რედაქტორი: ბექა იობიძე
კორექტორები: სოფიკო ქურდაძე, მარიამ გორდაძე
მდევარი, თბილისი, 2023
წინათქმა
ჟურნალი „მდევარი“ წარმოგიდგენთ აკადემიურ ინტერვიუთა სერიას ქართული ენის ისტორიული შინაარსის, აწმყოსეული სახისა და სამომავლო საჭიროებათა შესახებ. მოცემულ სტატიაში ავტორები დარგის სპეციალისტებს ესაუბრებიან დროის დინების თანადროულად ენის ფორმაცვალების შესახებ.
ინტერვიუთა სერიის ამ პირველ ნაწილში ტერმინთშემოქმედების საკითხებზე მოპასუხეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი ლია ქაროსანიძე.
X-XII საუკუნეებში ეგზეგეტიკისადმი განსაკუთრებულ ინტერესს მოჰყვა თეოლოგიურ-ფილოსოფიური ტერმინოლოგიის შემუშავება. უფრო ცხადად, როგორ ყალიბდებოდა ქართული სამეცნიერო ენა?
ცოტა ქვეყანას აქვს ისეთი ტრადიცია, ისეთი ისტორია ტერმინოლოგიაში, როგორიც საქართველოს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ენა უცვლელად იყო ქართული ენა. სახელმწიფო ენის საკითხი ქრისტიანობის შემოსვლისთანავე გამოიკვეთა; ენისა, რომელზეც უნდა თარგმნილიყო სასულიერო ლიტერატურა და დაწყებულიყო წირვა-ლოცვა საქართველოში. ამ დროიდან იწყება ქართული დარგობრივი ტერმინოლოგიის ჩამოყალიბებაც. X-XII საუკუნეებში უკვე არსებობდა რამდენიმე მთარგმნელობითი სკოლა, რომლებსაც ჰქონდათ მეტ-ნაკლებად განსხვავებული მიდგომა, მეთოდები, მაგრამ ზოგადი თვალსაზრისი ასეთი იყო: არ არსებობს სიახლე, რომლის გადმოცემას ქართული ენა ვერ შეძლებს. ქართველმა მთარგმნელებმა შესანიშნავად იცოდნენ ორივე ენის, ბერძნულისა და ქართულის, თავისებურებანი, სიღრმისეულად იცნობდნენ ცნებებს და მათ შესატყვისებად უმეტესად ქართულ ძირებსა და სიტყვებს იყენებდნენ. ეს პერიოდი სწორედ იმით არის გამორჩეული, რომ მთელი ევროპული კულტურის, მეცნიერების, ტერმინოლოგიის საფუძვლად აღიარებული ბიზანტიური კულტურა ქართველმა მთარგმნელებმა ისე გადმოიღეს, ქართული ენის ბუნება არასოდეს დავიწყებიათ. სწორედ ამ დროიდან იწყება ქართული ენის საკითხების კვლევა, ქართული სამეცნიერო ენის განვითარება. ეფრემ მცირემ, არსენ იყალთოელმა, იოანე პეტრიწმა და სხვებმა მრავალი ახალი სიტყვა შემატეს ქართულს. ენობრივი საკითხებისადმი მათი მიდგომის შედეგია ისეთი სიტყვები, როგორებიცაა: არსი, არსებობა, ხედვა, ხედვითი, არარაობა, ძლიერება, გონი, გონიერება, განცდა, ვითარება, მეცნიერება, უმეცრება, იგივეობა და მრავალი სხვა. ამ დროს შეიქმნა ქართული ფილოსოფიური, გრამატიკული, მათემატიკური ტერმინები. ასე მდიდრდებოდა და ძლიერდებოდა ქართული ენა, რომელზეც ითარგმნა სასულიერო თუ ფილოსოფიური ლიტერატურა, შეიქმნა ორიგინალური თხზულებები.
როგორ ეხმიანება დღევანდელობა წარსულის ამ დიდ გამოცდილებას?
ვიცით, რომ ისტორია საუკეთესო მასწავლებელია. ჩვენს მრავალსაუკუნოვან და საინტერესო ისტორიაში ბევრი რამაა ისეთი, რაც სირთულეების დაძლევაში გვეხმარება. მთავარია, ეს ისტორია შესწავლილი გვქონდეს. თანამედროვე ქართულში უცხო სიტყვების მოძალებას ხშირად ეპოქით ამართლებენ, აღნიშნავენ იმას, რომ დღეს ეს ბუნებრივი განვითარებაა და ამას ვერ შევაჩერებთ, თუმცა ასეთი პერიოდი სხვა დროსაც გვქონია და დაგეგმილი, შეთანხმებული მუშაობით სირთულეები დაგვიძლევია. შეგვიძლია ვისწავლოთ, გავიაზროთ, როგორ დაძლია, მაგალითად, ილია ჭავჭავაძის ეპოქაში საზოგადოებამ ქართულ ენაში არსებული სირთულეები და როგორ განავითარა და ჩამოაყალიბა თითქმის შინაურ ენად ქცეული ქართული ენა სალიტერატურო ენად, როგორ შექმნა სახელმძღვანელოები სხვადასხვა დარგში და დაამტკიცა ისევ ის, რასაც ადრე ძველი ქართველი მთარგმნელები ამტკიცებდნენ: ქართულ ენას შეუძლია ყოველგვარი სიახლის გადმოცემა. ამისთვის კი თავდაუზოგავი და შეთანხმებული მუშაობაა საჭირო ნებისმიერ დროს.
რა გზა გაიარა ქართულმა სამეცნიერო ენამ?
ქართულმა ენამ მძიმე და ამავე დროს ძალიან საინტერესო გზა გაიარა. ჩემი აზრით, საკუთარი მეცნიერული ხედვისა და მიმართულების განსაზღვრით, ნათლად ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმებით, ქართულ ტერმინთშემოქმედებაში შეგვიძლია გამოვყოთ ოთხი განსხვავებული სკოლა: 1. X-XII საუკუნეებისა; 2. ილია ჭავჭავაძისა და მის თანამედროვეთა; 3. ნიკოლაძეების ჯგუფისა (1918-1921 წ.წ.); 4. საბჭოთა პერიოდისა. ენას მუდმივად, უწყვეტად სჭირდება დაცვა და განვითარება. ენა ვითარდება ეროვნული სიტყვების გაცოცხლებით, ენისთვის ბუნებრივი სიტყვათმაწარმოებლების გამოყენებით. თუ ისევ ისტორიას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ქართული ენა სწორედ მაშინ მდიდრდებოდა, როცა მასზე ზრუნავდნენ. საუკუნეების განმავლობაში დროდადრო ჩნდებოდა უიმედობა, ეჭვი, რამდენად შეძლებს ქართული ენა, შეასრულოს ლიტერატურული ენის დანიშნულება, რომ ქართული „პატარა ენაა“ და ვერ შეძლებს სახარების სრულფასოვნად გადმოცემას… ან მერე, მოგვიანებით, მე-19 საუკუნეში, რომ ქართული ღარიბია, არ აქვს დარგობრივი ტერმინოლოგია და ვერ შევძლებთ ქართულ ენაზე სწავლებას. შემდეგ გაიხსნა უნივერსიტეტი და ისევ გაჩნდა ნიჰილიზმი, თუმცა ამასაც უპასუხა იმდროინდელმა ქართველმა საზოგადოებამ, შეიქმნა პირველი ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიური ლექსიკონი. ჩვენს ისტორიაში კარგად ჩანს, რომ სხვადასხვა დროს არსებულ სირთულეებს სხვადასხვაგვარად გავართვით თავი და აქამდე მოვიტანეთ ქართული სამეცნიერო, სალიტერატურო, სახელმწიფო ენა, რომელსაც დღეს სხვა გამოწვევები აქვს. ახლა ჯერი ჩვენზეა. შედეგებს მომავალი თაობა შეაფასებს, ისტორიაში ყველაფერი ცხადად ჩანს.
როგორია მიდგომა ტერმინოლოგიის ხასიათისადმი: ქართული, საერთაშორისო თუ ქართულიც და საერთაშორისოც? – როგორ წყდებოდა და წყდება ეს საკითხი?
სწორედ ამ საკითხების კვლევისას დავინტერესდი და საგანგებოდ შევისწავლე ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში პურისტების სახელით ცნობილი ჯგუფის (მათ ნიკოლაძეების ჯგუფს ვუწოდებ) მუშაობის პრინციპები, მათ მიერ შექმნილი პირველი ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიური ლექსიკონი (1920). ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო იმის აღმოჩენა, რომ ნიკოლაძეების ჯგუფი ჰბაძავდა ძველ ქართველ მთარგმნელებს, იმეორებდა მათს მიდგომებს. მან პირველად წამოაყენა ტერმინოლოგიური მართვის, ცენტრის საკითხი, თუმცა საბჭოთა ეპოქამ სხვა გზა აირჩია. ენობრივი პოლიტიკა საბჭოთა სტანდარტებს დააყრდნო და გზა გაუხსნა ე.წ. საერთაშორისო სიტყვებს. რას ნიშნავს საერთაშორისო სიტყვა – 4, 5, 6 ენაში გამოყენებულს, მეტში თუ ნაკლებში? მაგალითად, ჩვენთვის ცნობილ საერთაშორისო სიტყვა ,,უნივერსიტეტსაც” კი აქვს სხვა შესატყვისები ინდოევროპულ ენებზე, როგორ დავადგინოთ, როგორ განვსაზღვროთ? – ამასთან დაკავშირებით არ არსებობს ერთგვარი პასუხი სამეცნიერო ლიტერატურაში და მეორეც: ცხადია, ინდოევროპული ენების საფუძველი ბერძნულ-ლათინური ძირებით ნაწარმოები სიტყვებია, მაგრამ ისინი რატომ არის სავალდებულო ან უფრო მისაღები ქართულისთვის, ვიდრე ქართული ძირებით ნაწარმოები სიტყვები, ესეც სადავოა. საბჭოთა ხელისუფლებისთვის საერთაშორისო სიტყვად ითვლებოდა რუსულში სხვადასხვა ეპოქაში ნასესხები ფრანგული თუ გერმანული სიტყვები, ამიტომაცაა იმ დროს ქართულში შემოსული მრავალი „საერთაშორისო სიტყვა“ საერთო მხოლოდ საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვეყნებისათვის. ნიკოლაძეების ქართული ტერმინთშემოქმედება რომ არ აეკრძალა ფილიპე მახარაძეს, დღეს მეტი ქართული ტერმინი, სიტყვა შემორჩებოდა ქართულ ენას. დღეს გვექნებოდა, მაგალითად, თანგეზი, დარიგება, თანხება, მჭიდა, მეწესთვალე, ჭვირმინა, თვითნათობა, მნათობა, თანანათობა, შუქზომი, წნეზომი, ჰაერწნეზომი, სიმკვრივზომი, ნესტზომი, ელზომი, შუქთმტყორცნი, შთანთქმი, შთანთქმა, წიაღვარი, წიაღა, ტოლფარდა, რთვილვა, აჭექა, ამჭექი, თანწყობა და სხვა მრავალი, თუმცა მათ ნაცვლად ქართული ასოებით ჩაწერილი ტერმინები შემოგვრჩა: კოორდინატა, ინსტრუქცია, კონტაქტი, ცემენტი, კონტროლიორი, ოპტიკური მინა. ფოსფორენცენცია, ფრურესცენცია, ლუმინისცენცია, ფოტომეტრი, მანომეტრი, ბარომეტრი, პიკნომეტრი, ჰიგრომეტრი, ელექტრომეტრი, პროჟექტორი, აბსორბერი, აბსორბცია (ბგერის აბსორბცია, შუქის აბსორბცია), ლავა, მაგმა, პროპორციული, სუბლიმაცია, დენოტაცია, დეტონატორი, სისტემა და სხვ.
რატომ უნდა გამოვიყენოთ, მაგალითად, „კომუნიკაცია“? „გუშინ ჩვენ შორის შედგა კომუნიკაცია“ – ეს რას ნიშნავს, დავურეკე თუ შევხვდი? რატომ არის საშიში უცხო სიტყვათა სიმრავლე ენაში? ისინი ანაცვლებს ქართულ სიტყვებს, მათ შორის ზმნებს, და ენა ღარიბდება. „კომუნიკაცია“ არის მეტყველებაც, ურთიერთობაც, შეხვედრაც, დარეკვაც და ა.შ. რას ნიშნავს „მოვახდინე იდენტიფიცირება“? ამოვიცანი, ვიცანი, ვინაობა დავადგინე თუ გავარკვიე? გაამდიდრა ენა კომუნიკაციამ ან იდენტიფიცირებამ თუ გააღარიბა? – ცხადია, გააღარიბა. ასეთი არასაჭირო სიტყვა კი უამრავია.
რა თქმა უნდა, ყველა სიტყვას ვერ ჩავანაცვლებინებთ, ეს არც უნდა დავისახოთ მიზნად. თუმცა, რაც მეტს გადავარჩენთ, მით უკეთესია. ღარიბია ენა, რომელშიც ყველაფერი სხვა ენიდანაა გადატანილი. აქ ყველას აღმოსავლური სიტყვები ახსენდება. დიახ, სავსეა ქართული ენა აღმოსავლური ენიდან შემოჭრილი სიტყვებით, რომლებმაც ქართული სიტყვები ჩაანაცვლა და განდევნა ენიდან. ასე ემართება ენას, რომელზეც არ ზრუნავენ და უცხო სიტყვებს მეტ უფლებებს აძლევენ, ვიდრე საკუთარს. როგორ ფიქრობთ, ქართველებმა ფანჯარა არ ვიცოდით, უფანჯრო სახლებს ვაშენებდით და თურქულიდან ვისესხეთ? ცხადია, არა, უცხო სიტყვას – ფანჯარას – მივეცით ენაში შემოჭრისა და დამკვიდრების საშუალება, ასე დავივიწყეთ სარკმელი, საშუქი, სანათი და სხვა ქართული სიტყვები, რომლებსაც სხვადასხვა სახის ფანჯრის აღსანიშნავად ვიყენებდით. ამ საკითხზე დაუსრულებლად შეგვიძლია ვისაუბროთ. „ენა ცოცხალი ორგანიზმიაო“, – ხშირად ამბობენ, ცხადია, ასეა და მასზე, როგორც ყველა ცოცხალ ორგანიზმზე, ისე უნდა ვიზრუნოთ.
საბჭოთა კავშირის დროს საერთაშორისო ტერმინების დამკვიდრებას თუ შევეწინააღმდეგეთ? ისტორიულად თუ გვაქვს ამის ფაქტი?
საბჭოთა პერიოდში გამოკვეთილი, ცხადი ბრძოლა ე.წ. საერთაშორისო სიტყვების წინააღმდეგ არ ყოფილა, თუმცა საბჭოთა სტანდარტებს ქართველი ტერმინოლოგები, როგორც ჩანს, მაინც სრულად არ ემორჩილებოდნენ. ქართველი მეცნიერები ცდილობდნენ ლექსიკონებში უცხო სიტყვების გვერდით ქართული შესატყვისებიც შეეტანათ. ვუკოლ ბერიძე, რომელიც გახდა 1941 წელს დაარსებული ენათმეცნიერების ინსტიტუტის ტერმინოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, ზრუნავდა ქართული ძირებით ახალი სიტყვების შექმნაზე, მივიწყებული სიტყვების გაცოცხლებაზე. ის ერთგან წერს: ახლა ლექსიკონებში ორი ტერმინია, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ქართველი ადამიანი მიეჩვევა ქართულ ტერმინს და შემდეგ უცხო ტერმინი საჭირო არ იქნება. ვუკოლ ბერიძის ეს თვალსაზრისი, ვფიქრობ, იმ აზრსა და მოძრაობასთან დაპირისპირებაა, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებას ეკუთვნოდა, ვგულისხმობთ იმ ბრძანებებს, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე ქვეყნდებოდა; მაგალითად, ს.ს.ცაკთან არსებული მთავარი სატერმინოლოგიო კომიტეტის თავმჯდომარის, ფილიპე მახარაძის, ერთ-ერთი ბრძანება ასეთია: ქართულში დამკვიდრდეს „ყველა ის ტერმინი, რომელიც დღეს ინტერნაციონალურად არის ცნობილი და ყველა ხალხი ხმარობს“.
სწორედ ამ ხედვასთან დაპირისპირებითაა შექმნილი ის აკადემიური ლექსიკონები, რომლებიც წინა საუკუნიდან დაგვრჩა. ამიტომაც აქვს უდიდესი მნიშვნელობა მათ შესწავლას, რედაქტირებას. ქართული ტერმინოლოგიის ამ ძირითად მასალაზე ახალი ცნებებისა და ტერმინების დამატებით ადვილად შევძლებთ თანამედროვე ტერმინოლოგიური ლექსიკონების გამოცემას.
ჩაგეკითხებით, დასაწყისში ახსენეთ, რომ ნებისმიერი ახალი სიტყვა თავიდან გვეხელოვნებურება. ამის მიუხედავად, ჟურნალისტების, აკადემიკოსების, მეცნიერების ენა, მათ შორის ქართველი ენათმეცნიერების ნაშრომებიც, მოცულია საერთაშორისო სიტყვებით. რატომ არის წახალისებული აკადემიურ ენაში ახალი არასაჭირო ტერმინების შემოღება?
კარგი კითხვაა. სწორედ გუშინ ვისაუბრე იმის შესახებ, რომ ყველაზე მეტ უცხო ტერმინს იყენებენ მეცნიერები. რატომ შემოვიდა ფილოსოფიასა და სამედიცინო ტერმინოლოგიაში ამდენი უცხო ტერმინი? ზუსტად ეს არის შედეგი, რომელიც საბჭოთა ეპოქაში საერთაშორისო სიტყვებისთვის უპირატესობის მინიჭებამ მოიტანა. მაგალითად, ტერმინს – მიცემითი, რომელიც მე-11 საუკუნიდან არსებობს ქართულ ენაში, დღეს „დატივს“ უწოდებენ, წოდებითს – „ვოკატივს“ და სხვ.
სამეცნიერო ენაში ბევრი რამაა შესაცვლელი, ჩამოსაყალიბებელი, განსავითარებელი, ამას კი დარგობრივი ლექსიკონების განვითარება სჭირდება.
რა პრობლემები არსებობს დღეს ქართულ ტერმინოლოგიაში?
აქ, როგორც არაერთხელ აღმინიშნავს, თავს იყრის ყველა სირთულე ერთად: საბჭოთა, პოსტსაბჭოთა და თანამედროვე. პოსტსაბჭოთა ეპოქის გამოწვევებმა ქართული ტერმინოლოგიისთვის სხვა პრობლემები წარმოშვა. 90-იან წლებში ტერმინოლოგიური მუშაობის მართვის სტრუქტურიდან მხოლოდ ენათმეცნიერების ინსტიტუტის ტერმინოლოგიური განყოფილება დარჩა. დაიშალა ენის სახელმწიფო კომისია, რომელიც საბოლოოდ ამტკიცებდა ენათმეცნიერების ინსტიტუტში შექმნილ ლექსიკონებს. ტერმინოლოგიურ ლექსიკონებზე მუშაობა, მართალია, ისევ გაგრძელდა ტერმინოლოგიის განყოფილებაში, თანაც ამჯერად ინგლისურ-ქართულის, მაგრამ ამ პერიოდში შექმნილი ტერმინოლოგიური ლექსიკონები საყოველთაო მოხმარებისა ვერ გახდა, რადგან ენათმეცნიერების ინსტიტუტი თანდათან კარგავდა ტერმინოლოგიური მუშაობის წარმმართველის, ცენტრის, ფუნქციას და ნორმატიული, სტანდარტიზებული ტერმინოლოგიის ცნება საქართველოში ნელ-ნელა ქრებოდა. საბოლოოდ, ცხადია, პოსტსაბჭოთა პერიოდში ტერმინოლოგიური პოლიტიკის არარსებობამ უმძიმესი პრობლემები წარმოშვა ამ დარგში და, ზოგადად, ენაში. ცხადია, საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე უნდა გადადგმულიყო შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯები: საბჭოთა სტანდარტებიდან ევროპულ ტერმინოლოგიურ სტანდარტებზე გადასვლა; ტერმინოლოგიური მართვის პოლიტიკის ჩამოყალიბება და ცენტრალური ორგანოს გამოკვეთა, რომელიც ამას გაუძღვებოდა (ასეთად ისევ ენათმეცნიერების ინსტიტუტის აღიარება და მისთვის ხელშეწყობაც, რა თქმა უნდა, საკმარისი იქნებოდა); არსებული ბეჭდური ტერმინოლოგიური ლექსიკონების გაციფრულება; ქართულ-ინგლისური შესაბამისობების დადგენა (ჰარმონიზაცია); ახალ ტერმინებსა და ცნებებზე მუშაობა; თეორიულ საკითხებზე მუშაობის გაგრძელება; ახალგაზრდა კადრების გაზრდა; ტერმინთბანკზე, ტერმინთბანკის პროგრამებზე მუშაობა. დასანანია, რომ დამოუკიდებელმა საქართველომ პოსტსაბჭოთა ისტორიულ-პოლიტიკური სირთულეების გამო ვერ შეძლო ის, რაც, მაგალითად, ლიეტუვამ, რომელმაც შეინარჩუნა ენის ინსტიტუტი სრული დანიშნულებით, უპატრონა საბჭოთა სამეცნიერო მემკვიდრეობასაც და ტერმინოლოგიური მუშაობის მართვის პოლიტიკა თანმიმდევრულად ევროპულ სტანდარტებს მიუსადაგა, შექმნა ტერმინთბანკი. ლიეტუვა ახლა ჩართულია ევროპულ ტერმინოლოგიურ მუშაობაში, ავითარებს და მომავალს უქმნის საკუთარ ენას. საქართველოს ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და ლიეტუვის ენის ინსტიტუტის მიერ პოსტსაბჭოთა პერიოდში განხორციელებული სამუშაოებისა და შედეგების მიხედვითაც ადვილად დავინახავთ, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ტერმინოლოგიური პოლიტიკის არარსებობას ქვეყანაში. საქართველო, სამწუხაროდ, დღემდე იმ ქაოსშია, რომელიც ტერმინოლოგიური პოლიტიკის მოშლამ მოიტანა.
ხშირად საუბრობთ ტერმინოლოგიურ პოლიტიკაზე. კარგად რომ აგვიხსნათ, რას გულისხმობს ის.
ტერმინოლოგიის სწორად დაგეგმვასა და მართვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის კულტურული და ტექნიკური წინსვლისთვის. როცა ქვეყანაში არ არსებობს შეთანხმებული ტერმინოლოგიური მუშაობა, ვიღებთ ქაოსს, ეს კი ნიშნავს იმას, რაც ხდება საქართველოში, კერძოდ: ტერმინოლოგიურ პროექტებზე პარალელური და შეუთანხმებელი მუშაობა; არასანდო ტერმინოლოგიური ლექსიკონები; უთარგმნელად გადმოღებული ტერმინები; გაუმართავად თარგმნილი ტექსტები; არაკვალიფიციური მთარგმნელები; ტერმინოლოგიური მუშაობის განვითარების შესახებ მკაფიო და სტანდარტებზე დაფუძნებული ხედვის არარსებობა. მაშასადამე, ერთი მხრივ, არსებობს და მუშაობას განაგრძობს ენათმეცნიერების ინსტიტუტის ტერმინოლოგიური განყოფილება, რომელსაც აქვს სახელმწიფოსთან შეთანხმებული სამოქმედო გეგმა და, მეორე მხრივ, მისგან დამოუკიდებლად, მასთან შეუთანხმებლად, მისი სამუშაოების გაუთვალისწინებლად, პარალელურად შეიძლება დაფინანსდეს პროექტი, რომელშიც იგივე საქმეა დაგეგმილი. ცხადია, ეს ადამიანური და ფინანსური რესურსების გაუაზრებელი და სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი ხარჯვაა, როცა შეთანხმებული მუშაობისას მეტი ტერმინოლოგიური პროექტი იქნებოდა სწორად დაგეგმილი, მეტი ადამიანი იქნებოდა ჩართული და, შესაბამისად, მნიშვნელოვან შედეგებსაც მივიღებდით. ქართულ ტერმინოლოგიაში მრავალი საკითხია მოსაგვარებელი, მრავალი თემაა საკვლევი. მასში შეიძლებოდა ასევე მეტად ჩაგვერთო ახალგაზრდა მკვლევრები და გაგვეზარდა მომავალი ტერმინოლოგები.
ტერმინოლოგიური ქაოსი – სასაცილო, თუმცა სატირალი
საქართველოში ტერმინოლოგიური პოლიტიკის მოშლით გამოწვეულ ტერმინოლოგიურ ქაოსს შესანიშნავად წარმოაჩენს ერთი შემთხვევა, რომელიც 2021 წელს მოხდა: ენათმეცნიერების ინსტიტუტს მომართა მოქალაქემ განცხადებით, რომელშიც ის გვთხოვდა, განგვემარტა ტერმინი სარდაფი. როგორც მოგვიანებით გაირკვა, იმავე მოქალაქემ, ენათმეცნიერების ინსტიტუტის გარდა, ამ თხოვნით მიმართა დაახლოებით შვიდ უწყებას, მათ შორის, ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურს, სამხარაულის საექსპერტო ცენტრს, გამოითხოვა სახელმწიფო დოკუმენტაცია მშენებლობის სტანდარტების შესახებ და სხვ. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა წყაროს მიერ მოწოდებული დოკუმენტებისა თუ ლექსიკონების მასალები სრულიად განსხვავებულია, არ ემთხვევა ერთმანეთს სარდაფის თუნდაც ორი განმარტება, განსხვავებულია სარდაფის ზომები, ტერმინები (ზოგიერთ დოკუმენტში ტერმინი სარდაფი საერთოდ არ გამოიყენება). გაურკვეველია, რას ეწოდება სარდაფი: მიწისქვეშა, მიწისპირა, ცალკე მდგომ შენობას თუ სამივეს. ცხადია, სახელმწიფოს ოფიციალურ დოკუმენტებში სარდაფი, როგორც ტერმინი, მკვეთრად უნდა იყოს გამიჯნული სასაუბრო ენაში გამოყენებული სიტყვისაგან, შეთანხმებული უნდა იყოს მისი განმარტება, ზომებიც და ტერმინიც. ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების არქივში, ოქმებსა და განცხადებებში ამ შემთხვევის მრავალი საპირისპირო ისტორიაა შემონახული, მაგალითად, ერთ-ერთი განცხადება, რომელიც 1974 წლის 7 ივლისით თარიღდება, ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების გამგის, როგნედა ღამბაშიძის, სახელზეა ინსტიტუტში შემოსული. განცხადების ავტორი წერს: „ჩვენში, როგორც მთაგორიან ქვეყანაში წარმატებით ვითარდება საბაგირო გზები და შესაფერისი ლიტერატურაც ქვეყნდება. ამიტომ მეტად აქტუალურია ამ დარგის ძირითადი ტერმინის დადგენა. ამჟამად მიღებულია ტერმინი „საბაგირო გზა“. აკადემიკოსმა ევგენი ხარაძემ შემოგვთავაზა მის ნაცვლად ტერმინი: „ბაგირგზა“. იგი უფრო მოხდენილ და ექსპრესიულ ტერმინად მიგვაჩნია, ვიდრე „საბაგირო გზა“. ამ მაგალითით შესანიშნავად ჩანს ტერმინოლოგიური პოლიტიკის არსი: შეთანხმებული მუშაობის დროს ტერმინებს თვითნებურად არ ირჩევენ, ტერმინოლოგიას ათანხმებენ და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას ანდობენ იმ უწყებას, რომელიც პასუხისმგებელია ტერმინოლოგიურ მუშაობაზე ქვეყანაში. დღესაც ამ სახისაა შეთანხმებული მუშაობა ევროპულ ქვეყნებში, საქართველოში კი ქაოსურად, შეუთანხმებლად, პარალელურად მუშაობენ, რაც საბოლოოდ სახელმწიფოებრივი დოკუმენტების არასანდოობასა და გაუმართაობას იწვევს.
როგორც ვიცით, ენათმეცნიერების ინსტიტუტში იქმნება ქართული ტერმინთბანკი. რას გვეტყვით მის შესახებ?
ქართულ ტერმინთბანკს, ანუ ტერმინოლოგიის ელექტრონულ ბაზას, 2014 წლიდან ქმნის ენათმეცნიერების ინსტიტუტი. მას დაეხმარა რამდენიმე უწყება, მათ შორის თავდაცვის სამინისტრო, რომელმაც გაგვიკეთა უფასო სამუშაო პროგრამა. ეროვნული ბიბლიოთეკა გვეხმარება ჩვენი ლექსიკონების გაციფრულებაში, გვაწვდის გაციფრებულ ლექსიკონებს და ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების თანამშრომლები ვამუშავებთ ამ მასალებს. ვადარებთ დარგობრივ ტერმინოლოგიას, ვაანალიზებთ შეუსაბამობებს, ერთი სიტყვით, ვმუშაობთ დარგობრივი ტერმინოლოგიის რედაქციაზე. ქართული ტერმინთბანკი, საქართველოში არსებული ვითარების გამო, ევროპული ტერმინთბანკებისგან განსხვავებული პრინციპებითაა შექმნილი. ის მიზნად ისახავს ენათმეცნიერების ინსტიტუტში შექმნილი ყველა დარგის ქართული ტერმინოლოგიური ლექსიკონის ერთ ბაზაში თავმოყრას, მათ შესწავლა-გაანალიზებასა და მათზე დაყრდნობით სინონიმიიდან ნორმატიული ტერმინის გამოყოფასა და ინგლისური შესაბამისობის დადგენას. ეს გზა არ არის უცხო ევროპული ტერმინოლოგიური გამოცდილებისთვის. ტერმინოლოგიის დაგეგმვაში, განსაკუთრებით ეროვნული ტერმინოლოგიის პოლიტიკის ფარგლებში, ამ პოლიტიკის განსახორციელებლად ეროვნული ტერმინოლოგიის მონაცემთა ბაზა გამოიყენება, როგორც ერთ-ერთი მთავარი საშუალება. ქართული ტერმინთსაცავის (ქართული ტერმინთბანკის) განვითარებით საქართველო მზად იქნება სწორად წარმართოს ტერმინოლოგიური მუშაობა ახალ, ციფრულ, ეპოქაში და გამართული, სტანდარტიზებული ტერმინოლოგიური მასალით შეუერთდეს ევროპის ქვეყნების ტერმინოლოგიურ ბაზებს. ქართულ ტერმინთბანკში თავს იყრის უმნიშვნელოვანესი მასალა, კერძოდ: სხვადასხვა დროის დარგობრივი ლექსიკონები; ინსტიტუტში დაცული ხელნაწერი ფონდები; უმნიშვნელოვანესი ოქმები, რომლებშიც XX საუკუნის ტერმინოლოგიური საკითხების შესახებ გამართული სხდომების ჩანაწერებია დაცული; დარგის სპეციალისტების მიერ სხვადასხვა დროს გამოთქმული შენიშვნები; ძველი ქართული ტერმინოლოგიური მასალა; არასალიტერატურო ფონდი; სხვადასხვა გაზეთში შემონახული ტერმინოლოგიური მასალა; ტერმინოლოგიასთან დაკავშირებული ბიბლიოგრაფია თემატური საძიებლებით. ტერმინთბანკს შემდეგი დანიშნულება აქვს: აქ იძებნება სიტყვის განმარტება, სიტყვის წარმომავლობა, სიტყვის შედგენილობა, ტერმინები მაწარმოებლების მიხედვით, ბარბარიზმი, სინონიმი, გამოუქვეყნებელი ტერმინოლოგიური მასალები, სიტყვა ფუძის/ძირის მიხედვით, არასალიტერატურო მასალა, ძველი ქართული მასალა, სპეციალისტთა შენიშვნები. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ტერმინთბანკი ჯერ ინტერნეტში გამოქვეყნებული არ არის და მხოლოდ შიდაქსელით მუშაობს, ის ივსება და ვითარდება. ჩვენთან ჩართულია თითქმის ყველა დარგის სპეციალისტი, ყველა უწყება და მათთან გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა. ძალიან ბევრთან მემორანდუმიც აქვს ინსტიტუტს გაფორმებული. მალე დამტკიცდება ახალი ლექსიკონის სარედაქციო საბჭო, რომელშიც შევა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენელი.
ქართული ტერმინთბანკი ეფუძნება თანამედროვე ევროპული ტერმინთბანკის სტანდარტებს და, შესაბამისად, მუშაობენ ისეთი პროგრამის შექმნაზე, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ევროპული ტერმინთბანკების მართვის სისტემები.
ვახსენეთ, რომ ტერმინოლოგიური ლექსიკონი არის საფუძველი იმისთვის, რომ ენა განვითარდეს. შეიძლება ჩაითვალოს, რომ იგი ტერმინების დამკვიდრების ერთ-ერთი საშუალებაა?
ცხადია, ლექსიკონებით მკვიდრდება ნორმატიული ტერმინოლოგია სახელმწიფო ენაში. ამიტომაც ითვლება სწორად, ანუ სამეცნიერო მიდგომებით შედგენილი ლექსიკონები ენის განვითარების საზომად. ლექსიკონების შესაქმნელად გარკვეული ბაზის არსებობაა საჭირო. უპირველესად ვგულისხმობთ საგანგებო სამეცნიერო განყოფილებას, რომელიც დაგეგმილად მუშაობს ლექსიკონებზე, ამდიდრებს ახალი მასალით, ზრდის ახალ თაობას, მუშაობს თეორიულ საკითხებზე, თვალს ადევნებს ევროპული სტანდარტებით განსაზღვრულ ცვლილებებს. როცა ტერმინები მკვიდრდება სამეცნიერო შრომებში, სახელმძღვანელოებში, ხალხიც და ენაც ადვილად იღებს.
რამდენიმე წლის წინ ქართული სიტყვების გაცოცხლება დავიწყეთ ქართულ ტერმინთბანკზე დაყრდნობით, რომელშიც ვამუშავებთ დიალექტურ ლექსიკონებსა და ძველ ქართულ მასალას თემატურ ჯგუფებად: სამუშაო იარაღები, სამოსი, საკვები, ფეხსაცმელი, ქსოვილები და სხვ. ეს მასალა საშუალებას გვაძლევს, ადვილად მოვიძიოთ შესატყვისი ტერმინები არასალიტერატურო ენაში, ვგულისხმობთ, იმერულ, გურულ, კახურ, მეგრულ-სვანურ თუ სხვა სალექსიკონო მასალას. როგორც სოციალურ ქსელებში გავრცელდა, ასე გავაცოცხლეთ უკვე რამდენიმე სიტყვა, მაგალითად, რაჭული ბამბულა რუსული „დუტის“ შესატყვისად, ხევსურული ქუნთა „პუფის“ შესატყვისად.
როგორია დღეს ენათმეცნიერების ინსტიტუტი? რა როლი აქვს სახელმწიფო ენის დეპარტამენტს?
მნიშვნელოვანი იყო ისეთი სახელმწიფო სტრუქტურის შექმნა, რომელიც სწორად განსაზღვრავდა ენობრივ და ტერმინოლოგიურ პოლიტიკას, თუმცა გავიდა უკვე რამდენიმე წელი და მიუხედავად იმისა, რომ მეც ამ დეპარტამენტის კომისიის ერთ-ერთი წევრი გახლავართ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ დავინახე გამოკვეთილი ტერმინოლოგიური პოლიტიკა.
როგორც უკვე აღვნიშნე, ქვეყანაში შეთანხმებული ტერმინოლოგიური მუშაობის წარმმართველი ტრადიციულად ენათმეცნიერების ინსტიტუტი იყო. დღეისათვის ეს სისტემა მოშლილია. შესაბამისად, ამ სფეროში თავი იჩინა პარალელურმა მუშაობამ, რაც, ცხადია, იწვევს რესურსების არამიზნობრივ ხარჯვას. სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მთავარი მოვალეობა სწორედ შეუთანხმებელი მუშაობის მოწესრიგება და ამ სფეროში სამეცნიერო კვლევებისთვის ხელშეწყობაა, თუმცა ტერმინოლოგიის პოლიტიკა საქართველოში დღემდე არ არის განსაზღვრული. ამ საკითხის საჭირბოროტოობა ცნობილია ყველა სპეციალისტისათვის. სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ექსპერტთა კომისიის სხდომებზეც არაერთგზის აღინიშნა ამის შესახებ. კომისიის წევრებმა მოითხოვეს საგანგებო სხდომის მოწვევა ტერმინოლოგიის პოლიტიკის განსახილველად, მაგრამ ასეთი სხდომა დღემდე არ გამართულა, არ განხილულა ენის დეპარტამენტის ხედვა ტერმინოლოგიური მუშაობის შესახებ, რომელშიც გამოიკვეთებოდა დიდი სამეცნიერო ტრადიციის მქონე ენათმეცნიერების ინსტიტუტის ტერმინოლოგიური განყოფილების დანიშნულება; კვლევითი ინსტიტუტის, ენათმეცნიერების ინსტიტუტის გაძლიერების გარეშე – ვგულისხმობ ახალგაზრდების მიღებასა და ამ საკითხებში მათ ფართოდ ჩართვას – ჩვენ კიდევ უარესად დავიკარგებით. ენათმეცნიერების ინსტიტუტი არის კვლევითი ინსტიტუტი, ხოლო ენის დეპარტამენტი – სახელმწიფო უწყება, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს მართვის პოლიტიკას. მართვის პოლიტიკა თავისთავად განაპირობებს იმას, რომ გააძლიერებს ენის კვლევებს ერთ ცენტრალურ ინსტიტუტში და ეს ორი უწყება ერთად შეძლებს ქვეყანაში სწორად წარმართოს ტერმინოლოგიური თუ ენობრივი პოლიტიკა. ეს არის ჩემი აზრი, რომლის შესახებაც ყოველთვის ძალიან ღიად და ხმამაღლა ვლაპარაკობ.
უახლოესი გეგმები რომ გაგვიმხილოთ…
არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ტერმინოლოგიური განყოფილება აგრძელებს ქართული ტერმინოლოგიური სკოლის ტრადიციებს და ცდილობს ტერმინოლოგიური საზოგადოების ერთიანობის შენარჩუნებას. ტერმინოლოგიის განყოფილების თაოსნობით ბოლო 10 წლის განმავლობაში შესრულდა და დაიგეგმა შემდეგი სამუშაოები:
1. 2013 წელს დაარსდა ყოველწლიური ადგილობრივი კონფერენცია ტერმინოლოგიაში. მისი მთავარი მიზანი იყო გაეერთიანებინა ამ საკითხებზე მომუშავე საზოგადოება, ენათმეცნიერებსა და დარგის სპეციალისტებს ერთად ემსჯელათ მის მოწესრიგებაზე;
2. 2014 წლიდან დაარსდა ჟურნალი „ტერმინოლოგიის საკითხები“;
3. 2014 წელს განყოფილებაში დაიწყო ქართულ ტერმინთბანკზე მუშაობა, შეიქმნა ეროვნული ტერმინოლოგიური ბაზების სახე, რომელიც 2017 წელს წარედგინა სამეცნიერო საზოგადოებას. პროექტის წარდგინდა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში;
4. 2017 წელს ტერმინოლოგიის განყოფილების მეცნიერთა თაოსნობით შეიქმნა საქართველოს ვუკოლ ბერიძის სახელობის ტერმინოლოგიური საზოგადოება. იმავე წელს საქართველოს ტერმინოლოგიის საზოგადოება ევროპის ორი ტერმინოლოგიური საზოგადოების წევრი გახდა. საზოგადოების შექმნამ შესაძლებელი გახადა სხვადასხვა დარგის სპეციალისტების კიდევ მეტად გაერთიანება და, ასევე, ევროპულ ტერმინოლოგიურ საზოგადოებებთან დაახლოება;
5. 2018, 2020, 2022 წლებში არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონების, სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილებისა და საქართველოს ვუკოლ ბერიძის სახელობის ტერმინოლოგიის ასოციაციის თაოსნობით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „ტერმინოლოგია – მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“.
6. 2021 წელს თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილებისა და საქართველოს ვუკოლ ბერიძის სახელობის ტერმინოლოგიური ასოციაციის ერთობლივი მუშაობით ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოსაცემად მომზადდა იუნესკოს მიერ შექმნილი სახელმძღვანელო „ტერმინოლოგიური მართვის პოლიტიკა“;
7. წელს ის სიახლეცაა, რომ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილებამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებასთან ერთად დაიწყო IATE-სთან (ევროპარლამენტის ტერმინოლოგიურ ბაზასთან) თანამშრომლობა. როგორც ევროპარლამენტის ტერმინოლოგიური ბაზების ხელმძღვანელი როდოლფო მასლიასი წერს: „ურთიერთთანამშრომლობა დაგვეხმარება ჩვენი გამოცდილების გაუმჯობესებაში და ხელს შეუწყობს ქართული ენის შესვლას ევროპული ენების ოჯახში, როდესაც საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი“.
საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ტერმინოლოგიური სკოლა, მრავალი სირთულის მიუხედავად, დღემდე რამდენიმე მიმართულებით მუშაობს და ემზადება ქართული ტერმინთბანკისა და ახალი დარგობრივი ლექსიკონების გამოსაქვეყნებლად.