რედაქტორები: ბექა იობიძე, მარიამ გორდაძე.

კორექტორები: მარიამ გორდაძე, ნუცა სეხნიაშვილი, სოფიკო ქურდაძე, ნანო კვარაცხელია, თაკო ინასარიძე, თიკო იობიძე.

აკადემიურ ინტერვიუთა ჯგუფი: ანნა ამილახვარი, სოფიკო ქურდაძე, ზოი პოტამიტი, ანანო ყავალაშვილი.

ტექნიკური ჯგუფი: გიორგი ლექვინაძე, პავლე ერიქაშვილი.


urbanizacia

ქართული ურბანიზაციის შესახებ: ინტერვიუ ელენა დარჯანიასთან

ავტორი: , , , , , ,

რედაქტორი: ბექა იობიძე

კორექტორი: სოფიკო ქურდაძე

მდევარი, თბილისი, 2024

„მდევარის“ მეთხუთმეტე ნომრის აკადემიურ ინტერვიუში ქართული ურბანიზაციის აწმყოსეულ გარემოებას მიმოვიხილავთ. ინტერვიუთა სერიის პირველი მოპასუხე ელენე დარჯანიაა, ქალაქმგეგმარებელი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებაში (GIZ) ურბანული განვითარების პროექტის ხელმძღვანელი (კლიმატზე მიმართული საინვესტიციო პროგრამების მომზადებაშია ჩართული), პროფესიით არქიტექტორი, ურბანული დიზაინის მაგისტრი ამერიკაში (Fulbright  2015-2016) და მკვლევარი.

ელენე გაეროს განვითარების პროგრამაში (UNDP) მუშაობდა. ასევე, საქმიანობდა კომპანიაში „სითი ინსტიტუტი“, რომლის ფარგლებშიც ადგენდა თბილისის გენერალურ გეგმას; ხელმძღვანელობდა გორის გენერალურ გეგმას.

რა არის ურბანიზაციის მთავარი განმაპირობებელი ზოგადად და კონკრეტულად საქართველოში? შინაარსობრივად ტერმინი ურბანიზაცია უფრო მეტად ქალაქის განვითარებას მოიაზრებს თუ მჭიდროდ დასახლებულობას?

დღეს ასე განიხილავენ და აფასებენ ურბანიზაციას,- ჩვენ ვცხოვრობთ მთლიანად ურბანიზებულ პლანეტაზე და ქალაქი/სოფელი დიქოტომია აღარ არსებობს. ურბანიზაცია არის ყოვლისმომცველი. პლანეტის ყოველი ნაწილი დღეს ურბანიზებულია. ანუ, ამაზონის ტყეებიც დღეს არის ურბანიზებული იმიტომ, რომ ისიც მოქცეულია იმ კაცობრიობის ცხოველქმედებაში, რომელიც მეტწილად ქალაქებში ცხოვრობს. ის, რომ დღეს ქალაქსა და სოფელს შორის განსხვავება არ არის, ძირითადად განპირობებულია იმით, რომ ადამიანებს გვაქვს სურვილი, მოთხოვნა და უფლებები, გვქონდეს წვდომა ყველა იმ მომსახურებაზე, რომელთაც ადრე სთავაზობდა მხოლოდ ქალაქი. დღეს წარმოუდგენელია იფიქრო, რომ, რახან ცხოვრობ სოფელში, რაღაცაზე ნაკლები უფლება ან ნაკლები წვდომა უნდა გქონდეს. სინამდვილეში, ვაგეგმარებთ, როგორც წესი, იმგვარად, რომ შენ, მიუხედავად იმისა, სად ცხოვრობ, განათლებასა და დასაქმებაზე თანაბარი წვდომა გქონდეს.

არის ერთი საინტერესო წიგნი, რომელსაც ჰქვია “Extrastatecraft”. იგი ამბობს, რომ დღეს ურბანიზაცია აღარ არის მხოლოდ მატერიალური შრომის გახშირება, და ეს ლოგიკურიცაა – ქალაქები უბრალოდ კი აღარ იზრდება ზომასა თუ სიმჭიდროვეში, ანუ ფიზიკურ მშენებლობაზე კი აღარ ვსაუბრობთ, არამედ ვსაუბრობთ, მათ შორის, ელექტრონული ტრანზაქციების სიმჭიდროვეზე. ის, რომ დღეს მონაცემები და მონაცემების მიმოცვლა ურბანიზაციის ნაწილია, არის დღევანდელი სინამდვილისთვის სავსებით ლოგიკური დასკვნა. თუ ვიმსჯელებთ იმაზე, რომ ტელეკომუნიკაცია ნებისმიერი ფორმით ხდება სატელიტების მეშვეობით, მაშინ ჩვენი ურბანიზაცია გასცდა არა მხოლოდ ქალაქის თექვსმეტსართულიანს, არამედ დედამიწის ატმოსფეროსაც, რადგან ჩვენ გვაქვს კოსმოსში სატელიტები, რომლებიც ამ კავშირს უზრუნველყოფს; გვაქვს ქსელით დაკავშირებული ქალაქები და ტერიტორიები; გვაქვს სიგნალთა მიმღებები განსაკუთრებულად დაცულ უკაცრიელ ტერიტორიებზე, რათა მიღებული  სიგნალები იყოს სუფთა. ჩვენი ურბანიზაცია წავიდა გაცილებით შორს, ვიდრე ეს მე-18 საუკუნეში განვსაზღვრეთ, როდესაც გვქონდა ორთქლის მანქანა და გვეგონა, რომ უბრალოდ ქალაქის გამჭიდროვება და მეტი ძრავიანი ტრანსპორტი იქნებოდა ურბანიზაციის მაჩვენებელი. დღეს, თუ ურბანიზაციაზე ვლაპარაკობთ, მისი მიზანი არის მუდმივი გაფართოება. ამიტომაც ურბანიზაციასა და კაპიტალიზმზე თითქმის ერთსა და იმავე დროს ვსაუბრობთ, რომ თითქოს განუყოფელი ნაწილებია.

საქართველოს ისტორიას რომ გადავხედოთ, რომელია ის პერიოდი, რომელიც ურბანიზაციის მაღალი მაჩვენებლით განსაკუთრებით გამოირჩევა? რა მოცემულობებმა (ცხადია, გარდა დედაქალაქობისა) აქცია თბილისი საქართველოს ურბანულ ცენტრად?

საქართველო ტრადიციულად იყო სასოფლო-სამეურნეო ქვეყანა. რა თქმა უნდა, ჩვენთან, ისევე როგორც ყველგან, ინდუსტრიალიზაციის დროს დაიწყო ქარხნების მშენებლობა; ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიაში, თუმცა ნაკლები მასშტაბით. ყველაზე მკვეთრი ცვლილება იყო საბჭოთა კავშირში, როდესაც დიდი საბინაო მშენებლობები დაიწყო. უნდა ითქვას, რომ რუსეთის იმპერიამ ნამდვილად გააჩინა ქალაქები, მაგალითად, ბათუმი და ფოთი (საერთოდ ახალი ქალაქია)… საბჭოთა კავშირის დროს ცენტრალური დაგეგმვის შედეგად ქალაქების მოსახლეობა გაიზარდა, ასევე გაჩნდა ახალი ქალაქები, მათ შორის – მონოფუნქციური, ინდუსტრიული ქალაქებიც. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, ვართ ძალიან პატარა ქვეყანა, საკმაოდ რთული გეოგრაფიული პირობებით, და გვაქვს მცირემოსახლეობიანი, დაბალი სიმჭიდროვის დასახლებები, რომლებიც ვერ ინარჩუნებენ მოსახლეობას ეკონომიკური მიმზიდველობის გამო და მილიონიანი დედაქალაქი, რომელიც მკვეთრად განსხვავდება სხვა დასახლებებისგან.

რალფ ჰაკერტის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 2002 და 2014 წლების აღწერების შედეგებში ურბანიზაციის არათანაბარი ზრდა შეიმჩნევა. გადაანგარიშების თანახმად, თბილისის რეგიონის მოსახლეობა 2002 წელს დაფიქსირებული 1 062 157 მოსახლიდან გაიზარდა და 2014 წელს 1 108 717 მოსახლეს მიაღწია მაშინ, როცა ქვეყნის მთლიანი მოსახლეობა 7 პროცენტით შემცირდა.  რა აიძულებს ადამიანებს დატოვონ რეგიონები და ისედაც მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში დაიდონ  ბინა? 

თბილისმა დამოუკიდებლობის პერიოდში მოსახლეობა დაკარგა გარე მიგრაციის შედეგად, თუმცა, მისი ზომიერი ზრდა დევნილი მოსახლეობის გამო მაინც შენარჩუნდა, ბათუმი – ტერიტორიების შემოერთების გამო. სხვა დასახლებები დიდად არ გაზრდილა და თუ გაიზარდა, ისევ კოლექტიური დასახლებების ხარჯზე. შიდა მიგრაცია დღეს ძალიან დაბალია საქართველოში.  ძირითადად სტუდენტები მიდიან დედაქალაქში და შემდეგ რჩებიან, რაც სავსებით ლოგიკურია, რადგან აქ არის დასაქმების პირობები. ძალიან ცოტა ადამიანი ბრუნდება შემდგომ მშობლიურ მხარეში. მეორე მხრივ, თბილისსაც სჭირდება ახალი კადრები. თბილისმა თუ არ მიიზიდა სტუდენტები და არ დაიტოვა ახალი ადამიანები, მისი ეკონომიკაც ვერ გაიზრდება, ვერ შექმნის დოვლათს. ზოგჯერ ისე უყურებენ ამას: „ყველანი თბილისში რომ მოვდივართ, თბილისი რომ იზრდება, ცუდია და თავკომბალაა“. შეიძლება „თავკომბალაა“, მაგრამ ეს თბილისისთვის ცუდი არ არის. თბილისი და ნებისმიერი ქალაქი უნდა იზრდებოდეს, ქმნიდეს დოვლათს. განვითარებადი ქვეყნების ქალაქებში თუ არ არის ზრდა, ესე იგი, არის სტაგნაცია. დღეს დასავლეთი საუბრობს,  უკუზრდის სტრატეგიებზე, რადგან არსებულ რესურსებზე მოთხოვნა უკვე ძალიან დიდია.  ჩვენს შემთხვევაში პირიქითაა: ჯერ კიდევ გვჭირდება მომსახურებების მიწოდება ყველასათვის და კეთილდღეობის გაზრდა იმისათვის, რომ მეტი მოქალაქე დაეხსნას სიღარიბეს.

იმ სტრატეგიებში, რომლებიც ჩვენ გვაქვს, წერია, რომ ხელი უნდა შევუწყოთ ურბანიზაციასა და მცირე ქალაქების გაზრდას. მოსახლეობა, რომელიც ფიქრობს, რომ დატოვებს თავის საცხოვრებელ ადგილს, გადავიდეს არა თბილისში, არამედ სხვა მცირე ქალაქებშიც. მაგრამ, როგორ უნდა მოხდეს ეს, სამოქმედო გეგმა არ გვაქვს.

როგორ უმკლავდება დედაქალაქი მზარდი მოსახლეობით გამოწვეულ საჭიროებებს კომუნალური მომსახურების ჭრილში, მაგალითად, ცენტრალური წყალგაყვანილობა, საკანალიზაციო სისტემები და ა.შ.? რამდენად არის გათვალისწინებული ქალაქგეგმარება, თუ არსებობს საერთოდ ურბანული გეგმარება?

დღეს რომ თბილისში კორპუსები შენდება, შეგიძლიათ მიიჩნიოთ, რომ ეს მეტწილად საინვესტიციო ქონებაა. საბინაო  ბაზარი სწორედ ამაზე მეტყველებს – ერთი მხრივ, მოსახლეობას მეტად სჭირდება, რომ შეიძინონ ბინები. იმ ადამიანებსაც  რომლებშიც რამდენიმე თაობა ერთად ცხოვრობს, რადგან რთულია დამოუკიდებლად გადავიდნენ ადამიანები. მათ შორის, სტუდენტებიც, – ჯერ კიდევ ძალიან იშვიათია, რომ ცხოვრობდნენ მშობლებისგან განცალკევებით, რადგან ხელმისაწვდომი საცხოვრისის შოვნა საკმაოდ რთულია. მეორეს მხრივ, უძრავი ქონება იმდენად ძვირია, რომ ვისაც სჭირდება, ის ვერ ყიდულობს. შესაბამისად, ხელმისაწვდომი საცხოვრისის გარეშე თბილისი, ვფიქრობ, დაკარგავს იმ მიმზიდველობას, რომელიც აქამდე ჰქონდა ახალგაზრდა პროფესიონალებისათვის.  ვფიქრობ, ქალაქს უნდა ჰქონდეს პროგრამა, რომელიც შეამცირებდა საფრთხეს, რომ იმაზე მეტ სახლს და ბინას ავაშენებთ, ვიდრე ჩვენ გვჭირდება, უფრო სწორად, – ვიდრე შეგვიძლია ავითვისოთ. 

ჩვენ მიწას ვუყურებთ ასე: აქ კორპუსის ჩადგმა შესაძლებელია თუ არა?! ჩვენი სამართლებრივი სისტემაც ასეა აწყობილი. თბილისს აქვს გენერალური გეგმა,  თუმცა ქალაქის ტერიტორიის მართვის ეფექტური გზა არ გვაქვს, გეგმის განხორციელების საშუალებები დანერგილი არ არის ინსტიტუციურ დონეზე. შესაბამისად, მშენებლობის ნებართვას უბრალოდ გავცემთ: აქ კორპუსი აშენდება? – აშენდება. არავინ ფიქრობს  იმაზე, რომ ამ კორპუსს ურნა სჭირდება და სად უნდა დაიდგას იგი. დღეს თბილისში თითოეული ადამიანი ვაწარმოებთ ერთ კილოგრამ ნარჩენს. ანუ, რომ “ჩადგება” კორპუსი და დასახლდება 100 ადამიანი, გაჩნდება 100 კილო ნარჩენი ყოველდღე, რაც გულისხმობს რამდენიმე ურნას, რომლებიც უნდა დაიდგას და დაიცალოს. ურნის დასაცლელად მანქანა უნდა მივიდეს – საწვავი, დრო, ადამიანი გვჭირდება. სად წავა შემდეგ ეს ნარჩენი? მთელ ქვეყანაში გვაქვს ის პრობლემა, რომ მოსახლეობას არ უნდა ნაგავსაყრელების მშენებლობა; მთელ ქვეყანაში უკმაყოფილებაა,- ჩვენს მუნიციპალიტეტში ნუ იქნება, ჩვენს სიახლოვეს ნუ იქნება ეს ნაგავსაყრელი,- რადგან ჰგონიათ, რომ ნარჩენი რაღაც ცუდია. არადა შეუძლებელია, რომ არ გვქონდეს. ასეთი საკითხები კორპუსის მშენებლობისას არ არის გათვალისწინებული. 

როგორ შეესაბამება თბილისის ახლანდელი ურბანული განაშენიანება ევროკავშირის სტანდარტებს? 

ვიტყოდი, რომ უნდა შევთანხმდეთ, რა არის ჩვენი სტანდარტები. ურბანული განაშენიანების სტანდარტი არ არსებობს, უბრალოდ არსებობს მცირედი მოთხოვნები, რომლებზეც საზოგადოებები თანხმდებიან; მაგალითად, ის, რომ ჯანსაღი გარემო უნდა გვქონდეს, და ამას ვზომავთ, პირობითად, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლით – ძალიან კონკრეტულად გაზომვადია. ვიცით, რომ დაბინძურებული ჰაერი მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე; ვიცით, რომ მოსახლეობაში არის ავადობის მაღალი მაჩვენებელი, რადგან, მაგალითად, ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს დაბინძურებული ჰაერი. დაავადებების მკურნალობა ძალიან ძვირი უჯდება კომპანიებს, ჯანდაცვას, საბოლოოდ, სახელმწიფოს. ევროკავშირის ქვეყნები ამას მართავენ იმით, რომ ადგენენ, რამდენად სუფთა უნდა იყოს ჰაერი. შემდეგ შესაბამის ინდუსტრიებს ავალდებულებენ, მაგალითად,  საწვავის ხარისხი აკონტროლონ და ა.შ. საზოგადოებებს, სადაც ვცხოვრობთ, იქაური შეთანხმებები, ანუ „საზოგადოებრივი ხელშეკრულება“ გვაქვს. ჩვენი „საზოგადოებრივი ხელშეკრულება“ არის ის, რომ მე მირჩევნია მცირე მანძილიც კი ვიარო მყუდროდ მანქანით, მირჩევნია გადავაგდო ჩემი 1 კილოგრამი ნარჩენი; სულ არ მაინტერესებს, ეს ნაგავი სადა წავა, რას დააზიანებს. მერე სახელმწიფოს მოვთხოვ მკურნალობას. ერთი მხრივ, ვამბობთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვა უნდა გვქონდეს, თუმცა არ არის მეორე მხარე – საყოველთაო საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, რომ ჰაერი არ დავაბინძუროთ, რათა საყოველთაო ჯანდაცვა მერე მართლაც გვქონდეს. თუ ჩვენ თანხას მოვითხოვთ ევროკავშირისაგან, რომ გავაუმჯობესოთ ჯანდაცვის სისტემა, ისინი გვეტყვიან: თქვენ თქვენი ჯანდაცვის სისტემის გასაუმჯობესებლად, უპირველესად,  უნდა გქონდეთ უფრო სუფთა ჰაერი, რათა ამდენი პაციენტი აღარ გყავდეთ; მშენებლობის ნებართვები არ უნდა გასცეთ პარკებში; უნდა მოუაროთ თქვენს გარემოს. ეს ყველაფერი ურბანული განვითარების საკითხებია.

ურბანული განვითარების რა მახასიათებელი განასხვავებს ერთმანეთისგან კავკასიის რეგიონის ქვეყნებს? 

ზოგადად, არა მარტო კავკასიაში, ქალაქები ერთმანეთს ეჯიბრებიან ხოლმე, მაგალითად, კაპიტალის და მუშახელის მიზიდვაში. კი, თბილისში გადმოდიან, მაგალითად, სტუდენტები, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი თბილისიდან და სხვა დასახლებებიდანაც პირდაპირ საზღვარგარეთ მიდის. ადრე ლოგიკა იყო შემდეგი: სოფლიდან გადადიოდი აუცილებლად პატარა ქალაქში, მერე დედაქალაქში და ა.შ. – კლასიკური ამერიკული ან ევროპული გზა ასეთი იქნებოდა. ჩვენს შემთხვევაში, მაგალითად, სოფელი ველისციხიდან პირდაპირ მიდიხარ ნიუ-იორკში. ჩვენი ყველაზე დიდი ექსპორტი, რაც ბევრ ანგარიშში წერია, არის ადამიანები. ნამდვილად ყურადსაღები „ტვინების გადინება“ გვაქვს. ჩვენ ვაძლევთ მოსწავლეებს, სტუდენტებს განათლებას, მაგრამ ისინი მერე მიდიან. დღეს საქართველოში რომ კადრების ნაკლებობაზე ვსაუბრობთ, არის იმის მაჩვენებელი, რომ თბილისი ვერ უქმნის პირობებს კომპანიებს, რომლებიც აქ დააფუძნებდნენ თავიანთ სათავო ოფისებს ან ფილიალებს. ამიტომ ადამიანი, რომელსაც აქვს კარგი განათლება და უნარები, მიდის იმ კომპანიაში, იმ ქალაქში, რომელმაც შესთავაზა შესაბამისი პირობები. გადახედოთ, მაგალითად, ამერიკაში ქალაქების შეჯიბრსა და ბრძოლას დიდი ტექ-კომპანიების ოფისებზეერთი მხრივ, ქალაქს უნდა, რომ “ამაზონის” სათავო ოფისი მასთან იყოს, და ძალიან ბევრ ქალაქს უნდა, რადგან იციან, რომ გადასახადები შემოვა; შემოვლენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ კარგი შემოსავალი. ისინი ბევრ ფულს დახარჯავენ სხვა ბიზნესებზე;  მაგრამ, მეორე მხრივ,  არსებობს რისკი იმისა, რომ, თუ  ქალაქში შევა “ამაზონი”, ძალიან გაძვირდება ბინები, რადგან შემოვლენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ მეტი ფული, და მათ ადგილობრივები ვერ გაუწევენ კონკურენციას და მოუწევთ სხვაგან გადასვლა. კავკასიის რეგიონის ჭრილში, თბილისის ტყუპისცალი არის ერევანი. მსგავსი მდგომარეობაა იქაც. დღეს თბილისში მშენებლობები საზღვარგარეთიდან შემოსული თანხებით მიმდინარეობს. ამას ტელე – ურბანიზაციას ეძახიან, ანუ ბინების ნაწილს ყიდულობენ ადამიანები, რომელიც საზღვარგარეთ მუშაობენ და ბინას სამომავლოდ ან საინვესტიციოდ ყიდულობენ. ასეთი ბინები შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში ცარიელი დარჩეს.



მდევარი