ავტორები: ანნა ამილახვარი, ანანო ყავალაშვილი, ბაკო ქობალია, ნინო ბარბაქაძე
რედაქტორები: ბექა იობიძე, მარიამ გორდაძე
კორექტორი: ირე თვარაძე
მდევარი, 2026
წინათქმა
საზოგადოებრივ მეცნიერებებსა და პოლიტიკურ მსჯელობაში სიღარიბე, უპირატესად, მატერიალური რესურსების ნაკლებობად და ზოგად სტატისტიკურ მაჩვენებლად განიხილება. თუმცა, აკადემიურ ლიტერატურაში სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა პრობლემის ფარულ, ფსიქო-სოციალურ განზომილებას.
დღეს სადავო აღარ არის, რომ მატერიალური სიდუხჭირე აზიანებს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას, ხოლო გაუარესებული ფსიქოლოგიური მდგომარეობა, თავის მხრივ, აფერხებს ეკონომიკურ აღმასვლას. მართალია, თანამედროვე კვლევებში მსჯელობის საგანია, ქმნის თუ არა სიღარიბე დაუღწეველ „ფსიქოლოგიურ მახეს“, თუმცა ისინი ცხადყოფს, რომ სიღარიბესა და ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობას შორის მჭიდრო მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არსებობს[1].
საკითხის საქართველოს მაგალითზე განხილვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რამდენადაც ქვეყანაში სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებთან ერთად, მოწყვლადი ჯგუფების ფსიქოლოგიური მდგომარეობაც სახელმწიფო პოლიტიკის მიღმა რჩება.
წინამდებარე ინტერვიუ სიღარიბეს განიხილავს, როგორც რთულ ფსიქო-სოციალურ ტრავმას, რომელიც ადამიანს მუდმივი გადარჩენის რეჟიმში ამწყვდევს და ზღუდავს მის უნარს გაიუმჯობესოს ეკონომიკური მდგომარეობა. საუბარში მიმოხილულია, თუ როგორ მოქმედებს ქრონიკული სტრესი ადამიანის ქცევასა და გადაწყვეტილების მიღების უნარზე და რა ფსიქოლოგიური მექანიზმებით ხდება საზოგადოებრივი სტიგმის პიროვნულ იდენტობად გარდაქმნა. ინტერვიუს მთავარი თეზისია შემდეგი: „სიღარიბის მანკიერი წრის“ გასარღვევად საკმარისი არ არის მხოლოდ მოკლევადიანი სოციალური შემწეობა და ფინანსური დახმარება; აუცილებელია სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, საზოგადოებრივი სტიგმის დაძლევა და, უმთავრესად, მოწყვლადი ჯგუფებისთვის საკუთარი ცხოვრების მართვისუნარიანობისა და პიროვნული ღირსების განცდის დაბრუნება.
ინტერვიუს მოპასუხეა ანასტასია ქიტიაშვილი, ფსიქოლოგიის დოქტორი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი. მისი სამეცნიერო ინტერესები ძირითადად მოიცავს განწყობის ფსიქოლოგიას, სიღარიბის ფსიქო-სოციალურ გარემოებებსა და მოწყვლადი ჯგუფების სოციალური იდენტობის ჩამოყალიბების საკითხებს საქართველოში.
სიღარიბე არ არის მხოლოდ ეკონომიკური მონაცემი, არამედ მრავალგანზომილებიანი მოვლენაა, რომელიც მყარდება და ნარჩუნდება სხვადასხვა გარემოებით, მათ შორის, ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობით. სოციალური ფსიქოლოგიის მთავარ თეორიებზე დაყრდნობით, რა კავშირი აქვს სიღარიბესა და ფსიქიკას?
სიღარიბის ფსიქიკაზე გავლენის განხილვისას რამდენიმე ძირითადი მიმართულება შეიმჩნევა. უპირველეს ყოვლისა, სიდუხჭირე იწვევს მუდმივ სტრესს. იმ ადამიანის ფსიქიკა, რომელიც მუდმივად ზრუნავს საკვებზე, ბინის ქირაზე, ვალებსა თუ ჯანმრთელობაზე, უწყვეტ თვითგადარჩენის მდგომარეობაშია. ამიტომ, შესაძლებელია, ასეთ პირობებში მყოფთ, მაგალითად, ბავშვების ავადმყოფობის სიმპტომები გამოეპაროთ. ეს მათი გულგრილობით კი არ არის განპირობებული, არამედ იმით, რომ ყურადღების რესურსი აღარ ჰყოფნით. სწორედ ასეთი შედეგები მოაქვს ქრონიკულ სტრესს.
ამასთანავე, სიღარიბის გავლენა ფსიქიკურ კეთილდღეობაზე მნიშვნელოვანწილად განპირობებულია იმ საზოგადოებრივი დაღითაც (სტიგმით), რომელიც თან სდევს უქონლობას. უპოვართა მიმართ ხშირად მკვიდრდება ცუდი წინასწარგანწყობები და მათ მიაწერენ ისეთ დამამცირებელ მახასიათებლებს, როგორიცაა ზარმაცი, უუნარო, უპასუხისმგებლო. ზოგადად, ადამიანები საკუთარ თავს იმ საზოგადოებრივი ჯგუფის ჭრილში აფასებენ, რომელსაც თავს მიაკუთვნებენ. დაბალი სოციო-ეკონომიკური ჯგუფის მიმართ არსებული სტიგმის გაშინაგნება მრავალსაფეხურიანია, თუმცა, საბოლოოდ, გარეგანი შეფასებები შინაგან რწმენად იქცევა და საზიანოდ აისახება ფსიქიკის ყველა მდგენელზე – როგორც ქცევით გამოვლინებებზე, ისე შემეცნებაზე.
შემდეგი ყურადსაღები საკითხი უმწეობის განცდის ჩამოყალიბება და მისდამი შეგუებაა. ადამიანს უჩნდება განცდა იმისა, რომ საკუთარი ძალისხმევით შეუძლებელია მოცემულობის ცვლილება. ძალისხმევის ამაოების რწმენა თანდათან თრგუნავს მონდომების სურვილსა და ქმედუნარიანობას, რაც, შესაბამისად, იწვევს შფოთვას, დეპრესიულ განწყობებს, თვითშეფასების მკვეთრ დაქვეითებასა და სასოწარკვეთას.
საზოგადოებრივი კავშირებიც რომ განვიხილოთ – რთულია იმის დადგენა, საზოგადოება შორდება სიღარიბეში მცხოვრებ ადამიანებს თუ თავად ეს ადამიანები შორდებიან საზოგადოებას. ურთიერთობებისთვის თავის არიდება კიდევ უფრო აძლიერებს მათ გაუცხოებას და ერთგვარად ამყარებს არსებულ არახელსაყრელ მდგომარეობას. შედეგად, სიღარიბე მოქმედებს როგორც ადამიანების მოლოდინებზე, ისე შემეცნების უნარსა და ქცევით არჩევანზე. შესაბამისად, ის მხოლოდ მატერიალური სიდუხჭირით არ შემოიფარგლება.
სიღარიბის ფსიქოლოგიური თეორიებიდან განსაკუთრებით საინტერესოა „დასწავლილი უმწეობისა“ (Learned Helplessness) და „სიმწირის მენტალობის“ (Scarcity Mindset) თეორიები. მათზე დაყრდნობით, როგორ ზემოქმედებს მატერიალური სიდუხჭირით გამოწვეული შფოთვა ადამიანის კოგნიტურ მექანიზმებზე?
მარტინ სელიგმანის „დასწავლილი უმწეობის“ თეორია ნამდვილად ყურადსაღებია. მას ეხმიანება ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევაც[2],- კერძოდ, შევნიშნეთ, რომ როდესაც ადამიანს, მრავალჯერადი მცდელობის მიუხედავად, მუდმივად უცრუვდება იმედი – ვერ აღწევს მიზანს, ვერ პოულობს სამუშაოს და არ აქვს ფინანსური სიმყარე – მას უყალიბდება განცდა, რომ ნებისმიერი ძალისხმევა აზრდაკარგულია. მნიშვნელოვანია განვასხვაოთ, რომ ეს არ არის უბრალოდ პესიმიზმი, ეს ქმედითუნარიანობის დაქვეითებაა. ანუ, ჩვენ მიერ ჩატარებულმა კვლევამაც დაადასტურა, რომ დასწავლილი უმწეობა სიღარიბის ფსიქოლოგიური განზომილების ერთ-ერთი მთავარი საყრდენია.
ასევე მნიშვნელოვანია მეორე თეორია – „სიმწირის მენტალიტეტი“ (Scarcity Mindset). ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა შაფირისა და მისი კოლეგების ნაშრომი[3]. კვლევამ აჩვენა, რომ ფინანსური სიმწირე ზღუდავს ადამიანის კოგნიტურ უნარებს (ე.წ. კოგნიტურ გამტარუნარიანობას). აღნიშნული მიგნებები უარყოფს შეხედულებას, რომ სიღარიბე ადამიანის ინტელექტუალური უნარების ნაკლებობით არის განპირობებული; პირიქით, თავად სიმწირის მდგომარეობაა ის მიზეზი, რომელიც შემეცნებითი უნარების შეფერხებას იწვევს.
ხაზგასასმელია, რომ სიღარიბე ქმნის გარემოს, სადაც კოგნიტური რესურსების გადანაწილების ნაცვლად, ამ ადამიანების ენერგია სრულად იხარჯება ყოველდღიური ფინანსური პრობლემების მოგვარებასა და გადარჩენაზე. შესაბამისად, გრძელვადიანი დაგეგმვისთვის საჭირო ყურადღებისა და მეხსიერების მოცულობა საგრძნობლად მცირდება. ეს არის ე.წ. „სიღარიბის კოგნიტური საფასური“ – მდგომარეობა, როდესაც გონებრივი რესურსი აღარ ჰყოფნის ადამიანს კარიერულ განვითარებასა თუ სამომავლო მიზნებზე ზრუნვისთვის. ცხადია, ამ მდგომარეობას თან ახლავს გამოხატული შფოთვაც. სიდუხჭირეში მცხოვრები ადამიანი ხშირად იღებს საფრთხის შემცველ გადაწყვეტილებებს. ეს განპირობებულია არა უუნარობით, არამედ ადამიანის კოგნიტური შესაძლებლობების მთლიანად აწმყოსა და მოკლევადიან სარგებელზე მიმართვით. ამრიგად, მუდმივი შფოთვა და არჩევანის სიმწირე სამ დონეზე მოქმედებს: 1) ქვეითდება გამოსავლის დანახვის უნარი; 2) უბიძგებს ადამიანს იმპულსურობისკენ; 3) თრგუნავს განცდას, რომ არჩევანის თავისუფლება არსებობს.
სწორედ ამიტომ, სიღარიბეში მცხოვრებ ადამიანებში ხშირია ერთი შეხედვით წინდაუხედავი გადაწყვეტილებები, მაგალითად, ვალის აღება, რასაც საბოლოოდ მეტი პრობლემა მოაქვს. თუმცა, ამგვარი გადაწყვეტილება არ არის ირაციონალური, არამედ ესაა აწმყოში გადარჩენით ნაკარნახევი არჩევანი.
ინტერვიუს დაწყებისთანავე ახსენეთ სტიგმის მნიშვნელობა და თუ როგორ ხდება მისი გაშინაგნება. მეცნიერული თვალსაზრისით, როგორ და რა ფსიქოლოგიური საფეხურების გავლით იწყება საზოგადოებრივი დამოკიდებულების პიროვნული იდენტობის ნაწილად გარდაქმნა?
როგორც აღვნიშნე, სტიგმის გათავისება ხანგრძლივად მიმდინარეობს და რამდენიმე საფეხურს მოიცავს. საწყისად შეგვიძლია საზოგადოებაში დამკვიდრებული იარლიყები მოვიაზროთ,- სიღარიბეში მცხოვრებ ჯგუფს გარკვეული ცუდი თვისებები მიეწერება, როგორიცაა „ზარმაცი“, „უუნარო“, და ა.შ.. მომდევნო საფეხური განმეორებითი საზოგადოებრივი გამოცდილებაა, რაც გარიყვაში, დამცირებასა და ურთიერთობის თავის არიდებაში გამოიხატება. ამ ჯგუფის მიმართ თავდაპირველად უხილავი ზღუდე აღიმართება, რაც შემდგომ აშკარა დისკრიმინაციაში გადაიზრდება. საბოლოოდ, ადამიანები სტიგმის გაცნობიერებას იწყებენ, უყალიბდებათ მოლოდინი, რომ მათ კვლავ ცუდად მოეპყრობიან, რადგან ეს გამოცდილება მათს ცხოვრებაში მრავალგზის განმეორდა. სწორედ ამ დროს ხდება სტიგმის გაშინაგნება. საქართველოში ჩატარებული ჩვენი კვლევის[4] შედეგები აღნიშნულს ადასტურებს. აღქმული „სტიგმის სკალის“ ანალიზისას გამოიკვეთა, რომ სტერეოტიპებთან თანხმობის მაჩვენებლები ერთიანდება გაშინაგნებულ სტიგმასთან. ეს მიუთითებს, რომ საზოგადოებრივი შეფასება დროთა განმავლობაში თვითშეფასებაში აისახება; ის, რაც თავდაპირველად გარედან მომავალი წნეხი იყო, თანდათანობით ადამიანის შინაგან თვითაღქმად იქცევა.
როგორც აღნიშნეთ, სიღარიბეში მცხოვრები ადამიანები სიღარიბეს არა მხოლოდ ეკონომიკურ მდგომარეობად, არამედ პირად მარცხადაც აღიქვამენ, რაც მათს თვითშეფასებაზე აისახება. რა მნიშვნელობა აქვს თვითშეფასებასა და თვითაღქმას სიღარიბესთან გამკლავებისას?
თვითშეფასება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია; შეიძლება ითქვას, რომ ის მოქმედებს, როგორც პიროვნული რესურსი. თუ ადამიანი საკუთარ თავს უუნაროდ, უღირსად ან წარუმატებლად აღიქვამს, მას ნაკლებად სჯერა ცვლილებების და უფრო ადვილად ეგუება არსებულ მდგომარეობას. თუმცა, თუ ადამიანი ინარჩუნებს ღირსებისა და თავდაჯერებულობის აღქმას – მაგალითად, სწამს, რომ შეუძლია მიიღოს განათლება, დასაქმდეს და ჩაერთოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში – ეს მის მომავალზე ცალსახად სასარგებლოდ აისახება. შესაბამისად, თვითშედეგიანობის განცდა და თვითშეფასება, როგორც ცვლადები, სიღარიბის დაძლევის უმნიშვნელოვანესი ფსიქოლოგიური პირობათაგანია. ამდენად, ისეთი პროგრამების არსებობა, რომლებიც უპოვრობაში მყოფ ადამიანებს ამ თვისებების გაძლიერებაში დაეხმარება, კარგად იმოქმედებს მათს მცდელობაზე, თავი დააღწიონ ამ რთულ საზოგადოებრივ მდგომარეობას.
აუცილებელია ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ თვითშეფასება ვერ ცვლის სტრუქტურულ უთანასწორობას, თუმცა იგი განსაზღვრავს, თუ როგორ უმკლავდება ადამიანი ეკონომიკურ დაბრკოლებებს. კარგი თვითშეფასება ზრდის ალბათობას, რომ ადამიანმა საკუთარი მონდომებით იმოქმედოს. ამიტომაც, თვითშეფასება ფასდაუდებელი შინაგანი რესურსია.
დასაწყისშივე ახსენეთ და თქვენი კვლევებიც დიდწილად ეფუძნება ტაჯფელისა და ტერნერის სოციალური იდენტობის თეორიას, რომელიც გულისხმობს, რომ ინდივიდის თვითაღქმის დიდი ნაწილი დაკავშირებულია საზოგადოებრივ ჯგუფთან, რომელსაც იგი თავს მიაკუთვნებს. მიმოვიხილოთ, რას გულისხმობს უარყოფითი სოციალური იდენტობა?
ნამდვილად, ჩვენ მიერ საკუთარი თავის აღქმას დიდწილად განსაზღვრავს ის საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელსაც მივეკუთვნებით. თუ ჩვენი ჯგუფი საზოგადოების მიერ მისაღებად ფასდება, ეს პირდაპირ აისახება ჩვენს თვითაღქმაზე. ამიტომ, ადამიანები ბუნებრივად მიისწრაფვიან მაღალი სტატუსის მქონე (ე.წ. პრივილეგირებულ) ჯგუფებში მოსახვედრად. რაც შეეხება ცუდად აღქმულ, დაბალი სტატუსის მქონე ჯგუფებს – მაგალითად, სიღარიბეში მცხოვრებლებს, მიგრანტებსა თუ დევნილებს, ასეთ ჯგუფებთან მიკუთვნებულობა თვითაღქმას საპირისპიროდ განსაზღვრავს. ცხადია, ეს თვითშეფასების დაქვეითებაზეც მოქმედებს, თუმცა ცვლილება სწორხაზოვანი არ არის – ადამიანები უარყოფითი სოციალური იდენტობისგან თავის დაცვის სხვადასხვა სტრატეგიას მიმართავენ.
უარყოფით სოციალურ იდენტობასთან გასამკლავებლად რამდენიმე ძირითადი გზა არსებობს: (1) ინდივიდუალური საზოგადოებრივი მობილობის სტრატეგია, როცა ადამიანი ცდილობს თავი დააღწიოს სიღარიბეს, რათა აღარ მიეკუთვნებოდეს ამ ჯგუფს. შესაბამისად, თავიდან ირიდებს მასთან დაკავშირებულ ცუდ შეფასებებსაც; (2) სოციალური შემოქმედებითობა – ამ დროს ადამიანი რჩება ჯგუფში, თუმცა საკუთარი ღირსების შესაფასებლად ახალ კრიტერიუმებს ირჩევს და თვითაღქმას ეკონომიკური მდგომარეობის მიღმა აყალიბებს.
ასევე არსებობს გამკლავების ჯგუფური გზებიც – ჯგუფური ერთიანობა თავდაცვის კარგი საშუალებაა. ჯგუფთან ძლიერი კავშირი სასარგებლოდ მოქმედებს ადამიანზე, თუკი ის უსაფრთხოებას, მხარდაჭერასა და რესურსების ურთიერთგაზიარებას უზრუნველყოფს.
მეორე მხრივ, ჯგუფისადმი მტკიცე მიკუთვნებულობა გარე სამყაროსთან ურთიერთობისა და ცვლილების მცდელობას ანავლებს. სოციალურად დაუცველ პირებთან მსგავსი შედეგები ვიხილეთ. უპირველეს ყოვლისა, უნდა განიმარტოს, რომ მოცემულ პირობებში სოციალურად დაუცველის სტატუსს სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების შერჩევისთვის ვიყენებთ, თუმცა ეს ორი ცნება ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს: ყველა სოციალურად დაუცველი პირი არ არის ღარიბი და, პირიქით, ყველა ღარიბი მოქალაქე არ ფლობს შესაბამის სტატუსს. ეს ცალკე მსჯელობის საგანია, თუმცა კვლევის შედეგებს დავუბრუნდეთ – ნაშრომში გამოიკვეთა, რომ ჯგუფური იდენტობა განსაკუთრებით ძლიერდება სტიგმატიზაციისგან თავდაცვისას. ამიტომაც, ჯგუფური კავშირი თვითგადარჩენის საშუალებაა და, ამავდროულად, აფერხებს ადამიანის მცდელობასა და მზაობას, გასცდეს ამ ჯგუფის ფარგლებს.
საკუთრივ უარყოფითი სოციალური იდენტობის ჩამოყალიბებაც რომ განვიხილოთ. ერთ-ერთ კვლევაში თქვენ ამ საკითხს ბავშვებში შეისწავლით. როგორ ზემოქმედებს აღნიშნული გამოცდილება მომავალში მათ საზოგადოებრივ მიმართებაზე? რამდენად ამყარებს ადრეულ ასაკში განცდილი ტრავმა მათ სოციალურ იდენტობას?
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობისდროინდელი სიღარიბე შეიძლება გადაილახოს და აღარ განმეორდეს, იგი ადამიანზე დიდ გავლენას ახდენს, რადგან თვითაღქმისა და საზოგადოებრივი როლის განსაზღვრა სწორედ ამ დროს ხდება. თქვენ მიერ ნახსენები კვლევა[5], რომელიც საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებ ორმოც ბავშვს მოიცავს, შემდეგ პრობლემებს გამოკვეთს: დამცირება, სირცხვილის განცდა, გარიყვა და უარყოფითი თვითაღქმა. ყურადსაღებია, ინტერვიუების ჩატარებისას მნიშვნელოვან მოცემულობას წავაწყდი: მიუხედავად იმისა, რომ კითხვებში საერთოდ არ იყო ნახსენები სიღარიბე და რესპონდენტებს მხოლოდ მათი ყოველდღიურობის აღწერას ვთხოვდი, რამდენიმე წუთში ბავშვები თავადვე აღნიშნავდნენ: „მე ღარიბი ვარ“.
აღნიშნული გვაჩვენებს, თუ რამდენად მძაფრად აისახება ეკონომიკური მდგომარეობა მათ თვითაღქმაზე. ეს გამოცდილება მხოლოდ ცუდი განცდებით არ შემოიფარგლება; აქვეითებს კიდეც აკადემიურ მოსწრებასა და სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობას. გარდა ამისა, იზრდება საზოგადოებისგან გარიყვის საფრთხეც: კვლევის თანახმად, ასეთი ბავშვები ნაკლებად აქტიურობენ კლასში, მათ იშვიათად ეპატიჟებიან თანატოლები დაბადების დღეებზე და ფინანსური სირთულეების გამო ისინი ვერც სასკოლო ექსკურსიებში მონაწილეობას ახერხებენ.
შესაბამისად, ადრეულ ასაკში განცდილ ტრავმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან განვითარების ამ საფეხურზე რთულია ერთმანეთისგან განასხვაო სოციალური მდგომარეობა და პიროვნული ღირსება. ჩვენი კვლევები ცხადყოფს, რომ ბავშვები სიღარიბეს აღიქვამენ არა როგორც დროებით, დაძლევად მოცემულობას, არამედ, როგორც საკუთარი პიროვნების მუდმივ მახასიათებელს. სოციალურად შეჭირვებულ გარემოში მცხოვრები მოზარდები ხშირად ამბობენ უარს საოცნებო პროფესიების დაუფლებაზე, ვინაიდან არ აქვთ განცდა, რომ ამგვარი წარმატება მათთვის ხელმისაწვდომია; ისინი მიიჩნევენ, რომ მცირედით უნდა დაკმაყოფილდნენ და გარემოს მიმართ ნაკლები მოლოდინი ჰქონდეთ.
უკვე ისაუბრეთ, რომ სოციალურ იდენტობასთან გამკლავებისას ადამიანები ხშირად საკუთარ ჯგუფში იკეტებიან, რაც შეიძლება დაცვითი მექანიზმიც იყოს და დაბრკოლებაც ამავდროულად. თუმცა საინტერესოა, როგორ მოქმედებს სხვა ჯგუფებთან კავშირი სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების სოციალურ იდენტობაზე. უფრო მაღალ ეკონომიკურ კლასთან ურთიერთობისას, ძლიერდება თუ არა საკუთარ ჯგუფში გამოკეტვის სურვილი? როგორ მოქმედებს ასეთი ურთიერთობა ადამიანების თვითშეფასებაზე?
აღსანიშნავია, რომ სიღარიბეში მცხოვრებ ადამიანებს ხშირად ახასიათებთ საკუთარი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შენიღბვა, რადგან მას სამარცხვინო იარლიყად მიიჩნევენ. სოციალური შედარება მდგომარეობას ართულებს და აიძულებს მათ დამალონ ნამდვილი ყოფა, რათა სირცხვილი, დამცირება ან თანაგრძნობა თავიდან აირიდონ. შედეგად, ისინი გადადიან ერთგვარ „თამაშში“ – ცდილობენ შექმნან კეთილდღეობის ილუზია და იმყოფებიან მუდმივი თვითზედამხედველობის მდგომარეობაში. აღნიშნული ფსიქოლოგიური წნეხი უკიდურესად დამქანცველია და ხშირად ხდება ქრონიკული შფოთვისა და ემოციური გამოფიტვის მიზეზი.
ჩატარებული კვლევა[6] ასევე ადასტურებს, რომ რესპონდენტებში მუდმივად არსებობს დამცირებისა და სხვების მიერ მათი არასრულფასოვნად აღქმის მოლოდინი. მიუხედავად მცდელობისა, სიღარიბის შენიღბვა საკმაოდ რთულია, რადგან იგი თვალსაჩინო ხდება ჩაცმულობით, ნივთებითა თუ საზოგადოებრივი ღონისძიებებისგან განზრახ თავის არიდებით. ამის გამო ისინი ხშირად უარს ამბობენ დახმარების თხოვნაზე და გაურბიან იმგვარ ურთიერთობებს, სადაც მათი ნამდვილი მდგომარეობის გამჟღავნების საფრთხე არსებობს. ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი რესურსი პიროვნულ წინსვლას მოახმარონ, ისინი ენერგიას „სტატუსის გათამაშებასა“ და საზოგადოების ჩვეულებრივ („ტიპურ“) წევრებად თავის დამკვიდრებას ახარჯავენ.
ჩვენი მსჯელობიდან გამომდინარე, სიღარიბე გვევლინება, როგორც ერთგვარი „ჩიხი“; როგორც თქვენს ნაშრომში უწოდებთ, იგი „სასტიკი წრეა“. ამგვარი უწყვეტობის გათვალისწინებით, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ სიღარიბე და მისგან გამოწვეული ტრავმა მემკვიდრეობითია?
ვინაიდან სოციალური გარემოებების როლის განსაზღვრა რთულია, იქმნება შთაბეჭდილება, რომ სტიგმა და დაბალი მოლოდინები თაობიდან თაობას მემკვიდრეობით გადაეცემა. თაობათა შორის გადაცემა მხოლოდ ეკონომიკური რესურსებით არ შემოიფარგლება. ოჯახი ბავშვს სტრესზე საპასუხო გზას ასწავლის, მსოფლმხედველობას უყალიბებს, უწესებს ამბიციის საზღვრებს და უმკვიდრებს რწმენას იმის შესახებ, თუ რა მიზნებია მისთვის ხელმისაწვდომი.
იმ გარემოში აღზრდა, სადაც გადარჩენისთვის ბრძოლა ყოველდღიურობაა, სირცხვილი კი ადრეული ასაკიდანვე თანმდევი, აღნიშნული გამოცდილება პიროვნების იდენტობისა და ფსიქოლოგიური შეგუების განუყოფელ ნაწილად იქცევა. კვლევის შედეგებიც[7] ცხადყოფს, რომ ასეთ ბავშვებს ხშირად უწევთ ზრდასრულთა პასუხისმგებლობების საკუთარ თავზე აღება; ისინი ნაადრევად ერთვებიან შრომით საქმიანობაში, რაც ზღუდავს განათლების მიღებისა და სრულფასოვანი განვითარების შესაძლებლობებს. ყოველივე ამის შედეგად ხდება სიღარიბის მანკიერი ციკლის კვლავწარმოება და მისი განმტკიცება.
გამკლავების გზებს შორის თქვენ ხაზს უსვამთ ჯგუფში არაფორმალური ეკონომიკური ქსელების მნიშვნელობას. რა მნიშვნელობა აქვს ასეთ ურთიერთობებს ჯგუფის თვითგადარჩენისთვის? რა შედეგები მოსდევს მათ ჯგუფის დანარჩენ საზოგადოებასთან ურთიერთობის თვალსაზრისით?
არაფორმალური ეკონომიკური ქსელები თვითგადარჩენის უმნიშვნელოვანესი გზაა, რომელიც მოიცავს თემურ კავშირებს (სანათესაო, სამეგობრო, სამეზობლო). მაგალითად, ადამიანები ცვლიან ფულს, პროდუქტს, ინფორმაციას, სამუშაოს შესახებ ცნობებს. აღნიშნული ქსელები არსებითია გადარჩენისთვის, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუციების მხარდაჭერა სუსტია. მიუხედავად ამისა, ამგვარ კავშირებს შესაძლოა ორგვარი ბუნება ჰქონდეს: სასარგებლო, როდესაც ის ზრდის ნდობას და კოლექტიურ გამძლეობას, და საზიანო, რომლითაც კიდევ უფრო ამაგრებს ჩაკეტილ წრეს, აძლიერებს ჯგუფზე დამოკიდებულებას და ამცირებს საზოგადოებასთან ურთიერთობის მცდელობებს.
შეჯამების სახით, ბევრი ვისაუბრეთ სიღარიბის ფსიქოლოგიურ მდგენელებსა და მათ მიერ გამოწვეულ პრობლემებზე. თქვენი აზრით, რამდენად ითვალისწინებს ქართული სოციალური პროექტები სიღარიბესთან გამკლავებისას ამ ფსიქოლოგიურ გარემოებებს?
არსებული სისტემა ამ გარემოებებს არ ითვალისწინებს და, პრობლემის სირთულიდან გამომდინარე, ვერც გაითვალისწინებს. დაახლოებით 2006 წლიდან ვთანამშრომლობ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საქართველოში ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც სიღარიბის სოციალურ-ფსიქოლოგიური მიმართულების შესწავლა დაიწყო. სხვადასხვა უწყების წინაშე არაერთხელ წამომიჭრია საკითხი სოციალურად დაუცველთა ბაზების გამოყენებით ისეთი პროექტების შემუშავების შესახებ, რომლებიც მათ საზოგადოებრივ ჩართულობას წაახალისებდა. სიღარიბე არ შემოიფარგლება ფინანსურ-ეკონომიკური შეჭირვებით; მხოლოდ ფულადი რესურსების გადაცემა მათ ფსიქოლოგიურ პრობლემებს ვერ გადაჭრის. სიღარიბით გამოწვეული შფოთვა, უნდობლობა, სტიგმა და დასწავლილი უმწეობა შესაძლოა შენარჩუნდეს მაშინაც კი, როდესაც მატერიალური პრობლემები უკვე დაძლეულია. ამ მანკიერი წრის გარღვევა მოითხოვს არა მხოლოდ ფულს, არამედ მუშაობას პიროვნების თვითშეფასების ზრდის, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი აღიარების მიმართულებით. ამიტომ, ჩვენი კვლევების[8] დასკვნაა, რომ სიღარიბის დაძლევა საჭიროებს ეკონომიკური, ფსიქოლოგიური და საზოგადოებრივი განზომილებების გათვალისწინებას.
ხაზგასასმელია, რომ ეკონომიკური საფრთხეების მოგვარება აუცილებელი, თუმცა არასაკმარისი წინაპირობაა. ნამდვილი აღდგენა მხოლოდ მაშინ იწყება, როდესაც ადამიანი გადარჩენის წესრიგიდან თვითგანვითარების საფეხურზე გადადის და უბრუნდება თვითრწმენა – შესაძლებლობებთან, ღირებულებებსა და თავისუფლებასთან მიმართებით.
ამ მიზნის მისაღწევად რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია გადამწყვეტი: (1) ეკონომიკური უსაფრთხოება და მდგრადი შემოსავალი; (2) სტიგმატიზაციისა და შიშისგან თავისუფალი საზოგადოებრივი გარემო; (3) ხარისხიანი განათლება და პროფესიული უნარების განვითარება.
იმ საერთაშორისო პროექტებში, რომლებსაც ვხელმძღვანელობ, ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა ჩარევას უნარების განვითარებასა და განათლებაში. მაგალითად, ბოლო წამოწყების ფარგლებში, შევძელით, რომ რეგიონებში მცხოვრები 10 000-ზე მეტი მოწყვლადი ახალგაზრდა მუდმივმოქმედ სამსახურებში დაგვესაქმებინა.
განათლებასა და უნარების განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და მეგობრული გარემოს შექმნა. საქართველოში ჩატარებული კვლევები ცხადყოფს[9], რომ, განსაკუთრებით ზრდასრულთა შემთხვევაში, დამსაქმებელთა მხრიდან სტიგმატიზაცია გაცილებით რთულ დაბრკოლებას წარმოადგენს, ვიდრე ზოგადი საზოგადოებრივი განწყობები. შესაბამისად, ეს გარემო ერთიანად უნდა მოწესრიგდეს, რადგან სასიკეთო შედეგების მიღწევა მხოლოდ ეკონომიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური მიდგომების გაერთიანების შემთხვევაშია შესაძლებელი.
ბოლოთქმა
წინამდებარე ინტერვიუ ცხადყოფს, რომ სიღარიბე სცდება წმინდად ეკონომიკურ სიდუხჭირეს და წარმოადგენს ღრმა ფსიქო-სოციალურ მოცემულობას, რომელიც განაპირობებს ადამიანების ქცევითსა და კოგნიტურ მდგომარეობას. პროფესორ ანასტასია ქიტიაშვილთან საუბარი და მისი კვლევები ნათელს ხდის, რომ ქრონიკული სტრესი და ისეთი ფსიქოლოგიური გარემოებანი, როგორებიცაა დასწავლილი უმწეობა და სიმწირის მენტალობა, ადამიანს უბიძგებს იმპულსური, მოკლევადიან სარგებელზე მიმართული გადაწყვეტილებების მიღებისკენ, ნაცვლად გრძელვადიანი დაგეგმვისა. ამგვარი ქცევითი თავისებურება არა უუნარობის ან გულგრილობის შედეგი, არამედ სასიცოცხლო მნიშვნელობის ეკონომიკურ გამოწვევებთან მორგების გზაა.
ამასთანავე, მნიშვნელოვანი საკითხია სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების სოციალური იდენტობის ჩამოყალიბება და მასთან გამკლავების მიდგომები. კერძოდ, საზოგადოებრივი სტიგმა და საკუთარ სოციალურ ჯგუფში „ჩაკეტვა“ ესაფუძვლება უარყოფით სოციალურ იდენტობას, რაც აფერხებს მათ ეკონომიკურ დაწინაურებას. იდენტობის მხრივ განსაკუთრებით ყურადსაღებია სიღარიბის ზემოქმედება ბავშვებზე, რომელთა არასახარბიელო თვითაღქმაც ადრეული ასაკიდანვე ზღუდავს მათ სამომავლო მისწრაფებებსა და განვითარების შესაძლებლობებს.
საბოლოოდ, ინტერვიუს მოპასუხის მთავარი თეზისი ისაა, რომ გამოწვევასთან გასამკლავებლად მატერიალური დახმარება აუცილებელი, თუმცა არასაკმარისი წინაპირობაა. პრობლემის სრულფასოვნად გადასაჭრელად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოებრივი, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ფონის გარდაქმნის ერთობლიობას. აღნიშნული მოითხოვს: არსებული სოციალური პოლიტიკის გადააზრებას; მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერას საგანმანათლებლო თუ პროფესიულ სივრცეებში; დამსაქმებელთა და საზოგადოებრივ დონეზე არსებული სტიგმის აღმოფხვრას.
ბიბლიოგრაფია
Haushofer, Johannes, and Daniel Salicath. “THE PSYCHOLOGY OF POVERTY: WHERE DO WE STAND?” Social Philosophy and Policy 40, no. 1 (2023): 150–84. https://doi.org/10.1017/S0265052523000419.
Pharsadanishvili, Nazi, and Anastasia Kitiashvili. 2025. “Vicious Circle of Poverty: The Psychological Barriers and Coping Strategies”. Professional Studies: Theory and Practice 29 (1): 13-27. https://doi.org/10.56131/pstp.2025.29.1.354
Mani, Anandi, Sendhil Mullainathan, Eldar Shafir, and Jiaying Zhao. “Poverty impedes cognitive function.” Science 341, no. 6149 (2013): 976-980.
ფარსადანიშვილი, ნაზი, და ანასტასია ქიტიაშვილი. 2022. “აღქმული სტიგმის კონსტრუქტის შესწავლა საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ადამიანების მაგალითზე”. ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალი 2 (ივლისი). https://doi.org/10.52340/gpj.2022.07.09.
Pharsadanishvili, Nazi, and Anastasia Kitiashvili. 2024. “ENHANCEMENT IN-GROUP COHESIVENESS – NEW ASPECT IN THE TAXONOMY OF IDENTITY MANAGEMENT STRATEGIES (THE CASE OF PEOPLE LIVING IN POVERTY)”. PROFESSIONAL STUDIES: Theory And Practice 28 (1): 90–99. https://doi.org/10.56131/pstp.2024.28.1.261.
ქიტიაშვილი, ანასტასია, და ნაზი ფარსადანიშვილი. 2018. “მე ღარიბი ვარ“ – სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების გამოცდილება საქართველოში”. GESJ: Education Science and Psychology No.1 (47): 37-47 https://www.researchgate.net/publication/324602290_me_gharibi_var_-sigharibeshi_mtskhovrebi_bavshvebis_gamotsdileba_sakartveloshi_I_AM_POOR_-_THE_EXPERIENCES_OF_CHILDREN_LIVING_IN_POVERTY_CASE_OF_GEORGIA
Pharsadanishvili, Nazi, and Anastasia Kitiashvili. 2023. “The influence of Negative Social Identity Management Strategies and Self-esteem on Perceived Stigma of Poverty”. Trends in Psychology. https://doi.org/10.1007/s43076-023-00340-5
Kitiashvili, Anastasia, Abashidze, Tamar, and Irine Zhvania. 2022. “TO BE YOUNG, ALIENATED AND UNEMPLOYED: SOCIAL IDENTITY, ATTITUDES AND WELL-BEING OF GEORGIA’S NEET YOUTH”. Problems of Psychology in the 21st Century 1(16): 20-35. https://doi.org/10.33225/ppc/22.16.20.
- [1] Haushofer and Salicath, 2023
- [2] Pharsadanishvili and Kitiashvili, 2025
- [3] Anandi, et al. 2013
- [4] ფარსადანიშვილი და ქიტიაშვილი, 2022
- [5] ქიტიაშვილი და ფარსადანიშვილი, 2018
- [6] Pharsadanisvhili and Kitiashvili, 2023
- [7] ქიტიაშვილი და ფარსადანიშვილი, 2018
- [8] Pharsadanishvili and Kitiashvili, 2025
- [9] Kitiashvili, Abashidze, Zhvania, 2022
