ანგია ბოჭორიშვილი ფილოსოფიისა და ფილოსოფიური ფსიქოლოგიის მკვლევარი (1902-1981)

angia

გააზიარე:


angia

ავტორი: ვიტალი კაკაბაძე

რედაქტორი: გ. ბოჭორიშვილი

გამოკვლევები ფსიქოლოგიაში, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1993

კორექტორი: თიკო იობიძე

სტატია გააციფრულა მაგდა ვაშაყმაძემ

გელა გელაშვლილის ბიბლიოთეკიდან

გამოჩენილი ქართველი ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი ანგია თადეოზის ძე ბოჭორიშვილი დაიბადა 1902 წლის 16 დეკემბერს, ს. ლახამულაში (ზემო სვანეთი) სასულიერო პირის ოჯახში, გარდაიცვალა 1981 წლის 15 აპრილს თბილისში: დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. სწავლობდა ქუთაისის პირველ გიმნაზიაში, რომელიც დაამთავრა ოქროს მედალზე და შევიდა (1920) თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე.  პროფ. დ. უზნაძისა  და პროფ. შ. ნუცუბიძის შუამდგომლობით ა. ბოჭორიშვილი დატოვეს უნივერსიტეტში საპროფესოროს მოსამზადებლად. 1928-1933 წლებში მუშაობდა უნივერსიტეტის ზოგადი ფსიქოლოგიის კათედრაზე. ქუთაისის პედინსტიტუტის დაარსების დღიდან (1933) მუშაობს ამ ინსტიტუტში, სადაც 1942-1957 წლებში განაგებდა ფსიქოლოგიის კათედრას. 1939 წელს იცავს სადოქტორო დისერტაციას ფსიქოლოგიაში თემაზე : „ფსიქოლოგიის საგანი გერმანულ ფსიქოლოგიაში“ (ნაშრომი გამოქვეყნდა მოგვიანებით ორ ნაწილად, ნაწ. I სათაურით „ფსიქოლოგიის პრინციპული საკითხები. ბურჟუაზიული ფსიქოლოგიის კრიტიკა“, თბ. 1957. ნაწ. II „განცდა და ცნობიერება“, კრებულში ფილოსოფიური ანთროპოლოგიის საკითხები, ნაწ. 5. თბ. 1979).

ქუთაისის პედინსტიტუტში მუშაობის პერიოდში ,1947 წელს, მისი ინიციატივით ფილოლოგიის ფაკულტეტთან გაიხსნა „ლოგიკა-ფსიქოლოგიის“ განყოფილება, რომელმაც იარსება 10 წელი.
1955 წელს ა. ბოჭორიშვილს ირჩევენ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად. 1957 წელს აკადემიის ვიცე-პრეზიდენტად და ის სამუშაოდ გადადის თბილისში. 1957-1962 წლებში არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის – დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ფსიქოლოგიის ისტორიის განყოფილების ხელმძღვანელი, ფსიქოლოგიის ინსტიტუტში შეთავსებით მუშაობს 1941 წლიდან (ფსიქოლოგიის ინსტიტუტის გახსნის დღიდან); 1962 წლიდან მოღვაწეობს ფილოსოფიის ინსტიტუტში ჯერ „ბუნებისმეტყველების ფილოსოფიის“ განყოფილების, 1967 წლიდან კი გარდაცვალებამდე მისი ინიციატივით ჩამოყალიბებულ „ფილოსოფიური ანთროპოლოგიის“ განყოფილების ხელმძღვანელად. არჩეული იყო საქართველოს ფსიქოლოგთა (1959-1964) და ფილოსოფოსთა (1973-1982) საზოგადოების თავმჯდომარედ. იყო საქართველოს საზოგადოება „ცოდნის“ თავმჯდომარე. წლების განმავლობაში რედაქტორობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალ „მოამბეს“. მისი რედაქტორობით გამოდიოდა ასევე აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების ჟურნალი „მაცნე“ (ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, ეკონომიკისა და სამართლის სერია).

საქართველოში მეცნიერული ფსიქოლოგიის დამფუძნებელი დიმიტრი უზნაძეა. მან ბევრ ფსიქოლოგიურ დისციპლინას ჩაუყარა საფუძველი და მეცნიერული კვლევა-ძიების დროს ფსიქოლოგიის მრავალი თეორიული პრობლემის გადაჭრის აუცილებლობის წინაშე დადგა: დ. უზნაძის მიერ ფსიქოლოგიური თვალსაზრისის დამუშავება-დასაბუთებამ წინ წამოსწია ფსიქოლოგიის ფილოსოფიური პრობლემები. ა.ბოჭორიშვილი დ. უზნაძის პირველი მოწაფეთაგანია, რომელმაც ფილოსოფიური ფსიქოლოგიის პრობლემატიკა სისტემატური კვლევა-ძიების ასპარეზად გაიხადა.

თავიდანვე  ა.ბოჭორიშვილის მეცნიერული ინტერესი წარიმართა ფსიქოლოგიის თვითშემეცნების ცხადყოფისაკენ: რა არის ფსიქოლოგია, რა არის ფსიქოლოგიის საგანი, რა გზით შეიძლება ფსიქიკის შემეცნება . ეს პრობლემები არსობრივ კავშირშია ფილოსოფიურ საკითხებთან: რა არის საერთოდ მეცნიერება და მის სისტემაში რა ადგილი განეკუთვნება ფსიქიკის შესახებ მეცნიერებას? რა არის ცნობიერება და რა მიმართებაშია ის ფსიქიკასთან? და ა.შ.

ა. ბოჭორიშვილის მიდგომის თავისთავადობა და თავისებურება  არსებითადაა დაკავშირებული ცნობიერების რაობის გაგებასთან. ცნობიერების გაგების ორიგინალური შინაარსი ასახულია მასთან მიმართებაში მყოფი პრობლემატიკის გადაწყვეტის ცდებში.

ა. ბოჭორიშვილის მიერ ცნობიერების გაგების ამოსავალი დებულებაა ცნობილი თეზისი: „ ცნობიერება არასდროს არ იქნება სხვა რამ, თუ არა გაცნობიერებული ყოფიერება“ და გვაძლევს ამ ფორმულის გადააზრების შესაძლებლობას, მისი შინაარსის დახასიათებას ონტოლოგიურ-გნოსეოლოგიური მხარეებით.
ავტორის მიხედვით, ცნობიერება არ არის არც ინსტანცია და არც სუბსტანცია, ცნობიერება ფუნქციაა, რომელიც ნათელხედვაში, ცნობიერქმნაში გამოიხატება. „ცნობიერება თვითონაა ხედვა მეტი არაფერი“. ცნობიერების აქტი თავის ყოველგვარ ფორმაში განზრახვითი ბუნებისაა, ესაა მისი არსი; უსაგნო ცნობიერება წინააღმდეგობრივი ვითარებაა: „ცნობიერება, როგორც განზრახვა, „სხვისთვის“ არის „გაჩენილი“ და ამაში ხედავს თავის მისიას“. ცნობიერების ზრახვის (მიმართების) საგანი ყველაფერია. ამ ფუნქციაში ცნობიერება საერთოდ უპირისპირდება საგანს და გამორიცხავს გასაგნების შესაძლებლობას.
ცნობიერება უნდა წარმოვიდგინოთ სამწევრიანი სტრუქტურის სახით: სუბიექტი, ობიექტი და თავისებური  მიმართება მათ შორის, რომელსაც ეწოდება „ცნობიერობა“ ანუ „ცნობიერების გული“. ცნობიერობა გამოხატავს ცნობიერების ფუნქციას, იგი სავსებით ამოსწურავს ცნობიერების არსს. ცნობიერებას საკუთარი შინაარსი არ გააჩნია, მას არ შეუძლია საკუთარი ძალით არსებობა: მას შინაარსად სხვა აქვს, მისი ყოველი შინაარსი „სხვაა“. „ცნობიერება ყველაფერს მოიცავს და არაფერს არ ცვლის“, ერთთან არ არის უფრო ახლო, ვიდრე მეორესთან, ყველა თავის ობიექტთან თანაბრად არის „დაახლოებული“ და „დაშორებული“. მას არც ხარისხი აქვს, რაიმე ან არის ცნობიერებაში და ან არა, მისი მოქმედება მხოლოდ ხედვაა, ამიტომ მას არც „გარეთ“ აქვს რაიმე და არც „შიგნით“; შინაგანი და გარეგანი აქ მოხსნილია. თვითონ ცნობიერება, რომელიც მაგ., ერთ შემთხვევაში „ანათებს“ სიამოვნებას, მეორე შემთხვევაში – ვარდს, აბსოლუტურად ერთგვაროვანია.  განსხვავება ამ განცდებისა ემყარება მათი შინაარსისა და სტრუქტურის განსხვავებულობას. ცნობიერება სავსებით იცავს „ნეიტრალიტეტს“ ყველაფრის მიმართ, იგი „სუფთა სარკეა“. მას არ აქვს რომელიმე შინაარსისადმი მიკერძოება. „ცნობიერება მხოლოდ მაშინ გამოდგება შემეცნებისათვის, როცა აბსოლუტურად დაიცავს საგნის, შესამეცნებლის უფლებებს, როცა საგანს „გადმოსცემს ისე, როგორც ის არის, საგნისეულად“. სწორედ ეს გარემოება ხდის ცნობიერებას ვარგისად შემეცნებისათვის და იგივე გარემოება ართმევს ცნობიერებას თვითმყოფობას, დამოუკიდებელი არსებობის ძალას.
ცნობიერება „ხედვაა“ რაიმესი და მისი ღირებულებაც ამ ფუნქციის განხორციელებაშია. მიმართება ცნობიერებასთან თავისებურია. აქ არაა ის ინსტანცია (თვითონ მიმართება), რაც ჩვეულებრივ იგულისხმება მიმართებაში და წარმოადგენს მესამე მომენტს – მიმართების აგენტებს შორის, ხოლო ცნობიერება წარმოადგენს არა მიმართების აგენტს, არამედ თვითონ ამ მიმართებას. სუბიექტი და ობიექტი ამ შემთხვევაში არიან ცნობიერების მიმართებაში, სუბიექტს აქვს ობიექტის ცნობიერება. აქ მიმართება ცალმხრივია: მხოლოდ სუბიექტი მიიმართება ცნობიერების ფორმით ობიექტისაკენ, ხოლო ობიექტი ამ ფორმით არ მიიმართება სუბიექტისადმი : ობიექტის ზემოქმედება სუბიექტზე კაუზალურია, ხოლო საპირისპირო მოქმედება სუბიექტისა ობიექტზე კაუზალურიცაა და „ცნობიერიც“.

განზრახვითი ფილოსოფიის ცდას, წარმოვიდგინოთ მიმართება ცნობიერებისა ყოფიერებასთან მესამე მომენტის სახით, რომელიც არსებობს ცნობიერებასა და ობიექტს შორის, მივყავართ გადაულახავ წინააღმდეგობამდე. ცნობიერებას კი არ აქვს ზრახვა, არამედ ცნობიერებაა თვითონ განზრახვა. ეს რომ ასე არ იყოს, მაშინ შემეცნების დამთავრებისათვის საჭირო იქნებოდა კიდევ ერთი ცნობიერება, რომელსაც აქვს რა საკუთარი შინაარსი, დაისაჭიროებდა რიგით ახალ ცნობიერებას და ა.შ. უსასრულოდ.

ცნობიერების საგანი ცნობიერებიდან ონტიურად დამოუკიდებელი გარკვეულობაა, ის ლოგიკურად წინ უსწრებს ცნობიერებას. ცნობიერების შინაარსი საგნის ასახვაა. ცნობიერების აქტების ცვალებადობაში შინაარსის ამოცნობის შესაძლებლობა დამახასიათებელი მომენტია: ცნობიერების ერთი და იგივე შინაარსი შეიძლება მოცემული იყოს ქმედებათა სხვადასხვა, პრინციპულად განუსაზღვრელ რაოდენობაში. ცნობიერების ქმედებათა  სიმრავლე არ ამრავლებს შინაარს, შინაარსის მთლიანობა წანამძღვარია მრავალი მოქმედების  განხორციელებისა.

ცნობიერების ბუნების გათვალისწინება არსებითად წყვეტს საკითხს ადეკვატური შემეცნების შესაძლებლობის შესახებ. საგნის შესაბამისი შემეცნების პრობლემის კანონიერების აღიარება ნიშნავს ასახვის თეორიის ადგილზე  დგომას, რომელიც უპირისპირდება კანტიანურ თეორიას, სადაც ლაპარაკია შემეცნების ქმედებაში  შემეცნების საგნის შექმნაზე. აქ შემეცნების პროცესი გაგებულია სუბიექტის მიერ საგნის კონსტრუქციად. შემეცნება, თუკი ის გაგებული იქნება კონსტრუქციად, მოითხოვს შესამეცნებელისაგან, რათა ის თავისუფალი იყოს საკუთარი განსაზღვრულობისაგან, რომ ამით მან შეძლოს მიიღოს ის გარკვეულობა, რასაც მას უკარნახებს შემმეცნებელი სუბიექტი. ასახვის თვალსაზრისის მიხედვით, პირიქით, ასასახი უნდა იყოს სრულყოფილი თავის განსაზღვრულობაში. შემეცნების საგანი წინ უსწრებს შემეცნების ქმედებას და განსაზღვრავს როგორც შემეცნების შინაარს (ობიექტურად), ისე შემეცნების მიმდინარეობას (სუბიექტურად). ასახვის თვალსაზრისით, შემეცნების საგნის დამოუკიდებელი განსაზღვრულობა შემეცნების სუბიექტისაგან წარმოადგენს შემეცნების ობიექტურ პირობას ადეკვატურია ისეთი შემეცნება, როდესაც საგნის შესახებ გამოთქმული შინაარსი – მსჯელობის თეზისი თავის თავში მოიცავს, ასახავს მხოლოდ მას, რაც საგანშია.

ასახვას რამდენიმე შინაარსი აქვს. ერთ-ერთია მიზეზისადმი შედეგის დამოკიდებულება ანუ „კაუზალური ასახვა“. მიზეზი თითქოსდა გადადის შედეგში და მასში პოულობს თავის ასახვას. ასახვის ეს თვისება მთელ მატერიას ახასიათებს. მოვლენათა საყოველთაო კავშირი კაუზალობის ფორმით წარმოადგენს საგანთა ასახვას საგნებში. თვითონ ბუნების ნივთები წარმოადგენენ კაუზალური ასახვის მიზეზსა და შედეგს. მოვლენათა კაუზალური კავშირი არაა შემეცნება, ერთი ნივთის მიერ სხვათა ცოდნა.

მეორე შინაარსი ასახვისა შემეცნებითი ასახვაა, ანუ „ასახვა – ცოდნაა“. ასახვა მხოლოდ მაშინაა ცოდნა, როცა ისაა საგნის ასახვა ცნობიერებით. ცნობიერება, როგორც ასეთი, არაა ცოდნა. „არც ასახვა გარეშე ცნობიერებისა, არც ცნობიერება გარეშე ასახვისა, არ შეიძლება იყოს ცოდნა“.

შემეცნება-ასახვა ნიშნავს საგნის „ხატის“ ქონას. შემეცნების ჭეშმარიტება იზომება ხატის სიზუსტის ხარისხით. ხოლო სიზუსტის აუცილებელი პირობაა ამსახველი „ეკრანის სისუფთავე“. როცა „აღმქმელ ორგანოს“ აქვს თავისი საკუთარი შინაარსი და ფორმა, შემეცნების საგანი ან იღებს ამ ფორმას და ერწყმის ამ შინაარსს, ანდა თუკი საგანს აქვს თავისი საკუთარი „სახე“, ის რჩება შემეცნების გარეშე და იღებს „თავისთავადი ნივთის“ ხასიათს. ერთადერთი გამოსავალი ამ ჩიხიდან და შესაბამისი შემეცნების შესაძლებლობის მიღწევა იმის დაშვებაა, რომ ცნობიერება თვითონ არის სრული  და თავდაპირველი „სიწმინდე“. სიწმინდე კი ისაა, რომ ცნობიერებას არ გააჩნია დადებითი პრედიკატია (შინაარსი).

ორი გამოთქმა: „ცნობიერება“ და „გაცნობიერებული ყოფიერება“ სინონიმია. ის, რომ ცნობიერებას არ აქვს დამოუკიდებლობა და თავისთავადობა, არაა იგივე, რაც მთელის რომელიმე ნაწილის დამოუკიდებლობა და თავისთავადობა. ნაწილი გაიაზრება მთელისაგან დამოუკიდებლად, ვინაიდან მას საკუთარი შინაარსი აქვს. გაიაზრო წმინდა ცნობიერება, ე.ი. გაიაზრო  გარეშე იმისა, რომ ის აცნობიერებს რაიმეს ყოფიერებიდან, შეუძლებელია. ამ აზრით, „წმინდა ცნობიერება“ მხოლოდ ცუდი ცნებაა.

შემეცნება წარმოუდგენელია ორი მომენტის – ყოფიერებისა და ცნობიერების გარეშე. შემეცნება უქმდება მაშინ, როცა ყოფიერება დაყვანილია ცნობიერებაზე და წამოყენებულია იმანენტური ფილოსოფიის დევიზი  „ყველაფერი ცნობიერებაა“. შემეცნება უქმდება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ცნობიერება დაიყვანება ყოფიერებაზე. გარკვევით მიუთითებენ, რომ ცნობიერება ყოფიერება კი არაა, არამედ ყოფიერების ცნობიერება. გაცნობიერებული ყოფიერება, შეცდომა იქნებოდა ამ დებულების გადააზრება, რომ გვეთქვა: ცნობიერება ესაა ყოფიერება, ამასთანავე  ცნობიერება ან გაცნობიერებული ყოფიერება და ცნობიერება ზუსტად იგივე ცნებებია. მაშინ მივიღებდით, რომ ყოფიერება გაცნობიერების შედეგად გადაიქცევა ცნობიერებად. ასეთი გაგება აზრს მოკლებულია. თუკი მეცნიერების მიზანია ყოფიერების სათანადო შემეცნება, მაშინ გაცნობიერებული ყოფიერება პრინციპულად არ უნდა განსხვავდებოდეს იმისაგან, რაც იყო ყოფიერება მისი გაცნობიერებამდე . მთელი განსხვავება ამ ყოფიერებათა შორის იმაზე დაიყვანება, რომ ერთ შემთხვევაში ის მოიაზრება „ცნობიერების სხივით“ გაუნათლებლად, მეორე კი – „განათლებულად“, „ცნობიერებად“. თუ  ეს „განათება ცნობიერებით” არ იქნება ყოფიერების ასახვა იმ სახით, როგორიც ისაა, მაშინ ის იქნებოდა არა „განათება“ ვარგისი სათანადო  შემეცნებისათვის, არამედ ყოფიერების „ხატის“ შერყვნა და სინამდვილის შემეცნების გზაზე დაუძლეველი წინააღმდეგობა. ცნობიერება შემეცნების  დროს შესამეცნებელში არაფერს ცვლის. ბ.სპინოზას ანალოგიით შეიძლება ითქვას – სინათლე (ცნობიერების აქტი) ანათებს მხოლოდ ა რ ს ე ბ უ ლ ს (და არა არარსებულს) და ის მხოლოდ ა ნ ა თ ე ბ ს (და არა ქმნის) მას. ამასთან ერთად, სინათლე ანათებს საკუთარ თავსაც და სიბნელესაც. ამიტომ არაა საჭირო ახალი სინათლე იმისთვის, რომ სინათლეს ვწვდეთ.

ცნობიერება იდეალური პირობაა შემეცნების საგნის მოცემულობისა. შემეცნება და მოცემულობა განსხვავებული ქმედებებია. როცა მოცემულობაში შემოდის უცხო ელემენტი, ამაში ცნობიერებას ვერ ვუსაყვედურებთ, მას ხომ არაფერი გააჩნია, რაიმე რომ შეეტანა მოცემულობაში. ცნობიერებას არ აქვს ფ.ბეკონის მიერ მითითებული „იდოლები“. შემეცნების შეცდომის ახსნა უნდა დაიძებნოს სხვა განზომილებაში, მის შინაარსებში. „მაშასადამე, შემეცნება არის არა „მოწესრიგება“ საგნისა ცნობიერების მიერ, არამედ მხოლოდ მისი „გადმოღება“, მისი ასახვა ცნობიერების ფონზე აზროვნების საშუალებით. საკუთარი შინაარსის უქონლობა ხდის ცნობიერებას სათანადო  შემეცნების სუბიექტურ პირობად, რომელიც სუბიექტივიზმის დაძლევის აუცილებელი პირობაა“.

ცნობიერებისა და შემეცნების აქ გადმოცემული შინაარსი პრინციპულად უპირისპირდება გავრცელებულ თვალსაზრისს იმის შესახებ, რომ ცნობიერება და შემმეცნებელი ორგანო ფსიქიკაა. 

ა. ბოჭორიშვილის თვალსაზრისით, ცნობიერება და ფსიქიკა (განცდა) არაა ერთი და იგივე. ფსიქიკა განუყრელადაა დაკავშირებული ცნობიერებასთან, იგი ყოველთვის ცნობიერების ფონზე არსებობს, ცნობიერების შინაარსია. ფსიქიკა ცნობიერების საგანია და არა თვითონ ცნობიერება; შეიმეცნებს არა ფსიქიკა, არამედ იგი თვითონ უნდა იქნეს შემეცნებული ფსიქიკა. ანუ განცდა ცოცხალი არსების სუბიექტური მდგომარეობაა. ბუნებრივი მოვლენაა. ფსიქიკასთან მიმართებაში ცნობიერების დანიშნულება რჩება ცნობიერობად. გნოსეოლოგიურ კატეგორიად. ცნობიერება სუბიექტური ფორმაა, ხოლო ფსიქიკა (განცდა) – სუბიექტური შინაარსი. ფსიქიკა არსებობს ცნობიერების ერთ აქტში, ერთ მომენტში, რაც აღმოცენებისთანავე ქრება და აღარასოდეს მეორდება. ფსიქიკა არა მხოლოდ არსია (essential), არამედ არსებობაც (existentia): იგი აბსტრაქტულ-არსობრივი და კონკრეტულ-რეალური კანონზომიერების ერთიანობაა.

ფსიქოლოგია, როგორც ფსიქიკურ პროცესთა ანალიტიკა, განცდის არსს შეისწავლის. ფსიქიკის არსის შესასწავლად აზროვნების ფორმალური კატეგორიები არაა საკმარისი. ა. ბოჭორიშვილის თვალსაზრისით, არსებული ფსიქოლოგია „დაწყებითი მათემატიკის“ მსგავსია. საჭიროა უმაღლესი, ფილოსოფიური, კონკრეტულ-დიალექტიკური ფსიქოლოგია, რათა გაირკვეს ის პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ფსიქიკური ცხოვრების აღმოცენებისა, განვითარებისა და რეალურ-პრაქტიკულ მნიშვნელობასთან. არაბუნებისმეტყველური ფსიქოლოგიის პრობლემა მნიშვნელოვანია:  ფსიქოლოგიის პრობლემის გადაჭრას ფსიქოლოგიის საგნის – ფსიქიკის ( განცდის) – სხვა ცნებით შეცვლა კი არ წარმოადგენს, არამედ ფსიქიკის გაგება „უმაღლეს მათემატიკის“ მსგავსად . აზროვნების დიალექტიკური მეთოდის მომარჯვებით, სადაც ცნებები და მსჯელობები „სუბორდინაციულ და არა კოორდინაციულ დამოკიდებულებაში“ იმყოფებიან. აქ ცნებათა განცალკევებას მათი ერთიანობა უნდა ცვლიდეს, სტატიკურობას – დინამიკურობა. დიალექტიკის გზა აბსტრაქციებიდან წინ მიმავალი გზაა მოძრაობის, განვითარებისა და არსებული სინამდვილის შემეცნებისაკენ.

ცნობიერების შინაარსი განცდით არ ამოიწურება. ფსიქოლოგია სუბიექტურ სინამდვილეს შეისწავლის, რასაც თავისი საკუთარი შინაარსი აქვს. განცდასა (ფსიქიკასა) და ობიექტს შორის სხვაგვარი მიმართებაა, ვიდრე ცნობიერებასა და ობიექტს შორის. ობიექტი იწვევს განცდას, პირველი მიზეზია, მეორე – შედეგი. ამ მიმართებას ნამდვილი  კავშირი აქვს. შედეგი (განცდა), შესაძლებელია, სრულიადაც არ ჰგავდეს მიზეზს, ობიექტს. ცნობიერებასთან ობიექტის მიმართება განსხვავებულია: აქ გამოწვევაზე და მიზეზობრიობაზე არ უნდა ვილაპარაკოთ. ცნობიერებას აქვს „მიმართება ობიექტისადმი“, მაგრამ ეს მიმართება გამიზნულია. ვინაიდან თავისთავად ცნობიერება არაფერია, გარდა ამ ობიექტის „ხედვისა” გასაგებია, რომ ცნობიერება და მისი საგანი სრულიად ემთხვევიან ერთმანეთს.

ზემოთქმულიდან ცხადია, რომ ფსიქიკა (განცდა) შემმეცნებელი კი არაა, არამედ შესამეცნებელი. ფსიქიკის შემმეცნებლად გამოცხადება ორგვარი შეცდომაა: გნოსეოლოგიური პრობლემა ისმის უადგილო ადგილას და შემმეცნებლად ცხადდება ის, რაც არ არის შემეცნება. 

ფსიქიკა და შემეცნება არაა ერთი და იგივე. ფსიქიკის ქონა არ ნიშნავს შემეცნების, ცოდნის ქონას. ეს ითქმის როგორც იმ საგნის ცოდნის შესახებ, რომელიც გამოდის ფსიქიკის მიზეზის თუ ობიექტური საფუძვლის როლში, ისე თვითონ ფსიქიკის ცოდნის შესახებაც. ფსიქიკა, როგორც ბუნებრივი მოვლენის შედეგი, ისევე არაა შემეცნება, როგორც ასახვა ორგანულ ან არაორგანულ სამყაროში. ფსიქიკა რომ თვითონ ყოფილიყო შემეცნება, მაშინ ფსიქოლოგია არ იქნებოდა მეცნიერება, მისწრაფება ფსიქიკის შემეცნებისაკენ: თვითონ ფსიქიკა მისი უბრალო არსებობით იქნებოდა ფსიქოლოგია, მეცნიერება.

ფსიქიკა ჩვენ გვეძლევა ემპირიული მრავალნაირობის სახით, რომელიც განსაკუთრებული შემმეცნებელი ქმედების გარეშე არაა არც შემეცნება და არც შემეცნებული სინამდვილე. ფსიქიკის მოცემულობა შემეცნების შესაძლო საგანია. ფსიქიკის ცნობიერება არაა ფსიქიკის ცოდნა ისევე, როგორც ცაზე ვარსკვლავთა ჭვრეტა არაა ასტრონომია. შემმეცნებელი მოქმედება  საჭიროა როგორც ფსიქიკის, ისე ფიზიკურ მოვლენათა შესამეცნელბად.

როგორაა შესაძლებელი ფსიქიკის შემეცნება? აქ პირველ რიგში უნდა გაანალიზდეს ფსიქიკის მოცემულობის საკითხი. ცნობილია, რომ ისტორიულად პრობლემად იქცა  საგნის, ობიექტის,  შემეცნების ასპექტი; მუშავდებოდა საგნის გნოსეოლოგია, ხოლო განცდის (ფსიქიკის) გნოსეოლოგიას არ ექცეოდა სათანადო ყურადღება. შემეცნების პრობლემა გათანაბრებული იყო ე.წ. „მოცემულობის პრობლემასთან“.

ეჭვი არავის შეუტანია იმაში, რომ ფსიქიკური მოვლენების (განცდების) მოცემულობა ჯეროვანია . ფსიქოლოგიის მიერ ფსიქიკის ორიგინალში წვდომა უეჭველი ფაქტია. ცნება „ნივთისა თავისთავად“ ფსიქიკის მიმართ არ წარმოქმნილა. უფრო მეტიც, დაისვა საკითხი ფსიქიკის შემეცნების უპირატესობის შესახებ, რომ ერთადერთ ნამდვილ ემპირიულ მეცნიერებად, ცხადი შემეცნების მქონე ცოდნად ფსიქოლოგია გამოცხადდა.

ა. ბოჭორიშვილი თვლის სამართლიანად, რომ ფსიქიკური შემეცნება იმის გამო, რომ განცდა უშუალოდ გვეძლევა, გნოსეოლოგიური აპორიიდან თავისუფალი არაა. მოცემულობის იმენენტობა ვერ ხსნის შემეცნების არსით შეპირობებულ ტრანსცენდენტობას. ერთია ცნობიერებაში შესამეცნებლის მოცემულობა და მეორე – ურთიერთობა ცოდნასა და ცოდნის ობიექტს შორის. ცნობიერებაში იმინენტურად მოცემული მოვლენა უნდა გახდეს ტრანსცენდენტური შემეცნებაში, გნოსეოლოგიური აპორია ფსიქოლოგიაში სწორედ ამ გაშუალებას, ტრანსცენდენციას უკავშირდება: თუკი ცნობიერების გარეთ მდებარე საგნის შესახებ ვკითხულობთ, როგორაა შესაძლებელი ტრანსცენდენტურის იმანენტური შემეცნება ისე, რომ ტრანსცენდენტურმა არ დაკარგოს თავისი ობიექტური ნიშნები. ფსიქიკის მიმართაც ანალოგიური სიძნელის საკითხი დგება – როგორ არის შესაძლებელი იმანენტურის ტრანსცნდენციაში შემეცნება ისე, რომ იმანენტურმა საკუთარი ნიშან-თვისებები არ დაკარგოს? შემეცნების ძირითადი გნოსეოლოგიური აპორია ხომ იმაში მდგომარეობს, რომ შემეცნება როგორღაც ერთდროულად იყოს იმანენტურიცა და ტრანსცენდენტურიც? არაფერი ისე ახლოს არ არის შემმეცნებელთან, როგორც ფსიქიკა, მაგრამ იგი შემეცნებითად ყველაზე შორს არის ჩვენგან. ესაა ფსიქოლოგიის თავისებური გნოსეოლოგიური სიძნელე.

მოცემულობის სიახლოვე არაა იგივე, რაც შემეცნების სიახლოვე: „განცდითი მოცემულობა და გნოსეოლოგიური მოცემულობა სხვადასხვაა“. შემეცნება კანონის აღმოჩენას ნიშნავს, კანონი კი განცდა არაა. განცდის უშუალო მოცემულობა და ამ განცდის კანონის შემეცნება ორი განსხვავებული რამაა.

იმისათვის, რომ განცდა მეცნიერების მასალად იქცეს, შევიდეს შემეცნების სფეროში, მეორედ უნდა გაცნობიერდეს. ესაა ფსიქოლოგიის გნოსეოლოგიის აქტუალური ამოცანა. როდესაც ფსიქიკის სათანადო  მოცემულობის ფაქტიდან ასკვნიან მისი შემეცნების სიცხადეზე, საქმე გვაქვს მოცემულობისა და შემეცნების პრობლემის გაიგივებასთან. „მოცემულობა”, რაგინდ სრულყოფილიც არ უნდა იყოს იგი, შემეცნების საკითხს ვერ მოხსნის და ვერ გადაჭრის. შემეცნება მეტია, ვიდრე ცნობიერება. ეს მეტი ცოდნის ვითარებაა. უბრალო ადეკვატური ხედვა მოვლენის ცოდნა არაა. ხედვა მხოლოდ ფაქტობრიობის დადასტურებას არ შორდება და აუცილებლობაზე არაფერს ამბობს. ცოდნა მაშინაა, როდესაც მოცემულობის შესახებ შეიქმნება საქმის ვითარება (Saehverhalt) და მისი აუცილებლობა დასაბუთდება.

სადავო არაა, რომ მოცემულობაში ორი რამ იგულისხმება: ყოფიერება და გარკვეულობა (Sosein). ყოფიერება არსებობა-ონტიურობაა, გარკვეულობა ფორმა-კანონზომიერებაა. აღნიშნულნი მეცნიერების ობიექტური პირობებია და მეცნიერებისათვის საჭირო ნაწილებს  ამოწურავენ.

ფსიქიკურის მოცემულობა არაა იგივე, რაც ლოგიკურის (კანონზომიერების) მოცემულობა, ისინი სხვადასხვა სიბრტყეზე მდებარეობენ და სხვადასხვა საშუალებით მიიწვდომებიან. განცდა გვეძლევა შინაგანი აღქმით, იგი გრძნობადი აღქმის სახისაა. კანონზომიერების აღქმა (წვდომა) ინტელექტუალური აღქმაა (ინტელექტუალური ინტუიცია, იდეური აბსტრაქცია). ჩვეულებრივი აღქმა და კანონზომიერების აღქმა (წვდომა) განსხვავებული ქმედებებია , რაც ემყარება მათი შინაარსის განსხვავებულ ბუნებას. კანონზომიერება არაფსიქიკური გარკვეულობაა და ის არ არსებობს ცნობიერების გარეთ, განცდის გარეშე, თავისთავად.

რამდენადაც ფსიქიკას არსიც აქვს და არსებობაც, ე.ი. იგი აბსტრაქტულ-არსობრივი და კონკრეტულ-რეალური კანონზომიერებათა ერთიანობაა, მცდარად უნდა ჩაითვალოს ის თვალსაზრისი, რომელიც ფსიქიკურ კანონზომიერებას ან მთლიანად ლოგიკურ კანონზომიერებად აცხადებს, ან ამ კანონზომიერებას უგულებელყოფს და ფსიქიკურ სინამდვილეში მხოლოდ კაუზალურ ურთიერთობას ადასტურებს. ფსიქოლოგიაში არის ლოგიკის გამოყენება ისე, როგორც ყველა სხვა მეცნიერებაში, მაგრამ ფსიქოლოგია არც ლოგიკაა და არც მისი დარგი. ფსიქოლოგიას, როგორც რეალურ-კაუზალური კანონების მკვლევარს, ლოგიკაზე დაყვანის საფრთხე  არ ემუქრება. მაგრამ რეალობის შემცველობის გამო, ვერც ფსიქოლოგია და რეალობის შემსწავლელი ვერც სხვა მეცნიერება ვერ გაამართლებს ლოგიკური კანონზომიერების გვერდის ავლას.

კაუზალური კანონზომიერების ფაქტობრიობაა – შედეგი არ ჩანს მიზეზში, მიზეზის ცოდნა არ გვაძლევს თავისთავად შედეგის ცოდნას. ამას გამოცდილება გვიდასტურებს, რაც ნამდვილ  უცილებლობაზე მიუთითებს. ამის საპირისპიროდ, შინაგანი კაუზალობის შემთხვევაში მიზეზსა და შედეგს შორის ლოგიკურად გასაგები ვითარებაა. ფსიქოლოგიური მეცნიერება ორივე სახის დამოკიდებულებას შეისწავლის ფსიქიკურ სინამდვილეში.

ფსიქიკის ლოგოსი, ავტორის აზრით, საშუალებაა ფსიქიკის შემეცნების საქმეში. ფსიქოლოგიის ამოცანა არაა ფსიქიკის გალოგიკურება. შემეცნებამდე ფსიქიკას თვითონ აქვს ლოგიკური, რაც საჭიროა მისი შემეცნებისათვის და რეალობა-ეგზისტენციალობა, რაც საჭიროა ფსიქოლოგიის რეალურ მეცნიერებად დადგენისათვის. ფსიქიკის შემეცნებამ ის უნდა ასახოს, რაც არის ნამდვილად ფსიქიკაში. ფსიქიკაში ლოგიკურისა და ეგზისტენციალურის ერთიანობა პირველადი მდგომარეობაა. „ორგვარი კანონზომიერება – ლოგიკური და ონტოლოგიური – დუალიზმი კი არააა, კი არ მოითხოვს ერთის დაყვანას მეორეზე, არამედ ჭეშმარიტი კორელატივიზმია, რაც თავის საფუძველში ერთიანობას გულისხმობს“.

ამიტომ უაზროა კითხვის დასმა – აქვს თუ არა ფსიქიკურს თავისი კანონზომიერება. ეს იქიდან ჩანს, რომ ყოველი სახის კვლევა, თუ ამ კვლევას მეცნიერული ხასიათი აქვს, კანონის უეჭველ არსებობას გულისხმობს. იქ, სადაც წინასწარ არაა მიღებული, რომ საკვლევი საგანი თავის თავში მატარებელია გარკვეული რაობისა, კვლევა-ძიება გაუმართლებელია. არაფერი არ შეიძლება ითქვას იმაზე, რაც მოკლებულია რაობას, კანონს. კანონი მოვლენის, საგნის რაობაა, მისი გარკვეულობაა და, ცხადია, ის იქ არის და იმას აქვს, სადაც არის და რაც არის საგანი ან მოვლენა. „კანონი ყოველგვარი ძიების აპრიორია“. ამ დებულების მხოლოდ ცხადყოფაა შესაძლებელი, ვინაიდან შეუძლებელია დასაბუთდეს ყოველგვარი დასაბუთების წინაპირობა.

ა. ბოჭორიშვილის მიხედვით, ფსიქიკური კანონის ბუნება ფსიქიკური სინამდვილის თავისებურების გათვალისწინებით უნდა დადგინდეს: ფსიქიკური არ წარმოადგენს თავისთავადი (დამოუკიდებელი არსებობის მქონე სინამდვილეს, იგი ონტიურად ფენომენს წარმოადგენს, მისი არსებობის ერთადერთი ადგილი ცნობიერებაშია) და ამიტომ მას თავისი შესატყვისი, „მხოლოდ ფენომენისთვის დამახასიათებელი კანონები აქვს“. 

მეცნიერების (მაგ. ფსიქოლოგიის) არსებობის ობიექტურ პირობას და ემპირიულ გამართლებას წარმოადგენს შემეცნების საგნის თავისებურება. როცა სინამდვილეს წარმოვიდგენთ ერთგვაროვან ელემენტთა ჰომოგენურ კონგლომერატად, მაშინ არსებობს საკმაო საფუძველი და გნოსეოლოგიური გამართლება შეიძლება გამოეძებნოს მხოლოდ ერთ მეცნიერებას. აქ ღარ ვლაპარაკობთ მეცნიერებათა სიმრავლეზე. განსხვავებულ მეცნიერებათა შესახებ მხოლოდ იმ პირობით შეიძლება ლაპარაკი, თუ ხელთ გვაქვს მოძრაობის ფორმათა სხვადასხვაობა, ერთმანეთზე დაუყვანადი ფაქტები და კანონზომიერებანი, რომლებიც განსაკუთრებულ მეთოდოლოგიურ თვალსაზრისს საჭიროებენ. მეცნციერებათა სიმრავლე თავის გამართლებას სინამდვილის ფენებისა და თვისებების კანონზომიერებად სიმრავლეში პოულობს. მეცნიერების გნოსეოლოგიის საფუძველი მეცნიერების საგნის ონტოლოგიაა: სინამდვილის ფაქტთა განაწევრების პრინციპები განსაზღვრავს მეცნიერებათა სტრუქტურის ხასიათს, მათ ურთიერთკავშირსა და ურთიერთმიმართებას. მეცნიერებათა რაოდენობა შემეცნების საგნის რაოდენობითაა განპირობებული.

ფსიქიკისა და ფსიქოლოგიის განსაზღვრების პრობლემასთანაა დაკავშირებული ფსიქოლოგიის გამიჯვნის საკითხი უმაღლესი ნერვული სისტემის ფიზიოლოგიისაგან და ფილოსოფიისაგან. ფსიქოლოგიის მიმართების საკითხი უმაღლესი ნერვული სისტემის ფიზიოლოგიასთან ფსიქიკურ მოვლენათა ახსნის ამოცანასთან დაკავშირებით წამოიჭრება, ხოლო კითხვა ფსიქოლოგიის ფილოსოფიასთან მსვლელობის ზოგადი წესისა (ნაცნობიდან უცნობისაკენ სვლა); პიროვნება გაცილებით რთულია ვიდრე ფსიქიკური მოქმედებები.

საკითხის – რა არის ფსიქიკა – გადაჭრა შეიძლება დამოუკიდებლად პიროვნების ცნებისა და თეორიისაგან. ფსიქიკა, როგორც ფსიქოლოგიის საგანი, პრინციპულად იმაზე მეტად არაა დაკავშირებული პიროვნებასთან, ვიდრე ფიზიოლოგიური, როგორც საგანი ფიზიოლოგიისა. ფსიქოლოგი, რომელიც პიროვნების ცნებიდან გამოდის, ვერასდროს ვერ მოვა წმინდა ფსიქოლოგიასთან. ფსიქოლოგის მიერ პიროვნების სწორი ცნების ათვისება საწინდარია  მხოლოდ პიროვნული ქმედებების  შესწავლისა. თუ პიროვნება ფსიქოფიზიკური მთლიანობაა, ფსიქოლოგიას არ ევალება მისი შემეცნება. პიროვნება არაა ფსიქოლოგიური ცნება და იგი არც შეიძლება იყოს ფსიქოლოგიის ამოსავალი ცნება. ქცევათმეცნიერებას არ შეუძლიათ არც ფსიქოლოგიის შეცვლა და არც მისი მეცნიერული საფუძვლის  შექმნა. ფსიქიკის (განცდის) არსის ხილვასა, წვდომისათვის მოწოდებულია წმინდა ფსიქოლოგია, მეცნიერება განცდის შესახებ. ხოლო ფსიქიკური ცხოვრების ახსნის პრობლემა თავისი ბუნებით სინთეტური, ფილოსოფიური პრობლემაა.

ა. ბოჭორიშვილთან სპეციალური ანალიზის ობიექტი გახდა ფსიქიკის ონტოლოგიური პრობლემა, პრობლემა იმის შესახებ, თუ არსებობის, რა ფორმა აქვს ფსიქიკას (განცდას). ფსიქოლოგიასა და ფილოსოფიაში ცნობილი დავა ფსიქიკის არაცნობიერად არსებობის შესახებ დღესაც გრძელდება. 

საერთოდ არაცნობიერის პრობლემა მარტო ფსიქოლოგიური პრობლემა არაა. ის ისმის ონტოლოგიაში, გნოსეოლოგიაში, ლოგიკაში და ა.შ. მაგ., არაცნობიერის ონტოლოგიური პრობლემა ეხება კითხვას არსებობს თუ არა რაიმე ცნობიერების გარეთ. უარყოფითი პასუხი ამ კითხვაზე იმანენტური ფილოსოფიის თვალსაზრისია: ცნობიერება წარმოადგენს ყველაფრის მომცველ ინსტანციას. ამ შეხედულებას უპირისპირდება მატერიალიზმი და იდეალიზმი (პლატონიზმი), რომელთა მიხედვით, ცნობიერების გარეთ არსებულია როგორც მატერია, ისე იდეა.

გნოსეოლოგიაში არაცნობიერის პრობლემა სხვა სახეს იღებს – სად თავსდება შემეცნების საგანი – ცნობიერებაში თუ მის გარეთ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემაა იმანენტური და ტრანსცენდენტური მიმართულებანი გნოსეოლოგიაში. არაცნობიერის გნოსეოლოგიური პრობლემა რომ იგივე არაა, რაც ონტოლოგიური პრობლემა, ამაზე მიუთითებს ონტოლოგიური ტრანსცენდენტიზმისა და გნოსეოლოგიური იმნანენტიზმის თეორიები. აღიარებულია საგნის რეალური არსებობა ცნობიერებისაგან დამოუკიდებლად, მაგრამ შემეცნების საგნად ცხადება მხოლოდ ცნობიერებაში არსებული (აგნოსტიციზმი).

ლოგიკური პრობლემა არაცნობიერისა ეხება ცნობიერების ცნებასთან არაცნობიერის ცნების კორელაციას. აქ საკითხი ასე ისმის – საჭიროებს და მოითხოვს თუ არა ცნობიერების ცნების გააზრება არაცნობიერების ცნებას. ლოგიკასა და გნოსეოლოგიაში თავსდება საკითხი აპრიორული ელემენტის არსებობის ფორმის შესახებ, როცა მათი ემპირიული ცნობიერქმნა არ არის განხორციელებული.

ფსიქოლოგიური პრობლემა არაცნობიერისა ფსიქიკის (განცდის) ცნობიერებასთან მიმართების საკითხს ეხება, მაგრამ თვითონ ფსიქიკის გაგების მიხედვით ორ შინაარსს გულისხმობს: ერთ შემთხვევაში პრობლემას წარმოადგენს ცნობიერების ფსიქიკური შინაარსების (განცდების) ცნობიერებისაგან დამოუკიდებლად არსებობის საკითხი. მეორე შემთხვევაში საკითხი ეხება ცნობიერების მიღმა ისეთი ფსიქიკის შესაძლო არსებობას, რომელიც სინამდვილის მიხედვით განსხვავდება ცნობიერი ფსიქიკური შინაარსებისაგან. არის ფსიქიკის ახალი, უცნობი სინამდვილე.

კითხვა – არსებობს თუ არა ფსიქიკა ცნობიერების გარეთ? – კითხვითი წინადადების ლოგიკის მიხედვით მოითხოვს მასში შემავალი ყველა ცნების ერთმნიშვნელოვან განსაზღვრას. აქ საძიებელ მომენტს წარმოადგენს არაცნობიერი ფსიქიკისა და არსებობის კავშირი.

ფუნქციონალური ანალიზით დგინდება, რომ ცნობიერება და ფსიქიკა განსხვავებული გარკვეულობებია: ცნობიერება ხედვაა, ზრახვაა, ხოლო ფსიქიკა შინაარსია, საგანია; ფსიქიკა განზრახვის „თემაა“. ა. ბოჭორიშვილი სავსებით საფუძვლიანად აღნიშნავს, რომ ცნობიერებისა და ფსიქიკის გათიშვა არაცნობიერი ფსიქიკის პრობლემის ლოგიკური გამართლებაა და არავითარ შემთხვევაში მისი კარგი გადაწყვეტა.

განცდის (ფსიქიკის)  არსობრივი ანალიზი იმაზე მიუთითებს, რომ განცდა აუცილებლობითაა არსებული ცნობიერებაში. მხოლოდ აბსტრაქციაში თუ შეიძლება ვილაპარაკოთ ფსიქიკის შესახებ ცნობიერებისაგან დამოუკიდებლად. კონკრეტულად ფსიქიკა ყოველთვის ცნობიერებასთანაა გაუთიშავად. ცნობიერება და ფსიქიკა არაა ერთი და იგივე ისევე, როგორც სივრცე და მატერია, მაგრამ როგორც ეს უკანასკნელნი დაკავშირებულნი არიან ერთმანეთთან, ასევე ფსიქიკაც განუყოფლადაა დაკავშირებული ცნობიერებასთან, როგორც თავის არსებობის ფორმასთან (უაზრობაა ისეთ ტკივილზე ლაპარაკი, რომელიც ვინმეს მიერ არ განიცდება).

პირდაპირი გზით ცნობიერების გარეთ ფსიქიკის არსებობის დასაბუთება შეუძლებელია. ეს არა მარტო იმიტომ, რომ ცნობიერებისათვის მიუწვდომელი შემეცნებისათვის მიუწვდომელია და, მაშასადამე, დასაბუთებისთვისაც, არამედ იმიტომაც, რომ არაცნობიერების დასაბუთების პირდაპირი გზა შეიცავს შინაგან წინააღმდეგობას: ფსიქიკის არსებობის პირდაპირი დასაბუთება მოითხოვს მის თანდასწრებას ცნობიერებაში, ხოლო არაცნობიერის ცნებით ის პირობა გამორიცხულია. არაცნობიერი ფსიქიკის დასაბუთების ცდა შესაძლებელია მხოლოდ არაპირდაპირი გზით, მაგრამ რადგანაც ლაპარაკია ფსიქიკის არსებობაზე ცნობიერების გარეთ, ყოველ ასეთ დასაბუთებას ექნება ჰიპოთეზური ხასიათი. მაშასადამე, მსჯელობა შეიძლება ყოს მხოლოდ ჰიპოთეზის უფლებამოსილებაზე.

არაცნობიერი ფსიქიკის დაშვების ერთ-ერთი არგუმენტია ცნობიერი ფსიქიკის გენეზისისა და მისი მიმდინარეობის ახსნის შესაძლებლობა, მაგრამ ამ თვალსაზრისის დაცვა არსებითად ფსიქოფიზიკურ პარალელიზმზე დგომას ნიშნავს. არაცნობიერი ფსიქიკის ჰიპოთეზის დაშვება ნაკარნახებია პარალელიზმის პრინციპით. ცნობიერი ფსიქიკის გაჩენასა და მიმდინარეობაში მონაწილეობა წართმეული აქვს ტვინს და ეს ფუნქცია ეკისრება არაცნობიერ ფსიქიკას. არაცნობიერი ფსიქიკის ფუნქცია გვაგონებს სუბსტანციური სულის ფუნქციას ცნობიერი ფსიქიკის მიმართ. ფიზიოლოგიურ თეორიას უპირატესობა აქვს არაცნობიერი ფსიქიკის  წინაშე იმ მხრივ , რომ ამ უკანასკნელს ორი ჰიპოთეზური დაშვება აქვს, მოითხოვს ორმაგ  გამართლებას მაშინ, როცა ფიზიოლოგიური აღქმა  შეიცავს ერთ დაშვებას. არაცნობიერი ფსიქიკის შემთხვევაში ჯერ უნდა დამტკიცდეს მისი არსებობა და შემდეგ ვაჩვენოთ, რომ ასეთი დაშვება ნამდვილად გვაძლევს ფსიქიკური მოვლენის თავისებურების ახსნასა და გაგებას. ფიზიოლოგიური თეორიისათვის არსებობის დასაბუთება მოხსნილია (მისი რეალური არსებობა უეჭველია), უნდა დასაბუთდეს მხოლოდ მისი ვარგისობა ფსიქიკური ცხოვრების სუბსტრატად ყოფნისა. „მართალია, ფსიქიკური მოვლენების მთელ რიგს ჯერ კიდევ არ გააჩნიათ დამაკმაყოფილებელი ფიზიოლოგიური ახსნა, მაგრამ ამ დებულებიდან ნაადრევია დანასკვი, რომ სასიცოცხლო მოვლენებს, პრინციპში, არ შეუძლიათ ფსიქიკური მოვლენებისთვის სუბსტრატის ფუნქცია შეასრულოს. მხოლოდ მას შემდეგ, თუკი საბოლოოდ დამტკიცდება, რომ ტვინის ქერქს არ შეუძლია შეასრულოს ფსიქიკური ცხოვრების სუბსტრატის ფუნქცია, შეიძლება ვიფიქროთ არაცნობიერი ფსიქიკის ჰიპოთეზის შესახებ, რაც იმის ტოლფასი იქნება, რომ დავტოვოთ მონისტურ-მატერიალისტური თვალსაზრისი და გადავიდეთ “დუალიზმის პოზიციაზე“.

რაც შეეხება არაცნობიერი ფსიქიკის წარმოდგენას უცნობი სინამდვილის სახით, მის შესახებ უნდა აღინიშნოს, რომ როგორც კი არაცნობიერის შინაარსი იაზრება ცნობიერი ფსიქიკის შინაარსისგან განსხვავებულად, ფსიქოლოგიური პრობლემა გადაიქცევა მეტაფიზიკურ პრობლემად. ამ შემთხვევაში ირღვევა კითხვითი დებულების ძირითადი წესი – ერთი უცნობის ადგილზე გამოდის ორი უცნობი, რაც საკითხის გადაწყვეტას უფრო შეუძლებელს ხდის. მაშასადამე, არაცნობიერის ფსიქოლოგიური პრობლემა ესაა განცდის ცნობიერებისაგან დამოუკიდებლად არსებობის შესაძლებლობის გარკვევა. ა. ბოჭორიშვილის გაგებით, განცდა (რომელიც მოიცავს მთელ ფსიქიკას) პრინციპულად შეუძლებელია იყოს ცნობიერების მიღმა, ვინაიდან მისი არსია ცნობიერების შინაარსად ყოფნა.

ფსიქიკის არსებობის წესის გარკვევის შემდეგ, რომ ის მხოლოდ ცნობიერებაში არსებობით ამოიწურება, რომ რეალურად არსებულია მხოლოდ ცნობიერი ფსიქიკა, რაც სუბიექტს უშუალოდ ეძლევა განცდის სახით, დგება პრინციპული საკითხი ფსიქიკის შესახებ მეცნიერების კვლევის საგნისა და ამ საგანთან მისვლის, ანუ ფსიქოლოგიის მეთოდის თაობაზე. როგორც დავინახეთ, წმინდა ფსიქოლოგიის (არსებობენ სხვა ფსიქოლოგებიც) შესწავლის საგანია განცდა. ხოლო ამ განცდასთან მისასვლელი გზა ფსიქოლოგიის მეთოდია. ა.ბოჭორიშვილის რწმენით, „ფსიქოლოგიის საგნისა და მისი მეთოდის ძიების გზა ერთიანი პროცესია, რომელსაც ორი მხარე აქვს“. მეთოდის შემეცნება ფსიქოლოგიაში არის რეფლექსია იმ მოვლენისა, რომლითაც მოხდა ფსიქიკურის ხილვა. ფსიქოლოგია არ არის შიფრისეული, სიმბოლოზე ან „ხატზე“ დამყარებული მაძიებელი კვლევა თავისი  საგნისა. სათანადო განწყობის მომარჯვების პირობებში ფსიქიკური უშუალოდ ეძლევა ცნობიერებას. „ასახვის“ ამოცანა ფსიქიკურის „ხედვის“ მომენტში კი არ დგება, არამედ გამოთქმის, ტერმინოლოგიურ-ენობრივი გამოსახვის მომენტში.

აღინიშნა, რომ ცნობიერება მეტი არაფერია გარდა იმის ფიქსაციისა, რაც უშუალოდაა ცნობიერებაში მოცემული. „თვითდაკვირვება არის აუცილებელი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში საკმაო პირობა ფსიქოლოგიური მეცნიერებისა”. თვითდაკვირვებას ევალება ერთი საქმე, ფსიქოლოგიური აზროვნების პირველი პირობის დადგენა – განცდის, ცნობიერების იმანენტური შინაარსის „გამოთქმა“, მეცნიერებისათვის ვარგისი, ზუსტი მასალის მიწოდება“. ეს მხოლოდ დასაწყისია მეცნიერული ძიებისა, რომელიც შემდეგ მეცნიერების სხვა აღმავალ საფეხურებს გულისხმობს: აბსტრაქციას, ინდუქცია-დედუქციას, ანალიზსა და სინთეზს, გამოცდილების  საშუალებით შემოწმებას, მაგრამ პირველი სიტყვა, რომელიც თვითდაკვირვებამ უნდა თქვას ფსიქიკის შესახებ, არა მარტო ქრონოლოგიურადაა პირველი, არამედ მნიშვნელობითაც, როგორც ამას ადგილი აქვს ყოველ მეცნიერებაში: ფაქტის ცოდნა წინ უნდა უსწრებდეს თეორიის აგებას.

თვითდაკვირვების მონაცემი, თავისთავად აღებული, არც შემეცნებაა და არც აზროვნება, თუმცა აუცილებელი პირობაა როგორც ერთისთვის, ისე მეორესათვის. ფაქტობრივი ვითარების დადგენა მეცნიერების პირველი ამოცანაა. მაგრამ საკუთრივ შემეცნება მხოლოდ მაშინ იწყება, როცა ნათლადაა პასუხი გაცემული კითხვაზე – რა არის ეს? როგორ წარმოიშვა იგი? რა ადგილი უჭირავს მას სხვა მოვლენათა შორის? და ა.შ. ერთმანეთისაგან განსხვავდება თვითდაკვირვება – მასალის მოპოვების საშუალება და ფსიქოლოგიური შემეცნება – ფსიქიკის შემეცნების ასახვის პრობლემა. სწორედ საქმის ეს ვითარება არ იყო გათვალისწინებული ბოლო დროის რუსულ ფსიქოლოგიაში. სადაც პრინციპულად უარყოფითი პოზიცია იყო თვითდაკვირვების მეთოდის მიმართ, თითქოს ის იყოს ობიექტურის საპირისპიროდ სუბიექტივისტური, რომელიც ამდენად ვერ გვაძლევს ფსიქიკის დამაკმაყოფილებელ შემეცნებას, ფსიქიკის კანონზომიერების ხილვას. ასეთი მდგომარეობა, როგორც აღინიშნა, განპირობებული იყო იმით, რომ თვითდაკვირვების მეთოდს დააკისრეს ის ფუნქცია, რაც მას არ უნდა მიეწეროს. ის მოწოდებულია მხოლოდ ფაქტობრივი ვითარების დადგენისათვის. მან უნდა აღნუსხოს ის, რაც ცნობიერებაში ხდება. მოპოვებული მასალის ანალიზი და მასში კანონზომიერების დადგენა ეს აზროვნების საქმეა, რაც, რა თქმა უნდა, თვითდაკვირვება არაა.

ა. ბოჭორიშვილმა მეცნიერებაში შემოიტანა ახალი ცნება – „ფსიქოლოგიზმი ფსიქოლოგიაში“. საერთოდ მეცნიერებაში ფსიქოლოგიზმის წინააღმდეგ ბრძოლას არც თუ მცირე ისტორია აქვს. მაგრამ თვითონ ფსიქოლოგიის ფარგლებში ამ მანკის რაობის საკითხს პირველად ქართულ თეორიულ აზროვნებაში მიექცა ყურადღება.

ფსიქოლოგიზმი ზოგადად ფსიქოლოგიის მოქმედების სფეროს გაფართოებაა. ფსიქოლოგიზმს ორი მნიშვნელობა აქვს, რომელთა შორის განსხვავება არსებითი ხასიათისაა. ფსიქოლოგიზმი ერთ შემთხვევაში ნიშნავს ფსიქოლოგიის შეჭრას სხვა მეცნიერებაში, ფსიქოლოგიის ცნებისა და კანონების გამოყენებას იქ, სადაც მას გამართლება არ აქვს. ასეთი ფსიქოლოგიზმი იმავე ხასიათისაა, როგორიცაა ფიზიციზმი ბიოლოგიაში და ა.შ. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ცნებათა აღრევასთან. მაშასადამე, მეცნიერება, რომლის საკვლევი ობიექტის არსებობისა და ნიშანთვისებების შესახებ შემმეცნებელს ეცნობება მხოლოდ ფსიქიკური მოვლენების საშუალებით, იმყოფება ფსიქოლოგიზმის საფრთხის წინაშე და მხოლოდ ფსიქოლოგიზმის დაძლევის გზით მოიპოვებს იგი სუვერენული მეცნიერების სახით არსებობის უფლებას. ფსიქოლოგიზმი ამ ვითარებაში გვევლინება როგორც ფსიქიკური მოვლენების  სახით წარმოდგენა არაფსიქიკური სინამდვილისა. ესაა ფსიქოლოგიზმის შინაარსეულ-საგნობრივი მნიშვნელობა. 

თეორიული გზა ამგვარი ფსიქოლოგიზმის დაძლევისა არის იმის ჩვენება, რომ არაფსიქიკურად ნაგულისხმევი სინამდვილის კანონზომიერება არც გამოიყვანება ფსიქიკის კანონზომიერებიდან და არც მასზე დაიყვანება. ამ ამოცანის დამაკმაყოფილებლად გადაჭრაა მოითხოვს როგორც ფსიქიკის, ისე არაფსიქიკის კანონების ცოდნას და მათი ერთმანეთთან შედარების შესაძლებლობას. სანამ არაა მტკიცედ დადგენილი ფსიქოლოგიური და არაფსიქოლოგიური მეცნიერების კანონები და არ გვაქვს ამ კანონების გნოსეოლოგიური-ლოგიკური დახასიათება, შეუძლებელია გადაიჭრას შინაარსობრივ-საგნობრივი ფსიქოლოგიზმისა და ანტიფსიქოლოგიზმის დავა.

შინაარსობრივ-საგნობრივი ფსიქოლოგიზმის ფაქტიური არსებობა არ ნიშნავს საერთოდ მეცნიერების გაუქმებას, თუკი ფსიქიკურში ნაგულისხმევი იქნება მეცნიერების აგებისათვის აუცილებელი ობიექტური ლოგოსი. ამ შემთხვევაში არაფსიქოლოგიური მეცნიერებანი კარგავენ დამოუკიდებლად არსებობის უფლებას, მაგრამ არ ისპობიან, არამედ შეერწყმიან ფსიქოლოგიას. ამ ქმედებით ფსიქოლოგია საყოველთაო მეცნიერებად იქცევა.

მეორე მნიშვნელობა ფსიქოლოგიზმისა ეხება ფსიქიკის შერევას სხვა მეცნიერების კვლევის საგანში. აქ მდგომარეობა თავისებურია, რასაც უნდა ეწოდოს აბსტრაქტულ-სენსუალისტური ფსიქოლოგიზმი, რომელიც მეცნიერების დაფუძნებას ცდილობს მხოლოდ და მხოლოდ ალოგიურ-სენსუალისტური მასალის საშუალებით. ასეთი ცდის აუცილებელი შედეგია აბსოლუტური რელატივიზმი და სკეპტიციზმი მეცნიერების თეორიაში. თუკი ერთადერთი სინამდვილე ალოგიკური ფსიქიკაა, მეცნიერება სინამდვილის შესახებ შეუძლებელი ხდება. ამის მიზეზი ძევს არა სინამდვილის ფსიქიკურობაში, არამედ მის სენსუალურ, ალოგიკურ ბუნებაში.

ფსიქოლოგიზმის ბრძოლა ლოგიციზმის წინააღმდეგ, რასაც თავისი ადგილი და გამართლება აქვს, არ უნდა იქცეს ფსიქიკურის გაწმენდის ამოცანად ლოგიკურისაგან. ალოგიკურად წარმოდგენილი სინამდვილე არ შეადგენს მეცნიერების საგანს. ფსიქოლოგიური სენსუალიზმი შეუთავსებელია ფსიქოლოგიური მეცნიერების იდეასთან. სენსუალისტური ფსიქოლოგიზმის დაძლევა შეუძლებელია ლოგიკურობის აღდგენის გარეშე ფსიქიკურ სინამდვილეში. „ლოგიციზმი“ მეცნიერებაში, როგორც მისი საგნის ლოგიკურობაზე მითითება, არაა ოდიოზური ცნება „ფსიქოლოგიზმის“ მსგავსად, არამედ მეცნიერების არსებობის აუცილებელი პირობაა.

ლოგიციზმი უკანონო ცნებად მაშინ იქცევა, როდესაც უარყოფილია ემპირიული, ალოგიკური კანონზომიერება, როდესაც სინამდვილის მთელი კანონზომიერება ლოგიკურ კანონზომიერებად წარმოიდგინება. ისევე დაუშვებელია მთელი სინამდვილის გააზრება ლოგიკის საგნად, როგორც მიუღებელია ლოგიკურის გამორიცხვა სინამდვილის მოვლენებიდან. ალოგიკური არაა ანტილოგიკური, მასში ისეთი კანონზომიერება იგულისხმება, რომლის გამოყვანა (ანალიზურად) მოცემული ვითარებიდან არ შეიძლება. ამისთვის ემპირიაა საჭირო, ამიტომაც არსებობენ ემპირიული მეცნიერებანი, რომლებშიდაც ისეთი ფაქტები და კანონებია, რომელთა საზრისის ძიება უიმედოა. არ შეიძლება ამ ფაქტების ნაძალადევი ლოგიზაცია, რაციონალიზაცია. ლოგიციზმის წინააღმდეგ ბრძოლა არ უნდა იქცეს ლოგიკის წინააღმდეგ ბრძოლად, ირაციონალიზმის დაცვად. ლოგიკის გარეშე, მისი კანონების გამოყენების გარეშე, არ არსებობს არც ერთი მეცნიერება. „ყველაფერი ლოგიკა არ არის, მაგრამ ლოგიკა ყველგან არის“. ლოგიკის შეჭრა სხვა მეცნიერებაში ყოველთვის არაა ლოგიციზმი, დაუშვებელი მოვლენა. პირიქით, ლოგიკის გამოუყენებლობა გააყალბებდა ყოველგვარ მეცნიერებას. წაართმევდა მას აუცილებელ მეცნიერულ დასაყრდენს.

სენსუალისტურ – აბსტრაქტული ფსიქოლოგიზმის საფრთხე ისევე ემუქრება ფსიქოლოგიას, როგორც სხვა მეცნიერებას. ფსიქიკის გააზრება ალოგიკურად, „მხოლოდ ფსიქიკურად“, ფსიქოლოგიზმია ფსიქოლოგიაში., ფსიქიკის წარმოდგენა მხოლოდ სენსუალურ მოცემულობად ქმნის ისეთ ვითარებას, როდესაც შემეცნების აუცილებელ პირობას მოკლებული ვართ. თუკი მეცნიერების ლოგიკური წყობა ალოგიკური მასალიდან უნდა აიგოს, ეს იქნებოდა არაჩვეულებრივი განზრახვა. თუ ფსიქოლოგიის შეჭრა ლოგიკაში იმიტომ იწვევს მის გაყალბებას, რომ ამ ქმედებით  ალოგიკური შედის ლოგიკაში, როგორ უნდა მოხერხდეს ფსიქოლოგიის აგება, როგორც ლოგიკურად გამართლებული მეცნიერული სისტემა, როცა მის კვლევის საგანში საამისო მასალა (ლოგიკური) არ იგულისხმება? ფსიქიკა რომ არაფერს შეიცავდეს ჰილეტური შინაარსის მეტს, იგი უფრო ქაოსურ მასად წარმოიდგინებოდა. რისი „რაციონალიზაციაც“ სასწაულის დარი იქნებოდა.

მაშასადამე, ფსიქიკური სინამდვილის კანონზომიერების უარყოფა შედეგია სენსუალისტურ-აბსტრაქტული ფსიქოლოგიზმის არსებობისა ფსიქოლოგიაში. ფსიქოლოგიის პრობლემა – ფსიქიკის რაობისა და მისი თავისებური  ლოგოსისა – სწორედ ვერ გადაიჭრება, სანამ არაა დაძლეული აბსტრაქტულ-სენსუალისტური ფსიქოლოგიზმი. ფსიქოლოგიზმის კრიტიკულ შეფასებას უკავშირდება არა მარტო არაფსიქოლოგიური მეცნიერების ბედი, არამედ თვითონ ფსიქოლოგიური თეორიის ცხადყოფისა და თვითშემეცნების ამოცანაც. ფსიქოლოგიის რაობის დადგენა შეუძლებელია ფსიქოლოგიზმისა და ანტიფსიქოლოგიზმის შორის დავის საბოლოო გადაწყვეტის გარეშე.

ფსიქოლოგიზმისაგან ყველაზე უფრო მეტად შეილახა ლოგიკა და ლოგიციზმის წინააღმდეგ ბრძოლა მეტწილად ლოგიკის უფლების  დაცვის სახელით მიმდინარეობდა. „ფსიქოლოგიზმიდან თავის დაცვის ყველაზე მეტი საშუალება ლოგიკას აქვს. ის, რაც ლოგიკას გადაარჩენს ფსიქოლოგიზმიდან, გამოსადეგი აღმოჩნდება პრინციპულად სხვა მეცნიერებათა დასაცავად. ლოგიკა ყველა მეცნიერების ფუძემდებელი ინსტანციაა“, ამიტომ ძირითადი ბრძოლა ფსიქოლოგიზმის წინააღმდეგ ლოგიკაში მიმდინარეობს.

მეორე მხრივ, ფსიქოლოგიაც უნდა განთავისუფლდეს ლოგიციზმისაგან. „ისევე, როგორც ლოგიკა ფუჭდება ფსიქოლოგიზმით, ასევე ფსიქოლოგიაც მახინჯდება ლოგიციზმით“.

ფსიქოლოგიზმისა და ლოგიციზმის მანკიერებიდან განთავისუფლება გულისხმობს შემდეგი დებულების მიღებას: მეცნიერებას აქვს კვლევის საკუთარი საგანი: იგი ვალდებულია აღმოაჩინოს მისი საკვლევი ობიექტის კანონები. მონახოს ის კატეგორიები, რომლითაც შეიძლება ამ სინამდვილის გააზრება, მკაცრად დაიცვას ამ კატეგორიების სიწმინდე. სპეციალური მეცნიერების არსებობა მართლდება მისი თავისებურების ჩვენებით. ეს კი მეცნიერების ყოფნა-არყოფნის საკითხია.

თავისებური  მეცნიერების კვლევის საგანია მისი საგნისათვის დამახასიათებელი ლოგოსი. სადაც სპეციალური ლოგოსია, იქ ზოგადი ლოგოსიცაა (ლოგიკის საგანი). ლოგიკის მონაწილეობა ყველა მეცნიერებაში მეცნიერულობის პირობაა. ესაა ლოგიკის გამოყენება სპეციალურ მასალაზე და არა ლოგიციზმი. შემეცნების ყოველი საგანი ლოგიკურ კანონზომიერებას გამოავლენს, მაგრამ ლოგიკური კანონზომიერება ზღვარდებულია. რამდენადაც არსებობს ისეთი კანონზომიერებაც, რომელსაც ლოგიკური ვერ ეწოდება – არაა გასაგები ერთი მოვლენის გამომდინარეობა მეორესაგან. ის არაა საზრისის მქონე და „ნათელი“. აღნიშნულნი ე.წ. უსაზრისო, ალოგიკური, „ბნელი“ კანონზომიერებანია. არ გვესმის მოვლენათა ურთიერთობა, არ გვაქვს რწმენა იმისა, რომ ამ მოვლენათა შორის სხვაგვარი ურთიერთობა არ შეიძლებოდეს. სწორედ ლოგიციზმია ის, როცა მოვლენებში ნაცადია ყველაფრის რაციონალიზაცია, ასეთი ლოგიციზმის წინააღმდეგ ბრძოლა მეცნიერების გადაუდებელი ამოცანაა.

ფსიქოლოგიური მეცნიერების განხილვა ფილოსოფიური თვალსაზრისით, ა. ბოჭორიშვილის გაგებით, ნიშნავს იმის წვდომას, თუ რა სახითაა გამოვლენილი ფილოსოფიური კატეგორიები ფსიქოლოგიაში, რა ელფერს აძლევს  ფსიქოლოგიური კატეგორია ფილოსოფიას, ფილოსოფიის ერთიან სტრუქტურას. ჩვენ რომ ამომწურავად ვიცოდეთ ფილოსოფიური კატეგორიების შინაარსი, მაშინ სპეციალური მეცნიერებების მონაცემები ვერაფერს პრინციპულად ახალს ვერ გვეტყოდნენ და ფილოსოფიისთვის ზედმეტიც იქნებოდა სპეციალური მეცნიერებით დაინტერესება. ამ შემთხვევაში სპეციალური მეცნიერება მოგვევლინებოდა არა როგორც კვლევა და აღმოჩენის ორგანო, არამედ მხოლოდ როგორც ილუსტრაცია ანდა დემონსტრაცია იმისა, რაც უკვე ცნობილია ფილოსოფიაში. მაგრამ რამდენადაც ჩვენი ცოდნა ფილოსოფიური „სინამდვილისა“ არ არის სრული, იგი მუდმივად იზრდება , ამიტომ საჭიროა და მიზანშეწონილიც შემეცნების ყოველი სფერო ფილოსოფიური მეცნიერებისათვის ფაქტობრივად არსებული ჰიპოთეზისა, რომელიც ფილოსოფიური ცხადყოფას საჭიროებს. სპეციალური მეცნიერება ფილოსოფიურ მეცნიერებას ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს, ხოლო ფილოსოფია სპეციალურ მეცნიერებას – ლოგიკურს, გნოსეოლოგიურს.

ფსიქოლოგიის ფილოსოფია თავიდანვე უნდა იყოს გარკვეული იმაში, თუ რა ურთიერთობაა ფსიქოლოგიის საკვლევ ობიექტსაც ფსიქიკისა და მის შემმეცნებელ ორგანოს შორის. საქმე ეხება ფსიქიკისა და „შემმეცნებელი აპარატის“, „შემმეცნებელი სუბიექტის“ განსხვავებას: ფსიქიკურის გარდა არსებობს თუ არა სხვა რამ, რაც შემეცნების მოვლენას  წარმოადგენს?

შემმეცნებლის შემეცნება სხვაგვარი შემეცნებაა, ვიდრე ის შემეცნება, რომელთანაც საქმე გვაქვს მაშინ, როცა შემმეცნებელი და შესამეცნებელი სხვადასხვა მხარეებს  წარმოადგენენ. ჩვენ შესაძლებლად უნდა მივიჩნიოთ ისეთი შემეცნებაც, სადაც შემეცნების სუბიექტი და ობიექტი ერთია, ე.ი. თვითშემეცნება, ეს გამომდინარეობს თვითონ შემეცნების აღიარების ფაქტიდან: თუ გაორებულად წარმოდგენილი შემეცნება სადმე არ გაერთმთლიანდება, თუ შემეცნება არ იქცა თვითშემეცნებად, მაშინ საერთოდ გაუქმდება ყოველგვარი შემეცნება. „გნოსეოლოგია, ისევე ვერ აუვლის გვერდს თვითშემეცნების საკითხს, როგორც ვერ იქნება იგი ინდიფერენტული თვითდასაბუთების პრობლემის მიმართ“.

თუ ფსიქოლოგიის საგნად ფსიქიკას (ფენომენს) ვიგულისხმებთ და არა ცნობიერებას, მაშინ ფილოსოფიურ ფსიქოლოგიას არ ეხება შემმეცნებლის ბუნების გარკვევა. ამ შემთხვევაში ფსიქოლოგია ემსგავსება სხვა სპეციალურ მეცნიერებას, რომლებიც არ სვამენ საკითხს გნოსეოლოგიური სუბიექტის ბუნების თაობაზე. ფსიქოლოგიას ევალება იმის ერთმანეთისგან განსხვავება , რაც ერთიანი მოვლენის სახითაა წარმოდგენილი. ფსიქოლოგიამ ორად უნდა გაყოს შემმეცნებელი – ფსიქიკად და გნოსეოლოგიურ სუბიექტად. მისი პრეტენზია ვრცელდება ფსიქიკაზე და არა გნოსეოლოგიურ სუბიექტზე. ფსიქიკა, როგორც ფსიქოლოგიის შესწავლის ობიექტი, არაა შემეცნება და არც შემმეცნებელი. მას ისევე ესაჭიროება „გარედან“ მოსული გნოსეოლოგიური სუბიექტი, როგორც სხვა სახის სინამდვილეს. ფსიქიკის შემეცნების სიძნელის ახსნა ფსიქოლოგიის ფილოსოფიის ამოცანაა. თუ შემეცნებათა განზოგადება შინაარსით გამდიდრებას ნიშნავს, მაშინ ფსიქიკის შემეცნების ქმედებაში დადგენილი კანონზომიერება გნოსეოლოგიის შემადგენლობაში უნდა შევიდეს და არ დარჩეს მხოლოდ ფსიქოლოგიის თეორიის საკუთრებად. ყოველგვარი დებულება-კანონზომიერება, ვის მიერაც არ უნდა იყოს აღმოჩენილი, ფილოსოფიის კუთვნილებაა. ფილოსოფიის კვლევის საგანი ყველგანაა და ყველაფერშია, თუ მკვლევარი ფილოსოფიური პრინციპის ცოდნით იქნება შეიარაღებული და არსად არ გადაუხვევს მას.

ფსიქოლოგია სპეციალური მეცნიერებაა. ის ფილოსოფია არაა. ფსიქოლოგიის ფილოსოფია ფილოსოფიაა, ფილოსოფიის ერთ-ერთი გამოვლინებაა, ამიტომ ფსიქოლოგიის ფილოსოფიის მიმართ ორგვარი მიმართებაა გასარკვევი: მისი ურთიერთობა ფსიქოლოგიასთან და მისი ურთიერთობა „თვითონ ფილოსოფიასთან“, მის ზოგად იდეასთან.

მიმართება ფილოსოფიასა და მეცნიერებას შორის ისეთივეა და იგივე, რაც მიმართება ზოგადსა და კერძოს შორის: ზოგადი კერძოში ვლინდება – კერძო ზოგადში ნახულობს თავის საბუთსა და საფუძველს. მეცნიერება ზოგადისაკენ სწრაფვაა. მეცნიერება ფილოსოფიაა განვითარების ობიექტური მიმართულების მიხედვით. მაგრამ განვითარების ასეთი გზა ცნებისეულად მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ფილოსოფია, თუ გაცნობიერებულია ფილოსოფიის კვლევის მიზანი, მისი პრინციპული ხასიათის ზრახვა. უნდა ვთქვათ, რომ მეცნიერება ფილოსოფიისაკენ მიდის. მაგრამ რადგან ზოგადის გვერდით კერძოც არსებობს, რომელიც ასევე საჭიროებს შემეცნებას, ამიტომ სპეციალური მეცნიერების საკუთარი გამოცანა არასდროს გაუქმდება. მეცნიერებასა და ფილოსოფიას ხელთ ერთი და იგივე აქვს, მაგრამ ეს ერთი, უნივერსუმი, ზოგადსაც შეიცავს და კერძოსაც, კვლევა-ძიების ზრახვა მუდამ ორგვარი რჩება. ფილოსოფიის საგანია უნივერსუმი, მეცნიერებისა – უნივერსუმის ნაწილები. მთლიანის ცოდნა და ნაწილების ცოდნა ვერც ერთმანეთს შეენაცვლება და ვერც უერთმანეთოდ იარსებებს, როგორც ვერ იარსებებს ნაწილები მთელის, ხოლო მთელი – ნაწილების გარეშე. არ არსებობს მეცნიერული ცოდნა ფილოსოფიური ცოდნის, ხოლო ფილოსოფიური ცოდნა მეცნიერული ცოდნის გარეშე. არა ერთი ან მეორე, არამედ ერთიცა და მეორეც. აქ არაფერს ცვლის ის ფაქტი, რომ ზოგი მეცნიერი ვერ ამჩნევს თავის მუშაობაში ფილოსოფიის მონაწილეობას. ხოლო ზოგი ფილოსოფოსი ვარაუდობს, რომ მეცნიერებას იგი არსად საჭიროებს.

ფილოსოფიური თვალსაზრისით, ფილოსოფიური მატერიალიზმის ძირითადი პრობლემა არის სული, ფსიქიკური სინამდვილე. მატერიალიზმის ამოცანაა სული გაიგოს და ახსნას ობიექტური სინამდვილის ცნებებზე დაყრდნობით, მიაღწიოს სულის „მატერიალიზაციას“, „ობიექტივაციას“. 

სულის „ობიექტივაციის“ მატერიალისტურ პრობლემას მეცნიერულ სამსახურს გაუწევს მატერიალისტურად გააზრებული ასახვა ფსიქიკური სინამდვილისა – ფსიქოლოგიური მეცნიერება.  მხოლოდ მეცნიერული ფსიქოლოგიის სანქციით არის შესაძლებელი დამაჯერებელი მტკიცება სულის, ფსიქიკის „მატერიალურობის“ შესახებ. სულის „მატერიალიზაციის“ დიალექტიკური გზა მექანისტური გზისაგან განსხვავებით ფსიქიკურის ფიზიკურზე დაყვანაში კი არ მდგომარეობს, არამედ მატერიის „აყვანაში“ ფსიქიკურის კანონზომიერებამდე, მატერიის პოტენციის ამაღლებაში სულის ატრიბუტთა „საკვირველებამდე“. ეს გზა ფსიქიკურის ახსნისა მატერიალურის საშუალების  არის იმავე დროს მატერიალურის განზოგადებულობის მეცნიერული საბუთი და მისი გაგების მეთოდი. ა. ბოჭორიშვილის რწმენით, მატერიალისტური ფსიქოლოგიის გარეშე არ არსებობს მეცნიერულად დასაბუთებული მატერიალისტური ფილოსოფია; მეცნიერული ფსიქოლოგიის სიტყვა არის მატერიალიზმის experimentum crucis.

ლიტერატურა

ა. ბოჭორიშვილი, ფსიქოლოგიის პრინციპული საკითხები, ტ. I, 1957 წ. ,  ტ. II, 1959 წ. , ტ. III, 1962 წ.

ა. ბოჭორიშვილი, ფსიქოლოგიის მეთოდოლოგიისათვის, თბ., 1966 წ. 

ა. ბოჭორიშვილი, ფსიქოლოგიზმი და ანტიფსიქოლოგიზმი ფსიქოლოგიაში, თბ., 1965 წ.

ა. ბოჭორიშვილი, თხზულებები, ტ. I, თბ., 1991წ. ტ, II, თბ., 1922 წ.

ა. ბოჭორიშვილი, ფილოსოფიური ანთროპოლოგიის თეორიული საფუძვლები, თბ., 1976 წ.

ა. ბოჭორიშვილი, ი. კანტის ესთეტიკა, თბ., 1967 წ.

А. Т. Бочоришвили, Философия, психология, эстетика, Тб., 1979.



მდევარი