სტუმარი: ზაალ ჩხეიძე
ტრანსკრიპტის რედაქტორი: მარიამ ქავთარაძე
კორექტორი: მარიამ გორდაძე
ელენე ფილფანი: სალამი, თქვენ უსმენთ სტუდია გეორგიკას პოდკასტ „De Re Publica“-ს. წინა ეპიზოდებში ჩვენ იდენტობაზე საუბარი დავიწყეთ ლიტერატურული ჭრილით და დღეს ამ მიმართულების მესამე და ბოლო ეპიზოდია. ამის შემდეგ იდენტობას სხვა კუთხით განვიხილავთ. წინა ეპიზოდი დავასრულეთ იმაზე საუბრით, თუ რა დიდი ზეგავლენა აქვს რომანტიზმს ქართულ ლიტერატურაზე და რომ „რომანტიზმში გავიჭედეთ“. ახლაც ამ საკითხზე ვიმსჯელებთ, თუმცა სხვა თემებსაც მიმოვიხილავთ.
ანი კახიძე: საინტერესოა, რომ სწორედ იქ ჩერდება რომანტიზმით გაგებული შუა საუკუნეები, საიდანაც ჩვენი პოდკასტი ათვლას იწყებს – ანუ 1860-იან წლებში.
ზაალ ჩხეიძე: ჩვენი რომანტიზმი არ არის ასეთი. სინამდვილეში ის ტექსტები, რომლებიც თქვენ წაგიკითხავთ, არის მე-19 საუკუნის ბოლო და მე-20 საუკუნის 10-იანი და 20-იანი წლები (1880-იანიდან 1937 წლამდე 50-წლიანი პერიოდი). ალბათ, იწყება ალექსანდრე ყაზბეგით, რომელსაც არ ვიცი, რა მოეჩვენა, მაგრამ ფაქტია, რომ მოეჩვენა და წერა ის, რაც წერა. ოღონდ ჩვენ მას „უკუღმა“ ვკითხულობთ არა მხოლოდ იდეური, არამედ ტექსტობრივი აზრითაც. თქვენ ხომ სკოლაში „ხევისბერი გოჩა“ ისწავლეთ; არ დაფიქრებულხართ, რატომ ისწავლეთ? ეს არ არის ალექსანდრე ყაზბეგის ყველაზე მნიშვნელოვანი და საუკეთესო ტექსტი, მაგრამ ეს მწერალი საბჭოთა სკოლებში სწორედ ამ ტექსტით ისწავლებოდა. მგონია, რომ ყველა ჩვენგანს, მთელ საზოგადოებას, საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე სულ სხვა დამოკიდებულებები ექნებოდა, ყაზბეგის ის ტექსტები რომ წაეკითხა, სადაც ჩრდილო-კავკასიელების გადასახლებაზე, მათ ტრაგიკულ ამბებზე წერს ავტორი. სულ სხვა ადამიანები ვიქნებოდით, ჩვენი აღქმის რაღაც ელემენტი სხვანაირი იქნებოდა. „ხევისბერი გოჩა“ ერთადერთი ტექსტია, სადაც რუსებს არავინ არ აგინებს, შიგნით რუსები საერთოდ არ არიან.
ელენე ფილფანი: და ეგ გადმოგვყვა ამ სისტემაშიც, ხომ?
ზაალ ჩხეიძე: ბუნებრივია, რომ გადმოგვყვა. წარმოგიდგენიათ ისეთი ქართული საბჭოთა სკოლა, სადაც 50-იან და 60-იან წლებში ჩრდილოკავკასიელების გადასახლების შესახებ ასწავლიდნენ?! ნახევარი მილიონი ადამიანი მაგ დროისთვის ყაზახეთში უკვე გადაესახლებინათ. „მამის მკვლელს“ არასდროს ასწავლიდნენ ასეთ სკოლაში, რადგან სკოლაში მიღებული ცოდნა აღქმის წერტილებს ცვლის.
ყაზბეგი გენიალურად „შეშლილი“ იყო. ცხადია, ამას თავისით ვერ მოიფიქრებდა; ბევრი ენა იცოდა და კითხულობდა. მას მოჰყვა ვაჟა-ფშაველაც, მაგრამ, ამ აზრით, ყაზბეგი უფრო „შეშლილია“, რადგან ვაჟას ასეთი ნაწარმოები სულ ხუთი აქვს, დანარჩენი „კაი ყმისა“ და „ხმელი წიფლის“ სტილისაა. ყაზბეგის ყველა ტექსტი ნაციონალური ისტორიული იდენტობის შექმნის პირველი მკაფიო ლიტერატურული მაგალითია. ისიც იყენებს მითოლოგიას, მაგრამ იმდენად, რამდენადაც თავისი ოჯახის უახლოესი წინაპრები იყვნენ ამ ისტორიული მოვლენების მონაწილეები; ამ მოვლენათა შემსწრე ხალხს იცნობდა, პირველი მსმენელი იყო იმ ამბების, რომლებზეც წერდა (რუსეთის შემოსვლა, გადასახლებები და ა.შ.), ზუსტად ისევე, როგორც ვაჟამ იცოდა ის, რასაც აღწერდა. გახსოვთ „ბახტრიონის“ დასაწყისი? სანათა ზის და კვირია მოდის სასაფლაოზე. ჩვენი აღქმით, ვიღაც ქალთან ვიღაც გამხდარი კაცი მივიდა, თუმცა სინამდვილეში ვაჟასთვის ეს ყველაფერი ასე არ ლაგდება. ეს სცენები მისთვის ვიზუალურადაც, გეოგრაფიულადაც კი სხვანაირია. სანათა მითოლოგიური პერსონაჟი იყო, რომელმაც ხატი იპოვა – სანათას სალოცავი შეიქმნა. სანათას სალოცავის გზაზევე იყო კვირიას სალოცავი. იმისთვის, რათა სანათას სალოცავამდე მისულიყავი, ჯერ კვირიას სალოცავი უნდა გაგევლო. კვირია იქ იმიტომ მიდის, რომ მისი ნიში დგას იმ გზის დასაწყისში, რომელიც სანათას სალოცავამდე მიდის – ავტორი ერთ გზას აღწერს, რომლის გავლა თავადაც უწევდა. ამ გადმოცემას ავტორისა და მისი თანასოფლელებისთვის ტექსტში აღწერილი მოვლენების განვითარებისას თავისი მნიშვნელობა აქვს, მათთვის ეს ბუნებრივია. როცა მკითხველმა ეს ისტორია მათსავით იცის, ისიც მერე სხვანაირად აღიქვამს ყველაფერს. ვაჟა გენიოსი იყო. შეეძლო, გეოგრაფიული მოვლენებიც კი ისე დაეკავშირებინა ერთმანეთისთვის, რომ იქიდან ამბავი გამოსულიყო. არ გიჩნდებათ კითხვა, რატომ არავინ მისულა იმ სალოცავში სოფლიდან?
ელენე ფილფანი: მაგ დროს ყველა მკვდარი არაა?
ზაალ ჩხეიძე: თუ ყველა მკვდარია, მაშინ სანათა დიალოგის ბოლოს რატომ ამბობს: წავალ, შევჩივლებ ყველასო?! – ვინ ყველას? ტექსტის შემდეგ ნაწილში ძალიან დიდი ჯარი შემოდის… თუ ამხელა ჯარია, სალოცავში რატომ არავინ არაა?! – ეს გრძელი ამბავია. გასაგებია, რომ ვაჟამ ეს ყველაფერი მეტაფორულად გამოიყენა; იმ ამბავში, რომელიც სანათას სალოცავსა და ლაშარის ჯვარს უკავშირდება, რაღაც საინტერესო სიუჟეტი იმალება. ვაჟას ჰქონდა საოცარი პოეტური უნარი, ბავშვობაში თუ დიდობაში ნანახი ტექსტში გადმოეტანა. ისევ „ბახტრიონის“ მაგალითზე რომ ვთქვათ, ჯარების შემოსვლისას რომ ხალხი შეიკრიბება და ზავს დადებენ, გგონიათ, ეს სცენა თავად ვაჟამ მოიფიქრა?! – არა, სალოცავის ეზოში ეწყო ქვები, რომლებიც, მითოლოგიური გადმოცემით, სხვადასხვა ფიცისთვის იყო განკუთვნილი. ვაჟამ ეს ყველაფერი გალექსა. მისთვის ესაა ცოცხალი ფოლკლორული მეხსიერება, ეთნომეხსიერება, რომელიც ტექსტებში გადმოიტანა. ამიტომ არის ეს მნიშვნელოვანი, გარდა იმისა, რომ ლიტერატურული აზრით გენიალურია. თუმცა ვაჟას ასეთი ცოტა პოემა აქვს, მისთვის ეს ცალკეული „ამოფრქვევებია“, განსხვავებით ყაზბეგისგან. ამ „ამოფრქვევებს“ შორის შეუძლია, სხვა არაჩვეულებრივი ტექსტები წეროს, მაგრამ არა „ბახტრიონი“, არა „ალუდა ქეთელაური“, არა „გველისმჭამელი“ და არა „სტუმარ-მასპინძელი“. „გოგოთური და აფშინა“, მაგალითად, შესანიშნავი პოემაა, მაგრამ სხვანაირია. ვაჟა რომ ჩვენია და გვიყვარს, სულ არ ნიშნავს იმას, რომ მისი შემოქმედების ტექსტები ერთი ლიტერატურული ხარისხისაა. ჩემი აზრით, ალექსანდრე ყაზბეგი, ამ თვალსაზრისით, უფრო დიდი „შეშლილია“ (ამ სიტყვის საუკეთესო ლიტერატურული მნიშვნელობით), ვიდრე ვაჟა-ფშაველა.
ელენე ფილფანი: მომდევნო მწერლებზე გავლენის კუთხითაც ასეა?
ზაალ ჩხეიძე: არა, ვაჟას უფრო დიდი გავლენა და მეტი მითოსური სიღრმე აქვს ყაზბეგთან შედარებით. სიმბოლიზმის მოდერნულ ვერსიაში ეს მითოსი ფასობს, რადგან ის მიღმურობასთან კავშირს, მეტაფორულობას გულისხმობს. ყაზბეგი კი ამ ყველაფერს ისტორიულ ჭრილში აკეთებს, იდენტობის ხაზს ისტორიული კუთხით ქმნის, თან ღრმა წარსულში არ მიდის, მე-19 საუკუნეში რჩება.
ანი კახიძე: ამ ხაზში როგორ ჯდება, მაგალითად, „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც ყველაზე ღირებულად მიგვაჩნია? იზიარებენ ამ მემკვიდრეობას? უბრუნდებიან მას?
ზაალ ჩხეიძე: რა თქმა უნდა, „ვეფხისტყაოსანს“ უბრუნდებიან, მაგრამ მას ამ თაობის მწერლები, როგორც უკვე ვახსენეთ, მორალური მრწამსის გასაძლიერებლად გამოიყენებენ. სხვა მხრივ, მას დიდი ლიტერატურული „დამუშავება“ არ შეხებია.
ანი კახიძე: შეიძლება, რომ სადმე, სხვა ტექსტებში, ვიცნოთ თინათინი ან ნესტან-დარეჯანი?
ზაალ ჩხეიძე: შეიძლება, კი, უბრალოდ, ყველგან მაინც თამარ მეფე იქნება.
ელენე ფილფანი: რა უცნაურია, რომ ეს ტექსტი არ ამოგვიწურავს.
ზაალ ჩხეიძე: ამისთვის რაოდენობრივად არ გვყავს საკმარისი მწერალი. ეს პირველად აკაკი წერეთელმა გააკეთა „ბაში-აჩუკის“ სახით. ნეტა, თვითონ თუ ხვდებოდა, რა მასშტაბის რაღაც შექმნა ისტორიულ-ლიტერატურული აზრით?! ეს „ვეფხისტყაოსნის“ პირველი ლიტერატურული ინტერპრეტაციაა. აკაკის შემდეგ ასეთი რამ ცოტა გხვდება, ძირითადად მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ლიტერატურაში. არის ასეთი მოთხრობა „რატომ ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე?“. ეს ტექსტი ლამაზად გვეჩვენება, რადგან მასში რომანტიზმის ელემენტები ჭარბობს. თუმცა, როგორც კი ცოტა რეალისტურად შეხედავ, ცხოვრებაში გადმოიტან, რას კითხულობ, რთული გასაგებია. იგი არც რომანტიზმის პერიოდშია დაწერილი და არც რეალიზმის; ცოტა ხნის წინ დაიწერა.
„ნაჯვარების“ შექმნას ჭილაძე ყველაზე მეტად ცდილობდა. მისი ყველა რომანი ასეთი ტექსტია. ასევეა ჯემალ ქარჩხაძის „ზებულონი“, „ანტონიო და დავითი“, „იგი“, „ლაჰათ-ლუხუმი“ – ყველა ერთ „ბეჭედს ატარებს“ ზეადამიანურობის სახით, მათ შორის „დათა თუთაშხიაც“. ეს ზეადამიანურობა მთავარი მახასიათებელია, რომელიც ჩვენს ეთნომეხსიერებას აქვს. სინამდვილეში, სწორედ ამ ეთნომეხსიერების გასაძლიერებლად გადიხართ სკოლაში „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას“. იგი ბრწყინვალე ტექსტია ლიტერატურულად, მასში ისეთ რამეებს იპოვი, შეიძლება თმები ყალყზე დაგიდგეს, მაგრამ მას ჩვენ ასე არ ვკითხულობთ, რადგან იგი ჩვენი მეხსიერების ნაწილია და არა ცოცხალი ლიტერატურული ტექსტი.
ანი კახიძე: ლიტერატურას რომ ვკითხოთ, როგორია ქართველი ქალი და კაცი, რას გვიპასუხებს?
ზაალ ჩხეიძე: იგი გარკვეული „კლიშეებით“ გვიპასუხებს. ჩემი აზრით, ხშირად ისინი თავისდაუნებური იქნება, ზოგჯერ სრული და ზოგჯერ არასრული ფორმით, განსაკუთრებით ამ ეთნოცენტრულობისა და მეხსიერების გამოძახილის ფონზე. მაგალითად, ქართველი ქალი აუცილებლად იქნება განათლებული, სქესისმიერად აქტიურ ასაკში (მესმის, რომ ეს ცუდი ტერმინია, მაგრამ მასში არაფერ სექსისტურს არ ვგულისხმობ). სქესისმიერად აქტიური ასაკი, პირობითად, 18-დან 50 წლამდეა – ახალგაზრდა და შუახნის ქალი. თუ ავტორს უნდა, რომ ეს ქალი მთავარი გმირი აღმოჩნდეს და ამავდროულად არათუ რეალისტურად დაიხატოს, არამედ ამ მეხსიერების გამოძახილად აქციოს, იგი აუცილებლად 90 პროცენტით დაუკავშირდება ევროპას ან განათლებით, ან ქმრით, ან სხვა რამით. არასდროს არ იქნება კარგი მზარეული, დიასახლისი… ავტორი ანტიკურ მოდელებსაც გაითვალისწინებს და, მაგალითად, ეს ქალი აუცილებლად იქნება ცუდი დედა.
ანი კახიძე: სტერეოტიპების წინააღმდეგ წასვლას ცდილობენ?
ზაალ ჩხეიძე: არა, ეს გამოძახილები სხვა ეპოქაში სხვა რამეების ხაზგასასმელად შეიქმნა. იმ დროს სამყაროს აღქმის იმ სტილურ ფორმას მზარეული ქალები ტექსტის მთავარ პერსონაჟად არ სჭირდება. შეიძლება ვიცინოთ ამაზე, მაგრამ ალეკო შუღლაძის რომანსა და ილია ჭავჭავაძის მოთხრობაში ქალის ერთი და იგივე სტერეოტიპი შეგვხვდება. კაცზეც ზუსტად ასეა. ისინიც, როგორც წესი, დასავლეთს დაუკავშირდებიან, იშვიათად უკიდურეს აღმოსავლეთს, მაგრამ განათლებით მაინც დასავლეთს. დიდწილად იქნებიან მარტოხელები, ცალმხრივად შეყვარებულები, გარკვეული აზრით – ასოციალურები, ექნებათ მიდრეკილება განყენებული ფიქრისკენ (მორალური კუთხით). ამ მეხსიერების გამოძახილია, რომ არ არსებობს ქართული ლიტერატურის კაცი პერსონაჟი, რომელიც ღიპიანია, ანდაც მსუქანი. ეს ლიტერატურის გაქვავებული სახეობრივი მეტყველების ფორმაა და ცუდი არ არის. კაცებიც ასაკობრივად 40 წლამდე იქნებიან, ძირითადად 35 წლისანი. ამასაც თავისი ევროპული ლიტერატურული ფესვები აქვს, ქართველებს არ მოუგონიათ, – ეს დანტესეული ასაკია, ადამიანის შუა გარდატეხის ასაკი, რომელიც მერე რომანტიზმმა გაიმეორა. კონკრეტული ხასიათობრივი თვისებები, მაგალითად, სიფიცხე ან გარკვეულ თემაზე სქესისმიერი ჩაციკვლა, შეიძლება ახასიათებდეს პერსონაჟს და ისინი საზოგადოების განწყობებიდან მომდინარეობდეს, მიკერებული ნიშანი იყოს, თუმცა სხვა ყველა დანარჩენი – პერსონაჟის არჩევანი, კეთილგანწყობები, გადაწყვეტილებები, სიყვარული – ნაკარნახევია, როგორც მემკვიდრეობა. ამავდროულად, ჩვენ გვაქვს ჩვენი აკვიატებები, რომლებიც ფრანგ და ინგლისელ მწერალს ჩვენნაირი ვერ ექნება. მაგალითად, მხიარული ქართველი კაცის სახით მთავარი პერსონაჟი არ არსებობს, თუკი კომიკურ რომანს არ წერს ავტორი. სხვათა შორის, არც გათხოვილ ან გაუთხოვარ ქალზე არ ამახვილებენ ყურადღებას. ქართული საზოგადოების კომპლექსების დიდი ნაწილი ჩვენს ლიტერატურას არ ახასიათებს. იმ ტექსტებს თუ მართლა გადმოვიტანთ რეალურ ცხოვრებაში, ბევრად უკეთესი საზოგადოება ვიქნებით.
თანამედროვე ქართული ლიტერატურის სივრცე ძალიან თავისუფალია. ეს არ ნიშნავს, რომ სრულყოფილია და უკეთესის სურვილს არ ტოვებს, მაგრამ ძალიან მრავალმხრივია. აქ არ ვგულისხმობ მხოლოდ მხატვრულ ლიტერატურას. ბოლო ათწლეულის არამხატვრული ლიტერატურა, კვლევები იქამდელ პერიოდთან შედარებით ძალიან დიდი და საინტერესოა – ავტობიოგრაფიები, აკრძალული ტექსტები, რომლებიც შეიძლება 100 წლის წინ დაიწერა, მაგრამ მას შემდეგ ხელახლა არ გამოცემულა. ასეთია, მაგალითად, თედო სახოკიას, იოანა მეუნარგიას და სხვა ნაკლებად ცნობილი ავტორების ნაშრომები. ლიტერატურის ნამდვილი სხეული არ არის მისი ხარისხობრივი თვალსაზრისით ყველაზე უკეთესი გამოვლინებები. ეს სხეული სხვაგვარად იქმნება. ესაა ლიტერატურა, რომელიც „ამზადებს“ ნიადაგს რაღაც ნახტომისთვის, რომელსაც ვინმე ამ ნაშრომების წაკითხვის შემდეგ შეასრულებს. ლიტერატურის სიყვარული ჩემთვის, უპირველესად, ამ სხეულის აგებულების სიყვარულს გულისხმობს. ბევრი წიგნი შემიძლია დაგისახელოთ, რომლებშიც ქართული განათლების გამოცდილებისთვის უცნაური, სამყაროს სხვაგვარი ხედვა შეიძლება შემოდიოდეს.
ანი კახიძე: ჩემთვის ამ პოდკასტის დაწყების მიზეზი მემკვიდრეობითობის დანახვა იყო. ადრე მეგონა, რომ 1918-ში უცებ შეიქმნა სახელმწიფო. სინამდვილეში ამისთვის 1860-იანი წლებიდან ემზადებოდნენ. ამას ვერ ვაცნობიერებდი მანამ, სანამ არ წავიკითხე, რომ, მაგალითად, ილია ჭავჭავაძის მემკვიდრეობა არჩილ ჯორჯაძემ გადაიაზრა და „საერთო ნიადაგის თეორია“ შექმნა. „საერთო ნიადაგის თეორიიდან“ ვიღაცას რაღაც ახალი იდეა დაებადა და აქამდე მოვედით. როგორც ვხვდები, თუ სამოქალაქო ნაციონალიზმში ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენი ნამდვილი ღირებულებები დავინახოთ და არა საბჭოეთის მიერ გაყალბებული, ლიტერატურაში ასე არ ხდება. აქ ხაზის გაგრძელება შეიძლება არ იყოს მთავარი?
ზაალ ჩხეიძე: არა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იგი იდენტობის ნაწილია. ჩვენ ხომ გარკვეულ მახასიათებლებს ვიგონებთ ჩვენი თავის შესახებ, შეიძლება ნაწილობრივ ვართ კიდეც, მაგრამ უმთავრესად ვიგონებთ. ჩვენთან, ისევე როგორც ბევრგან, არის ორი ძირითადი ხაზი: ერთი – რეალისტური, სადაც სოციალური გააზრებებია წამყვანი; მეორე, სადაც მემკვიდრეობითობის, თვითიდენტიფიკაციის საკითხია მთავარი. უამრავი მწერალი შეგვიძლია დავასახელოთ, რომლებიც ესეებსა და მხატვრულ ტექსტებში ამაზე ბევრს წერენ. გამიხარდებოდა, თუ ეს მეხსიერების ნაწილი ქართულ ლიტერატურაში გაძლიერდებოდა. ეს დაგვეხმარებოდა, ნაკლებად „უფორმოდ“ გვეგრძნო საკუთარი თავი, ცხოვრება, რადგან ამ წუთას, გულწრფელად რომ ვილაპარაკოთ, ლიტერატურული აზრით, მაგალითად, თქვენ გაგიჭირდებათ კონკრეტულ ტექსტთან მემკვიდრეობითი მსგავსების დანახვა, – რომ, ვთქვათ, ეს ტექსტი მენათესავება, აქ სადღაც ვარ, ან არ ვარ არა მხოლოდ ხასიათობრივი ელემენტით, არამედ სამყაროს აღქმითი, ზედროული ხედვით. „ობოლე“ გამოსვლისას იმიტომ კი არ გახდა პოპულარული, რომ აკას მასზე კარგი წიგნი არ დაუწერია; რა თქმა უნდა, დაუწერია, მაგრამ „ობოლეში“ ყველაზე მკაფიო, უკიდურესად ცხადი იყო მემკვიდრეობითობის საკითხი. ძალიან მიყვარს აკას „ძველი გულებისა და ხმლისა“ იმიტომ, რომ ჩემი იდენტიფიკაციის ნაწილი, ის, თუ როგორ ვუყურებ სამყაროს, სამშობლოს, ქართველს ისეთია, როგორიც ამ წიგნში. ამ შემთხვევაში ხედვის კუთხეს გააჩნია. ვინმე ხომ სერიოზულად ვერ იტყვის, ფოლკნერის ამერიკელები ჭეშმარიტი ამერიკელები არიანო. ეს სისულელეა. ფოლკნერის ამერიკელების კონკრეტული ნიშნები გამოგონილი ფორმებია. ცხადია, მან რაღაცები სინამდვილიდან აიღო, მაგრამ დანარჩენი საკუთარი ხედვით განსაზღვრა. ზუსტად ასეა აქაც: ქართველი ავტორები და გამომცემლები ცდილობენ, ლიტერატურა დაინახონ გარკვეული მემკვიდრეობითობის ნაწილადაც. გამიხარდებოდა, თუ ქართული ლიტერატურა იქნებოდა უფრო სასტიკი ადამიანებისა და იმ საზოგადოების მიმართ, რომელშიც იგი იწერება. კარგი იქნებოდა, ჭილაძის სისასტიკე დაჰბრუნებოდა ლიტერატურას და გამძაფრებულიყო, რადგან არასაკმარისი მგონია. ახლა ჩვენ ძირითადად პროზაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ, იდენტიფიკაციის თვალსაზრისით, პოეზიას, ავტობიოგრაფიებს, მოგონებებს ძალიან დიდი მნიშვნელობა შეიძლება მიენიჭოს, ისინი უნდა დამუშავდეს. ჩვენ თუ დამოუკიდებელი, სუვერენული საზოგადოება ვიქნებით, დრო დაგვჭირდება, მაგრამ მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოვა ყველაფერი კარგად. დამოუკიდებლობას აქვს თვისება, – ვერ გაჩერდები. როგორც კი გაჩერდები, მოკვდები, განსხვავებით ჩაკეტილი, „დაკონსერვებული“ სივრცისაგან, სადაც შეგიძლია იცოცხლო, რადგან იქ ხელოვნური პირობებია, სიცოცხლის ფორმებთან აქტიური ბრძოლა, შეგუება არ გჭირდება. ჩვენ ამ დამოუკიდებლობის პირობებში განვითარებას ჯერჯერობით ვახერხებთ, 3 ათწლეული უკვე გავიდა. მეორე ათწლეულში მრავალფეროვნებითა და გამოძახილებით შეუდარებლად წინ ვართ პირველ ათწლეულზე. მგონია, რომ მომდევნო ათწლეულში კიდევ იქნება საინტერესო რაღაცები, რომლებიც იდენტობის ნაწილად იქცევა. სხვანაირად ვერ იქნება. ეს ცოცხალი ლიტერატურის ფორმაა. სიცოცხლეს ეს ახასიათებს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მეხსიერება მაქსიმალურად განვავრცოთ, გამოვიძიოთ, ამოვწიოთ ნებისმიერი რამ, რასაც წარსულსა თუ აწმყოში შევამჩნევთ. ამასთან, წინ უნდა წამოვიყვანოთ ადამიანი, რომელიც გვაინტერესებს არა მარტო კრიტიკული, არამედ პოსტმოდერნული, მაგიური რეალიზმის თუ კლასიკური მოდერნული აზრით. თემატური მრავალფეროვნება ჩვენს ლიტერატურას ჯერჯერობით ისევ აკლია.