ნეოპლატონიზმი

ნეოპლატონური სკოლის მიმდევრები

გააზიარე:


ავტორი: მოსე გოგიბერიძე

რედაქტორი: გ. თევზაძე

რჩეული ფილოსოფიური თხზულებანი, ტომი III, “თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა”, 1972

კორექტორი: სოფიკო ქურდაძე

სტატია გააციფრულა კატო მეუნარგია

გელა გელაშვილის ბიბლიოთეკიდან

ნეოპლატონიზმი იყო ბერძნული ფილოსოფიის უკანასკნელი გიგანტური ცდა, აღედგინა კლასიკური ეპოქის ფილოსოფია, შეევსო იგი რელიგიური ექსტაზის იდეით. თავისი ისტორიის პირველ პერიოდში იგი ცდილობდა ანტიკური ადამიანისათვის დაემტკიცებინა, რომ ქრისტიანობა საჭირო არ იყო, რომ ქრისტიანობის მიერ მოცემული მოძღვრება ბერძნულ ფილოსოფიაში მოინახებოდა. ამიტომ, როგორც ფილოსოფიური დოქტრინა, ნეოპლატონიზმი იყო ერთგვარი შენაკრები – ასე ვთქვათ, თეორიული სინკრეტიზმი. კ. მარქსი წერს, რომ ნეოპლატონური ფილოსოფია „სხვა არაფერია, თუ არა ფანტასტიკური შერევა სტოელთა, ეპიკურელთა და სკეპტიკოსთა მოძღვრებისა; შეიცავს პლატონისა და არისტოტელეს ფილოსოფიას“.[1] მაგრამ ნეოპლატონიზმი არა მხოლოდ ფილოსოფიური სინკრეტიზმი, არამედ რელიგიურიც იყო: „ნეოპლატონიზმს სურდა ყოფილიყო წმინდა პლატონიზმი, ფაქტობრივად კი იგი იყო მსოფლგაგების ახალი ფორმა, რომელიც ბერძნული ფილოსოფიის ძირითად აზრებს აღმოსავლური და ბერძნული რელიგიის წარმომადგენლებთან ერთად ერთ სისტემაში აერთიანებდა და ამას ნაწილობრივ ანტიკური რელიგიის დასაცავად, ძირითადად კი ქრისტიანობის წინააღმდეგ საბრძოლველად ხმარობდა“.[2]

ა. ამონიოს საკა

ნეოპლატონიზმის დამაარსებელი, ალექსანდრიელი ბერძენი ამონიოს საკა (175-242) ბავშვობაში ქრისტიანი იყო, ხოლო როცა მან „ფილოსოფიისა და გონების გემო იხილა“, ქრისტიანობას უღალატა და ბერძნულ რელიგიასა და ბერძნულ ფილოსოფიას დაუბრუნდა. გასაგებია, რომ მის მიერ დაარსებული ნეოპლატონიზმი, ერთი მხრივ, ქრისტიანობას ებრძვის და, მეორე მხრივ, ამტკიცებს, რომ პლატონისა და არისტოტელეს მოძღვრებაზე დაყრდნობით შესაძლებელია უფრო სრულქმნილი რელიგია შევქმნათ, ვიდრე ეს მოზაიზმისა და ელინიზმის სინკრეტიზმის სახით იმ დროს (მესამე საუკუნის დასაწყისში) ქრისტიანობას მოეპოვებოდა.

ნეოპლატონიზმი იყო ძალიან დიდი მოძრაობა და სკოლა. ალექსანდრიაში წარმოშობილი, იგი მოედო სირიას, საბერძნეთსა და იმპერიის ლათინურ ნაწილსაც. რასაკვირველია, ისტორიის მსვლელობა ნეოპლატონიზმმა ვერ შეაჩერა, ქრისტიანობამ მას აჯობა და მოეპყრო ისე, როგორც ქრისტიანული სინკრეტიზმი სხვა მეტოქეებს ეპყრობოდა, ე.ი. ერთი დიდი ნაწილი ნეოპლატონური მოძღვრებისა ქრისტიანობამ თავისი დოგმატის საფუძვლად გაიხადა. მე-5 საუკუნეში ნეოპლატონიზმი საბოლოოდ შთანთქა ქრისტიანულმა დოგმამ და ის ქრისტიანული მისტიკის ფილოსოფიურ დასაყრდენად იქცა.

ბ. პლოტინი

ამონიოს მრავალრიცხოვან მოწაფეებს შორის პლოტინი იყო ჭეშმარიტი ფილოსოფოსი. სინამდვილეში იგი არის ნეოპლატონიზმის დოქტრინის შემქმნელი. როგორც ამ ეპოქის ბევრი სახელგანთქმული ადამიანი, პლოტინიც ეგვიპტეში დაიბადა, 204 წელს. თანახმად მისი მისტიკური მსოფლმხედველობისა, თვითონ არ ასახელებდა არც თავის მშობლებს, არც თავისი დაბადების დროსა და ადგილს. მისი მოწაფე და ბიოგრაფი პორფირე განმარტავს, – მას რცხვენოდა, სხეული და ხორცი რომ ჰქონდაო. 11 წელიწადი ამონიოსის მოწაფე იყო. აღმოსავლეთის სიბრძნით გატაცებული, იგი სპარსეთის წინააღმდეგ ომში მონაწილეობს, რათა სპარსეთისა და შემდეგ ინდოეთის სარწმუნოება და სიბრძნე გაიცნოს. ომში რომი დამარცხდა (242წ.) და პლოტინს მიზნისათვის არ მიუღწევია. 244 წ. იგი რომში გადმოსახლდა, სადაც საკუთარი ფილოსოფიური სკოლა დააარსა. ამ სკოლას იგი თითქმის სიკვდილამდე მეთაურობდა. პლოტინი გარდაიცვალა 270 წ.

საკუთარი ხორცისა და სხეულის მოძულე მისტიკოსმა, აღმოსავლური სასწაულმოქმედებისა და ამასთან ერთად ბერძნული ფილოსოფიის უდიდესმა მცოდნემ – პლოტინმა – რომში უდიდესი გავლენა მოიხვეჭა. პლოტინი და მისი მოწაფეები თავიანთ იდეებს ავრცელებენ ათასნაირი ხრიკით, მაგიით, სასწაულმოქმედებით, მარჩიელობითა და მისტერიებით. ეს მოძღვრება განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა საზოგადოების მაღალი წრეებისთვის. დაავადებული და გადაგვარებული რომის არისტოკრატია ერთგვარ სულიერ მალამოს გრძნობდა დიდი მისტიკოსისა და იდეალისტის ექსტაზებით სავსე მსოფლმხედველობაში. იმპერატორი გალიენი და მისი ცოლი სალონინა პლოტინის აღფრთოვანებული მოწაფეები იყვნენ. ამ უსაქმურს ერთხელ უნდოდა პლოტინისათვის ქალაქი მიეცა კამპანიის პროვინციაში, რათა იქ პლატონის მიხედვით მოწყობილი სახელმწიფო – „პლატონოპოლის“ – დაეარსებინა. მინისტრთა საბჭომ იმპერატორს არ დაანება ამ განზრახვის აღსრულება, – გვეუბნება ანტიკური ცნობა; „ძალიან კარგი, რომ არ დაანებეს“ — შენიშნავს ამის გამო ჰეგელი. მიმდევრები და მოწაფეები პლოტინს უთვალავ სასწაულთმოქმედებას მიაწერდნენ, ნამდვილად – ქრისტეს ამბების ანალოგიით. პორფირე თავის მასწავლებელს იმდენ სულელურ წინასწარმეტყველებასა და ორაკულისდაგვარ ისტორიებს, იმდენ ჯამბაზობას მიაწერს, რომ ყოველივე ეს ჩვენ გვანცვიფრებს. პლოტინი წინასწარმეტყველის სტილით წერდა და ლაპარაკობდა. 50 წლის იქნებოდა, კალამს რომ ხელი მოჰკიდა. არც ერთი ნაწერი თვითონ არ გამოუცია. მისი ნაწერები (ე. წ. ენეადები შედგებოდა ექვსი ენეადასგან, თითოში 9 სტატია იყო, სულ კი – 54 სტატია) გამოვიდა პლოტინის სიკვდილის შემდეგ იმავე პორფირეს რედაქციით.

მისტიციზმით გაჟღენთილი პლოტინის ფილოსოფია ძალზე ძნელია, მაგრამ ამ სიძნელეს თავს დავაღწევთ, თუ მისი ფილოსოფიის პირველ თეზისს შემდეგნაირად ჩამოვაყალიბებთ: პლოტინის ფილოსოფიური თავისებურება იწყება დაპირისპირებით გონებასა („ნუს“) და ღმერთს შორის (პლატონი იცნობდა, უპირველეს ყოვლისა, დაპირისპირებას გრძნობასა და გონებას შორის!). პლოტინი გვასწავლის, რომ ყველაფერი, – არა მარტო გონიერი არსება, არამედ უგუნური და ცხოველი, მცენარე და ნიადაგი, – თავისი მოქმედებით ღმერთის ხილვისაკენ მიისწრაფვის და ამაში თავის უმაღლეს მიზანს ხედავს. ღმერთი აღმაღლებულია გონებაზე და ამიტომ ფილოსოფოსის გზა გონებიდან ღმერთისაკენ კი არ მიდის, არამედ ღმერთიდან გონებისაკენ. ღმერთი არის საფუძვლადდებული, არსებულადარსებული ერთი.

ყველაფერი ერთისგან, ანუ ღმერთისგან, გამომდინარეობს. ამიტომ ამ „ყველაფრის“ აზრი და გამართლება ისაა, რომ დასასრულს იგი ღმერთს უკანვე დაუბრუნდება. ამთავითვე ჩანს სამსაფეხურიანი მსვლელობა: ღმერთი – ქვეყანა – ღმერთი. რაც სინამდვილეში არის ერთი, აბსოლუტი, სიკეთე, ღვთაებაა. ღვთაება არის პირველ-არსება, აბსოლუტური ერთი. იგი ყოველგვარი დაპირისპირებისა და წინააღმდეგობის მაღლა დგას. იგი ერთად არის მარადიულობა და მომენტურობა, მოქმედება და შემოქმედება. საგანთა სიმრავლე მისგან იბადება და წარმოიშობა, მაგრამ იგი ამის გამო არც შემცირდება, არც რაიმე ნაწილს გამოყოფს, არც რაიმეს დაუთმობს ვინმეს თავისი უნაკლო არსებისგან. ამ უცნაურ მოვლენას პლოტინი მნათობისგან სინათლის გამოსხივოსნებას ადარებს; აქედან მოდის ლათინური ტერმინი emanatio და თვითონ თეორიის სახელწოდებაც: ქვეყნიერების ღვთაებისაგან ემანაცია – გამოსხივება. როგორც სინათლე დიდი მანძილისაგან იკლებს და დასასრულს წყვდიადში ქრება, სწორედ ასე, ემანაციის დროს საფეხურიდან საფეხურამდე იკლებს ღვთაებრივი ემანაციის ძალა და დასასრულს (მატერიის, ხორცის სახით) იგი წყვდიადს უერთდება. პლოტინის გაგებით, ემანაციაც სამსაფეხურიანია: პირველი საფეხურია გონება („ნუს“), მეორე – სული („ფსიხე“), მესამე – მატერია.

გონება ღვთაების პირველშემოქმედებაა. მაგრამ გონებასა და ღვთაების ბუნებას შორის გადაულახავი სხვაობა არსებობს. ღვთაება, როგორც პირველარსობა („ტო პროტონ“), მოკლებულია ყოველგვარ გარკვეულობას, მას არა აქვს არც სულიერი და არც სხეულებრივი თვისება, მას არც აზროვნების უნარი აქვს, არც მოქმედებისა და არც ნებისყოფისა. იგი თავის თავში ჩაკეტილი მთლიანობაა. გონება კი აზროვნებს, ხოლო აზროვნება ნიშნავს შინაგან სხვაობას გასააზრებელსა და გააზრებას შორის. ამიტომ პლოტინს უდიდეს და ურთულეს საკითხად მიაჩნია, თუ როგორ წარმოიშვა ღვთაებისგან გონება, თუ როგორ მიიღება ერთისგან ორი.

მეხუთე ენეადის დასაწყისში პლოტინი მუხლმოდრეკილი ევედრება აპოლონს, გაუხსნას მას ეს საიდუმლოება, რადგან მხოლოდ ადამიანური გონება საკმარისი არ არის. ამ წერტილამდე პლოტინი იყო აბსოლუტური მონისტი. ახლა მას დასჭირდა, განვითარების თვალსაზრისით შეხედოს აბსოლუტს. ერთით კმაყოფილებამ საკითხი ვერ ამოწურა, აუცილებელი შეიქნა ორის დაბადება. იგი აპოლონს ევედრება, მაგრამ სინამდვილეში პლოტინი ამ საკითხის გადასაჭრელად პლატონს მიმართავს – „პარმენიდეს“ ავტორს. აზრთა დიალექტიკური მსვლელობა შემდეგია: თუ „ერთი“ არის აბსოლუტი, მაშინ მისი არსებობა იმის თავდები არ არის, რომ „ორი“ არსებობს. ღმერთის არსებობა არ არის თავდები ქვეყნის არსებობისა, მაგრამ ვიცით, რომ „ორი“, ანუ ქვეყანა, არსებობს ფაქტის უფლებით. ამ არსებობის გამართლება კი მხოლოდ იმით შეიძლება, რომ არსებობს მისი არსებობის მიზანი, რასაც ის თავისი არსებობით გამოთქვამს. ახლა დავუშვათ, რომ არსებობს ერთი, ანუ ღმერთი, როგორც გონება („ნუს“). ამ შემთხვევაში დიალექტიკური კვანძი თავისთავად იხსნება, გონება იქცევა ერთის ხატად, მაშასადამე, მას აქვს თავისი თავი და თავისი ხატი, ე.ი. იგი თავის თავში პრინციპულად  არის გაორებული. „იგია წმინდა ორი, თვითონ და მისი საგანი“ – განმარტავს ჰეგელი. მაშასადამე, გონება ყოფილა ერთის ხატი, ე.ი. ერთი ყოფილა თვითონ და თავისი ხატი. ნუსი კი ამ შემთხვევაში პრინციპულად გაორებულ სახეს იღებს. ე.ი. მისი არსებობა გამართლებულია, თუ არის სუბიექტი და ობიექტი, აზრის მოქმედება და აზრის შინაარსი.

ეს არის ემანაციის მეტაფიზიკის მთელი საიდუმლოება, ერთის გაორება მისთვის აღარ არის წინააღმდეგობა თავის თავთან, არამედ თავისთავის თავისსავე თავში ხილვა. გონება, რომელმაც ეს მიმდინარეობა გვაჩვენა, აღმოჩნდა ერთის, ანუ ღმერთის, „თავისი სხვა“; არა მისგან განსხვავებული, არა „რომელიმე სხვა“, არამედ მხოლოდ „თავისი სხვა“. გონება ერთის, ანუ ღმერთის, პირველი შვილია, ე.ი. ის მეორე ღვთაებრივი არსებაა – განმარტავს ჰეგელი (იხ. G. d. Ph., III. გვ.50. 1836წ.). ეს ნუსი, რასაკვირველია, პლოტინს ესმის არა განსჯითი გონების აზრით, არამედ ინტუიციურის; ქვეყანა, რომელსაც შეიმეცნებს, არის „კოსმოს ნოეტოს“, გონებაში აგებული ქვეყანა.

განვითარების თვალსაზრისით თუ შევხედავთ, იგი არის არსის პირველი საფეხური, არსი იდეების სახით წარმოდგენილი, ე.ი. თეზისი. პლოტინი მას მიაკუთვნებს პლატონის „სოფისტედან“ ნასესხებ ხუთ კატეგორიას: არსი, მოძრაობა, მყარობა, იგივეობა და სხვაობა. ეს კატეგორიები განსაზღვრავენ იმას, რომ ნუსს შეუძლია კიდევ განვითარდეს (დავიმახსოვროთ, რომ ეს განვითარება არის მსვლელობა ქვევით, მაღლიდან დაბლისკენ, ღმერთიდან – მატერიისკენ) და გადაიქცეს „ფსიხედ“ (სული). პლოტინის აზრით, სული დაქვეითებული გონებაა. იგი კიდევ სინათლის ქვეყანას ეკუთვნის, მაგრამ, რადგანაც, როგორც ცნობიერება, სხეულში გვევლინება, ამიტომ იგი უკვე წყვდიადის წინაშე დგას. რამდენადაც ის ღვთაებაში ჯერ კიდევ მონაწილეობს, იმდენად მას აქვს იდეები და რიცხვი. ყველაფერი ეს, უპირველეს ყოვლისა, ვრცელდება მსოფლიო სულზე და მხოლოდ ამის მეშვეობით – ადამიანის სულზედაც. ეს ადამიანის სული, რამდენადაც იგი მსოფლიო სულისა და გონების მონაწილეა, რასაკვირველია, იმ სხეულის წარმოშობამდე არსებობდა, რომელშიც ახლა დროებით ცხოვრობს, და, ცხადია, ამ სხეულის სიკვდილის შემდეგაც იარსებებს.

ასეთი განვითარების უკანასკნელი საფეხური, ე.ი. ამ დაქვეითების შედეგი, არის მატერია. მატერია არის ის საზღვარი, სადაც უსასრულოდ შემცირდა ღვთაებრივი ემანაციის ძალა. მატერია არის წყვდიადი, „მე ონ“, არ არსებული, აბსოლუტური დაცლილობა, ავი, დაბალი, მავნე, ხორცი. ამიტომ სძულს პლოტინს ხორცი, ამიტომ რცხვენია, რომ მისი ღვთაებრივი წარმოშობის მქონე სული იძულებულია ხორცში გაეხვიოს. აქედან მოდის სიძულვილი ქვეყნისა, ადამიანისა, ეპოქისა და ურთიერთობებისა; აქედან იწყება საშინელი ბრძოლა სულსა და სხეულს შორის; და იდეალი რელიგიური ექსტაზისა არის შინაგანი სულის აღტყინება, სხეულის წინააღმდეგ აჯანყება, სხეულის საპყრობილიდან განთავისუფლება, სულში ღვთაების ხილვა და სხვ. ქვეყნის მოძულე ფილოსოფოსს ამ ქვეყნის მონაწილეთა და მობინადრეთა შორის თავისი ყურადღების ღირსად მხოლოდ ადამიანი მიაჩნია. სამაგიეროდ იგი სიღრმისეულად ირკვევს დემონების საცხოვრებელ ბინასა (თურმე დემონები ბინადრობენ დედამიწასა და ვარსკვლავებს შორის არსებულ სივრცეში!) და ღმერთის სინათლის ქვეყანასთან მათს დამოკიდებულებას.

რა არის ადამიანის მიზანი? რა არის სიკეთე და ზნეობა? ჩაკლას თავის თავში ხორცი, დაძლიოს გრძნობის ქვეყანა; გადალახოს მატერიის წყვდიადი, არარაობა და ამაღლდეს ტრანსცენდენტურ სინამდვილემდე.

მაშასადამე, უმაღლესი იდეალია, სული რომ ღვთაებას შეუერთდება. ეს მას შეუძლია იმით, რომ გონების სიმაღლეს მიაღწევს, ამიტომ ბედნიერება აზროვნებაში უნდა მოვნახოთ. მაგრამ ამის მიღწევა შეიძლება არა აზროვნებისა და ბუნების მიხედვით ცხოვრებით, როგორც ამას სტოელების ეთიკური რაციონალიზმი ასწავლიდა, არამედ, პირიქით, ბუნებისგან თავის დაღწევით, მასზე ამაღლებით. ამის პირველი პირობაა, რომ სული სხეულს, ხორცს განშორდეს. ადამიანმა თავისი სულის გაწმენდით (კათარზით) უნდა დაიწყოს ზნეობრივი და პოლიტიკური საქმიანობა. შემდეგი საფეხურია ასკეტობა, ცხოვრებიდან განდგომა, ხორცის ნაჭუჭში ყოფნისა და ხორცის ზიზღი, ომის გამოცხადება. სრული განწმენდისათვის პლოტინი აკანონებს შემდეგ საფეხურებს: გრძნობად აღქმაში აზრის მუშაობისას აქა-იქ იწყებს ბჟუტვას ჭეშმარიტების მკრთალი ნიშნები; ეთიკური და პოლიტიკური სათნოების სფეროში სწორი მოქმედებისას აზროვნება („დიანოია“) იწყებს კავშირების დამყარებასა და დიალექტიკის მეშვეობით იდეებში, ე.ი. სინამდვილეში, მონაწილეობას, ჭეშმარიტების სინათლის დანახვას; ასკეტიზმის დახმარებით აზროვნება იქცევა უშუალო ცოდნად, გონებად და ამით თვითმჭვრეტელი მოაზროვნე გონი ჭვრეტს ღვთაებრივ გონებას. აქ ჩვენი სული უმაღლეს საფეხურთანაა მისული, მაგრამ უმაღლეს საფეხურზე ჯერ კიდევ არ არის ასული. უმაღლესის მისაღწევად აუცილებელია, საკუთარი სულის სიღრმეში იმდენად ჩავიძიროთ და დავიკარგოთ, რომ სრულ არაცნობიერ მდგომარეობაში ჩავვარდეთ. ამ მდგომარეობაში იბადება სავსებით ახალი უნარი, რომელსაც პლოტინი „ექსტაზს“ უწოდებს. აღტყინება თუ ანთება, აელვება თუ აღტაცება, — ეს ექსტაზი უეცრად აავსებს ჩვენს არსებას ღვთაებრივი სინათლით და ვიგრძნობთ, რომ იმდენად და ისე უშუალოდ გავერთიანდით ღმერთთან, რომ ყოველივე სხვაობა ჩვენსა და ღმერთს შორის გაქრა. ადამიანისათვის ეს მდგომარეობა რელიგიას მოაქვს. პორფირე მოგვითხრობს, რომ მას საკუთარი თვალით ოთხჯერ უნახავს, თუ როგორ დაძლია პლოტინმა თავის თავში სხეულიცა და აზრიც და წმინდა ექსტაზის საშუალებით ღმერთთან გაერთიანდა. საინტერესოა ვიკითხოთ, თვითონ პორფირეს თუ სწამდა ყოველივე ეს, რატომ ერთხელ თვითონ არ აფრინდა ღმერთთან და ეს სიტკბოება არ განიცადა? ჩვენთვის კი ამას აქვს ის კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობა, რომ გვიხსნის იმდროინდელი ადამიანის სულიერ მდგომარეობასა და იმას, თუ რას ემყარებოდა ქრისტიანული სარწმუნოების ამდაგვარი სასწაულმოქმედება, ხორცის ამგვარი უარყოფის მსოფლმხედველობა. ადრინდელ ქრისტიანობას ეს აკლდა, დროთა მსვლელობაში შეითვისა ბერძნული თეოსოფიიდან და თავისი დოგმა შეავსო.

როგორც ვხედავთ, პლატონის იდეალიზმი პლოტინისათვის იყო მხოლოდ მოხდენილი საფარი იმისათვის, რომ ახალი რელიგია ფილოსოფიაზე აეშენებინა. ვინდელბანდი ამბობს, რომ პლოტინის ფილოსოფია სწავლულთა რელიგია იყო; ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქმე სხვაგვარად არის; სწავლულობა აქ არაფერ შუაშია; პლოტინის მონისტური მისტიციზმი იყო რელიგია იმდროინდელი მაღალი და არისტოკრატიული კლასისა.

ამრიგად, პლოტინის მიერ შექმნილი თეოსოფია იყო რომის იმპერიის უმაღლესი წოდებისათვის მისაღები და გასაგები რელიგია. ნეოპლატონიზმს ისევე ჰყავდა თავისი ღმერთი და წმინდანები, როგორც ქრისტიანობას. გაფორმდა თუ არა ნეოპლატონიზმი არისტოკრატიის რელიგიის სახით, მყისვე ბრძოლა დაიწყო ქრისტიანობასთან, როგორც უფრო ბოგანო ხალხის სარწმუნოებასთან. ქრისტიანობის საბოლოოდ გაფორმება და ოფიციალურ სარწმუნოებად გადაქცევა ჯერ კიდევ დამთავრებული არ იყო. ბრძოლა, როგორც ცნობილია, ქრისტიანიზმის გამარჯვებით დასრულდა. ქრისტიანობამ აგრეთვე დაძლია აღმოსავლეთიდან მოსული ორი ძლიერი მოწინააღმდეგე – ჯერ მითრაიზმი და შემდეგ მანიქეიზმი.

გ. ნეოპლატონური სკოლები

ნეოპლატონიზმი, გამოკვებილი თავისი ეპოქის საზოგადოებრივ-ეკონომიკური პირობებით, ძალიან ადრე გადაიქცა მასობრივ მოძრაობად. იმდროინდელი რომის საზოგადოებაში ძალიან დიდი იყო მოთხოვნილება ასკეტიზმზე, ცრურწმენაზე, ზებუნებრივსა და მისტიკურზე. ნეოპლატონიზმი ყოველივე ამას იძლეოდა ლოგიკის, ეთიკისა და ესთეტიკის საფანელით. III-IV საუკუნეში რომის იმპერიის გაბატონებული კლასი წარმოშობისა და ეროვნული თავისებურების მიხედვით ძალიან ჭრელი იყო. ამიტომ იყო მისაღები ამ კლასისათვის მსოფლმხედველობა, რომელიც პლატონისა და არისტოტელეს ლოგიკის გვერდით საზრდოობდა ორფიული ლექსითა და ირანული სოლარიზმით, რომელიც იყო სინკრეტიზმის ნიადაგზე აშენებული თეოსოფია და თავისი ცრუმორწმუნეობითა და ასკეტიზმით მონათმფლობელობის დასაბუთებასა და ისტორიულად გამართლებას ემსახურებოდა; საზოგადოებრივ სიმტკიცეს მოკლებულ არისტოკრატიას სიკვდილის ფილოსოფიით აიმედებდა და ამ ქვეყანაზე შერყეულ მდგომარეობას იმქვეყნიური მტკიცე ბედნიერების დაპირებით უადვილებდა. აი, სად უნდა ვეძიოთ ნეოპლატონიზმის ასე სწრაფად გავრცელების მიზეზი.

ნეოპლატონური სკოლა, რომელიც პლოტინის უშუალო ხელმძღვანელობით რომში ჩამოყალიბდა, ძალიან დიდხანს მოქმედებდა. ამ სკოლიდან გამოსულ პლოტინის მოწაფეებს შორის ყველაზე ღირსშესანიშნავი იყო პორფირე. იგი დაიბადა 233 წელს და გარდ. 301 წ. შემდეგ. თავისი მასწავლებლის განმარტების გარდა, მან დიდი ყურადღება მიაქცია არისტოტელეს ლოგიკური ნააზრევის გამოყენებას ახალი მსოფლმხედველობისათვის. პორფირემ შექმნა პატარა ფორმალ-ლოგიკური, თავის დროზე ისტორიული მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო, ე. წ. “ისაგოგე”, რომელსაც დასავლეთისა და აღმოსავლეთის ადრინდელი შუა საუკუნეები თავიანთ ფორმალ-ლოგიკურ აზროვნებას დაუდებენ საფუძვლად. ლოგიკის გვერდით პორფირე არ ივიწყებს ასკეტიზმის პრობლემას, მოითხოვს თავის შეკავებას ხორცის ჭამისაგან, ცოლქმრობისაგან, გართობა-სიამოვნებისაგან და სხვ.

პორფირეს მოწაფე იყო სირიული სკოლის გამოჩენილი დამაარსებელი — იამბლიხე (გარდაიცვალა 330 წელს). იგი მებრძოლი ნეოპლატონიკოსია, უფრო თეოლოგი, ვიდრე ფილოსოფოსი. მართალია, პლატონისა და არისტოტელეს კომენტარებსაც წერს, მაგრამ მისი ძირითადი საქმიანობაა მეტაფიზიკისა და თეოსოფიის შემდგომი დამუშავება. პლოტინის „ნუს“-ს ის გაყოფს შუაზე, ერთს უწოდებს „ნოეტოს“, მეორეს – „ნოეროს“. თითოეულ მათგანს ყოფს სამად, ამ სამიდან თითოეულს – კიდევ სამად და მთელ ამ მისტიკურ სამებას გამოიყენებს ღმერთებისა და დემონების იერარქიულად დასაჯგუფებლად. არ ივიწყებს თეურგიის, მანტიკის, სასწაულმოქმედებისა და აბსტინენციის (თავის შეკავება ხორცის ჭამისაგან და სხვ.) საკითხს. იამბლიხესთან ნეოპლატონიზმი უკვე ჩამოყალიბებულია. თეოლოგიურ სპეკულაციას ცვლის სქოლასტიკურ-ნეოპითაგორეული რიცხვთა სპეკულაცია, მეცნიერებას – მისტერია. თეოლოგია საბოლოოდ უმაღლესი სიბრძნის სახით გვევლინება. იგი პლატონის იდეალიზმის დახმარებით ქმნის ისეთ ფართო რელიგიურ მეტაფიზიკას, რომელშიც ყველა ქვეყნისა და სარწმუნოების ღმერთი თავისუფალ ადგილს პოულობს. იამბლიხეს ზეცაში ადგილი არ მოიპოვებოდა მხოლოდ და მხოლოდ ნაზარეთიდან მოსული ღმერთისათვის. გონების მსახურს, ე. ი. ფილოსოფოსს, იამბლიხემ დაუპირისპირა ღვთის მსახური, ე. ი. ხუცესი, ეთიკურ სათნოებას – ხუცესის სათნოება. იგი ამტკიცებს, რომ ხუცესი მაღლა დგას ფილოსოფოსზე: ფილოსოფოსმა ლოგიკით უნდა ეძებოს ჭეშმარიტება, ხუცესს კი შთაგონებული აქვს ღვთაებრივი გამოცხადება და ამიტომ მისი ცოდნა უშუალო ხილვაც არის, ხუცესი ჭეშმარიტების მეუფეა. იამბლიხე ნეოპლატონიზმში აერთიანებს აღმოსავლეთისა და საბერძნეთის იდეალისტურ-რელიგიურ მსოფლმხედველობას და საბოლოოდ აყალიბებს ახალ თეოსოფიასა და რელიგიას. თავისი შინაარსით ეს სინკრეტული რელიგია პოლითეისტურია, მაგრამ პლოტინის ერთი-ღმერთის ცნება მას გარეგნულად მონოთეიზმის ელფერით მოსავს.

იამბლიხეს მოწაფეებმა დააარსეს აგრეთვე ე. წ. პერგამული სკოლა. ეს სკოლა თეორიულ ფილოსოფიას თავს ანებებს და მთავარი საქმიანობა პრაქტიკულ-რელიგიური საკითხების მოგვარება ხდება; თეორია მას უკვე იამბლიხეს მიერ დასრულებულად მიაჩნია. მთავარი მისი მიზანი პოლითეიზმის აღდგენა და ქრისტიანობის წინააღმდეგ ბრძოლაა. ამ სკოლის წიაღიდან გამოვიდა იამბლიხეს იდეებითა და პოლითეიზმის აღდგენით გატაცებული იმპერატორი იულიანე, ქრისტიანული ეკლესიის ისტორიის მიერ განდგომილად წოდებული. იულიანე დაიბ. 332 წ. იგი ქრისტიანად აღიზარდა, მაგრამ მალე იამბლიხეს იდეებით გატაცებულმა ოცნება დაიწყო პოლითეიზმის აღდგენაზე. ავიდა თუ არა იულიანე კეისრის ტახტზე 361 წელს, მან გააუქმა ქრისტიანობა, როგორც სახელმწიფო რელიგია, და აღადგინა წარმართობა. ცნობა, თითქოს მას ქრისტიანების წინააღმდეგ უსასტიკესი რეპრესიები დაეწესებინოს და მთელ იმპერიაში მათი სისხლის ტბები დაეყენებინოს, ქრისტიანი ბერების მიერ მოჭორილი ამბავია. ლეგენდაა აგრეთვე ის ცნობა, ვითომც სპარსელებთან ომში სასიკვდილოდ დაჭრილი იულიანე (363 წელს) მოიქცა და დაიძახა: „გალილეელო, შენ გაიმარჯვე!“. პირიქით, იულიანე მოკვდა ერთგული თავისი მსოფლმხედველობისა, ქრისტიანობის შეურიგებელ მტრად. თუ რა სახის ზეგავლენა მოახდინეს ბერძნულ-რომაულ მსოფლმხედველობაში აღმოსავლურმა რელიგიებმა, ჩანს ნეოპლატონიზმის მაგალითზე საერთოდ და იულიანეს რელიგიურ მსოფლმხედველობაზე კერძოდ. ქრისტიანობის მონოთეიზმს ნეოპლატონიზმი გმობდა, მაგრამ მარტო პოლითეიზმით ეპოქის სულისკვეთება არ დაკმაყოფილდებოდა და ამიტომ ნეოპლატონიზმმა შემოიღო მზის, როგორც ბუნების მთავარი ღვთაების, კულტი. ჩვენამდე მოაღწია იულიანეს სიტყვამ, ჰელიოსის სადიდებლად წარმოთქმულმა, რომელშიც იგი ცდილობს იამბლიხეს იდეალისტური მეტაფიზიკა და მზის გაღმერთების კულტი ერთ მთლიანობად ჩამოაყალიბოს.

მეხუთე საუკუნის დასაწყისში თვალსაჩინო ნეოპლატონური სკოლა ჩამოყალიბდა ათენში. მისი პირველი წარმომადგენლები იყვნენ პლუტარქე და სირიანე, მთავარი თეორეტიკოსი კი – პროკლე, ნეოპლატონიზმის უკანასკნელი დიდი ფილოსოფოსი და ანტიკურობის პირველი გამოჩენილი სქოლასტიკოსი. ამავე სკოლას ეკუთვნიან ცნობილი კომენტატორები – სიმპლიკიოსი და დამასკიოსი. ამ სკოლამ ახალი ნაკადი შეიტანა ნეოპლატონურ ფილოსოფიაში. მან თავისი ყურადღება მიაქცია არისტოტელეს ლოგიკური ნაწერების კომენტირებას, პლატონს მიუმატა არისტოტელე და შექმნა პლატონისა და არისტოტელეს ის სიმფონია ნეოპლატონიზმში, რომელიც შემდეგ მემკვიდრეობად გადაეცა შუა საუკუნეებს და ქრისტიანული სქოლასტიკის ამოსავალ წერტილად გადაიქცა.

ნეოპლატონიზმის გამოჩენილი სწავლული და ფილოსოფოსი პროკლე დაიბადა კონსტანტინოპოლში 410 წ. 20 წლის ყმაწვილი იყო, როცა ათენში ჩავიდა. აქ ჯერ ღრმად მოხუცებულ პლუტარქთან, ხოლო შემდეგ სირიანესთან იყო მოწაფედ. მალე თვითონ გახდა ათენური ფილოსოფიური სკოლის მეთაური და ხანგრძლივი მოღვაწეობის შემდეგ, 485 წელს, გარდაიცვალა. ქრისტიანობა არ მიუღია, თუმცა ქრისტიანობას აღარ ებრძოდა, როგორც მისი წინაპრები. პროკლე არა მარტო კომენტატორია, არამედ პირველხარისხოვანი ორიგინალური შრომების ავტორიც; არა მარტო ფილოსოფოსია, არამედ გამოჩენილი მათემატიკოსიც; არა მარტო დიალექტიკოსი, არამედ პირველი სქოლასტიკოსიც; არა მარტო თეოლოგი, არამედ თეურგი და სასწაულმოქმედიც. აზროვნების ისტორიაში ძნელად თუ მოიძებნება მეორე პიროვნება, რომელშიც ამოდენი თავისებურებით გაერთიანებულიყო  ღრმა ფილოსოფიური სპეკულაცია, აზრმახვილი მათემატიკურ-ლოგიკური აზროვნება და მისტიკოსის, თეურგისა და წინასწარმეტყველის გაიძვერობა. ნეოპლატონიზმის ისტორიაში ისეთი დიდია პროკლეს მეცნიერულ-ფილოსოფიური მოღვაწეობა, რომ ცელერი მის მნიშვნელობას ადარებს ხრიზიპოსის როლს სტოელებს შორის. პროკლეს ნაწერებიდან ჩვენ აქ დავასახელებთ მის შედარებით ადრინდელ შრომას – „კავშირნი ღმრთისმეტყუელებითნი“, რომელიც მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნის მიჯნაზე ქართულად თარგმნა გამოჩენილმა ქართველმა სქოლასტიკოსმა იოანე პეტრიწმა. შუა საუკუნეებში პროკლეს ეს შრომა ითარგმნა ლათინურადაც და, საერთოდ, დიდი გავლენა იქონია სქოლასტიკის ფილოსოფიური დოგმის გაფორმებაზე.

როგორც მწერალმა, პროკლემ საბოლოოდ გამოიმუშავა ე. წ. ეგზეგეტური მეთოდი, იამბლიხეს მიერ გამოყენებული. გაშლილი ფორმით პირველად ეგზეგეტიკა თავისებური ლიტერატურული ხერხი იყო, რომელიც საშუალებას აძლევდა პროკლეს მთელი თავისი აზრები პლატონისგან გამოეყვანა. სინამდვილეში პროკლე თავისი ფილოსოფიის აშენებისას პლატონზე მეტად არისტოტელეს ლოგიკურ ნაწერებს იყენებს. ამიტომ გვევლინება იგი ნეოპლატონური სქოლასტიკის შემქმნელად, – პირველ სქოლასტიკოსად აზროვნების ისტორიაში საერთოდ.

მაგრამ ფილოსოფიით არ შემოიფარგლება პროკლეს მოღვაწეობა. იგი იქადდა, რომ მან თავის პანთეონში ადგილი გამონახა ყველა ღმერთისათვის. აღმოსავლეთისა და დასავლეთის მისტიკა მოხდენილად შერეულია ნეოპლატონურ დიალექტიკაში… აი, როგორ ახასიათებს ედ. ცელერი, ყველა არსებულ ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, ამ ათენელ ფილოსოფოსს: პროკლე იყო გამოცხადების მორწმუნე თეოლოგი, რომელიც თავის მეცნიერულ საქმიანობასაც იდუმალებით აღსავსე მისტაგოგიად განიხილავდა. იყო მისტიკოსი, რომელიც დღესა და ღამეს ლოცვაში ატარებდა; იყო ასკეტი, რომელიც ხორცეულს არ ჭამდა, ქალთან სხეულებრივ კავშირს უარყოფდა; იყო თეურგი, რომელიც მარჩიელობასა და სასწაულმოქმედებას პროფესიულად უდგებოდა: იყო ფანტასტი, რომელსაც სიზმარი და სინამდვილე ერთმანეთისაგან ვერ გაერჩია (იხ. Zel. Ph. d. Gr. III. 2 Abt. გვ. 847). ამავე დროს პროკლე იყო აზრმახვილი დიალექტიკოსი და გამოჩენილი მეცნიერი; გონებამახვილი ფილოლოგი და ღრმა ფილოსოფოსი-იდეალისტი; მრავალმხრივ და ფართოდ განსწავლული.

პროკლეს ეკუთვნის რამდენიმე მათემატიკური ნაშრომი, მათ შორის სახელგანთქმული ევკლიდეს გეომეტრიის კომენტარები.

პროკლემ ლოგიკურ დასკვნამდე მიიყვანა ნეოპლატონიზმი. პლატონის იდეები, რომლებიც პირველ არსიდან გამომდინარეობენ, მან ჰენადებად, ანუ ღმერთებად, გამოაცხადა, შექმნა ღმერთების, ანგელოზების, დემონებისა და გმირების უცნაური იერარქია. ერთი სიტყვით, ფილოსოფია საბოლოოდ თეოსოფიისა და თეოლოგიის მანტიით შემოსა. მიუხედავად ამისა, იგი ერთ-ერთი ყველაზე გონებამახვლი მოაზროვნეა და თვალსაჩინო ადგილი ეკუთვნის იდეალიზმის ისტორიაში. ეს ადგილი მან იმით დაიმსახურა, რომ სქოლასტიკური სიზუსტით შექმნა ნეოპლატონიზმის მეთოდი, ტრიადული დიალექტიკა.

უკვე პლოტინთან აღვნიშნეთ, რომ განვითარებამ სამი საფეხური უნდა გაიაროს, რათა დასრულდეს. ეს იდეა პროკლემ მკაცრ მეთოდად აქცია. მისი აზრით, როგორც არსებობის, ისე აზროვნების რეგიონები ყოველთვის სამსაფეხურიანია. ავიღოთ პირველი სამეული: ერთი, უსასრულობა, საზღვარი; თითოეული მათგანი შეიძლება ცალკე სამეულად წარმოვიდგინოთ: მაგალითად, საზღვარი, უსასრულობა, ნარევი; თუ ეს უკანასკნელი იქნება სული, იგი მყისვე სამად გაიყოფა: ღვთაებრივად, დემონურად და ადამიანურად; ეს უკანასკნელი კიდევ სამად გაიყოფა და ასე დაუსრულებლად. ერთი არის სამი და სამის თითოეული წევრი არის ერთი და ეს ერთი ხელახლა სამი და ა. შ. „ეს სამერთიანობა და ერთ-სამიანობა არის მშვენიერება, სიკეთე, ჭეშმარიტება, სიმეტრია, წესრიგი და სიმპათია“. ყველაფერი არის განვითარება, ხოლო განვითარება სამ საფეხურს რომ გაივლის, ამით დამთავრდება ერთი განვითარება. ლოგიკურად ეს სამი საფეხური არის ტრიადის ცნობილი ფორმულა: 1. თეზისი — საფუძვლის დარჩენა საფუძვლად; 2. ანტითეზისი — ამოსვლა საფუძვლიდან; 3. სინთეზი[3] — უკან დაბრუნება საფუძველთან. ამოსული მსგავსია ამომყვანლისა, არის იგივე და ამავე დროს მისგან განსხვავებული. ეს სხვაობა და იგივეობა ერთსა და იმავეში არის იმის საფუძველი, რომ მსვლელობას არ შეუძლია დარჩეს უბრალოდ გაორებული, არამედ ტრიადის გზას უნდა დაადგეს და მესამეში ერთად გადაიქცეს, ე. ი. ერთს უკან დაუბრუნდეს. ეს განვითარების ტრიადული სქემა პროკლემ თავისი სქოლასტიკის ძირითად მეთოდად გახადა და ამით დაასაბუთა, რომ შემეცნების მაღალი ფორმაც ტრიადული დიალექტიკის გზით მიმდინარეობს.

პლოტინსა და მთელ ნეოპლატონიზმთან ერთად იზიარებს პროკლე, რომ ტრიადული მსვლელობა საფეხურიდან საფეხურამდე არის დაქვეითება, უმაღლესიდან უდაბლესისკენ ჩამოსვლა. ამ დიალექტიკაში თეზისი ყოველთვის არის სავსეობა, ძლიერება, მთლიანობა, სინთეზით მიღებული კი არის ღარიბი, სუსტი, გამოფიტული, მომაკვდავი. ერთი სიტყვით, განვითარება აქ დაკნინებას უდრის. ეს იყო ბერძნული ფილოსოფიის უცნაური და უკანასკნელი ცდა, ლოგიკურად დაესაბუთებინა სიკვდილის აუცილებლობა. პროკლემ შეასრულა ეს ისტორიული ამოცანა.

პროკლეს შემდეგ ფილოსოფიას ბერძნულ-რომაულ ნიადაგზე ორიგინალური აღარაფერი წარმოუშვია. იდეალისტურ-მისტიკური დიალექტიკით დასაბუთებული სიკვდილის ფილოსოფია სასიკვდილოდ გამზადებული მონათმფლობელური იმპერიის საზოგადოებრივი ასახვა იყო. ამ ქმედებით ბერძნული ფილოსოფია დამარცხებული და განადგურებული იყო, მისი შინაგანი დაშლა – დამთავრებული. იგი თვითონ ემზადებოდა, გადასცემოდა ისტორიის ახალ ბატონ-პატრონს — ქრისტიანულ ეკლესიას.

დ. ბოეციუსი და ბერძნულ-რომაული ფილოსოფიის დასასრული

მეხუთე საუკუნე ქრისტიანობის საბოლოო გამარჯვების საუკუნე იყო. პროკლეს სიცოცხლეში ეკლესიის ბრძანებით აკროპოლიდან ჩამოხსნეს წარმართობის უკანასკნელი სიმბოლო, ქალ-ღმერთ ათენას ქანდაკება. პროკლე თავის მოწაფეებს არწმუნებდა, რომ ღმერთი ათენა ახლა მის ოთახში ცხოვრობდა, მაგრამ ასეთი გამონაგონი ქრისტიანობის ცეცხლისა და მახვილის წინაშე, აბა, ვის რად გამოადგებოდა. ნეოპლატონიზმის მრავალი მიმდევრისათვის ერთადერთი გამოსავალი გაქრისტიანება იყო. ბევრი ფილოსოფოსი ფორმალურად ქრისტიანობას იღებს. ასეთ გაქრისტიანებულ ნეოპლატონიკოსთა შორის ყველაზე ღირსშესანიშნავია ბოეციუსი. ეს ნიჭიერი რომაელი 480 წ. დაიბადა. ახალგაზრდობაში ჩინებული ფილოსოფიური განათლება მიიღო. ლათინურად თარგმნა არისტოტელე და დაწერა ის სახელგანთქმული კომენტარები ზოგადი ლოგიკური ცნებების შესახებ, რომლებიც სქოლასტიკის ქვაკუთხედად გადაიქცა ქრისტიანულ შუა საუკუნეებში. ბოეციუსი იძულებული იყო გარეგნულად ქრისტიანობა მიეღო, ეპისკოპოსის ანაფორაც კი ჩააცვეს, დღით ქრისტიანულ ეკლესიას ემსახურებოდა, მაგრამ გულით და სულით დარჩენილი იყო ფილოსოფიის ერთგული და ღამღამობით თავის წარმართულ ღმერთს, აპოლონს, ეთაყვანებოდა. ყოველივე ეს შეუტყვეს და ღალატისათვის თეოდორიხეს ბრძანებით ჩამოახრჩეს 525 წელს.

ამ დროისათვის საბოლოოდ წელში გამართული ქრისტიანობისათვის უკვე საჭირო აღარ იყო აღარც პლატონი და აღარც ფილოსოფია. ეკლესიის მოთხოვნით 529 წელს იმპერატორ იუსტინიანეს ბრძანებულება აუქმებს ათენის ფილოსოფოსთა სკოლას, რომელსაც დიდი ქონება ჩამოართვეს და ეკლესიას გადასცეს. სკოლის ბოლო მეთაური დამასკიოსი ექვსი ამხანაგით სპარსეთში გაიქცა. იქიდანაც გამოძევებული ნეოპლატონიზმის უკანასკნელი დამცველები სირიის მიმართულებით გაემგზავრებიან. მათი ცხოვრების დანარჩენი გზის შესახებ ისტორიას ცნობები აღარ შემოუნახავს.


[1] იხ. К. Маркс и Ф. Энгельс, Сочинения, ტ. IV, გვ. 122.

[2] Ueberweg. H. Grundriss der Geschichte der Philosophie, 1914, ტ I, გვ. 617. (მომდევნო ტექსტში: Ueberweg. Gr. ტ, გვ.)

[3] რასაკვირველია, ეს ტერმინოლოგია პროკლესთნ ჯერ არ გვხვდება.



მდევარი