რედაქტორები: ბექა იობიძე, მარიამ გორდაძე.

კორექტორები: მარიამ გორდაძე, ნუცა სეხნიაშვილი, სოფიკო ქურდაძე, ნანო კვარაცხელია, თაკო ინასარიძე, თიკო იობიძე.

აკადემიურ ინტერვიუთა ჯგუფი: ანნა ამილახვარი, სოფიკო ქურდაძე, ზოი პოტამიტი, ანანო ყავალაშვილი.

ტექნიკური ჯგუფი: გიორგი ლექვინაძე, პავლე ერიქაშვილი.


ემანუელ კანტი

გონების რელიგიის კანტისეული გაგება

ავტორი:

კორექტორი: სოფიკო ქურდაძე

სტატია გააციფრულა სალომე ონიანმა

გელა გელაშვილის ბიბლიოთეკიდან

1804 წ. 28 თებერვალს აღმოსავლეთ პრუსიის მთავარი ქალაქი კიონიგსბერგი (დღევანდელი კალინინგრადი) უჩვეულოდ გამოიყურებოდა: დღესასწაული არ იყო, ეკლესიათა ზარები კი რეკავდნენ. მრავალრიცხოვანი საზღვაო ქალაქის მოსახლეობის ყველა ფენის წარმომადგენელი ამ დროს ერთ კაცზე ფიქრობდა, რომელიც ციხესიმაგრის შორიახლოს, საკუთარ სახლში ესვენა. ეს იყო 80 წელს მიღწეული ფილოსოფოსი იმანუელ კანტი, რომლის წყალობითაც უკვე მეორე ათეული წელი კიონიგსბერგი მსოფლიო კულტურის ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული. მან ჩაუყარა საფუძველი იმ დიდ და ნაყოფიერ მიმართულებას, რომელსაც გერმანული კლასიკური ფილოსოფია ეწოდებოდა. მისი მოწაფეები და მოწაფეთა მოწაფეები იყვნენ: ი. გ. ფიხტე, ფ. ვ. ი. შელინგი, გ. ვ. ფ. ჰეგელი, ა. შოპენჰაუერი და სხვ. გერმანული კლასიკური ფილოსოფია მარქსიზმის ერთ-ერთ თეორიულ წყაროდ იქცა, მაგრამ მხოლოდ ისტორიის კუთვნილება არ გამხდარა, იგი მნიშვნელოვნად მონაწილეობდა ევროპული კულტურის შემდგომ წინსვლაში. თავად კანტის მოძღვრება ბევრჯერ გამოუცხადებიათ დაძლეულად და გადალახულად, მაგრამ ყოველთვის აღმოჩნდებოდა, რომ ეს მხოლოდ მისი იდეების რომელიმე განმარტებას ეხებოდა, რომ თავად მოძღვრებაში ჯერ კიდევ ბევრი იყო საყურადღებო და სასარგებლო. მისი მოძღვრება რელიგიის შესახებ დღესაც საჭირბოროტოა როგორც რწმენისა და ზნეობის მიმართების, ისე სხვადასხვა მრწამსის ადამიანთა ურთიერთგაგებისათვის.

ეს უცნაური, ჩია მოხუცი ამ ქალაქში დაიბადა და ძირითადად აქვე გაატარა მთელი ცხოვრება. იგი ისე იყო გატაცებული თავისი საქმით, რომ ზოგიერთები მის არსებობას ცხოვრებადაც არ მიიჩნევდნენ. კარგად მომართული საათივით ამუშავა მან თავისი სუსტი სხეული, რათა მაღალი იდეალები ადამიანებისთვის მისაწვდომ ფორმაში მოექცია. აკი საათებსაც ასწორებდნენ კიონიგსბერგელები, როცა ის სასეირნოდ გამოდიოდა. მხოლოდ მეგობრებმა იცოდნენ, რაოდენ საინტერესოდ ცხოვრობდა ეს კაცი, რომელმაც ეპოქა შექმნა შემეცნების თეორიის, ეთიკის, ესთეტიკისა და რწმენის შესახებ მოძღვრებათა განვითარებაში.

მას საიქიო არ სწამდა და არც ეკლესიაში დადიოდა; მიაჩნდა, რომ პატიოსან ადამიანს თავისი სიწმინდის დასამტკიცებლად გარეგნული რაიმე ნიშნები არ უნდა სჭირდებოდეს და არც საიქიოს არსებობა-არარსებობა უნდა აწუხებდეს. მაგრამ იგი ათეისტი არ ყოფილა, ფიქრობდა, რომ ათეისტი ადამიანისათვის აუტანელ ტვირთს  კისრულობს. მას არც სასწაული სწამდა და არც საჭიროდ მიაჩნდა იგი, თუმცა თანამემამულეებმა მისი გარდაცვალების შემდეგ მისი თმებიდან ბეჭდები დაწნეს და მათი ღირებულება წმინდანთა ნაწილებს გაუტოლეს.

რწმენისა და, შესაბამისად, რელიგიის საკითხს იმანუელ კანტის ძიებებში დიდი ადგილი ეკავა, როგორც მისი მოღვაწეობის პირველ, ე. წ. კრიტიკამდელ, ისე მეორე – კრიტიკულ პერიოდში. ეს გაყოფა ემყარება მის სახელგანთქმულ ნაშრომს – „წმინდა გონების კრიტიკა“ (1781 წ.). თავად  კანტი მიიჩნევდა, რომ ამ შრომამდე არსებული ფილოსოფია, მისი საკუთარი შეხედულებების ჩათვლით, იყო დოგმატური, ე. ი. ემყარებოდა რაღაც არსებითი პრინციპის თუ დებულების უკრიტიკოდ აღიარებას. მისი ღრმა რწმენით, ეს განაპირობებდა იმას, რომ ფილოსოფია (მეტაფიზიკა), განსხვავებით სხვა მეცნიერებათაგან, არ ფლობდა მყარ პრინციპებს და ყოველი მომდევნო მოძღვრება წინას განვითარება კი არ იყო, არამედ უარყოფა. რაც შეეხება სკეპტიკურ ფილოსოფიას (მაგ., ჰიუმისას), რომელიც მეტაფიზიკას უარყოფდა, იგი თავის თავს ეწინააღმდეგებოდა, კერძოდ, მეტაფიზიკის არსებულ, კონკრეტულ ფორმებს კი უარყოფდა, მაგრამ, როცა საერთოდ მეტაფიზიკის შეუძლებლობას ამტკიცებდა, საკუთარ საზღვრებს გადალახავდა ხოლმე (მიიჩნევდა, რომ მან უეჭველობით შეიმეცნა ადამიანის გონების შესაძლებლობანი და მისი საგნებიც. ეს იმ დროს, როცა თავადვე უეჭველი შემეცნების შესაძლებლობას უარყოფდა).

თავდაპირველად კანტი ყოველ ღონეს ხმარობდა, რათა ძველი მეტაფიზიკა გადაერჩინა, ე. ი. დაესაბუთებინა ღმერთის არსებობა, სულის უკვდავება და ადამიანის თავისუფლება. 1763 წ. იგი მიზანმიმართულ ნაშრომსაც აქვეყნებს: „ერთადერთი შესაძლებელი საფუძველი ღმერთის არსებობის დასაბუთებისათვის“. შემდეგ თავად დაინახავს თავის შეცდომას; სახელდობრ იმას, რომ ღმერთის არსებობის თეორიული დასაბუთება (მათემატიკური, ანდა ფიზიკური დასაბუთების აზრით) შეუძლებელია. მაგრამ ეს მისთვის არ ნიშნავდა ღმერთის არსებობის, მორალის ან რელიგიის უარყოფას. პირიქით, მისი აზრით, მხოლოდ ამ პირობებშია შესაძლებელი ჭეშმარიტი მორალის, რელიგიისა და ადამიანის თავისუფლების არსებობა. თეორიული შემეცნება, რომელსაც ფიზიკა, მათემატიკა და სხვა მეცნიერებანი ატარებენ და რომელნიც მეცნიერებანი მხოლოდ იმდენად არიან, რამდენადაც მათში არის მათემატიკა, ეხება არა თავისთავად სინამდვილეს, არამედ მოვლენებს, ე. ი. თავისთავადის ჩვენზე ზემოქმედების შედეგად შექმნილს. კანტმა ამ შეხედულებას, რომელსაც ემყარება მთელი კლასიკური გერმანული იდეალიზმი, კ ო პ ე რ  ნ ი კ ი ს ე ბ უ რ ი   გ ა დ ა ტ რ ი ა ლ ე ბ ა უწოდა: თუ მანამდე ყველა ფილოსოფოსი მიიჩნევდა, რომ მეცნიერული შემეცნება შემეცნებისგან დამოუკიდებელ საგნებს იმეცნებს (ბერკლი და ჰიუმი უარყოფდნენ თავად მეცნიერული შემეცნების შესაძლებლობას), კანტის აზრით, შემეცნება თავად აგებს თავის საგანს შემეცნებისას. მათემატიკა და ფიზიკა არაფერს გვეუბნებიან თავისთავადი ნივთების, თავისთავადი სინამდვილის შესახებ. ისინი მხოლოდ ამ ნივთების ადამიანზე ზემოქმედების საყოველთაო და აუცილებელ ფორმებს ადგენენ. ეს მოვლენათა სამყარო მკაცრ კანონზომიერებას ემორჩილება. აქ ყველაფერი შეიძლება გამოვითვალოთ, გავითვალისწინოთ. აქ მომავალი მკაცრადაა განპირობებული წარსულით. ამ სფეროში გამორიცხულია თავისუფლება, ზნეობა, რწმენა, ესთეტიკური მიმართება. კანტი მათ ღირებულებას სულაც არ უარყოფს. პირიქით, მიიჩნევს, რომ ადამიანი მათ გარეშე არ არსებობს. მოვლენათა სფეროში ადამიანი ჩვეულებრივ ნივთს უტოლდება, რომელიც საყოველთაო კანონებს ემორჩილება, გამოითვლება და გაითვალისწინება. კანტი დარწმუნებულია, რომ თეორიული შემეცნების მოვლენათა სფეროთი შემოფარგვლით მან ადგილი გაათავისუფლა მორალის, რწმენისა და ესთეტიკურისათვის. „მე უნდა მომეხსნა ცოდნა, რათა რწმენისათვის ადგილი მიმეღო“, იტყვის კანტი „წმინდა გონების კრიტიკის“ მეორე გამოცემის წინასიტყვაობაში. სიტყვაში „მოხსნა“ იგულისხმება შემეცნების სამფლობელოს შეუზღუდველობის უარყოფა, ასევე თეორიული შემეცნების დამოუკიდებელი ღირებულების მოხსნა და რწმენისათვის, როგორც ეთიკურისა და რელიგიურისათვის, მისი დაქვემდებარება. ამგვარი გაგების უფლებას გვაძლევს ის, რომ კანტისათვის ურყევი პრინციპია პრაქტიკულის (ანუ მორალურის) უპირატესობა თეორიულის მიმართ (1.29).

„წმინდა გონების კრიტიკაში“ საფუძველი ჩაეყარა დასაბუთებული პასუხის შესაძლებლობას იმ სამ ძირითად კითხვაზე, რომელნიც აერთიანებენ ადამიანური გონების ყველა ინტერესს (როგორც სპეკულანტურს, ასევე პრაქტიკულს): „რა შემიძლია ვიცოდე? რა უნდა გავაკეთო? რისი იმედი შეიძლება მქონდეს?“.

პირველი კითხვა მხოლოდ თეორიულია და მასზე კანტის პასუხი უკვე ვიცით: ადამიანს შეუძლია თეორიულად (ზუსტმეცნიერულად) იცოდეს მხოლოდ მოვლენათა სფერო. ამ სფეროს გარეთ რომ რაღაც ჩვენგან დამოუკიდებელი არსებობს, ეს უეჭველია, მაგრამ რაა იგი, მატერიალური თუ იდეალური, ცნობიერი თუ არაცნობიერი, ფიზიკური თუ ფსიქიკური, ამის შესახებ არაფრის არც მტკიცება შეგვიძლია და არც უარყოფა. ცხადია, აქ შედის სულის უკვდავებისა და ღმერთის არსებობის საკითხიც. კანტმა ღმერთის არსებობის დამსაბუთებელი ყველა თეორიული არგუმენტი დაიყვანა სამზე: ფ ი ზ ი კ ო თ ე ო ლ ო გ ი უ რ ი (სამყარო მიზანშეწონილადაა აგებული, ე. ი. არსებობს ამგები), კ ო ს მ ო ლ ო გ ი უ რ ი (თუ რაიმე არსებობს, თავად უნდა იყოს აბსოლუტური, ანდა ემყარებოდეს აბსოლუტურს, მე კი, როგორც სასრული, ვარსებობ), ო ნ ტ ო ლ ო გ ი უ რ ი (ღმერთის, როგორც სრულყოფილის, ცნებაში აუცილებლობით იგულისხმება მისი არსებობაც, როგორც ნიშანი). პირველი ემყარება მეორეს, მეორე – მესამეს, ხოლო მესამე ლოგიკურად მცდარია, რადგან ცნებაში, საერთოდ, არ შეიძლება არსებობა ნიშნად იგულისხმებოდეს (1.370).

კანტის ამ თეორიამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თანამედროვეებზე. მოგვიანებით ჰ. ჰაინემ ეს საქმე იაკობინელთა  მოღვაწეობაზე უფრო რევოლუციურად ჩათვალა: რობესპიერმა მეფეს მოკვეთა თავი, კანტმა კი – თავად ღმერთსო. მაგრამ ეს სულაც არ ყოფილა კანტის მიზანი. თეორიულად დასაბუთებული ღმერთის არსებობა მისთვის სწორედ მორალის, თავისუფლებისა და ნამდვილი რწმენის უარყოფას ნიშნავდა. თუ ადამიანი ისევეა დარწმუნებული ღმერთის არსებობაში, როგორც მაგ., იმაში, რომ სამკუთხედის კუთხეების ჯამი ევკლიდეს სივრცეში 2d-ს ტოლია, მაშინ, ცხადია, ყველა „იწამებს“ ღმერთს, მაგრამ ეს რწმენა კი არა, ანგარიში იქნება, რომელიც მორალს არ უკავშირდება და, ამდენად, არც რწმენას. სამართალდამცავის თვალწინ არავინ დაარღვევს წესრიგს, მაგრამ ეს სულაც არაა მისი წესიერების საბუთი. ადამიანის ღირსებასა თუ უღირსობას მხოლოდ ის ქმნის, რაც მის ნებაზე, მის თავისუფალ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. „წმინდა გონების კრიტიკამ“ თეორიული შემეცნების სფეროს მკაცრი შეზღუდვით სწორედ ასეთი თავისუფლება მისცა ადამიანს. თავისთავადი ნივთების სფეროში იგი თავისუფალია. ეს სფერო კი სადღაც შორს კი არა, არამედ ყველგანაა. ყველა საგანი, თუ ნივთი, ქცევა, თუ გადაწყვეტილება, როგორც კი მას შემეცნების კანონები მოერგება, გაორდება, ერთის მხრივ, მოვლენად, მეორე მხრივ, თავისთავად ნივთად იქცევა. მე რომ ხეს ვუცქერ, მის ბუნებას არასგზით არ ამოწურავს ის, რასაც მე მის შესახებ ფიზიკა, ქიმია ანდა მათემატიკა მეტყვის; მასში რჩება რაღაც თავისთავადი, რაც საერთოდ შეუმეცნებადია მეცნიერებისათვის. იგივე ითქმის ჩემი საკუთარი სხეულისა და, ასევე, სულის შესახებაც. ეს უკანასკნელი, როგორც ფსიქოლოგიის საგანი, არის ერთ-ერთი მოვლენა სხვათა გვერდით, მაგრამ მას აქვს მეორე მხარე, რომელიც სავსებით მიუღებელია მეცნიერებისათვის, მაგ. ამორჩევის თავისუფლება. რაგინდ განპირობებული არ იყოს ადამიანის შეგნებული მოქმედება გარემო პირობებით, ანდა მისივე წარსულით, ჩვენ მას მაინც დამნაშავედ მივიჩნევთ მის მიერ ჩადენილი ბოროტმოქმედებისათვის; ასევე ხედავს ის თავის თავსაც. ამგვარი ვითარება კანტისთვის ისეთივე უეჭველი ფაქტია, როგორიც მეცნიერული ჭეშმარიტების არსებობა, რომლის არსებობის შესაძლებლობის პირობები „წმინდა გონების კრიტიკაში“ დადგინდა. აქვე დადგინდა ისიც, რომ ადამიანის მორალური ქცევა თეორიული ცოდნისგან დამოუკიდებელია და ამ სფეროში ადამიანი თავისუფალია, ე. ი. თავისი ქცევის კანონებს თავად ადგენს. მხოლოდ ამიტომ არის იგი შერაცხადი, რომელსაც შეიძლება რაიმე მოუწონო ანდა დაუწუნო. რაკი მეცნიერული შემეცნებისგან ასე თავისუფალი სფერო აღმოჩნდა, აზრი მიეცა შექმნილიყო სპეციალური თეორია კანტის მიერ დასმულ მეორე კითხვაზე საპასუხოდ („რა უნდა გავაკეთო?“). ესაა კანტის ნაშრომების – „ზნეობის მეტაფიზიკის დაფუძნება“ (1785 წ.), „პრაქტიკული გონების კრიტიკა“ (1788 წ.) და „ზნეობის მეტაფიზიკა“ (1797 წ.) – საგანი. „პრაქტიკული“ აქ ნიშნავს იმას, რასაც ადამიანი თავისუფალი გადაწყვეტილების საფუძველზე აკეთებს, ე. ი. თავადაა პასუხისმგებელი. ის, რაც დღეს პრაქტიკულად იწოდება კანტისთვის, აღინიშნება ტერმინით – „ტექნიკური“. სახლის აშენება, გზის გაყვანა, მოსავლის მოყვანა ცოდნის საფუძველზე ხდება და ტექნიკურია, მაგრამ, რამდენადაც აქ ჩემი თავისუფალი გადაწყვეტილება მონაწილეობს, ეს მოქმედებანი თავისთავადი ნივთის სფეროში ექცევიან და ზნეობრივი შეფასების საგანი შეიძლება გახდნენ, ე. ი. პრაქტიკულის სფეროში მოექცნენ; ამრიგად, პრაქტიკულია მხოლოდ ადამიანის ქცევა. კანტი სხვაგვარადაც იტყვის: პრაქტიკულს უწოდებენ ყოველივე იმას, რასაც მიმართება აქვს ადამიანის თავისუფლებასთან (5.459).

1785 წ. კანტმა დაადგინა და დაასაბუთა ადამიანის მორალური ქცევის, ე. ი. თავისუფალი მოქმედების, უმაღლესი პრინციპი, რომელსაც კ ა ტ ე გ ო რ ი უ ლ ი  ი მ პ ე რ ა ტ ი ვ ი უწოდა. ეს ნიშნავს მოქმედების წესს, რომელიც ადამიანმა უნდა დაიცვას ნებისმიერ პირობებში, თუკი სურს ზნეობრივად იწოდებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი საქციელი მორალურად უზნეოდ ჩაითვლება. იგულისხმება, რომ ეს კანონი ადამიანმა თავად გამონახა და თვით დაუდგინა თავის თავს აუცილებელ წესად. ამას კანტი უწოდებს მორალის ა ვ ტ ო ნ ო მ ი უ რ ო ბ ა ს, ე. ი. თვითკანონმდებლობას. ტრადიციული თეორიები იყო ჰ ე ტ ე რ ე ნ ო მ ი უ ლ ი. ისინი მორალური კანონების სავალდებულოობას ამყარებდნენ ან ღმერთის ნებაზე, ან ადამიანის ბუნებაზე, ან საიქიოს შიშზე და სხვ. კანტის მიერ ჩამოყალიბებული იმპერატივი მოითხოვს: „მოიქეცი ისე, რომ კაცობრიობა, როგორც საკუთარი, ისე ნებისმიერი სხვა პიროვნების სახით, ყოველთვის იყოს აგრეთვე მიზანი და არასდროს გამოიყენო, როგორც მხოლოდ საშუალება“ (2.112).

ეს მორალური კანონია, მაგრამ ბუნების, მაგ., მიზეზობრიობის კანონისგან განსხვავებით, მას არა აქვს ავტომატური მოქმედების ანდა რაიმე გარედან მაიძულებელი ძალა. იგი ა რ ს ი ს კი არა, არამედ ჯ ე რ ა რ ს ი ს კანონია. მისი შესრულება-შეუსრულებლობა არ მოქმედებს მის საყოველთაობასა და ღირსებაზე. თუ მიზეზობრიობის კანონი ერთხელ მაინც არ განხორციელდა მოვლენათა სფეროში, ეს სრული საბუთია მისი საყოველთაობის წინააღმდეგ, მაგრამ, არავინ რომ არ განახორციელოს მორალური კანონი, ეს მის ღირებულებას ვერაფერს დააკლებს. არც ერთი პატიოსანი კაცი რომ არ იყოს ქვეყანაზე, პატიოსნება განა ამით გაუფასურდება? კანტი რუსოს მსგავსად ფიქრობს, რომ ყველა ადამიანმა იცის, თუ რა არის კარგი, ე. ი. მორალური, და რა ცუდი. სხვა ამბავია, რომ ყველა ადამიანს არა აქვს ძალა დაიცვას მორალური კანონის მოთხოვნანი. მას მხოლოდ იმის დასაბუთება სურს, რომ ყველა ადამიანს შეუძლია, თუ ნამდვილად მოინდომებს, იყოს მორალური, დაიცვას კატეგორიული იმპერატივი. ამისათვის საჭიროა ამ კანონის არა მარტო ა პ რ ი ო რ უ ლ ო ბ ი ს, ე. ი. გამოცდილებისაგან, ემპირიისგან დამოუკიდებლობის, არამედ მისი ს ი ნ თ ე ზ უ რ ო ბ ი ს ჩვენებაც. აპრიორული სინთეზურობა კანტის მიერ შემოტანილი ცნებაა და მოწოდებულია დაასაბუთოს განვითარების შესაძლებლობა როგორც შემეცნებაში, ისე ეთიკასა და ესთეტიკაში. შემეცნებაში იგი გვიჩვენებს, თუ როგორაა შესაძლებელი, რომ არსებულ ცოდნას რაღაც მიემატოს, რაც მასში არ იგულისხმება, მაგრამ მიემატოს აუცილებლობისა და საყოველთაობის უფლებით. ზნეობაში კი ესაა ინდივიდუალური (ჩემი) ნების ამაღლება საყოველთაო კანონის დონეზე. ამით პასუხი გაეცა კითხვას – „რა უნდა გავაკეთო?“. მესამე კითხვაზე – რისი იმედი შეიძლება მქონდეს? – პასუხისათვის წინასწარ საჭიროა თეორიული შემეცნებისა და ზნეობის სფეროს, ანუ არსისა და ჯერარსის სფეროთა დაკავშირება, რაც ხორციელდება მესამე კრიტიკაში – „მსჯელობა უნარის კრიტიკაში“ (1790 წ.).

„წმინდა გონების კრიტიკაში“ დასაბუთებული პრაქტიკული გონების უპირატესობა თეორიული შემეცნების მიმართ ამ კავშირს მხოლოდ ცალმხრივად წარმოადგენს: გამოცდილების და ე. ი. თეორიული შემეცნების გარეთ მდგომი მიზნები პრაქტიკული გონებისა (იდეები) წარმართავენ შემეცნებას. ამასთანავე, მორალის, ჯერარსის კანონები ვერ მკვიდრდებიან გამოცდილების სფეროში, რადგან განხორციელებული ჯერარსი უკვე არსია და არა მორალური სფეროს წარმომადგენელი. ამ ორი სფეროს დაკავშირებისათვის კანტი ყურადღებას აქცევს იმას, რომ ემპირიის, გამოცდილების სფეროში მეცნიერების აპრიორული კანონები მხოლოდ ზოგად მიმართებებსა და სტრუქტურებს განსაზღვრავენ, მაგრამ ემპირიული კანონების უსასრულო რაოდენობას ვერ (ამას უსასრულო დრო სჭირდება). ადამიანი კი ამ მრავალფეროვნებაში ცხოვრობს, მასთან გრძნობადი მიმართება აქვს: რაღაც  სიამოვნებს, რაღაც მოსწონს, რაღაც უსიამოვნოა ანდა საერთოდ მოწონების ღირსად არ მიაჩნია. ადამიანს შეუძლია წარმოსახვის ძალით მოაწესრიგოს ეს მრავალფეროვნება, ანუ წარმოადგინოს იგი, როგორც მიზანშეწონილი, სადაც არსისა და ჯერარსის კანონები შეწყობილია. ამგვარი წარმოსახვის უნარს კანტი ესთეტიკური ხედვის უნარს უწოდებს. იგი ადამიანის მესამე ძირითადი უნარია, რომელსაც ევალება მშვენიერი წარმოადგინოს, როგორც ზნეობრიობის სიმბოლო (6.373). ოღონდ ეს უნდა განხორციელდეს, როგორც სხვა უნართა კანონები, თავისებური აპრიორულობითა და საყოველთაობით. ამით ესთეტიკა ემყარება ბუნების მიზანშეწონილების, თვალსაზრისით განხილვას, ე. ი. ტ ე ლ ე ო ლ ო გ ი ა ს. იგი ისე იხილავს ბუნებას, თითქოს ის მორალური მიზნების შესაბამისად იყოს წარმართული და თითქოს ბუნების უმაღლესი მიზანი იყოს ადამიანი, როგორც მორალური არსება. ამით ჩვენ თეორიულად ვერაფერს ვიმეცნებთ, მაგრამ სამყაროს მთლიანობაში წარმოვიდგენთ არა როგორც უბრალო მექანიზმის სახით, რასაც ზუსტი მეცნიერებანი ცდილობენ, არამედ როგორც ცოცხალს, როგორც ორგანიზმს, რომელსაც უმაღლესი გონიერი არსება მართავს და, თუ ღირსნი ვიქნებით ბედნიერებისა, შესაძლებელია ჩვენ მას ვეზიაროთ კიდეც. ბედნიერების ღირსად ყოფნა კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შევიმეცნეთ ის, რისი შემეცნებაც შეგვეძლო და ვაკეთებდით იმას, რაც უნდა გაგვეკეთებინა, ე. ი. ვასრულებდით კატეგორიული იმპერატივის მოთხოვნას ისე, რომ მასშივე (ამგვარ მოქმედებაში) ვხედავდით უმაღლეს ჯილდოს. ტელეოლოგია მე სხვა, რაიმე უფრო მაღალ მიზანს კი არ მაძლევს, არამედ ამ მიზანს სინამდვილეში განხორციელებულად წარმომისახავს. აქედან გამოდის, რომ მშვენიერი ის უმაღლესი ვითარებაა, რომელსაც ადამიანი ამქვეყნად შეიძლება ეზიაროს. იგი ახდენილი იმედია, რომელიც მის გარეთ არაფერზე არ მიუთითებს. მაგრამ იგი მხოლოდ ჩვენი განცდაა, საგნის საბაბით გამოწვეული, ჩვენი წარმოსახვის ძალის დაძაბვას გულისხმობს, რომელიც ათანხმებს ბუნებასა და ზნეობას, განსჯასა და გონებას, კანტი მას თამაშის მდგომარეობას ადარებს. ამიტომ მას გარკვეული ხანგრძლივობა აქვს. ამის გამოა: ჩვენ არ შეგვიძლია განუწყვეტლივ ვემორჩილებოდეთ ესთეტიკურ, დაუინტერესებელ ხედვას, თუნდაც ის ობიექტი, რომელიც მშვენიერების განცდის საბაბი გახდა, მუდამ თვალწინ გვქონდეს. ადამიანის სასრულობა იმაშიც ვლინდება, რომ იგი კითხვას: „რისი იმედი შეიძლება მქონდეს?“ – საიქიოზეც ავრცელებს. ამდენად ესთეტიკა მხოლოდ ნაწილობრივ პასუხობს აღნიშნულ კითხვას და, კანტის აზრით, ტელეოლოგიას უშუალოდ მივყავართ რ ე ლ ი გ ი ა ს თ ა ნ, ანუ ჩვენი მოვალეობების ისეთ გაგებასთან, თითქოს ისინი ღვთაებრივი მცნებანი იყვნენ (6.522).

ამ ახალი განზომილების დაფუძნებამ შესაბამისი კვლევა მოითხოვა, რომელსაც კანტმა უწოდა „რელიგია მხოლოდ გონების საზღვრებში“ და რომლის ქართულ თარგმანსაც ვთავაზობთ მკითხველს.

მიუხედავად იმისა, რომ საქვეყნოდ სახელგანთქმული იყო, კანტს ძალიან გაუჭირდა ამ ნაშრომის გამოცემა. ის სიახლე, რაც უშუალოდ გამოდიოდა ზნეობის ავტონომიის კანტისეული პრინციპიდან ზოგადად ყველასთვის ცნობილი იყო: რელიგიას კი არ უნდა ემყარებოდეს მორალი, არამედ თავად რელიგია მორალის საფუძველზე უნდა არსებობდეს. ღმერთის არსებობის ერთადერთი დასაბუთება ადამიანის მორალურ საქციელშია დანახული. ამ საქციელის საფუძველი კი მხოლოდ ამ ადამიანის გადაწყვეტილება, მისი კეთილი ნება იყო. ადამიანის ქცევის ფაქტობრივი, გარეგანი შედეგი არარსებითად მიიჩნიეს. ამ საფუძველზე ბევრი რამ იცვლებოდა ოფიციალური რელიგიისათვის. სწორედ აღნიშნულ ცვლილებაზე იყო მსჯელობა ნაშრომში – „რელიგია მხოლოდ გონების საზღვრებში“. ეს ნათლად გამოჩნდა ნაშრომის პირველივე ნაწილში, რომელიც კანტმა ბერლინში გამოაქვეყნა 1792 წ. – „რადიკალური ბოროტების შესახებ ადამიანის ბუნებაში“. მიუხედავად იმისა, რომ ამ პრინციპის გამართლება სახარებიდანაც შეიძლება (კერძოდ, პავლე მოციქულის გამონათქვამებიდან), ნაშრომმა ბევრი აღაშფოთა, მათ შორის გოეთეც. ეს განმანათლებლობის ეპოქის მიწურული იყო. ადამიანი ბუნებით კეთილად მიიჩნეოდა, ანდა ნეიტრალურად სიკეთე-ბოროტების მიმართ. გოეთე მოგვიანებით მიხვდა, რომ სიკეთე-ბოროტების თანაარსებობა ადამიანში უფრო შეესაბამებოდა მის შემოქმედებით პრაქტიკას, ვიდრე განმანათლებლობის წინასწარდადგენილი კეთილგანწყობა.

ნაშრომის მეორე ნაწილი – „კეთილი და ბოროტი პრინციპის ბრძოლა ადამიანზე ბატონობისთვის“ – ცენზორმა აკრძალა ოფიციალურ რელიგიასთან შეუთავსებლობის გამო. კანტს, ცხადია, მომხრენიც ბევრი ჰყავდა. საქმე მეფემდე მივიდა, მაგრამ არაფერი გამოვიდა, რადგან იმხანად სასახლის კარზე სასულიერო პირები იყვნენ გაბატონებულნი. ბერლინში დამარცხებულმა კანტმა მოახერხა კიონიგსბერგში გამოექვეყნებინა წიგნი – „რელიგია მხოლოდ გონების საზღვრებში“, რომლის პირველ და მეორე ნაწილებს ზემოაღნიშნული შრომები შეადგენდა.

თუ როგორ აფასებდა კანტი თავის ახალ ნაშრომსა და მის მიმართებას მაშინდელ საზოგადოებასთან, ნათლად ჩანს წერილიდან, რომელიც მოხუცმა ფილოსოფოსმა მისწერა გიოტინგენში მოღვაწე თეოლოგიის პროფესორ კარლ ფრიდრიჰ შტოიდლინს (1761-1826) 1793 წ. 4 მაისს. შტოიდლინმა მას 1791 წელს გაუგზავნა თავისი ახალი ნაშრომი – „იდეები ქრისტიანული რელიგიის სისტემის კრიტიკისათვის“:

„ღირსეულო ადამიანო, თქვენს ჯერ კიდევ 1791 წ. 9 ნოემბერს მოწერილ წერილზე და ძვირფას საჩუქარზე, როგორიც იყო თქვენი იდეები კრიტიკისა და ა. შ., პასუხის დაგვიანება არ მიიჩნიოთ ჩემი უყურადღებობის ანდა უმადურობის ნიშნად. მე განვიზრახე, ჩემი პასუხისთვის დამერთო გარკვეული აზრით მსგავსი საპასუხო საჩუქარი თქვენთვის, მაგრამ ეს საქმე დააყოვნა რიგმა სამუშაომ. წმინდა ფილოსოფიის სფეროში ჩემთვის საჭირო სამუშაოს გეგმა, რომელიც მე დიდი ხნის წინათ დავსახე, სამი ამოცანის გადაჭრას ისახავდა მიზნად: 1) რა შემიძლია მე ვიცოდე? (მეტაფიზიკა), 2) რა უნდა გავაკეთო? (მორალი), 3) რისი იმედი შეიძლება მქონდეს? (რელიგია), რასაც ბოლოს მეოთხე უნდა მოჰყოლოდა: რა არის ადამიანი? (ანთროპოლოგია, რაზეც მე აგერ ოც წელზე მეტია ყოველწლიურად ვკითხულობ ლექციებს). წერილს თანმხლები ნაშრომით – „რელიგია საზღვრებში და ა. შ.“ – მე ვცდილობდი შემესრულებინა ჩემი გეგმის მესამე განყოფილება. ამ დროს ჩემი წარმმართველი იყო სინდისი და ქრისტიანული რელიგიის ჭეშმარიტი პატივისცემა, მაგრამ ამავე დროს შესაფერისი გულახდილობის პრინციპიც, რომელიც მოითხოვს არაფერი მიმეჩქმალა, არამედ აშკარად გადმომეცა, თუ როგორ მიმაჩნია მე შესაძლებლად ქრისტიანული რელიგიის უწმინდეს პრაქტიკულ გონებასთან შეერთება. ბიბლიური თეოლოგი ხომ გონებას ვერაფერს დაუპირისპირებს, გარდა კვლავ გონებისა ანდა ძალადობისა? თუ მას არ სურს დააბრალონ ეს უკანასკნელი (რაც ძალზე მოსალოდნელია საზოგადოებაში თავისუფლების საყოველთაო შეზღუდვით გამოწვეულ ახლანდელ კრიზისში), მაშინ მან იმ არგუმენტებს, რომელნიც საზიანოდ მიაჩნია, სხვა არგუმენტებით უნდა წაართვას ძალა და არა ანათემათა ჭექა-ქუხილით სასახლის ატმოსფეროს ღრუბლებიდან. ეს იყო ჩემი აზრი წინასიტყვაობის XIX გვ., რამდენადაც ბიბლიურ თეოლოგს მისი სრულყოფილი მომზადებისათვის ვთავაზობდი, თავისი ძალა იმაზე ეცადა, რის დაპირისპირებასაც შეძლებდა ფილოსოფია ყველა თავის მტკიცებათა სისტემის სახით (როგორიცაა, მაგალითად, წინამდებარე წიგნი). ეპასუხა მათზე ასევე არგუმენტებით, რათა აღჭურვილი ყოფილიყო ყოველი მომავალი შენიშვნის წინააღმდეგ. თქვენ ალბათ გაგიკვირვებთ წინასიტყვაობის, გარკვეული აზრით, სასტიკი ტონი. ეს გამოიწვია შემდეგმა ვითარებამ: მთელი შრომა უნდა დაბეჭდილიყო ბერლინურ ყოველთვიურში, ოღონდ იქაური კომისიის ცენზურით. პირველ ნაწილზე ასეც მოხდა (სათაურით რ ა დ ი კ ა ლ უ რ ი  ბ ო რ ო ტ ე ბ ი ს  შ ე ს ა ხ ე ბ  ა. ბ.), მას შემდეგ, რაც ფილოსოფიის ცენზორმა ბატონმა საიდუმლო მრჩეველმა ჰილმერმა იგი თავისი უწყების საქმედ მიიჩნია, მეორე ნაწილი კი ასე ბედნიერი არ ყოფილა, რადგან ბატონმა ჰილერმა, რომელმაც იფიქრა, რომ ის ბიბლიურ თეოლოგიაში იჭრებოდა (თუმცა მე არ ვიცი, რატომ ასეთივედ არ მოეჩვენა მას პირველი) საჭიროდ ჩათვალა მოთათბირებოდა თეოლოგიის ცენზორ ობერ კონსისტორიის მრჩეველ ბატონ ჰერმესს, რომელმაც, ბუნებრივია (რადგან რომელ სასულიერო პირს უთქვამს ძალაუფლებაზე უარი?), ეს ნაშრომი მყის თავისი სამსჯავროს კუთვნილად ჩათვალა და არ გასცა ნებართვა (legi). და, აი, წინასიტყვაობის მიზანია უჩვენოს, რომ, როცა საცენზურო კომისია ვერ გარკვეულა, თუ ვის უნდა გადაეცეს ცენზურისათვის ნაშრომი, მაშინ ავტორი არაა ვალდებული უცადოს, თუ როგორ შეთანხმდებიან ისინი. მას შეუძლია განაჩენისთვის ადგილობრივ უნივერსიტეტს მიმართოს, რადგან მხოლოდ იქაა, რომ ყოველი ფაკულტეტი ვალდებულია თავისი სფერო დაიცვას და სხვების პრეტენზიები უარყოს, აკადემიის სენატს კი შეუძლია ამგვარი კამათი უფლებათა თაობაზე კანონიერად დაასრულოს. სამართლიანობა რომ სრულად დამეცვა, მე ეს ნაშრომი განსახილველად ჯერ თეოლოგიურ ფაკულტეტს წარვუდგინე, რათა გაერკვია: იგი ამ ნაშრომზე, რამდენადაც ის ბიბლიური თეოლოგიის სფეროში იჭრება, პრეტენზიას აცხადებს თუ უარს ამბობს მის ცენზორობაზე, რადგან ფილოსოფიის ფაკულტეტის კუთვნილებად მიიჩნევს. მე მივიღე კიდეც ამგვარი უარი და მიმართვა ფილოსოფიური ფაკულტეტისადმი.

ამ ამბავს თქვენ, ღირსეულო ადამიანო, იმიტომ გიყვებით, რომ შესაძლებელია ყოველივე ეს საჯარო კამათში გადაიზარდოს. ამ შემთხვევაში მე ვიმედოვნებ, რომ ჩემს მოქმედებას თქვენც სამართლიანად მიიჩნევთ. ამასთან, ვშთები გულწრფელი პატივისცემით თქვენი მაღალღირსების მორჩილი მსახური ი. კანტი“. (7.430)

ამ საკითხზე კამათმა გაცილებით უფრო მკაცრი ფორმა მიიღო, ვიდრე კანტს ეგონა. მას ვერ წარმოედგინა, თუ ფრიდრიჰ დიდის მიერ დამკვიდრებული პოლიტიკა კულტურისადმი ასე შეიცვლებოდა მისი მემკვიდრის ფრიდრიჰ-ვილჰელმ II-ის ხელში. ფრიდრიჰ დიდი, რომელსაც განმანათლებლობა და თავისუფლად მოაზროვნეობა (მაგრამ არა თავისუფლად მოქმედება!)  სახელმწიფო პრინციპის რანგში აყავდა, გარდაიცვალა 1786 წ. ახალი მეფე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ამჟღავნებდა მაგიისა და მისტიკისკენ მიდრეკილებას (როზენკრაიცერთა ორდენის წევრიც იყო), თავდაპირველად უხეშად არ ჩარეულა უკვე ტრადიციულ პოლიტიკაში, რომელსაც პირველი მინისტრი, კანტის დიდი პატივისმცემელი ბარონი ცედლიცი აგრძელებდა. მაგრამ სასახლეში ვითარება თანდათან იცვლებოდა. ძალას იკრებდნენ მეფის მეგობარი რეაქციონერი სასულიერო პირები და, უპირველეს ყოვლისა, ახალ მეფეზე დიდი გავლენის მქონე იოჰან ქრისტოფ ველნერი (1732-1800). როცა იგი 1768 წ. ფრიდრიჰ დიდს წარუდგინეს დასაწინაურებლად, მან თხოვნას წააწერა: „ველნერი მატყუარა, ინტრიგანი მღვდელია და სხვა არაფერი“ (8.95). ოცი წლის შემდეგ კი მან შეძლო მეფის დარწმუნება, რომ საჭიროა „ეგრეთწოდებული განმანათლებლობისა და თავხედობად გადაგვარებული პრესის თავისუფლების“ შეზღუდვა. როგორც ვნახეთ, კანტი არ ეპუებოდა ახალ შეზღუდვებს. ის კი არა, ბერლინში  ცენზურის მიერ აკრძალული ნაშრომი – „რელიგია მხოლოდ გონების საზღვრებში“ (1793 წ.), მომდევნო წელსვე მეორედ გამოსცა. მეფე, რომელიც ერიდებოდა კანტს, ამჯერად დაარწმუნა ველნერმა, რომ კანტი ამახინჯებს ქრისტიანულ რელიგიას და იბრძვის მის წინააღმდეგ. 1794 წ. 1 ოქტომბერს კანტს გაეგზავნა მეფის ბრძანება ხელმოწერილი ველნერის მიერ:

            „ფრიდრიჰ ვილჰელმი, მეფე და ა. შ.

            ჩვენი უმაღლესი პირი უკვე დიდი ხანია დიდის უკმაყოფილებით. ხედავს, თუ როგორ ამახინჯებთ, ამცირებთ და აუფასურებთ თქვენი ფილოსოფიით წმინდა წერილის მრავალ მთავარ და ძირითად მოძღვრებას; ქრისტიანობას ბოროტად იყენებთ, როგორც თქვენ ეს გააკეთეთ, სახელდობრ, თქვენს წიგნში – „რელიგია მხოლოდ გონების საზღვრებში“, აგრეთვე სხვა, უფრო მომცრო ნაშრომებში. ჩვენ თქვენზე უკეთესი წარმოდგენა გვქონდა. თქვენ თავად უნდა დაინახოთ, თუ ამით როგორ უპასუხისმგებლოდ მოეკიდეთ თქვენს, როგორც ახალგაზრდობის აღმზრდელის, მოვალეობას და, აგრეთვე, მოვალეობას ჩვენს, თქვენთვის კარგად ცნობილ, მზრუნველ შეხედულებათა მიმართ.

ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, თქვენგან მოვითხოვთ პატიოსან პასუხისმგებლობას და, თუ გსურთ ჩვენი უმაღლესი უკმაყოფილების აცილება, ველით თქვენგან, რომ მომავალში ამის მსგავსს არაფერს ჩაიდენთ, არამედ, პირიქით, თქვენი მოვალეობის შესაბამისად, თქვენს სახელსა და ნიჭს იმისათვის გამოიყენებთ, რომ ჩვენი მზრუნველი მიზნები შემდგომში უფრო მეტად განხორციელდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ჯიუტობას გააგრძელებთ, უეჭველად მოელოდეთ უსიამოვნო განკარგულებებს“ (7.525).

ეს მარტო ველნერის საქმე არ იყო. საფრანგეთის 1789 წ. რევოლუციამ ევროპის მონარქები დააშინა. განმანათლებლობასა და თავისუფალ აზროვნებას შიშით დაუწყეს ცქერა, რადგან საყოველთაოდ ცნობილი იყო ფრანგი განმანათლებლების დიდი როლი იმ რევოლუციის მომზადებაში. გერმანელი განმანათლებლობის ცალმხრივმა რაციონალიზმმა და ოპტიმიზმმაც ნდობა დაკარგა. კანტის მიერ შემოტანილი სიახლე და განმანათლებლობის კრიტიკის მისი ხაზი ხელისუფლებას სულაც არ აწყობდა. თავი წამოყო მრავალნაირმა რელიგიურმა მიმართულებამ. მრავალი მათგანი კანტის წინააღმდეგ წააქეზა მთავრობის პოლიტიკამ. ერთ-ერთი მათგანი იყო გერმანიაში პიეტიზმის საყურადღებო წარმომადგენელი ექიმი სამუელ კოლენბუში (1724-1803), რომელიც 1794 წ. 26 დეკემბერს სწერდა კანტს:

            „ჩემო საყვარელო ბატონო პროფესორო!

ბატონი კანტის რწმენა გონების საფუძველზე არის  ყ ო ვ ე ლ გ ვ ა რ ი   ი მ ე დ ი ს ა გ ა ნ სავსებით გაწმენდილი რწმენა.

ბატონი კანტის მორალი არის ყ ო ვ ე ლ გ ვ ა რ ი  ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ს გ ა ნ სავსებით გაწმენდილი მორალი.

ახლა ისმის კითხვა: რით განსხვავდება ეშმაკის რწმენა ბატონი კანტის რწმენისაგან?  და რით განსხვავდება ეშმაკის მორალი და მორალი ბატონი პროფესორი კანტისა?“ (7.536).

კანტი არ იყო მებრძოლი ბუნების ადამიანი, თუმცა პირველივე შრომაში ჩანს მისი დიდი გაბედულება. ჯერ კიდევ 24 წ. ახალგაზრდამ ევროპულ ფილოსოფიაში დეკარტისა და ლაიბნიცის მიმდევართა დაპირისპირების მოსარიგებელი ხედვა შეიმუშავა და გამოაქვეყნა. როცა იგი დარწმუნებული იყო მის მიერ გამოქვეყნებული აზრის სისწორეში, მას საჯარო კამათი არ აინტერესებდა. დარწმუნებული იყო, რომ ჭეშმარიტება თავისას გაიტანდა. ეს რწმენა მან განმანათლებლობიდან მიიღო. არც მოძღვრების მეორეხარისხოვანი საკითხების კრიტიკას გამოეკიდებოდა, მაგრამ შეუდრეკელი იყო, როცა საქმე არსებითს ეხებოდა. არავის შეუძლია თქვას ყველაფერი რასაც ფიქრობს, იტყოდა ხოლმე იგი, მაგრამ ადამიანმა არასდროს არ უნდა თქვას ის, რასაც არ ფიქრობს. ახლა კი ის იძულებული იყო ეთქვა და თავისი ცხოვრების წესის შესაბამისად თქვა ის, რასაც ფიქრობდა. მეფისადმი მისი პასუხი, როგორც იტყვიან კომენტარებს არ საჭიროებს:

            „თქვენი სამეფო დიდებულების უმაღლესი ბრძანება, რომელიც მე 12 დეკემბერს მივიღე, უმორჩილეს მოვალეობად მაკისრებს: ჯერ ერთი, სინდისიერი პასუხი გავცე ბრალდებას იმის თაობაზე, რომ ჩემს ფილოსოფიას ბოროტად ვიყენებ წმინდა წერილისა და ქრისტიანობის მრავალი მთავარი და ძირითადი მოძღვრების დასამახინჯებლად და დასამცირებლად, კერძოდ ჩემს წიგნში „რელიგია მხოლოდ გონების საზღვრებში“, ასევე სხვა მცირე ზომის ნაშრომებში. აგრეთვე, იმაზე, რომ ამით  ბრალი მედება ჩემი მოვალეობის ღალატში, როგორც ახალგაზრდობის მასწავლებელს, და, ასევე, ჩემთვის მშვენივრად ცნობილ უმაღლეს მზრუნველ მიზნებთან მიმართებით; გარდა ამისა, მევალება, მომავალში ამის მსგავსი არაფერი ჩავიდინო. თქვენი სამეფო დიდებულების უღრმესი მორჩილებით ვიმედოვნებ, ორივე ამ პუნქტის თაობაზე თქვენს ფეხთით დავდო საკმაო საბუთი ჩემი აქამდე დამტკიცებული და მომავალში კვლავ დასამტკიცებელი ერთგული მორჩილებისა.

რაც შეეხება ჩემს წინააღმდეგ წამოყენებულ პირველ ბრალდებას, ჩემი ფილოსოფიის ბოროტად გამოყენებას ქრისტიანობის გაუფასურების გზით, ამაზე ჩემი უგულწრფელესი პასუხი შემდეგია:

  1. რომ მე, როგორც ახალგაზრდობის მასწავლებელს, ჩემს აკადემიურ ლექციებში ამის მსგავსი არაფერი შეიძლება დამბრალდეს. ამას ჩემი მსმენელების ჩვენებათა გარდა, რომელთაც ვიმოწმებ, საკმაოდ ასაბუთებს ამ ლექციების თავისებურება, რომელნიც არიან მხოლოდ წმინდა ფილოსოფიური სწავლება ა. გ. ბაუმგარტენის სახელმძღვანელოების მიხედვით. მათში ქრისტიანობის შესახებ ნაწილი არ გვხვდება და არც შეიძლება შეგვხვდეს. ამ მეცნიერებაში, რომ მე რელიგიის ფილოსოფიური კვლევის საზღვრები დავარღვიე, ისეთი საყვედურია, რომელიც მე ყველაზე ნაკლებად შეიძლება წამომიყენონ.
  2. რომ მე არც, როგორც მწერალი, მაგალითად, წიგნში „რელიგია საზღვრებში და ა. შ.“ არ შევწინააღმდეგებივარ მამულის მამის უმაღლეს და ჩემთვის ცნობილ განზრახვებს: რამდენადაც ეს განზრახვანი სახელმწიფოს რელიგიას ეხებიან. მე (მათთან დასაპირისპირებლად) უნდა მნდომოდა ამ შრომაში ხალხის მასწავლებლად ყოფნა, რისთვისაც არც ეს შრომა და არც სხვა ჩემი მცირე ნარკვევები არ გამოდგება. ისინი დაწერილია მხოლოდ, როგორც დიალოგი თეოლოგიისა და ფილოსოფიის ფაკულტეტების სწავლულთა შორის. მათი მიზანია განსაზღვროს, თუ როგორაა შესაძლებელი, რელიგია, საერთოდ, მთელი მისი სიწმინდითა და ძალით ადამიანის გულთან მივიდეს. ეს ისეთი მოძღვრებაა, რომლის შესახებაც ხალხმა არაფერი იცის. მას ჯერ მთავრობის თანხმობა სჭირდება, რათა სკოლისა და ეკლესიის მასწავლებლებს გააცნონ.
  3. რომ მე ნახსენებ წიგნში ქრისტიანობის არავითარი დამცირება არ შეიძლება დამბრალდეს, რადგან მასში საქმე ეხება არა შეფასებას რომელიმე მოცემული გამოცხადებისა, არამედ მხოლოდ გონების რელიგიაა მხედველობაში; ასევე, მისი უპირატესობა, როგორც ყველა ჭეშმარიტი რელიგიის უმაღლესი პირობისა, მისი სისრულე და პრაქტიკული მხარე, სახელდობრ, ის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ამავე დროს მისი უსრულობა თეორიული თვალსაზრისით (საიდან წარმოიშვა ბოროტება, როგორ ხდება მისგან სიკეთეზე გადასვლა, ანდა როგორაა შესაძლებელი დარწმუნებული ვიყოთ, რომ კეთილი ვართ და ა. შ.). აქედან გამომდინარე, არ იჩქმალება გამოცხადების შესახებ მოძღვრების საჭიროება. გონების რელიგია საერთოდ მასზეა მიმართული, იმის განსაზღვრის გარეშე, თუ რომელია იგი (აქ ქრისტიანობა მოყვანილია მხოლოდ, როგორც მაგალითი, როგორც უბრალო იდეა მოაზრებადი გამოცხადებისა), რადგან, ჩემის აზრით, საჭირო იყო გონების რელიგიის ამ ღირებულების ნათელყოფა. ჩემს მომჩივანს ერთი შემთხვევა მაინც უნდა მოეყვანა, სადაც მე ქრისტიანობის ღირსებას უარვყოფ, ანდა მის აღიარებას, როგორც გამოცხადებისა, საკამათოს ვხვდი, ან კიდევ მას საჭიროდ არ მივიჩნევ. მე რომ გამოცხადების ამ მოძღვრების პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით (რომელიც არსებითად ყოველ თეოლოგიაში) გონების წმინდა რწმენის პრინციპების მიხედვით განმარტება და საჯაროდ გულთან მიტანა მიმაჩნია საჭიროდ, ამას ქრისტიანობის ღირსების რაიმენაირი უარყოფისთვის კი არ ვაკეთებ, არამედ, პირიქით, ასაღიარებლად მისი ნაყოფიერი მორალური შინაარსისა, რომელიც შიშველი თეორიული რწმენით პრინციპების მოჩვენებითი შინაგანი უპირატესი მნიშვნელობის მტკიცებით მახინჯდება.
  4. რომ მე, პირიქით, ჩემი ნამდვილი პატივისცემა ქრისტიანობისა დავასაბუთე იმით, რომ ბიბლია ჩავთვალე საუკეთესოდ არსებულ საშუალებათა შორის ქვეყნის მორალური რელიგიის დასაფუძნებლად და შესანარჩუნებლად. მე მას ვაქებდი, როგორც საჯარო რელიგიურ სწავლებაში თვალუწვდენელი მომავლისათვის გამოსადეგ სახელმძღვანელო საშუალებას. ამიტომ თავს ნებას არ ვაძლევდი მასში თუნდაც რწმენის წმინდა თეორიულ მოძღვრებას დავსხმოდი თავს და მესაყვედურა. მე შევიჭერი მის წმინდა პრაქტიკულ შინაარსში, რომელიც, რწმენის შესახებ თეორიული შეხედულებების მთელი ცვალებადობის მიუხედავად, მარად ინარჩუნებს რელიგიის შინაგანსა და არსებითს. ეს ცვალებადობა კი გარდაუვალია გამოცხადების შესახებ მოძღვრებათა მიმართ მათი შემთხვევითობის გამო. ეს მდგრადი შესაძლებელს ხდის დიდი ხნის განმავლობაში როგორიც იყვნენ პაპობის ბნელი საუკუნენი, გადაგვარებული ქრისტიანობა ხელახლა წარმოდგეს მთელი მისი სიწმინდით.
  5. რომ, დაბოლოს, რამდენადაც მე გამოცხადებითი რწმენის ამღიარებელთაგან ყოველთვის მოვითხოვდი პატიოსნებას, კერძოდ, იმაზე მეტი არ ემტკიცებინათ, რაც ნამდვილად იციან და არც სხვები ეიძულებინათ ერწმუნათ ის, რისი შემეცნების სრული დამაჯერებლობა თავად არა აქვთ, ამიტომ მეც რელიგიის შესახებ ჩემი შრომების წერისას თვალს არასდროს ვაცილებდი ჩემს სინდისს, როგორც თითქოსდა ღვთაებრივ მსაჯულს ჩემში. მეტიც, არა მარტო ყოველ სულის გამხრწნელ შეცდომას, არამედ ყოველ რაიმენაირ საძრახის გამოთქმასაც ნებაყოფლობით ვუპირისპირდებოდი და უარვყოფდი. მით უმეტეს, როცა 71 წელში ვარ. ამ დროს თავისთავად გვეხვევიან აზრები, რომ დიახაც შესაძლებელია, მეც მომიხდეს თავის დროზე მათ თაობაზე გულთამხილავი ქვეყნის მსაჯულისათვის ანგარიშის ჩაბარება. ამიტომაა, რომ ახლა ამ პასუხებს ქვეყნის უმაღლესი მთავრობის წინაშე ვიძლევი სრული სინდისიერებით, როგორც ჩემს ურყევ თავისუფალ აღსარებას ყოველგვარი ეჭვის გარეშე.
  6. რაც მეორე პუნქტს შეეხება, რომ მომავალში არ დავუშვა დამაბრალონ რაიმე მსგავსი (ნასაყვედურები) დამახინჯება და დამცირება ქრისტიანობისა, ამის თაობაზე ვფიქრობ, რომ რათა, როგორც თქვენი უდიდებულესობის ქვეშევრდომმა, არავითარი ეჭვი არ გამოვიწვიო, ყველაზე საიმედო იქნება შემდგომში სავსებით უარი ვთქვა რელიგიის საკითხების ნებისმიერ საჯარო გადმოცემაზე, იქნება ის ბუნებრივი თუ ნატურალური რელიგია როგორც ლექციებში, ასევე წიგნებში, და ვიღებ რა ამ ვალდებულებას, ვდუმდები უერთგულესი მორჩილებით.

თქვენი მეფური უდიდებულესობის უმდაბლესი მსახური.“ (7.527).

1797 წ. ფრიდრიჰ ვილჰელმ II გარდაიცვალა. საზოგადოებრივი მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა. კანტი მომდევნო წელსვე აქვეყნებს ნაშრომს რელიგიის საკითხებზე – „კამათი ფაკულტეტთა შორის“. საქმე ეხებოდა ფილოსოფიური და თეოლოგიური ფაკულტეტების კამათს მათი უფლებების შესახებ. კანტს, ცხადია, არ დავიწყებია თავისი პირობა: არაფერი გამოექვეყნებინა რელიგიურ პრობლემებზე. ნაშრომის წინასიტყვაობაში, მან სრულად წარმოადგინა ფრიდრიჰ ვილჰელმ II-სადმი ზემოაღნიშნული წერილი და დაუფარავი კმაყოფილებით, ასე გაიმართლა თავი: „მე ეს გამოთქმა წინდახედულად ამოვირჩიე. ამით მე ჩემი მსჯელობის თავისუფლებაზე სამუდამოდ კი არ მითქვამს უარი, არამედ მხოლოდ მანამ, სანამ მისი უდიდებულესობა ცოცხალი იქნებოდა“. (9.10)

სახელმწიფო რელიგიის წარმომადგენლები უსაფუძვლოდ როდი ებრძოდნენ კანტს. ფილოსოფოსის მიერ რელიგიის მორალზე დაფუძნების იდეა ნამდვილი რევოლუცია იყო რწმენის სფეროში. მორალზე დამყარებული რწმენა, ე. ი. რწმენა, რომელსაც ზნეობრივი ადამიანი ნებაყოფლობით ირჩევს, როგორც ორიენტირს ამ და იმ ქვეყნად, პრინციპულად გამორიცხავს ყოველივე მისტიკურს. თუ თავის დროზე პლატონმა თანამედეროვეთა გასაოცრად წამოაყენა აზრი, რომ ღმერთი კეთილია და მას არაფერი არ სურს ადამიანისგან, რომ ის სამარადისო მიზანია, კანტმა არანაკლები სიახლე შემოტანა, როცა ადამიანს მოსთხოვა: თუ გსურს ზნეობრივი იყო, თავად უნდა დაიდგინო შენი ფიქრისა და ქცევის სახელმძღვანელო მორალური კანონები და უმაღლესი არსება მხოლოდ იმდენად დაუშვა, რამდენადაც შენივე ზნეობრივი მოქმედება ადასტურებს მის არსებობას. პიროვნული ღმერთი აქ, რასაკვირველია, გამორიცხულია. ღმერთი მხოლოდ ჩემ მიერ პოსტულირებული იმედია, რომ სამყაროს მორალური წესრიგი უდევს საფუძვლად. არავითარ ემპირიულ, ფაქტობრივ ხდომილებას ამ იმედის მოშლა, ამ რწმენის დარღვევა არ შეუძლია, რადგან მისი ერთადერთი საყრდენი ჩემი მორალური ბუნებაა. ასეთი უნდა იყოს, კანტის აზრით, თავისუფალი ადამიანის რწმენა, რადგან მორალურობა უკვე თავისუფლებას ნიშნავს. თავისუფლება და მორალურობა, ცხადია, არ ემთხვევა ერთმანეთს, რადგან თავისუფლების საფუძველზე მე შემიძლია მორალურის საპირისპიროც ამოვირჩიო, მაგრამ მორალურობა აუცილებლობით უკავშირდება თავისუფალ, შეგნებულ რწმენას, რომელიც გამორიცხავს სასწაულებსა (კანტი მათ გონების დამბლას უწოდებს) და ნებისმიერი რიტუალის აუცილებლობას.

კანტი ადამიანს სთხოვდა, საკუთარ ფეხზე დგომა ესწავლა და გაებედა, რწმენა მისთვის ყოველთვის საჭირო იქნება, რადგან განსჯის მოქმედების სფერო შემოფარგლულია, მაგრამ აზროვნება და მოქმედება ამ სფეროს გარეთ, რაც სპეკულაციისათვის გაუგებარია, გონებისათვის სავსებით ნათელი უნდა იყოს. ეს იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს ინსტინქტური სიკეთე, ინსტინქტური რწმენა. ისინი გონების სავსებით ნათელ გადაწყვეტილებას უნდა ემყარებოდნენ.

ეს თავისუფლება კონკრეტული ადამიანის განუყოფელი თვისებაა. ადამიანები რაიმე გარეგანის საფუძველზე კი არ ერთიანდებიან, არამედ თითოეული თავისუფალი შინაგანი გადაწყვეტილების საფუძველზე მიდის სხვებთან. ღმერთიც კი, რომელიც ამგვარი გაერთიანების საყრდენად შეიძლებოდა გამომდგარიყო, კანტთან თავად ადამიანის შექმნილია. მას არ ეშინია ანთროპომორფიზმის ტრადიციული კრიტიკისა, რომელიც ქსენოფანე კოლოფონელიდან მოყოლებული გასდევს კულტურის ისტორიას. „ყოველი ადამიანი თავად იქმნის ღმერთს და მორალური გაგებით… ამგვარი რამ თვით უნდა შექმნას კიდეც, რათა მასში ეთაყვანებოდეს იმას, რომელმაც თავად ის შექმნა“ (9.169). ეს არაა მანკიერი წრე, რადგან ადამიანი თავად, თავისუფალი გადაწყვეტილებით ახდენს თავისი შემქმნელის პოსტულირებას. ადამიანის თავისუფლების ამგვარი გაგება, რომელიც მოგვიანო ახსნა-განმარტებების შედეგად მიიჩქმალა, კანტს, ჩვენი ეპოქის მორალური და რელიგიური პრობლემების თვალსაზრისით, უაღრესად მნიშვნელოვანს ხდის. იგი შინაგანად უკავშირდება ადამიანის თავისუფლების თაობაზე დოსტოევსკის, ნიცშეს, სარტრისა და სხვათა განზრახვებს.

კანტის უშუალო მოწაფემ და მისი საქმის გამგრძელებელმა ი. გ. ფიხრტემ კარგად გაუგო კანტს, როცა მისი მოძღვრების საფუძველზე შექმნა შესანიშნავი გამოკვლევა – „ყოველი გამოცხადების კრიტიკა“. კანტს განსაკუთრებით ახარებდა ის, რომ ფიხტემ მისი მოძღვრება ადამიანის თავისუფლების შესახებ კიდევ უფრო ქმედითი და კონკრეტული გახადა. მას, ისევე როგორც სპინოზას, ყოველი წამოწყების საბოლოო მიზნად ადამიანის მორალური გაუმჯობესება მიაჩნდა. მას სჯეროდა, რომ „ადამიანის გვარი უნდა იყოს და მას შეუძლია იყოს თავისი ბედნიერების შემოქმედი“ (10.441). მთელი თავისი მოღვაწეობის აზრს იგი ზემოთქმულის ხელის შეწყობაში ხედავდა. „ყოველი გამოცხადების კრიტიკით კმაყოფილი მოხუცი ფილოსოფოსი წერდა ფიხტეს: „…ჩემი ცხოვრების გზას უკმაყოფილოდ როდი დავასრულებდი, თუ უფლება მექნებოდა მეფიქრა, რომ ჩემმა მცირედმა მცდელობებმა საწყისი მისცეს იმას, რასაც უნარიანი ადამიანები, რომელნიც ქვეყნის გაუმჯობესებისკენ ისწრაფვიან, სულ უფრო და უფრო სრულყოფენ“ (7.434).

კანტის რელიგიური შეხედულებების განვითარების ახალ საფეხურს ფიხტეს ფილოსოფიაში ოფიციალური რელიგიის ახალი შეტევა მოჰყვა, რომელიც „ათეიზმის შესახებ კამათის“ სახელითაა ცნობილი. იგი ევროპაში თავისუფალი აზროვნებისთვის ბრძოლის ახალ ეპოქას წარმოადგენს.

მითითებული ლიტერატურა:

  1. კანტი ი., წმინდა გონების კრიტიკა, თბ., 1979.
  2. თევზაძე გ., იმანუელ კანტი, თბ., 1974.
  3. ბაქრაძე კ., ახალი ფილოსოფიის ისტორია, თბ., 1968.
  4. დანელია ს., კანტის ცხოვრება და ფილოსოფიური მოღვაწეობა, თბ. 1977.
  5. Кант И., Трактаты и лисьма, М., 1980.
  6. Кант И., Сочинения в 6 томах, т. 5, М., 1966.
  7. Kant’s gesammelte Schriften. Hrsg. V. Akademie. B. XI. B und L. 1922.
  8. Fisesher K., Geschichte der neueren Philosophie, B. V. Halle 1910.
  9. Kant’s gesammelte Schriften. Hrsg. Akademie. B. VI. Berlln 1907.
  10. Кант И., Сочинения в 6 томах, т. 6, М., 1966.
  11. Tewsadse G., Fichtes Atheismumsstreit, ein Seheidewaeg (in “Philosophie und Religion”, Weimar 1981).


მდევარი