დისტოპიის პოეტების ისტერია: პაოლო იაშვილი და მეგობრები

Paolo Iashvili

გააზიარე:


Paolo Iashvili

ავტორი: ნანო კვარაცხელია

რედაქტორი: ბექა იობიძე

კორექტორი: ნუცა სეხნიაშვილი

რედაქტორის სიტყვა

მოცემული ნაშრომი მიზნად ისახავს შიშველი ფაქტების წარმოჩენას, მათზე ცივ, ცალსახა ანალიზურ მსჯელობას. მიუხედავად იმისა, რომ პოეზიის ტრფიალთათვის რთულია სათაყვანებელ შემოქმედთა ადამიანური სისუსტეების, მეტიც, მანკიერებების გაშინაგნება, აუცილებელია ისტორიას თვალებში ჩავაჩერდეთ და საკუთარი სამშობლოს წარსულს ვიაზრებდეთ ისე, როგორადაც მართლა იყო.
მსიამოვნებს, რომ ავტორი ერიდება უეჭველობით მსჯელობას, საკუთარი დამოკიდებულების მკითხველისათვის მოხვევას და გადმოსცემს მხოლოდ ისტორიულ მოცემულობებს, დასკვნის თავისუფლებას კი თავიდან ბოლომდე მკითხველს უტოვებს. ჩემი აზრით, მკითხველმაც, თავიდანვე უნდა მონახოს საკუთარი რაციო და კითხვას ისე შეუდგეს.

ცალკე, სტატიაში დაურიდებლადაა დასახელებული სახელები და გვარები, დაე, ყველა ჩვენგანი ისტორიამ საკუთარი მოქმედებით უმკაცრესად განსაჯოს.

წინათქმა

1937 წელი, 22 ივლისი. 

მწერალთა კავშირი საგანგებო სხდომით აღნიშნავდა შინსახკომის შექმნის 20 წლის იუბილეს.  სხდომამ ჩეკისტების მისალოცი ტექსტი ერთხმად მიიღო. დავით დემეტრაძემ გამოსვლა დაასრულა სიტყვებით: „გაუმარჯოს დიდ სტალინს“. დარბაზი ფეხზე წამოდგა, ყველა გამალებით უკრავდა ტაშს. მოგონებებში იხსენებენ, როგორმა ისტერიამ, ფსიქოზმა შეიპყრო დამსწრეები. გაჩერებას ვერავინ ბედავდა. ყველამ იცოდა, შინსახკომის წარმომადგენელიც რომ ისმენდა განცხადებას. არასწორი ნაბიჯი სიცოცხლის ფასად დაუჯდებოდა ნებისმიერს. 

12 წუთიანი ისტერიული ტაშისკვრა თოფის გასროლის ხმამ შეწყვიტა. მე-2 სართულზე იპოვეს პოეტის, ცისფერყანწელების წინამძღოლის, პაოლო იაშვილის ცხედარი. 

საზოგადოდ, მისი თვითმკვლელობა ბურუსითაა მოცული. ბევრი ვერც ბედავს ხმამაღლა იმგვარის თქმას, რაც პაოლო იაშვილის ღირსებას ოდნავ მაინც დააყენებს ეჭვქვეშ. მაგრამ საზოგადოებაში არსებობს მიჩქმალული, ჩურჩულითა და მორიდებით გაჟღერებული მოსაზრებები იმის შესახებ, რომ პაოლომ ამგვარი არჩევანი გააკეთა სინდისის ქენჯნის გამო – მან შესაძლოა მეგობრები დაასმინა. ზოგი კი სრულიად უდანაშაულოდ მიიჩნევს პოეტს – ის მხოლოდ სისტემის მსხვერპლია, რომელმაც უარი თქვა კომუნისტებთან თანამშრომლობაზე და მეგობრების დასმენას, თვითმკვლელობა არჩია. რა არის ნამდვილი მიზეზი 22 ივლისს დატრიალებული ტრაგედიისა, ჩვენთვის უცნობი დარჩება, თუმცა შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ პაოლო იაშვილი თვითმკვლელობამდე სისტემამ მიიყვანა. 

აქვე, საინტერესოა პოეტის წარსულიც: იყო კი ის სოციალიზმისა და კომუნიზმის მტერი? რა ფაქტობრივი მასალა თუ მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ იაშვილი ნაციონალისტი იყო და არა უბრალოდ პატრიოტი? განსაკუთრებულად ხაზგასასმელია პაოლოს გაორება, მისი გამოსვლა და თავისმართლება მწერალთა კავშირში, პოეტის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომლებშიც, ერთი მხრივ, იცავდა მეგობრებს და, მეორე მხრივ, „ხალხის მტრებად“ მოიხსენიებდა მათ. ეს საკითხი საინტერესო არა მარტო პაოლოს მოსაზრებათა და მისი საქმის უკეთ გასაგებად, არამედ წმინდა ადამიანური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი მგონია, ვინაიდან ძალიან ზუსტად, სრულყოფილადაც კი აღწერს 1937 წლის რეპრესიების „წყალობით“ პიროვნებათა ტრაგიკულ ბედს, დასმენა-არდასმენას შორის გაჩენილ ყველაზე მძიმე არჩევანის აუტანლობას. 

პაოლო იაშვილი დაიბადა 1892 წლის 29 ივნისს სოფელ არგვეთში. ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დასრულების შემდგომ, გახდა რედაქტორი ლიტერატურულ-მხატვრული ჟურნალისა, „ოქროს ვერძი“. სულ მალე ის მხატვრობამაც გაიტაცა და პარიზში, ლუვრთან არსებულ ხელოვნების ინსტიტუტში დაიწყო სწავლა. საფრანგეთში იაშვილი დაუახლოვდა მხატვრებსა და პოეტებს: პიკასოს, აპოლინერს, მოდილიანისა და ილია ერენბურგს. ცხოვრების ამ ეტაპმა განსაკუთრებული გავლენა მოახდინა პაოლო იაშვილსა და მის პოეზიაზე. საქართველოში ჩამოსვლის შემდგომ კი თანამოაზრეებთან, ტიციან ტაბიძესთან, ვალერიან გაფრინდაშვილთან, კოლაუ ნადირაძესა და სხვებთან, დააარსა „ცისფერი ყანწების“ ორდენი, 1916 წელს კი რედაქტორობდა ამავე სახელობის ალმანახს. ახალგაზრდა პოეტებს გამოარჩევდა სიმბოლიზმის მიმართ მისწრაფება. „ხელოვნება ხელოვნებისთვის“ ახალი და გამორჩეული ფილოსოფია იყო ქართულ ლიტერატურაში. 

პაოლოსა და საბჭოეთის ურთიერთგაგების შესახებ

რაც შეეხება პოლიტიკურ იდეოლოგიას, გრიგოლ ცეცხლაძე იხსენებს პოეტის „სოციალ-ფედერალისტურ“ წარსულს. როცა საქართველოში წითელი არმია შემოვიდა და მენშევიკებმა თბილისი დატოვეს, პაოლო იაშვილი შეეგება არმიის მოწინავე ნაწილებს და ბოლშევიკებს გადააბარა ქალაქი. ის „თანამგზავრად“ იქცა. გალაქტიონ ვაშაკაძე 1923 წელს ჟურნალ „რევოლუციის მატიანეში“ იხსენებს მაშინდელ მოვლენებს. სწორედ პაოლო იაშვილმა ამცნო ვაშაკაძეს, მენშევიკური მთავრობის წასვლის შესახებ. პოეტმა გალაქტიონს უთხრა: „მენშევიკური მთავრობა გაიქცა, ბოლშევიკები შემოდიან, ქალაქში არავითარი ხელისუფლება არაა, გვთხოვეს მივიღოთ სათანადო ზომები წესიერებისა და მშვიდობიანობის დასაცავად ბოლშევიკების შემოსვლამდე“. დილის 10 საათისთვის ქალაქის დამცველმა დროებითმა რევოლუციურმა კომიტეტმა (რომელიც თვითგამოცხადებული იყო და ერთ-ერთი წევრი პაოლო იაშვილი გახლდათ), ხელისუფლება გადააბარა კომუნისტებისაგან შემდგარ ქალაქის რევკომს. აქვე აღვნიშნავდი იმასაც, რომ ამ ინფორმაციას სკოლებში ძირითადად თავს არიდებენ ხოლმე, რა ზრახვით, არ აქვს მნიშვნელობა, თუმცა, ვფიქრობ, არასწორია ისტორიული ფაქტების მიჩქმალვისა ან ჩვენთვის უსიამო მოცემულობების დამალვის მცდელობა. ამასთან, სხვაგვარადაც განვსაჯოთ: სახელმწიფოს აღარ ჰყავს მთავრობა. ყველა გაიქცა (როგორ შევაფასებთ სოციალ-დემოკრატების ამ ნაბიჯს, სხვა სტატიის თემაა), სრულ ქაოსში მორჩილებისა და ხელისუფლების გადაბარების გარდა სხვა გზა-ხსნა უბრალოდ არ არსებობდა. პაოლო კი იმ მწერალთა თუ პოეტთა უგრძეს სიაში იყო, რომლებმაც, მოჩვენებითად თუ გულწრფელად, დაიჭირეს ბოლშევიკების მხარე – იმ ადამიანებისა, რომლებიც წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, სიკვდილით ემუქრებოდნენ. მწერლებს შორის ძალიან ცოტა იყო, ვინც მტრული განწყობის გამჟღავნებას ბედავდა და ვინც ასე მოიქცეოდა, გარბოდა კიდეც ქვეყნიდან. დარჩენილ მწერალთა ნაწილი, თანაც საკმაოდ დიდი, გულწრფელად მიემხრო ბოლშევიკებს. 

პაოლოს პოლიტიკური ცხოვრება და შემოქმედება გახლდათ მუდმივი ლავირების მცდელობა. პოეტს არ სურდა ზედმეტად მოხვედროდა ვინმეს თვალში, მაგრამ მისი წადილი არც კომუნისტებთან გადამტერება გახლდათ, პირიქით, გარკვეულ დროს, ის ბერიასა და სტალინის სიმპათიითაც კი სარგებლობდა. პაოლოს ერთგვარ გაორებისა და გადარჩენის მცდელობას შემდეგი შემთხვევები ადასტურებს:

1925 წელს ილარიონ ვარდინის თბილისში წაკითხულ მოხსენებასთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიაზე პაოლო იაშვილმა თქვა: „ ქართულ სინამდვილეში (მე სულაც არ მინდა თავი ვიქო) პროლეტარულ მწერალთა დიდი უმეტესი ჩვენი თანამგზავრია, რასაკვირველია, ლიტერატურული გაგებით, რაც შეეხება ტერმინს, რომელიც მწერლის პოლიტიკურ-მოქალაქეობრივ მხარეს გულისხმობს – აქ უნდა განვაცხადო, რომ ჩვენ „ცისფერი ყანწების“ წარმომადგენელნი არ ვეკუთვნით იმ კატეგორიის მოქალაქეებს, რომლებიც ტერორისტულ აქტებს აწყობენ, ჩვენ მივიღეთ მოქალაქეობრივი უფლებები და სხვა არაფერი გვაინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს, უმთავრესად, ლიტერატურული მხარე, დანარჩენში კი ვეცდებით ვიქნეთ ნამდვილი მოქალაქენი (146)“. ამ სიტყვებიდან ცხადად ჩანს მისი გამიჯვნის მცდელობა, თუმცა იმგვარად, რომ არ დაზარალდეს. 

აღსანიშნავია ისიც, რომ პატრიოტული ხასიათის ლექსების გარდა, როგორებიცაა: “როგორც აფრის ტკაცუნი“, „უნდა აყვავდეს მალე ქვიშნები“, პაოლოს გამოცემული აქვს სოციალისტური მშენებლობის მიღწევებით „შთაგონებული“ ლექსები: „სამგორისათვის”, „პოეზიის ინჟინრებს”, „ცხოვრება ალიოშა ჯაფარიძისა” და მთელი წყება „ახალი კოლხიდა”. ეს ალბათ მხოლოდ მსხვერპლი, ხარკი იყო, სიცოცხლისა და უსაფრთხოების სანაცვლოდ გაღებული (აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დროს მსგავს შემოქმედებას, სოციალისტურ რეალიზმს, ბევრი შეეჭიდა, მათ შორის გალაკტიონი, ტიციანი, ნადირაძე, გამსახურდია). პაოლო იაშვილის წარსულისა და თუნდაც იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ მისი ძმა დახვრიტეს 1924 წელს, რთული დასაჯერებელია პოეტის გულწრფელი სიმპათიები საბჭოთა ხელისუფლების მიმართ. თუმცა, მისი ნაციონალიზმის დადასტურებაც შეუძლებელია. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამდი, ჩემი პირადი მოსაზრებით, პაოლო მთელი თავისი შემოქმედებითა თუ ცხოვრებით, ცდილობდა ოქროს შუალედის პოვნას, რომელიც საბოლოოდ გადარჩენამდე მიიყვანდა. შიშის საბაბი კი ნამდვილად ჰქონდა. 

1929 წლიდან უკვე გროვდებოდა დაწვრილებითი ინფორმაცია მენშევიკთა მხარდამჭერი, „ცისფერი ყანწების“ ერთ-ერთი დამაარსებლის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ 1935 წელს პაოლო ამიერკავკასიის ცაკ-ის წევრად აირჩიეს და მწერალთა კავშირის რუსთაველის საიუბილეო კომისიაშიც შეიყვანეს, შინსახკომის ფარული თვალი მას ფხიზლად სდარაჯობდა. 1932 წლის იანვარში საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს მოხსენებიდან არ დასტურდებოდა იაშვილის მონაწილეობა ანტისაბჭოთა ორგანიზაციებში. შესაბამისად, ამ პერიოდში მის მიმართ უარყოფითი განწყობა არ ყოფილა. 1935 წელს მაღლა ჩამოთვლილი თანამდებობებისა და რეგალიების გარდა, პაოლო იაშვილს კარგი ურთიერთობა ჰქონდა ბერიასა და სსრკ-ს ბელადთანაც. ბერიას რეკომენდაციით, 1934 წელს პაოლო მწერალთა კავშირის პრეზიდიუმში აირჩიეს. მწერალთა ყრილობაზე, რომელსაც სტალინი ესწრებოდა, პაოლო სიტყვით გამოვიდა. ბელადს პოეტის გამოსვლა მოეწონა. შესვენებაზე კი ბერიამ სტალინს წარუდგინა იაშვილი. ცოტა ხანში, პოეტი შრომის წითელი დროშის ორდენით დააჯილდოვეს. არსებობს მათი საერთო ფოტოც. სტალინმა პაოლოს ქართულად პავლეც უწოდა და ძალიან აშკარა სიმპათია გამოხატა პოეტის მიმართ. ამასთან, ითარგმნა პაოლოს ლექსებიც. ეს, ბუნებრივია, იმის დამსახურებაც იქნებოდა, პაოლომ წარსული ცხოვრება გვერდზე რომ გადადო, სოციალისტური ლექსები წერა და არც რობაქიძის დაგმობას მოერიდა, სხვა პოეტებსა და თანამოაზრეებთან ერთად. 

საბჭოეთის ამღვრეული დამოკიდებულება და იაშვილის „სასამართლო“ მწერალთა კავშირში

1936 წელს საქართველოს ცკ-ის მდივანს, ბაქრაძეს აცნობეს, რომ ამავე წელს პაოლომ კრემლში წაიკითხა ლექსი: „სტალინი და სამშობლო“, რომელშიც სტალინის წინააღმდეგ შეფარული გამოხდომები იკითხებოდა. ცოტა ხანში კი თბილისის უნივერსიტეტის რექტორმა, ორაგველიძემ, შინაგან საქმეთა კომისარ სერგო გოგლიძეს აცნობა, რომ უნივერსიტეტის ზოგი მეცნიერ-მუშაკი აცხადებდა, რომ აღნიშნული ლექსი ცალსახად ანტისაბჭოთაა. ამავე წელს, გაიხსნა საქმე პაოლო იაშვილზე, როგორც მე-7 კატეგორიის ანტისაბჭოთა ინტელიგენტზე. 

1937 წლის 15 მაისს, საქართველოს კომპარტიის მე-10 ყრილობაზე ბერიამ საკუთარ გამოსვლაში გააკრიტიკა ქართველი მწერლები და პოეტები, მათ შორის პაოლო იაშვილიც აღმოჩნდა: “პ.იაშვილმა, რომელიც უკვე 40 წლისაა, დროა ჭკუა ისწავლოს. სიკეთე არ მოჰყვება მის ნავარდს ლომინაძედან – ჯიქიასთან, ჯიქიადან – აღნიაშვილისკენ, ღოღობერიძიდან – ლომინაძისკენ და ბოლოს ელიავას კლანჭებში. ზედმეტი არ იქნება სერიოზულად ჩაუფიქრდნენ თავის მოქმედებას აგრეთვე გამსახურდია, ჯავახიშვილი, მუშიშვილი, შევარდნაძე და კიდევ ზოგიერთები“. ამან პოეტი აშკარად დააფრთხო, ვინაიდან ბერიას ამგვარი განცხადება, ფაქტობრივად, გაცემული ბრძანება იყო. 

27 მაისს გაიმართა მწერალთა კავშირის სხდომა, რომელიც სწორედ ბერიას განცხადების საპასუხო გახლდათ. დავით დემეტრაძე დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში საუბრობდა ტრიბუნიდან. მან მოსთხოვა პაოლოს გოგი ელიავასთან, სანდრო ახმეტელთან, ვლადიმერ ჯიქიასა და იმ ზოგიერთ ძველ ბოლშევიკთან მეგობრობის ახსნა, რომლებიც უკვე დაპატიმრებულნი იყვნენ. განსაკუთრებული ურთიერთობა პაოლოს ჯიქიასთან ჰქონდა. ისინი ერთმანეთს ქუთაისის გიმნაზიიდან იცნობდნენ. 1933 წელს კი, როცა ჯიქია რიონჰესის მშენებლობაზე მუშაობდა, პაოლო მეგობარს ეხმარებოდა, მისთვის მუშებს აგროვებდა. მწერალთა კავშირის სხდომაზე დაინტერესდნენ, თუ რა სახის საუბრები შედგა, ან რა ტიპის ურთიერთობა ჰქონდათ პაოლოსა და ჯიქიას რიონჰესზე მუშაობისას. პაოლომ ჯიქიასთან ძველი მეგობრობის აღდგენა უარყო და თქვა, რომ გიმნაზიის დასრულების შემდგომ, მხოლოდ ზედაპირული ურთიერთობა ჰქონდათ, რაც რთული დასაჯერებელია, მოგონებებიდან და წყაროებიდან გამომდინარე. ისინი ოჯახებით მეგობრობდნენ, ხშირად მსხდარან ერთ სუფრაზე, რიონჰესის საქმეშიც პაოლოს თავგანწირვა ძალიან ცხადი იყო, მან ყველანაირი საქმე გადადო, ლექსების წერის ნაცვლად ჯიქიასთან ერთად შეუდგა პროექტს. მწერალთა კავშირმა თვალთმაქცობად მიიჩნია პაოლოს ეს სიტყვები, მის მიერ გახსენებული რიონჰესის მშენებლობის ამბავი და ჯიქიას წვლილიც გაზვიადებულად მოეჩვენათ. 

სანდრო ეული მოითხოვდა იაშვილისგან ყველაფრის თქმას, ვინაიდან, დარწმუნებული იყო, პაოლომ იმაზე მეტი იცოდა, ვიდრე ჰყვებოდა. საპასუხო არგუმენტად, იაშვილი ეცადა, ბერიას კეთილგანწყობაც გაეხსენებინა, თუმცა ამან არ გაჭრა. პაოლო გატყდა. ის გადავიდა თვითგვემასა და მეგობრების სრულ უარყოფაზე. ჯიქიაზე მან განაცხადა: „ჯიქიას წარსულზე ლაპარაკის დროს, დიდი შეცდომა იყო იმის თქმა, რომ იგი ერთ დროს მონაწილე იყო სამოქალაქო ომისა. ხალხის მტრის წარსულიც, აწმყოცა და მომავალიც შავბნელია… მე გულწრფელად ვამბობ, ვერავითარი ძალა ვერ ჩამინერგავს მე რაიმე სიმპათიებს ამ ხალხისადმი“.

ეს მკვეთრი უკანდახევა გამოიწვია სხდომის წევრების შეხსენებამ ბერიას განცხადების შესახებ, რომელშიც ჯიქიაც მოხვდა. პაოლომ ელიავასგან განდგომაც გადაწყვიტა. მას თავხედი და ლაზღანდარა უწოდა. აღიარა, რომ საჭირო იყო ამ ადამიანებისგან ჩამოშორება, მაგრამ ეს ვერ მოახერხა. პაოლო დებდა პირობას, რომ შეძლებდა შეცდომათა გამოსწორებას, ვინაიდან ჰქონდა გულმოწყალების იმედი. პაოლოს გაახსენეს ელიავა და მის მიერ სუფრაზე მოყოლილი უწმაწური ანეკდოტები და მოსთხოვეს პასუხი, თუ რატომ არ დაწერა შესაბამისი განცხადება პაოლომ, რათა დროულად აღკვეთილიყო ელიავას ანტისაბჭოთა ქმედებები. ამ რეპლიკამ პაოლო დააბნია. მხოლოდ იმის თქმა მოახერხა, რომ გულწრფელად უყვარს სოციალისტური სამშობლო და მზადაა, მისთვისა და სტალინისთვის თავიც კი გასწიროს. ვფიქრობ, ამგვარი სცენის წარმოდგენისას, მარტივი დასანახია, რა მდგომარეობაში იყო პაოლო. მეგობრების გამართლების მცდელობა სხდომის დასაწყისში, გარდაიქმნა მათი „ხალხის მტრებად“ გამოცხადებად. 

ვერავინ გაბედა პაოლოს დაცვა, ერთადერთი წევრის, ჩიქოვანის გარდა. მას პაოლოს გამოსვლა გულწრფელად მოეჩვენა და დარწმუნებით თქვა, რომ პაოლო შეუდგებოდა შეცდომების გამოსწორებას. 

დისტოპიის პოეტების ისტერიის შესახებ

27 მაისს ბოდიშითა და მონანიებით მწერალთა კავშირში ნიკოლო მიწიშვილიც წარსდგა, თუმცა მან ვერ მოახერხა თავის გადარჩენა. ის 2 ივნისს დააპატიმრეს. მიწიშვილმა სანდრო შანშიაშვილის სახლში, სუფრაზე, გააპროტესტა ბერიას სადღეგრძელო, რომლის თქმაც შანშიაშვილმა განიზრახა. ამ სცენას შეესწრნენ ტიციანი და პაოლო. ვინ დაასმინა მიწიშვილი, უცნობია. პაოლოს მიმართ აგრესია ამის გამოც წამოვიდა, ბევრს ის ეგონა დამსმენი. ჯიქიას დაკავება-დასმენაც პაოლოს ჰბრალდებოდა. ჯიქია პატრიოტი იყო და ღიად გამოხატავდა საბჭოთა სისტემის მიმართ უკმაყოფილებას, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ პაოლოსთან საუბრობდა. პაოლო არ დაუკავებიათ, ჯიქია – კი. ამან დამატებითი კითხვები გააჩინა საზოგადოებაში. იაშვილზე ხმები 1937 წლის ზაფხულის შემთხვევამ მეტად გაამძაფრა. ის დაკითხვაზე ჯიქიას შეახვედრეს. გამომძიებლის ოთახში ორი მეგობარი ერთმანეთს დაუპირისპირდა. პაოლომ გაიხსენა ელიავასთან შეხვედრის ეპიზოდიც, მწერალთა სახლში. ელიავა დაპატიმრებამდე შეხვედრია პაოლოს და უთქვამს, ყველაფერი ვიცი, რაც კი ჩემზე გითქვამსო.  იაშვილის შესახებ ბოროტი ხმები ვრცელდებოდა და არავინ იცოდა (დღემდე არ იცის), ჭორი იყო, თუ სიმართლე. უტყუარი ფაქტია ის, რომ მიწიშვილმა წამების შემდგომ, აღიარა ნაციონალისტურ-ფაშისტური ორგანიზაციის წევრობა. თანამოაზრეებად კი დაასახელა კონსტანტინე გამსახურდია, პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, მიხეილ ჯავახიშვილი და სხვები. ვითარებას ისიც ამძიმებდა, რომ ლიდია გასვიანმაც დაწერა მსგავსი ჩვენება, რომელშიც ანტირევოლუციური მოძრაობისათვის წევრების არჩევას აღიარებდა. თანამოაზრეებად კი დაასახელა გამსახურდია, პაოლო, ჯავახიშვილი და ტიციანი. აღიარება დაადასტურა ბუდუ მდივანმაც. 

პაოლო იაშვილს ყველა მხრიდან ჩაუკეტეს გზა. 

პაოლოს მისამართით, არაფერს ვამტკიცებ. ვინ დაასმინა და ვინ არა, ამას ვერასდროს გავიგებთ. თუმცა კი დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეპრესიების დროს დასმენა ძალზე ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნეოდა. გარკვეული ნაწილი გადარჩენას ცდილობდა, ხოლო მეორე ნახევარს მტკიცედ სწამდა, რომ „ხალხის მტრებს“ ებრძოდა, სამშობლოსათვის სასიკეთო საქმეს აკეთებდა. მეგობრები ერთმანეთის მტრებად იქცნენ, შვილების მიერ მშობელთა დასმენა წახალისებული იყო, მეტიც, ბავშვები რეპრესირებულ მშობლებს სკოლაში საჯაროდ გმობდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ. სხვაგვარად, სასჯელი მთელ ოჯახს დაატყდებოდა თავზე. მტრისა და მოყვარის გარჩევა შეუძლებელი იყო. შინსახკომის უხილავი თვალი ყველას უყურებდა. ვითარება ტრაგიკომედიაშიც გადაიზარდა, როცა ჯაშუშობაში ბრალდებულმა უარი განაცხადა „ხალხის მტრებთან“ ერთ საკანში ყოფნაზე და განზე გადგა, შეეცადა მათგან შორს დაეჭირა თავი. 

ამ წლებში გამოქვეყნდა კალე ფეოდოსიშვილის ლექსი, რომელიც, ჩემი აზრით, სრულყოფილად წარმოაჩენს შექმნილ ფსიქოზისა და ქაოსს, რომელიც 1937 წელს სუფევდა: 

„მე გადავწყვიტე მთლიანი გულით, 

ახალი ქვეყნის დავრჩე ერთგული!

არ გაგიკვირდეს დღეს ეს ცვლილება, 

არ გაგიკვირდეს, ნუ მეტყვი ჯალათს.

მე მამას მოვკლავ, დავახრჩობ დედას, 

რევოლუციამ თუ კი მიბრძანა!“

პაოლოს სიმბოლური თვითმკვლელობა

1937 წელს, 22 ივლისს მწერალთა სახლში პაოლო იარაღით შევიდა. თქვა, რომ მისი გაყიდვა უნდოდა. პოეტმა იარაღი თავის კაბინეტში, მე-2 სართულზე დატოვა. მოგონებებში ნათქვამია, რომ პაოლო ძალიან არეული ჩანდა. ბუფეტის გამგეს ვალი დაუბრუნა – 7 მანეთი. სიმონ ჩიქოვანს მოუბოდიშა, შენ გულში წყენა გქონდა, მაგრამ იცოდე, რომ მე კეთილშობილი, პატიოსანი, ვაჟკაცი კაცი ვარ და ამას მალე დაგიმტკიცებო. შემდგომ დაიწყო მწერალთა კავშირის სხდომა, თუმცა მხოლოდ ათიოდე წუთით გაჩერდა. ტაშისცემა იარაღის გასროლამ შეაჩერა. „სულ ხუთიოდე წუთში გაჩნდნენ ადმინისტრაციული დაწესებულების წარმომადგენლები და სასახლის კარებიც დაიკეტა. ისევ სამარისებური სიჩუმე; ახლა უფრო მეტი. ახლა უფრო სამარისებური. მხოლოდ ერთხელ გაისმა მიხეილ ჯავახიშვილის დაგუბული ხმა: ნამდვილად ვაჟკაცი ყოფილა გეთაყვათ! და მე მხოლოდ ახლა მოვედი აზრზე, რას ნიშნავდა მისი სიტყვები სულ ნახევარი საათის წინ:- მე დავუმტკიცებ ყველას, რომ ვაჟკაცი ვარო!“- წერს ირაკლი აბაშიძე თავის მოგონებებში. 

ბუნებრივია, მწერალთა კავშირმა პაოლოს თვითმკვლელობა დაგმო, ხალხის მტრად შერაცხა. რეპრესიები გავრცელდა პაოლოს ოჯახზეც. რამდენიმე თვეში დახვრიტეს მისი მეგობარი, ტიციან ტაბიძე. ასევე დააპატიმრეს და დახვრიტეს მიხეილ ჯავახიშვილიც. 

პაოლომ 2 წერილი დატოვა. შვილისა და მეუღლისათვის. შვილს სწერს:

„ჩემო საყვარელო მედიკო! ჩემო შვილო, ჩემო კარგო მამიკო, ჩემო სიხარულო და ბედნიერებავ! მედეა! მაპატიე, გემუდარები, მაპატიე ეს უდიდესი დანაშაული შენ წინაშე, მთელი ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე. მთელი ღამე არ მიძინია, დაგჩერებოდი შენ მძინარეს, მაგრამ თავის მოკვლა უკვე გადაწყვეტილი მქონდა, და ვერც შენ გადამარჩინე.

არავის დააბრალო ჩემი სიკვდილი. გაიზრდები, დაუფიქრდები ჩემს ბედს და დარწმუნდები, რომ ჩემი სიკვდილი სჯობდა, შენ უფრო უბედური იქნებოდი, რომ მე დღეს თავი არ მომეკლა. გიყვარდეს დედა და ყველა ჩემი ახლობელი, ისინი არ დაგტოვებენ არც ერთი წუთით და რამდენადმე მაინც გაგიადვილებენ ობლობას. 

მეტის წერა აღარ შემიძლია. მშვიდობით, მამიკო! მედეა, მედეა, მშვიდობით! ისწავლე, იშრომე, ყოველთვის მართალი თქვი, ეცადე, სასახელო ქალი გამოხვიდე, გიყვარდეს სამშობლო, მუდამ გახსოვდეს შენი ახლობლები.

შენი უსაზღვროდ მოყვარული მამა.“ 

მეუღლისათვის განკუთვნილ წერილში კი შემდეგს წერს:

„ძვირფასო, საყვარელო თამარა!

მშვიდობით! სიკვდილის წინ შენ მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს ვგრძნობ. ჩემი სიკვდილის მიზეზი ის გახდა, რომ შეუძლებელია პოეტის სახელი შეუთავსო იმ შეურაცხყოფებს, რომლებიც მომაყენეს იმ ადამიანებმა, რომელთანაც ვმეგობრობდი და რომლებიც მართლა აღმოჩნდნენ ქართველი ხალხის მტრები 

(ამაში მე სრულიად დარწმუნებული ვარ)“.

მაშინ, როცა შვილისათვის დატოვებული სიტყვები სავსეა სინანულითა და სევდით, მეორე წერილი მეტად დამაბნეველია. ის გვაძლევს სპეკულაციის საშუალებას, ინტერპრეტაციების გაკეთების შესაძლებლობას, პაოლოს პიროვნების შესახებ. პაოლომ სიკვდილის წინაც კი (და არა მარტო მწერალთა კავშირში) აღიარა მეგობრების “ხალხის მტრობა”. არსებობს რამდენიმე ვერსია: 1. პოეტი დარწმუნდა მეგობრების ანტირევოლუციური ქმედებების რეალობაში და 2. პოეტი იმდენად სასოწარკვეთილი და შეშინებული იყო, თვითმკვლელობის წინაც კი ოჯახსა და წერილში მის მიერ შეცდომის არაღიარებით გამოწვეულ შედეგებზე ფიქრობდა, რომლებიც უცილობლად დაატყდებოდა ოჯახს თავს.

ბოლოთქმა

ვფიქრობ, არ იქნება ჭეშმარიტებისაგან დაშორებული პირველი შესაძლებლობა- პაოლოს მართლა რომ დაეჯერებინა მეგობრების „ხალხის მტრებად“ გადაქცევა, გამომდინარე ეპოქის თავისებურებისა და იმ გარემოდან, რომელიც მაღლა აღვწერე. ანაც, სრულად დასაშვებია პაოლოს მიერ ოჯახის დაცვის მცდელობა, რაშიც ნამდვილად დადებით როლს ითამაშებდნენ ეს წერილები. 

ვერსია და შესაძლებლობა ბევრია, ჭეშმარიტება კი ბუნდოვანი. თუმცა ცალსახაა ის, რომ პაოლო იაშვილის ტრაგიზმი კარგად ასახავს რეპრესიებისა და გამეფებული ფსიქოზის სახეს. ცისფერყანწელების ნიჭიერი პოეტის ცხოვრება და შემოქმედება სრულყოფილი განსხეულებაა საბჭოეთის რეჟიმისა, რომელმაც სრული მორჩილებისა და წესრიგის დანერგვის სახელით მრავალი უდანაშაულო შეიწირა. 

გამოყენებული ლიტერატურა:

ავთანდილ ნიკოლეიშვილი, “ტრაგიკულ დღეთა ექო”, განთიადი no.1-4: 332-348.

გრიგოლ ცეცხლაძე, “პაოლო იაშვილი: მოგონებები”, ლიტერატურის მატიანე, no.7-8: 136

თოფურია, თეა. 2022. “პაოლოს ივლისი – რას წერენ ისინი, ვინც პოეტის თვითმკვლელობას შეესწრო”. რადიო თავისუფლება (I აგვისტო). 

საზოგადოებრივი მაუწყებელი. (2020, 29 ივნისი). 1937: 9სერია. YouTube. https://www.youtube.com/watch?v=DNuclFf0a7c&t=1553s 

საზოგადოებრივი მაუწყებელი. (2020, 29 ივნისი). 1937: 10სერია. YouTube. https://www.youtube.com/watch?v=DglvKP_ierE&t=1351s კვერენჩხილაძე, რევაზ. არ დაუხვრეტიათ, მაგრამ მაინც რეპრესიების მსხვერპლია. წიგნში: წამების გზა:დახვრეტა, გადასახლება, დევნა, წ.1 (თბილისი. 144-152).



მდევარი