თომა აქვინელის ბუნებითი სამართალი, როგორც კანონის დაუმორჩილებლობის არგუმენტი

გაკრული იესო ქრისტე

გააზიარე:


ავტორი: ანი კახიძე

კორექტორი: მარიამ გორდაძე

        ამერიკაში სამოქალაქო უფლებებისთვის უმცირესობათა გულმხურვალე საჯარო გამოსვლები 1950-იანი წლებიდან დაიწყო. მოძრაობის მთავარი ლიდერი  მარტინ ლუთერ კინგი ხშირად საქმიან მიზნებს საკუთარ რელიგიურ ვალდებულებებთან აკავშირებდა[1]. წინააღმდეგობრივი ტალღის გასაძლიერებლად საჭირო იყო ხალხის ზნეობრივი პასუხისმგებლობის გაღვივება, კანონის წინააღმდეგ წასვლის გამართლება.

        ლუთერ კინგი აცნობიერებდა, რომ კანონის ლეგიტიმურობაზე მსჯელობისას სჭირდებოდა ისეთი გავლენიანი რელიგიური პირების მოხმობა, როგორებიც თომა აქვინელი და ავგუსტინე არიან; იშველიებდა ბუნებითი სამართლის პრინციპს და ამბობდა, რომ სახელმწიფო აქტი სამართლიანია, თუ იგი არ ეწინააღმდეგება ჩვენს ზნეობას: ჩვენი ყოველდღიური წესები უნდა უკავშირდებოდეს ჩვენს ღირებულებებს, რომლებიც, თავის მხრივ,  ღვთის  სურვილთანაა თანხმობაში. აქედან გამომდინარე, ლუთერ კინგი ასკვნის, რომ ჯიმ კროუს სახელით ცნობილი სეგრეგაციული კანონები არ არის სამართლიანი, შესაბამისად, მას და მის თანამებრძოლებს აქვთ უფლება, მსგავსი კანონები დაარღვიონ. 

        ლუთერ კინგი ბირმინგემის ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს: ,,მეკითხებიან,  როგორ შეიძლება დაარღვიო კანონთა ნაწილი და ამავდროულად მოითხოვო სხვა წესების დაცვა? პასუხი ისაა, რომ არსებობს ორი სახის კანონი: სამართლიანი და უსამართლო. მე ყოველთვის მოვითხოვ პირველის დაცვას. ჩვენ ზნეობრივი ვალდებულება გვაქვს, დავიცვათ სამართლიანი კანონი ისევე, როგორც  გვაქვს ვალდებულება, არ დავემორჩილოთ უსამართლოს. მე ვეთანხმები წმინდა ავგუსტინეს, რომ უსამართლო კანონი კანონი ვერ იქნება“[2]. ლუთერ კინგის დამოკიდებულება სამართლისადმი ფართოდ იყო გავრცელებული მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში: ნაცისტური გერმანიის მარცხის შემდეგ მთავარ საკითხად რჩებოდა  სამართლისა და ზნეობის კავშირი[3].

        ხაზგასასმელია, რომ ინდივიდის გადაწყვეტილება გავლენას ახდენს არა მხოლოდ მის, არამედ საზოგადოების ცხოვრებაზეც. პოლიტიკით მართულ და მოწესრიგებულ სამყაროში ურთიერთობის რამდენიმე ფორმა არსებობს, თუმცა თითოეული მათგანი (განსხვავებული სიმძაფრით) მოითხოვს პიროვნების პასუხისმგებლობას საკუთარ არჩევანზე. საკითხის ასახსნელად ერთგვარ ანალოგიას თუ გავიმეორებ, ცალ-ცალკე კუნძულზე არავინ არ ცხოვრობს, შესაბამისად, ერთი პირის გადაწყვეტილებამ შეიძლება შეცვალოს სხვა ადამიანის ცხოვრება, ამიტომაა მნიშვნელოვანი სიქველეთა ფილოსოფია[4].

        თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ადამიანის ეთიკურობას განხორციელების შესაძლებლობა სჭირდება. როგორც ეთიკის ფილოსოფიის მიზანია, რომ ადამიანმა საკუთარი გადაწყვეტილებებითა და ქცევებით გამოავლინოს საკუთარი ადამიანური სიკეთე, ასევე პოლიტიკის ფილოსოფიაც ისწრაფვის, პოლიტიკურმა თემმა, საზოგადოებამ საკუთარი გადაწყვეტილებებითა და ქმედებებით თითოეულ წევრს საშუალება მისცეს, სრულყოს საკუთარი უფლებები.[5]

        აქედან გამომდინარე, ჩნდება ლოგიკური კითხვა:  რა აქცევს კანონს სამართლებრივად გამართლებულად; უნდა არსებობდეს თუ არა განსაზღვრული ჩარჩო, რომელიც კანონის შემოქმედს შეზღუდავს და, შესაბამისად, კანონის დაუმორჩილებლობას ექნება ზნეობრივი გამართლება?

        ინგლისურ სამართალში, შუა საუკუნეების ტრადიციის მიხედვით, კანონი ქრისტიანულ ხედვას ეფუძნებოდა. იგი ვრცელდებოდა გონიერ არსებაზე, რომელიც თანადროულად ემორჩილებოდა უკვდავ, ღვთიურ ბუნებით სამართალსა და ადამიანურ წესრიგს. გასათვალისწინებელია, რომ უკანასკნელი უნდა ეთანხმებოდეს პირველს. შედარებით თანამედროვე ტრადიცია კი, პოზიტიური სამართალი, კანონს ზნეობისგან დაცლილად განიხილავს. თუ ყველა დადგენილი წესი, თანმიმდევრობა დაცულია და ხელისუფლება ლეგიტიმურია, ის ფაქტი, რომ, მოქალაქეთა აზრით, მიღებული გადაწყვეტილება უსამართლოა,  არაფერს არ ცვლის[6]. ამის წინააღმდეგ გამოდიოდა ლუთერ კინგი – სამოქალაქო დაუმორჩილებლობას უკანონოდ არ თვლიდა და თომა აქვინელის ციტირებისას მისი ბუნებითი სამართლის თეორიიდან ამოდიოდა.

        საინტერესო კი ისაა, რომ მეოცე საუკუნეში სამოქალაქო მებრძოლი და წინამძღოლი თუ თომა აქვინელს სამართალში ზნეობრივი ნორმების შემოსატანად ციტირებს, მეცამეტე საუკუნეში აქვინელი უარს ამბობს სამოქალაქო ცხოვრებაში ქრისტიანობის, როგორც ერთი ჯგუფის, ხელში სრულ ძალაუფლებაზე და ადგილს ათავისუფლებს უმცირესობებისთვის.

        მსჯელობის დასაწყებად, პირველ რიგში, განვმარტოთ, თუ როგორ მიჯნავს აქვინელი რწმენასა და აზროვნებას, ფილოსოფიასა და თეოლოგიას. ორივე მათგანს დამოუკიდებელ მეცნიერებად მიიჩნევს. ამასთანავე, ერთმანეთისგან განასხვავებს გონივრულობასა (წვდომა და დასაბუთება შეიძლება მხოლოდ გონების საშუალებით)  და ზეგონივრულობას  (ჭეშმარიტებანი, რომლებიც გამოცხადებით შეიძლება მოგვეცეს). ცხადია, ჭეშმარიტების არსში კი არ არის განსხვავება, არამედ გონების სიმწირე იწვევს მათ მსგავს დაყოფას. ისინი ერთმანეთს არ უნდა ეწინააღმდეგებოდნენ, რადგან ორივე იზიარებს ღვთის ბუნებას. ბიბლიასა და ფილოსოფოსთა სწავლებას შორის განსხვავება მხოლოდ ადამიანურ შეცდომას შეიძლება დავაბრალოთ, რადგან ინდივიდის სული ყველაზე სუსტი მატერიაა. განხილულ მიმართებას ნათლად ასახავს აქვინელის არისტოტელესადმი დამოკიდებულება: მას არისტოტელეს ფილოსოფია ბუნებით სიმართლესთან ყველაზე ახლოს ჰგონია; ის ანტიკურ ფილოსოფიას წარმატებით არგებს ქრისტიანულს, შინაარსის მცირე ცვლილებითა და ტექსტის მიზნის ახსნა-განმარტებით. მაგალითისთვის, არისტოტელე არსად არ საუბრობს ბუნებით სამართალზე, მაგრამ წერს ბუნებით კარგის შესახებ. აქვინელი აღნიშნული ორის დაკავშირებით ქმნის  ბუნებითი სამართლის თეორიას.

        თომა აქვინელის მიხედვით, ოთხი სახის კანონი არსებობს – მარადიული, ღვთიური, ბუნებითი და ადამიანის. პირველი უფლის კანონია, უცვლელი  და ზნეობრივი. გასათვალისწინებელია, რომ, აქვინელის აზრით, ადამიანის შეზღუდულ გონებას არ შეუძლია, სრულად ფლობდეს ცოდნას უფლის მიზნის შესახებ. თავად შესამეცნებელი კი ორი სახით შეიძლება მოგვეცეს: პირველი,  სრულად და, მეორე, მხოლოდ მისი  ანარეკლი/ჩრდილი იყოს ჩვენთვის ცნობილი. ადამიანს მარადიული კანონის შეცნობა სწორედ მეორე გზით შეუძლია: ინდივიდს არ ეცოდინება მსგავსი კანონის არსი და მასზე მსჯელობას მხოლოდ მისი გამოვლინებებით შეძლებს[7]. სწორედ ეს მოცემულობა ქმნის ბუნებით სამართალს – ადამიანების მონაწილეობას მარადიულ კანონში. ბუნებით სამართალს აზროვნებითა და მყარი ზნეობრივი წესებით ვაღწევთ. რაც შეეხება ღვთისმეტყველებასა და ადამიანების კანონებს, რომლებიც იქმნება წმინდა წერილებითა და კანონშემოქმედებით, ისინი, ბუნებითი სამართლისა და მარადიული კანონისგან განსხვავებით, არ არის საყოველთაო და მუდმივი[8].

        როგორ შეიძლება გავარკვიოთ, თუ რა არის ბუნებითი სამართალი? თომა აქვინელის აზრით, ბუნებითი სამართლის საფუძველი შემდეგი შეთანხმება შეიძლება იყოს: ვაკეთოთ კარგი და ავირიდოთ ბოროტი.  სამართლის პირველი პრინციპი თანდათან უფრო პრაქტიკულად გარდაიქმნება და ზნეობრივ ნორმებად იქცევა (არ მოიპარო). თავის მხრივ, ამასაც განსჯა სჭირდება (მომაკვდავი შვილის დასახმარებლად ქურდობა გამართლებულია?). რაც უფრო სცილდება სადავო საკითხი პირველ პრინციპს, მით უფრო რთულდება მისი ზნეობრივი კუთხით შეფასება: მაგალითისთვის, ვთანხმდებით, თუ იარაღს ვითხოვთ, აუცილებელია, რომ იგი პატრონს დავუბრუნოთ, მაგრამ თუ ვიცით, რომ იარაღის დაბრუნებისას მფლობელი თავს მოიკლავს, რამდენად გამართლებულია ზემოაღნიშნული ქმედება?[9]

        სწორი, ზნეობრივი გადაწყვეტილებების მიღებისთვის  ცოდნაა საჭირო. სიქველეებით მოქმედება არასასურველი დასასრულისგან იცავს ადამიანს და, შესაბამისად, ბედნიერების საწინდარიც ის არის. თომა აქვინელის სწავლების მიხედვით, აუცილებელია უფლის, შემოქმედის გეგმას დავმორჩილდეთ, აქედან გამომდინარე, არ ვუღალატოთ მარადიულს – ადამიანისთვის ნაცნობ  ბუნებით კანონს. ამის მიღწევა კი სიბრძნეს საჭიროებს, პროცესით კი ინდივიდი უფალს უახლოვდება და მას „უმეგობრდება“[10].

        როგორც არისტოტელე, ასევე თომა აქვინელიც ადამიანს საზოგადოებრივ, „პოლიტიკურ ცხოველად“ მიიჩნევს, ამიტომ სახელმწიფოს მსგავს სისტემაში ცხოვრება ინდივიდის სრულყოფისთვის მნიშვნელოვანია[11]. ამავდროულად,  თუ ზემოთ მოყვანილ მსჯელობას გავითვალისწინებთ, შეიძლება კანონშემოქმედმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღოს, ადამიანურმა კანონებმა შეწყვიტონ ბუნებითთან კავშირი. მარტინ ლუთერ კინგი სწორედ აღნიშნულ წინააღმდეგობად მიიჩნევს სეგრეგაციას.

        მართალია, თავად თომა აქვინელი საჯარო დაუმორჩილებლობას არ განმარტავს, მაგრამ, ცხადია, რომ სწორედ ბუნებითი კანონის პირველი პრინციპი – ბოროტების თავიდან აცილების მიზანი – ამართლებს მოქალაქეების სახელმწიფო წესებისადმი ურჩობას. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ სამოქალაქო წინააღმდეგობა აუცილებელია იყოს საჯარო, რათა დაიცვას საერთო სიკეთე;  მშვიდობიანი, რადგან, აქვინელის აზრით, ძალადობრივი გზები ანადგურებს ადამიანთა ერთიანობას.[12]

        მეტიც, თომა აქვინელის ბუნებითი სამართლის თეორიაში დაუმორჩილებლობა მხოლოდ კი არ მართლდება, არამედ იგი აუცილებელიც კი ხდება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ პოლიტიკური ერთობის საბოლოო მიზანი საერთო სიკეთეა. აქედან გამომდინარე, თუ სისტემა ან კანონი გზას ასცდა, ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების პასუხი სწორედ მისი დარღვევა უნდა იყოს. აქვე, ხაზი უნდა გაესვას, რომ გზები, რომლებითაც ბოროტებას ვებრძვით, ძალადობრივი არ უნდა იყოს. 


ბიბლიოგრაფია

  1. ‘Martin Luther King Jr’, BBC, 08.06.2009, https://www.bbc.co.uk/religion/religions/christianity/people/mlk.shtml ბოლო ვიზიტი: 30.07.2021
  2. Martin Luther King Jr. “Letter from a Birmingham Jail”, 16. 04.1963, https://www.africa.upenn.edu/Articles_Gen/Letter_Birmingham.html ბოლო ვიზიტი: 30.07.2021
  3. Herlinde Pauer-Studer, „Law and Morality  under  Evil  Conditions: The  SS  Judge  Konrad  Morgen“, Jurisprudence , vol 3(2), 2012
  4. John Finnis, ‘What Is The Philosophy Of Law?“, Oxford Legal Studies Research Paper No. 45, 2012
  5. “Positivism”, The Catholic Lawyers, Number 4  Volume 7, 1961
  6. Aquinas, Thomas: Political Philosophy, Internet Encyclopedia of Philosophy and its Authors, https://iep.utm.edu/aqui-pol/#H1 ბოლო ვიზიტი: 30.07.2021
  7. RacYonek, Rachael I. (2018) “Civil Disobedience: What Would Thomas Aquinas Do?,” SUURJ: Seattle University Undergraduate Research Journal: Vol. 2 , Article 17. Available at: https://scholarworks.seattleu.edu/suurj/vol2/iss1/17 ბოლო ვიზიტი: 30.07.2021
  8. Whimber Calem ’’St. Thomas Aquinas Teaches Us How to Be Happy“, Catholic Exchange, https://catholicexchange.com/st-thomas-aquinas-teaches-us-how-to-be-happy?fbclid=IwAR2kDWwv65ZewuPk6a_RuJaCDEe_bI8kzW3gfJgf-KU03kI00OBV2aGgsWU  ბოლო ვიზიტი: 30.07.2021
  9. RacYonek, Rachael I. (2018) “Civil Disobedience: What Would Thomas Aquinas Do?,” SUURJ: Seattle University Undergraduate Research Journal: Vol. 2 , Article 17. Available at: https://scholarworks.seattleu.edu/suurj/vol2/iss1/17 ბოლო ვიზიტი: 30.07.2021
  10. Wolfe, Christopher, Natural Law Liberalism, New York: Cambridge University Press
  11. Aquinas, Thomas “ Commentary on Aristotle’s Politics”, Hackett Publishing Company 2007
  12. . Scholz, Sally J. „Civil Disobedience  In  The Social Theory of Thomas Aquinas”, The Thomist: A Speculative Quarterly Review, Volume 60, (15.051996) The Catholic University of America Press

[1] ‘Martin Luther King Jr’, BBC, 08.06.2009, https://www.bbc.co.uk/religion/religions/christianity/people/mlk.shtml (ბოლო ვიზიტი: 30.07.2021)

[2] King, Jr. “Letter from a Birmingham Jail”, 16. 04.1963, https://www.africa.upenn.edu/Articles_Gen/Letter_Birmingham.html (ბოლო ვიზიტი: 30.07.2021)

[3] Herlinde Pauer-Studer, „Law and Morality  under  Evil  Conditions: The  SS  Judge  Konrad  Morgen“, Jurisprudence , vol 3(2), 2012, pg.399

[4] John Finnis, ‘What Is The Philosophy Of Law?“, Oxford Legal Studies Research Paper No. 45, 2012, გვ. 1

[5] Finnis, 2012, გვ.2

[6] “Positivism”, The Catholic Lawyers, Number 4  Volume 7, 1961, გვ. 319

[7] Thomas Aquinas: Political Philosophy, Internet Encyclopedia of Philosophy and its Authors, https://iep.utm.edu/aqui-pol/#H1 ბოლო ვიზიტი: 30.07.2021

[8] Rachael RacYonek, I. “Civil Disobedience: What Would Thomas Aquinas Do?,” SUURJ: Seattle University Undergraduate Research Journal: Vol. 2 , Article 17.  2018 Available at: https://scholarworks.seattleu.edu/suurj/vol2/iss1/17 ბოლო ვიზიტი: 30.07.2021

[9] Christopher Wolfe, Natural Law Liberalism, New York: Cambridge University Press, გვ.31

[10] CALEB WHITMER,’’ St. Thomas Aquinas Teaches Us How to Be Happy“, Catholic Exchange, https://catholicexchange.com/st-thomas-aquinas-teaches-us-how-to-be-happy?fbclid=IwAR2kDWwv65ZewuPk6a_RuJaCDEe_bI8kzW3gfJgf-KU03kI00OBV2aGgsWU  ბოლო ვიზიტი: 30.07.2021

[11] Thomas Aquinas, “ Commentary on Aristotle’s Politics”, Hackett Publishing Company 2007, გვ.45

[12] SALLY J. SCHOLZ, „Civil Disobedience  In  The Social Theory of Thomas Aquinas”, The Thomist: A Speculative Quarterly Review, Volume 60, (15.051996) The Catholic University of America Press



მდევარი