De Re Publica, ეპიზოდი 10: ქართული პოლიტიკური იდენტობა კონსტიტუციის კვალდაკვალ, ნაწილი II

De Re Publica

გააზიარე:


გადაცემის წამყვანები: ანი კახიძე, ელენე ფილფანი

სტუმარი: დავით ზედელაშვილი

ტრანსკრიპტის ავტორი: ნატა გოგიტიძე

ტრანსკრიპტის რედაქტორი: ბექა იობიძე

კორექტორი: მარიამ გორდაძე

ელენე: ძალიან საინტერესოა, გაწონასწორების კუთხით რასაც საუბრობდით. პირველ ეპიზოდში ბატონმა ბექამ მოგვიყვა ასეთი რამ: თავის მონოგრაფიაში ნოე ჟორდანია დამოუკიდებლობის აქტზე წერს, რომ თავის დაწერა დაევალა  გიორგი გვაზავას, რომელმაც  იქ 7-საათიანი სამუშაო დღე ჩაწერა, რაც ძალიან სასაცილო იყოო. ნოეს მოქმედება დაუწუნებია, ეს ხომ არ არის მუშათა დამოუკიდებლობის აქტი, მხოლოდ ეროვნული საქმეაო. თითქოს მოკლედ არის დაწნეხილი ის ამბავი, თუ როგორ მსჯელობდნენ კონსტიტუციის მიღების დროს.

დავითი: კი, ნამდვილად ასეა. ჩემთვის მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო საკონსტიტუციო  კომისიის სხდომის ოქმები, რომლებშიც ნოე ჟორდანია წარმოჩინდება, მართლაც, როგორც სახელმწიფო მოღვაწე; პოლიტიკოსი, ამ სიტყვის ძალიან კარგი გაგებით; ადამიანი, რომელსაც ესმის პოლიტიკა, როგორც ხელობა, მარტივად რომ ვთქვათ; რომელსაც არ აკლია რაღაც იდეალები. ის ცნობილი ანეკდოტი, არ ვიცი, ალბათ, ანეკდოტიც არ არის, სინამდვილეა – ნოესთან, როგორც „კვალის“ რედაქტორთან, ახალგაზრდა იოსებ ჯუღაშვილის შეხვედრა; მისი მარქსიზმი და მისეული ცოდნა მარქსიზმისა ჟორდანიასთვის საკმარისი არ იყო იმიტომ, რომ ნოე, ასე ვთქვათ, გაცილებით უფრო ღრმააზროვან ავტორად ითვლებოდა.

ჟორდანიას, სხვათა შორის, კარგად იცნობენ აზერბაიჯანშიც. ვიცით პირველი რესპუბლიკის ისტორია, რომ მათ უწევდათ თანაარსებობა ამიერკავკასიის ფედერაციის ფარგლებში სომხებსა და აზერბაიჯანელებთან ერთად, სანამ ისინიც გამოაცხადებდნენ დამოუკიდებლობას. მუსავატები, რომლებიც იმ დროს აზერბაიჯანში იყვნენ მთავარი ძალა, ჟორდანიას იდეებს ეზიარებოდნენ. დღევანდელ სულთანისტურ აზერბაიჯანშიც არიან ადამიანები, რომლებიც იმავე იდეალებს ერთგულობენ, ძველი ხალხი მოსწონთ, იციან ჟორდანია და ძალიან დიდ პატივსაც სცემენ მას. ჩემმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ, ძალიან კარგმა კონსტიტუციონალისტმა, მაჩვენა ერთ-ერთი მუსავატი მეთაურის ტექსტი, რომელიც მოგვითხრობს პანთურქისტულ მოძრაობებზე. ამ წიგნში არის ნოე ჟორდანიას წინათქმა. იგი მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური წინამძღოლი, მოაზროვნე და ავტორი იყო.

ჟორდანია, როგორც პუბლიცისტი და პოლემიკოსი, ძალიან აქტიური იყო. აღსანიშნავია, როგორ რიგიანად ხსნიდა, მის აწმყოში რატომ ვერ იმუშავებდა პირდაპირი რადიკალური დემოკრატიის იდეალი, საქართველო შვეიცარიას ახლა რატომ ვერ დაემსგავსებოდა. შეიძლება მისთვის კონსტიტუციონალიზმის იდეალი მნიშვნელოვანი არ იყო, მაგრამ, მაგალითად, ჩვენს იმდროინდელ კონსტიტუციაში, გადასინჯვის ნაწილში, წერია ის, რაც გერმანელებს მაშინ არ ჰქონდათ;  ერთ-ერთი, რამაც ვაიმარის რესპუბლიკა დაღუპა, იყო ის, რომ ე.წ. მუდმივობის საწინდარი არ არსებობდა და, ძალიან მარტივად, 1933 წელს, ჰიტლერის  ხელისუფლებაში მოსვლისას, მან მიიღო უფლებამოსილების მიმნიჭებელი აქტი, მთელი ძალაუფლება მიითვისა, გადაიწერა ფიურერზე და შეცვალა პოლიტიკური ფორმა. იმ გამოცდილებით დღეს გერმანიას აქვს ე.წ. მუდმივობის გარანტიები, ოღონდ გაცილებით უფრო მრავლის მომცველი: ადამიანის ღირსება, ხელისუფლების დანაწილება, ფედერალიზმი. ისინი შეუცვლელია. ჩვენთან ეს ვრცელდება მხოლოდ რესპუბლიკის ფორმაზე: პირდაპირ წერია, რომ დემოკრატიული რესპუბლიკის ფორმა არ გადაისინჯება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 1921 წელს მიღებულ დოკუმენტში წერია ზემოაღნიშნული. სინამდვილეში ამას ვაიმარის ტრავმატული გამოცდილება ბადებს. არის მისი ანალოგებიც, მაგალითად, ამერიკის კონსტიტუციაში მოცემული პირობა, რომ შტატების დონეზე დემოკრატიული ფორმა არ შეიცვლება. შეიძლება, ესეც არის გარკვეულწილად შთაგონება. მოკლედ, ძალიან მნიშვნელოვანი საწინდარია, რომელიც დღევანდელი საქართველოს კონსტიტუციაში არ არის.

ანი: 1921 წლის მემკვიდრეობას რომ ვიზიარებთ, ეგ არ გულისხმობს მაგას?

დავითი: არა. მემკვიდრეობის გაზიარების მიღმა, იქ თუ ნახავთ, ძალიან ბევრი რამ, რიგი წინადადებებიც კი, ნასესხებია. ჩვენს პრეამბულაში სოციალურ სახელმწიფოზე მითითება ძირითადად გადმოთარგმნილია თანამედროვე გერმანული ბაზისური კანონიდან; ოღონდ გერმანიაში არის სოციალურ-სამართლებრივი სახელმწიფო. ეს უკანასკნელი არის სამართლებრივი სახელმწიფოს ფორმა, სადაც წინააღმდეგობა, რომელიც სამართლებრივ სახელმწიფოსა და სოციალურ სახელმწიფოს შორის არსებობდა, კონსტიტუციურადაა გადაჭრილი; ერთი გამაერთიანებელი ცნება არსებობს, ჩვენს თარგმანში კი დაშალეს. სოციალურ სახელმწიფოს შეიძლება ჰქონდეს კონსტიტუციური ფორმა, ცალკეული კონსტიტუციური გარანტიები, რომლებიც დღევანდელ კონსტიტუციაში არსებობს, თუმცა ისეთივე სისტემური და თანმიმდევრული, როგორიც თუნდაც გერმანულ კონსტიტუციაში ან კონსტიტუციურ დოქტრინაშია, აქ არ არის. სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო – ამ ორს ერთად უთითებ და ამ წინააღმდეგობის გადაჭრის გზები შიგნით არ გაქვს. გერმანელები განზრახ ავითარებენ სოციალურ-სამართლებრივი სახელმწიფოს იდეას და არა – სოციალურისა და სამართლებრივის, ეს ორი ერთდროულად არ არის.

ელენე: ჩვენი კონსტიტუცია იზიარებს და ეყრდნობა 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას; ახსენეთ, რომ რაღაც ნაწილები ზუსტადაა გადმოტანილია. როგორ მოხვდა ჩვენს დღევანდელ კონსტიტუციაში საერთოდ? რა მნიშვნელობა აქვს? და, ზოგადად რომ ვისაუბროთ, რატომ არის საჭირო მიბრუნება იმ კონსტიტუციასთან? რა კუთხით იქნება ეს სასარგებლო, როგორც ჩვენი დღევანდელი სამართლებრივი სისტემისთვის, ისე კულტურული თვალსაზრისით?

დავითი: პირველად ეგ გაჩნდა 1995 წლის კონსტიტუციაში. მაშინდელი პრეამბულა ამბობდა, რომ 1921 წლის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს ეფუძნებაო. მერე აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი ძირითადი პრინციპი აქ არ იყო გათვალისწინებული და სხვებს ენიჭებოდა უპირატესობა. შემდგომი ცვლილებებისას შესწორდა, რომ ისტორიულ-სამართლებრივი მემკვიდრეობის ძირითად პრინციპებს კი არ ეფუძნები, არამედ იზიარებ. იცით, პრობლემა ის არის, რომ 1921 წლის კონსტიტუცია ,,მკვდრადშობილი“ იყო, მან ვერ შეასრულა თავისი დანიშნულება. საბოლოო ჯამში, ვერც ერი დაფუძნდა, ვერც – სახელმწიფო, ვერანაირი გაგების; ვერ შეძლო საკუთარ მტრებს შეწინააღმდეგებოდა.

ის იდეალები, რომლებიც ამ კონსტიტუციაში იყო, მათ შორის სწრაფვა იმისკენ, რომ ერი-სახელმწიფო შეგვექმნა, არის თუ არა ღირებული? არის, დღემდეა. გვჭირდება თუ არა ამის გაკეთება? გვჭირდება. შეძლო მიზნის მიღწევა 1995 წლის კონსტიტუციამ, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედებს? ვერა. თუ შეიძლება საწყისებთან დაბრუნება, მხოლოდ ამ მხრივ: რა იყო შეცდომა და რა შეიძლება, რომ ამ შეცდომებისგან დღეს ჩვენ ვისწავლოთ? რა შეიძლება დაგვჭირდეს იმისათვის, რომ ეს მიზნები განვახორციელოთ, მათ შორის ის, რომ ერი-სახელმწიფო შევქმნათ? რაიმე სხვა არჩევანი ამ ნაწილში, გარდა ერი-სახელმწიფოსი, არ არსებობს. თუ ვინმეს არ აწუხებს იმპერიაში დაბრუნების იდეები, მაშინ ერი-სახელმწიფო რჩება ძირითად პოლიტიკურ ფორმად, მათ შორის ევროპის კავშირთან მიმართებითაც. არსებობდა მოსაზრებები, რომ ერი-სახელმწიფოს სუვერენიტეტი იყო დრომოჭმული, რომ ევროპის კავშირი საბოლოოდ გარდაიქმნებოდა ფედერალურ-ევროპულ სახელმწიფოდ და იარსებებდა ევროპის კონსტიტუცია. ამ პროექტზე ახლა ევროპაში აღარავინ ლაპარაკობს და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროპის კავშირში გაწევრებაზე, ჯერჯერობით მასში მოვიაზრებთ სუვერენული ერი-სახელმწიფოების კლუბს. ევროკავშირში დღეს არიან სრულფასოვანი ერი-სახელმწიფოები. შესაბამისად, ეს ორი იდეა (ევროკავშირისა და ერი-სახელმწიფოსი)  ჯერ კიდევ ურთიერთთავსებადია. თავსებადი კი არა, რაღაც აუცილებელი პირობაა, რადგან წევრობის რა პირობებსაც ისინი გიყენებენ, მათი განხორციელება სწორედ ამ ერი-სახელმწიფოს ფარგლებში არის ყველაზე უკეთ შესაძლებელი. შესაბამისად, კონსტიტუციის პროგრამა და დასახული მიზნები ამას უნდა ეფუძნებოდეს. თუმცა მხოლოდ კონსტიტუციას, ქაღალდზე დაწერილ დოკუმენტს, ვერ ექნება მაგიური ძალა. უნდა არსებობდეს ინსტიტუტები. ინსტიტუციურ დონეზე არსებობა ნიშნავს იმას, რომ ამ დაწესებულებებს აქვთ წესები, რომლებიც მერე კონსტიტუციაში აისახება. საგულისხმოა ისიც, ამ ინსტიტუტებში მომუშავეებმა აღიქვან, რომ ეს წესები სავალდებულო, მნიშვნელოვანია და შესაბამისად იმოქმედონ. ეგ განცდა თუ არ არსებობს, რაც არ უნდა ჩაწერო, შეიძლება გქონდეს ლიბერალურ-დემოკრატიული კონსტიტუციური ფორმა ან პოსტსაბჭოთა ,,პატრონ-კლიენტისტური“ საზოგადოებრივი ძალაუფლება, როგორც არის ახლა საქართველო, მაინც ჩვეულებრივი ერთწვერიანი პატრონყმური პირამიდა გაქვს, რომელიც გარედან შეზღუდული, მიბმულია რუსულ იმპერიულ პოსტსაბჭოთა პატრონყმურ პირამიდას და დანარჩენი პოლიტიკური ფორმები არის მხოლოდ ერთგვარი გაფორმება. აქაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, თუ რატომ ჩაწერეს 1921 წლის კონსტიტუციაში პროტექციონისტული პოლიტიკის მანდატები და სოციალური ინჟინერიის შესაძლებლობები. იმისთვის, რომ დასაყრდენები შეექმნათ შიგნით: გლეხობა გაეძლიერებინათ, რათა საკუთარ პოლიტიკურ ბურჯად გაეხადათ. ეს, მართლაც, ასე ხდებოდა: რატომ იგებდნენ სოციალ-დემოკრატები არჩევნებს? – ეს ხალხი (მუშათა კლასი) უჭერდა მხარს, რადგან იცოდნენ, მათ მისწრაფებებს გამოხატავდნენ. სოციალ-დემოკრატიულმა პარტიულმა სტრუქტურებმა შეძლეს ყველაზე ,,დაბლა გაშლა“, ყველაზე დაბალ ფენებამდე მისვლა. მათი წარმატების გასაღები ეს იყო. ძალიან კარგად ესმოდათ, ძალაუფლება უნდა გამოეყენებინათ სოციალური ინჟინერიის ამ პროექტისთვის, თორემ ფარატინად დარჩებოდა ჩანაწერი წოდებრივი მდგომარეობის გაუქმებაზე. თუ წოდებრივი განსხვავება არ აღმოიფხვრებოდა, ძალიან მალე, თუნდაც შემდეგ არჩევნებზე, დამარცხდებოდნენ პროგრესულ ბურჟუებთან. მაგ ნაწილში, ჩვენთან – ახლანდელ პოლიტიკურ კლასთან – შედარებით, იმათ უკეთ წარმოედგინათ ან უფრო განსწავლულნი იყვნენ.

სინამდვილეში, 1995 წლის კონსტიტუცია და ყოველი შემდგომი კონსტიტუციური ცვლილებები, ეს იყო მცდელობა, არალიბერალური პოლიტიკური რეჟიმი გაფორმებულიყო ლიბერალურ-დემოკრატიული კონსტიტუციით და განმტკიცებულიყო იმ ,,პატრონ-კლიენტისტური“ საზოგადოებრივი პირამიდის ძალაუფლება. ეგ იყო საბჭოთა პერიოდის პირამიდა, რომელმაც დროებით დაკარგა პატრონი დამოუკიდებლობის გამოცხადების სიჩქარეში. მერე დაიბრუნეს ძველი პატრონი, – ედუარდ შევარდნაძე რომ დაბრუნდა, ყველამ იცოდა, ვინ იყო პატრონი, და, შესაბამისად, ყველაფერი დალაგდა. შევარდნაძემ ძალიან ცხადად შეიმუშავა ისეთი კონსტიტუციური ფორმა, რომელიც ამ საზოგადოებრივი ძალაუფლების პირამიდას, რომლის თავშიც თვითონ უნდა მოქცეულიყო, მისცემდა საუკეთესო, ასე ვთქვათ, სამართლებრივ იარაღებს. შემდეგ იყო შედარებით განსხვავებული პროექტი, ყოველ შემთხვევაში, მცდელობა – ,,ვარდების რევოლუცია“, რომელიც მოჰყვა სწორედ იმას, რაც ასეთ რეჟიმებს სდევს თან – მემკვიდრეობის პრობლემას: ყველამ იცოდა, რომ შევარდნაძე მიდიოდა, და, შესაბამისად, ძალიან დიდი ვნებათაღელვა არსებობდა, ვინ იქნებოდა შემდეგი. ამის ფონზე, იმ დროის ლიბერალურმა პოლიტიკურმა ძალებმა მოახერხეს რევოლუციის მოწყობა, თუმცა ისინიც დამარცხდნენ ამაში, – ბოლომდე სისტემურად მათაც არ უცდიათ, რომ საზოგადოებრივი ძალაუფლების პირამიდა მოშლილიყო და უარეყოთ ეს ,,პატრონ-კლიენტისტური“ სქემა. მერე ისევ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული შფოთი წარმოიშვა, რომ სააკაშვილს ორი ვადა გასდის (2012 წლის არჩევნების ისტერიად იქცა). ასეთია ერთწვერიან პირამიდაში ცვლილებები. ეს დამოკიდებულია იმაზე, ამ პირამიდის სათავეში მყოფი ელიტები როგორ გრძნობენ თავს უფრო დაცულად. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ პირამიდამ არსებობა გააგრძელოს. მთელი სისტემა ისეა მოწყობილი, რომ უზრუნველყოს მათი უპირატესობა, როგორც ახლა: სამართლის უზენაესობა გვაქვს ფორმალურად, სინამდვილეში კი ამ პირამიდის ყველა საფეხურზე მყოფი ადამიანის მიმართ განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმი მოქმედებს. გვაქვს ე.წ. ,,შუა საუკუნეების ლეგალური პლურალიზმის“ მსგავსი რაღაც. თუ მაშინ წოდებების მიმართ მოქმედებდა განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმი, თანამედროვე ფეოდალიზმში, ,,ნეოპატრონმონალიზმის“ პერიოდში, რომელშიც ჩვენ ვართ, ბატონ ბიძინასთან სიახლოვის მიხედვით განსხვავდება შენი სამართლებრივი სტატუსი. ანუ, განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმები მოქმედებს და უსამართლობის განცდა არსებობს. სამართლის უზენაესობის მთავარ ელემენტებს თუ გავიხსენებთ, ესენია: სამართლებრივი თანასწორობა, თანასწორი უფლებები, თანასწორი აღსრულება. თანასწორი უფლებები არის ქაღალდზე, აღსრულება – უთანასწორო.

ანი: ეს მანკიერი წრე როგორ შეიძლება დავარღვიოთ? მაგალითად, ჩვენგან განსხვავებით, როდესაც ამერიკის კონსტიტუციას იღებდნენ, ძალიან ბევრი ადამიანი კითხულობდა. ძნელია ზუსტი მონაცემების პოვნა, თუმცა, როდესაც ჩვენთან პირველი კონსტიტუცია მიიღეს 1921 წელს, დაახლოებით 12-13%-ს შეეძლო სრულყოფილად წერა-კითხვა. თანამედროვე საქართველოზე თუკი ვიტყვით, პრობლემა, რომელზედაც მე ხშირად წამიკითხავს, ჩვენნაირი დემოკრატიული ქვეყნებისთვის საშუალო ფენების არარსებობაა; საშუალო ფენა არ არსებობს იმ კუთხით, რომ ამომრჩეველს არ აქვს ის უნარი, პოლიტიკურ ცხოვრებაში ხშირად და წარმატებით ჩაერთოს. ეს მანკიერი წრე რით ირღვევა? გაცვეთილი პასუხი – განათლება – აქვს?

დავითი: განათლება, რა თქმა უნდა, რაღაცებს ცვლის, მაგრამ განათლების მასობრივი გავრცელება ხშირად მოჰყვება საზოგადოებაში სხვა სახის ცვლილებებს. რაც უნდა ვთქვათ, მათ შორის თანამედროვე ლიბერალურ-დემოკრატიული კონსტიტუციონალიზმიც, საზოგადოებრივმა ცვლილებებმა მოიტანა. ლიბერალიზმი, უპირველესად, საზოგადოებრივი ფილოსოფიაა და მერე – პოლიტიკური; მთავარი სამიზნე არის საზოგადოება – მას უნდა თავისებურ თანასწორობაზე, თანასწორ უფლებებზე დაფუძნებული საზოგადოება. ასეთი საზოგადოების შესანარჩუნებლად საჭიროა პოლიტიკური ძალაუფლება და მისი შესაბამისად მოწყობა. ასეთი საზოგადოებრივი გარდაქმნის აღმძვრელები არიან ელიტები, რომლებიც ხვდებიან მანკიერებას ერთწვერიანი “პატრონ-კლიენტიზმის” პირამიდისა და უარყოფენ მას, რაც, თავის მხრივ, ერთგვარი თვითშეზღუდვაა. მოკლედ, კონსტიტუცია არის თვითშეზღუდვა,  მათ შორის ელიტებისა.

ანი: გვყავს პოლიტიკური ელიტა?

დავითი: არა, ელიტები გვყავს, ოღონდ კორუმპირებულნი. მათ სურთ, რომ მუდმივად შეინარჩუნონ ეს ერთწვერიანი ,,პატრონ-კლიენტისტური“ პირამიდა, რათა მიიღონ პრივილეგიები. მეტიც, იმგვარად აწყობენ ამ პირამიდას, რომ ყველასთვის, ამ პირამიდის ყველაზე დაბალ საფეხურზე მყოფთათვისაც კი, წარმოაჩენენ მას, როგორც საზოგადოებრივ წონასწორობას; მარტივად რომ ვთქვათ, კლიენტობა ჩანს არსებობის მისაღები ფორმა. ასე თუ აღწერ, საბოლოო ჯამში, პირამიდის წვერის მიღმა ყველა ვიღაცის კლიენტია. საქართველოში პირამიდის თავზე ერთი კაცი ზის, ვიცით, ყველა მისი კლიენტია; მაგრამ ოლიგარქი, სხვა კლიენტისტური რეჟიმის გადმოსახედიდან, თავადაც კლიენტია, არ არის მხოლოდ პატრონი. ძალიან რთული სისტემაა ეს ,,პატრონ-კლიენტისტური“ ლოგიკა, რომელიც საუკუნეების განმავლობაშია გამჯდარი. ეს არის საზოგადოებრივი არსებობის ფორმა – სხვა ფორმა ადამიანებს უბრალოდ არ ახსოვთ. ბოლშევიკურ სისტემაში იყო ტოტალიტარული სოციალური ინჟინერია, რომელიც გულისხმობდა ძველი ელიტების ფიზიკურად განადგურებასა და ახალი ელიტების შექმნას, თუმცა პირამიდული სქემა ისევ ისეთივე დატოვეს; უბრალოდ, ძველმა კლიენტებმა, ყველაზე უფრო გაბოროტებული, დაბალ საფეხურზე მდგომი კლიენტების მეშვეობით, დახოცეს ძველი პატრონები (მდიდარი გლეხები, თავადაზნაურობა) და ჩაანაცვლეს ისინი. პოსტსაბჭოთა ,,პატრონ-კლიენტიზმი“ არის იგივე საბჭოთა ,,პატრონ-კლიენტიზმი“: ის იერარქიები არის საბჭოთა იერარქიები, რომლებიც იყო პარტიული ნომენკლატურა; მასში თუ ჩაგწერდნენ, მერე სულ თანამდებობის პირი იყავი, უბრალოდ ელიტა წყვეტდა, მერე სად დაინიშნებოდი. პარტიული ნომენკლატურა – თუნდაც ე.წ. წითელი ინტელიგენცია, შემოქმედებითი ინტელიგენცია, სამეცნიერო ინტელიგენცია – მთლიანად ებმოდა ამ საზოგადოებრივი ძალაუფლების პირამიდას, რომლის უკანაც სახელმწიფო იდგა. ეს უბრალოდ გარდაიქმნა, გარკვეულწილად მოერგო გარეგნულ ფორმას საბაზრო ურთიერთობებისა; თუმცა შინაარსობრივად არ შეცვლილა, იგივე დარჩა.

მარტივად რომ ვთქვათ, პრობლემა რა არის? ზოგადად, პატრონალიზმი და კლიენტიზმი იმდენად გავრცელებულია ადამიანურ ურთიერთობებში, რომ მისი სრულად აღმოფხვრა არის შეუძლებელი; დასავლურ საზოგადოებებშიც კი არ არის მთლიანად აღმოფხვრილი. თუმცა იქ რაც დაძლიეს და ჩვენ არ დაგვიძლევია, ეს არის ერთწვერიანი პირამიდები. ჩვენთან ძალაუფლება ერთ პატრონთან იყრის თავს და, შესაბამისად, იერარქიზებულია. დასავლურ ქვეყნებში იერარქიები არსებობს, ოღონდ ჰორიზონტალური, ანუ ბევრი პატრონია. ადამიანებს მეტი თავისუფლება აქვთ, რადგან გადაადგილება – საფეხურის ცვლილება – შესაძლებელია, რაც, ასე ვთქვათ, ჩაგვრას ნაკლებად შეცნობადს ხდის. საქართველოში კი, რაც უფრო იყრის საზოგადოებრივი ძალაუფლება თავს ერთწვერიან პირამიდაში, მით უფრო აუტანელი ხდება აქ ცხოვრება; იცი, რომ ვერსად გადახტები, ყველა ამ პირამიდის ნაწილია და მის ფარგლებში რჩები. იქ ასე არ არის იმიტომ, რომ ერთწვერიანი პირამიდები არ არსებობს, – საზოგადოებრივი ძალაუფლების პირამიდას აქვს მრავალი წვერი, რომლებიც ერთმანეთს ,,ეპაექრებიან“ პოლიტიკურ ძალაუფლებაში. კონსტიტუციაც ერთგვარი შეთანხმებაა, რომ მათი საზოგადოებრივი ძალაუფლება არის საზიარო, რაც პოლიტიკურ ძალაუფლებაზეც უნდა აისახოს. სანამ ეს შეთანხმება მუშაობს, არსებობს ისეთი აყვავებული საზოგადოებები, როგორებიც იქ არის. როცა ეს შეთანხმება ირღვევა და პირამიდის ერთი წვერი მოინდომებს მეორე მთლიანად გაანადგუროს, მაშინ ,,ტექტონიკური ძვრები“ იწყება ხოლმე. დასავლეთში გაცნობიერებულია, რომ შენ მათთან თანაარსებობის გარეშე ვერაფერს გახდები, რომ მათთან თანაარსებობა სიმდიდრეა და კარგიც არის, რომ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ძალაუფლება საზიაროა. ჩვენთვის, ასე ვთქვათ, საოცნებოა დასავლური დემოკრატიები. რა თქმა უნდა, იქაც არის თავისუფლების იდეალები: ზოგიერთი მიისწრაფვის მემარცხენე იდეალისკენ, რომ წოდებრივი მდგომარეობა სრულად წაიშალოს, დამოკიდებულების ჯაჭვები სრულად განადგურდეს და ა. შ.



მდევარი