ავტორი: თეკლე კეკენაძე
რედაქტორი: ბექა იობიძე
კორექტორი: ნუცა სეხნიაშვილი
რამდენიმე ათწლეულის წინ ინტერნეტგავრცელების აღმავლობასთან ერთად ელექტრონული კომერციის (ელ. კომერცია) სახით მსოფლიოს ახალი ინდუსტრია შეემატა, რომელიც დღემდე საკმაოდ მზარდი სიჩქარით ვითარდება. ელექტრონული კომერციის მეშვეობით, უამრავი ნაწარმითა და მომსახურებით ვაჭრობა სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტისა და კომპიუტერული ქსელების დახმარებით გახდა შესაძლებელი.
ელექტრონული კომერციის ასეთი აღმავლობა გამოწვეულია ამ ინდუსტრიის ისეთი მახასიათებლებით, რომლებმაც მომხმარებლებისთვის უფრო გაამარტივეს ე.წ. „შოპინგის“ გამოცდილება, კერძოდ კი:
- ვინაიდან ელ. კომერციის ინდუსტრიაში ნაწარმი და მომსახურება ინტერნეტქსელების საშუალებითაა ხელმისაწვდომი, ბიზნესები არ არიან გეოგრაფიული საზღვრებით შეზღუდულნი. ეს კი სასარგებლოა როგორც მომხმარებლებისთვის, ვისთვისაც ხელმისაწვდომი ხდება უფრო მრავალფეროვანი საქონელი, ასევე, კომპანიებისთვის, რომლებისთვისაც ბაზარი მსოფლიო მასშტაბით იხსნება.
- ელექტრონული კომერციის ინდუსტრიას, მომხმარებელთა შემოდინების პარალელურად, მონაცემთა დიდ ბაზებზე აქვს წვდომა. მათზე დაყრდნობით კომპანიები სწავლობენ მომხმარებელთა ქცევასა და სურვილებს. ამგვარად, ამ მონაცემების დამუშავება, გარდა იმისა, რომ ინდივიდზე მორგებული მარკეტინგის საშუალებას იძლევა, ასევე, მოთხოვნის ანალიზის საფუძველზე კომპანიებს უმარტივებს მარაგების მართვასა და ნაბიჯების ხელსაყრელად დაგეგმვას.
- ტრადიციული მაღაზიებისგან განსხვავებით, ელექტრონული კომერციის ინდუსტრია არ არის სამუშაო საათებით შეზღუდული. ამგვარად, მომხმარებლებს შეუძლიათ დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეუკვეთონ სასურველი ნაწარმი. ეს კი ბიზნესებისთვის ზრდის შესაძლო გაყიდვების რაოდენობას.
- ელექტრონული კომერციის ინდუსტრია საკმაოდ კონკურენტული სივრცეა. შესვლის დაბალი ბარიერებით ახალი მოთამაშეები ბაზარზე მარტივად ჩნდებიან. შესაბამისად, არსებული მომხმარებლების შესანარჩუნებლად და ახლების მოსაზიდად კომპანიებს მუდმივად სჭირდებათ სიახლეებს მორგება, მათი დანერგვა და ხელსაყრელი გეგმის შემუშავება. ეს კი კარგად აისახება ბაზარზე შეთავაზებული საქონლისა და მომსახურების მრავალფეროვნებაზე, რაც, თავის მხრივ, მომხმარებელს აძლევს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას.
მსოფლიოში ელექტრონული კომერციის ინდუსტრიის განსაკუთრებით მზარდი მაჩვენებელი 2019 წლის მომდევნო პერიოდში, კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების შედეგად, შეინიშნა. კერძოდ კი, 2017-2022 წლებში ელ. კომერციის მსოფლიო ინდუსტრიის გაყიდვები საშუალო წლიური 9%-ით იზრდებოდა. ამ სტატისტიკის კვალდაკვალ, საქართველოში ელექტრონული კომერციით დაგროვებული შემოსავალი 2017 წლისთვის 181.84 მილიონ დოლარს, ხოლო 2022 წლისთვის კი 540.99 მილიონ დოლარს უტოლდებოდა. აღნიშნული ამ 6-წლიან მონაკვეთში ყოველ წელს საშუალოდ 20%-ით იზრდებოდა. ასეთი ზრდის მიუხედავად, ქვეყანაში ელექტრონული გაყიდვების წილი საცალო გაყიდვებში მხოლოდ 1.1%-ს შეადგენდა, ხოლო ევროპის განვითარებული ქვეყნებისთვის იგივე მაჩვენებელი 12%-ს უტოლდება. შესაბამისად, მსოფლიო კომერციის სწრაფი ზრდის ფონზე, საქართველოში იგი უფრო შეფერხებულად მიმდინარეობს, რაც უცილობლად საჭიროებს ჩვენი ქვეყნის ბაზრის შემდგომ განვითარებას.
საქართველოში ელ. კომერციის სამომავლო წინსვლისთვის მნიშვნელოვანი იქნება ამ ინდუსტრიის ძირითადი მამოძრავებელი ძალებისა და მათში არსებული „ხვრელების“ აღმოჩენა. მათი შეფასება და გაანალიზება საშუალებას მისცემს ბაზრის მოთამაშეებს, გონივრული ხერხებით გააუმჯობესონ დღევანდელი მდგომარეობა; ამასთან, განავითარონ თავიანთი ბიზნესი, მიიღონ მეტი სარგებელი და ამავდროულად მომხმარებლებისთვის გაამარტივონ ინტერნეტვაჭრობა.
ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად მნიშვნელოვანია ქვემოთ ჩამოთვლილი (და არა მხოლოდ) საკითხების გათვალისწინება:
- თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა – იმისათვის, რომ ინტერნეტვაჭრობა მოსახლეობის ფართო მასებისთვის იყოს ხელმისაწვდომი, პირველ რიგში, აუცილებელია ქვეყანაში ინტერნეტკავშირის მაღალი მაჩვენებელი. მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის მონაცემებით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 88%-ს ჰქონდა ხშირი წვდომა ინტერნეტთან, გეოგრაფიული თვალსაზრისით გადანაწილება არათანაბარია. კერძოდ, სხვა რეგიონებისაგან განსხვავებით ინტერნეტთან წვდომის შედარებით მაღალი მაჩვენებელი შეინიშნებოდა თბილისში, აჭარასა და ქვემო ქართლში. ამასთან, სტატისტიკა განცალკევებით არ ასახავს მაღალმთიანი რეგიონების ნამდვილ სურათს, სადაც ინტერნეტიზაცია დიდი პრობლემაა.
- სავარაუდო მომხმარებლების ამოცნობა – იმისათვის, რომ ადამიანმა შეძლოს ელ. კომერციის ინდუსტრიისთვის ფეხის აწყობა, მნიშვნელოვანია, მას გააჩნდეს საკუთარი შემოსავალი და თანამედროვე ტექნოლოგიებს მარტივად იყენებდეს. ევროსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, 2022 წელს ელ. კომერციის ინდუსტრიისთვის სამიზნე ჯგუფს 25-34 წლის ადამიანები წარმოადგენდა. 2022 წლის ბოლოსთვის საქართველოში აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიას 503.8 ათასი ადამიანი განეკუთვნებოდა. თუმცაღა, იმისათვის, რომ თითოეულმა კომპანიამ განსაზღვროს საკუთარი სამიზნე ჯგუფი, აუცილებელია ამ ორ მხარესთან ერთად გაითვალისწინოს შეთავაზებული ნაწარმისა თუ მომსახურების ძირითადი მახასიათებლებიც. მაგალითისთვის, თუ კომპანია ინტერნეტით ვაჭრობს შინაური ცხოველებისთვის შექმნილი ნივთებით, მაშინ გასათვალისწინებელი იქნება ისეთი ადამიანების რიცხვიც, რომლებიც პატრონობენ შინაურ ცხოველებს.
- ბაზარზე არსებული კომპანიების რაოდენობისა და მათ მიერ შეთავაზებული ნაწარმის ზედამხედველობა – დღეს ბაზარზე არსებული ინტერნეტმაღაზიები 2 ძირითად ჯგუფად იყოფიან:
- ფიზიკური მაღაზიის მფლობელი დიდი და საშუალო კომპანიები, რომლებიც მომხმარებლებს თავიანთ საქონელს ელექტრონულადაც სთავაზობენ; მაგალითად, საქართველოში ასეთებია: „ზუმერი“, „თაიმი“ და სხვა. ამ კომპანიებთან კონკურენცია საკმაოდ რთულია, ვინაიდან ისინი მომხმარებლის თვალში ძირითადად სანდო ბრენდებს წარმოადგენენ. ამასთან, ნაწარმის ნაირსახეობის გათვალისწინებით, ზოგიერთი მომხმარებელი შესაძლოა ტრადიციულ მაღაზიას ანიჭებდეს უპირატესობას, სადაც შეძლებს არჩეული ნივთი ადგილზე ნახოს, შეეხოს და ა.შ.
- სრულიად ვირტუალური მაღაზიები, რომელთა მომხმარებლებსაც არ შეუძლიათ მივიდნენ მაღაზიაში და იქ აარჩიონ სასურველი ნივთი. ასეთი კომპანიების რაოდენობა საქართველოში ჯერ კიდევ მცირეა, თუმცაღა ბაზარზე ახალი მოთამაშეები თანდათანობით ჩნდებიან და საკმაოდ სწრაფად ვითარდებიან. მათი მთავარი ამოცანაა, მომხმარებლებმა სახლიდან გაუსვლელად შეძლონ ნაწარმის შეძენა ან/და მომსახურების მიღება. ამ დროს კი მომხმარებლისთვის დამატებითი სარგებელი ერთ ინტერნეტსივრცეში ყველაფრის შეძენის შესაძლებლობაა. მაგალითისთვის, თუ მას სურს შეიძინოს მაისური და ფეხსაცმელი, უფრო სავარაუდოა, ის ორივე ნივთს ერთსა და იმავე ვებგვერდზე შეუკვეთს, ვიდრე ის, რომ 2 სხვადასხვა წყაროს მიმართავს. ამიტომაც, წარმატებული ინტერნეტვაჭრობისათვის ერთ-ერთი ამოცანა ერთგული მომხმარებლების ბაზის შექმნაა. თუმცაღა, არსებობს სხვა არჩევანიც, რომელიც ერთდროულად ორივე, ფიზიკური და ინტერნეტმაღაზიების მძლავრ კონკურენტად მოიაზრება. ესაა ბაზარზე ხელმისაწვდომისგან განსხვავებული საქონლის შეთავაზება მომხმარებლისთვის. მაგალითისთვის, რამდენიმე წლის წინ წარმატებით იმუშავა სტრატეგიამ, როდესაც ინდივიდუალურმა მეწარმეებმა, სოციალური ქსელის მეშვეობით, ხელნაკეთი აქსესუარებით ვაჭრობა დაიწყეს, რაც იმ დროისთვის საქართველოს ბაზარზე სიახლე იყო და საკმაოდ დიდი გამოხმაურება დაიმსახურა.
- მიწოდების ჯაჭვის შექმნა – მიწოდების ჯაჭვი ორ ძირითად რგოლად იყოფა,- ესაა კომპანიის მიერ ნაწარმის შექმნა / დასაწყობება და შეკვეთის მომხმარებლისთვის მიწოდება.
- ნაწარმის შექმნა / დასაწყობება – ამ მხრივ, კომპანიებს შეუძლიათ მიმართონ ე.წ. Just in case (JIC) ან Just in time (JIT) მიდგომას.
Just in case მიდგომა გულისხმობს ვებგვერდზე განთავსებული საქონლის წინასწარ დასაწყობებას, რაც კომპანიებს უადვილებს, რომ იგი შეკვეთის მიღებისთანავე მომხმარებელთან გაგზავნოს. ამას ძირითადად ისეთი ბიზნესები იყენებენ, რომლებიც მრავალი სახის ნაწარმით არ ვაჭრობენ ან/და გააჩნიათ ფიზიკური მაღაზიები. მაგალითისთვის განვიხილოთ მაღაზიათა ქსელი „თაიმი“, რომელიც ზემოთ მოცემულ ორივე ნიშანს აკმაყოფილებს. კომპანიის მიმართულება საათებითა და სხვა მსგავსი ნივთებით ადგილზევე და ელექტრონული სახით ვაჭრობაა. შესაბამისად, აქ მომუშავე ადამიანს შეუძლია ინტერნეტშეკვეთის მიღებისთანავე მაღაზიის დახლიდან აიღოს, შეფუთოს ნაწარმი და გააგზავნოს მომხმარებელთან.
იმისათვის, რომ კომპანიამ წარმატებულად გამოიყენოს JIC მიდგომა, არაა აუცილებელი ზემოთ მოცემულ 2 მახასიათებელს აკმაყოფილებდეს, – მომხმარებელს საქონლის ვიწრო არჩევანს სთავაზობდეს ან/და გააჩნდეს ფიზიკური მაღაზიებიც. მაგალითისთვის, კომპანია „ველი სთორს“, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა, მრავალფეროვან ნაწარმს მხოლოდ ელექტრონულად სთავაზობს, მთლიანად დასაწყობებული აქვს საიტზე წარმოდგენილი შეთავაზებული საქონელი.
ზემოაღნიშნულისაგან განსხვავებით, just in time მიდგომა გულისხმობს იმას, რომ კომპანია თავის მარაგებს არ ასაწყობებს და მხოლოდ მაშინ იწყებს საქონლის „მომზადებას“, როცა კი შეკვეთას მიიღებს. ეს, თავის მხრივ, ზრდის შეკვეთის მომხმარებლისთვის მიწოდების დროს, თუმცაღა არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული მიდგომა აუცილებლად ცუდ გავლენას ახდენს მთლიანად მიწოდების ჯაჭვზე. პირიქით, ზოგიერთ შემთხვევაში, კომპანიის გამართულად მუშაობისთვის და ნაწარმის მახასიათებლების გათვალისწინებით გამართლებულიც შეიძლება იყოს. მაგალითისთვის, კვების ობიექტები უმეტესწილად შეკვეთის მიღებისას იწყებენ კერძის მომზადებას და მხოლოდ დასრულების შემდგომ აგზავნიან მიღებულ „პროდუქტს“ მომხმარებელთან.
- მიწოდების ჯაჭვის მეორე რგოლის შესაკრავად, საბოლოო მომხმარებლისთვის საქონლის მისაწოდებლად, კომპანიები შემდეგი სამი გზიდან ერთს ან რამდენიმეს მიმართავენ: (1) შიდა საკურიერო მიწოდება, (2) კერძო საკურიერო კომპანიების მომსახურება, (3) სახელმწიფო ფოსტა.
შიდა საკურიერო მომსახურება კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს თვითონვე დაგეგმონ გრაფიკი და უფრო სწრაფად მიაწოდონ მომხმარებელს შეკვეთილი ნაწარმი. მაგალითისთვის, „ველი სთორი“ ამ მიდგომით ახერხებს მომხმარებლის მიერ წინასწარ არჩეულ დროის შუალედში მიწოდებებას.
მიწოდების მეორე გზა, კერძო საკურიერო მომსახურება, კომპანიებს ათავისუფლებს დამატებითი თანამშრომლების აყვანისა და გადასაადგილებელი საშუალების შეძენისაგან. თუმცაღა ამგვარად, სავარაუდოა, ნაწარმის მომხმარებლისთვის მიწოდებას იმდენად ჩქარა ვეღარ მოახერხებენ, როგორც ეს პირველ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი. ამის საპირწონედ, კერძო საკურიერო მომსახურება დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში უფრო დიდი არეალის დაფარვის საშუალებას იძლევა.
რაც შეეხება მესამე გზას – სახელმწიფო ფოსტას, ამ შემთხვევაში მიწოდების საფასური საგრძნობლად იაფია, თუმცა იგი დროში უფრო მეტად იწელება.
- სახელმწიფო რეგულაციების გათვალისწინება – საქართველოში ბიზნესის დაწყება საკმაოდ მარტივია. პირველი საფეხური ბიზნესის რეგისტრაციაა, რაც მხოლოდ ერთ სამუშაო დღეს მოითხოვს. რეგისტრაციისას საჭიროა ყველა მოთხოვნილი დოკუმენტის, მათ შორის სექტორისთვის აუცილებელი ლიცენზიის, წარდგენა. თუმცაღა საქართველოში ელექტრონული კომერციის ბიზნესისთვის არ არის დამატებითი ნებართვის მოპოვება აუცილებელი, რაც კიდევ უფრო ამარტივებს ბიზნესის რეგისტრაციისთანავე საქმიანობის დაწყებას. რაც შეეხება შემდგომ საფეხურს, ბიზნესის მუშაობას, აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ივლისიდან საქართველოში ამოქმედდა ახალი კანონი „ელექტრონული კომერციის შესახებ“. საქართველოს პარლამენტი ევროკავშირთან აღებული ვალდებულებების საპასუხოდ და სფეროს განვითარების ხელშესაწყობად აღნიშნულ კანონპროექტზე 2016 წლიდან მუშაობდა. ამ უკანასკნელის მთავარ მიზანს კი ელექტრონული კომერციის ინდუსტრიის ბაზრის ხელშეწყობა წარმოადგენს, რომელიც, თავის მხრივ, ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს:
- მიმწოდებლების უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრა – მოცემული კანონი კომპანიებისთვის ერთგვარი გზამკვლევია მათი ინტერნეტსივრცის სწორად მუშაობისთვის. კერძოდ კი, ის ავალდებულებს ონლაინბიზნესებს ზედმიწევნით ჰქონდეთ გაწერილი ე.წ. „ელექტრონული ხელშეკრულება“, რომელიც წარმოადგენს მომხმარებელთან გაფორმებულ დოკუმენტს და მოიცავს შეთავაზებული საქონლისა თუ მომსახურების პირობების სრულ აღწერილობას. გარდა ამისა, ქართულ ბაზარზე მომუშავე ბიზნესი ვალდებულია ნაწარმს აუცილებლად დაურთოს ფასი, ხოლო მისი აღწერილობა საიტზე განათავსოს ქართულ ენაზე. დამატებით, კანონში გაწერილია მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის შენახვის, დაცვისა და გამოყენების წესებიც.
- მომხმარებელთა უფლებების დაცვა – იმისათვის, რომ კომპანიებმა მომხმარებლების წინაშე თავიანთი ვალდებულებები კეთილსინდისიერად შეასრულონ, საქართველოს პარლამენტმა მარეგულირებლის როლი კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიანიჭა. სააგენტო უფლებამოსილია მომხმარებლის უფლებების დარღვევის შესახებ გამოძიება დაიწყოს 3 მიზეზიდან გამომდინარე:
- თუ მომხმარებელი თავად განაცხადებს ასეთი ფაქტის შესახებ;
- თუ სააგენტოს სხვა წყაროებისგან ექნება ინფორმაცია, რომ რომელიმე სუბიექტი არღვევს მომხმარებლის უფლებებს;
- თუ სააგენტოს ექნება გონივრული ვარაუდი, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დაირღვა ან/და ირღვევა მომხმარებლის უფლებები.
თუ ასეთი გამოძიებით დადასტურდება კომპანიის მიერ კანონდარღვევა, სააგენტო უფლებამოსილია მას გარკვეული პასუხისმგებლობა დააკისროს, რომელიც გულისხმობს მომხმარებლის დარღვეული უფლებების აღდგენასა ან/და აკრძალული ქმედების შეწყვეტას. შეუსრულებლობის შემთხვევაში კომპანიას დაეკისრება ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური ბრუნვის 2%-ისა.
თუმცაღა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული კანონი უფრო მეტად ზოგადი დებულებების კრებულს წარმოადგენს და, მისი ამოქმედების მიუხედავად, ინდუსტრიაში ჯერ კიდევ რჩება მრავალი ბუნდოვანი საკითხი. მათ შორის, არაა ნათელი, თუ რომელი ორგანო გააკონტროლებს ბაზარს იმისათვის, რომ მან სამართლიანად იმუშაოს. ამასთან, კანონმდებლობა დუმს საერთაშორისო ტრანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებით და არ ასახავს რაიმე მიდგომას ან/და პირობებს, რომელთა მიხედვითაც უნდა იმოქმედონ კომპანიებმა ასეთი შემთხვევების დროს.
საქართველოს ელექტრონულ კომერციას განვითარების დიდი შესაძლებლობა აქვს. ამ ინდუსტრიაში შესვლის ბარიერები საკმაოდ დაბალია. ამასთან, ბაზარზე ჯერ კიდევ ცოტა კომპანია მოქმედებს და, შესაბამისად, კონკურენცია არც თუ ისე მაღალია. გარდა ამისა, ჩვენს ქვეყანაში აღნიშნული ინდუსტრია არაა მკაცრად რეგულირებული, რაც ბიზნესსაქმიანობას კიდევ უფრო თავისუფალს ხდის და ამარტივებს. ამის მიუხედავად, საქართველოში მომუშავე ელ. კომერციის კომპანიებისთვის სხვა ისეთი პრობლემები რჩება, რომელთა გადაჭრაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბაზრის განვითარებისათვის. კერძოდ კი, ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში, განსაკუთრებით მაღალმთიან ნაწილში, ახალ ტექნოლოგიებთან შეზღუდული წვდომა დიდი გამოწვევაა. ამასთან, მნიშვნელოვანია სიახლეებისადმი სკეპტიკურად განწყობილი მოსახლეობის საკითხში გაცნობიერება და მათი ნდობის მოპოვება ინტერნეტვაჭრობის მიმართ. ცხადია, ამ პრობლემების აღმოფხვრა დროთა განმავლობაში გახდება შესაძლებელი. აღნიშნული კი უკვე დაწყებულია, რასაც სტატიაში მიმოხილული ცნობები მოწმობს.
გამოყენებული ლიტერატურა:
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. საქართველოს კანონი ელექტრონული კომერციის შესახებ (ივნისი, 2023). https://matsne.gov.ge/ka/document/view/5825902?publication=0
საქართველოს ელექტრონული კომერციის ასოციაცია. ახალი კანონი ელექტრონული კომერციის შესახებ (ივნისი, 2022). https://www.eca.ge/newspost.php?p_id=126
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. როგორ დავიწყო ბიზნესი? – გზამკვლევი. https://www.economy.ge/uploads/gzamkvlevi/Business_Guide-_2013.pdf
სტატისტიკის ეროვნული სამსახური. https://www.geostat.ge/ka
Beroshvili, Tamta, Mariam Tsintsabadze, and Irine Kvakhadze. E-Commerce in Georgia (August, 2023). https://tbccapital.ge/static/file/202308180748-e-commerce_eng_08.2023.pdf
Eurostat. E-commerce statistics for individuals (February, 2023). https://ec.europa.eu/eurostat/statistics-explained/index.php?title=E-commerce_statistics_for_individuals#:~:text=In%202022%2C%20The%20individuals%20aged,of%20e%2Dshoppers%20in%202022
Statista. eCommerce – Georgia. https://www.statista.com/outlook/dmo/ecommerce/georgia#revenue
Statista. Retail e-commerce sales worldwide from 2014 to 2026. https://www.statista.com/statistics/379046/worldwide-retail-e-commerce-sales/