რედაქტორები: ბექა იობიძე, მარიამ გორდაძე.

კორექტორები: მარიამ გორდაძე, ნუცა სეხნიაშვილი, სოფიკო ქურდაძე, ნანო კვარაცხელია, თაკო ინასარიძე, თიკო იობიძე.

აკადემიურ ინტერვიუთა ჯგუფი: ანნა ამილახვარი, სოფიკო ქურდაძე, ზოი პოტამიტი, ანანო ყავალაშვილი.

ტექნიკური ჯგუფი: გიორგი ლექვინაძე, პავლე ერიქაშვილი.


არაბული ხელოვნების მაგალითი კედელზე

შუა საუკუნეების არაბულენოვანი ფილოსოფია

ავტორი:

რედაქტორი: ჯ. კორძაია
ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში, გამემოცემობა “განათლება”, თბილისი 1993

კორექტორი: ნანო კვარაცხელია

სტატია გააციფრულა ნატა გოგიტიძემ

გელა გელაშვილის ბიბლიოთეკიდან

შუა საუკუნეების არაბულენოვანი ფილოსოფია

არაბულ კულტურას დიდი ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა. არაბებმა მოკლე ხანში აითვისეს ევროპული მეცნიერებისა  და კულტურის მიღწევები და მნიშვნელოვანი უკუზეგავლენა მოახდინეს მათზე. არაბული სამყარო განვითარებას მაჰმადსა (570-632) და მის „ყურანს“ უმადლოდა, ამიტომ თავდაპირველად მორჩილად მისდევდნენ „ყურანს“ როგორც თეორიაში, ისე პრაქტიკაში. არაბების მეცნიერული მოღვაწეობა დასაწყისში „ყურანისა“ და მისი დებულების განმარტებათა თავისებური მოწესრიგებით იფარგლებოდა. არაბული მსოფლმხედველობრივი აზროვნების წარმომადგენლები იყოფოდნენ კალამის, სუფიზმისა და ისმაილიზმის მიმდევრებად. ესენი იყო ყველაზე გავლენიანი მიმართულებანი მუსულმანურ რელიგიაში. „კალამი“ ნიშნავს სიტყვას, ლაპარაკს. ფიქრობენ, რომ აქ იგულისხმება ყურანი, როგორც ღვთის სიტყვა. ,,კალამის“ მიმართულების წარმომადგენლები მიზნად ისახავენ ამ სიტყვის გაგებას, განმარტებას (154.210). ისლამურ რელიგიაში VII საუკუნეში ჩამოყალიბდა სუფიზმის ასკეტური მიმდინარეობა, რომელიც ესწრაფოდა ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ მომზადებას ღვთაებასთან შერწყმისათვის. ამისათვის აუცილებელ საშუალებებად მიიჩნევდნენ სხეულის დათრგუნვას, ლოგიკურ აზროვნებაზე უარის თქმასა და ინტუიციურ შემეცნებამდე ამაღლებას. სუფიზმი დიდ როლს თამაშობდა და თამაშობს მაჰმადიანური სამყაროს სულიერ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ისმაილიტები VIII საუკუნეში გამოჩნდნენ, როგორც მკაცრად დაქვემდებარებული საიდუმლო ჯგუფი. შიიტების ეს მიმდინარეობა „ფარული იმამის“ კულტს აღიარებდა და მასთან მისტიკური კავშირის პრეტენზია ჰქონდა. ეს მიმართულებანი თავდაპირველად ყოველგვარ ფილოსოფიას უარყოფდნენ, შემდეგ კი დაუკავშირდნენ იდეალისტურ თეორიებს. მალე ყურანის ორთოდოქს განმმარტებლებს – მუთაქალიმებს,  გამოეყვნენ მუიაზილიტები – კრიტიკულად მოაზროვნე მემარცხენეები, რომლებიც უარყოფდნენ ღმერთის ანთროპომორფისტულ წარმოდგენას, ყურანს მიიჩნევდნენ ჩვეულებრივ ლიტერატურულ ნაწარმოებად, რომელიც შეიძლება ალეგორიულად განიმარტოს. მუთაქალიებსა და მუთაზილიტებს შორის კამათი ზოგჯერ შეიარაღებულ შეტაკებაში გადაიზრდებოდა ხოლმე (113.16).

VIII საუკუნეში არაბები სირიული თარგმნებით გაეცნენ ანტიკურ ფილოსოფიას. მათზე განსაკუთრებით დიდი გავლენა იქონია ნეოპლატონურად გაგებულმა არისტოტელემ. პოლიტიკური გაბატონებისა და ეკონომიკური გაძლიერების შემდეგ ხალიფები ხშირად მოწყალე თვალით უყურებდნენ მეცნიერებასა და ფილოსოფიას. აარსებდნენ ფილოსოფიურ სკოლებს, ქმნიდნენ ბიბლიოთეკებს და სხვ. ყველაზე ნაყოფიერი აღმოჩნდა ე.წ. ბაღდადის სკოლა ხალიფატის აღმოსავლეთში და კორდოვას სკოლა დასავლეთში – ესპანეთში. არაბთა პოლიტიკური ბატონობის წყალობით, არაბული ენა თავისებურ საერთაშორისო ენად იქცა. შემდეგ კი არაბული ფილოსოფიაც, რომლის შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს არაბთა მიერ დაპყრობილი ხალხების წარმომადგენლებმა, საყოველთაო მნიშვნელობის გახდა. არაბებმა აითვისეს ანტიკური ფილოსოფია და, ზოგადად, კულტურა მრავალი მიმართულებით განავითარეს. დასავლეთ ევროპაში ანტიკური ფილოსოფიის მიმართ ინტერესის გაღვივება არაბული ფილოსოფიის ერთ-ერთი დამსახურებაა.

არაბული არისტოტელიზმის და, ზოგადად, ფილოსოფიის ფუძემდებლად ითვლება ალ-ქინდი (გარდ. 870წ.), რომელიც საგანთა საყოველთაო მიზეზობრივი კავშირის იდეის დაცვისათვის მწვალებლად გამოაცხადეს. ბაღდადის სკოლის წარმომადგენელმა ალ-ფარაბმა (გარდ. 950წ.) „მეორე მასწავლებლის“ სახელი დაიმსახურა. პირველ მასწავლებლად არისტოტელე მიიჩნეოდა. იგი არისტოტელესა და პლატონის თავისთავადობას ამტკიცებდა. მიუხედავად იმისა, რომ ალ-ფარაბი ფსევდო არისტოტელურ თხზულებას – „თეოლოგიას“ ემყარებოდა და არისტოტელეს მატერიის (ასევე სამყაროს) არარაობიდან ღმერთის ნებით შექმნას მიაწერდა, მისმა მოძღვრებამ დიდად შეუწყო ხელი არაბული კულტურისა და მეცნიერების განვითარებას. მან გახადა შესაძლებელი ავიცენას ენციკლოპედიური ფილოსოფიის წარმოშობა.

აბუ-ალი-იბნ-სინა (ავიცენა, 980-1037), გამოჩენილი ფილოსოფოსი, ექიმი, ასტრონომი, პოეტი და პოლიტიკოსი, ასზე მეტი გამოკვლევის ავტორია. მისი „მედიცინის კანონი“ ასეულობით წლის განმავლობაში სახელმძღვანელოდ მიიჩნეოდა როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში. მისი შემოქმედების მიმართ ინტერესი ისე დიდი იყო, რომ 1140 წ. ტოლედოში ნაშრომი „სულის განკურნების შესახებ“ არაბულიდან ლათინურად ითარგმნა დომინიკო გუნდისალინუსის და ებრაელი ავენდეჰუტის მიერ. თანაც ისე, რომ ავენდეჰუტი არაბულიდან კასტილიურზე (ესპანურზე) თარგმნიდა, ხოლო გუნდისალინუსი – კასტილიურიდან ლათინურად (147.96). ასეთი გზით მარტო ეს ნაშრომი არ თარგმნილა და გასაგებია, თუ იგი რამდენი გაუგებრობის მიზეზი შეიძლებოდა გამხდარიყო.

ავიცენას აზრით, ფილოსოფია საკაცობრიო სიბრძნეა და ორ ნაწილად იყოფა: თეორიულ და პრაქტიკულ ფილოსოფიად. პირველი ჭეშმარიტების ბუნებას იკვლევს, ხოლო მეორე – ზნეობრივი ქცევის პრობლემებს. ორივეს წინ უსწრებს ლოგიკა, როგორც შემეცნების იარაღი. თეორიული ფილოსოფიის შემადგენელი ნაწილია მეტაფიზიკა და ფიზიკა, რომელიც მოძრავი მატერიალური საგნების სამყაროს რაობას იკვლევს.

ავიცენას ლოგიკის ძირითადი პრობლემაა ერთეულისა და ზოგადის დამოკიდებულების საკითხი. იგი ფიქრობს, რომ საგანთა არსებითი ფორმები თავისთავად არც ერთეულია და არც ზოგადი. ამგვარ ვითარებად მათი ქცევისთვის საჭიროა განსაკუთრებული მიზეზი. ამგვარი მიზეზებია მატერია და გონება. ისინი მატერიაში ერთეულდებიან, გონებაში კი ისინი უნივერსალები არიან. მატერია განაპირობებს საგანთა სიმრავლეს ერთი გვარის ფარგლებში, გონება კი გვარში ერთიანობას ქმნის, მაგრამ ეს ადამიანური გონება კი არ არის, არამედ – ღვთაებრივი. ეს უკანასკნელი წინ უსწრებს საგნებს, ადამიანური გონების შინაარსი კი საგნების შემდეგაა. ამიტომ, ავიცენას თანახმად, ზოგადს სამგვარი არსებობა აქვს: საგნებამდე, საგნებში, როგორც მათი არსება, და საგნების შემდეგ, როგორც საგნებისაგან აბსტრაქციის შედეგად მიღებული.

ავიცენას მეტაფიზიკა, ამ ეპოქის შესაბამისად, მთავარ მიზნად ღმერთის არსებობის დამტკიცებას ისახავს. არგუმენტაცია ასეთია: ქვეყანა არის შედგენილი, რთული, ამიტომ მისი არსებობა ყოველთვის შესაძლებელია და არა აუცილებელი, ე. ი. იგი შეიძლება არსებობდეს და შეიძლება არა. მაგრამ რაკი სამყაროს არსებობა ფაქტია, უნდა არსებობდეს რაღაც მისგან განსხვავებული მიზეზი, რომელმაც სამყაროს არსებობის შესაძლებლობა სინამდვილედ აქცია. უსასრულო უკუსვლაში რომ არ აღმოჩნდეს, ეს მიზეზი აუცილებელ (და არა შესაძლებელ) მიზეზად უნდა მივიჩნიოთ. ეს აუცილებლობით არსებული სამყაროს მარტივი მიზეზი არის ღმერთი – უმაღლესი სიბრძნე, სიკეთე და თავისუფლება. იგი უცვლელი არსია, რომელიც მხოლოდ თავის თავს იმეცნებს.

ავიცენა უფრო ახლოს მიდის ნამდვილ არისტოტელესთან, ვიდრე ალ-ფარაბი. ავიცენა გვამცნობს, – სანამ იგი დარწმუნდებოდა, რომ გაუგო არისტოტელეს, მისი „მეტაფიზიკა“ ორმოცჯერ წაიკითხა. მატერია და მატერიალური სამყარო ავიცენას ფილოსოფიაში უფრო მეტ დამოუკიდებლობას ფლობს, ვიდრე ალ-ფარაბისთან. მატერია, როგორც შესაძლებლობის საფუძველი, მატერიალური სინამდვილის წინაპირობაა; და რადგან შესაძლებლობა მარადიულია, მარადიულია მატერიაც. ღმერთის უცვლელობიდან გამომდინარეობს არსებული სამყაროს მარადიულობა. ღმერთი და სამყარო, როგორც მიზეზი და შედეგი, შეუძლებელია ერთმანეთის გარეშე მოვიაზროთ.

ადამიანის სული ავიცენას მიაჩნია აქტიურ ძალად, რომელიც სხეულის ფორმას წარმოადგენს და უკვდავია. სული ამოძრავებს და წარმართავს სხეულს, უზრუნველყოფს შემეცნებას, რომლის მიზანია, გრძნობადი შემეცნების შინაარსზე დამყარებით ამაღლდეს „გონური სულის“ აბსტრაქტულ, ნამდვილ აზროვნებამდე. სხეულის აღდგომის შესაძლებლობას ავიცენა უარყოფს, ხოლო სულის უკვდავებად მისი შემეცნების შინაარსის მარადიულობა მიაჩნია.

ავიცენას მოძღვრებაში ბევრი რამაა ისეთი, რაც ეწინააღმდეგება ქრისტიანულ ფილოსოფიას, მაგრამ მრავალი რამ მათ შორის საერთოცაა, რამაც შესაძლებელი გახადა მისი გამოყენება დასავლეთის სქოლასტიკაში. ავიცენას ფილოსოფიური და სამეცნიერო მემკვიდრეობა შუა საუკუნეების დასავლეთის კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილად იქცა.

ალ-ღაზალი (1059-1111) – არაბული ფილოსოფიის ჰიუმად წოდებული ხორასნელი (ირანი) მოაზროვნე – ფილოსოფიური სისტემების კრიტიკით სკეპტიციზმსა და მისტიციზმამდე მივიდა, ხოლო შემდეგ ჩამოაყალიბა ღმერთის თავისუფალ ნებაზე სამყაროს სრული დამოკიდებულების დამამტკიცებელი თეორია, რომელიც ნ. მალბრანშის ოკაზიონალისტური ფილოსოფიის წინამორბედი იყო. ნაშრომში „ფილოსოფოსთა უთანხმოება“ სცადა არაბული არისტოტელიზმის (ალ-ფარაბისა და ავიცენას) უარყოფა, ხოლო წიგნი – „რელიგიურ მეცნიერებათა აღორძინება“, ამქვეყნიური ცხოვრების არსებობას ქადაგებს და ღმერთთან შერწყმის მისტიკურ გზებს ეძებს (45,161).

ავეროესი (1126-1198) – არისტოტელეს უმნიშვნელოვანესი კომენტატორი, რომელიც არისტოტელეს მოძღვრებას სრულყოფილად მიიჩნევდა და სხვა ადამიანების დანიშნულებას არისტოტელეს გაგებაში ხედავდა, კორდოვის სკოლის წარმომადგენელია. იგი კომენტატორის სახელითაა ცნობილი. შუა საუკუნეების ევროპაში სჯეროდათ, რომ ბუნება არისტოტელემ ახსნა, ხოლო არისტოტელე – ავეროესმა. ამ უკანასკნელის დიდ ნიჭზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მან,  ბერძნული ენის არმცოდნემ, არსებული არაბული თარგმანებიდან შეძლო სტაგირიტის პრობლემატიკის სიღრმეებს ჩასწვდომოდა და თავისებური ახსნა განევითარებინა. ავეროესი ძირითადად იძლევა არისტოტელეს მატერიალისტურ განმარტებას, მეორე მხრივ, მისი დამსახურებაა ალ-ღაზალის „ფილოსოფოსთა უარყოფის“ დამაჯერებელი კრიტიკა.

ავეროესის აზრით, ბუნების ერთეული საგნების ფორმები შესაძლებლობის სახით იმთავითვე მოცემულია მატერიაში. ისინი აქტიური მიზეზის შემოქმედებით შესაძლებლობიდან სინამდვილეში გადადიან, რაც ნიშნავს ინდივიდუალური საგნის განხორციელებას. ამდენად, ფორმა შინაგანი გამოდის მატერიალური საგნისათვის. საგნის ფორმის გარედან მინიჭების დაშვება საგნის არარაობიდან შექმნის ტოლფასი იქნებოდა, რაც ავეროესისათვის დაუშვებელია. არისტოტელეს ფილოსოფიაზე დაყრდნობით, იგი ამტკიცებს, რომ პირველმატერია არ არის შექმნილი, იგი მარადიულია, ისევე,  როგორც შესაძლებლობა სინამდვილედ იქცევა ღმერთის მოქმედებით მარადიულად. ავეროესი ცდილობდა მოერიგებინა რელიგია და ფილოსოფია. ორივე მათგანი ჭეშმარიტებას გადმოგვცემს, ოღონდ ერთი ხალხისათვის გასაგები გზით, მეორე კი – მეცნიერული ცოდნის სახით. ეს „ორმაგი ჭეშმარიტების“ დაცვაა.

ღმერთი, როგორც „აზროვნების აზროვნება“, საკუთარ თავზე აზროვნებს. სამყარო მისი თანამარადიულია, რომელიც მისკენ მიისწრაფვის. ეს მისწრაფება გამოიხატება მოძრაობით. ამიტომ მატერიალურ სინამდვილეში, რომელიც დროის თვალსაზრისით მარადიულია და სივრცეში შემოფარგლული, ყველაფერი მოძრაობს.

დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ავეროესის მოძღვრებას სულის შესახებ. კაცობრიობის ერთიანობის პრობლემა მან „დააფუძნა“ საყოველთაო გონების, როგორც ადამიანური გვარისათვის იგივეობრივი მარადიული გვარის, დაშვებით. ინდივიდუალური სული მოკვდავია. საყოველთაო სული ადამიანური არსებობის მიზანია. შემეცნების საშუალებით (და არა მისტიკური ექსტაზით) მასთან შეერთება ნეტარებაა. აღნიშნული შესაძლებელია, რადგან ადამიანი, როგორც ინდივიდი, თავის სულში ატარებს საყოველთაო გონის ძირითად პრინციპებს და, ამდენად, შეუძლია სათანადო მცდელობის საფუძველზე სრულყოფილ ინტელექტუალურ შემეცნებას მიაღწიოს.

ებრაული ფილოსოფია შუა საუკუნეების არაბული ფილოსოფიის წიაღში ვითარდებოდა. ებრაულ რელიგიურ მემკვიდრეობას იგი არაბულ არისტოტელიზმთან არიგებდა. ებრაული ფილოსოფია არაბულენოვანი ფილოსოფიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელმაც თავისებური ზეგავლენა მოახდინა ევროპული ფილოსოფიის განვითარებაზე.

შუა საუკუნეების ებრაულ ფილოსოფიაში სამი მიმართულება გამოირჩეოდა: კაბალისტური, ნეოპლატონური და არისტოტელური. კაბალა ებრაული მისტიციზმია, მის წყაროებად მიიჩნევა ებრაული რელიგიური დოგმები, იუდაურ-ალექსანდრიული ფილოსოფია, ნეოპითაგორეიზმი და სპარსული რელიგიური წარმოდგენები. თუ რა ეკლექტიკური ნარევი იყო კაბალა, ჩანს იქიდანაც, რომ მისი შემქმნელები აღიარებენ ემანაციის თეორიასაც და სამყაროს არარაობიდან შექმნასაც. კაბალა ძირითადად გადმოცემულია ორ წიგნში: „სეფერ-იეცირასა“ (ნათების წიგნი, დაახლ. IX ს.) და „სეფერ-ზოჰარში“ („შესაქმის წიგნი“, XII ს.). კაბალისტები ადამიანისა და მიწიერი ცხოვრების პირველსახედ მიიჩნევდნენ ადამ-კადმონს, რომელიც ღმერთის შვილი და ათი სეფიროთის ერთიანობაა. სეფიროთები სასრული სამყაროსა და ღმერთის დამაკავშირებელი სხივებია. კაბალა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა რიცხვებსა და ასოებს, რამდენადაც ისინი გაცილებით უფრო მეტ თავისუფლებას იძლეოდნენ თავისებური ახსნებისთვის, ვიდრე ფორმულები და სიტყვები. კაბალა მკაცრად გააკრიტიკა დიდმა ებრაელმა ფილოსოფოსმა, ბ. სპინოზამ,  წიგნში – „საღვთისმეტყველო-პოლიტიკური ტრაქტატი“.

ებრაული ფილოსოფიის ნეოპლატონურ მიმართულებას საფუძველი ჩაუყარა სოლომონ იბნ გებიროლმა, რომელიც დასავლეთში ავიცებრონის სახელით იყო ცნობილი; არაბულ-არისტოტელური მიმართულების მამამთავრად საადია ფაიუმელი მიიჩნევა, ხოლო ძირითად წარმომადგენლად – მოსე მაიმონიდე.

სოლომონ იბნ-გებიროლი (ავიცებრონი, 1020-1070) – ესპანელი ებრაელი, შუა საუკუნეებში ცნობილი ნაშრომის „წყარო ცხოვრებისა“ ავტორი, დიდხანს ეგონათ არაბი მოაზროვნე. მის ნაშრომებში ნეოპლატონური ემანაციისა და არისტოტელიზმის საფუძველზე მაქსიმალურადაა მიჩქმალული სამყაროს არარაობისაგან შექმნის იდეა და პანთეისტური მოსაზრებები ნათლადაა გამოხატული (88ა, 290). ავიცებრონი ასაბუთებს, რომ ყველა საგანი, მატერიალური იქნება თუ სულიერი, ფორმისა და  მატერიისაგან შედგება. ისინი ჯერ არსებობენ, როგორც შესაძლებელი და მერე – როგორც ნამდვილი. მათი შესაძლებლობის მატარებელია მატერია. ერთიანი საყოველთაო მატერია ყოველი განსაზღვრული საგნის საფუძველია, მაგრამ ეს საყოველთაო მატერია ღმერთის მიერ შექმნილი კოსმიური გონების ერთ-ერთი მხარეა ფორმის გვერდით. ყოველი დანარჩენისათვის (მსოფლიო და კონკრეტული სულები, ზეციური იერარქია და სხვ.) საჭიროა მატერია. ამგვარად, მატერია ავიცებრონისათვის სამყაროს პირამიდის საფუძველში კი არ ძევს, არამედ ზემოდან (საყოველთაო სულიდან) საფეხურებით ჩამოდის გრძნობად საგნებამდე. ემანაციის დაღმავალი ხაზი გონიერი არსებებისათვის აღმავლობის შესაძლებლობას, ასევე მიკრო და მაკროკოსმოსის შინაგანი ერთობლიობის იდეის წამოყენების საშუალებას იძლევა.

ადამიანის არსებობის საზრისს ავიცებრონი ცოდნის შეძენაში ხედავს. ცოდნის წყალობით, ადამიანი თვითშემეცნების გავლით სამყაროს შეიმეცნებს და უბრუნდება საყოველთაო გონებას.

ემანაციის თეორიასთან, ისევე, როგორც მიკრო და მაკროკოსმოსის ერთიანობის იდეასთან, შეუთავსებელია ღმერთის თავისუფალი ნება. მიუხედავად ამისა, ნება ავიცებრონთან ღმერთის მთავარი მახასიათებელია, რომელიც არა მარტო კოსმიურ, ე. ი. საყოველთაო გონებას, ქმნის, არამედ ღმერთის გამოვლენასაც სამყაროში. ამდენად, ღმერთის ნებას, რომელიც გონებას არ ეწინააღმდეგება მის არსებაში, ავიცებრონის აზრით, ენიჭება ღმერთისა და სამყაროს დაახლოების ფუნქცია. აქ ღმერთის ნების საშუალებით პანთეისტურ იდეას ეყრება საფუძველი, რამდენადაც სამყარო და ღმერთი გარკვეულად ერთმანეთს უახლოვდება. ამ კუთხით განავითარეს იბნ გებიროლის იდეები ჯორდანო ბრუნომ და სპინოზამ. იბნ გებიროლი ცნობილია აგრეთვე, როგორც „განმაახლებელი“ პოეტი. მისი ზოგიერთი ლექსი თარგმნილია ქართულად (36.49).

შუა საუკუნეებში ფართოდ გავრცელებული იყო გებიროლის შედარება სამყაროსი ხესთან, რომლის ფესვები მატერიაა, ტოტები – წარმავალი სუბსტანციები, ფოთლები – ინდივიდად გარდამქმნელი თვისებები, ყვავილები – სულები, ხოლო ნაყოფი – ანგელოზები (73. 1. 453).

ამ ეპოქის ებრაული აზროვნება თავის რიგებში ითვლის ტოლედოელი იეჰუდა ჰალევის (დაიბ. 1080 წ.), რომელიც ალ-ღაზალის გავლენით იბრძვის რაციონალისტური ფილოსოფიის წინააღმდეგ. მისი ნაშრომი „ალ-ხაზარი“ ებრაელ, მუსლიმან და ქრისტიან თეოლოგთა არგუმენტების შედარებაა ბერძენ ფილოსოფოსთა ნააზრევთან. საერთოდ, ფილოსოფიაზე თეოლოგია იმარჯვებს, ხოლო თეოლოგთა შორის უპირატესობა თალმუდსა და კაბალაზე დამყარებულ ებრაელ თეოლოგს რჩება.

ტოლედოდან იყო იეჰუდა ჰალევის უმცროსი თანამედროვე, ცნობილი ებრაელი პოეტი, ფილოლოგი და ფილოსოფოსი აბრაჰამ ბენ მეირ იბნ ეზრა (1092-1167), რომელიც იბნ გებიროლის შეხედულებებს იზიარებდა. მისი უმნიშვნელოვანესი ნაშრომი „ჰაი ებენ მაციკი“ მოგვითხრობს სამყაროს სფეროებში მოგზაურობას, როგორც თვითშემეცნების საფეხურების ზიარებას. იბნ ეზრასა და მისი მეგზური ჰაი ებენ მაციკის „მოგზაურობა“ დანტესა და ვირგილიუსის თავგადასავლის თავისებური წინასწარწვდომაა. როგორც ფილოლოგმა, ეზრამ ეჭვი შეიტანა იმაში, რომ ბიბლიური წიგნების ავტორი მოსეა. მისი გამოკვლევები სპინოზამ დადებითად შეაფასა.

მოსე მაიმონიდე (1135-1204) შუა საუკუნეების ებრაული ფილოსოფიის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია. სულთან სალადინის პირადი ექიმი მოსე მაიმონიდე თალმუდისა და თორას შენიშვნებთან ერთად არისტოტელეს ნააზრევის საყურადღებო განმარტებასაც უტოვებს შთამომავლობას. მისი ძირითადი ნაშრომი „გზააბნეული ხელმძღვანელი“ (მორეჰ ნებუჰიმ) არაბულად დაიწერა და შემდეგ ითარგმნა ებრაულად და ლათინურად. მან ავეროესზე უფრო თანმიმდევრულად გაატარა რაციონალიზმის რიგი იდეები და ფილოსოფიისა და რელიგიის თანხმობის პრინციპი. მაგრამ, განსხვავებით ავეროესისაგან, იგი ცდილობდა არა ისლამისა და არისტოტელიზმის, არამედ არისტოტელიზმისა და იუდაიზმის შეთანხმებას.

მაიმონიდეს სურს დაამტკიცოს, რომ სწორად გაგებული მეცნიერება და ფილოსოფია რელიგიის საფუძვლად გამოდგება. მცოდნე უფრო მეტად მორწმუნე უნდა იყოს, ვიდრე გაუნათლებელი. რელიგიური დოგმატების საუკეთესო იარაღია ფილოსოფოსთა მეფის – არისტოტელეს – მოძღვრება. მაშინაც კი, როცა ბიბლიაში მაიმონიდი წააწყდება ადგილს, რომელიც აშკარად ეწინააღმდეგება გონების პრინციპებს, იგი თავის თვალსაზრისზე უარს არ ამბობს და ბიბლიას ალეგორიულად ხსნის. ღმერთის ბუნების პრინციპული შეუმეცნებადობის დაშვება მაიმონიდეს საშუალებას აძლევს, თავისებურად იპოვოს თანხმობა, მაგრამ, რამდენადაც იგი სწორედ ბიბლიის ალეგორიულად განმარტებას ცდილობს არისტოტელესთან შესათანხმებლად, რომელიც ამგვარ ახსნას არ ექვემდებარება, ამდენად ფილოსოფიის უპირატესი ღირებულება დოგმატურ თეოლოგიაზე ნათელი უნდა იყოს.

მოსე მაიმონდეს „გზააბნეულთა სახელმძღვანელოში“ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ღმერთის თვისებებისა და ქვეყნის მარადიულობა-სასრულობის საკითხებს. აქ ცდილობს იმის დასაბუთებას, რომ ღმერთს არ შეიძლება დადებითი თვისებები მივაწეროთ, რადგან ისინი ღმერთისაგან ან არსებითად განსხვავდება, ან იმასვე გამოხატავს, რასაც ღმერთის შესახებ ცნებებში ვგულისხმობთ. პირველ შემთხვევაში თვისებები ღმერთის აქციდენციები იქნებიან და ღმერთი ცვალებადი გამოვა, რაც ყოვლად დაუშვებელია,  რადგან ღმერთი სრულყოფილია, ცვალებადობა კი ნაკლზე მიუთითებს. მეორე შემთხვევაში კი განსხვავებული თვისებები მხოლოდ სახელები იქნება, რომელნიც ერთსა და იმავეს (ღმერთს) აღნიშნავენ. ღმერთსა და საგნებს შორის არსებობს მსგავსება, ამიტომ საგანთა ბუნებიდან გამომდინარე ღმერთის ბუნების შესახებ დასკვნები შეცდომაა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, თუ რა არ არის ღმერთი და არა ის, თუ რა არის იგი. როცა ვამბობთ, რომ ღმერთი არის ბრძენი, ამის ჭეშმარიტი აზრი ის არის, რომ ღმერთი არ არის არამცოდნე, მაგრამ ადამიანისა და ღმერთის სიბრძნე პრინციპულად განსხვავდება ერთმანეთისაგან. თეოლოგიისა და ფილოსოფიის შესათანხმებლად მაიმონიდემ გამოიყენა ჩვენი შემეცნებისათვის დამახასიათებელი ანტინომიურობა. მან დაინახა უზოგადესი კატეგორიების ურთიერთკავშირი და რამდენადაც დაპირისპირებულთა ერთიანობის მიღება გონების საწინააღმდეგო საქმედ მიაჩნდა, დაპირისპირებულობანი გაუყო თეოლოგიასა და ფილოსოფიას. მაგალითისათვის, ავიღოთ ქვეყნისა თუ სამყაროს დაუბოლოებლობა-ბოლოვადობის საკითხი: თორა გვასწავლის, ამბობს მაიმონიდე, რომ ქვეყანა ღმერთმა შექმნა არარაობისაგან, ე. ი. ქვეყანას აქვს დასაწყისი. არისტოტელეს მოძღვრების მიხედვით კი, ქვეყანა ღმერთის თანამარადიულია. რომელი დებულებაა სწორი? არც ერთი, ამტკიცებს მაიმონიდე, რადგან გონებას არც ერთი ამ დებულებათაგანის ერთმნიშვნელოვანი დასაბუთება არ შეუძლია.

თუ დავუშვებთ, რომ ღმერთმა არ შექმნა სამყარო, მაშინ გამოდის, რომ იგი ყოვლისშემძლე არ ყოფილა, ეს კი დაუშვებელია. თუ დაუშვებთ, რომ სამყარო შექმნილია, და, როგორც შექმნილს, აქვს დასაწყისი, მაშინ ისიც უნდა დაუშვათ, რომ ღმერთს რაღაც უშლიდა ხელს, სანამ იგი სამყაროს შექმნას შეუდგებოდა, ანდა გარკვეულ დროს იგი რაღაცამ გამოაფხიზლა და უბიძგა შეექმნა ქვეყანა. ამის დაშვებაც შეუძლებელია, რადგან ღმერთი მხოლოდ საკუთარი აბსოლუტური ნების თანახმად მოქმედებს, ამრიგად, ადამიანის გონებას არ შეუძლია დაამტკიცოს არც ის, რომ ღმერთმა შექმნა სამყარო, და არც ის, რომ იგი მარადიულია. აზროვნების ამ საფეხურზე, მაიმონიდეს აზრით, ცოდნამ რწმენას უნდა დაუთმოს ადგილი. შემდგომში ამგვარ ვითარებას ადამიანურ აზროვნებაში კანტი ანტინომიებს უწოდებს (40.433).

თუ ანტინომიების შესახებ მაიმონდის მოძღვრების თანახმად ვიმსჯელებთ, არ უნდა იყვნენ სწორი ის მკვლევრები, რომელნიც ფიქრობდნენ, რომ „გზააბნეულთა ხელმძღვანელის“ ავტორი ავეორესთან შედარებით უკან დგამს ნაბიჯს, რადგან სამყაროს ღმერთისაგან შექმნას აღიარებს. ეს ხომ ის საკითხია, რომელიც, მაიმონიდეს აზრით, გონებას არ შეუძლია გადაწყვიტოს და, ამდენად, რწმენით მის მიღებას მხოლოდ პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს და არა თეორიული. ანტინომიურ ვითარებად მიაჩნია მაიმონიდეს ადამიანის ნების თავისუფლებისა და ღმერთის ნების საყოველთაობის საკითხიც. იგი აღნიშნავს, რომ ამის გაგება არ შეუძლია ადამიანურ გონებას. რაც შეეხება გამოთქმებსა და განცხადებებს, რომლებიც სავსებით ეთანხმება ოფიციალური რელიგიის ძირითად დოგმებს, ისინი მაიმონიდესთან ისევე მრავლადაა, როგორც ავიცენასთან, ავეროესთან ან სხვა რომელიმე სქოლასტიკოსთან. ისტორიას მათ არათანმიმდევრულობაზე უფრო მეტად, მათი მოძღვრებების მოწინავე მხარეები აინტერესებს.

მაიმონიდეს შემდგომი ებრაელი ფილოსოფოსი, ცნობილი ასტრონომი ლევი-ბენ-გერსონი (1288-1344), რომელიც უარყოფდა სამყაროს შექმნის შესაძლებლობას, განსაკუთრებით დაემორჩილა ალ-ღაზალისა და სხვათა მისტიკურ რეაქციულ თეორიებს. მაგრამ ევროპული და ებრაული ფილოსოფიის კავშირი, რომელიც მაიმონიდეს მოღვაწეობის შედეგი იყო, არ დაკარგულა. ახალი დროის უდიდესი ებრაელი მოაზროვნე ბ. სპინოზა ევროპული ფილოსოფიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენლად მოგვევლინება.



მდევარი