რედაქტორები: ბექა იობიძე, მარიამ გორდაძე.

კორექტორები: მარიამ გორდაძე, ნუცა სეხნიაშვილი, სოფიკო ქურდაძე, ნანო კვარაცხელია, თაკო ინასარიძე, თიკო იობიძე.

აკადემიურ ინტერვიუთა ჯგუფი: ანნა ამილახვარი, სოფიკო ქურდაძე, ზოი პოტამიტი, ანანო ყავალაშვილი.

ტექნიკური ჯგუფი: გიორგი ლექვინაძე, პავლე ერიქაშვილი.


ხის გამადამუშავება, ციმბირი

ციმბირგამოვლილი ქართული ინტელიგენცია

ავტორი:

რედაქტორი: ბექა იობიძე

კორექტორი: სოფიკო ქურდაძე

შესავალი

საბჭოთა კავშირში დამყარებული კომუნისტური რეჟიმი სისტემის მოწინააღმდეგეებს რეპრესიებით, გადასახლებითა და ხშირად სასჯელის უმკაცრესი ზომით, დახვრეტით, სჯიდა. ზეწოლას ცოტანი თუ ეწინააღმდეგებოდნენ, დანარჩენები კი შიშის გამო მორჩილებას ამჯობინებდნენ. რეჟიმი განსაკუთრებულ ყურადღებას ე.წ. ინტელიგენციის წარმომადგენლებს აქცევდა, – მწერლებს, პოეტებს, ხელოვანებს, მეცნიერებსა თუ კულტურის სხვა სფეროების წარმომადგენლებს. მკაცრად მოწმდებოდა მათი შემოქმედება, რომელსაც ცენზურის ქვეშ ატარებდნენ. ასევე, თვალყურს ადევნებდნენ მათს ჩართულობას პოლიტიკაში და სულ მცირე ეჭვის შემთხვევაში აპატიმრებდნენ ან ციმბირში ასახლებდნენ. ციმბირში, სადაც საკმაოდ მკაცრი ჰავაა, რეპრესირებულ ქართველებს მძიმე სამუშაოზე ასაქმებდნენ. წლობით გადასახლებას უსჯიდნენ, ხშირად ვადის ამოწურვის შემდეგ ე. წ. „თავისუფალი გადასახლებით“ უცვლიდნენ სასჯელს, – რეპრესირებულ ადამიანს არ შეეძლო სამშობლოში დაბრუნება. ამ რეჟიმთან გამკლავება რთული იყო, რის გამოც გადასახლებაში მყოფი ქართველების გარკვეული ნაწილი ციმბირში იხოცებოდა. მათ, ვინც ამ მკაცრ პირობებს უძლებდა და უკან, საქართველოში, დაბრუნებას ახერხებდა, რთული ცხოვრებისეული პერიოდის გავლა უწევდათ, ფიზიკური დაუძლურებისა თუ ფსიქოლოგიური პრობლემების გამო. თუმცა საქართველოს ისტორიაში არსებობენ პიროვნებები, რომლებმაც ამ მწვალებლურ რეჟიმს გაუძლეს, სამშობლოში დაბრუნდნენ და შემართებითა და დიდი წარმატებით განაგრძეს მუშაობა მათი მოღვაწეობის სფეროებში, თანაც იმავე პოლიტიკური პარტიის მმართველობის პირობებში.

ლევან გოთუა

„ვერ გამიგია, სამშობლო იმიტომ მიყვარს, რომ ასე შორსა ვარ, თუ იმიტომ ვარ ასე შორს, რომ ასე ძლიერ მიყვარს სამშობლო“ – ეს სიტყვები ლევან გოთუას ეკუთვნის, ადამიანს, რომელმაც სიცოცხლის 66 წლიდან 22 წელი, ანუ ცხოვრების მესამედი, გადასახლებაში, სამშობლოსგან შორს გაატარა.

ლევან გოთუა 1905 წლის 10 მარტს თბილისში დაიბადა. მამამისი ცნობილი მწერალი, პუბლიცისტი და პედაგოგი პართენ გოთუა იყო. სწავლობდა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში, შემდეგ – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ-ეკონომიკურ ფაკულტეტზე.

ლევან გოთუა სამჯერ დააპატიმრეს და გადაასახლეს. ზოგადად, რეპრესიები ადრეული ასაკიდანვე შეეხო. კერძოდ, როდესაც ის 15 წლის იყო, თითქმის მთელი მისი ოჯახი დააპატიმრეს. თუმცაღა მეორე დღეს ისინი გაათავისუფლეს, შემდგომში დევნამ და შევიწროებამ უფრო ხშირი და ხანგრძლივი ხასიათი მიიღო. პირველი გადასახლების დროს 19 წლის იყო. 1921 წელს ბოლშევიკური რუსეთის შემოჭრის შემდეგ ლევან გოთუა თავის ძმასა და თანამოაზრეებთან ერთად ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში ჩაება და 1924 წელს მომხდარ საბჭოთა ხელისუფლების საწინააღმდეგო აჯანყებაში მონაწილეობდა. 1924 წლის 29 აგვისტოს მამასთან, პართენ გოთუასთან, ერთად დააპატიმრეს. პატიმრობაში 7 თვის განმავლობაში იყვნენ, რის შემდეგაც მოულოდნელად გაათავისუფლეს. 1925 წელს ისევ შეიპყრეს ლევანი და ამჯერად „ფაშისტური ორგანიზაციის ჩამოყალიბებისთვის“ სამი წლით მიესაჯა პატიმრობა სოლოვეცკის ბანაკში. 1926 წლის მაისში გაათავისუფლეს, თუმცა იმ შეზღუდვით, რომ სამი წლის განმავლობაში ეკრძალებოდა დიდ ქალაქებსა და სასაზღვრო ოლქებში ცხოვრება. ოჯახმა ლევანს საცხოვრებელ ადგილად შეურჩია ვლადიკავკაზი, რადგან იმედი ჰქონდა, რომ აქ სწავლის გაგრძელებას შეძლებდა. ამიტომ ლევან გოთუა რამდენიმე წლით ვლადიკავკაზში დასახლდა, სადაც ქართულ სკოლაში დაიწყო მუშაობა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 1928 წლის ზაფხულში ამოეწურა ამ გადასახლების ვადაც, თუმცა განსაკუთრებული სათათბიროს დადგენილებით, ახსნა-განმარტების გარეშე კიდევ სამი წლით გაუხანგრძლივეს გადასახლება, ამჯერად კიდევ უფრო მკაცრი პირობით, – მას არ ჰქონდა ამიერკავკასიაში ცხოვრების უფლება.

ლევანმა სხვა „თავისუფალ გადასახლებაში“ მყოფ ქართველებთან ერთად გადაწყვიტა ქვეყნიდან გაქცევა თურქეთში, რისთვისაც გამყოლი იქირავეს. თუმცა ამ უკანასკნელმა ისინი ჩეკისტებს ჩაუგდო ხელთ. გაქცეულები მდინარე ჭოროხის გადაცურვისას დააკავეს. 1931 წლის 30 აპრილს ლევან გოთუას ნარიმის ოლქის საკონცენტრაციო ბანაკში სამი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ამ გადასახლებიდან ლევან გოთუა 1936 წელს დაბრუნდა. მას არ მისცეს თბილისში ცხოვრების უფლება. მან მუშაობა დაიწყო ცეკავშირის სისტემაში ეკონომისტად. სამუშაოდ წალკაში გაგზავნეს. ცეკავშირის ხელმძღვანელობამ მალე ბოლნისში გადაიყვანა, სადაც უკეთესი პირობებიც დახვდა. საბოლოოდ თბილისში გადმოსვლის უფლება მისცეს, მაგრამ მუდმივად ამოწმებდნენ და ჯაშუშები უთვალთვალებდნენ. საჯარო ბიბლიოთეკაშიც კი თანამშრომელი ქალი მიუჩინეს. როგორც ლევანის და, თამარ გოთუა, იხსენებს, ლევანი ბიბლიოთეკაში წიგნებს რომ აიღებდა, მაგიდაზე გადაშლილს ტოვებდა და მცირე ხნით გარეთ დერეფანში გადიოდა. ამით საშუალებას აძლევდა ჯაშუშს, მისულიყო და ენახა, რომ აკრძალულ ლიტერატურას არ კითხულობდა. ერთხელ ერთი ჯაშუში კინაღამ შემოელახა კიდეც.

1946 წელს ლევანი კიდევ ერთხელ დააპატიმრეს სამშობლოს მოღალატის ბრალდებით. მესხეთ-ჯავახეთში მოგზაურობის დროს ზურგჩანთის გაჩხრეკისას საეჭვო არაფერი ედო, მაგრამ ჩეკისტებმა მაინც შეძლეს სხვა მიზეზით ბრალის წაყენება და ისევ ანტისაბჭოთა ჯგუფის ჩამოყალიბება დააბრალეს. ლევანი რამდენიმე მეგობართან ერთად დააპატიმრეს. ამჯერად პატიმრობის ბოლო 10 წელი ვორკუტაში მოიხადა, სადაც მაღაროში მაღალი ძაბვის ელექტროსადგურში ელექტრიკოსად მუშაობდა. ამ სადგურში აკრძალული იყო უცხო პირების შესვლა, რითაც ისარგებლა და თავისი ნაწერებისთვის სამალავი გამოთხარა. როგორც თამარ გოთუა იხსენებს, ვორკუტადან ლევანმა მიიწერა, რომ დრამატურგიას თავს ანებებდა და ბელეტრისტიკის ჟანრზე გადადიოდა, რისთვისაც საჭირო წიგნების სიაც გამოუგზავნა მათ. სწორედ აქ დაიწყო „გმირთა ვარამის“ წერა. ნაწერების გამოგზავნაში ვორკუტაში მცხოვრები პატიმრობამოხდილი ქართველები ეხმარებოდნენ, რომლებიც მაღაროში მუშაობდნენ. მათ ხელნაწერები გამოჰქონდათ. დიდი მოცულობით ფურცლების გამოსატანად მაღაროების გასამაგრებლად საჭირო მორებს იყენებდნენ, რომელთა ნაწილსაც მოსახლეობაზე ყიდდნენ ხოლმე. სწორედ ასეთ მორებში გააკეთეს სამალავი: ამოჭრეს, ფურცლები ჩადეს, ზემოდან მორის ნაჭრებითა და ტალახით დაფარეს.

22-წლიანი ტყვეობის მიუხედავად, ლევან გოთუამ თავისი ნაშრომების გარკვეული ნაწილი სწორედ გადასახლებებისას შექმნა. როსტომ ჩხეიძე მის შემოქმედებას შემდეგი სიტყვებით ახასიათებს: „ლევან გოთუა წერდა არა დამწვარ და დაბუგულ ქვეყანაზე, არამედ ისეთ საქართველოზე, როგორიც სურდა რომ ის ყოფილიყო. ძალიან მხნეა. ვერ გრძნობ, რომ ეს დაპყრობილი ქვეყნის შვილმა და კატორღელმა დაწერა“. მის ხელნაწერებს კი ნამდვილად ეტყობოდა ის მძიმე ყოფა, რომელშიც უწევდა წერა ქართველ შემოქმედს: იგი იყენებდა ყველა შესაძლო საწერ მასალას, ქაღალდის ნაგლეჯებს, გაზეთის კიდეებსა თუ ასანთის კოლოფებს. შემოქმედებითი საქმიანობა კი ვიწრო, მაღალი ძაბვის ყუთში მიმდინარეობდა, სადაც განმარტოვდებოდა ხოლმე და სხვების შემოღწევისგან თავდასაცავად ყუთზე აბრას ჩამოკიდებდა წარწერით – „სიცოცხლისთვის სახიფათოა“. საქართველომდე ასეთივე უჩვეულო გზებით მოგზაურობდნენ მისი ხელნაწერები, რომლებიც იქ მცხოვრები პატიმრობამოხდილი ქართველების დახმარებით ხვდებოდა სამშობლოში. აქ კი უკვე სიმონ ჩიქოვანი კინძავდა მათ ერთ სრულ ტექსტად. საავტორო უფლებები რომ დაეცვა, ლევანი პიესის ბოლო წინადადებების სიტყვების პირველ ასოებს იყენებდა „ლევან გოთუას“ დასაშიფრად. საქართველომდე როგორ ჩამოაღწია ამ ხელნაწერმა, თვითონაც არ იცოდა, თუმცა აქაც სანამ მის ნამდვილ ავტორს დაადგენდნენ, მე-18 საუკუნის ნაწერი ეგონათ. ლევანმა საქართველოში დაბრუნებისას ეს ამბავი რომ გაიგო, ბევრი იცინა.

1960 წლის 25 აპრილს საქართველოს სსრ-ის პროკურორის მოადგილემ, ა. გიგაურმა, პროტესტი წარუდგინა საქართველოს სსრ-ის უმაღლეს სასამართლოს და მოითხოვა ლევან გოთუას რეაბილიტაცია დანაშაულის დაუმტკიცებლობის გამო. სასამართლომ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და 55 წლის ლევან გოთუა სამშობლოში დაბრუნდა.

მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტური რეჟიმის ზეწოლის შედეგად სამჯერ გადაასახლეს, ლევან გოთუა საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკმაოდ ჩართული იყო. იგი თანამშრომლობდა გაზეთ „კომუნისტთან“, „ლიტერატურულ საქართველოსთან“, თეატრებსა და კინოსთან. იყო მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი, საქართველოს კულტურის ძეგლთა საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი-დამაარსებელი, ალპური კლუბის წევრი, თეატრალური საზოგადოების წევრი, თბილისის მეათე, მეთერთმეტე, მეთორმეტე მოწვევის საქალაქო საბჭოს დეპუტატი.

მრავალწლიანი ტანჯვის მიუხედავად, ლევანმა შეძლო შეენარჩუნებინა შემოქმედებითი სულისკვეთება, მომავალი თაობისთვის დაეტოვებინა უმნიშვნელოვანესი ნაშრომები და ცხოვრების ბოლომდე საკუთარი მისწრაფებების შესაბამისი საქმე ეკეთებინა. იგი წლების განმავლობაში ქვანახშირის საბადოზე მუშაობდა, 40-50 გრადუსიან ყინვას, შიმშილსა და არაადამიანურ ყოფას უძლებდა, ახლობლებს კი სწერდა: „ჩემი ნაწერები და ჩემი გმირები ყოველთვის ჩემზე ბედნიერები იყვნენ… არ მშურს! ასეთია ბედის შეუვალობა“. ლევან გოთუას აინტერესებდა საქართველოს წარსული ცხოვრების დიდბუნებოვან კაცთა ბედი. მისი აზრით, ისტორიული რომანების წერა არის დიდი პასუხისმგებლობა, რადგან მწერლის მიერ შექმნილი ისტორიები მთელ ერს სულიერ საგზლად უნდა ექცეს და გამოადგეს. მართლაც, მან საოცარი ამბები შემოუნახა ქართველ ერს. თამარ გოთუა ამბობს, რომ ლევანის ნაწარმოებების დიდი ნაწილი დაიწერა მისი ცხოვრების ბოლო 17 წელიწადში. თითქოს ჩქარობდა, სურდა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ნანახი და განცდილი გადმოეცა ფურცელზე. მას ჰქონდა ძალიან კარგი მეხსიერება და მრავალი წლის წინ მომხდარს დაწვრილებით იხსენებდა ხოლმე.

რაც შეეხება ციმბირიდან დაბრუნებული ლევანის ფიზიკურ ჯანმრთელობას, თამარ გოთუა იხსენებს: „მიუხედავად ყოველივე იმისა, რაც გადაიტანა, მაინც ძალიან ჯანმრთელი და ენერგიით აღსავსე იყო“. მან არმაზში აგარაკიც ააშენა. ალპინიზმით გატაცებულმა ბევრი მწვერვალი დაიპყრო და მთელი საქართველო ფეხით შემოიარა. ამდენწლიანი ტანჯვის შემდეგ ბედნიერი დრო დაუდგა მასაც და მის ოჯახსაც, მატერიალურადაც გაუუმჯობესდათ მდგომარეობა. ყოველთვის კარგ ხასიათზე იყო. ანებივრებდა ოჯახის წევრებს, თითქოს ასე სურდა, რომ გადატანილი რთული პერიოდი და გაჭირვება აენაზღაურებინა.

„უამრავი მზაკვრობა ნახა, უამრავი დამსმენი და პროვოკატორი, მაგრამ მაინც ბოლომდე ბავშვივით გულუბრყვილო დარჩა. ყოველთვის შეიძლებოდა მისი მოტყუება“, – იხსენებს როსტომ ჩხეიძე. თავად ლევან გოთუა თავის მძიმე ცხოვრებაზე ამბობდა: „სად არ მათრიეს, სად არ გადამაგდეს, სად არ მაწვალეს. ყველაფერს რომ ჩავყევი და გავიხსენე, თვითონ განვცვიფრდი, ნუთუ ყოველი მე მხვდა წილად… ჩემს თავზე მძიმე ზღაპარმა გადაიარა. ერთი ადამიანისთვის ეს ბევრზე ბევრია გადასატანად და დაუჯერებელიც!..“. მართლაც, „მძიმე ზღაპარი“ აღმოჩნდა ლევან გოთუას ცხოვრების დიდი ნაწილი, რომელიც მისთვის სანუკვარი, მრავალჭირნახული სამშობლოს წარსულის ამბების კვლევა-ძიებამ და თხრობამ, მოგზაურობამ და ალპინიზმმა შეუმსუბუქა.

ზურაბ მიქელაძე

ზურაბ მიქელაძე 1917 წელს ქალაქ ქუთაისში დაიბადა. ის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც ფილოსოფიის სპეციალობით 1939 წელს დაამთავრა. იმავე წელს იგი ასპირანტურაში ჩაირიცხა ლოგიკის განხრით, შემდგომში კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშივე განაგრძო პედაგოგიური მოღვაწეობა. 1946 წელს, 29 წლის ასაკში დააპატიმრეს, ბრალად კი წაუყენეს ანტისაბჭოთა მოღვაწეობა. მიუსაჯეს 10 წლით ვორკუტაში, ციმბირში გადასახლება.

დიდხნიანი განშორების შემდეგ, 1956 წელს, ზურაბ მიქელაძე სამშობლოში დაბრუნდა და შეუდგა მოღვაწეობას, როგორც მეცნიერ-თანამშრომელი, მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში. შემდგომში კი, 1960 წელს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტში (დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ინსტიტუტი, რომელიც აკადემიკოს ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელს ატარებს) დაიწყო მუშაობა, რომლის დაარსებაშიც თავადაც მონაწილეობდა. ინსტიტუტში ის ლოგიკის ლაბორატორიის გამგის თანამდებობას იკავებდა. მისი აკადემიური მოღვაწეობა ამით არ შემოფარგლულა. ზურაბ მიქელაძემ 1984 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „არისტოტელეს ლოგიკა თანამედროვე ფორმალური ლოგიკის თვალსაზრისით“ და მოიპოვა ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხიც. ამავე დროს, 1975-1989 წლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლოგიკის კათედრის გამგის თანამდებობასაც იკავებდა და ხელმძღვანელობდა მეცნიერული თარგმანის მთავარ სარედაქციო კოლეგიას სიცოცხლის ბოლომდე. აღსანიშნავია, რომ ზურაბ მიქელაძე საერთაშორისო ასპარეზზეც საკმაოდ ნაცნობი ფიგურა იყო და მის მოღვაწეობას მსოფლიოში ცნობილი ლოგიკოსები დიდ პატივს სცემდნენ. მისი სადისერტაციო ნაშრომის ოფიციალური ოპონენტი ვ. ა. უსპენსკი აღნიშნავდა, რომ დისერტაციამ, რომელიც უნაკლო ნაშრომი იყო, სათანადოდ გააშუქა არისტოტელეს ლოგიკის შესახებ გარკვეული საკითხები, რომელთაგან ზოგიერთი მათგანი პირველად გახდა ცნობილი. სწორედ ამიტომ ზურაბ მიქელაძე დიდ მეცნიერად შეიძლება ჩაითვალოს ფილოსოფიურ ლოგიკაში.

საინტერესოა, რომ კომუნისტური რეჟიმის მიერ რეპრესირებული ქართველი არ ემხრობოდა ლუსტრაციას, რადგან, მისი აზრით, რეჟიმის მიერ ადამიანებზე მოხდენილ ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ყველა მათგანი ვერ უძლებდა; მოსალოდნელი საფრთხეების შიშით თუ კარგი მატერიალური მდგომარეობის ქონის იმედით, ისინი ადვილად ემორჩილებოდნენ პარტიის მითითებებს. 8 წლის იყო, როდესაც 1925 წელს მამამისი დახვრიტეს პოლიტიკური მიზეზების გამო. სიკვდილამდე იგი მეტეხის ციხეშიც კი მოინახულა. ზურაბის გადასახლებისას დედამისს, პედაგოგ ოლია ჭეიშვილს, სახელმწიფომ ლენინის ორდენიც კი მიანიჭა. ოლია საინტერესო და მნიშვნელოვანი პიროვნება აღმოჩნდა, რადგან სწორედ მან ჩამოიტანა ლევან გოთუას „გმირთა ვარამის“ ხელნაწერები ვორკუტადან, სადაც სხვა ხუთ ქართველ ქალთან ერთად 1954 წელს გაემგზავრა. რა თქმა უნდა, ნაწერების ჩამოტანა დიდი საშიშროება იყო, რადგან მათი აღმოჩენის შემთხვევაში მას აუცილებლად დასჯიდნენ.

საინტერესოა, როგორ იხსენებენ ზურაბ მიქელაძის გარეგნულ მახასიათებლებს მისი სტუდენტები. როგორც ჩანს, ათწლიანმა ციმბირულმა ცხოვრებამ კვალი მის ყოფიერ ჩვევებსა და ქცევით თავისებურებებს დააჩნია, –  ატარებდა მოშვებულ ჰალსტუხსა და უდიერად შეკრულ, ამოჩრილ პერანგს; დაკუნთული სხეული და პირწმინდად გადაპარსული თავი საშიშ იერსაც მატებდა; იყო ხისტი, არაფრით ერიდებოდა გაჯავრებისას გაღიზიანების პირდაპირ, უხეშად გამოხატვას.

ნოდარ ჭიაბრიშვილი ზურაბ მიქელაძეს ახასიათებდა, როგორც კაცთმოყვარე და პრინციპულ ადამიანად. იგი მტკიცე ხასიათითა და დიდი ნებისყოფით გამოირჩეოდა. ციმბირში, სამშობლოდან ასე შორს, მძიმე სამუშაოებზე გამწესებული სამეცნიერო შრომების დაწერას ახერხებდა. პარალელურად, რადგანაც ცემენტის ქარხანაში მუშაობდა, შეისწავლა და აითვისა ცემენტის ტექნოლოგია და ცვლის ინჟინერის თანამდებობა დაიკავა. ამიტომ იყო, რომ ბანაკის უფროსი დედამისს ზურაბის შესახებ ეუბნებოდა, ისე ცხოვრობს, თითქოს არც კი იცოდეს, რომ პატიმარიაო. თუმცა სწორედ ეს შემთხვევა შეიძლება ჩაითვალოს იმის განმაპირობებელ მიზეზად, რომ ზურაბ მიქელაძემ 10-წლიან სასჯელს გაუძლო და 1956 წელს, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, სამშობლოს დაუბრუნდა და შეუდგა აქტიურ სამეცნიერო მოღვაწეობას. როგორც თავად ზურაბის ქალიშვილი, თეონა მიქელაძე, აღნიშნავს, გადასახლებამ მასზე ფსიქოლოგიური ზეგავლენა ვერ მოახდინა, არ ჰქონდა დეპრესია. წარსულს „გარდასულ დროდ“ მიიჩნევდა, რომელიც ინტერესს აღარ აღძრავდა; მისთვის ბევრად მნიშვნელოვანი აწმყო და მომავალი იყო. სწორედ ამგვარი მიდგომა აღმოჩნდა ზურაბ მიქელაძის კარიერული წინსვლისა და წარმატების მიზეზი, მიუხედავად წარსული ტრავმული გამოცდილებისა.

ლეო კვაჭაძე

ლევან (ლეო) კვაჭაძე 1908 წელს დაიბადა სოფელ ლახამურაში, მესტიის რაიონში. სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე დაიწყო.  თავდაპირველად პატიმრობასთან შეხება 1925 წელს მერვე კლასის მოსწავლეს ჰქონდა: უფროსკლასელმა მას ახალგაზრდა მარქსისტთა არალეგალური ორგანიზაციის წევრობა შესთავაზა, რაზეც დასთანხმდა. თუმცა ჩეკამ შეიტყო ორგანიზაციის არსებობის შესახებ და რამდენიმე წევრი დააპატიმრეს, მათ შორის, ლეოც. ისინი ოზურგეთში წაიყვანეს და კამერებში ჩასხეს. 33 დღის შემდეგ დაკითხვის გარეშე გაათავისუფლეს. შემდგომ რეპრესიები მის ძმას შეეხო, რომელიც 1928 წელს დააპატიმრეს და 6 წლით ციმბირში გადასახლება მიუსაჯეს. ამ და წარსული პატიმრობის მიზეზით ლეო კვაჭაძეს უნივერსიტეტში შეზღუდვები შეეხო, – სტიპენდიის მიღება და ასპირანტურაში ჩარიცხვა აღარ შეეძლო. გარდა ამისა, თბილისში ვერ შეძლო მუშაობის დაწყება, რის გამოც, სხვების რჩევის გათვალისწინებით, სვანეთში გადაწყვიტა პედაგოგიური საქმიანობის დაწყება. თავდაპირველად მშობლიურ სოფელ ლახამურაში მდებარე საშუალო სკოლის დირექტორი იყო, შემდეგ კი მესტიის პედაგოგიური სასწავლებლის გამგე. 1936 წელს განათლების კომისარიატმა ნება დართო, თბილისში გაეგრძელებინა მუშაობა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა თბილისის 55-ე საშუალო სკოლაში.

ლეო კვაჭაძე ასპირანტურაში აპირებდა სწავლის გაგრძელებას, თუმცა 1937 წელს მისი ძმის ხელმეორედ დაპატიმრების გამო ეს ამბავი ისევ გადაიდო. შემდგომ რეპრესიები თავად მასაც შეეხო. როგორც ლეო კვაჭაძე იხსენებს, 1942 წლის შეთქმულებაში მისი უახლოესი მეგობარიც მონაწილეობდა. ერთ-ერთმა შეთქმულმა, რომელთანაც ურთიერთობა სალამს არ გასცილებია, მისცა ჩვენება, რომელშიც ლეო კვაჭაძე შეთქმულებაში მონაწილედ გამოაცხადა. შედეგად, ლეო კვაჭაძე დააპატიმრეს სხვა 32 ბრალდებულთან ერთად, რომელთაგან 17 პატიმარს, მათ შორის, მის მეგობარს, დახვრეტა მიუსაჯეს. ლეო კვაჭაძეს პატიმრობა შეუფარდეს.

როდესაც პატიმრობიდან გათავისუფლდა, თბილისის მე-8 და ქალთა მე-7 საშუალო სკოლებში დაიწყო მუშაობა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად, ამ უკანასკნელში კი სასწავლო ნაწილის გამგის თანამდებობა დაიკავა. 1945 წელს, მრავალწლიანი მცდელობის შემდეგ, ასპირანტურაში ჩაირიცხა პედაგოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტში ქართული ენის სწავლების მეთოდიკის სპეციალობით, რომელიც 1948 წელს დაამთავრა და დისერტაციაც დაიცვა თემაზე „რთული წინადადებების სწავლების თანმიმდევრობა“.

დასკვნა

ზემოთ მოყვანილი ქართველი მწერლისა და მეცნიერების მიერ განვლილი ცხოვრება ბედის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანების მაგალითია. ისინი არ ეპუებოდნენ სინამდვილეს და ისეთ პირობებში, რომლებშიც ადამიანთა უმრავლესობის მთავარი საზრუნავი მხოლოდ და მხოლოდ სიცოცხლისთვის, გადარჩენისთვის ბრძოლა იყო, შემოქმედებით და მეცნიერულ საქმიანობას ეწეოდნენ; მათთვის ძვირფას დროს არ კარგავდნენ და ნაყოფიერად იყენებდნენ. ამის ძალასა და შემართებას კი ისევ მათსავე ხასიათში, მისწრაფებებსა და სამშობლოს სიყვარულში ეძიებდნენ; შემოქმედების ხორცშესხმა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, კომუნისტური პარტიის მმართველობის პირობებში შეძლეს. მათი მოღვაწეობა საქართველოს სამეცნიერო და სალიტერატურო სფეროებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

ბიბლიოგრაფია:

ბარბაქაძე, ცირა. „გარიჟრაჟიდან დაბინდებამდე“. კრებულში სემიოტიკა IV , 222-228. თბილისი: ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2008. https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/148367/1/Semiotika_2008_N4.pdf

გოთუა, ლევან. ბოლოსიტყვაობა წიგნისთვის გმირთა ვარამი. თბილისი: პალიტრა L, 2012.

თომაშვილი, ნინო. „მიქელაძე ზურაბ“. ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია, 5 აპრილი, 2021. http://encyclopedia.ge/ka/articles/73

ჯიყაშვილი, ლელა. „ზურაბ მიქელაძე – გაუტეხელი ქართველი“. კვირის პალიტრა, 17 იანვარი, 2011. https://kvirispalitra.ge/article/6326-zurab-miqeladze-gautekheli-qarthveli/



მდევარი