საქართველოს პრეზიდენტები: მთავარსარდალთა მსახურების კრიტიკული ანალიზი

ყოფილი და აქტიური საქართველოს პრეზიდენტები

გააზიარე:


ავტორი: ნანო კვარაცხელია

კორექტორი: სოფიკო ქურდაძე

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ქვეყანამ 5 პრეზიდენტი შეიცვალა. პირველს სამოქალაქო ომი გადახდა და გარდაიცვალა ხიბულაში (ოფიციალური ცნობით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, თუმცა საქმე დღემდე ბურუსითაა მოცული); მეორეს რევოლუცია მოუწყვეს; მესამემ უმნიშვნელოვანესი ცვლილებები წამოიწყო, თუმცა სახელმწიფო, გარკვეული აზრით, ავტორიტარიზმამდე მიიყვანა და ახლა მისჯილი აქვს პატიმრობა 6 წლით; მეოთხეს მმართველობისას ქვეყანა უკვე გადავიდა საპრეზიდენტო მმართველობის სისტემიდან ნახევრად საპარლამენტოზე და პრეზიდენტის უფლებამოსილებები მნიშვნელოვნად შემცირდა; მეხუთე პრეზიდენტი კი აღმოჩნდა უკანასკნელი, რომელიც მოსახლეობამ აირჩია. ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტს კენჭისყრით ,,საარჩევნო კოლეგია“ აირჩევს. 

პირველი სამი პრეზიდენტის მმართველობა გამოირჩეოდა ქაოსით, განხეთქილებებითა და ძალადობითაც კი. უახლოეს წარსულში პრეზიდენტის ინსტიტუტის მნიშვნელობის შემცირების გამო ქვეყნის მთავარსარდალი ვერ თამაშობს მნიშვნელოვან როლს სახელმწიფოს პოლიტიკაში, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიხილეთ დაპირისპირება ბოლო ორ პრეზიდენტსა და მმართველ პარტიას – ,,ქართულ ოცნებას“, შორის. თავად ის ფაქტიც, რომ საქართველო იშვიათი გამონაკლისი აღმოჩნდა საბჭოთა რესპუბლიკებს შორის, სადაც დატრიალდა 9 აპრილი (მაშინ, როცა სახელმწიფოთა უმეტესობამ შეძლო საბჭოთა მმართველობისაგან თავის დახსნა სისხლისღვრის გარეშე), უნდა მეტყველებდეს ქართველი ხალხის ბუნებასა და მოქმედებათა ხასიათზე. ეს უკანასკნელი კი, ცხადია, ქართულ პოლიტიკაშიც აისახა.

საკითხის ამოწურვა, ბუნებრივია, ძალიან რთულია, თუმცა შევეცდები, თითოეული პრეზიდენტის ძლიერი და სუსტი მხარეები გამოვყო, ვაჩვენო მათი განსხვავებული მიდგომები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია, ჯერ კიდევ 70-იან წლებში დისიდენტური მოძრაობის ერთ-ერთი მეთაური იყო. მისი იდეოლოგიის უდიდეს ნაწილს ნაციონალიზმი მოიცავდა. გამსახურდია პრეზიდენტად მხოლოდ ათიოდე თვის განმავლობაში მსახურებდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს ერთი წელიწადი, ალბათ, ყველაზე მძიმე და დაძაბული იყო 90-იანი წლების საქართველოში. მის პიროვნებაზე დავა დღემდე გრძელდება ქართველ მოსახლეობაში. იშვიათად შემხვედრია მიუკერძოებელი მოსაზრება პირველი პრეზიდენტის შესახებ; ობიექტური მასალა ნამდვილი ფუფუნებაა. სტატიებსა თუ სხვა ნაშრომებში იკვეთება ავტორთა ზვიადისტური, ანდა ანტიზვიადისტური დამოკიდებულებები. გამსახურდია ან სძულთ, ან გაფეტიშებამდე უყვართ. სწორედ ამიტომ ხშირად წყაროების დამუშავებაც რთულია, – გამსახურდიას მხარდამჭერები და მოძულეები, სამწუხაროდ, ფაქტობრივ შეცდომებსაც უშვებენ და საკუთარი აზრის დასამტკიცებლად მზად არიან მოიტყუონ.

გამსახურდიას პოლიტიკაზე საუბრისას რამდენიმე მიმართულებაზე გავამახვილებდი ყურადღებას: ეკონომიკური პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა და დემოკრატიზაცია. მანამ, სანამ პირველ პრეზიდენტს გავაკრიტიკებთ, თუნდაც არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო, აუცილებლად უნდა აღინიშნოს გარემო, რომელშიც გამსახურდიას მოუწია ქვეყნის მართვა. ის სახელმწიფოს სათავეში ჯერ კიდევ მაშინ ჩაუდგა, როცა სსრკ დაშლილი არ იყო. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი გამსახურდიამ გადაიბარა დანგრეული ქვეყანა. ასე განსაჯეთ, გუშინ მოსახლეობა სულ სხვა რეალობაში ცხოვრობდა, ავად თუ კარგად, იცოდა, რა ელოდა ხვალ, ეკონომიკური პოლიტიკა გათვლილი იყო და მექანიზმი მუშაობდა იმგვარად, რომ თითოეული რესპუბლიკა ერთმანეთზე იყო დამოკიდებული და საჭიროებდა მუდმივ ურთიერთკავშირს. ეს აპარატი საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად მოიშალა და მოსახლეობა სულ სხვა სინამდვილეში აღმოჩნდა. ამგვარ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სწორი ეკონომიკური პოლიტიკის წარმართვა. გამსახურდია, ერთი მხრივ, მხარს უჭერდა საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლასა და ინვესტიციების მოზიდვას, თუმცა, მეორე მხრივ, გადაწყვიტა კავშირის გაწყვეტა რუსეთთან, ისევე როგორც სხვა სახელმწიფოებთან, და ამგვარად ეკონომიკურ იზოლაციაში მოაქცია საქართველო. სამტრედიაში გადაიკეტა რუსეთში მიმავალი სატვირთო მატარებლების გზა, დარიალის ხეობაში კი – ავტომანქანებისა. რაც არ უნდა ირონიული იყოს, ამას ეწოდა ,,რუსეთის ეკონომიკური ბლოკადა“ (ლომოური, 2011, 38). სინამდვილეში, ბლოკადაში აღმოჩნდა საქართველო. ამას შედეგად მოჰყვა უმუშევრობის ზრდა, შესამჩნევი იყო საკვებისა და ელექტროენერგიის დეფიციტი, მოიმატა სამომხმარებლო ფასებმა. ისედაც ჩამონგრეული ეკონომიკა კიდევ უფრო მძიმე პრობლემების წინაშე აღმოჩნდა.

გამსახურდიას ხშირად ბრალს სდებენ არა მარტო საქართველოს ეკონომიკურ ბლოკადაში მოქცევაში, არამედ საერთაშორისო იზოლაციაშიც. უპირველესად, უნდა აღიწეროს საერთაშორისო ვითარება ამ პერიოდში. მართალია, დასავლეთი ემხრობოდა სსრკ-ის დაშლას, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ აშშ-ს, ისედაც დაძაბული ურთიერთობის ფონზე, მეტად სურდა ურთიერთობის გამწვავება რუსეთთან. ამაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ 1991 წელს ამერიკის შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი შეთანხმდნენ შეიარაღების საკითხზე, – ბუშმა და გორბაჩოვმა ხელი მოაწერეს ,,სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებას“, რომლის თანახმადაც, ორივე მხარის ბირთვული მარაგი მცირდებოდა 40-დან 30 პროცენტამდე. ხოლო მოგვიანებით, ბუშისა და ელცინის შეთანხმების შედეგად, 2003 წლისთვის მთლიანად უნდა განადგურებულიყო ,,ქობინებიანი რაკეტები“. ორივე შეთანხმების წყალობით, ევროპაში დაახლოებით ორი მესამედით მცირდებოდა ბირთვული იარაღის ოდენობა. ამ შეთანხმებამდე აშშ აშკარად გამოხატავდა კეთილგანწყობას საქართველოს მისწრაფებების მიმართ. 110-ე რეზოლუციაში ხაზგასმული იყო ამერიკის მხარდაჭერა ქართველი ხალხის ბრძოლის, მოთხოვნებისა და დემონსტრაციების მიმართ; რეზოლუცია მხარს უჭერდა ქართველი ხალხის ბრძოლას თვითგამორკვევისათვის და მოუწოდებდა საბჭოთა მთავრობას, დაეკმაყოფილებინა ქართველი ხალხის მოთხოვნები. თავის მხრივ, გამსახურდიას პარტიაც გამოხატავდა სურვილს, ეთანამშრომლა დასავლეთთან, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ პოზიცია საკმაოდ მოზომილი იყო და გამსახურდიას ოპოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებითაც აკრიტიკებდა. საარჩევნო ბლოკის, ,,მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს“, პლატფორმის  ერთ-ერთი ამონარიდი აცხადებს: „ამიტომ დღეს საქართველოს თუკი ამოუდგება ვინმე გვერდში აღმოსავლეთის ქვეყნებთან კონფლიქტის შემთხვევაში, ასევე როგორც რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში, ეს გვერდში მდგომი იქნება მხოლოდ მსოფლიო საზოგადოება და დასავლეთის სამყარო, რომელსაც საქართველო შავი ზღვით ბულგარეთისა და რუმინეთის გავლით დაუკავშირდება“. მოწინააღმდეგეები სწორედ ამგვარი მოზომილი დამოკიდებულების გამო პირველ პრეზიდენტს ბრალს სდებდნენ საქართველოს იზოლაციაში. ფაქტია ის, რომ გამსახურდიას გარკვეული პერიოდის განმავლობაში, არ უარუყვია დასავლეთი, თუმცა პირველი პრეზიდენტი მოკავშირეების აშკარა შეურაცხყოფაზე გადავიდა სწორედ ბუშისა და გორბაჩოვის მოლაპარაკების შემდეგ. ვერ ვიტყოდი, რომ ამ საკითხში ცალსახად გამსახურდიას არჩეული პოლიტიკაა დამნაშავე. პირველი პრეზიდენტის რეაქცია იყო შედეგი აშშ-ის შეცვლილი პოლიტიკისა საქართველოს მიმართ და მისი არჩევანისა, ყოფილიყო მეტად მოზომილი სსრკ-ის ყოფილ რესპუბლიკებზე საუბრისას. პრეზიდენტმა ბუშმა 1991 წლის ზაფხულში, გორბაჩოვთან შეთანხმების შემდეგ, პირველმა გამოხატა უარყოფითი დამოკიდებულება საქართველოს ბრძოლის მიმართ. მან განაცხადა, რომ აშშ მხარს არ დაუჭერდა რესპუბლიკებს, რადგან ეს საბჭოთა კავშირის საქმედ მიაჩნდა. საქართველო მართლაც იზოლირებული აღმოჩნდა და ვერ მოახერხა აღიარების მოპოვება. სწორედ ამგვარ ვითარებაშია საჭირო ჭკვიანური პოლიტიკის გატარება, რაც, ვფიქრობ, გამსახურდიამ ვერ მოახერხა. შექმნილი მდგომარეობის გაუმჯობესების მცდელობის ნაცვლად, ის პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადავიდა დასავლელი პოლიტიკოსებისა. ის ასევე თავს დაესხა ,,რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტსაც და არჩევნების შემდგომ პრესკონფერენციაზე ,,უოლ სტრიტ ჟურნალთან“ ერთად ,,რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტიც ,,კრემლის ინსტრუმენტად“ გამოაცხადა, პროვოკატორი უწოდა და შეხვედრა დაატოვებინა. აქ შეგვიძლია ორი მხარის დანახვა და, ვფიქრობ, პასუხისმგებლობის დაკისრება მხოლოდ გამსახურდიაზე შეცდომა იქნებოდა. დასავლეთმა გარკვეული პერიოდით მართლაც გვაქცია ზურგი, რაც გამოწვეული იყო გეოპოლიტიკური ვითარებით, თუმცა, ვფიქრობ, ეს ვერ გაამართლებს გამსახურდიას მიერ შერჩეულ რიტორიკას. დასავლეთის ქვეყნების მეთაურების შეურაცხყოფა ეპატიებოდა ქართველ მოქალაქეებს, ინტელიგენციის წარმომადგენლებს, თუმცა პოლიტიკოსის მიერ გარკვეული პირების მოხსენიება ,,კრემლის აგენტებად“ და პროვოკატორებად ყველაზე არაგონივრული პასუხია, რომლის გაცემაც შეეძლო ქვეყნის მთავარსარდალს.

აღსანიშნავია ის, რომ ,,კრემლის აგენტებად“ გამსახურდიამ ყოფილი თანამოაზრეებიც შერაცხა და აგრესიული პოლიტიკა აირჩია მოწინააღმდეგეებთან დასაპირისპირებლად. პრობლემა იყო ისიც, რომ პირველი პრეზიდენტის გვერდით არასათანადო ადამიანები აღმოჩნდნენ, ისეთები, როგორებიც იყვნენ კიტოვანი და იოსელიანი. საინტერესოა ის, რომ მერაბ მამარდაშვილიც ეჭვის თვალით უყურებდა გამსახურდიას გარშემომყოფების ცოდნასა და უნარებს. აქვე ვახსენოთ ინტელიგენციაც: იმ ადამიანთა სია, რომლებიც აკრიტიკებდნენ გამსახურდიას პოლიტიკას, საკმაოდ გრძელია და შედგება ინტელიგენციის წარმომადგენლებისაგან, ანუ იმ ადამიანებისგან, რომლებიც დასაწყისში მხარს უჭერდნენ გამსახურდიას, – ჭაბუა ამირეჯიბი, ჯანსუღ ჩარკვიანი, გურამ ფანჯიკიძე, ვახტანგ ჭელიძე, აკაკი ბაქრაძე, გურამ თევზაძე და სხვები (ლომოური, 2011, 34). მაინც რა იყო იმის მიზეზი, რომ გამსახურდიას ზურგი აქციეს ყოფილმა თანამოაზრეებმაც კი? პასუხი უნდა ვეძებოთ გამსახურდიას რიტორიკასა და მის უცნაურ სურვილში, ყველგან ეპოვა ,,კრემლის აგენტები“. შედგა ,,შავი სიები“, რომლებიც, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, მიზნად არ ისახავდა ვინმეს დასჯას, თუმცა უნდა გაეფრთხილებინა და დაეშინებინა გამსახურდიას მოწინააღმდეგეები. ,,შავი სიების“ შედგენის მიზანს, ალბათ, არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ვინაიდან, თავად ის, რომ ამგვარი სიები შედგა, გვახსენებს არა მარტო საბჭოთა კავშირის მართვის მეთოდებს, არამედ რობესპიერის დიქტატურასაც საფრანგეთში. ქცევა იგივეა: ძალადობრივი რეჟიმი ცდილობს ნებისმიერი მოწინააღმდეგის ჩამოშორებას და ხდება ისეც, რომ მსხვერპლთა შორის უდანაშაულო ადამიანებიც ხვდებიან. საინტერესოა ასევე ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ანგარიში გამსახურდიას შესახებ, რომელშიც ხაზგასმულია გამსახურდიას პოლიტიკა ოპონენტების წინააღმდეგ. ანგარიშში ისიცაა ნათქვამი, რომ პირველი პრეზიდენტი იარაღად იყენებდა მედიასაც და ამ ფრონტზეც ებრძოდა მოწინააღმდეგეებს, მათ შორის – ინტელიგენციასაც. ამის ფონზე, რთული იქნება ვთქვათ, რომ გამსახურდია მცირე ჯგუფმა, ანდაც მხოლოდ ,,ხუნტამ“ გადააგდო; გამსახურდიამ ყოფილი თანამოაზრეებიც კი მოწინააღმდეგეებად აქცია. ოპონენტების დევნას დაემატა პირველი პრეზიდენტის განცხადებები, რომლებმაც ეთნიკური დაპირისპირებები გააღვივა. გარდა იმისა, რომ გამსახურდიამ სამხრეთ ოსეთს ,,ბოლშევიკური გამოგონება“ უწოდა და ოსებსა და მათ წინამძღოლებს ,,კრიმინალებად და მოღალატეებად“ მოიხსენიებდა, პირველი პრეზიდენტი შეეცადა (რაც ვერ განახორციელა), მიეღო მოქალაქეობის კანონი, რომელიც საკუთრების უფლებას მხოლოდ მათ მიანიჭებდა, ვისი წინაპრებიც საქართველოში 1801 წლამდე ცხოვრობდნენ. ოსეთთან დაკავშირებით მის განცხადებას რაც შეეხება, ჩემი მოსაზრებით, გამსახურდია მართალი იყო, როცა სამხრეთ ოსეთს ,,ბოლშევიკური გამოგონება“ უწოდა; არ ცდებოდა არც აფსუებთან დაკავშირებით, თუმცა აქ კიდევ ერთხელ უნდა ვიკითხოთ: რამდენად გონივრულია პოლიტიკოსისაგან ამგვარი განცხადებები მაშინ, როცა ჩრდილოელი მეზობელი მზადაა, პატარა შესაძლებლობის გამოჩენისას უხეშად ჩაერიოს შენი ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში და მეტად გაამწვავოს ისედაც არსებული დაპირისპირება? ნოდია სწორად აფასებს პირველ პრეზიდენტს: ,,გამსახურდია მოცული იყო პიროვნული ლოიალობის პრობლემით და ვერ გამოავლინა რაციონალური პოლიტიკური ქცევა“ (ნოდია, 1996). ის, რაც აკლდა გამსახურდიას, როგორც პოლიტიკოსს, იყო რაციონალიზმი. უნდა ვთქვათ ისიც, რომ შოვინისტური განცხადებები უარყოფით გავლენას ახდენდა საქართველოს სახელზეც საერთაშორისო მასშტაბით და დამატებით საბაბს აძლევდა დასავლელ მოკავშირეებს, ეჭვი შეეტანათ საქართველოს დემოკრატიზაციაში, ეს კი მეტად გააღრმავებდა დასავლეთსა და საქართველოს შორის არსებულ დაძაბულობას. გარკვეულ დროს ეს გამსახურდიამაც იგრძნო, ამიტომ შეცვალა განცხადებების შინაარსი და თქვა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოსაგვარებლად შესაძლებელი იყო საქართველოს ოს მოსახლეობაში ავტონომიის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება. ამგვარი წამოწყება, ბუნებრივია, საჭირო იყო, მაგრამ, ვფიქრობ, უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა, ვინაიდან წინანდელი განცხადებების საზიანო შედეგების დანახვა უკვე შესაძლებელი იყო.

რაც შეეხება აფხაზეთის ომს, გამსახურდიას როლის დანახვა ამაშიცაა შესაძლებელი. ჩემთვის დამაბნეველია პირველი პრეზიდენტის ნაბიჯები, ვინაიდან ის, ერთი მხრივ, მოუწოდებდა ეთნიკურ უმცირესობებს, დაეტოვებინათ საქართველო, მეორე მხრივ კი, სწორედ გამსახურდიას თანხმობით აირჩიეს არძინბა აფხაზეთის არ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, ხოლო მალევე, კვლავ გამსახურდიას თანხმობით, ამ საბჭოს თავმჯდომარედ. 1991 წელს გამსახურდიამ მხარი დაუჭირა და დაამტკიცა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 65 სადეპუტატო ადგილიდან 28 ადგილის გამოყოფა აფხაზი დეპუტატებისათვის, ხოლო ქართველებისათვის 26-ის. ეს კი მაშინ, როცა ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის მხოლოდ 17 პროცენტი შედგებოდა ეთნიკურად აფხაზებისაგან, ხოლო ქართველებისაგან 45% (ლომოური, 2011, 71). გადაწყვეტილების სისწორე-სიმცდარე გვერდით რომ გადავდოთ, რთულია გამსახურდიას სიტყვებისა და ქმედებების ერთ ლოგიკურ ჯაჭვში მოქცევა. რა შედეგები გამოიღო არძინბას მეთაურობამ, ეს კი ყველასთვის კარგად ცნობილია.

ერთი რამ უეჭველად უნდა ვაღიაროთ: გამსახურდიამ საქართველოს დემოკრატიზაციის გზაზე სრული კრახი განიცადა. რა იყო მისი მიზნები, მისი იდეოლოგია, სხვა საკითხია. ჩემი აზრით, ზვიად გამსახურდია იყო პატრიოტი, თუმცა მისი ადგილი ინტელიგენციაში უფრო გახლდათ, და არა პოლიტიკაში.

საქართველოს მეორე პრეზიდენტის – ედუარდ შევარდნაძის – ადგილი კი მართლაც იყო პოლიტიკაში. მან მოახერხა გამოცდილებისა და უცხოელ პოლიტიკოსებთან კავშირის ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოყენება. სწორედ საგარეო პოლიტიკაზე მსჯელობით მსურს საუბრის დაწყება შევარდნაძის შესახებ, ვინაიდან ამ მიმართულებით მეორე პრეზიდენტი უდავოდ კარგად მოქმედებდა. მან მოახერხა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის დალაგება. ჯეიმზ ბეიკერის ჩამოსვლას 25 მაისს მოჰყვა დაპირება დახმარების შესახებ და, მართლაც, ცოტა ხანში ჯორჯ ბუშმა საქართველოსათვის გამოყო რამდენიმე ათეული ტონა ხორბალი. შევარდნაძე ასევე მიიწვიეს შავი ზღვის აუზის სახელმწიფოთა კონფერენციაზე, სადაც იკრიბებოდნენ რუსეთის, თურქეთის, საბერძნეთის, რუმინეთისა და სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლები. შევარდნაძის მიწვევა კი იყო ნიშანი საქართველოს  სახელმწიფოებრიობის აღიარებისა. სულ მალე საქართველო გაეროს წევრიც გახდა. თბილისში გაიხსნა აშშ-ისა და ინგლისის საელჩოები. ვფიქრობ, გამსახურდიასა და შევარდნაძის საგარეო მიღწევების შედარებისას აუცილებლად უნდა ითქვას ის, რომ შევარდნაძე, როგორც პიროვნება, ფლობდა აშკარა უპირატესობას. ის ჯერ კიდევ 70-იანი წლებიდან ეცნობოდა საერთაშორისო პარტნიორებს და ჰქონდა უზარმაზარი გამოცდილება. შევარდნაძეს შეეძლო ესარგებლა პირადი ნაცნობობითაც უცხოელ მოკავშირეებთან. გამსახურდიას აგრესიული რიტორიკა და გამოცდილების ნაკლებობა უდავოდ ითამაშებდა როლს მის მარცხში. საპირისპიროდ, შევარდნაძის შერჩეული ტონი იყო სწორი. ამასთან, მეორე პრეზიდენტი მიმზიდველი იყო სხვა პოლიტიკოსებისათვის, როგორც პიროვნება. ეს აშკარაა პოლიტიკოსების განცხადებებიდანაც, რომლებიც არ ერიდებოდნენ მის დადებითად დახასიათებას. შევარდნაძემ თავად გამოაქვეყნა მემუარებში პრეზიდენტ ბუშის წერილი, რომელიც მან მიიღო გადადგომის შემდგომ. აშშ-ის პრეზიდენტი მადლობას უხდიდა გაწეული შრომისათვის და ხაზს უსვამდა მის წვლილს საქართველოს დემოკრატიზაციაში.

ასევე, შევარდნაძის წამოწყებულია ინსტიტუციების მშენებლობა. ჯონსი შევარდნაძის პოლიტიკის ანალიზისას აღნიშნავს, რომ, გამსახურდიასგან განსხვავებით, შევარდნაძემ დაიწყო დასავლური ღირებულებების გატარება კანონმდებლობაში. მეორე პრეზიდენტი ყურადღებას ამახვილებდა ეთნიკური უმცირესობების უფლებებზე, კანონის ჩარჩოში მოაქცია მოქალაქეობის საკითხი, რომლის მიღებაც შეეძლო ნებისმიერს, ვინც საქართველოში ცხოვრობდა, ეთნიკური მიკუთვნებულობის მიუხედავად. შევარდნაძე მნიშვნელობას ანიჭებდა ეკონომიკურ პოლიტიკასაც. ის აღნიშნავდა, რომ სოფლის მეურნეობის გაძლიერება სახელმწიფოსთვის უპირატესი უნდა ყოფილიყო, ვინაიდან, მისი აზრით, საქართველოს ეკონომიკური მდგრადობა სწორედ ამაზე იყო დამოკიდებული. მან ჩაუყარა საფუძველი საქართველოში საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს, რკინიგზის ყველა რგოლი აამუშავა და, უპირველესად, რუსეთთან სარკინიგზო კავშირი აღადგინა და გააძლიერა. ქვეყანა აღარ იყო ეკონომიკურ ბლოკადაში მოქცეული. თავად შევარდნაძეც წერს საკუთარ მემუარებში, რომ მისი მიზანი იყო რეალური დემოკრატიის მიღწევა, რადგან ამ დროს ქვეყანას მართავდა სამხედრო საბჭო (რომლის სათავეშიც იდგნენ კიტოვანი, სიგუა და იოსელიანი). იმდროინდელ საქართველოს შევარდნაძე აღწერს, როგორც ,,მყიფე სახელმწიფოს, ძლიერი და დინამიკური სამოქალაქო მოძრაობით“ (შევარდნაძე, 2018, 21). ასევე მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო შევარდნაძის მიერ გავერანებული საწარმოების აღდგენა-ამოქმედება.

ცალსახაა ის, რომ ქვეყანაში ბევრი რამ დადებითად შეიცვალა და დაიწყო რეალური ძვრები, თუმცა შევარდნაძის მმართველობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარვეზის დანახვა შეიძლება და, მათ შორის, დანაშაულისაც კი. მეორე პრეზიდენტმა გააცხადა სურვილი სახელმწიფოს დემოკრატიზაციისა, თუმცა დაპირების ნაწილი განცხადებადვე დარჩა. ამაზე მეტყველებს კორუფცია, რომელსაც სახელმწიფო მოეცვა; კრიმინალური ჯგუფები, რომლებთან გამკლავებაც ვერ ან არ მოახერხა შევარდნაძემ. 90-იანების თაობას ახსოვს უშუქობა-უწყლობის პერიოდიც, პურზე რიგები და უმუშევრობა. ქვეყანა ერთდროულად მოეცვა უმოძრაობასა და წინსვლასაც. მე ვიტყოდი, დადებითი უდავოდ ხდებოდა, თუმცა განვითარებას აკლდა ეფექტიანობა და სისწრაფე. შევარდნაძის დიდ შეცდომად, ასევე სისუსტედ, დავასახელებდი კიტოვანისა და იოსელიანის ყოფნას სამხედრო საბჭოში. გასაგებია ის ფაქტი, რომ შევარდნაძეს გარკვეული დროის განმავლობაში არ ჰქონდა საკმარისი გავლენა და ძალა იმისათვის, რომ წლობით სისტემაში ფესვგამდგარი დამნაშავეები მოეშორებინა, თუმცა ეს მაინც ვერ ამართლებს იმ ფაქტს, რომ შევარდნაძემ დროულად ვერ შეძლო არაჯეროვანი პირების ჩამოშორება. საბოლოოდ, მათ მართლმსაჯულების წინაშე აგეს პასუხი, თუმცა მანამდე მოხდა აფხაზეთის ომი. აქვე უნდა გავიხსენოთ შევარდნაძის მიერ აფხაზეთის ომთან დაკავშირებული განცხადებაც. ის ამბობდა, რომ კიტოვანის მიზანი აფხაზეთში შესვლისას იყო რკინიგზის სოჭი-ზუგდიდის მონაკვეთის დაცვა, თუმცა ეს მხოლოდ საბაბი რომ გახლდათ, ცხადია. შევარდნაძე მაშინ ამბობდა, რომ კიტოვანის მიზანი არ ყოფილა ძალადობა და აგრესია, რომ გვარდიელები აფხაზეთში ჯავშანტექნიკით კი არ შევიდნენ, არამედ – ფეხით, წყნარი სვლითა და მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღით ხელში. ეს, ბუნებრივია, სიცრუეა. ჩვენ შეგვიძლია ვიდავოთ, რამდენად სამართლიანი ან უსამართლო იყო შეიარაღებული ძალების შესვლა აფხაზეთში, ვინაიდან ყველამ იცოდა იმ განუკითხაობის, ძარცვისა და ყაჩაღობის შესახებ, რაც რკინიგზის სოჭი-ზუგდიდის მონაკვეთზე ხდებოდა. თუმცა ამას მეორე მხარეც აქვს: ვის აწყობდა მუდმივი გამოწვევები? რა თქმა უნდა – რუსეთის. ომში ნათლად გამოჩნდა ჩრდილოელი მეზობლის როლი დატრიალებულ ტრაგედიაში, შესაბამისად, აფხაზეთში გამოწვევებს კი არ უნდა აჰყოლოდა შევარდნაძის ხელისუფლება, არამედ გამოენახა სხვა გზა. ვფიქრობ, გამსახურდიაზე მეტად აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებზე შევარდნაძეა პასუხისმგებელი.

მეორე პრეზიდენტი ბევრს საუბრობდა საქართველოს დემოკრატიზაციაზე, ასევე ბევრი გააკეთა საკანონმდებლო თვალსაზრისით, თუმცა არჩევნებისას შემჩნეული ხარვეზები და მისი არადემოკრატიული გზებით ჩატარება შევარდნაძის ის მარცხია, რომელმაც მიიყვანა საბოლოოდ გადადგომამდე. ამასთან, გაუგებარი და სასაცილოც კია მეორე პრეზიდენტის არგუმენტი იმის შესახებ, რომ არ იცოდა ამომრჩეველთა სიების ხარვეზის შესახებ, რამაც მოსახლეობაში დიდი პროტესტი, ხოლო დასავლელ პარტნიორებში აღშფოთება გამოიწვია (შევარდნაძე, 2018). შევარდნაძის გადაწყვეტილება კი გადადგომის შესახებ, ვფიქრობ, სწორი იყო. როგორც თავად განაცხადა მეორე პრეზიდენტმა, მხოლოდ ამგვარად განელდებოდა შექმნილი დაძაბულობა და პოლიტიკური დაპირისპირება.

რთულია შევარდნაძის პრეზიდენტობის შეფასება ცალსახად უარყოფითად ან დადებითად, თუმცა, მგონია, გამსახურდიას შემდეგ და მასთან შედარებით, ქვეყანამ მართლაც მიაღწია გარკვეულ მდგრადობას.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი – მიხეილ სააკაშვილი, სახელმწიფოს სათავეში რევოლუციით მოვიდა. ზოგადად, თუ დავაკვირდებით რევოლუციათა ხასიათს, აღმოვაჩენთ, რომ ამგვარი გზით ხელისუფლებაში მოსული ადამიანების უმეტესობა ძალადობისკენაა მიდრეკილი. რევოლუციურ ძალებს კარგად შეუძლიათ არსებულის, დრომოჭმულის ნგრევა, თუმცა შეგვიძლია დავეჭვდეთ, თუ რამდენად ძალუძთ მათ ახლის შენება.

მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ მრავალი სასიკეთო ცვლილება მოუტანა სახელმწიფოს. თავდაცვის სისტემა სწორედ მესამე პრეზიდენტის მმართველობისას შეიქმნა. შევარდნაძის ერთ-ერთი ჩავარდნა საპოლიციო და თავდაცვის სისტემის არარსებობა იყო, ჯარი ფაქტობრივად არ გვყავდა. ამ მხრივ მდგომარება გააუმჯობესა სააკაშვილმა. კორუფცია სრულებით მოიშალა და თითოეული მოქალაქე კანონის წინაშე თანასწორად გამოცხადდა. ძალიან მკაცრი ზომები ტარდებოდა მექრთამეობის წინააღმდეგ. კანონები მხოლოდ ფურცელზე აღარ ეწერა, მათ რეალური ძალა ჰქონდა (წინამორბედი პრეზიდენტის მმართველობისაგან განსხვავებით). ,,ვარდების რევოლუციის“ შემდეგ რუსეთთან დაიძაბა ურთიერთობა და გარკვეულ დროს ჩრდილოელმა მეზობელმა უარი თქვა საქართველოსთან ეკონომიკურ კავშირზე. სააკაშვილის ხელისუფლებამ მუშაობა დაიწყო საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად და მიზანს მიაღწია კიდეც. საქართველოში მოწესრიგდა ინფრასტრუქტურაც. მესამე პრეზიდენტი დიდ ყურადღებას აქცევდა ქალაქების აღმშენებლობას, ცდილობდა ტურისტების მოზიდვასაც. სწორედ სააკაშვილის პრეზიდენტობისას დაიწყო საქართველომ ტურისტულად მიმზიდველ ქვეყნად გადაქცევა, რაც კიდევ ერთი დადებითი მოვლენა იყო ეკონომიკისათვის. სააკაშვილის საგარეო კურსი ცალსახად დასავლური იყო; ჟვანიამ თქვა: ,,მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ევროპელი“. საქართველომ ძალიან მკაფიოდ გააცხადა სურვილი ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანებისა. რეფორმირდა განათლების სისტემა, – უნივერსიტეტში მოსახვედრად არა ქრთამის გადახდა, არამედ ეროვნული გამოცდების ჩაბარება გახდა აუცილებელი. დადებითი ცვლილებების სია, მართლაც, გრძელია და აქედან გამომდინარე, მკითხველი, ალბათ, დაასკვნის, რომ რევოლუციურმა ძალამ – მიხეილ სააკაშვილმა, შეძლო შენება. ეს გარკვეულწილად ასეცაა, თუმცა გასათვალისწინებელია, თუ რა აღმოჩნდა საპირწონედ მეორე მხარეს.

ვფიქრობ, არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ სააკაშვილის მმართველობა ძალიან წააგავდა ავტორიტარულ რეჟიმს. დასაწყისში სწორად შერჩეული პოლიტიკა დამნაშავეების წინააღმდეგ – მათი დასჯა კანონის ფარგლებში და ნულოვანი ტოლერანტობის გამოჩენა დანაშაულის წინააღმდეგ – იქცა იარაღად ნებისმიერის ჩამოსაშორებლად, ვინც არ იზიარებდა მმართველი ძალის შეხედულებებს. პოლიციამ მიიჩნია, რომ ჰქონდა განუზომელი ძალაუფლება და ხშირად ისინი უფლებამოსილებას აჭარბებდნენ კიდეც. გირგვლიანი, ვაზაგაშვილი, რობაქიძე სისტემის მსხვერპლები აღმოჩნდნენ (მოგვიანებით მსგავსი საქმეები განიხილა სტრასბურგის სასამართლომ, ამ უკანასკნელმა კი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და დაადასტურა ბევრ შემთხვევაში ადამიანის უფლებათა ძალიან უხეში დარღვევები). შეუძლებელია, არ ვახსენოთ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ 7 ნოემბრის აქციის დაშლა, რომელიც, მრავალი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციისა თუ საერთაშორისო პარტნიორის შეფასებით, გასცდა კანონიერ ფარგლებს და მოხდა ძალის გადამეტება. ამ მოვლენასვე მოჰყვა პოლიტიკური კრიზისი და სააკაშვილის გადადგომა, 2008 წელს კი – რიგგარეშე არჩევნები. ასევე ნიშანდობლივია კრიტიკული მედიის არარსებობა და არსებულის კონტროლი. 7 ნოემბრის აქციის შემდგომ სპეცრაზმი ტელეკომპანია ,,იმედში“ შეიჭრა. სინამდვილეში, სააკაშვილმა ძალაუფლების განმტკიცების უმთავრეს იარაღად ძალოვანი სტრუქტურები აქცია. ეს კი, თავისთავად, მეტყველებს მის მიერ არჩეულ აგრესიულ პოლიტიკაზე. შეუძლებელია, არ ვახსენოთ მოქალაქეთა უკანონო ჩაწერა და მოსმენა. პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნება იყო კარგად ნაცადი მეთოდი მოწინააღმდეგეების, ჟურნალისტებისა თუ პოლიტიკოსების დასასჯელად. სასაცილოა მესამე პრეზიდენტის პასუხი ამ ბრალდებასთან დაკავშირებით: ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ არ იცოდა ჩანაწერების შექმნის შესახებ და, შესაბამისად, ვერ გააკონტროლებდა ამ ვითარებას.

რამდენადაც უსაფრთხო აქცია სააკაშვილმა, პირობითად, ღამე ქუჩაში სეირნობა, იმდენად საშიში გახადა განსხვავებული აზრის გამოხატვა. ასევე აღსანიშნავია სასამართლო სისტემა. მასში ფესვი გაიდგა ,,კლანმა“ და ეს საკითხი დღემდე საჭირბოროტოა. ფაქტია ის, რომ მოსახლეობა არ ენდობა სასამართლო სისტემას (რაც დასტურდება NDI-ის კვლევებიდანაც).

ასევე განსაკუთრებით საყურადღებოა  სააკაშვილის მიერ კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგების ძალიან აშკარა მცდელობა. მეორე ვადის ამოწურვამდე სწორედ მან წამოაყენა ინიციატივა პრეზიდენტისათვის უფლებამოსილებების  შემცირების შესახებ. სააკაშვილის მმართველობისას შეიცვალა საპარლამენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების როლები: პრემიერმინისტრს პარლამენტი დაამტკიცებდა და მის ხელში აღმოჩნდებოდა აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქცია-მოვალეობები, ნაცვლად პრეზიდენტისა. გათვლა ამგვარი იყო: სააკაშვილი მესამე ვადით ვეღარ იყრიდა კენჭს, ამიტომ 2012 წელს, ,,ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შემდეგ, ის უნდა გამხდარიყო პრემიერი და ამგვარად შეენარჩუნებინა ძალაუფლება. საინტერესოა ის, რომ იგივე მეთოდი გამოიყენა პუტინმა რუსეთში.

მაგრამ ვითარება 180 გრადუსით შემოტრიალდა, როცა 1. პოლიტიკაში გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, საკუთარი პოლიტიკური გაერთიანებით და 2. გასაჯაროვდა ,,ციხის კადრები“. ამ უკანასკნელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ძალოვანი სტრუქტურების მიერ ძალაუფლების გადამეტება, ცხადყო ადამიანის უფლებების უმძიმესი დარღვევა. ვფიქრობ, სწორედ ამ კადრების გავრცელება იყო ის უკანასკნელი წვეთი, რომელმაც აიძულა მოსახლეობა, ხმა მიეცა ახალი ძალისათვის. 2012 წლის არჩევნებზე დაფიქსირდა აქტივობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, ისეთი, როგორიც აქამდე არასდროს არ ყოფილა, რამაც ძალიან კარგად აჩვენა მოსახლეობაში დაგროვებული უკმაყოფილება. ამგვარად, 2012  წელს პირველად გადააბარეს ხელისუფლება მშვიდობიანი გზით, რასაც მესამე პრეზიდენტი ხშირად ამადლის კიდეც ,,ქართულ ოცნებასა“ და მოსახლეობას.

ახლა მიხეილ სააკაშვილი სასჯელს იხდის 6 წლის ვადით. სასამართლომ ის გაამტყუნა ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე 2007 წლის 7 ნოემბერს, ,,იმედში“ შეჭრისა და საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე. სასჯელის ზომა კი იმ სასამართლო სისტემამ განუსაზღვრა, რომელიც თავადვე შექმნა. მესამე პრეზიდენტი დღემდე ახერხებს, იყოს ,,ფაქტორი“ და მნიშვნელოვანი პირი ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. რამდენად აინტერესებს საკითხი საშუალოსტატისტიკურ მოქალაქეს, რომლის უმთავრესი პრობლემაცაა უმუშევრობა და სიდუხჭირე, სადავოა. თუმცა ფაქტია ის, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი პარტიის – ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ – ნაბიჯები დღემდე განსაზღვრავს ქართულ პოლიტიკურ რეალობას.

მეოთხე პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, ნახევრად საპარლამენტო სისტემის ფარგლებში მოუწია მთავარსარდლის მოვალეობის აღსრულება. მან საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა საკმაოდ დიდი უპირატესობით და ამომრჩეველთა ხმების 62 პროცენტი მოიპოვა. ვფიქრობ, 2013 წლის არჩევნები ძალიან საინტერესო იყო იმ მხრივ, თუ რა პრინციპით დაიწყო ქართველმა მოქალაქემ არჩევა. სხვა არჩევნების შემთხვევაში, ქართველი ხალხი ხმას აძლევდა პიროვნებებს; პარტიული რეიტინგი, მისი იდეოლოგიაც კი ნაკლებად საინტერესო იყო. ჩემი დაკვირვებით, ქართველი ხალხი ხმას აძლევდა, პირობითად, მიხეილ სააკაშვილს არა იმის გამო, რომ კონკრეტული პარტიის ან იდეოლოგიის წარმომადგენელი იყო, არამედ მხარს უჭერდა მიხეილ სააკაშვილს მისი პიროვნების გამო. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კი მოსახლეობამ ხმა მისცა არა იმდენად გიორგი მარგველაშვილს, არამედ მის კოალიციასა და ამ უკანასკნელის ხელმძღვანელს – ბიძინა ივანიშვილს. ეს დადასტურდა მას შემდეგაც, რაც ბიძინა ივანიშვილმა 2014 წელს პირველად გააკრიტიკა გიორგი მარგველაშვილი. ამ უკანასკნელის რეიტინგი ივანიშვილის განცხადების შემდგომ 72%-დან 46%-მდე დაეცა. ეს კი მარგველაშვილს არ გაჰკვირვებია და ყოველთვის აღიარებდა იმ ფაქტს, რომ ბევრმა მას მხარი დაუჭირა ივანიშვილის გამო. მარგველაშვილის პრეზიდენტობა გამოირჩეოდა ერთგვარი წესრიგით. მის დროს ქვეყანა არ მოიცვა არც სამოქალაქო ომმა, არც უკიდურესმა სიდუხჭირემ თუ დაპირისპირებამ. გიორგი მარგველაშვილმა თავი მოსახლეობას დაამახსოვრა მხოლოდ მმართველ გუნდთან წინააღმდეგობით. მეოთხე პრეზიდენტი მალევე დაუპირისპირდა ,,ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილს, თუმცა გამუდმებით ცდილობდა, მიუკერძოებელი ყოფილიყო და მხარს არც ,,9-წლიანი რეჟიმის“ წარმომადგენლებს უჭერდა. ერთადერთი იარაღი მის ხელში იყო ვეტო (მარგველაშვილმა ეს უფლებამოსილება 11-ჯერ გამოიყენა), რომლის დაძლევასაც საპარლამენტო უმრავლესობა მუდმივად და შეუფერხებლად ახერხებდა. პრეზიდენტობის უკანასკნელ წელს კი მარგველაშვილი თითქმის სრულებით გაქრა ქართული პოლიტიკიდან და ვეტოთიც აღარ ახსენებდა თავს პარლამენტს. მიუხედავად იმისა, რომ აქა-იქ მარგველაშვილი ცდილობდა საკუთარი დამოკიდებულების ცხადყოფასა და გარკვეული მოვალეობის შესრულებას, მის ნაბიჯებსა და მოსაზრებებს აკლდა სიმტკიცე, ქმედითობა და პრინციპულობა. მარგველაშვილის პრეზიდენტობა გამოირჩეოდა მისი ,,ნელ-თბილი“ ხასიათით. ეს გასაგებიცაა იქიდან გამომდინარეც, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტმა ძალა დაკარგა, ვეღარ თამაშობდა რაიმე მნიშვნელოვან როლს. ყოველ შემთხვევაში, ამგვარი მოსაზრება მქონდა მანამ, სანამ მთავარსარდალი სალომე ზურაბიშვილი არ გახდა.

რაც შეეხება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, ის არის პირველი ქალი პრეზიდენტი. მან კენჭი იყარა დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით, თუმცა ,,ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიისას ძალიან აშკარად გამოხატავდა მხარდაჭერას ზურაბიშვილის მიმართ. ამ შემთხვევაშიც მოქალაქეებმა არჩევანი გააკეთეს არა პიროვნების, არამედ პარტიის სასარგებლოდ. მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იყო უარყოფითი დამოკიდებულება და მან ვერ შეძლო პირველივე ტურში გამარჯვება, საბოლოო ჯამში მოსახლეობამ ,,ნაციონალურ მოძრაობას“ ამჯობინა ,,ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი. მმართველმა პარტიამ არ დაიშურა რესურსი იმისათვის, რომ ზურაბიშვილს მოეგო არჩევნები. გარკვეული დროის განმავლობაში მეხუთე პრეზიდენტი და მმართველი პარტია პოულობდნენ საერთო ენას. მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა 2020 წლის არჩევნების შემდგომ. ვფიქრობ, როლი, რომელიც ქალბატონმა სალომემ ითამაშა ოპოზიციისა და მმართველი ძალის მოლაპარაკებისას, მართლაც მნიშვნელოვანი იყო და პირველად მაგრძნობინა ის, რომ ესოდენ დასუსტებული ინსტიტუციის წარმომადგენელს მაინც შესწევს ძალა, წარმოადგენდეს ქვეყანას როგორც საშინაო, ასევე საერთაშორისო სარბიელზე. სალომე ზურაბიშვილმა ითავა შუამავლობა და უცხოელ მოკავშირეებთან ერთად ცდილობდა დაპირისპირებული მხარეების მოლაპარაკების მაგიდამდე მიყვანას. მეხუთე პრეზიდენტის როლი დადებითი აღმოჩნდა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დადებული ხელშეკრულებისას. დასავლელი პარტნიორებიც ხშირად ხაზს უსვამდნენ სალომე ზურაბიშვილის მნიშვნელობას და ოპოზიციაც აღნიშნავდა მის ჩართულობას ამ მოვლენებში. ვფიქრობ, მეხუთე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილზე მეტად პრინციპული აღმოჩნდა მრავალ საკითხში. მაგალითისათვის, მან ცალსახად უარყო მიხეილ სააკაშვილის შეწყალება და შეძლო საკუთარი გადაწყვეტილების მტკიცედ დაცვა-დასაბუთება, ოპოზიციის ზეწოლის მიუხედავად. ნიშანდობლივია ის, რომ მეხუთე პრეზიდენტიც დაუპირისპირდა მმართველ ძალას, წინამორბედის მსგავსად. პრეზიდენტის ინსტიტუტს რაც შეეხება, სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში ის არაა იმდენად უმოქმედო, როგორიც გიორგი მარგველაშვილის დროს იყო. შესაძლოა, ეს შექმნილმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამაც განაპირობა. რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში, სალომე ზურაბიშვილი ცდილობდა საქართველოსა და უკრაინას შორის აშკარად დაძაბული ურთიერთობის განმუხტვას. მაშინ, როცა უკრაინელი პოლიტიკოსები აკრიტიკებდნენ ქართული ხელისუფლების მოზომილ, ხშირად მოსახლეობის აზრის საპირისპირო განცხადებებს და მდგომარეობა იქამდეც კი მივიდა, რომ საქართველო დატოვა უკრაინის ელჩმა, სალომე ზურაბიშვილი ნებისმიერი სივრციდან ცალსახად მხარს უჭერდა უკრაინელ ერს. ის ასევე აქტიურად ხვდებოდა დასავლელ პარტნიორებს და ცდილობდა წინ წამოეწია საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხიც. გარკვეულ ეტაპზე კი მმართველმა გუნდმა ბრალი დასდო პრეზიდენტს უფლება-მოვალეობების გადაჭარბებაში სწორედ დასავლელ პარტნიორებთან ვიზიტის გამო. რამდენად სამართლიანი თუ უსამართლო იყო ,,ქართული ოცნების“ ბრალდება, სხვა საკითხია. აქ მნიშვნელოვანი მგონია ის ფაქტი, რომ მარგველაშვილის პრეზიდენტობისას რუდიმენტად ქცეულმა ინსტიტუციამ კვლავ მოახერხა საკუთარი მნიშვნელობის დადასტურება. ზურაბიშვილის დამოკიდებულება მნიშვნელოვანი იყო ეგრეთ წოდებულ რუსულ კანონზე მსჯელობისასაც. მართალია, პრეზიდენტის ერთადერთი იარაღი იყო ვეტო, თუმცა თავად ის ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილმა საკმაოდ პრინციპულად და მტკიცედ ისაუბრა კანონის სიმცდარის შესახებ, მნიშვნელოვანი აღმოჩნდა როგორც უცხოელი მოკავშირეებისთვის, ასევე ქართველი მოსახლეობისთვისაც. აქციაზე გასული ადამიანებისათვის სალომე ზურაბიშვილი იქცა ,,ფაქტორად“, ხელისუფლების წარმომადგენლად, რომელიც მათ ინტერესს იცავდა. ჩემი მოსაზრებით, ზურაბიშვილი ახერხებს წონასწორობისა და მიუკერძოებლობის დაცვას, – იმდენად, რამდენადაც ის არ ერიდება მმართველი ძალის კრიტიკას, ის არც ოპოზიციის წინაშე ცდილობს ,,ქულების დაწერას“. სალომე ზურაბიშვილი, ვფიქრობ, ერთგვარი შუამავალია და, ამასთან, ცალსახად ცდილობს ქვეყნის დადებითი კუთხით წარმოჩენას საერთაშორისო სივრცეში. ამაში კი ეხმარება წარსული გამოცდილება დიპლომატიის მიმართულებით. 

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი მნიშვნელოვნადაა დასუსტებული, ვფიქრობ, მას ჯერ კიდევ ძალუძს დადებითი გავლენის მოხდენა სახელმწიფოზე და გარკვეული მოვალეობების შესრულებაც. რამდენად დიდია ეს გავლენა, სხვა საკითხია, მით უმეტეს იმის ფონზე, რომ 2024 წლიდან პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეები აღარ აირჩევენ. ინსტიტუციის სიძლიერე და გავლენა, ვფიქრობ, დიდწილად იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორი პიროვნება ჩაუდგება მას სათავეში (განსხვავების დანახვა კი კარგადაა შესაძლებელი ზურაბიშვილისა და მარგველაშვილის შედარებით).

ზოგადად, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ძალიან საინტერესო ნიშნის დანახვაა შესაძლებელი: გამსახურდიადან მოყოლებული მმართველი ძალები ამგვარი წესით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს, – სათავეშია რადიკალური ძალა, მას ანაცვლებს წესრიგის დაპირებით მოსული ხელისუფალი, ამ უკანასკნელს კვლავ ენაცვლება შედარებით რადიკალური ძალა და გარკვეული დროის შემდგომ კვლავ სტაბილიზაციისა და ზომიერების მომხრე ძალა მოდის: გამსახურდია – შევარდნაძე – სააკაშვილი – ,,ქართული ოცნება“.

გამოყენებული ლიტერატურა:

შევარდნაძე, ედუარდ. 2018. ფიქრი წარსულსა და მომავალზე. თბილისი: ნეოსტუდია.

ლომოური, ნოდარ. 2011. საქართველოს წარსული საუკუნის ბოლოს და ედუარდ შევარდნაძე. თბილისი: უნივერსალი.

ბუაჩიძე, ვახტანგ. 2018. ედუარდ შევარდნაძე 90: ან კარგი, ან არაფერი, სიმართლის გარდა. საქართველო და მსოფლიო.

გივიშვილი, გიგი. 2015. ზვიად გამსახურდიას საგარეო პოლიტიკა და დასავლეთი. https://www.georoyal.ge/?MTID=5&TID=92&id=3200

CIA. 1991. ანგარიში ზვიად გამსახურდიას შესახებ. https://idfi.ge/public/upload/IDFI_Photos_2017/achieves/CIA_1991.pdf

რადიო თავისუფლება. შეურაცხყოფილი დემოკრატიის მხარდასაჭერად. https://www.radiotavisupleba.ge/a/1754676.html (15.06.2009)

ფორმულა. ზურაბიშვილის რუსულ კანონპროექტზე: ვეტოს დავადებ- იმისათვისაა, რომ დაგვაშოროს ევროპასთან. https://formulanews.ge/News/85958 (28.02.2023)



მდევარი