რედაქტორი: ბექა იობიძე
კორექტორი: მარიამ გორდაძე
მდევარი, თბილისი, 2024
წინათქმა
პოლიტიკურ იდეოლოგიათა განყენებულად გააზრება და ანალიზი აზრსმოკლებულია,- ლიბერალიზმი, კონსერვატიზმი, სოციალიზმი, ფაშიზმი და სხვა ნებისმიერი იდეოლოგია გადის კონკრეტული სახელმწიფოს ისტორიის, კულტურისა და აწმყოს ერთგვარ ,,ფილტრს“. ამგვარი გზა გაიარა სოციალიზმმა საქართველოში.
სოციალ-დემოკრატები და ჟორდანიას იდეოლოგია იქცა გამორჩეულ შემთხვევად სოციალიზმის ისტორიაში. ვფიქრობ, მე-19-მე-20 საუკუნეებში ჩამოყალიბებულმა ქართულმა სოციალიზმმა განსაზღვრა სამომავლო ბედი ამ მემარცხენე იდეოლოგიისა. სოციალ-დემოკრატების შემდეგ სოციალისტურ პარტიად მოგვევლინა ,,საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მემარჯვენე-ცენტრისტული ხედვის მქონე, სწორედ ,,საქართველოს მოქალაქეთა კავშირისაგან“ მოდის; და ბოლოს, ,,ქართული ოცნება“, რომელიც ასევე გვესახება, როგორც სოციალ-დემოკრატიული იდეოლოგიის მქონე პარტია. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა სოციალიზმის გარდაქმნა დროის განმავლობაში, რაც სრულყოფილად ეხმიანებოდა ქართული სინამდვილის ცვლილებას. ასევე მნიშვნელოვან საკითხად მეჩვენება თავად ქართველი საზოგადოების ქცევის საკმაოდ უჩვეულო მახასიათებელი: ხელისუფლების სადავეებში მოგვყავს მემარცხენე ძალები, მაშინ, როცა ნაკლებად მახსენდება მოვლენა თუ მოვლენათა მიმართ საპასუხო ქმედება, რომელიც ხაზს გაუსვამდა მოსახლეობის სოციალისტურ განწყობებსა და ღირებულებებს.
მანამ, სანამ ქართულ სოციალიზმზე ვიმსჯელებდით, საჭიროა ამ მემარცხენე იდეოლოგიის ზოგადი ფასეულობებისა თუ მიმართულებების განხილვა. ტერმინი პირველად ბრიტანეთში გამოიყენეს 1827 წელს, ჟურნალ „The Co-operative Magazine“-ის ერთ-ერთ ნომერში. თავდაპირველად სოციალიზმი წარმოიშვა იმ საზოგადოებრივი და ეკონომიკური პირობების საწინააღმდეგოდ, რომლებიც ინდუსტრიული კაპიტალიზმის ზრდამ გამოიწვია (ჰეივუდი, 2004, 120-122). სოციალისტები ებრძოდნენ კაპიტალისტების მიერ მუშათა კლასის (პროლეტარიატის) მიმართ ძალადობას, არაადამიანურ პირობებს, რომლებშიც მოქალაქეებს უწევდათ მუშაობა და სარჩოს მოპოვება.
როცა ვითარება, ასე თუ ისე, გამოსწორდა, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ სოციალიზმმა დაიწყო სახეცვლილება, რაც გამოიხატა იდეოლოგიის მიმდევართა ორ ბანაკად დაყოფაში: ერთნი, ცვლილებათა შედეგისმომტან გზად მიიჩნევდნენ რევოლუციას და მხარს უჭერდნენ სახელმწიფოს მეტად მკვეთრ და ძირეულ ჩარევას ეკონომიკაში (ეს ფრთა საკუთარ თავს ,,კომუნისტურს“ უწოდებდა); ხოლო მეორე ბანაკი, რეფორმატორი სოციალისტები, ემხრობოდნენ ევოლუციურ განვითარებასა და სახელმწიფოს სათავეში არჩევნების გზით მოსვლას, საკუთარ თავს ,,სოციალ-დემოკრატებს“ უწოდებდა (ჰეივუდი, 2004, 123).
რუსეთი კომუნიზმისა და რევოლუციის გზას დაადგა, მაშინ, როცა სოციალიზმის ,,მამა“ – მარქსი – და მოგვიანებით კაუცკი საუბრობდნენ კაპიტალის მნიშვნელობაზე: ,,მანამ, სანამ ქვეყანას არ შეუძლია უკაპიტალოდ არსებობა, სანამ ზოგიერთი მიზნისათვის საჭიროა მისი დახმარება, იგი უნდა ცდილობდეს, რომ არ დააფრთხოს კაპიტალი. ასეთ ქვეყანაში მთავრობამ უარი უნდა თქვას კონფისკაციის პრინციპზე და განახორციელოს ანაზღაურებისა და გამოსყიდვის პრინციპი“ (მუჯირიშვილი, 1990, 9). უკაპიტალო, უკიდურეს შეჭირვებაში მყოფ რუსეთში კომუნიზმმა რა შედეგებიც მოიტანა და, საბოლოო ჯამში, უტოპიური იდეა რომ აღმოჩნდა, ეს საბჭოთა კავშირის დანგრევამაც ცხადყო.
ასევე, ნიშანდობლივი და ქართული სოციალიზმისათვის განსაკუთრებულად საინტერესოა სოციალიზმის გავრცელების პრინციპი კოლონიურ სახელმწიფოებში. ამ სივრცეში სოციალისტური იდეა კლასების ჩაგვრის შესახებ ითარგმნა ცენტრის მიერ დაქვემდებარებულის დაკნინების იდეად. სწორედ ამან შესძინა სოციალიზმს ნაციონალიზმის ელფერი, რაც თავისთავად გამორჩეული მოვლენაა, ვინაიდან ორი სრულად საწინააღმდეგო რამ შეერწყა ერთმანეთს. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ კოსმოპოლიტური სოციალიზმისათვის მუდმივად პრობლემა იყო ნაციონალიზმის საკითხის არსებობა, ნაციონალიზმისა, რომელმაც მე-19 საუკუნეში მთელი დასავლეთი მოიცვა და ყველაზე გავრცელებულ იდეოლოგიად იქცა. საქართველოშიც სწორედ ამგვარად დაიბადა სოციალიზმი – როგორც პასუხი რუსული კოლონიური მმართველობისა.
ქართული სოციალიზმი ნაციონალიზმის ჩრდილქვეშ
საქართველოს სოციალ-დემოკრატებს, ბუნებრივია, არ გაუზიარებიათ რევოლუციონერთა მოსაზრებები. მეტიც, ნოე ჟორდანია და, ზოგადად, მესამე დასი განსაკუთრებული შემთხვევაა სოციალიზმის ისტორიაში. ეს, უპირველეს ყოვლისა, გამომდინარეობს საქართველოს ისტორიისა და იმ ფაქტისაგან, რომ ეროვნული მოძრაობა წამოიწყეს თერგდალეულებმა. 1880-იან წლებში, როცა რომანოზ ფარცხავამ, გიორგი ზდანოვიჩ-მაიაშვილმა და სხვებმა პირველად გამოაქვეყნეს წერილები, რომლებშიც ხსნიდნენ სოციალიზმის ძირითად ღირებულებებსა და იდეებს, საქართველოში უკვე ცხადი იყო კოლონიალიზმიდან მომდინარე საზოგადოებრივი უთანასწორობის, კუთხური დაყოფის, მრავალეთნიკურობის არსებობა (ჯონსი, 2007, 44-45).
თავდაპირველი პასუხი ამ პრობლემებზე იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, სულით ხორცამდე ნაციონალისტური და ეროვნული ძალის, შექმნა. ამგვარი განწყობა იმდენად ძლიერი გახლდათ, ჯერ კიდევ 1865 წელს აღნიშნა ნიკო ნიკოლაძემ, რომ ქართველი ინტელიგენცია ნაციონალიზმის სულით იყო განმსჭვალული. ეს ის საფუძველია, რომელზეც დაშენდა სოციალ-დემოკრატია და, შესაბამისად, ეროვნული ბიძგის უგულებელყოფა და არარსებობა წარმოუდგენელიც იყო ქართული სოციალიზმისათვის. მეტიც, 1908 წელს აკაკი ჩხენკელი, სოციალ-დემოკრატთა ერთ-ერთი მეთაური, მკითხველს ახსენებდა, რომ ქართველი სოციალ-დემოკრატიული ინტელიგენციის უდიდესი ნაწილი ძირითადად ქართული ეროვნული სკოლიდან არის მოსული: „თუ ინტელიგენტი კაცი სოციალ-დემოკრატია, ჩვენ გვგონია, რომ ის სოციალ-დემოკრატად დაიბადა, არადა გვავიწყდება, რომ ცოტა ხნის წინ ისიც ნაციონალისტი იყო“ (ჯონსი, 2007, 44-45).
თერგდალეულთა ეროვნული მოძრაობა ყურადღებას ამახვილებდა ნაციონალიზმისა და თვითმყოფადობის გადარჩენის იდეაზე, ხოლო ქართველი სოციალისტებისათვის საზოგადოებრივი და ეკონომიკური საკითხი იყო გადამწყვეტი. ილია ჭავჭავაძეს, თერგდალეულთა წინამძღოლს, მიაჩნდა, რომ სოციალიზმი საფრთხე იყო ქართველი ხალხისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ კლასობრივი დაპირისპირების იდეაზე აგებული მსოფლმხედველობა მხოლოდ უფრო დააშორებდა ადამიანებს ერთმანეთს, მაშინ, როცა ყველაზე მეტად გაერთიანება იყო საჭირო. მიუხედავად ამ განსხვავებისა, სოციალ-დემოკრატები მაინც ეხებოდნენ ეროვნულ თემატიკას, განსაკუთრებით კი ნოე ჟორდანია. მეტიც, აღნიშნულზე ყურადღების გამახვილებაში ერთ დროს მას ბრალს სდებდნენ სხვა სოციალისტები. ჟორდანიას, სოციალ-დემოკრატთა იდეოლოგიური მეთაურის, შეხედულებები ეროვნული საკითხების მიმართ კარგად გამოჩნდა 1900-1901 წლებში, როცა ის აქვეყნებდა წერილებს სამშობლოსთვის მსხვერპლის გაღების აუცილებლობაზე ჟურნალ ,,კვალში“. იმავეს თქმა შეიძლება კარლო ჩხეიძესა და ირაკლი წერეთელზეც, სხვა ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატებზე. ამგვარი დამოკიდებულება ნაციონალისტური თემატიკის მიმართ პარადოქსი რომ იყო, იმ დროის სხვა რევოლუციონერ ქართველ სოციალისტებს ძალიან კარგად ესმოდათ. სწორედ აქედან მომდინარეობს განხეთქილება კეცხოველსა და სოციალ-დემოკრატებს შორის. ეს უკანასკნელი, ალექსანდრე წულუკიძესთან ერთად, ,,ბრძოლის“ ფურცლებიდან ესაუბრებოდა ჟორდანიასა და მის თანამოაზრეებს, ბრალს სდებდა მათ ნაციონალიზმის იდეების გაღვივებაში (ჯონსი, 2007, 96-98). აღვნიშნავდი იმასაც, რომ ქართველი სოციალ-დემოკრატების განწყობაზე დიდი გავლენა მოახდინა ჩეხეთში მიმდინარე მოვლენებმაც და მათმა მისწრაფებამ ეროვნული თავისუფლების მოპოვებისაკენ.
როცა ქართულ სოციალიზმზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია არ ვახსენოთ გიორგი წერეთელი, რომელიც მიიჩნევა ნაციონალ-სოციალიზმის ფუძემდებლად. მან პირველმა გადაწყვიტა, და ეს საოცარი ოსტატობით მოახერხა, სოციალიზმისა და ნაციონალიზმის შეკავშირების პრობლემა. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ეს უდიდესი ინტელექტუალური მიგნება მგონია, მით უმეტეს მაშინ, როცა თავად სოციალიზმისთვის იყო ქცეული ნაციონალიზმი გადაუჭრელ საკითხად. როგორც მაღლა აღვნიშნე, ეროვნული მოძრაობის პროგრამას მთლიანი, ლოგიკური ხასიათი ილია ჭავჭავაძემ (გურული, 1998,4) შესძინა. მეორე დასი, ნიკო ნიკოლაძისა და გიორგი წერეთლის თაოსნობით, გამოეყო თერგდალეულებს, რადგან ილიამ არ ისურვა სოციალიზმზე საუბარი და პროგრამის სოციალიზაცია. გიორგი წერეთელს ნიკოლაძისგანაც განსხვავებული შეხედულებები ჰქონდა, რომლებიც ყველაზე უკეთ გამოჩნდა მის წერილში ეგნატე ნინოშვილის მიმართ. მან დასახა სრულიად ახალი ნაციონალ-სოციალიზმის გზა (გურული, 1998, 5). წერილში იგი საუბრობს კოსმოპოლიტიზმის უარყოფაზე, რაც ესოდენ უცხოა სოციალიზმისთვის.
წერეთელი წერს: ,,მხოლოდ სოციალიზმი ითხოვს, რომ ყოველი კაცი, ღვთისგან შექმნილი, ეკონომიკურის უთანასწორობით არ იჩაგრებოდეს. როცა ამ გარემოებას მივიღებთ მხედველობაში, მაშინ ასეთი პრინციპი წარმოდგება სოციალურ დოქტრინისა – ერთმა სახელმწიფომ მეორე სახელმწიფო არ დაჩაგროს, ერთმა ერმა მეორე ერი არ დაჩაგროს, ერთმა კაცმა მეორე კაცი არ დაჩაგროს“. წერეთელი სწორედ ამას უწოდებს ,,ნამდვილ სოციალიზმს“, ამგვარი მოსაზრებანი კი თავიდან ბოლომდე ქართველი მოაზროვნის ინტელექტუალური საკუთრება და სრულად ახლებური მიდგომაა. სწორედ ამიტომ, არაა გადაჭარბებული გურულის შეფასება იმის შესახებ, რომ ნაციონალ-სოციალიზმის მამა სწორედ გიორგი წერეთელია. ჩემ მიერ მოყვანილი ციტატა ცხადყოფს, რომ ქართული სოციალიზმის თავისთავადი მიზანი ეროვნული თავისუფლების მოპოვებაა; სოციალიზმი საკუთარ ჭეშმარიტ დანიშნულებას შეასრულებს მხოლოდ მაშინ, როცა ნაციონალიზმსა და ეროვნულ ღირებულებებზე იქნება დაფუძნებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გიორგი წერეთლისათვის სოციალიზმი იყო რუსეთის ჩაგვრისგან განთავისუფლების იარაღი, რაც ამგვარ მიდგომას, თუნდაც სოციალისტურს, სძენს ნაციონალიზმის ელფერს.
გიორგი წერეთელს არ დაუწყია ნაციონალ-სოციალიზმის იდეების გავრცელება და მკვლევრები გამორიცხავენ შესაძლებლობას იმისა, რომ ჟორდანიამ იცოდა მისი ეს მოსაზრებები (გურული, 1998, 7). ზუსტად ამიტომ განსაკუთრებულად საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჟორდანია დამოუკიდებლად ფიქრობდა იმავეს, ყოველ შემთხვევაში, რაღაც დროის განმავლობაში, – სანამ კვლავ მიუბრუნდებოდა კოსმოპოლიტიზმის იდეას, ის გვევლინება ნაციონალ-სოციალიზმის აშკარა მეხოტბედ, მიუხედავად იმისა, რომ ამგვარ ტერმინს სულაც არ იყენებს.
ნაციონალიზმ-სოციალიზმის მკრთალი ნიშნები ჩანს ჟორდანიას ნაშრომში ,,ეკონომიკური წარმატება და ეროვნება“, თუმცა გავლენა უკვე აშკარაა წერილში ,,გაზ. „ივერია“ და ეროვნება“ (1897). სოციალ-დემოკრატების მეთაური ავითარებს აზრს, რომ ქართველი ერის მომავალი მის გაევროპელებაშია, და იმასაც უსვამს ხაზს, პოლიტიკურმა, საზოგადოებრივმა და ეკონომიკურმა წინსვლამ არ უნდა შელახოს ქართული ეროვნული ცნობიერების განვითარება. „გაევროპელება სწარმოებს ქართულ ნიადაგზე“, – წერდა ჟორდანია. ის მტკიცედ უარყოფდა კოსმოპოლიტიზმს. აქ საჭიროა კიდევ ერთხელ დავინახოთ განსხვავება ჟორდანიასა და ნაციონალისტთა იდეოლოგიას შორის. ნაციონალისტებისათვის საზოგადოებრივი საკითხი უცილობლად იქნება ქართველი ერის გამთიშველი; ასე განსაჯეთ, სოციალიზმი ხომ მართლაც იმ იდეაზეა აგებული, რომ არსებობს მჩაგვრელი და ჩაგრული. საპირისპიროდ, ჟორდანიას ნაციონალური პრობლემების, თუნდაც კუთხურობის, გლეხისა და ბატონის დაპირისპირების, აღმოსაფხვრელ გზად სწორედ ეკონომიკური წარმატება ესახება. ჟორდანია წერს: ,,თუ შინაურ ცხოვრებაში ვიბრძვით, გარეშე მტრის წინააღმდეგ ერთად ვდგავართ“. საზოგადოებრივ საკითხებზე დაყოფა, ხოლო ეროვნულზე „გაერთიანება“ ნაციონალ-სოციალიზმის საყოველთაოდ აღიარებული დებულება იყო (გურული, 1998, 13).
აქვე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჟორდანიას კოსმოპოლიტიზმისთვის ზურგი სრულად არ შეუქცევია; მეტიც, ის დაუბრუნდა მას. 1898 წლიდან მის ნაშრომებში ნაციონალ-სოციალისტური იდეების გავლენა სულ უფრო ნაკლებია. 1904 წელს მან გამოაქვეყნა ,,ქართველი ნაციონალისტები“, რომელშიც აშკარად კოსმოპოლიტიზმის იდეებმა გაიმარჯვეს. 1903 წლიდან კი ქართულ სოციალ-დემოკრატიაში კოსმოპოლიტიზმი გაბატონდა. გერონტი ქიქოძე სწორედ 1903 წელს ლონდონის ყრილობაზე ქართველი სოციალ-დემოკრატების პროგრამულ და ორგანიზაციულ შერწყმას რუსულ სოციალ-დემოკრატიასთან მიიჩნევს ნაციონალ-სოციალიზმის საბოლოო მარცხად. ამ კრებაზევე დაიყვნენ რუსები მენშევიკებად და ბოლშევიკებად. სწორედ 1903 წლის მერე დაწინაურდა სოციალიზმი ნაციონალიზმთან შედარებით.
1918-21 წლებშიც სოციალ-დემოკრატიამ გაიმარჯვა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, იმგვარი შეფასება, რომ ჟორდანია და მისი პარტია სრულიად მოუმზადებელი დახვდა დამოუკიდებლობის გამოცხადებას და ეს შემთხვევით მოხდა, არასწორი მგონია. მართალია, წლების განმავლობაში სოციალ-დემოკრატები საუბრობდნენ კავკასიის, და არა საქართველოს, დამოუკიდებელ ერთეულზე, თუმცა, როცა ჟორდანიამ იგრძნო შესაძლებლობა და, ჩემი აზრით, შეარჩია ყველაზე სწორი და მოსახერხებელი დრო, გამოთქვა კიდეც დამოუკიდებელი საქართველოს იდეის არსებობა. სწორედ ამის დასტურად მესახება ვითარება თებერვლის რევოლუციის შემდეგ. სოციალ-დემოკრატებმა ოფიციალურად აღიარეს ეროვნულობის საკითხი. კონფერენციაზე დადგინდა, რომ საჭირო პირობების დადგომის შემთხვევაში უნდა გამოცხადებულიყო საქართველოს, როგორც პოლიტიკური ერთეულის, დამოუკიდებლობა. 1917 წლის 19 ნოემბრის ყრილობაზე ჟორდანია აცხადებს: ,,უნდა მოვითხოვოთ, რომ საქართველოს მიენიჭოს სრული შინაური თვითმმართველობა. უნდა ჰქონდეს უფლება საკუთარ საჭიროებებზე გამოსცეს კანონი, უნდა ჰყავდეს თავისი ნაციონალური ადმინისტრაცია, ჯარი, საკუთარი პოლიცია, სასამართლო, სკოლა. უნდა მოხდეს ყველა დაწესებულების ნაციონალიზაცია“ (ნიქაბაძე, 2010, 3). არც ეს განცხადება და არც ჟორდანიას წინა ნაბიჯები არ ჰგავს იმ ადამიანის მოქმედებას, რომელიც არ ხედავდა საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ ერთეულს, და რომელმაც ,,შემთხვევით“ მიაღწია დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნას, რასაც მასსა და სოციალ-დემოკრატებს ხშირად სწამებენ.
რაც შეეხება 1918-21 წლის რესპუბლიკასა და მმართველობას, ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ სოციალ-დემოკრატები არაეროვნულ ძალად მოევლინა სახელმწიფოს. მათი რეფორმები მთლიანად ემსახურებოდა არაფრისგან სახელმწიფოს შექმნას. შემოიღეს თვითმმართველობა თემებსა და ქალაქებში, გაუქმდა გუბერნიები და აკრძალვა მიწის ყიდვა – გაყიდვის შესახებ (რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სოციალ-დემოკრატების უკიდურეს განსხვავებას ბოლშევიკებისა და კომუნისტებისგან). 1919 წელს კი შეიქმნა სატარიფო პალატა ხელფასების გასაუმჯობესებლად, რაც ცალსახა გამოხატულებაა სოციალ-დემოკრატების იდეოლოგიისა.
საქართველოს ოკუპაციამ, სსრკ ისტორიამ და მის ნაწილად ყოფნამ ათწლეულების განმავლობაში სრულად გადაასხვაფერა და მიმართულება შეუცვალა ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარებას. სოციალ-დემოკრატია დაივიწყეს და იმ დროისათვის, სრულიად გასაგები მიზეზების გამო, ნაციონალიზმმა გაიმარჯვა როგორც სოციალიზმზე, ასევე ნაციონალ-სოციალიზმზეც.
„საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ სოციალ-დემოკრატია, როგორც პასუხი რადიკალიზმს
გამსახურდიასა და მის იდეოლოგიაზე დიდი ხნით არ შევჩერდები, თუმცა ორიოდე სიტყვით უნდა ითქვას, რომ ნაციონალიზმის გამარჯვება 1990-იანი წლების დასაწყისში ძალიან ბუნებრივი მოვლენა იყო. ზოგადად, თუ დავაკვირდებით ისტორიის მსვლელობას, ნაციონალიზმი ყველაზე მეტად ძლიერდება მაშინ, როცა ერი უცხო სახელმწიფოს წნეხის ქვეშ ექცევა. ამის ნათელი მაგალითია ჯერ თერგდალეულთა გაძლიერება მე-19 საუკუნეში, ხოლო შემდგომ გამსახურდიას ძლიერი მხარდაჭერა. ეროვნულმა მოძრაობამ შექმნა იდეოლოგიური საფუძველი დამოუკიდებლობის მოპოვებისა, თუმცა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გამსახურდიას ნაციონალიზმი არ აღმოჩნდა საკმარისად მოქნილი იმისათვის, რომ ქმედითი რეფორმები განხორციელებულიყო. მისი პრეზიდენტობის რამდენიმე თვე ერთ-ერთ ყველაზე ქაოსურ პერიოდად იქცა საქართველოს ისტორიაში. ეკონომიკური ბლოკადის შედეგებით, სიდუხჭირით, სამოქალაქო ომითა და ეთნიკური განხეთქილებებით გადაღლილი მოსახლეობისა და სახელმწიფოსათვის მეტად მდგრადი და იდეოლოგიურად ჩამოყალიბებული მმართველი ძალა იყო საჭირო. ამგვარ ხელისუფლად მოგვევლინა შევარდნაძე და მისი პარტია ,,საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. იდეოლოგიური თვალსაზრისით, ისინი სოციალ-დემოკრატები იყვნენ.
ორიოდე სიტყვით გამოვყოფ ძირითად განსხვავებებს კომუნიზმსა და სოციალ-დემოკრატიას შორის. მართალია, ეს სხვაობები დასაწყისში ვახსენე, მაგრამ მას შემდეგ, რაც მუშათა კლასის უფლებები საბოლოოდ მოწესრიგდა, მეორე მსოფლიო ომის მერე შეიცვალა სოციალიზმის არსიც. ამ ცვლილებას საკუთარ თავში ძალიან კარგად იტევს სოციალ-დემოკრატია, დასავლეთში სოციალიზმის საუკეთესო გამოხატულება. თუ თავდაპირველად სოციალიზმი, ზოგადად, ეწინააღმდეგებოდა კაპიტალიზმსა და საბოლოო მიზნად ისახავდა მოქალაქეთა სრულ თანასწორობას, სოციალ-დემოკრატიამ ყურადღება გაამახვილა შერეულ ეკონომიკაზე, სრულ დასაქმებაზე, მიიღო ერი-სახელმწიფოს ცნება და ამგვარად გახდა მეტად ეროვნული, და არა კოსმოპოლიტური. სიღარიბის აღმოფხვრა, საზოგადოებრივი სამართლიანობისა და შედეგთა თანაბრობის აღდგენა იქცა სოციალ-დემოკრატების უმთავრეს ღირებულებებად (აღვნიშნავდი იმას, რომ ჟორდანიასა და მისი თანამოაზრეების სოციალ-დემოკრატია უნაკლოდ იმეორებდა ამ მიდგომას და ერთ-ერთი პირველი მაგალითი იყო ამგვარი სოციალიზმის შექმნისა).
აქ საინტერესოა ისიც, რომ მსოფლიოში სოციალ-დემოკრატია კარგავდა გავლენას. რიგ ევროპულ სახელმწიფოებში სოციალისტური პარტიები არჩევნებში მარცხდებოდნენ. მაგრამ აღმოჩნდა ისე, რომ შევარდნაძის პარტიამ მოახერხა წლების განმავლობაში მხარდაჭერის შენარჩუნება, რაც წლების შემდეგ ,,დაგვირგვინდა“ პარტიის სრული კრახით.
მაინც, რა იყო ის, რაც ყველაზე მეტად მიიზიდა სოციალიზმგამოვლილ ქვეყანაში სოციალ-დემოკრატიულმა იდეოლოგიამ? პასუხი ალბათ შევარდნაძის დაპირებაა მშვიდობიანობისა და მდგრადობის შესახებ. რადიკალური ნაციონალიზმის შემდგომ წამოწყებული რეფორმები ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ქვეყანა, როგორც იქნა, წინ მიიწევდა. შევარდნაძის იდეოლოგია, ვფიქრობ, ზუსტად მიჰყვებოდა ზოგადად სოციალ-დემოკრატიის პრინციპებს, თუმცა ამ შემთხვევაშიც გატარდა ქართულ ,,ფილტრში“. შევარდნაძე 1992 წლის წინასაარჩევნო პერიოდში საუბრობდა საზოგადოებრივ ჰარმონიაზე, იმაზე, რომ ამგვარი მშვიდობიანობა უცხო არ იყო საქართველოსათვის და ახლაც ერთიანობისკენ მოუწოდებდა ქართველებს. მეორე პრეზიდენტმა ნაციონალიზმი მოაქცია სოციალიზმის ჩარჩოებში და ამგვარად ეცადა მემკვიდრეობად დანატოვარი ეთნიკური სიძულვილის აღმოფხვრასა და სოციალიზმისათვის დამახასიათებელი თანასწორობის დამყარებას, რაც, ჩემი აზრით, ძალიან საჭირო მიდგომა იყო 90-იანი წლების საქართველოსათვის. შევარდნაძე ასევე ბევრს საუბრობდა ძველისა და ახლის, ეროვნულისა და სოციალისტურის გაწონასწორობის პოლიტიკაზე. ალბათ ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი 90-იანი წლების სოციალიზმისა – წონასწორობის მცდელობა. საინტერესოა ისიც, ამოცანათა დალაგებისას შევარდნაძე ამბობდა, რომ, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა გათიშულობის დაძლევა, ხალხის გაერთიანება ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. ბუნებრივია, ამგვარი განწყობა თავის თავში ეროვნულია. ასევე ეროვნული გახლდათ უმნიშვნელოვანესი მოწოდება ეთნიკურ უმცირესობებთან შერიგების შესახებ:,,შევურიგდეთ არაქართველებს“.
ხალხთა გაერთიანების შემდგომ მთავარ მიზნად სახელდებოდა ეკონომიკური ძვრები და ცვლილებები. ,,საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“ მხარს უჭერდა თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას (რაც მას განასხვავებს ზოგადად სოციალ-დემოკრატებისაგან, ვინაიდან არსებული კლასიკური რწმენით, ისინი არა საბაზრო, არამედ შერეული ეკონომიკის განვითარების მომხრენი არიან). შევარდნაძე საუბრობდა პრაგმატიზმსა და რეალიზმზე ეკონომიკაში და ამ საფეხურების გავლის შემდეგ ხედავდა დასაქმებულთა უფლებებზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილების საჭიროებას. შევარდნაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: ,,გაჩნდებიან სოფლად მესაკუთრენი, თავისუფალი მეწარმე, ფერმერები, მათ მიერ დაქირავებული სოციალური ჯგუფები. საჭიროა სახელმწიფომ, ახალმა პარლამენტმა მიიღონ ისეთი ცივილიზებული კანონმდებლობა შრომის დარგში, რომ გამოირიცხოს ადამიანის უფლებების დარღვევა, განსაკუთრებით იმ ადამიანებისა, რომლებიც დაქირავებული შრომის პროცესში იქნებიან ჩართულნი“. ეს უკვე ძალიან აშკარა სოციალისტური დამოკიდებულებაა. ათწლეულების შემდგომ ქართულ პოლიტიკაში კვლავ შესაძლებელი გახდა ნაციონალიზმისა და სოციალიზმის შერწყმა; მეტიც, ეს მოხდა იმაზე ჯანსაღად, უფრო მეტი ხაზგასმით, უფრო ცალსახად, ვიდრე ჟორდანიას სოციალ-დემოკრატების სათავეში მოსვლამდე ჩანდა. შევარდნაძეს ასევე სწამდა ხელფასის დარეგულირებისა კანონით სახელმწიფოს მიერ, რაც 21-ე საუკუნის ქართველ სოციალისტებში აღარ შეინიშნება. მართლაც, შრომით უფლებებზე ყველაზე მეტს საუბრობდა „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. ეს ალბათ იმის წყალობითაც, რომ ყოველივე, მათ შორის კანონებიც, იქმნებოდა სწორედ იმ პერიოდში.
აღსანიშნავია ისიც, რომ „მოქალაქეთა კავშირს“ ჰყავდა მოკავშირეები დასავლეთის სოციალისტთა წრეებშიც. ისინი მჭიდროდ თანამშრომლობდნენ გერმანიისა და დანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიებთან, ბრიტანეთის ლეიბორისტულ პარტიასა და აზერბაიჯანის „ახალ აზერბაიჯანთან“. ამასთან, „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“ სოციალისტური ინტერნაციონალის წევრი იყო დამკვირვებლის სტატუსით. ეს კი იმის ფონზე, რომ, როგორც აღვნიშნე, სოციალიზმი მხარდაჭერას კარგავდა დასავლეთში. საპირისპიროდ კი, მგონია, შევარდნაძის მიერ ჩამოყალიბებული რეფორმების სია თუ დაპირებები ყველაზე ხელსაყრელი და წონასწორობის მომტანი იყო სახელმწიფოსათვის; მით უმეტეს, რომ მართლაც მოხერხდა ეროვნულისა (რომელიც შევარდნაძის წინამორბედმა რადიკალიზმში გადაზარდა) და სოციალურის ბუნებრივად შერწყმა. ,,მოქალაქეთა კავშირის“ რეფორმების დიდი ნაწილი განუხორციელებელი რომ დარჩა და რაღაცები მხოლოდ ფურცელზე ,,კეთდებოდა“, ეს ჩვენთვის ცნობილია და, ჩემი აზრით, სწორედ ამ იმედგაცრუებამ, სამართლიანობისა და თანასწორობის ნაცვლად კორუფციისა და კრიმინალის, სიდუხჭირის გაბატონებამ განაპირობა ქართველი საზოგადოების გადახრა ზომიერიდან კვლავ რადიკალურისკენ; და, დიახ, რევოლუცია, მართლაც, ყველაზე რადიკალური ნაბიჯია, რომლის გადადგმაც ხალხს შეუძლია კანონით მართულ სახელმწიფოში. „ნაციონალური მოძრაობის“ – მემარჯვენე ცენტრისტული ძალის – სათავეში მოსვლა სწორედ ამ ძალთა წონასწორობის ცვლილების კარგი მაჩვენებელია: რადიკალურიდან (გამსახურდია) ზომიერისაკენ (იმდენადაც კი, რომ რეფორმათა განხორციელება ვერ მოხერხდა) და შემდგომ კვლავ რადიკალურისკენ („ნაციონალური მოძრაობა“).
ქართული სოციალიზმი 21-ე საუკუნეში
სოციალიზმის ყველაზე თანამედროვე გამოვლინებად მიიჩნევა ეგრეთ წოდებული „მესამე გზა“ (ჰეივუდი, 2012, 174). აქ განსაკუთრებით საინტერესოა განსხვავება სოციალ-დემოკრატიასთან. „ქართული ოცნება“, რომელიც გვესახება, როგორც მემარცხენე სოციალ-დემოკრატიული პარტია, გარდა „მესამე გზისა“, ასევე იზიარებს სოციალ-დემოკრატიისა და, უკანასკნელ რიტორიკას თუ დავუკვირდებით, ნაციონალიზმის იდეებსაც. სწორედ ამიტომ ჩემთვის განსაკუთრებულად რთულია, „ქართული ოცნებას“ მხოლოდ ერთი იდეოლოგიის პრინციპებს დაყრდნობა დავწამო. თუმცა, სანამ ამ საკითხს ვრცლად განვიხილავ, საინტერესო იქნება მოკლედ გავაანალიზოთ გადასვლა მემარჯვენე-ცენტრისტული იდეოლოგიის მქონე პარტიის მმართველობიდან ,,უფასო ფულის“ დაპირებით მოსულ მემარცხენე პარტიაზე.
ვფიქრობ, აქ გადამწყვეტი იყო თანასწორობისა და სამართლიანობის საკითხი, რომლის მიმართაც მემარცხენე ძალები, ჩვეულებრივ, უფრო მგრძნობიარენი არიან. კორუფციის, კრიმინალის აღმოფხვრასა და ეკონომიკის წინსვლასთან ერთად, მოსახლეობა აღმოჩნდა მდგომარეობაში, რომელშიც ჩინოვნიკი ჩაგრავდა უბრალო მოქალაქეს. ეკონომიკური განვითარება გარკვეულწილად სახელმწიფო ვალების დამსახურება აღმოჩნდა, რომელთა გადახდაც, ზოგი ვარაუდით, საქართველოს მოქალაქეთა 3-4 თაობას მოუწევდა. სახელმწიფო მოხელეებმა იწყეს ბიუჯეტის სახსრების ფლანგვა პირადი საჭიროებებისა თუ კეთილდღეობისთვის და, ზოგადად, ეროვნული და ეკონომიკური აღორძინების დაპირებით მოსული ძალა ავტორიტარულ რეჟიმად იქცა. ძალიან ბევრი კარგი რეფორმის საპირწონედ იქცა „ციხის კადრები“, რომლებმაც არსებული მღელვარება თუ იმედგაცრუება მეტად გაზარდა. სწორედ ამგვარ ციებ-ცხელებაში გამოჩნდა კოალიცია „ქართული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. ვფიქრობ, თავიდან მარტივი იყო ამ ძალის მემარცხენე იდეოლოგიის მქონე კავშირად აღქმა, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ერთ სივრცეში განსხვავებული ადამიანები გააერთიანა. პირველ წლებში გატარებული რეფორმები, როგორებიცაა საყოველთაო ჯანდაცვა, პენსიის გაორმაგება, დევნილების უზრუნველყოფა საცხოვრებლებით, ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, საბავშვო ბაღების გადასახადების გაუქმება, სკოლის წიგნების უფასოდ გაცემა და პროფესიული სასწავლებლების დაფინანსების გაზრდა, უდავოდაა იმგვარი მიდგომა, რომელიც „მესამე გზის“ სოციალისტებს ახასიათებთ, რაც საკუთარ თავში გულისხმობს საბაზრო ეკონომიკის, სოც.უზრუნველყოფის, პრაგმატული პოლიტიკის მხარდაჭერას. რეფორმათა ხარისხზე მსჯელობა სხვა სტატიაში შეიძლება (განსაკუთრებული კრიტიკის ქარცეცხლი ჯანდაცვის რეფორმამ გამოიარა), თუმცა ფაქტია, რომ ამ რეფორმებზე დაყრდნობით „ოცნებამ“ მართლა უერთგულა მემარცხენეების ღირებულებებს.
საწყისების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ იდეოლოგიური კუთვნილება დაკარგა. ისევ მივუბრუნდები ნაციონალიზმის საკითხს, ვინაიდან „მესამე გზის“ იდეოლოგიაში გლობალიზაცია მეტად ღირებულია, ხოლო „ერი-სახელმწიფოს“ ცნება სოციალ-დემოკრატიის „გადმონაშთია“. „ქართული ოცნების“ რიტორიკაში მუდმივად ისმოდა ეროვნული ღირებულებები, მაგრამ უკანასკნელ დროს „ქართველობაზე“ საუბარი მეტად გახშირდა. ქაღალდზე გამოცხადებული იდეოლოგიური კუთვნილების გათვალისწინებით, ასევე, უჩვეულო იყო პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხილვა დასავლელ კონსერვატორთა შორის და რიგი მჟღერი, ხშირად რადიკალური განცხადებები ტრადიციებისა და ქრისტიანული ღირებულებების შესახებ, რაც ესოდენ დამახასიათებელი და უმთავრესი ნიშანია კონსერვატიზმისა. ჩემთვის ამაში არაფერია დასაძრახი, თუმცა ხაზი მინდა გავუსვა მყარი, ცალსახა პოლიტიკური იდეოლოგიის არარსებობას. და ეს არ შეეხება მხოლოდ „ქართული ოცნებას“,- დღეს ქართული პარტიების იდეოლოგია დამოკიდებულია პოლიტიკურ მდგომარეობაზე, წინასაარჩევნო გარემოზე, დასავლეთზე. ბუნებრივია, მიდგომები უნდა იყოს ცვალებადი, დროს მორგებული, თუმცა არც იმდენად, რომ მე, როგორც, პირობითად, მემარჯვენე პარტიის ამომრჩეველმა, აღმოვაჩინო, რომ ჩემ მიერ მხარდაჭერილმა პარტიამ გადაწყვიტა მდიდარს წაართვას და ღარიბს მისცეს (მემარცხენე ქართველი ლეიბორისტებისა არ იყოს). მგონია, რომ მოვლენათა ამგვარი წარმართვა სახიფათოა და უკვე აფერას ემსგავსება. მეორე მხრივ, მდგრადობის მოთხოვნის შესაძლებლობა, როგორც ამომრჩევლებს, მორალურად არ გვაქვს, ვინაიდან უკანასკნელი, რითაც ვინტერესდებით ხოლმე, ესაა პოლიტიკური ძალის იდეოლოგია. ჩვენთვის მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო დაპირებებია, რომელთა შესრულებასაც კი ეჭვის თვალით ვუყურებთ, მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც გვიკვირს, რომ მორიგმა პოლიტიკურმა წინამძღოლმა მართლა არ ჩაგვიკუჭა ჯიბეში უფასო ფული.
ბოლოთქმა
რაც შეეხება მოსახლეობის განწყობას სოციალიზმის მიმართ, არც კარგი უნდა იყოს და არც ცუდი; ზოგადად, სრულად გულგრილი მგონია. გია ნოდია ერთ-ერთ სტატიაში საუბრობდა ელიტურ სოციალიზმზე და იმაზე, თუ როგორ ითარგმნება 21-ე საუკუნეში სოციალიზმი უბრალო თანაგრძნობის არსებობად იმ ადამიანებისადმი, რომლებსაც არ აქვთ უზრუნველყოფილი ცხოვრება. რეფორმების დონეზე, ამგვარ სოციალიზმს ,,ქართული ოცნებაცა“ და წარსულში სათავეში მყოფი ,,მოქალაქეთა კავშირი“ დროდადრო იჩენდნენ (განსაკუთრებით აღვნიშნავდი შრომის კოდექსის დახვეწას ბოლო წლებში), თუმცა მოსახლეობას ეს არ აინტერესებს; ვგულისხმობ რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე დუმილს. ჩვენ ის ხალხი ვართ, რომელიც მრავალრიცხოვან აქციას გამართავს რუსთაველზე სააკაშვილის გამო, მაგრამ ჭიათურელი მაღაროელების ბედი არ გვაღელვებს. მზად ვართ ,,კარვების ქალაქი“ მოვაწყოთ პრაიდის გამართვა-არგამართვის გამო, თუმცა იმათ, ვისაც ძალუძთ აქციათა სულისჩამდგმელად ყოფნა, აზრადაც კი არ მოუვათ 400-ლარიანი სამუშაოს (თანაც მძიმე) გაპროტესტება. ,,სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი“ დამოკიდებულება გვაქვს სამშენებლო ადგილებზე უსაფრთხოების ნორმების არარსებობის გამო გარდაცვლილთა მიმართ. არც ის გვედარდება, მემანქანეებს რამდენს უხდიან, ყოველდღე გადატვირთული მეტროს შეუფერხებლად მუშაობა რომ უზრუნველყონ.
ჩემ მიერ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები მხოლოდ სოციალისტს თუ მოეჩვენებოდა ჭეშმარიტად საჭირბოროტოდ. ნამდვილად არ მსურს იმის თქმა, რომ ლგბტ თემის ანაც სააკაშვილის საკითხი უმნიშვნელოა, მხოლოდ იმის თქმას ვცდილობ, რომ ღირებულებათა სკალაზე, ეკონომიკური და საზოგადოებრივი პრობლემები საქართველოში ვერ უსწრებს ღირებულებით საკითხებს. ეს კი საკმაოდ უჩვეულოა, ვინაიდან ნებისმიერ გამოკითხვაში საშუალო სტატისტიკური მოქალაქე პრობლემათა სათავეში სიღარიბესა და უმუშევრობას მოაქცევს ხოლმე. სამი ვარაუდის გამოთქმა შემიძლია: 1. ქართველი მოსახლეობა რაღაც უცნაური მანქანებით დაეჩვია მის მიერ დასახელებული სოციო-ეკონომიკური, პირველხარისხოვანი პრობლემების ნაცვლად, მე-5 ხარისხოვნებზე ხმამაღლა, ტელევიზიებიდან თუ აქციებიდან საუბარს;. 2. მყარი პოლიტიკური იდეოლოგიის არარსებობას ისედაც პოლიტიკურად ბეცი ამომრჩეველი შეცდომაში შეჰყავს; 3. პოლიტიკური სივრცე და ხმაურიანი ელიტარული ,,ბაბლი“ უბრალოდ ინტელექტუალური სიძაბუნის ერთი ცალი განმარტებაა და ვერ პასუხობენ მოსახლეობის ნამდვილ მოთხოვნებს.
აქვე გავიხსენებდი მიხეილ ჯავახიშვილის საინტერესო დაკვირვებას იმის შესახებ, რომ ,,ყველა მათხოვრობს ქართველის გარდა“ და ქართველები უბრალოდ არ აჩვენებენ ეკონომიკური სიდუხჭირისა და უთანასწორობის ნიშნებს, რაც მთავარი პრობლემებია სოციალიზმისა. ეს საკითხი მეტად ვრცელი და სხვა სტატიის თემაა.
დასკვნის სახით ვიტყოდი, რომ სოციალიზმმა ძალიან საინტერესო გზა გაიარა ქართულ სივრცეში და ელფერიც შესაბამისი შეიძინა. ესაა მარქსიზმისა და ნაციონალიზმის, შემდგომ სოციალ-დემოკრატიისა და ეროვნულის, ბოლოს კი სოციალ-დემოკრატიის, ,,მესამე გზისა“ და კონსერვატიზმის ნაზავი. მოსახლეობის დამოკიდებულებაც მსგავსად არაერთგვაროვანი და ბუნდოვანია. ალბათ სწორედ ესაა მიზეზი, არჩევნებიდან არჩევნებამდე მოსახლეობის უმრავლესობისა და პარტიების პოლიტიკური იდეოლოგიები რომ იცვლება და გადასხვაფერდება ხოლმე.
გამოყენებული ლიტერატურა:
გურული, ვახტანგ. 1998. ნაციონალ-სოციალიზმი საქართველოში. თბილისი: ინტელექტი.
ნიქაბაძე, ნატო. 2010. ნოე ჟორდანია და ეროვნული საკითხი. https://ejournals.atsu.ge/Kartvelology/issues/XIV/NikabadzeNato.pdf
ნოდია, გია. 2013. „მორალური სენტიმენტი და რაციონალური პროგრამა“. ტაბულა (7 ოქტომბერი).
საქართველოს უახლოესი ისტორია. ედუარდ შევარდნაძე (მე-7 ტომი). http://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/uaxlesii/document/HASH01479048438fd58757be81c3;jsessionid=B06332144B99AE62D482B17B608F40E3?ed=1
ქიქოძე, გერონტ. 1990. „ნოე ჟორდანია და სოციალიზმის ნაციონალიზაცია“. საქართველოს კომუნისტი (N.5).
ჯონსი, სტივენ ფ. 2007. სოციალიზმი ქართულ ფერებში. თბილისი: ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.