მთარგმნელი: ანა ცაგარეიშვილი
რედაქტორი: ბექა იობიძე
კორექტორი: თაკო ინასარიძე
წინათქმა
სტატიაში აღწერილია შფოთვითი აშლილობების ნოზოლოგიის ისტორია. ბერძენმა და რომაელმა ექიმებმა თუ ფილოსოფოსებმა შფოთვა განასხვავეს ყველა სხვა ტიპის უარყოფითი აფექტისგან და განსაზღვრეს, როგორც კლინიკური აშლილობა. ანტიკური ეპიკურელი და სტოიკოსი ფილოსოფოსები გვთავაზობდნენ ტექნიკებს უშფოთველი გონებისთვის, რომლებიც თანამედროვე კოგნიტური ფსიქოლოგიის მიდგომების მსგავსია. კლასიკურ ანტიკურობასა და გვიან მე-19 საუკუნეს შორის არსებულ პერიოდში შფოთვა არ ჯგუფდებოდა ცალკეულ დაავადებად. მიუხედავად ამისა, გვხვდებოდა შფოთვითი აშლილობის გამოვლინების ჩვეული შემთხვევები, თუმცა განსხვავებული სახელით. მე-17 საუკუნეში რობერტ ბარტონი აღწერს შფოთვას ნაშრომში „მელანქოლიის ანატომია“. ასევე, პანიკური შეტევები და გენერალიზებული შფოთვითი აშლილობები შეგვიძლია ამოვიცნოთ მე-18 საუკუნეში მოღვაწე ფრანსუა ბოსიე დე ლაკურას მიერ გამოქვეყნებულ ნოზოლოგიაში სახელით პანოფობიები. გარდა ამისა, შფოთვის სიმპტომებს დიდი წვლილი ჰქონდა ახალ დაავადებათა ამოცნობასა და დაჯგუფებაში, რისი მწვერვალიც მე-19 საუკუნეში დამკვიდრებული „ნევრასთენია“ იყო. ემილ კრეპელინმა დიდი ყურადღება დაუთმო შფოთვითი სიმპტომების სავარაუდო არსებობის კვლევას მანიაკურ-დეპრესიულ დაავადებებში, მათ შორის, მას, როგორც ბიპოლარული აშლილობის მნიშვნელოვან განმსაზღვრელს DSM-5-ში2. გასათვალისწინებელი სირთულეა გავრცელებული სამედიცინო ტერმინების, მაგალითად, მელანქოლიის კონტექსტი, რომელიც ეპოქასა და ადგილმდებარეობასთან მიმართებით იცვლება.
შესავალი
დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელოს მე-5 გამოცემაში (DSM-5) გამოყოფილია შფოთვის, შიშისა და ღელვის მენტალური მოვლენა. ერთი მხრივ, შფოთვა (ფრანგ.:anxiété; გერმ. : Angst) განიმარტება, როგორც მომავალი საფრთხის მოლოდინის მდგომარეობა; ფიქრები იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალში. აღნიშნული ემიჯნება შიშს (peur; Furcht), როგორც ემოციურ პასუხს პირდაპირ თუ შეგრძნებებით მოცემულ გარდაუვალ, აწმყოში არსებულ საფრთხეზე. რაც შეეხება ღელვას, ნერვიულობას (souci, Sorge), მოიცავს უარყოფითი მოლოდინების კოგნიტურ ასპექტს, ფიქრის მენტალურ ნაწილს. შფოთვა ჩვეულებრივიემოციაა. ევოლუციური გადმოსახედიდან, ეს უკანასკნელი ვითარდება ადამიანების გადარჩენის მიზნით, რათა უბიძგოს სახიფათო ადგილებიდან თავის დაღწევის ან არიდებისკენ. მე-20 საუკუნიდან ფსიქიატრიულ კატეგორიებში შფოთვა აშლილობად მიიჩნევა. კლინიკური განსჯის საკითხი ხდება ის, თუ სად უნდა გავავლოთ ზღვარი ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებულ ჩვეულებრივ, ზემოხსენებულ ევოლუციურ შფოთსა და პათოლოგიურ შფოთვას შორის, რომელიც მკურნალობას საჭიროებს.
ხშირად წერენ, რომ შფოთვითი აშლილობა თანამედროვე მოვლენაა და იმეორებენ, რომ, შიზოფრენიის მსგავსად, მე-19 საუკუნემდე იშვიათად თუ მიიჩნეოდა დაავადებად. ამის საპირისპიროდ, ხასიათობრივი აშლილობების, მათ შორის, მელანქოლიის ისტორიული ფესვები ჯერ კიდევ კლასიკურ ანტიკურობაშია. შესაბამისად, შესაძლოა, არც თუ ისე ჭეშმარიტი იყოს მტკიცება, რომ შფოთვა, როგორც მოვლენა, ახალია. ბერძენ-რომაელ ფილოსოფოსთა და ექიმთა ნაშრომებში ვხვდებით მითითებებს იმაზე, რომ შფოთი, როგორც უარყოფითი აფექტი მაშინაც მიიჩნეოდა გაცალკევებულ აშლილობად. გარდა ამისა, ანტიკურ ფილოსოფიაში ვაწყდებით შფოთვის მკურნალობის გზებს, რომლებიც საკმაოდ მსგავსია დღევანდელი კოგნიტური მეცნიერებების მიდგომებისა.
შფოთვა ბერძნულ-რომაულ ფილოსოფიასა და მედიცინაში „ჰიპოკრატეს კორპუსი“
„ჰიპოკრატეს კორპუსი“ ბერძნულ სამედიცინო ტექსტთა კრებულია, რომელიც უშუალოდ ჰიპოკრატეს (ძვ.წ. 460 – ახ.წ. 370 წწ.) და მის მოსწავლეთა სახელს მიეწერება. მასში აღწერილია ნიკანორის სახელით ცნობილი მამაკაცის ფობია3,4: „წვეულებაზე მისული ნიკანორის მძაფრი განცდა (πάθος) იყო შიში, რომელიც ფლეიტისტ გოგონას მიემართებოდა. ნებისმიერ დროს, როცა წვეულებაზე ფლეიტაზე უკრავდნენ, დაუფლებული მძაფრი შიშის დონე იზრდებოდა. მისი თქმით, ამ უკანასკნელის მოსმენა აუტანელი მხოლოდ ღამით იყო, დღის განმავლობაში კი არ მოქმედებდა. ამგვარი სიმპტომები ხანგრძლივი გახლდათ“. აღნიშნულ ტექსტში ფობიის ტიპურ შემთხვევას სამედიცინო აშლილობას მიაწერენ. სტოიკოს ფილოსოფოსთა ლათინურ ნაშრომებში, მათ შორის, ციცერონისა და სენეკას ტრაქტატებში, შეგვიძლია ამოვიცნოთ შფოთვის კლინიკური მახასიათებლებისა და კოგნიტურ მკურნალობის მეთოდთა ერთგვარი წინასწარმეტყველება. ციცერონი (ძვ.წ. 106-ძვ.წ.34წწ.) ტუსკულანურ საუბრებში (TD) დარდს (molestia), ნერვიულობასა (sollicitudo) და შფოთვას (angor) მიაკუთვნებს სნეულებათა (aegritudo) სიას; ქმნის ანალოგიას, რომ გონება შესაძლოა სხეულის მსგავსად იყოს დაავადებული (TD, Book III, X)5. აღნიშნული ტექსტი ხაზს უსვამს შფოთვით აფექტსა და ზოგად სევდას შორის არსებულ განსხვავებებს, რომელთაგან პირველი მიჩნეულია სამედიცინო დაავადებად (aegritudo). სამედიცინო ლიტერატურაში ლათინური სიტყვა „aegritudo” ძირითადად გამოიყენება „დაავადების” მნიშვნელობით. ციცერონი განმარტავს, რომ აღნიშნული ტერმინი თარგმანია ბერძნული სიტყვის – „პათოსი“ (πάθος). ციცერონის თანამედროვე რომაელი ავტორები ცდილობდნენ ახალი, მედიცინასთან დაკავშირებული ცნებების შექმნას ფილოსოფიური თუ სამედიცინო მოვლენების აღსაწერად. ამ ნეოლოგიზმთა განმარტებისთვის მიმართავდნენ ბერძნული ენის პირველწყაროებს. ციცერონი გვთავაზობს რიგ ნორმიდან გადახრილ სულიერ სნეულებათა კლინიკურ აღწერებს: გარდა ზემოაღნიშნულისა, შფოთვას ახასიათებს როგორც შემბოჭველ აშლილობას (premens); დარდს (molestia), როგორც მუდმივს, განგრძობითს (permanens); ხოლო ნერვიულობას, როგორც ინტროსპექტულს (cum cogitatione) (TD, Book IV, VIII). ამასთან ერთად, ციცერონი საინტერესოდ განასხვავებს ცნებებს „anxietas“, შფოთს, როგორც თვისებას ან მისკენ მიდრეკილებას და „angor”, შფოთვას, როგორც მდგომარეობას (TD, Book IV, XII). აღნიშნული დაყოფაც უსწრებს დროს, უფრო კონკრეტულად, კეტელისა და შლაიერის შემოქმედებას, რომელთაც ხშირად მიეწერებათ შფოთვის, როგორც მდგომარეობისა და როგორც თვისების პირველი განცალკევება.6
ბერძნულ და ლათინურ ლიტერატურაში არსებობს მითითებები პათოლოგიური შფოთვის ამოცნობისა და მისი ზეგავლენისგან გათავისუფლების გზებზეც. ტუსკულანური საუბრები, რომელიც ციცერონმა საკუთარი ქალიშვილის, მშობიარობას გადაყოლილი ტულიას გარდაცვალების შემდეგ დაწერა, ერთგვარი აპოლოგიაა სტოიციზმის, ფილოსოფიის განხრის, რომელიც ერთ-ერთი საყრდენია დღევანდელი კოგნიტური თერაპიისა. სენეკა (ძვ.წ.4 – ახ.წ. 65 წწ.), ერთ-ერთი სტოიკოსი ფილოსოფოსი, წიგნში „გონების სიმშვიდის შესახებ“ თანამედროვეებს ასწავლის თუ როგორ გათავისუფლდნენ შფოთვისგან (De tranquillitate animi (DTA)). სენეკა განმარტავს (DTA, თავი2) მშვიდი გონების იდეალურ მდგომარეობას (tranquillitas), როგორც გარემოებას, რომელშიც ადამიანი უშფოთველია (non con cuti) და, რომელიც სადარია ბერძნული „ეუთაიმიასი“ (εὐθυμία). უნდა აღინიშნოს, რომ ეუთაიმია თანამედროვე ფსიქიატრიაში გამოიყენება არა როგორც თანამედროვე ფსიქიატრიული შფოთვის, არამედ ხასიათის მნიშვნელობით. სენეკას მიხედვით, სიკვდილის შიში მთავარი გაცნობიერებაა, რომელიც ხელს გვიშლის უდარდელი ცხოვრებით სიამოვნებაში. (DTA, chapter 11. „He who fears death will never act as becomes a living man”).7,8 ეს მოსაზრება ჭვრეტს კირკეგორის, ჰაიდეგერისა და ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსების ნააზრევს, რომ ფუნდამენტური შფოთი გამოწვეულია ადამიანის მიერ თავისი არსებობის სასრულობის გააზრებით. ერთი გზა შფოთვის კლანჭებისგან თავის დასაღწევად, მომავალზე ღელვის ნაცვლად, ყურადღების აწმყოსთვის მიპყრობაა. წიგნში „ცხოვრების ხანმოკლეობაზე“ (De brevitate vitae [DBV]), სენეკას რჩევაა, რომ გავაერთიანოთ წარსული, აწმყო და მომავალი მხოლოდ ერთ დროში (DBV, chapter 15. „He makes his life long by combining all times into one”).9, 10 დღესდღეობით, აწმყოს გათავისება ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია არსებული ტექნიკების, მაგალითად მედიტაციის.
მიუხედავად იმისა, რომ სტოიციზმი და ეპიკურეიზმი მიიჩნეოდა მეტოქე ფილოსოფიურ სკოლებად, მათი დარიგებები მსგავსი იყო შფოთვასთან მიმართებით. ეპიკურე (ძვ.წ. 341წ. – სამოსი – ძვ.წ. 270წ. ათენი)11, ფილოსოფოსი, რომელმაც დააფუძნა შემდგომში ეპიკურეიზმად ცნობილი სკოლა, ასწავლიდა, რომ ბედნიერი ცხოვრების მიზანი (ბერძ.: telos) მოიცავს ატარაქსიის მდგომარეობის მიღწევას, რომელშიც გონება ღელვისაგან დაცლილია. ერთი გზა ატარაქსიის მისაღწევად წარსულისა და მომავლის შიშის, უარყოფითი ფიქრების მოშორებაა, ვინაიდან, ერთადერთი არსებული სინამდვილე აწმყოა. ეპიკურელთა ნაწერების უდიდესი ნაწილი დაკარგულია, თუმცა მისი შეგონებები შემორჩა მისი მოსწავლის, ლუკრეციუსის მეშვეობით, რომელმაც დაწერა მეტად პოეტური წიგნი „De Natura Rerum” (DNR- საგანთა ბუნებისათვის). წიგნი 1417 წელს12 აღმოაჩინეს, რომლის ანოტირებულ ასლსაც ფრანგი ფილოსოფოსი მიშელ დე მონტეინი (1533-1592) ფლობდა.13 წიგნში ლუკრეციუსი აქებს ეპიკურელებს პირველი ფილოსოფოსობისთვის, რომელმაც მიაკვლია, რომ ადამიანი სიუხვეთა ღვთაებაა… და მაინც, ისევ, შიგნით ფორიაქიანი გული( anxia corda) უძგერს, რომელიც დაუზოგავად ბღალავს ცხოვრებას ნატანჯი გონით.“
(DNR, Book VI, 14-16).14, 15 ლუკრეციუსის სიტყვებით, ეპიკურე ზემოხსენებული ატარაქსიის მდგომარეობის მისაღწევად საზღვრებს უწესებს ჭარბ სურვილებსა (cupido) და უსაფუძვლო შიშებს(timor) (DNR, VI, 24-27).
ტერმინი შფოთი
სიტყვა „შფოთი” მომდინარეობს ლათინური არსებითი სახელიდან angor, შესაბამისი ზმნით ango (შეკუმშვა). ეტიმოლოგიურად მონათესავე სიტყვაა angustus (ვიწრო). აღნიშნულ სიტყვებს ინდო-ევროპული ძირი აქვთ, რომლისგანაც წარმოიქმნა თანამედროვე გერმანულში სიტყვა Angst (და მსგავსი სიტყვები ჰოლანდიურში, დანიურში, ნორვეგიულსა და შვედურში). საინტერესოა ისიც, რომ „სივიწროვესა“ და „შფოთვას“ შორის კავშირი ბიბლიურ ებრაულშიც ჩანს. იობი საკუთარ სულიერ ტკივილს (იობი 7:10) სიტყვასიტყვით სწორედ ასე გამოხატავს: „სივიწროვე (ებრ. Tsar) ჩემი სულისა“.
ფრანგულში, ისევე როგორც სხვა რომანულ ენებში, სიტყვა anxiété (შფოთვა; ლათ.: anxietas) ხშირად განცალკევებულია სიტყვისგან angoisse (ტკივილი, ლათ.: angustia). რამდენიმე ავტორთან აღნიშნული ორი ტერმინი სინონიმებადაცაა მიჩნეული. შედარებით ხშირად, მათ განასხვავებენ შემდეგი მახასიათებლით,- შფოთვა აღნიშნავს ფიზიოლოგიურ შეგრძნებას, ხოლო ტკივილი, ტანჯვა, მიემართება სომატურ გამოცდილებას. ჟოზეფ ლევი–ვალენსი (1879-1943),16 ფსიქიატრიის პროფესორი, რომელიც ოსვენციმში გარდაიცვალა, ფსიქიატრიულ სახელმძღვანელოში anxiété – ს განმარტავდა, როგორც მოლოდინის ბნელ და დამთრგუნველ შეგრძნებას. აღნიშნული მოიცავდა ღელვის როგორც ფიზიოლოგიურ, ისე კოგნიტურ ასპექტებს. ამის საპირისპიროდ, angoisse განიმარტებოდა, როგორც კუნთის ბოჭკოების ნებაყოფლობითი ან უნებლიე სპაზმური შეკუმშვა. Angoisse (ინგლ. Anguish), სულიერი ტანჯვა, გამოიხატება შებოჭვის შეგრძნებაში, რომელიც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს მთელი სისტემის კუნთოვან მასაზე. ლევი–ვალენსის წიგნში ნახსენებია კალეიდოსკოპური მანიფესტაციებიც, მათ შორის, ბრონქული სპაზმი, სუნთქვის უკმარისობა, ნაწლავური კრუნჩხვები, ვაგინიზმი, უნებლიე შარდვა, ფსევდო სტენოკარდია, თავის ტკივილი. სხვა რომანულ ენებში, მაგალითად, ფრანგულში, შფოთვა და ზემოხსენებული ტანჯვა მეტ-ნაკლებად სინონიმურად მიიჩნევა ავტორთა ერთ ნაწილში, ხოლო დანარჩენ ავტორებში, რომლებიც მათ შორის განმასხვავებელ დეტალზე საუბრობენ, გამოყოფენ შფოთვას, როგორც ფიზიოლოგიურ ღელვას, ხოლო ტანჯვას, როგორც სხეულებრივი შებოჭვის სომატურ შეგრძნებას. რომანულ ენათა განმარტებითი ლექსიკონები ცხადყოფს ამ განმასხვავებელი დეტალის არსებობას, მაგალითად, ესპანურ სიტყვებში: „ansiedad” და „angustia”;17 კატალონიურში „ansietat” და „angoixa”,18 იტალიურში „ànsia” ან „sietà” და „angòscia”,19 ხოლო პორტუგალიურში – „ansiedade” და „angústia”.20 “Anxietate”, სიტყვა, რომლითაც რუმინულ სამედიცინო სტატიებში თარგმნიან შფოთვას, როგორც ჩანს, ნასესხებია ფრანგული სიტყვიდან „anxiété”, პირველად დამოწმებული 1934 წელს.21 ერთ-ერთი ტრადიციული რუმინული სიტყვა შფოთვისთვის არის „neliniste” (მოუსვენრობა), მისი საპირისპიროს „liniste”-ს (სიწყნარე, მოსვენება) უარყოფითი ფორმა, წარმოშობილი ლათინურიდან „lenis“ (წყნარი, მშვიდი).
ხიდი ანტიკურობიდან თანამედროვე მედიცინამდე
კლასიკურ ანტიკურობასა და თანამედროვე ფსიქიატრიას შორის არსებული შუალედი საუკუნეებს მოიცავდა, როდესაც შფოთვის, როგორც დაავადების აღქმა გამქრალია ჩანაწერებიდან. არსებობდნენ პაციენტები აღნიშნული პრობლემით, თუმცა მათი ავადმყოფობის დასათაურება სხვა სახელით ხდებოდა. ამ მხრივ, ბოლო და ყველაზე წარმატებული დიაგნოზი ბერდის ნევრასთენიაა.
1621 წელს, რობერტ ბარტონი აქვეყნებს ტრაქტატს „მელანქოლიის ანატომია“, ანტიკურობიდან მე-17 საუკუნემდე არსებული ლიტერატურის ენციკლოპედიურ მიმოხილვას. როგორც ალან ვ. ჰორვიცი განმარტავს22, ბარტონის ნამუშევარს, ძირითადად, დეპრესიაზე საუბრისასიმოწმებენ. ნაშრომის შექმნის დროს მელანქოლიის მნიშვნელობა არ იყო გადაჯაჭვული მხოლოდ დეპრესიაზე, არამედ მოიცავდა შფოთვასაც. ზოგადად, მელანქოლია შესაძლოა მოერგოს მრავალნაირ სიმპტომს. მთავარი მახასიათებელი ისაა, რომ პაციენტი, როგორც წესი, მშვიდადაა; გაღიზიანებული პაციენტი მიიჩნეოდა მანიით (ბერძნ. Mania; ლათ. Furor) დაავადებულად. ბარტონისთვის შიში და მწუხარება გადაჯაჭვული იყო ერთმანეთთან. როგორც ავტორი აღნიშნავს, „მწუხარებისთვის შიში ბიძაშვილია, ან და, fidus Achates, მუდმივი თანამგზავრი; დამხმარე ხათაბალის მოგვარებაში და ხათაბალის განმაპირობებელიც; მიზეზიცა და სიმპტომიც“. Fidus (ანუ ერთგული) აქატე ენეასის საიმედო თანამგზავრი იყო (ვირგილისუსის ენიადა, 6. 158 და სხვ.).23 ბარტონმა მიაგნო იმასაც, რომ შიში და მწუხარება ერთმანეთისგან დამოუკიდებლადაც შესაძლოა არსებობდეს. განიხილავს საზოგადოებრივ ფობიას, მაგალითისთვის იყენებს რომაელებსა და ბერძნებს ( „…ტული [იგივე მარკუს ტულიუს ციცერონი] გამოუტყდა საკუთარ თავს, რომ სიტყვით წარდგენის დასაწყისში თრთოლავდა; და დემოსთენე, საბერძნეთის დიდი ორატორი – ფილიპიუსის წინაშე“).
მე-18 საუკუნეში სამედიცინო ავტორები აქვეყნებენ პანიკური შეტევების აღწერებს, მაგრამ, როგორც ასეთი, არ გამოყოფენ ცალკეულ ავადმყოფობად. ნაცვლად ამისა, პანიკური შეტევები ხშირად მელანქოლიის გამოხატულებად მიიჩნეოდა. კოსტამ და გრანჟემ24 გააანალიზეს XVI-XVIII საუკუნეების ფრანგი ექიმების კონსულტაციათა 2000-ზე მეტი ჩანაწერი. ვხვდებით ავადმყოფობის რეტროსპექტულად ამოცნობისმცდელობებს DSM-IV მახასიათებლებზე დაფუძნებით. ავტორები გამოყოფენ მამაკაცის ერთ-ერთ ტიპურ შემთხვევას, რომლის კონსულტაცია 1743 წლით თარიღდება. ამ მამაკაცს აღენიშნებოდა პანიკური შეტევების ტიპური ნიშნები, თუმცა, მოცემული პერიოდის თანამედროვე დიაგნოზი იყო ისტერია და მელანქოლია (affection vaporeuse et mélancolique)25. ოქსფორდის ინგლისური ლექსიკონის მიხედვით, ისტერიით მოხსენიებული ტერმინი „vapors” განიმარტება, როგორც ნერვული აშლილობა, რომელიც ყველაზე გავრცელებული 1665-1750 წლებში იყო. ეს კლინიკური შემთხვევა ერთზე მეტ მტკიცებულებას მოიცავს, რომ ტერმინი მელანქოლია, მისი გამოყენების დიდი წარსულით, შესაძლოა, მიუთითებდეს როგორც დეპრესიის, ისე შფოთვის ნიშნებზე.
ფრანსუა ბუასიე დე ლაკრუამ (1706-1767) გამოაქვეყნა პირველი აღსანიშნავი ფრანგული სამედიცინო ნოზოლოგია. ეს უკანასკნელი ლათინურ ენაზე დაწერილი წიგნი იყო, რომელიც ავტორის გარდაცვალების შემდეგ ფრანგულად ითარგმნა. აღნიშნული ცხადყოფს, რომ ბუასიე დე ლაკრუა ორი ეპოქის გასაყარზე მოღვაწეობდა, თავად წარმოადგენდა კლასიკური ანტიკურობის მემკვიდრეობასაც და თანამედროვე მეცნიერების წინამორბედსაც, ასახელებდა საკუთარ თავს თომას სიდენჰემის, კლინიკური დაკვირვების მეთოდის დამფუძნებლის მოსწავლედ. ციცერონის მსგავსად, ბუასიე წიგნის ლათინურ გამოცემაში იყენებს ტერმინს aegritudo დაავადების ან აშლილობის აღსანიშნად. გამოყოფს აშლილობათა 10 მთავარ კლასს, რომლებიც, თავის მხრივ, დაყოფილი აქვს რიგებად, გვარებად და 2400 სახეობად ცალკეულ დაავადებად). მენტალური აშლილობები (vesaniae), მიეკუთვნება აშლილობათა მე-8 კლასს და იყოფა 4 ქვერიგად:
- ჰალუცინაციები: თავბრუსხვევა, ჰიპერემია, დიპლოპია, აუტროოფონია (წარმოსახვით ხმაურს), იპოქონდრიას და მთვარეულობა.
- ჭირვეულობები (morositates): პიკაციზმი (საკვებად გამოუსადეგარი ან მავნე ნივთიერებების ჭამის სურვილი (ცარცი, ბალახი, ძაფი), ბულიმია, პოლიდიფსია, ანტიპათია, ნოსტალგია, პანოფობია (პანიკური შიში), ნიმფომანია, ტარანტიზმი (ცეკვის გადაჭარბებული სურვილი) და ჰიდროფობია.
- დელირიუმი: პარაფროზინი (ნივთიერებით ან ავადმყოფობით გამოწვეული დროებითი დელირიუმი), ამენცია („უნივერსალური” დელირიუმი ფურორის გარეშე”), მელანქოლია (მწუხარებით წარმართული ქრონიკული ნაწილობრივი და არააგრესიული დელირიუმი), მანია (ქრონიკული „უნივერსალური დელირიუმი” ფურორით, დემონომანია (ეშმაკს მიწერილი მელანქოლია)
- ანომალიური უგუნურობა: ამნეზია, აგრიპნია (ინსომნია).
ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან შფოთვასთან ყველაზე ახლოსაა პანოფობიაა,26 პანიკური შიში, რომელიც თავს ღამით იჩენს გონივრული მიზეზის გარეშე. პანოფობია უკავშირდება ბერძნულ ზედსართავ სახელს „pantophobos” (πaντοφο´βος, ყველაფრით შეშინებული). პანოფობიის პირველი ფორმა ღამის შიშზე მეტია. მიუხედავად ამისა, ზემოჩამოთვლილთა სხვა ქვეტიპებში შეგვიძლია ამოვიცნოთ შფოთვითი აშლილობის თანამედროვე ფსიქიატრიაში დადგენილი სიმპტომები. მდგომარეობაში „panophobia hysterica” (panic terror caused by vapors), ისტერიული, იპოქონდრიული ადამიანი განიცდის უცაბედ ძრწოლას, რომელსაც თან სდევს გულისცემის აჩქარება და გაფითრება უწყინარი სმენითი თუ ვიზუალური მიზეზების ფონზე. ამ ყველაფერს მიაწერდნენ გადაჭარბებული მგრძნობელობისკენ მიდრეკილებას. აღნიშნული იყო, რომ შესაძლოა დამატებით სიმპტომებს შევხვდეთ, თუკი, პარალელურად, გლოვასთან ან ზოგად ნაღველთან, ნერვიულობასთან გვაქვს საქმე. „Panophobia phrontis” (ბერძნ. φροντι ´ς) მოიხსენიება ხოლმე ნერვიულობად (ფრანგ. Souci), პაციენტებს აღენიშნებათ გენერალიზებულიშფოთვითი აშლილობის გამომწვევი მახასიათებლები. ასეთი პირები მუდმივ, უკიდურესი დონის ღელვას განიცდიან, რის გამოც, თავს არიდებენ თანამოსაუბრის ყოლას და ამჯობინებენ საკუთარ თავთან მარტო დარჩენას. უჩივიან ფიზიკურ ტკივილსა და სხეულის დაძაბულობას.
მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში შფოთვა იყო სხვადასხვა ახალი დიაგნოსტიკური კატეგორიის ძირითადი ნაწილი, ნევრასთენიიდან – ნევროზამდე. ჯორჯ მილერ ბირდი პირველად აღწერს ნევრასთენიას 1869 წელს. ჩივილები მრავალფეროვანი იყო, დაწყებული ზოგადი სისუსტით, ნევრალგიური ტკივილებით, ისტერიითა და შფოთვის სიმპტომებით, დამთავრებული ქრონიკული დეპრესიით.27 ბირდი იყო პირველი წარმატებული ამერიკელი ავტორი ფსიქიატრიის სფეროში. ნევრასთენია ხანგრძლივად დამკვიდრდა: შემორჩა ჩვენს დრომდეც, როგორც კატეგორია ICD-10-ში. ზიგმუნდ ფროიდი და ემილ კრეპელინი თანამედროვეები იყვნენ, ორივე დაბადებული 1856 წელს. პიერ ჯენეტმა განავითარა იდეა, რომ შფოთვითი გამოვლინებები შესაძლოა გამოიწვიოს „ქვეცნობიერში“ ჩაბეჭდილმა იდეებმა. გამოიგონა ტერმინი „ფსიქასთენია“, რომელიც უნდა ყოფილიყო ორი ძირითადი ნევროზიდან ერთ-ერთი, ისტერიასთან ერთად. ფროიდმა გამოყო შფოთვითი ნევროზი ნევრასთენიისგან. შექმნა არაერთი ტერმინი, რომელიც დღეს ხშირად გამოიყენება სხვადასხვა შფოთვით აშლილობასთან მიმართებით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულს დიდწილად დაერთო ფსიქოანალიტიკური კონოტაციები.
ემილ კრეპელინი დიდ ყურადღებას უთმობდა შფოთვას, როგორც სხვა ავადმყოფობებთან თანაარსებულ ჩივილს, თუმცა ნაკლებად წერდა მასზე, როგორც განცალკევებულ დიაგნოზზე. მისი სახელმძღვანელოს მე-8 გამოცემაში28, კრეპელინი აღწერს შფოთვას (Angst), როგორც ყველაზე გავრცელებულ უარყოფითი აფექტის ფორმას. განმარტავს, როგორც შიდა დაძაბულობისა და გარკვეული ტიპის ანჰედონიის გაერთიანებად (eine Verbindung von Unlust mit innerer Spannung). ავტორი გამოყოფს ცალკეულ ნოზოლოგიურ კატეგორიას ფობიებისთვის, მათ შორის, საზოგადოებრივ მდგომარეობებში წარმოქმნილთათვის (Situationsphobien). მიუხედავად ამისა, მერვე გამოცემაში ფობიები გაერთიანებულია ობსესიურ-კომპულსიური ფიქრებისა და შიშების ქვეშ. კრეპელინის მთავარ წვლილად მიიჩნევა მისეული აღწერა მანიაკურ-დეპრესიულ დაავადებებში არსებულ შესაძლო შფოთვის მახასიათებლების შესახებ, რაც, ერთგვარად, ჭვრეტს მომავალში, DSM-5-ში შფოთვითი აშლილობის განმსაზღვრელს ბიპოლარული აშლილობებისთვის. კრეპელინის სიტყვებით, ხასიათი მანიაკურ-დეპრესიულ პაციენტებში შესაძლოა იყოს მშფოთვარე, მტანჯველი დაძაბულობით, რომლის მწვერვალიც შესაძლოა გამოიხატოს უსიტყვო სასოწარკვეთაში ან მოტორული გამოვლინების მოუსვენრობაში, აღგზნებადობასა თუ გაუაზრებელ თვითაგრესიაში.29 შფოთვის ერთ-ერთი მახასიათებელი DSM-5-ში არის განცდა ინდივიდში, რომ შესაძლოა საკუთარ თავზე დაკარგოს კონტროლი. ამის გარდა, აღსანიშნავია შფოთვის მაღალი დონისა და თვითმკვლელობის რისკებს შორის არსებული კორელაცია.
DSM-I და DSM-II
DSM-I-ში (1952)30 შფოთვა თითქმის ემთხვეოდა „ფსიქონევროზული დაავადებების“ განმარტებას. DSM-I-ის მიხედვით, ფსიქონევროზული აშლილობების მთავარი მახასიათებელი იყო „შფოთვა“, რომელიც, ერთი მხრივ, შესაძლოა პირდაპირ გრძნობადი და გამოხატული იყოს ან არაცნობიერად მართული სხვადასხვა ფსიქოლოგიური თავდაცვის მექანიზმების მიერ (დეპრესია, კონვერსია, განდევნა და სხვ.). როგორც ტერმინი, ფსიქონევროზულ აშლილობებში განიმარტებოდა პიროვნების ცნობიერის მიერ მიღებულ და აღქმულ საშიშ გზავნილად. ვარაუდობდნენ, რომ მისი წარმოქმნა პიროვნული საფრთხის (მაგალითად, განდევნილი ემოციების დაგროვების) შედეგი უნდა ყოფილიყო. დათრგუნული ემოციები სხვადასხვაგვარ სიმპტომებში შეიძლება გადაითარგმნოს: ერთ-ერთი გამოხატულებაა ე.წ. „შფოთვითი რეაქცია“, რომელიც არ არის გამოწვეული კონკრეტული მდგომარეობებისგან თუ ობიექტებისგან, არ აქვს ცალსახა მიზეზი; „დისოციაციური რეაქცია“ მოიცავს ადამიანის ცნობიერს, იდენტობას, მეხსიერებასა და აღქმას შორის კავშირის ბუნდოვანებას ან სრულ გაწყვეტას და ვხვდებით შფოთვის უფრო მძაფრ გამოვლინებებში; „კონვერსიის რეაქცია“ ეწოდება მოვლენას, როდესაც ფსიქოლოგიური შფოთი გარდაიქმნება ფიზიკურ სიმპტომებად და გავლენას ახდენს ორგანოებზე ან სხვა ნაწილებზე ფიზიოლოგიური მიზეზის გარეშე; „ფობიური რეაქციაა“, როდესაც შფოთვა უკავშირდება კონკრეტულ შიშს, რომელიც ან არაგონივრული ან გადაჭარბებულია, ხშირად ვრცელდება სიმბოლურ იდეაზე ან მდგომარეობაზე; „ობსესიურ-კომპულსიური რეაქციის“ დროს შფოთი უკავშირდება მუდმივად არსებულ, არასასურველ ფიქრებს (ამოჩემებებს) და განმეორებით ქცევებს, რომელთა მიმართაც ინდივიდს აქვს ერთგვარი ლტოლვა, რომ განახორციელოს; „დეპრესიული რეაქციის“ დროს ინდივიდი ცდილობს შფოთვითი სიმპტომების შემსუბუქებას დეპრესიული გზებით, მათ შორის, თვითგანსჯით.
DSM-II-ში, შფოთვითი სიმპტომატოლოგიის ყოვლისმომცველ კატეგორიას ეწოდა „ნევროზები“, ვინაიდან მისი მთავარი თვისებები ემთხვეოდა ნევროზთა მთავარ მახასიათებელს (300).31 ამის გამო, შფოთვა და ნევროზი კვაზისინონიმებად იქცა. პირველი მათგანი, ამ გამოცემის მიხედვითაც, შეიძლება იყოს გრძნობადი და გამოვლენადი ან არაცნობიერი ფსიქოლოგიური მოვლენებით წარმართული. ზოგადად, აღნიშნული მექანიზმები წარმოქმნიდნენ იმგვარ სტრესს, რომლისგანაც პაციენტს სურდა თავის დაღწევა.
ნევროზთა ჩამონათვალი რამდენიმე კატეგორიას მოიცავდა:
- შფოთვით ნევროზი, გამოვლინდებოდა გადაჭარბებული ღელვითა და პანიკით, რომელიც, თავის მხრივ, სომატური სიმპტომებით ხასიათდებოდა;
- ისტერიული ნევროზი მოიცავს ორ ტიპს: კონვერსიულს, რომელშიც პაციენტებს ფსიქოლოგიური სტრესი გადააქვთ ფიზიკურ სიმპტომებში (მაგ. პარალიზი, სენსორული პრობლემები) ბიოლოგიური მიზეზის გარეშე და დისოციაციურ ტიპს, რომლის სიმპტომები მოიცავს სინამდვილისგან ან საკუთარი თავისგან დისოციაციას (მაგ. ამნეზია, იდენტობის აღქმის დაკარგვა)
- ვხვდებით ფობიურ ნევროზსაც, როდესაც ადამიანისაკუთარ შიშებს გაუცნობიერებლად მოარგებს კონკრეტულ ფობიურ ობიექტებს;
- ობსესიურ-კომპულსიურ ნევროზი, ვლინდება ამოჩემებულ აზრთა და ქმედებათა არსებობით, რომლებსაც პაციენტი შფოთვის კონკრეტულ გამოვლინებასთან გასამკლავებლად იყენებს;
- დეპრესიული ნევროზი: ქრონიკული დაღლილობა, სისუსტე;
- ნევრასთენიული ნევროზი, რომლის დროსაც პაციენტთა ჩივილები მოიცავს ქრონიკულ სისუსტეს, მარტივად გადაღლას და სხვა სომატურ პრობლემებს, რომელთაც ფიზიკური მიზეზი არ აქვთ, თუმცა გავლენას ახდენენ ადამიანის გუნება-განწყობაზე.
DSM-III-დან DSM-5-მდე
DSM-III-ში (1980), შფოთვითი აშლილობების თავი მოიცავდა (i) ფობიურ აშლილობებს ქვედანაყოფებით: აგორაფობია (პანიკური შეტევების თანხლებით ან გარეშე), სოციალური ფობია და მარტივი ფობია; (ii) შფოთვითი მდგომარეობების ქვედანაყოფები პანიკურ აშლილობებში (PD), გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა (GAD) და ობსესიურ-კომპულსიური აშლილობები (OCD); და (iii) პოსტ-ტრავმატულ სტრესული აშლილობა (PTSD). ამასთან ერთად, ბავშვობის ან მოზარდობის შფოთვითი აშლილობები მოიცავდა განცალკევების, განრიდების და გადაჭარბებულ შფოთვით აშლილობას (overanxious disorder). DSM-III-ში ორ კატეგორიად გაიყო DSM-II-ში შემავალი შფოთვითი ნევროზი, კერძოდ, პანიკურ აშლილობად და გენერალიზებულ შფოთვით აშლილობად. აღნიშნული გაყოფა ეფუძნებოდა კვლევას, რომლის მიხედვითაც, იმიპრამინი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტი აფერხებდა პანიკურ შეტევებს32, თუმცა არ ჰქონდა გავლენა ფობიური შფოთვის სიმპტომებზე33. PTSD ჩნდება მორიგ ახალ კატეგორიად.
მაიკლ ბ. პირველი აღნიშნავს34, რომ DSM-III-R-ის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება შფოთვითი აშლილობების ჯგუფში DSM-III-ის იერარქიის მოშლა გახლდათ, რომელიც გამორიცხავდა პანიკის ან სხვა შფოთვითი აშლილობების არსებობის შანსს დეპრესიის თანადროულად.
„შერეული შფოთვით და დეპრესიული აშლილობა” მიემართება ICD-10-ის (F41.2) კატეგორიას. ეს უკანასკნელი მოიცავს შემთხვევას, როდესაც პაციენტს აღენიშნება ორივესთვის დამახასიათებელი სიმპტომები, მაგრამ არცერთი არ არის საკმარისი სიმძაფრის, რომ გამოირჩეს მხოლოდ ერთ-ერთ მათგანად. DSM-IV-ში აღნიშნული შფოთვით-დეპრესიული აშლილობა მოექცა B დანართში (სია სამომავლო კვლევის საკითხებისთვის) და არა ტექსტის მთავარ ნაწილში. გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია ავადმყოფობის ზედმეტად ხშირად და არასწორად ამოცნობის თავიდან არიდების მცდელობამ. ამასთან ერთად, DSM-IV წარმოადგენს ახალ კატეგორიას სახელით „მწვავე სტრესის აშლილობა“.
„დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელოს“ ბოლო, მე-5 გამოცემაში (DSM-5) გამოყოფილია სამი კატეგორია: შფოთვითი აშლილობების, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობებისა და ტრავმების, სტრესთან დაკავშირებული აშლილობების. შფოთვითი აშლილობა მოიცავს შემდეგ მდგომარეობებს: განცალკევების შფოთვით აშლილობას, შერჩევით სიმუნჯეს, ფობიებს, პანიკურ აშლილობას, აგორაფობიასა და გენერალიზებულ შფოთვით აშლილობას; რაც შეეხება ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობებს – თავად ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, სხეულის დისმორფიული აშლილობა, პათოლოგიური შემგროვებლის აშლილობა, ტრიქოტილომანია, ექსკორიაციული აშლილობა; ტრავმა და სტრესთან დაკავშირებული აშლილობები მოიცავს რეაქტიულ მიჯაჭვულობის აშლილობას, შეფერხებულ საზოგადოებრივი ურთიერთობების აშლილობას, პოსტ-ტრავმატულ სტრესულ აშლილობას, მწვავე სტრესის აშლილობას, შეგუებით აშლილობას. აღსანიშნავია, რომ შერჩევითი სიმუნჯე და განცალკევების შფოთვითი აშლილობები აქამდე დაჯგუფებული იყო ჩვილების, ბავშვებისა და მოზარდებისთვის დამახასიათებელი დიაგნოზების სიაში, ახლა კი სხვა შფოთვით აშლილობებთან ერთადაა. DSM-5-დან ამოიღეს შერეული შფოთვით-დეპრესიული აშლილობის კატეგორია, ვინაიდან აჩვენა არათანმიმდევრულობა შემდგომი შეფასებების დროს.
ბოლოთქმა
ანტიკური ბერძენი და რომაელი ავტორები აღრიცხავდნენ პათოლოგიური შფოთვის შემთხვევებს და მიაკუთვნებდნენ სამედიცინო აშლილობებს. თერაპიული მეთოდები, რომელთაც სტოიკოსი და ეპიკურელი ფილოსოფოსები გვთავაზობდნენ დღევანდელი კოგნიტური ფსიქოთერაპიული სახელმძღვანელოებისთვისაც არ იქნებოდა კონტექსტიდან ამოვარდნილი. კლასიკური ანტიკურობიდან მე-19 საუკუნეში ჩამოყალიბებულ თანამედროვე ფსიქიატრიამდე საუკუნეებია, რომელთა განმავლობაშიც შფოთვითი აშლილობების ტიპური შემთხვევები აღინიშნებოდა სამედიცინო ნაწერებში, მიუხედავად იმისა, რომ ნოზოლოგიური კატეგორიები საკმაოდ განსხვავებული იყო დღევანდელთან შედარებით. ფროიდმა შექმნა ბევრი ახალი ტერმინი, რომლებიც შემდგომში DSM-I-სა და DSM-II-ში გამოიყენეს. DSM-III-ში წარმოდგენილია ახალი აშლილობები, მათ შორის პანიკური, GAD და PTSD. DSM-5-ის „დამსახურებაა“, ერთი მხრივ, შფოთვითი აშლილობების სამ სპექტრად (შფოთვა, OCD და ტრავმასთან და სტრესთან დაკავშირებული აშლილობები) დაყოფა, ხოლო, მეორე მხრივ, განვითარების ეტაპთან გადაჯაჭვული აშლილობების ერთად დაჯგუფება.
გამოყენებული ლიტერატურა
ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაცია: ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელო. (The Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders)
American Psychiatric Association: Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders. 5th ed. Arlington, VA: American Psychiatric Association; 2013.
Hippocrates. Vol VII. Epidemics 2, 4-7. Trans: Smith WD. Loeb Classical Library. Cambridge, MA: Harvard University Press; 1994.
Müri W, ed. Der Arzt im Altertum. Greek and Latin texts in the original languages from Hippocrates until Galen. Munich, Zürich, Germany: Artemis Verlag; 1986:230.
Cicero. Tusculan disputations (Cicéron, Tusculanes). Latin text established by Fohlen G. Paris, France: Les Belles Lettres; 2002.
Cattell RB, Schleier IH. Stimuli related to stress, neuroticism, excita tion, and anxiety response patterns. J Abn Soc Psychol. 1960;60:195-204.
Seneca LA. Of Peace of Mind. Bohn’s Classical Library Edition. Transl: Stewart A. London, UK: George Bell and Sons; 1900.
Gunermann H, ed. Seneca LA. De tranquillitate animi. Latin text. Stutt gart, Germany: Reclam; 1984:52.
Seneca LA. On the Shortness of Life. Transl: Basore JW. Loeb Classical Library. London, UK: William Heinemann; 1932.
Feix J, ed. Seneca LA. De brevitate vitae. Latin text. Stuttgart, Germany: Reclam;1977:48.
Hossenfelder M. Epikur. 3. Auflage. Munich, Germany: Verlag C. H. Beck: 2006.
Greenblatt S. The Swerve. How the World Became Modern. New York, NY: Norton; 2012.
Screech M. Montaigne’s Annotated Copy of Lucretius. A Transcription and Study of the Manuscript, Notes and Pen-Marks. Geneva, Switzerland: Droz; 1998.
Lucretius. On the Nature of Things. Transl: Leonard WE. Translation provided by the Internet Classics Archive by Stevenson DC, Web Atomics.
ლუკრეციუსი, საგანთა ბუნებისათვის, თარგმანი ლათინურიდან პანტელეიმონ ბერაძისა, „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1958.
„ნახა, მდიდართა აღსავსეთა პატივ-დიდებით; მოამაყეთა ზე-ასულთა ბედ-კეთილობით, ზრუნვა და დარდი გულისაგან ვერ გადუყრიათ. და მათი სული მარად შიშის და საფრთხის ქვეშე დარდსა და ეჭვებს შეუწყვეტელს ვერ გაქცევია…“
Lévy-Valensi J. Précis de Psychiatrie. [Textbook of Psychiatry]. Paris, France: Baillière; 1948:62-63.
Moliner M. Diccionario de Uso del Español. 2nd ed. Madrid, Spain: Gre dos; 1998.
Gran Diccionari de la Llengua Catalana (Grup Enciclopèdia Catalana). Available at: http://www.enciclopedia.cat/search/site/angoixa. Accessed May 1, 2015.
Lo Zingarelli. Vocabolario della lingua italiana. Modena, Italy: Zanichelli; 2015.
Neurose de angústia. Como ela é Available at: http://www.abc.med. br/p/psicologia.47.psiquiatria/220205/neurose+de+angustia+como+ela+e. htm. Accessed May 1, 2015.
Academia Română, Institutul de Lingvistică. Micul dicționar academic (MDA). Bucharest, Romania: Univers Enciclopedic Gold; 2010:76.
Horwith AW. Anxiety. A Short History. Baltimore, MD: The Johns Hop kins University Press; 2013.
Burton R. The Anatomy of Melancholy. 1621. Reprinted. London, UK: Thomas McLean; 1826;Vol I:142-143.
Coste J, Granger B. Mental disorders in ancient medical writ ings: Methods of characterization and application to French consulta tions (16th–18th centuries). [In French]. Annales Médico-Psychologiques. 2014;172:625-633.
Montagne JJ, Chaptal C. Consultation « Sur des vapeurs ». Consultations choisies de plusieurs médecins célèbres de l’université de Montpellier sur des maladies aigues et chroniques, vol. 6. Paris, France: Durant & Pissot fils ;1750 : 407-408
Boissier de Sauvages F. Nosologie méthodique. Lyon, France: Jean-Ma rie Bruyset ;1772 ;Vol 7:242-245.
Shorter E. A Historical Dictionary of Psychiatry. Oxford, UK: Oxford Uni versity Press; 2005:188ff.
Kraepelin E. Psychiatrie. Ein Lehrbuch für Studierende und Ärzte. 8. Au flage. Vol 1. Leipzig, Germany: Barth; 1909:348ff.
Kraepelin E. Psychiatrie. Ein Lehrbuch für Studierende und Ärzte. 8. Au flage. Vol 3. Leipzig, Germany: Barth;1913:1207ff.
American Psychiatric Association Mental Hospital Service. Diagnostic and Statistical Manual. Mental Disorders. Washington, DC: American Psychiatric Associaton; 1952:31ff.