ფილოსოფიის სრული ისტორია: კლასიკური ფილოსოფია
ნაწილი პირველი: ძველი ბერძნული ფილოსოფია
თავი მეოთხე, კაცი ოქროს ბარძაყით – პითაგორა
მთარგმნელი: მარიამ ხარიბეგაშვილი
თარგმანის რედაქტორი: ბექა იობიძე
კორექტორი: ნანო კვარაცხელია
მდევარი, თბილისი, 2023
ფილოსოფოსებს ყოველთვის უყვარდათ მათემატიკა. რთული გასაგები არაა, რატომ – ერთი რამ, რაც მათ ყველაზე მეტად აინტერესებთ, ცოდნაა. ახლახან ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე ადრეულ ბერძენ ფილოსოფოსზე, ქსენოფანეზე, ვისაუბრეთ, რომელიც ერთმანეთისგან ასხვავებს ჭეშმარიტების დანამდვილებით ცოდნასა და უბრალო რწმენის ქონას. და თუ თქვენ ცოდნის კარგ, მყარ მაგალითს ეძებთ, მათემატიკა სწორედ რომ საუკეთესოა არსებულთაგან; უბრალოდ კი არ გჯერათ, რომ 2+2=4, არამედ ნამდვილად იცით. ან, სულ მცირე, ესაა, რასაც ადამიანთა უმეტესობა ფიქრობს: მათემატიკა არის ერთგვარი ოქროს სტანდარტი, რომელთან მიმართებითაც შესაძლებელია ცოდნის სხვა შესაძლო მაგალითების გაზომვა.
მათემატიკის ამგვარი გაგება ბერძნულ ფილოსოფიას უკავშირდება, თუმცა, რა თქმა უნდა, თავად მათემატიკის ისტორია ბევრად უფრო შორეულ წარსულში იღებს სათავეს; მე აქ მხოლოდ დათვლაზე ან მარტივ შეჯამებაზე არ ვსაუბრობ. ბაბილონელები და ეგვიპტელები განსწავლულნი იყვნენ მათემატიკის იმ ნაწილში, რომელიც მიწის აზომვისა და ასტრონომიისთვისაა საჭირო. უკვე ვნახეთ, რომ თალესი, პირველი წინასოკრატელი ფილოსოფოსი, ასტრონომიითაც იყო გატაცებული და, შესაძლოა, ეს უკანასკნელი მას ეგვიპტელებისგან შეესწავლა. გადმოცემის თანახმად, პითაგორამაც იმოგზაურა ეგვიპტეში და სავარაუდოა, რომ მათემატიკური ცოდნის მხრივ ისიც იქ განათლდა. ასე რომ, მათემატიკა ფილოსოფიაზე უფრო ძველია, მაგრამ ეს ორი მას შემდეგ იყო ახლოს ერთმანეთთან, როგორც კი ფილოსოფია წარმოიშვა. პლატონი ცნობილია ფილოსოფიასა და მათემატიკას შორის კავშირების ხაზგასმით. სავარაუდოდ, მას თავისი აკადემიის შესასვლელში ნიშანი ჰქონდა წარწერით: „არ დაიშვებოდეს არავინ, ვისაც გეომეტრია არ უსწავლია“. მიუხედავად იმისა, რომ მათემატიკა ერთ-ერთია იმ ცოტაოდენ დისციპლინათაგან, რომლებშიც არისტოტელე წამომწყები გენიოსი არ ყოფილა, მას მაინც დართეს აკადემიაში შესვლის ნება და ის ხშირად განიხილავს მათემატიკას, როგორც ცოდნის სისტემურ მაგალითს. მსგავსი დამოკიდებულება ბერძნულ ფილოსოფიაში გაცილებით გვიან შეგვიძლია ვიპოვოთ; მაგალითად, ერთხელ გალენოსმა, ახ.წ. მე-2 საუკუნის დიდებულმა ექიმმა, სკეპტიციზმის „თავდასხმის“ თავიდან ასარიდებლად მათემატიკის უტყუარობას „შეაფარა თავი“. მისი თანამედროვე, ასეთივე დიდებული ასტრონომი პტოლემე ამბობს, რომ თეორიულ მეცნიერებებს შორის მათემატიკა არის ერთადერთი უსათუოდ ზუსტი დისციპლინა.
თუმცა გალენოსსა და პტოლემეზე გაცილებით ადრე, სინამდვილეში პლატონსა და არისტოტელემდე ბევრად ადრეც კი, იყო პითაგორა. თითქმის ყველას სმენია მის შესახებ, თუნდაც მხოლოდ პითაგორას თეორემის გამო. ალბათ უმჯობესია, აქვე და პირდაპირ გითხრათ, რომ არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ მან თავად შეიმუშავა პითაგორას თეორემა. თუმცაღა, თეორემა იცოდნენ მისმა მიმდევრებმა – პითაგორელებმა. ეს ფაქტი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს პითაგორაზე ჩვენი შემდგომი მსჯელობის ხასიათს. ბევრი რამ ვიცით იმ პითაგორელების ტრადიციის შესახებ, რომლებიც სახელს პითაგორასგან იღებენ, მაგრამ თითქმის არაფერი – თავად მასზე. წინასოკრატელთა შორის (თითოეული მათგანის ისტორია მრავალი ცრუ ცნობითა და ლეგენდითაა ჩვენამდე მოსული) პითაგორა გამოირჩევა, როგორც მოღვაწე, რომელიც უფრო მეტად მითია, ვიდრე ადამიანი – თან, რა მითია! მას მიეწერება მათემატიკისა და ფილოსოფიის პირველად შერწყმა, სასწაულების შემოქმედობა, ღვთაებრიობა ან ნახევრად-ღვთაებრიობა, აპოლონის ან ჰერმესის შვილობა. რწმენები მის შესახებ იდუმალი მეტაფიზიკური და რელიგიური იდეებიდან (მაგალითად, ხელახალი განსხეულება) ყოველდღიურ ეთიკურ სწავლებებამდე (როგორიცაა, მაგალითად, ის, რომ არ უნდა ჭამო პარკოსნები ან ხორცი) მონაცვლეობს.
თუმცა, სანამ მითებში გადავვარდებით – და არ იდარდოთ, მალე მოგვიწევს, რადგან ეს მითი ზედმეტად კარგია იმისთვის, რომ ჩუმად ავუაროთ გვერდი – მოდი, დავიწყოთ იმით, რაც მართლა ვიცით ამ ადამიანზე. ჩვენ ვახსენეთ, რომ პირველი წინასოკრატელები მილეთიდან, თანამედროვე თურქეთის მცირე აზიის სანაპიროდან, იყვნენ. ქსენოფანეც ამავე წარმომავლობისაა, მაგრამ დასავლეთით გაემგზავრა. იგივე ითქმის პითაგორაზეც: მტკიცებულებები გვაქვს, რომ იგი წარმოშობით იმავე სანაპიროს კუნძულ სამოსიდან იყო და ისიც ხმელთაშუა ზღვის გადაღმა გადაიხვეწა. სავარაუდოდ სამშობლო ადგილობრივი ტირანის, პოლიკრატეს, მმართველობით უკმაყოფილების გამო დატოვა. მაშასადამე, ადგილი, რომელსაც მას ყველაზე მეტად უკავშირებენ, არის არა სამოსი, არამედ სამხრეთ იტალიის ქალაქი კროტონი. სინამდვილეში, ძველ ავტორებს უყვარდათ მისთვის გამორჩეული ფილოსოფიური ტრადიციის, ე.წ „იტალიური სკოლის“ დაარსების მიწერა. ალბათ ღირს აქ იმის ხსენება, რომ სიცილია, იტალია და დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის დანარჩენი ადგილები წინასოკრატელების დაბადებამდე საუკუნეებით ადრე ბერძენი კოლონისტებით იყო დასახლებული. ბერძნები სამხრეთ იტალიაში საკმაოდ დიდხანს გაჩერდნენ, სანამ რომაელები საბოლოოდ გააძევებდნენ რეგიონიდან, რომელსაც ისინი დიდ საბერძნეთს (Magna Graecia) უწოდებდნენ. სავარაუდოდ, პითაგორა აქ ძვ.წ. მეექვსე საუკუნეში, კროტონის დასახლებიდან დაახლოებით ორი საუკუნის შემდეგ, ცხოვრობდა, თუმცა მისი ისტორიის ქრონოლოგიის დაზუსტება ადვილი საქმე არ არის. ჩვენ ვიცით, რომ ქსენოფანე და ჰერაკლიტე მას სახელით მოიხსენიებენ – ეს მიგვანიშნებს, რომ პითაგორა ამ მოაზროვნეთა თანამედროვე იყო, რაც საკმაოდ კარგი საბუთია ჩვენი მიზნებისთვის.
მოკლედ, აგერ ჩვენი პითაგორა სამხრეთ იტალიაში, რომელიც პითაგორას თეორემას არ ხსნის. მეორე რამ, რასაც იგი არ აკეთებდა, წიგნების წერაა. ნამდვილად გასაოცარია, რომ ის და სოკრატე, შეიძლება ითქვას, ყველაზე სახელოვანი ფილოსოფოსები არიან პლატონსა და არისტოტელემდე; და მაინც, არც ერთ მათგანს არაფერი დაუწერია. იქნებ ზუსტად იმიტომაც არიან ასეთი ჩინებულნი, რომ არასოდეს დაუწერიათ, კაცმა არ იცის. სოკრატე, პითაგორას მსგავსად, ლიტერატურულ პერსონაჟად – სხვა ადამიანების იდეებისა და წარმოდგენების ჭურჭლად – იქცა. და თუმცა გვსურს ვიფიქროთ, რომ, პლატონისა და ისტორიკოსი ქსენოფონეს მსგავსი სხვა ავტორების წყალობით, ნამდვილი სოკრატეს შესახებ გონივრულად ცხადი წარმოდგენა გვაქვს, პითაგორას შემთხვევაში ჩვენ მართლა უბრალოდ მითებსა და ლეგენდებს ვიკვლევთ. პითაგორა, სოკრატესთან შედარებით, საკმაოდ ადრე მოღვაწეობდა და მისი ფილოსოფიური სტილიც (თუკი მისი საქმიანობა ნამდვილად ფილოსოფია იყო) გაცილებით ნაკლებად საჯარო გახლდათ, ვიდრე სოკრატესი. მაშინ, როცა სოკრატე პირდაპირ მიდიოდა ბაზარში მდგომ ხალხთან და სათნოების განმარტებაზე კითხვებით გულს უწყალებდა, პითაგორა და მისი ახალგაზრდა მოწაფეები კროტონში სავარაუდოდ დუმილის აღთქმას აღასრულებდნენ, რათა მათი საიდუმლო სწავლება უვიცებისთვის გამხელისგან დაეცვათ. რა თქმა უნდა, შესაძლოა, ეს დუმილის აღთქმაც მორიგი ლეგენდა იყოს, თუმცა მოცემულობა, რომ ძალიან ცოტა ვიცით იმაზე, თუ რას ამბობდა და ფიქრობდა თავად პითაგორა, კვლავაც ჭეშმარიტია არა მხოლოდ სარწმუნო წყაროების სიმწირის გამო, არამედ იმიტომაც, რომ დამაჯერებელი ცნობების მიმოფანტული ნაწყვეტებიც კი ხშირად გამიზნულადაა ბუნდოვანი.
ყველაფრის კიდევ უფრო გასაუარესებლად სარწმუნო წყაროების ეს ნაწყვეტები იმ ადამიანების მეტად ორაზროვანი მოხსენებების ზვავის ქვეშაა დამარხული, რომლებიც საკუთარ თავს „პითაგორელებად“ მიიჩნევდნენ. პითაგორიზმის ტრადიცია ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივია ძველბერძნულ ფილოსოფიაში. ცხადია, ის თავად პითაგორასა და მისი უშუალო მიმდევრებით იწყება; შემდეგ, მე-5 საუკუნეში, გვხვდება საკმაოდ კარგად განსაზღვრული პითაგორული მოძრაობა; ხოლო პლატონსა და არისტოტელეს მე-4 საუკუნეში ჰყავდათ თანამოაზრეები და სტუდენტები, რომლებიც საკუთარ თავს პითაგორელებად მოიაზრებდნენ. არისტოტელესთვის ეს მოცემულობა იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ პითაგორასა და მის მიმდევრებზე წიგნი დაწერა, რომელმაც, სამწუხაროდ, ჩვენამდე ვერ მოაღწია. სინამდვილეში, ფილოსოფიისა და მათემატიკის შერწყმა მე-5 საუკუნის პითაგორელების დამსახურებაა, რომლებიც პითაგორას სიკვდილის შემდეგ პლატონამდე მოღვაწეობდნენ. სფეროთა ჰარმონიის მსგავსი იდეები, – ცნება, რომ ციური სხეულების პროპორციები გარკვეულ მუსიკალურ წესრიგთან თანხვედრის მიხედვითაა განლაგებული, – სავარაუდოდ ამ დროს გაჩნდა. მაინც, ყველა ძველ ავტორს მიაჩნია, რომ პითაგორას თავად ჰქონდა მათემატიკისამდი დაჟინებული ინტერესი, და, დაე, დავყვეთ მათ ვარაუდს, თუმცა თან უნდა გვახსოვდეს, რომ მისი ინტერესი შესაძლოა უფრო მეტად რელიგიური ან სიმბოლური ყოფილიყო, ვიდრე ტექნიკური.
ძველმა ავტორებმა, რომლებიც ადრეულ პითაგორიზმზე საუბრობენ, სავარაუდოდ, დაპირისპირება გამოიგონეს ღვთაებრივი პითაგორას მიმდევართა ორ მიმართულებას შორის. არიან ერთნი, ვინც მის მიერ ჩამოყალიბებული რელიგიური და ეთიკური მცნებებით (acusmata) არიან დაინტერესებულნი; და არიან მათემატიკით გატაცებულები. მითითება, როგორიცაა, მაგალითად, ხორცისა და პარკოსნების ჭამის აკრძალვა, ეთიკურ მცნებებშია მოცემული; ხო, და არასოდეს სტაცოთ ხელი თეთრ მამალს; უკვე ვახსენე, რომ ცხედრები შალის ტანსაცმლით არ უნდა დამარხოთ? ეს წესები ჩვენთვის რთულად ასახსნელია, მაგრამ არც ძველი მოაზროვნეებისთვის ყოფილა დიდად მარტივი: სხვადასხვა სიმბოლურ განმარტებას გვთავაზობენ შედარებით გვიანდელი ავტორები, რომლებიც პითაგორიზმის მიმართ კარგად არიან განწყობილნი. რაც შეეხება მათემატიკის ტრფიალებს, ესენი არიან ის პითაგორელები, რომლებმაც მართლა დააინტერესეს პლატონი და არისტოტელე. ისინი მოხსენიებულნი არიან არისტოტელეს დღემდე არსებულ ნაშრომებში ისევე, როგორც მის დაკარგულ ტექსტში პითაგორელებზე, რომელმაც ჩვენამდე მხოლოდ დანაწევრებულად მოაღწია. ესენი იყვნენ მოაზროვნეები, რომლებიც ამტკიცედნენ, რომ რაღაცნაირად ფიზიკურ სამყაროში საგნები რიცხვებისგან შედგება. არისტოტელეს განცხადებით, ეს იდეა თითქმის სრულიად გაუგებარია, მაგრამ, მათ ღვაწლს ცოტათი თუ გავაზვიადებთ, შესაძლოა აქ იმ თანამედროვე მოსაზრების წინჭვრეტაც დავინახოთ, რომლის თანახმად, ფიზიკის საფუძვლებში მათემატიკური ცნებებია. მოგვიანებით იმასაც შევიტყობთ, რომ პლატონი თავის დიალოგში – „ტიმეოსი“ – გამოთქვამს აზრს, რომ ფიზიკური სხეულების შემადგენელი ნაწილები პირდაპირი მნიშვნელობით სამკუთხედებისგან შედგება, რომლებიც მყარი ფორმების მისაღებად ერთიანდება. ეს არის იდეა, რომელიც პითაგორელებითაა შთაგონებული, მიუხედავად იმისა, რომ იგი თავად მათ არ მოუფიქრებიათ.
მათემატიკისკენ მიდრეკილ პითაგორელებს რიცხვების ღრმად სიმბოლური, შესაძლოა, მისტიკური გაგებაც კი ახასიათებდათ. ეს იყო ფილოლაუსის მსგავსი ხალხი პითაგორას შეძენილი სამშობლოდან, კროტონიდან. ფილოლაუსმა და სხვა პითაგორელებმა მათემატიკა არსებითად განავითარეს, მაგრამ, ამასთან ერთად, ისინი ასეთ სისულელეებსაც ფიქრობდნენ: 2 და 3 სიმბოლურად ქალსა და კაცს წარმოადგენს, მაშასადამე, 5 ქორწინების ციფრია, რადგან იგი არის 2+3. მათთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი რიცხვი იყო 10, რომელიც, სხვა ბევრ რამესთან ერთად, პირველი ოთხი ციფრის ჯამია, რასაც ისინი „ტეტრაკტისს“ (τετρακτύς) უწოდებდნენ; სხვა სიტყვებით, 1+2+3+4=10. არისტოტელეს თანახმად, პითაგორელები ფიქრობდნენ, რომ სადმე, ჩვენგან მუდამ მალულად, უნდა არსებობდეს ციური სხეული, ე.წ „უკუ-მიწა“, რადგან მზისა და მთვარის ჩათვლით 9 ცალი ხილვადი ციური სხეული არსებობს, მაგრამ 10 უნდა იყოს, ვინაიდან 10 ყველაზე მნიშვნელოვანი რიცხვია.
არისტოტელესა და პლატონის უშუალო მიმდევრების შემდეგ პითაგორელები დროებით ქრებიან, მაგრამ ზარ-ზეიმით ბრუნდებიან სარბიელზე ძვ.წ. 1-ელ საუკუნეში. ამ დროისთვის უკვე შეინიშნება ძლიერი მისწრაფება პლატონის იდეებისა და პითაგორას მოსაზრებების გაერთიანებისკენ, როგორიცაა რიცხვების სიმბოლიკა. ეს სწრაფვა არსებობდა მანამ, სანამ წარმართული ბერძნული ფილოსოფია დღეს „ნეოპლატონიზმად“ ცნობილი ტრადიციით დასრულდებოდა: მე-3 საუკუნიდან მე-6 საუკუნემდე მოღვაწე გვიანდელი ანტიკურობის ფილოსოფოსებს ნეოპლატონისტებს ვუწოდებთ, რადგან ისინი პლატონის მიმდევრები იყვნენ, თუმცა უამრავი ისეთი „ახალი“ იდეაც ჰქონდათ, რომლებსაც თანამედროვე სწავლულები პლატონთან ვერ პოულობენ. მათზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა პითაგორას ტრადიციამ, რომელსაც თავად პლატონის იდეების პირველწყაროდ მიიჩნევდნენ. ასე რომ, პითაგორა, ყველაზე ადრეულ ბერძენ ფილოსოფოსთაგანი, სრული ათასწლეულის შემდეგ გვიანდელი ანტიკურობის ბერძენი მოაზროვნეებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ანგარიშგასაწევ პიროვნებად და ინტელექტუალურ გმირად იქცა.
ერთ-ერთი ნეოპლატონისტი, რომელიც ყველაზე მეტად იყო აღტაცებული პითაგორათი, ახ.წ. III-IV საუკუნეებში მოღვაწე იამბლიქეა. ჩვენ მას, როგორც საკუთრივ დამსახურებულ ფილოსოფოსს, ამ სერიების მომდევნო წიგნში დავუბრუნდებით. ახლა კი იმიტომ ვახსენებ, რომ იგი ავტორია ნაშრომისა, სახელად „პითაგორას ცხოვრების წესზე“, რომელშიც აღწერილია, თუ როგორ აღიქმებოდა პითაგორა ბერძნული ფილოსოფიის ესოდენ გვიანდელ პერიოდში. იამბლიქეს დროისთვის პითაგორაზე ლეგენდები ისე განივრცო, რომ იგი მიიჩნეოდა უკანასკნელ ბრძენად, სასწაულმოქმედად და დაუშრეტლად კეთილგონიერად. ერთგან იამბლიქე ამბობს, რომ არსებობს სამი სახის ორფეხა არსება: ფრინველები, ადამიანები და პითაგორა. იმ საოცარი ამბებიდან გამომდინარე, რომლებსაც იგი ამ ანტიკურ ბრძენსა და სასწაულმოქმედს მიაწერს, შეეძლო კიდევაც ამის თქმა (ზოგიერთი ამბავი გაცილებით ადრე, მაგალითად, არისტოტელემ გადმოსცა). წერია, რომ პითაგორას ოქროს ბარძაყი ჰქონდა, რომელიც ერთხელ ოლიმპიაში გამოაჩინა. მას შეუძლია, რომ მომავალი დაინახოს, თუნდაც მიწისძვრის წინასწარმეტყველება. შეუძლია ცხოველებთან საუბარი და მათთვის მითითებაც კი: იამბლიქეს თანახმად, პითაგორა დათვს დაუპირისპირდა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ესხმოდა თავს, და დაარწმუნა, რომ უდიერად აღარ მოქცეულიყო. თუ ეს არ კმარა თქვენზე შთაბეჭდილების მოსახდენად, მას გეოგრაფიულ ობიექტებთანაც შეუძლია საუბარი: არისტოტელე და იამბლიქე გვიამბობენ, რომ ერთხელ პითაგორას მდინარე მიესალმა.
ასეთი ამბები შესაძლოა ახლა რაღაც მხრივ სახალისოდ მოგვეჩვენოს, მაგრამ თავის დროზე ყურადსაღებ მიზანს ემსახურებოდა: ნავარაუდებია, რომ იამბლიქე და სხვა ავტორები იმიტომ ანიჭებდნენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას პითაგორას შესახებ ლეგენდებს, რომ იმ ეპოქაში მათი წარმართული რწმენები სწრაფად მზარდი ქრისტიანობის ზეწოლის ქვეშ იყო. იამბლიქეს აზრით, პითაგორა იმ იდეალური წმინდა კაცის როლს ასრულებდა, რომელსაც ქრისტესთვის მეტოქეობის გაწევა შეეძლო. მუდმივად ხაზგასმულია პითაგორას ღვთისმოსაობა და რელიგიური სწავლებები; და ვიცით მისი მითითება, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ღმერთებისა და მათი ტაძრების წინაშე, – მაგალითად, იგი ამბობს, რომ არასოდეს უნდა შეხვიდე ტაძარში, თუკი ეს შენი მოგზაურობის თავდაპირველი მიზეზი არაა; უპატივცემულობაა, სხვაგან მიმავალი, უბრალოდ შეჩერდე ტაძართან, მაშინაც კი, თუ მის გვერდით ჩაივლი. მეორე მხრივ, იამბლიქე პითაგორას ყველაზე მეტად ფილოსოფოსად ხედავს. ფაქტობრივად, მისთვის იგია ფილოსოფი, – იმბლიქეს ინტელექტუალური ტრადიციის ფუძემდებელი და პირველი ადამიანი, რომელმაც საკუთარ თავს ფილოსოფოსი (philosophos) უწოდა, რაც „სიბრძნის მოყვარეს“ ნიშნავს (სოფია (sophia) ბერძნულად სიბრძნეს აღნიშნავს). ამგვარად, პითაგორა იყო პირველი, ვინც სიბრძნის სიყვარული ცხოვრების წესად აქცია.
მოლოდინისამებრ, იამბლიქე ასევე აღნიშნავს პითაგორას დამოკიდებულებას მათემატიკასთან, განსაკუთრებით კი მუსიკასთან. პითაგორულ ტრადიციაში ადრიდანვე მჭიდროდ უკავშირდებოდა ერთმანეთს მუსიკა და მათემატიკა. და ეს არცაა გასაკვირი, ვინაიდან ნოტებს შორის მიმართებები უბრალოდ მათემატიკური თანაფარდობების მაგალითებია. ფაქტობრივად ბერძნული ქნარის დამზადება რამდენიმე სიმის თანაბრად დაჭიმვით შეგეძლოთ: სიმები განსხვავებული სიგრძის გამო განსხვავებულ ბგერებს გამოსცემენ. იამბლიქე გვიამბობს ხატოვან ამბავს, რომელშიც პითაგორა ამ ფაქტს მაშინ აცნობიერებს, როდესაც სამჭედლოსთან ჩავლისას ჩაქუჩის ლითონზე დარტყმისას გამოცემულ განსხვავებულ ტონებს გაიგონებს. შემდეგ იგი სახლში მიდის და სიმძიმეებით დაჭიმულ სიმებზე ცდებს ატარებს, რათა ოქტავის მსგავსი სხვადასხვა მუსიკალური თანაფარდობა მიიღოს. იამბლიქე აქვე დასძენს მეტისმეტად დაუჯერებელ მოსაზრებას, რომ სინამდვილეში მრავალი მუსიკალური ინსტრუმენტი პითაგორამ გამოიგონა.
პითაგორელებს სჯეროდათ, რომ მუსიკალური ჰარმონიები გარკვეულწილად ემსგავსება და ზემოქმედებს ადამიანის სულზე. კიდევ ერთი ღვაწლი, რომელიც პითაგორას მიეწერება, – ეს თავადაც შეგიძლიათ სახლში სცადოთ, – სხვადასხვა სახის მუსიკის მეშვეობით განსხვავებული განცდების გამოწვევაა. იამბლიქე გვიამბობს, თუ როგორ მოახერხა ერთხელ პითაგორამ გაშმაგებული მთვრალი ადამიანის დამშვიდება, რისთვისაც უბრალოდ სწორად შერჩეული მუსიკა დააკვრევინა მავანს საყვირზე. მოსაზრება, რომ სული და სულიერი მდგომარეობა როგორღაც ეხმიანება მუსიკას, შეესაბამება იმ იდეას, რომ თავად სული შეიძლება იყოს ერთგვარი ჰარმონია. ამ აზრს ახსენებენ, თუმცა უარყოფენ, პლატონი და არისტოტელე. ეს თეორია, შესაძლოა, რაღაც მხრივ საოცრად დამაჯერებლად მოგვეჩვენოს. ამ თვალსაზრისით, სული სხეულისგან განცალკევებული რაობა კი არაა, არამედ ესაა ჰარმონია ან პროპორცია, რომელიც სხეულს ჯეროვანი მდგომარეობის შენარჩუნებაში ეხმარება. როგორც ქნარი დაუკრავს ცუდად, ან სულაც ვერ დაუკრავს, თუკი მისი სიმების სწორი, ჰარმონიული დაჭიმულობა დარღვეულია, ზუსტად ასევე გახდება სხეული ნაკლოვანი (მაგალითად, ავად) ან უბრალოდ მოკვდება, თუ მისი ჰარმონია ჩამოშლილია.
თუმცა აქ ერთგვარი თავსატეხია: მიუხედავად იმისა, რომ რაღაც გაგებით არაფერია გასაკვირი იმაში, რომ მუსიკითა და მათემატიკით შეპყრობილმა პითაგორელებმა სულის შესახებ ასეთი თეორია შეიმუშავეს, ეს ხედვა ნამდვილად არაა ის, რასაც თავად პითაგორა აღიარებდა. პითაგორას თანახმად, სულს შეუძლია დატოვოს ერთი სხეული და სხვაში გადავიდეს, მათ შორის ცხოველისაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პითაგორას რეინკარნაციის სჯეროდა. ლეგენდის თანახმად, ჩვენგან განსხვავებით, მას ახსოვდა, ვინ იყო წინა ცხოვრებებში, – მაგალითად, ის იყო ადამიანი, რომელმაც პატროკლოსი, ტროას ომში მონაწილე აქილევსის მეგობარი, მოკლა. თუმცა, კიდევ ერთხელ, ეს გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალო ლეგენდა. მე ვახსენე, რომ ქსენოფანე პითაგორას სახელით მიმართავს; იგი ამბობს, რომ პითაგორამ გაიგონა ლეკვის წკმუტუნი, რომელსაც სცემდნენ და შესძახა: „შეჩერდით, მე ვცნობ, მისი ხმა ჩემს მეგობარს ეკუთვნის!“. ეს პატარა ხუმრობაა პითაგორაზე, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა სასაცილო, მაშინ რომ სცოდნოდათ ხელახალ განსხეულებაზე მისი რწმენის შესახებ.
შესაძლოა ბოლომდე არ გჯეროდეთ, რომ ესეც ფილოსოფიად მიიჩნევა. ალბათ წვეულებაზე რომ შეხვედროდით ვინმეს, ვინც დარწმუნებით გეტყოდათ, რომ წინა ცხოვრებაში მარია ანტუანეტა იყო, გილიოტინის შემდეგ კი – ჟირაფი, არ იფიქრებდით: „აჰა! ფილოსოფოსი“. თუმცა რეინკარნაციის ეს თეორია, სულ მცირე, უკავშირდება, და იქნებ ოფიციალურად ხსნიდეს კიდევაც დუალიზმს – ფილოსოფიურ თეორიას დიდი გაგრძელებით. მარტივად, დუალიზმის ხედვით, სული და სხეული ორი განსხვავებული რამ არის; ბევრი დუალისტი ასკვნის, რომ, შესაბამისად, ერთს მეორის გარეშე არსებობა შეუძლია. თავისთავად, ეს იგულისხმება ხელახალ განსხეულებაში: სული გადაურჩება ერთი სხეულის სიკვდილს (კერძოდ, მარია ანტუანეტასი), შემდეგ კი სხვა სხეულში (სახელდობრ, ჟირაფში) სახლდება. შესაძლოა პითაგორას ხედვა უფრო მკაცრი იყო და მიაჩნდა, რომ სული და სხეული სრულიად სხვადასხვა მეტაფიზიკური ერთეულებია. ისინი უფრო განსხვავებულები იქნებოდნენ ერთმანეთისგან, ვიდრე, მაგალითად, თქვენი და ჩემი ცხვირი; ორივე ცხვირი სხვადასხვა სხეულია, ერთს შეუძლია მეორეს გარეშე არსებობა, მაგრამ ერთი და იგივე რამ არიან – ცხვირი. ამათგან საპირისპიროდ, ანტიკური ფილოსოფიის პითაგორელთა უმეტესობის თანახმად, სული და სხეული უკიდურესად განსხვავებული სახის არსებია, – სული არამატერიალურია და, ალბათ, ურღვევი; სხეული მატერიალურია და მისი განადგურება გარდაუვალია. ამას გულისხმობენ ხოლმე ფილოსოფოსები, როდესაც სიტყვა „დუალიზმს“ იყენებენ, და ამ ხედვას მრავალი ცნობილი ფილოსოფოსი დაიცავს; პირველად გონებაში პლატონი და დეკარტე ამოტივტივდებიან. სინამდვილეში საკმარისი მიზეზი არსებობს იმის საფიქრად, რომ, როდესაც პლატონი დუალიზმის საკუთარ ხედვას ავითარებდა, მხედველობაში პითაგორიზმი ჰქონდა. მაშასადამე, დიდი ნაბიჯი გადავდგით პლატონის ან უბრალოდ ფილოსოფიის ერთი მთავარი თემის ფონის გაგებისაკენ.
ბოლოს, დავუბრუნდეთ პითაგორას დაინტერესებას ისეთი საგნებით, როგორიცაა წრე – რიცხვები, ფორმები და ყველა დანარჩენი, რაც მათემატიკაში ისწავლება. ვფიქრობ, უბრალო დამთხვევა არ არის, რომ პითაგორიზმი ისევე უკავშირდება დუალისტურ თეორიებს სულის შესახებ, როგორც მათემატიკურ საკითხებს. დუალისტების მიერ პოსტულირებულ სულს ძალიან ბევრი საერთო აქვს რიცხვებთან: ორივე აბსტრაქტული, არამატერიალური არსია და, როგორც ჩანს, მუდამ იარსებებენ, თუ დავუშვებთ, რომ საერთოდ არსებობენ. როგორ აპირებთ არამატერიალური სულის ან ციფრი შვიდის მოკვლას? ერთი მიზეზი, რატომაც ასე მარტივად გახდა შესაძლებელი პლატონიზმისა და პითაგორიზმის შერევა, ისაა, რომ პლატონიცა და პითაგორას მიმდევრებიც ამ ურყევი, არამატერიალური საგნებით იყვნენ დაინტერესებულნი. მათ სურდათ, თავიდან მოეშორებინათ ფიზიკური სხეულების არეულობა მუდმივი ცვალებადობითა და უსასრულო რაოდენობის თვისების განსაზღვრულობით. რა თქმა უნდა, ეს არაა ერთადერთი რწმენა, რომელიც პლატონს ამოძრავებს, მაგრამ, როგორც ჩანს, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანთაგანია; და კიდევ უფრო მეტად საგულისხმოა იმ გვიანდელი მოაზროვნეებისთვის, რომლებიც ჩვენი მეგობრის, იამბლიქეს, მსგავსად პითაგორას პლატონის ფილოსოფიის ფუძემდებლად მიიჩნევენ. ყოველივე ამის გათვალისწინებით, პითაგორელები ძალიან განსხვავდებიან ჩვენი მომდევნო ფილოსოფოსისგან, რომელმაც ერთხელ შენიშნა, რომ არსები, რომლებსაც ყველაზე მეტად აფასებს, არიან ისინი, რომლებსაც იგი ხედავს, ისმენს და სწავლობს. ამ ფილოსოფოსს ერქვა ჰერაკლიტე.