ავტორები:
რედაქტორი: ბექა იობიძე
კორექტორები:
წინათქმა
ჟურნალი „მდევარი“ წარმოგიდგენთ აკადემიურ ინტერვიუთა სერიას ქართული ენის ისტორიული შინაარსის, აწმყოსეული სახისა და სამომავლო საჭიროებათა შესახებ. მოცემულ სტატიაში ავტორები დარგის სპეციალისტებს ესაუბრებიან დროის დინების თანადროულად ენის ფორმაცვალების შესახებ.
ინტერვიუთა სერიის ამ მეორე ნაწილში ენის ფორმაცვალების შესახებ მოპასუხეა ენათმეცნიერი, ქართველურ ენათა მკვლევარი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი.
-ავ და -ამ თემისნიშნიანი გარდამავალი ზმნების არასწორად გამოყენებასთან დაკავშირებულ ბოლო ცვლილებაზე შეკითხვით დავიწყებ: არის ეს ცვლილება ენის უნიფიკაციისკენ მისწრაფება? რა იყო ამ ცვლილების მიზეზი?
ასეთი ცვლილებები ბუნებრივად მიიჩნევა, რამდენადაც ენა, როგორც ცოცხალი ორგანიზმი, ჩვეულებრივ, იცვლება. ცოცხალ ენას არ შეიძლება უცვლელი ნორმა ჰქონდეს. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევებს, როგორებიცაა, მაგალითად, „უნახავს“ და „უნახია“, „მინახიხარ“ და „მინახავხარ“ და ა.შ., ნორმა იყო „ავ“ ელემენტიანი ფორმები – მინახავს, მინახავხარ, გინახავარ. პარალელურად გამოიყენებოდა „ია“ დაბოლოებიანი ფორმები – მინახია, მინახიხარ, გინახივარ. ძველი ქართულიდან ახალ ქართულსა და „ია“ დაბოლოებაზე გადასვლა არის კანონზომიერი მოვლენა და კანონზომიერი ენობრივი მისწრაფების გამოვლენა. იყო დრო, როდესაც ქართულში „გაუკეთებიეს“ ფორმა გადავიდა „გაუკეთებია“ ფორმაზე, „აუღებიეს“ – „აუღიაზე“, ხოლო „დაუნახავს“ – „დაუნახიაზე“. ნორმამ შეაჩერა „უნახია“ და „დაუხატია“ სახის ფორმები, თუმცა ენის განვითარებამ არ დაუჯერა ნორმას. ფორმა და განვითარება ასე გაგრძელდა. შედეგად, როდესაც სტატისტიკური მონაცემები შეაჯერეს, აღმოჩნდა, რომ „ია“ დაბოლოებიანი ფორმები – უნახია, მინახიხარ, გინახივარ – გაცილებით აჭარბებდა „ავ“ ელემენტიან ფორმებს – მინახავს, მინახავხარ, გინახავარ. ამიტომ მოხდა ის, რომ ენა წავიდა თავისი გზით, ნორმა მის მიმართულებას შეეწინააღმდეგა და თავისკენ უბიძგა, ენამ ნორმას არ დაუჯერა.
ქართული ენის ბუნება და მართლწერის წესების ცვლილების ტრადიცია ისეთია, რომ ნორმადარი ყოველთვის ენის განვითარებას მიჰყვებოდა. მწიგნობარი ყოველთვის უჯერებს ენის განვითარებას. ერთ საინტერესო ფაქტს ვიტყვი: მიხეილ ჯავახიშვილმა თქვა, ქართული ენა იმითაც არის განსხვავებული და უკეთესი სხვა ენებზე, რომ ენაში მომხდარი ცვლილებები სისტემატურად აისახება მის ნორმებში. თუ ეს ასე არ მოხდება, არ ავყვებით ენის განვითარებას და ნორმებს ენის განვითარების შესაბამისად არ შევცვლით, აღმოვჩნდებით ინგლისური ენის მსგავს მდგომარეობაში, – ისინი „ამბობენ ოქსფორდს და წერენ კემბრიჯს, და პირიქით“. ასე რომ, ეს არის ენის ბუნებრივი და კანონზომიერი განვითარების საპასუხო ცვლილება.
თუკი სამეტყველო ენაში არასწორი ფორმების გამოყენება აჭარბებს სწორი ფორმების გამოყენებას, შეგვიძლია თუ არა, რომ არასწორი ფორმები ნორმად მივიღოთ?
არა, არასწორი ფორმების ნორმად მიღებაზე არ ვსაუბრობთ. ნორმაში შეიძლება არსებობდეს პარალელური ფორმები, ვთქვათ, როცა ვამბობთ ერთს და ვწერთ მეორეს. თუ ის არაპარალელურ ფორმათაგან რომელიმეა, მაგალითად, „წევიდა“, „მევიდა“, ის არ შეიძლება როდისმე გახდეს ნორმა. ეს არ იქნება კანონზომიერი, ბუნებრივი განვითარების შედეგი. ეს არის კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული ენობრივი ფაქტის ფონეტიკური ცვლილება. იგი არ არის გამოწვეული ისტორიული განვითარებით. ამიტომ, „წევიდა“, „მევიდა“, „მაიტანა“ და ა.შ. ჩვეულებრივი ენობრივი შეცდომებია, რომლებიც არასდროს არ მოხვდება ნორმადარის მაგიდაზე, რათა იქცეს ნორმად.
ნორმად ქცევა შესაძლებელია იმ შემთხვევებში, თუ ენაში არსებობს ორი ისეთი ფორმა, როგორებიცაა, მაგალითად, „იქნეს“ და „იქნას“. თუ ჩვენ ამ საკითხს შევისწავლით, აღმოჩნდება, რომ ისტორიულად იყო „იქნეს“, მაგრამ შემდეგ ამ სახის ზმნებში სისტემური ცვლილებების შედეგად „ე“ დაბოლოება შეიცვალა „ა“ დაბოლოებით, მაგალითად, „იშვეს“ ფორმა გადავიდა „იშვას“ ფორმაზე და ა.შ. ამას ვუწოდებთ სისტემურ-კანონზომიერ ცვლილებას, რომელსაც ანგარიში უნდა გაუწიოს ნორმის დამდგენმა. თუ კანონზომიერი ენობრივი განვითარების შედეგად მიღებულ პარალელურ ფორმათაგან რომელიმე სხვებს რაოდენობით წააჭარბებს, მაშინ ნორმადარიც მას დაუჭერს მხარს.
როგორც გავიგე, თუკი პარალელური ფორმა არსებობს და სტატისტიკურადაც გამართლებულია, მაშინ შეიძლება, რომ ნორმად განიხილოს.
დიახ, ახლა საქმე რა არის: რამდენიმე „საზომი“ არსებობს ნორმების მიღებისთვის. ერთ-ერთია იმის დადგენა, ორი პარალელური ფორმიდან რომელია ისტორიულად სწორი. მაგალითად, გავიხსენოთ იაკობ გოგებაშვილსა და აკაკი წერეთელს შორის დავა: იაკობმა დაწერა, რომ „ვაღიარებ“ ფორმა იყო სწორი, ხოლო აკაკი ამბობდა, რომ არა, სწორი უნდა იყოს „აღვიარებ“. აღმოჩნდებოდა, რომ „აღვიარებ“ იყო ისტორიულად სწორი ფორმა ძველქართულსა და ბიბლიაში, მაგრამ სასაუბრო მეტყველებაში გაჩნდა ფორმა „ვაღიარებ“. აი, ამ შემთხვევაში ისტორიზმის პრინციპს მხარს უჭერდა აკაკი, ხოლო გავრცელების პრინციპს – იაკობი.
თუ გავრცელებულმა ფორმამ გადააჭარბა ისტორიულად სწორ ფორმას, აღარავინ ამბობს „აღვიარებ“ და გამოიყენება „ვაღიარებ“, მაშინ, ცხადია, ამას უნდა დაეჭიროს მხარი. ე.ი. სამი ძირითადი მხარეა: ისტორიულად მართებული, ენობრივი განვითარების კანონზომიერებით მართებული და გავრცელებულობის მიხედვით მართებული. გავრცელებულობა, ანუ მხოლოდ ერთ-ერთი ამ სამთაგან, არ არის საკმარისი. თუ, მაგალითად, ამბობენ „მინახიხარ”, „გინახივარ“ და აღარავინ ამბობს „მინახავრხარ”, „გინახავარ”, მაშინ, ცხადია, ისტორიულზე მეტად გავრცელებულობის საკითხს მიაქცევენ ყურადღებას. ასე გაიმარჯვა იაკობ გოგებაშვილის თვალსაზრისმა ისტორიულად სწორ ფორმაზე. ასე რომ, გავრცელებულობას თავისი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მხოლოდ გავრცელებულობის მიხევდით არ დგება ნორმა.
თუ არსებობს შემთხვევა, როცა ზემოთ ჩამოთვლილი სამი მიზეზის არსებობის გარეშე მაინც დამკვიდრდა ფორმა ნორმად?
თქვენ, ალბათ, გაინტერესებთ, როცა საქმე არ გვაქვს არც პირველ, არც მეორე, არც მესამე შემთხვევასთან, თუმცა ფორმა მაინც ნორმად იქცევა? ზოგჯერ ენაში ხელოვნური ტერმინები შემოაქვთ. მაგალითად, „არტერიული წნევა“, „მაღალი წნევა“, „დაბალი წნევა“ – დღეს ყველა ჩამოთვლილი სამედიცინო ტერმინია. ეს არის რუსული ტერმინი „давление“–ს შესაბამისი. ერთ დროს ქართულში ასეთი სიტყვა არ არსებობდა. ქართულში „давление“–ს შესაბამისი სიტყვა არის „წნეხი“, „წნეხვა“, „დაწნეხვა“. თუმცა, როდესაც ტერმინოლოგიას ადგენდნენ, მაშინ თქვეს, რომ რადგანაც „ხ“ აუხეშებდა ამ ფორმას, იგი ამოეგდოთ და შემოეტანათ „წნევა“. შესაბამისად, სიტყვა „წნევა“ არ არსებობდა და ეს არის ხელოვნურად შექმნილი ტერმინი. ტერმინოლოგიაში შეიძლება მსგავსი რამ მოხდეს, მაგრამ ენაში ენობრივი ფორმა რომ გამოიგონონ და ასეთი ენობრივი ფორმა აქციონ ნორმად, ამის შემთხვევა არ ვიცი და ეს არც შეიძლება მოხდეს, რადგან ენა ხელოვნურ ფორმას არ მიიღებს, არ დაამკვიდრებს.
სალიტერატურო და სამეცნიერო ენის ერთ-ერთი მასაზრდოებელი, შეიძლება ითქვას, რომ არის დიალექტები. რა გავლენა აქვს ენაზე, რამდენად კარგია დიალექტებიდან სიტყვების დამკვიდრება და სასაუბრო ენის ცვლილება? რა დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს დიალექტებს ენისათვის? სისრულეა თუ სიმახინჯე?
აქ არის ორი საკითხი: ერთი, თუ რა შეიძლება დიალექტებიდან შემოვიდეს ენაში ისეთი, რაც სალიტერატურო ენას გაამდიდრებს; მეორე, რისი შემოტანა არ შეიძლება დიალექტებიდან სწორ სალიტერატურო ქართულში. სხვათა შორის, ეს იყო ერთი თემა, რომელზეც უდავია ვაჟა-ფშაველასა და აკაკის („ენას გიწუნებ ფშაველო“…). მაშინ აკაკიმ ვაჟა-ფშაველას დაუწუნა ფშავური ფორმების შემოტანა, და არა – ფშავური სიტყვებისა. დიალექტური სიტყვები, ლექსიკა სალიტერატურო ენას ამდიდრებს, მაგრამ ისეთი ფშავური ფორმების გამოყენება, როგორიცაა, მაგალითად, „ჩაჰხედონი“, სწორედ ისაა, რაც აკაკიმ დაიწუნა. ანუ, თუ სალიტერატურო ენაში არსებობს სიტყვის შესაბამისი ფორმა, სხვა ფორმა არ უნდა შემოვიტანოთ დიალექტიდან. მაგრამ, თუ სიტყვა არ არსებობს, მაგალითად, „ირაო“, მაშინ ის სალიტერატურო ენას მხოლოდ გაამდიდრებს. აი, ეს არის არსებითი. ანუ, როდესაც ამბობენ, რომ დიალექტი არის სალიტერატურო ენის მასაზრდოებელი წყარო, აქ, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება მისი ლექსიკა და ფრაზეოლოგია. ხოლო, თუ სალიტერატურო ენაში არსებობს შესატყვისი ფორმა, მისი დიალექტური ფორმით ჩანაცვლება იქნება არასწორი.
როგორია დღეს ქართველური ენების ერთმანეთზე გავლენა? დიალექტების ერთმანეთზე გავლენა? რამდენად შემჩნევადია ეს ყოველდღიურ ცხოვრებაში?
ქართველური ენები, მოგეხსენებათ, არის სვანური, მეგრულ-ჭანური, ანუ ლაზური, და ქართული. გვერდიგვერდ მოსახლე ან ერთ გარემოში მყოფი ენების ურთიერთგავლენა ყოველთვის იყო და იქნება. ურთიერთგავლენა გულისხმობს, რომ ერთი ახდენს გავლენას მეორეზე და მეორე – პირველზე. ჩვენ მეგრულსა და სვანურში უამრავ ქართულ სიტყვას ვიპოვით ისევე, როგორც მეგრული და სვანური სიტყვები შემოგვაქვს ქართულში. აი, მაგალითად, მურმან ლებანიძეს გამოყენებული აქვს სიტყვა „მახვში“, რომელიც სვანურია და ა.შ. ქართულში ბევრი მეგრული სიტყვაა შემოსული.
ასეთივეა დიალექტებთან ურთიერთგავლენა – დიალექტის გავლენა სალიტერატურო ენაზე და სალიტერატურო ენის გავლენა დიალექტზე. დიალექტებზე გავლენა გულისხმობს ენის ნიველირებას, ანუ დიალექტები თანდათან ემსგავსება სალიტერატურო ენას. სკოლა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და ა.შ. სალიტერატურო ენით საუბრობს და გავლენას ახდენს ჩვეულებრივ სამეტყველო ენაზე. თუმცა აქ არსებობს სხვა მექანიზმებიც, რომლებიც ხელს უწყობს დიალექტის შენარჩუნებას.
ვიცით, რომ ქართულის განვითარებისთვის არსებობს რაღაც პოლიტიკა, რადგანაც იგი სახელმწიფო ენაა. ველით, რომ ქართული ენის განვითარებისკენ ნაბიჯები უნდა გადაიდგას. აფხაზურიც ენაა იმ ტერიტორიისა, რომელსაც საქართველოს ვეძახით. ამ მიმართულებით რა მდგომარეობაა?
საინტერესო კითხვაა. პოლიტიკა ყოველთვის არის ჩარეული ამ მიმართულებით. აფხაზეთი არის ჩვენს ტერიტორიაზე, იგი ჩვენი ტერიტორიის შემადგენლობაშია, ამიტომ საქართველოს კონსტიტუციაში აფხაზურს თავისი ღირსეული ადგილი აქვს. საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილია, რომ საქართველოში სახელმწიფო ენა არის ქართული და აფხაზეთის რეგიონში მასთან ერთად – აფხაზური. ანუ, აფხაზეთში, როგორც საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში, სახელმწიფო ენა არის ქართული, მაგრამ არის მეორე, დამატებითი სახელმწიფო ენაც – ქართულ-აფხაზური. თავის დროზე, აფხაზურ ენას სახელმწიფოსგან ჰქონდა ხელშეწყობა – იყო სკოლებიაფხაზურ ენაზე, უნივერსიტეტები აფხაზურ ენაზე, მაგრამ ოკუპირებულმა აფხაზეთმა სხვაგვარად მოისურვა. ის დროებით ჩვენგან პოლიტიკურად ჩამოცილებულია. ეს, ჩემი ღრმა რწმენით, აფხაზური ენისათვის არის საბედისწერო, რადგან ხელს არ უწყობს აფხაზური ენის განვითარებას. პირიქით, იქ მცხოვრებნი უფრო მეტად გადადიან რუსულზე და რუსული ენა ანაცვლებს აფხაზურ ენას აფხაზურ სკოლებში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ა.შ. ეს საბოლოოდ ძალიან ცუდად წაადგება აფხაზურს.
ალბათ, რუსული ენაც არ დაინდობს გზად არც ერთ სხვა ენას.
ეს თითქოს თავად აფხაზებსაც აინტერესებთ, თავადაც უნდათ, რადგან რუსული მათთვის არის ის ენა, რომელიც მათ აფხაზეთის გარეთ, საერთაშორისო ასპარეზზე, გაიყვანს. მარტო აფხაზური მათ არ გამოადგებათ. ამიტომ აფხაზურს ზურგს თვითონვე აქცევენ, თვითონვე კარგავენ მას. მათ ამას არავინ აიძულებს. უბრალოდ, თავადვე გაუფუჭეს აფხაზურ ენას საქმე, როდესაც ასეთი პოლიტიკური გზა აირჩიეს.