Theory of Religion. Translated by Robert Hurley. New York: Zone Books, 1989.
Bataille, Georges. Visions of Excess: Selected Writings, 1927-1939. Edited by Allan Stoekl. Translated by Allan Stoekl, Carl R. Lovitt, and Donald M. Leslie Jr. Minneapolis: University of Minnesota Press, 1985.
Euripides. Euripides V: The Bacchae; Iphigenia in Aulis; The Cyclops; Rhesus. 3rd ed.
Kuo Merici, Judy. Deconstructing Bataille: The Sacred and the Profane. In Merici, edited by Henry Poetrodjojo, Ilze Alexander, and Lauren Prossor. Vol. 1. Canberra: ANU eView, 2016.
Preparata, Guido Giacomo. Un(for)giving: Bataille, Derrida and the Postmodern Denial of the Gift. The Catholic Social Science Review 13. 2008. 169–200.
Themi, Tim. Bataille and the Erotics of the Real. Parrhesia 24. 2015. 312–335.
York, Jonathan David. Flesh and Consciousness: Georges Bataille and the Dionysian. Journal for Cultural and Religious Theory 4, no. 3. August 2003.
- [1] Georges Bataille, 1970. Oeuvres complètes (OC, 12 volumes), Paris:Gallimard.
- [2] Euripides V: The Bacchae; Iphigenia in Aulis; The Cyclops; Rhesus (3rd ed.)
- [3] Tim Themi, “Bataille and the Erotics of the Real,” Parrhesia 24 (2015): 312–335.
- [4] Arthur Rimbaud, “Soleil et Chair.” In Œuvres complètes, edited by André Guyaux. Paris: Gallimard, 2009.
- [5] Georges Bataille,Theory of Religion. Translated by Robert Hurley. New York: Zone Books, 1989.
