ისლამური ფემინიზმი

ისლამური ფემინიზმის გამოვლინება ქალთა გამოსვლით

გააზიარე:


ავტორი: თამთა მაზანაშვილი

კორექტორი: ნანო კვარაცხელია

რედაქტორი: ბექა იობიძე

შესავალი

მსოფლიოს დიდ რელიგიათა შორის ერთ-ერთია ისლამი, რომელიც ყველაზე ახალგაზრდაა, თუმცა, ამის მიუხედავად, ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი მოძღვრებაა ხოლმე, განსაკუთრებით ისლამისა და პოლიტიკურ-საზოგადოებრივი საკითხების ურთიერთობის, შეთავსებისა და შერწყმის ჭრილში.

ისლამი VII საუკუნეში არაბეთის ნახევარკუნძულზე იბადება, ჰიჯაზის (რეგიონი საუდის არაბეთში) ქალაქ მექაში. მისი წარმოშობა არაბულ საზოგადოებაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური მიზეზებით იყო განპირობებული, – ისლამამდელი არაბული საზოგადოება თემური წყობილებიდან კლასობრივ საზოგადოებად ყალიბდებოდა. ისლამის მქადაგებლად კურაიშის ტომისა და ჰაშიმის გვარის წარმომადგენელი მუჰამადი მიიჩნევა, რომელმაც, გადმოცემის თანახმად, ისლამური სწავლებების გავრცელება 610 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ალაჰმა მას მოციქულობისკენ მოუწოდა. ისლამური დოქტრინებისა და წესების მთავარი წყარო ყურანია, რომლის ახსნა-განმარტებებიც როგორც რელიგიური, ისე სამართლებრივ-საზოგადოებრივი წესრიგის მთავარი წყაროა და სწორედ ამ ახსნების განსხვავებულობით იყოფა ისლამი ბევრ სხვადასხვა მიმართულებად. საქმე ისაა, რომ არაბული ენის თავისებურებებისა და, ამასთანავე, წინადადებებს მიღმა ნაგულისხმევი იდეების ამოცნობის სირთულიდან გამომდინარე, ყურანის სახესხვაობრივი განმარტება მოსალოდნელი და ლოგიკურია, რასაც ხშირად სავალალო შედეგებამდე მიჰყავს ისლამური საზოგადოება. ფუნდამენტალისტური ისლამიზმი სწორედ ამას ცხადყოფს, ისევე როგორც გენდერული დისკრიმინაციის ის ხარისხი, რომელსაც რამდენიმე მუსლიმურ ქვეყანაში ვხვდებით, მაგალითისთვის, ირანსა და ავღანეთში.

დღესდღეობით ისლამის გავრცელების მთავარი არეალი ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკაა, მეტწილად არაბული ქვეყნები თურქეთსა და ირანთან ერთად. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმთა დიდი რაოდენობა მსოფლიოს ყველა კუთხეში გვხვდება, ისლამთან დაკავშირებულ რეგიონად ხშირად სწორედ ახლო აღმოსავლეთი (Middle East) მოიაზრება. რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ-საზოგადოებრივი გარდაქმნებისა და მუდმივად ცვალებადი დისკურსის შედეგად, ისეთი ცნებებისა და მოძრაობების განვითარება, როგორიცაა, მაგალითად, ფემინიზმი, ისლამთან მიმართებით ოქსიმორონად აღიქმება ხოლმე, ძირითადად მსგავსი მოძრაობების დასავლური საწყისებიდან გამომდინარე. თუმცა, ასეთი საყოველთაო პარადოქსის მიუხედავად, ისლამური ფემინიზმი დიდი ხანია არსებობს მუსლიმურ სამყაროში და სტატიაში სწორედ მის რამდენიმე მაგალითსა და გავრცელების არეალზე ვისაუბრებთ.

ისლამური ფემინიზმის უზოგადესი დახასიათება

თავდაპირველად, საინტერესოა, რას მოიაზრებს თავის თავში სიტყვა ფემინიზმი  და ფემინისტური მოძრაობები. ფემინიზმი, ზუსტი და ობიექტური განმარტებით, მოიცავს მოძრაობას/რწმენას, რომ ყველა საზოგადოებაში უნდა არსებობდეს პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური თანასწორობა გენდერული ნიშნის განურჩევლად. ფემინიზმის მთავარი მოწინააღმდეგეა სექსიზმი და გენდერული დისკრიმინაცია, რომელთაც ისლამური სახელმწიფოების უმრავლესობაში ვხვდებით. თუმცა ნიშნავს კი ეს, რომ ისლამი თავის თავში გულისხმობს დისკრიმინაციასა და გენდერულ ძალადობას?; თუ ისლამურ საზოგადოებებშიც ვხვდებით ფემინიზმის ჩანასახსა და ფემინისტური ტალღების ნიშნებს, რომლებიც დამაიმედებელია, რომ ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის იდეა მხოლოდ დასავლური სამყაროს ნაწილი არ არის და მთელ მსოფლიოში აქვს ფეხი მოკიდებული?

სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით შესაძლოა ითქვას, რომ გენდერული თანასწორობისთვის მებრძოლი მოძრაობების ჩანასახი ისლამურ სამყაროშიც არსებობს და მას ისლამური ფემინიზმი ეწოდება. ეს უკანასკნელი არის ფემინიზმის ფორმა, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ქალების როლზე ისლამურ საზოგადოებაში, მუსლიმთა თანასწორობაზე (განურჩევლად სქესისა) საჯარო თუ პირად ცხოვრებაში და ისლამურ ჩარჩოებში ქალების უფლებების დაცვაზე. შესაბამისად, ისლამური ფემინიზმი ფემინისტური მოძრაობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია. მისი მთავარი ამოცანაა, წინა პლანზე წამოსწიოს გენდერული თანასწორობის საკითხი რელიგიაში, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ყურანისა და ჰადისების (გადმოცემები, რომლებიც გარკვეულ ქმედებებსა და ნათქვამებს მიაწერს მოციქულ მუჰამადს) პატრიარქალური ახსნების უგულებელყოფასა და ხელახალ განმარტებას.

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ქალთა მოძრაობების გამოღვიძება გარკვეულ ისტორიულ და პოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდება, მაგალითად, ნაციონალისტური მოძრაობებისა და „გათანადროულების“ საწყისებს, რაც, თავის მხრივ, რელიგიური და სეკულარული იდეების ჯახს იწვევს. ნაციონალიზმის გაღრმავება მუსლიმური საზოგადოებებისა იმპერიალისტური დასავლეთის წინააღმდეგ ამბოხს მოიაზრებდა. სეკულარული და რელიგიური იდეების ბრძოლა გამოწვეული იყო ამ ქვეყნებში კულტურული იდენტობის ისლამური ნიშნით განსაზღვრის გამო. ისლამი  პოლიტიკურ საწყისებზე დაფუძნებული რელიგიაა, თუმცა ერთი რამ ფაქტი იყო: ისლამი, როგორც კულტურული იდენტობის ერთადერთი მსაზღვრელი, ზღუდავდა ფემინისტური დისკურსების გავრცელებას რეგიონში. ცხადია, ისლამურ კულტურასა და სამყაროზე საუბრისას ზოგადად რეგიონი იგულისხმება და ცალკეულ ისლამურ ქვეყნებში ეს მოძრაობები სხვადასხვანაირად წარმოჩინდებოდა ან იზღუდებოდა რეჟიმის სიმკაცრიდან გამომდინარე. მაგალითად, ერაყსა და ტუნისში ქალთა მოძრაობები განსხვავებულად ვითარდებოდა, რადგანაც ერაყს ბევრად უფრო რეპრესიული ფონი ახასიათებს, ვიდრე ტუნისს.

სანამ უშუალოდ კონკრეტულ ისლამურ ფემინისტურ მოძრაობებზე ვისაუბრებდეთ, უნდა აღინიშნოს მნიშვნელოვანი მიზეზები, რომლებმაც ხელი შეუწყო ფემინისტთა რაოდენობის ზრდას დანარჩენი მსოფლიოსავით ახლო აღმოსავლეთის რეგიონშიც. უპირველესად, ეს იყო ქალთა უფლებების ზრდა საერთაშორისო ინსტიტუტების დონეზე, ამასთანავე, რაოდენობის მატება არასამთავრობო ორგანიზაციებისა, რომლებსაც უდიდესი გავლენა ჰქონდა მომავალში ახლო აღმოსავლეთში ფემინისტური მოძრაობების ჩამოყალიბებაზე.

საინტერესოა, რომ მნიშვნელოვანი ბიძგი იყო ისლამურ სახელმწიფოებში ისლამიზმის მზარდი ტალღაც. ისლამიზმი, იგივე პოლიტიკური ისლამი, რელიგიურ-პოლიტიკური იდეოლოგიაა, რომლის მიზანია, ჩამოაყალიბოს ისლამური ნორმები, როგორც ზოგადი მოქმედების წესები. ისლამიზმი ძირითადად თავს იჩენს ხოლმე ისეთ საზოგადოებებში, რომლებიც ისლამურ ღირებულებებზეა დაფუძნებული. ისლამისტურ ექსტრემისტებს, ანუ ამ იდეოლოგიის მიმდევართა იმ ნაწილს, რომელსაც სჯერა, რომ ცვლილებები მხოლოდ ძალადობრივი გზით მიიღწევა, ხშირად ისლამურ ფუნდამენტალისტებადაც მოიხსენიებენ. შესაბამისად, მსგავსი ისლამისტური იდეოლოგიების უცაბედმა ზრდამ ქალებს ერთგვარად უბიძგა, მსგავსი საზოგადოებრივი წყობილების წინააღმდეგ გამოსულიყვნენ და ებრძოლათ შემზღუდავი კანონების წინააღმდეგ.     ისევ და ისევ უნდა ითქვას, რომ ისლამისტური მოძრაობის გავლენაც ცალკეული რეჟიმის სიმკაცრეზეა დამოკიდებული, თუმცა, ცხადია, ზოგადად ისლამისტურმა მოძრაობებმა დიდად შეაფერხეს ქალთა მოძრაობების განვითარების სიჩქარე და არეალი. შეიძლება ითქვას, რომ ქალთა მოძრაობებისა და ორგანიზაციების ჩამოყალიბება ისლამურ სამყაროში პასუხია იმ რთულ და მკაცრ სოციალურ და ეკონომიკურ სინამდვილეზე, რომელიც ისლამისტური იდეების გავრცელებას მოჰყვა ბევრ სახელმწიფოში, თუმცა, აშკარაა, რომ გარე მიზეზებიც ახდენს გავლენას: მაგალითად, ისრაელის ოკუპაციამ პალესტინელ ქალებს ეკონომიკური თვითდახმარების ორგანიზაციების შექმნისკენ უბიძგა.

ქალთა მოძრაობები ეგვიპტეში

ეგვიპტის შემთხვევაში ნაციონალიზმის როლი ერთ-ერთი უმთავრესი იყო ქალთა მოძრაობების გამოღვიძებაში. 1919 წლის რევოლუცია, რომელმაც მთელი ეგვიპტე მოიცვა, ბრიტანული ოკუპაციის წინააღმდეგ იყო მიმართული და სრულად ნაციონალისტურ განწყობებს ეფუძნებოდა. სწორედ ამ პერიოდში იწყება ქალთა როლის ზრდა, რამდენადაც ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული გამოსვლებში, ქალთა აქტიურობა კი საბოლოოდ ფემინისტურ აქტივიზმში გადაიზარდა და 1923 წელს ყალიბდება ეგვიპტის ფემინისტური კავშირი (EFU) ჰუდა შაყრავის თაოსნობით. ამ უკანასკნელის უმთავრესი მიზანი პოლიტიკური და საგანმანათლებლო თანასწორობა იყო, რათა გაფართოებულიყო შესაძლებლობები ეგვიპტელი ქალებისთვის. ეს იყო ფემინიზმსა და ნაციონალიზმს შორის ურთიერთგადაჯაჭვულობისა და ურთიერთგამომდინარეობის მაგალითი. თუკი გავითვალისწინებთ, რომ აქტივიზმის მთავარი იარაღი პრესა და საკომუნიკაციო საშუალებებია, ცხადია, ქალთა წვლილის ზრდამ გამოცემებში და საკუთარი ჟურნალების დაარსებამ პირდაპირპროპორციულად გაზარდა ინტერესი საზოგადოებრივი საკითხებისა და მათში ქალების როლის მიმართ (მთავარ საკითხად კვლავ განათლება რჩებოდა).

მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის იმპერიალიზმის წინააღმდეგ მიმართულმა მასობრივმა გამოსვლებმა შედეგი გამოიღო, ქალთა მოძრაობა გარკვეულ წარმატებებს აღწევს ეგვიპტეში, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოში, მაგალითისთვის, გოგონათა ქორწინების ასაკის 16 წლით განსაზღვრა (ცხადია, ეს მნიშვნელოვანი წინსვლა იყო რეგიონში, სადაც 13 წლის გოგონების დანიშვნა მისაღებია).

მზარდი ფემინისტური აქტივიზმი ყველაზე მეტად ეგვიპტეში ანვარ ალ-სადათის პრეზიდენტობის დროს ძლიერდება, რადგანაც სადათი თანამშრომლობდა ისლამისტურ დაჯგუფებებთან და, საბოლოოდ, 1971 წელს კონსტიტუციით განისაზღვრა, რომ ფემინისტური მოძრაობის არსებობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დაშვებული, როცა ის შარიათის კანონებს (ისლამური ნორმები)  არ ეწინააღმდეგება, – ანუ ისლამი გახდა სამართლის მთავარი წყარო, რაც ფემინისტური მოძრაობებისთვის საქმის გართულებას ნიშნავდა. თუმცა მათმა შეუჩერებელმა ბრძოლამ სადათის უკან დაახევინა და გარკვეულ საკითხებში კვლავ წარმატებას მიაღწიეს (ქალებისა და მამაკაცების ხელფასები ერთნაირი სამუშაოს შესრულებისთვის გათანაბრდა).

თანამედროვე მდგომარეობას თუ შევეხებით, 21-ე საუკუნის ეგვიპტეში ქალთა აქტივიზმი და მოძრაობები კიდევ უფრო ძლიერდება და წარმატებული ხდება. მაგალითისთვის, 2007 წელს ქალებს უფლება მიეცათ პარლამენტში წარმომადგენლობისა.

საბოლოოდ, ეგვიპტის შემთხვევაში უნდა ითქვას, რომ, მიუხედავად ათწლეულოვანი აქტივიზმისა და ბევრი დადებითი შედეგისა, გენდერული დისკრიმინაცია დღემდე ფართოდაა გავრცელებული ეგვიპტეში, ისევე როგორც მსოფლიოს ქვეყანათა უმეტესობაში.

ფემინისტური მოძრაობები თურქეთში

თურქეთიც ისლამური ქვეყანაა, თუმცა მას ახლო აღმოსავლეთის სხვა ისლამური სახელმწიფოებისგან ისტორიული ფონი განასხვავებს, – კოლონიალიზმის მსხვერპლი არასდროს ყოფილა, შესაბამისად, პოლიტიკურ-საზოგადოებრივი განვითარება აქ სხვაგვარი იყო. თურქული ისლამური ფემინიზმი უნდა განვიხილოთ ოსმალური და ქემალისტური მემკვიდრეობის ჭრილში.

1923 წელს მუსტაფა ქემალ ათათურქი თურქეთის რესპუბლიკას ქმნის, რომელიც უკიდურესად დაშორდა ოსმალეთის იმპერიასა და მის პოლიტიკურ-საზოგადოებრივ განვითარების გეზს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ფემინისტური მოძრაობების საქმიანობა და გათანადროულების მცდელობები ჯერ კიდევ ოსმალეთის იმპერიაში იწყება, კერძოდ, ისლამური ფემინიზმი აქ განსაკუთრებულად ძლიერდება თანზიმათის რეფორმების პერიოდში, რომელიც იმპერიაში განახლების ეპოქად იწოდება. სწორედ თანზიმათის მმართველობის წლებში რამდენიმე რეფორმის მიღება იყო ქალთა მოძრაობებისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი, – ისეთი რეფორმებისა, როგორებიც იყო ქალების მონებად და ხარჭებად გაყიდვის აკრძალვა და მიწაზე თანაბარი მემკვიდრეობის უფლება. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ისლამური სამყაროს ამ ნაწილში ფემინიზმი იდეურად გადაეჯაჭვა არა ნაციონალიზმს, არამედ გათანადროულების მცდელობებს.

ფემინისტური მოძრაობების დასაწყისში უდიდესი ყურადღება ეთმობა ქალების ნაწერებს სხვადასხვა ჟურნალსა და გამოცემაში. ამ ტექსტების მნიშვნელობა მხოლოდ მათ ავტორებში არ იმალება; ქალების ნააზრევებში იგრძნობა ფემინისტური ცნობიერების გაჩენის ნიშნები და სწორედ ეს მატებს განსაკუთრებულობას     . ფემინისტური ცნობიერება კი უკავშირდება ისეთ მრავალმხრივ მოთხოვნებს, როგორებიცაა განათლებისა და დასაქმების უფლებები, ქორწინებასა თუ ჩაცმის წესთან დაკავშირებული თავისუფალი არჩევანი და მისთანანი.

ოსმალეთის იმპერიაში არსებული ქალთა მოძრაობების მოთხოვნები თავდაპირველად ისლამის ჩარჩოებში განიხილებოდა, მოგვიანებით კი სცდება რელიგიურ საზღვრებს და სეკულარულ იდეებსაც ატარებს. 1900-იანი წლების დასაწყისში აქტიურად იწყება ოსმალეთის იმპერიაში დაარსება ქალთა ორგანიზაციებისა, რომელთაც სხვადასხვა მიზანი და საქმიანობა, თუმცა საერთო მამოძრავებლები ჰქონდათ. 1913 წელს პირველ ფემინისტურ საპროტესტო გამოსვლასაც ვხვდებით – მჯდომარე აქცია, რომლის მიზანიც იყო სატელეფონო კომპანიების იძულება, დაესაქმებინათ მუსლიმი ქალებიც. ქალთა მოძრაობებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს, რაც განსაკუთრებით კარგად ჩანს იმ ფაქტით, რომ ოსმალეთის იმპერიის დასუსტებისას, პირველი მსოფლიო ომის ბოლო პერიოდში, პოლიტიკურ და სოციალურ კრიზისთან ერთად, დღის წესრიგში ასევე იდგა ქალთა საკითხიც.

ათათურქის თურქეთშიც გრძელდება რეფორმათა წყება, რაც ქალებს შედარებით უფრო აახლოებს გენდერულ თანასწორობასთან. მაგალითისთვის, 1926 წელს, თურქეთის სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, აიკრძალა პოლიგამია და განისაზღვრა თანაბარი უფლებები პარტნიორებისთვის განქორწინებისა და ბავშვზე მეურვეობის უფლების მოპოვებისთვის. ფორმალურ და ოფიციალურ წარმატებებთან ერთად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თურქეთი სამიწათმოქმედო საზოგადოება იყო, რომლის შემოსავლის მთავარი ნაწილი სოფლის მეურნეობიდან მიიღებოდა; შესაბამისად, ეს კანონები გარკვეულწილად მხოლოდ ფურცელზე დარჩა და ქალებს მათი პრაქტიკაში გამოყენება არ შეეძლოთ, რამდენადაც მიწასთან მკაცრად მიჯაჭვული ქალები მამაკაცის სოციალური კონტროლის ქვეშ იყვნენ.

მიუხედავად აღნიშნული წინსვლისა, ქემალიზმი კვლავ პატრიარქალურ-კონსერვატიულ პერიოდად მიიჩნევა, რომელიც, ცხადია, ხელს უწყობდა ქალების მონაწილეობას განათლებასა და დასაქმებაში, თუმცა კულტურულ- პატრიარქალურ სისტემას არ თმობდა და მიღწეულ წარმატებებს გენდერულ თანასწორობად თვლიდა. სწორედ ამიტომაც არაერთხელ ჩაახშო მთავრობამ ქალთა გამოსვლები, – მათი აზრით, საკმარისი უკვე გაკეთებული იყო. კულტურულ-პატრიარქალურ სისტემაზე საუბრისას ძირითადად მოიაზრება ის გენდერული როლები, რომლებიც დღემდე ფესვგადგმულია თურქულ საზოგადოებაში და არამხოლოდ; შესაბამისად, ქალთა „გათანადროულება“ მოიცავდა ტრადიციულ როლებთან (ოჯახში დისციპლინა, დიასახლისის ვალდებულებები და სხვა) ერთად დამატებით სოციალურ უფლებებს და არა უკვე არსებული კულტურის შეცვლას. ქემალისტური პოლიტიკის კრიტიკოსები ხშირად იმასაც ამბობენ, რომ ქალები უბრალოდ გათანადროულების სიმბოლონი და საშუალებები იყვნენ და არა – მამაკაცის თანასწორი პარტნიორები. თუმცა ერთი რამ ფაქტია: ქემალიზმმა და მუსტაფა ათათურქის თურქულ ნაციონალიზმსა და სეკულარიზმზე ორიენტირებულმა პოლიტიკამ ქალებს უფრო მეტი გასაქანი მისცა, ვიდრე რეგიონის შედარებით ნაკლებად სეკულარულ ქვეყნებში ჰქონდათ ფემინისტურ მოძრაობებს.

აქედან გამომდინარე, იმის დასკვნაც შეიძლება, რომ გენდერული დისკრიმინაციის პრობლემა იმდენად ისლამში არ უნდა ვეძიოთ, რამდენადაც სხვადასხვა მთავრობის მიერ ისლამის, როგორც პოლიტიკურ-სამართლებრივი წყაროს, უხეშ გამოყენებაში. ახლო აღმოსავლეთის რეგიონში თურქეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც გადადგა ნაბიჯი ქალთა უფლებების დახვეწის მხრივ. ოსმალეთის იმპერიის დაშლამ, რესპუბლიკის ჩამოყალიბებამ და სეკულარიზაციამ მნიშვნელოვნად განაპირობა თურქეთში ისლამური ფემინიზმის წარმატება; მეტიც, 1993-1995 წლებში თურქეთის პრემიერ-მინისტრი სწორედ ქალი იყო.

ცხადია, როგორც ყველა ქვეყანაში, თურქეთშიც დღემდე გენდერული დისკრიმინაციის პრობლემა ბოლომდე დაძლეული არ არის. ფემინისტური მოძრაობები კვლავ ბევრ სირთულეს აწყდებიან და კვლავ ბევრი აქვთ სამუშაო, თუმცა წარმატების ფონი საკმაოდ დამაიმედებელია.

 დასკვნა

ეგვიპტე და თურქეთი ახლო აღმოსავლეთის ისლამური ქვეყნები არიან, რომელთაც სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებული მიზეზების გამო სხვადასხვანაირ წარმატებას მიაღწიეს ფემინისტური მოძრაობების განვითარებაში. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ დღესდღეობით არ არსებობს სახელმწიფო, რომელშიც გენდერული დისკრიმინაციის პრობლემა სრულად გადაჭრილია, – ქვეყანათა უმრავლესობაში ზემოაღნიშნული მისწრაფებები ჯერ კიდევ ახალი მოვლენაა და ვითარდება. თურქეთი და ეგვიპტე ერთგვარი მაგალითები არიან, რომ ისლამი და ფემინიზმი პარადოქსს სულაც არ წარმოადგენს და ისლამური სწავლებების ფარგლებშიც შესაძლებელია გარკვეული თანასწორობის მიღწევა. თუმცა, ცხადია, არსებობს ისლამის გავრცელების ძირითად რეგიონში ისეთი ქვეყნებიც, რომლებიც უკიდურეს უკუსვლას განიცდიან ქალთა უფლებების მხრივ, მაგალითად, ირანის ისლამური რესპუბლიკა ან ავღანეთში თალიბანის მმართველობა. ორივე მხარის არსებობა ადასტურებს, რომ ისლამის ახლო აღმოსავლეთთან გაიგივება არასწორია და დისკრიმინაციის დონე ცალკეულ სახელმწიფოთა მმართველობის წესსა და ისლამისტურ იდეებზეა დამოკიდებული.

ბიბლიოგრაფია:

Al-Ali, Nadje S. The Women’s Movement in Egypt, with Selected References to Turkey.  Geneva: United Nations Research Institute for Social Development, 2002.

Jones-Pauly, Christina, and Abir Tuqan. Women under Islam Gender, Justice and the Politics of Islamic Law. London: I.B.Tauris & Co Ltd I.B.Tauris, 2011.

Müftüler-Bac, Meltem. Turkish Women’s Predicament. Ankara: Bilkent University, 1999.

Rhouni, Raja. Secular and Islamic Feminist Critiques in the Work of Fatima Mernissi. Leiden, Boston: Brill, 2010.



მდევარი