სახალხო განათლების სამინისტროს პოლიტიკა საქართველოს პირველ რესპუბლიკაში

ganatleba

გააზიარე:


ganatleba

ავტორი: ნატა გოგიტიძე

რედაქტორი: ბექა იობიძე

კორექტორი: თაკო ინასარიძე

წინათქმა

„მრავალ საკითხთა შორის, რომელიც რუსეთის რევოლუციამ და ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაფუძნებამ წამოაყენა, ერთი პირველთაგანი ადგილი ჩვენი სკოლის რეორგანიზაციის საკითხს უჭირავს“, – ამ სიტყვებით იწყება 1919 წლის 17 ივლისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის მოადგილის, ნოე ცინცაძის, მიერ მინისტრთა საბჭოსთვის წარდგენილი მოხსენება „საშუალო სკოლის რეორგანიზაციის შესახებ“. რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი შეიქნა ყურადსაღები. ახალ სინამდვილეში აღმოჩენილ სახელმწიფოს მოსახლეობისთვის შესაბამისი, უფრო თანამედროვე განათლება უნდა შეეთავაზებინა: „ძველი სკოლა თავისი მიმართულებითა და შინაარსით ძველი და სინამდვილის ღვიძლი შვილია და ცხადია, დღევანდელ ცხოვრებისა და მის მიზნებს იგი ვერ დააკმაყოფილებს. მას აუცილებლად გარდაქმნა, რეორგანიზაცია ეჭირვება“. განათლების საკითხების მნიშვნელობის ზრდა მსოფლიოში მიმდინარე ვითარებამ განაპირობა. ახალმა პოლიტიკურმა წყობამაც, კაპიტალიზმმა განათლებული საზოგადოება მოითხოვა და თანამედროვე სახელმწიფოებში იგი სავალდებულო გახდა. ბატონყმობის პერიოდში გლეხი მიწაზე მუშაობდა და სწავლის არც დრო და არც შესაბამისი სახსრები არ ჰქონდა. დემოკრატიულ სახელმწიფოში კი ნებისმიერი საზოგადოებრივი ფენის წარმომადგენელს, სქესის განურჩევლად, ერთად უნდა ესწავლა. ეს უთანასწორობის აღმოფხვრას უწყობდა ხელს. შესაბამისად, საჭირო იყო ქართული განათლების სისტემის იდეოლოგიური გარდაქმნა, – განათლების სამინისტროს სკოლის ახალი პროგრამა და მიზნები უნდა შეემუშავებინა, რომლებიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ღირებულებებს დაემთხვეოდა.

ნიშანდობლივია, რომ განათლების საკითხებზე ზრუნვა ჯერ კიდევ თერგდალეულთა დროიდან დაიწყეს. XIX საუკუნის II ნახევრიდან დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ისინი მთელი შემართებით ცდილობდნენ განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას და მისი მეშვეობით  ეროვნული ღირებულებების დამკვიდრებას. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია 1879 წელს დაარსებული „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“. თუმცა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნის დროს ქართველ მოღვაწეთა ქმედებები შეზღუდული იყო, განათლებისა და ეროვნულების საკითხი დამოუკიდებლობის მოპოვებამდეც მნიშვნელოვანი იყო. ჟურნალ „განათლებაში“ 1917 წელს წერდნენ: „ამჟამად არავისთვის საეჭვო არ უნდა იყვეს, რომ სახალხო სკოლების რეფორმაში პირველი ადგილი ეროვნულ საკითხს უჭირავს ე.ი. დედაენაზე სწავლების შემოღებას; ეროვნული სკოლა ნიშნავს სკოლის ხალხთან დაახლოებას და ხალხის მონაწილეობის მიღებას, ჩარევას სწავლა-განათლების საქმეში“.

სახალხო განათლების სამინისტროს უპირველესი მოქმედებანი

1918 წლის 26 მაისს, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების სამინისტრო შეიქმნა. მინისტრად სოციალ-ფედერალისტი გიორგი ლასხიშვილი დაინიშნა. სამინისტროში სამი თანამდებობა დაწესდა: უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგე, სახალხო სკოლების მთავარგამგე და საპროფესიო და სატეხნიკო სკოლების მთავარგამგე. ადგილობრივ დონეზე სამეთვალყურეოდ შეინარჩუნეს სახალხო სკოლების ინსპექტორთა ინსტიტუტი. განათლების სამინისტროში სულ 56 თანამშრომელი იყო დასაქმებული, მათ შორის, არაერთი ცნობილი მწერალი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე: დიმიტრი უზნაძე, გრიგოლ რობაქიძე, ვუკოლ ბერიძე, მაქსიმე ბერძენიშვილი, გიორგი ჭუმბურიძე და სხვ. 1920-1921 წლებში მინისტრის თანამდებობას შეთავსებით ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი, შემდგომ კი სამხედრო მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე იკავებდა.

განათლების სისტემაში განსახორციელებელი ცვლილებების ჩარჩოზე თითქმის ერთი წელი მუშაობდნენ. საშუალო განათლების რეფორმის ავტორი, ნოე ცინცაძე, სახალხო განათლების მინისტრის ამხანაგი (მოადგილე) იყო. სწორედ მან წარუდგინა მინისტრთა საბჭოს შემუშავებული სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელება 1919 წელს ეტაპობრივად უნდა დაწყებულიყო და 2023 წელს დასრულებულიყო. სახალხო განათლების სამინისტროსთვის 1919-1920 წლებში ქვეყნის საერთო ბიუჯეტის 7% გამოიყო, რაც 137,456,956 მანეთს შეადგენდა.

განათლების სისტემაში იყო არაერთი პრობლემატური საკითხი, რომლებიც სამინისტროსგან დროულ საპასუხო ქმედებას საჭიროებდა. 1914 წლისთვის საქართველოში 864 სკოლა არსებობდა (დაახლოებით იგივე რაოდენობა იყო 1917 წელსაც), რომელთა გეოგრაფიული გადანაწილება არათანაბარი იყო. მათი უმეტესობა ქალაქებსა და დასავლეთ საქართველოს რამდენიმე მაზრაში მდებარეობდა. მოსწავლეების რაოდენობა 80 000 იყო, მაშინ, როცა, კომისიის დაანგარიშებით, ქვეყანაში სასკოლო ასაკის 200 000-ზე მეტი მაცხოვრებელი იყო. ამ სტატისტიკას რამდენიმე მიზეზი ხსნის: სკოლებში ჩარიცხვას საზოგადოებრივი და წოდებრივი ნიშანი განაპირობებდა; ღარიბ მოსახლეობას ხელმოკლეობის გამო მოსწავლეების სკოლაში  გაშვება არ შეეძლო; მათთვის ტანსაცმელი და სხვა აუცილებელი სასკოლო ნივთები ხელმისაწვდომი არ იყო, სახელმწიფო კი მხოლოდ უკიდურესად ღარიბებს ეხმარებოდა. სახარბიელო მდგომარეობა არც პედაგოგიის მხრივ იყო. ცოტა მასწავლებელი მუშაობდა; პედაგოგიური სასწავლებლები საკმარის კადრებს ვერ ამზადებდა და, ამასთანავე, გარკვეულ მიმართულებებში (განსაკუთრებით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში) მათი სიმწირე შეინიშნებოდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღმზრდელთა ანაზღაურება დაბალი იყო, რასაც თან ინფლაცია და კრიზისი ერთოდა. ისინი ფულად დახმარებას მუდმივად ითხოვდნენ. ქართული სკოლების არსებით პრობლემას, დამოუკიდებელი სახელმწიფოს მთავრობის აზრით, რუსულ ენაზე სწავლება წარმოადგენდა. ამასთან ერთად, სახელმძღვანელოები ქართულად თითქმის არ არსებობდა.

აღსანიშნავია, რომ რეფორმების რუკის შედგენამდე განათლების სამინისტრომ გარკვეული ცვლილებები განახორციელა. სასულიერო და საერო სკოლები საჯარო სკოლებად გადააქციეს და მათი მოვლა-პატრონობა მთავრობის მოვალეობად იქცა. თბილისში მასწავლებელთა უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად გადასამზადებელი კურსები ჩაატარეს. მათ ლექციები წაუკითხეს: ივანე ჯავახიშვილმა, დიმიტრი უზნაძემ, იოსებ ყიფშიძემ, გიორგი ახვლედიანმა, ალექსანდრე ჯავახიშვილმა, ნოე ყიფიანმა და სხვ. ეს კურსები დაჩქარებულად მიმდინარეობდა შემდგომ წლებშიც, თუმცა სკოლების მზარდი რიცხვის გამო საკმარისი რაოდენობის პედაგოგთა გადამზადება მაინც ვერ ხერხდებოდა. თითქმის სრულად აღმოიფხვრა ენობრივი პოლიტიკის პრობლემაც, – სწავლების ენად ქართული დამტკიცდა და 1918 წლის შემოდგომისთვის სკოლათა დიდ ნაწილში ასეც ხდებოდა. ითვალისწინებდნენ რა ეროვნულ უმცირესობებსაც, განათლების საკუთარ ენაზე მიღების უფლებასაც აღიარებდნენ. შედეგად, მათს სკოლებში შენარჩუნდა მშობლიურ ენებზე (რუსული, სომხური, აზერბაიჯანული) სწავლება.

ცვლილება სწავლების შინაარსობრივ მხარესაც შეეხო. კერძოდ, 1918 წლის 26 ნოემბერს განათლების კომისიის თავმჯდომარის, ლეო ნათაძის, თაოსნობით, მიიღეს კანონი „საღვთო სჯულის სწავლების გაუქმების“ შესახებ. ეს უკანასკნელი ყველა სახაზინო თუ კერძო სკოლაში შეწყდა და მხოლოდ და მხოლოდ მშობლების სურვილისა და დაფინანსების შემთხვევაში ისწავლებოდა. საგულისხმოა, რომ ეს კანონი მუსლიმებით დასახლებულ ტერიტორიებს არ ითვალისწინებდა. ამ ცვლილებების შემდგომ კი, ნოე ცინცაძის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმის მიხედვით, განათლების სისტემაში რეფორმების განხორციელება დაიწყო, რისთვისაც საერთაშორისო, კერძოდ, ევროპული განათლების სისტემის გამოცდილების გაზიარებას ცდილობდნენ. იმ დროისთვის ყველაზე ახლო პოლიტიკური მოკავშირე გერმანია იყო, ხოლო სწავლების მეთოდიკის შემუშავებისას მარია მონტესორს, იტალიელ პედაგოგს, მეცნიერსა და ფილოსოფოსს, დაეყრდნნენ. 

უპირველეს ყოვლისა, სახალხო განათლების სამინისტრომ იმსჯელა, თუ რაზე უნდა დაფუძნებულიყო ახალი სკოლა, რა უნდა ყოფილიყო ის მიზანი, რომელსაც განათლება უნდა ემსახუროს. მათ მიაჩნდათ, რომ განათლების სისტემის მთავარი საყრდენი უნდა ყოფილიყო „დემოკრატიზმი სოციალურის ინერციით“. სამინისტროს თვალთახედვით, არსებულ მდგომარეობაში სოციალური დემოკრატიზმის გარკვეული მოთხოვნები არ სრულდებოდა. კერძოდ, საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს განათლების მიღების შესაძლებლობა არ ჰქონდა. ეს კი თანასწორობის იდეას არღვევდა; მას არ განიხილავდნენ, როგორც მხოლოდ უფლებრივ მოვლენას, არამედ კულტურულ თანასწორობასაც მოიაზრებდნენ. მათი აზრით, თანასწორობის იდეაზე დაფუძნებულ დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი და წოდებრივი განსხვავებები განათლების მხრივ არ უნდა არსებულიყო. ამიტომ თითოეული მოქალაქისთვის საყოველთაო განათლების სკოლა იყო საჭირო, რაშიც საერთო შინაარსი და პროგრამა იგულისხმებოდა. აუცილებელი იყო საზოგადოებაში არსებულ ჯგუფებსა და კლასებს შორის მთლიანობის დამრღვევი პირობების აღმოფხვრაც. შესაბამისად, შინაარსობრივ მხარესთან ერთად, უნდა გაეთვალისწინებინათ წოდებრივი შემადგენლობაც და სწავლა ყველასთვის ხელმისაწვდომი გაეხადათ.

დაწვრილებით სკოლების შესახებ

განათლების სამინისტრომ სკოლების სტრუქტურაც შეცვალა. საშუალო სკოლებს მოსამზადებელი კლასები გამოეყო და სახალხო სკოლებად აქციეს. შედეგად, ერთიანი სკოლის სისტემა სამი საფეხურისგან შედგებოდა: I საფეხური – „სახალხო სკოლა“ (მოსამზადებელი, დაწყებითი კლასები); II საფეხური – უმაღლესი დაწყებითი სკოლა (4-კლასიანი); III საფეხური – საშუალო სკოლა (4-კლასიანი).

რაც შეეხება სკოლის შინაარსობრივ და დარგობრივ მოწყობას, განათლების სამინისტრო ამ მიმართულებით ორ გეგმას განიხილავდა: დაყოფასა და ერთიან პროგრამას. პირველ შემთხვევაში განიხილავდნენ მოსწავლეთა განაწილებას მათთვის სასურველი სპეციალობის მიხედვით, რაც უზრუნველყოფდა მათი ნიჭის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას. თუმცა ამ შემთხვევაში დამაბრკოლებელი იყო საქართველოს კულტურული სინამდვილე, რის გამოც, მათი აზრით, ეს მიდგომა მიზანშეწონილად ვერ ჩაითვლებოდა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ სკოლა გარკვეული ხანი ვერ შეძლებდა მოსწავლის ნიჭისა და მიდრეკილებების გამორკვევას, რის გარეშეც სპეციალიზაციას აზრი ეკარგებოდა. გარდა ამისა, საჭირო იყო სათანადო კულტურული პირობები თავად საზოგადოებაშიც. საშუალო სკოლის კურსდამთავრებულს ხშირად არ ჰქონდა გადაწყვეტილი, რა მიმართულებით გაეგრძელებინა სწავლა უმაღლესში; თვითგამორკვევას კი რამდენიმე წელიწადს ანდომებდა. ასეთ პირობებში განახლებული სკოლა დაყოფისთვის მზად არ იყო. ამასთანავე, ამ მიდგომის დანერგვა დიდ ფინანსურ და ადამიანურ სახსრებთანაც იყო დაკავშირებული. სრულად გატარებული ამგვარი პოლიტიკა ნიშნავდა, რომ თითოეულ სკოლაში უნდა არსებულიყო ყველა სპეციალობა და დარგი. ამისთვის ქვეყანაში იმ დროს არსებული ეკონომიკური მდგომარეობა შესაბამისი არ იყო. ჩამოთვლილი მიზეზებიდან გამომდინარე, სახალხო განათლების სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ საშუალო სკოლა საერთო განათლების ერთ სახეზე დაეფუძნებინა.

შემდეგი საკითხი, რომელიც უნდა გადაეჭრათ, იყო ის, თუ რას უნდა ემსახურებოდეს ქართული სკოლა და როგორი უნდა იყოს აღზრდის სისტემა. იმდროინდელი სკოლის ერთადერთი მიზანი ცოდნის გადაცემა იყო, რაც მხოლოდ მეხსიერების საფუძველზე მკვიდრდება. სამინისტრო ამ მოცემულობით ხსნიდა იმ გადაჭარბებულ და ცუდად გაგებულ ინტელექტუალიზმს, რომელიც სკოლებს ახასიათებდა. მათი ხედვა კი შემდეგი იყო: „ცხადია, აღზრდის მიზანი მარტო მეხსიერებისა და ცოდნის ფარგლებში არ უნდა დარჩეს მომწყვდეული, არამედ იგი ადამიანის მთლიანი ბუნების მოსამზადებისაკენ უნდა იყოს მიმართული“; „ჩვენი ცხოვრების არსება კულტურული შემოქმედებაა, შემოქმედების პრინციპი კი – ნებისყოფა. მაშასადამე ცხოვრებისათვის ადამიანის მომზადების მიზანი ნებისყოფის განვითარებაში უნდა განხორციელდეს“. შესაბამისად, სკოლის უმთავრეს მიზნად ადამიანის მთლიანი ჰარმონიული ბუნების, კერძოდ კი, მისი ნებისყოფის განვითარება დასახეს. თანადროულად, სამინისტროს სამოქმედო გეგმაში ცხადად ჩანს ნაციონალიზმის ჩართვის მცდელობები. მათ სურდათ, რომ მოსწავლეებში ეროვნული სულისკვეთება ჩაენერგათ და ნაციონალიზმის საკითხი სწორედ განათლების მეშვეობით მოეგვარებინათ. მინისტრთა საბჭოს წინაშე წარდგენილ მოხსენებაში განათლება და ეროვნული ღირებულებები მჭიდროდაა გადაჯაჭვული. განათლება ქართული ენის, ტრადიციების, კულტურისა და წარსულის შენარჩუნების საშუალება გახდა. ამ ორი მთავარი მიზნის განსახორციელებლად შესაბამისი სასკოლო პროგრამა შეიმუშავეს.

სკოლის მთავარი საფუძველი ადამიანისა და ბუნების შესწავლა უნდა ყოფილიყო, ამიტომ სასკოლო პროგრამაში ყურადღებას ჰუმანიტარულ მეცნიერებებზე ამახვილებდნენ. ასევე, მნიშვნელოვანი იყო თავად ადამიანის ბუნების შესწავლაც, რისთვისაც ერთ-ერთ საგნად ფსიქოლოგია უნდა დაემტკიცებინათ. ამავდროულად, ადამიანის ცხოვრების სხვა განმსაზღვრელად პოლიტიკური ხასიათის კანონებსაც მიიჩნევდნენ. მათი აზრით, „ადამიანს სწორედ პოლიტიკურ ნიადაგზე უხდება თავისი ნებისყოფის გაშლა“, შესაბამისად, სკოლის მიზანს ამ კანონებისა და მოქალაქეობრივი საკითხების გაცნობა უნდა წარმოადგენდეს. ასევე, მათ შესასწავლად გასათვალისწინებელია ისტორიის როლი; ამიტომაც სასკოლო პროგრამაში ეს დისციპლინაც უნდა შესულიყო, განსაკუთრებით კი, საქართველოს ისტორია, რათა მოსწავლეებს უკეთ გაეცნოთ იმ ადამიანისა და საზოგადოების შესახებ, სადაც მათს ნებას უნდა ემოქმედა („მაგრამ, ვინაიდან საჭიროა არა მარტო საზოგადოდ ადამიანის ცოდნა, არამედ უპირატესად იმ ადამიანის და საზოგადოებისა, რომელშიაც ჩვენი ნება იმოქმედებს, ისტორიულ მეცნიერებაში საპატიო ადგილი საქართველოს ისტორიას უნდა მიეკუთვნოს“). დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოების წევრებს სურვილი აქვთ, ჩაერთონ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ამისთვის კი საჭიროა სახელმწიფოს კანონმდებლობისა და კონსტიტუციის ცოდნა. შესაბამისად, სამართლის მეცნიერებისა და პოლიტიკური ეკონომიის სწავლა აუცილებელი იყო; პირველი საგანი პოლიტიკური აზროვნების საფუძველი იქნებოდა, ხოლო მეორე – სოციოლოგიური მსჯელობის ნიადაგი.

რაც შეეხება ბუნების შესწავლას, ეს მეცნიერება თანამედროვე ცხოვრებაში მნიშვნელოვანი იყო, ამიტომ მიაჩნდათ, რომ საშუალო სკოლის პროგრამაში ბუნებისმეტყველების ყველა დარგი უნდა შესულიყო; კერძოდ, ანატომია, ფიზიოლოგია, ზოოლოგია, ბოტანიკა, ქიმია. ეს საგნები მანამდე მე-5-მე-8 კლასებში არ ისწავლებოდა, ცვლილების შემდეგ კი ყველა კლასში სავალდებულო გახდა. ამ შემთხვევაშიც მიაჩნდათ, რომ მოსწავლეებს უფრო კონკრეტულად იმ ქვეყნის ბუნების ნიადაგი უნდა შეესწავლათ საფუძვლიანად, სადაც ცხოვრება უხდებოდათ. ამიტომ, ისტორიის მსგავსად, სკოლას ყურადღება უფრო მეტად სამშობლოს ბუნებაზე უნდა გაემახვილებინა. მაგრამ, რა თქმა უნდა, საზოგადო ბუნებაც თანადროულად უნდა შეესწავლათ, რადგან მისი ცოდნის გარეშე სამშობლო ბუნების განჭვრეტა რთულდება. იგივე მიდგომა ვრცელდებოდა გეოგრაფიის მიმართაც, – ბუნებისა და ადამიანთა საზოგადოების კავშირის სრულყოფილად შესასწავლად აუცილებელი იყო საზოგადო გეოგრაფიის ცოდნა, რომელიც შემდგომ  საფუძვლად სამშობლოს გეოგრაფიას დაედებოდა. ასევე ლიტერატურაზეც: „კონკრეტულ სინამდვილის ცოცხალ სახის წარმოდგენისთვის აუცილებლად საჭიროა ლიტერატურა საზოგადოდ და უპირატესად სამშობლო ლიტერატურა, ვინაიდან იგი სარკეა, რომელიც სინამდვილის როგორც დადებითს, ისე უარყოფითის სრულს გამოხატულებას იძლევა“.

მოხსენებაში ნათლად ჩანს ევროპული განათლების სისტემისკენ აღებული გეზი უცხო ენათა შესწავლის კუთხითაც. სამინისტრო მიიჩნევდა, რომ საჭირო იყო ევროპის კულტურულ წიაღთან დაკავშირება, რა მიზეზითაც ძველი პროგრამის სავალდებულო საგნების სიიდან ამოიღეს კლასიკური ენები (ლათინური და ძველი ბერძნული) და ისინი ახალი ენებით (ფრანგული, გერმანული და ინგლისური) ჩაანაცვლეს. ამის მიზეზად კი ახალი ევროპული კულტურის აღმოცენებას ასახელებდნენ, რაც სკოლას უნდა დასდებოდა საფუძვლად. მათი აზრით, დრომოჭმული იყო მოსაზრება, რომ ევროპულ კულტურას ზიარება მხოლოდ კლასიკური ენების შესწავლით იყო შესაძლებელი. საქართველოც ამ მხრივ ევროპის კვალს უნდა გაჰყოლოდა. განსაზღვრული იყო სწავლების მეთოდიც. პედაგოგებს ყურადღება ენაში ვარჯიშზე უნდა გაემახვილებინათ და არა გრამატიკის ფორმების შეთვისებაზე. შედეგად, კურსდამთავრებულს კონკრეტულ ენაზე საუბარი, მხატვრული ნაწარმოებებისა და სამეცნიერო ნაშრომების თავისუფლად კითხვა უნდა შესძლებოდა. ამ მიზნის მიღწევა სამივე უცხო ენის შესწავლით შეუძლებელი იქნებოდა, ამიტომ თითოეული მოსწავლისთვის სავალდებულო იყო მხოლოდ ერთი ენის სწავლა, დანარჩენი კი – არასავალდებულო.

განისაზღვრა სწავლების მეთოდიკაც. განათლების სამინისტრო უპირატესობას პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებას ანიჭებდა. რადგანაც ადამიანის გონება პრაქტიკაში ვითარდება და იწვრთნება, აუცილებელი იყო, ეს მიდგომა სკოლაშიც დაენერგათ: „არც ერთი ახალი იდეა არ უნდა შეითვისოს მოზარდმა, რომ იმ წამსვე მისი განსახიერების შესახებ არ იზრუნოს“. ეს კი, მათი აზრით, ადამიანის ბუნების მთლიანობას უზრუნველყოფდა. ამისთვის სკოლაში ხელგარჯილობის შემოღება სურდათ. ეს იქნებოდა არა რაიმე დამოუკიდებელი საგანი, არამედ საგნების სწავლების მეთოდი: „ხელგარჯილობამ უნდა განავითაროს გონება, მისცეს მას ძალა, მიაჩვიოს ახალგაზრდა სწორგამოხატულებას, განაფაქიზოს მისი გრძნობა, ხელგარჯილობის მიზანი იქმნება არა მარტო საგნის გაკეთება, არამედ უპირატესად პიროვნებისათვის შინაარსის მიცემა მუშაობის პროცესის მეოხებით, ამ მხრივ ხელგარჯილობას დიდი აღმზრდელობითი მნიშვნელობა აქვს“. სწავლა შრომას დაეფუძნებოდა, ხოლო სასკოლო მეცადინეობა ლაბორატორიებსა და სახელოსნოებში გადაინაცვლებდა.

მნიშვნელოვანი იყო მოზარდის ხასიათის სიმტკიცისა და გამბედაობის განვითარება, მოთავეობის წახალისება. თვითმმართველობების განვითარება კი ამ მხრივ სკოლას დაეხმარებოდა. ყურადღებას აქცევდნენ ზნეობრივ აღზრდასაც, რათა მოზარდებს საზოგადოების მთლიანობა, მის მიმართ არსებული მოვალეობები და პასუხისმგებლობები გაეთავისებინათ. მხედველობიდან არ გამორჩენიათ ფიზიკური აღზრდაც. სხეულის გაჯანსაღებასთან ერთად, ფიზიკური ვარჯიში ნების სიძლიერისა და ხასიათის სიმტკიცის, გამბედაობისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარის განვითარებასაც შეუწყობდა ხელს.

საბოლოო ჯამში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ზოგადი განათლების სასწავლო გეგმა ასე გამოიყურებოდა: 1. ჰუმანიტარული საგნები: ქართული ენა და სიტყვიერება, რუსული და მსოფლიო ლიტერატურა, ორი უცხო ენა (ერთი – რუსული, მეორე – არჩევითი: ან ფრანგული, ან გერმანული, ან ინგლისური), ისტორია, პოლიტიკური ეკონომია, სამართლის მეცნიერება, ფსიქოლოგია, ლოგიკა; 2. სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო საგნები: მათემატიკა, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბუნებისმეტყველება; 3. აღმზრდელობითი საგნები: ფიზიკური ვარჯიშობა, სიმღერა-გალობა, მუსიკა, ხელსაქმე, ხელგარჯილობა.

პედაგოგიკის გადახალისების შესახებ

რადგანაც სკოლის წიგნების დიდი ნაწილი რუსულ ენაზე იყო, შეიქმნა საგნის სახელმძღვანელოებზე მომუშავე სასწავლო კომისიები, რომლებიც არსებულ მასალებს აფასებდნენ; ასევე, ქმნიდნენ ახალ, ორიგინალურ სახელმძღვანელოებს ან თარგმანებს იმ საგნებში, რომელთა ფარგლებშიც ან არ მოიპოვებოდა შესაბამისი მასალები, ან უბრალოდ არ შეესაბამებოდა იმდროინდელ მოთხოვნებს.

რეფორმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა პედაგოგთა დიდი ნაწილიც მათი არასათანადო კვალიფიკაციისა და არაპროფესიონალიზმის გამო. ამის მიზეზი კი მრავალგვარი იყო. კერძოდ, 1918 წლამდე ქვეყანაში უმაღლესი სასწავლებლები არ არსებობდა, რის გამოც პედაგოგიურ განათლებას რუსეთში ან დასავლეთ ევროპის რომელიმე ქალაქში იღებდნენ. ამის დამაბრკოლებლად კი პირველი მსოფლიო ომი და რუსეთში მიმდინარე რევოლუციები იქცა. ქართველი ახალგაზრდები საქართველოს დაუბრუნდნენ. მათმა ნაწილმა სწავლა არ დაასრულა და, შესაბამისად, ვერ აიღო განათლების დამადასტურებელი საბუთი. ამ მიზეზით ისინი დაბალკვალიფიციურ კადრებად ითვლებოდნენ, რაც ხელფასზე აისახებოდა. რადგანაც პედაგოგიკით სასურველი ფინანსური სარგებლის მიღებას ვერ ახერხებდნენ, ისინი უარს ამბობდნენ სკოლაში მუშაობაზე და თავს სხვა საქმიანობით ირჩენდნენ.

მასწავლებელთა უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად სახელმწიფომ რიგი ნაბიჯები გადადგა. დაარსდა უმაღლესი და საშუალო სპეციალური პედაგოგიური სასწავლებლები, საოსტატო სემინარიები, მასწავლებელთა დახელოვნების კურსები. ასევე, საზღვარგარეთ გაგზავნეს მრავალი მათგანი. მასწავლებელთა მოსამზადებელი კურსები თავდაპირველად თბილისში, ქუთაისში, გორში, თელავსა და ზუგდიდში ტარდებოდა, შემდგომ კი თანდათანობით მოიცვა სხვა რეგიონებიც. მათში მონაწილე პედაგოგთა ხარჯებს სახელმწიფო სრულად ანაზღაურებდა. კურსის გავლა უმაღლესი განათლების მიღების ტოლფასი იყო. კურსდამთავრებულებს ეძლეოდათ უფლება, ემუშავათ შესაბამისი სპეციალობით მაშინაც კი, თუ მათ დიპლომი არ ჰქონდათ. ეს უკანასკნელი კი სამსახურის შოვნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ სამინისტრო ამ მიმართულებითაც გაეროვნების (ადმინისტრაციული და კულტურული დაწესებულებების გაქართულება, ეროვნული მიმართულებების დანერგვა) პოლიტიკას ატარებდა. ამისთვის საჭირო იყო სკოლაში ეროვნულ ნიადაგზე აღზრდილი მასწავლებლები დასაქმებულიყვნენ. ამ მიზნით პედაგოგიური სასწავლებლების გაეროვნება დაიწყო. მათ შორის იყო თბილისის, გორის, ხონისა და სოხუმის საოსტატო სემინარიები. მოეწყო საზაფხულო კურსები და დაარსდა პანსიონები, სადაც რეგიონიდან ჩამოსული ნიჭიერი და ღარიბი ახალგაზრდობა სწავლობდა. სახელმძღვანელოების გამოცემამდე კურსებთან დაფუძნებული სატერმინოლოგიო სექციების ფარგლებში სკოლებისთვის შეიმუშავეს სხვადასხვა სასკოლო საგნის ტერმინები. ეს მასწავლებლებს ეხმარებოდა, რომ ქართულად ესწავლებინათ. გაქართულების პოლიტიკის ნაწილი იყო მრავალი პედაგოგის სკოლიდან გათავისუფლებაც, რამდენიმე თვის ჯამაგირის წინასწარ გადახდის პირობით. ამ ნაბიჯმა კადრების სიმცირე გამოიწვია.

განათლების სფეროში მიმდინარე ცვლილებები შეეხო იმ რაიონებსაც, რომლებიც დროებით დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის შემადგენლობაში არ შედიოდა. ესენი იყო აჭარა-ბათუმის ოლქი და ახალციხე-ახალქალაქის მაზრა, რომლებიც მაშინ თურქებს ეკავათ. ახალციხე-ახალქალაქის მაზრის ქართულ სკოლებში ვითარება გაუარესდა. განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში ჩაცვივდნენ აქ მომუშავე მასწავლებლები, რომლებსაც სახელმწიფო ტერიტორიული კუთვნილების გამო საზაფხულო ჯამაგირსა და სალიკვიდაციო ფულს ვერ აწვდიდა ბიუჯეტიდან. როდესაც საქართველომ იურისდიქცია აღადგინა მაზრაზე, მათი ყოფა გაუმჯობესდა. განათლების მინისტრი მთავრობასთან შუამდგომლობდა, რათა ახალციხის სკოლებისთვის დამატებითი თანხა გაეცათ და იქ ქართველი მასწავლებლები გაეგზავნათ. რაც შეეხება აჭარის ოლქს, ბათუმში 1919 წლის 6 მარტს ქართული გიმნაზია გაიხსნა, რომლისთვისაც მთავრობამ 100,000 მანეთი გამოყო. ეს ფაქტი მნიშვნელოვანი იყო ეროვნული სულისკვეთების გასაღვივებლად. ეროვნული საბჭოს თაოსნობით გაიხსნა ქალთა გიმნაზიაც, ხოლო პედაგოგებს საზაფხულო ჯამაგირი გადაეცათ.

ბოლოთქმა

სახალხო განათლების სამინისტროს მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგები შემდეგი რაოდენობრივი მონაცემებით შეიძლება შეჯამდეს: 1920 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1,924 სკოლა არსებობდა (თუმცა მათი გარკვეული ნაწილის არსებობა მხოლოდ ფორმალობას წარმოადგენდა), ანუ დამატებით 1,060 სკოლა გაიხსნა; სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა და 162,000 შეადგინა; ამავე პერიოდისთვის 2,000-ზე მეტ სოფელში მოქმედებდა სასოფლო ბიბლიოთეკები, საიდანაც ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები და პერიოდული გამოცემები მიეწოდებოდა. 1921 წლის 21 თებერვალს მიღებული კონსტიტუციის მე-12 თავი სწავლა-განათლებასა და სკოლას შეეხებოდა, 110-ე მუხლი კი ამტკიცებდა, რომ „პირველდაწყებითი სწავლა საყოველთაო, უსასყიდლო და სავალდებულოა“.

გამოყენებული ლიტერატურა

განათლების სამინისტრო. მოხსენება: საშუალო სკოლის რეორგანიზაციის შესახებ. 1919.  

ირემაძე, ირაკლი. „დემოკრატია სოციალურის ინერციით“ – რესპუბლიკა ახალი სკოლის შენებაში (აგვისტო, 2018).  https://civil.ge/ka/archives/249198 

კახაბერი. შინაური მიმოხილვა, ეროვნული სკოლის აუცილებლობა. განათლება, N1 (1917).

სონღულაშვილი, ნატო. საგანმანათლებლო სისტემა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1918-1921). თბილისი: უნივერსალი, 2021.

ჭუმბურიძე, დოდო. განათლება 1918-1921 წლებში. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. თბილისი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, 2000.

საქართველოს დამფუძნებელი კრება. საქართველოს კონსტიტუცია. 1921



მდევარი