შენი ღონის მდევარი ვარ
აკადემიური გამომცემლობა
–
–
“მდევარი” ციფრული, არაკომერციული გამომცემლობაა, რომლის არსებობის შინაარსიც სრულფასოვანი ქართული ენით შექმნილი აკადემიური ნაშრომების შექმნა – გამოქვეყნებაა.
სტატიათა თითოეული ახალი ნაკრები ყოველთვიურად, ნომრის სახით ქვეყნდება. “მდევარის” საგაზეთო სვეტები მოიცავს: სტატიებსა და თარგმანებს განსხვავებული სამეცნიერო დარგებიდან,
აკადემიურ ინტერვიუებს, ბიოგრაფიებსა და დაკარგულ ქართველ მეცნიერთა გაციფრულებულ შრომებს.
“მდევარი” თავისუფალი, ყოველმხრივ დამოუკიდებელი აკადემიური არქივია, რომელსაც უსასყიდლოდ მშრომელი, დარგობრივად კომპეტენტური საზოგადოება ქმნის.
ჟურნალი უფასო და საყოველთაოდ ხელმისაწვდომია, ასე იქნება ყოველთვის.
მოცემულ გვერდზე
წარმოდგენილია
სრული ნომერი
თითოეული სტატია წარმოადგენს
“მდევარის” არამატერიალულ,
ინტელექტუალურ საკუთრებას.
“მდევარის” თარგმანთა სვეტი
კლასიკური ფილოსოფია: I, ყველაფერი ღმერთებითაა სავსე – თალესი
ფილოსოფიის ამბავი ძვ.წ. მე-6 საუკუნეში იწყება და, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არა - საბერძნეთში. პირველი ანტიკური ფილოსოფიური ტექსტები ბერძნულ ენაზე თანამედროვე თურქეთის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე იონიაში იწერებოდა. აქ მოსახვედრად საბერძნეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, ეგეოსის ზღვის შემოვლით ან გავლით უნდა წასულიყავით. სწორედ ასე მოიქცა ბერძნულად მოსაუბრე ხალხი ძვ.წ. მე-6 საუკუნემდე. ძველი ბერძენი ისტორიკოსები გვიამბობენ, რომ დაახლოებით ძვ.წ. 1100 წელს დორიელების მიერ კონტინენტური საბერძნეთის დაპყრობის გამო ადგილობრივი მოსახლეობა იონიისკენ დაიძრა. სახელი „იონია“ კოლონისტების ლეგენდარული მეთაურისგან, იონისგან, მომდინარეობს.
ტრანსკრიფტების სვეტი
De Re Publica, ეპიზოდი 8: იდენტობის ჩამოყალიბება – პოლიტიკური დისკურსები და ნარატივები, ნაწილი 2
ნუცა: ალბათ ყველგან, როგორც კი ჩნდება მოდერნული ერი, სახელმწიფო, ეს ორ რამეს აჩენს ერთდროულად. ერთი - ხალხის ახალ ცნებას, რომელშიც უნიკალური კავშირია ინდივიდსა და სახელმწიფოს შორის, ანუ ინდივიდის ხელახალი ჩამოყალიბება ხდება, რადგან აღარ აქვს პირადი სივრცე იმ გაგებით, როგორიც ჰქონდა, და ყველაფერი ებმის სახელმწიფოს. მეორე, რასაც აუცილებლად აჩენს, არის წარსულის მეხსიერება და ეს თავისთავად არის მთავარი განმაპირობებელი ნაციონალიზმისა, იმიტომ რომ ეს უკანასკნელი არის თანამედროვე მოვლენა, რომელსაც სულ უწევს საკუთარი არსებობის ლეგიტიმაცია შორეული წარსულიდან. შორეული წარსული ყველასთვის სხვადასხვაგვარად აღიქმება, თუმცა მოცემულობა მაინც ასეთია.
გაციფრულებულ ნაშრომთა სვეტი
შუა საუკუნეების არაბულენოვანი ფილოსოფია
არაბულ კულტურას დიდი ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა. არაბებმა მოკლე ხანში აითვისეს ევროპული მეცნიერებისა და კულტურის მიღწევები და მნიშვნელოვანი უკუზეგავლენა მოახდინეს მათზე. არაბული სამყარო განვითარებას მაჰმადსა (570-632) და მის „ყურანს“ უმადლოდა, ამიტომ თავდაპირველად მორჩილად მისდევდნენ „ყურანს“ როგორც თეორიაში, ისე პრაქტიკაში. არაბების მეცნიერული მოღვაწეობა დასაწყისში „ყურანისა“ და მისი დებულების განმარტებათა თავისებური მოწესრიგებით იფარგლებოდა. არაბული მსოფლმხედველობრივი აზროვნების წარმომადგენლები იყოფოდნენ კალამის, სუფიზმისა და ისმაილიზმის მიმდევრებად. ესენი იყო ყველაზე გავლენიანი მიმართულებანი მუსულმანურ რელიგიაში. „კალამი“ ნიშნავს სიტყვას, ლაპარაკს. ფიქრობენ, რომ აქ იგულისხმება ყურანი, როგორც ღვთის სიტყვა. ,,კალამის“ მიმართულების წარმომადგენლები მიზნად ისახავენ ამ სიტყვის გაგებას, განმარტებას (154.210).
"მდევარის "ავტორთა სვეტი
ციმბირგამოვლილი ქართული ინტელიგენცია
საბჭოთა კავშირში დამყარებული კომუნისტური რეჟიმი სისტემის მოწინააღმდეგეებს რეპრესიებით, გადასახლებითა და ხშირად სასჯელის უმკაცრესი ზომით, დახვრეტით, სჯიდა. ზეწოლას ცოტანი თუ ეწინააღმდეგებოდნენ, დანარჩენები კი შიშის გამო მორჩილებას ამჯობინებდნენ. რეჟიმი განსაკუთრებულ ყურადღებას ე.წ. ინტელიგენციის წარმომადგენლებს აქცევდა, - მწერლებს, პოეტებს, ხელოვანებს, მეცნიერებსა თუ კულტურის სხვა სფეროების წარმომადგენლებს. მკაცრად მოწმდებოდა მათი შემოქმედება, რომელსაც ცენზურის ქვეშ ატარებდნენ. ასევე, თვალყურს ადევნებდნენ მათს ჩართულობას პოლიტიკაში და სულ მცირე ეჭვის შემთხვევაში აპატიმრებდნენ ან ციმბირში ასახლებდნენ. ციმბირში, სადაც საკმაოდ მკაცრი ჰავაა, რეპრესირებულ ქართველებს მძიმე სამუშაოზე ასაქმებდნენ. წლობით გადასახლებას უსჯიდნენ, ხშირად ვადის ამოწურვის შემდეგ ე. წ. „თავისუფალი გადასახლებით“ უცვლიდნენ სასჯელს, - რეპრესირებულ ადამიანს არ შეეძლო სამშობლოში დაბრუნება.