რედაქტორი: ბექა იობიძე
კორექტორი: ნანო კვარაცხელია
მდევარი, თბილისი, 2023
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2019-2020 წლებში ელექტროენერგიის სექტორის ახალი სახის შემუშავებას შეუდგა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში არსებული ელექტროენერგიის რეგულირებული ბაზარი სამომავლოდ კონკურენტული ბაზრის მოდელით უნდა შეიცვალოს.
ამჟამად საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე სხვადასხვა სახის გენერაციის ობიექტი მოქმედებს, კერძოდ:
- მარეგულირებელი სადგურები;
- ნაწილობრივ დერეგულირებული ელექტროსადგურები;
- დერეგულირებული ელექტროსადგურები;
- თბოსადგურები.
ჩამოთვლილი ობიექტები მთავრობის მიერ დადგენილ გარანტირებულ სიმძლავრეს, ასევე, სხვა მსხვილ მომხმარებლებთან დადებული ხელშეკრულებებით განსაზღვრულ ელექტროენერგიას აწვდიან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს (შემდგომში ესკო). ესკო მიღებულ ენერგიას გადასცემს განაწილების ლიცენზიატებს (,,ენერგო პრო“ და ,,თელასი“). სწორედ მათი მეშვეობით მიეწოდება ელექტროენერგია საბოლოო მომხმარებელს. შესაბამისად, ბაზრის არსებულ მოდელში ესკო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია, რომელიც საქართველოში ექსკლუზიურად ვაჭრობს ელექტროენერგიითა და გარანტირებული სიმძლავრით. ასევე, სეზონური საჭიროების მიხედვით ახორციელებს ელექტროენერგიის იმპორტსა და ექსპორტს. ამასთან, ესკო არის ახლად აშენებული ელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის გარანტირებული შემსყიდველი.
თავის მხრივ, ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, განაწილების, იმპორტისა და ექსპორტის პირობებსა და გაყიდვის ტარიფებს არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემდგომში სემეკი). გაყიდვის ტარიფები თითოეული სახის გენერაციის ობიექტისთვის შემდეგნაირად განისაზღვრება:
- მარეგულირებელი სადგურები – საქმიანობენ შესაბამისი კომისიის მიერ წინასწარ დადგენილი ფიქსირებული ტარიფის მიხედვით;
- ნაწილობრივ დერეგულირებული ელექტროსადგურები – საქმიანობენ შესაბამისი კომისიის მიერ დადგენილი ტარიფების ზედა ზღვრის მიხედვით;
- დერეგულირებული ელექტროსადგურები – საქმიანობენ შესაბამისი კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის გარეშე;
- თბოსადგურები – საქმიანობენ შესაბამისი კომისიის მიერ დადგენილი გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და ელექტროენერგიის წარმოების ზედა ზღვრის ტარიფის მიხედვით.
ამგვარად, რეგულირებულ ბაზარზე არსებული კომპანიები ელექტროენერგიით ვაჭრობისთვის დებენ რამდენიმეკვირიან ან რამდენიმეთვიან ხელშეკრულებას, რომელშიც წინასწარაა გაწერილი განსაზღვრულ დროში მიწოდების რაოდენობა შესაბამისი სადგურის ტარიფების მიხედვით. ანუ, ასეთ ხელშეკრულებაში ელექტროენერგიის ფასები ძირითადად უცვლელია მთელი ვადის განმავლობაში.
ბაზრის უმნიშვნელოვანეს ნაწილს, მოთხოვნა-მიწოდების წონასწორობის შენარჩუნებას, უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა (შემდგომში სსე). სსე-ის ძირითადი საქმიანობა ელექტროენერგიის გენერაციისა და მოხმარების დაგეგმვა, ქსელების მართვა, განვითარება და ტექნიკური მხარდაჭერაა. ამასთან, ბაზარზე შექმნილი ელექტროენერგიის დეფიციტის დროს, სსე ვალდებულია, გამოიყენოს საკუთარი რეზერვები წონასწორობის შესანარჩუნებლად. ანუ, მაშინ, როდესაც წარმოებული ელექტროენერგია ვერ აკმაყოფილებს ბაზარზე არსებულ მოთხოვნას, სსე თავისი რეზერვის მეშვეობით ზრდის მიწოდებას ისე, რომ ბაზრის არც ერთ მონაწილეს არ ეკისრება დამატებითი პასუხისმგებლობა.
ბაზრის ზემოთ აღწერილ პირობებში ახალი მწარმოებლები ძირითადად PPP (Public-Private Partnership)[1] შეთანხმების საფუძველზე შემოდიან, რომელიც პროექტების წახალისებისთვის მათში სახელმწიფოს სხვადასხვა სახის ჩართულობას გულისხმობს. მაგალითისთვის, საქართველოში მიმდინარე პროექტი – ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური – შენდება სს საპარტნიორო ფონდის მხარდაჭერით, რომლის მთავარი დანიშნულება საქართველოში თანამონაწილეობით (კაპიტალში თანაინვესტირება, სუბორდინირებული სესხი და ა.შ.) ინვესტიციების წახალისებაა. ამის საპირწონედ კი აღნიშნული პროექტი ე.წ. Build-Operate-Transfer (BOT)[2] სქემით შენდება, რომელიც კომპანიას ჰესის ექსპლუატაციაში შესვლიდან 36 წელიწადში მის საქართველოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას ავალდებულებს. ამასთან, საწყის პერიოდში ნენსკრასთვის ესკო წარმოებული ელექტროენერგიის გარანტირებული შემსყიდველია. ამგვარად, ეს შეთანხმება სარგებლიანია როგორც კერძო კომპანიისთვის, რომელიც 36 წლის განმავლობაში შეძლებს შემოსავლების გენერირებას, ასევე საჯარო სექტორისთვისაც, რომელსაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული ერთეული ამ დროის გასვლის შემდგომ გადაეცემა.
2024 წლიდან საქართველოში იგეგმება ელექტროენერგიის ბაზრის სრულიად განსხვავებული მოდელის დანერგვა.
ელექტროენერგიის სექტორის ახალი სახე ვაჭრობისთვის თავისუფალი ბაზრის გახსნას გულისხმობს, სადაც მონაწილეები ისარგებლებენ თანასწორი, არადისკრიმინაციული პირობებით და გამჭვირვალედ დადგინდება კონკურენტული ფასი, რაც მომხმარებლის თავისუფალ არჩევანს უზრუნველყოფს.
გარანტირებული სიმძლავრის წყაროებს (მარეგულირებელი, ნაწილობრივ დერეგულირებული სადგურები და თბოსადგურები) ბაზარში მონაწილეობა ევალებათ, ხოლო ელექტროენერგიის ინდივიდუალურ მწარმოებლებს (დერეგულირებული სადგურები) ასეთი ვალდებულება მხოლოდ მთავრობის მიერ განსაზღვრული შეზღუდული დროით დაეკისრებათ. ამ გზით სახელმწიფო ცდილობს, ხელი შეუწყოს ელექტროენერგიის ბირჟის ამოქმედებას საწყის საფეხურზე.
თავისუფალი ბაზრის მუშაობისთვის ჩამოყალიბდა საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა (შემდგომში სენბი), რომლის ძირითადი საქმიანობა დღით ადრე და დღიური ბაზრებისა და მათი ანგარიშწორების სისტემის მართვა იქნება.
დღით ადრე ბაზარი ყოველი კალენდარული დღის 00:00 (CET)[3] საათზე გაიხსნება და მონაწილეებს შეეძლებათ აღნუსხონ თავიანთი მოთხოვნა/მიწოდება მომდევნო კალენდარული დღის თითოეული საათისთვის. აუქციონი დილის 10:00 (CET) საათზე დაიხურება. ამის შემდეგ მიღებულ განაცხადებზე დაყრდნობით დადგინდება ბაზრის წონასწორობის წერტილი შემდეგი წესით: ყიდვის შესახებ განაცხადები დალაგდება ფასის კლებადობის მიხედვით, ხოლო გაყიდვის შესახებ განაცხადები – ფასის ზრდადობის. ეს ინფორმაცია გადავა ფასითა და რაოდენობით განსაზღვრულ საკოორდინატო სიბრტყეზე და მიღებული წერტილების წრფივად დაკავშირებით აიგება მოთხოვნისა და მიწოდების მრუდები. მათი გადაკვეთის წერტილის მიხედვით დადგინდება წონასწორობა შესაბამის ფასსა და რაოდენობაზე. წონასწორული ფასის განსაზღვრის შემდეგ ბაზარზე დარეგისტრირებულ ყველა მყიდველს მოუწევს გადაიხადოს ერთი და იგივე ფასი თითოეულ წარმოებულ ენერგიაზე. შესაბამისად, მყიდველი ვალდებული იქნება, შეიძინოს მის მიერ მოთხოვნილი ელექტროენერგიის რაოდენობა იმისდა მიუხედავად, წონასწორული ფასი გადააჭარბებს თუ ნაკლები იქნება მის მიერ დარეგისტრირებულ ფასთან შედარებით. ასევე, ელექტროენერგიის მწარმოებლებსაც დაევალებათ, მიაწოდონ ბაზარზე მოთხოვნილი ელექტროენერგიის რაოდენობა წონასწორული ფასის მიხედვით.
ზემოაღნიშნულ პრინციპზე დაყრდნობით, გენერაციის ობიექტებს ვერ ექნებათ ფიქსირებული ტარიფი, რომლის მიხედვითაც ივაჭრებენ ბაზარზე. იმისათვის, რომ ფასის ასეთმა ცვალებადობამ ცუდად არ იმოქმედოს ბიზნესის საოპერაციო ციკლზე, მწარმოებლებს შეეძლებათ, ესკოსთან დადონ ე.წ. CFD (contract for difference).[4] შეთანხმებაში მითითებული იქნება ამ მწარმოებლის ელექტროენერგიის ვაჭრობისთვის ფიქსირებული ტარიფი. თუ კონკრეტული დღისთვის ბაზრის მიერ დადგენილი წონასწორული ფასი ნაკლები აღმოჩნდება CFD-ში აღნიშნულ ფასზე, მაშინ ესკო კომპანიას სხვაობას აუნაზღაურებს; ხოლო, თუ წონასწორული ფასი გადააჭარბებს CFD-ით განსაზღვრულ ტარიფს, ამ შემთხვევაში კომპანია მიღებულ ნამატს გადაუხდის ესკოს. ამგვარად მწარმოებლებს შეეძლებათ დააზღვიონ ფასის ცვალებადობით წარმოქმნილი რისკები.
გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც ერთი წონასწორობის წერტილის დადგენა შეუძლებელი იქნება, სენბი პასუხისმგებელია, რომ სხვადასხვა გზით გააწონასწოროს ბაზარი: მაგალითად, როდესაც მიწოდებისა და მოთხოვნის მრუდები ერთმანეთთან არ გადაიკვეთება მიწოდების დეფიციტის ან სიჭარბის გამო, ბირჟის ოპერატორი (სენბი) პროპორციულად შეამცირებს შესაბამის განაცხადებში მითითებულ რაოდენობებს, ვიდრე მრუდები არ გადაიკვეთება.
თუმცაღა სენბის ამგვარი ქმედებები ვერ გამორიცხავს ბაზარზე მიწოდების დღეს რეალური დეფიციტის ან სიჭარბის წარმოქმნას, რომელიც გამოწვეული იქნება უშუალოდ ბაზრის მონაწილეების მიერ, მაშინ როდესაც:
- მყიდველები მოიხმარენ იმაზე ნაკლებ ან მეტ ელექტროენერგიას, ვიდრე დაარეგისტრირეს;
- გენერაციის ობიექტები აწარმოებენ იმაზე ნაკლებ ან მეტ ელექტროენერგიას, ვიდრე დაარეგისტრირეს.
ასეთი შემთხვევების აღმოსაფხვრელად სექტორის ახალ მოდელში ამოქმედდება საბალანსო ბაზარი, რომელზეც სავაჭრო ბაზრის ყველა მონაწილე დარეგისტრირდება. საბალანსო ბაზარს სსე გაუწევს ორგანიზებას, რაც რეალურ დროში სისტემის დაბალანსებასა და ნებისმიერი სახის უბალანსობის დროულ აღმოფხვრას გულისხმობს. ამგვარად, სსე-ს შეეძლება, კვლავ ჩაერთოს მიწოდებაში თავისი რეზერვის ამოქმედებით. ბაზრის კონკურენტულ მოდელში ასეთი შემთხვევების დროს უბალანსობის გამომწვევ ობიექტს (ან მათ ჯგუფს) ფინანსური პასუხისმგებლობა დაეკისრება. ცხადია, არსებობს შემამსუბუქებელი გარემოებებიც, როდესაც რომელიმე მხარე ამგვარი სასჯელისგან განთავისუფლდება; მაგალითად, როდესაც კონკრეტულმა მწარმოებელმა (ან მათმა ჯგუფმა) დეფიციტის დროს საკუთარი ნაკლები მოხმარების (მომხმარებლის მხრიდან) ანდა ჭარბი გენერაციის ფონზე (მწარმოებლის მხრიდან) შეძლო შეემცირებინა ენერგეტიკული სისტემის უბალანსობა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიწოდების დღეს წარმოქმნილი უბალანსობის დროს, მონაწილეებს დღიური ბაზრის მეშვეობით, სადაც ელექტროენერგიით ამ დღის ყოველი საათისთვის ივაჭრებენ, წონასწორობის აღდგენა შეეძლებათ. დღიურ ბაზარზე ერთი მხარის განაცხადი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაკმაყოფილდება, თუ მეორე მხარე განათავსებს შესატყვის განაცხადს, თანმხვედრი ფასით, რაოდენობითა და ფიზიკური მიწოდების პერიოდით. შედეგად, მიმწოდებლის მიერ გაყიდული ელექტროენერგიის ფასი მეტი ან ტოლი იქნება თავის განაცხადში შეთავაზებულ ფასზე, ხოლო მყიდველის მიერ შესყიდული ელექტროენერგიის ფასი ნაკლები ან ტოლი იქნება თავის განაცხადში შეთავაზებულ ფასზე. ამგვარად, დღიური ბაზარი მონაწილეებისთვის ერთ-ერთ კარგ საშუალებად გამოდგება წონასწორობის შესანარჩუნებლად. მაგალითისთვის, თუ მომხმარებელი რეალურად არ მოიხმარს იმდენ ენერგიას, რამდენიც წინა დღით დაარეგისტრირა, მაშინ შეუძლია ჭარბი ელექტროენერგიის გაყიდვის განაცხადი დღიურ ბაზარზე შეავსოს. ხოლო, მაშინ, როცა მწარმოებელი ვერ შეძლებს წინა დღით დარეგისტრირებული ოდენობის მიწოდებას, დღიურ ბაზარზე შეძლებს განცხადების განთავსებას ელექტროენერგიის ყიდვის თაობაზე.
ბაზრის ახალ მოდელში ესკოს, როგორც შუამავლის, რგოლი აღარ იარსებებს. მისი მთავარი დანიშნულება CFD-ების გაფორმება და მათ შესაბამისად მოქმედება იქნება. სემეკი შეინარჩუნებს თავის მოვალეობას და საჭიროების შემთხვევაში დაადგენს საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებელთა ენერგიის ტარიფს, რომლის მიხედვითაც შემდგომში ესკო გააფორმებს CFD-ს. ხოლო რაც შეეხება სსე-ს, ის კვლავინდებურად გააგრძელებს ბაზრის მეთვალყურეობას და უზრუნველყოფს წონასწორობის შენარჩუნებას.
ბაზრის კონკურენტულ მოდელზე გადასვლა მონაწილეებისთვის მრავალმხრივ იქნება სასარგებლო, მათ შორის: ბაზრის მონაწილეებს მოხმარებისა და მიწოდების დაგეგმვა საათობრივად მოუწვეთ და აღარ იქნება მომხმარებლებთან გრძელვადიანი ხელშეკრულებების დადების საჭიროება. ეს კი ბაზრის ორივე მხრეს უფრო ეფექტიან წარმოებას, მიწოდებასა და მოხმარების დაგეგმვას შეაძლებინებს.
მიუხედავად იმისა, რომ ესკოს, როგორც გარანტირებული შემსყიდველის, როლი, აღარ იარსებებს, CFD-ის მეთოდის დანერგვის წყალობით, შეცვლილი სტრუქტურით ამოქმედებული ბაზარი კვლავ მიმზიდველი იქნება ახალი მოთამაშეებისთვის შემოსასვლელად. CFD PPP-ის მსგავსად საინვესტიციო რისკების შემცირების კარგი საშუალება იქნება.
როგორც ზემოთ აღინიშნა, კონკურენტული ბაზრის მოდელის სახე 2019-2020 წლებში შემუშავდა, თუმცა ელექტროენერგიის ბირჟის გახსნა უკვე 6-ჯერ გადაიდო; მთავარ მიზეზებად კი ბაზრის მონაწილეების არასაკმარისი მზაობა და მოსალოდნელი ფასების არაკონტროლირებადი ცვლილებები სახელდება. ამასთან, არსებობს სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გაართულონ ბირჟის მუშაობა. მაგალითისთვის, ბირჟა გამჭვირვალედ და სრულიად თავისუფლად უნდა მოქმედებდეს; შესაბამისად, უცხო ქვეყნების სუბიექტებსაც შეეძლებათ მასში მონაწილეობა. მოსალოდნელია, რომ ბაზარზე მონოპოლიის მოსაპოვებლად ასეთი კომპანიები მოისურვებენ დაბალ ფასად ვაჭრობასა და გრძელვადიან პერიოდში ადგილობრივი მწარმოებლების ჩანაცვლებას. ამგვარად, ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სექტორის უდიდესი ნაწილი შესაძლოა გახდეს დამოკიდებული იმპორტზე, რომელზეც ზეგავლენას მრავალი რამ ახდენს; ერთ-ერთია პოლიტიკური ურთიერთობები, რომელთა გაუარესების შემთხვევაშიც გაიზრდება ქვეყანაში ელექტროენერგიის გათიშვის საფრთხე. შესაბამისად, საჭირო იქნება ბაზრის მოთამაშეების ზედამხედველობა, რათა დაბალანსებული იყოს ამ სექტორის ადგილობრივ და საიმპორტო ბაზარზე დამოკიდებულება. ზემოაღნიშნული კი დამატებითი გამოწვევაა ელექტროენერგიის სექტორის ახალი მოდელის დანერგვისთვის.
წყაროები:
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი. “ჩვენს შესახებ”. ესკო.https://esco.ge/ka/chvens-shesakheb
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია. “ელექტროენერგეტიკული ბაზრის მოქმედი სტრუქტურა”. სემეკი. https://gnerc.org/ge/sector-participants/el-energy/eleqtroenergetikuli-bazris-moqmedi-struqtura
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა. “ელექტროენერგეტიკული საბალანსო ბაზრის მიმოხილვა”. GSE. მარტი, 2022. https://www.gse.com.ge/sw/static/file/sabalanso-bazris_mimokhilva.pdf
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება №46, 2020 წლის 11 აგვისტო. https://www.gse.com.ge/sw/static/file/bazris_wesebi_konsolidirebuli_14_11_2022.pdf
საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა. “ჩვენ შესახებ”. სენბი. https://genex.ge/ka/page/senbi
ნენსკრა ჰესი. “ნენსკრა ჰესი – საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცება”. ნენსკრა ჰესი. https://nenskra.ge/
სს საპარტნიორო ფონდი. “ჩვენ შესახებ”. სს საპარტნიორო ფონდი. https://www.fund.ge/who-we-are
საქართველოს მთავრობის დადგენილება N246 ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ. 16 აპრილი, 2020. https://matsne.gov.ge/ka/document/view/4852064?publication=0
მილოროვა, ირინა. “რატომ გადაიდო ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება?”. ბიზნეს ფორმულა. 26 მაისი, 2021. https://businessformula.ge/News/2935
[1] საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობა
[2] აშენება-ოპერირება-გადაცემა
[3] ცენტრალური ევროპული დროით
[4] ფასთა სხვაობის ხელშეკრულება