რედაქტორი: ბექა იობიძე
კორექტორი: სოფიკო ქურდაძე
მდევარი, თბილისი, 2023
წინათქმა
“იმ იაპონელთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, ვინც სამშობლოში დაბრუნების იმედით ამ მიწაზე გარდაიცვალა”
ქვაზე აღბეჭდილ ამ სიტყვებს ყოველდღიურად ასობით ადამიანი ჩაუვლის გვერდს. ზოგი გაჩერდება ხოლმე, თუმცა თითქმის არავინ არ იცის იმ ისტორიის შესახებ, რომელიც მათ უკან დგას. ამ წარწერას შუაგულ თბილისში, ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში არსებულ მემორიალზე წაიკითხავთ, რომელიც 2010 წელს აღიმართა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა მთავრობის მიერ საქართველოში გადმოსახლებული იაპონელი ტყვეების პატივსაცემად. ჩვენმა კვლევითმა ჯგუფმა უკანასკნელი თვე სწორედ მათი ისტორიის ძიებაში გაატარა. მოცემული სტატიით გვსურს, მკითხველს შევუქმნათ წარმოდგენა არა მხოლოდ ამ ადამიანების საქართველოში განვლილ დღეებზე, არამედ ორი ქვეყნის იმ დიდ ისტორიასა და საზოგადოებრივ კავშირებზე, რომლებმაც ამ ადამიანების ცხოვრების გზა განაპირობა.
დიდი მადლობა ჩვენს რესპონდენტს, ბატონ ჰიროტაკე მაედას, რომელიც იაპონიიდან ჩაგვერთო ამ მნიშვნელოვან თემაზე სასაუბროდ.
ჰიროტაკე მაედა იაპონელი ისტორიკოსი, ირანისტი, კავკასიოლოგი და ქართველოლოგია. იგი ტოკიოს მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის პროფესორი და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორია. მას არერთი ნაშრომი ეკუთვნის ქართული ისტორიის შესახებ.
რა დროიდან მყარდება კავშირები საქართველოსა და იაპონიას შორის?
ალბათ, მაინც პირველი უშუალო კავშირი იქნებოდა რუსეთ-იაპონიის ომის დროს, მაგრამ იაპონიის შესახებ თქვენ ინფორმაცია გქონდათ უკვე ლექსიკონში [საუბარია სულხან-საბას “სიტყვის კონაზე”[1]]. ასევე XVI-XVII საუკუნეებში კათოლიკური მისიონერებისგანაც იქნებოდა კავშირი ინდოეთის მეშვეობით. ინდოეთში იაპონელი კათოლიკეები იყვნენ, ხოლო ქართველ კათოლიკეებს ინდოეთთან კავშირი ირანის გავლით ჰქონდათ. ამას გარდა, აბრეშუმის გზაზეც იქნებოდა კავშირები, თუმცა ამ ყველაფერზე უშუალო მასალა ჩვენ არ გვაქვს. XVIII საუკუნეში იოანე ბატონიშვილიც აღწერს იაპონიას [თხზულებაში “კალმასობა”[2]]. სხვა პირდაპირი, დოკუმენტური სახის წყაროები ამ კავშირების შესახებ, ალბათ, რუსეთის იმპერიის დროიდან გვხვდება. ჩვენთან მეიჯის რევოლუციის[3] შემდეგ იაპონიის მიერ დასავლეთთან კავშირის დამყარებით გამოჩნდებოდა ჩვენი ურთიერთობაც, ანუ პირდაპირი კავშირი იაპონიასა და საქართველოს შორის.
1904-1905 წლებში რუსეთ-იაპონიის ომიც[4] არ არის კარგად შესწავლილი ამ კუთხით [გულისხმობს საქართველო-იაპონიის ურთიერთობას ამ დროში]. ამ მიმართულებით კვლევა, ალბათ, თქვენი, მომავალი თაობის საქმე იქნება. გვაქვს მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია, რომელიც ვიცი.
ზოგადად, რუსეთის ჯარში ბევრი ქართველი მსახურობდა, რადგან მაშინ რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო საქართველო. იქ მყოფი ქართველები, ალბათ, უფრო მეტად სარდლები იყვნენ, მაგრამ ხელოსნებიც მონაწილეობდნენ ომში და ა. შ.
საბჭოთა კავშირის დროს უფრო მეტად ხომ არი არის კავშირები დოკუმენტირებული?
ვიდრე საბჭოთა კავშირის დროინდელ ცნობებზე ვისაუბრებთ, მანამდე მნიშვნელოვანია ითქვას, რომ იაპონიამ აღიარა საბოლოოდ საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, 1918 წელს. მართალია ცოტა დაგვიანებით, თუმცა მთავარია, რომ მოვახერხეთ მაინც. რამდენიმე წლის წინ, საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლისთავისთვის ტოკიოში მიძღვნილი გვქონდა კონფერენციაც და გამოფენაც.
საბჭოთა კავშირის დროს უკვე ბატონი მამულიასა და ჩვენი პროფესორ ქურომაიას თანაავტორობით ანტისაბჭოთა შინაარსის წიგნიც[5] გამოიცა. გერმანიასა და ჰარბინში იაპონიის მთავრობა ძირითადად სამხედროებთნ ერთად ანტისაბჭოთა მოძრაობებსა და საუბრებს თაოსნობდა. ამ ბანაკში იყო ბევრი ქართველი. კავკასიიდან იყვნენ არაქართველებიც – სომხები, თათრები, ჩეჩნები და ჩრდილოკავკასიელები. იაპონიას მათთან გარკვეულწილად თანამშრომლობა ჰქონდა, რადგან უკვე არსებობდა იაპონიასა და საბჭოეთს შორის დაპირისპირება.
II მსოფლიო ომის მიწურულს, 1945 წელს, ათასობით იაპონელი ტყვე გადაასახლეს საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკაში. მათ შორის, საქართველოშიც აღმოჩნდნენ. მათი ხსოვნის საპატივსაცემოდ დღეს თბილისში მემორიალიც დგას. ისტორიის ეს მომენტი იაპონიისა და საქართველოს უშუალო ისტორიული კავშირის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ამიტომ რამდენიმე შეკითვა უშუალოდ ამ საკითხთან დაკავშირებით გვაქვს.
სად იყო განლაგებული II მსოფლიო ომის მერე იაპონიიდან გადმოსახლებულ ტყვეთა ბანაკები? რამდენი ტყვე იყო გადმოსახლებული საქართველოში?
როგორც ვიცით, ქუთაისში იყო ძირითადი ბანაკი; უფრო მეტად დასავლეთ საქართველოში გახლდათგანლაგებული ბანაკები, თუ არ ვცდები, სამ ადგილას. რამდენიმე ასეული, სამი ათასამდე იაპონელი იყო ტყვედ საქართველოში გადმოსახლებული. საბჭოთა კავშირს მთლიანობაში ნახევარი მილიონი იაპონელი ჰყავდა ტყვეობაში, მაგრამ ამ ნახევარ მილიონში რამდენიმე ასეული იყო ბედნიერი იმით, რომ საქართველოში გადასახლება ხვდა წილად. რამდენიმე წიგნი მაქვს ამის შესახებ. ერთ-ერთი ბატონი შიმიძუს,- საკმაოდ დიდი წიგნია,- მემუარი. 20 წლის წინ დაწერა თავისი მოგონებები ქუთაისში ამ ტყვეობის შესახებ. სხვა წყაროებიც არსებობს, გაზეთებში გამოქვეყნებული სტატიები, მაგალითად. ძირითადად კარგი განწყობით ნაწერი ტექსტებია, მიუხედავად იმისა, რომ ეგ ხალხი ძალადობრივად გადაასახლესსაკუთარი სამშობლოდან. დღესაც საზოგადოებაში [იაპონიაში] ეგეთი გრძნობა გვაქვს, რომ ეს ტყვეობა იყო უკანონო და ამის ჩადენა არ შეიძლებოდა. თანაც ციმბირში გადასახლებულთაგან ძალიან ბევრი დაიღუპა. დაღუპვამდე პირობებიც ძალიან რთული იყო, განსაკუთრებით ზამთარში. იქ იყვნენ გერმანელი ტყვეებიც. როგორც ვიცი, ეგ დრო თქვენი [საქართველოს] მოქალაქეებისთვისაც ცუდი იყო. ქუთაისში მოხვედრილ იაპონელების მიმართ კარგი განწყობა ჰქონდათდა თავადაც კარგად იყვნენ განწყობილნი.
ვიცით, რომ სსრკ-ის სხვა რესპუბლიკებში გადასახლებულ ტყვეებს ძირითადად ასაქმებდნენ სხვადასხვა მშენებლობაზე. რა საქმიანობა ევალებოდათ მათ საქართველოში?
ისინი მუშაობდნენ ქუთაისში თეატრის მშენებლობაზე. სხვათა შორის, ალბათ, ქუთაისსა და თბილისშიც იქნება რამე მასალა, ჩანაწერები, მაგალითად, ტყევებთან მუშაობის წესების შესახებ, თქვენთან დარჩებოდა ეს ყველაფერი. ჩვენთან კი უფრო მემუარებია. საერთოდ, ისინი ნორმალურ პირობებში ცხოვრობდნენ საქართველოში, მიუხედავად ამ არანორმალური მოვლენისა. ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაზე ცნობილი ნამოღვაწარი არის ტაშკენტის თეატრი[6], რომელიც იაპონელი ტყვეების მიერაა აშენებული.
რამდენჯერმე ახსენეთ, რომ იაპონელ ტყვეებს საქართველოში დადებითი გამოცდილება, ემოცია აკავშირებთ. ხომ ვერ გვიამბობთ შესაძლო მიზეზებზე?
ვფიქრობ, ორი ძირითადი მიზეზი იყო – ბუნება და გრძნობა. ვიდრე ტყვეებს საქართველოში გადმოასახლებდნენ, მათ ჯერ მანჯურიაში, ჩინეთში მოუწიათ ყოფნა. იქაური პირობები იაპონიისგან განსხვავდებოდა. საქართველოს და იაპონიის ბუნებას კი უფრო მეტი აქვს საერთო და, ალბათ, ეს მათთვის სამშობლოში ყოფნის მსგავს შეგრძნებას იწვევდა. ასევე განსხვავდება იაპონელების დამოკიდებულება ქართველებისა და რუსებისადმი. ჩვენ რუსეთთან ომი[7] გვქონდა, მაგრამ ქართველებთან არ გვქონია. ქუთაისელები სტუმართმოყვარე და მასპინძელი ხალხია; ესეც, ურთიერთობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იყო. თავიდანვე გაჩნდა, ალბათ, ეს დადებითი გრძნობა და შემდგომ გაგრძელდა და, როგორც ჩანს, ბიუროკრატიული თვალსაზრისითაც, საქართველოსთან ურთიერთობა უფრო რბილი იყო.
როგორი იყო ტყვეების ცხოვრების წესი? არის თუ არა რაიმე ისტორიები შემორჩენილი ყოველდღიურობასთან დაკავშირებით?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ბატონი ჰიროტაკე ქვემოთ ხსენებული წიგნიდან ამონარიდებს გვიკითხავდა და თანადროულადგვითარგმნიდა, გიზიარებთ საუბრის მნიშვნელოვან მონაკვეთებს.
საერთოდ როგორ ცხოვრობდნენ და როგორი კავშირი ჰქონდათ იაპონელ ტყვეებს საქართველოში, კარგად არის დაწერილი წიგნში “ციმბირი და საქართველო: ტყვეობის ქრონიკები”[8], შიმიძუ შოოძოს ავტორობით 2005 წელს. თავად ავტორი არ იყო ამ ტყვეობაში, მან მოაგროვა ისტორიები, მისი ძირითადი წყარო ბატონი კენიჩი იოშიდაა, რომელიც საკუთარ მემუარებში წერს, როგორი იყო საქართველოში ცხოვრება. წიგნში აღნიშნულია, რომ ქუთაისის მანქანის ქარხანაში მუშაობდნენ. გერმანიიდან ჩამოტანილი ყოფილა ნივთები, დანადგარები “ოპელის” საწარმოდან. აქ გერმანელ ტყვეებთან ერთადაც შრომობდნენ.
ქუთაისსა და თბილისზე წერს, რომ ძალინ ლამაზი ქალაქებია, ხალხის ცხოვრებაც უფრო ევროპული სტანდარტების არის. ასეთი საინტერესო რამაა აღნიშნული, რომ ქართველები ევროპელებიც არიან და ამავე დროს აზიელებიც. მემუარებიდან ხაზგასმულია, რომ ლამაზი ქართველი გოგონები რაღაცნაირად აღმოსავლური ეშხის მატარებლები არიან, რამაც იაპონია გამახსენაო. შოოძო წიგნში უფრო მეტად საქართველოში ევროპული სტილის ცხოვრებას უსვამს ხაზს. ამ წიგნის ავტორი საქართველოს ადარებს ციმბირსა და სხვადასხვა ადგილს, რომელთაგანაც რადიკალურად განსხვავდებოდა; ეგ იყო ბედნიერება, ასე ვთქვათ. საქართველოს აბრეშუმისა და ჩაის კულტურა იაპონიასთან საერთო ჰქონდა და ესეც ანატრებდა სამშობლოს ბატონ იოშიდას. საქართველოშიც ბოსტნეული ისე მრავალფეროვანი იყო, როგორც იაპონიაში. მოკლედ, ციმბირისგან მკვეთრად განმასხვავებელი იყო იქ [ქუთაისში] ყოფნა, ამ ყველაფერმა დადებითი გრძნობები გამოიწვია. ძალიან ბევრი ინფორმაცია ამ წიგნში არ არის, მაგრამ მაინც საკმაოდ იშვიათი ცნობებია.
სამწუხაროდ, ტყვეთა ნაწილმა ცხოვრების ბოლომდე ვერ შეძლო სამშობლოში დაბრუნება. რა ბედი ეწიათ მათ? არის ჩვენთვის ცნობილი მათი საფლავების ადგილსამყოფელი? შესაძლებელია მათ აქ შთამომავლობა დარჩენოდათ?
თბილისში არის იაპონელებისთვის მიძღვნილი მემორიალი[9]. საერთოდ ჩვენთან ციმბირში (ან სხვაგან) ტყვეობის პრობლემას მაინცდამაინც არ გამოხმაურებიან, ძალიან ბნელი ისტორიაა ჩვენთვის. მაგრამ, მე ვფიქრობ, შთამომავლებს შეიძლება ჰქონდეთ რამე ინფორმაცია. სამწუხაროდ, არ მაქვს ცნობა ამ ურთიერთობებისა, მაგრამ დიდი ალბათობით იქნებოდა.
რამდენად აქვთ დღეს საქართველოში მცხოვრებ იაპონელებს ამ ისტორიულ მოვლენასთან კავშირის შეგრძნება? რამდენად აქვთ ამის შესახებ ცოდნა? რა არის იმის მიზეზი, რომ დღეს ასე ცოტა ადამიანმა იცის გადმოსახლებული ტყვეების ამბის შესახებ?
ვისაუბრეთ, რომ იაპონელი ტყვეების გამოცდილება უფრო დადებითი იყო საქართველოში, მაგრამ ციმბირში საერთოდ არაადამიანური დამოკიდებულება არსებობდამათ მიმართ. თუ იცით, 1955 წელს იაპონიასა და საბჭოთა კავშირს შორის 10 წლის შემდეგ ხელშეკრულება დაიდო, რომლის შემდეგაც დაბრუნდნენ ბოლო ტყვეები იაპონიაში. თუ იცით, ე.წ. კურილის კუნძულების ცნობილი პრობლემა, რის გამოც ჩვენ ტერიტორიული დავაც გვაქვს რუსეთთან. ამიტომ ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს ომის შემდეგ კავშირი მათთან. ციმბირის პრობლემაც ჯერ კიდევ ცოცხალია. საბჭოთა კავშირისა და რუსეთისგან არც ბოდიში და არც რამე რეაქცია არ ყოფილა იაპონელი ხალხის ამ უკანონო გადასახლებისათვის. ამერიკის მთავრობამ ომის დროს ასი ათასობით იაპონელი მოქალაქე, რომლებიც ამერიკაში ცხოვრობდა, წაიყვანა ბანაკში, როგორც ტყვედ, ქონება წაართვა, არაადამიანური დამოკიდებულება იქაც იყო, თუმცა ამერიკის მთავრობამ ომის შემდეგ ქონებაც დაუბრუნა და თანხაც გადაუხადა იაპონელებს. საჯაროდ ბოდიშიც მოიხადა. რუსეთისგან კი მსგავსი ნაბიჯი არ გადადგმულა. ჩვენს საზოგადოებაშიც არის პრობლემა. ომი კი დამთავრდა 1945-ში, მაგრამ ტყვეებისთვის ომი კიდევ 10 წელი გაგრძელდა. ძალიან სხვანაირად ჰქონდათ განცდილი იაპონელებს ეგ ყველაფერი, საზოგადოებაში საერთოდ არ გვქონდა საუბარი ამ ტყვეების შესახებ. არიდება ორმხრივი იყო: ჩვენი მოქალაქეებიც ერიდებოდნენ ამაზე საუბარს და თავად დაბრუნებული ტყვეებიც. ადამიანი10 წელი რომ ცხოვრობდა ტყვეობაში და შემდგომ იაპონიაში დაბრუნდა, გასაბჭოებულ ადამიანსაც ეძახდნენ მას ჩვენთან. მე იმ თაობას არ მივეკუთვნები, მაგრამ მათთვის იყო ასეთი შავ-ბნელი ისტორია. ახლაც მაინც მოქმედებს. არ წერია ძალიან ბევრი რამ ამ თემაზე. კი, ცოცხლებიც დაბრუნდნენ, საზოგადოებაც ვსწავლობთ, თუმცა ძალიან ცოტა ვიცით ჩვენ [იაპონელებმა]; თქვენ [ქართველებმა] – მით უმეტეს. თქვენთან ჩამოსულმა ტურისტებმაც არაა გასაკვირი, რომ არ იციან არაფერი ამ ისტორიების შესახებ.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ როგორი იყო იაპონიის დამოკიდებულება ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიმართ? როდის დალაგდა ურთიერთობა საქართველოსა და იაპონიას შორის? რა ღონისძიებები ტარდებოდა ამისთვის?
30 წელი შესრულდა შარშან ჩვენი, იაპონიისა და საქართველოს, დიპლომატიური ურთიერთობებისა. ეს უკვე ისტორიაა. თქვენ [მიმართავს ინტერვიუს ავტორებს], ალბათ, ჯერ დაბადებულიც არ იყავით, როდესაც მე პირველად ჩამოვედი საქართველოში, 1995 წლის სექტემბერში. მაშინ სულ სხვანაირი იყო. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან და 90-იანებშიც ჩვენ საქართველოსთან გვქონდა უკვე კავშირი. სხვათა შორის რაგბის ჩვენი ეროვნული გუნდი და თქვენი ნაკრები ძალიან კარგად თამაშობენ და ეს დამაახლოებელი იყო. სპორტიდან ქართველების ბევრი წარმატება იყო იაპონიაში – ლევან ცაგურია (კოკაი), ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი)… სპორტის სფეროში ძალიან ხშირად გვსმენია საქართველო (ჯერ “გურუჯია” და მერე “ჯოოჯია”[10]). იყო კინო და თეატრები, ანანიაშვილი ძალიან ბევრჯერ იყო იაპონიაში…
ჩვენი საელჩო 2008 წელს დაარსდა თბილისში, ანუ 15 წელია უკვე დიპლომატიური ცენტრი რაც არსებობს. ჯერ ახალია, მაგრამ უკვე კარგად მუშაობს. სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან შედარებისას, ვფიქრობ, რომ საქართველოს და იაპონიას ძალიან საინტერესო თანაკვეთა და ერთმანეთთან უფრო მჭიდრო კავშირი გვაქვს. ფიზიკური სიშორე არის პრობლემა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საქართველო არის კავკასიის რეგიონის ცენტრი და უფრო მეტად მნიშვნელოვანი ადგილია ჩვენთვის. იმედია, თქვენთვისაც იაპონია მნიშვნელოვანია. მე რომ 2 წელი გავატარე საქართველოში, მაშინ საერთოდ მარტო ვიყავი, თუმცა ახლა ყოველწლიურად სტუდენტები ჩამოდიან, მეცნიერებიც და ასეთი პირდაპირი კავშირი გვაქვს. საგარეო საქმეთა მინისტრიც 3-4 წლის წინ იყო საქართველოში. ჯერჯერობით სიშორე გვაქვს, მაგრამ მოვლენები იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი კავშირი გაიზრდება დადებითად. ასე ვფიქრობ.
თუ შეგიძლიათ, რომ შეადაროთ საქართველოსა და იაპონიის ურთიერთობა სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნების ურთიერთობას იაპონიასთან?
ოსაკაში გაისად დიდი საერთაშორისო გამოფენა იქნება და საინტერესოა თქვენ [მიმართავს ინტერვიუს ავტორებს] რომ ჩამოხვიდეთ.
მე მახსოვს, რომ 2001-ში ან 2002-ში ახალი დაბრუნებული ვიყავი იაპონიაში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაშინ ირაკლი მენაღარიშვილი იყო. იგი ჩამოვიდა იაპონიაში და ამავე დროს სომხეთისა და აზერბაიჯანის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრებიც ჩამოვიდნენ და წვეულება მოეწყო. ჩემ გვერდით 3 საგარეო საქმეთა მინისტრი საუბრობდა, ალბათ, რუსულად. მე ის გამიკვირდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მაშინ და ახლაც სომხეთი და აზერბაიჯანი ომში იყვნენ, იაპონიაში ყოფნისას ისე საუბრობდნენ, როგორც მეგობრები. სამწუხაროდ, ყარაბაღის პრობლემა იყო. ჩვენ აზერბაინჯანთან გვაქვს ეკონომიკური ურთიერთობა, ნავთობი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. სომხეთი პატარაა, მაგრამ თავისებური კულტურულ-ისტორიული ღირებულება აქვს, საინტერესო ქვეყანა და ხალხია. საქართველო სტრატეგიული ადგილიც არის საერთაშორისო პოლიტიკაში და ევროპასთან ურთიერთობაში ძალიან მნიშვნელოვანია იაპონიისთვის, მაგრამ ამავე დროს – თეატრი, სპორტი, კინო – კულტურულ-ლიტერატურული მნიშვნელობაც აქვს ჩვენთვის. ტურისტული თვალსაზრისითაც ჩვენთვის ძალიან საინტერესო ქვეყანაა საქართველო. ალბათ, საქართველოს ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს. ოცნებაც მაქვს, რომ საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი და, ზოგადად, კავკასია, დემოკრატიულად გაძლიერდეს. სამშვიდობო პროექტების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია თბილისი და საქართველო. ჩემი და ხალხის სურვილია, რომ უკეთესობისკენ შეიცვალოს ყველაფერი.
[1]იაპონია ნახსენებია “ქვეყნის ზომათა აღრიცხვაში”
[2]“კალმასობაში” იაპონიისადმი მიძღვნილია ქვეთავი სახელწოდებით “იაპონიისა, ანუ ხეთაისა, ანუ მაჩინისათვის”
[3] მეიჯის რევოლუცია (რესტავრაცია) გულისხმობს მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში მომხდარ პოლიტიკურ ცვლილებებს იაპონიაში. ხანგრძლივი იზოლაციის შემდეგ, იმპერატორ მეიჯის დროს, იაპონია იწყებს ურთიერთობის დამყარებას დასავლეთთან.
[4] აკაკი წერეთელმა თავისი ლექსი “გურული ნანა” რუსეთ-იაპონიის ომს მიუძღვნა. ლექსში იგი სიტყვებით თამაშობს, როდესაც ამბობს “ოი, ამას ვენაცვალე!”. გენერალი ოიამა იყო იაპონელი მთავარსარდალი, რომელიც მეთაურობდა იაპონურ არმიას მანჯურიაში და რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ომში იაპონიის გამარჯვებაში. https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/8897/1/akaki_01.jpg
[5] The Eurasian Triangle: Russia, the Caucasus and Japan, 1904-1945 – Hiroaki Kuromiya; Georges Mamoulia
[6]ნავოის თეატრი – https://en.wikipedia.org/wiki/Navoi_Theater
[7]რუსეთ-იაპონიის ომი https://en.wikipedia.org/wiki/Russo-Japanese_War
[8] シベリア・グルジア抑留記考 (Shiberia Gurujia: Yokuryū Kikō) by Shimizu Shyōzō https://www.kinokuniya.co.jp/f/dsg-01-9784779111051
[9]სამშობლოში ვერდაბრუნებული იაპონელი ტყვეების მიმართ მიძღვნილი მემორიალი მდებარეობს თბილისში ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში
[10] იაპონურ ენაში “საქართველოს” შესატყვისი ადრე წარმოითქმებოდა როგორც “გურუჯია” (グルジア). თუმცა, რუსული ენის გავლენის შემცირების მიზნით, სახელი “ჯოოჯიად” (ジョウジア) გადაკეთდა.