ტრიადა იოანე პეტრიწის ფილოსოფიაში

ტრიადა იოანე პეტრიწი

გააზიარე:


ავტორი: მიხეილ მახარაძე

წერილები ქართულ ფილოსოფიაზე, “საბჭოთა საქართველო”, 1988

კორექტორი: მარიამ გორდაძე

სტატია გააციფრულა ანა კარტოზიამ

გელა გელაშვილის ბიბლიოთეკიდან

შუა საუკუნეების გამოჩენილი ქართველი სწავლულისა და ფილოსოფოსის, იოანე პეტრიწის, დაბადებისა და გარდაცვალების ზუსტი თარიღები უცნობია. ცნობილია, რომ იგი გაემგზავრა კონსტანტინოპოლში სასწავლებლად. ამ დროს იქ ფილოსოფიის კათედრას განაგებდნენ მიქაელ პსელოსი (1018-1077), ხოლო შემდეგ მისი მოწაფე იოანე იტალი (დაიბადა 1025 წ.). 1083 წელს ბიზანტიის იმპერატორმა გაასამართლა იოანე იტალი, რადგანაც ეკლესიამ მას ერეტიკოსობა დასწამა. იმ 11 ბრალდებიდან, რომლებიც იოანე იტალს წაუყენეს, სამში საუბარია იმის თაობაზე, რომ იტალი აღიარებს მატერიის მარადიულობას, სამყაროს დროში შეუქმნელობასა და სხვ[1]. მაშასადამე, როგორც ამ ბრალდებებიდან ირკვევა, იოანე იტალს გადაუხვევია ქრისტიანობის არსებითი დოგმატებისათვის.

ვარაუდობენ, რომ იოანე პეტრიწი იყო იტალის მიმდევარი და ახალი მიმართულების გულმხურვალე დამცველი. ცნობილია წერილი, რომელშიც იტალი საქციელს უწონებს ვინმე იოანე აფხაზს (ქართველს). ფიქრობენ, რომ იტალის ეს ადრესატი იოანე პეტრიწი[2] უნდა იყოს.

ბიზანტიაში იოანე პეტრიწს შეუსწავლია ფილოსოფია, ღვთისმეტყველება და ბერძნული ენა. დაახლოებით 1083 წლიდან პეტრიწი გრიგოლ ბაკურიანის ძის მიერ დაარსებულ პეტრიწონის მონასტერში მოღვაწეობდა, საიდანაც მიიღო სახელწოდება პეტრიწი. კონსტანტინოპოლიდან პეტრიწი საკუთარი ნებით არ უნდა წასულიყო. საფიქრებელია, რომ იოანე იტალის გასამართლების შემდეგ პეტრიწს, როგორც მის მოწაფესა და თანამოაზრეს, იქ აღარ დაედგომებოდა. იოანე პეტრიწი თვითონ აღნიშნავს მისი დევნისა და შევიწროების შესახებ: „ვინაჲ მემრჩობლეთა და მრავალმრჩობლთა და ერთვითთა ლმობათგან მიდმო ვიბნეოდი, სენთა, უცხოებათა, და შურთა, და ვერაგობათა საჴუმილისგან მექმე აწ ამისა ქართველთა და ბერძენთა შორის“[3]. ამის თაობაზე მართებულად შენიშნავს მ. გოგიბერიძე: „… და ბერძენთაგან დევნა სად უნდა განეცადა მას (პეტრიწს – მ. მ.), თუ არა ბიზანტიაში?“[4]. ამასთანავე, პეტრიწი, როგორც ვნახეთ, იმასაც აღნიშნავს, რომ ის იდევნებოდა ქართველებისაგანაც. პეტრიწი სინანულით შენიშნავს, რომ თანამოძმეებმა ხელი შეუშალეს მას, რათა „და თჳთ მათ ხედვათა ვფუცავ სურვილსა, რომელ ენაჲმცა ენისადა გამეწყო და ხედვაჲმცა ფილოსოფოსთა განცდისა მ ე ა რ ი ს ტ ო ტ ე ლ უ რ ა და ღმრთისმეტყველებაჲ ნივთისაგან მიუხებელი წარმომეყენა“[5]. ყველაფერ ამას კი პეტრიწი თავისი ხალხის შურიანობითა და უმეცრებით ხსნის.

იოანე პეტრიწი ბოლო წლებში საქართველოში მოღვაწეობდა, გელათის აკადემიაში, რომელიც 1106 დააარსა დავით აღმაშენებელმა. პეტრიწი ქებით იხსენიებს დავით მეფეს, რომელმაც მას შემოქმედების შესაფერისი პირობები შეუქმნა.

პეტრიწმა გელათის აკადემიაში გაასრულა თავისი დიდი მთარგმნელობითი, ფილოსოფიური და პედაგოგიური მოღვაწეობა. მას უთარგმნია: არისტოტელეს ორი ლოგიკური თხზულება, რომელთაც ჩვენამდე არ მოუღწევიათ, ნემესიოს ემესელის „ბუნებისა-თჳის კაცისა“[6] და პროკლეს „თეოლოგიის პირველსაფუძვლები“. პეტრიწის ძირითადი და ორიგინალური ნაშრომია „განმარტებაჲ პროკლესთჳს დიადოხოსისა და პლატონურისა ფილოსოფიისათჳს“, რომელიც პროკლეს აღნიშნულ შრომას დაურთო ვრცელი განმარტებების სახით.

პეტრიწი საქართველოში დიდი აღიარებით სარგებლობდა. მას ახასიათებდნენ, როგორც განსწავლულს, პლატონის დარს. „ბუნებისათჳს კაცისას“ გადამწერი არშიაზე აღნიშნავს: „ამას აწინდელისა წიგნისასა ელადელთა მისა-გან ქართველთა სიტყუად გარდმომწერელსა ამიხსნა იოვანეს პლატონურსა ფილოსოფოსს“[7]. პეტრიწის „განმარტებაჲ…“-ის გადამწერი ასევე არშიაზე წერს, რომ პროკლესგან წარწყდა არიოზი, ხოლო ამავე წიგნის მეშვეობით დიდება და სახელი მოიხვეჭა დიონისემ[8]. პეტრიწი ქებითაა მოხსენიებული „კალმასობის“ ავტორის, იოანე ბაგრატიონის, მიერ[9]. მასზე დიდი წარმოდგენისაა სოლომონ დოდაშვილი, რომელიც შენიშნავდა: „პეტრიწი ასე იყო ჭეშმარიტი ფილოსოფოსი, ფრიად საყვარელი მოლექსე საქართველოსა შინა, სრულის აზრით იყო დიდი და ჩინებული კაცი დროისა თვისისა…“[10].

ახალ დროში იოანე პეტრიწის ფილოსოფიური მემკვიდრეობის მეცნიერულ შესწავლას საფუძველი ჩაუყარა გამოჩენილმა მეცნიერმა ნიკო მარმა. ის თავის მნიშვნელოვან გამოკვლევაში, „იოანე პეტრიწი, XI-XII საუკუნეების ქართველი ნეოპლატონიკოსი“[11], აჩვენებს პეტრიწის ფილოსოფიის კავშირებს, ასაბუთებს მის ნეოპლატონურ ხასიათსა და დიდ მნიშვნელობას ქართული კულტურისათვის.

პეტრიწის ფილოსოფიას მნიშვნელოვანი გამოკვლევები მიუძღვნა სხვადასხვა მკვლევარმა. ამის მიუხედავად, პეტრიწის ფილოსოფიის მრავალი საკითხი, ბევრი მხარე ჯერ კიდევ შეუსწავლელია და შემდგომ კვლევა-ძიებას მოითხოვს. მართებულად შენიშნავს ანტიკური ფილოსოფიის ცნობილი მკვლევარი ა. ლოსევი: „შეუძლებელია არ გავიხსენოთ ერთი ცნობილი სახელი, რომელიც, სამწუხაროდ, აქამდე არ გახდა ყოველი საბჭოთა ფილოსოფოსისათვის საკმარისად ცნობილი და ახლობელი, ეს არის XI-XII სს. ქართველი ფილოსოფოსი იოანე პეტრიწი, რომელმაც შემოქმედებითად გადაამუშავა პროკლეს სწორედ ეს ტრაქტატი (ლაპარაკია „თეოლოგიის პირველსაწყისებზე“ – მ. მ.) და რომელმაც შეძლო პროკლეს ფილოსოფიის ღრმა ცოდნა და გაგება შეეთანხმებინა საკუთარი ფილოსოფიური თეორიის არაჩვეულებრივ ორიგინალობასა და სიღრმესთან. იოანე პეტრიწის შემოქმედების, მთელი მისი ორიგინალობის გამოკვლევა შესაძლებელია მხოლოდ მისი თხზულების პროკლეს შრომებთან დაწვრილებითი შედარებით, რამდენადაც პეტრიწი წარმოგვიდგება სწორედ ჩვენი ტრაქტატის – „თეოლოგიის პირველსაფუძვლების“ – მთარგმნელად და განმმარტებლად. ესეც აგრეთვე არის ჩვენი ფილოსოფიის ისტორიკოსებისათვის მორიგი ამოცანა“[12].

იოანე პეტრიწის ფილოსოფიის შესახებ ქართველ მკვლევართა შორის აზრთა სხვადასხვაობაა. მკვლევართა ერთი ნაწილი (ნ. მარი, შ. ნუცუბიძე, ი. ფანცხავა, შ. ხიდაშელი) პეტრიწს ნეოპლატონური ფილოსოფიის ტრადიციების გამგრძელებლად და განმავითარებლად, ე. ი. ნეოპლატონიკოსად, მიიჩნევენ; მ. გოგიბერიძე იოანე პეტრიწის ფილოსოფიას ახასიათებს, როგორც სქოლასტიკურს. ამასთანავე, აღსანიშნავია ისიც, რომ შ. ნუცუბიძემ პეტრიწის ფილოსოფიას ყურადღება მიაქცია სხვა მხრივაც. კერძოდ, შ. ნუცუბიძე პეტრიწის ფილოსოფიას რენესანსულად მიიჩნევს და მას უკავშირებს ქართული რენესანსის დაწყებას. ამ საკითხზეც აზრთა სხვადასხვაობაა. ვფიქრობთ, რომ რა ნიშნებითაც პროკლეს, ფსევდო-დიონისეს, იოანე სკოტ ერიუგენას, მაისტერ ეკჰარტის ფილოსოფიური მოძღვრებანი მიჩნეულია რენესანსულად, ამ ნიშნებითვე იოანე პეტრიწის ფილოსოფიაც უდავოდ რენესანსულად უნდა ჩაითვალოს.

როგორც ითქვა, პროკლეს თხზულებაზე, „თეოლოგიის პირველსაფუძვლები“, დართული პეტრიწისეული კომენტარები დამოუკიდებელი და ორიგინალური ფილოსოფიური თხზულებაა. პეტრიწის ფილოსოფიის ორიგინალურობაზე არაერთი საყურადღებო მოსაზრებაა გამოთქმული. ეს მოსაზრებები საყოველთაოდაა ცნობილი და მათზე აღარ შევჩერდებით. რამდენიმე სიტყვით გვინდა შევეხოთ ამ უკანასკნელ ხანს გამოთქმულ საინტერესო და საყურადღებო მოსაზრებას, რომელიც მიზნად ისახავს იოანე პეტრიწის ადგილის დადგენას შუა საუკუნეების ფილოსოფიაში. ეს მოსაზრება გურამ თევზაძეს ეკუთვნის. გ. თევზაძის აზრით, იოანე პეტრიწის ფილოსოფიის ორიგინალურობა მჟღავნდება შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემის, ანალოგიის, საკითხში. გავრცელებული თვალსაზრისის მიხედვით, პირველად ანალოგიის პრინციპი გვხვდება XIII საუკუნის ინგლისელი თეოლოგის, ალექსანდრე ჰალელის, შემოქმედებაში; XIII საუკუნემდე არ ყოფილა არც არაბებთან და არც არისტოტელეს სხვა რომელიმე კომენტატორთან. ამის შესახებ გ. თევზაძე აღნიშნავს, რომ „ყოფიერის“, ანუ არსებულის, და „კეთილის“ ისეთივე გაგება, როგორიც ალექსანდრე ჰალელთან იყო, სრული სახითაა მოცემული იოანე პეტრიწის მოძღვრებაში, ე. ი. არა XIII საუკუნის, არამედ XII საუკუნის დასაწყისში[13]. აღნიშნულს დიდი მნიშვნელობა აქვს იმ მხრივაც, რომ ანალოგიის პრობლემა შუა საუკუნეების ფილოსოფიაში უმნიშვნელოვანესია. საკმარისია აღინიშნოს, რომ „ბევრი მას თომა აკვინელის ფილოსოფიის ცენტრალურ პრობლემად თვლის!“[14]. ამასთან დაკავშირებით, გ. თევზაძეს პეტრიწის ფილოსოფიიდან მრავალი ანალოგია აქვს გაანალიზებული, რომლებიც აღნიშნულ საკითხში ქართველი ფილოსოფოსის თვალსაზრისის ორიგინალურობას ნათელყოფენ.

იოანე პეტრიწის მსოფლმხედველობის მთლიანობაში განხილვა ნათელს ხდის მისი ფილოსოფიური თვალსაზრისის ნეოპლატონურ ხასიათს. პეტრიწი მართალია მიჰყვება ნეოპლატონიკოსებს, განსაკუთრებით კი პროკლეს, მაგრამ იგი ნეოპლატონური ფილოსოფიის პასიური მიმდევარი როდია. იმ პრობლემათაგან ერთ-ერთი, რომელიც იოანე პეტრიწს ნეოპლატონური ფილოსოფიიდან აქვს აღებული, მაგრამ მასზე თავისი ორიგინალური თვალსაზრისი აქვს ჩამოყალიბებული, არის ტ რ ი ა დ ი ს საკითხი. ამასთანავე შეიძლება ითქვას, რომ ის, რა ნიშნითაც შ. ნუცუბიძე პეტრიწის ფილოსოფიას რენესანსულად მიიჩნევდა (პირველმიზეზისა და არსებების ერთიანობის იდეა), კარგად ჩანს პეტრიწის ტრიადაზე მოძღვრებაშიც.

ისევე როგორც სხვა საკითხების, ასევე ტრიადის პრობლემის სრულყოფილი გაგებისათვის პეტრიწის ფილოსოფიაში, საჭიროა ამ უკანასკნელის ორიგინალური თხზულების ძირითადი მიზნისა და ამოცანის მოკლედ მიმოხილვა.

იოანე პეტრიწი თავისი ფილოსოფიური თხზულების წინასიტყვაობაში წერს ამ თხზულების ამოცანაზე („ჰაზრზე“), რომელსაც ასე აყალიბებს: „პირველად რაჲთა ერთი წარმოაჩინოს, თუ არს ერთი და იძულებათა მიერ თანაშესიტყუათაჲსა აღმოაჩინოს ესე მრავალი საქადაგოჲ ერთი, რაჲთა არა იქმნეს და შეიმთხჳოს, რაჲთამცა არა ერთსა ერთად ჰაზრობდესცა და იტყოდეს“[15]. როგორც ვხედავთ, პეტრიწი ამოცანად ისახავს პირველი ერთის, ანუ პირველმიზეზის, დადგენას. პეტრიწის მიხედვით, თუკი სწორად გავიგებთ პირველმიზეზს, ასევე სწორად გაირკვევა მისგან მომდინარე არსებათა ბუნება. ამ საკითხში იგი გარკვეულად ავითარებს ნეოპლატონური ფილოსოფიის ძირითად პრინციპებს. რას წარმოადგენს ერთი და როგორ შეიძლება მისი დახასიათება? – ამ კითხვებზე პასუხით, პეტრიწი ფიქრობს, რომ დადგინდება პირველმიზეზი. ერთი რომ დავადგინოთ, საჭიროა მისი სიწმინდის დაცვა. ერთი მხოლოდ მარტივი შეიძლება იყოს. ამიტომაც არცა ცა, არცა სული, არცა გონება შეიძლება იყოს ერთი და პირველმიზეზი, ვინაიდან ყველა ზემოჩამოთვლილი შეიცავს ნაწილებს და, მაშასადამე,  არის რთული. ერთი კი მხოლოდ მარტივი („უზადო“) შეიძლება იყოს: „…ხოლო თჳთ უზადოჲ უჩემებელი ერთი არც ბუნებასა თანშეკრულ არს და არცა არსებათა და შედგმულებასა, არამედ დაუზევდების ესე ამათ ყოველთა“[16]. აქ ჩანს პეტრიწის ფილოსოფიის ძირითადი პრინციპი, რომელიც ერთის (პირველმიზეზის) სხვა არსებებთან მიმართებით ზესრულყოფილების წარმოდგენით გამოიხატება.

პეტრიწის ფილოსოფიის ეს ძირითადი პრინციპი მომდინარეობს ნეოპლატონიზმიდან. ცნობილია, რომ პლოტინისა და პროკლეს ფილოსოფიაში პირველმიზეზი აღიარებულია ყველა არსებულზე სრულყოფილად და მაღლა მდგომად.

ნეოპლატონურად აქვს გაგებული პეტრიწს პირველმიზეზისაგან არსებების წარმოშობაც. პირველმიზეზი („ერთი“) თანამიმდევრობით წარმოშობს მთელ არსს, რომელიც რანგობრივად განლაგებულ საფეხურთა ერთიანობას წარმოადგენს და თითოეული მათგანის მნიშვნელობა პირველმიზეზთან სიახლოვე-დაშორებით განისაზღვრება. ამასთან, პირველმიზეზი წარმოშობისას არსებებს ანიჭებს შემდგომი წარმოშობის უნარსაც. მაგრამ პირველმიზეზი, როგორც აბსოლუტურად სრული, არსებათა წარმოშობისას თვითონ მოუკლებელი და უცვლელი რჩება.

პეტრიწი იხილავს შემეცნების ორ გზას – სულის მეშვეობით და გონების მეშვეობით. სული თანდათანობით შეიმეცნება, არის განსჯისა („მიდმოგონებაჲ“) და შესაცნობი საგნის სხვადასხვა მხარის შედარება-განსხვავების შედეგი. სულით შემეცნებისაგან განსხვავდება გონებით შემეცნება, რომელიც უმალვე, უშუალოდ მოიცავს საგანს. მისი საგანი უშუალოდ გონებაშივეა მოცემული, როგორც მზესთან „სანიადაგოდ დისკოსა თანა შარავანდნი“[17]. როგორც მზესთან ერთად მოცემულია მისი სხივები („შარავანდნი“), ასევე გონებასთან მისი შემეცნების საგანი („გასაგონოჲ“), „გონებაჲ თჳსსა გასაგონსა თანა, რამეთუ სხუა არა რაჲ არს გონებაჲ თჳნიერ სამარადისოდ გაგონებაჲ“[18]. გონებით შემეცნება შემეცნების მაღალი საფეხურია და მის საგანს უშუალოდ იერარქიულად განლაგებული არსის უმაღლესი საფეხური შეადგენს. გონება წინამავალია სულისა და უფრო სრულყოფილია მასთან შედარებით.

პეტრიწი იზიარებს და მისდევს არისტოტელეს ცნობილ შეხედულებას არსისა და შემეცნების მიმართებაზე ონტოლოგიური და გნოსეოლოგიური თვალსაზრისით. ის, რაც პირველია ონტოლოგიურად, უკანასკნელია გნოსეოლოგიურად, და  პირიქით, გნოსეოლოგიურად პირველი მეორადია ონტოლოგიურად. არსება, საითკენაცაა მიმართული შემეცნება, პირველადია მოვლენასთან შედარებით ონტოლოგიურად, ხოლო მეორადი შემეცნებისას: „…ბუნებით არსებაჲ უპირველეს, ხოლო ოდეს გავიგონებდეთ (შევიმეცნებთ) რასავე. უკუანაჲსკნელთაგან გავიგონებთ, რომელი არიან ძალი და მოქმედებაჲ…“[19].

არისტოტელეს აღნიშნულ შეხედულებას პეტრიწი ნეოპლატონურ ფილოსოფიაზე დაყრდნობით აშუქებს. კერძოდ, პირველი არსებების ონტოლოგიურ პირველადობასა და გნოსეოლოგიურ მეორადობას იგი აკავშირებს ნეოპლატონიზმის ცნობილ დებულებასთან, რომლის თანახმადაც, პირველმიზეზის მისაღწევად აუცილებელია არსის ყოველი საფეხურის გავლა უმდაბლესიდან უმაღლესისაკენ, ვიდრე პირველმიზეზამდე[20].

ამრიგად, პეტრიწის ფილოსოფიაში მთავარია ერთის („პირველმიზეზის“) დადგენა. ერთის დადგენისათვის იგი მოითხოვს აუცილებელ ლოგიკურ გზას („იძულებათა მიერ თანშესიტყუათაჲსა აღმოაჩინოს ესე მრავალ საქადაგოჲ ერთი“). პირველი ერთი და მისგან გამომდინარე არსებები ერთ იერარქიულ წყობაში არიან გაერთიანებული და მათი სრულყოფილების მიხედვით განლაგებული. რაც უფრო სრულყოფილია არსება, მით უფრო ახლოსაა ის პირველმიზეზთან, და პირიქით, რაც უფრო ნაკლებ სრულყოფილია, მით უფრო შორსაა პირველმიზეზისაგან. არსებებს შორის წესრიგი დამყარებულია პირველმიზეზისაგან: „ვინაჲ შეისწავე, რამეთუ ყოველსა სირასა შორის თჳსი თჳთებაჲ დაცვულ არს შესაბამი თჳსთა დასაბამთაჲ“[21].

ასეთივე აუცილებელ-ლოგიკურ გზას ემყარება, პეტრიწის თვალსაზრისის მიხედვით, შემეცნება. პირველმიზეზის შემეცნებისათვის საჭიროა ჯერ უმდაბლესი არსებების შემეცნება, შემდგომ უფრო სრულყოფილის და ა. შ., ვიდრე პირველმიზეზის შემეცნებამდე. ამასთან, შემეცნებისას, დაბალი საფეხურიდან მაღლისაკენ სვლისას, ა უ ც ი ლ ე ბ ე ლ ი ა  ყ ო ვ ე ლ ი  ს ა ფ ე ხ უ რ ი ს  გ ა ვ ლ ა. ამიტომაც „შეიძლება ითქვას, რომ პეტრიწის ფილოსოფიაში ამ მხრივ პროგრესული ის რაციონალიზმი, დასაბუთების მომენტი, სინამდვილის სურათის სილოგისტური აუცილებლობით წარმოდგენის ცდა იყო, რომლის ცდაც ძველ ქართულ ფილოსოფიაში ყველაზე ღრმად და თანმიმდევრულად პეტრიწთან არის მოცემული“[22].

საკუთრივ იოანე პეტრიწის თვალსაზრისი ტრადიციაზე გამოკვეთილადაა გადმოცემული „განმარტებაჲს“ იმ ადგილებში, სადაც მსჯელობა ეხება მიზეზ-შედეგობრივ მიმართებებს. იოანე პეტრიწის ფილოსოფიაში, ისე როგორც ნეოპლატონიკოსებთან, ეს მიზეზ-შედეგობრივი დამოკიდებულება მოიცავს მთელ სინამდვილეს – მიზეზისა და შედეგის მიმართების უმარტივესი ფორმით დაწყებული და პირველმიზეზისა (ღმერთის) და სამყაროს დამოკიდებულებით დამთავრებული.

მართალია, იოანე პეტრიწის მოძღვრებაში ბევრ ადგილას გვხვდება მიზეზ-შედეგობრივი დამოკიდებულების განხილვა, მაგრამ ის, რა კუთხითაც ჩვენ გვაინტერესებს მიზეზისა და შედეგის მიმართება (არსებათა ყოფნა პირველმიზეზში, არსებების გამოსვლა პირველმიზეზიდან და არსებების უკუდაბრუნება პირველმიზეზში), პეტრიწის თხზულების შესავალ ნაწილშია ყველაზე ნათლად გამოკვეთილი[23].

როგორც ნეოპლატონიკოსების (პლოტინი, პროკლე) მოძღვრებაში, ისე იოანე პეტრიწის ფილოსოფიაშიც პირველი ერთისა და სამყაროს მიმართება მიზეზ-შედეგობრივი დამოკიდებულებითაა წარმოდგენილი. ამ მიმართების ანალიზისას მჟღავნდება პეტრიწის თვალსაზრისი ტრადიციაზე. იგი თავის თხზულებაში ჯერ პროკლეს დებულებას გვთავაზობს, შემდეგ განმარტავს მას. როგორც უკვე მრავალგზის აღინიშნა, ამ განმარტებისას იოანე პეტრიწი ხშირად გამოთქვამს ორიგინალურ თვალსაზრისს.

პეტრიწი იხილავს პროკლეს დებულებას, რომლის თანახმადაც, არსებულნი ერთი მიზეზიდან – პირველმიზეზიდან – წარმოიშობიან. აქ, პეტრიწის აზრით, პროკლე უარყოფს არისტოტელესა და ალექსანდრე აფროდიზიელის თვალსაზრისებს, რომლებმაც შემოქმედებითი მიზეზი არსებულთაგან გამოყვეს[24].

პეტრიწის აზრით, პირველი ერთი არ უნდა გავიგოთ არც ძალად, არც გონებით მისაწვდომად, არც მოქმედებად. თუკი ერთს რომელიმე აღნიშნულ თვისებას მივაწერთ, მაშინ ის არ იქნება წმინდა, ჭეშმარიტი, ანუ, მისი ტერმინებით რომ გამოვხატოთ, „უზადო“ ერთი. ამის შემდეგ პეტრიწი აღნიშნავს, რომ არსებულებს არსებობა მინიჭებული აქვთ ზესთა არსისაგან. იგი იმოწმებს სოკრატეს, რომლის თანახმად, ყოველი შემოქმედი თავის შექმნილს აძლევს თვისებას[25]. პეტრიწის აზრით, პირველი ერთი არის ყველაზე მაღლა, ზესთა არსებული. მას მოჰყავს შედარება აპოლონთან (მზე): ისე როგორც მზე მაღლაა ყველა წარმოქმნილზე, ასევეა პირველი ერთი. პირველი ერთი, როგორც ყველაფრის საწყისი, პეტრიწს ნეოპლატონურად აქვს გააზრებული: ერთი არის უმაღლესი სიკეთე, როგორც მისი სრულყოფილების უმაღლესი გამოხატულება. თუ საწყისი არაა სიკეთე, მაშინ სხვა უნდა იყოს სიკეთეზე უმჯობესი, მაღლა მდგომი და მისგან უნდა მომდინარეობდნენ არსებულნი, როგორც პირველმიზეზისაგან. ამასთან, მასვე უნდა უბრუნდებოდნენ არსებულნი, როგორც პირველსაწყისს. პეტრიწი მიანიშნებს ნეოპლატონიკოსების ცნობილ თეზისზე: არსებულნი მიისწრაფვიან და უბრუნდებიან სიკეთეს. არსებულნი პირველ ერთისაკენ მიისწრაფვიან, როგორც ერთით გაერთიანებულნი. თუ სიკეთე არსებულთა პირველმიზეზი და საფუძველი არაა, მაშინ ის წარმოშობილი უნდა იყოს არსებულთაგან, როგორც მიზეზისაგან, მაგრამ დაუჯერებელია, რომ მიზეზი წარმოიშვა შედეგიდან. მართალია, როგორც პლატონი, ისე პროკლე თავიანთ მოძღვრებაში ყოველთვის ხაზს უსვამენ, რომ მიზეზთან შედარებით შედეგი ნაკლოვანია და, რაც უფრო დაბლა ვეშვებით, სრულყოფილება კლებულობს, მაგრამ არც ერთის, სიკეთის, პირველმიზეზის თუ პირველსაწყისის დასაბუთებისას არ გამოუყენებიათ ის ხერხი, რომელსაც ვხვდებით იოანე პეტრიწთან: მიზეზის შედეგიდან წარმოუშობლობა[26].

ამრიგად, პეტრიწის მიხედვით, სიკეთე არის არსებულთა არსებობის მიზეზი და დასაწყისი. თუკი სიკეთე არსებულთან თანაარსებობს, მაშინ პირველმიზეზიდან წარმოშობილი არის უფრო უკეთესი, ვიდრე სიკეთესთან თანაარსებული. ეს აზრი ასე უნდა გავიგოთ: თუ სიკეთე და არსებული ერთადაა და არსებობს მასზე უკეთესი სხვა მიზეზი, მაშინ ის სიკეთეზე უმჯობესი და უმაღლესი იქნებოდა. პეტრიწი აღნიშნავს, რომ ამ აზრის გაზიარება არ შეიძლება, ვინაიდან სიკეთეზე უმაღლესის მოაზრება შეუძლებელია; ამიტომაც ის პირველია და ყველა არსებული მიერთებულია მასთან. აქ პეტრიწი ცდილობს იმის ჩვენებას, რომ პირველსაწყისი ერთი, მართალია, ყველგან იმყოფება, მაგრამ, ამასთან, არც იმყოფება. სწორედ ამგვარადაა დახასიათებული ერთი ნეოპლატონიზმში. ამით პეტრიწი აჩვენებს საწყისი ერთის დიალექტიკურ ბუნებას. ის, რომ არ იყოს არსებულში, მაშინ მოწყვეტილი იქნება მათგან და მათ შორის კავშირი არ იქნება. ხოლო სიკეთე თუ მხოლოდ არსებულებთან იქნება, მაშინ ის მიზეზად არ გამოდგება.

პეტრიწი იხილავს პროკლეს დებულებას: „ყოველი წარმოარსებული უშუალოდ რჩება წარმომაარსებელში და გამოდის მისგან“[27]. მისი აზრით, აქ განხილულია მიზეზ-შედეგობრივი დამოკიდებულება: წარმომაარსებელი მიზეზია, ხოლო წარმოარსებული შედეგი. აღნიშნული დამოკიდებულებისას არსებობს სამი მიმართება, რომელთაც პეტრიწი შესაბამისი ბერძნული ტერმინებით აღნიშნავს:

  1. შედეგის ყოფნა მიზეზში მის წარმოშობამდე, რაც ნიშნავს შედეგის არსებობას მიზეზის შესაბამისად (კატეტიან);
  2. შედეგის გამოსვლა მიზეზიდან და არსებობა არსის შესაბამისად (კატიუპარქსინ);
  3. შედეგის უკუდაბრუნება მიზეზში და არსებობა მიზეზთან თანამონაწილეობის შესაბამისად (კატამეთექსინ).

მიზეზისა და შედეგის დამოკიდებულების პირველ მიმართებაში, შედეგი ჯერ კიდევ მიზეზში იმყოფება. „…რამეთუ ყოვლისა მიზეზთანსა და მიზეზსა შორის დაუმსჭუალავნ თჳსნი დასაბამნი, და სამარადისოობს თჳსსა მიზეზსა შორის არა ვითარ სხუაჲ სხუასა შორის, არამედ ვითარ იგივეობაჲ თჳთებასა შორის თჳსსა“[28]. პირველი ერთისათვის შეერთება და სიმრავლე არაა დამახასიათებელი. მასში იმყოფება ყოველი ერთეული და ერთი, როგორც თავის თვისებებში სიმრავლის გარეშე. ამრიგად, ერთი არ გადის თავისი თავიდან.

მიზეზ-შედეგობრივი დამოკიდებულების მეორე მიმართება აჩვენებს, რომ შედეგი გამოეყოფა მიზეზს და ნაკლებსრულყოფილია მიზეზთან შედარებით. მართალია, შედეგის საფუძველი მიზეზშია, მაგრამ იგი უკვე შედეგია და მიზეზისაგან განსხვავებულია. ამრიგად, ერთი მხრივ, შედეგი მსგავსია მიზეზისა (ვინაიდან მისგან მომდინარეობს და მასში აქვს საფუძველი), ხოლო, მეორე მხრივ, როგორც შედეგი, განსხვავებულია. აქ, პეტრიწის აზრით, ორი საკითხია: მსგავსება და განსხვავება. მიზეზ-შედეგობრივ დამოკიდებულებაში მსგავსებისა და განსხვავების შეტანით, პეტრიწი აჩვენებს ამ დამოკიდებულების დიალექტიკურ ბუნებას: შედეგი მიზეზის იგივეობრივიცაა და განსხვავებულიც.

მესამე მიმართება აჩვენებს, რომ არსებულნი თანაზიარებულნი არიან პირველმიზეზთან, ვინაიდან ყველა მიისწრაფვის თავისი მიზეზისკენ, რომლისაგანაც იგი წარმოიშვა. ყოველი საგანი მიისწრაფვის მიზეზისაკენ, რათა გაერთიანდეს მასთან („რამეთუ ყოველი უკუნმქცევი თჳსისა მიზეზისა მიმართ და სადაჲთა იწარმოა ისწრაფვის შერთვად და წადნოჲს, რაითა ერთ ქმნეს თჳსსა სატრფოსა“[29]). აღნიშნულით ცხადი ხდება, თუ რა სახისაა მიზეზ-შედეგობრივი მიმართება. პეტრიწი ნათელყოფს, როდესაც პირველმიზეზში იმყოფება შედეგი, მაშინ სიმრავლესთან არა გვაქვს საქმე, ვინაიდან შედეგი მიზეზშია და ერთის იგივეობრივია. არც მაშინაა სიმრავლე, როდესაც შედეგი მიზეზის თანამონაწილეა. როდესაც შედეგი გამოდის მიზეზიდან და არსებობს არსის მიხედვით, სწორედ მაშინაა სიმრავლე. მაშასადამე, მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დასაწყისში (I მიმართება) და შედეგის უკან დაბრუნებისას (III მიმართება) მხოლოდ ერთი გვაქვს, ხოლო მეორე მიმართება მიზეზ-შედეგობრივ დამოკიდებულებაში აღნიშნავს იმ მოცემულობას, როდესაც ერთიდან გამოსული უკვე სიმრავლეა და შეიცავს როგორც მსგავსებას (პირველმიზეზთან), ისე განსხვავებას. სწორედ ამაშია მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დიალექტიკური ბუნება, რომლის ძალითაც შედეგი უკუუბრუნდება მიზეზს.

პროკლეს მიხედვით, „ყოველი არსებული თავისი არსებით უბრუნდება იმას, რისგანაც წარმოიშვა“. პეტრიწი უფრო ნათელს ხდის აღნიშნულს: „ხოლო მეტრფე მიზეზთა და დასაბამთა თჳსთაჲ კეთილობისა არს მეწადე“[30]. მისი ეს აზრი ასე უნდა გავიგოთ: შედეგი მიზეზიდან მოდის და მასზე ნალებია, ხოლო ყოველივე მისწრაფების საგანი არის სრულყოფილი (სხვანაირად მისწრაფება არ იქნებოდა). ამიტომაც მიზეზის მოტრფიალე სიკეთისკენ მიისწრაფვის სწორედ ამის გამო, „ყოველი მეტრფე და მეწადე თჳსისა საწადოჲსა, მიმართ უკუქცეულ არს…“[31]; ეს მისწრაფება ამოუწურავია, ვინაიდან ის სხვა არაფერია, თუ არა უკან დაბრუნების ჩაუქრობელი სურვილი, – „რამეთუ წადილიცა მათი დაუვსებელ, და საწადოიცა მათი თანგანუვლელ უსაზღვროობითა, და სანთელიცა ყუავილთა მათ საწადოჲსათა უმრუმ, და ტრფიალებაჲცა უმრუმ წადილისაჲ“[32]. პეტრიწის მიერ საკითხის ამგვარი გადაწყვეტა საინტერესოა.

როგორც აღვნიშნეთ, ნეოპლატონურ ფილოსოფიაში პირველი ერთიდან გამომდინარეობა გამოწვეულია სრულყოფის სიჭარბით. სწორედ სრულყოფილების სიჭარბის გამო პირველი ერთისგან აუცილებელი ხდება არსებულთა გამოსვლა. რაც შეეხება მასში საგნების უკუქცევას, ნეოპლატონიკოსების მიხედვით, ყოველი საგანი უბრუნდება იმას, საიდანაც ის უშუალოდ წარმოიშვა. მართალია, აქ სისტემა შეიკრა, მაგრამ უკუდაბრუნების აუცილებლობა არ ჩანს. რაც შეეხება პეტრიწს, მან მიანიშნა უკუდაბრუნების აუცილებლობაზე, რაც არსებებში დაბრუნების ჩაუქრობელი სურვილის დაშვებით გამოიხატა. მაშასადამე, შეუძლებელია, რომ არსებული უკუ არ დაბრუნდეს. ყოველ არსებულში უკუქცევის სურვილი ჩაუქრობელია. ეს მისწრაფება აუცილებლობით რომ ხდება, ამას ადასტურებს პეტრიწის მიერ გამოთქმული შემდეგი აზრი: „ხოლო ყოველი ნებაჲ და ყოველი წადილი მაშინღა წადილ და ნება, ოდეს ეგოს უმხილებლად მიდმო აღრჩევათაგან სულისათა“[33]. აქ პეტრიწს იმის თქმა უნდა, რომ, თუკი მისწრაფება ეფუძნება არჩევანს, მაშინ ის განსაზღვრულია სხვით და მისწრაფებაც აღარაა აუცილებელი ხასიათისა; მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ანარეკლი იქნებოდა. მისწრაფება, პეტრიწის აზრით, მომდინარეობს წინამავალი მიზეზების მეშვეობით პირველ მიზეზამდე. მაგალითად, ცა სულით ეტრფის გონებას, გონების მეშვეობით კი ღმერთს. როგორი გზითაც ხდება პირველსაწყისიდან გამოსვლა, იმავე გზით ხდება მასში უკუდაბრუნება. ამრიგად, როგორი აუცილებლობითაც ხდება გამოსვლა პირველსაწყისიდან, იმავე აუცილებლობით ხდება მასში დაბრუნება. პეტრიწის ეს აზრი უაღრესად მნიშვნელოვანია: ა ქ  კ ი დ ე ვ  ე რ თ ხ ე ლ  ნ ა ც ა დ ი ა  შ ე დ ე გ ი ს  მ ი ზ ე ზ შ ი  უ კ ა ნ  დ ა ბ რ უ ნ ე ბ ი ს  ა უ ც ი ლ ე ბ ლ ო ბ ი ს  დ ა ს ა ბ უ თ ე ბ ა.

პეტრიწი აღნიშნავს, რომ მისწრაფება არ არსებობს მსგავსების გარეშე. ვინაიდან მისწრაფება შესაძლებელია მხოლოდ მსგავსის მიმართებით მსგავსთან, ამიტომაც მსგავსება არის უკუდაბრუნების მიზეზი. აქვე იგი გრძნობს სიძნელეს, რომლისთვისაც პროკლეს არ მიუქცევია ყურადღება: თ უ კ ი  მ ს გ ა ვ ს ე ბ ა  ა რ ი ს  მ ი ს წ რ ა ფ ე ბ ი ს  მ ი ზ ე ზ ი,  მ ა შ ი ნ  რ ო გ ო რ ღ ა  მ ი ი ს წ რ ა ფ ვ ი ს  პ ი რ ვ ე ლ ს ა წ ყ ი ს ი  ე რ თ ი ს ა კ ე ნ  უ ს ა ხ ო  დ ა  უ გ ვ ა რ ო  მ ა ტ ე რ ი ა? პეტრიწი აღნიშნული სიძნელის გადაწყვეტას შემდეგნაირად ცდილობს: მისი აზრით, უსახო და უგვარო მატერია ცვალებადობაშია, მაგრამ ამ ცვალებადობაში ის მუდამ იგივეობრივ მატერიად რჩება. ამ ცვალებადობაში მატერია რჩება ერთად: ეს უსახო მატერია, პეტრიწის აზრით, პირველსაწყისს ჰგავს იმით, რომ ერთიანი მთელია. ის უსახო და უგვაროა, მაგრამ ერთია და სწორედ ერთობით ჰგავს პირველსაწყისს, ამიტომ მიისწრაფვის მისკენ და უმაღლესი სიკეთით კეთილდება („ერთობითა ჰგავს მას ზესთასაცა ერთთასა… ხოლო ერთობითა უბაძავს და უმსგავსებს ზესთ განკარგულსა ერთსა, და ვინაჲთგან ჰგავს რაითვე წადნოჲს ტრფიალებად მისდამი და გაკეთილებად ზესთა კეთილობათა მისთაგან“[34]). აქ საყურადღებოა ის აზრი, რომ პეტრიწი, პროკლესაგან განსხვავებით, ცდილობს მატერიას მოუნახოს ადგილი სისტემაში. როგორც ვიცით, პროკლესთან უკუდაბრუნების უნარი უსხეულოებს გააჩნიათ. ნეოპლატონიზმში, მართალია, მთელი სინამდვილე პირველსაწყისიდან მომდინარეობს, მაგრამ მატერია რაღაცნაირად მაინც დამოუკიდებელია პირველსაწყისისაგან.

როგორც აღინიშნა, პროკლესთან ყოველგვარ წარმოშობასა და უკანდაბრუნებას წრიული ხასიათი აქვს. პეტრიწი ამასთან დაკავშირებით ძალზე საყურადღებო აზრს გამოთქვამს: ყოველი „წარმოარსებული“ უკუუბრუნდება „წარმომაარსებელს“. ეს დაბრუნება, მისი აზრით, ისე კი არ ხდება, რომ ჯერ წარმოარსება იყოს და მეორე დაბრუნება, როგორც ეს სხეულებრივ მიზეზსა და შედეგს ახასიათებს („არა თუ პირველ წარმოობაჲ იყო და მერმეღა უკუნქცევაჲ, ესვითა სხეულებითთა მიზეზთა და მიზეზოანთა ზედა…“[35]); ეს ერთდროულად ხდება. რაც შეეხება უკუდაბრუნების წრიულ ხასიათს, ეს შემდეგში მდგომარეობს: შედეგი მიზეზიდან გამოსვლისას მასვე უკუ უბრუნდება. რამდენადაც შედეგი პირველმიზეზში უკუბრუნდება წინამავალი მიზეზების გავლით, ამიტომაც ზოგი წრე დიდია, ზოგი პატარა. თუ მიმსწრაფი ახლოსაა პირველმიზეზთან, წრე პატარაა; როცა შორსაა, მაშინ წრე დიდია, ვინაიდან შედეგს უფრო ბევრი შუალედი მიზეზის გავლა სჭირდება. შედეგი ბრუნდება პირველსაწყისში მისწრაფებით, რომლის ძალით ნაკლებად სრულყოფილი მიისწრაფვის თავისი მსგავსი უფრო სრულყოფილისაკენ. პროკლეს აზრით, თუკი არსებულებს ბუნება ერთნაირი აქვთ, მაშინ ისინი დაემთხვევიან ერთმანეთს; მათში ვნება, განცდა გარეგანი კი არა, შინაგანია. გარეგანია მათთვის, რომელთაც სიცოცხლე გარედან აქვთ მიღებული, უსხეულო საგნებს კი ეს შინაგანად გააჩნიათ.

პეტრიწის აზრითაც, არსებათა რიგის აგებისას კანონის[36] ძალით ერთს ერგო ერთი ბედი, მეორეს – მეორე. იმ არსებებს, რომელთაც ერთნაირი ბუნება და ვნება (განცდა) გააჩნიათ, არსებაც ერთი აქვთ. ამასთან დაკავშირებით პეტრიწი იხილავს სიძნელეს, რომელიც აუცილებლობით ახლავს მოცემულ დებულებას. თ უ  მ ი ზ ე ზ ი ს ა  დ ა  შ ე დ ე გ ი ს  ბ უ ნ ე ბ ა  ე რ თ ი  დ ა  ი გ ი ვ ე ა,  მ ა შ ი ნ  ე რ თ ი  რ ა ტ ო მ ა ა  ს ა ს უ რ ვ ე ლ ი  დ ა  მ ი ზ ე ზ ი,  ხ ო ლ ო  მ ე ო რ ე  მ ს უ რ ვ ე ლ ი  დ ა  შ ე დ ე გ ი? ამ სიძნელის გადაწყვეტისას იგი მიმართავს ნეოპლატონური ფილოსოფიის იმ პრინციპს, რომლის თანახმადაც, რაც უფრო დაშორებულია არსება პირველ მიზეზს, მით უფრო ნაკლებ სრულყოფილია იგი. მიზეზი და შედეგი თანაბრად არ წარმოიშობა პირველსაწყისიდან: შედეგი უფრო ნაკლებსრულყოფილია. სწორედ სრულყოფილების ხარისხით არის ერთი მიზეზი და მეორე – შედეგი. როგორც ვხედავთ, პეტრიწი სიძნელის გადაწყვეტისას მიმართავს ნეოპლატონურ პრინციპს, მაგრამ უფრო ცხადს ხდის მას. რაც შეეხება შედეგის მიზეზში უკუდაბრუნებას, მისი აზრით, ყველა არსებული უბრუნდება იმას, რისგანაც მიიღო მან არსი. ამიტომაც პირველი არსებები მიისწრაფვიან პირველმიზეზისაკენ, ვინაიდან მისგან აქვთ მიღებული არსებობა, მშვენიერება, სიკეთე. დაბალი რანგის არსებები მიისწრაფვიან იმისაკენ, რისგანაც უშუალოდ მიიღეს არსებობა. სწრაფვის საბოლოო მიზანი არის პირველი ერთი, რომელშიც დაბრუნებისათვის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა თავის მიზეზებში დაბრუნება.

მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ერთადერთ სწორ საფუძველს, პეტრიწის მიხედვით, მათ შორის განხილული მიმართება წარმოადგენს (შედეგი მიზეზის იგივეობრივიცაა და მისგან განსხვავებულიც). ამიტომ პეტრიწი ბოლოს კრიტიკულად იხილავს მიზეზ-შედეგობრივი მიმართების ყოველი სხვაგვარი გაგების შეუძლებლობას:

  1. თუკი მიზეზიდან შედეგი მხოლოდ გამოვა, მაშინ ის მთლიანად გამოეყოფა მას, მისწრაფება უკვე აღარ იარსებებს, ეს კი, პეტრიწის აზრით, შეუძლებელია და არღვევს მარადიულ კანონზომიერებას. სწორედ პირველი ერთი ქმნის ყოველგვარ კანონზომიერებას და მასში ყოფნა, გამოსვლა და განსხვავება აუცილებელია;
  2. თუ დავუშვებთ შედეგის მხოლოდ უკუდაბრუნებას, მაშინ შეუძლებელი იქნება, რომ ის, რასაც უბრუნდება შედეგი, არ იყოს მისი არსებობის მიზეზი; შეუძლებელია, რომ ის, რაც უკუიქცევა, უბრუნდებოდეს სხვას და არა თავისი არსებობის მიზეზს;
  3. შეიძლება თუ არა, რომ შედეგი მიზეზში იმყოფებოდეს, მისგან გამოვიდეს, მაგრამ არ დაუბრუნდეს მას? ასეთი რამ, პეტრიწის აზრით, შეუძლებელია, ვინაიდან ის, რაც გამომდინარეობს, არ შეიძლება არ ეტრფოდეს იმას, რისგანაც გამომდინარეობს („ხოლო თუ არ უკუ ეტრფოს არცა ვიდრემე პირველ განყოფისა ყოფილ მის შორის… ვინაჲ საჭირვო არს, რაჲთა უკუნ ეტრფოსცა თჳსსა დასაბამსა“[37]). აქ იგი მოკლედ მსჯელობს, მაგრამ საჭიროა გავიხსენოთ საერთოდ ნეოპლატონიკოსებისა და პეტრიწის აზრი: საწყისიდან გამოსული მასვე უბრუნდება იმის გამო, რომ ის მსგავსია მისი და ყოველ არსებულს საწყისისაგან აქვს სრულყოფილება;
  4. არც ის შეიძლება, რომ შედეგი მიზეზში იყოს, მისკენ მიისწრაფოდეს, მაგრამ მისგან არ გამომდინარეობდეს. ამის ნათელსაყოფად მოვიყვანთ სათანადო ციტატებს პეტრიწის შრომიდან: „…რამეთუ განყოფასა და წარმოობასა გებაჲ ეპირატების: ხოლო უკუნქცევასა წარმოქმნაჲ და განყოფაჲ, რამეთუ რაჲ უკუნ ექცეს, უკეთუ პირველად არ იწარმოოს და განეყოს მისგან?“[38]. აღნიშნული ცხადს ხდის, რომ პეტრიწის მოძღვრება მკაცრი მონიზმია: ყოველივე წარმოარსებული უკან უბრუნდება წარმომაარსებელს და რომელსაც პირველ საწყისში არა აქვს საფუძველი, ვერ გაერთიანდება მასთან; მეტიც ეს შეუძლებელიცაა, ვინაიდან მთელი სინამდვილე პირველი ერთისაგანაა გამოსული. ამგვარად, პეტრიწის აზრით, „ხოლო შენ ესე გაიმეცნე, რომელ ამათ მიერ მხოლო მხოლოთა სირაჲ არსთაჲ არ აღეგების, რამეთუ ვერც გებაჲ ოდენ შეუძლობს მარტოჲ, და ვერცა წარმოქმნაჲ მარტოჲ და ვერცა კიდურთა[39] შემკვრელობაჲ და ვერ მესაშუვლისაჲ, და ვერცა კიდურთა შორის ყოფაჲ ოდენ რას წარმოთხზავს არსთა სირაჲსასა“[40]. პეტრიწი ხედავს, რომ, თუ შედეგი მიზეზში დარჩება მხოლოდ, მაშინ არსებათა რიგი ვერ აიგება, ვერც შედეგის მხოლოდ გამოსვლის შემთხვევაში იქნება არსებათა რიგში კავშირი, რადგან ასე გამოსული ყოველთვის სხვა იქნება მიზეზის მიმართ. თუ შედეგი მიზეზიდან არ გამოვა და უკან არ დაბრუნდება, მაშინ საწყისი და ბოლო ვერ დაკავშირდება. ეს რომ მოხდეს, საჭიროა მათ შორის განსხვავება. მაგრამ, თუ მიზეზიდან შედეგის გამოსვლასა და უკუდაბრუნებას ცალ-ცალკე ავიღებთ, მაშინ მოწყვეტილი იქნება ერთმანეთს საწყისი და ბოლო, ვინაიდან ერთ შემთხვევაში მხოლოდ მსგავსება გვაქვს, მეორე შემთხვევაში – მხოლოდ განსხვავება. ამრიგად, ა რ ს ე ბ ა თ ა  რ ი გ ი ს  ა ს ა გ ე ბ ა დ  ა უ ც ი ლ ე ბ ე ლ ი ა,  რ ო მ  შ ე დ ე გ ი  კ ი დ ე ც  ი ყ ო ს  მ ი ზ ე ზ შ ი,  კ ი დ ე ც  გ ა მ ო მ დ ი ნ ა რ ე ო ბ დ ე ს  მ ი ზ ე ზ ი ს ა გ ა ნ  დ ა  კ ი დ ე ც  უ ბ რ უ ნ დ ე ბ ო დ ე ს  მ ა ს ვ ე. როგორც ვხედავთ, იოანე პეტრიწს მიზეზ-შედეგობრივი დამოკიდებულების საკითხის სწორი გადაწყვეტა შესაძლებლად მიაჩნია მხოლოდ ამ კავშირის დიალექტიკური ბუნების საფუძველზე, რაც მის დამსახურებად უნდა ჩაითვალოს ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორიაში.

პეტრიწი შუა საუკუნეების მოაზროვნეა და მისი შეხედულებების მნიშვნელობა მისივე ეპოქის აზროვნების თვალსაზრისით უნდა შეფასდეს. შუა საუკუნეებში გაბატონებული მოძღვრებაა მონოთეიზმი. პეტრიწი აგრძელებს ნეოპლატონური ფილოსოფიის ძირითად აზრს. ცნობილია, რომ ნეოპლატონიზმი უპირისპირდება მონოთეიზმს. მონოთეიზმის ამოსავალია ღმერთისა და სამყაროს დაპირისპირებულობა, ნეოპლატონიზმში კი სამყარო მომდინარეობს ღმერთიდან და ისიც ღმერთია, ოღონდ ღმერთის განვითარების გარკვეულ საფეხურზე. მონოთეიზმის მიხედვით, ღმერთი ქმნის სამყაროს არაფრისაგან, ნეოპლატონიზმში კი მთელი სინამდვილე მარადიულად არსებობს. სწორედ იმის გამო, რომ ნეოპლატონიზმში უქმდება არსობრივი განსხვავება სამყაროსა და ღმერთს შორის, „ნეოპლატონიზმი როგორც შუა საუკუნეებში, ისე აღორძინების პერიოდშიც რჩება მოწინავე თეორიად და მისთვის მონოთეისტური აღქმები (თალმუდი, ბიბლია, ისლამი) რჩება გულუბრყვილო, ბავშვურ ცრურწმენებად“[41]. ნეოპლატონური ფილოსოფიის ძირითადი პრინციპები შენარჩუნებულია და ორიგინალურადაა განვითარებული იოანე პეტრიწის ფილოსოფიურ მსოფლმხედველობაში.

ჩვენი წერილის ძირითადი მიზანი იყო ტრიადის შესახებ იოანე პეტრიწის თვალსაზრისის განხილვა, რომელიც მიზეზ-შედეგობრივი დამოკიდებულების პეტრიწისეულ ანალიზშია გადმოცემული. იოანე პეტრიწთან მთელი სინამდვილე ერთი მთელია, პირველმიზეზიდან არსებები მარადიულად წარმოიშობიან და უკუბრუნდებიან. ეს კი პეტრიწთან საბოლოოდ ასეა წარმოდგენილი: არსებათა ყოფნა პირველმიზეზში (I მიმართება), არსებათა გამოსვლა პირველმიზეზიდან (II მიმართება) და არსებათა უკუდაბრუნება პირველმიზეზში (III მიმართება). როგორც აღვნიშნეთ, მიზეზ-შედეგობრივი დამოკიდებულების I და III მიმართებისას არის მხოლოდ ერთი, თუმცა III მიმართების ერთი უკვე სიმრავლეს ნაზიარებია და თავისთავში მოიცავს სიმრავლეს. მიზეზ-შედეგობრივი დამოკიდებულების II მიმართებისას არის სიმრავლე, რომელიც მოიცავს მსგავსებებსა და განსხვავებებს. ეს უკანასკნელი კი, როგორც საერთოდ ნეოპლატონიზმში, ისე იოანე პეტრიწის ფილოსოფიაში, პირველმიზეზიდან არსებათა წარმოშობისა და უკუდაბრუნების აუცილებელი პირობაა. ასე ესმის პეტრიწს ტრიადა.

იოანე პეტრიწის ტრიადაზე თვალსაზრისში განვითარებულია ნეოპლატონური ფილოსოფია და ამასთანავე გამოთქმულია სამი უმნიშვნელოვანესი და ორიგინალური მოსაზრება:

  1. ცნობილია, რომ ნეოპლატონურ ფილოსოფიაში საბოლოოდ ვერ დაიძლია პირველმიზეზისა და ხილული სინამდვილის დუალიზმი. ეს სიძნელე გვხვდება იოანე პეტრიწის ფილოსოფიაში. პეტრიწთან პირველმიზეზისაკენ მისწრაფების აუცილებელი პირობაა მსგავსება იმისა, რაც მიისწრაფვის, იმასთან, რისკენაც მიისწრაფვის. მაშინ როგორღა მიისწრაფვის პირველსაწყისი ერთისაკენ უსახო და უგვარო მატერია? პეტრიწის მიხედვით, მართალია, უსახო და უგვარო მატერია მარადიულ ცვალებადობაშია, მაგრამ ამ ცვალებადობაში ის მუდამ თავისთავთან იგივეობრივ მატერიად რჩება, ე. ი. ამ ცვალებადობაში მატერია მუდამ რჩება ერთად. სწორედ იმის გამო, რომ მატერია მუდამ ერთია, ამით ჰგავს იგი პირველმიზეზს (პირველმიზეზიც ხომ ერთია). ეს კი პეტრიწს მიაჩნია პირველმიზეზისადმი მატერიალური სინამდვილის მისწრაფებისა და მასთან გაერთიანების საფუძვლად. როგორც ვხედავთ, იოანე პეტრიწის მოძღვრებაში გარკვეული აზრით დაძლეულია მიწიერისა და ზეციერის დუალიზმი.
  2. ნეოპლატონიზმსა და პეტრიწის ფილოსოფიაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება პირველმიზეზიდან არსებათა აუცილებლობით გამომდინარეობასა და მასში ასევე აუცილებლობით უკუდაბრუნებას. ნეოპლატონიზმში უკუდაბრუნების აუცილებლობა არსებათა მხრიდან არ ჩანს. პეტრიწთან კი, პირიქით, ამ საკითხზე დიდი ყურადღებაა გამახვილებული და შემოტანილია „უკუდაბრუნების ჩაუქრობელი სურვილის“ ცნება, რომელიც არსებებისთვისაა დამახასიათებელი. ამასთანავე, არსებები მიისწრაფვიან პირველმიზეზისაკენ ყოველგვარი არჩევანის გარეშე („ხოლო ყოველი ნება და ყოველი წადილი მაშინღაა წადილ და ნება, ოდეს ეგოს უმხილებლად მიდმო არჩევათაგან სულისათა“). იოანე პეტრიწთან არსებათა წარმოშობისა და უკუდაბრუნების აუცილებლობა ბოლომდე თანამიმდევრულადაა განხორციელებული და ლოგიკურ წინააღმდეგობას არ შეიცავს. აღნიშნულს კი დიდი მნიშვნელობა  ჰქონდა შუა საუკუნეებში ფილოსოფიური თვალსაზრისის დამკვიდრებაში. ესეც იოანე პეტრიწის დიდ დამსახურებად უნდა ჩაითვალოს.
  3. იოანე პეტრიწის აზრით, მიზეზი, როგორც უფრო სრულყოფილი, შეუძლებელია წარმოიშვას შედეგისაგან – უფრო ნაკლებ სრულყოფილისაგან. ეს საკითხიც არ იყო გამოკვეთილი ნეოპლატონიზმში და პეტრიწის დამსახურება ამ მხრივაც მნიშვნელოვანი უნდა იყოს. აღსანიშნავია ისიც, რომ რენე დეკარტმა, ახალი დროის დიდმა მოაზროვნემ, შედეგის მიზეზთან შედარებით, „ღარიბის“ – ნაკლებსრულყოფილის ჩვენებით, წამოაყენა ცნობილი არგუმენტი ღმერთის არსებობის დასასაბუთებლად.

ეს სამი უმნიშვნელოვანესი დასკვნა ტრიადის შესახებ იოანე პეტრიწის თვალსაზრისს ეყრდნობა. ტრიადაზე იოანე პეტრიწის თვალსაზრისი კი ერთი უმთავრესია, რომლის საფუძველზედაც მისი ფილოსოფია რენესანსულადაა მიჩნეული.


[1] “Записки императорского Новороссийского университета”, т. 59, Одесса, 1893, გვ. 420-424.

[2] შ. ხ ი დ ა შ ე ლ ი. იოანე პეტრიწი, თბ., 1956, გვ. 7.

[3] ი ო ა ნ ე  პ ე ტ რ ი წ ი. განმარტებაჲ პროკლესთჳს დიადოხოსისა და პლატონურისა ფილოსოფიისათჳს, შრომები, ტ. II, თბ; 1937, გვ. 222.

[4] ი ო ა ნ ე  პ ე ტ რ ი წ ი. პროკლე დიადოხოსისა პლატონურისა ფილოსოფოსისა კავშირნი, შრომები, ტ. I, თბ; 1940, გვ. XIV.

[5] ი ო ა ნ ე  პ ე ტ რ ი წ ი. შრომები, ტ. II, გვ. 222.

[6] ნ ე მ ე ს ი ო ს  ე მ ე ს ე ლ ი. ბუნებისათჳს კაცისა, თბ., 1914 (ქართული ტექსტი შეისწავლა, გამოსაცემად მოამზადა და ლექსიკონ-საძიებლები დაურთო ს. რ. გიორგაძემ).

[7] იქვე, გვ. 24.

[8] ი ო ა ნ ე  პ ე ტ რ ი წ ი, შრომები, ტ. II, გვ. 9.

[9] ი ო ა ნ ე  ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი, კალმასობა, თბ., 1948, გვ. 174.

[10] ს ო ლ ო მ ო ნ  დ ო დ ა შ ვ ი ლ ი, თხზ., თბ., 1961, გვ. 199.

[11] М а р р  Н. Иоани Петрицский грузинский неоплатоник XI-XII вв. СНБ, 1909.

[12] Лосев А. Предисловие переводчика, Прокл. Первоосновы теологии, 1972.

[13] „შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორიის პრობლემები“, ნაწ. I, თბ., 1981, გვ. 232.

[14] „შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორიის პრობლემები“, ნაწ. I, თბ., 1981, გვ. 233.

[15] ი ო ა ნ ე  პ ე ტ რ ი წ ი. შრომები, ტ. II, გვ. 3.

[16] ი ო ა ნ ე  პ ე ტ რ ი წ ი. შრომები, ტ. II, გვ. 3-4.

[17] ი ქ ვ ე, გვ. 9.

[18] ი ქ ვ ე.

[19] ი ო ა ნ ე  პ ე ტ რ ი წ ი. შრომები, ტ. II, გვ. 8.

[20] П р о к л, Первосновые теологии, § 38.

[21] ი ო ა ნ ე  პ ე ტ რ ი წ ი. შრომები, ტ. II, გვ. 60.

[22] შ. ხ ი დ ა შ ე ლ ი. დასახელებული ნაშრომი, გვ. 74.

[23] ი ო ა ნ ე  პ ე ტ რ ი წ ი. შრომები, ტ. II, § 25-35.

[24] ი ქ ვ ე, გვ. 38.

[25] აქ ლაპარაკია პლატონის დიალოგების გმირ სოკრატეზე.

[26] მითითებული ადგილი მნიშვნელოვანია იმით, რომ ახალი ფილოსოფიის წარმომადგენელი დეკარტი სწორედ შედეგის (ე. ი. წარმოქმნილის), როგორც მიზეზთან შედარებით ღარიბის, ჩვენებით აყენებს არგუმენტს ღმერთის არსებობის დასასაბუთებლად.

[27] ვსარგებლობთ პეტრიწისეული ტერმინებით: „წარმოარსება“, „წარმოარსებული“.

[28] ი ო ა ნ ე  პ ე ტ რ ი წ ი. შრომები, ტ. II, გვ. 80.

[29] ი ო ა ნ ე  პ ე ტ რ ი წ ი. შრომები, ტ. II, გვ. 84.

[30] ი ქ ვ ე, გვ. 82.

[31] ი ქ ვ ე.

[32] ი ქ ვ ე.

[33] ი ო ა ნ ე  პ ე ტ რ ი წ ი. შრომები, ტ. II, გვ. 82.

[34] ი ო ა ნ ე  პ ე ტ რ ი წ ი. შრომები, ტ. II, გვ. 83.

[35] ი ქ ვ ე, გვ. 84-85.

[36] იგულისხმება სამყაროს საყოველთაო კანონი, რომელიც პირველმიზეზითაა განსაზღვრული.

[37] ი ო ა ნ ე  პ ე ტ რ ი წ ი. შრომები, ტ. II, გვ. 86.

[38] ი ქ ვ ე.

[39] კიდურებში გულისხმობს საწყისსა და ბოლოს, ანუ მიზეზსა და შედეგს.

[40] ი ო ა ნ ე  პ ე ტ რ ი წ ი. შრომები, ტ. II, გვ. 89.

[41] “Философская энциклопедия”, т. IV, М., გვ. 46.



მდევარი