ფილოსოფია და ადრინდელი ქრისტიანობა

გააზიარე:


ავტორი: მოსე გოგიბერიძე

რედაქტორი: გ. თევზაძე

რჩეული ფილოსოფიური თხზულებანი, ტომი III, “თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა”, 1972

კორექტორი: მარიამ გორდაძე

სტატია გააციფრულა ნუცა სეხნიაშვილმა

გელა გელაშვილის ბიბლიოთეკიდან

  1. რომის მონათმფლობელური იმპერია ნგრევის ჟამს და ქრისტიანობის ისტორიული გზა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, რომში იმპერატორის ხელისუფლების დამკვიდრება მაჩვენებელი იყო მონათმფლობელური სისტემის სისუსტისა და არა მისი ძლიერებისა. ჯერ კიდევ რესპუბლიკურ რომს უდიდესი მიღწევები მიეწერება საგარეო პოლიტიკაში. რომმა მთელი ქვეყანა დაიპყრო და უზარმაზარ იმპერიად იქცა. მისი პოლიტიკური ცხოვრება გამოიცვალა, მაგრამ ეკონომიკა უცვლელი დარჩა; ამან გამოიწვია რესპუბლიკის კრიზისი და არევ-დარევა გაბატონებული კლასის ბანაკში. ყველას ეგონა, რომ იმპერატორის მტკიცე დიქტატურა იხსნიდა მდგომარეობას. შემოიღეს იმპერატორის კულტიც და იგი ღმერთების რიგში ჩააყენეს. მართალია, სიტყვას ხანდახან ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, მაგრამ დროებით. იმპერიაში კიდევ უფრო გამძაფრდა და არ შენელებულა არეულობა, კლასთა ბრძოლა და საპასუხო შერკინებების ცდა დაპყრობილი ქვეყნების მხრივ. ერთი სიტყვით, გარეგნულად ძლევამოსილი და ბრწყინვალე იმპერატორების რომი შინაგანად მობერებულია.

ჩვენ მიერ უკვე აღწერილი იდეოლოგიური დეპრესია, მესიის ძებნა და სიკვდილის აპოთეოზი, ბერძნული ფილოსოფიის ავსება აღმოსავლური მისტიკით, უამრავი მოციქულისა და მხსნელის გაჩენა – ამზადებდა მასებს მომავალი ქრისტიანობის მოსვლისა და მიღებისათვის. ქრისტიანობა რომს ესტუმრა მაშინ, როცა იგი, მოხუცებული, თვითონ დაეძებდა მას. ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ ქრისტიანიზმის მსგავსი მოძღვრება რომში უამრავი იყო. სინამდვილეში მრავალი ქრისტიანობა არსებობდა, – ფილონი, პლოტინი, იამბლიხოს და პროკლე იძლეოდნენ თითქმის სავსებით ქრისტიანულის მსგავსს, ზოგ შემთხვევაში გაცილებით უფრო დაუჯერებელ მსოფლმხედველობას.

ამ ეპოქის სულიერი ცხოვრების კლასიკურ დახასიათებას ვკითხულობთ ფრ. ენგელსთან: „ეს იყო დრო, როცა რომსა და საბერძნეთში, მაგრამ გაცილებით მეტად მცირე აზიაში, სირიასა და ეგვიპტეში ყოველივე კრიტიკის გარეშე იღებდნენ სხვადასხვა ხალხის ცრუმორწმუნეობის ყოვლად უხეშ დომხალს; ამას ემატებოდა კეთილმსახური სიცრუე და პირდაპირი გაიძვერობაც; ეს იყო დრო, როდესაც მთავარ როლს თამაშობდნენ სასწაულმოქმედებანი, ექსტაზები, გამოცხადებანი, ლაყბობა სულის შესახებ, გამოკვლევა მომავლისა, ოქროს კეთება, კაბალა და სხვა მრავალი ამგვარი მისტიკური როშვა. ასეთი იყო ატმოსფერო, რომელშიაც წარმოიშვა პირვანდელი ქრისტიანობა“. [1]

რადგან ქრისტეს თვით ეკლესიის მოწმობით არაფერი დაუწერია, ამიტომ იესო ნაზარეველი უფრო ლიტერატურული გმირია, ვიდრე თუ გინდ რომელიღაც სექტის სახით არსებული კავშირის მეთაური. ყოველ შემთხვევაში, ქრისტიანობა შექმნილია ერთი საუკუნის შემდეგ ისტორიაში ქრისტეს არსებობის დროს ნაჩვენებ თარიღთან შედარებით. საკითხია მხოლოდ – რატომ გაიმარჯვა ქრისტიანობამ და არა სხვა, ასეთივე ახალი რელიგიის წამოყენების ცდებმა. ამის საიდუმლოებას პირვანდელი ქრისტიანობის საზოგადოებრივი ბუნება და ისტორიული გზა აგვიხსნის. ამ საიდუმლოების გაგებას გვიადვილებს თვით სახარების ტექსტის შედარებითი შესწავლაც. აიღეთ თუნდაც მარკოზისა და ლუკას სახარება. აქ გადმოცემული ამბავი უბრალო და უდანაშაულო ლეგენდაა. „სინათლის“, „ლოგოსისა“ და „ტრინიტეტის“ ფილოსოფია ჯერ აქ არ ჩანს. მეთევზეების, თუ დურგლების წრიდან გამოსული ნაზარეველი გამოდის უმნიშვნელო მორალისტისა და მესიის სახით, იგი ღმერთს გამოუგზავნია, იგია მხსნელი და სხვა. მისი ყოვლად უბრალო მსოფლმხედველობა გაცილებით უფრო გასაგებია, ვიდრე ამავე მიზეზებით წამოჭრილი, მაგრამ უფრო ძნელად გასაგები ქალკედური ორაკულის სიბრძნე და ფილონის ფილოსოფია.

ამ ეპოქაში, როცა ყველა საზოგადოებრივი წრე და ყველა კლასი თავის „ფილოსოფიას“ ქმნის და ამ ფილოსოფიით იარაღდება, ეპოქაში, როცა წარმართული პოლითეიზმი საუკუნეებმა გააჭაღარავა, ყველა ადამიანი ახალ მსოფლმხედველობას დაეძებს: ქრისტიანობა მოდის, როგორც მსოფლმხედველობა ბოგანო და გაუნათლებელი კაცისა (ძველი რელიგია დაინგრა და გაუნათლებელ კაცსაც ახალი მსოფლმხედველობა დასჭირდა), მონებისა, დიდი ქალაქების ლუმპენპროლეტარებისა და რომის მიერ დაჩაგრული ერების მსოფლმხედველობად იქცევა. მაშასადამე, ქრისტიანობის გამარჯვების მიზეზი მის დოქტრინაში კი არ მოინახება, არამედ ეპოქის საზოგადოებრივ და კლასობრივ ბუნებაში. ყველა ჩაგრულს ეს ადრინდელი ქრისტიანობა თავისებურ შველას ჰპირდება. იგი ყალიბდება ერთგვარ პროტესტად არსებული რეჟიმის წინააღმდეგ. თვით დოქტრინაში იმთავითვე რელიგიურ-რეაქციული ძირი იყო მთავარი: ამ ქვეყნით უკმაყოფილოს იგი იმქვეყნიურ ბედნიერებას ჰპირდებოდა, გაღატაკებულ მასებს ზეცისაკენ მიუთითებდა, იქ შველას აღუთქვამდა. ამით ეს მასები უშუალო მიწიერ საქმეებს შორდებოდნენ. მაგრამ პავლე მოციქულის მიერ ზეციურ ენაზე გადათარგმნილი ქვეყნიური ამბები ხელახლა გადმოთარგმნეს მიწიერ დიალექტებზე იმ მასებმა, რომლებმაც ეს რელიგია თავიანთ მსოფლმხედველობად აქციეს. თითოეული დაჩაგრული კლასი და დაპყრობილი ერი თავისი გაჭირვებისათვის შვებას ახალ სარწმუნოებაში დაეძებდა: მონები ქრისტიანობისგან მოელოდნენ მონობის მოსპობას, დაპყრობილი ერები – რომაელებისაგან განთავისუფლების საშუალებას, ლუმპენპროლეტარები და ქალაქების გაღატაკებული მოსახლეობა – პატრიციების ქონების მათ შორის განაწილებასა და ამით გამდიდრებას.

ერთი სიტყვით, მეორე-მესამე საუკუნეში ქრისტიანობა, მართალია, რელიგიის შავ წამოსასხამში იყო გამოწყობილი, მაგრამ მაინც თვალსაჩინო საზოგადოებრივ-პოლიტიკური ძალა იყო – ძალა რომის იმპერიის წინააღმდეგ. თვით ქრისტიანული დოგმა კი, რამდენადაც იგი პირველად პავლე მოციქულთან ყალიბდება, წარმოადგენს ებრაული რელიგიისა და ბერძნული (განსაკუთრებით გვიანი სტოელების) მორალისტური ფილოსოფიის სინკრეტიზმს. ეგვიპტურ-სირიული ნაწილებიც ურევია შიგ, მაგრამ ჯერ კიდევ უმნიშვნელოდ. რაც შეეხება პავლე მოციქულს, ჩვენ გვგონია, რომ ის ცხოვრობდა მეორე საუკუნის დასაწყისში, ჩამოაყალიბა ქრისტიანული დოგმა და თვითონ იყო ამ მოძრაობის პირველი მოთავე. ეს უფრო პავლეს სარწმუნოებაა, ვიდრე იესო ნაზარეველისა. თვით ადოლფ ჰარნაკი იძულებულია აღიაროს: „შესაძლებელია პავლე ისეც წარმოვიდგინოთ, რომ იგი ქრისტიანობის მეორე დამაარსებლად, ის კი არა მის პირველ დამაარსებლადაც მოგვევლინებაო“ (იხ. A. Harnack, Dogmengeschichte, გვ. 23).

რამდენადაც ეს მოძრაობა გაფართოვდა, იმდენად ახალი და ახალი ნაწილები შეემატა მას: მესამე საუკუნეში იგი იყო საერთაშორისო მოძღვრება არა მარტო ტერიტორიული პრინციპის, არამედ მსოფლმხედველობრივი შინაარსის მხრივაც. განსწავლულმა და ეშმაკმა ალექსანდრიელმა ბერებმა, რომლებმაც მესამე და მეოთხე საუკუნეში საბოლოოდ გააფორმეს ქრისტიანობის დოგმა, უამრავი სინკრეტული ელემენტით აავსეს იგი. ასე რომ, ახალ რელიგიაში ყველა ქვეყნის ადამიანს თავისი ძველი სარწმუნოების ნაწილებიც შეეძლო ენახა და ახალი მესიის იდეაც შეეთვისებინა. თვით ადოლფ ჰარნაკი იძულებულია მესამე საუკუნის შესახებ განაცხადოს, რომ ახლა ქრისტიანობა იყო სინკრეტიზმი „ბაბილონური, სპარსული, ებრაული, წინააზიური, ეგვიპტური, ორფიული, ბერძნულ-ფილოსოფიური და ბევრი სხვა ელემენტისაო“ (იქვე, გვ. 37). ასე შევსებული და შეფერადებული ქრისტიანული დოგმა ეპოქის მოთხოვნილებად იქცა. დასაწყისში ქრისტიანობის საყოველთაო გავრცელებას კლასობრივი მიზეზები უწყობდა ხელს: მონისა და პროლეტარისათვის გაქრისტიანება ხელსაყრელი საქმე იყო. ცოტა ხნის შემდეგ გაქრისტიანება რომის მიერ დაჩაგრული ხალხების მოძრაობადაც იქცა. ქრისტიანული რელიგიის სინკრეტული ბუნება დიდად ხელისშემწყობი იყო ამ უკანასკნელი გარემოებისათვის.

ეპოქის ამ საერთო მოძრაობას არც ჩვენი წინაპრები ჩამორჩენილან. სინამდვილეში მთელი გაქრისტიანება ჯერ საზრდოობდა რომის ბატონობის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკით და შემდეგ რომის იმპერიის დაპყრობითი პოლიტიკით.

მაგრამ არც რომის იმპერიის გაბატონებულ კლასს ეძინა. მეოთხე საუკუნეში იმპერატორებმა ქრისტიანობა წარმართობას გაუთანასწორეს, ე.ი. იგი რომის ოფიციალურ რელიგიად გამოაცხადეს. ქრისტიანობა საპატიო საქმე შეიქნა და ბევრი წარჩინებული მოინათლა. მასებს ნათვლა აღარც სჭირდებოდათ, რადგან არალეგალურად და უწინარეს ამისა უკვე „მირონცხებული“ გამხდარიყვნენ. ახლა ქრისტიანობის საპასუხო ბუნება უფრო სააშკარაოზე გამოვიდა, იგი პოლიტიკური პასუხის მოქნილი იარაღი შეიქნა. საინტერესოა აღვნიშნოთ, რომ ამ ეპოქის ქრისტიანობამ შეითვისა სავსებით ახალი დოგმატური ელემენტები – „სინათლის ფილოსოფია“.

მხოლოდ იოანეს სახარებაში (თავი 8, აბზ. 12) გვევლინება ქრისტე „სინათლის მაცხოვრის“ სახით. პირველი სამი სახარების ავტორებისათვის ეს სინათლის მეტაფიზიკა ჯერ კიდევ უცნობი იყო და „ტრინიტეტი“, ე.ი. ერთი, მაგრამ სამპიროვანი ღმერთის დოგმა ქრისტიანობას ჯერ არ მოეპოვებოდა. დღეს თითქმის საბოლოოდ დადგენილია, რომ პირვანდელი ქრისტიანული ღმერთი ორპიროვანი იყო. სამპიროვანი იგი ხდება მესამე საუკუნეში, ე.ი. ნეოპლატონიზმიდან ისესხა მან გადაგვარებული ბერძნული ფილოსოფიის ეს უკანასკნელი „სიბრძნე“. ნეოპლატონიზმი კი, როგორც აღვნიშნეთ, მესამე და მეოთხე საუკუნეში რომის იმპერატორებისა და არისტოკრატიის სარწმუნოება იყო. მაშასადამე, ამიერიდან მონათმფლობელთა არისტოკრატიაც ქრისტიანულ დოგმაში თავის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ხედავს. სასიკვდილოდ დაავადებულ მონათმფლობელობას, ცხადია, ქრისტიანობაც ვერ გამოაჯანსაღებდა. რომს ანგრევდა მონათმფლობელური ეკონომიკის საბოლოო გადაგვარება, რომლის იდეოლოგიური ნაწარმოები, ქრისტიანობა, მას ვერაფერს შველოდა. რომის იმპერიის ნგრევის საფუძვლებს კარლ მარქსი ასე გვიხატავს: „იტალიაში მიწის საკუთრების თავმოყრის წყალობით (იწვევდა არა მარტო დავალიანება და შესყიდვა, არამედ მემკვიდრეობით გადაცემაც. ცნობილია, რომ იმ დროს გავრცელებული გარყვნილებისა და ცოლქმრობის რიცხვის შემცირების გამო ძველი დიდი გვარები თანდათან იხოცებოდნენ და მათი ქონება მცირერიცხოვანი შთამომავლობის ხელში რჩებოდა) და აგრეთვე სახნავ-სათესი მიწის საძოვრებად გადაქცევის გამო (ეკონომიკური მიზეზების გარდა, იმითაც იყო გამოწვეული, რომ უამრავი პური ნადავლისა და ხარკის სახით შემოდიოდა და იტალიური მარცვლეული საჭირო აღარ იყო) თითქმის მთლად გაქრა თავისუფალი მოსახლეობა. ის კი არა, მონებიც უწყვეტლივ იხოცებოდნენ და საძებნელი ხდებოდნენ. მონობა რჩებოდა მთელი წარმოების საფუძვლად. პლებეები, რომელნიც შუა ადგილს იკავებდნენ მონასა და თავისუფალს შორის, ლუმპენ-პროლეტარიატის მდგომარეობას ვერასდროს ვერ სცილდებოდნენ. საერთოდ რომი არასდროს არ გამოსულა ქალაქის მდგომარეობიდან და მისი კავშირი პროვინციასთან იყო მხოლოდ პოლიტიკური და, ცხადია, ყოველთვის შეიძლებოდა ამ კავშირის დარღვევა პოლიტიკური ამბების გამო“[2].

მაშასადამე, მარქსი რომის შესახებ გვასწავლის, რომ ეს მსოფლიო იმპერია შეკრული იყო პოლიტიკური მიზეზით, და არა ეკონომიკურით: რომმა ვერ შექმნა ამ უზარმაზარი პოლიტიკური ერთეულისათვის აუცილებელი ეკონომიკურ-ტექნიკური საფუძველი, ამიტომ იგი იმპერატორების ეპოქაში ინგრეოდა და პოლიტიკური სიკვდილისათვის ემზადებოდა. პოლიტიკური მიზეზი, რომლის შესახებაც აქ მარქსი ლაპარაკობს და რომელმაც უკანასკნელად უბიძგა ამ დახავსებულ უზარმაზარ შენობას, იყო გერმანელების შემოსევა. ევროპაში დაიწყო ბარბაროსობის ეპოქა. ბარბაროსობის ზეგავლენით რომის იმპერია ინგრევა და მის ნანგრევებზე შენდება ევროპის ფეოდალიზმი. რომის ეკონომიკურმა განვითარებამ თვითონ მოამზადა ფეოდალიზმის წარმოშობის აუცილებლობა; სავსებით ისევე, როგორც ბერძნულ-რომაულმა ფილოსოფიამ უზრუნველყო ქრისტიანობის წარმოშობა. გერმანელი ტომების შემოსევამ, როგორც პოლიტიკურმა მოვლენამ, გააფორმა ეს აუცილებლობა და ისტორიამ გადაშალა ახალი ფურცელი – ფეოდალიზმმა იწყო ჩამოყალიბება.

ერთადერთი საზოგადოებრივი კავშირი, რომელიც არ დაბნეულა ამ საერთო ნგრევისა და არევ-დარევისას, იყო ქრისტიანული ეკლესია. მან საჩქაროდ იცვალა ფერი: ჯერ ბარბაროსობას მიემხრო და შემდეგ ფეოდალიზმის ოფიციალურ იდეოლოგიად იქცა. რასაკვირველია, ამ ისტორიული ქარტეხილებისა და გარდატეხის ნიშანი თვითონ ქრისტიანულ რელიგიასაც დაეტყო, – როდესაც იგი რომის იმპერიის ფარგლებში არალეგალური იდეოლოგიის სახით მოქმედებდა, მაშინ მან ბევრი რამ შეითვისა, რაც მას ახლა, როგორც გაბატონებული კლასის ტიპურ იდეოლოგიას, აღარ სჭირდებოდა. ქრისტიანულმა ეკლესიამ თავის ცნობილ მსოფლიო კრებებზე საბოლოოდ გაწმინდა ქრისტიანიზმი ყველა „ერესისა“ და გადახრისგან და მტკიცე რეაქციულ ორთოდოქსიად ჩამოაყალიბა. V საუკუნემ ეს „წმენდა“ უკვე საბოლოოდ გააფორმა და დაამთავრა. VI საუკუნეში, როცა ევროპის ფეოდალიზმი დამოუკიდებელ ისტორიას იწყებს, მას გვერდს უმაგრებს სავსებით ჩამოყალიბებული და წელგამაგრებული ეკლესია.

  1. ფილოსოფიისა და ქრისტიანული თეოლოგიის პირვანდელი პაექრობა

ა. გნოსტიციზმი და პატრისტიკა

ქრისტიანული დოგმატიკა და თეოლოგია, რასაკვირველია, ჯერ კიდევ რომის იმპერიის ფარგლებში იწყებს ჩამოყალიბებას. პავლე მოციქული იყო პირველი თეოლოგი და დოგმის შემქმნელი. ფილოსოფიისგან მას შეეთვისებინა ზოგადი ფრაზები და მორალისტური დარიგებები, ეშინოდა ბუნებისმეტყველებისა, სძაგდა ეპიკურეიზმი – ერთსაც და მეორესაც ეშმაკის მიერ გამოგონილად ნათლავდა და ქრისტიანებს ურჩევდა არ გაჰკარებოდნენ ასეთ ფილოსოფიას. მაგრამ ქრისტიანობა ვითარდებოდა ისეთ ეპოქაში, როცა ფილოსოფია ჯერ კიდევ არ იყო მოსპობილი და საკუთარ ნიადაგს მოკლებული, რის გამო ეკლესიის პირვანდელი მამები იძულებული იყვნენ შეპირისპირებოდნენ მას. ჩვენ მხედველობაში გვაქვს მეორე საუკუნის ქრისტიანული, თუ ნახევრადქრისტიანული, მწერლობა, რომელიც გნოსტიციზმისა და პატრისტიკის სახით არის ცნობილი. ადოლფ ჰარნაკი იძულებულია თქვას: „გნოსტიციზმი იყო I და II საუკუნის დიდი სინკრეტისტული მოძრაობის ერთ-ერთი ფორმა, შედეგი ნაციონალური რელიგიების ერთმანეთში გაცვლისა და არევისა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის შედუღებისა, მისტერიოსოფიისა და ფილოსოფიის რელიგიაზე გავლენისა“(გვ. 64).

ეტყობა პავლე მოციქულის საწინააღმდეგოდ ებრაული მსოფლიო რელიგიის ჩამოყალიბებას ეცადნენ (ე.წ. ებრაული ქრისტიანობა), მაგრამ პავლეს მოხდენილმა სინკრეტიზმმა, ებრაული და რომაული სულისკვეთების ამ თავისებურმა შერწყმამ, გაიმარჯვა და ქრისტიანული გნოსტიციზმი იწყებს დამოუკიდებელი სახის მიღებას. ეს გნოსტიციზმი ცდილობს ქრისტიანობა ჩამოაყალიბოს მსოფლიო რელიგიად, მაგრამ მასში მარტო აღმოსავლური კულტისა და სასწაულმოქმედების მისტერიებს კი არ ათავსებს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ბერძნულ-რომაულ მისტერიებსა და პატარ-პატარა ნაფლეთებსაც მორალისტური ფილოსოფიიდან.

გნოსტიციზმს სურს ქრისტიანობა იყოს არა მარტო ებრაული ბატკნისა და სირიული გველის ღმერთი, არამედ პითაგორასა და პლატონისაც, ე.ი. მას სურს ეს მოძრაობა დასავლეთისთვისაც გასაგები გახადოს. მაშასადამე, პირველ გნოსტიკად პავლე მოციქული შეგვიძლია მივიჩნიოთ. გნოსტიციზმს ძალიან დიდი ლიტერატურა ჰქონდა (მაგ., ბასილიდე, ვალენტინე, ჰიპოლიტე და სხვ.), მაგრამ ამ მიმართულებიდან ჩვენ დავასახელებთ ერთ „მემარცხენეს“, ცნობილ მწერალ მარკიონს. მარკიონი მნიშვნელოვანი მოძრაობის მეთაურია. მისი სურვილია მოაშოროს ქრისტიანობას ებრაულ-აზიური საფუძველი და ახალი რელიგია თავიდან ბოლომდე ბერძნულ წყაროებზე ააშენოს. ის ამბობს, რომ ქრისტეს უშუალო პირველმა მოციქულებმა მისი ვერაფერი გაიგეს და მოძღვრება ურიული ბიბლიის მიხედვით გააყალბესო; მაშინ ღმერთმა პავლე მოციქული გამოგზავნა და ქრისტიანობა აღადგენინა, მაგრამ მის წერილებშიც  შემდგომმა ყალბმქმნელებმა ებრაული ღმერთი შეიტანეს და ახლა ქრისტემ თურმე თვითონ ეს მარკიონი გამოგზავნა, რომელმაც უნდა ნათელყოს, რომ არაფერი საერთო არ არის ურიათა ღმერთსა – რომელიც ავი სულია – და ქრისტეს შორის, რომელიც სიყვარულის ღმერთიაო. მარკიონი შეეცადა შეექმნა სიყვარულის ღმერთის კულტი ბერძნული მსოფლმხედველობის წყაროების გამოყენებით და ჩამოაყალიბა ასკეტური ეთიკის თავისებური მოძღვრება. ცხადია, ვერც ეს „მემარცხენე“ გნოსტიკი ვერ გახდებოდა ქრისტიანობის ახალი რელიგიის საფუძველი. ასეთი სრული ელინიზირებისათვის იმ დროს არავითარი ობიექტური პირობები არ არსებობდა.

ქრისტიანობის დოგმატური საფუძვლის პირვანდელი სახე შექმნეს ე.წ. „ალექსანდრიელმა მამებმა“, რომელთა მოძღვრება პატრისტიკის სახელწოდებით არის ცნობილი და რომლებმაც ქრისტიანობის პავლესებური ელინიზაცია უფრო ზომიერ და აღმოსავლური რელიგიური მისტიციზმისათვის მისაღებ ფორმებში ჩამოაყალიბეს.

მეორე საუკუნის მეორე ნახევრის ბერძნულ-რომაულ მწერლობაში აქა-იქ გვხვდება ქრისტიანობის კრიტიკა. იბადება აგრეთვე ორთოდოქსალური ქრისტიანული ანტიკრიტიკა, ე.წ. აპოლოგეტიკა. აპოლოგეტიკა მეტწილად თავდაცვითი ლიტერატურაა, თავდასხმისათვის საჭირო გამბედაობა მათ ჯერ კიდევ არ მოეპოვებათ[3]. ყველაზე ცნობილი და თავგამოდებული მათ შორის – ტერტულიანე (150-220) – უკვე ლათინურ ენაზე წერს, გნოსტიციზმს ებრძვის, ათენსა და იერუსალიმს ერთი მეორეს უპირისპირებს. იგი გაბედულად აცხადებს, რომ ყოველივე მეცნიერება და განათლება სისულელეა ღმერთის წინაშე და უმაღლესი სიბრძნე არის გამოცხადებაო.

გნოსტიციზმი ცდილობდა ახალი სარწმუნოებისათვის „ცოდნის“ საბუთი გამოენახა, ტერტულიანესათვის კი სარწმუნოება მხოლოდ „გამოცხადებაა“. ტერტულიანეს მიაწერენ სახელგანთქმული დებულების წამოყენებას: Credo, quia absurdum est (მწამს, თუმცა სისულელეა). ეს უთქვამს მას ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შესახებ. მისი აზრით, აბსურდი იყო ეს მამტკიცებელი გონებისათვის და არა თავისთავად; ტერტულიანე ასწავლიდა, რომ სულაც არ არის საჭირო ეს დამტკიცების მაძიებელი გონებაო. ტერტულიანე ძალიან კარგად იცნობდა ბერძნულ ფილოსოფიას და მას ებრძოდა, მაგრამ მთელ რიგ საკითხებში მაინც ამ ფილოსოფიას ეყრდნობოდა. ახალგაზრდობაში ტერტულიანე სახელგანთქმული რომაელი ადვოკატი იყო. მოხუცებულობაში, ე.ი. მესამე საუკუნის დასაწყისში, გახდა იგი ქრისტიანი და უნდა ითქვას, რომ ამ ფილოსოფიურად განათლებულმა და სიტყვამჭევრმა იურისტმა დიდი საქმე გააკეთა ადრინდელი ქრისტიანობისათვის. იგი „გამანადგურებელი“ კრიტიკით პასუხობს მთელ, თალესით დაწყებულ და არისტოტელეთი გათავებულ, ბერძნულ კლასიკურს ფილოსოფიას, მაგ., ეს „გამოქნილი“ გაქრისტიანებული ადვოკატი არისტოტელეზე წერს: „ო, შე სამოწყალო არისტოტელევ! შენ, დიალექტიკის ერეტიკოსებისათვის გამომგონებო. შენ, ვინც აშენებ და ანგრევ, ყველაფერს ზომავ და ვერაფერი ბოლომდე ვერ მიგყავს!“ (იხ.  Ueberw. II, გვ. 82). როგორც ვკითხულობთ, აქ ტერტულიანე უკვე უტევს. მაგრამ ეს უცნაური კაცი, რომელიც ფიქრობდა, რომ ენა ღმერთმა ადამიანს იმისათვის მისცა, რათა რწმენის აბსურდი ჭეშმარიტებად გაასაღოსო, ვერ ახერხებს ისტორიის წინაშე დამალოს თავისი აზრები და სტოიციზმიდან ნასესხები სპეკულაცია მის მიერ დამტკიცებულ დოგმაში ნათლად ჩანს. აღსანიშნავია კიდევ ის გარემოება, რომ, ტერტულიანეს აზრით, ადამიანის სული ბუნებრივად მიდრეკილია ქრისტიანობისკენ და ეს ეხმარება მას ბოროტსა და კეთილს შორის სრული თავისუფალი ნებისყოფით კეთილი აირჩიოს და ამით ღმერთი ადიდოს. ქრისტეს ისიც ახასიათებს, როგორც მხსნელს, ხოლო ღმერთს – როგორც ლოგოსს; ერთიც და მეორეც ელინისტური ფილოსოფიითაა გაჟღენთილი.

ბ. ალექსანდრიელი „მამები“

დიდი ხანია, რაც ქ. ალექსანდრია გახდა ელინისტური ცივილიზაციის ცენტრი, დასავლეთისა და აღმოსავლეთის კულტურის შეხვედრის ადგილი. ეს იყო ფილონის სამშობლო და აქ დაიბადა ნეოპლატონიზმი. ცხადია, ადრინდელმა ქრისტიანობამაც აქ ძლიერი დასაყრდენი მონახა. მეორე საუკუნის დასასრულს ალექსანდრიის ეკლესია იყო ერთი უძლიერესთაგანი და ალექსანდრიელი მამები ქრისტიანული დოგმის საფუძველმდებლები. მათ შორის ორი გამოჩენილი – კლემენსი და ორიგენე – საეკლესიო დოგმატიკისა და თეოლოგიის დამფუძნებლად მიიჩნევიან. ისინი ცდილობენ ბერძნული ფილოსოფიის იმდაგვარ ახსნა-განმარტებას, რომ ეს უკანასკნელი ქრისტიანული ეკლესიისა და თეოლოგიის დასაყრდენი გამხდარიყო.

კლემენსი შთამომავლობით ათენელი იყო (150-216). ახალგაზრდობაში იყო წარმართი და საფუძვლიანად შეისწავლა ბერძნული ფილოსოფია. შემდეგ გაქრისტიანდა და ალექსანდრიაში გადასახლდა. კლემენსს სურს ქრისტიანობა ფილოსოფიური საშუალებით დაამუშაოს და აზროვნებით გაამართლოს. მის განკარგულებაშია ბერძნული იდეალისტური ფილოსოფიის მთელი ჯგუფი, განსაკუთრებით პლატონი, ფილონი და ჯერ კიდევ ახალგაზრდა ნეოპლატონიზმი. სარწმუნოება (πιστις) მაშინ იქნება მტკიცე საფუძვლებზე აშენებული, თუ იგი ამავე დროს იქნება ცოდნაც (γνωσις), ფიქრობს კლემენსი. ფილოსოფია აუცილებელია, რათა რწმენა ცოდნად საბოლოოდ გარდაიქმნეს. ფილონისგან ნასესხები იდეალისტური სპეკულაციით ცდილობს იგი ებრაული გადმოცემა და ღმერთის უშუალო გამოცხადება გონებისა და ცოდნის თვალსაზრისით გაამართლოს. ის, რაც ებრაელობისათვის იყო „ღმერთის კანონი“, ბერძნებისათვის თურმე „გონების კანონი“, ანუ ფილოსოფია, ყოფილა. მისი აზრით, პლატონი ბერძნებს ქრისტეს მოძღვრებისათვის ამზადებდა. იგი ავითარებს „ლოგოსის“ მოძღვრებას და ამტკიცებს, რომ ლოგოსი სამყაროსა და ღვთაების კანონია. ამიტომ ღვთაების შთაგონება ადამიანისათვის ლოგოსის გზით არის შესაძლებელი; ამიტომ ფილოსოფია – ლოგოსის შეთვისება და ცოდნა – აუცილებელი ხდება გამოცხადების რელიგიური დოგმისათვის. პირველღვთაება, ანუ მამა-ღმერთი, კლემენსის აზრით, ადამიანის მიერ მხოლოდ შემდეგნაირად შეიმეცნება: ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, თუ რა არ არის ღმერთი. სამაგიეროდ ძე-ღმერთი მამის სიბრძნეა და ამიტომ დადებითადაც შესამეცნებელი. მართალია, ძე-ღმერთიც მარადიულია, მამის გვერდით დგას და სხვ., მაგრამ კლემენსი მაინც ღმერთების დაქვემდებარებულობის თეორიას იძლევა და ძეს მამას უქვემდებარებს. ძე-ღმერთი არის ლოგოსი და ამიტომ შუამავალი ქვეყანასა და ღმერთს შორის, ადამიანსა და სულს შორის. ამ მოძღვრებაში ჩანს გავლენა არა მარტო ფილონისა, არამედ ახლად წარმოშობილი ნეოპლატონიზმისაც. მაშასადამე, ამ გავლენიანმა ბერმა ქრისტიანობის ელინიზაცია ჩააყენა ზომიერ და ეპოქისათვის მისაღებ ფარგლებში, ამიტომ იცავს იგი თავგამოდებით პავლე მოციქულს.

ორიგენე კლემენსის მოწაფე იყო. დაიბადა ალექსანდრიაში 185 წ. და სიკვდილით დასაჯეს პალესტინაში 254 წელს. ჰარნაკი მას „თეოლოგიის მეცნიერების“ დამაარსებელს უწოდებს. ორიგენემ საუცხოოდ იცოდა არა მარტო მთელი ბიბლია, არამედ ბერძნული ფილოსოფიაც. მართალია, იგი ბავშვობაშივე მონათლეს, მაგრამ ბერძნულ ცივილიზაციასა და ფილოსოფიურ განათლებას არ მოსწყვეტია. ნეოპლატონიზმის დამაარსებელი, რომელიც ამ დროს ალექსანდრიაში ცხოვრობდა, თავის მოწაფეებს შორის ითვლის ვინმე ორიგენეს. სულ ადვილი შესაძლებელია, რომ ამონიოს საკას ეს მოწაფე მომავალი „დიდი მამა“ იყო. როგორც კლემენსის, ისე ორიგენეს ნაწერებიდან ჩვენამდე თითქმის ყველაფერმა მოაღწია.

ქრისტიანობა ორიგენეს ყველა სხვა რელიგიაზე უფრო მისაღებად იმიტომ მიაჩნია, რომ, მისი აზრით, იგი, ერთის მხრივ, გაუნათლებელი კაცის სარწმუნოებად გამოდგება და, ამავე დროს, მოაზროვნე და განათლებული სულიც ამ რელიგიაში სათნოებასა და ბედნიერებას ამოიკითხავს. ამიტომ მისი მიზანია დაასაბუთოს, რომ ქრისტიანობასა და ფილოსოფიას შორის განსხვავება არ არსებობს. იგი ისე მოხდენილად და თავისებურად აერთებს ბერძნული ფილოსოფიის „ლოგოსის“ მოძღვრებას ებრაული მონოთეისტური ღვთაების იდეასთან, რომ შეგვიძლია ფილონისდაგვარი ახალი „ლოგოს-მეტაფიზიკის“ ავტორად მივიჩნიოთ, და არა – ეკლესიის მამად. ძალიან საინტერესოა ერთი გარემოება: ეს კაცი, რომელიც მრავალი საუკუნის განმავლობაში აღმოსავლეთის ქრისტიანული ეკლესიის უდიდეს დოგმატიკოსად და საფუძველმდებლად ითვლებოდა, იმ დროს (მესამე საუკუნეში) წაუკითხავს პლოტინის პირველ მოწაფეს, პორფირეს, და მისი კრიტიკა დაუწერია. პორფირეს სულ არ უგრძნია, რომ ქრისტე ღმერთი იყო ან რომ ასეთი კაც-ღმერთი არსებობდა და სხვ. მას ქრისტე ლიტერატურულ გმირად, როგორც თვითონ ამბობს, „უცხო არაკად“ ჩაუთვლია ორიგენესთან. ეკამათება მას, მოსწონს მისი ლოგოსის ცნებაზე აშენებული თეოლოგია და მხოლოდ იმას შენიშნავს გაკვირვებით, რომ რა საჭირო იყო ეს „უცხო არაკი“, ამან დააბნელა საქმე და არა გაანათლაო. ქრისტეს ცნება ორიგენეს მოძღვრებაში მას ალეგორიად გაუგია.

როგორც წყაროები მოწმობენ, ორიგენეს ფილოსოფიურ-თეოლოგიური სკოლა დაუარსებია. ამ სკოლაში უპირველეს ყოვლისა დიალექტიკას ასწავლიდა, შემდეგ პლატონის ეთიკას, გეომეტრიასა და კოსმოგონიას; ასე მომზადებული მსმენელი იწყებდა ქრისტიანული თეოლოგიის შეთვისებას. ამ თეოლოგიის სათავეში (რომელიც, ორიგენეს აზრით, პირველი ფილოსოფიაც არის) მოთავსებულია ერთი ღმერთის ცნება, რომელმაც არარაობიდან ქვეყანა გააჩინა, რომელიც არის სამყაროსა და სულის კანონმდებელი, იესო ქრისტეს მამა, უმაღლესი სიკეთე და სათნოება. ფილონსა და ნეოპლატონიზმთან სრული მსგავსებით ასწავლის ორიგენე, რომ ღმერთი ყველაფრის დასაბამია, მარადიული, ყოვლად ძლიერი, ყოვლის მცოდნე, ყოვლად კეთილი და სხვ.; იგი უცვლელია, არ ისპობა და არ ვითარდება; იგი სულიერი პრინციპია და არა მატერიალური. მისი ლოგოსი არის მისი ძე, ე.ი. ქრისტე. რადგან „ლოგოსი“ შინაგანია, ამიტომ ცხადია, რომ ძე იყო მარად და იქნება მარად, იგი არ არის დროში წარმოშობილი სული, რომელიც ადამიანის ინდივიდუუმში თავის სადგომს ნახულობს. დიდი სინათლის მკრთალი სურათი – აი, რა არის სული. ღვთაებრივი ლოგოსი, რომელიც ჩვენი სულის მონაწილეა, გვეხმარება განვთავისუფლდეთ მატერიისაგან და უკანვე დავუბრუნდეთ მარადიულ ცხოვრებას. ამ გზაზე წასვლას ორიგენე ნებისყოფის თავისუფლებას უკავშირებს. ადამიანს შეუძლია ავის მსხვერპლიც გახდეს და ღვთაების მარადიული არსებისთვის დაბნელდეს. მისი აზრით, ქრისტე არის „ხორცად ქცეული ლოგოსი“, რათა ხორცი დაიძლიოს, ყველაფერი დასასრულს ღმერთს შეუერთდეს და ღმერთი გახდეს. ეს რაციონალისტი ცდილობს ქრისტიანობა გაწმინდოს დაუჯერებელი ზღაპრებისგან და მისი მოძღვრება განმარტოს არა „ანბანის“ მიხედვით, არამედ მხოლოდ ალეგორიულად და მორალურად; ცდილობს ახსნას სასწაულმოქმედება ბუნებრივი დასაბუთებებით, სხეულის მკვდრეთით აღდგენა მხოლოდ ანალოგიად და მეტაფორად დაახასიათოს. სინამდვილეში აქ, მისი აზრით, ლაპარაკია მხოლოდ სულის მკვდრეთით აღდგომაზე და სხვ. როცა მომდევნო საუკუნეებში ქრისტიანობა წელში გაიმართა და გონებასა და მის არგუმენტებთან არშიყობას თავი გაანება, მან კრიტიკულად შეხედა ორიგენეს დათმობას და ეკლესიის ამ „დიდ მამას“ აქა-იქ ბრძოლაც კი გამოუცხადა. საქმე იქამდე მივიდა, რომ 543 წ. იმპერატორ იუსტინიანეს ბრძანებულებამ ორიგენეს მოძღვრება გაკიცხა და შეაჩვენა. მესამე და მეოთხე საუკუნეებში ორიგენეს ჰყავდა ბევრი მოწაფე – ქრისტიანული ეკლესიის მამები. რამდენიმე საუკუნის განმავლობაში იგი იყო მეტად გავლენიანი პირი არალათინური ქრისტიანობის ქვეყნებისათვის. პატრისტიკას ფილოსოფიურად საინტერესო მეტი აღარაფერი წარმოუშვია.

გ. კაპადოკიელი „მამები“

ქრისტიანობის დოგმისა და მსოფლმხედველობის გაფორმებაში იმთავითვე მნიშვნელოვნად მონაწილეობდნენ წინა აზიის ცნობილი ქალაქები: ედესა, სამოსატა, ცეზარეა, კაპადოკია და ანტიოქია – ამ დროისათვის მონათმფლობელური რომის იმპერიის სახელგანთქმული პროვინციები. ამ ქალაქების კულტურის გაფორმება ალექსანდრე მაკედონელის დროიდან მოდიოდა. ესენი იყვნენ ელინიზმის ცენტრები აზიაში. მოსახლეობა და ეკონომიკა აზიური იყო, ხელისუფლება და სამართალი – რომაული, განათლება და ცივილიზაცია – ბერძნული. ქრისტიანობამ ძლიერი დასაყრდენი ნახა აქ თავისი ისტორიის დაწყებიდანავე. ამ ქალაქების ადრინდელი გაქრისტიანებაც, რასაკვირველია, უპირველეს ყოვლისა, იყო პოლიტიკური მოძრაობა, მიმართული რომის წინააღმდეგ. როცა მეოთხე საუკუნეში რომიც გაქრისტიანდა, ამან აქ, წინა აზიაში, დაბნეულობა გამოიწვია და წარმოშვა იდეოლოგიური საფუძველი ქრისტიანობის მიერ ქვეყნის სიძულვილისა, ასკეტიზმისა და ბერ-მონაზვნობის კულტისა. ქრისტიანული მონასტერი წინა აზიამ და ეგვიპტემ გამოიგონა.

ქრისტიანული ეკლესია დასახლებულ ქალაქებში თავიდანვე ძლიერი იყო და საერთო, ე.წ. კათოლიკური ქრისტიანობის დოგმისა და თეოლოგიის შექმნაში იმთავითვე თვალსაჩინო როლს ასრულებდა. დოგმატიკისა და თეოლოგიის გაფორმების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანნი არიან ე.წ. კაპადოკიელები: ბასილ დიდი (330-379), გრიგოლ ნაზიანზელი (329-390) და გრიგოლ ნოსელი (331-394) – „კაპადოკიის ეკლესიის სამ დიდ მნათობად“ წოდებულნი. კაპადოკიელების ზეგავლენა ძალიან ძლიერი იყო მთელი აღმოსავლეთის ეკლესიაზე, მათ შორის ადრინდელ ქართულ საეკლესიო აზროვნებასა და მწერლობაზე, – მათი ნაწერები საშუალო საუკუნეების დასაწყისში მრავალჯერ უთარგმნიათ ქართულად. ესენი არიან ქრისტიანული დოგმის ორთოდოქსალური დამცველები, გამანადგურებელი და ულმობელი დამთრგუნავები ერეტიკოსებისა და ორიგენესათვის პლატონისტები ფილოსოფიისა და თეოლოგიის საკითხებში. როგორც ცნობილია, მეოთხე საუკუნის დასაწყისისათვის ქრისტიანობა ძალიან ჭრელ სურათს წარმოადგენდა, თითოეულ მოზრდილ ეკლესიას თავისებურად ესმოდა დოგმა. 325 წლის საეკლესიო კრებაზე (ქ. ნიკეაში) საბოლოოდ დაადგინეს მთლიანი დოგმატიკის საფუძველი; მიიღეს ე.წ. ჰომოუსია შვილისა მამასთან, რაც ნიშნავს ერთი არსების ქონას, მამისა და შვილის თანამებუნებობას.

ამიერიდან ეკლესიის მამების საზრუნავი იყო, რომ ყოველნაირი საშუალებით დათრგუნვილი ყოფილიყო ეჭვი ჰომოუსიას დოგმის წინააღმდეგ. კაპადოკიელები გონებასა და ფილოსოფიას, განსაკუთრებით პლატონს, მიმართავენ, რათა დოგმის მრავალი პრინციპი გაამართლონ. თეოლოგიისა და ფილოსოფიის თვალსაზრისით მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია გრიგოლ ნოსელი. ათანასეს შემდეგ იგი ყველაზე თავგამოდებული და შეურიგებელია ქრისტოლოგიური დოგმის დაცვისა და ერეტიკოსებთან (არიანელები, საბელიანები) ბრძოლის მხრივ. ნოსელი შეგნებულად ემხრობა ორიგენეს ხაზს და ქრისტიანულ თეოლოგიას თავიდან ბოლომდე პლატონის იდეალიზმზე აშენებს. ქრისტიანული თეოლოგიის ორივე ძირითად პრობლემას – ერთ-არსება და სამპიროვნება ღმერთისა (ტრინიტეტის საკითხი) და ადამიანის მკვდრეთით აღდგომა სულის უკვდავების გამო – ნოსელი იკვლევს. ეს გონებამახვილი ხუცესი ტრინიტეტის საკითხს იყენებს იმისათვის, რათა შექმნას ქრისტიანული ღმერთის ცნების დამოუკიდებლობისა და ორიგინალობის მოჩვენება, გამიჯნოს იგი ებრაული მონარქიანიზმისა და წარმართული პოლითეიზმისაგან.

კაპადოკიელების პლატონიზმის წამომწყებად უნდა მივიჩნიოთ ეკლესიის უდიდესი ისტორიკოსი ევსები ცეზარეელი (265-340). იგი ცნობილია აგრეთვე, როგორც თეოლოგი. აყენებს თეზისს: პლატონი და მოსე ერთსა და იმავეს ამბობენ და მათ ერთი და იგივე იდეები აქვთო. მასვე ეკუთვნის მეორე ცნობილი დებულება: პლატონი და პავლე მოციქული ერთსა და იმავეს ამბობენო.

საერთოდ უნდა ითქვას, რომ პლატონის იდეალიზმის ზეგავლენა პირვანდელ ქრისტიანობაზე ძალიან დიდი იყო. ნიკეის კრების მომდევნო პერიოდის ქრისტიანიზმის მთავარი თეორეტიკოსები გრიგოლ ნოსელი და ავგუსტინე, ორივენი პლატონსა და ნეოლპატონიზმს ემყარებოდნენ. თითქმის მერვე-მეცხრე საუკუნეებამდე გრძელდებოდა პლატონიზმის ბატონობა ქრისტიანობაზე. შემდეგ კი, როგორც ცნობილია, პლატონი არისტოტელემ ჩაანაცვლა.

საერთოდ, უსათუოდ სწორი იყო ბრუნო ბაუერი, როდესაც განაცხადა, რომ ქრისტიანობა თავისი ბუნებით პლატონს გაცილებით ესადაგება, ვიდრე არისტოტელესო.

მეხუთე საუკუნის დასაწყისიდან აქა-იქ არისტოტელეც გვხვდება ქრისტიანულ-თეოლოგიურ მწერლობაში; მაგ., ქრისტიანული თეოლოგიის არისტოტელეზე დაშენებას შეეცადნენ ე.წ. ანტიოქიის სკოლაში (არიანელების მოსისხლე მტერი ესტატე ანტიოქელი, იოანე ხრიზოსტომი და სხვ. არისტოტელესაკენ იხრებიან). მაგრამ იმან, რომ ამ სკოლის მოწაფე ნესტორი ეკლესიამ ერეტიკოსად გამოაცხადა (ნესტორიანელობა ნიშნავს მოძღვრებას იმის შესახებ, რომ ქრისტეში განხორციელებულია ორი პირი), ხელი შეუშალა არისტოტელეს იდეების განმტკიცებას და ქრისტიანობა კიდევ დიდხანს დარჩა პლატონიზმისა და სტოიცისტური ეთიკის ერთგვარი ნარევის მომხრედ.

დ. ქრისტიანული ნეოპლატონიზმი

როგორც აღვნიშნეთ, იულიანე განდგომილის ისტორიული წამოწყების დამარცხების შემდეგ ნეოპლატონიზმის მოძრაობისათვის გამოსავალი გაქრისტიანება იყო. მართლაც, მეხუთე საუკუნის დასასრულისათვის ნეოპლატონიზმის გაქრისტიანება მთლიანად დასრულებულია. ახლა ნეოპლატონიზმი თავის ფილოსოფიურ დოგმას საბოლოოდ ათანხმებს ქრისტოლოგიასთან და თავგამოდებით იცავს საეკლესიო დოგმის სიწმინდეს.

პირველი, ისტორიულად ცნობილი ნეოპლატონიკოსი, რომელიც შემდეგ გაქრისტიანდა, იყო სინესიოსი. მეხუთე საუკუნის დასაწყისში გამოჩენილი გაქრისტიანებული ნეოპლატონიკოსი იყო აგრეთვე ნიმესიოსი, ემესელი ეპისკოპოზი, ავტორი რამდენიმე ღირსშესანიშნავი ფილოსოფიური შრომისა, მათ შორის იოანე პეტრიწის მიერ ქართულად გადმოთარგმნილი ნაშრომისა: „ბუნებისათვის კაცისა“. ნემესიოსსა და, საერთოდ, გაქრისტიანებულ ნეოპლატონკოსებს ახასიათებთ ის თავისებურება, რომ აგრძელებენ რა ნეოპლატონიზმის ათენური სკოლის ტრადიციებს, აფორმებენ თვალსაზრისს, რომელიც ერთგვარი სიმფონიაა პლატონსა და არისტოტელეს შორის.

იმავე სკოლას შეგვიძლია მივაკუთვნოთ პროკოფი გაზელი, ამონიოს ჰერმიას, იოანე ფილიპონი, ზაქარია სქოლასტიკოსი[4] და განსაკუთრებით ე.წ. ფსევდო-დიონისიუს არეოპაგიტი. მე-5-6 საუკუნეში ქ. გაზა იყო ფილოსოფიის გადარჩენილი ნაფლეთების თითქმის ერთადერთი ბინა; გაზის სკოლა ძირითადად პლატონური იყო, მაგრამ არისტოტელეთი შევსებული. გადმოცემის თანახმად, დიონისე არეოპაგიტი იყო ქალაქ ათენის პირველი ეპისკოპოსი უშუალოდ ქრისტეს მოციქულებს შემდეგ. ახლა, მეექვსე საუკუნის დასაწყისში, ვიღაც გაქრისტიანებულმა ნეოპლატონიკოსმა გამოაქვეყნა მთელი რიგი თეოლოგიურ-ფილოსოფიურ-მისტიკური ნაწერები და ავტორად ის ლეგენდარული არეოპაგიტი აღნიშნა. დამტკიცებულია, რომ ეს ნაწერები ეკუთვნის VI საუკუნის დასაწყისის მწერალს. ფსევდო-დიონისე არეოპაგიტის ნაწერებმა უდიდესი გავლენა იქონია მომდევნო საუკუნეების ქრისტიანულ მწერლობასა და აზროვნებაზე; ისინი არაერთხელ უთარგმნიათ ქართულად ადრინდელ შუა საუკუნეებში. ე.წ. დადებითი თეოლოგიის გვერდით პროკლე დიადოხის ეს გაქრისტიანებული მოწაფე ქმნის უარყოფით თეოლოგიას, ზეცის იერარქიას უქვემდებარებს მიწის იერარქიას. პირველად ქრისტიანულ აზროვნებაში ქმნის მისტიკურ თეოლოგიას. უმაღლესი შემეცნება იმავე დროს არის მისტიკური არცოდნა. შემეცნება ნიშნავს ადამიანის სულის მისტიკურ ამაღლებას ღმერთში, შემეცნება და მისტიკა არის გზა ადამიანის ღმერთად ქცევისათვის. Theologia Mystica – ს ავტორი შემდეგ იძლევა ძალიან რთულ ნეოპლატონურ-იდეალისტურ დიალექტიკას სიტყვებისა – Monas და Trias და ამათ გაერთიანებაზე აშენებს რთულ ტრინიტეტულ სპეკულაციას. ფსევდო-დიონისეც ეთანხმება არისტოტელეს, ამავე დროს სრულად აღიარებს კათოლიკურ ქრისტიანობას და ოსტატურად ათანხმებს ქრისტიანიზმს ნეოპლატონურ მისტიკასთან. ფსევდო-დიონისე არეოპაგიტის შემდეგ მისტიკა განუყრელი ნაწილი შეიქნა ქრისტოლოგიისა.

თვით თომა აქვინელის შემთხვევაშიც კი საგრძნობია არეოპაგიტის გავლენა. ნიკოლაუს კუზანელამდე ვხვდებით ჩვენ სიმბოლიური და უარყოფითი თეოლოგიის კვალს შუა საუკუნეებისა და მისი მომდევნო ეპოქის აზროვნებაზე. ნეოპლატონური ელემენტი, რომელსაც ვნახულობთ რენესანსის ეპოქის ფილოსოფიურ აზროვნებაში, მომდინარეობდა აგრეთვე ფსევდო-დიონისე არეოპაგიტის ნააზრევიდან.

  1. მანიქეიზმი

ქრისტიანობას ისტორიულად ბევრი მეტოქე ჰყავდა. მათ შორის, პირველ საუკუნეში ყველაზე საშიში იყო სპარსეთიდან მოსული მითრაიზმი. მე-3 საუკუნის მეორე ნახევრიდან ჩნდება ორი ძლიერი მოწინააღმდეგე – ნეოპლატონიზმი და მანიქეიზმი. გარემოებისა და საზოგადოებრივი განწყობილების მიხედვით შეეძლო გაემარჯვებინა მხოლოდ ისეთ რელიგიას, რომელიც უარყოფდა ნაციონალურ კარჩაკეტილობას და მსოფლიო რელიგიის დროშით მოგვევლინებოდა. ფრ. ენგელსმა დამაჯერებელად დაასაბუთა, რომ ქრისტიანობის გამარჯვების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იყო ახალი რელიგიის მსოფლიო ხასიათი – ზედგამოჭრილი რომის მსოფლიო იმპერიისათვის. „უარყოფდა რა ქრისტიანობა ყველა ნაციონალურ რელიგიას – წერს ენგელსი – და იმ რელიგიებისათვის დამახასიათებელ კარჩაკეტილ წესებს, მიმართავდა რა ხალხებს განსხვავების გარეშე, ამით ქრისტიანობა თვითონ შეიქმნა პირველი შესაძლებელი მსოფლიო რელიგია“ (იხ. Маркс и Энгельс Соч. XV. გვ. 609). მესამე საუკუნეში გაჩენილი დიდი მეტოქენი ქრისტიანობისა – ნეოპლატონური და მანიქეველური რელიგია – ორივე მსოფლიო რელიგია იყო. მაგრამ ის გარემოება, რომ ნეოპლატონიზმი „განათლებული კაცის“, ე.ი. გაბატონებული კლასის, არისტოკრატიისა და მეფეების, რელიგია იყო, ქრისტიანობამ მოხდენილად გამოიყენა და ეს მეტოქე ადვილად დაძლია. მანიქეველობა ლამობდა მასების რელიგია ყოფილიყო, ამიტომ კათოლიკურ ქრისტიანობას მასთან დიდი სამკვდრო-სასიცოცხლო ომი მოუწია და დაძლია ის მხოლოდ იმ გარემოების გამო, რომ IV–V საუკუნეში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებული ქრისტიანობა მანიქეველობას ეკვეთა სახელმწიფოს პოლიტიკური და სამხედრო საშუალებებით.

თვითონ მანიქეიზმი წარმოადგენდა რელიგიურ სინკრეტიზმს, რომლის გაფორმებაში ქრისტიანობის როლი დიდი იყო. ქრისტიანობა იყო მონოთეისტური მსოფლიო რელიგია, მანიქეიზმი კი – დუალისტური მსოფლიო რელიგია. ეკლესიაც ცდილობდა მანიქეიზმი თავის წიაღში წამოჭრილ მავნე სექტად გაესაღებინა და ებრძოდა მას, როგორც ასეთს.

მანიქეიზმის შემქმნელი სპარსელი მისტიკოსი მანი დაიბადა 216 წ. იგი ბაბილონური სიბრძნის მიხედვით იყო აღზრდილი. მამამისი მანდეისტური სექტის, მუგჰატაზილას წევრი იყო. სპარსეთში გადმოსახლებული მანი ზარათუსტრას კულტს ეზიარება; ამავე დროს იგი ეცნობა ქრისტიანულ გნოსტიციზმს და განიცდის ქრისტიანიზმის ზეგავლენას. მას განსაკუთრებით მოეწონება ის გარემოება, რომ ქრისტიანობა კიდევ ვიღაც ნუგეშისმცემელს, ე.წ. პარაკლეტს, მოელის. მალე მანი გვევლინება საკუთარი გნოსტიკურ-მისტიკური მსოფლმხედველობით და აცხადებს, რომ თვითონ არის ის პარაკლეტი, რომელსაც ქრისტიანობა მოელის. მის მიერ შექმნილი მოძრაობა არაჩვეულებრივი სისწრაფით ვრცელდება მთელ წინა აზიაში. სპარსეთის ხელისუფლებამ შეიპყრო იგი და ერეტიკოსობისათვის სიკვდილით დასაჯა 273 წელს[5].

მანიქეიზმი წარმოადგენს იშვიათ სინკრეტიზმს ბაბილონური, სპარსული, ებრაული და ბერძნული მსოფლმხედველობისა. ქრისტიანობაზე მანი დაახლოებით ისევე ზემოქმედებს, როგორც ერთხელ მარკიონი, ე.ი. ცდილობს ქრისტიანობას „ებრაული ლეგენდა“ ჩამოაშოროს, მაგრამ, ცხადია, იგი ქრისტიანიზმის ელინიზაციას კი არ ცდილობს, არამედ მანდეიზმისა და ზარათუსტრას კულტის ნაწილებით ავსებს მის შინაარსს.

მანის რელიგიური გნოსტიციზმი პრინციპული დუალიზმია. დასაბამიდანვე წყვდიადისა და სინათლის საწყისები ებრძვიან ერთმანეთს, ორი ღმერთი უპირისპირდება ერთმანეთს: ღმერთი „სარვან“ (ღმერთი სინათლისა და გონებისა) და ღმერთი „მანბედ“ (ღმერთი წყვდიადისა და ბოროტებისა). თავდაპირველად სინათლის ღმერთმა წარმოშვა თავისი ორეული – ადამიანი-გონება, მაგრამ იგი მყისვე შთანთქა წყვდიადის ღმერთმა და დაიწყო კოსმიური ბრძოლა ამ ორ საწყისს შორის. სინათლე შეიკრიბა მთვარესა და მზეზე, წყვდიადი კი – მიწაზე. წყვდიადმა მიწაზე, თავის მხრივ, წარმოშვა მატერიალური ადამიანები: ადამი და ევა. შეამჩნია რა ეს სინათლის ღმერთმა, შეიჭრა წყვდიადის მიერ წარმოშობილ ადამიანში, მხსნელი და გონება წარმოგზავნა ქვეყნად. ასეთები იყვნენ ბუდდჰა, ზარათუსტრა, იესო; ასეთია თვითონ მანიც. ერთ-ერთ მანიქეველურ ლოცვაში პირდაპირ წერია მანის შესახებ: „კურთხეულ არს ჩვენი ბელადი, პარაკლეტი, ელჩი სინათლისა“ (იხ. K. Kesseler: „Mani und Manichäer“ in Real-Enz. f. pr. Th. u. Kir. ტ. IX, გვ. 246).

მანის აზრით, ადამიანში შეიჭრა სინათლე და იქ წყვდიადის გვერდით სინათლის სულმაც დაიკავა ადგილი. ამიტომ ადამიანის სულში ისეთივე ბრძოლა მიმდინარეობს კეთილსა და ბოროტს, სინათლესა და წყვდიადს შორის, როგორც კოსმიურ სფეროში.

სინათლის მეტაფიზიკის დასაბუთებაში მანი იყენებს აგრეთვე ორფიულ ლექსს შვიდი მნათობის შესახებ და მანდეიზმიდან ნასესხებ ამ კულტში შეაქვს ის თავისებურება, რომ მთვარეს აცხადებს სამყაროს წყობის საწყისად და სინათლის კოსმიურ წყაროდ. თვით მზეს თავისი სინათლე მთვარისგან უსესხებია.

რადგან ადამიანშიც ორი სული და ორი საწყისი ბინადრობს და რადგან ეს ორი საწყისი მარადიულად ებრძვის ერთმანეთს, ამიტომ თავისი მოძღვრების დანიშნულებას მანი იმაში ხედავს, რომ ადამიანს დაეხმაროს და სინათლესა და გონებას გაამარჯვებინოს წყვდიადსა და მატერიაზე. მისი აზრით, ეს განხორციელდება უსასტიკესი ასკეტობით. რათა ერთხელ დაკარგული სინათლე დაუბრუნდეს ადამიანს, ანდა, რათა სინათლის სულის ნაწილაკებმა დაძლიონ წყვდიადის სულის ნაწილაკები, მანი აწესებს თავის ცნობილ აღკვეთებს. პირველი აღკვეთა შეეხება საჭმელს, – აკრძალულია ხორცის ჭამა და ღვინის სმა; შემდეგ აღკვეთილია სისხლის დაქცევა, ე.ი. ცხოველისა და ადამიანის მოკვლა; მესამე აღკვეთა (signaculum sinus) ადამიანს სქესობრივ კავშირს უკრძალავს. მანის აზრით, ეს უკანასკნელი აღკვეთა საშუალებაა სინათლის გამარჯვების მოპოვებისათვის. მანიქეისტური იდეალიზმის ასკეტური ბუნება აქ უკიდურეს საზღვარს აღწევს; აკრძალულია ოფიციალური ცოლქმრობაც კი. ამ უკიდურესი ასკეტიზმის ბუნებას მოხდენილად აღგვიწერს მანიქეიზმის ცნობილი მკვლევარი ბაური. „რადგან მატერია ავი პრინციპია, – წერს ეს ავტორი მანიქეველური ასკეტიზმის შესახებ, – ამიტომ ყოველივე შეხება მატერიასთან, ყოველივე, რაც კი სხეულის ცხოვრებას დაეხმარება და განავითარებს, ცოდვად და ბოროტებად არის გამოცხადებული“ (იხ. Tr. Baur. Das Manichäesche Religionssystem. 1831 წ. გვ. 261).

მანი ასწავლის, რომ ქრისტე ყველაზე დიდი მოციქული იყო სინათლის, მაგრამ მისი მოძღვრება შერყვნეს ებრაელების აგენტებმა, და, აი, მოვიდა თვითონ მანი, „უკანასკნელი ელჩი სინათლისა“, გაწმენდს ქრისტიანობას ძველი აღთქმის უცხო ნაწილებისგან და აღადგენს ნამდვილ მოძღვრებას. ამიტომ უწოდებს იგი თავისთავს პარაკლეტს, ე.ი. ნუგეშისმცემელს.

ეს მოძღვრება გავრცელდა რომის მთელ იმპერიაში. იგი თავდაპირველად წინა აზიას მოედო, მაგრამ მალე სამხრეთ ევროპასაც ესტუმრა და IV-V საუკუნეში ყველაზე ძლიერი მეტოქე იყო ქრისტიანობისა. VI საუკუნეში იგი საბოლოოდ დაძლიეს ქრისტიანულ ქვეყნებში. ამიერიდან მანიქეველობის ცენტრი თურქესტანში გადავიდა.

მანიქეველობის ისტორია ამით არ გათავებულა. ადრინდელ საშუალო საუკუნეებში იგი ხელახლა გაჩნდა ჯერ ბიზანტიაში და შემდეგ მთელ ევროპაში, როგორც სექტანტური მოძრაობის საფუძველი ქრისტიანობაში. მანიცისტური დუალიზმი საშიში ოპოზიციის მსოფლმხედველობა იყო შუა საუკუნეებში. ორი ღმერთის თეორიას ახლა ხშირად ორი მეფის სუვერენობის თეორია დაემატა და ქრისტიანული ევროპა მას თითქმის XIV საუკუნემდე ებრძოდა. მანიქეველური სექტა XI-XII საუკუნეებში საქართველოშიაც უნდა არსებულიყო. ყოველ შემთხვევაში, იოანე პეტრიწი თავგამოდებით ებრძოდა მანიქეიზმს.

  1. ავგუსტინე

ა. ცხოვრება და მოღვაწეობა

რომის იმპერია უამრავ შინაგან წინააღმდეგობასთან ერთად ყველაზე ცხადად ორი მთავარი – ეკონომიკური და პოლიტიკური – წინააღმდეგობის მსხვერპლს წარმოადგენდა: ეს იყო წინააღმდეგობა იმპერიის აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ერთი მთლიანი ცენტრალიზებული ეკონომიკური სისტემა არ არსებობდა და ერთ იმპერიად მათ მხოლოდ პოლიტიკური მიზეზი აჩერებდა. მაგრამ ეს კავშირი იყო ძალიან ხელოვნური და საეჭვო. ყოველდღე შეეძლო პოლიტიკურ გარემოებას იგი დაენგრია. აღმოსავლეთი ადრე გაქრისტიანდა, რელიგია აქ პოლიტიკას დაუკავშირდა. რომმა თვითონ მიიღო ქრისტიანობა, რითაც თითქოს ხელახლა განამტკიცა შერყეული ერთიანობა, მაგრამ ამაოდ, – ისტორიის ნამდვილმა ძალებმა თავისი გაიტანეს. ამთავითვე ჩნდება ქრისტიანული დოგმის ორი სხვადასხვაგვარი გაგება: აღმოსავლეთური – ორიგენეს მიერ თეოსოფიურ მსოფლმხედველობად ჩამოყალიბებული და მისი მოწაფეების (განსაკუთრებით ათანასეს მიერ) მიერ ეკლესიის პრაქტიკაში გატარებული და მეორე – დასავლეთის ქრისტიანობა, რომელიც მეხუთე საუკუნის დასაწყისში ავგუსტინეში აღმოაჩენს თავის უდიდეს თეორეტიკოსსა და ეკლესიის ფუძემდებელს. ის დოგმატური და სექტანტური ბრძოლები, რომელნიც ამ ეპოქის ქრისტიანობამ გადაიტანა და რომელთა მსგავსი იდეოლოგიური კორიანტელი კაცობრიობის ისტორიას ჯერ არ ახსოვს, თავისებური გამოხატულება იყო იმპერიის ეკონომიკური, პოლიტიკური და იდეოლოგიური ნგრევისა.

ავგუსტინემ „დასავლეთის თვალსაზრისი“ საბოლოოდ გააფორმა და ამით მან, ერთი მხრივ, დაამთავრა პირვანდელი ქრისტიანობის განვითარება და დოგმატიკა, ხოლო, მეორე მხრივ, იგი მომავალი შუა საუკუნეების კათოლიციზმად აქცია.

ჩვენ, რასაკვირველია, აქ გვაინტერესებს არა ავგუსტინეს ქრისტიანული დოგმა, არამედ ამ დოგმის ფილოსოფიასთან შეხვედრა და ავგუსტინეს ცდა შეექმნა დამოუკიდებელი „ქრისტიანული ფილოსოფია“.

ავრელიუს ავგუსტინე დაიბადა 13 ნოემბერს 354 წ. თაგასტაში (ნუმიდია). მამამისი წარმართი ყოფილა, დედა კი – ქრისტიანი, მორწმუნე მონიკა. თვითონ ავგუსტინე ახალგაზრდობაში წარმართი იყო, განათლება კართაგენში მიიღო. პროფესიით იყო რიტორიკის მასწავლებელი; ასწავლიდა თაგასტაში, კართაგენში, რომსა და მილანში. ციცერონის ნაწერების მეშვეობით ფილოსოფიას გაეცნო და ამით დაინტერესდა, მაგრამ ეთიკური საკითხების გადაწყვეტა მან სტოიციზმის ეპიგონებში ვერ ნახა და სკეპტიციზმით გატაცებული ახალი აკადემიის სკოლას სწავლობს. სკეპტიციზმითაც გულგატეხილი ნეოპლატონელი ხდება, მაგრამ მალე მანიქეველობას გაეცნო და გახდა თავგამოდებული მანიქეველი. მანიქეველობას ავგუსტინე ათი წელიწადი აღიარებდა.

387 წელს „მამა“ ამბროსი მას ქრისტიანულად მონათლავს. ეს გარდატეხა იყო ავგუსტინეს ცხოვრებაში. ეკლესია თავის მხრივ პატივსა და დიდებას არ ზოგავს მისთვის. უკვე 391 წ. ავგუსტინე ხუცესად აკურთხეს, ხოლო 395 წ. ეპისკოპოსობა უბოძეს. ავგუსტინე გარდაიცვალა 430 წ.

ეკლესიას დღემდე მოეპოვება თექვსმეტი დიდტანიანი ტომი მისი ნაწერებისა. ერთი მათგანი ბერძნული ფილოსოფიისა და წარმართობის გასანადგურებლად არის დაწერილი, მეორე ნაწილი ცდილობს მანიქეველობის მოსპობას, ხოლო დანარჩენი ლათინურ-კათოლიკური ქრისტიანობის დოგმატისა და მსოფლმხედველობის განვითარებას ეხება. მის მთავარ ნაწარმოებად ითვლება: De eivitate Dei[6]. ავგუსტინეს ფილოსოფიის განხილვა დაგვარწმუნებს, რომ ეს იყო ქრისტიანული გაყალბება პლატონისა და პორფირეს მეტაფიზიკისა. ნეოპლატონიზმი ავგუსტინესათვის იყო ერთგვარი მოსამზადებელი სკოლა ქრისტიანობისკენ. როგორც ქრისტიანი, იგი ღმერთისა და სამყაროს სავსებით ნეოპლატონური ცნებებით აზროვნებს, მხოლოდ იმ თავისებურებით, რომ ამ ცნებებს დამოუკიდებელი ქრისტიანული დოგმატიკის პრინციპულ საფუძვლად აქცევს. ფილოსოფიური მწერლობა ავგუსტინემ დაიწყო გაცილებით ადრე, ქრისტიანობის მიღებამდე, და ქრისტიანობის დროს ხშირად წარმართობისას დაწყებულ ნაწარმოებს აგრძელებს და ამთავრებს. ეს გარემოება ძალიან ხელსაყრელია ჩვენ მიერ წამოყენებული დებულების, ავგუსტინეს თეოსოფიის ნეოპლატონური დაფუძნების, დასამტკიცებლად.

ბ. ავგუსტინეს ფილოსოფია და თეოსოფია

ბურჟუაზიული ფილოსოფიის ისტორიკოსები ფიქრობენ, რომ ავგუსტინემ კარტეზიანული ფილოსოფიის ძირითადი პრინციპი, შინაგანი ცდის უშუალობა, აღმოაჩინა და შემდეგ მეთოდოლოგიური გზით ღმერთის არსებობის დასაბუთებამდე მივიდაო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ როგორც პირველი, ისე მეორე დებულება მცდარია. მართალია, ავგუსტინესთან ვხვდებით დებულებებს: უაზრობაა საკუთარ სიცოცხლესა და არსებობაში დავეჭვდეთ, რომ საკუთარი აზროვნება და ამიტომ საკუთარი არსებობა ყველაფერზე უცხადესია, გარეთ ნუ ეძებ ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტება არის ადამიანის შინაგანი თვალნათლივობა და სხვ. – მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს დებულებები ავგუსტინემ შეიმუშავა არა ქრისტიანული დოგმის ჩამოყალიბებისა და დაცვისას, არამედ ჯერ კიდევ მანამ, სანამ იგი ქრისტიანი გახდებოდა, სახელდობრ – აკადემიურ სკეპტიციზმთან კამათის დროს. სკეპტიციზმი თავის არგუმენტებს სუბიექტივიზმსა და შეგრძნებებზე აშენებდა. ავგუსტინე კი, დგება რა ნეოპლატონური იდეალისტური რაციონალიზმის ნიადაგზე, ცხადია, ადვილად მოიფიქრებდა თავის არგუმენტებს და სკეპტიკოსებს ეტყოდა, – ყველაფერში ეჭვიც რომ შევიტანოთ, იმაში ხომ ეჭვს ვერ შევიტანთ, რომ ჩვენ ვაზროვნებთ და ვარსებობთ და სხვ. დეკარტესთან მსგავსება აქ გარეგანია, ხოლო ამ მსჯელობის მიზანი – დეკარტესაგან სავსებით განსხვავებული. მეორე ის, რომ ეს არ არის საბოლოოდ ჩამოყალიბებული ავგუსტინე, ეს არ არის ქრისტიანიზმის ფილოსოფოსი. შემდეგ, როცა ავგუსტინე ქრისტიანი გახდება და ნეოპლატონურ დასაბუთებას სკეპტიციზმის გასაკრიტიკებლად კი აღარ მიმართავს, არამედ ღმერთის არსებობის დასასაბუთებლად, მაშინ იგი ჭეშმარიტების საზომად სუბიექტის აზროვნებას კი აღარ მიიღებს, არამედ მხოლოდ ღმერთს გამოაცხადებს ყოველივე გარდაუვალი ჭეშმარიტების წყაროდ და საფუძვლად.

ჩვენ შედარებით ვრცლად ვეხებით ავგუსტინეს თეოლოგიასა და მის უკიდურეს დუალისტურ ფილოსოფიას, რადგან მან დიდი როლი ითამაშა შუა საუკუნეების ქრისტიანული სქოლასტიკური და რეაქციული მსოფლმხედველობის გაფორმებაში.

მაშასადამე, ავგუსტინეს ფილოსოფიის სათავეში მოთავსებულია ღმერთის ცნება. ავგუსტინე განგვიმარტავს, რომ ფილოსოფია ნიშნავს სიბრძნისადმი სიყვარულს, ხოლო სიბრძნე ღმერთია და ამიტომ ნამდვილი ფილოსოფია ღმერთს შეიძლება შეეხებოდეს და ნამდვილი ფილოსოფოსი ღმერთის მეგობარი შეიძლება იყოს. ღმერთის მიმართ კი პირველი სიტყვა რწმენას ეკუთვნის და არა გონებას. ავგუსტინე ურყევად იცავს სარწმუნოების პირველობას შემეცნების მიმართ, მაგრამ სულაც არ ეწინააღმდეგება, თუკი გონების არგუმენტები გაამყარებენ რწმენის ძალაუფლებას და თავისი კატეგორიებით იმასვე დაამტკიცებენ, რასაც სარწმუნოება გულისხმობს.

როცა ჩვენი გონება არსის უმაღლესი პრინციპების გამონახვას იწყებს, ამჩნევს, რომ არსებობენ რაღაც ზოგადი და საყოველთაო პრინციპები. ესენი რომ არ ყოფილიყვნენ, გონება მსჯელობისა და მტკიცების უფლებას ვერ მოიპოვებდა. თუ გონება ამ ზოგად პრინციპებს უკანასკნელამდე განაზოგადებს, ადვილად აღმოაჩენს, რომ ეს გზა მას ღვთაებრივ ლოგოსამდე მიიყვანს, ე.ი. ისეთ ერთსა და უმაღლესამდე, რომლის მიღმა მასზე ზოგადი და განყენებული აღარ მოიაზრება. ეს არის ღმერთი. ღმერთი არის უმაღლესი ფორმა, მშვენიერება და სიკეთე. იგია უმაღლესი არსი, ცოდნა და ნებელობა; ერთი სიტყვით, იგი უფრო მაღლა დგას, ვიდრე რომელიმე ცნება და კატეგორია: იგია აბსოლუტური ერთიანობა, აბსოლუტური ერთი.

როგორც ვხედავთ, თავის ქრისტიანულ მამა-ღმერთს ავგუსტინე ასაბუთებს ნეოპლატონური არგუმენტებით და გვარწმუნებს, რომ პლატონი მართალი იყო, როცა იდეათა ქვეყნის არსებობას იღებდა. იდეები ღმერთშია და ღმერთი იდეის მიხედვით არის სამყაროს შემოქმედი. აქედან ავგუსტინე ავითარებს მატერიისა და სამყაროს წარმოშობის თეორიას, რისთვისაც იგი ნეოპლატონიზმთან ერთად სტოელთა მეტაფიზიკიდანაც სესხულობს პრინციპებს.

შემდეგ ავგუსტინე კითხულობს, თუ როგორ ცხადდება ღმერთი. აქ ავგუსტინე მოიხმარს ე.წ. ტრინიტეტის მეტაფიზიკას. იგი სავსებით იმიჯნება იმ წინანდელი „მამების“ ახსნა-განმარტებებისაგან, რომელთა აზრით, ჯერ ძე იყო მამას დაქვემდებარებული, შემდეგ (პლატონის ტრიადის ზეგავლენით) სული-წმინდაც ამ ჩარჩოში მოექცა. იგი ამტკიცებს, რომ ღმერთი ერთი და სამპიროვანი ერთძალოვანია სამივე პირში. დაქვემდებარების ნაცვლად იგი იღებს ერთგვარ შეთანხმების თეორიას: სამპიროვანი ღვთაება თანასწორი პრინციპით შეთანხმებულია ღვთაების აბსოლუტურ ერთიანობაში. როგორც ვხედავთ, მხოლოდ ამ საკითხში გაბედა ავგუსტინემ, – ორთოდოქსალური ნეოპლატონისტური მოძღვრება შეასწორა და ქრისტიანული ტრინიტეტის მეტაფიზიკა თავისებურად ჩამოაყალიბა.

ღმერთის გამოცხადების შემდეგი სახე, ავგუსტინეს აზრით, უკავშირდება სამყაროს შექმნას. ღმერთმა შექმნა სამყარო, რათა თავისი კეთილი ბუნება გამოეცხადებინა, მაგრამ ღმერთს სამყარო თავისი თავისგან კი არ წარმოუშვია, – მაშინ სამყარო ღმერთის მსგავსი უნდა ყოფილიყო, – არამედ იგი არარაობისგან (Nihil) წარმოიშვა. ამიტომ სამყარო თავისთავში ყოველთვის ამ არას (Nihil), უარყოფით ნაწილს, შეიცავს და მას ღმერთის მუდმივი მზრუნველობა, ახლის შექმნა სჭირდება.

ღვთაებრივი შემოქმედებისა და შექმნის ძირითად ამბად ავგუსტინე ადამიანის შექმნას აცხადებს. ადამიანში გადმონერგილია ღვთაების მსგავსი არსი, უკვდავი სული. როცა ადამიანის სხეულის სხვადასხვა ორგანო სხვადასხვა დანიშნულებას ემსახურება, სინამდვილეში ყველგან უკვდავი სული მმართველობს. სულის უკვდავება და სხეულისგან დამოუკიდებლობა თავმოყრილია პიროვნების ცნებაში. პიროვნებას კი, ძირითადსა და შინაგანს, ახასიათებს თავისუფალი ნებისყოფა. ავგუსტინე გვასწავლის, რომ ადამიანი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც მხოლოდ ნებისყოფა. ადამიანიც ისევეა გაჩენილი, როგორც ყველაფერი, რაც არსისა და არაარსის შეხვედრისასაა წარმოშობილი; და რადგან ადამიანს მთლიანად ნებისყოფა გამოხატავს, ამიტომ, ცხადია, ნებისყოფასაც უნდა ჰქონდეს თავისი არსი და არაარსი. ეს არის ის, რომ ადამიანის ნებისყოფა, რამდენადაც ღვთაებრივ ნებისყოფას მიჰყვება იგი, იმდენად თავისუფალი ნებისყოფაა, ხოლო რამდენად ამ გზიდან გადაუხვევს, იმდენად არათავისუფალია. მაშასადამე, ნებისყოფის თავისუფლება, რომელიც ავგუსტინემ თავისი შემპარავი ენის ყველა არგუმენტით ქრისტიან ადამიანს უბოძა, სინამდვილეში იყო მონობის დასაბუთების საშუალება. ავგუსტინეს ადამიანს თავისი თავისუფალი ნებისყოფა შეუძლია მხოლოდ ღმერთისადმი მორჩილებისთვის გამოიყენოს და, თუ ამას შეეწინააღმდეგება, მაშინ მას აქვს თავისუფლება მონობისა და დაღუპვისა.

პიროვნება არ არის ღმერთისგან დამოუკიდებელი, მაშასადამე, არც თავისუფალი. მას უფლება აქვს გაჰყვეს ღმერთს და ავგუსტინეს ეს ნებაყოფლობითი დამორჩილება მიაჩნია თავისუფლებად. ავგუსტინე ლაპარაკობს, რომ ე.წ. „ბუნებრივი ადამიანი“, ადამიანი, რომელსაც თავისი არსება არ შეუგნია, სინამდვილეში მონა და ავია, მსახური ეშმაკისა და არა ღმერთისო. თავისუფლების მოხმარება ადამიანს ღმერთის მზრუნველობისა და მოწყალების სახით აქვს მინიჭებული და მხოლოდ ღმერთთან სრულ კავშირში შეუძლია მას ამ თავისუფლების თავისუფალი ნებისყოფის მიხედვით გამოყენებაო. გამოდის, რომ, რასაც ადამიანი მოიმოქმედებს – კეთილს, კარგსა და თავისუფალს – ყოველივე ეს ღმერთის მიერ წინასწარ განსაზღვრულ-განკუთვნილი იყო. წინასწარგანსაზღვრულობის თეორია, რომელიც მთელი ქრისტიანული თეოსოფიის აზრს შეადგენდა, ავგუსტინემ გამოიყენა დიდი მოხერხებით, მაგრამ დიდი გაიძვერობითაც. სრული თავისუფალი ნებისყოფა პირველ ადამიანს, ე.ი. ადამს ჰქონდა. მისი დაცემის შემდეგ ადამიანის ნებისყოფა თავისუფალი ყოფილა ცუდისაკენ და არა კეთილისაკენ. ადამიანს, რასაკვირველია, შეუძლია, კეთილისკენაც მიმართოს თავისი ნება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასზე ღმერთი მზრუნველობს და თუ მას ღმერთი თავის მოწყალებას არ მოაკლებს. ადამიანი, როგორც ღმერთის მიერ გაჩენილი, როგორც ქმნილება, ყოველივე დამოუკიდებელს მოკლებულია: იგი მოკლებულია თავისთავს, მხოლოდ უსიტყვო და უყოყმანო რწმენით შეუძლია მას იყოს ღმერთთან დაკავშირებული და ამ მხრივ თავისუფალი. ნათელია, რომ არავითარ ნამდვილი ნებისყოფის თავისუფლებაზე ავგუსტინე არ ლაპარაკობს. თუ გავიხსენებთ მის დიდ ბრძოლას ე.წ. პელაგიანიზმის წინააღმდეგ, კიდევ უფრო ნათელი გახდება ეს დებულება. პელაგიუსი ცდილობდა ქრისტიანობა სტოიციზმის ეთიკის პრინციპების მიხედვით გადაემუშავებინა და სტოელთა ნებისყოფის თავისუფლებისა და ცნობიერების ინტელექტური ავტონომიის პრინციპი რწმენისათვის გამოეყენებინა. პელაგიუსი ასწავლიდა, რომ ადამიანი პასუხისმგებელი არ არის ადამის შეცდომის გამო და, შესაბამისად, არც შთამომავლობითი ცოდვის მატარებელი. მისი ნებისყოფა სავსებით თავისუფალია და თავისი ნებაყოფლობით შეუძლია კეთილი აირჩიოსო. ამ მართლაც ნებისყოფის თავისუფლების თეორიას მთელი თავისი შესაძლებლობით ეკვეთა ავგუსტინე, ამხილა და გაკიცხა იგი, როგორც წმინდა ქრისტიანობასთან, ძველ და ახალ აღქმასთან მოურგებელი დოქტრინა და გაანადგურა კიდეც პელაგიანიზმი.

დანარჩენი ნაწილი მისი მოძღვრებისა, – თუ როგორ მოვა ადამიანად ქცეული ღმერთი და ადამიანს შთამომავლობითი ცოდვისაგან გაათავისუფლებს, ვინც ამას იწამებს, იგი ნებისყოფის თავისუფლებას ეკლესიის საშუალებით დაიმკვიდრებს და სხვ. – ყოველივე ეს ეკუთვნის დოგმებისა, და არა ფილოსოფიის, ისტორიას.

გ. ავგუსტინეს რეაქციული ისტორიოსოფია. ეკლესია გაბატონებული კლასის სამსახურში.

ამრიგად, ავგუსტინე არა მარტო თავს იცავს წარმართობისა და მისი ფილოსოფიისაგან, არამედ უკვე ქრისტიანიზმის საკუთარ ფილოსოფიას ქმნის, მოხერხებულად იყენებს ბერძნულ იდეალიზმს; მაგრამ შეგნებულად შორდება კლასიკური აზროვნების ტრადიციებს და ამკვიდრებს დამოუკიდებელი ქრისტიანული რელიგიური აზროვნების ფორმებს. ქრისტიანული თვალსაზრისით აფასებს იგი აგრეთვე მსოფლიო ისტორიას, აღმოსავლეთს, საბერძნეთს, რომს და ცდილობს თავისი ახალი პრინციპი ისტორიის ფილოსოფიაზედაც გაავრცელოს.

ავგუსტინეს აზრით, მსოფლიო ისტორია აგრეთვე ღმერთის მოქმედებისა და ადამიანის უძლურების ნიმუშს უჩვენებს. სამყაროს დასაბამიდან არსებობს და იბრძვის ორი ქვეყანა, ორი სახელმწიფო: ჩვენს ცოდვილ მიწაზე მოთავსებული ეშმაკის მფლობელობაში მყოფი (civitas terrena et diaboli) და ქვეყანა სიკეთისა და მშვენიერებისა, ღმერთის სახელმწიფო (civitas Dei). ქვეყნის ისტორიას ავგუსტინე ყოფს ექვს ისტორიულ პერიოდად: პირველად ადამიანები ცხოვრობდნენ ეგოიზმის გარეშე, კანონი არ იცოდნენ და არ იბრძოდნენ; შემდეგ იწყება ბრძოლისა და ეგოიზმის პერიოდი; დასასრულ მოდის მეექვსე და უკანასკნელი პერიოდი – civitas terrena-სი. ეს ის დრო იყო, როცა ქრისტე ცხოვრობდა ქვეყანაზე ადამიანის სახით. უსიამოვნება და უკანონობა, რომელიც ამ ქვეყანაზე კიდევ შეგვხვდება, – გვასწავლის ეს „ნეტარის“ სახელწოდებით მონათლული ეპისკოპოსი, – არარაობა და გარდამავალია; ამაზე შეჩერება არ ღირს, ეს ხანმოკლე გარემოებააო. აქ ძირითადია, რომ ურყევი რწმენითა და მტკიცე ეკლესიით მოვემზადოთ, რათა ღირსი ვიყოთ citivas Dei-ის მონაწილედ და მოქალაქედ გახდომისო. ამიტომ სასტიკად ილაშქრებს ავგუსტინე იმათ წინააღმდეგ, ვინც გატაცებულია ამქვეყნიური სახელმწიფოს მოწესრიგების ცდით (და პირბადეს ხდის გამარჯვებული ქრისტიანობის საზოგადოებრივ ბუნებას). პირვანდელ ქრისტიანობას იმთავითვე ახლდა უტოპიურ-კომუნისტური სექტები, რომლებიც მოითხოვდნენ ამ ქვეყანაზე ბედნიერების დამყარებას. ერთ-ერთ ასეთ სექტას წარმოადგენდა დონატისტები, რომელთა წინააღმდეგ ავგუსტინე იბრძვის თავის მრავალ ნაწარმოებში და ამტკიცებს, თითქოს ამქვეყნიური ბედნიერების ძებნა და ამ ქვეყანაზე (რომელიც ეშმაკისაა) საზოგადოებრივი იდეალების მოწყობის ცდა ღმერთის ღალატი და ეშმაკის სამსახურში გადასვლაა. ამით, რასაკვირველია, საბოლოოდ აიხადა პირბადე ქრისტიანულმა „მოყვასის სიყვარულმა“ და იგი გაშიშვლდა გაბატონებული კლასის სარწმუნოების სახით. ავგუსტინე აქაც წინამძღოლი იყო, აქაც იგი რელიგიურ-ეკლესიური რეაქციის პოლიტიკურ მესიტყვედ დარჩა.


[1] იხ. Ф. Энгельс: О первоначальном христианстве, – გვ. 29.

[2] К. Маркс и Ф. Энгельс, Сочинения, ტ. IV, გვ. 13

[3] პირველ აპოლოგეტთა წრიდან აქ განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს არისტიდე, რომლის აპოლოგიიდან სირიული და ბერძნული ტექსტის გვერდით ჩვენს დრომდე სომხურ ტექსტსაც მოუღწევია და რომლის საგრძნობი გავლენა ემჩნევა ადრინდელ ქართულ ქრისტიანულ აზროვნებასაც. მარციანუს არისტიდე იყო ათენელი, ცხოვრობდა მეორე საუკუნეში. მისი აპოლოგია შეთხზული უნდა იყოს 140 წლის შემდეგ. იგი ჭეშმარიტ ფილოსოფიას დაეძებს და ამას ქრისტიანობაში ნახულობს. მეორეს მხრივ, ქრისტიანული ღმერთი მას პლატონისებურად ესმის. იგია ერთი, უძრავი, უთქმელი, არა აქვს ფერი, სახელი, სქესი და წოდება. იმავე დროს იგი ებრძვის მზის გაღმერთებას; ებრძვის აგრეთვე ოთხი ელემენტის – ცეცხლის, ნიადაგის, ჰაერისა და წყლის – გაღმერთებას,- ყოველივე ესენი ღმერთმა გააჩინა და ღმერთები როგორ იქნებიან ღმერთის მიერ გაჩენილიო.

სინაის მონასტრის სირიული ტექსტების დამუშავების საფუძველზე რობინზონმა აღმოაჩინა, რომ ცნობილ ქრისტიანულ რომანში – „სიბრძნე ბალავარისი“ (რომელიც მრავალმხრივ უკავშირდება ძველ ქართულ კულტურას) მეფის წინაშე ქრისტიანი ნახორის მიერ წარმოთქმული სიტყვა წარმოადგენს არისტიდეს აპოლოგიის განმეორებას.

[4] უძველესი წყაროები გაზელ ფილოსოფოსთა მეგობრად ასახელებენ პეტრე იბერიელს, ქართველი მეფის შვილს და სირიული ეკლესიის ერთ-ერთ უგამოჩენილეს მოღვაწეს მეხუთე საუკუნეში.

[5] მანი ჯვარს აცვეს. (რედ.)

[6] ღვთის ქალაქი.


გამოიწერე ჟურნალი

ჟურნალის გამოწერის შემთხვევაში ელექტრონულ ფოსტაზე ყოველთვიურად მიიღებთ ახალ ნომერს. ჟურნალის გამოწერა უფასოა.



მდევარი