ავტორი: გვანცა ახვლედიანი
რედაქტორი: ბექა იობიძე
კორექტორი: ნინო კაჭარავა
მდევარი, 2026
წინათქმა
მრუდი, რომელიც სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილს ასახავს, მდგრადი შემცირებით ხასიათდება, თუ არ ჩავთვლით ცალკეულ წლებში ამოვარდნებს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი 9.4% იყო, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.[1] ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის რაოდენობა ერთ წელში დაახლოებით 86 ათასი, ხოლო ბოლო 10 წელში 500 ათასზე მეტი ადამიანით შემცირდა. რაც შეეხება ფარდობით სიღარიბეს, ამავე წლის მონაცემებით, იგი 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 18.9% შეადგინა.
2025 წლის გლობალური შიმშილის ინდექსში საქართველო იმ 25 ქვეყანას შორისაა, რომელთა ქულაც 5-ზე ნაკლებია; ამ ქვეყნებს ინდივიდუალური ადგილი არ ენიჭებათ და ისინი ერთობლივად 1–25-ე ადგილებზე არიან განთავსებული „დაბალი შიმშილის“ კატეგორიაში.[2] ხოლო მსოფლიო ბანკის სიღარიბისა და თანასწორობის მოკლე მიმოხილვაში ნათქვამია, რომ საქართველოს მდგრადმა ეკონომიკურმა ზრდამ და მიზნობრივმა სოციალური დახმარების პროგრამებმა ხელი შეუწყო ფულადი სიღარიბის ისტორიულად დაბალ მაჩვენებელს.[3] ამ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, როგორც ჩანს, ქვეყანამ სიღარიბისა და კვებითი დაუცველობის პრობლემა დიდწილად მოაგვარა.
ერთი შეხედვით, ეს მაჩვენებლები იმედიან განწყობას ქმნის, თითქოს მასობრივი შიმშილი წარსულს ჩაბარდა და საქართველომ ეკონომიკური გარდაქმნის რთული პერიოდი წარმატებით გადალახა. თუმცა ეს მხოლოდ სტატისტიკური სურათია, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვან შრეებს ყურადღების მიღმა ტოვებს. ამიტომ სტატისტიკურ მონაცემებსა და სოციალურ სინამდვილეს შორის ჩნდება ნაპრალი, რომლის თეორიული გააზრებაც აუცილებელია.
ეკონომიკური ზრდა და, შესაბამისად, შინამეურნეობათა შემოსავლების მატება სიღარიბის შემცირების უდავო, თუმცა არა ერთადერთი მიზეზია. ამ მაჩვენებლის კლებას ნებისმიერი სახის შემოსავალი განაპირობებს, იქნება ეს სოციალური დახმარება, ხელფასი, დაქირავებული შრომა თუ ფულადი გზავნილები. ნებისმიერი წყაროდან მიღებული სახსრები და მათგან მომდინარე ხარჯები სასარგებლოდ აისახება სიღარიბის დონის შემცირებაზე. აღსანიშნავია, რომ საქსტატი სიღარიბის კლების მიზეზებს ცალ-ცალკე არ აღრიცხავს; გადამწყვეტია თავად რიცხვები და არა ის, ადამიანმა სოციალური დახმარების წყალობით დააღწია თავი გაჭირვებას თუ საკუთარი შრომით მოპოვებული შემოსავლით.
თუმცა, ეს ანალიზი არ ცდილობს ამ მაჩვენებლების სრულ უარყოფას. პირიქით, ჩვენი მსჯელობა იწყება იმის სრული აღიარებით, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევის მიდგომები სანდო, საერთაშორისოდ აღიარებული და მეთოდოლოგიურად მყარია. სტატიის დედააზრი კი ისაა, რომ არსებული მონაცემები აბსოლუტურ სიღარიბეს მოხმარების მინიმალურ ზღვართან მიმართებით აღწერს, თუმცა შიმშილის სოციალურ და კვებით-ხარისხობრივ განზომილებებს უშუალოდ ვერ მოიცავს. ამ მოცულობის გამოსაკვეთად საჭიროა სოციოლოგიური თეორიების მოშველიება. შესაბამისად, ნაშრომი სამ თეორიულ მდგენელს დაეყრდნობა: ამარტია სენის წვდომისა და შესაძლებლობების მიდგომას, მიშელ ფუკოს ბიოპოლიტიკის ხედვასა და გეორგ ზიმელის სუფრის სოციოლოგიას.
შინამეურნეობების გამოკვლევა
სანამ მსჯელობის მთავარ ნაწილზე გადავალთ, აუცილებელია ოფიციალური მეთოდოლოგიის მოკლე, თუმცა ზუსტი აღწერა, რათა ნათელი იყოს, თუ როგორ გაანალიზდება შემდგომში სტატია.
საქსტატის მონაცემთა ძირითადი წყარო კერძო შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების კვლევაა („შინდა“), რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით სამ თვეში ერთხელ ტარდება და მოიცავს დაახლოებით 4,300 შინამეურნეობას. გამოკითხვები ტარდება 2-(2)-2 სქემის მიხედვით, რაც გულისხმობს ერთსა და იმავე შინამეურნეობაში მონაცემთა შეგროვებას ზედიზედ წლის ორი მეოთხედის განმავლობაში, შემდეგ შესვენებასა და განმეორებით მონაწილეობას მომდევნო წლის იმავე მონაკვეთში.[4] კვლევიდან მიღებული ყველა მონაცემი დაყვანილია ერთიან ნიშნულზე, რეგიონებისა და დროითი სხვაობების გათვალისწინებით,[5] რათა სხვადასხვა რეგიონისა და დროითი მონაკვეთის მაჩვენებლები ერთმანეთს სწორად შეედაროს.
მოპოვებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს აბსოლუტური და ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლებს. შინამეურნეობათა კეთილდღეობა ფასდება სამომხმარებლო ხარჯების საფუძველზე, რომელიც მოიცავს როგორც ფულად, ისე არაფულად ხარჯებს. ეს ხარჯები შემდგომში გადაითვლება „ეკვივალენტური ზრდასრული პირის“ ცნების გამოყენებით, რაც სხვადასხვა ზომისა და შემადგენლობის შინამეურნეობებს ერთიან შედარებით მონაცემად აქცევს.
სიღარიბის აბსოლუტური ზღვრის მეთოდოლოგია
აბსოლუტური სიღარიბის ზღვარი, რომელიც ასახავს ძირითადი, მარტივი საჭიროებების დაკმაყოფილების ღირებულებას, მნიშვნელოვნად განისაზღვრება ოჯახთა სასურსათო მსყიდველობაუნარიანობით. იგი ეფუძნება საკვების ენერგეტიკული და ფულადი ღირებულებების ურთიერთმიმართებას – მინიმალური სასურსათო კალათის ცნებას. ამ მიზნით, II-IV სამომხმარებლო დეცილებში მყოფი შინამეურნეობებისთვის გამოითვლება ერთი კილოკალორიის ფასი, რომელიც შემდეგ მრავლდება მოზრდილი ადამიანისთვის განსაზღვრულ დღიურ ენერგეტიკულ ნორმაზე (საშუალოდ 2300 კკალ) და მიიღება საკვების მინიმალური ღირებულება.[6] სიღარიბის აბსოლუტური ზღვარი მიიღება სასურსათო კომპონენტის შეფარდებით შესაბამის შინამეურნეობათა ხარჯებში სასურსათო კომპონენტის წილთან. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფად ითვლება ის მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს იმ შინამეურნეობებში, სადაც ერთ ეკვივალენტურ მოზრდილზე გაანგარიშებული სამომხმარებლო ხარჯი სიღარიბის დადგენილ ზღვარზე ნაკლებია.
ხარჯვითი სტრუქტურა და ენგელის ინდექსი
შინამეურნეობათა ერთიანი გამოკვლევის ერთ-ერთი ყველაზე შინაარსიანი ნაწილი დანახარჯების აღწერაა. სწორედ ამ მონაცემებში იკვეთება ე.წ. ენგელის მაჩვენებელი – საერთო მოხმარებაში საკვებზე გაწეული ხარჯების წილი. რაც უფრო ღარიბია ოჯახი, მით უფრო დიდია მისი შემოსავლის ის ნაწილი, რომელიც საკვებზე იხარჯება.[7] შესაბამისად, კვებაზე გაწეული დანახარჯების წილის ცვლილება ეკონომიკური დაუცველობის უმნიშვნელოვანესი საზომია.
საქართველოში ენგელის მაჩვენებელი ევროპულ ქვეყნებთან შედარებით ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. ბოლო მონაცემებით, შინამეურნეობებში მთლიანი დანახარჯების დაახლოებით 35-40% მხოლოდ საკვებსა და უალკოჰოლო სასმელებზე მიდის, რეგიონებსა და ყველაზე დაბალშემოსავლიან ჯგუფებში კი ეს მაჩვენებელი 45-50%-საც კი აღწევს.[8] შედარებისთვის, ევროკავშირში ეს წილი საშუალოდ 13-15%-ის ფარგლებში მერყეობს, გერმანიასა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში კი ხშირად 11%-ზე ნაკლებია.[9] ეს ნიშნავს, რომ საშუალო ქართული ოჯახი, დასავლეთევროპულთან შედარებით, კვებაზე მნიშვნელოვნად მეტ წილს ხარჯავს ჯანდაცვის, შვილების განათლების, კულტურული ცხოვრების, დასვენების, დაზღვევისა და დანაზოგების უგულებელყოფის ხარჯზე.
სიღარიბისა და შიმშილის გააზრების საფუძვლები: აბსოლუტური, ფარდობითი და ამარტია სენის შესაძლებლობებზე დაფუძნებული ხედვა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სიღარიბის ორ ძირითად მიდგომას – აბსოლუტურ და ფარდობით სიღარიბეს ეფუძნება. ამ ორ მიმდინარეობას შორის აკადემიურ ლიტერატურაში დიდი დაპირისპირებაა. ერთი მხრივ, აბსოლუტური სიღარიბის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ფარდობითი ხედვა ყურადღებას უფრო უთანასწორობაზე ამახვილებს, როდესაც სიღარიბის არსი, პირველ რიგში, დაკავშირებულია ადამიანის საარსებო პირობების არქონასთან.[10] ამის საპირისპიროდ, ფარდობითი სიღარიბის მკვლევრებისთვის ეს არსებითი მოთხოვნილებები არ არის საყოველთაო ცნება და იცვლება იმის მიხედვით, თუ რა წესი და რიგი ან ცხოვრებისეული ყაიდაა დამკვიდრებული სხვადასხვა საზოგადოებაში.[11]
თავისი სასარგებლო და არადამაკმაყოფილებელი მხარეებით, ვერცერთი დასახელებული მიდგომა ვერ გვიქმნის სიღარიბისა და შიმშილის სრულყოფილ სურათს. შესაბამისად, აუცილებელია იმ მესამე ხედვის გაზიარება, რომელიც ამარტია სენმა შემოგვთავაზა. მისი აზრით, სიღარიბე მხოლოდ ერთ რომელიმე მხარეს როდი ეფუძნება; მის გასააზრებლად საკმარისი არ არის მხოლოდ სასიცოცხლო მოთხოვნილებებისა თუ საზოგადოებრივი მოლოდინების ცალ-ცალკე განხილვა. სინამდვილეში იგი მოქმედებისა და შესაძლებლობების ცნებაზეა დაფუძნებული და გულისხმობს აბსოლუტურ ნაკლოვანებას ადამიანის შესაძლებლობების მხრივ და ფარდობით ხელმოკლეობას დოვლათზე, შემოსავლებსა და სარჩო-საბადებელზე წვდომის მხრივ.[12] მხოლოდ ამ ორი მხარის ერთობლივი გააზრებით შეგვიძლია სიღარიბე მთელი თავისი სიღრმითა და სიმწვავით აღვიქვათ.
შიმშილის მიზეზები არა მოსახლეობის ჭარბ ზრდასა თუ საკვების საერთო ნაკლებობაში, არამედ პიროვნულ შესაძლებლობათა ჩახშობაში უნდა ვეძიოთ. საკვებზე არასაკმარისი ხელმისაწვდომობა არ შეიძლება აიხსნას მხოლოდ მოსახლეობის ჭარბი ზრდითა თუ რესურსების ბუნებრივი სიმცირით.[13] ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ საკვები შეიძლება საკმარისი რაოდენობით არსებობდეს მაშინაც კი, როდესაც მილიონობით ადამიანი შიმშილობს.[14] მაშასადამე, პრობლემის სათავე არა რესურსების ნაკლებობა, არამედ მათზე წვდომის არათანაბარი შესაძლებლობაა. სწორედ აქ შემოდის სენის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა – „უფლებრივი წვდომა“, რომელიც გულისხმობს იმ სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გზათა ერთობლიობას, რომელთა მეშვეობითაც მოიპოვებს ადამიანი საკვებს.
ეს კუთვნილი უფლება დამოკიდებულია: საწარმოო საშუალებებზე, როგორიცაა მიწა, აღჭურვილობა და ცოდნა; სამუშაო ძალასა და მის სამართლიან გასამრჯელოზე; საზოგადოებრივ კავშირებზე, რაც ურთიერთთანადგომის საშუალებაა და სახელმწიფოს სოციალური დაცვის პროგრამებზე. თუ ეს გზები ირღვევა, – მაგალითად, ადამიანი კარგავს შემოსავლის ყველანაირ წყაროს, – მას აღარ შეუძლია შეიძინოს საკვები, თუნდაც იგი ბაზარზე საკმარისი რაოდენობით არსებობდეს.[15] ამგვარად, ყურადღება საკვების საერთო რაოდენობიდან იმ საშუალებებზე გადადის, რომელთა მეშვეობითაც ადამიანები სარჩოზე უფლებრივ წვდომას მოიპოვებენ.
უხილავი შიმშილი საქართველოში: სასურსათო დაუცველობა და არსებითი თავისუფლებების შეზღუდვა
ამარტია სენის ხედვის ხელახალი გადააზრება არსებითად ცვლის საქართველოში შიმშილის პრობლემის აღქმას. მთავარი კითხვა ის კი არ არის, გვაქვს თუ არა ქვეყანაში სურსათი – რადგან საკვების წარმოება და მიწოდების ჯაჭვები გამართულია – არამედ ის, ოჯახებს კანონიერად მიუწვდებათ თუ არა ხელი ამ რესურსებზე.
მთავარი გამოწვევა სწორედ ქვეყნის საერთო მარაგსა და პიროვნულ ხელმისაწვდომობას შორის არსებული უფსკრულია. „კავკასიის ბარომეტრის“ 2024 წლის მონაცემები ადასტურებს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი სასურსათო დაუცველობის წინაშეა. გამოკითხულთა 53%-მა განაცხადა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ან ვერ შეძლო საკვების ყიდვა, ან სარჩოს მოსაპოვებლად ფულის სესხება მოუხდა. კერძოდ, იმ ადამიანთა წილი, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონდა საკმარისი თანხა საკვებისთვის (45%), საგრძნობლად აღემატება მათ რიცხვს, ვინც ამავე მიზეზით ვალი აიღო (36%).[16]
აქ გადამწყვეტი ხდება საზღვრის გავლება შიმშილსა და სასურსათო დაუცველობას შორის. შიმშილი, ვიწრო გაგებით, გულისხმობს საკვების მწვავე ნაკლებობას, როდესაც ადამიანი ვერ იღებს სიცოცხლისთვის აუცილებელ კალორიებს. ამის საპირისპიროდ, სასურსათო დაუცველობა გაცილებით ვრცელი ცნებაა და მოიცავს არა მხოლოდ სარჩოს ოდენობრივ სიმცირეს, არამედ მისი მოპოვების გზებთან დაკავშირებულ გაურკვევლობასაც. ეს მდგომარეობა ვლინდება ხვალინდელი დღის შიშში, უხარისხო საკვებზე იძულებით დამოკიდებულებასა და ყოველდღიური ყოფის მოწყვლადობაში.[17] სწორედ ამ სხვაობით აიხსნება ის, რომ საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის შედარებით დაბალი მაჩვენებელი (9.4%) თანაარსებობს სასურსათო დაუცველობის გაცილებით მაღალ დონესთან (53%).
ეს მონაცემები ააშკარავებს მძიმე სინამდვილეს, რომ სახელმწიფო აღრიცხვის წესი მხოლოდ უკიდურეს ნიშნულებსა და მშრალ ხარჯებს ხედავს, რის მიღმაც ნამდვილი ადამიანური გამოცდილება იკარგება. ოფიციალური სტატისტიკა სიღარიბეს მხოლოდ მაშინ აღიარებს, როდესაც ოჯახის ხარჯი გარკვეულ ზღვარს ქვემოთ ეცემა, თუმცა იგი ვერ აფასებს იმ მუდმივ შფოთვასა და დაუცველობას, რასაც მოსახლეობის ეს 53% განიცდის. სახელმწიფო მოდელი ვერ აღრიცხავს „სესხით გატანილ“ ყოფას, როგორც სიღატაკეს, რადგან ფორმალურად ოჯახმა საკვები მაინც შეიძინა. თუ აბსოლუტური შიმშილი სიღატაკის ის უკიდურესი წერტილია, რომელსაც ყველა ერთხმად აღიარებს, სასურსათო დაუცველობა ამ მდგომარეობის ფარული გაგრძელებაა. იგი ადამიანს არა მხოლოდ ფიზიკურ ენერგიას, არამედ ღირსეული ყოფის შესაძლებლობასაც უსპობს.
საქართველოში ფულის სესხების ტრადიცია კი სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოებრივი კავშირების (ნათესავების, მეზობლებისა თუ მაღაზიის მეპატრონეების თანადგომის) საგანგებო ამოქმედება. ეს ხდება მაშინ, როდესაც საჭიროა ბაზრის (დაბალი ხელფასები) ან სახელმწიფოს (მცირე შემწეობა) მიერ დატოვებული ნაპრალების ამოვსება. ეს მიდგომა უკიდურესი გაჭირვებისგან თავდაცვის ერთგვარი გზაა, თუმცა მას თან ახლავს მძიმე ვალდებულებები და დამოკიდებულება, რაც ადამიანს სამომავლო შესაძლებლობებს უსპობს. წმინდა ეკონომიკური კუთხით, სესხის აღება დროებით ზრდის სარჩოზე წვდომას – ეს არის საზოგადოებრივი ნდობის გარდაქმნა გადარჩენის შესაძლებლობად. ოჯახი, სამეზობლო წრე და მცირე მაღაზიებში არსებული ე.წ. „ნისიის“ რვეულები მოქმედებენ, როგორც არაოფიციალური დაზღვევა, რაც ინარჩუნებს ცხოვრების უწყვეტობას იქ, სადაც სახელმწიფო თუ ბაზარი ადამიანს მარტო ტოვებს.
თუმცა, ამგვარ მორალურ ეკონომიკას თავისი ფასი აქვს. ვალს შემოაქვს მორჩილება, ზღუდავს მომავალ არჩევანს და ძირს უთხრის ღირსებას, მაგალითად, საკუთარი ნების გამოვლენისა და „არას“ თქმის უნარს. სიღარიბე ხომ მხოლოდ მცირე შემოსავალი არ არის; იგი, უპირველეს ყოვლისა, არსებითი თავისუფლების ნაკლებობაა, რაც ადამიანს უსპობს შესაძლებლობას, ღირსეული ცხოვრებით იცხოვროს.[18] ამ იდეის განვითარებისას სენი ეყრდნობა ჯონ როულზის სამართლიანობის მოძღვრებას „პირველადი სიკეთეების“ შესახებ, რაც მოიცავს არა მხოლოდ მატერიალურ სახსრებს, არამედ უფლებებს, თავისუფლებებსა და თვითღირსების საზოგადოებრივ საფუძვლებს.[19] სენისეული ხედვა თავისუფლებაზე, როგორც პიროვნული მოქმედების მთავარ ძალაზე, ნათლად აჩვენებს ამ მტკივნეულ წინააღმდეგობას: როდესაც ადამიანი საკვების მოსაპოვებლად ვალს იღებს, შიმშილი დროებით დაძლეულია, თუმცა მისი თავისუფლება – შეზღუდული. ამდენად, დღევანდელი კვება მოპოვებულია ხვალინდელი დამოუკიდებლობის დათმობის ხარჯზე, რაც შიმშილს ფიზიკური მოთხოვნილებიდან პიროვნული თავისუფლების ხელყოფის საკითხად აქცევს.
ფულადი საზომების მიღმა: რესურსების კეთილდღეობად გარდაქმნის შეზღუდვები საქართველოში
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საშუალო შემოსავლები მნიშვნელოვნად იზრდება, არსებული ინფლაციის ფონზე, მაინც ბუნდოვანია, თუ რამდენად გარდაისახება აღნიშნული ზრდა მოსახლეობის ნამდვილ კეთილდღეობად. მატერიალური დოვლათი არ უნდა განვიხილოთ, როგორც საბოლოო მიზანი. იგი მხოლოდ საშუალებაა იმ ღირებულებათა მისაღწევად, რომლებიც ადამიანისთვის არსებითია – იქნება ეს სრულფასოვანი კვება, ჯანმრთელობა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა თუ თვითღირსების შენარჩუნება.[20]
ინფლაცია რომ დავივიწყოთ, ამ ხედვის ერთ-ერთი მთავარი აზრი ისაა, რომ შემოსავლისა და სარჩოს ერთსა და იმავე რაოდენობას სხვადასხვა ადამიანისთვის განსხვავებული ფასი და შედეგი აქვს. ეს დამოკიდებულია მათ ფიზიკურ მდგომარეობაზე, სქესზე, ოჯახურ ვითარებასა და გარემო პირობებზე. ერთი და იგივე ფულადი სახსრები შეიძლება ერთ ოჯახს აძლევდეს შესაძლებლობას, მიიღოს სრულფასოვანი კვება, მაშინ როდესაც მეორისთვის იგი მხოლოდ არსებობის შესანარჩუნებლად იყოს საკმარისი. შესაძლებლობების შეზღუდვა სწორედ იმას ასახავს, რასაც მოხმარების სტატისტიკური მაჩვენებლები ვერ აჩვენებს სხვადასხვა პირობებში მყოფი პირების განსხვავებულ შესაძლებლობას, აქციონ რესურსები კეთილდღეობად.
საქართველოში შიმშილის სოციოლოგიური შეფასებისთვის გვიწევს მთლიანად სიღარიბის მაჩვენებლის ანათვალს დავეყრდნოთ, თუმცა კვლევის ეს მეთოდოლოგია შინაგანად ნაკლოვანია. საქსტატის აბსოლუტური სიღარიბის მეთოდოლოგია შინამეურნეობის ფულად და არაფულად სამომხმარებლო ხარჯებს აჯამებს და ერთ ეკვივალენტურ მოზრდილზე გაანგარიშებულ მაჩვენებელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ადარებს. ეს მეთოდოლოგია მიღებული საკვების ხარისხსა და შინამეურნეობის შიგნით განაწილებას უშუალოდ არ ზომავს. ამგვარი მიდგომა ძირეულად არასწორია, ვინაიდან ფული შეიძლება საკვებად ვერ იქცეს ბევრი მიზეზის გამო, რომლებიც შესაძლებლობებსა და წვდომასთანაა დაკავშირებული. მაგალითად, ეს მიზეზებია: ბაზრის ფიზიკური მიუწვდომლობა (განსაკუთრებით სოფლად), სათანადო ცოდნის ნაკლებობა (მაგალითად, ფასებზე), ხარჯვის სხვა გადაუდებელი საჭიროებები (ჯანდაცვა, განათლება, კომუნალური გადასახადები) და საზოგადოებრივი ვალდებულებები (ჭირსა თუ ლხინში მონაწილეობა). ამ მიზეზთა ერთობლიობა უფლებრივი წვდომის ჯაჭვში ქმნის ნაპრალს, რომელსაც სტატისტიკური მოდელი ვერ ხედავს.
საქართველოში ყველაზე ხელმოკლე მდგომარეობაში დედაქალაქის გარეთ მცხოვრებნი, ეთნიკური უმცირესობები და მრავალშვილიანი ოჯახები არიან. მაგალითად, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები 17 პროცენტული პუნქტით უფრო ხშირად მიუთითებენ საკვების მოპოვების სირთულეზე, ვიდრე ეთნიკური ქართველები. ანალოგიურად, თბილისთან შედარებით, სოფლად და სხვა ქალაქებში მცხოვრებთა შორის სასურსათო დაუცველობა 19 და 16 პროცენტული პუნქტით მაღალია. ხოლო მათთან შედარებით, ვისაც შვილები არ ჰყავს, ბავშვიანი ოჯახები 13 პროცენტული პუნქტით უფრო ხშირად არიან საკვების უქონლობის პრობლემის წინაშე.[21] ეს ჯგუფები, შესაძლოა, შემოსავლის მხრივ მკვეთრად არ განსხვავდებოდნენ სხვებისგან, თუმცა არსებული დაბრკოლებები აფერხებს მოპოვებული სახსრების სრულფასოვან კვებად გარდაქმნის შესაძლებლობას.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ეს ჯგუფები ნაკლებად იღებენ სახელმწიფოსგან სოციალურ შემწეობას. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდის კვლევაში ერთმანეთს შეადარეს ორი ჯგუფის სოციალურ-დემოგრაფიული მდგომარეობა – ადამიანები, რომლებმაც, სიღარიბის მიუხედავად, სახელმწიფოსგან სოციალური შემწეობა არ მოითხოვეს, და ისინი, ვინც დახმარება მიიღო. აღმოჩნდა, რომ პირველ ჯგუფში უფრო ხშირად ხვდებოდნენ სოფლად, განსაკუთრებით, კახეთში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ადამიანები. ასევე ამ ჯგუფში შედარებით ხშირად იყვნენ იძულებით გადაადგილებული პირები, ოჯახები პენსიონერი წევრით და ეთნიკური უმცირესობები, კერძოდ, სომხები და აზერბაიჯანელები. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მონაცემების მიუხედავად, კვლევაში მონაწილე სოციალური მუშაკები სულაც არ თვლიდნენ, რომ იძულებით გადაადგილებული პირები და ეთნიკური უმცირესობები ნაკლებად იყვნენ დაცული სახელმწიფოებრივი პროგრამებით. [22]
სივრცითი უთანასწორობა და საკვებზე წვდომის განსხვავებული შესაძლებლობები
შესაძლოა, სტატისტიკა ასახავდეს დროითსა და კუთხურ ცვლილებებს, თუმცა იგი ვერ ხედავს, რომ არსებული უთანასწორობა ვლინდება არა შემოსავალში, არამედ იმაში, თუ რამდენად ძალუძს ადამიანს ამ შემოსავლით სრულფასოვანი ყოფის უზრუნველყოფა. საკითხი მხოლოდ დოვლათის განაწილებას კი არ ეხება, არამედ იმას, თუ რა ნამდვილი შესაძლებლობები აქვთ ადამიანებს მოცემულ გარემოში საკვების მოპოვებისა და გამოყენებისთვის. მაგალითად, მონაცემები ადასტურებს ქალაქსა და სოფელს შორის არსებულ უთანასწორობას. 2024 წელს სოფლის ტიპის დასახლებებში აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი 11.9%-ია, რაც გაცილებით მაღალია ქალაქების მაჩვენებელზე- 7.8%.[23] რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?!
სოფლად მოსახლეობის დიდი ნაწილი წვრილი მეურნეობით ირჩენს თავს. ამ ოჯახების უფლებრივი წვდომა ძირითადად წარმოებითი ხასიათისაა, ანუ ისინი საკვების ნაწილს საკუთარ მიწაზე მოიპოვებენ,[24] რაც არსებითად განსხვავდება ფულზე დამყარებული, სავაჭრო გზით მოპოვებული შესაძლებლობებისაგან. აქ საკვები დიდად არის დამოკიდებული ბუნებრივ გარემო პირობებზე: მოსავლიანობაზე, ამინდზე, პირუტყვის ჯანმრთელობასა და წყლის მიწოდებაზე. მიუხედავად იმისა, რომ სიღარიბის მაჩვენებელი საკუთარ წარმოებაზე დაფუძნებულ არაფულად მოხმარებასაც ითვალისწინებს, იგი სრულად ვერ ასახავს ამ ოჯახების სეზონურ პრობლემებს. შესაძლოა, ერთ წელს გლეხის ოჯახს სურსათით გაუჭირდეს, მაგალითად, გვალვის გამო, მომდევნო წელს კი შედარებით უკეთ იკვებოს. ასეთი არამდგრადობა წლიურ სტატისტიკაში ხშირად არ ჩანს, თუმცა სინამდვილეში სწორედ ეს ცვალებადობა განსაზღვრავს მათი ცხოვრების პირობებსა და საკვებზე წვდომის სირთულეს.
2024 წელს ფულადი შემოსავლებისა და გზავნილების წილმა მთლიან ფულად და არაფულად სახსრებში ქვეყნის მასშტაბით 90.4% შეადგინა; ქალაქში ეს მაჩვენებელი 94.9%, ხოლო სოფლად 81.7% იყო. ეს მოწმობს,[25] რომ მოსახლეობა თითქმის სრულად გახდა ბაზარზე დამოკიდებული. ეს კი სოფლად მცხოვრებთათვის საკუთარი მეურნეობის შესუსტებასა და ბაზრის არამდგრადობის წინაშე მათ მეტ დაუცველობას ნიშნავს. ჯერ ერთი, ქალაქში შემოსავლები ბევრად უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე სოფლად. ნაკლები სახსრები კი აქ კიდევ უფრო ნაკლებ შესაძლებლობას ნიშნავს ბაზრებისა და მომსახურების სიშორის გამო, რაც სავაჭრო გზით მოპოვებული საკვების ფასებს შესამჩნევად ზრდის. ამდენად, გეოგრაფიული გარემო ხდება ერთგვარი გამყოფი ხაზი, რომელიც განსაზღვრავს, თუ რამდენად სწორად გარდაისახება ფულადი სახსრები ადამიანის კეთილდღეობად. საქართველოში კვებითი დაუცველობა არა მხოლოდ ფულის ნაკლებობაა, არამედ იმ გარემო პირობების უთანასწორობა, რომლებიც ადამიანის საბაზისო თავისუფლებებს ზღუდავს.
უნდა ვახსენოთ ის ჯგუფებიც, რომელთა უნარ-შესაძლებლობები მხოლოდ ფულადი მონაცემებით ვერ იკითხება. ამის ნათელი მაგალითია პენსიონერი, რომლის შემოსავალიც სრულფასოვანი კვებისთვის არასაკმარისია. 2024 წელს საქართველოში პენსიის მიმღებთა რიცხოვნობამ 864.3 ათასი შეადგინა,[26] რაც მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 23 პროცენტია. ასევე, ასაკობრივი პენსია ბოლო წლებში გაიზარდა და უმეტესად ოფიციალურ სიღატაკის ზღვარს აჭარბებს, რაც სახარბიელო სტატისტიკური სურათის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია: ასაკობრივ ჯგუფებში 65 წლის და უფროს მოსახლეობაში სიღარიბის დონე ყველაზე დაბალია და 2024 წლის მონაცემებით, 6.7%-ს გაუტოლდა. ეს დაახლოებით 2-ჯერ ნაკლებია, ვიდრე 18 წლამდე ასაკის პირებში, სადაც აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი 12.1%-ს შეადგენს.[27] შედეგად, პენსიონერთა დიდი ნაწილი აბსოლუტური სიღარიბის მოსახლეობაში არ ხვდება, მაგრამ იმ თანხას, რომლითაც მათ თვიდან თვემდე თავი გააქვთ, მაინც არ შეუძლია ხანდაზმული ადამიანისთვის ცილებითა და საჭირო ნივთიერებებით მდიდარი კვება, ჯანდაცვა თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა უზრუნველყოს. მათი ფული სიღარიბის ზღვარს ზემოთ ასასვლელად საკმარისია, თუმცა ღირსეული ყოფისთვის – ძალიან მცირე.
ამგვარად, სენი მოგვიწოდებს, რომ შიმშილი აღვიქვათ არა როგორც ქვეყანაში სურსათის საერთო სიმცირე, არამედ როგორც ცალკეული ადამიანების უფლებრივი წვდომისა და შესაძლებლობების შეზღუდვა. საქართველოს მაგალითზე ეს ხედვა ააშკარავებს, რომ „სიღარიბის შემცირების“ ოფიციალური სტატისტიკა ხშირად ფარავს უფლებრივი წვდომის საძირკველში არსებულ მძიმე ხარვეზებს. ეს აზრობრივი ნაპრალები შობენ შიმშილის სინამდვილეს, რომელიც მხოლოდ ფულადი მაჩვენებლებით ვერ იზომება. საბოლოოდ, შიმშილი არა იმდენად დოვლათის ფიზიკური ნაკლებობა, არამედ პიროვნული თავისუფლებისა და სოციალური წვდომის გზების რღვევაა.
ფუკო და ბიოპოლიტიკა
თუკი ამარტია სენი შიმშილს რესურსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემად მიიჩნევს, მიშელ ფუკო ერთი ნაბიჯით წინ მიდის და საკითხს სხვა კუთხიდან აანალიზებს. მისი მთავარი კითხვა ტრიალებს იმის გარშემო, თუ როგორ არის შიმშილი – ან უფრო ზოგადად, “სიღარიბე,” “მოწყვლადობა,” “სოციალური საჭიროება” – სახელმწიფოს მიერ შემუშავებული და მართული. ფუკოს ბიოპოლიტიკის ცნება, რომელიც განვითარებულია 1978-1979 წლების ლექციებსა („ბიოპოლიტიკის დაბადება“) და „სექსუალობის ისტორიის“ პირველ ტომში, სტატისტიკას, აღწერასა და ბიუროკრატიას „მოსახლეობის მართვის“ ფორმებად განიხილავს. იგი ცდილობს გამოავლინოს ის სარბიელი, რომელშიც ჩვენი „დღევანდელი შესაძლო გამოცდილება“ იბადება, როგორც რაღაც ისეთი, რაშიც უეჭველად უნდა ჩავერთოთ ან მასთან გარკვეული კავშირი დავამყაროთ.[28] „ბიოპოლიტიკის დაბადება“ ეხება ჩვენს ერთ-ერთ უდიდეს საერთო სივრცეს, რაც არის იმ საზოგადოებრივი წესრიგის განცდა, რომელსაც დღეს თავისთავად ბუნებრივად მივიჩნევთ.
ამ მიდგომის გასააზრებლად აუცილებელია მცირე ისტორიულ-ფილოსოფიური მიმოხილვა, კერძოდ, მმართველობის ფორმათა ისტორიული ცვლილების ანალიზი. ფუკოს მიხედვით, შუა საუკუნეებიდან თანამედროვეობამდე ხელისუფლების სამი ძირითადი მოდელი მონაცვლეობს. პირველია სუვერენული ხელისუფლება, რომელიც სიკვდილით დასჯისა და ფიზიკური იძულების უფლებამოსილებაში ვლინდება. მეორეა დისციპლინური ხელისუფლება, რომელიც მოქმედებს სკოლებში, ციხეებში, საწარმოებსა თუ ჯარში; იგი მართავს ინდივიდის სხეულს და აიძულებს მას, დაემორჩილოს დადგენილ წესებს. მესამე კი – ფუკოსთვის ყველაზე საინტერესო ფორმა – ბიოპოლიტიკაა. ეს არის მმართველობა, რომელსაც აინტერესებს არა ცალკეული პიროვნება, არამედ მოსახლეობა, როგორც ერთიანი ბიოლოგიური სხეული.
უკეთესად რომ განვმარტოთ, ძალაუფლების ორი სახე არსებობს: ანატომოპოლიტიკა და ბიოპოლიტიკა.[29] ანატომოპოლიტიკა თუ მუშაობს ადამიანთა ჯგუფების ცალკეულ ერთეულებად დაყოფით (ატომიზაციით), ბიოპოლიტიკა ამავე ინდივიდებს აერთიანებს, როგორც ერთიან მოსახლეობას, რათა მართოს ისინი მოცემულ გარემოში მცხოვრები ცოცხალი რესურსის სახით.[30] ამგვარ პირობებში მოსახლეობა ძალაუფლების მთავარ სამიზნედ იქცევა, მმართველობის არსი კი შემდეგი წესით განისაზღვრება: “აცოცხლე და მიეცი სიკვდილის ნება“.[31] ეს გარდაქმნა სუვერენის მიერ სიკვდილით დასჯის უფლებიდან ბიოხელისუფლების “მოვალეობამდე” აყალიბებს მმართველობისა და სტატისტიკის თანამედროვე კავშირს.
ბიოპოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი თავისებურება სწორედ ისაა, რომ იგი სტატისტიკას, აღრიცხვასა და სიცოცხლის რაოდენობრივ საზომებში აღქმას ეფუძნება. თანამედროვე სახელმწიფოსთვის ძალაუფლება აღარ გამოიხატება მხოლოდ ცალკეული ადამიანების პირდაპირი მართვით. სხვადასხვა საზოგადოებრივი მოვლენა, როგორიცაა,- კვება, შობადობა, სიკვდილიანობა, საცხოვრებელი პირობები და სხვა,- გარდაიქმნება გაზომვად ცვლადებად.[32] მაგალითად, „სიღარიბის ზღვარი“ არ არის მიუკერძოებელი, ცდით დადასტურებული მაჩვენებელი. იგი ბიოპოლიტიკური იარაღია, რომლითაც სახელმწიფო მოსახლეობას მკაცრად ყოფს იმგვარ ჯგუფებად, რომლებიც განსხვავებულ მიდგომას საჭიროებენ, მაგალითად, „ღარიბი“ და „არა-ღარიბი“.
ღარიბი ფენა იღებს სოციალურ შემწეობას, დამხმარე ჯანდაცვის პროგრამებსა თუ კომუნალური ხარჯების შეღავათებს; არა-ღარიბი ფენა კი, თავის მხრივ, საგადასახადო მმართველობის სხვაგვარი საშუალებების (გადასახადებისა თუ ფინანსური წახალისების) სამიზნე ხდება. ეს დაყოფა გარეგნულად შესაძლოა მიუკერძოებელი ჩანდეს, თუმცა შინაარსობრივად იგი ხელისუფლების პოლიტიკური მოქმედების გამოვლინებაა, რომელიც ქმნის სოციალურ სინამდვილეს, მაშინაც კი, როდესაც, ერთი შეხედვით, მხოლოდ მის აღწერას ცდილობს.
ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ ბიოპოლიტიკაში სტატისტიკა ხდება სახელმწიფოს „ენა“, რადგან სწორედ მისი მეშვეობით აღწერენ და გამოხატავენ მოსახლეობის მდგომარეობას ცვლადებში. აღწერა იქცევა მის „თვალად“, რადგან სახელმწიფოს მიერ სინამდვილის ჩვენება ხდება ციფრებისა და მონაცემების საშუალებით. ხოლო დახარისხება, მაგალითად, მოსახლეობის დაყოფა განზოგადებულ ჯგუფებად, ასრულებს „ხელის“ ფუნქციას, რადგან სწორედ ამ გზით ხდება პრაქტიკული ჩარევა და შესაბამისი მართვა.
“სოციალურად დაუცველთა ქულები”, როგორც ბიოპოლიტიკური ხელსაწყო
მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა საქართველოში 2006 წელს ამოქმედდა და დღემდე ის მთავრობის მთავარი საშუალებაა ღარიბი ოჯახების დასახმარებლად. პროგრამა იყენებს საშუალო შემოსავლის შემოწმებას ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის შესაფასებლად და ფლობს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზას. ამ ბაზაში ყოველ შინამეურნეობას ენიჭება სარეიტინგო ქულა, რომელიც მრავალმხრივი ფორმულის საფუძველზე იანგარიშება. ამ ფორმულაში გათვალისწინებულია ისეთი ცვალებადი სიდიდეები, როგორიცაა ოჯახის შემოსავალი, ქონებრივი მდგომარეობა, ოჯახის შემადგენლობა, საცხოვრებელი ადგილი და სოციალური ჯგუფი. ფორმულის შედეგად ითვლება ოჯახის კეთილდღეობის ქულა, რომელიც განსაზღვრავს, აქვს თუ არა შინამეურნეობას მიზნობრივი სოციალური შემწეობის მიღების უფლება. [33]
ერთი შეხედვით, დახმარების ეს სახე სახელმწიფოს საშუალებას აძლევს, რესურსები სწორად გაანაწილოს და ყურადღება იმ ჯგუფებზე გაამახვილოს, რომლებსაც გათვალისწინებული ფულადი და არაფულადი შეღავათები ყველაზე მეტად სჭირდებათ. თუმცა ეს დაყოფა თავისთავადი კი არ არის, არამედ სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესითა და სხვადასხვა მონაცემით გამოყვანილი ხელოვნური მოცემულობაა. ფორმულა, რომლის მიხედვითაც ოჯახს ქულა ენიჭება, ასახავს არა უშუალოდ შიმშილს, მცირეშემოსავლიანობასა თუ ფიზიკურ ხელმოკლეობას, არამედ იმ მონაცემთა ერთობლიობას, რომელსაც სახელმწიფო „ენდობა“, კერძოდ, ფასეული ქონების ფლობას, ხილვად შემოსავლებსა და ოჯახის რაოდენობრივ შემადგენლობას. შესაბამისად, შინამეურნეობა, რომელსაც, მაგალითად, არ გააჩნია ნამდვილი შემოსავალი, თუმცა სოფლად მცირე ნაკვეთს ფლობს, დადგენილი წესის მიხედვით შესაძლოა „არაღარიბთა“ ჯგუფში აღმოჩნდეს, მიუხედავად იმისა, რომ მისი კვებითი მდგომარეობა სინამდვილეში საკმაოდ მძიმე იყოს. და პირიქით, ოჯახმა, რომელიც „მოთხოვნილი სიდუხჭირის“ პირობებს აკმაყოფილებს, მაგალითად, ცხოვრობს ქალაქში, არ აქვს აღრიცხული ანაზღაურება და მისი ოჯახური მდგომარეობა ცვლადების სასარგებლოდ მეტყველებს, შესაძლოა მიიღოს შემწეობა, მაშინაც კი, თუ სინამდვილეში სახელმწიფოსგან მალული შემოსავლებით სარგებლობს. ეს შეუსაბამობა ხარვეზი კი არა, ბიოპოლიტიკის შინაგანი კანონზომიერებაა. ფორმულა მხოლოდ იმას ასახავს, რაც გაზომვადია. სახელმწიფო სიღარიბეს კი არ სპობს, არამედ მას სასარგებლო მოცემულობად აქცევს.
ამრიგად, ამ მექანიზმის პირდაპირი შედეგი ისაა, რომ სოციალური დახმარება, რომელიც, წესით, ყველაზე მეტად შეჭირვებული ჯგუფებისკენ უნდა იყოს მიმართული, სინამდვილეში მათკენ მიედინება, ვინც სისტემის „შინაგანი ენის“ გამოყენება იცის. დადგენილი წესი, როგორც ნებისმიერი ბიუროკრატიული ჩარჩო, თავისებური პირობითი ნიშნებით მოქმედებს, სადაც თითოეული მონაცემის ასახვა პირდაპირ განსაზღვრავს ადამიანის მდგომარეობას. ის ოჯახები, რომლებმაც ამ ენაზე „საუბარი“ ცხოვრებისეულად გაისიგრძეგანეს, იციან საბუთების მოწესრიგება, აქვთ უწყებრივ ლაბირინთებში გზის გაგნებისა და საკუთარი თავის სათანადოდ წარმოჩენის უნარი, სისტემით წარმატებით სარგებლობენ, ხოლო ის ჯგუფები, რომლებისთვისაც ეს ენა უცხოა, მიუხედავად მათი მძიმე ყოფისა, დახმარების მიღმა რჩებიან.
დახმარების მიღმა დარჩენილი „უკიდურესად ღარიბი“ ჯგუფი ერთგვარი გამაფრთხილებელი ნიშანიცაა სხვებისთვის. ეს ქმნის მუდმივ მზაობას, რომ მოქალაქეები დაემორჩილონ სახელმწიფო მოთხოვნებს და გახდნენ წინასწარმეტყველებადი ერთეულები, რათა არ გაირიყონ. ამ მიზეზით, თვისებრივი კვლევები, რომლებიც საქართველოში სოციალური შემწეობის მიმღებთა გამოცდილებას სწავლობს, ერთგვარ „სისტემურ შფოთვას“ ააშკარავებს. თუ ადამიანი მიზნობრივ სოციალურ დახმარებაზეა დამოკიდებული, მას საკუთარი სიღარიბის მუდმივი „მტკიცება“ უწევს, რის გამოც სიღარიბე არა მხოლოდ გამოცდილებად, არამედ ერთგვარ როლადაც იქცევა.[34] ადამიანი მუდმივად იმის შიშით ცხოვრობს, რომ რომელიმე მაჩვენებლის ცვლილება, მაგალითად, ოჯახში ავტომანქანის ან პირუტყვის შეძენა, მის მდგომარეობას შეცვლის და დახმარება შეუწყდება. ამას მძიმე შედეგები მოსდევს,- ოჯახები სიტყვასიტყვით განასახიერებენ სიღარიბეს, მაგალითად, შეგნებულად არ აკეთებენ ჩამსხვრეულ ფანჯრებს, შემოწმებისას მალავენ ნივთებს და არ ამჟღავნებენ უცხოეთში მყოფი ნათესავებისგან მიღებულ დახმარებას.
ეს საზოგადოებრივი როლი უკვე იმდენად ერწყმის ადამიანთა ყოველდღიურ საქმიანობასა თუ პირად ცხოვრებას, რომ იგი მათივე თვითმმართველობის განუყოფელ ნაწილად იქცევა. ამ გამოცდილების შესასწავლად უნდა დაისვას კითხვა: „მაშ, რა არის ეს მყიფე წამი, რომლისგანაც საკუთარ მეობას ვერ ვაცალკევებთ და რომელიც მას [მეობას] თან წაიყოლებს?“[35] – დაუყოვნებლივი პასუხი შეიძლება იყოს ის, რომ ეს არის „ბიოპოლიტიკური წამი“, რომლის მიხედვითაც ბიოპოლიტიკა დაკავშირებულია ადამიანის საარსებო მოთხოვნილებების პოლიტიკურ მოწესრიგებასთან იმდენად, რამდენადაც ეს ადამიანები გარკვეული ქალაქების, ერებისა თუ ჯგუფების წევრები არიან. [36]
რა მიზეზებით რჩება ღარიბი მოსახლეობის ნაწილი სოციალური შემწეობის მიღმა?
საქართველოში ყველა ოჯახს შეუძლია საარსებო შემწეობის მოთხოვნა. 2024 წელს მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში 390.8 ათასი ოჯახი დარეგისტრირდა, რომელთაგან საარსებო შემწეობა 128.6 ათასმა ოჯახმა მიიღო.[37] ისტორიულად დაბალ ნიშნულზე მყოფ სიღარიბის მაჩვენებლებზე მნიშვნელოვნად სწორედ ამ სახელმწიფო დახმარებების ზრდამაც იმოქმედა, რადგან, თუ ადამიანს გააჩნია არსებობისთვის აუცილებელი მცირედი სახსრები, ის აბსოლუტური სიღარიბის სტატისტიკაში აღარ ხვდება. აქ ჩნდება კითხვა, რატომ არ ითხოვენ აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი, მშიერი ოჯახები მიზნობრივ სოციალურ დახმარებას, ან, თუ ითხოვენ, რატომ ვერ იღებენ მას?
ოჯახების მიერ განცხადების შეტანისგან თავის შეკავების მთავარი მიზეზი არის უიმედო განწყობა, რომ მათი მოთხოვნა მაინც არ დაკმაყოფილდება, ან მანამდე უარის მიღების გამოცდილება. გარდა ამისა, გაეროს კვლევების თანახმად, 12%-მა აღნიშნა, რომ განაცხადის შეტანისას სირთულეები ჰქონდათ ისეთი საკითხების გამო, როგორიცაა მოუწესრიგებელი საბუთები, განცხადების შესახებ ცოდნის ნაკლებობა ან ენობრივი ბარიერები. სხვა 12%-მა სხვადასხვა მიზეზი დაასახელა ან გაუჭირდა პასუხის გაცემა,[38] თუმცა არცერთ პასუხში არ ასახულა იმ სიმართლის თუნდაც მცირე მარცვალი.
პასუხი შემდეგია: სახელმწიფოს მიზანი არა ყოველი პიროვნების ერთნაირი კეთილდღეობა, არამედ მოსახლეობის „ხარისხობრივი“ მართვაა. სახელმწიფო, ბიუროკრატიული დახარისხების გზით, თავად ქმნის ზღვარს „ღირსეულ“ და „უღირს“ სიღარიბეს შორის. დახმარების მიღმა დარჩენილი მოსახლეობა ბიოპოლიტიკისთვის წარმოადგენს იმ „გამორიცხულ“ ნაწილს, რომელიც ცვლადებში ვერ თავსდება. ამგვარად, სიღარიბის აღმოფხვრა კი არ ხდება, არამედ მისი მუდმივი მართვა და მოწესრიგება. ოჯახის ცხოვრებისეული სირთულეები, სოციალური თუ კულტურული თავისებურებები, სახელმწიფო მოხელეთა მიერ მონაცემთა დამუშავებისას ერთ მშრალ რიცხვამდე დადის. შემდგომში სწორედ ეს მაჩვენებელი და მისი მიმართება დადგენილ ზღვართან განაპირობებს ოჯახის მდგომარეობას, მიენიჭება მას „სოციალურად დაუცველის“ სტატუსი თუ არა.
სტატისტიკა, როგორც სინამდვილის შემოქმედი
ბიოპოლიტიკაში სტატისტიკა მხოლოდ არსებულ სინამდვილეს არ აღწერს, იგი მას თავად ქმნის. „სიღარიბის ზღვრის“ მაგალითი ნათლად აჩვენებს, რომ ვიდრე აბსოლუტური სიღარიბის მიჯნა და სტატისტიკური სურათი არ განისაზღვრება, „ღარიბი“, როგორც სოციალური ჯგუფი, ფაქტობრივად, არ არსებობს. მანამდე არსებობს მხოლოდ სოციალური მრავალფეროვნება, სადაც სხვადასხვა შინამეურნეობა განსხვავებულ პირობებში თანაარსებობს, რაოდენობრივი საზომის შემოღების შემდეგ კი ეს მრავალფეროვნება მკაფიო ჯგუფებად იყოფა: „ღარიბად“ და „არა-ღარიბად“, „უკიდურესად ღარიბად“ და „შედარებით ღარიბად“, „სოციალურად დაუცველად“ და „სოციალურად დაცულად“.
საქართველოში საარსებო მინიმუმის კალათა არ არის თავისთავადი მოცემულობა, არამედ პოლიტიკური არჩევანია. სახელმწიფო ადგენს იმ საჭიროებების დონეს, რომელიც ბიოლოგიური არსებობისთვის საკმარისად მიიჩნევა და ამით საზღვრავს, რა ითვლება აუცილებელ მოთხოვნილებად და რა – ზედმეტ ხარჯად. საარსებო კალათაც ძირითადად გადარჩენისთვის საკმარისი საკვების ოდენობით გამოიანგარიშება და გვერდს უვლის იმ დანახარჯებს, რომლებიც თანამედროვე საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი კვებისა და მონაწილეობისთვის აუცილებელია. თუმცა, ამ საზომის შეცვლა და მისი სოციალური დანაყოფებით გაფართოება არ ხდება, რადგან ეს არა მხოლოდ სტატისტიკურ მაჩვენებლებს შეცვლიდა, არამედ მმართველობისთვის „უხილავ“ ადამიანთა ახალ ჯგუფებსაც გამოკვეთდა, რომლებიც საკვების სიმცირის მიუხედავად, დახმარებას ვერ იღებენ და „ნაცრისფერ ზონაში“ აღმოჩნდებიან ხოლმე.
ეს მხოლოდ ენობრივი ცვლილება არ არის, ეს არის სოციალური სინამდვილის მოწესრიგება და შენება. მოსახლეობის დაყოფა განსაზღვრულ ჯგუფებად მათ მართვის ერთეულებად აქცევს. ეს ერთეულები შემდგომ პოლიტიკურ მსჯელობაში გადადის, ხოლო საბოლოოდ, საზოგადოებრივ ცნობიერებაშიც მკვიდრდება. საქართველოში აღრიცხული სიღარიბის „სტატისტიკურად დაბალი“ მაჩვენებელი არა ნამდვილი ვითარების ანარეკლი, არამედ ბიოპოლიტიკური იარაღის მოქმედების შედეგია. როდესაც სახელმწიფო აცხადებს, რომ აბსოლუტური სიღარიბე მოსახლეობის 9.4%-ს მოიცავს, ეს რიცხვი კი არ აღწერს ხალხის ნამდვილ ყოფას, არამედ აწარმოებს მას. სიღარიბის ზღვარი ისეა დადგენილი, რომ ოფიციალურად ღარიბად შინამეურნეობათა მხოლოდ მცირე ნაწილს აღიარებს. ცვლადები ისეა შერჩეული, რომ ისინი მხოლოდ ფორმალურ მდგომარეობას ასახავენ და არა სოციალურ სიღრმეს. პოლიტიკური მსჯელობა კი იმგვარადაა აგებული, რომ „სიღარიბის შემცირება“ მთავარ ეკონომიკურ მიღწევად წარმოჩინდება, რაც ფარავს იმ სიდუხჭირეს, რომელიც დადგენილ ზღვარს მიღმა და საზოგადოებრივ ცნობიერებაში „უხილავი“ დარჩა.
სტატისტიკის მიერ სინამდვილის ამგვარ „შემოქმედებას“ საერთაშორისო ინსტიტუტები კიდევ უფრო განამტკიცებენ, ვინაიდან პოლიტიკის შეფასებისა და რესურსების განაწილებისას ძირითადად სწორედ რაოდენობრივ საზომებს ეყრდნობიან. ქართული კვლევის მეთოდის ანათვალის უპირატესობაც მის საერთაშორისო საზომებთან შესაბამისობაშია. მსგავსად ზომავს სიღარიბეს მსოფლიო ბანკი და ევროკავშირის არაერთი წევრი ქვეყანა. ამ მიდგომით შესაძლებელია სახელმწიფოების შედარება და წლების განმავლობაში მიმდინარე ცვლილებებზე დაკვირვება. შესაბამისად, ამ მონაცემებს ხელისუფლებები წარმატების მტკიცებულებად და საერთაშორისო ბაზრებზე ნდობის მოპოვების ერთგვარ „საშვად“ იყენებენ. აღნიშნული ხელს უწყობს იმას, რასაც ჯეიმს სკოტი „სახელმწიფოებრივ გამარტივებას“ უწოდებს: ადამიანის რთული გამოცდილება შორეული მმართველებისთვის ადვილად აღქმად ციფრებამდე დადის. შიმშილის მართვა, საბოლოოდ, მონაცემთა ცხრილების მეშვეობით ხდება.[39] ამ ცხრილებში ქართული ოჯახები მხოლოდ აღრიცხვის ერთეულებად იქცევიან. მათი ტანჯვა მხოლოდ იმ ხარისხით აღიქმება, რა ხარისხითაც მისი ციფრებში ასახვაა შესაძლებელი.
ამავდროულად, სტატისტიკა ადამიანების თვითაღქმაზეც ზემოქმედებს. პიროვნება იმავე საქმიანობის საფუძველზე ყალიბდება, რომელიც მის ყოფით მდგომარეობას აღნუსხავს. სტატისტიკურად „ღარიბად“ მიჩნეული ადამიანი იქცევა სოციალურ არსებად, რომელიც საკუთარ თავს სწორედ ამ ჯგუფის ფარგლებში ხედავს, ამ როლით ცხოვრობს და მასვე უმორჩილებს საკუთარ ქცევას. ხოლო პირი, რომელიც სტატისტიკურად „არაღარიბად“ არის გამოცხადებული, მაშინაც კი, თუ მისი ნამდვილი მდგომარეობა ძალიან მძიმეა, საკუთარ თავს აჯერებს, რომ იგი “შრომისმოყვარე ადამიანია, რომელსაც შემწეობა არ ეკუთვნის“. ასეთ დროს შიმშილის ნამდვილი სურათი დაფარული რჩება თავად პიროვნების თვითაღქმისთვისაც.
ერთი მხრივ, სახელმწიფო უამრავ მონაცემს აგროვებს, თითქოს საზოგადოების საჭიროებების უკეთ შესაცნობად; მეორე მხრივ კი, სწორედ ეს ცოდნა ხდება პოლიტიკური პასუხისმგებლობის შეზღუდვის გამამართლებელი საბუთი. როდესაც წესდება აბსოლუტური სიღარიბის მკაცრი საზომები, იგი უდავო ჭეშმარიტებად საღდება და ბუნებრივად შლის მხედველობის არეალიდან იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ზღვარს ოდნავ სცილდებიან, თუმცა სინამდვილეში შიმშილობენ. სახელმწიფო ჭეშმარიტების ერთპიროვნული განმკარგველი ხდება, იგი თავად განსაზღვრავს, რა არის ნამდვილი გაჭირვება და რა – უბრალო უკმაყოფილება. ამ შემთხვევაში ციფრები კი არ ასახავენ, არამედ თავად ქმნიან ახალ სინამდვილეს, სადაც გაჭირვება მხოლოდ მაშინ არსებობს, თუ იგი სტატისტიკურადაა ასახული.
ამ ჯაჭვში შიმშილი, რომელიც სინამდვილეში ადამიანის სხეულსა და ყოველდღიურობაზე აისახება, თეორიულ დონეზე მხოლოდ განყენებულ ცნებად გარდაიქმნება და კარგავს თავის პოლიტიკურ ძალას. შიმშილი აღარ იწვევს წინააღმდეგობას, რადგან მასზე მსჯელობა განცდისმიერი და მორალური სფეროდან გადადის სხვა პიროვნებისგან განყენებულ სივრცეში. სტატისტიკა აყუჩებს საზოგადოებრივ მგრძნობელობას მასობრივი გაჭირვების მიმართ და სახელმწიფოს ათავისუფლებს მორალური პასუხისმგებლობისგან, ვინაიდან მონაცემები დადგენილ ნორმებში ჯდება. ხშირად შიმშილის სხვადასხვა ფორმა მმართველობით ჩარჩოში „ჩვეულებრივ“, „შესაძლებელ“ და „მოსათმენ“ მდგომარეობად საღდება. ეს კი არ არის მხოლოდ ფსიქოლოგიური შეგუება, ეს ბიოპოლიტიკის უმთავრესი გამოვლინებაა, რომელიც საზოგადოებას გაჭირვებასთან შეგუებას აიძულებს.
ამგვარად, სტატისტიკის „მშრალი“ ენა, რომელიც ბიოპოლიტიკის განუყოფელი ნაწილია, შიმშილის აღქმას ცვლის: იგი ცოცხალ სინამდვილეს ციფრად აქცევს, ციფრს – ცვლადად, ცვლადს – ანგარიშის ერთ წერტილად, ანგარიშს კი – მმართველობის შეფასების საზომად.
ბიოპოლიტიკა და ნეოლიბერალური პასუხისმგებლობის გადატანა
ნაშრომში „ბიოპოლიტიკის დაბადება“ ფუკო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ნეოლიბერალიზმის ბიოპოლიტიკურ შინაარსს. მისი უმთავრესი მოსაზრება, რომელიც მჭიდროდ ეხება პოსტსოციალისტური ქვეყნების სოციალურ პოლიტიკას, ისაა, რომ ნეოლიბერალურ მმართველობას სოციალური გამოწვევების პასუხისმგებლობა სახელმწიფოდან პიროვნებასა და ოჯახზე გადააქვს. სიღარიბე, შიმშილი, ჯანდაცვის ხარჯები თუ განათლების დაფინანსება, ის ყველაფერი, რაც ისტორიულად სოციალური სახელმწიფოს საერთო ვალდებულება იყო, ახლა ინდივიდუალური „შრომისმოყვარეობის“, „დაგეგმვის უნარისა“ და „ფინანსური ცოდნის“ საკითხად იქცევა. სტატისტიკური წარმატება სახელმწიფოს აძლევს საშუალებას, სოციალური პრობლემები პიროვნულ მარცხად წარმოაჩინოს. როდესაც ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები უმჯობესდება, მაგრამ კონკრეტული ადამიანის მდგომარეობა უცვლელი რჩება, ეს უკანასკნელი აღარ განიხილება მმართველობის ხარვეზად. პირიქით, გაჭირვება პიროვნულ უუნარობად საღდება, რადგან „ოფიციალური მონაცემები სხვა რამეზე მეტყველებს“.
ამის გამო, როდესაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი საკვების ნაკლებობაზე საუბრობს, სახელმწიფო მონაცემები კი ირწმუნება, რომ შიმშილი თითქმის აღმოფხვრილია, ჩნდება უფსკრული ნამდვილ ყოფასა და აღიარებულ ცოდნას შორის. ეს გაუცხოება ტანჯვის თავისებურ ფორმებს შობს. ისინი, ვინც საკვების სიმცირეს ებრძვიან, თუმცა „ღარიბის“ სტატუსს ვერ იღებენ, საკუთარ გასაჭირს არა ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, არამედ პირად წარუმატებლობას მიაწერენ ხოლმე. მათ შესაძლოა რცხვენოდეთ იმის გამო, რომ თავს ვერ ართმევენ იმას, რაც ხელისუფლების მიერ ჩამოყალიბებული თვალსაზრისით დაძლევად სირთულედ მიიჩნევა.
სახელმწიფო მხოლოდ მათთვის უზრუნველყოფს სოციალურ შემწეობას, ვინც დადგენილი “წესის მიხედვით ნამდვილად“ ვერ ახერხებს არსებობის მინიმალური პირობების შენარჩუნებას. მოსახლეობის უმრავლესობის მართვაზე პასუხისმგებლობა კი ბაზრის „თვითრეგულირებასა“ და მათ პირად უუნარობაზე გადადის. ირღვევა საზოგადოებრივი შეთანხმება, სახელმწიფო ზრუნავს არა ადამიანზე, არამედ „მაჩვენებელზე“.
გეორგ ზიმელი – სიღარიბე, როგორც სოციალური აღიარება
გეორგ ზიმელის მიხედვით, სიღარიბე განიხილება, როგორც სოციალური კატეგორია, რომელიც საზოგადოებრივი განმარტებიდან გამომდინარეობს.[40] ისევე, როგორც ემილ დიურკემის აზრით, დანაშაული საუკეთესოდ შეიძლება განისაზღვროს არა თავად ქმედების ბუნებით, არამედ იმ რეაქციით, რომელსაც იგი იწვევს საზოგადოებაში – კერძოდ, სასჯელით.[41] გარკვეული პიროვნებები სოციალურ მთლიანობაში იკავებენ განსაზღვრულ ადგილს, რომელიც თითქოს მათი საკუთარი ბედით არის განპირობებული, თუმცა სინამდვილეში ამ მდგომარეობას განსაზღვრავს არა თავად მათი პირადი გარემოებები, არამედ საზოგადოების დამოკიდებულება მათ მდგომარეობაზე. კერძოდ, გადამწყვეტია ის, რომ სხვა ინდივიდები, ჯგუფები თუ ინსტიტუციური ერთეულები ცდილობენ ამ მდგომარეობის გამოსწორებას.[42] ამგვარად, სიღარიბე არ განისაზღვრება მხოლოდ საჭიროებით. იგი, როგორც სოციოლოგიური კატეგორია, ყალიბდება მაშინ, როდესაც გაჭირვებაში მყოფი ადამიანი იღებს დახმარებას.
ზიმელი, მაქს ვებერის მსგავსად, მიიჩნევდა, რომ სოციალური მოვლენა მხოლოდ საგნობრივი (ობიექტური) ნიშნებით ვერ განიმარტება; მისი არსი ყოველთვის ურთიერთობითია. სიღარიბის შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ მატერიალური დანაკლისის რაოდენობრივი მაჩვენებლები: შემოსავლის სიმცირე, საკვების ნაკლებობა თუ საცხოვრებელი პირობების სიმძიმე, ჯერ კიდევ არ ქმნის სიღარიბის შინაარსს. თანამედროვე საზოგადოებებში ადამიანი მიეკუთვნება ღარიბთა ჯგუფს იმ წუთიდან, როდესაც იგი იღებს სოციალურ დახმარებას, თანაგრძნობას თუ ქველმოქმედებას. ამგვარი აღიარების გარეშე „ღარიბი“, როგორც სოციოლოგიური ცნება, მცდარია. ამ შემთხვევაში ყოფითი სინამდვილე, რაც არ უნდა მძიმე იყოს იგი, არ იქცევა სოციალურ ჭეშმარიტებად, რომლის მეცნიერული ანალიზიც შესაძლებელია.
დახმარების მიღება გულისხმობს, ერთი მხრივ, საზოგადოების მზადყოფნას, აიღოს პასუხისმგებლობა აღნიშნულ პირებზე და აღიაროს ისინი სოციალური მთლიანობის ნაწილად; თუმცა, მეორე მხრივ, ეს უკავშირდება გარკვეულ შედეგებს თავად ინდივიდებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ დახმარებისა თუ თანაგრძნობის გაცემა და პირის ღარიბთა ჯგუფში მოქცევა ხშირად ხდება მისი სოციალური სტატუსის დაკნინების ფასად – ინდივიდის გამოცალკევებით იმ სოციალური წრისგან, რომელსაც იგი მანამდე მიეკუთვნებოდა. ჰაროლდ გარფინკელის სიტყვებით, „მოქმედი პირის საზოგადოებრივი მეობა გარდაიქმნება ისეთ რამედ, რაც სოციალური ჯგუფების ადგილობრივ სქემებში უფრო დაბალ დონედ აღიქმება“.[43] შესაბამისად, საზოგადოებრივი აღქმა გადამწყვეტი ხდება,- სწორედ იგი განსაზღვრავს ინდივიდის სოციალურ სახეს. როგორც კი ადამიანს მიენიჭება „ღარიბის“ სტატუსი, იცვლება მისი სოციალური როლიც.
ზიმელის ეს მიდგომა აუცილებელია საქართველოში შიმშილის კულტურული და მორალური განზომილებების გასაგებად. იგი აღწერს შიმშილს, როგორც ორმხრივი ურთიერთობის დარღვევას, ანუ სოციალურ ჭრილობას. ეს განხეთქილება არსად ისე ნათლად არ ჩანს, როგორც ქართულ სუფრაში. სუფრა, იქნება ეს ყოველდღიური ოჯახური სადილი თუ საზეიმო წვეულება, საქართველოს კულტურულ-სოციალური მოწყობის უმთავრესი საყრდენია. იგი მხოლოდ კვების დანიშნულებას არ ასრულებს; სუფრა საზოგადოებრივი აღიარების, ერთობისა და სტატუსის გამოხატვის უმნიშვნელოვანესი საშუალებაა. მიუხედავად დროთა განმავლობაში ცვლილებებისა, იგი კვლავ რჩება საქართველოს საერთო თვითმყოფადობის ერთ-ერთ უმთავრეს ცოცხალ ფორმად.
ქართული „სუფრა სოციალური ურთიერთობების კვლავწარმოების ადგილია, სადაც იერარქიები ყალიბდება და მტკიცდება, დაპირისპირებები გვარდება და კავშირები იქმნება“.[44] ანთროპოლოგიურ ნაშრომთა უმეტესობა, რომლებიც ქართულ სუფრას ეძღვნება, ერთხმად მიუთითებს, რომ ეს ინსტიტუტი ერთდროულად რამდენიმე სოციალური მნიშვნელობისაა. პირველი, სუფრა არის ოჯახური და თემური თანაგრძნობის სიმბოლური განცდა. ეს არის ადგილი, სადაც ოჯახის წევრები იკრიბებიან, ერთობლივად იღებენ საკვებს, საუბრობენ. მეორე, სუფრა არის სტუმართმასპინძლობის კულტურული გამოხატვის არეალი. ქართულ ტრადიციაში სტუმარი “ღვთის შვილია” და მისი ღირსეული მიღება არ არის უბრალოდ თავაზიანობა, არამედ საზოგადოებრივი ვალდებულებაა, რომელიც ოჯახის ღირსებას უკავშირდება.[45] მესამე, სუფრა არის სტატუსის გამოხატვის ფორმა. ვისთვის ხდება სუფრის გაშლა, ვინ მონაწილეობს მასში, ვის ეთმობა “თამადობა”, რა კერძები იდება მაგიდაზე, რომელი ღვინო მიეწოდება სტუმრებს – ყველა ეს წვრილმანი ოჯახის სოციალური სტატუსის სიმბოლური ფორმაა. მეოთხე, სუფრა არის გვერდში დგომის სიმბოლო. იქნება ეს ქელეხი, ნათლობა, ქორწილი თუ საეკლესიო დღესასწაული – ყოველი მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენა სწორედ ქართული სუფრის გარშემო მიმდინარეობს.
ამ კულტურული ფონიდან გამომდინარე, ის შინამეურნეობა, რომელიც საკმარისი საკვების უქონლობის გამო სუფრის გაშლის შესაძლებლობას კარგავს, ხელმოკლეობის გამო ვერ მიდის სხვის ქორწილსა თუ ნათლობაში, ვერ მონაწილეობს საერთო დღესასწაულებში, თავისთავადად ეთიშება საქართველოს კულტურული ცხოვრების უმთავრეს განზომილებას. ზიმელის თეორიულ ჩარჩოში ეს გამოთიშვა მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობის დაკარგვა არ არის, ეს საზოგადოებრივი აღიარების საფუძვლების რღვევაა. როცა ზიმელი წერს, რომ „პირველადი ასოციაცია, რომელიც ადამიანებს აკავშირებს… არის ერთად ჭამა და სმა”,[46] იგი იმას მიანიშნებს, რომ ამ რიტუალში მონაწილეობის უუნარობა ნიშნავს სრულ საზოგადოებრივ უხილავობას.
ზიმელი, თამადობა და სოციალური მოქმედების დრამატურგია
ზიმელისეული „ღარიბის“ გაგების კიდევ ერთი საინტერესო გაგრძელება საქართველოში სოციალური ცხოვრების იმ მხარეს ეხება, რომელსაც ამერიკელი სოციოლოგი ერვინ გოფმანი „სოციალური მოქმედების დრამატურგიად“ აღწერდა. გოფმანის მთავარი მოსაზრებით, ადამიანის ყოველდღიური თვითგამოხატვა თეატრალურ წარმოდგენას ჰგავს: პიროვნება მუდმივად „ასრულებს“ გარკვეულ სოციალურ როლს, რომელიც საზოგადოების მოლოდინების შესაბამისად ყალიბდება.[47] ქართული სუფრის შემთხვევაში ეს მოდელი განსაკუთრებით თვალსაჩინოა. სუფრა არის სცენა, რომელზეც ოჯახი საკუთარ სტატუსს, ღირსებას, კულტურულ კუთვნილებასა და მასპინძლობის უნარს „განასახიერებს“.
მაგიდები სავსეა პურით, ხორცით, ხაჭაპურითა და ღვინით. თამადა, რომელიც ამ რიტუალის მთავარი ფიგურაა, ფაქტობრივად, წარმოდგენის რეჟისორი ხდება,- იგი წარმართავს სადღეგრძელოებს, ადგენს მსვლელობის წესს და შემოქმედებითი ფორმით აცოცხლებს იმ კულტურულ ნორმებს, რომლებშიც ოჯახის ღირსება ვლინდება. გარეგნულად სუფრა თითქოს უარყოფს ყოველგვარ ნაკლებობას; იგი სიუხვის ჩვენებით შიმშილის ერთობლივი უგულებელყოფაა.
ამრიგად, სუფრა ერთდროულად სარკისა და ნიღბის როლს ასრულებს. იგი ირეკლავს თანამედროვე ქართული ყოფიერების წინააღმდეგობებს – შიმშილისადმი გულწრფელი თანაგრძნობისა და ასევე, ღრმა უთანასწორობის თანაარსებობას – და ფარავს მათ კეთილდღეობისა და სიუხვის ელფერით. მის აგებულებაში ვხედავთ იმავე ზნეობრივ კანონზომიერებას, რომელიც სახელმწიფო სტატისტიკას უდევს საფუძვლად: შიმშილის უარყოფა სანახაობის მეშვეობით. ქართული ნადიმი, რომელიც თავდაპირველად საერთო კეთილდღეობის ზეიმი იყო, რესურსების სიმცირის პირობებში უთანასწორობის სცენად იქცევა. სოციალური ფორმა უცვლელი რჩება, მისი შინაარსი კი ირღვევა.
სუფრა და „საჩუქრის თეორია“
ქართულ ყოფაში სიტყვები – „ხელმოკლეობა“ და „შიმშილი“ – მხოლოდ ფინანსურ მდგომარეობას არ აღწერს. კულტურულ ცნობიერებაში ფიზიკური სიდუხჭირე მჭიდროდ უკავშირდება ოჯახური ღირსების შელახვას. ცარიელი სუფრა თუ მოკრძალებული დღესასწაული არა მხოლოდ ეკონომიკურ სირთულედ, არამედ ღირსების სოციალურ დაღად აღიქმება. ეს არ არის მხოლოდ სიმბოლური დანაკარგი, მას მძიმე შედეგები მოჰყვება: საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარიყვა, თემური სოლიდარობის ჯაჭვის გაწყვეტა, ნათესაური კავშირების შესუსტება და კულტურული თვითმყოფადობის გაუფასურება.
მარსელ მოსის „საჩუქრის თეორია“ აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მოსის თანახმად, გაცვლა სამ აუცილებელ ვალდებულებას მოიცავს: გაცემა, მიღება და დაბრუნება.[48] სუფრის შემთხვევაში მიწვევის მიღება წარმოშობს საპასუხო მასპინძლობის პასუხისმგებლობას. დაფარული თუ აშკარა შიმშილის პირობებში, როდესაც ოჯახს ამ ვალდებულების შესრულების თავი არ აქვს, მას ორი გზა რჩება: ან უარი თქვას მიწვევაზე, ან რაიმე გზა გამონახოს ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად: ამგვარი მონაწილეობა მატერიალურ წვლილს მოითხოვს, წვლილი კი, თავის მხრივ, ერთობის წევრობას ადასტურებს. თუმცა ძირითადად მსგავსი დილემის წინაშე მშიერ და გაჭირვებულ ადამიანთა უმრავლესობა პირველ გზას ირჩევს – სირცხვილის თავიდან ასაცილებლად საერთო შეკრებებს ერიდება. ამ დროს ადამიანი ჯერ მასპინძლის სუფრაზე ხდება უმნიშვნელო, მართკუთხა მაგიდასთან მას თამადისგან მოშორებით სვამენ, ხოლო შემდეგ იგი საერთოდ უხილავი ხდება საზოგადოებისთვის, რომელიც ამგვარ შეკრებებზე აღარც კი იწვევს.
გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული ბოლოდროინდელი თვისებრივი კვლევა ამ სოციალურ მხარეს ნათლად ადასტურებს. დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახების მოზარდები აღნიშნავენ, რომ თანატოლების დაბადების დღეებსა თუ სხვა შეკრებებს თავს არიდებენ, რადგან საერთო ხარჯებში არ შეუძლიათ საკუთარი წილის შეტანა, რაც მათ უხერხულობას უქმნის.[49] ეს არის სირცხვილის გრძნობა, რომელიც „სოციალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შეგრძნებაა”,[50] როდესაც ადამიანი ვერ აკმაყოფილებს კულტურულ მოლოდინებს. მათი გასაჭირი უფრო სიმბოლური ხასიათისაა, ვიდრე ფიზიკური – ისინი საზოგადოებრივი ცხოვრების მიღმა რჩებიან. ადამიანები კი, რომლებიც სუფრასთან, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით, ვერ „ჩნდებიან“, საზოგადოებრივი ცხოვრების სრულფასოვან მონაწილეებად ვეღარ აღიქმებიან.
რიტუალური ხარჯების როლი საქართველოში
ირონიულია, რომ საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლების გამოთვლისას შინამეურნეობის მთლიანი სამომხმარებლო ხარჯი ფორმალურად ითვლება ფულადი და არაფულადი დანახარჯების შეკრებით, თუმცა ამავე დროს გარკვეული არასასურსათო ხარჯები, მათ შორის რიტუალებზე გაწეული დანახარჯები, მიზანმიმართულად გამოირიცხება.[51] ეს გამორიცხვა ეფუძნება დაშვებას, თითქოს ასეთი ხარჯები არ ასახავს ცხოვრების დონეს, რადგან ისინი არ მიეკუთვნება ყოველდღიურ, აუცილებელ მოხმარებას.
თუმცა ქართული ყოფა ამ ლოგიკას სრულად ვერ ერგება. საქართველოში რიტუალური ტრადიციები – სუფრა, ქორწილი, ნათლობა თუ ქელეხი – იშვიათი ან გამონაკლისი შემთხვევები კი არ არის, არამედ ცხოვრების ჩვეული ნაწილია. მათში მონაწილეობა საზოგადოებრივ ვალდებულებად აღიქმება. ეს უკანასკნელი განსაზღვრავს ადამიანის კავშირებს, სახელსა და მის ადგილს საზოგადოებაში. შესაბამისად, ამ რიტუალებთან დაკავშირებული ხარჯები საკმაოდ მძიმედ აწვება ოჯახურ სახსრებს.
ამ დანახარჯების უგულებელყოფა სტატისტიკურად შეიძლება „გამართლებული“ ჩანდეს, თუმცა ის საერთოდ არ ითვალისწინებს იმას, რომ ცხოვრებისთვის აუცილებელი საბაზისო მოთხოვნები განსხვავდება საზოგადოებათა წეს-ჩვეულებების მიხედვით. ამ აუცილებელ საჭიროებებში მე ვგულისხმობ არა მხოლოდ სიცოცხლის შესანარჩუნებლად საკმარის სარჩო-სანოვაგეს, არამედ ყველაფერს, რისი უქონლობაც, ქვეყნის წეს-ჩვეულებებიდან გამომდინარე, ადამიანისთვის უხერხულობისა და სირცხვილის განცდას წარმოშობს. ადამ სმიტისეული მაგალითის გათვალისწინებით, მისი დროის ბრიტანეთში უბრალო მუშას შერცხვებოდა, თუ მას არ ექნებოდა თეთრეულის პერანგი ან თუნდაც ტყავის ფეხსაცმელი საზოგადოებაში გამოსაჩენად.[52] რაც ბრიტანეთის უბრალო მუშისთვის პერანგი და ტყავის ფეხსაცმელია, თავისი საზოგადოებრივი მნიშვნელობით, საქართველოში მცხოვრები ადამიანების ეს საჭიროებები სუფრის ამ წეს-ჩვეულებას გულისხმობს.
მკაცრად რომ ვთქვათ, ეს არ არის სიცოცხლის აუცილებლობა, თუმცა თუ ადამიანი ფინანსური სიმწირის გამო ვერ ახერხებს სუფრის გაშლას ან საერთო თავყრილობებში თავისი წილის შეტანას, იგი კარგავს თავის სოციალურ როლს და განიცდის მთავარს – სოციალურ დანაკლისს. ამგვარად, შიმშილი და სასურსათო ნაკლებობა ქართულ სინამდვილეში იგივეა, რაც სტუმარმასპინძლობის ტრადიციიდან გამოთიშვა. ეს კი თავისთავად ნიშნავს ინდივიდის საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარიყვასა და მის სოციალურ გაღარიბებას.
ზიმელისეული გაგებით, ზემოთ აღწერილი სტატისტიკური უხილაობა მორალურ სიმძიმეს იძენს. აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლები და შემოსავლის ჯგუფები მხოლოდ მომხმარებლებს აღრიცხავენ და არა საზოგადოებრივი აღიარების ხარისხს. შესაძლოა საზოგადოებამ ბიოლოგიურ შიმშილს წარმატებით სძლიოს, თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი სიმბოლური აღიარების მიღმა დატოვოს. როდესაც ოფიციალური პირები შიმშილის „დაბალ მაჩვენებელზე“ საუბრობენ, ისინი მხოლოდ კალორიების საკმარისობას გულისხმობენ; მაშინ როცა რაოდენობრივი მაჩვენებლების მიღმა სახეზეა სოციალური განდევნა. შესაბამისად, სოციოლოგის ამოცანაა, მშრალი მონაცემების ენა ადამიანური ურთიერთობების ენაზე თარგმნოს.
ბოლოთქმა
საბოლოოდ, სამივე თეორიული ჩარჩოს ერთობლივი გააზრება ცხადყოფს, რომ შიმშილი საქართველოში მრავალმხრივი და რთული მოვლენაა. იგი ერთდროულად წარმოადგენს საკვებზე წვდომის შეზღუდვას, ბიოპოლიტიკური კატეგორიების შედეგსა და საზოგადოებრივი აღიარების ნაკლებობას. თუ ამ პრობლემას მხოლოდ ერთ განზომილებაში განვიხილავთ, მაგალითად, მხოლოდ ეკონომიკური ანალიზით, რომელიც სენის მიდგომას ეყრდნობა, დავკარგავთ ფუკოსეული კრიტიკის იმ ნაწილს, რომელიც სტატისტიკური ცოდნის მიკერძოებას ამხელს. ხოლო, მხოლოდ ფუკოსეული ხედვა, რომელიც რიცხვებისა და კატეგორიების უკან არსებულ ძალაუფლებრივ ლოგიკას ამჟღავნებს, ვერ გადმოსცემს იმ ყოველდღიურ, გამოცდილებით სინამდვილეს, რომელსაც ზიმელი აღწერს. სწორედ ამ სამი მიდგომის ერთობლიობა გვაძლევს შესაძლებლობას გავიგოთ, რატომ რჩება შიმშილი საქართველოში „სტატისტიკურად დაბალ“, მაგრამ „სოციალურად მაღალ“ მოვლენად.
ბიბლიოგრაფია
Baum, Tinatin, Anastasia Mshvidobadze, and Josefina Posadas. Continuous Improvement: Strengthening Georgia’s Targeted Social Assistance Program. Washington, DC: World Bank, 2016.
Caucasus Research Resource Centers. Caucasus Barometer 2024 Georgia. Tbilisi: CRRC-Georgia, 2024. https://www.caucasusbarometer.org/en/cb2024ge/factsheet/
Diakonidze, Ana. “Targeted Social Assistance in Georgia: Social Impact of the Program and Potential of Poverty Alleviation,” Social Justice Center, 2023.
Durkheim, Émile. The Elementary Forms of Religious Life. Translated by Karen E. Fields. New York: Free Press, 1995.
Durkheim, Émile. The Rules of Sociological Method. New York: The Free Press of Glencoe, 1950.
Elias, Norbert. The Civilizing Process: Sociogenetic and Psychogenetic Investigations. Revised edition. Translated by Edmund Jephcott. Oxford: Blackwell, 2000.
Engel, Ernst „Die Productions- und Consumtionsverhältnisse des Königreichs Sachsen.“ Zeitschrift des statistischen Bureaus des Königlich Sächsischen Ministeriums des Innern 8–9, 1857.
Eurostat. Household Expenditure by Consumption Purpose. Luxembourg: European Commission, 2024. https://ec.europa.eu/eurostat/
Fabos, Zachary. “More than half of all Georgians struggle to put food on the table,” Caucasus Data Blog, Caucasus Research Resource Centers, 2025.
https://crrc.ge/en/more-than-half-of-all-georgians-struggle-to-put-food-on-the-table/
Food and Agriculture Organization of the United Nations, Georgia: Family Farming Profile, accessed May 4, 2026. https://www.fao.org/family-farming/countries/geo/en/.
Foucault, Michel. “For an Ethics of Discomfort.” In Power: Essential Works of Foucault, 1954-1984, Vol. 3, edited by James D. Faubion. London: Penguin Books, 2002.
Foucault, Michel. The History of Sexuality, Volume 1: An Introduction. Translated by Robert Hurley. St. Ives: Penguin Books, 1990. Originally published as La volonté de savoir. Histoire de la sexualité 1. Paris: Gallimard, 1976.
Foucault, Michel. The History of Sexuality, Volume 1: An Introduction. Translated by Robert Hurley. New York: Pantheon Books, 1978.
Foucault, Michel. “La naissance de la médecine sociale.” In Dits et écrits III, edited by Daniel Defert and François Ewald. Paris: Gallimard, 1994.
Foucault, Michel. “Les mailles du pouvoir.” In Dits et écrits IV, edited by Daniel Defert and François Ewald. Paris: Gallimard, 1994.
Foucault, Michel. “Qu’est-ce que les Lumières?” In Dits et écrits IV, edited by Daniel Defert and François Ewald. Paris: Gallimard, 1994.
Garfinkel, Harold. “Review of Conditions of Successful Degradation Ceremonies.” American Journal of Sociology 61, 1956.
Global Hunger Index (GHI) – Peer-Reviewed Annual Publication Designed to Comprehensively Measure and Track Hunger at the Global, Regional, and Country Levels. https://www.globalhungerindex.org/georgia.html
Goffman, Erving. The Presentation of Self in Everyday Life. New York: Doubleday, 1959.
Lévi-Strauss, Claude. Structural Anthropology. New York: Basic Books, 1963.
Malthus, Thomas Robert. An Essay on the Principle of Population. London: J. Johnson, 1798.
Mauss, Marcel. The Gift: The Form and Reason for Exchange in Archaic Societies. Translated by W. D. Halls. New York: W. W. Norton, 1990.
Mestvirishvili, Natia. “Social Exclusion in Georgia: Perceived Poverty, Participation and Psycho-Social Wellbeing.” Caucasus Analytical Digest 40. Center for Security Studies, ETH Zurich, 2012.
Mühlfried, Florian. “Sharing the Same Blood: Culture and Cuisine in the Republic of Georgia.” Anthropology of Food 5, 2006.
National Statistics Office of Georgia (Geostat). Indicators of Living Conditions (Households Incomes and Expenditures), 2024. https://geostat.ge/media/70671/Indicators-of-Living-Conditions.pdf
Alcock, Pete. Understanding Poverty. 3rd ed. London: Palgrave Macmillan, 2006.
Rawls, John. A Theory of Justice. Cambridge, MA: Harvard University Press, 1971.
Santos, Tiago Mendonça. “Poverty as Lack of Capabilities: An Analysis of the Definition of Poverty of Amartya Sen.” PERI – Revista de Filosofia 9, no. 2, 2018.
Scott, James C. Seeing Like a State: How Certain Schemes to Improve the Human Condition Have Failed. New Haven: Yale University Press, 1998.
Sen, Amartya. Development as Freedom. New York: Alfred A. Knopf, 1999.
Sen, Amartya. “Poor, Relatively Speaking.” Oxford Economic Papers 35, no. 2, 1983.
Sen, Amartya. Poverty and Famines: An Essay on Entitlement and Deprivation. Oxford: Oxford University Press, 1981.
Simmel, Georg. “Sociology of the Meal.” In Simmel on Culture: Selected Writings, edited by David Frisby and Mike Featherstone. London: Sage Publications, 1997.
Simmel, Georg. Sociology: Inquiries into the Construction of Social Forms. Translated by Anthony J. Blasi, Anton K. Jacobs, and Mathew Kanjirathinkal. 2 vols. Leiden: Brill, 2009.
Simmel, Georg. Soziologie. Leipzig: Duncker & Humblot, 1908.
Smith, Adam. An Inquiry into the Nature and Causes of the Wealth of Nations. 4 vols. Basel: Tourneisen and Legrand, 1791.
Tuite, Kevin. “The Autocrat of the Banquet Table: A Diachronic Study of the Feast in Georgia.” In A Festschrift for Howard Aronson, edited by Dee Ann Holisky and Kevin Tuite. Chicago: Slavica Publishers, 2005.
UNICEF. A Detailed Analysis of Targeted Social Assistance and Child Poverty. 2019.
U.S. Department of Agriculture Economic Research Service. Definitions of Food Security. Washington, DC: U.S. Department of Agriculture, 2023.
World Bank Group. Georgia Poverty and Equity Brief. Washington, D.C., April 2024. http://documents.worldbank.org/curated/en/099050525052021408
World Bank. Poverty and Equity Brief: Georgia. Washington, DC: World Bank, 2025. https://documents1.worldbank.org/curated/en/099050525051599903/pdf/P179877-84619170-642f-4131-b8d2-1af3ef87ba42.pdf.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. “ბავშვთა კეთილდღეობა საქართველოში: 2022 წლის ბავშვთა კეთილდღეობის გამოკვლევის შედეგები”. თბილისი: საქსტატი და გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), 2023. https://www.unicef.org/georgia/reports/child-wellbeing-georgia-2023.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. “ეს საქართველოა”. თბილისი, 2025.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. “სოციალური დაცვის მაჩვენებლები”. თბილისი, 2024.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. “ცხოვრების დონე – სიღარიბის და უთანასწორობის მაჩვენებლები”. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/192/tskhovrebis-done
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. “ცხოვრების დონე – შინამეურნეობების ხარჯები”. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/192/tskhovrebis-done
სოციალური მომსახურების სააგენტო. საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახებისა და მოსახლეობის რაოდენობა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 2024. https://ssa.moh.gov.ge/statistik.php?lang=1&id=202212070002225855299551&v=0#page-1
- [1] საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. “ცხოვრების დონე – სიღარიბის და უთანასწორობის მაჩვენებლები” https://www.geostat.ge/ka/modules/categories/192/tskhovrebis-done
- [2] Global Hunger Index (GHI) – Peer-Reviewed Annual Publication Designed to Comprehensively Measure and Track Hunger at the Global, Regional, and Country Levels. https://www.globalhungerindex.org/georgia.html
- [3] World Bank Group, Georgia Poverty and Equity Brief (Washington, D.C., April 2024). http://documents.worldbank.org/curated/en/099050525052021408
- [4] საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. “ცხოვრების დონე – სიღარიბის და უთანასწორობის მაჩვენებლები”
- [5] World Bank, Poverty and Equity Brief: Georgia (Washington, DC: World Bank, 2025).https://documents1.worldbank.org/curated/en/099050525051599903/pdf/P179877-84619170-642f-4131-b8d2-1af3ef87ba42.pdf.
- [6] საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ცხოვრების დონე.
- [7] Ernst Engel, „Die Productions- und Consumtionsverhältnisse des Königreichs Sachsen,“ Zeitschrift des statistischen Bureaus des Königlich Sächsischen Ministeriums des Innern 8–9 (1857): 28–29.
- [8] საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, “ცხოვრების დონე – შინამეურნეობების ხარჯები”. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/192/tskhovrebis-done
- [9] Eurostat, Household Expenditure by Consumption Purpose (Luxembourg: European Commission, 2024). https://ec.europa.eu/eurostat/
- [10] Pete Alcock, Understanding Poverty, 3rd ed. (London: Palgrave Macmillan, 2006).
- [11] Tiago Mendonça Santos, “Poverty as Lack of Capabilities: An Analysis of the Definition of Poverty of Amartya Sen,” PERI – Revista de Filosofia 9, no. 2 (2018): 125–48.
- [12] Amartya Sen, “Poor, Relatively Speaking,” Oxford Economic Papers 35, no. 2 (1983): 153-169.
- [13] Thomas Robert Malthus, An Essay on the Principle of Population (London: J. Johnson, 1798).
- [14] Amartya Sen, Poverty and Famines: An Essay on Entitlement and Deprivation (Oxford: Oxford University Press, 1981).
- [15] Sen, Poverty and Famines, 45-51
- [16] Caucasus Research Resource Centers, Caucasus Barometer 2024 Georgia (Tbilisi: CRRC-Georgia, 2024).https://www.caucasusbarometer.org/en/cb2024ge/factsheet/?utm_source=chatgpt.com
- [17] U.S. Department of Agriculture Economic Research Service, Definitions of Food Security (Washington, DC: U.S. Department of Agriculture, 2023).
- [18] Amartya Sen, Development as Freedom (New York: Alfred A. Knopf, 1999): 74-75, 87.
- [19] John Rawls, A Theory of Justice (Cambridge, MA: Harvard University Press, 1971): 60-65.
- [20] Sen, Development as Freedom, 75.
- [21] Zachary Fabos, “More than half of all Georgians struggle to put food on the table,” Caucasus Data Blog, Caucasus Research Resource Centers, 2025.https://crrc.ge/en/more-than-half-of-all-georgians-struggle-to-put-food-on-the-table/?utm_source=chatgpt.com
- [22] Ana Diakonidze, “Targeted Social Assistance in Georgia: Social Impact of the Program and Potential of Poverty Alleviation,” Social Justice Center, (2023): 14.
- [23] საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ეს საქართველოა.
- [24] Food and Agriculture Organization of the United Nations, Georgia: Family Farming Profile, accessed May 4, 2026. https://www.fao.org/family-farming/countries/geo/en/.
- [25] National Statistics Office of Georgia (Geostat). Indicators of Living Conditions (Households Incomes and Expenditures), 2024. https://geostat.ge/media/70671/Indicators-of-Living-Conditions.pdf
- [26] საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, სოციალური დაცვის მაჩვენებლები (თბილისი, 2024).
- [27] საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ეს საქართველოა.
- [28] Michel Foucault, “Qu’est-ce que les Lumières?”, in Dits et écrits IV, ed. Daniel Defert and François Ewald (Paris: Gallimard, 1994): 679–688.
- [29] Michel Foucault, The History of Sexuality, Volume 1: An Introduction, trans. Robert Hurley (St. Ives: Penguin Books, 1990), originally published as La volonté de savoir. Histoire de la sexualité 1 (Paris: Gallimard, 1976).
- [30] Michel Foucault, “Les mailles du pouvoir” (1976/1982), in Dits et écrits IV, ed. Daniel Defert and François Ewald (Paris: Gallimard, 1994): 188-193.
- [31] Ibid., 138.
- [32] Michel Foucault, The History of Sexuality, Volume 1: An Introduction, trans. Robert Hurley (New York: Pantheon Books, 1978): 138-145.
- [33] Tinatin Baum, Anastasia Mshvidobadze, Josefina Posadas. Continuous Improvement: Strengthening Georgia’s Targeted Social Assistance Program. Washington, DC: World Bank, 2016.
- [34] Natia Mestvirishvili, “Social Exclusion in Georgia: Perceived Poverty, Participation and Psycho-Social Wellbeing,” Caucasus Analytical Digest 40 (Center for Security Studies, ETH Zurich, 2012): 2-6.
- [35] Michel Foucault, “For an Ethics of Discomfort,” in Power: Essential Works of Foucault, 1954–1984, vol. 3, ed. James D. Faubion (London: Penguin Books, 2002): 443–448.
- [36] Michel Foucault, “La naissance de la médecine sociale,” in Dits et écrits III, ed. Daniel Defert and François Ewald (Paris: Gallimard, 1994): 201.
- [37] სოციალური მომსახურების სააგენტო. საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახებისა და მოსახლეობის რაოდენობა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 2024. https://ssa.moh.gov.ge/statistik.php?lang=1&id=202212070002225855299551&v=0#page-1
- [38] UNICEF, A Detailed Analysis of Targeted Social Assistance and Child Poverty, (2019).
- [39] James C. Scott, Seeing Like a State: How Certain Schemes to Improve the Human Condition Have Failed (New Haven: Yale University Press, 1998).
- [40] Georg Simmel, Soziologie (Leipzig: Duncker & Humblot, 1908): 489.
- [41] Émile Durkheim, The Rules of Sociological Method (New York: The Free Press of Glencoe, 1950): 35.
- [42] Simmel, Soziologie, 454-493.
- [43] Harold Garfinkel, “Review of Conditions of Successful Degradation Ceremonies,” American Journal of Sociology 61 (1956): 420.
- [44] Florian Mühlfried, “Sharing the Same Blood: Culture and Cuisine in the Republic of Georgia,” Anthropology of Food 5 (2006): 72.
- [45] Kevin Tuite, “The Autocrat of the Banquet Table: A Diachronic Study of the Feast in Georgia,” in A Festschrift for Howard Aronson, ed. Dee Ann Holisky and Kevin Tuite (Chicago: Slavica Publishers, 2005): 477-505.
- [46] Georg Simmel, “Sociology of the Meal,” 132.
- [47] Erving Goffman, The Presentation of Self in Everyday Life (New York: Doubleday, 1959): 15-18.
- [48] Marcel Mauss, The Gift: The Form and Reason for Exchange in Archaic Societies, trans. W. D. Halls (New York: W. W. Norton, 1990): 39.
- [49] საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. “ბავშვთა კეთილდღეობა საქართველოში: 2022 წლის ბავშვთა კეთილდღეობის გამოკვლევის შედეგები” (თბილისი: საქსტატი და UNICEF, 2023).https://www.unicef.org/georgia/reports/child-wellbeing-georgia-2023.
- [50] Norbert Elias, The Civilizing Process: Sociogenetic and Psychogenetic Investigations, rev. ed., trans. Edmund Jephcott (Oxford: Blackwell, 2000): 414.
- [51] საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. “ბავშვთა კეთილდღეობა საქართველოში: 2022 წლის ბავშვთა კეთილდღეობის გამოკვლევის შედეგები” (თბილისი: საქსტატი და UNICEF, 2023).https://www.unicef.org/georgia/reports/child-wellbeing-georgia-2023.
- [52] Adam Smith, An Inquiry into the Nature and Causes of the Wealth of Nations, 4 vols. (Basel: Tourneisen and Legrand, 1791), 240-241.
