კორექტორი: ნუცა სეხნიაშვილი
რედაქტორი: ბექა იობიძე
მდევარი, თბილისი, 2023
საქართველოში აზარტული თამაშების ინდუსტრია თხუთმეტი წლის განმავლობაში საშუალო წლიური 55%-იანი ტემპით იზრდებოდა. ბაზრის ბრუნვა 2007 წელს 65 მილიონ ლარს, ხოლო 2021 წლისთვის თითქმის 48 მილიარდ ლარს უტოლდებოდა. ასეთ განვითარებას მეტწილად საქართველოს აზარტული თამაშების ბაზრის ლიბერალური მდგომარეობა განაპირობებდა, კერძოდ:
- ზემოაღნიშნულ პერიოდში საქართველოს მთავრობა საკმაოდ შემწყნარებლური პოლიტიკით გამოირჩეოდა კაზინოებისა და სხვა ფორმის აზარტული თამაშების დაწესებულებების ლიცენზირებისა და მუშაობის მიმართ;
- საქართველოს რამდენიმე მეზობელ ქვეყანაში, მაგალითად, თურქეთსა და აზერბაიჯანში, აზარტული თამაშების ბიზნესი არაკანონიერია. აღნიშნული სახელმწიფოებიდან ასეთი სახის თამაშებით დაინტერესებული ადამიანების საქართველოში შემოდინების შედეგად, აქ ამ ინდუსტრიაზე მოთხოვნა მზარდია;
- საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც საგადასახადო განაკვეთები დაბალია. შესაბამისად, აქ ბიზნესის მართვა უფრო მიმზიდველი ხდება.
ინდუსტრიის განვითარების მზარდ ტემპთან ერთად საქართველოში გამწვავდა მოზარდების აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრობლემა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2019 წელს ქართველ მოსწავლეთა 20%-ზე მეტი აზარტული მოთამაშე იყო.
ამავე პერიოდში აშშ საქართველოს აზარტული თამაშების ინდუსტრიას ფულის გათეთრების მხრივ ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად სექტორად მიიჩნევდა. კერძოდ, 2019 წლის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფულის გათეთრების საყოველთაო ანგარიშის ერთ-ერთ ქვეთავში აღნიშნული იყო, რომ 2017 წელს საქართველოს ორგანიზაციების მიერ წარდგენილი 500-ზე მეტი საერთაშორისო ფულადი ტრანზაქციიდან არც ერთი არ მოხვდა საეჭვო ფულად გადარიცხვათა სიაში, რაც კითხვებს ბადებდა საქართველოში ამ ინდუსტრიაზე მოქმედი რეგულაციების ხარისხის შესახებ.
ზემოაღნიშნული პრობლემების საპასუხოდ 2021-2022 წლებში საქართველოს მთავრობამ აზარტული თამაშების ბაზარზე აამოქმედა სხვადასხვა მნიშვნელოვანი რეგულაცია, რომლებმაც გაამკაცრა ბაზრის შემწყნარებლური გარემო. კერძოდ, აზარტული თამაშების ინდუსტრიაში მოქმედი კომპანიებისთვის:
- შემცირდა მომხმარებელთა ბაზა – მინიმალური ასაკი, იმისათვის რომ საქართველოს მოქალაქემ შეძლოს თამაში, გაიზარდა 18-დან 25 წლამდე. ასევე, თამაში ეკრძალებათ სოციალური დახმარების მიმღებ პირებსა და საჯარო მოხელეებს. ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე, რომელთათვისაც ზღვარი ისევ 18 წელი დარჩა. შედეგად, დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი მოხვდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში – აკრძალულ პირთა სიაში.
- გართულდა ლიცენზიების მოპოვება ონლაინ კაზინოებისთვის – იმ შემთხვევაში, თუ კომპანია მართავს ე.წ. “ხმელეთის კაზინოს”, მაშინ ონლაინ კაზინოს ლიცენზიის მისაღებად დამატებით 200 ათასი ლარის გადახდა მოუწევს. მაგრამ, თუ კომპანია მხოლოდ ონლაინ კაზინოს მოწყობას აპირებს, მაშინ 5 მილიონი ლარი უნდა გადაიხადოს. შესაბამისად, ბაზარი ნაკლებად მიმზიდველი გახდა ახალი კომპანიების შესასვლელად, რომლებსაც საკმაოდ დიდი ინვესტიციის ჩადება მოუწევთ.
- გაიზარდა ონლაინ კაზინოების დასაბეგრი ბაზა – 2021 წლის დეკემბრის ჩათვლით ონლაინ-პროვაიდერი კომპანიები[1] (საშემოსავლო გადასახადის მხრივ) იბეგრებოდნენ სხვა ინდუსტრიებში მოქმედი სტრუქტურის მსგავსად. 2022 წლის იანვრიდან ასეთ კომპანიებს დაეკისრა დამატებით 10%-იანი გადასახადი თამაშებიდან მიღებულ საოპერაციო შემოსავალზე.[2] შედეგად, მცირე კომპანიებისთვის გართულდა კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება. გაზრდილი გადასახადი დიდი ორგანიზაციებისთვისაც მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა. ამ რეგულაციასთან გასამკლავებლად ერთ-ერთი გამოსავალია წამახალისებელი ბონუსების, როგორებიცაა უფასო სპინები, უფასო ფსონები და სხვა, შემცირება, იმისათვის, რომ კომპანიებმა შეინარჩუნონ თამაშიდან მიღებული წმინდა შემოსავლის[3] ისტორიული დონე. თუმცაღა, საბონუსე სისტემების შემცირების შესაძლებელი მასშტაბი, არსებული მომხმარებლების შენარჩუნებისა და ახალი მოთამაშეების მოზიდვის თვალსაზრისით, დიდი კონკურენციის პირობებში ერთ-ერთი დამაბრკოლებელია.
- შეიზღუდა მარკეტინგული საქმიანობა – 2022 წლის იანვრიდან აიკრძალა აზარტული თამაშების ბიზნესის როგორც სატელევიზიო და გარე რეკლამა, ისე რეკლამის განთავსება ქართულ ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებში. მარეგულირებელი ორგანოს მოსაზრებით, ამ რეგულაციის შედეგად 2023 წლის I კვარტალში სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამური სარეკლამო შემოსავალი წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 12.5%-ით შემცირდა. თუმცაღა, აზარტული თამაშების ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიებმა მიმართეს განსხვავებულ მარკეტინგულ გზას, რომელიც მეტწილად გულისხმობს აქტიური სპონსორობის კამპანიას. მაგალითისთვის, „კროკობეთმა“ დაიწყო პროექტ „კაცების“, „ბეთლაივმა“ კი ცნობილი სპორტსმენების – სანდრო მამუკელაშვილისა და დავით ნინიაშვილის – დასპონსორება. მიუხედავად ამისა, საზოგადოებრივი გამოკითხვების თანახმად, აზარტული თამაშების ინდუსტრია მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის კვლავ რჩება მიუღებელ სექტორად. ამის ფონზე, მსგავსი კომპანიების ფართო მასებისთვის გაცნობა დაფინანსების მიმღებისთვის შესაძლოა ზრდიდეს რეპუტაციული ზიანის საფრთხეს.
აზარტული თამაშების ბაზარზე მიმოხილული რეგულაციების გატარების შედეგად შეიცვალა საერთო მდგომარეობა. გიორგი მამულაიშვილის[4] განცხადების თანახმად, 2023 წლის მდგომარეობით, ბაზარზე მუშაობს 89 ლეგალური ოპერატორი, რომელთა რაოდენობა წინა პერიოდებში 135-ს უტოლდებოდა. ამასთან, საგადასახადო თვალსაზრისით, მიუხედავად დამატებითი დასაბეგრი ბაზისა, 2023 წლის პირველი ორი თვის განმავლობაში ბიუჯეტში 12%-ით ნაკლები გადასახადი შევიდა, ვიდრე 2022 წლის იმავე პერიოდში.
შეჯამებისთვის, 2021-2022 წლებში აზარტული თამაშების ინდუსტრიაზე საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეგულაციები მეტწილად ემსახურებოდა საზოგადოებრივი ინტერესების დაცვასა და კორუფციასთან ბრძოლის ხელშეწყობას, რაც თავიდან უარყოფითად აისახა ამ ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიების საოპერაციო ციკლზე.
წყაროები:
ტყეშელაშვილი, შოთა. „გემბლინგი და საბანკო დანაშაული – საქართველო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში“. ბიზნეს მედია საქართველო, 4 აპრილი, 2019. https://bm.ge/ka/article/gemblingi-da-sabanko-danashauli—saqartvelo-ashsh-is-saxelmwifo-departamentis-angarishshi/32095
ვარადაშვილი, მარიამ. „ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი I კვარტალშიც შემცირდა“. ბიზნეს მედია საქართველო, 5 მაისი, 2023. https://bm.ge/ka/article/televiziebisa-da-radios-sareklamo-shemosavali-i-kvartalshic-shemcirda—statistika-/133294
ტაბულა. სანდრო მამუკელაშვილი და დავით ნინიაშვილი ბეთლაივის ბრენდ ამბასადორები გახდნენ. 20 მარტი, 2023. https://tabula.ge/ge/news/698878-r-sandro-mamukelashvili-davit-niniashvili
სათამაშო ბიზნესის ასოციაცია. საქართველოს აზარტული თამაშების ასოციაციის ხელმძღვანელი: „სოციალური თვალსაზრისით ჩვენ მივიღეთ ნაწილობრივ არასტაბილური და უკანონო ბაზარი“. 4 აპრილი, 2023. https://www.gga.org.ge/ka/news/204
სტურუა, ლელა. ESPAD 2019 საქართველო – აზარტული თამაშები. 2021. https://www.ncdc.ge/#/pages/file/4fd0424f-dfff-4bfb-bfd3-d801ccb5973a
საქართველოს კანონი ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ (კონსოლიდირებული ვერსია – 22/02/2023) https://matsne.gov.ge/ka/document/view/30988?publication=41
გაეროს ბავშვთა ფონდი. აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით მოზარდების ცოდნის, შეხედულებებისა და პრაქტიკის კვლევა. 2022.
[1] ისეთი კომპანიები, რომლებიც მომხმარებელს აზარტულ თამაშებს ვებ-გვერდის საშუალებით სთავაზობენ.
[2] Gross Gaming Revenue (GGR) წარმოადგენს სხვაობას ფსონების სახით მიღებულ თანხასა და გაცემულ მოგებებს შორის.
[3] Net Gaming Revenue (NGR) გამოითვლება GGR-სთვის ბონუსებისა და სხვა მსგავსი კრედიტების დაკლებით.
[4] საქართველოს აზარტული თამაშების ასოციაციის ხელმძღვანელი