ქალთა ჩართულობის ისტორია ქართულ პოლიტიკაში: ინტერვიუ გიორგი ურჩუხიშვილთან

გააზიარე:



ავტორები:

ზოი პოტამიტი

სოფიკო ქურდაძე

ანნა ამილახვარი

რედაქტორი: ბექა იობიძე

კორექტორი: სოფიკო ქურდაძე


“მდევარის” მეცამეტე ნომრის აკადემიურ ინტერვიუში ქართულ პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის ისტორიულ დინამიკას განვიხილავთ. ინტერვიუს მოპასუხეა გიორგი ურჩუხიშვილი, სოციოლოგი, გენდერის მკველვარი.

როგორი მნიშვნელობა აქვს დღეს საქართველოსათვის ქალების ჩართულობას პოლიტიკაში? ასხვავებს თუ არა სქესს დღევანდელი ქართული პოლიტიკა? 

ცალსახად დადებითი მნიშვნელობა აქვს, დადებითი გავლენა ექნება ბევრი რამის გამო. ერთი ის, რომ კაცები პოლიტიკას აკეთებენ ცოტა სხვანაირად. უფრო დაძაბულები და კონფლიქტზე ორიენტირებულები არიან ყოველთვის. ძალიან დიდი შეჯიბრია კაცებს შორის და მარტივად ჩამოიშლებიან ხოლმე ამ პოლიტიკურ ბრძოლაში. ქალები უფრო ნაკლებად მოწყვლადები არიან, უფრო გონიერებიც კი – ბევრი მიმართულებით. ზოგადად, გენდერული კანონზომიერება ისე ეწყობა, რომ ქალებს უფრო მეტი აღქმა აქვთ რეალობისა, ვიდრე კაცებს. კაცები მამაკაცური უპირატესობით იზრდებიან და მოკლედ, ”თავი ჰგონიათ ძალიან მაგარი ტიპები”, მაგრამ არ არიან სინამდვილეში. ეს პოლიტიკაში ძალიან კარგად ჩანს ბევრი მიმართულებით. ამას რომ თავი დავანებოთ, გენდერი არ არის საიდანღაც თავსმოხვეული ცვლადი, ის არის თავიდან ბოლომდე ეკონომიკური სიდიდე. აქ მარტო ქალებზეც არ ვსაუბრობ, ეს არ უნდა შეგვეშალოს. პოლიტიკაში კაცები კი ჭარბად არიან, მაგრამ ეს “ელიტური კაცები” არიან. ვთქვათ, ღარიბი კაცები ან საშუალო ფენის კაცები, ან ძალაუფლების არმქონე კაცები არ არიან პოლიტიკაში. ამიტომ, კი, ქალები თუ იქნებიან პოლიტიკაში, თანაც ყველა ჯგუფის წარმომადგენელი ქალები, და არაელიტური კაცებიც თუ იქნებიან პოლიტიკაში, კარგი იქნება ცალსახად. 

ქალებმა დაიმკვიდრეს თუ არა თავი ამ სფეროში? იყო თუ არა ფაქტორები, რომლებმაც დააჩქარა პოლიტიკაში ქალების დამკვიდრება?

მსოფლიოს მასშტაბით, ასე თუ ისე, დაიმკვიდრეს თავი და დამაჩქარებელი ფაქტორებიც იყო, რა თქმა უნდა, – ფემინისტური მოძრაობის სამი ტალღა  და პირველი ხმის მიცემის უფლების მოპოვებით დაიწყო. ოღონდ აქაც ერთი უცნაური რამაა, იგივე სალომე ზურაბიშვილი, არ არის დედაჩემი ან დედათქვენი, ვთქვათ; არის პირველი მთავრობის დროს მიგრაციაში წასული ელიტარული ოჯახის ქალი წარმომადგენელი. ამიტომ შემთხვევითიც არაა, ის რომ პოლიტიკაშია. ჩემთვის უფრო საინტერესოა პოლიტიკაში ისეთ ქალებს დავაკვირდე, როგორიცაა, მაგალითად, თეა თუთბერიძე “კმარადან”, ან ვინმე მსგავსი; ანუ ქალები, რომელთაც არ ჰქონდათ ძალაუფლება და არც ოჯახური წარმომავლობა არ უმაგრებდათ ზურგს. კი, რაღაც მხრივ, უფრო მეტად დამკვიდრდნენ, თუმცა კლასობრივ ამბავს მაინც ვერ ავცდით. პოლიტიკაში თუ არიან, არიან ისევ ზემოხსენებული ტიპის ოჯახის შვილები. აი, მაგალითად, თაკო ჩარკვიანს რა უნდა პოლიტიკაში?! მაგრამ არის. თაკო ჩარკვიანი არ არის თაკო ჩარკვიანობის გამო პოლიტიკაში, ხომ? 

ისტორიულად რა გამოწვევებთან უხდებოდათ ბრძოლა ქალებს  პოლიტიკაში დასამკვიდრებლად? დაბრკოლებები თუ შეიცვალა დროის დინებასთან ერთად?

ზოგადად, მას მერე, რაც მიწათმოქმედებასა და მესაქონელობაზე გახდა მიმართული საზოგადოება, ხდება ისე, რომ მიწის მფლობელი არის კაცი – კაცები იბრძვიან დედამიწაზე მიწის სხვადასხვა პატარა ნაგლეჯისთვის. ასეთ საზოგადოებაში ქალის როლის მოლოდინი არის ის, რომ საშინაო საქმეში იყოს, მოუაროს ოჯახსა და ბავშვებს; შედეგად ქალებს რა ბრძოლა უწევდათ? – სახლიდან გამოსვლის ბრძოლა. თავიდან ეს იყო განათლების უფლებისთვის ბრძოლა, მერე – ხმის მიცემის უფლება, და შემდეგ ნელ-ნელა ხდება პოლიტიკაში მონაწილეობა და ამ უფლებათა შორის არის სახლიდან საჯარო სივრცეში გამოსვლა. უპირველესად, უნდა დააკვირდეთ, სახელმწიფოში, საზოგადოებაში თუ არის განვითარებული ეკონომიკა. განვითარებულ ეკონომიკურ საზოგადოებაში უფრო ბევრი სხვადასხვა ტიპის ადამიანი გამოდის სახილდან და, შესაბამისად, ხვდება პოლიტიკაში.  ჩვენთან ცოტა ჭირს ამაზე საუბარი, რადგან,  როგორც გითხარით, ჩვენი საზოგადოება არის ცოტათი უკან, როგორც მოქალაქეობრივი მსოფლმხედველობით, ხოლო ქვეყანა – ეკონომიკურად. ღარიბი კაცებიც არიან მხოლოდ და მხოლოდ კერძო, პირად სივრცეში და მათთვის საჯარო სივრცე არის დახურული. ჰკითხეთ, აბა, აზრი თქვენი ასაკის ბიჭებს რაიმე პოლიტიკურ მოვლენაზე, ყველა საზოგადოებრივი ფენის  ბიჭებს, – ვერ გამოხატავენ, რადგან არ იციან, არ არიან ჩართულები, ისევე როგორც ქალები.

დროით ხაზზე რომ განვჭვრიტოთ ქალთა ჩართულობა ქართულ პოლიტიკაში, ათვლის წერტილად ხომ არ ფიქრობთ, რომ თამარის გამეფება უნდა მივიჩნიოთ?

არა, სრული აბსურდია. თამარის გამეფება არის პატრიარქატულ, ფეოდალურ საზოგადოებაში სრული შემთხვევითობისა და კაცების ახირების შედეგი. შესაბამისად, კაცის ბრძოლის შედეგია და თანაც ვერანაირ გენდერულ თანასწორობაზე ვერ მეტყველებს ის, რომ ოდესმე სადმე იყო თამარის გამეფების მოვლენა. თანასწორობა ნიშნავს, რომ სტრუქტურულად არის საზოგადოება თანასწორად მოწყობილი. არც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად არ ნიშნავს თანასწორობას. არანაირად. და არც, მაგალითად, ღარიბი და ჟენევიდან წამოსული ჟან ჟაკ რუსო არ ნიშნავდა იმას, რომ იმ დროის საზოგადოება იმდენად თანასწორი იყო, რომ ერთი ღარიბი ადამიანი გამოერიათ განმანათლებლებში. არა, სტრუქტურა არის თავიდან ბოლომდე პატრიარქალური – ვისაც მიწა აქვს, ის ფლობს ყველაფერს. მაშინაც ასე იყო. თამარს გაუმართლა, რომ იყო მეფის შვილი, რომელსაც არ უნდოდა თავისი ძმისშვილის გამეფება. 

ვინც იმას ამბობს, რომ თამარის გამეფება თანასწორობას ნიშნავდა,არის მატყუარა. როგორც ის, რომ თითქოს რომელიმე რელიგიურ ტექსტში ქალების უფლებები დაცულია, ან თუნდაც ღარიბებისა. მოკლედ, თუ ვინმე გეტყვით, რომ რადგან ქალი იყო მეფე, მაშინ იყო გენდერული თანასწორობაც, თუ მე დამიჯერებთ, შეგიძლიათ თქვათ, რომ იტყუება.

ნებისმიერ შემთხვევაში, ის ფაქტი რომ ქალი მეფე გვყავდა არის საამაყო დღემდე და ეს ყოველთვის აღინიშნება იმ მხრივ, რომ თავად თამარმა გადალახა წინააღმდეგობები, როგორც ქალმა, მამის გარდაცვალების შემდეგ, თავად მართა სახელმწიფო…

[აწყვეტინებს] რანაირად არის საამაყო? არაფერია საამაყო. ტყუილია, ვერ იამაყებ ამით. შემთხვევითობის შედეგია. საამაყო იქნებოდა, ეს რომ სტრუქტურული ყოფილიყო და ჩვენი საზოგადოება საუკუნეების განმავლობაში იქნებოდა თანასწორი. რანაირად შეიძლება იყოს გამონაკლისი, კაცებს შორის ძალადობის შედეგად მიღწეული – საამაყო? გიორგი მესამემ თვალები დათხარა დემნა ბატონიშვილს, სიგიჟეები ჩაიდინა და რადგან ვაჟიშვილი არ ჰყავდა, ამიტომ გახდა თამარი მეფე. რანაირად გადალახა წინააღმდეგობები? თამარი იყო მეფის შვილი და ყველა წინააღმდეგობა მისმა მამამ მოაგვარა. იმ შემთხვევაში იქნებოდა საამაყო, თამარი თავად თუ გადალახავდა რაღაცებს და თავად მოაგვარებდა. ასე არ მომხდარა. როდესაც მამამისი აღარ იყო, დანატოვრად დარჩა კაცების ავი მოქმედებების ისტორია, დავით აღმაშენებლიდან გიორგი მესამემდე მოტანილი ქვეყანა, რომელსაც სჭირდებოდა მარტივი და ლმობიერი, ხავერდოვანი მართვა. თამარი ცუდი ადამიანი არ იყო, არც – ცუდი მეფე. უბრალოდ, როგორც ქალის საამაყო [გულისხმობს ქალი მმართველით სიამაყეს] არის ტყუილი. 

როგორც არ უნდა შევაფასოთ საქართველოს ეს მაშინდელი მდგომარეობა, საამაყო თუ არა, ჩვენი კითხვაა, რა ვითარებაა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ამ დროს ქალების პოლიტიკაში ჩართულობის მიმართულებით?

ისეთივე, როგორიც საქართველოში. ანუ, თამარი იყო შემთხვევითობა და არა სტრუქტურული, სისტემური ამბავი. ყველაგან ერთნაირი მდგომარეობა იყო. თამარის გამეფება გენდერული თანასწორობის სტრუქტურული მანიშნებელი არ არის. 

მთლიანი სამყარო იყო პატრიარქალური და ფეოდალური. აი, ინგლისში ხომ იყო ელიზაბეტი. როგორ ფიქრობთ, ინგლისში იყო ელიზაბეტ პირველის დროს გენდერული თანასწორობა, ან დღეს არის, თქვენი აზრით, გენდერული თანასწორობა ინგლისში? არ არის. არც მაშინ იყო, და არც ელიზაბეტის გამეფებას არ ჰქონდა ამაზე გავლენა. როგორც აგიხსენით, გენდერული თანასწორობა არის ეკონომიკური მოვლენა. რაღაც ტიპის საზოგადოებაზე გადასვლის მერე, რადგან კაცებმა მიიტაცეს მიწა და ერთამენთთან დაიწყეს მიწის დაცვისა და წართმევისთვის ბრძოლა, მათ ხელში აღმოჩნდა ძალაუფლება. შესაბამისად, ქალების ემანსიპაცია პირდაპირ დაკავშირებულია საკუთრებასთან. თუ მსოფლიოში ისეა გადანწილებული საკუთრება, გინდაც მე-12 საუკუნეში, გინდაც მე-14-ში ანმე-20-ში, რომ მაინც მიწის უფრო მეტი ნაწილი კაცებს აქვთ, მაშინ თანასწორობაზე საუბარი ზედმეტია. არ ჰქონია არც თამარისა და არც ელიზაბეტის მეფობას რაიმე გავლენა, ჩემი აზრით.

გადავინაცვლოთ უფრო გვიან პერიოდში. გავეცნოთ ამონარიდს გაზეთ “თეატრის” 1886 წლის ერთ-ერთი ნომრიდან: “ქალები აღარა ხუმრობენ, დღე ისე არ გავა, რომ გაზეთში არ წაიკითხოს კაცმა: ეს და ეს ქალი ექიმად დანიშნეს, ეს და ეს პრეზიდენტად ამოირჩიეს, ამას ამ ქალაქში პროფესორის კათედრა უჭირავს, ის გამოჩენილი მათემატიკოსი არისო და სხვა. ეხლა თურმე ვარშავაში მომეტებული საპარიკმახერო ქალებს დაუჭერიათ, ისინი ჰკრეჭენ და ჰპარსავენ კიდეც მამათა სქესსა. ჩვენ წარმოგვიდგენია  ჩვენი ქალი სამართებით ხელში!..”.

რა მისწრაფება შეინიშნებოდა მე-19 საუკუნის ევროპაში ქალების საზოგადოებრივ სფეროებში დაწინაურების კუთხით? რა ხდებოდა ამ დროს ჩვენს ქვეყანაში – ვახერხებდით ფეხი აგვეწყო ევროპული საზოგადოებებისათვის, თუ ჩვენამდე ამ გარდამტეხმა ცვლილებებმა უფრო გვიან მოაღწია? 

არა, ყველგან ერთი და იგივე რაღაც ხდება, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ისე არ არის, რომ საქართველომ დაიგვიანა. როგორც იქ იყო, ისევე აქ იყო. დაიწყო შინიდან გამოსვლა გამოსვლა ნელ-ნელა. მასშტაბი, რა თქმა უნდა, უფრო დიდი იყო იქ, სადაც იყო უფრო მეტი ფული. სად იყო მეტი ფული? – ევროპაში. საქართველოში სხვაგვარად იყო. ამიტომ, ვინც იმ პერიოდში წავიდა და მოახერხა რუსეთში ან ევროპაში განათლების მიღება, ისინი არ იყვნენ ღარიბი ქალები. ღარიბი ქალი ვერსად ვერ წავიდოდა, ვერც პრეზიდენტად აირჩევდნენ და ვერც უმაღლეს განათლებას ვერ მიიღებდა. მხოლოდ ღარიბ ქალზე რომ არ ვისაუბროთ, კაცებს შორის ვაჟაც კი გამონაკლისია. ვაჟას გარდა თითქმის ყველა მწერალი და პოეტი არის მაღალი ფენის წარმომადგენელი და მათ განათლება აქვთ მიღებული მინიმუმ პეტერბურგში. ვაჟას ესეც არ აქვს. არ უსწავლია. 

ბარბარე ჯორჯაძე და სხვები, ვინც ჩვენ გვსმენია, არ იყვნენ მე-19 საუკუნეში, სადღაც თელავში (ბარბარე ჯორჯაძე თელავში არის დასაფლავებული) მცხოვრები ღარიბი ქალები. ისინი იყვნენ ელიტური წრის ქალები, რომლებიდანაც დაიწყო “გარეთ გამოსვლა”. სხვათა შორის, ყველაზე კარგად ქალების ემანსიპაცია სცადა საბჭოთა ხელისუფლებამ 1917-დან 1936 წლამდე; დღემდე მიიჩნევა მსოფლიოში ყველაზე განვითარებულ, თანასწორ კანონმდებლობად და პოლიტიკად ის, რომელიც საბჭოთა კავშრს ჰქონდა. ბოლშევიკურ პარტიას ჰქონდა ცალკე განყოფილება, ალექსანდრა კოლონტაის ხელმძღვანელობით, სანამ შემდეგ სტალინი და სხვა კაცები არ ჩაერივნენ და, ფაქტობრივად, არ გააუქმეს 1936-ში თუ 1938-ში, ზუსტად არ მახსოვს, და კოლონტაი გაუშვეს კანადის თუ მექსიკის ელჩად. 

მოკლედ, მთელ სამყაროში მანამდე, რასაც თქვენ მეკითხებით, ყველგან ხდებოდა ერთი და იგივე რაღაც. ერთადერთი განათლების უფლება მისცეს ქალებს და, მგონი, 1920 წელს მისცეს ამერიკაში ხმის მიცემის უფლება. თუმცა, მათთანაც ბევრი გასაანალიზებლად საინტერესო საკითხია, როგორც კი მისცეს ხმის უფლება, იმავე წელს დაიწყო, მაგალითად, “მის ამერიკა”, იმიტომ, რომ “სილამაზის გალიას” რომ ეძახიან, ეგ ცალკე ჩაგრავს ქალებს. მაშინ ისე განჭვრიტეს, რომ კი, კი ბატონო მიეცით ხმა, მაგრამ მთელი დანარჩენი დრო სილამაზეს რომ მიაღწიო, იმის ჯაფაში უნდა იყოთ. არსებობს ასეთი თეორიებიც. 

საბჭოთა კავშირის საწყის პერიოდში იყო მცდელობა, და, სხვათა შორის, ყველაზე წარმატებული მცდელობა, ქალსა და კაცს შორის თანასწორობა ყოფილიყო მიღწეული. უბრალოდ, მეორე მსოფლიო ომის დამთავრების მერე აბსოლუტურად ამოატრიალა და შეცვალა ეს მიმართულება პარტიამ. ისევ ძველ ლიანდაგებზე დააბრუნეს – კაცი იყო უპირატესი და ქალი იყო დაქვემდებარებული, თორემ მანამდე პირიქით გახლდათ.

ამიტომ, საქართველოში თუ გაინტერესებთ, ფეხი თუ აუწყო – იმიტომ რომ ასე გონია ხოლმე ხალხს, ევროპაში და სხვაგან არის ყველაფერი საუკეთესო და აქ – ცუდი, ეგრე არ იყო. როგორც გითხარით, მაშინ საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო საქართველო და მაშინ ძალიან ბევრი იდეურად კარგი რაღაც მოხდა, უბრალოდ ვერ შენარჩუნდა და მერე საერთოდ – ჩაქრა.

კიდევ უფრო უახლოეს ისტორიას რომ შევეხოთ, როგორი იყო ქალთა ჩართულობის მაჩვენებელი მე-20 საუკუნის ისეთ რთულ ისტორიულ და პოლიტიკურ მოვლენაში, როგორიცაა დამოუკიდებლობის აქტი და რესპუბლიკის პერიოდი?

ის პარლამენტი ცნობილია, როგორც ყველაზე მეტი ქალის მქონე, ასე მახსოვს. ამ პერიოდში იყო კიდევ საშუალება, იმიტომ რომ სხვადასხვა პოლიტიკური კლასი ებრძოდა მეფეს ან თავადაზნაურობას. მიაჩნდათ, რომ ოჯახი იყო ზუსტად ამ კაპიტალიზმის საყრდენი. 1918 წლის მთავრობა კი არა, ზოგადად მსოფლიოში კარგი მდგომარეობა იყო პირველი რესპუბლიკის დროს – რიცხვებიც გვიჩვენებს ამას. რაც შეეხება, 90-იან წლებს, მაშინ იყო ე.წ. ერი-სახელმწიფოს შედგომა, რომელიც თავიდან ბოლომდე კაცურია. ძალიან ცოტა ქალი იყო მონაწილე, ირინა სარიშვილი და რამდენიმე, თუმცა სახელებსაც ვერ ვიხსნებ. რამდენიმე ქალი ჩანს, დანარჩენი – სულ კაცების ამბვავია საწყის ეტაპზე და დღემდე ასე გრძელდება. უფრო და უფრო უკან-უკან მიდის იმიტომ, რომ თუკი ვინმე ქალი მოხვდა პოლიტიკურ სივრცეში, ის სექსისტური სიძულვილის ობიექტად აქციეს, ან ინტიმური ცხოვრების ამსახველი კადრები გაუვრცელეს, ან სხვა ასეთი ცუდი რაღაცები. ამ მხრივ, დღემდე  საერთოდ არ არსებობს თანასწორობა. არც ერთ ისტორიულ მონაკვეთში ასეთი რამ არ ყოფილა. ბესელია იყო და კადრები გამოუქვეყნეს, ფანჯიკიძე იყო და კადრები გამოუქვეყნეს, ვინ აღარ იყო. აი, თინა ბოკუჩავა, ძალიან დიდ პატივს ვცემ და ვმეგობრობ, და ეგრევე ქალის გენდერულ როლში მოათავსეს, თითქოს ყვირის და წივის, შეუფერებლად იქცევა. ბევრი კაცი არ არის ისეთივე ჭკვიანი და გათვითცნობიერებული პოლიტიკაში, როგორიც თინაა, მაგალითად, და არა მხოლოდ პოლიტიკაში, მაგრამ მაინც.

კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნის გავლენა ქართულ პოლიტიკაში ქალების ჩართულობაზე?

საბჭოთა კავშრიში “ტრაქტორისტი ქალი” გაჩნდა, ბაღები გაიხსნა…ანუ ყველა გარეთ გამოვიდა. ეს ძალიან უცნაური მოვლენა იყო. არა –  ბარბარე ჯორჯაძეები, ფანჯიკიძეები და სალომე ზურაბიშვილები, – ეგრეთ წოდებული მაღალი წარმომავლობის ქალები, არამედ – ჩვეულებრივი, ჩვენი ბებიები, – ასეთი ხალხი გამოვიდა გარეთ და დასაქმდა სკოლებში, ფაბრიკებში, კოლმეურნეობაში. ეს მომენტი ძალიან, ძალიან მაგარი რამ იყო, მაგრამ, ყველაფერი გაფუჭდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როგორც გითხარით. თორემ თავიდან, ბოლშევიკები ამბობდნენ, რომ ოჯახი არის ადგილი, სადაც იჩაგრება ქალი და ა.შ. ზოგიერთი მემარცხენე ბოლშევიკი მაგ პერიოდში ფიქრობდა ოჯახის ინსტიტუტის გაუქმებაზეც, რადგან რეალურად, ოჯახის ინსტიტუტი ნებისმიერ შემთხვევაში არის ორმაგად მჩაგვრელობითი ქალებისთვის და, ზოგადად, ადამიანებისთვის, რადგან მემკვიდრეობის გადაცემა ოჯახით ხდება და, თუ ღარიბი ხარ, სულ ასეთი მემკვიდრეობა გადმოგეცემა. ანუ, სოციალური მობილობის საშუალებას სპობს.

საქართველოს 5 პრეზიდენტიდან მხოლოდ ერთია ქალი, პარლამენტის 140 დეპუტატიდან კი – 27. ეს უბრალოდ სტატისტიკური მონაცემია, თუ ამ რიცხვების მიღმა ქალთა ჩართულობის სერიოზული პრობლემა დგას? პოლიტიკაში დასამკვიდრებლად დღეს თუ უშლით რაიმე ხელს ქალებს? რა მოლოდინია უახლოეს მომავალში პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის მაჩვენებელზე? 

ამ ციფრების მიღმა არის, როგორც გითხარით, ეკონომიკური პრობლემა, ეს პრობლემა არის რესურსების გადანაწილებასთან დაკავშირებული. კაცებს მართლა კი არ სძულთ ქალები, ან კაცებს მართლა კი არ უნდათ, რომ თვითონ აკეთონ პოლიტიკა, მაგრამ თუ ამას მარტო არ გააკეთებენ და სხვებსაც შემოუშვებენ, მაგალითად, ქალებს, მაშინ მათ აქვთ შიში, რომ დაკარგავენ რესურსებზე წვდომას… აქ არ არის იმაზე საუბარი, რომ რა ძნელდება ქალების ან სხვა ადამიანებისთვის, მარტო ქალები ხომ არ არიან დაჩაგრულები ამ ქვეყანაში? ჩემი კლასელების უმრავლესობაც დაჩაგრულია, მაგალითად, რადგან დაბალი ფენის ბავშვები იყვნენ, ან უამრავი ადამიანია დაჩაგრული, პოლიტიკაში თავს ვერ იმკვიდრებენ.  ასე რომ მოხდეს, ფული სხვანაირად გადანაწილდება და არ უნდათ კაცებს, რომლებსაც ძალაუფლება აქვთ, ამის დათმობა. ამიტომ სერიოზული პრობლემაა, კი ბატონო.

და მომავალში როგორ იქნება, თქვენი აზრით? ან თუ შეიცვლება მიმართულება?

არაფერიც არ შეიცვლება, თუ არ შეიცვლება რაღაც რადიკალურად, რაღაც კატაკლიზმა თუ არ მოხდება, როგორც, თავის დროზე, იყო ეს ფეოდალიზმიდან ან მეფის რუსეთიდან რაღაც სხვაზე გადასვლა. ან ვიღაც უნდა მოვიდეს და დედამიწა უნდა გაანაწილოს სამართლიანად. ნახეთ ქვეყნები იმის მიხედვით, თუ როგორ ფლობენ ქალები და კაცები მიწას. ნახეთ, საქართველოში ვინ ფლობს მიწას. იცით, ჭიათურაში თუ ტყიბულში დიდი კვლევა გავაკეთე ექსტრაქტივიზმსა და ქალებთან დაკავშირებით და აღმოჩნდა, რომ მიგრაციაში წასული ქალები ბინებს, ანუ მიწებს, თავისი შვილების ან ქმრების სახელზე ყიდულობენ, ვაჟიშვილების. აი, მეტი რა გითხრათ აბა? თავისი ნაშრომით ნაყიდ მიწასაც კი კაცებს უფორმებენ! მიწის მიტაცებიდან უნდა დაიწყოთ ნებისმიერ თანასწორობაზე ფიქრი. 

ქალების გაძლიერება შეიძლება იმ შემთხვევაში თუ, მაგალითად, სახელმწიფოს სათავეში მოვიდა ვიღაც უცნაური ხალხი და ამაზე დაიწყო მუშაობა; ან მამები მოიქცნენ კეთილად და კეთილსინდისიერად, თავიანთი ქალიშვილების მოცილებასა და სხვა ოჯახში საცხოვრებლად გაშვებაზე რომ ერთი სული აქვთ, ჩვენთან საზიზღარ ტერმინს –  “გათხოვებას” რომ ეძახიან; ან მოვიდნენ ოდესმე კეთილსინდისიერ განწყობაზე და მიწები გაანაწილონ თანასწორად, ანუ მისცენ ქალებსაც მიწა. ქალს თუ ექნება მიწა, მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ ბევრ რამეზე. ამას, რა თქმა უნდა, მეტაფორულად ვამბობ. პოლიტიკაში ქალი გჭირდება ემანსიპირებული, მიწიანი, მეგობრებიანი. რატომ არის, რომ ქალები ერთმანეთთან არ მეგობრობენ? იმიტომ, რომ აზრი არ აქვს ქალების ერთმანეთთან მეგობრობას, ფული არ აქვთ და ვერ დაეხმარებიან ერთმანეთს. სამაგიეროდ, როგორ მეგობრობენ ახლა კაცები ერთმანეთთან? – ძალიან. ხოდა, ახლა თქვენ თვითონ განსაჯეთ, რა უშველის ამ ყველაფერს?! – ეკონომიკური რესურსების თანაბარი გადანაწილება.

დღეს აქტიური განხილვისა და, რიგ შემთხვევაში, კრიტიკის საგანია კვოტირების მექანიზმი. როგორ შეაფასებდით მის ქმედითობას? როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია საფრთხე, რომ ამ ჩარევამ პირიქით, უარყოფითი გავლენა იქონიოს იმ ქალებზე, რომელთაც უშუალოდ თავიანთი ძალებით, დამოუკიდებლად სურთ ამ სფეროში საკუთარი სიტყვის თქმა? პოლიტიკაში ქალთა ჩასართავად გენდერული კვოტის გარდა რა რეფორმებია შემოღებული? 

ამაზე ამბობენ ხოლმე, ხელოვნურიაო. როგორ შეიძლება, ხელოვნურად რამე გამოიწვიოო. პოლიტიკა, და, ზოგადად, საზოგადოებრივი ცხოვრება, თავიდან ბოლომდე ხელოვნურია. თვითონ პოლიტიკაც ადამიანების შექმნილი საზოგაოებრივი მოვლენაა. აქედან გამომდინარე, – არაფერი ბუნებრივი არ არსებობს ამ სამყაროში. ადამიანების მოგონილია საზოგადოებრივი ცხოვრება. საზოგადოებრივი ცხოვრება, მათ შორის – პოლიტიკა, ხეზე ვაშლივით თავისით არ მოდის, მას ადამიანები ქმნიან. არც ქარივით ამოვარდება ხოლმე უცბად და არც წვიმასავით არ დასცხებს. ამიტომ, თუ პროცესი მთლიანად ხელოვნურია, რა დაშავდება იმით, რომ ეს ხელოვნური ჩარევაც ვცადოთ?! ბოლოს და ბოლოს, რაღაცნაირად გაამრავალფეროვნებს მაინც ამას. შეიძლება ჩემს მეგობრებს ეწყინოთ, მაგრამ კაცური პოლიტიკა არის ძალიან ერთფეროვანი და უინტერესო. ქალების ჩართვით სულ მცირე საინტერესო გახდება. სხვა ხერხები არის კარგი ეკონომიკური პოლიტიკა. რატომ არის, მაგალითად, საფრანგეთში, რომ გენდერული თანასწორობა ასე თუ ისე არსებობს, ან ჩრდილოეთის ქვეყნებში, შვედეთში, ნორვეგიაში? ნახეთ სტატისტიკა მიწის ფლობისა და მიხვდებით, რატომ არსებობს იქ თანასწორობა. ანუ, სხვა ხერხი არის ის, რომ ოდესმე ამ ქვეყანაში მამებს გაუნათდეთ გონება და ქალიშვილებსაც ისევე მოექცნენ, როგორც ექცევიან ვაჟიშვილებს. შემდეგ თავისით დალაგდება, აღარ დასჭირდებათ არც კვოტები, ქალებიც იქნებიან ისევე მყარად და მიწით და საკუთრებით, როგორც კაცები.


გამოიწერე ჟურნალი

ჟურნალის გამოწერის შემთხვევაში ელექტრონულ ფოსტაზე ყოველთვიურად მიიღებთ ახალ ნომერს. ჟურნალის გამოწერა უფასოა.



მდევარი