De Re Publica, ეპიზოდი 12: გურიის რესპუბლიკა

გააზიარე:


გადაცემის წამყვანები: ანი კახიძე, ელენე ფილფანი

ტრანსკრიპტის ავტორი: ანა კარტოზია

რედაქტორი: ბექა იობიძე

კორექტორი: ნუცა სეხნიაშვილი

ანი: მოგესალმებით, თქვენ უსმენთ სტუდია გეორგიკას პოდკასტ De Re Publica-ს უკვე მეთორმეტე ეპიზოდს. მე ვარ ანი კახიძე, ჩემთან ერთად არის ელენე ფილფანი და ვსაუბრობთ პირველ რესპუბლიკაზე. დღეს სტუმარი არ გვყავს.

ელენე: ასეთი რაღაც შევამჩნიეთ: როდესაც სტუმარი გვყავს, იმის გამო, რომ მცოდნე ადამიანი მოდის და ჩვენც აღტაცებულნი ვართ, უფრო მეტად ვუსვამთ ისეთ კითხვებს, რომლებიც ჩვენ გვაინტერესებს და, თუმცა ვცდილობთ, ყურადღებას მაინც იმდენად აღარ ვამახვილებთ იმ მასალაზე, რომელიც დავამუშავეთ. ამიტომ ვიფიქრეთ, რომ ამ ანალიზურ კითხვებში გვეკარგება შინაარსობრივი მხარე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან  პოდკასტის მიზანია, არა მარტო გაანალიზოს, არამედ, ასევე, გააცნოს ხალხს პირველი რესპუბლიკა.

დღეს ვისაუბრებთ გურიის რესპუბლიკაზე, რომელიც პირდაპირ უკავშირდება პირველ რესპუბლიკას. უნდა ვილაპარაკოთ ამ თემაზე იმიტომ, რომ წინა ეპიზოდში ჩვენ განვიხილეთ თვითორგანიზაცია და გვგონია, რომ საქართველოში ამ უკანასკნელის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი არის გურიის რესპუბლიკა.

ანი: როგორც ითქვა, წინა ეპიზოდში ვიმსჯელეთ თვითორგანიზაციის კულტურაზე, რომელიც სამოქალაქო ცნობიერის, ანუ ეროვნული იდეების, გაჩენასთან ერთად კიდევ უფრო გაძლიერდა, და უცნაური იყო ის, რომ წამომწყები ძირითადად იყო „ჩვეულებრივი მოსახლეობა“, ნაცვლად ელიტისა. ადამიანები სოფლებში, სათემო კულტურებში ცდილობდნენ თვითორგანიზებასა და ამგვარად საკუთარი თემის დახმარებას, ანუ საზოგადო სიკეთის შექმნას. ელენეს ჰქონდა ძალიან საინტერესო ჰიპოთეზა, რომ ზემოთქმული რაღაცნაირად გარდაიქმნა პოლიტიკურ თვითორგანიზებადაც.

ელენე: დიახ, თვითონ ეს რევოლუციაც თავისთავად თვითორგანიზების ფორმაა, ოღონდ, ცხადია, ბევრი სხვა შრეც ემატება ამას; ეს საკითხი მაინტერესებდა. გურიის რესპუბლიკა, ასე თუ ისე, ხალხს სმენია, სახალისოც არის, საინტერესო და ცოტა გასაოცარიც.

ანი: თან, მარტივია გარომანტიზება, საფრანგეთისა და გურიის რევოლუციების ერთმანეთის გვერდით მოხსენიება. არ შემინიშნავს, რომ სადმე ყურადღება გაემახვილებინოთ იმაზე, თვითორგანიზება, თემი როგორ გახდა განმსაზღვრელი გურიის რესპუბლიკისა. რაც ძალიან მომეწონა თავიდანვე, როცა ამ პერიოდისა და გურიის რესპუბლიკის შესახებ წავიკითხე, იყო ის, თუ როგორ იწყება ყველაფერი ადამიანური კავშირებიდან, ანუ ჩვეულებრივ ურთიერთობებს რამხელა ზეგავლენა აქვს დიდ მასშტაბზე. ხანდახან გვავიწყდება და გვგონია, რომ უჩინარი ხელი მოქმედებს, ამ მაგალითით კი ძალიან კარგად ჩანს, რომ ერთი სოფლის მეზობლები, კლასელები, კურსელები არიან დიდი საქმის შემოქმედნი, მიზეზნი.

ელენე: დიახ, მგონია, რომ გურიის რესპუბლიკა ძალიან კარგად აჩვენებს მაგ მხარეს. უპირველესად, მოკლედ გეტყვით, რა არის საერთოდ გურიის რესპუბლიკა და რაზე ვლაპარაკობთ. სინამდვილეში, ყველაფერი სათავეს იღებს 1902 წლიდან, როცა იწყება აჯანყებები და მუშათა გაფიცვები. ჩვენ კარგად ვიცით, რომ იდეოლოგიური კუთხით პირველი რესპუბლიკის მმართველები მენშევიკები იყვნენ. მაგ დროს მარქსისტული იდეები ქვეყანაშიც და მსოფლიოშიც “დაპარპაშებდა”. ცხადია, რომ მემარცხენე იდეოლოგია იყო გაბატონებული ამ შემთხვევაშიც.

ანი: უნდოდათ თავისუფლება და 8-საათიანი სამუშაო დღე.

ელენე: ეს ხუმრობით, მაგრამ არც მთლად. უბრალოდ, გურიის რესპუბლიკაზე საუბრისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არ იყო ერთ-ერთი უჩვეულო მოვლენა, – ვგულისხმობ იმას, რომ გურიის რესპუბლიკა თავისთავად გულისხმობს სახელმწიფოსადმი, ანუ იმპერიისადმი, დაუმორჩილებლობას და, საბოლოო ჯამში, 1905 წლისთვის იმის მიღწევას, რომ ისინი ფაქტობრივად აღარ ემორჩილებიან მეფისნაცვალს – შესაბამისად, იმპერატორს. გურიამ რომ გამოყოფა მოახერხა, ცხადია, ანგარიშგასაწევი ამბავია; ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ასეთი დაუმორჩილებლობის შემთხვევები ხდებოდა იმ დროს იმპერიაში; საქართველოს სხვა რეგიონებშიც, სამაგალითოდ, სენაკსა და სოხუმშიც.

ანი: აქვე ისიც ვთქვათ, რომ ეს შემთხვევა მაინცდამაინც ეროვნულ ნიშანს არ ატარებს. ანუ, მაგალითად, იმპერიას საშუალო სკოლაში ქართული ენის სწავლება მხოლოდ დაწყებით კლასებში სურდა, შემდეგ ისევ რუსულზე აპირებდნენ ყურადღების გამახვილებას. ამ ყველაფრის თანადროულად სწორედ გლეხობა ამბობს, რომ, ცხადია, ურჩევნიათ რუსეთის იმპერიაში ყოფნა, ოღონდ მეტი თავისუფლება სჭირდებათ და გადასახადების, რომლებიც ასე აწევთ, შემსუბუქება სურთ.

მთელი ჩვენი სამომავლო საუბრის განმავლობაში ორი ძირითადი დაშვება გვაქვს,- ერთი ის, რომ გურიის რესპუბლიკის ამბავს ეროვნული ნიშანი არ ჰქონდა და, მეორე, უნიკალური შემთხვევა არ არის, მხოლოდ საქართველოში არ მომხდარა.

ელენე: გადავამოწმებთ ამ ყველაფერს, ასე ვთქვათ. სინამდვილეში, მე და ანი ვცდილობთ, მასალის კითხვისას ეს პერიოდი არ გავაიდეალოთ; ამის გამო შემოვიღეთ ეს დაშვებები.
მოკლედ, დავუბრუნდეთ ისევ იმ თემას, რატომაც ავარჩიეთ გურიის რესპუბლიკა: მიუხედავად იმისა, რომ შედარებით ნაცნობია სენაკისა თუ სოხუმის რევოლუციები და რესპუბლიკები, ისინი არ იყო იმდენად მომწიფებული და მასშტაბური, როგორც გურიისა; ასევე, ისე ძალიან არ უკავშირდებოდა შემდეგ უკვე პირველი რესპუბლიკის მთავარ ხალხს.

უნდა დავიწყოთ იმ მიზეზების გამოკვეთა, რომლებმაც უზრუნველყო, რომ კონკრეტულად აქ მომხდარიყო ეს რევოლუცია ასე შედეგიანად, და არა სადმე სხვაგან. ვსაუბრობთ ოზურგეთის მაზრაზე, რომელიც შედის ქუთაისის გუბერნიაში. ოზურგეთის მაზრა (ჩვენთვის გურია) ფართობით არ არის დიდი. აჯანყება უკავშირდება ბატონყმობის გაუქმებასა და გლეხების მდგომარეობას, – რა კანონები დააწესეს ბატონყმობის გაუქმების შემდეგ, როგორ უნდა მიეღო გლეხს მიწა, როგორ უნდა გამოესყიდა იგი, რა ურთიერთობები უნდა ყოფილიყო, საგადასახადო საკითხები და ა.შ. გურიაში მიწა ოჯახებისთვისაც კი არ იყო საკმარისი. აღნიშნული აწუხებდა არა მხოლოდ გლეხებს, არამედ საშუალო აზნაურობასაც, – მიწები და ქონება არ გააჩნდათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ძალიან გაღატაკებულნი იყვნენ. პრობლემა იყო ის, რომ საკუთარი მიწები არ ჰქონდათ და მუშაობდნენ სხვებისთვის; ასევე, იხდიდნენ დიდ გადასახადებს, რაც იყო მძიმე წნეხი.

ანი: თან, მოსავლიანობა იყო ცუდი 1901-1903 წლებში.

ელენე: ზოგადად, იქამდე კარგი მოსავლიანობა იყო სიმინდის მხრივ, მაგრამ შემდეგ კრიზისული პერიოდი დადგა.

ანი: აქ ვთქვათ ისიც, რომ იაპონიისა და რუსეთის ომი მიმდინარეობს, რის გამოც ბევრი მამაკაცი და ცხენი მიჰყავთ, გააქვთ მარცვლეული. მამაკაცებზე რაც უნდა გავითვალისწინოთ, და ეს ალბათ ყველა ომს ახასიათებს, არის ის, რომ, მართალია, დიდი დანაკარგი იყო, თუმცა, როცა დაბრუნდნენ ეს ადამიანები, ჰქონდათ სამხედრო ცოდნა, რასაც შემდეგ აჯანყებისთვისაც იყენებდნენ.

ელენე: რახან მიწა არასაკმარისი იყო, ზოგი მუშაობდა, ზოგი სხვისთვის მუშაობდა, იხდიდა გადასახადებს, მაგრამ, ასევე, ადამიანთა მნიშვნელოვანი ნაწილი მიდიოდა მეზობელ ოლქებსა და  გუბერნიებში, ძირითადად ბათუმში. 1902 წელს დაიწყო გაფიცვები, მუშათა აჯანყებები, ისევ სოციალისტური ტალღა, ჩვეულებრივ რაც ხდება ხოლმე.

ანი: არაყზე აქციზი გაიზარდა 60 პროცენტით, რასაც მოსახლეობა ძლიერ გმობდა.

ელენე: მოკლედ,  თურმე სასმლის დაბეგვრა არ უყვარს ხალხს. ბათუმში, სადაც ხალხი იფიცებოდა, სამუშაოდ წასული გლეხები რევოლუციურ იდეებს ეზიარებოდნენ; იქაც, სხვათა შორის, მოწინავე ხალხი ცხოვრობდა, რადგან წერა-კითხვა ბევრმა იცოდა. საპროტესტო ტალღის შემდეგ იმპერიამ მიიღო ზომები და უკან დააბრუნეს ეს 500 გურული მუშა, ხოლო მათ  ზემოხსენებული იდეები ჩამოიტანეს გურიაში.

ანი: 1886 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გურიის 63 სკოლაში 2833 მოსწავლე სწავლობდა. სხვა გუბერნიებთან შედარებით საკმაოდ დიდი მაჩვენებელია;  დაახლოებით ყოველი მეათე ადამიანი სწავლობდა. სხვათა შორის, გურიაში მოგზაურობისას ერთ-ერთი კორესპონდენტი წერდა, რომ „ქართველთა შორის ყველაზე განათლებულნი არიან [გურულები], ბიბლიოთეკა არის ყველა სოფელში და ყველა სოფელს საკუთარი საფოსტო სამსახური აქვს, რათა ყოველდღიურად მიიღოს გაზეთები თბილისიდან, ბათუმიდან და რუსეთიდან“. თუ ჩვენ გვისმენთ ან უბრალოდ ნაციონალიზმით ხართ დაინტერესებული, გეცოდინებათ, რომ გადაადგილებასა და გაზეთებს ყველაზე ხშირად ახსენებენ ჩვენი სტუმრები, როგორც ეროვნული და სათემო კულტურის შექმნის მნიშვნელოვან მიზეზს. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს,  გურიაში არსებობდა პოლიტიკური ელიტის წარმოქმნის საფუძვლები.

ელენე: ამ პოლიტიკურ ელიტაში ვგულისხმობთ იმათ, ვინც იყვნენ გურულები, ცხოვრობდნენ გურიაში. ზოგი იყო მცირე აზნაური, ზოგი შეიძლება გლეხიც ყოფილიყო, თუმცა ნაკლებად. სასწავლებლად ქუთაისში ან სხვაგან მიდიოდნენ, თუმცა უმეტესად ვერ ამთავრებდნენ თავიანთი მეამბოხე ხასიათის გამო, ბრუნდებოდნენ გურიაში და ეს იდეებიც თან ჩაჰქონდათ.

ანი: თან, აჯანყებების გამოცდილებაც ჰქონდათ. იმის გამო, რომ პერიფერიაში იყვნენ, ოსმალეთთან შერკინების იარა ახალი მოშუშებული იყო. მგონია, რუსეთის შემადგენლობაში დარჩენაც ამიტომ სურდათ, – დიდი იმპერია ძველი საშიშროებებისაგან უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოდგებოდა. თუმცა მანამდეც მოხდა სამი დიდი აჯანყება, 1841, 1862 და 1886 წლებში. ისიც ვთქვათ, რომ ყველა გურულს ჰქონდა იარაღის ტარების უფლება.

ელენე: უფლება კი, მაგრამ იარაღი ნაკლებად. სამწუხაროდ, ჯოხები ჰქონდათ და ჯოხების თავისუფლება გამოდიოდა.
მოკლედ, მინდა შევეცადოთ, რომ დავხატოთ სურათი, როგორ ვითარდებოდა ეს მოვლენები ყოველდღიურად, თითქოს იქ ვართ. სათემო კულტურა ზუსტად იმაში ჩანს, ჩემი აზრით, რომ იგი ყოველთვის დაიყვანება ინდივიდთა ურთიერთობებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და თავისებურია. პირველი ნაპერწკალი, საბაბი, რის გამოც აჯანყებების ეს ტალღა დაიწყო, გაჩნდა 1902 წელს სოფელ ნიგოითში; საძოვრებით სარგებლობისთვის გაღვივდა პროტესტი. გლეხები, როგორც ვთქვით, უმეტესად ვიღაცისთვის მუშაობდნენ და კიდევ დამატებით გადასახადებს იხდიდნენ. ამ შემთხვევაში ერთი პირის, მაჭუტაძის, მეურვეობის შესახებ დავობდნენ, პროტესტის ფორმა კი იყო ბოიკოტი, – არავინ მიწას არ გიმუშავებს, ფაქტობრივად არც არავინ  გესაუბრება, ხარ სრულიად გარიყული. ამ გადაწყვეტილებას სათავეში ედგა სემინარიიდან გამოგდებული „ელიტის წარმომადგენელი“ გრიგოლ ურატაძე; ამბავიც კი არსებობს, – ჩოხა რომ ეცვა, ზოგს ანაფორა ეგონა და ამბობდნენ, მღვდელი გაუძღვა შეხვედრასო. აღნიშნული არ არის შემთხვევითი იმიტომ, რომ მეტად რელიგიური სახე ჰქონდა ამ შეკრებას და ეს არის ჩემთვის ყველაზე საინტერესო საკითხი.

ანი: სათემო შეხვედრაზე, როცა გადაწყვიტეს, რომ ბოიკოტი გამოეცხადებინათ მიწებისთვის, აწიეს სამი თითი და ფიცის ნიშნად, რომ ყველა დამნაშავეს დასჯიდნენ, წარმოთქვეს „ამინ“ სამჯერ.

ელენე: კი, ბატონო. ყოველ შეხვედრაზე ასე რიტუალად მეორდებოდაო. ახლა ეს რატომ მაინტერესებს ასე ძალიან; იმიტომ, რომ კარგად ჩანს საზოგადოების გათანადროულება. ეს შეკრება, ფორმის მხრივ, არის თანამედროვე, სამოქალაქო უფლებებზე მომართული, ხოლო შინაარსის მხრივ – სრულად მითოსური. სიტყვა „მითოსური“, სხვათა შორის, გამოიყენება წყაროებშიც იმიტომ, რომ არის რელიგიური. თან, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, ამ ხალხს, რომელიც ისმენს სემინარიიდან წამოსული სტუდენტების „ქადაგებას“, რა დამოკიდებულება აქვს. სტუდენტობა დღესაც ხომ, ასე ვთქვათ, სათაყვანებელია, ყველას უნდა, რომ უნივერსიტეტში ჩააბაროს მისმა შვილმა; წარმოიდგინეთ, მაშინ რა იქნებოდა… გურიაშიც ესწრაფოდნენ ამას. ლეგენდა არსებობდა, რომ იმ შეკრებას ლონდონიდან ჩამოსული სტუდენტი უძღვებოდა –  სრული მისტიფიკაციაა.

ანი: ძალიან საინტერესოა, როგორ შემოდის გათანადროულება სტივენ ჯონსის წიგნში „სოციალიზმი ქართულ ფერებში“. ავტორი წერს, რომ გლეხები თანდათანობით უფრო და უფრო ერკვეოდნენ რევოლუციურ ტერმინოლოგიაში; მალევე მოითხოვეს, რომ მათთვის „მოქალაქით“ მიემართათ. ანუ, აცნობიერებენ, რომ „მოქალაქის“ ტერმინი არსებობს და მოითხოვენ კიდეც, რომ „მოქალაქე“ უწოდონ.

ელენე: ასე დაიწყო ეს ტალღა, ბოიკოტები… ასევე, პროტესტი იღებდა რთულ, ძალადობრივ ფორმებსაც, – წვავდნენ ტყეებს, ვენახებს…

ანი: მანდ გარემოც გასათვალისწინებელია: გურიაში მარტივი იყო დამალვა, როგორც წავიკითხეთ, და ჩასაფრებითი ბრძოლა მოწინააღმდეგეებთან. ამ უკანასკნელის გამო არსებობდა ასეთი ტერმინიც „რევოლუციური ყაჩაღები“ და, თუ ამ ამბავს გავაზვიადებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი სამოქალაქო პროტესტი, რომელიც იქცა ტერორიზმად, გურიაში ჩნდება.

ელენე: კი, იმიტომ, რომ სიტყვა „ტერორიზმსაც“ იყენებენ, როცა საუბრობენ, მაგალითად, ტყეების გადაწვაზე. ლოგიკურია და კარგადაც აჩვენებს, მერე რატომ სცემენ საქართველოში ამხელა პატივის აბრაგებს, ყაჩაღებს.

ანი: აქვე, იმასაც ვიტყვი, რომ 1905 წლის დასაწყისისთვის ოზურგეთის მაზრის პოლიციის 8 ოფიცრიდან ერთი მოკლეს, ერთი დაიჭრა, ორი იქაურობას გაეცალა და ოთხიც გადადგა.

ელენე: არეულობა იყო, მარტივად რომ ვთქვათ. ახლა უფრო მეტად განვავრცოთ, თუ რა იგულისხმება, როცა ვამბობთ, რომ სტუდენტები „ქადაგებდნენ“. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ გაზეთებს ყველა კითხულობდა, თუმცა იმ გაგებით არა, რომ მართლა ყველა ისხდა და კითხულობდა; უბრალოდ, ვინც იცოდა წერა-კითხვა, დაჯდებოდა და უკითხავდა ხალხს. ეს ალბათ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო თემისა და მიკუთვნებულობის განცდის გასაღვივებლად, ერთი იდეის გარშემო შეკვრისათვის. ასევე, უნდა ვახსენოთ შეხვედრები, რომელთა განმავლობაშიც მსჯელობდნენ რიგ საკითხებზე. მეტად უნდა ვისაუბროთ სოციალ-დემოკრატებზე, რომლებიც  თავიდან ცოტა ეჭვის თვალით უყურებდნენ გურიაში აჯანყებას, მაგრამ შემდეგ მნიშვნელოვნად ჩაერთნენ და, შეიძლება ითქვას, იდეოლოგიური სადავეები ხელში აიღეს. აღსანიშნავია ისიც, რომ შეხვედრებზე გურული გლეხებიც ეზიარებოდნენ მათს იდეოლოგიას.

ახლა კი ვილაპარაკოთ, როგორ შემოვიდა მარქსისტული იდეები გურულ გლეხებში და…

ანი: როგორ მიეცა სოციალიზმს ქართული ფერები.

ელენე: იკრიბებოდნენ ერთ ადგილას, განიხილავდნენ და კამათობდნენ ხან შუადღის 2 საათიდან საღამოს 7 საათამდე, ხან დღეების განმავლობაში.

ანი: როგორც სტივენ ჯონსი აღნიშნავს, არ უნდა წარმოვიდგინოთ, თითქოს შეკრებები მუდამ ცხარე პოლიტიკური კამათის ფონზე მიმდინარეობდა; წერს, რომ ზოგი გლეხი გასართობად მიდიოდა ან სათემო განხილვებისას სათემო სამართალში ჩართული იყო პირადი მიზნების გამო.

ელენე: პრინციპი არის ის, რომ მარქსი პროლეტარიატს ეყრდნობა, გლეხობაზე არ ამახვილებს ყურადღებას. საქართველოში კი ცოტა განსხვავებული სურათი დაიხატა.

ანი: ჩემი აზრით, იმიტომ, რომ მოდერნიზმი მოგვიანებით შემოდის.

ელენე: მოდერნიზმს რომ თავი დავანებოთ, პროლეტარიატი არ ჰყავს საქართველოს. ქარხნებში ვინც მუშაობენ, სინამდვილეში გლეხები არიან. ისიც საინტერესოა, ქალაქებში როგორ არის კუთხურობა შენარჩუნებული. გლეხობა არ არის მოდერნული ქალაქის მაცხოვრებელი.

ანი: ქალაქს მაშინ ფეხი არ აქვს მოკიდებული, არსებობს, მაგრამ დროებითი სამყოფელივითაა.

ელენე: ხომ, სახლად არ ქცეულა. ზუსტად ამიტომ, რახან გლეხობა უფრო მეტია, მაგრამ არსებობს საზოგადოებრივი იდეები და სურვილი აჯანყებისა, გადატრიალებისა, საქართველოში, ყოველ შემთხვევაში გურიაში, ამ რევოლუციის ცენტრი აღმოჩნდა გლეხობა. როცა ვთქვით, რომ სოციალურ-დემოკრატები თავიდან ეჭვის თვალით უყურებდნენ ამ ყველაფერს, ვიგულისხმეთ, რომ, მარქსისტული იდეებიდან გამომდინარე, გლეხი არ უნდა ყოფილიყო რევოლუციის წამყვანი ძალა; თუმცა შემდეგ დაინახეს შესაძლებლობა და მათ ამოუდგნენ მხარში, იდეოლოგიური სადავეები ხელში აიღეს. შეიძლება ითქვას, შემდეგი გახდა მთავარი გამმიჯვნელი ბოლშევიკებისა და მენშევიკებისა: მენშევიკებს მიაჩნდათ, რომ გლეხებიც უნდა „დავპატიჟოთ“ ამ ჩვენს რევოლუციაში, ბოლშევიკები კი მაინც უფრო ორთოდოქსულ მარქსიზმს მისდევდნენ. ძირითადი პრინციპი ეს არის, რომ საქართველოში სოციალიზმს ქართული, გლეხური ელფერი მიეცა. საინტერესოა აღნიშნული იდეა  როგორ განვითარდა, სად დასჭირდათ და გამოიყენეს, როდესაც საბჭოთა კავშირის სათავეში ბოლშევიკები იყვნენ, თუმცა დღეს ამას თავს დავანებებ.

ანი: ნოე ჟორდანია ამბობს,-„ ღარიბი გლეხიც პროლეტარიატია“.

ელენე: მოკლედ, სოციალ-დემოკრატების იდეოლოგიისთვის გლეხობას ხორცი უნდა შეესხა. განვიხილოთ მოთხოვნები, რომლებსაც სათემო შეხვედრებზე აყენებდნენ. აქ მნიშვნელოვანია ისიც, საიდან ვიცით მათზე – გაზეთი „მოგზაურიდან“. ეს ხდება 1905 წელს, როცა მეფისნაცვლის ინსტიტუტი აღდგა საქართველოში და დანიშნეს ვორონცოვ-ტაშკოვი, ასე თუ ისე, ლიბერალი. მას სურდა, რომ ამბოხებები ჩაეხშო, ოღონდ სასიკეთო მიდგომით. უპირველესად, უნდა დაეკმაყოფილებინა აჯანყებულთა მოთხოვნები. მაინცდამაინც არ იცოდა, რომ აღნიშნული ძალიან რთული იქნებოდა შესასრულებლად. იმისათვის, რომ გაეგო, რა სჭირდებოდა გლეხობას და რის გამო ჯანყდებოდა, მან გურიაში გააგზავნა სამოქალაქო განყოფილების თანაშემწე კრიმ გირეი,  რომელმაც სხვადასხვა თემში იმოგზაურა და დაესწრო შეხვედრებს. მან იქვე გააცნობიერა, რომ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლებელი იყო მაშინდელი  რესურსებითა და პოლიტიკური მოცემულობით; ეს არც მეფისნაცვლისა და არც იმპერატორის მისწრაფება არ იყო. გაზეთი „მოგზაური“ დაჰყვებოდა კრიმ გირეის, იწერდა ყველაფერს, მათ შორის შეხვედრების მიმდინარეობას, მოთხოვნებს, რამაც ხელი შეუწო რევოლუციური ტალღის გავრცელებას. ეს უკანასკნელი აღმოსავლეთსაც მოედო. სწორედ ამის დამსახურებაა, 15-პუნქტიანი მოთხოვნები რომ ჰქონდათ ჯვარცმის თემში (სახელები ჰქონდათ გადასარევი; თავიდან რომ ვახსენეთ შეხვედრა, რომელზეც სამი თითი აწიეს, ეგ იყო მიქელ-გაბრიელის თემი). ეს მოთხოვნები შინაარსობრივად შეგვიძლია დავყოთ ორნაირად. პირველი ექვსი პუნქტი არის ეკონომიკური: გლეხებს დაუბრუნდეთ უსამართლოდ მოკლებული ფული; დროებით ვალდებულმა გლეხებმა თავიანთი ნაკვეთები შეინარჩუნონ და ყოველგვარი შემდგომი გადასახადისაგან განთავისუფლდნენ (ეს დროებითი ვალდებულება გულისხმობს: როცა ბატონყმობა გადავარდა, გლეხებს მაინც უნდა გადაეხადათ რაღაც თანხა, რათა გამოესყიდათ ის მიწა, რომელსაც ამუშავებდნენ, რაც, ცხადია, ძალიან აზარალებდა მათ); ხაზინას მიეცეს თავისი მიწა; ეკლესიას, სახაზინოსა და მსხვილ მემამულეებს ჩამოერთვათ მიწა (ამათაც გადასახადებს უხდიდნენ და ამ მხრივ არ აწყობდათ); დაწესდეს პროგრესული გადასახადი, ნულოვანი გადასახადით მათთვის, ვისი წლიური შემოსავალიც ხუთი ათას მანეთზე ნაკლებია; გაუქმდეს ფარული გადასახადები და ტარიფები. პირველი ექვსი პუნქტი მთლიანად ეკონომიკურ მდგომარეობას ეხება, რომელიც, თავის მხრივ, ერთ-ერთი მიზეზი იყო აჯანყების დაწყებისა. ამის შემდეგ მოდის ისეთი მოთხოვნები, რომლებზეც, უპირველეს ყოვლისა, იმას იფიქრებ, რომ  მარტო გლეხობა არ დაწერდა, არც მოაფიქრდებოდა და ურევია პროპაგანდისტული ხელი სოციალ-დემოკრატებისა. რაც შეეხება კონკრეტულად მოთხოვნებს: პირველი არის, რომ ეკლესია და სახელმწიფო განცალკევდეს; არსებობდეს უფასო სავალდებულო განათლება 16 წლის ასაკამდე; არსებობდეს სიტყვის, ბეჭდვის, შეკრების თავისუფლება და გაფიცვის უფლება; პიროვნებისა და ოჯახის ხელშეუხებლობა აუცილებელია; გაუქმდეს ქვეყნის შიდა სატრანსპორტო სისტემა; გაუქმდეს რეგულარული ჯარი; სასამართლო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ხალხის წინაშე უნდა იყვნენ პასუხისმგებელნი; დაბრუნების ნება დაერთოთ ადმინისტრაციულ გადასახლებაში მყოფ პირებს; მეთხუთმეტე არის, რომ მოიწვიონ დამფუძნებელი კრება. ბოლო შვიდი-რვა პუნქტი როგორი სახელმწიფოებრივი დონის მოთხოვნებია, კარგად ჩანს. მარტო ოზურგეთის თემზე რომ არ არის გათვლა და სოციალ-დემოკრატების იდეების პროპაგანდას წარმოადგენს, ცხადია, მაგრამ, რატომაც ვთქვით თავიდან, რომ გურია ძალიან საინტერესოა, არის ის, შემდეგ ეს იდეები როგორ განხორციელდა პირველ რესპუბლიკაში. ჩვენს ისტორიაში ასეთი განგრძობითობის მაგალითი ბევრი არ მოიძებნება. აქვე, გარდა იმისა, რომ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, მალევე მიხვდნენ, რომ ლიბერალური დამოკიდებულებაც მეტად არამომგებიანი იყო, მკაცრი ზომები უნდა მიეღოთ და მიიღეს კიდეც.

ანი: მე მგონია, რომ კარგად არ გვაქვს გააზრებული, რა დიდი სისხლისღვრითა და ბრძოლით მოუწიათ გურულების „დამორჩილება“. მერე შენიშნავს კიდეც ავტორი, რომ ისინიც კი, ვინც რევოლუციაში მნიშვნელოვნად იყვნენ ჩაბმულნი, ხდებიან მეფის მორჩილნი, რადგან ასობით ადამიანს ხოცავენ, ასახლებენ, სახლებს უწვავენ; ვისაც სახლი არ გადაუწვეს, გაუნადგურეს ყანები იმისათვის, რომ საჭმელი არ ჰქონოდათ.

ელენე: სხვათა შორის, არსებობს ფოტოებიც; შემზარავი სანახავია ეს ჩამწკრივებული გადამწვარი სახლები და რომ იცი, 1906 წელს არის გადაღებული, თავში გეცემა პირდაპირ მთელი თავისი ისტორიით. ამ პერიოდში, როცა გურულები „სისხლში იხრჩობოდნენ“, ძლიერ იყო განვითარებული სათემო, ერთსულოვნების კულტურა,- ერთმანეთს ეხმარებოდნენ, ფულს უგროვებდნენ…

ამ თემის ირგვლივ, ალბათ, ყველაზე მეტად ყურადსაღები არის თვითორგანიზების მნიშვნელობა სამხედრო დაპირისპირების დროს, რასაც ამჟამად უკრაინის მაგალითზეც ძალიან კარგად ვხედავთ. ჩვენს შემთხვევაში, მართალია, სამხედრო დაპირისპირებას არა, მაგრამ პროტესტს ვგულისხმობ; მაგისი ფხა რაღაცნაირად გამოგვეცვალა, რადგან ერთი მიტინგიც კი ვერ გაგვიმართავს ნორმალურად.

ანი: მადლობა რომ უსმენდით სტუდია „გეორგიკას“ პოდკასტ De Re Publica-ს ელენესა და ანისთან ერთად. შემდეგ ეპიზოდში უკვე სტუმართან ერთად დავბრუნდებით და გავაგრძელებთ პირველ რესპუბლიკაზე საუბარს.



მდევარი