ავტორი: ნინო ჭუმბურიძე
რედაქტორები: ბექა იობიძე, მარიამ გორდაძე
კორექტორი: ხატია რუხაძე
მდევარი, 2026
წინათქმა
იაპონია, დღესდღეობით ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოკავშირე, მეორე მსოფლიო ომის დროს აზიაში მისი ყველაზე დიდი მეტოქე და, ზოგადად, კონტინენტზე მთავარი ანგარიშგასაწევი იმპერიული ძალა იყო. მეიჯის რესტავრაციის შედეგად დამკვიდრებულმა და დასავლური იმპერიალიზმით შთაგონებულმა სამხედრო ექსპანსიამ მე-20 საუკუნის დასაწყისში იაპონია რეგიონულ ჰეგემონად აქცია, რომლის სამხედრო და პოლიტიკური გავლენა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის დიდ ნაწილზე ვრცელდებოდა. თუმცა ატომური დაბომბვის შედეგად ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად განადგურებულ ერს არჩევანი არ დარჩა – იაპონიამ მიიღო პოტსდამის დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთი იაპონიის შეიარაღებული ძალების უპირობო დანებებას მოითხოვდნენ (Igarashi 2000, 21).
კაპიტულაციის შემდეგ იაპონია მოკავშირეთა ოკუპაციის ქვეშ მოექცა, რომლის დროსაც ძირითადი პოლიტიკური და ინსტიტუციური რეფორმები ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით განხორციელდა. კერძოდ, გენერალი მაკართური, მოკავშირეთა ძალების უმაღლესი სარდლობის (SCAP) მეთაური, გაუძღვა იაპონიის სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარდაქმნას (Office of the Historian, Shared Knowledge Services, Bureau of Administration, n.d.). სწორედ მაკართურის მოთხოვნით, 1945 წელს იაპონიის მთავრობამ ახალ კონსტიტუციაზე დაიწყო მუშაობა. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციის პირველი სახე ამერიკელმა გენერალმა დაიწუნა, ვინაიდან მას „აკლდა ომის უარყოფა“, აგრეთვე, იგი საკმარისად არ შეესაბამებოდა პოტსდამის დეკლარაციის პირობებს (Caron, n.d., 192). ცხადია, რომ იაპონიის რეფორმირება მოკავშირეების, განსაკუთრებით ამერიკის ეროვნულ ინტერესებს ემსახურებოდა, იაპონიის სამხედრო შესაძლებლობის შეზღუდვა კი შეკავებასთან ერთად ერთგვარი დასჯის საშუალებაც იყო.
საბოლოოდ, იაპონიის მთავრობამ მიიღო მაკართურის ზედამხედველობით შექმნილი კონსტიტუცია, რომელშიც უარყოფილი იყო ომი, როგორც ქვეყნის სუვერენული უფლება, და, ამასთანავე, სამხედრო შესაძლებლობის შენარჩუნება: „…იაპონელი ხალხი სამუდამოდ უარს ამბობს ომზე, როგორც ერის სუვერენულ უფლებაზე და ძალის მუქარაზე ან გამოყენებაზე, როგორც საერთაშორისო დავების მოგვარების საშუალებაზე. წინამდებარე პუნქტის უზრუნველსაყოფად სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალები, ისევე როგორც სხვა საომარი პოტენციალი, არასდროს იქნება შენარჩუნებული. სახელმწიფოს საომარი მოქმედების უფლება არ იქნება აღიარებული“ (The Government of Japan, n.d.). კონსტიტუციის ამ მუხლმა არსებითად შეცვალა სუვერენიტეტი, როგორც ცნება და მისი განხორციელების ფორმა, რადგან სახელმწიფოს ჩამოართვა ომის – პოლიტიკური იარაღის – გამოყენების კანონიერი უფლება. თუმცა აღსანიშნავია, რომ იაპონიის პაციფიზმი მხოლოდ გარე ძალების ჩარევით არ ჩამოყალიბებულა. მეორე მსოფლიო ომის ტრაგიკული შედეგებიდან გამომდინარე, საზოგადოებაში ომისადმი დიდი გულმიუსავლობა გაღვივდა. შედეგად, პაციფიზმი არა მხოლოდ კონსტიტუციურ-ინსტიტუციურ მდგენელს, არამედ იმ დროის საზოგადოებაში გავრცელებულ მორალურ განწყობასაც მოიცავდა, რომლის მიხედვითაც ომი კატასტროფული მოვლენა იყო (“ejcjs – Contesting the Japanese Constitution”, 2006).
აქვე აღსანიშნავია, რომ იაპონიის კონსტიტუციის მე-9 მუხლმა გამორჩეული სამხედრო ინსტიტუტის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. უფრო ზუსტად, კონსტიტუციურად აკრძალულია სავალდებულო სამხედრო სამსახური, რაც სახელმწიფოს მასობრივი გაწვევის საშუალებას ართმევს. ამასთან, კონსტიტუცია ზღუდავს სამხედრო ძალის საზღვარგარეთ გამოყენებას, თუმცა სინამდვილეში ეს წესი ხშირად გადაიაზრება არასაბრძოლო და ჰუმანიტარულ მისიებში. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება, რომელიც უნდა აღვნიშნოთ, არის ის, რომ იაპონიას არ გააჩნია სამხედრო სამართლის ცალკე სისტემა და სამხედრო მოსამართლის ინსტიტუტი; სამართლებრივი დავები განიხილება სამოქალაქო სასამართლოებში, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს ამ სტრუქტურის იურიდიულ ავტონომიას. (Okumiya, n.d.).
პაციფიზმის პირველი გადახედვა: იაპონიის თავდაცვის ძალების ჩამოყალიბება
მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე ახალი გეოპოლიტიკური წესრიგი დამყარდა – ჩამოყალიბდა ორპოლუსიანი არქიტექტურა. საბჭოთა კავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების იდეოლოგიური დაპირისპირება, უფრო სწორად, გავლენის სფეროების ზრდისაკენ სწრაფვა, ცივ ომში გადაიზარდა, რომლის არაერთი მწვავე კერა აღმოსავლეთ აზიაში აღმოცენდა.
აღსანიშნავია, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე კორეა იაპონიის კოლონია იყო. ქვეყანას ფაქტობრივად არ გააჩნდა დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები და მის სრულ ადმინისტრაციულ-პოლიტიკურ მოწყობას იაპონია განაგებდა. ამ უკანასკნელის კაპიტულაციისა და კორეის ნახევარკუნძულიდან მისი ჯარების გაყვანის შედეგად – მით უმეტეს, კორეის ცენტრალური ეროვნული მთავრობის არარსებობის ფონზე – ეს ტერიტორია სწრაფად მოექცა ორი ზესახელმწიფოს ინტერესთა სფეროში რეგიონში საკუთარი ძალაუფლების გასავრცელებლად. საბჭოთა კავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების შეთანხმების საფუძველზე, კორეა გაიყო დროებითი ადმინისტრაციული ხაზით 38-ე პარალელის გასწვრივ: ჩრდილოეთი ნაწილი მოექცა საბჭოთა სამხედრო ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში, ხოლო სამხრეთი – ამერიკის შეერთებული შტატებისა (Matray, n.d.).
საინტერესოა, რომ კორეის ნახევარკუნძულის გაყოფის შემდეგაც კი შეერთებული შტატების სტრატეგიული ყურადღება ძირითადად იაპონიაზე იყო მიმართული. იაპონია განიხილებოდა აღმოსავლეთ აზიაში მთავარ საყრდენად, რომლის ეკონომიკური გაძლიერება და საბჭოთა გავლენისგან დაცვა უპირველესი ამოცანა იყო. ამ ვითარებაში კორეის მნიშვნელობას განსაზღვრავდა არა მისი თავისთავადი სტრატეგიული წონა, არამედ იაპონიის ეკონომიკური მდგრადობის ხელშეწყობა. მეტიც, ამერიკული სამხედრო ხელმძღვანელობა კორეას აშშ-ის უსაფრთხოებისთვის მეორეხარისხოვანი მნიშვნელობის სივრცედ მიიჩნევდა და არ ელოდა საბჭოთა კავშირის მხრიდან მასშტაბურ საომარ გამწვავებას, რასაც, ვაშინგტონის შეფასებით, სსრკ-ს შეზღუდული სამხედრო შესაძლებლობები განაპირობებდა (Kim 1995, 58). აღნიშნული ცხადყოფს, რომ რეგიონში ძალთა ბალანსისა და საფრთხის აღქმა სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. აქედან გამომდინარე, 1950 წელს ჩრდილოეთ კორეის სამხრეთში შეჭრა შეერთებული შტატებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. კორეის ომმა მნიშვნელოვნად შეცვალა აშშ-ის სტრატეგიული მიზნები და ხედვა რეგიონში: კონფლიქტმა აჩვენა, რომ იაპონია სრულად დემილიტარიზებული ვეღარ დარჩებოდა. ჩინეთის ჩარევამ კი განსაკუთრებით გააძლიერა იაპონიის დაუცველობის აღქმა (Kim 1995, 94), რის შედეგადაც ვაშინგტონმა იაპონიის თანდათანობით გადაიარაღებასა და მისი თავდაცვისუნარიანობის აღდგენას დაუჭირა მხარი.
კორეის ომის დაწყებიდან მალევე, 1951 წელს, იაპონიასა და 48 მოკავშირე ქვეყანას შორის დაიდო სან-ფრანცისკოს შეთანხმება, რომელმაც დაასრულა ამერიკის მიერ იაპონიის ოკუპაცია და მეტწილად გაათავისუფლა იგი ომის რეპარაციებისგან (Foster, n.d.). თანადროულად, იაპონიასა და აშშ-ს შორის გაფორმდა უსაფრთხოების შეთანხმება, რომელიც ამერიკულ მხარეს იაპონიის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების განთავსების უფლებას ანიჭებდა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო პირველი გარდატეხა იაპონური პაციფიზმის ისტორიაში. რეგიონში ძალთა თანაფარდობის ცვლილებამ და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ხედვის გადაფასებამ იაპონიის უსაფრთხოების ძალების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. 1950 წელს გენერალმა მაკართურმა იაპონიის მთავრობას უფლება მისცა შეექმნა 75,000-კაციანი ეროვნული პოლიციის რეზერვი (National Police Reserve), რომელიც ფორმალურად არ წარმოადგენდა სამხედრო ძალას, თუმცა სინამდვილეში მისი დანიშნულება თავდაცვითი შესაძლებლობების აღდგენა გახლდათ (Kim 1995, 96). აღნიშნული ნაბიჯი იაპონიის პაციფისტური კონსტიტუციის პირობებში გადაიარაღების „შეფარული“ ფორმა იყო. შიდა წინააღმდეგობების მიუხედავად, ამერიკული ზეწოლის ფონზე, ეროვნული პოლიციის რეზერვი თანდათან უფრო ორგანიზებულ უსაფრთხოების სტრუქტურად გარდაიქმნა: 1952 წლისთვის იგი საზღვაო უსაფრთხოების ძალებთან გაერთიანდა და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოდ ჩამოყალიბდა, რომელიც უკვე ცენტრალიზებულ სამხედრო მმართველობას ემყარებოდა (Kim 1995). სწორედ აღწერილმა მოვლენებმა შექმნა საფუძველი იაპონიის თავდაცვის ძალების განვითარებისათვის, რაც პაციფისტური იდენტობის პირველი მკაფიო გადახედვა იყო.
სტრატეგიული კურსი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ: „იოშიდას დოქტრინა“
შიგერუ იოშიდა იაპონიის პრემიერ-მინისტრი იყო 1948-1954 წლებში (Nish 2007, 163). მან თანამდებობა დაიკავა ომისშემდგომი კრიზისის ჟამს, როცა საზოგადოების მორალურ-ფსიქოლოგიური ტრავმები ჯერ კიდევ არ იყო მოშუშებული. ასეთ პირობებში იოშიდა მკაფიოდ ეწინააღმდეგებოდა იაპონიის სრულმასშტაბიან გადაიარაღებას და ამას რამდენიმე მიზეზით ხსნიდა: „იაპონია სუსტი ეკონომიკური ძალაა; კონსტიტუციის მე-9 მუხლი კრძალავს გადაიარაღებას; იაპონელებს სამხედროები ეზიზღებათ ტრაგიკული წყნარი ოკეანის ომის შემდეგ; გადაიარაღებული იაპონია კი უარყოფითად იმოქმედებს მის მეზობლებზე“ (Mochizuki, 153). ეს არგუმენტები ცხადყოფს, რომ პრემიერის პოზიცია გადაიარაღების წინააღმდეგ მხოლოდ კონსტიტუციური შეზღუდვებით არ აიხსნებოდა. იგი ეფუძნებოდა როგორც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, ისე საზოგადოებრივ განწყობასა და რეგიონულ გარემოს. იოშიდა აცნობიერებდა, რომ სამხედრო გაძლიერება არა მხოლოდ ფინანსურად მძიმე ტვირთი იქნებოდა, არამედ შიდა ლეგიტიმაციასაც შეარყევდა და მეზობელ ქვეყნებში უნდობლობას გააღრმავებდა. შესაბამისად, იმ პერიოდში პაციფიზმი იაპონიისთვის უფრო მეტად რაციონალური არჩევანი იყო და ქვეყნის მდგრად განვითარებას ემსახურებოდა.
აღსანიშნავია, რომ ზემოაღწერილ სტრატეგიას „დოქტრინა“ მოგვიანებით, გასული საუკუნის 60-იან წლებში, ეწოდა. იგი არსად გვხვდება ოფიციალურად ჩამოყალიბებული დოკუმენტის სახით; ის წარმოადგენს სტრატეგიულ ხედვას, რომელიც იაპონიის ომისშემდგომ კურსს ესაფუძვლება.
ყურადსაღებია, რომ „იოშიდას დოქტრინის“ ძირითადი პრინციპები სამ ურთიერთდაკავშირებულ ნაწილს მოიცავდა: უსაფრთხოების უზრუნველყოფას შეერთებულ შტატებთან ალიანსის მეშვეობით; სამხედრო შესაძლებლობებისა და ხარჯების შეძლებისდაგვარად შეზღუდვას; ეკონომიკური განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებას (Hoshiro 2022, 106). ამ მოდელის ლოგიკა მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ეფუძნებოდა. ამერიკასთან თანამშრომლობაზე დაყრდნობით, იაპონია თავს არიდებდა ფართომასშტაბიან გადაიარაღებას, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის რესურსების ეკონომიკური აღდგენისა და ზრდისათვის მიმართვას უწყობდა ხელს. ამასთან, დოქტრინა გულისხმობდა საერთაშორისო პოლიტიკური კონფლიქტებისგან განრიდებასა და საგარეო ბაზრებზე, განსაკუთრებით აზიაში, ეკონომიკური გაფართოებისკენ სწრაფვას (Hoshiro 2022, 106-107).
იოშიდას სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარე აშშ-სთან უსაფრთხოების შეთანხმების იდეა იყო, რომლის მიხედვითაც იაპონია საკუთარ ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ძალების განთავსებას დათანხმდებოდა, სანაცვლოდ კი შეერთებული შტატები იაპონიის დაცვაზე იღებდა პასუხისმგებლობას. თავდაპირველად ამერიკული მხარე ამ მოდელს ეჭვით უყურებდა, რადგან მიიჩნევდა, რომ იაპონიის სუსტი სამხედრო შესაძლებლობები არათანაბარ კავშირს შექმნიდა. თუმცა ცივი ომის გეოპოლიტიკურმა გარემომ ამერიკისთვის იაპონია ერთ-ერთ გადამწყვეტ სტრატეგიულ საყრდენად აქცია, რის შედეგადაც შეთანხმება შესაძლებელი გახდა (Mochizuki, 153). ამრიგად, იაპონიის უსაფრთხოება ფაქტობრივად გარე ძალაზე გახდა დამოკიდებული, რამაც, ერთი მხრივ, ქვეყნის თავდაცვის პოლიტიკა მნიშვნელოვნად გაამარტივა და მას სამხედრო ტვირთის დიდი ნაწილი მოაცილა, თუმცა, მეორე მხრივ, დამოუკიდებელი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება შეუზღუდა, რაც დღემდე გადაუჭრელ გამოწვევად რჩება.
მთავარი კითხვა, რომელიც ამ დოქტრინასთან დაკავშირებით შეგვიძლია დავსვათ, არის შემდეგი: რამდენად წარმატებული აღმოჩნდა იგი და მიაღწია თუ არა დასახულ მიზანს? ერთი შეხედვით, შეიძლება ითქვას, რომ იოშიდას მთავარი მისწრაფება – ეკონომიკური განვითარება და სტაბილურობა – მიიღწა. იაპონიის ეკონომიკური ზრდა იმდენად სწრაფი და მასშტაბური იყო, რომ ამ მოვლენას მოგვიანებით „ეკონომიკური სასწაული“ ეწოდა. თუმცა აქ კიდევ ერთი საინტერესო კითხვა ჩნდება: იყო თუ არა საჭირო ამ მიზნის მისაღწევად გადაიარაღებაზე უარის თქმა? თამამად შეიძლება ითქვას, რომ დოქტრინის ამ ორ პუნქტს შორის არც ისე ძლიერი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი იყო. ცივი ომის დასაწყისში იაპონია შეერთებული შტატების სტრატეგიულ საყრდენად გადაიქცა აღმოსავლეთ აზიაში, რაც, თავის მხრივ, განსაზღვრავდა აშშ-ს მხრიდან მის ეკონომიკურ მხარდაჭერას, უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და საერთაშორისო ეკონომიკურ სისტემაში ჩართვას. შესაბამისად, იაპონიის ეკონომიკური განვითარება მხოლოდ პაციფისტური არჩევანის შედეგი არ ყოფილა; იგი უმეტესწილად შეერთებული შტატებისთვის ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობით იყო განპირობებული.
სპარსეთის ყურის ომი და იაპონიის ჩართულობა
სპარსეთის ყურის ომი (1990–1991) ცივი ომის შემდგომი პირველი დიდი დაპირისპირება იყო, რომელმაც ქვეყნების საერთო ძალისხმევის საჭიროება წარმოშვა. ერაყის ქუვეითში შეჭრის შემდეგ აშშ-ს ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა მრავალეროვანი გაერთიანება, რომლის მიზანიც კონფლიქტის შეჩერება და რეგიონში სტაბილურობის აღდგენა იყო (Hiroshi 2011). სპარსეთის ყურის ომზე იაპონიის პირველი პასუხი საკმაოდ სწრაფი და მკაფიო აღმოჩნდა: მთავრობამ 1990 წლის 5 აგვისტოს ერაყს ეკონომიკური სანქციები დაუწესა, რაც გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებასაც კი უსწრებდა (Hiroshi 2011).
სპარსეთის ყურის ომმა ნათლად გამოავლინა იაპონიის უსაფრთხოების პოლიტიკის სტრუქტურული შეზღუდვები: მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ცდილობდა ფორმალურად ჩართულიყო საერთაშორისო ძალისხმევაში, შიდა პოლიტიკური და იურიდიული დაბრკოლებები ამას შეუძლებელს ხდიდა. მაგალითად, თავდაპირველად შეიმუშავეს პროექტი, რომლის მიხედვითაც თავდაცვის ძალების (SDF) პერსონალი არასამხედრო მისიებში – ლოგისტიკასა და სამედიცინო მხარდაჭერის მხრივ – უნდა ჩართულიყო, თუმცა, შესაბამისი კანონპროექტი ჩავარდა (Masayuki, n.d., 84). ამას დაემატა ბიუროკრატიული წინააღმდეგობაც: სხვადასხვა ინსტიტუტი თავისებურად აღიქვამდა კონსტიტუციურ შეზღუდვებს, რის შედეგადაც იაპონიამ ვერ შეძლო სრულყოფილად დახმარება ლოგისტიკური თვალსაზრისითაც კი. ქვეყნის წვლილი თითქმის მთლიანად ფინანსური მხარდაჭერით შემოიფარგლა, რასაც საერთაშორისო საზოგადოების მიერ დიდი კრიტიკა მოჰყვა. სწორედ ამ გამოცდილებამ დაანახა იაპონიას საკუთარი სტრატეგიული სისუსტე: ეკონომიკური ძალა ვერ ანაცვლებდა უსაფრთხოების სფეროში ჩართულობას. მართლაც, ომის შემდეგ მოხშირდა მსჯელობა კონსტიტუციის მე-9 მუხლის გადახედვის თაობაზე, რაც მანამდე ფაქტობრივად შეუხებელ საკითხად ითვლებოდა (Masayuki,n.d., 88).
ამგვარად, თუ კორეის ომმა იაპონური პაციფიზმის იდეაში პირველი ბზარი გააჩინა, სპარსეთის ყურის ომმა „იოშიდას დოქტრინის“ რღვევას ჩაუყარა საფუძველი. ამ კონფლიქტმა ქვეყანას დაანახა, რომ ეკონომიკური მდგრადობა და აშშ-ზე დამოკიდებული უსაფრთხოება მხოლოდ მეტ-ნაკლებად მშვიდ გარემოში ამართლებდა. როდესაც ქვეყანა მოულოდნელი კრიზისის პირისპირ აღმოჩნდა, რაც სწრაფ სამხედრო-პოლიტიკურ ზომებს მოითხოვდა, მისი ინსტიტუციური კუთხით მოუმზადებლობა გაცხადდა. სწორედ ამ მძიმე გამოცდილებამ უბიძგა იაპონიას, გადაეხედა საკუთარი კონსტიტუციური შეზღუდვებისთვის.
„ქმედითი პაციფიზმი“ – კონსტიტუციის პირველი გადახედვა
„…„ქმედითი წვლილი მშვიდობისთვის“ (Proactive Contribution to Peace) ლოზუნგის ქვეშ, მე მკაფიოდ განვაცხადე, რომ იაპონიის პოზიციაა მეტად შეუწყოს ხელი მსოფლიო მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას და ისეთი ფუნდამენტური ღირებულებები დაიცვას, როგორიცაა ნავიგაციისა და საჰაერო გადაადგილების თავისუფლება საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობით. ამ მიზნისთვის უკვე ვმუშაობ“,- განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინძო აბემ 2014 წლის პრესკონფერენციაზე (Prime Minister Of Japan and His Cabinet 2014). როგორც ზემოთ აღინიშნა, სპარსეთის ყურის ომმა იაპონური პაციფიზმის გარდაქმნის ახალი ეტაპი განაპირობა. პოლიტიკოსებმა გააანალიზეს, რომ სწრაფად ცვალებად და დაძაბულ საერთაშორისო გარემოში ქმედითუუნარობა და მოკავშირე ქვეყნების ძალისხმევაში არმონაწილეობა სახელმწიფოს ძვირად დაუჯდებოდა, ამიტომ უსაფრთხოების სტრატეგიამ, მათ შორის კონსტიტუციურმა შეზღუდვებმა, ხელახალი გადააზრება მოითხოვა. „ქმედითი პაციფიზმის“ ცნება შეგვიძლია განვიხილოთ მცდელობად, რომელიც ომისშემდგომი პაციფიზმის კიდევ ერთხელ გადახედვასა და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში წვლილის მეტად შეტანას ისახავს მიზნად.
„ქმედითი პაციფიზმის“ იდეის ავტორი სწორედ შინძო აბე იყო. მას პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ორი ვადით, 2006-2007 და 2012-2020 წლებში, ეკავა. მეორე ვადით საქმიანობის დაწყებისთანავე აბე კონსტიტუციის გადახედვის გეგმას შეუდგა (Richter 2016, 1245). აბეს უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი მიზანი იაპონიისთვის კოლექტიური თავდაცვის უფლების მინიჭება იყო, რაც შესამჩნევად გაზრდიდა ქვეყნის მნიშვნელობას საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში. მისი პირველად პრემიერ-მინისტრობის პერიოდშივე შეიქმნა საკონსულტაციო საბჭო, რომელმაც განიხილა ისეთი შესაძლო განვითარებები, როგორიცაა აშშ-ს ფლოტზე თავდასხმის მოგერიება, ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება და მოკავშირე ქვეყნების მხარდაჭერა გაეროს მისიებში (Richter 2016, 1244). თუმცა აბე აცნობიერებდა, რომ კონსტიტუციის ცვლილება პოლიტიკური და საზოგადოებრივი წინააღმდეგობების გამო რთული იქნებოდა. ამიტომ მეორე ვადის ფარგლებში მან სტრატეგია შეცვალა, კერძოდ, ყურადღება კონსტიტუციის „გადახედვაზე“ გადაიტანა და არა – შეცვლაზე. 2014 წლის გადაწყვეტილებით იაპონიას შეეძლო შეზღუდულ პირობებში კოლექტიური თავდაცვის უფლება გამოეყენებინა – მოკავშირე ქვეყნის წინააღმდეგ თავდასხმის შემთხვევაში თუ საფრთხე იაპონიის უსაფრთხოებასაც ემუქრებოდა (Richter 2016, 1246). სწორედ ამგვარად შეძლო აბემ კონსტიტუციური პაციფიზმის „შერბილება“ კონსტიტუციის შეცვლის გარეშე. ეს არა ძირეული რეფორმა, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ სამართლებრივი აქტის შინაარსის ახლებური გაგების დამკვიდრება იყო. შესაბამისად, იაპონიის უსაფრთხოების პოლიტიკის ცვლილება ამ ეტაპზე რჩება ნაწილობრივ შეზღუდულ და პოლიტიკურ შეთანხმებაზე დამოკიდებულად, და არა – სრულფასოვან კონსტიტუციურ გარდატეხად.
რა ხდება დღეს? ულტრამემარჯვენე მეთაური და პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი – სანაე ტაკაიჩი
ბოლო ათწლეულის განმავლობაში საერთაშორისო პოლიტიკაში თვალსაჩინოა კონსერვატიული და მემარჯვენე პოლიტიკური ძალების დაწინაურება, რაც დაკავშირებულია რამდენიმე გარემოებასთან: იმიგრაციის პრობლემა და ეროვნული იდენტობის საკითხი, გლობალიზაციის მიმართ მზარდი უნდობლობა, ასევე უსაფრთხოების გარემოს გაუარესება და საერთაშორისო წესრიგის მდგრადობისადმი რწმენის მინავლება. იაპონია აღნიშნულის ერთ-ერთი მაგალითი გახლავთ: 2025 წლის 21 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავა სანაე ტაკაიჩიმ – ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა. ტაკაიჩი წინამორბედის, შინძო აბეს, მმართველობისას შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა და აბესთან ძალზე დაახლოებული პიროვნება იყო (Prime Minister’s Office of Japan). იაპონიის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი გამოირჩევა თავისი მკვეთრად კონსერვატიული ხედვით, რაც კონსტიტუციის მე-9 მუხლის გადახედვას, თავდაცვის ძალების გაძლიერებას, რეგიონში იაპონიის სამხედრო გავლენის გავრცელებასა და აშშ-ზე დამოკიდებულების შემცირებას ითვალისწინებს (Yeung). მოკლედ რომ ვთქვათ, იგი შეგვიძლია აბეს პოლიტიკის გამგრძელებლად მივიჩნიოთ, თუმცა მეტად ცხადი მილიტარისტული ხედვით.
ხაზგასასმელია, რომ არჩევნებიდან მალევე ახალმა მთავრობამ უსაფრთხოების კუთხით საკმაოდ მკაფიო ნაბიჯები გადადგა. კერძოდ, 2026 ფინანსური წლისთვის ტაკაიჩის კაბინეტმა დაამტკიცა დაახლოებით 9.04 ტრილიონი იენის (დაახლოებით 58 მილიარდი დოლარის) თავდაცვის ბიუჯეტი, რაც წინა წელთან შედარებით 3.8%-იანი ზრდაა და უკვე ზედიზედ მეთორმეტე რეკორდული ზრდის მაჩვენებელია. ბიუჯეტის მიზანი უპილოტო სისტემების, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და საზღვაო თავდაცვითი აღჭურვილობის გაძლიერებაა (Takahashi, 2025). თუმცა, ამ ეტაპზე ახალი კაბინეტის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ვფიქრობ, იარაღის ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნაა. ახალი წესებით იაპონიას სამხედრო აღჭურვილობის გაყიდვა იმ ქვეყნებში შეუძლია, რომლებთანაც თავდაცვის შეთანხმება აქვს დადებული; მათ შორის არის აშშ და გაერთიანებული სამეფო (Mori, 2026). აქვე დავძენ, რომ იარაღის ექსპორტზე შეზღუდვა ოფიციალურად პირველად 1967 წელს, ეისაკუ სატოს პრემიერ-მინისტრობისას დაწესდა. მოგვიანებით, 1976 წელს, პრემიერ-მინისტრმა თაკეო მიკიმ ეს შეზღუდვა გაასრულმნიშვნელოვანა, როცა ერთიანი სახელმწიფო პოზიცია გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც იაპონია თავდაცვითი აღჭურვილობის ექსპორტს სრულად კრძალავდა (Miki, 1976). ეს გადაწყვეტილება ომისშემდგომი პაციფიზმის უმაღლეს წერტილად მიიჩნევა, რადგან მიზნად ისახავდა ქვეყნის ხელახალი შეიარაღების შიშის გაქარწყლებასა და იაპონიის, როგორც „მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოს“, საერთაშორისო სახელის განმტკიცებას. თუმცა კვლევები მიუთითებს, ეს შეზღუდვა არასოდეს ყოფილა კანონით სრულად გამყარებული, რაც აღმასრულებელ ხელისუფლებას მისი შინაარსის თანდათან შეცვლის საშუალებას აძლევდა (Wallace, 2026). ზემოაღნიშნული შეზღუდვის გაუქმება კი დღეს იაპონიის პაციფიზმს განსაკუთრებულად აყენებს ეჭვქვეშ. კერძოდ, სამხედრო იარაღის ექსპორტის ზრდით იაპონია გარდაიქმნება აქტორად, რომელიც არა მხოლოდ პასუხობს უსაფრთხოების გამოწვევებს, არამედ თავადვე მონაწილეობს ახალი რეგიონული წესრიგის ჩამოყალიბებაში.
ტაკაიჩის კიდევ ერთი და, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი წამოწყება, რომელიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, კონსტიტუციის ცვლილების დღის წესრიგში დაყენებაა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიზანი ერთწლიან ვადაში ისეთი წინადადების მომზადებაა, რომელიც პარლამენტში კონსტიტუციური ცვლილების ოფიციალურ წარდგენას შესაძლებელს გახდის (LDP Convention Speech, 2026). ტაკაიჩი საჯაროდ ასევე საუბრობს ეროვნულ რეფერენდუმზე, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა გადაწყვიტონ, უნდა გადაიშალოს თუ არა ისტორიის ახალი ფურცელი. ეს მიუთითებს საკითხის დიდ პოლიტიკურ მნიშვნელობასა და მისთვის საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოპოვების სურვილზე. აღნიშნული გეგმა სცილდება კონსტიტუციის მხოლოდ ფორმალურ ჩასწორებას და უსაფრთხოების არქიტექტურის ინსტიტუციურ გადასინჯვაზე მიუთითებს, რაც იაპონიის ომისშემდგომი პაციფისტური პოლიტიკის არსებითი გადახედვის მცდელობად შეიძლება შეფასდეს (The Japan Times).
მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენების გავლენა
როგორც უკვე განვიხილეთ, იაპონიის პაციფისტური დამოკიდებულების ცვლილება ცხადად არის დაკავშირებული საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოსთან. თავდაცვის ძალების პირველადი ჩამოყალიბება კორეის ომს მოჰყვა, ხოლო „ქმედითი პაციფიზმის“ იდეის დამკვიდრება – სპარსეთის ყურის კრიზისს. შინძო აბეს მიერ კონსტიტუციის ახლებური განმარტებიდან ათწლეულზე მეტი გავიდა, ამ დროის განმავლობაში კი საერთაშორისო უსაფრთხოება დაძაბულობის ახალ საფეხურზე გადავიდა: დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი; ახლო აღმოსავლეთში სულ უფრო მწვავდება კონფლიქტის კერები; ხოლო ჩინეთი, ეკონომიკური და სამხედრო გიგანტი, საკუთარი გავლენის გავრცელებას რეგიონულ და მსოფლიო სარბიელზე ცდილობს. ამასთან, ტაივანის საკითხი კვლავ რჩება ერთ-ერთ მთავარ პრობლემურ თემად რეგიონში.
ამ ფონზე, ჩინეთის მზარდი სამხედრო განვითარება და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო პროგრამები იაპონიისთვის უსაფრთხოების მთავარ გამოწვევებს წარმოადგენს; მეტიც, იაპონიის მთავრობის მიერ 2022 წელს გამოქვეყნებულ ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტში ამ ორი ქვეყნიდან მომდინარე საფრთხეებს ცალკე ქვეთავები ეთმობა. კერძოდ, ჩინეთის პოლიტიკა და სამხედრო ქმედებები შეფასებულია, როგორც ქვეყნისთვის „უმთავრესი სტრატეგიული გამოწვევა“, რაც განსაკუთრებით გამოიხატება სამხედრო შესაძლებლობების სწრაფ ზრდაში, საჯაროობის ნაკლებობასა და სტატუს კვოს ძალის გამოყენებით შეცვლის მცდელობებში (The Ministry of Foreign Affairs Japan, 2022). ამ მხრივ ყურადსაღებია ტაივანის საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ პეკინი ფორმალურად ინარჩუნებს „მშვიდობიანი გაერთიანების“ რიტორიკას, სამხედრო ძალის გამოყენების შესაძლებლობის არგამორიცხვა და ტაივანის გარშემო სამხედრო ქმედებები მნიშვნელოვნად ზრდის კონფლიქტის საფრთხეს. ამასთან, ამ ტერიტორიაზე გადის ნავთობისა და სხვა ბუნებრივი რესურსების მიწოდების ჯაჭვები, რომლებიც იაპონიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია (Blazevic n.d., 150).
ჩრდილოეთ კორეის სამხედრო შესაძლებლობები იაპონიისთვის არანაკლები საშიშროებაა. ფხენიანი ყოველწლიურად ზრდის ბალისტიკური რაკეტების გაშვების სიხშირეს, მათ შორის იაპონიის ზღვის მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან იაპონიაზე პირდაპირი თავდასხმა ნაკლებად სავარაუდოა, კორეის ნახევარკუნძულზე დაპირისპირების გამწვავება იაპონიისთვის დიდი გამოწვევა იქნება. ეს კონფლიქტი, სავარაუდოდ, ვერ დარჩება მხოლოდ რეგიონულ პრობლემად და მასში ჩაერთვებიან როგორც ჩინეთი, ისე აშშ (რომლის სამხედრო ბაზებიც სამხრეთ კორეაშია განთავსებული). ასეთ პირობებში იაპონია, როგორც ვაშინგტონის მთავარი მოკავშირე რეგიონში, სავარაუდოდ, აამოქმედებს „ქმედითი პაციფიზმის“ პოლიტიკას და, სულ მცირე, აშშ-ისა და სამხრეთ კორეის თავდაცვით ძალისხმევაში შეიტანს წვლილს – განსაკუთრებით ლოგისტიკური, სადაზვერვო და სარაკეტო თავდაცვის მიმართულებით. მოვლენათა ასეთი განვითარებისთვის კი სამხედრო ხარჯების ზრდა ცალსახად გამართლებულია.
გარდა ამისა, რუსეთ-უკრაინის ომმა მნიშვნელოვნად შეარყია ევროპის უსაფრთხოების სისტემა და, ამავდროულად, შეცვალა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის სტრატეგიული გარემოც. კონფლიქტის გაჭიანურების ფონზე, ფაქტი, რომ შეერთებულ შტატებს ერთდროულად ორ მთავარ გამოწვევასთან – რუსეთსა და ჩინეთთან – გამკლავება მოუწევს, ცხადი გახდა, ეს კი ვაშინგტონის რესურსების გადანაწილებას მნიშვნელოვნად ართულებს (Tatsumi, 2023). ასეთ პირობებში იზრდება აშშ-ის მოკავშირეების, განსაკუთრებით იაპონიის, მნიშვნელობა რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. სწორედ ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ იაპონიის მიერ უსაფრთხოების პოლიტიკის გადახედვა, თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესება და პაციფიზმის „შერბილება“. გამწვავებული ვითარება ახლო აღმოსავლეთში კი – ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი და აშშ-ს მიერ ირანზე თავდასხმა – იაპონიისთვის ენერგომომარაგებისა და საერთაშორისო მარშრუტების უსაფრთხოების კუთხით დამატებით პრობლემებს ქმნის. ზემოხსენებული დაძაბულობის კერები იაპონიას უბიძგებს უფრო ქმედითი უსაფრთხოების პოლიტიკისკენ, რათა თავიდან აიცილოს ის სტრატეგიული საშიშროებები, რომლებიც აშშ-ს რესურსების სხვა რეგიონებზე გადანაწილების შედეგად შეიძლება წარმოიქმნას.
ამრიგად, იაპონიის ტრადიციული პაციფისტური პოლიტიკა სულ უფრო ნაკლებად პასუხობს საერთაშორისო მოცემულობას, რაც მისი გადახედვის აუცილებლობას უსვამს ხაზს.
ბოლოთქმა
ამრიგად, იაპონური პაციფიზმი მეორე მსოფლიო ომიდან დღემდე მნიშვნელოვნად შეიცვალა. ეს გარდაქმნა ყოველთვის უკავშირდება საერთაშორისო თუ რეგიონული გარემოს გარდამავლობას, რაც იაპონიის პოლიტიკურ და სამხედრო კურსზე განმსაზღვრელ გავლენას ახდენს. პაციფიზმის ცვლილება ძირითადად გამოიხატება მისი უფრო მოქნილი ფორმის ჩამოყალიბებაში, რაც იაპონიას საშუალებას აძლევს, არსებული ვითარებიდან გამომდინარე გადაწყვიტოს საერთაშორისო კონფლიქტებში ჩართულობის ხარისხი და, ამავდროულად, შეინარჩუნოს გავლენა რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურაზე.
დღემდე იაპონიის უსაფრთხოება დიდწილად აშშ-ის უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ არის მოქცეული, რაც მას საშუალებას აძლევდა, ძირითადი რესურსები ეკონომიკურ განვითარებაზე მიემართა. თუმცა, საერთაშორისო ვითარების დამძიმებისა და აშშ-ის ვალდებულებების ზრდის ფონზე, იაპონია სულ უფრო მეტად დგება საკუთარი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ქმედითი ჩართულობის აუცილებლობის წინაშე.
ბიბლიოგრაფია
Blazevic, Jason J. n.d. “The Taiwan Dilemma: China, Japan, and the Strait Dynamic.” Journal of Current Chinese Affairs 39:143-173.
Caron, Joshua D. n.d. “Japan’s Pacifist Constitution: Imposed on It by the United States, Now Japan Scrambles to Answer North Korea’s Threats.”
“Contesting the Japanese Constitution.” 2006. Electronic Journal of Contemporary Japanese Studies. https://www.japanesestudies.org.uk/ejcjs/vol6/iss2/envall.html.
Foster, John. n.d. “Milestones in the History of U.S. Foreign Relations.” Office of the Historian. Accessed April 18, 2026. https://history.state.gov/milestones/1945-1952/korean-war.
The Government of Japan. n.d. “The Constitution of Japan.” Accessed April 16, 2026. https://www.shugiin.go.jp/internet/itdb_english.nsf/html/statics/english/constitution_e.htm.
Hiroshi, Nakanishi. 2011. “The Gulf War and Japanese Diplomacy.”
Igarashi, Yoshikuni. 2000. “Narratives of War in Postwar Japanese Culture.“ 1945-1970. N.p.: Princeton University Press.
Kim, Nam G. 1995. “US-Japan Relations During the Korean War.”Texas: n.p.
Matray, James I. n.d. “The Korean War 101: Causes, Course, and Conclusion of the Conflict.” Association for Asian Studies. Accessed April 18, 2026. https://www.asianstudies.org/publications/eaa/archives/the-korean-war-101-causes-course-and-conclusion-of-the-conflict/.
Ministry of Foreign Affairs of Japan. 2022. “National Security Strategy of Japan.”
Mochizuki, Mike M. 153. “Japan’s Search For Strategy.”
Moore, Ray A., and Donald L. Robinson. n.d. “Partners for Democracy: Crafting the New Japanese State Under Macarthur.” N.p.: Oxford University Press.
Mori, Kurumi. 2026. “Japan Loosens Arms Export Rules in Break from Post-WW2 Pacifism.” BBC, April 21, 2026. https://www.bbc.com/news/articles/clyx4vlqy4vo.
Nish, Ian. 2007. Japanese Envoys in Britain 1862-1964. N.p.: The Japan Society and Global Oriental Publishing.
Office of the Historian, Shared Knowledge Services, Bureau of Administration. n.d. “Occupation and Reconstruction of Japan, 1945–52.” Accessed April 15, 2026. https://www.ndl.go.jp/constitution/e/etc/c06.html.
Okumiya, Masatake. n.d. “Japan’s Self-Defense Forces.” U.S. Naval Institute Proceedings 91 (12): 754. Accessed April 18, 2026. https://www.usni.org/magazines/proceedings/1965/december/japans-self-defense-forces.
Prime Minister Of Japan and His Cabinet. 2014. “Press Conference by Prime Minister Abe.”
Richter, Jeffrey P. 2016. “Japan’s ‘Reinterpretation’ of Article 9: A Pyrrhic Victory for American Foreign Policy?” N.p.: Iowa Law Review.
Takahashi, Kosuke. 2025. “Japan Approves Record Defense Budget for Fiscal Year 2026.” Naval News, December 30, 2025. https://www.navalnews.com/naval-news/2025/12/japan-approves-record-defense-budget-for-fiscal-year-2026/.
“Takaichi Seeks One-Year Timeline for Constitutional Amendment Proposal.” 2026. The Japan Times. https://www.japantimes.co.jp/news/2026/04/13/japan/politics/takaichi-ldp-annual-convention/.
Wallace, Corey. 2026. “The Slow Erosion of Japan’s Arms Export Restraints.” East Asia Forum, April 26, 2026. https://eastasiaforum.org/2026/04/26/the-slow-erosion-of-japans-arms-export-restraints/.
Yeung, Tinshui. 2025. “Sanae Takaichi: Meet Japan’s Drum-Playing, Thatcher-Loving First Female PM.” BBC, October 21, 2025. https://www.bbc.com/news/articles/crkj5e73xkmo.
