რედაქტორი: ბექა იობიძე
კორექტორი: სოფიკო ქურდაძე
რესპოდენტი: ელენე ჯაჯანიძე
მდევარი, თბილისი, 2024
ელენე ჯაჯანიძე – თსუ განათლების მეცნიერებათა ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დოქტორანტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. ნამუშევარი აქვს სტატიებზე: ,,ბილინგვიზმის გავლენა ბავშვის კოგნიტურ განვითარებაზე”, ,,რელიგიის სწავლების მნიშვნელობა საქართველოს საჯარო სკოლებში” და სხვ.
ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთათვის ჩართულობა სწავლების რომელ საფეხურზეა უფრო რთული?
სირთულე ზოგადი განათლებიდან იწყება, რადგან ეთნიკური უმცირესობებისთვის რეგიონების საბავშვო ბაღებში არაა ორენოვანი სწავლება (როგორც ქართულ, ისე მშობლიურ ენაზე). შესაბამისად, უკვე სკოლაში მათ უჭირთ ქართული ენის შესწავლა. გარდა ამისა, ზემოხსენებული რეგიონების სკოლებში ქართული ენის პედაგოგები ძირითადად არ ჰყავთ, ან თავადვე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელნი არიან, რომლებიც ვერ ფლობენ კარგად ქართულს. ბოლო წლებში ეს საჭირობოროტო საკითხი მეტ-ნაკლებად მოგვარდა და მუშაობენ ე.წ. “დამხმარე მასწავლებლები”. ისინი ორენოვანნი არიან და, ასე თუ ისე, კარგად იციან ქართული. მიუხედავად ამისა, მოსწავლეებისთვის მაინც რთულია საუბარი ქართულ ენაზე, რადგან იშვიათად ურთიერთობენ ქართულენოვან, ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან. მაგალითად, ხშირად შემხვედრია სტუდენტი, რომელიც ჩემს ლექციაზე მოსულა და უთქვამს, რომ პირველად უნივერსიტეტში შეხვდა ეთნიკურად ქართველ ადამიანს, მანამდე არც სხვა ეთნოსის წარმომადგენლებთან არ ჰქონია ურთიერთობა. ასეთი გამოცდილება უმეტესად ისეთ რეგიონებში აქვთ, სადაც სოფლის მოსახლეობას ძირითადად მხოლოდ ერთი ეთნოსი წარმოადგენს. ეთნოსურად უფრო მეტად მრავალფეროვან რეგიონებში მოსახლეობა ერთმანეთში საერთო ენაზე – ქართულად საუბრობს. ასეთ შემთხვევაში ჩართულობის პრობლემა ნაკლებადაა. შეიძლება მათ არ შეეძლოთ ქართულად გამართულად საუბარი, მაგრამ ჩართულნი, ამ კუთხით, მაინც არიან. მაგალითისთვის, მარნეულში უფრო მეტად არის მთლიანი საზოგადოების ნაწილი ეთნიკური უმცირესობები, ვიდრე, ვთქვათ, ნინოწმინდაში ან ახალქალაქის რომელიმე სოფელში. შესაბამისად, ჩართულობის კუთხით განსხვავება უკავშირდება თავად სოფლების მოსახლეობის მრავალფეროვნებას.
ჩართულობის პრობლემა საუნივერსიტეტო საფეხურზეცაა, განსაკუთრებით თავიდან. სწორედ ამ დროს სჭირდებათ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შესაბამისი, გაძლიერებული მხარდაჭერა ერთი – ქართული ენის უკეთ ათვისებაში – და მეორე – ჩართულობაში. ეს არის ის ძირითადი საკითხი, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ. უნივერსიტეტის საწყის საფეხურზე შეთავაზებულია ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამა. ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელ სტუდენტებს ზოგჯერ კომპლექსებიც აქვთ, რადგან, მაგალითად, ენას ვერ ფლობენ კარგად და უჭირთ ურთიერთობა. ასევე, წარმოიდგინეთ ადამიანები, შორეულ რეგიონებში მცხოვრობნი, რომლებიც შეიძლება მანამდე არ ყოფილან დედაქალაქში, არ შეხვედრიან ქართულენოვან მოსახლეობას და უცებ აღმოჩნდებიან თბილისში, მათთვის სრულად შეუჩვეველ გარემოში. ამიტომ საკმაოდ რთულია ხოლმე ეს საწყისი საფეხური.
ზოგად განათლებაში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, რა სირთულეებს აწყდებიან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ეროვნულ გამოცდებსა და უმაღლესი განათლების საფეხურზე გადასვლისას?
ეროვნულ გამოცდებზე 2010 წლიდან მოქმედებს საშეღავათო პოლიტიკა – ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლთ შეუძლიათ, რომ მხოლოდ თავიანთ მშობლიურ ენაზე ჩააბარონ გამოცდა ზოგად უნარებში; საგამოცდო საკითხები ნათარგმნია. მათ არ უწევთ სამი გამოცდის ჩაბარება ქართულ ენაზე, ზოგადი უნარების გამოცდაში მიღებული შედეგების მიხედვით ხვდებიან არჩეულ უნივერსიტეტში. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტთა რაოდენობა 2010 წლიდან დღემდე ძალიან გაზრდილია. რომ შევაჯამოთ, ეროვნულ გამოცდებს მათ ენობრივი ბარიერი ვერ გაურთულებს. შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ მისაღები გამოცდები ყველაზე ნაკლებად არის დამაბრკოლებელი.
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებს რომ დავუბრუნდეთ, როგორც იცით, როდესაც აბიტურიენტი აბარებს გამოცდებს, შესაძლებელია მან მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება – გრანტი – სხვადასხვა პროცენტული მაჩვენებლით (ვთქვათ, 50%, 70%..), თუმცა ეთნიკურ უმცირესობებს ამის შესაძლებლობა არ აქვთ. 2010 წლიდან დღემდე მხოლოდ 100 აზერბაიჯანულენოვან და მხოლოდ 100 სომხურენოვან სტუდენტს შეუძლია მიიღოს სახელმწიფო გრანტი, რომელიც არის მხოლოდ სრული მოცულობის – 100%-იანი, რეიტინგული შედეგების მიხედვით. ყველა სხვა დანარჩენს კი ამგვარი სახელმწიფო დაფინანსების მიღება არ შეუძლია. წელს გამოცდების ცენტრის ახალმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ეს ოდენობა გაიზრდებოდა 2-ჯერ, ანუ მოიაზრება 200 აზერბაიჯანულენოვანი და 200 სომხურენოვანი მოსწავლე.
რა სახის წამოწყებები თუ პროგრამებია საჭირო ეთნიკური უმცირესობების ჩართულობისა და კულტურულ-ეთნიკური მრავალფეროვნების ხელშეწყობისთვის? უშუალოდ საუნივერსიტეტო სივრცეში თუ არსებობს მსგავსი საშუალებები, რომლებიც უფრო ეხმარება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ჩართულობას სწავლებაში?
ჩემი აზრით, ნებისმიერ სახელმწიფოში დემოკრატიულობის ხარისხი იზომება იმით, თუ რამდენად არიან ჩართული უმცირესობები, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა სახის. ვფიქრობ, რომ არაფორმალური განათლების პროგრამები ძალიან უწყობს ხელს ამ ხარისხის ზრდას. ძალიან სასარგებლო იქნება, რომ ამგვარ პროგრამებზე ხშირად ისაუბრონ ადამიანებმა, რადგან მათზე ინფორმაციის გავრცელება მხოლოდ ორ უნივერსიტეტში საკმარისი არ არის. თუ ამაზე ვილაპარაკებთ მეტს, შესაძლებელია სხვა უნივერსიტეტებმაც მიჰბაძონ. ზოგადად, ნებისმიერ კერძო ან სახელმწიფო დაწესებულებაში გარკვეულწილად უნდა დაინერგოს ისეთი მიდგომები, რომლებიც ნებისმიერი უმცირესობის წარმომადგენლისთვის გაზრდის შესაძლებლობებს და მათ თავს აგრძნობინებს ჩვენი საზოგადოების თანასწორუფლებიან წევრად.
ამ მხრივ მოხალისეობრივმა პროგრამებმა ნაყოფი გამოიღო. როდესაც მოხალისეებს გაცნობიერებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ და რამდენი ადამიანის კარიერულ განვითარებას შეიძლება შეუწყონ ხელი სხვადასხვა რეგიონში სტუმრობით, მათი ჩართულობაც უფრო შედეგიანია. ახლა შემიძლია გამოვყო “ტუტორიუმის” პროგრამა, რომელიც 2015 წლიდან მოქმედებს ილიაუნიში, ხოლო 2016 წლიდან – თსუ-ში; ეს USAID-ის მიერ დაფინანსებული ტოლერანტობისა და თანასწორობის პროგრამათაგანია. თსუ-ში ილიაუნის მსგავსი პროგრამა შევქმენით, მოვარგეთ თსუ-ს სტუდენტების საჭიროებებს, განსაკუთრებით – ეთნიკური უმცირესობებისას. ასეთ პროგრამაში მათ აქვთ ჩართულობის ძალიან დიდი შესაძლებლობა, რაზეც თქვენ მკითხეთ. მაგალითად, “ტუტორიუმის” პროგრამა მოიცავს სხვადასხვა თემატურ მიმართულებას, რომლებიც გამიზნულად, სხვადასხვა შინაარსის სავარჯიშოებით აცოცხლებს ენას. ანუ, თუ სტუდენტები ამბობდნენ, რომ, მაგალითად, ჰქონდათ ქართველებთან ქართულად საუბრის კომპლექსი, რადგან კარგად ვერ ფლობდნენ ენას, ახლა უშუალოდ უწევთ, რომ ასეთ მოცემულობაში გაიუმჯობესონ ეს უნარი; ოღონდ, ჰქონდეთ არა, ვთქვათ, ლექტორთან ან იერარქიულად მაღლა მდგომ პირთან ურთიერთობა, არამედ თავიანთ თანატოლ მასწავლებელთან, რომელსაც აღიქვამენ, როგორც მასწავლებელ-მეგობარს, და ეს ძალიან შედეგიანია. გარდა ამისა, ტუტორად ირჩევა გამოცდილი სტუდენტი, რომელიც მესამე-მეოთხე საფეხურზე სწავლობს და კარგად ერკვევა საუნივერსიტეტო სივრცეში – რა სტიპენდიებია, სად რა ღონისძიება იმართება, სად შეიძლება წაიყვანოს და რა აცნობოს ეთნიკური უმცირესობების სტუდენტებს. შესაბამისად, აქვთ უშუალო, ცოცხალი და ყოველმხრივი ურთიერთობა. ტუტორი და სტუდენტი, სულ მცირე, კვირაში ერთხელ პირისპირ ხვდებიან ერთმანეთს, აქვთ მიმოწერაც; შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს საუბრის კომპლექსი, აქედან გამომდინარე, ერჩივნოს მიმოწერა და მერე ნელ-ნელა დაძლიოს ეს გამოწვევა. ასეთი ჩართულობა ყველა თვალსაზრისით ზრდის მათს ქმედითობას. მაგალითად, მე როდესაც დავიწყე ამ პროგრამაზე მუშაობა, 2016 წელს, თუ შევადარებთ მაშინდელ ჩართულობასა და დღევანდელს, ძალიან განსხვავებულია. უფრო მეტიც, პირველ კურსზე ხომ ყოველთვის ეთნიკური უმცირესობების ახალი ნაკადი მოდის, – როდესაც მათთან იწყებენ ტუტორები მუშაობას, მეორე სემესტრში უკვე სრულიად სხვა მდგომარეობაა. ისინი გამოცოცხლებულნი და უფრო ქმედითნი არიან, ერთვებიან უამრავ ღონისძიებაში, ესწრებიან წვრთნებს, რომლებსაც ჩვენი ცენტრი სთავაზობთ არაფორმალური განათლების ჭრილში. მათ აქვთ საშუალება განივითარონ ის უნარები, რომლებიც სჭირდებათ კარიერული წინსვლისთვის. უფრო ზუსტად, გუნდური მუშაობის, წერის, მეტყველების, რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის შედგენის. ჩვენი ცენტრი ხელს უწყობს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ სტუდენტებს, ჩამოყალიბდნენ ჩართულ, ქმედით მოქალაქეებად და განავითარონ თავი ისეთი მიმართულებით, როგორიცაა, მაგალითად, პოლიტიკა, მცირე მეწარმეობა, გაეროს მოდელირება და სხვ.
რაც შეეხება ზოგადად საუნივერსიტეტო სწავლებაში ჩართულობას, როგორც დანარჩენ სტუდენტებს, ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებსაც ჩვეულებრივ შეუძლიათ ყველა კონკურსში მონაწილეობა, თუმცა ენობრივი ბარიერის გამო მათი წარმატების ალბათობა, ყველასაგან გაცნობიერებულად, შედარებით დაბალია, – ვგულისხმობ, მეორე კურსელი ქართულენოვანი სტუდენტი გაცილებით უფრო ძლიერი მეტოქეა, ვიდრე, მაგალითად, ახალქალაქის სოფელ დილისკაში მცხოვრები სტუდენტი, რომელსაც შეიძლება მხოლოდ ორიოდე გადამზადებაში მიეღო მონაწილეობა, ნაკლებად აქვს განვითარებული ენობრივი უნარები და არც კარგი სამოტივაციო წერილის წერა იცის. შესაბამისად, ასეთ საუნივერსიტეტო შეთავაზებებში, რომლებიც არ ითვალისწინებს რაიმე სახის კვოტას ეთნიკური უმცირესობებისთვის, მათი წარმატების შესაძლებლობა ნაკლებია. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს პოზიტიური დისკრიმინაციაა, მაგრამ ამ ჩართულობის ფონზე, ვთვლი, რომ მაინც საჭიროა. ხშირად თსუ-ში სტუდენტური საგრანტო კონკურსები ცხადდება, რომლებშიც საგულისხმოა, რომ ეთნიკური უმცირესობის სტუდენტები მონაწილეობენ მას შემდეგ, რაც ჩვენი არაფორმალური განათლების გადამზადების კურსებს გადიან. ისინი ხშირად წყვილდებიან ქართულენოვან სტუდენტთან და მერე ერთად იღებენ სტუდენტურ გრანტს. არაფორმალური განათლების სივრცე, რომელიც ახალგაზრდული ცენტრის სახით არის წარმოდგენილი თსუ-ში, მათ ხელს უწყობს, რომ შემდეგ სხვა საუნივერსიტეტო პროგრამებშიც მიიღონ მონაწილეობა. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტების ჩართულობის ხელშემწყობი პროგრამა თსუ-ში ჯერჯერობით სხვა არ მეგულება.
“ტუტორიუმის” პროგრამაზე ჩაგეკითხებით, თავად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტები რამდენად არიან დაინტერესებულნი სწავლებისას დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით?
ასეთი გამოცდილება გვაქვს, – ხდებიან ხოლმე ეს ადამიანები ტუტორები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გაცილებით დიდია მათი შემართება, ვინც თავადვე ისარგებლა “ტუტორიუმის” პროგრამით, თუმცა, სამწუხაროდ, არ გვაქვს ბევრი ასეთი შემთხვევა. ზოგადად, “ტუტორიუმისთვის” ძირითადად ვარჩევთ ძალიან მიზანსწრაფულ სტუდენტებს, რომლებიც პროგრამის სრულფასოვნად გავლისთვის მზად არიან. შერჩევის მეორე მსაზღვრელი ისაა, რომ თვითონ უნდა გააჩნდეს მომავალ ტუტორს კულტურათაშორისი მგრძნობელობა – თუ არის აზერბაიჯანულენოვანი, აუცილებლად მოუწევს სომხურენოვან ჯგუფთან შესვლა და მზად უნდა იყოს ამისთვის, არ უნდა იყოს უხერხულად.
გაცილებით ცოტა გვყავს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ტუტორი, მაგრამ ყველას, ვინც გვყავს, აუცილებლად აქვს რაიმე კარგი გამოცდილება ამ მოხალისეობრივი პროგრამისგან და ახლა თვითონაც სურს, რომ სხვებსაც ასარგებლოს. მაგალითად, შემიძლია გავიხსენო ვლადიმერი, რომელიც მეორე წელია უკვე ტუტორია. ეთნიკურად ბერძენია, მაგრამ სომხურენოვანი გამოცდა ჩააბარა (დედა ჰყავს სომხურენოვანი). ვლადიმერი უკვე მეორე წელია ეხმარება სტუდენტებს, არა მხოლოდ ტუტორისთვის გათვალისწინებულ დავალებებში, არამედ იქაც, სადაც ხედავს, რომ შეიძლება დახმარება და ისურვებდა რომ თავადაც დახმარებოდნენ. ყოველთვის, აწ უკვე მეორე წელია, ისეთ ადამიანებს ურჩევს ამ პროგრამაში ჩართვას, ვისზეც იცის, რომ გარკვეულწილად ასარგებლებს სხვებსაც. საკუთარი გამოცდილების გაზიარება ძალიან მოქმედებს ხოლმე და ჩვენი ასეთი წარმომადგენლები ძალიან დიდად ეხმარებიან პროგრამას.
რა გავლენას ახდენს კულტურის გათვალისწინებით პედაგოგიკის/სწავლების ხელმისაწვდომობა ეთნიკური უმცირესობების სასწავლო გამოცდილებაზე?
პედაგოგიკა კულტურის გათვალისწინებით ტუტორების გადამზადების პროგრამის ნაწილია, რადგან ისინი უნდა იყვნენ მზად განსხვავებულ კულტურულ, ეთნიკურ, რელიგიურ გარემოში მთელი ერთი წლის გასატარებლად, ნაყოფიერად მუშაობისთვის. შეიძლება მომავალ ტუტორებს არც კი ჰქონდეთ ასეთი გამოცდილება, მაგრამ როდესაც ტუტორებად ვამზადებთ არაფორმალური განათლების კუთხით, ჩვენ სწორედ კულტურაზე მორგებულ სწავლებაზე ვამახვილებთ ყურადღებას. ამისათვის ვიწვევთ გამოცდილ ადამიანებს, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ. მომავალ ტუტორს ასევე სჭირდება, მაგალითად, გუნდური მუშაობის უნარი. აქაც კი, შინაარსობრივადაც და სესიის დაგეგმვის დროსაც გათვალისწინებულია კულტურაზე მორგებული პედაგოგიკა.
ცალკე, ზოგადად, თსუ-ში არსებობს მიმართულება – მულტილინგვური განათლება, რომელიც მოიცავს საგანს – ინტერკულტურული განათლების მეთოდები. ეს უკანასკნელი სწორედ კულტურაზე მორგებული პედაგოგიკის მეთოდებით ისწავლება. მე ამ საგნის ლექტორი გახლავართ რამდენიმე წელია. იგი მომავალი ორენოვანი მასწავლებლებისთვისაა სავალდებულო, რომელთაც თვითონაც მოუწევთ ურთიერთობა მსგავს ადამიანებთან და, მე რამდენადაც ვიცი, ასეთი შინაარსის საგნები სხვა სტუდენტებისთვის არჩევითად ნაკლებად არის ხელმისაწვდომი. თუმცა, საგულისხმოა, ტუტორებისთვის განსაზღვრულია და უფრო მეტიც, ყურადღება გამახვლებულია სწორედ კულტურაზე მორგებული პედაგოგიკით მათ გადამზადებაზე შინაარსობრივი და უნარების გაუმჯობესების თვალსაზრისით.
უმაღლესი განათლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხურია ადამიანის ჩამოყალიბებასა და, ზოგადად, ცხოვრებაში. მას შეუძლია განსაზღვროს, რამდენად წარმატებულად დაიმკვიდრებს ადამიანი ადგილს საზოგადოებაში. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა, რა მნიშვნელობა ენიჭება უნივერსიტეტს ეთნიკური უმცირესობების საზოგადოების სრულყოფილ წევრად ჩამოყალიბებაში, საზოგადოებრივ თვითდამკვიდრებაში?
კი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უნივერსიტეტს და, შეიძლება ითქვას, რომ გარდამტეხიც. მაგალითად, სტუდენტებს, რომლებიც ჩემთან მოსამზადებელ პროგრამაზე იყვნენ, ვაკვირდები, თუ რას და როგორ აქვეყნებენ სოციალურ ქსელში, რა დამოკიდებულებას ავლენენ ან რომელ ენაზე წერენ. ეს ყველაფერი იმის მაჩვენებელია, რამდენად შეცვლილია მათი შეხედულებები იმასთან შედარებით, როდესაც ისინი ახალი მოსულნი იყვნენ უნივერსიტეტში და ჯერ კიდევ არ იყვნენ ჩართულნი. ეს დამოკიდებულებების ცვლილება, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყოველთვის არის ხოლმე კარგი, ჩართულობისკენ მიმართული და კულტურულად უფრო მეტად მიმღებლური. ადამიანი, რომელიც საერთოდ ვერ მეტყველებდა ქართულად, ახლა უმეტესწილად სოციალურ ქსელში ქართულად წერს, იზიარებს იმ სულისკვეთებას, რომელიც ქართველი ახალგაზრდების უმეტესობას აქვს. მაგალითად, ახლახან რომ იყო ევროპის ჩემპიონატის ფეხბურთის მატჩები და ყველგან გულშემატკივრობდნენ საქართველოს ნაკრებს, ძალიან სასიამოვნო და საინტერესო იყო დაკვირვება, თუ რას აზიარებდნენ ეთნიკური უმცირესობების სტუდენტები, როგორ ელოდნენ და ემზადებოდნენ თითოეული შეხვედრისთვის, გულშემატკივრობდნენ საქართველოს ნაკრებს… ამ ეროვნულ სულისკვეთებაში მათი ასეთი ჩართულობა ცალსახად მანიშნებელი იყო იმისა, რამდენად აღიქვამდნენ საკუთარ თავსა თუ ეთნოსს ქართული სახელმწიფო იდენტობის ნაწილად.