რედაქტორები: ბექა იობიძე, მარიამ გორდაძე.

სარედაქციო საბჭო: გვანცა ძამუკაშვილი, ანნა ამილახვარი, თიკო იობიძე, სოფიკო ქურდაძე, მარიამ გორდაძე, ბექა იობიძე.

კორექტორები: მარიამ გორდაძე, გვანცა გოგილაშვილი, ლიზი კაციაშვილი, თიკო იობიძე.

აკადემიურ ინტერვიუთა ჯგუფი: ანნა ამილახვარი, ანანო ყავალაშვილი, ბაკო ქობალია, ნინო ბარბაქაძე.

ტექნიკური ჯგუფი: გიორგი ლექვინაძე, პავლე ერიქაშვილი.


ივანე ზურაბიშვილი - ილუსტრაცია

ივანე ზურაბიშვილი

ავტორი: ,

ავტორები: არჩილ და ლევან ზურაბიშვილები

კარგ ქართველთა ხსოვნისათვის, პარიზი, 1962 წ.

 

 

გამციფრულებლები: ანა სანოძე, მაგდა ვაშაყმაძე

 

 

 

 

შენიშვნა: ვანო ზურაბიშვილის ეს ბიოგრაფია შედგენილია უმთავრესად ჩვენი დედისა და ნაწილობრივ ექვთიმე თაყაიშვილის ცნობათა მიხედვით.

 

ივანე (ვანო) ზურაბიშვილი დაიბადა 26 იანვარს (ძველი სტილით) 1872 წ. ქალაქ ფოთში.

მამამისი (ისიც ივანე), ახლად გადმოყვანილი საბაჟოს უფროსის თანამდებობაზე, იყო კახელი, სოფელ კალაურის მღვდლის შვილი, დედა კი – ანასტასია, იესე ბოდოკიას ასული, იმერეთიდან.

ვანო იყო მეექვსე შვილი ამ ოჯახისა, მაგრამ ცოტა ხანს დასცალდა მას მშობლიური ნაზი სიყვარულით დატკბობა; ვანო იყო ჯერ კიდევ სამი წლისა, როდესაც გარდაიცვალა მამა მისი, კაცი მეტად სათნო ხასიათისა, ცოლ-შვილის მოსიყვარულე და მოამაგე, და რომელს დამსახურებული ჰქონდა დიდი პატივისცემა ნაცნობთა და თანამშრომელთა შორის.

მისმა მეუღლემ, ვანოს დედამ, რომელმაც ერთ დღეს დაჰკარგა ყელჭირვების სენით ორი ვაჟი, გიმნაზიის უფროსი კლასის მოწაფეები, ვერ აიტანა ეს ახალი უბედურება და ორი წლის ავადმყოფობის შემდეგ ისიც, მისი ქმრის გვერდით მიაბარეს მიწას.

დედის მაგივრობა პატარა ვანოს დებმა გაუწიეს; განსაკუთრებით უფროსმა დამ მანანამ, რომელიც უსაზღვრო სიყვარულითა და ზრუნვით თავს ევლებოდა თავის პატარა ძმას და მას ობლობას არ ამჩნევინებდა.

როცა მანანა თავად ციციშვილს ცოლად გაჰყვა, მან პატარა ვანო თან წაიყვანა თავის ახალ სახლში, სოფელ ქარელს, ქართლში.

ვანო ზურაბიშვილი ყოველთვის სიამოვნებით იგონებდა ქართლში გატარებულ მისი ბავშვობის სამ წელიწადს, სადაც მან სავსებით იგემა სოფლის ცხოვრების სიტკბო.

ციციშვილის ნათესავ და სხვა ბავშვებთან ერთად ბაღ-ვენახებში, მინდვრებში თუ ჭალებში თამაშობდა იგი და თანაც აკვირდებოდა სოფლის მუშაობას, ეცნობოდა თავის ქვეყნის სიმშვენიერეს და მისი ბუნების მრავალფეროვანობას.

მაგრამ ხვედრმა ეს ბედნიერებაც არ შეანარჩუნა პატარა ვანოს; მისი და მალე გარდაიცვალა; ვანო ქუთაისში ჩაიყვანეს და მის ნათესავ ბეკო კეჟერაძესთან ბინა გაუჩინეს. მისი მეორე და თბილისში სწავლობდა და, რასაკვირველია, მას არ შეეძლო ძმის მოვლა.

ვანოს მალე სწავლის დროც მოადგა და იგი გიმნაზიის ერთი მასწავლებლის, ბ-ნ კოლიანკოვსკის ოჯახს მიაბარეს რუსული ენის სასწავლებლად და გიმნაზიისათვის მოსამზადებლად. 1882 წლის შემოდგომაზე ვანო კლასიკური გიმნაზიის მოსამზადებელ კლასში შევიდა და ორი წლის შემდეგ გიმნაზიის პანსიონში მიიღეს.

უქმეებს და ზაფხულს ვანო ანნა ივანე მგალობლიშვილის ასულის, დემიდოვის ოჯახში ატარებდა, სადაც დემიდოვების სამივე ვაჟი მკვიდრ ძმასავით ეპყრობოდა მას, ხოლო დედამათი შვილებში მას არ არჩევდა.

გიმნაზიაში ყოფნის დროს ვანოს უკანასკნელი ღვიძლი ნათესავები – მისი და-ძმა – სიკვდილმა წაართვა. ამას შემდეგ ვანოს მზრუნველად დარჩნენ მისი დეიდაშვილები: გრიგოლ და ბარბალე ვოლსკი – დემიდოვის ოჯახი, რომელიც ნათესაურ სიყვარულს და ალერსს ჭარბად იჩენდა ვანოსადმი.

თვით გიმნაზიაში ვანოს გულითადი მეგობრები გაუჩდნენ და მისი სიყრმე ძმური სიმპატიის გარემოში იშლებოდა და მის ბუნებით რბილ და მოსიყვარულე გულს კიდევ უფრო მეტ სიკეთისაკენ იწვევდა.

1891 წელს მაისში ვანომ დაამთავრა სწავლა გიმნაზიაში და შემოდგომაზე კიევის უნივერსიტეტში მედიკურ ფაკულტეტზე შევიდა, მაგრამ მალე აზრი შეიცვალა და იურიდიულ ფაკულტეტზე გადავიდა. 1892 წ. მან ქალაქიც გამოიცვალა და მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.

1895 წლის ივნისში ვანო ზურაბიშვილმა დაამთავრა სწავლა და თავის სამშობლოში დაბრუნდა. იმავე წლის ივლისში მან შეირთო ნიკო ნიკოლაძის უფროსი ასული ნინო და ქუთაისში დაბინავდა.

მოსკოვში ყოფნის დროს ვანო ზურაბიშვილმა თავის მეგობარ გრ. გველესიანთან ერთად თარგმნა ხუთმოქმედებიანი პიესა „მარიამ სტიუარტი“, რომელიც „მოამბეში“ დაიბეჭდა.

ქუთაისში მან დაიწყო მოთხრობების წერა. ამ ხანას ეკუთვნის მისი „მწვანე ყვავილა“, „საათი“, „თოვს“, რაც „ივერიაში“ იბეჭდებოდა. ქუთაისიდანვე ვანომ გააგზავნა წერილი „ივერიაში“ დიდი მღვდელმთავრის, გაბრიელ ეფისკოპოზის გარდაცვალებისა გამო. ამავე დროს ამ დიდი საზოგადო მოღვაწისა და პიროვნების შესახებ ვანომ მოათავსა ვრცელი წერილი მოსკოვის „ისტორიჩესკი ვესტნიკში“.

1896 წ. დეკემბერში ვანო გადავიდა თბილისს საცხოვრებლად და იქ მაშინვე შეუერთდა ახალგაზრდა პუბლიცისტთა და მწერალთა წრეს და დაიწყო უფრო მუდმივი ლიტერატურული მუშაობა.

თბილისის ქართველი საზოგადოება სიმპატიით და დიდი თანაგრძნობით ეკიდებოდა ახალგაზრდა მწერალთ და მოღვაწეთ, და ამხანაგებში, თუ ფართო საზოგადოებაში ივანე ზურაბიშვილს მეგობრები და კეთილისმსურველნი გაუჩნდნენ.

ყველა ჩვენი ლიტერატურის დედა ბურჯი: ილია ჭავჭავაძე, გიორგი წერეთელი, სოფრომ მგალობლიშვილი, ანტონ ფურცელაძე, მამია გურიელი, ივანე მაჩაბელი, – გაიცნო ვანომ და ხვდებოდა მათ რედაქციის, თუ კერძო კრებებზე და ყველგან სიკეთით და სიმპატიით მოპყრობას და წაქეზებას ხედავდა.

ახალგაზრდა მწერალთა და მოღვაწეთა წრემ – კიტა აბაშიძე, გრ. აბაშიძე, გიორგი ლასხიშვილი, შიო დედაბრიშვილი (არაგვისპირელი), ვლ. ლორთქიფანიძე, ილია და ნინო ნაკაშიძე, მარიამ დემურიასი და სხვ. – გულითადი მეგობრობით მიიღო ვანო და მას გააცვნეს თბილისის საზოგადოება, მისი კულტურული წრეები.

დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ვანოზე „ივერიის“ რედაქციის კრებები, სადაც ხიბლავდა მისი საყვარელი მწერლისა და პოეტის ილია ჭავჭავაძის პიროვნება. ვანო სამუდამოდ დარჩა მისი თაყვანისმცემელი. ხშირად კერძოდაც ხვდებოდა ვანო დიდ ილიას: ალექსანდრე ორბელიანის სახლში.

1898 წელს კიტა აბაშიძემ შეირთო თეკლე ორბელიანის ასული, ძმისწული მარიამ ორბელიანისა (ეს უკანასკნელი იყო პოეტ ვახტანგ ორბელიანის ასული და ალ. ჯ.- ორბელიანის მეუღლე). ამ ამბავმა უფრო დააახლოვა ვანო ორბელიანების მთელს ოჯახს, ვინაიდან კიტა იყო საუკეთესო და უსაყვარლესი მეგობარი ვანოსი მთელ მის სიცოცხლის განმავლობაში. ქალბატონ მარიამის სახლი იყო იმ დროის ნამდვილი ლიტერატურული სალონი: იქ იკრიბებოდა ახალგაზრდა მწერალთა წრე; იქ კითხულობდნენ თავის ნაწერებს ახალგაზრდები; იქ უსმენდნენ მუსიკას და სიმღერას; იქ მსჯელობდნენ ქართულ ლიტერატურაზე, საზოგადო საქმეებზე და ქართული ცხოვრების მწვავე საკითხებზე.

თვითონ ქალბატონი მარიამი იყო შესანიშნავი დამკვრელი პიანინოზე, ღრმად განათლებული ქალი, მშვენიერი მცოდნე ფრანგული ენისა და ლიტერატურის. ამასთან ის იყო ნამდვილი ქართველი ქალი, ქართული ადათების შემნახველი და ყოველ ქართულ საქმეში, საზოგადოებრივ ხასიათის წამოწყებაში მხურვალე მონაწილე. მის სალონში დაიბადა აზრი კიტა აბაშიძის და ვანოს ინიციატივით: მეფე ერეკლეს ფონდის შექმნისა და პირველი კონცერტი ამ საქმის სასარგებლოდ ქალბატონ მარიამის რძალის ნინო ორბელიანისას მოეწყო. ამ „ფონდის“ შემწეობით სამმა ქართველმა, რუსეთში საუნივერსიტეტო სწავლის დასრულების შემდეგ, საზღვარგარეთ თავის განათლების შევსება და განვითარება შესძლო. ესენი იყვნენ: პარიზში – ანდრო დეკანოზიშვილი; გერმანიაში – ვლ. ლორთქიფანიძე და გრ. რობაქიძე. სამივემ ასახელა შემდეგში ქართული მწერლობა.

ქალბატონ მარიამ ვახტანგის ასულის ორბელიანისა თავჯდომარეობით შესდგა კომიტეტი: სათავადაზნაურო ქალთა სკოლის გასახსნელად; და ამ საქმისათვის პირველი თანხის შესაგროვებლად ახალგაზრდა წრემ, რომელშიც ვანოც იყო მონაწილე, შეადგინა გუნდი, ვგონებ ბნ. კავსაძის ლოტბარობით. ეს გუნდი მაცადინობდა ვარლამ ჭიჭინაძის ბინაზე, შემდეგ ამ გუნდმა შემოიარა შეძლებულ ქართველთა ოჯახები, სადაც მას სიამოვნებით უსმენდნენ და ფულს სწირავდნენ სკოლის ფონდისათვის. ამ თავისებური „ალილოს“ საშუალებით ხუთი ათასი მანეთი შეგროვდა.

1897 წლის შემდგომიდან ვანო ზურაბიშვილი, ცოლით და შვილით თბილისში ბინავდება და ცნობილი ვექილის ტერ-სტეპანოვის თანაშემწე ხდება. ამავე დროს ის იწყებს თანამშრომლობას გაზეთ „ნოვოე ობორზრენიეში“, სადაც მრავალ ქართულ სიტყვა-კაზმულ თარგმანს ათავსებს. ამას გარდა, რუსულ და ქართულ პერიოდულ გამოცემებში სწერს წერილებს საზოგადო საკითხთა შესახებ. ერთ დროს მას შეხვდა დიდი პოლემიკა გაზეთ „კავკაზის“ რედაქტორ პოეტ ველიჩკოსთან, რომელმაც უწოდა მას „პოლიტეხნიკური ტენორის“ სახელი, რადგანაც ვანო დაჟინებით მოითხოვდა თავის წერილებში უმაღლეს სასწავლებლის დაარსებას საქართველოში. და ნამეტურ-კი პოლიტეხნიკუმისა.

„ივერიაში“, „მოამბეში“ და „ცნობის ფურცელში“ იბეჭდებოდა ვანო ზურაბიშვილის მოთხრობები, რამოდენიმე იუმორისტული ხასიათის პატარა ამბავი და მრავალი პოლიტიკური წერილი, ბევრი თარგმანი სხვა და სხვა ევროპელი მწერლის თხზულებებისა.

ვანო ცდილობდა ამ თარგმანთა საშუალებით აღედგინა ის სულიერი კავშირი საქართველოსა და დასავლეთ ევროპის შორის, რასაც აბრკოლებდა მატერიალური და პოლიტიკური მდგომარეობა ჩვენი სამშობლოსი.

ფრანგულით მან სთარგმნა მაშინ: მოპასანის, ანატოლ ფრანსის, ალფონს დოდეს და სხვ. მწერალთა ნაწარმოებები. მან გააცნო ქართველებს ესპანელი, იტალიელი, ფინლანდიელი, შვედელი, გერმანელი, პოლონელი მწერლები. იაპონიის ცხოვრებიდანაც (რუსულით) სთარგმნა მან დიდი რომანი „ნამიკო“…

ქუთაისში საქალაქო არჩევნების დროს, სადაც ვანოს კანდიდატურა სოციალისტ-ფედერალისტების მიერ იყო წარდგენილი, თვით ფედერალისტებში რაღაც მიზეზის გამო ერთმა ჯგუფმა მას შავი კენჭი უყარა და ამის გამო სხვამ გაიმარჯვა. ვანოს მომხრენი ძალიან შეწუხდნენ (კიტა აბაშიძე, ზდანოვიჩი და სხვანი)…. დაიწყო ამ შემთხვევის გამო მსჯელობა და კიტა აბაშიძემ წარადგინა დებულება: დადგა მომენტი, როდესაც საქართველოში უფრო გამოკვეთილი ეროვნული ხაზის მიმართულება უნდა შეიქმნასო. ამის გამო, საუბარი ყოფილა ალექსანდრე (საშიკო) იოსელიანის სახლში ილია ჭავჭავაძის თანდასწრებით. ილიამ ეს მოსაზრება გაიზიარა და ცოტა ხნის შემდეგ ილიამ (1904 წ, (7) ) მოიწვია საადგილმამულო ქართულ ბანკში ყრილობა, რომელსაც დაესწრო 80 თუ 85 კაცი. მათ შორის ექვთიმე თაყაიშვილი, ვასო ყიფიანი, გიორგი გვაზავა, პავლე თუმანიშვილი, ნიკო თავდგირიძე და სხვანი. ილიამ ამ კრებაზე წარადგინა წინადადება ეროვნული და დემოკრატიული მოძრაობის შექმნისა.

ეს წინადადება ყველამ გაიზიარა და როდესაც თავჯდომარის არჩევის რიგი დადგა, რა თქმა უნდა, ეს მას თვითონ შესთავაზეს, მაგრამ ილიამ კატეგორიული უარი განაცხადა და კრებას ურჩია ამ პოლიტიკური საქმიანობისათვის ახალგაზრდა ივანე ზურაბიშვილი აერჩიათ. და მართლაც, ვანო ერთხმად იყო არჩეული.

ამ ეროვნულ-დემოკრატიული პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო რამოდენიმე კაცმა და მათ შორის გიორგი გვაზავამ. ეს პროგრამა დაიბეჭდა ათი ათას ცალად პავლე თუნამიშვილის ფინანსიური დახმარებით.

1905 წლის რევოლუციისა და შემდეგ რეაქციის ხანაში ამ პარტიამ ფეხი ვერ მოიკიდა და მას დიდ ხანს არ უცოცხლია…

შემდეგში, როდესაც 1918 წ. სპირიდონ კედიას მეთაურობით დაარსდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, ახალგაზრდებთან ერთად ვანო ზურაბიშვილმა კვლავ მასში მონაწილეობა მიიღო.

1905 წელს ვანო იღებდა მხურვალე მონაწილეობას პავლე თუმანიშვილის გაზეთის „ვოზროჟდენიეს“ რედაქციაში და დასტამბა მრავალი პოლიტიკური წერილი, რომლითაც მუდამ იცავდა თავისუფლების იდეალს და ემსახურებოდა ქართულ საქმეს. მისი გონება და გული ყოველთვის მიზიდული იყო ქართული სინამდვილით, მისი გაჭირვებით და საჭიროებით და ეტრფოდა იგი სამშობლოს მრავალფერ სიდიადესა და სილამაზეს.

ვანოს ყოველი სტრიქონი იყო ნაკარნახევი მხოლოდ ამ სურვილით: თავისი ყოველი ძალა ხალხისა და ქვეყნის სასარგებლოდ გამოეყენებინა.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ქართულად დაწერილ ნაშრომისათვის ვანოს, პრინციპიალურად, არასდროს შაური არ აუღია.

1910 წ. ვანო მოგზაურობს ევროპაში და უგზავნის „კლდეს“ (რედაქტორი: პეტრე სურგულაძე) წერილებს თავისი მგზავრობის შთაბეჭდილებათა გამო – ბოსფორის მომხიბლავი ნაპირები, ნეაპოლი, რომი, ვენეცია მხატვრული გემოვნებით აქვს მას აღწერილი.

კარგი მეხსიერება, ძველ საბერძნეთ-რომის ისტორიის ცოდნა, მხატვრობის, სკულპტურის, ხუროთმოძღვრების და მუსიკის სიყვარული ამშვენებენ ამ წერილებს და ხიბლავენ მკითხველს.

ეს არ იყო არც პირველი და არც უკანასკნელი მოგზაურობა ვანოსი ევროპაში. 1901-1903-1908-1910-1912-1914 წლებში მან მოიარა მთელი სამხრეთი და ცენტრალური ევროპა, პოლონეთიდან დაყოლებული ესპანიამდე და მას აქ არ გამოუტოვებია არც ერთი მუზეუმი, სამხატვრო გალერია, ან ისტორიული შენობა, ან საერთოდ ღირსეული სანახავი.

ძნელია აქ, გახსენება და ჩამოთვლა ყველა ორიგინალურ ნაწერისა თუ თარგმანისა, რომელიც ეკუთვნის ვანო ზურაბიშვილის კალამს მის საქართველოში ოცდახუთი წლის მოღვაწეობის განმავლობაში.

ორი დიდი თარგმანი ფრანგულით დარჩა მას ხელნაწერად: ერთი საქართველოში: ანატოლ ფრანსის „ღმერთებს სწყურიათ“, ნათარგმნი 1919-1820 წ.; მეორე კი პარიზში: ალფონს დოდეს „პატარა კაცი“, რომელიც მის ქაღალდებშია. უკეთეს დროთა მოლოდინში.

1897 წლიდან ვანო ზურაბიშვილი რკინის გზის სავექილო განყოფილებაში შედის და 1908 წლიდან 1919 წლამდე ამიერკავკასიის რკინისგზათა მთავარ იურისკონსულტის თანამდებობა უკავია. როგორც რკინის გზათა გამგეობაში, ისე სასამართლოს სფეროებში ვანომ დაიმსახურა დიდი პატივისცემა. სინდისიერება, უანგარობა და შრომის ნიჭი უმტკიცებენ მას მისდამი სიყვარულსა და მეგობრობას.

უფროსებშიც და ხელქვეითთა შორისაც ყოველთვის მართალსა და მტკიცეს, ფლიდობის უაღრეს მტერს, ამაყს თავისი ქართველობით და ყველასთან თავაზიან ვანოს, ჭირივით ეჯავრებოდა პირმოთნეობა და ლაქუცობა. რკინის გზათა უმთავრესად რუსული გამგეობა პატივსა სცემდა ამ განათლებულ ქართველს და მან შეძლო, ყოველ ოფიციალურ და არა-ოფიციალურ დაბრკოლებათა მიუხედავად, თავისი პირადი გავლენის წყალობით შეეყვანა რკინის გზების სამსახურში არა ნაკლებ ორასი ქართველისა.

1917 წლის რევოლუციის პირველ დღეებშივე ამიერკავკასიის რკინის გზის მუშები და მოხელეები, უმრავლესობით სოციალდემოკრატები, არა-სოციალისტ ივანე ზურაბიშვილს ირჩევენ რკინისგზელთა კომიტეტის თავჯდომარედ!

ბევრს ახსოვს, თუ რა სამსახური გაუწია ამ კომიტეტმა, მისმა ერთგულმა მუშებმა მაშინ საქართველოს და მის დედაქალაქს; თუ როგორ უვნებლად გაისტუმრეს მილიონიანი რუსული ჯარი, რომელიც მოსწყდა ამიერკავკასიის ფრონტს და ლამობდა რუსეთისაკენ სვლის დროს გაეძარცვა ჩვენი დაბა-ქალაქები.

1917 წელშივე ისევ ის კომიტეტი გზავნის პეტროგრადში, რკინისგზათა კონგრესზე ორ დელეგატს: ივანე ზურაბიშვილს და ისიდორე მალანიას; კონგრესზე კი, რვაას დელეგატთა შორის, ივანე ზურაბიშვილი არჩეულია ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტად.

ეს საქმიანობა ვანოს ხელს არ უშლიდა პარალელურად მხურვალე მონაწილეობა მიეღო ქართულ საზოგადოებრივ საქმიანობაში: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადობაში, ქართულ სათავად-აზნაურო სკოლის დამხმარე კომიტეტსა და ქართული დრამატიული საზოგადოების კომიტეტში.

თბილისის ნაფიც ვექილთა საზოგადოებაშიც ივანე ზურაბიშვილს პატივისცემა ჰქონდა დამსახურებული და იქაც რამდენჯერმე წლითი-წლამდე თავჯდომარედ იყო არჩეული. ამავე საზოგადოებაში, ჯერ კიდევ 1914 წლის ომამდე, როდესაც ეროვნულ დამოუკიდებლობაზე ოცნებაც აკრძალული იყო, ივანე ზურაბიშვილმა წაიკითხა მოხსენება საქართველოს ავტონომიის შესახებ.

1916 წელს ივანე ზურაბიშვილი საქართველოს სენატში იყო არჩეული. იმავე წელს ის მიწვეულია ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში და იღებს მონაწილეობას მის ცენტრალურ კომიტეტში.

წინად ვანო მუშაობდა რამოდენიმე წლის განმავლობაში ქართული სათავად-აზნაურო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის თავმჯდომარედ, სწორედ იმ დაწესებულების წიაღში, რომელს ასულდგმულებდა ილიას აჩრდილი და რომელიც იყო მის მიერ ნაანდერძევ ტრადიციათა მატარებელი.

1917 წლიდან ივანე ზურაბიშვილი არჩეული იყო კახეთის რკინისგზის გამგეობის თავჯდომარედ.

დამოუკიდებელი საქართველოს აღდგენამ შეუქმნა ივანეს ისეთი მრავალფერი სახის სამუშაო ასპარეზი, რომ ის მალე გამოვიდა სენატიდან, რათა უფრო თავისუფლად ჩართულიყო ეროვნულ კეთილდღეობის აქტიურ მშენებლობაში.

1918 წლიდან 1921 წლამდე ივანე არის ტყიბულის ქვანახშირის მაღაროთა გამგეობის თავმჯდომარე; ამას გარდა მომქმედი წევრი ქართული სავაჭრო-სამრეწველო პალატისა, წევრი ფრანგულ-ქართული სავაჭრო პალატისა და თავჯდომარე ქართულ სასოფლო-სამეურნეო საურთიეირთო ბანკისა, რომელ თანამდებობაზე საგანგებოდ იქმნა მოწვეული წინანდელ თავჯდომარის, დიდად პატივცემებული ვასო ყიფიანის მიერ.

იურიდიული საკითხებისათვის მას იწვევენ ხშირად მრჩეველად და 1921 წელს ის დასახელებულია საქათოლიკოსო საბჭოს მრჩეველად…

25 თებერვალს 1921 წ. რუსეთის წითელი ჯარი შევიდა თბილისში. წინა ღამეს უკანასკნელი მატარებელით ივანე ზურაბიშვილი წავიდა ქუთაისს და იქიდან, რამოდენიმე დღის შემდეგ, ბათომს. ახედან 19 მარტს უკანასკნელი ფულით ნაყიდი ბილეთებით ვანო ცოლითა და უმცროსი ვაჟით გაემგზავრა ფრანგული გემის „ნატოლის“ ტრიუმში სტამბოლისაკენ: ჯიბეში მას დარჩენია 79 თურქული ლირა და გულში კი – უსაზღვროს ნაღველი ასე, უცბად დაკარგული აღსრულებული ოცნებისა.

სტამბოლში, პირველ ხანად ვანოს ძალიან გაჭირვებული ცხოვრება შეხვდა, ისე როგორც ქართული ემიგრაციის უმრავლესობას.

რამოდენიმე თვის შემდეგ ა. ხოშტარიამ დააარსა სტამბოლში თურქულ-სპარსული ბანკი და ივ. ზურაბიშვილი ამ ბანკის იურისტკონსულტად მოიწვია. სამი წლის განმავლობაში ვანო დარჩა ამ თანამდებობაზე. ამავე ხნის განმავლობაში ვანო თავჯდომარეობდა ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიის სტამბოლის კომიტეტს.

1924 წ. აგვისტოს ბოლოს ივანე ზურაბიშვილმა დასტოვა სტამბოლი და გადმოვიდა პარიზს ცოლითა და უმცროსი შვილით.

მცირე თანხა, რაც მას ერგო ბანკიდან წასვლის დროს, ძლივს ეყო მოგზაურობისათვის და პარიზში ორი-სამი თვე ცხოვრებისათვის. ისევ მიადგა გაჭირვება ვანოს და მის ოჯახს. მაგრამ რამოდენიმე ხნის შემდეგ მან იშოვა სამუშაო “ბონ-მარშეს” უნივერსალურ მაღაზიაში, სადაც სარდაფში საყიდლების პაკეტებს ჰკრავდა. მერმე გადაიყვანეს მაღაზიის ბიუროში, წერილების საწერად.

1926 წ. ვანო შევიდა “სამარიტენის” მაღაზიაში “ინსპექტორის” (ნოქართა ერთი ჯგუფის ზედამხედველი) თანამდებობაზე.

ხუთი წლის განმავლობაში, დღითი-დღე, დილის შვიდი საათიდან საღამოს შვიდ საათამდე ვანო ფეხზე უნდა მდგარიყო, ხშირად შენობის გარეთ, მიუხედავად სიცხისა, თუ სიცივისა, მაგრამ ეს მას მორალურად არ სტეხდა და მიუხედავად ასეთი ფიზიკური პირობებისა, ვანო განაგრძობდა პოლიტიკურ მუშაობას.

შემდეგ ვანო აირჩიეს ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიის პარიზის კომიტეტის თავჯდომარედ.

1930 წ. ვანო ინიშნება ამავე პარტიის პარიტეტულ წარმომადგენლად ეროვნულ მთავრობასთან. ამის გამო ის სტოვებს “სამარიტენს” და მას დრო ეძლევა სალიტერატურო შრომას დაუბრუნდეს, იგი ათავსებს წერილებს “პრომეთეში” (ფრანგულად), “დამოუკიდებელ საქართველოში“ და ეროვნულ-დემოკრატიულ „საქართველოში“. ზოგ წერილს ვანო აწერდა: ცინ-ზენ, ზ-ლი, ჟანზეტ ანდა აგრეთვე თავის მეორე გვარს „დარბაისელი“.

ვანოსთვის ნატვრის და ოცნების საგანი სიყრმის დღეებიდან არ შეცვლილა: იგი ისევ და ისევ მისი მშობლიური მიწა-წყალი და საყვარელი ერი არის.

1931 წ. მას ერთი ოცნება მაინც შეუსრულდა: მესამე შვილმაც დაასრულა უმაღლესი სასწავლებელი და ამრიგად ვანო გრძნობს, რომ მამულისადმი ეს მოვალეობა გაჭირვების მიუხედავად პირნათლად შეასრულა.

დიდი ილიას საიუბილეო დილაზე ვანომ აღტაცებული მოხსენება წაიკითხა, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მსმენელებზე. წაიკითხა აგრეთვე მოხსენება ვაჟა-ფშაველაზე.

1936 წელს დაიბეჭდა მისი წიგნი: „საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობა“, რომელშიაც აღნიშნულია საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხის ვითარება 1918 წლიდან 1936 წლამდე.

ამ წიგნში ხშირად მოუხდება ჩახედვა იმ ქართველს, რომელიც დაინტერესებულია თავის სამშობლოს ამ ეპოქის საერთაშორისო გარემოებით.

ვანოს უკანასკნელი, ეს წინამდებარე წიგნი არის აღწერა 1890-1920 წელთა მანძილზე შეხვედრილ, ქართველი ერის დამახასიათებელ, მშვენიერ პიროვნებების პორტრეტების აღწერა; იგი არ არის ბიოგრაფიული ან ისტორიული ხასიათისა, არამედ ცოცხალ სურათებში, თანამედროვე ატმოსფეროს და ბუნებრივ მომხიბლავ ჩარჩოების შენახვით შესრულებული აღწერაა.

ვანოს სურდა შეენახა ჩვენთვის და ეჩვენებინა მომავალ თაობათათვის ქართველი ხალხის სულიერი სიმშვენიერე, რომელიც მუდმივია, როგორც ერი, მაგრამ თავისებურია, ვინაიდან წარსული ხანა აღარ მეორდება.

ვანომ ვერ დაამთავრა თავისი წადილი: რამდენიმე პორტრეტი დარჩა შეუსრულებელი, რომელთა შორის უნდა ყოფილიყო კოტე აფხაზისა და ქალბატონ ნინო თაყაიშვილისა.

1939-40 წ. ზამთარმა სენ-ჟან-დე-ბრეის სოფელში გატარებულმა მკაცრად იმოქმედა ვანოს ჯანმრთელობაზე. რამდენჯერმე განმეორებულმა გრიპმა შეასუსტა ვანოს ჯანმრთელობა და 1940 წლის 14 ივნისს, დილას ვანო ზურაბიშვილი გარდაიცვალა ბრევანის სანატორიუმში (პარიზიდან 13 კილომეტრით).

ვანო — ეს ოჯახისა და საზოგადოების მოყვარული ადამიანი — გარდაიცვალა სულ მარტო და უცხო ხელმა დაუხუჭა მას თვალები. უკვე 12 ივნისიდან დაწყებული შეუძლებელი გახდა (პარიზში გერმანული ჯარის შემოსვლა მოხდა 13-14 ივნისს) პარიზიდან გასვლა. და ვერც პარიზში მყოფი მეულე ნინო, ვერც ბორდოში გახიზნული შვილები ვანოს დასაფლავებას ვერ დაესწრნენ.

მხოლოდ 1942 წელს მაისში მისმა შვილებმა მამის გვამი გადმოასვენეს და მიაბარეს მიწას ლევილის სასაფლაოზე, სადაც უკვე მრავალი ქართველი არის დამარხული.

ასე უბედურად დამთავრდა მიწიერი ცხოვრება ძვირფას ვანოსი, სამშობლოსა და ცოლშვილის მოყვარულისა, — იგი გარდაიცვალა უცხოეთში და მარტოობაში. მის დასაფლავებას ვერ დაესწრო ვერც ერთი თანამემამულე და არ ერგო არც სიტყვა და არც ნეკროლოგი; ქართული რჯულისა და ადათების თაყვანისმცემელი ვანო გააცილა სასაფლაომდე კათოლიკე მღვდელმა…

ასეთია ბედის უსამართლობა და უკუღმართობა…

ასეთია ჩვენ მრავალ-ტანჯულ სამშობლოს უკეთეს შვილთა ხშირი მაგალითი — მარტოობა და მივიწყება…

მაგრამ ეს მარტოობა არის მხოლოდ მოჩვენებითი. “საბრალოა მხოლოდ სულით იბოლი” — ვანო კი იყო მდიდარი სულის პატრონი, მდიდარი თავის ფაქიზ და ღრმა გრძნობებით, ოჯახის სიყვარულით, მეგობრობით, შემოქმედებით და სიმართლით.

მას არ დაივიწყებენ არა მხოლოდ მისი ოჯახ-ნათესავები და მეგობრები, არამედ მისი თანამშრომელნი და თანამწერლები.

პროფესორი ალ. ხახანაშვილი იხსენიებს მას თავის ქართული ლიტერატურის ისტორიაში, როგორც ბელეტრისტს და მთარგმნელს; კარსტ-იც, თავის ფრანგულ შრომაში, ამასვე იმეორებს. მაგრამ ვანოს ჰქონდა დაწერილი ბევრი პუბლიცისტური წერილი, და ის გაფანტულია სხვა და სხვა გამოცემაში. ყველა ეს ლამაზი ლიტერატურული მემკვიდრეობა ვანომ დაუტოვა თავის საყვარელ ქვეყანას და ყოველი მისი სტრიქონი მისი სამშობლოს მოყვარული შვილის მიერ არის დაწერილი და წმინდა გულისა და სულის ნაკარნახევი.

 



მდევარი