რედაქტორები: ბექა იობიძე, მარიამ გორდაძე.

კორექტორები: მარიამ გორდაძე, ნუცა სეხნიაშვილი, სოფიკო ქურდაძე, ნანო კვარაცხელია, თაკო ინასარიძე, თიკო იობიძე.

აკადემიურ ინტერვიუთა ჯგუფი: ანნა ამილახვარი, სოფიკო ქურდაძე, ზოი პოტამიტი, ანანო ყავალაშვილი.

ტექნიკური ჯგუფი: გიორგი ლექვინაძე, პავლე ერიქაშვილი.


სვანური კოშკი დიდი თოვლის ფონზე

სვანური ენის შესაძლო გაქრობის მიზეზები: თვისებრივი კვლევა ზემო სვანეთის რეგიონის მაგალითზე

ავტორი:

კორექტორი: მარიამ ქავთარაძე

მდევარი, თბილისი, 2023

სვანური ენის შესაძლო გაქრობის მიზეზები: თვისებრივი კვლევა ზემო სვანეთის რეგიონის მაგალითზე

    სვანური იბერიულ-კავკასიური ენათა ოჯახის ქართველურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება და ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში მცხოვრები სვანების მშობლიური ენაა. დღეს სვანურად დაახლოებით 14 000[1] ადამიანი მეტყველებს მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში. აღნიშნული მაჩვენებელი თანდათან იკლებს. ახალი თაობის უმეტესობა აღარ ეუფლება სვანურს, მცირდება მისი ყოველდღიურ მეტყველებაში გამოყენების სიხშირეც. სვანური შეტანილია იუნესკოს „გაქრობის საშიშროების წინაშე მდგარი ენების“ სიაშიც. 

   წინამდებარე ესეიში თემაზე არსებულ ლიტერატურაზე დაყრდნობით შევეცდები, გამოვკვეთო სვანური ენის შესაძლო გაქრობის მიზეზები. კერძოდ, ვიმსჯელებ ეკონომიკურ-სოციო-კულტურულ და პოლიტიკურ მხარეებზე; შევეხები მიგრაციისა და იდენტობის პრობლემებს;  განვიხილავ დღესდღეობით ენათმეცნიერებს შორის (და არა მარტო) არსებულ მწვავე დაპირისპირებასა და სვანების დამოკიდებულებას აღნიშნული თემების მიმართ. თეორიული მასალების დღევანდელ ვითარებასთან დასაკავშირებლად კი დავეყრდნობი ჩემ მიერ ჩატარებულ თვისებრივ კვლევას – ჩაღრმავებულ ინტერვიუს წარმოშობით ზემო სვან რესპონდენტებთან[2].

   კვლევის არეალად მესტიის მუნიციპალიტეტი შევარჩიე, ვინაიდან აღნიშნულ რეგიონში სვანური მეტ-ნაკლებად სრული სახითაა შემონახული, ლენტეხის მუნიციპალიტეტთან შედარებით მიგრაციის დონე დაბალია და ბოლო პერიოდში, ტურიზმის განვითარების წყალობით, უკან დაბრუნების სურვილი ძლიერია.

ეკონომიკური პრობლემები, მიგრაცია და ენის დანიშნულება

   სვანური ენის შესაძლო გაქრობის ერთ-ერთი პირველი და ყველაზე ხელშესახები, რიცხვებში გაზომვადი მიზეზი რეგიონში მოსახლეობის  მკვეთრი კლებაა. საქსტატის მონაცემების თანახმად,  2014 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მოსახლეობა 2002 წელთან შედარებით 29%-ით შემცირდა (რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში- 37,4%-ით[3]). აღიშნული მაჩვენებელი კი (330 761 კაცი), 2020 წლის მონაცემებით, 311 100-მდე[4] დავიდა.

   მოსახლეობის გადინების მთავარ მიზეზად შეგვიძლია მთაში არსებული რთული საცხოვრებელი პირობები და მწვავე ეკონომიკური პრობლემები დავასახელოთ. კერძოდ, მკაცრი კლიმატი, მეწყერსაშიში ზონები, მოუწესრიგებელი გზები. ბავშვებს კილომეტრების გავლა უწევთ ყოველ დილას გაკვეთილებზე დასასწრებად, რასაც ზამთარში თოვლიანობა ემატება. სასურსათე მაღაზიებიც შორსაა (თუ უშუალოდ მესტიაში არ ცხოვრობ) და არჩევანის მრავალფეროვნებითაც არ გამოირჩევა. უკანასკნელ ათწლეულამდე სვანებს  მხოლოდ ორი არჩევანი ჰქონდათ: დარჩენილიყვნენ მამაპაპურ მიწაზე და მიწათმოქმედებით ერჩინათ თავი ან სხვა სფეროში დასაქმების მიზნით დაეტოვებინათ სვანეთი. გასაკვირი არაა, რომ დღემდე შრომისუნარიანი მოსახლეობა რეგიონიდან სამუშაოს საძიებლად ძირითადად თბილისში და საზღვარგარეთ მიემგზავრება, მაგრამ როგორ უკავშირდება მიგრაცია ენის გაქრობას?

   ადამიანი ენის დახმარებით შეიმეცნებს, გაიაზრებს გარემოს მის ირგვლივ. „…თითოეული ენა ქმნის სამყაროს საკუთარ ხატს და ენის მატარებელი სწორედ ამ  ხატს აფუძნებს შინაარსს[5]“. შესაბამისად, ენა და მოცემულობა, რომელშიც ის აღმოცენდა, ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. „სვან ხალხს უმეტესად შრომით გაჰქონდა თავი, ამიტომ შრომასთან დაკავშირებული, ვთქვათ, ხელსაწყოების სახელების ან ბუნებრივი მოვლენების აღმნიშვნელი სიტყვა ძალიან ბევრი გვაქვს“ (რესპონდენტი # 1). ენის გავლით ახალი თაობა იღებს ცოდნას, რომელიც სამყაროში „გზის გასაკვლევად“ გამოადგება. მაგრამ გარემოს ცვლილებისას ენაც მნიშვნელობას კარგავს. მით უმეტეს, როცა სვანები თავისუფლად ფლობენ ქვეყნის ოფიციალურ – ქართულ ენას. შესაძლოა, ქართულში გარკვეული სვანური ხელსაწყოების ზუსტი შესატყვისები არ მოიძებნოს, მაგრამ, სხვა მხრივ, ინდივიდს საზოგადოებრივი თუ პროფესიული ცხოვრების ასაწყობად ყველა საჭირო „ინსტრუმენტით“ უზრუნველყოფს. „მამაჩემმა იცის სვანური, მე არ მასწავლა, სჯობს, ბავშვებმა უცხო ენა ისწავლონ, ის უფრო გამოგადგებათო“ (რესპონდენტი # 3).

   კითხვას: აქვს თუ არა სვანურ ენას რაიმე ისეთი პრაქტიკული დანიშნულება, რასაც ქართული ვერ ჩაანაცვლებს? ყველა რესპონდენტმა (მათ, ვინც იციან სვანური) უარყოფითი პასუხი გასცა. ასევე დაამატეს, რომ საკუთარი აზრების გამოთქმის საშუალებას ქათული უკეთ იძლევა, ამიტომ უმეტესწილად სვანურის მცოდნეებთანაც ქართულ ენაზე ამჯობინებენ საუბარს: „იქიდან გამომდინარე, რომ სვანური პრაქტიკული თვალსაზრისით გვაქვს ყველას ნასწავლი, ანუ პრაქტიკაში გამოსაყენებელი უფრო მეტი სიტყვა ვიცით, რომლებიც უშუალოდ მოქმედებებს უკაშირდება, ვიდრე, ვთქვათ, განყენებულ თემებს, აზრის გამოთქმა ქართულად უფრო მიადვილდება. სვანურს თითქოს უფრო საყოფაცხოვრებო თემებზე საუბრისას ვიყენებ, აი, ვთქათ, შეიძლება „ჭიქა მომაწოდე“ ვუთხრა სვანურად“  (რესპონდენტი #1).

   დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ სვანურმა ენამ ფუნქციური როლი დაკარგა როგორც ადგილობრივი, ისე მიგრირებული სვანებისათვის. დღეს სვანურ სოფლებშიც ამგვარი ვითარებაა: „მე რომ ვიცი სვანური, ამის ნახევარიც არ იციან ახალგაზრდებმა. იმის ნახევარი კიდევ არ იციან პატარა ბავშვებმა. იკარგება სვანური ენა[6]“ – გოგუცა ხერგიანი, 86 წლის.

  მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ ზემო სვანეთში მშობლიური მეტყველება ჯერ სრულებით არ დაუვიწყებიათ (რასაც ვერ ვიტყვით მიგრირებულ სვანთა უმეტესობაზე). ამასაც თავისი მიზეზი უნდა ჰქონდეს. კვლევის ფარგლებში შევეცადე, გამერკვია, უფრო ზუსტად რა ვითარებებში უჩნდებათ ადგილობრივებს სვანურად ამეტყველების სურვილი. ანალიზი უფრო ცხადად გვანახებს, თუ რა აკლიათ რეგიონს გარეთ მცხოვრებ სვანებს.

   რესპონდენტებმა სხვადასხვა გარემოება დაასახელეს, თუმცა შესაძლებელია თითოეული მათგანის საერთო მახასიათებლების ქვეშ გაერთიანება. კერძოდ, ყოველი პასუხი შეიცავდა შინაურობის, პირადი განცდების, სითბოს გაზიარებისა და ღრმა ურთიერთგაგების ელემენტებს, მიკუთვნებულობის განცდას. მაგალითად:.

  1. „დედმამიშვილებს უმეტესად ქართულად ვესაუბრები, მაგრამ თუ ვეხუმრებით ერთმანეთს, მაშინ ვიყენებთ სვანურს, მეგობრებთანაც ეგრე. [ინტ: რა არის ამის მიზეზი?] ბევრად უფრო სახალისო გამოდის ხოლმე ხუმრობა სვანურად, ვიდრე ქართულად. თან ისიც არის, რომ სხვადასხვანარი წარმოთქმის თავისებურება არსებობს სვანურში ტერიტორიის მიხედვით და ჩვენ ვხუმრობთ ხოლმე იმ სხვა ადგილების „მახვილებზე“ და ისინი, ალბათ, ჩვენზე ხუმრობენ. რაღაც ეგეთი დამოკიდებულება გვაქვს“ (რესპონდენტი #1);
  2. „საზოგადოების შეკრების ადგილებში ქართულად, მაგრამ სოფლის დღესასწაულებზე სვანურად ვლაპარაკობთ ხოლმე, სეტშიც[7] თუ გავალთ… მსიამოვნებს სვანურის მოსმენა“ (რესპონდენტი #2).
  3. „შვილებმა არ იციან და მათთან ვერც ვსაუბრობ სვანურად, მაგრამ მოფერებით, სვანური სიტყვებით მოვისიყვარულებ ხოლმე“ (რესპოდენტი #4).
  4. [ინტ: ყოფილა, რომ სვანურად უფრო განიცდი და უფრო გულთან ახლოს მიგაქვს მოსმენილი, ვიდრე იგივე ქართულად რომ გითხრა?] „ალბათ, როცა ვიღაცა თავის გასაჭირს მიყვება სვანურად, უფრო გულთან მიმაქვს ხოლმე, ვიდრე ქართულად როცა მიყვებიან“ (რესპონდენტი #1).

   მოყვანილი მაგალითების გათვალისწინებით, ლოგიკურად ვასკვნი,  რომ, გარდა პრაქტიკული მნიშვნელობისა (რაშიც სვანური ქართულთან შედარებით მოიკოჭლებს), სვანურს შეგრძნებითი დატვირთვაც აქვს, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება სვანი ხალხის განცდების, სიახლოვის, ნათესაობის გამოხატვასა და საერთო მიკუთვნებულობის განცდას. მათ სანაცნობო წრეებსა და არაფორმალურ გარემოში სვანურად საუბარი სიამოვნებას ანიჭებთ.

   აქედან გამომდინარე, იმის მიზეზად, თუ რატომ არ იციან მიგრირებულმა სვანებმა სვანური,  ენის უფუნქციობის გარდა, აუცილებლად უნდა ჩაითვალოს საკუთარ კუთხესთან გაუცხოება და გრძნობითი კავშირისა და მიკუთვნებულობის  განცდის დაკარგვა.  

   ამ მხრივ, საინტერესოა სვანურისადმი იმ რესპონდენტის დამოკიდებულება, რომელიც თბილისში ცხოვრობს, მაგრამ სვანეთთან კავშირს მაინც არ კარგავს – არდადეგებზე ყოველთვის სტუმრობს მას.  როგორც თავად აღნიშნა, სვანურის სწავლის სურვილი ყოველთვის ჰქონდა, უბრალოდ ვერ მოიცალა ამისთვის, თავი ვერ მოაბა. „პრაქტიკული დანიშნულება არ აქვს არანაირი, ნებისმიერ ადამიანს საქართველოში სვანურის გარეშეც მივაწვდენ ხმას… მაგრამ ენა მომწონს, ლამაზია. მინდა, რომ არ მოკვდეს, ზოგადად, რისი საშიშროებაც არის. თუ ვისწავლი, ჩემს წილს შევიტან, მომავალში შვილსაც ვასწავლი. [ინტ: ამის სურვილი რამ გაგიჩინა?] მოგონებები მაკავშირებს მხარესთან და ეგ არის. რომ არ წავსულიყავი სვანეთში, ვერ აღვიქვამდი მაგას შეგრძნების დონეზე, უბრალოდ გენეტიკურად ვიქნებოდი სვანი[8]“ (რესპონდენტი #3).

წინ გადადგმული ნაბიჯები

   როცა პრობლემის გამომწვევ მიზეზებს ვეძებთ, კარგი იქნება, თუ თვალს გადავავლებთ ბოლო პერიოდში სვანური ენის დასაცავად გადადგმულ გაცნობიერებულ თუ გაუცნობიერებელ ნაბიჯებს. შეფასებით – რამ იმუშავა და რამ არა, უკეთ მივხვდებით, თუ  რამდენად დიდ როლს თამაშობს ზემოთ განხილული საკითხები სვანური ენის ბედში.

   როგორც მაღლა ვახსენე, უწინ სვანებს მხოლოდ ორი არჩევანი  ჰქონდათ: ეცხოვრათ სვანეთში სოფლის ცხოვრებით ან დაეტოვებინათ რეგიონი უკეთესი ცხოვრების მიზნით. მაგრამ ბოლო წლებია, აღწერილი რეალობა შეიცვალა.  ზემო სვანეთში ტურიზმის განვითარებამ ცხოვრების დონე მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. ადგილობრივმა და რეგიონში უკან დაბრუნებულმა სვანებმა საოჯახო სასტუმროების, რესტორნებისა თუ სხვა საკურორტო დაწესებულებების გახსნა დაიწყეს. „იმის გამო, რომ ხელშეწყობა არ იყო, გზები არ იყო, არანაირი პირობები არ იყო, ადიში, ისევე როგორც სვანეთის ბევრი სხვა სოფელი, 90-იან წლებში ადგილობრივების ნაწილმა დატოვა. ეს ბოლო წლებია, ხალხი უკან ბრუნდება სვანეთში. ხალხი მიხვდა, რომ ტურიზმი რეგიონში ვითარდება“- ამბობს დათო ნაკანი[9].

   მნახველებს კი არა მხოლოდ ულამაზესი ხედები, არამედ სვანური კულტურაც იზიდავთ: თავისი სიმღერებით, ცეკვებით, სამზარეულოთი და ენით. „უცხოელებისა და არასვანი ქართველების მხრიდან ხშირად ყოფილა დაინტერესება. რომ იგებენ ხოლმე, რომ სვანეთიდან ვარ, მეკითხებიან სიტყვებს, რომლებიც ხშირად უცნაურად ჟღერს მათთვის, და მერე იმეორებენ, რომ რამდენიმე სიტყვა ისწავლონ“ (რესპონდენტი #1). გარე პირების ინტერესი სვანურის „მოდურობას“ უწყობს ხელს.

   ამასთან ერთად, სვანებმა ბოლო პერიოდში გააცნობიერეს ენის დაღუპვის საფრთხის სინამდვილე. შესაბამისად, წამოიწყეს არაერთი მოხალისეობრივი საქმიანობა  ენის გასაძლიერებლად. ახალგაზრდებს გრძნობები ამოძრავებთ,  მომართულნი არიან საკუთარი იდენტობისა და საერთო საგანძურის დაცვით. ამიტომაც იქმნება “facebook” ჯგუფები, სადაც დაწყებითი სკოლის ბავშვები ერთმანეთთან ურთიერთობითა და შეკითხვების დასმით ცდილობენ გაიხსენონ ან ისწავლონ სხვადასხვა სიტყვის სვანური შესატყვისები. ხოლო სექტემბრის თვეში ახალგაზრდათა  წამოწყების შედეგად ამუშავდა რადიო „ლილე“ – პირველი ქართულ და სვანურ ენებზე მეტყველი მაუწყებლობა. იგი მიზნად ისახავს სვანური კულტურის, ტრადიციებისა და წესების შესახებ ცნობების გავრცელებას.

   ყოველი ზემოთ ჩამოთვლილი სვანურის გადარჩენის მცირე იმედს აჩენს, თუმცა რამდენად საკმარისია სვანების ინდივიდუალური ძალისხმევა კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად? ამ ეტაპამდე არ შევხებივარ მაღალი ან გავლენიანი ინსტანციების ჩართულობასა და დამოკიდებულებას განსახილველი საკითხის მიმართ. შესაბამისად, შემდეგი ქვეთავი დაეთმობა სვანურის კვდომის პოლიტიკური მიზეზების განხილვას.

ქართველური ენა თუ ქართული ენის დიალექტი?

   სამსჯელო საკითხი ემოციური, რთული და მრავალმხრივია. ისმის კითხვა: სვანური ქართველური ენაა თუ ქართული ენის დიალექტი? ჩემი მიზანი არ არის, პასუხი გავცე მას ან შევაფასო მოდებატე მხარეთა  არგუმენტების ღირებულება და სანდოობა (ამისთვის კომპეტენცია არ მეყოფა). მსურს,  გამოვკვეთო, თუ როგორ აფერხებს აღნიშნული დილემა მომაკვდავი სვანურის გადასარჩენად მაღალი ინსტანციების მიერ საჭირო ზომების დროულად მიღებას.

   ქართველური ენების თეორია ქართული ენათმეცნიერების კორიფეების[10] მიერაა  მეცნიერულად შემუშავებულ-დამტკიცებული. ის გულისხმობს, რომ სვანური, ლაზური და მეგრული ქართულის მონათესავე ენებია, ვინაიდან ოთხივე  საერთო პროტო-ქართველურ ენაზე აღმოცენდა. შესაბამისად, ერთად ისინი ქმნიან ქართველური ენების ოჯახს.   ქართველური ენების თეორია ქართული ენათმეცნიერების კორიფეების[10] მიერაა  მეცნიერულად შემუშავებულ-დამტკიცებული. ის გულისხმობს, რომ სვანური, ლაზური და მეგრული ქართულის მონათესავე ენებია, ვინაიდან ოთხივე  საერთო პროტო-ქართველურ ენაზე აღმოცენდა. შესაბამისად, ერთად ისინი ქმნიან ქართველური ენების ოჯახს.

   თუმცა უკვე დაახლოებით 20 წელია, რაც აღნიშნულ თეორიას დაუპირსპირდა ტარიელ ფუტკარაძე თავის თანამოაზრეებთან ერთად და უარყო სვანურის, მეგრულისა და ლაზურის ქართველურ ენებად აღიარების შესაძლებლობა. ისინი ქართული ენების დიალექტებად გამოაცხადა. მას შემდეგ ენათმეცნიერებს შორის აღნიშნულ საკითხზე მწვავე კამათი არ ცხრება.

   პირველი მოსაზრების მხარდამჭერები მოწინააღმდეგეთა არამეცნიერულ მიდგომაზე ამახვილებენ ყურადღებას და ჩამოთვლილი ენების დიალექტებად გამოცხადებას ეჭვქვეშ აყენებენ. ხოლო მეორე მხარის დამცველები პირველებს სეპარატისტულ მიდრეკილებებში სდებენ ბრალს. დიალოგი დიდი ხანია, რაც ენათმეციერების საზღვრებს გასცდა და დღეს რიგით მოქალაქეებშიც ხშირად წააწყდებით აღნიშნულ საკითხზე დავას.

   საზოგადოება, რომელიც იზიარებს ტ. ფუტკარაძის აზრს, დიდწილად ამოდის მწარე წარსული გამოცდილებიდან, კერძოდ, ჯერ მეფის რუსეთისა და შემდეგ საბჭოთა კავშირის ენობრივ-პოლიტიკური პროპაგანდიდან. მე-19 და მე-20 საუკუნეებში ჩრდილოელი დამპყრობელი აქტიურად იყენებდა საქართველოს შიგნით არსებულ კულტურულ მრავალფეროვნებას თავისი სეპარატისტული მიზნების განსახორციელებლად: „დამოუკიდებელ არაქართველ ხალხებად ცხადდებოდნენ მეგრელები, სვანები, აჭარლები, ხევსურები…[11]“.  მტრის მიზნის აშკარა გამოხატულება იყო რუსული ანბანის მიხედვით შექმნილი მეგრული (1889 წ.) და სვანური (1864 წ.) ანბანები. სურდათ, ხელოვნურად შექმნილი დამწერლობისა და სხვა პოლიტიკური პროპაგანდის საფუძველზე სვანებსა და მეგრელებში გაეღვივებინათ ქართველებისაგან გამიჯვნისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის სურვილი. თუმცა მეფის რუსეთმა მიზანს ვერ მიაღწია. სვანები და მეგრელები შეეწინააღმდეგენ აღნიშნულ წამოწყებას.

   ამ შემთხვევისგან განსხვავებით, კარგად იმუშავა რუსეთის სხვა პოლიტიკურმა პროპაგანდამ. კერძოდ, დღემდე პრობლემად რჩება საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების, სომხებისა თუ აზერბაიჯანელების, ეროვნული ორიენტაციის საკითხი, სახელმწიფოს ენის უცოდინრობა და მათი უმრავლესობასთან დაახლოების, შერწყმის შეუძლებლობა. რომ აღარაფერი ვთქვათ ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემაზე.

   მიუხედავად იმისა, რომ მაღლა აღწერილი შემთხვევები უკიდურესად განსხვადება სვანურ-მეგრულის სიტუაციისგან, საზოგადოების ნაწილი ნებით თუ უნებლიეთ აკავშირებს მათ. მით უმეტეს, რომ სეპარატიზმის საფრთხეზე ყურადღება 2010 წლის საშობაო ეპისოტოლეში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემაც გაამახვილა: „დღესაც, როდესაც ჩვენ წინაშეა უმნიშვნელოვანესი ამოცანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა, თანდათან იზრდება  მეორე,  არანაკლები საფრთხე ენობრივი დაშლისა; არიან ისეთი ძალები, რომლებიც ნაკლებად მოაზროვნე ადამიანებს უბიძგებენ, რომ ითარგმნოს ბიბლია ან სხვა წიგნები მეგრულად, სვანურად, ლაზურად და მოამზადონ ნიადაგი იმისთვის, რომ ახლო მომავალში ქართული ენის ეს განშტოებები ცალკე ენებად გამოაცხადონ[12]“.

   სეპარატიზმის უსაფუძვლო შიში ქმნის ნამდვილ პრობლემებს: ერთი მხრივ, სვანური ენის გადარჩენას უშლის ხელს, ხოლო მეორე მხრივ, დაძაბულობას იწვევს სვანებსა და არასვანებს შორის. თავისივე ხელით აღვივებს არარსებულ განხეთქილებას. „…უცებ უცხადებ, რომ ეს თქვენი სიმდიდრე, მეგრული ან სვანური ენები, სინამდვილეში დიალექტებია და რომ ენებად ისინი საბჭოთა სპეცსამსახურებმა შერაცხეს. თუ გავითვალისწინებთ ენისადმი ამ ენის მატარებლის განსაკუთრებით მგრძნობიარე დამოკიდებულებასა და ისტორიულად კარგად დოკუმენტირებულ წყაროებს, იოლი მისახვედრია, რა საფრთხე იმალება ამგვარ მანიპულაციაში“- წერს ნინო დობორჯგინიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის ხელმძღვანელი.

   სვანებიც, შესაბამისად, ამჩნევენ, რომ მათ პრობლემას, ენის კვდომას, სახელმწოფო არ უთმობს შესაბამის დროსა და რესურსებს, ამიტომ ცდილობენ, გამოსავალი საკუთარი ძალისხმევით იპოვონ. თუმცა ამ მხრივაც წინააღმდეგობას აწყდებიან: ლელა ჩართოლანი „მთის ამბებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს ადგილობრივთა სურვილზე, დაწყებით კლასებში კვირაში 1-2-საათიანი სვანურის გაკვეთილები დაამატონ. ადგილობრივ რესურსებზე მათ უარი უთხრეს. „ჩვენი ადგილობრივი მამაო, რომელმაც პირველად აზიარა აქაური მოსახლეობა სულიერ ცხოვრებას, ისიც მხოლოდ ქადაგების დროს, სვანურად გვესაუბრებოდა, ისიც კი ჩაუთვალეს სეპარატიზმად და ესევე ჩათვალეს ჩვენი მოთხოვნაც[13]“.

  რამდენად საფუძვლიანია ვისაუბროთ სვანურ სეპარატიზმზე? მონაცემები ადასტურებენ[14], რომ ამგავრი საფრთხე დღესდღეობით არ არსებობს. ჩემ მიერ ჩატარებული თვისებრივი კვლევის პირველ კითხვაზე: „რომელ ენას მიიჩნევ დედაენად?“ უკლებლივ ყველა რესპონდენტმა დაუფიქრებლად უპასუხა – ქართული. ასევე არცერთმა რესპონდენტმა არ დააყენა სვანობა ქართველობაზე წინ. კითხვაზე: წარმოესახათ ვითარება, რომ არჩევანი უნდა გაეკეთებინათ სვანური ენის გადარჩენასა და საქართველოში სეპარატისტული მიდრეკილებების გამწვავებას შორის, ყველა რესპონდენტმა დიდი გულისტკივილით (სვანურის გაწირვის გამო) საერთო ქართული მიზნები დააყენა წინ. „ქართული იყო ყველასი, ხევსურებისაც, ჩვენიც, სამეგრელოსიც და აჭარის, რაც არ უნდა იყოს, ქართულს არ შეელეოდნენ, დარწმუნებული ვარ[15]“. „კი, არსებობს სვანური ენა, მაგრამ ჩვენ ქართველები ვართ. ვერავინ ვერ იტყვის, რომ საქართველოში შენ სვანი ხარ და… ქართველები ვართ ყველა, ამიტომ ჩვენ დაყოფის არ ვართ მომხრე“ (რესპონდენტი #2).

   წარსულმა გამოცდილებამ და ისტორიულმა ტრავმამ, ბუნებრივია, ქართველ მოსახლეობას არაერთი შიში ჩაუნერგა. საკითხი ძალზე რთული და მრავალმხრივია, მაგრამ, პრობლემის სირთულის მიუხედავად, სწრაფი პასუხია საჭირო, ვინაიდან ყველას ერთად: სვანებს, მეგრელებს, ლაზებს, თუშებს, ხევსურებს, კახელებს, აჭარლებს და სხვებს კულტურული მემკვიდრეობა პირდაპირი მნიშვნელობით ხელიდან გვეცლება. მხოლოდ სვანები ვერ მიხედავენ და ვერ მოაგვარებენ აღწერილ პრობლემას, ვინაიდან, როგორც ვიხილეთ, პრობლემას მოსაგვარებლად ანთებულ გულებზე მეტად მატერიალური ხელშეწყობა უფრო სჭირდება. დაძაბული პოლიტიკური მდგოამარეობა კი მაღალ ინსტანციებს ხელფეხშეკრულს ტოვებს და არ აძლევს ნაყოფიერი და სერიოზული ნაბიჯების გადადგმის საშუალებას.

დასკვნა

   არგუმენტირებული ესეის ფარგლებში თვისებრივი კვლევის საფუძველზე განვიხილე ის სავარაუდო მიზეზები, რომლებიც სვანური ენის კვდომას იწვევს. კერძოდ, პირველ რიგში, გამოვყავი უმთავრესი ხელშემწყობი მიზეზი – ეკონომიკური სიდუხჭირე და ცხოვრების დაბალი დონე, რამაც განაპირობა და კვლავ განაპირობებს  რეგიონის ადგილობრივი მოსახლეობისგან მასობრივ დაცლას. შემდგომ ვიმსჯელე გეოგრაფიული არეალის გაფართოების შედეგად ენის ფუნქციური მიშვნელობის დაკარგვის შესახებ, მაგრამ ამავდროულად ადგილობრივი და მიგრირებული სვანების დამოკიდებულების შედარების საფუძველზე გამოვკვეთე, რომ, უმცირესი პრაქტიკული სარგებლის მიღების მიუხედავად, მაინც არსებობს სხვა მიზეზები (ემოციური მიმართება, მიკუთვნებულობის განცდა), რომლებიც განაპირობებს იმ ფაქტს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში ჯერ ხელი არ აუღიათ სვანურის გამოყენებაზე.

ესეის მეორე ნაწილში შევეცადე, მეჩვენებინა, რომ ზემოთ განხილული ეკონომიკური მიზეზები, მიკუთვნებულობის განცდასთან ერთად, მართლაც მნიშვნელოვანია ენის ფეხზე წამოსაყენებლად და დაკმაყოფილების შემთხვევაში იწვევს რიგ ინდივიდებში შემართების გაღვივებასა და სვანურზე ზრუნვის ზრდას.

   ხოლო ბოლო ქვეთავში შევეხე მწვავე ენობრივ-პოლიტიკურ პრობლემას, რომელზეც თანხმობის არარსებობა აფერხებს მასშტაბური რეფორმების გატარებას და შესაძლოა კიდეც იქცეს სვანურის გაქრობის უმთავრეს მიზეზად, რადგან ამ დაძაბულ იდეოლოგიურ ბრძოლაში შესაძლოა, კერძო ადამიანთა ძალისხმევა და მონდომება უბრალოდ არ აღმოჩნდეს საკმარისი კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად.


ბიბლიოგრაფია:


[1] Leclerc. “Svan.” Ethnologue:Language of the World. 18th edition. SIL International, December 28, 2016.
   სხვადასხვა წყაროები სვანურ ენაზე მოსაუბრეთა რაოდენობის შესახებ განსხვავებულ მაჩვენებლებს იძლევა, როგორიცაა 40 ათს. 30 ათს. 15 ათს… ზუსტი რიცხვის დასახელება რთულია. ესეიში მოყვანილი რიცხვი (14 000 ათს.) არის ყველაზე ბოლო დროინდელი (2015 წლის) სანდო წყაროს (Ethnologue:Language of the World) სტატისტიკური მონაცემი.

[2]  ჩატარდა 4 ინტერვიუ. რესპოდენტები შეირჩა ასაკის, საცხოვრებელი ადგილისა და სვანურ ენასთან მათი მიმართების კრიტერიუმის მიხედვით. კერძოდ: რეს. #1– მდედრობითი, 20 წლის, დაიბადა და ცხოვრობს მესტიის მუნიციპალიტეტში, თავისუფლად ფლობს სვანურ ენას; რეს. #2– მდედრობითი, 80 წლის, დაიბადა და ცხოვრობს მესტიის მუნიციპალიტეტში, თავისუფლად ფლობს სვანურ ენას; რეს. #3– მდედრობითი, 22 წლის, მშობლების მიერ რეგიონის დატოვების შედეგად დაიბადა და ცხოვრობს თბილისში (წარმოშობით მესტიის მუნიციპალიტეტიდან), არ ფლობს სვანურ ენას; რეს. #4– მამრობითი, 47 წლის, დაიბადა მესტიის მუნიციპალიტეტში და ცხოვრობს თბილისში, თავისუფლად ფლობს სვანურ ენას.

[3] საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი).“საქართველოს 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები.” თბილისი, 2016, გვ 10.

[4] საქსტატი. “სტატისტიკური ინფორმაცია საქართველოს რეგიონების მიხედვით.” 2020.

[5]  დემეტრაძე, თამარ. სამყაროს ენისმიერი ხატის მოდელირების პრობლემა. თბილის. 2016. გვ 3.

[6] Mtisambebi.ge, მთის ამბები /. “ემუქრება თუ არა გაქრობის საფრთხე სვანურ ენას.” Facebook Watch. მთის ამბები / mtisambebi.ge, March 19, 2020.

[7] სოფლის თავშეყრის ადგილი ლენჯერში.

[8] მომავალი კვლევებისთვის: აქ განვითარებული მსჯელობის განსამტკიცებლად, სვანურის ენის მნიშვნელობაზე, როგორც ემოციური და იდენტური მიკუთვნებულობის გამომხატველზე, კარგი იქნებოდა, კვლვისას ინტერვიუ ამეღო რეგიონთან კავშირის არმქონე სვანთანაც, რათა მისი ხედვაც  საბოლოო სურათში გათვალისწინებულიყო.

[9] “მესტიელი გიდი, რომელიც ამბებს ფოტოებით ყვება.” LivePress.Ge, February 25, 2019.

[10] აკაკი შანიძე, ვარლამ თოფურია, გიორგი ახვლედიანი, გივი მაჭავარიანი, იოსებ ყიფშიძე, ალექსანდრე ცაგარელი…

[11] ხეცურიანი, ჯონი. “საქართველოს სახელმწიფო ენა.” მართლმსაჯულება და კანონი, 2011. გვ 13-31

[12] ჟურნალის რედაქცია. “2010 წლის საშობაო ეპისტოლე” კარიჭე, January 7, 2010.

[13] Mtisambebi.ge, მთის ამბები /. “ემუქრება თუ არა გაქრობის საფრთხე სვანურ ენას.” 2:30.

[14] გაბუნია, კახა. ენობრივი სიტუაცია თანამედროვე საქართველოში, საერთაშორისო ჟურნალი მულტილინგვინური განათლებისთვის. # 3, 2014, გვ 45-69

[15] პასუხი კითხვაზე: თქვენი აზრით, რა რეაქცია მოყვებიდა სვანების მხირდან მეფის რუსეთის სეპარატისტულ პოლიტიკაზე? [რესპოდენტს არ ჰქონდა წინასწარი ცოდნა აღნიშნული ფაქტის შესახებ].



მდევარი