ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში: სოკრატული სკოლები

გააზიარე:


ავტორი: სავლე წერეთელი

თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1973

კორექტორი: სოფიკო ქურდაძე

სტატია გააციფრულა ანა კარტოზიამ

გელა გელაშვილის ბიბლიოთეკიდან

სოკრატეს მოძღვრება საფუძველი შეიქნა სხვადასხვა ფილოსოფიური სკოლის ჩამოყალიბებისა, რომელთაგან ყველაზე ძლიერი პლატონის სკოლა იყო (სოკრატეს მოწაფეთაგან უძლიერესი ფილოსოფოსი პლატონია), მაგრამ უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ ისეთ სკოლებს, როგორებიცაა ცინიკოსების, მეგარელებისა და კირინიელების სკოლები, რომლებმაც თავისებურად განავითარეს სოფისტებისა და სოკრატეს ფილოსოფია, გარკვეული გავლენა მოახდინეს ფილოსოფიის შემდგომ განვითარებაზე (არსებობდა უფრო ნაკლები მნიშვნელობის სკოლაც – ელიდო-ერეტრიული სკოლა ფედონის მეთაურობით).

პელოპონესის ომის შემდეგ ოცდაათწლიანი ომი იყო ისეთი გარდამტეხი მოვლენა, რომელმაც შეარყია საბერძნეთის ქალაქთა ცხოვრება. უმუშევრობა, შიმშილი, სიღატაკე აძრწუნებდა ბერძენ მოქალაქეებს. ამ გარემოებამ განსაზღვრა სოკრატესა და სოკრატული სკოლების იდეური მიმართულება. თუ სოკრატე ხსნას სახელმწიფოს სიძლიერეში ხედავდა, ბევრი სოკრატელი საზოგადოებიდან გაქცევას ქადაგებდა. სოკრატული სკოლების შეხედულებათა გარჩევა დაგვარწმუნებს ამაში.

ა) ცინიკოსები[1]

ცინიკოსების მოძღვრებაზე ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად საკმარისი იქნება, თუ მოკლედ, რამდენიმე დებულებით დავახასიათებთ ანტისთენესა და დიოგენე სინოპელის შეხედულებებს.

ანტისთენემ (444-368) ფილოსოფიური სკოლა დააარსა ძვ.წ. 380 წელს. იგი ნახევრად ბერძენი იყო. ამიტომაც ფიქრობდა გომპერცი, რომ მას ადვილად შეეძლო გაეწყვიტა კავშირი არსებულ რელიგიურ და საზოგადოებრივ ნორმებთან (ანტისთენე თურმე ამბობდა: „მე რომ აფროდიტეს ხელში ჩაგდება შემეძლოს, დავახრჩობდი“). ანტისთენეს დაუწერია წიგნები: „მხეცთა ბუნების შესახებ“ და „სახელმწიფო მოღვაწე“, რომლებსაც ჩვენამდე არ მოუღწევია.

თუ სოკრატესთან მთავარი იყო ცნებათა გამოკვლევა, ანტისთენე მას მეორეხარისხოვნად მიიჩნევს. მისთვის მთავარია სოკრატეს საზოგადოებრივი იდეალის თავისებური განვითარება. სოკრატესავით ანტისთენესთვისაც მიზანი სულის სიმდიდრე იყო. მაგრამ მისი მიღწევის გზა (მეთოდი) თავისებური, კონკრეტულ-ემპირიული (არა გონებაზე დაფუძნებული) იყო. მისი აზრით, სულის სიმდიდრის შესაძენად და დასაცავად არსებობს ერთადერთი საშუალება, ეს არის გაფუჭებული ცხოვრებიდან გაქცევა. კულტურამ, ფიქრობდა იგი, დაღუპა ადამიანები, გახრწნა ისინი (ეს აზრი ახალ დროში ჟ. ჟ. რუსომ გაიმეორა). ზევსმა დასაჯა პრომეთე არა ადამიანის სიყვარულისა და კეთილისმყოფლობის გამო, არამედ იმიტომ, რომ მან ადამიანებში კულტურა და ხრწნა შეიტანა. ქალაქის ცხოვრება სავსეა უსამართლობით, სიცრუით, ბოროტებით. სად უნდა ვეძებოთ ხსნა? მხოლოდ ბუნებაში. ადამიანი ბუნებაში შეიქმნა, ამიტომ უკეთესია იცხოვრო იქ, სადაც შეიქმენ. ცხოვრებით უკმაყოფილო ადამიანი ხსნას პოვებს ბუნებაში, პირველყოფილ მდგომარეობაში, მხეცობაში. მხეცი ჯანმრთელია, გამძლეა (ტანსაცმლის გარეშე უკეთ უძლებს სიცივეს), არ არის ბოროტი, ცრუ, უსამართლო, როგორც ადამიანი, რომელიც ქალაქურ ცხოვრებას ეწევა. ადამიანმა ცხოვრების მაგალითი ცხოველთაგან უნდა აიღოს. კულტურული ადამიანისა და მხეცის დაპირისპირების საფუძველზე ანტისთენე ასკვნიდა, რომ ადამიანის მიზანი (თავისუფლება) ცხოველურ ყოფაში განხორციელდება. ადამიანის თავისუფლება ადამიანის საზოგადოებისაგან განთავისუფლებით მიიღწევა; ეს არის ბედნიერება. ბედნიერებაა ქალაქური ყოველდღიური სიამის, მრავალფეროვანი მოთხოვნილებების უარყოფა. ადამიანი ესწრაფვის სიამოვნებას; მისი მიღწევა საზოგადოებაში არსებული ადამიანის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება კი არ არის, არამედ – მათი უარყოფა. აუცილებელია მათ წინააღმდეგ ბრძოლა; ყოველდღიური სიამოვნების უარყოფა აღადგენს პირველყოფილი ცხოველური თავისუფლების ნამდვილ სიამოვნებას.

ღატაკი თავისუფლად მოქმედებს და თვითკმაყოფილია, ის მართლაც თავისუფალია ყოველგვარი მონობისაგან (ერთგვარი პროტესტი მონობის წინააღმდეგ). უმაღლესი სათნოება, ეს არის თვითმოქმედება და თვითკმაყოფილება – ავტარკია.

ანტისთენე და მისი მიმდევრები გაურბოდნენ საზოგადოებას. საზოგადოების შეცვლის მაგიერ გარედან გულგრილი ცქერით კმაყოფილდებოდნენ. საზოგადოებიდან გაქცევა, როგორც ცნობილია, თავისუფლება კი არაა, არამედ – უარესი აუცილებლობისადმი დაქვემდებარება. ცინიკოსების პროტესტი მაშინდელი ცხოვრებისადმი უშედეგო გამოდგა.

ანტისთენე წინააღმდეგია სოკრატეს შეხედულებისა ზოგადის შესახებ. თუ სოკრატეს მოძღვრებაში ძირითადი იყო ცნების, როგორც ზოგადი აზრის, დადგენა, ანტისთენეს მიხედვით, ასეთი ზოგადი არც არსებობს. არსებობს კერძო წარმოდგენები, ზოგადი კი სხვა არაფერია, თუ არა მრავალი კერძოს სახელი. ანტისთენეს თვალსაზრისი ნომინალისტურია. თუ სოკრატეს ფილოსოფიაში ცნების დადგენა არსებითი ნიშნების გამორკვევა იყო, ე. ი. თუ ცნება (ზოგადი აზრი) განსაზღვრებით მიიღებოდა, ანტისთენესათვის განსაზღვრება შეეხებოდა მხოლოდ კერძოს; ანტისთენეს მიხედვით, განსაზღვრება არის დებულება, რომელიც ხსნის: „რა არის, ან რა იყო“, და არ გვაძლევს იმას, რაც არსებითია წარსულში, აწმყოსა და მომავალში არსებულისათვის. ანტისთენე ფიქრობდა, რომ არ შეიძლება ყველაფრის განსაზღვრება. განსაზღვრების ელემენტების განსაზღვრება უკვე შეუძლებელია.

ანტისთენეს აზრით, არც ერთი მსჯელობა არ არის განსხვავებულთა სინთეზი. განსხვავებულთაგან მსჯელობა იღებს ერთს, სხვას კი გამორიცხავს. მსჯელობა ადგენს იმას, რომ რაიმე არ არის სხვა. მაგალითად, ტკბილი არ არის სხვა, მწვანე არ არის სხვა და ა. შ. არსებობს განსხვავება, არ არსებობს იგივეობა. ასეთ მსჯელობაში განსხვავებიდან აღებულია ერთი მხარე. მსჯელობა უნდა გამოთქვამდეს განსხვავებას და არა იგივეობას, რომელიც არ არსებობს: მსჯელობა უნდა გამოთქვამდეს იმას, რომ ეს არ არის სხვა. გამოდის, რომ მსჯელობები მხოლოდ უარყოფითი ხასიათის უნდა იყოს. ანტისთენე, ცხადია, რომ თავის თავს ეწინააღმდეგება, როცა განსხვავებიდან იღებს ერთს და სხვას უარყოფს. რაიმეს აღება და სხვისი უარყოფა, ეს არის დადებითი მსჯელობაც და უარყოფითიც. „ეს და არა სხვა“ უკვე არის იგივეობა და მისი გამოთქმა. მხოლოდ უარყოფითი მსჯელობები შეუძლებელია. შეუძლებელია უარყოფითი წინასწარ არ გულისხმობდეს დადებითს.

ცინიკური სკოლის მეორე წარმომადგენელია დიოგენე სინოპელი (412-323 წწ.; ქალაქი სინოპი მდებარეობდა შავი ზღვის პირას. დიოგენე სინოპიდან გაიქცა ათენში). იგი ანტისთენეს მოწაფე იყო. დიოგენე თავის მასწავლებელს ადარებდა საყვირს, რომელიც ძლიერ ბგერას გამოსცემს, მაგრამ ეს ბგერა თვითონ მას არ ესმის. ანტისთენე თავის მოძღვრებას თვითონ არ ახორციელებდა, დიოგენე კი ითვლება პრაქტიკული ცინიზმის მამად; იგი ცინიზმს ახორციელებდა პრაქტიკულად. მას ზედმეტ სახელად „სულელ სოკრატეს“ ეძახდნენ. დიოგენე თავისი ცხოვრებით ადამიანის კარიკატურას წარმოადგენდა. იგი, ბინის ნაცვლად, ცხოვრობდა კასრში. დიოგენე ოჯახის, ოჯახური მემკვიდრეობის წინააღმდეგი იყო, ემხრობოდა თავისუფალ სიყვარულს, „საერთო ცოლებისა“ და საერთო ბავშვების არსებობას; ოჯახი, მისი აზრით, ადამიანის თავისუფლებას ზღუდავს, ადამიანი კი თავისუფალი უნდა იყოს.

რაში მდგომარეობს ადამიანის თავისუფლება? დიოგენეს აზრით, ადამიანები თავიანთი მოთხოვნილებებისა და ვნებების მონები არიან. თავისუფლება ვნებებზე სრული ბატონობაა. ასეთი თავისუფალი მხოლოდ გლახაა, რომელიც ყველაფრისადმი გულგრილია და არაფრით იწუხებს თავს. თავისუფლება მეფეს უფრო უჭირს, ვიდრე გლახას. მეფე თავის სახელმწიფოზე უნდა ზრუნავდეს, მას არ ასვენებს ბევრი რამ, გლახა კი არაფერს დაგიდევს, მისთვის სულერთია, რა ხდება მის ირგვლივ. ერთხელ, როცა ალექსანდრე მაკედონელი მივიდა დიოგენესთან, რომელიც მზეზე თბებოდა, და დაჰპირდა, რომ შეუსრულებდა რასაც კი სთხოვდა, დიოგენემ თურმე უპასუხა: ჩამომეცალე, მზეს ნუ მიჩრდილებ, რა უნდა მომცე ამისი სამაგიეროო. დიოგენეს მიხედვით, ადამიანი უნდა იყოს გულგრილი ყველაფრის მიმართ. ყველაფრის მიმართ განურჩევლობა არის ადამიანის თავისუფლება.

დიოგენეს ეთიკა ინდივიდუალისტურია. მისი აზრით, ადამიანის მიზანი პირადი ბედნიერებაა, რომელიც ფუძნდება თავისუფლად, გარეშე ქვეყნისგან დამოუკიდებლად.

ასეთი თავისუფლება, რომელიც საზოგადოებისგან დაშორებაში მდგომარეობდა, ცინიკოსებისათვის იყო მიზანი, მაგრამ სრულიად განუხორციელებელი. შეუძლებელია თავისუფლება წმინდა სახით, აუცილებლობის უარყოფით (ეს საბოლოოდ დიალექტიკურმა მატერიალიზმმა დაასაბუთა).

ცინიკოსებმაც დაასკვნეს, რომ საზოგადოებიდან გაქცევა შეიძლება იყოს მხოლოდ დროებითი საშუალება (და პროტესტი არსებული წყობის წინააღმდეგ) ახალი საზოგადოების შესაქმნელად. მათი მიზანი იყო ადამიანთა შორის მეგობრული ურთიერთობის დამყარება. მეგობრებისათვის ყველაფერი საერთოა. ცინიკოსები იბრძოდნენ იმისათვის, რომ მოხსნილი ყოფილიყო განსხვავებები წოდებათა და ერთა შორის, სქესის პრივილეგიები და სხვა. ადამიანთა მეგობრობა სიბრძნის საფუძველზე ხორციელდება. სანიმუშოა ბრძენთა მეგობრობა. ყოველ ბრძენს ყველაფერი აქვს, რადგან მას შეუძლია თავისუფალი იყოს ვნებებისაგან. ბრძენი ღმერთსა ჰგავს, ბრძენები ღმერთის მეგობრები არიან, – ამბობდა თურმე დიოგენე. ღმერთი არის ქვეყნის მმართველი ბრძენი, და არა დამსჯელი ან მზრუნველი მამა (ცინიკოსებს აქვთ მონოთეისტური თეოლოგია და არა რელიგია).

ასეთივე მმართველი სჭირდება საზოგადოებასაც. ცინიკოსების აზრით, მმართველობის ერთადერთი სწორი ფორმა განათლებული აბსოლუტიზმია. პლუტარქეს თქმით, ცინიკოსების იდეალს ალექსანდრე მაკედონელი ახორციელებდა.

ბ) მეგარელები

ამ სკოლის ფუძემდებელია ევკლიდე მეგარელი (V-IV სს. ძვ. წ.). იდეალისტი ევკლიდე აერთებს სოკრატულ იდეებს ელეატიზმთან. მან შეძლო პარმენიდეს ეთიზირება და სოკრატეს ობიექტიზირება. ევკლიდე აიგივებს სოკრატეს სიკეთის ცნებას პარმენიდეს არსის ცნებასთან. თუ პარმენიდე ამბობდა, რომ არსი არის და არარსი არ არის, ევკლიდე არსის ადგილზე სვამდა სიკეთეს და ამტკიცებდა, რომ სიკეთე არის და არასიკეთე არ არის; არაკეთილი უდრის არარსს, და სხვ. მეგარელები არიან ნეოელეელები. ევკლიდეს მოძღვრებაში ხაზი უნდა გაესვას პრედიკაციის პრობლემას.

როგორც ვიცით, არსის შესახებ პარმენიდეს მოძღვრებაში ერთი მთავარი სიძნელე ერთისა და სიმრავლის დამოკიდებულება იყო. პარმენიდეს მოძღვრება არსის შესახებ შეიცავდა აზრს, რომ არსი მხოლოდ ერთია, მას სხვა – მისგან განსხვავებული რამ, არ შეიძლება მიეწეროს, წინააღმდეგ შემთხვევაში არსი ერთზე მეტი იქნებოდა (არსი იქნებოდა ერთი, სხვა კი – მეორე). ხე არის მწვანეც, ფოთლიანიც, ნაყოფის მომცემიც და სხვა მრავალი თვისების მქონე. მეორე მხრივ, მწვანეა ხეც, ბალახიც და სხვ. მაგრამ საკითხავია, შეიძლება თუ არა, რომ ერთი საგანი მრავალ თვისებასთან იყოს შეერთებული და ერთი თვისება – მრავალ საგანთან? ამ კითხვას მეგარელი სტილპონი, პარმენიდეს მოძღვრებიდან გამომდინარე, უარყოფითად უპასუხებდა. ერთს არ შეიძლება სხვა რამ შეუერთდეს და – მრავალი ერთს დაუკავშირდეს. ერთი არ შეიძლება მხოლოდ ერთი არ იყოს და იყოს ამავე დროს სხვაც, ისე როგორც მრავალი მხოლოდ მრავალი შეიძლება იყოს და არ შეიძლება ამავე დროს ერთიც იყოს.

ამის გამო ყოველი ნამდვილი, ჭეშმარიტი მსჯელობა შეიძლება იყოს მხოლოდ ტავტოლოგიური მსჯელობა. არ შეიძლება სუბიექტს მისგან განსხვავებული პრედიკატი მიეწეროს. შესაძლებელია მხოლოდ ისეთი მსჯელობები, სადაც კოპულა იგივეობაა: S=P. შეუძლებელია ერთ S-ს მრავალი P მიეწეროს, ან ერთი P – მრავალ S-ს; ასევე შეუძლებელია S-ს მისგან განსხვავებული P მიეწეროს. სუბიექტი შეიძლება იყოს მხოლოდ სუბიექტი და პრედიკატი მას უდრიდეს. როგორ შეიძლება სუბიექტს მისგან განსხვავებული პრედიკატი მივაწეროთ და ვთქვათ, რომ სუბიექტი არის რაღაც სხვა, ეს უაზრობა იქნებოდა. სწორი იქნება ასეთი მსჯელობები: „ეს სახლი მეგობრის სახლია“, „სიზმარში ნანახი ადამიანი მამაჩემია“, „სიკეთე არის სიკეთე“, „ადამიანი ადამიანია“ და ა. შ. ანტისთენეც, რომელიც მხოლოდ განსხვავებას აღიარებდა და იგივეობას უარყოფდა, საბოლოოდ, იმასვე ამბობდა, რასაც სტილპონი, სახელდობრ, უარყოფდა განსხვავებულთა კავშირს, სინთეზს. ამასთანავე, ანტისთენე ემპირისტი იყო და ამიტომ მოჰქონდა მაგალითები გრძნობადი სფეროდან (ტკბილი არაა სხვა, მწვანე არაა სხვა), მეგარელები კი რაციონალისტი პარმენიდედან ამოდიოდნენ.

ელეელების საფუძველზე მდგარმა მეგარელებმა სრულად განიცადეს სინთეზის სიძნელე, სინთეზი შეუძლებლად მიიჩნიეს და მხოლოდ ანალიზური მსჯელობები აღიარეს. ლოგიკის შემქმნელს – არისტოტელეს – სინთეზური მსჯელობის პრობლემის სიძნელე არც კი გაურჩევია, თუმცა იგი ასეთ მსჯელობებს ეყრდნობოდა. პირველად ეს სიძნელე გაარჩია კანტმა, თუმცა იგი მან ვერ გადაწყვიტა. ეს პრობლემა საბოლოოდ გადაწყდა დიალექტიკის თეორიაში.

მიუხედავად იდეალიზმისა, მეგარელების დამსახურება ამ პრობლემის დასმაა.

მეგარელების მეორე წარმომადგენელი, რომელმაც ყურადღება გაამახვილა ერთი ლოგიკური სიძნელის მიმართ, იყო ევბულიდე. იგი ძენონის აპორიებისა და სოფისტების მოძღვრების გავლენას განიცდიდა. ევბულიდე არჩევდა ლოგიკურ სიძნელეებს, რომლებიც ახლაც დიდ დაბრკოლებებად მიიჩნევა. ზოგი მათგანი კი დღეს ისეთი მეცნიერების ყურადღების ცენტრშია, როგორიცაა მათემატიკის დაფუძნების მეცნიერება.

ევბულიდე ყურადღებას აქცევდა, უმთავრესად, გამორიცხული მესამის კანონთან დაკავშირებულ სიძნელეს. ამ სიძნელეს იგი ნათელყოფდა ისეთ ვითარებათა ანალიზით, რომელთა მიმართაც ძნელია ითქვას „ჰო“ ან „არა“. განვიხილოთ ზოგი ასეთი სიძნელე – პარადოქსი თუ სოფიზმი.

პარადოქსი, რომელიც ცნობილია სახელწოდებით „ცრუ“,[2] მდგომარეობს შემდეგში: ცრუ ამბობს, რომ, რასაც ის ამბობს, სიცრუეა. ამით მან სიმართლე თქვა, მაგრამ სიმართლე თქვა, რომ მან იცრუა, ე. ი. სიცრუე უთქვამს. ცრუს დებულების შესახებ, რომ რაც მან თქვა, სიცრუეა, ვერ ვიტყვით ვერც „ჰოსა“ და ვერც „არას“, ე. ი. ვერ ვიტყვით ვერც იმას, რომ მისი ნათქვამი სიცრუეა, რადგან ასეთ შემთხვევაში მას სიმართლე უთქვამს და ვერც იმას, რომ მისი ნათქვამი სიმართლეა, რადგან მან სწორედ ის თქვა, რომ იცრუა. ე. ი. თუ მისი ნათქვამი სიმართლეა, მაშინ ის არ ყოფილა სიმართლე და თუ მისი ნათქვამი არაა სიმართლე, მაშინ ის სიმართლე ყოფილა.

პარადოქსის „ცრუ“ ლოგიკური სიძნელე ამოუხსნელი რჩებოდა საუკუნეების განმავლობაში. ეს პრობლემა დღესაც მნიშვნელოვანია თანამედროვე ლოგიკოსებისა და მათემატიკოსებისთვის. მის შესახებ არსებობს მრავალი გამოკვლევა, რომელთა განხილვა აქ ზედმეტად უნდა მივიჩნიოთ. აღვნიშნავთ მხოლოდ იმას, რომ დებულება: „რასაც ვამბობ, სიცრუეა“, ორ მხარეს შეიცავს – ჭეშმარიტებისა და მცდარობის, რომლებიც ამ შემთხვევაში არეული ერთიმეორეში; საჭიროა მათი გამიჯვნა. სიცრუის სიცრუედ აღიარება, ეს უკვე ჭეშმარიტების თქმაა, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებდით ჭეშმარიტებისა და მცდარობის აღრევას, რაც სოფიზმს მოგვცემს („ცრუ“ არის სოფიზმი). მცდარობის ფაქტის აღნიშვნა ჭეშმარიტებაა და არა იგივე მცდარობა. მცდარობის ფაქტის აღნიშვნის ჭეშმარიტება არ უნდა წარმოდგინდეს, როგორც მცდარობის ჭეშმარიტება.

ევბულიდეს ეკუთვნის პარადოქსები „გროვა“ და „მელოტი“. „გროვა“ შემდეგში მდგომარეობს: ერთი მარცვალი არ არის გროვა, არც ორი და სამი მარცვალია გროვა. როდის, რამდენი მარცვლის მიმატების შემდეგ ჩნდება გროვა? ამ კითხვაზე დადებითად ვერ ვუპასუხებთ ვერც ერთი შემდეგი მარცვლის მიმატების დროს; თუმცა რამდენიმე მარცვლის მიმატების შემდეგ არაგროვა გროვაში გადავა. ამ გადასვლის სიძნელე აღნიშნა ევბულიდემ, მაგრამ მისი გადაწყვეტა შეუძლებლად მიიჩნია. „გროვის“ სიძნელე დაუძლევლად ითვლება ევბულიდესთან. ასეთად დარჩა იგი შემდეგაც, დიალექტიკის თეორიის ჩამოყალიბებამდე. სიძნელეს ის ქმნის, რომ ამ პარადოქსის გარჩევის დროს ცდილობენ თვისობრიობა (გროვისა) რაოდენობაზე დაიყვანონ, რომელიმე მარცვლის მიმატება რომ ქმნიდეს გროვის თვისობრიობას, მაშინ თვისობრიობა ამ მარცვლის რიგით რიცხვზე იქნებოდა დაყვანილი. აქ ჩვენ რაოდენობის თვისობრიობაში გადასვლა გვაქვს, რაც პირველად ჰეგელმა აღმოაჩინა, მეცნიერულად კი დიალექტიკურ მატერიალიზმში დასაბუთდა.

ასეთივე ხასიათისაა „მელოტის“ პარადოქსიც. ერთი ღერი თმის ჩამოვარდნის შემდეგ თავი არ მელოტდება, არც მეორე და მესამე ღერის ჩამოვარდნა ამელოტებს კაცს. მაგრამ ბოლოს მაინც ჩნდება მელოტი. რამდენი და რომელი თმის ჩამოვარდნის შემდეგ ითვლება თავი მელოტად? ამაზე გარკვეული პასუხის გაცემა შეუძლებელია. აქაც სიძნელეს რაოდენობის თვისობრიობაში გადასვლა ხსნის.

ევბულიდეს ეკუთვნის სოფიზმები: „რქიანი“, „დაფარული“, „ელექტრა“ და სხვ., რომელთა შეცდომები მათი დახასიათების დროს ადვილად ჩანს. სოფიზმი „რქიანი“: ვინმეს ეკითხებიან: – „შენ უკვე დაკარგე რქები?“. ამის პასუხი „არა“ მიჩნეულია იმად, რომ ვინც რქები არ დაკარგა, მას აქვს რქები. აქ განგებ არის მხედველობიდან გამოტოვებული ის, რომ შეიძლება რქები არ დაკარგოს ვინმემ სწორედ იმიტომ, რომ მას არ ჰქონდა ისინი. ანდა კითხვაზე: „თავი დაანებე მამის ცემას?“, პასუხი „არა“ არ ნიშნავს მაინცდამაინც იმას, რომ ვისაც თავი არ დაუნებებია მამის ცემისათვის, ის აუცილებლად სცემს მას; შეიძლება, რომ ცემისათვის თავის დანებება არ მოხდეს, რადგან საერთოდ არ უცემია.

სოფიზმი „დაფარული“: იცი მამაშენი? კი! იცი ეს (ზეწრით) დაფარული? არა! მაშასადამე, არ გცოდნია მამაშენი (რადგან დაფარული სწორედ მამა იყო). აქ მამის არცოდნა კი არაა, არამედ იმისი არცოდნა, თუ ვინ იყო დაფარული. ელექტრას ჰკითხეს, იცის თუ არა მან ის, რომ მის წინ დგას მისი ძმა, რომელიც სხვაგან არის გაზრდილი და მას ჯერ არ უნახავს? მან იცის, რომ ორესტე მისი ძმაა, მაგრამ არ იცის, რომ აი ეს, მის წინ მდგომი, არის ორესტე. მაშასადამე, არ სცოდნია მისი ძმა. ასეთი დასკვნა, ცხადია, არაა სწორი, რადგან ეს კაცი რომ უცნობია, არ ნიშნავს, რომ მან არ იცის ის, რომ ორესტე მისი ძმაა. სოფიზმში ერთმანეთშია არეული „აი ეს“ და ზოგადი წარმოდგენა.

ალბათ, ევბულიდეს წრიდან იყო გამოსული ის, ვინც შექმნა პარადოქსი „დალაქი“, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: დალაქი პარსავს იმას, ვინც თავის თავს არ იპარსავს. თუ ამ დებულებას მივუყენებთ თვითონ დალაქს, მაშინ მივიღებთ: თუ დალაქი თავის თავს იპარსავს, მაშინ არ იპარსავს (ის ხომ იმას პარსავს, ვინც თავის თავს არ იპარსავს) და თუ არ იპარსავს თავის თავს, მაშინ იპარსავს (რადგან ის სწორედ იმას პარსავს, ვინც თავის თავს არ იპარსავს). ეს პარადოქსი ძნელი დასაძლევია, მაგრამ, ჩვენი აზრით, მისი დაძლევა შეიძლება ასე: პირველი დებულება სხვას ეხება და არა დალაქს. სხვის შესახებ თქმულს არ უნდა მივცეთ ზოგადი, აბსოლუტური მნიშვნელობა, ე. ი. არ უნდა გავავრცელოთ იმაზე (დალაქზე), ვისაც ის არ ეხება.

როგორც ნათქვამიდან ჩანს, ევბულიდეს პარადოქსები და სოფიზმები ელეელებისა და სოფისტების გავლენით არის შექმნილი. ყურადსაღებია მისი პარადოქსების ზოგიერთი მომენტი, რომელთაც ლოგიკური სიძნელის ხასიათი აქვს და დღესაც აქტუალურ პრობლემებად მიიჩნევა. ევბულიდეს დებულებების ცოდნა საჭიროა მეგარელების შეხედულებების ზოგიერთი თავისებურების ნათელსაყოფად, იმის გასაგებად, თუ რა დონეზე იყო მაშინდელი აზროვნება.

მეგარული სკოლის ერთ-ერთი წარმომადგენლის – სტილპონის – შესახებ შეიძლება დავკმაყოფილდეთ შემდეგის თქმით: ისე, როგორც ევკლიდესთან, მასთანაც მთავარი იყო პრედიკაციის პრობლემა. იგი უარყოფდა სუბიექტისადმი განსხვავებული პრედიკატის მიწერას. სტილპონი არჩევდა შემთხვევებს, როცა პრედიკატი არსებით სახელს უდრის. მას გადაუწყვეტელ პრობლემად ესახებოდა ერთი და იმავე პრედიკატის მქონე ორი დადებითი მსჯელობიდან დანასკვის მიღების შესაძლებლობა (A არის ადამიანი, B არის ადამიანი, მაშასადამე, A არის B?). როგორც ცნობილია, არისტოტელემ ეს სიძნელე ადვილად გადაწყვიტა, როცა აღნიშნული დასკვნა შეუძლებლად ჩათვალა, რადგან, კატეგორიული სილოგიზმის მეორე ფიგურის მიხედვით, დასკვნა შეუძლებელია, თუ ორივე წანამძღვარი დადებითია (საშუალო ტერმინის გაუნაწილებლობის გამო).

ცნობილია ისიც, რომ სტილპონი ზოგადის სუბსტანციურობის წინააღმდეგ იბრძოდა.

მეგარული სკოლის წარმომადგენელი დიოდორი აღსანიშნავია ორი პრობლემის გარჩევით: ერთია მოძრაობის, მეორე კი – შესაძლებლობის პრობლემა. მოძრაობა ემპირიულად არსებობს, მოძრაობა არის ფაქტი, მაგრამ იგი გაუგებარია, მოუაზრებელია. დასაშვებია გამოთქმა: „ის წარმოიშვა“, მაგრამ არაა დასაშვები გამოთქმა: „ის იშობა“ (ახლა), რადგან პირველი მომხდარი, შესრულებული ფაქტია, მეორე კი – მიმდინარეობა, რომელიც არ დასრულებულა; აწმყოში მიმდინარეობა კიდეც არის რაიმე და არც არის ეს რაიმე. ასეთი რამის მოაზრება შეუძლებელია. აქ უსათუოდ ჩანს ელეელების გავლენა და ძენონის აპორიების სიძნელის განმეორება.

დიოდორი გამოდიოდა შესაძლებლობის ცნების წინააღმდეგ. იგი ფიქრობდა, რომ შესაძლებელი მხოლოდ ისაა, რაც ნამდვილია; ყოველი არანამდვილი არც შესაძლებელია. არსებობს მკაცრი მიზეზობრიობა. რაც სრულდება, ნამდვილად არის; სხვანაირად ყოფნა შეუძლებელია. შეუძლებლობიდან შესაძლებელი არ წარმოიშობა. აწმყო და მომავალი ისეთია, როგორიც არის და იქნება და არა სხვანაირი. მაშასადამე, შესაძლებლობა შეუძლებელია. ასეთია დიოდორის არგუმენტაცია შესაძლებლობის წინააღმდეგ.

დიოდორი ცდება, რადგან იგი ვერ ითვალისწინებს არსებობის ხარისხს. შესაძლებელია ისეთი არსებობა, რომელიც შეუძლებლობასაც გულისხმობს. მაგ., სოკრატეს სახის არსებობა მარმარილოში, რომლიდანაც სოკრატეს ქანდაკება შეიძლება გაკეთდეს და შეიძლება არც გაკეთდეს. არისტოტელეს მოძღვრების გარჩევა ნათელყოფს, რომ დიოდორი ცდებოდა.

გ) კირენიელები

კირენიელებიდან შევეხოთ მხოლოდ არისტიპოსს (IV საუკ. ძვ. წ.), რომელმაც ქ. კირენში (აფრიკა) ფილოსოფიური სკოლა დააარსა. არისტიპოსის მეთოდი სოკრატეს მეთოდისაგან სრულიად განსხვავდებოდა. თუ სოკრატესთვის მთავარი იყო ცნებების გამოკვლევა დიალექტიკური მეთოდით, არისტიპოსი უარყოფდა დიალექტიკას და მიზნად ისახავდა ფაქტების გამოკვლევას. ერთადერთი სწორი შემეცნება – ეს არის გრძნობადი შემეცნება. ამ გზით იგი სუბიექტივიზმამდე მიდიოდა. არისტიპოსის ლოგიკა მიზნად ისახავდა არა ცნებების კვლევას, არამედ მხოლოდ თანამიმდევრობისა და თანაარსებობის წესების დადგენას. ასეთი წესები სრულიად საკმარისია მხოლოდ გრძნობადი შემეცნებისათვის, რომლის მიღმაც არისტიპოსი არ მიდიოდა.

არისტიპოსი ეწინააღმდეგებოდა სოკრატეს ეთიკის საკითხებშიც. არისტიპოსის აზრით, ზნეობის წყარო არის ადამიანის მისწრაფება ბედნიერებისაკენ. მისი ევდემონიზმი  (ბედნიერება) იქიდან გამომდინარეობს, რომ ადამიანი ესწრაფვის უმაღლეს სიკეთეს, რომელსაც სიამოვნება (ηδονή)წარმოადგენს. ჰედონიზმი პირველად ისტორიაში არისტიპოსმა შექმნა. მისი აზრით, სიამოვნება არის უმაღლესი სათნოება. სიამოვნება ყოველთვის სიკეთეა. ბედნიერებისაკენ მიმსწრაფი ადამიანის ყოველგვარი მორალური ქცევის საფუძველი სიამოვნების გრძნობაა. სიამოვნება არის მორალური ქცევის პირველადი ელემენტი, მისი სტიქია. არსებობს სიამოვნების სხვადასხვა ხარისხი. ნამდვილი სიამოვნება არის „საშუალო მდგომარეობა“, თუმცა არავითარი სიამოვნება არ შეიძლება სიკეთე არ იყოს.

არისტიპოსი ეწინააღმდეგება სოკრატეს რაციონალიზმს. თუ სოკრატესათვის სათნოება იგივე სიბრძნე იყო, არისტიპოსის აზრით, მხოლოდ ცოდნა არ იძლევა სათნოებას. სათნო არაბრძენიც შეიძლება იყოს.

საბოლოოდ, არისტიპოსის ეთიკური თვალსაზრისი მონათმფლობელური არისტოკრატიის თვალსაზრისია.

უნდა ითქვას, რომ კირენიელებმა ვერ შეძლეს შემეცნების თეორიისა და ეთიკის პრინციპების გამიჯვნა. ვ. ი. ლენინი აღნიშნავს, რომ კირენიელები „ერთიმეორეში ურევდნენ შეგრძნებას, როგორც შემეცნების თეორიის პრინციპს და როგორც ეთიკის პრინციპს“.


[1] ცინიკოსების, ანუ კინიკების, სახელწოდება წარმოდგება სიტყვიდან „კიონ“ (κύων) – ძაღლი. დიოგენეს მეტსახელად ძაღლს ეძახდნენ. მისი საფლავის ახლოს ძაღლის ქანდაკება იდგა.

[2] ზოგიერთი მკვლევრის აზრით, „ცრუ“ ეკუთვნის ეპიმენიდეს.



მდევარი