ქართული სამოქალაქო აქტივიზმის ისტორია: ინტერვიუ მარიამ კალანდაძესთან

protest

გააზიარე:


protest

ავტორები: მირანდა მჭედლიშვილი, ანანო ყავალაშვილი, სოფიკო ქურდაძე, ზოი პოტამიტი, ანნა ამილახვარი, მარიამ გელაშვილი, ნინი ხიზანიშვილი

რედაქტორი: ბექა იობიძე

კორექტორი: ნანო კვარაცხელია

“მდევარის” მეთექვსმეტე ნომერში აკადემიური ინტერვიუს რუბრიკაში ქართული სამოქალაქო აქტივიზმის ისტორიას მიმოვიხილავთ. ინტერვიუს მოპასუხეა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის სოციოლოგიისა და ანთროპოლოგიის მაგისტრი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სოციოლოგიის ლექტორი მარიამ კალანდაძე.

რას მოიაზრებს აქტივიზმი, აუცილებელია თუ არა იგი მოიცავდეს პროტესტს? რა არის საპროტესტო და არასაპროტესტსო აქტივიზმის განმასხვავებელი? სოციოლოგიაში პროტესტის სახეებს თუ განარჩევენ?

როდესაც ვსაუბრობთ აქტივიზმსა და პროტესტზე, ჩემი აზრით, შეიძლება გამოხატვის ფორმებით ვერ განვასხვაოთ ერთმანეთისგან. საქართველოში გვქონია პროტესტის სხვადასხვა ფორმა.  აქტივიზმიც, მათ შორის, შეიძლება მრავალფეროვან სახეს იღებდეს. მაგალითად, საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება, პატარა სანახაობა ქუჩაში და ა.შ. აქტივიზმი თავისთავად მოიცავს პროტესტის შეგრძნებას – მიმართულება აქვს, თუმცა შეიძლება განსხვავდებოდეს ქართულ სინამდვილეში ნანახი დიდი აქციებისგან, ანუ საპროტესტო გამოსვლებისგან. 

აქტივიზმის ფორმა არის, მაგალითად, მოძრაობა “ჯიუტი”, რომელიც უკვე 2 წელზე მეტია, ყოველდღიურად დილიდან 9 საათის განმავლობაში პარლამენტთან იკრიბება. სოციოლოგიის თვალთახედვით, სადავოა, რამდენად არის ეს პროტესტის ფორმა,  რადგან, როდესაც განმარტავენ ხოლმე პროტესტს, აუცილებლად კონკრეტულ ქმედებებსა და რაოდენობას მოიაზრებენ მახასიათებლად. მაგალითად, ბანერი უნდა გეჭიროს, უნდა ყვიროდე, უნდა შეიკრიბოს 20 კაცზე მეტი. მე ვფიქრობ, რომ, არ არის აუცილებელი, ასე განვმარტოთ აქტივიზმი და, ამ შემთხვევაში, შეიძლება, ერთად მოვიაზროთ აქტივიზმიცა და პროტესტიც, რადგან “ჯიუტის” მაგალითი არის დისციპლინური, გრძელვადიანი აქტივიზმი, რომელიც ასევე მოიცავს პროტესტს. 

რაც შეეხება პროტესტის სახეებს სოციოლოგიის ჭრილში, – სოციალური მეცნიერების ერთ-ერთი დისციპლინის ფარგლებში წარმოიშვა კიდევ ერთი ქვე დისციპლინა, რომელსაც უწოდებენ ხოლმე “სოციალური მოძრაობების კვლევას”. აქ, მე როგორადაც ვხედავ განსხვავებას, – საზოგადოებრივი მოძრაობა უფრო არის ორგანიზებული და გრძელვადიანი. საქართველოში მასობრივი პროტესტები არის არა რომელიმე მოძრაობის გამოძახილი, არამედ უფრო საპასუხო მოქმედება, რომელიც გადაიზრდება  მოძრაობაში. კარგი მაგალითი იქნებოდა 2019 წლის აქციები. მოძრაობა “სირცხვილია” მანამდეც არსებობდა, მაგრამ 2019 წლის ღამის პირველი აქცია, რომელიც შემდეგ გადავიდა გრძელვადიან გამოსვლაში, შეგვიძლია მოვიაზროთ, როგორც მოძრაობა, რადგან სამი თვის განმავლობაში სხვადასხვა საქმიანობას  ეწეოდა პარლამენტის წინ, ხოლო სამოქალაქო მოძრაობას “სირცხვილია”,  ძალიან დიდი წვლილი ჰქონდა ამ ყველაფრის მოწყობაში. 

რა დროიდან  ხშირდება სამოქალაქო აქტივისტთა მოძრაობები საქართველოში? როგორ იცვლებოდა პროტესტის ფორმები დროის სვლასთან და საკითხთა საჭირბოროტოების ცვლილებასთან ერთად?

საქართველოში პროტესტებზე ჩემი კვლევების რესპონდენტთა გადმოსახედიდან ვისაუბრებ, რადგან  ეს ძალიან კარგად წარმოაჩენს, საიდან იწყება პროტესტების ათვლა ქართული საზოგადოების კოლექტიურ მეხსიერებაში. უმეტესწილად, 1956 წლის საპროტესტო გამოსვლებს ასახელებენ ხოლმე, თუმცა პირველ სტუდენტურ მოძრაობად – 1978 წლის 14 აპრილი მიიჩნევა. ეს იყო საპროტესტო აქციებში პირველი წარმატება- კოლექტიურ მეხსიერებაშია დალექილი; ზუსტად ამ წელს ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. 1991 წელიც შეგვიძლია მივიჩნიოთ, როგორც საპროტესტო ქმედებების ნაკრები- მაშინ გამსახურდიას მხარდამჭერებმა კარვები გაშალეს პარლამენტის მიმდებარედ. შემდეგ 2003 წლის რევოლუცია მოდის. ეს მრავალრიცხოვანი  პროტესტები პარლამენტის წინ ჩვევად გადაიქცა და ამაზე ძალიან კარგად წერს ნუცა ბათიაშვილი. იგი ხსნის, როგორ არის საქართველოში საპროტესტო მუხტის გაგება დაკავშირებული პარლამენტის შენობის წინ მრავალრიცხოვან თავყრილობასთან. თითქოს ის მუხტი, რომელიც აქ წარმოიქმნება, ვერ გაჩნდება  მიმდებარე ქუჩებზე. ამგვარი შეკრება და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, ერთად ქმნის  იმ საპროტესტო მუხტს, რომელიც, განსხეულებულია ქართველების კოლექტიურ მეხსიერებაში. დღეს საუბარია პარლამენტის გარდა იუსტიციის სახლის ტერიტორიის გადაკეტვაზეც, ეს 2023 წლის მარტის აქციების პერიოდშიც მოხდა. ერთ-ერთი რესპონდენტი მესაუბრებოდა, რომ უცებ გაიაზრეს, მუხტის შენარჩუნებისთვის არ არის აუცილებელი მუდმივად პარლამენტთან დგომა, არამედ, იუსტიციის სახლთან მიმდებარე ტერიტორიის გადაკეტვა კიდევ უფრო დიდ მუხტს წარმოქმნიდა პროტესტისათვის. რა თქმა უნდა, საზოგადოების სხვადასხვა წევრებს განსხვავებული  მიჯაჭვულობა აქვთ ამ სივრცის მიმართ. ეს კარგად ჩანს ახლაც. გაჩნდა აზრი, , რომ პარლამენტის ქუჩას უნდა გავცდეთ და დავიწყოთ მოძრაობა, რაც მოხდა ზუსტად გუშინ, თუმცა პარლამენტი არის მაინც საწყისი და საბოლოო დანიშნულების ადგილი. ჩემი სამაგისტრო კვლევის მთავარი კითხვა იყო, პარლამენტის შენობის გარშემო როგორ ჩამოყალიბდა ურთიერთსაწინააღმდეგო განცდები, მეხსიერება და მნიშვნელობები. ადამიანების ნაწილისთვის ეს არის ტრავმული ადგილი და აღარ აქვს არანაირი აზრი ამ შენობასთან პროტესტის გამოხატვას, მაშინ, როცა მეორე ნაწილისთვის ეროვნულ დისკურსში სიწმინდით აღსავსე  სივრცეს წარმოადგენს. 

დღესაც იცვლება პროტესტის სახე. მგონია, რომ მომავალ რამდენიმე დღეში ან კვირაში ახალ მაგალითებს ვიხილავთ  იმ მხრივ, რომ გარკვეულწილად პარლამენტის შენობას გავცდებით.

მესამე შეკითხვა უშუალოდ სამოქალაქო პასუხისმგებლობას ეხება. უფრო მეტად რომელი ჯგუფები გრძნობენ ამ პასუხისმგებლობას? როგორია, მაგალითად, ახალგაზრდების ჩართულობა ამ მიმართულებით და რამდენად ახდენს და, ზოგადად, ახდენს თუ არა გავლენას საპროტესტო ტალღები თანამედროვე ახალგაზრდების ღირებულებების ჩამოყალიბებაზე?

საზოგადოებრივ პასუხისმგებლობაში ჯგუფების გამიჯვნა გამიჭირდება, მაგრამ 2019 წელს ძალიან ბევრი ახალგაზრდა ვიდექით. მახსოვს, რომ სცენის მარჯვენა მხარეს მთელი ჩემი კურსი იდგა- კლასელები, სხვა მეგობრები და ა.შ. მაგრამ, ისე არ გამოჩენილა, თითქოს ეს იყო ახალგაზრდული მოძრაობა. ადრეულ აქციებზე (1978, 1989) როდესაც ვესაუბრები ჩვენზე უფრო ძველი თაობის ხალხს, ძალიან დიდ ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ უნივერსიტეტებიდან იპარებოდნენ, რომ სტუდენტური მოძრაობა იყო და რომ, ზოგადად, ამ აქციებში სტუდენტებს ძალიან დიდი როლი ჰქონდათ. დღეს საზოგადოების მხრიდან თანამედროვე პროტესტების გაგება იმგვარია, თითქოს ახალგაზრდების როლმა დაიკლო.  არ ვამბობ, რომ ეს ჭეშმარიტებაა, მგონია, საზოგადოების მხრიდანაა  ასეთი აღქმა. 

2023-ში პირველად იკვეთება GenZ-სა და ახალგაზრდობის მნიშვნელობა. ვფიქრობ, ეს დიდწილად იმით იყო განპირობებული, რომ დარბევის დაწყებისას მედიაში ახალგაზრდების თაობა ჩანდა. მგონია, რომ, აქ ისევ კოლექტიურ მეხსიერებაზე თუ ვილაპარაკებთ, ძალიან დიდ როლს ასრულებს ეს ტრავმული და საზეიმო გამარჯვების წუთები. გუშინ მომესმა აქციაზე ასეთი ფრაზა,- ხელისუფლებას ახლა ძალიან ეშინია პროტესტის ამ ფორმისო,- და თან ვერ მივხვდი, რატომ შეიძლება ეშინოდეს ხელისუფლებას. მერე განაგრძო ამ ქალბატონმა საუბარი,- ჩვენ, უფროს თაობას, გვაქვს ძალიან ბევრი ტრავმული მოგონება , შესაბამისად, რობოკოპებს რომ ვხედავთ, მაშინვე გვეშინია, მაგრამ ახალგაზრდებს არ აქვთ ეს შიში არც სხეულებრივად განცდილი, არც მეხსიერებაში ჩარჩენილი და, შესაბამისად, ყველაფერზე წამსვლელები არიანო. ეს იმის მაგალითიც შეიძლება იყოს, თუ როგორ ესმის უფროს თაობას ქართველი ახალგაზრდების აქტივიზმი. 

დღევანდელობა განვიხილოთ, რომელ თაობას რა პასუხისმგებლობა აკისრია – ციფრულ მედიაშიც კარგად გამოჩნდა, როგორ ხდება, თან ხუმრობით ძველი თაობიდან ახალ თაობაზე ამ პროტესტის გადაბარება, მაგრამ, ამასთან, სინამდვილეშიც ასეა. ძალიან ბევრი მსგავსი სახუმარო პოსტი შემხვდა- “ცოტა ნელა იარეთ, ვერ გეწევით დიდი თაობა”, ან “GenZ დავაყენოთ წინ და ჩვენ უკან გადავიდეთ”, ან “პარლამენტში შესვლის ასაკი 16 წლამდე დავწიოთ, შეგახსენებთ, რომ მეფეც გვყავდა 16 წლის”. ზოგადად, სოციოლოგიასა და სოციალურ მეცნიერებებში იუმორსაც იკვლევენ ხოლმე, რადგან იუმორი კარგად გამოხატავს, კოლექტიურ ცნობიერებაში რა განცდები და დამოკიდებულებებია რაიმეს მიმართ. 

მგონია, რომ ახალგაზრდების მიერ უცებ წამოწყებულ ბოლო აქციებზე, რუსთაველი რომ უეცრად გადაკეტეს, მერე 12 კილომეტრი რომ იარეს, კარგად გამოჩნდა მათი როლი. წელს კი მგონია, ახალგაზრდებს რაიმე გადამწყვეტი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. 

როგორ აახლოებს ან აშორებს საზოგადოების ჯგუფებს საპროტესტო აქციები?

საზოგადოებრივი მოძრაობების მამად აღიარებული მკვლევარი, ემილ დიურკემი, წერს იმაზე, თუ როგორ აერთიანებს კოლექტიური ქმედება ადამიანების სხვადასხვა ჯგუფს. მისი დებულების მიხედვით,  უნდა არსებობდეს საზიარო ყურადღების ერთი საგანი; კოლექტივში განწყობა უნდა იყოს ერთნაირი; ეს კოლექტიური ჯგუფი მეორეს მკვეთრად უნდა ემიჯნებოდეს; კოლექტივის წევრები უნდა მონაწილეობდნენ რიტუალური  სახის მოქმედებებში. რენდალ კოლინსი ამბობს, რომ როდესაც ეს ოთხი დებულება სრულდება, წარმოიქმნება ერთგვარი “კოლექტიური აღფრთოვანება”. ეს ინდივიდებს ერთმანეთთან აახლოებს, აერთიანებს და წარმოქმნის ერთობის განცდას, რომელიც შემდეგ უკვე პროტესტის წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესია. მაგალითად, საქართველოში არსებობენ გამიჯნული ჯგუფები – ადამიანები, რომლებიც ითხოვენ “რუსული კანონის” გაწვევას და ადამიანები, რომლებიც პირიქით – ამბობენ, რომ კანონი მისაღებია. არ არის აუცილებელი, რომ  ფიზიკურად იყოს ეს საზოგადოებრივი ჯგუფები გამიჯნული, განსხვავებული ღირებულებებიც საკმარისია. ყურადღების ცენტრში ერთი საგნის ყოფნა, ამ შემთხვევაში, პარლამენტის შენობაა.  შესაბამისად, პროტესტი, როგორც რიტუალის ფორმა, რომელშიც კოლექტივი მონაწილეობს, შეიძლება, რომ სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენლებსაც აერთიანებდეს. ამაზე, მაგალითად, ბოლო დღეებში სოციალურ მედიაშიც მხვდებოდა პოსტები, რომლებიც მოუწოდებდა აქციაზე მყოფთ, გაეცნოთ მათ გარშემო მყოფი ადამიანები, რადგან ეს გაზრდის ნდობისა და ერთიანი განწყობის შეგრძნებას. რა თქმა უნდა, პროტესტები შეიძლება ერთმანეთისგან აშორებდეს კიდეც სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფს და უფრო პოლიტიკურ განხეთქილებას წარმოქმნიდეს, მაგრამ, თანამედროვე გაგებით, მგონია, რომ ეგ არ ხდება.  დღეს განწყობა არის სხვანაირი, საკმაოდ მაღალი – არ არის უიმედო, ნიჰილისტური.  თუნდაც ქუჩებში რომ დაიწყო ახალგაზრდობამ მოძრაობა, სხვების მხარდაჭერაც საკმაოდ დიდი იყო. მხოლოდ რამდენჯერმე შემხვდნენ ისეთები, ვინც მხარს არ უჭერდა პროტესტს, მაგრამ, მჯერა, რომ ეს პროტესტები გამაერთიანებელი ძალა უფროა, ვიდრე დამაშორებელი.  

საპროტესტო აქციების უმრავლესობა შინაარსობრივად პოლიტიკურია, პირები ან ეწინააღმდეგებიან რაიმე სახის პოლიტიკის გატარებას, ან ემხრობიან და ამიტომ, მათ რაღაც იარლიყს მიაკრობენ ხოლმე. რამდენადაა ხელისშემშლელი საქართველოში არსებული პოლიტიკური განხეთქილება ჯგუფებს შორის ჯანსაღი პროტესტის გამოხატვისთვის?

პოლიტიკური განხეთქილება უშლის ხოლმე ხელს საქართველოში საპროტესტო აქციებს და ამას, მგონია, უპირველესად ხელისუფლება ყოველთვის “სათავისოდ” იყენებს. ამ უკანასკნელს ხელს აძლევს მოსახლეობის  “ნაცებად” და “ქოცებად” დაყოფა; თქმა იმისა, რომ  ამ აქციებზე მხოლოდ “ნაცები” მონაწილეობენ. ზუსტად 5 წუთით ადრე სანამ ამ ინტერვიუს დავიწყებდით, თსუ-ში, ირაკლი კობახიძის ლექციაზე არ შეუშვეს სტუდენტი, რადგან ევროკავშირის დროშა ეჭირა. გამორკვევისას, რატომ არ დაიშვა სტუდენტი, კობახიძემ უპასუხა, რომ “ნაცების” ადგილი უნივერსიტეტში არ არის. ხელისუფლება პირდაპირ იყენებს ამ ნარატივს და იარლიყის აკრობს ახალგაზრდებს, საჭიროებისას Gen-Z და უფროსი თაობაც “ნაცები” არიან. ამ პოლიტიკურ დაპირისპირებას გარკვეულ ვითარებაში უფრო ამძაფრებს პოლიტიკური პარტიების გამოჩენა აქციებზე. მოქალაქეები, რომლებიც აქციებზე დგანან, ეწინააღმდეგებიან ხოლმე პოლიტიკოსების გამოჩენას, რადგან ფიქრობენ, რომ ეს დაპირისპირებული ჯგუფისთვის ოპოზიციონერის იარლიყის მიწებებას გაამარტივებს. საბოლოოდ, მგონია, რომ როცა აქტივიზმი წარმატებულია, პოლიტიკურ განხეთქილებასა და დაყოფას არსებითი მნიშვნელობა აღარ ექნება. ვფიქრობ, რომ ბოლო ერთი კვირის აქციები ამას აჩვენებს.  არ გამქრალა პოლიტიკური დაპირისპირება არსად, მაგრამ ამ საზოგადოებაში ერთიანობის შეგრძნება უფრო დიდია, ვიდრე რაღაც ნიშნით ხალხის დაყოფის მნიშვნელობა.

რამდენად გახშირდა ქართულ საზოგადოებაში ციფრული აქტივიზმი? ჯანსაღია თუ არა, ის გავლენა, რომელიც ქართულ პოპულარულ კულტურაში მყოფ ადამიანებს, ე.წ. ,,სელებრითებს” აქვთ პროტესტის დროს ფართო აუდიტორიაზე?

სოციოლოგიაში როცა საზოგადოებრივი მოძრაობის თავშეყრაზე წერენ ხოლმე, დიდწილად, მატერიალური რესურსების გარდა, იწყებენ საუბარს მედია რესურსებსა და ადამიანურ კაპიტალზე, რაც, შეიძლება, გამოიხატებოდეს ონლაინ მედიაში. ციფრულ მედიაში გამოცხადებული ყრილობა დიდ როლს ასრულებს- მაგალითად 2019 წელს საპროტესტო აქციებისთვის ფეისბუქ ღონისძიებებით იწყებოდა ყურადღების მიქცევა და მზადება პროტესტისთვის. ახლაც ასე გრძელდება. ის, თუ რამხელა კაპიტალს ფლობ ციფრულ მედიაში , პროტესტის წარმატებაზეც იქონიებს გავლენას. მიუხედავად ამისა,  აქ კითხვა მიჩნდება- უფრო ინდივიდუალურ-ემოციურ საფეხურზე,  რა როლს ასრულებს სოციალური მედია? ამ დროისათვის არ მგონია, რომ ეს როლი უარყოფითია, მაგრამ წინა აქციების შემთხვევაში, ხშირად დამრჩენია შეგრძნება, თითქოს ციფრული მედია იყო გრძნობათაგან დაცლის “შუამავალი”. მათთვის, ვისაც, მაგალითად, პარლამენტთან გამოსვლა არ უნდოდა, ან პოლიტიკურ იარლიყს ერიდებოდნენ, ან უბრალოდ ეზარებოდათ, ციფრული მედია იყო პროტესტის გამოხატვის სივცრე. მე მგონია, რომ მხოლოდ ციფრულ მედიაში აქტივიზმით ვერაფერს ვერ გავხდები, მით უმეტეს, თანამედროვე ხელისუფლების პირობებში. მაგრამ თუ მასობრივი პროტესტიცაა და ციფრულ მედიაში – აქტიური კამპანია, მაშინ შეიძლება, რომ ეს ორი ერთმანეთს ეხმარებოდეს. მაგალითისთვის რუსეთ-უკრაინის ომის საპასუხო აქციებს მოვიყვანდი, როცა ქართველი ხალხისა და მთავრობის დამოკიდებულება ერთმანეთისაგან გამიჯნულად წარმოაჩინეს. ამაში ზელენსკისაც ჰქონდა როლი, როცა ონლაინ მედია სივრცის საშუალებით განაცხადა, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა ხალხი ჯობია მთავრობას. შემდეგ ონლაინ მედიაშიც დაიწყო კამპანია – “ვემიჯნები მთავრობას”. ამას სოციოლოგიაში უწოდებენ წინააღმდეგობრივი ჩარჩოს ჩამოყალიბებას – ერთი ჯგუფი მეორეს მკაფიოდ ემიჯნება და ეს თავისთავად ქმედების საწინდარიც ხდება. 

რაც შეეხება ცნობილ ადამიანთა ჩართულობას, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გამოჩნდა, რამდენად სჭირდება საზოგადოებას, რომ მათთვის მნიშვნელოვანმა პირებმა დაუჭირონ მხარი; ფეხბურთელებისგან იყო მოთხოვნა, გამოეხატათ აზრი. ბუნებრივია, თუ გამოჩენილი პიროვნება დამოკიდებულებას გამოავლენს,  პროტესტის წარმატებისთვის იქნება ეს მნიშვნელოვანი. სოციოლოგიაში საზოგადოებრივ მოძრაობაზე საუბრისას, ერთ-ერთი ავტორი გამოყოფს პერსონაჟებს, რომლებიც მოძრაობის ჭრილში ყალიბდებიან. ერთ-ერთია გმირის იდეა- ანუ გმირის პერსონაჟი, რომელიც გარკვეულწილად დიდი გავლენის მატარებელია ჯგუფის სხვა წევრებთან შედარებით. ეს ნიშნავს არა იმას, რომ ამ ადამიანს აღმერთებენ, არამედ აჩვენებს, თუ როგორ იზრდება პროტესტის ძალაუფლება, როცა ის ადამიანი  საზოგადოებრივი “მდინარეების” მხარესაა. აქ მგონია, რომ ციფრულ სივრცეში გავლენიანი ადამიანებისა თუ ე.წ. “ინფლუენსერების” მიერ გამოხატული აზრი დადებითად აისახება ხოლმე პროტესტზე.

ხშირად კონკრეტული საპროტესტო აქციები ახალ სიმბოლოებს აჩენს საზოგადოებაში, მაგალითად, 9 აპრილის ყაყაჩოები და სხვ. ამ კუთხით,  რა მიმართება აქვს აქტივიზმსა და სიმბოლიზმს? რამდენად ამარტივებს სიმბოლიზმი საპროტესტო აქციის მთავარი გზავნილის მიტანას საზოგადოებამდე?

საპროტესტო აქციებში სიმბოლოების კვლევა სოციოლოგიაში კულტურული მიდგომის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მაგალითია. ქეთი სართანიას აქვს ძალიან კარგი სტატია – 9 აპრილის საპროტესტო აქციებში სხვადასხვა სიმბოლოს მნიშვნელობაზე. თეორიულად რომ ვისაუბრო, დიურკემის ტრადიციას თუ გავყვებით, მას ჰქონდა გამოყოფილი ორი სახის საგანი – საკრალური და პროფანული. ეს საკრალური საგნები არის სწორედ ის, რაც რიტუალში სიმბოლურ მნიშვნელობას იძენს ხოლმე. შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველოში ბევრი ასეთი სიწმინდე ჩამოყალიბდა. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ტიტა, თვალი, ვარდი, თვითონ პარლამენტის შენობაც, ევროკავშირის დროშაც, რომელიც ნანა მალაშხიას ეჭირა. ეს მაგალითად იმიტომ მოვიყვანე, რომ აქციების მანძილზე ჩამოყალიბებული სიმბოლოები პროტესტის კოლექტიურ მეხსიერებაში ძალიან დიდ გავლენას ახდენს გრძნობებსა და ემოციებზე. ძველი სიმბოლოების გამოყენება კოლექტიურ მეხსიერებაში გადაწვდომისა და ძველი საზეიმო მოვლენების გახსენების ხერხია, რომელიც განწყობას მუდმივად ამაღლებს და ერთიანობის შეგრძნებას კიდევ უფრო აძლიერებს. მაგალითად, 9 აპრილს რომ დაემთხვა ახლა აქციები, ბევრს ეჭირა ყვავილები, ან ტიტები მაინც. როდესაც გამოხატვაში რიტუალს იმეორებ, თავისთავად ძველი განწყობები გიბრუნდება, რაც პროტესტის წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ნიჰილისტურ  განწყობებს დიდწილად გადაფარავს. თავისთავად, სიმბოლო შეიძლება იყოს სიმღერაც და ცეკვაც. ძველი სიმღერების შესრულებაც იმას ემსახურება, რომ რაღაცაში ერთად მონაწილეობის მიღებით ერთიანობის შეგრძნებაც ძლიერდება.

მეორეს მხრივ, შეგვიძლია ასევე ლაპარაკი, ცხრა აპრილის სიმბოლოები როგორ არის დალექილი კოლექტიურ მეხსიერებაში. კიდევ, “საქართველოს 20% ოკუპირებულია” ხომ სიმბოლოა. ეგ რომ დაწერო, ქართველი გაიგებს რას გულისხმობ, ამერიკელმა კი შეიძლება ვერ გაიგოს. მავთულხლართები, თვალი  – ახალგაზრდები ამ სიმბოლოებს ნახატებში იყენებდნენ, როგორც  უარყოფით მხარეს, ხოლო ცხრა აპრილის სიმბოლოებს დადებით მხარეს ხატავდნენ. მათთვის 2019 წლის აქცია, რომელიც დამთავრდა მაკო გომურის თვალის დაკარგვით, უარყოფითთან არის დაკავშირებული, ასევე უარყოფითთან არის დაკავშირებული რუსეთის ოკუპაცია, რა თქმა უნდა. ამავე დროს, ცხრა აპრილის სიმბოლოები გამარჯვებას უკავშირდება. თაობებში შესაძლებელია, ეს სიმბოლოები განსხვავდებოდეს და სხვადასხვა გზით გამოიყენებოდეს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, სიმბოლოების გამოიყენება საპროტესტო აქციებში ადამიანების გაერთიანებას უფრო ემსახურება. 

ბოლო დროს გამოყენებულ ვიზუალურ სიმბოლოებზე რომ ვისაუბრო, დღევანდელი ახალგაზრდა თაობის სილაღე ძალიან კარგად ჩანს იმ სიმბოლოებში, რომლებსაც იყენებენ ბანერებზე. მაგალითად, კუბოს სიმბოლო, რომელიც ბოლო აქციებზე იყო 83 დეპუტატთან მიმართებით. ძალიან საინტერესოა, როგორ გააქვთ იუმორში ის სიმბოლოები, რომლებიც აქამდე საერთოდ არ იყო პროტესტთან დაკავშირებული და მგონია, რომ ნელ-ნელა შეიქმნება უფრო მეტი სტატია, კვლევაცა და შეხედულებაც იმაზე, თუ როგორ იყენებენ თანამედროვეობაში აქტივისტურ სიმბოლიზმს.

კიდევ ერთი, ბოლო შეკითხვა – ვნახე, რომ შედგა ცალკე ქალების პროტესტი და ეს გაყოფა მე პირადად არ მომწონს. თქვენ რას ფიქრობთ, შეიძლება, რომ ეს მუხტის შენარჩუნებისთვის კარგი იყოს?

კი, მაგრამ მარტო ქალების მაგალითზე ვერ ვილაპარაკებდი. ბოლო ერთი კვირის მანძილზე გამოჩნდა, რომ თეატრებმა უცებ დაიწყეს თავისთვის აქტივიზმი, სტუდენტებმა – თავისთვის. ახლა ქალების მოძრაობა არის, ხელოვანები და მსახიობები კიდევ ცალკე არიან. საბოლოოდ, ყველა ეს ერთიანდება. თუ ისინი არ გაემიჯნებიან ერთმანეთს და შიდა დაპირისპირება არ წარმოიქმნება, პირიქით, რაც უფრო პატარ-პატარა ჯგუფებში შეაღწევს ეს ყველაფერი, უფრო დიდი წარმატების მომტანი იქნება. აი, ქუჩებში სიარულისას უცებ მივხვდი, რომ ავტობუსების მძღოლებიც ჩვენკენ იყვნენ, იწყებდნენ სიგნალს და აღარ ამთავრებდნენ. ეგეც ამ ჯგუფის ჩართულობაა. მცირე ჯგუფებამდე როცა დადის აქტივიზმი,  ეგ იმაზე მეტყველებს, რომ ფართო დონეზე პროტესტი კიდევ უფრო წარმატებული იქნება, მთავარია, რომ შიდა წინააღმდეგობა არ იყოს. 



მდევარი