სავლე წერეთელი

ალექსანდრე შურა ჯაფარიძის ახალგაზრდობის ფოტო, ეროვნული ბიბლიოთეკა

გააზიარე:


ავტორი: გურამ თევზაძე

წინათქმა წიგნიდან: ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში/ ს. წერეთელი ;
რედაქტორი: გ. თევზაძე;
თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა , 1973.

კორექტორი: სოფიკო ქურდაძე

სტატია გააციფრულა სალომე ონიანმა

გელა გელაშვილის ბიბლიოთეკიდან

გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსი, პროფესორი სავლე ბენედიქტეს ძე წერეთელი დაიბადა 1907 წ. 1 თებერვალს ამბროლაურის რაიონის სოფ. ჯვარისაში (ახლანდელი სოფ. შრომა). დაწყებითი განათლება ამავე რაიონის სოფ. ბუგეულის სამოქალაქო სასწავლებელში მიიღო, ათწლედი კი ონში დაამთავრა. 1925–1930 წლებში ს. წერეთელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია, 1931–1934 წლებში – ამავე უნივერსიტეტის ასპირანტი ფილოსოფიის ისტორიის სპეციალობით. 1938 წ. იგი ბრწყინვალედ იცავს საკანდიდატო დისერტაციას თემაზე: „რედუქციული დასკვნა-დასაბუთების მეთოდები“.

დიდი სამამულო ომის დასაწყისიდანვე ს. წერეთელი ბრძოლის ველზეა. იგი იბრძვის ჯერ გერმანელი ფაშისტების, ხოლო შემდეგ – იაპონელ იმპერიალისტთა წინააღმდეგ. ორი საბრძოლო ორდენითა და ოთხი მედლით დაჯილდოებული საბჭოთა არმიის მაიორი ს. ბ. წერეთელი 1946 წ. დემობილიზაციის წესით ტოვებს შეიარაღებული ძალების რიგებს. ჯარიდან დაბრუნებისთანავე იგი მისთვის ჩვეული ენერგიით ჩაება სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობაში: ს. წერეთელი იყო ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის დეკანი, ხოლო შემდეგ, 1948-1958 წლებში, ამავე უნივერსიტეტის ფილოსოფიის ისტორიის კათედრის გამგე. ს. წერეთლის ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას განაპირობებდა არა მარტო იშვიათი პედაგოგიური ნიჭი, არამედ აგრეთვე მისი უმწიკვლო, სანიმუშო ცხოვრება. იგი მასწავლებელი იყო, ამ სიტყვის ფართო გაგებით. მას სწამდა, რომ თეორიაში ჭეშმარიტების ძიება ცხოვრებაში პატიოსნებასა და მამაცობას ავალებს ადამიანს. ამ რწმენისათვის მას მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში არასოდეს უღალატია.

პროფ. ს. წერეთელს  ღირსეულად ეკავა მისთვის მინდობილი ყველა საპასუხისმგებლო თანამდებობა. დიდი იყო მისი ღვაწლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგრამ მისი, როგორც მეცნიერული შრომის ხელმძღვანელისა და ახალგაზრდა მეცნიერთა აღმზრდელის, ნიჭი განსაკუთრებით საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში გამომჟღავნდა. მან ეს ინსტიტუტი აქცია საბჭოთა კავშირში ფილოსოფიური კვლევა-ძიების ერთ-ერთ აღიარებულ, მოწინავე კერად. ს. წერეთელი ამ ინსტიტუტის დირექტორი იყო 1948–1953 წლებში, ხოლო შემდეგ – 1957 წლიდან  მოულოდნელ გარდაცვალებამდე (1966 წ. 9 აგვისტომდე). ამ ინსტიტუტის ყოველი მიღწევა მის სახელს უკავშირდება. საკუთარი გზის სიმართლის რწმენა საშუალებას აძლევდა მას, შემწყნარებელი ყოფილიყო სხვისი, თუნდაც საპირისპირო თვალსაზრისის მიმართ. იგი არასდროს მიმართავდა საკუთარ ან სხვის გავლენას რაიმეში ვინმეს დასარწმუნებლად. მის მიერ უპრეტენზიოდ გამოთქმული შენიშვნები ღრმა საფუძვლიანობით ხასიათდებოდა. იგი უხმაუროდ განაგებდა ინტიტუტის სამეცნიერო  ცხოვრებას.

ჭეშმარიტად შესაშურია ქართველ ფილოსოფოსთა იმ თაობის ბედი, რომელსაც სტუდენტობის პერიოდში ს. წერეთელმა გააცნო ფილოსოფიურო პრობლემატიკა, ხოლო შემდეგ ფილოსოფიის ინსტიტუტში მისი ხელმძღვანელობით შემოქმედებითი კუთხით მუშაობდა. და თუ ეს თაობა ნაყოფიერებით და მრავალრიცხოვნობით გამოირჩევა, ამაში ს. წერეთლის დიდი წვლილიცაა.

ს. წერეთელი, როგორც დიალექტიკური ლოგიკის მკვლევარი

ს. წერეთლის სახელი უკავშირდება მის ფუნდამენტურ გამოკვლევებს დიალექტიკური ლოგიკის დარგში. ამ საკითხს მიეძღვნა მისი სადოქტორო დისერტაციაც – „ლოგიკური კავშირის დიალექტიკური ბუნების შესახებ“, რომელიც მან წარმატებით დაიცვა ქ. მოსკოვში 1957 წელს. ს. წერეთელი 30 წლის განმავლობაში იშვიათი შრომისუნარიანობითა და თანმიმდევრობით სულ უფრო და უფრო აღრმავებდა და აყალიბებდა ერთ ძირითად პრობლემას – ლოგიკურის სფეროში დიალექტიკის გამოვლენის თავისებურების, ე. ი. დიალექტიკური ლოგიკის პრობლემას. მისი მრავალმხრივი ფილოსოფიური მოღვაწეობა აქ იყრის თავს და აქედან პოულობს ახსნას. როგორც ხშირად ამბობდნენ, იგი ბუნებით დიალექტიკოსი იყო. იგი დიალექტიკას ეძებდა ყველგან და პოულობდა მას იქაც კი, სადაც სხვებისათვის ეს შეუმჩნეველი რჩებოდა. მისი მრავალრიცხოვანი ნაშრომი დიალექტიკურ და ისტორიულ მატერიალიზმსა და ფილოსოფიის ისტორიაში ამის დამაჯერებელი დადასტურებაა. 

დიალექტიკური ლოგიკის პრობლემა ჩვენს ფილოსოფიაში დიდი ხანია, პირველხარისხოვან პრობლემად ითვლება. მარქსიზმის კლასიკოსები ხაზგასმით მიუთითებდნენ, რომ დიალექტიკური ლოგიკის პრობლემის დამუშავება მარქსისტული ფილოსოფიის გადაუდებელი ამოცანაა. მიუთითებდნენ აგრეთვე  იმაზეც, რომ ამისათვის აუცილებელია წარსული ფილოსოფიის, განსაკუთრებით ჰეგელის დიალექტიკის კრიტიკული ათვისება. შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ საბჭოთა ფილოსოფიაში ყველაზე მეტი პროფ. ს. წერეთელმა გააკეთა. შემთხვევითი როდი იყო, რომ 1958 წ. იგი ვენეციაში, XII საერთაშორისო ფილოსოფიურ კონგრესზე, საბჭოთა დელეგაციის წევრად და მომხსენებლად მიიწვიეს. კონგრესზე წაკითხულმა მოხსენებამ „ლოგიკური აუცილებლობის ბუნების შესახებ“ ს. წერეთლის კვლევა-ძიების მიმართულება და ძირითადი შედეგები გააცნო მსოფლიოს ფილოსოფოსთა ყრილობას. 

დიალექტიკური ლოგიკის პრობლემის მნიშვნელობა მარქსიზმისათვის არასგზით არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ლოგიკის სფეროთი. ცხადია, მარტო ლოგიკას არ ეხება საკითხი იმის თაობაზე, აისახება თუ არა საერთოდ ყოველი არსებულის მამოძრავებელი შინაგანი წინააღმდეგობა ლოგიკურ ფორმებში. რამდენადაც დიალექტიკური მატერიალიზმი დაპირისპირებულთა ერთიანობას საერთოდ ყოველგვარი არსებობის მოძრაობისა და განვითარების საფუძვლად მიიჩნევს, მან ლოგიკურშიც უნდა მოუნახოს ადგილი ამ პრინციპს. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ, რომ ჩვენი აზროვნება არსებულად უშვებს ისეთ რამეს, რისი მოაზრება მას არ შეუძლია. ეს წინააღმდეგობაა, რადგან ამ შემთხვევაში აზროვნება საკუთარ თავზე მაღლა მდგომის პრეტენზიით გამოდის, რომელსაც უკვე სრულად შემეცნებული აქვს აზროვნებისა და, ასევე, მისთვის პრინციპულად მიუწვდომელი ვითარების ბუნება. ამ წინააღმდეგობის ასაცილებლად საჭიროა სინამდვილეში დაშვებული დიალექტიკის ამსახველი ლოგიკური ფორმების ძიება. ამიტომ მიიჩნევდა პროფ. ს. წერეთელი აუცილებლად დიალექტიკური ლოგიკის აგებას. ეს უნდა ყოფილიყო დიალექტიკური მატერიალიზმისგან განსხვავებული, მაგრამ მისით განსაზღვრული ახალი მეცნიერება, რეალური დიალექტიკის ამსახველი ლოგიკურ ფორმებში და, ამდენად, დიალექტიკის დამასაბუთებელი ლოგიკა. 30 წლის დაუღალავი მუშაობის შედეგად ს. წერეთელმა შექმნა დიალექტიკური ლოგიკის ორიგინალური სისტემა. იგი ამავე დროს აფუძნებს დიალექტიკური ლოგიკის კურსს, რომელსაც ავტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე კითხულობდა.

ს. წერეთელი ლოგიკურისათვის ორ საფუძველს აღიარებს. ლოგიკურის საფუძველია ის სინამდვილე, რომლის ასახვასაც ლოგიკური წარმოადგენს და ურომლისოდაც იგი არ იარსებებდა. მაგრამ ამ გარემოებამ არ უნდა დაგვავიწყოს ლოგიკურის შედარებითი დამოუკიდებლობა, რომელიც მის თავისებურებას განსაზღვრავს. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ლოგიკურს, რეალური საფუძვლის გარდა, ლოკიგური საფუძველიც აქვს. სინამდვილის საყოველთაო კანონზომიერების საფუძველზე ლოგიკურის თავისებურების ანალიზით შეიძლება ლოგიკური აზროვნების ბუნების ჭეშმარიტი ახსნა.

ლოგიკის საგანი, ს. წერეთლის აზრით, აზრში არსებული ობიექტური შინაარსია (ანუ აზროვნებაში ასახული, მაგრამ აზროვნებისგან დამოუკიდებელი) და ასეთ ობიექტურ კავშირთა ფორმა. ლოგიკური შინაარსი სინამდვილეს ასახავს, მაგრამ რა სწორიც არ უნდა იყოს ეს ასახვა, ასახვის კანონები და წესები არ ემთხვევა ასასახის კანონებს. მაგ. რეალობაში მიზეზი და შედეგი ერთმანეთის მიმართ არასდროს არ იცვლის ადგილს: მიზეზის შედეგამდე არსებობს მისგან დამოუკიდებლად, მიზეზისა და შედეგის ლოგიკური ცნებები კი უერთმანეთოდ არ არსებობს. ისინი ერთმანეთს მოითხოვენ და ერთმანეთში გადადიან. მათი მოაზრება ერთიმეორის გარეშე შეუძლებელია. ამგვარ ორმხრივ გადასვლებს (აქ – მიზეზის ცნებიდან შედეგზე გადასვლის აუცილებლობა და პირიქით) ს. წერეთელი შემეცნების თავისებურებად მიიჩნევს. სხვაა ვითარება, რომელსაც იგი ლოგიკურ რეფლექსიას  უწოდებს, რომელსაც შემეცნებითი რეფლექსიისაგან განასხვავებს. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს მისი თეორიის გაგებისთვის. ლოგიკურის კატეგორია ისაა, რომლის უარყოფა მასვე ამტკიცებს, ე. ი. ლოგიკური რეფლექსიის ბუნებას ამჟღავნებს. ლოგიკურია ფილოსოფიური კატეგორია, რომელიც თავის თავში ფორმალურ-ლოგიკურ წინააღმდეგობას არ შეიცავს და რომლის უარყოფა გვაძლევს სხვა კატეგორიას. მაგ., რაოდენობის უარყოფა აღარაა რაოდენობის კატეგორია, ასევე შესაძლებლობის, შემთხვევითობის და სხვა კატეგორიები. მაგრამ აზროვნების უარყოფა აზროვნებასვე გვაძლევს, ცნების უარყოფა ცნებაა, მსჯელობისა – მსჯელობა და ა. შ.

ს. წერეთელს ლოგიკის ლოგიკის დაშვება უაზრობად მიაჩნდა და ამიტომ მიზნად დაისახა ლოგიკას თავის თავში მოენახა დასაბუთების საფუძვლები. მისი აზრით, ეს მოხერხდებოდა, თუ ლოგიკურში აღმოჩნდებოდა შინაგანი უარყოფა. შინაგანი უარყოფა აუცილებელია ლოგიკის სფეროს დაფუძნებისათვის, მისი შედარებითი დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე, ამ სფეროს დაკავშირებისათვის დიალექტიკის ძირითად კანონთან. იმის უარყოფა, რაც თავად შინაგანად შეიცავს უარყოფას, როგორც თავის მომენტს, შეუძლებელია, – წერდა იგი, – „ისე როგორც შეუძლებელია წინააღმდეგობის ერთიანობის უარყოფა. ეს უარყოფა სწორედ მასვე ადგენს“. ამ საფუძველზე აგებული დიალექტიკური ლოგიკა კატეგორიების ლოგიკა იქნება, თანაც ისე, რომ ამ კატეგორიებს იგი თვითვე აწარმოებს და თვითვე მოიხმარს, განსხვავებით ფორმალური ლოგიკისაგან, რომელიც საკუთარი სფეროს გარეთ დადგენილ კატეგორიებს იყენებს. კატეგორიების განსაზღვრება დიალექტიკურ ლოგიკაში იქნება შესაბამისი კატეგორიის ადგილის დადგენა სისტემაში, რაც ამავე დროს ამ კატეგორიის დასაბუთებაცაა. ამგვარი ლოგიკის სისტემის აუცილებლობა საკუთარი შინაგანი ძალებით დადგენილ უპირობოს უნდა ემყარებოდეს. ამიტომაა, რომ ს. წერეთელს საჭიროდ მიაჩნია ფორმალური ლოგიკის ცნობილ კანონებს დაუმატოს ახალი, რომელსაც ის „დადგენის კანონს“ უწოდებს. მან უნდა მოგვცეს შესაძლებლობა, ლოგიკური საკუთარ ნიადაგზე დავაფუძნოთ.

ლოგიკურის თავისებურებისა და ამავე დროს მატერიალისტური დიალექტიკის ძირითად კანონებთან მისი კანონების კავშირის ჩვენება აქვს მიზნად „დიალექტიკურ ლოგიკაში“ შემოტანილ „აუცილებელი მეორის კანონს“. ეს ლოგიკურში სპეციფიკური სახით არსებული რაოდენობის თვისებრიობაში და პირუკუ გადასვლის კანონია. ლოგიკურში ამ კანონის გამოვლენა, ცხადია, იმას არ ნიშნავს, თითქოს ლოგიკური რაოდენობა ლოგიკურ თვისებრიობაში გადადიოდეს. იგი იმაზე მიუთითებს, რომ ერთი ლოგიკურისათვის აუცილებელია მეორე, ერთი გადადის მეორეში. არსებითი ისაა, რომ ეს გადასვლა ლოგიკურშიც ახლის მიღებას ნიშნავს, ე. ი. ეს კანონი ლოგიკურშიც ახლის მიღების კანონია. 

ასევე თავისებური სახით მოქმედებს ლოგიკურში დიალექტიკის მეორე ძირითადი კანონი, უარყოფის უარყოფის კანონი. იგი ლოგიკური მოხსნა-შენახვის გამომხატველია (ს. წერეთელს ასეთად მიაჩნია სასრულსა და უსასრულოს, კერძოსა და ზოგადს შორის და ა. შ. დამოკიდებულება). დიალექტიკური ლოგიკის თავისებურებაზე მიუთითებს აგრეთვე „აუცილებელი მესამის კანონი“. ს. წერეთელი ფიქრობს, რომ ეს კანონი ეხმიანება გამორიცხული მესამის ტრადიციულ კანონს. ეს ახალი კანონი სწორედ იმ რაღაცის ლოგიკურ ადგილს ადგენს, რომელზედაც პრეტენზიას აცხადებენ დაპირისპირებული პრედიკატები. იგი იმ საფუძველს ადგენს, ურომლისოდაც პრედიკატთა დაპირისპირებას აზრი არ ექნებოდა. აქედანაც ჩანს, თუ როგორ ესმის პროფ. ს. წერეთელს ფორმალურ და დიალექტიკურ ლოგიკათა ურთიერთობა. დიალექტიკური ლოგიკა კი არ აუქმებს, არამედ აფუძნებს ფორმალური ლოგიკის მონაპოვარს. ამ შემთხვევაში ს. წერეთელი ერთგულად იცავს ტრადიციას. როცა კანტმა ახალი, შინაარსეული, ანუ ტრანსცენდენტალური, ლოგიკა შექმნა, მას ერთი წუთითაც არ უფიქრია, რომ ეს აუქმებდა ფორმალურ ლოგიკას. კანტმა მხოლოდ საზღვრები დაუწესა ფორმალურ ლოგიკას. მან ტრანსცენდენტალურ ლოგიკას ის დაავალა, რაც ფორმალურს (საკუთარი პრინციპიდან გამომდინარე) არც უნდა გაეკეთებინა. ფორმალური ლოგიკა საერთოდ არსებულის (სულერთია, რა სფეროსი და როგორი) მოაზრების პირობებს სწავლობდა; ტრანსცენდენტალურ ლოგიკას კი საგნის შემეცნების კანონები უნდა დაედგინა, სადაც ეს შესაძლებელი იყო (ე. ი. მხოლოდ მოვლენათა სფეროში). ამასთანავე, ტრანსცენდენტალური კვლევისათვის ფორმალური ლოგიკის კანონების დაცვა აუცილებელი იყო, თუმცა არასაკმარისი. 

შესაძლებელია, გერმანული კლასიკური იდეალიზმის დამოკიდებულება ფორმალური ლოგიკისადმი ყველაზე ნათლად ი. გ. ფიხტეს ფილოსოფიაში ჩანდეს. მის „მოძღვრებას მეცნიერებათა შესახებ“ ფორმალური ლოგიკის კანონების მოხსნა კი არ სურს, არამედ მათი, როგორც გარკვეული პირობების მომთხოვნისა, და, ამ აზრით პირობითის, დაფუძნება უპირობოზე. მაგ., A=A-ს დაფუძნება „მე ვარ მე“-ზე. A=A ადგენს, რომ თუ არსებობს A, იგი თავისი თავის ტოლია, მაგრამ არსებობს თუ არა ეს, ამას ფორმალური ლოგიკა ვერ დაადგენს. მე-ს უარყოფა, როგორც თვითცნობიერებისა, შეუძლებელია, ამიტომ „მე ვარ მე“ შემეცნებისათვის უპირობო, სრულებით აუცილებელი დებულებაა და მის ფორმალურ მხარეს ასახავს ფორმალ-ლოგიკური A=A. ჰეგელს არაერთხელ გამოუთქვამს გაოცება არისტოტელეს უდიდეს დამსახურებაზე ლოგიკაში.  იგიც არსებითად მუდამ იბრძოდა არა საკუთრივ ფორმალ-ლოგიკური კანონების, არამედ მათი გარკვეული ახნსა-განმარტებების წინააღმდეგ. მართალია, მას სურდა, ფორმალური ლოგიკა შემეცნებაში მონაწილე აზროვნების ერთადერთი წარმომადგენლიდან ერთ-ერთად, და თანაც დაქვემდებარებულად, ექცია, მაგრამ ეს იყო არა ფორმალური ლოგიკის კანონების უარყოფა, არამედ მოქმედების არეალის შეზღუდვა. აღნიშნული პრობლემის თვალსაზრისით მრავლისმთქმელია იმაზე მითითება, რომ ჰეგელს საჭიროდ არ მიაჩნდა ტრადიციულისგან განსხვავებული ლოგიკური ფორმების აღმოჩენა. იგი სწორედ ტრადიციულ ფორმებში ცდილობდა ახალი შინაარსის ამოკითხვას და ამის საფუძველზე ამ ფორმათა ახლებურად დაკავშირებას. 

როგორც აღვნიშნეთ, ს. წერეთელი ლოგიკურის ლოგიკურ საფუძვლებს ეძებს, მხოლოდ ამ აზრით ლაპარაკობს იგი ლოგიკურის თვითსაფუძველზე. ლოგიკურის თვითსაფუძველი მას სურს დაადგინოს, როგორც ლოგიკურ დაპირისპირებულთა ერთიანობა. ეს კანონი ლოგიკურის მამოძრავებელ, მისი თავისებურების გამომხატველ კანონად უნდა დადგინდეს. მისი უარყოფა ლოგიკურის სფეროს შედარებითი დამოუკიდებლობის უარყოფას უნდა მოასწავებდეს. ლოგიკურის შინაგანი მოძრაობა, ს. წერეთლის აზრით, შესაძლებელია, როგორც თვითმოძრავი სინამდვილის ასახვა. „საგანთა დიალექტიკა ქმნის ცნებათა დიალექტიკას“. ამგვარი შეფარდებითი აზრით ესმის მას ლოგიკურის თვითდადგენის დებულება, ისევე, როგორც ლოგიკურის უსაზღვრობის დებულება. ლოგიკურის უსაზღვრობა, მისი აზრით, ნიშნავს არა ლოგიკურის ერთადერთობას, არამედ ლოგიკურის მიყენების უსაზღვრობას, ე. ი. იმას, რომ არაფერი არ არსებობს ისეთი, რომელსაც ლოგიკური არ მიეყენება, არაფერი არ არსებობს შეუმეცნებადი. 

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დაპირისპირებულთა ერთიანობის საყოველთაო კანონის ლოგიკურში გამოვლენა – ლოგიკურ დაპირისპირებათა ერთიანობა – ლოგიკის სისტემაში დედუქციურად არ არის შემოყვანილი. ს. წერეთელი მასში ხედავს ლოგიკურის მის მიერ განხილულ კანონთა საფუძველს. ამ საფუძველს ისინი აუცილებლობით მოითხოვენ. „დიალექტიკური ლოგიკა“ არსებითად გაშლილი დასაბუთებაა ამ კანონისა, რომელიც ლოგიკურის ყველა სხვა კანონს იქვემდებარებს როგორც შინაარსეულად, ისე ფორმის მხრივაც. ამიტომ ეწოდება მას აქ „ლოგიკურის ძირითადი კანონი“. სრული სახით იგი მხოლოდ სისტემაში ხორციელდება. სისტემის ყველა სხვა კანონი მისი ცალმხრივობებია. სწორედ ამის გამო (ლოგიკურის კონკრეტულ კანონებთან ამგვარ დაპირისპირებაში) ლოგიკურ დაპირისპირებათა ერთიანობას, როგორც ლოგიკურის ძირითად კანონს, ს. წერეთელი უსასრულო დასკვნას უწოდებს. უსასრულო ყოველთვის თვითსაფუძველი იყო ყველგან, სადაც ის სწორად იყო გაგებული. უსასრულო დასკვნაც თვითსაფუძველია, რომელშიც დასკვნის სისრულე დაპირისპირებულთა გაერთიანებით მიიღწევა.  მასში ხორციელდება სრული ლოგიკური აუცილებლობა, ე. ი. ისეთი, რომლის დროსაც რაიმეს უარყოფა არა მხოლოდ შეუძლებელია, არამედ მასვე ადგენს. სწორედ ესაა დასკვნის უსასრულობის დადებითი შინაარსი: უარყოფის საშუალებით უსასრულობის თვითდადგენა.

უსასრულო დასკვნაში მოცემული ორი სასრული მხარის (კერძო-ზოგადი, სასრული-უსასრულო) ურთიერთდაპირისპირება, ს. წერეთლის აზრით, იყოფა რვა მიმართებად, რვა მსჯელობად. ისინი სავსებით ამოწურავენ სასრულთა შორის შესაძლებელ და აუცილებელ ლოგიკურ მიმართებებს და ლოგიკური თვითდადგენის, ე. ი. უსასრულო დასკვნის სრულ სურათს იძლევიან. ცხადია, დაისმის კითხვა, რატომ მაინცდამაინც რვა მსჯელობა. მაგრამ ეს კითხვა ყველა განსაზღვრული თუ განუსაზღვრელი რიცხვის მიმართ შეიძლება დაისვას და, რაც მთავარია, იგი შებრუნებულად წარმოადგენს საქმის ვითარებას, კერძოდ, ისე, თითქოს რიცხვს რაიმე თავისთავადი მნიშვნელობა ჰქონდეს, როგორიც, მაგ., სამს ან შვიდს, ანდა თავად რვას ჰქონდა აზროვნების ისტორიაში და რომლის შედეგადაც მათ წინასწარ ეძებდნენ ჯერ შეუსწავლელ ვითარებებში. საკითხი შეიძლება ეხებოდეს მხოლოდ იმას, ამოწურავს თუ არა აღნიშნულ მიმართებებს რვა ურთიერთდაკავშირებული მსჯელობა. ამაზე, ცხადია, ისევე, როგორც ს. წერეთლის მიერ დაყენებულ სხვა საკითხებზე, შესაძლებელი და საჭიროა კამათი. მაგრამ ეს ისეთი კამათი უნდა იყოს, სადაც, ეპიკურეს სიტყვებით რომ ვთქვათ, მოგებულად დამარცხებული მიიჩნევს თავს, რადგან სწორედ მან მოიპოვა ჭეშამარიტება და უარყო მცდარი აზრი.

უსასრულო დასკვნაში, ს. წერეთლის აზრით, დაპირისპირებულია ორი სასრული, მაგრამ მათი დაპირისპირება არ ნიშნავს ორი ცნების დაპირისპირებას. იგი მიიჩნევს, რომ აქ გაყოფილია ერთი ცნება მისი ბუნების დასადგენად. ეს ერთი ცნებაა დაშლილი უსასრულო დასკვნაში და თვითდადგენის საფეხურამდეა აყვანილი. უსასრულო დასკვნა წრიულია, იგი „წრებრუნვაა“, რადგან მასში უარსაყოფლის ჭეშმარიტება მტკიცდება. უსასრულო დასკვნა ამავე დროს განვითარებაა, რადგან ის, რაც შედეგად დადგინდება, გამოსავალთან შედარებით ლოგიკურად უფრო „მაღალია“. გამოსავალი უარსაყოფი უშუალოა, შედეგად მიღებული – დადგენილი – გაუშუალებული, იგი თავისთავში შეიცავს უარყოფას, რაც მისი აუცილებლობის საწინდარია. 

რამდენადაც უსასრულო დასკვნაში ხორციელდება სრული რეფლექსურობა, შებრუნებადობა, რამდენადაც მასში დასაწყისი შედეგით საბუთდება, ამდენად უსასრულო დასკვნა არის დასაბუთება. სწორედ დასაბუთების თეორიაში ცდილობს ს. წერეთელი სრულად წარმოადგინოს უსასრულო დასკვნის, როგორც უსასრულო ლოგიკურის, ბუნება. ეს ისეთი ლოგიკური უნდა იყოს, რომელიც, წინააღმდეგ ფორმალური ლოგიკისა, კი არ სესხულობს წინამძღვრებს და აზრს მათი ჭეშმარიტების შესახებ, არამედ თავად ადგენს თავისი წანამძღვრების ჭეშმარიტებას. 

გამოდის რა ლენინის ცნობილი დებულებიდან დიალექტიკის, ლოგიკისა და შემეცნების თეორიის იგივეობის შესახებ, ს. წერეთელს მიაჩნია, რომ დასაბუთებისათვის აუცილებელი ობიექტურობა მოითხოვს დასაბუთების სისტემას, როგორც დიალექტიკის, ლოგიკისა და შემეცნების თეორიის იგივეობას. წინააღმდეგ ჰეგელისა იგი თვლის, რომ ეს ერთიანობა შესაძლებელია არა აზრის, არამედ მხოლოდ და მხოლოდ აზროვნებისაგან დამოუკიდებელი სინამდვილის საფუძველზე. დიალექტიკური სინამდვილის ამსახველი ლოგიკა და ამ სინამდვილის შემეცნების დიალექტიკა ერთი და იგივეა. „დიალექტიკურ ლოგიკაში“ შემავალი ფორმები წარმოდგენილია, როგორც ლოგიკური განვითარება. უსასრულო დასკვნა წარმოდგენილია, როგორც ლოგიკურის კატეგორიათა სისტემის ს ა წ ყ ი ს ი, ხოლო თავად სისტემის დ ა ს ა წ ყ ი ს ი მსჯელობაა. ლოგიკურის განვითარება იწყება მსჯელობიდან და ცნების გავლით ამაღლდება უსასრულო დასკვნამდე. ეს უკანასკნელი მომენტებად შეიცავს მთელ ლოგიკურ განვითარებას, რაც საშუალებას აძლევს მას, იყოს ლოგიკურის მიერ თვითდაფუძნების ფორმა. ამდენად, დიალექტიკური ლოგიკის სისტემა შეკუმშული უსასრულო დასკვნაა. 

ასეთია, სქემატურად, დიალექტიკური ლოგიკის სისტემის აგებისათვის ს. წერეთლის მიერ გაწეული ტიტანური შრომის შედეგი. ეს უზარმაზარი სისტემა, ცხადია, მრავალ კითხვას ბადებს როგორც დიალექტიკური ლოგიკის მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა მხარეს. მაგრამ რაგინდ განსხვავებულიც არ უნდა იყოს მიუკერძოებელი მკითხველის აზრი, იგი მაინც აღიარებს ს. წერეთლის შეხედულებათა მეცნიერულ ღირებულებას, თუმცა ზოგიერთი მათგანი, შემდგომ დამუშავებასა და დაკონკრეტებას მოითხოვს. ასეთია, მაგალითად, დიალექტიკურ ლოგიკაში ლოგიკის, დიალექტიკისა და შემეცნების თეორიის იგივეობის საკითხი. ლოგიკა, მისი აზრით, დიალექტიკური ლოგიკაა, რომელიც თავის არსებობას ლოგიკურში დიალექტიკის საყოველთაო კანონების გამოვლენის თავისებურებას უმადლის, ამიტომ დიალექტიკისა და ლოგიკის იგივეობის წამოყენებით ეს თავისებურება ქრება. რამდენადაც მათ შორის გვარისა და სახის დამოკიდებულებაა, ამდენად იგივეობა ერთ-ერთის გაუქმებით იმუქრება. იგივე ითქმის ლოგიკისა და ონტოლოგიურის დამოკიდებულების შესახებ. უსასრულო ლოგიკურმა დასკვნამ, როგორც საგნის შინაგანი სტრუქტურის ლოგიკურმა სახემ, საგნის არსებობის დასაბუთების შესაძლებლობა უნდა მოგვცეს (გვ. 576). მაგრამ საკითხავია, რეფლექსური ლოგიკურის მიერ დასაბუთებული არსებობა ონტოლოგიური იქნება თუ მხოლოდ ლოგიკური. მაგ., შეუძლებელია, ლოგიკურად უარვყოთ დებულება – „ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“, მაგრამ აზროვნების არარსებობის დაშვება ონტოლოგიურად შესაძლებელია (იყო დრო, როცა აზროვნება არ იყო). თუ ეს ასეა, მაშინ უსასრულო დასკვნაში დადგენილი არსებობა არ გამოდგება ლოგიკის დასაკავშირებლად ონტოლოგიურთან. უაღრესად საჭიროა აგრეთვე კოპულის ონტოლოგიური აზრის ს. წერეთლისეული ანალიზის შეპირისპირება ცნობილი ბურჟუაზიული ფილოსოფოსის, ნ. ჰარტმანის, შესაბამისი კვლევის შედეგებთან; ასევე დაპირისპირებულთა საფუძვლის, მესამის აუცილებლობის, დასაბუთების შედარება ე. ლასკის თეორიასთან დაპირისპირებულობაზე მაღლა მდგომის შესახებ; უსასრულო მსჯელობის ს. წერეთლისეული ანალიზი, ალბათ, მხოლოდ მოიგებდა ჰ. კოჰენის შეხედულებასთან დაპირისპირებით. იგივე შეიძლება ითქვას მრავალი სხვა საკითხის შესახებ. ყოველივე ეს თვით ს. წერეთელს ჰქონდა ყველაზე უკეთ გაცნობიერებული. „დიალექტიკური ლოგიკის“ (1965) წინასიტყვაობაში იგი წერდა, რომ ეს წიგნი არა მარტო წარსულზე მუშაობის შემაჯამებელია, არამედ „მომავალი მუშაობის პროგრამას წარმოადგენსო“. საუბედუროდ, მას არ დასცალდა ამ პროგრამის განხორციელება, მაგრამ ის, რისი გაკეთებაც მან მოასწრო, მყარ საფუძველს იძლევა მისი განხორციელებისათვის. 

ს. წერეთელი, როგორც ფილოსოფიის ისტორიკოსი

ს. წერეთლის ფილოსოფიური მოღვაწეობა მრავალმხრივ შეიძლება შეფასდეს. სამომავლო თემებია: ს. წერეთელი, როგორც დიალექტიკური მატერიალიზმის პრობლემათა მკვლევარი; ს. წერეთელი, როგორც ისტორიული მატერიალიზმის პრობლემათა მკვლევარი; ს. წერეთელი, როგორც ათეისტი და სხვ. მაგრამ დიალექტიკური ლოგიკის შემდეგ მისი საქმის ყველაზე უკეთ გამომხატველი თემაა: ს. წერეთელი, როგორც ფილოსოფიის ისტორიკოსი. 

იგი თავისუფლად ერკვეოდა ფილოსოფიის მრავალ დარგში, მაგრამ მას მუდამ შემოფარგლული ჰქონდა თავისი სპეციალობა. ეს იყო დიალექტიკური ლოგიკა და ფილოსოფიის ისტორია. ეს მისთვის ორი ერთმანეთისაგან გათიშული რამ არ იყო. დიალექტიკური ლოგიკა მისთვის ფილოსოფიის განვითარების უმაღლესი ნაყოფი იყო, ხოლო ფილოსოფიის ისტორია – შესავალი საერთოდ დიალექტიკურ მატერიალიზმში, კერძოდ კი, დიალექტიკურ ლოგიკაში. ამდენად, ფილოსოფიის ისტორია მისთვის თავად ფილოსოფია იყო.

ფილოსოფიის ისტორია მისთვის აზროვნების დიდი სკოლა იყო, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს, საუკუნეების განმავლობაში კაცობრიობის საუკეთესო წარმომადგენელთა მიერ ტანჯვით გაკვლეული გზა გაიაროს და, თუ უნარი მოსდევს, ამ გზის გაძლიერებაზეც იფიქროს. მას უყვარდა და ძალიან ხშირად მოჰყავდა ფრ. ენგელსის სიტყვები იმის შესახებ, რომ თეორიული აზროვნების განვითარებისათვის, „ნიჭის სრულქმნისათვის სხვა არავითარი საშუალება არ არსებობს, გარდა დღემდე არსებული ფილოსოფიის შესწავლისა“. 

დიალექტიკური მატერიალიზმი ს. წერეთლისათვის ფილოსოფიის ისტორიის გასაღები იყო და ყველამ იცის, თუ რა უნარიანად იყენებდა იგი მას. მას ჰქონდა იშვიათი უნარი, ერთი მხრივ, დიალექტიკა აღმოეჩინა ერთი შეხედვით ნეიტრალურ, თვით ანტიდიალექტიკურ ვითარებაში, მეორე მხრივ, დიალექტიკისათვის მატერიალიზმის აუცილებლობის არანაკლებ დაფარული კანონი ნათელეყო. მისი გამოკვლევები: „ანტიკური ფილოსოფია“ (1967), „კატეგორიათა შესახებ არისტოტელეს და კანტის მოძღვრებათა ურთიერთობა“ (1936), „ი. გ. ფიხტეს მეცნიერების თეორია და დიალექტიკა“ (1941), „რაციონალური მარცვალი ჰეგელის დასკვნის თეორიაში“ (1959) ფილოსოფიის ისტორიის მარქსისტული ანალიზის ნაყოფიერების ნათელი მაგალითია. ს. წერეთელი გვთავაზობს მრავალი უმნიშვნელოვანესი ფილოსოფიურ-ისტორიული პრობლემის თავისებურ გადაჭრას, რაც მუდამ ახალ შუქს ჰფენს აზროვნების ურთულესი ისტორიის ამა თუ იმ მხარეს. 

ს. წერეთელს ახასიათებდა უაღრესად განსხვავებული მიდგომა წარსულის ყოველი მოაზროვნისადმი. არიან ფილოსოფიის ისტორიკოსები, რომლებიც ვ. ი. ლენინის ფორმულას ფილოსოფიაში დემოკრიტესა და პლატონის ხაზების შეურიგებლობის შესახებ,  თუ შეიძლება ასე ითქვას, საქმის გასაადვილებლად იყენებენ. ისინი ისტორიაში ყველგან და ყოველთვის მხოლოდ მატერიალისტებს ან მხოლოდ იდეალისტებს ეძებენ. საკითხისადმი ს. წერეთლის მიდგომა ორმხრივადაა აღსანიშნავი და გარკვეული აზრით – სახელმძღვანელოცაა ფილოსოფიის ისტორიის მარქსისტი მკვლევრისათვის: 1) მისი აზრით, დემოკრიტესა და პლატონამდე ფილოსოფიის ისტორიაში არ გვხვდებიან გამოკვეთილი, ჩამოყალიბებული მატერიალისტები ან იდეალისტები. ერთი და იმავე ფილოსოფოსის ნააზრებში ორივე ხაზია გადახლართული, და თანაც ისე, რომ რომელიმე მათგანის უგულებელყოფა შეუძლებელია მთელის მოხსნის ან შეცვლის გარეშე (ამგვარ ფილოსოფოსთა შორის, მისი აზრით, სანიმუშო იყო დიდი ბერძენი ფილოსოფოსი პარმენიდე); 2) ს. წერეთელი თვლიდა, რომ დემოკრიტესა და პლატონის მომდევნო ფილოსოფია მხოლოდ საბოლოო ანგარიშში შეიძლება წარმოვიდგინოთ მხოლოდ მატერიალისტების, ანუ წმინდა მატერიალისტების, და იდეალისტების ბრძოლის ისტორიად. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ერთი და იმავე ფილოსოფოსის ნააზრევში ამ ორი ძირითადი ხაზის ბრძოლასა და შეურიგებლობას. მისი აზრით, აღნიშნული არანაკლებ გამოხატავს ფილოსოფიაში ორი ძირითადი ხაზის შეურიგებლობას და ამასთანავე მიუთითებს მასზე, როგორც ფილოსოფიური აზროვნების განვითარების ნამდვილ შინაგან წყაროზე.

ს. წერეთელს ღრმად სწამდა თავისი მსოფლმხედველობისა და საკუთარი ფილოსოფიური შეხედულების სიმართლე. ეს საშუალებას აძლევდა მას, ყოფილიყო ობიექტური წარსულის ამა თუ იმ დიდი მოაზროვნის განხილვისას. იგი მიუკერძოებელი იყო, ამ სიტყვის საუკეთესო აზრით, რაც მეცნიერულობის უმკაცრეს მოთხოვნას ემთხვევა. იგი ობიექტური იყო იმიტომ, რომ სჯეროდა და არა მარტო სჯეროდა, სადამდეც კი ხელი მიუწვდებოდა დამაჯერებლად ასაბუთებდა, რომ წარსულის საუკეთესო მონაპოვარი, პირდაპირ ან არაპირდაპირ, მისი შეხედულებების საუკეთესო წანამძღვარს, მათ მომზადებას, მისი პრინციპების გამართლებას წარმოადგენს. ს. წერეთელი, როგორც ფილოსოფიის ისტორიკოსი, როგორც წესი, წარსულის ამა თუ იმ დიდ მოაზროვნეს, პლატონი იყო ეს თუ არისტოტელე, სპინოზა თუ ჰეგელი, წამოაყენებდა მთელი მისი სიდიადით, გააოცებდა მისი სიღრმით მსმენელსა თუ მკითხველს და მხოლოდ ამის შემდეგ მიუთითებდა მის ნაკლოვანებებზე. ეს ნაკლოვანებანი, ერთი შეხედვით დაფარულნი, სინამდვილეში საბედისწერო იყო სისტემისათვის და ფილოსოფიური აზროვნების წინაშე ჭეშმარიტების ახალი გზის ძიების აუცილებლობას აყენებდა. 

დიდი ბერძენი დიალექტიკოსი ჰერაკლიტე ს. წერეთლისათვის, როგორც დიალექტიკოსისათვის, მრავალმხრივ იყო საინტერესო და ამავე დროს მახლობელიც. იშვიათად თუ მოსწონდა მას ისე რაიმე, როგორც ჰერაკლიტეს ცნობილი თქმა: მე ნუ მისმენთ, ლოგოსს უსმინეთო. ეს ს. წერეთლის მაქსიმა იყო. ჰერაკლიტეს ლოგოსი ესმოდა, როგორც ყოვლისმომცველი და ყოველივეს შინაგანი კანონზომიერებით წარმმართველი ძალა. ს. წერეთელთან ლოგოსი გაგებული იყო, როგორც დასაბუთება, რომელიც საბოლოო ანგარიშში ასახვაა, მაგრამ დასაბუთება მისთვის სწორედ ყოვლისმომცველი იყო იმ აზრით, რომ დამსაბუთებელ აზროვნებას პრინციპული ზღვარი არსად არ ხვდება. დასაბუთება კი მისთვის უბრალო სწორი გამომდინარეობა როდი იყო. იგი ფიქრობდა, რომ გამომდინარეობით დაკმაყოფილება ყველგან და ყველაფერში შესაძლებელი რომ იყოს, ფილოსოფიაში მაინც შეუძლებელი იქნებოდა მასზე შეჩერება. სრულყოფილი დასაბუთების გაგება ს. წერეთლის მიერ იმითაც ემსგავსებოდა, იმითაც მაღლდებოდა „თვითმმართველ“ ლოგოსამდე, რომ იგი დასაბუთების ლოგიკურ საბოლოო საფუძველს მოითხოვდა ონტიურის გვერდით. დასაბუთებას იგი ისე დიდ მნიშვნელობას აძლევდა, რომ ხშირად იტყოდა ხოლმე: ფილოსოფიაში მოაზროვნე იმდენად იმით კი არ ფასდება, თუ რას ამტკიცებს, რამდენადაც იმით, თუ როგორ ამტკიცებსო. ეს იმის ღრმა რწმენის გამოხატულება იყო, რომ დასაბუთება, ამ სიტყვის ნამდვილი აზრით, მხოლოდ ჭეშმარიტებისაა შესაძლებელი. 

პროფ. ს. წერეთელი კლასიკური სტილის მოაზროვნე იყო. ჰეგელმა დიდი გავლენა იქონია მის ჩამოყალიბებაზე. ცოტა თუ იქნება ჩვენში ფილოსოფოსი, რომელსაც იმდენი გაეკეთებინოს „ჰეგელის მატერიალისტურად წაკითხვის საქმეში“, რამდენიც მან გააკეთა. იგი მტრულად იყო განწყობილი ყოველივე ანტიჰეგელიანურისადმი, ანტიდიალექტიკურის აზრით. ალბათ, სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ იგი განსაკუთრებით უნდობლად უყურებდა საერთოდ ჰეგელის შემდგომ და განსაკუთრებით XX ს. ბურჟუაზიულ ფილოსოფიას. მაგრამ ძნელი წარმოსადგენია მისი სიხარული, როცა იგი ხედავდა, რომ XX ს. ზოგი გამოჩენილი იდეალისტი უბრუნდებოდა კლასიკურ პრობლემატიკას. ეს მისთვის იყო ფილოსოფიის იმ მარადიული პრობლემების გამართლება, იმ პრობლემათა წინაშე „კაპიტულაცია“, რომელთა უარყოფითაც მოჰქონდა თავი ჰეგელის შემდგომ ბურჟუაზიულ ფილოსოფიას. 

ჰეგელისადმი უდიდესი პატივისცემა ხელს არ უშლიდა ს. წერეთელს შეურიგებელი ყოფილიყო მისი შეცდომების მიმართ. იშვიათია ჰეგელის ისეთი მკაცრი, მაგრამ სამართლიანი კრიტიკა, როგორსაც იძლევა ს. წერეთლის მონოგრაფია „რაციონალური მარცვალი ჰეგელის დასკვნის თეორიაში“ (1959). იგი ყოველთვის მკაცრად არჩევს ერთმანეთისგან იმას, თუ რა ფორმა მისცა ჰეგელმა თავის აზრებს, იმისაგან, თუ რას მოითხოვდა სინამდვილეში მისი დიალექტიკის შინაგანი ბუნება. მხოლოდ ამ უკანასკნელი თვალსაზრისით წაკითხული ჰეგელი წარმოადგენს აუცილებელ წანამძღვარს დიალექტიკური მატერიალიზმისა და დიალექტიკური ლოგიკისათვის. ს. წერეთელი დაწვრილებითი ანალიზის საფუძველზე გვიჩვენებს, რომ ჰეგელის სისტემაში ლოგიკა დაქვემდებარებულ მდგომარეობაში მოექცა ალოგიკური მომენტის – აბსოლუტის მისტიკური ძალის მიმართ. ისე, რომ „საერთოდ ჰეგელის აზრთა წყობიდან რომ აბსოლუტური იდეის მისტიკური ძალა ამოვიღოთ, გადასვლები შეუსრულებელი დარჩება და ამით ლოგიკის თვალსაზრისით ისევ არისტოტელეს მონაპოვართან გვექნება საქმე“. ს. წერეთელი დამაჯერებლად უჩვენებს ჰეგელის ფილოსოფიის მეორე ნაკლსაც – ფსიქოლოგიზმს. ჰეგელმა, მისი აზრით, ვერ შეასრულა პირობა და ვერ დარჩა თავისთავად აზროვნების, ე. ი. წმინდა ლოგიკური, ყოველგვარ კონკრეტულ განსაზღვრულობაზე ამაღლებული აზროვნების, ფარგლებში. 

ჰეგელს, როგორც ცნობილია, აბრალებენ ლოგიკურში ყველაფრის გათქვეფას. საყურადღებოა ს. წერეთლის მიერ ჰეგელის პანლოგიზმში ირაციონალურზე მითითება. ამით ჰეგელის სისტემის მარცხი ბრალად ედება არა ლოგიკას (თუნდაც გააბსოლუტურებულს), არამედ სწორედ სისტემისა და მეთოდის ალოგიკურ, მისტიკურ მხარეს. ყოველივე ეს მისთვის ჰეგელის ლოგიკის ნაკლოვანი მხარეა, ხარვეზია და არა ძირითადი ჰეგელის შეხედულებებში. ამან არ უნდა დაგვავიწყოს ლოგიკისათვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე ჰეგელის აღმოჩენა, რომელიც მდგომარეობს დასკვნისა და მსჯელობის ფორმების საკუთარი ლოგიკური შინაარსის, როგორც ლოგიკის კვლევის საგნის, გამოყოფაში. იგივე ითქმის ლოგიკურ ფორმათა სუბორდინაციის პრინციპზე და სხვა. 

ს. წერეთელი ბუნებით პრობლემატიკოსი და აპორეტიკოსი იყო. ყველამ იცოდა, რომ მისგან დიდი ქება იყო, თუ ვინმეზე იტყოდა, სიძნელეს კარგად ხედავსო. ფილოსოფიის ისტორიის მთელი განვითარება, გარკვეული კუთხით განხილული, მისთვის იყო ახალ სიძნელეთა გაცნობიერება და წამოყენება. რაც შეეხება გადაჭრას, ჭეშმარიტი ფილოსოფიური პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრა მას შეუძლებლად მიაჩნდა, ისევე როგორც სრული ჭეშმარიტების მიღწევა. ფილოსოფიის პრობლემები მისთვის მარადიული პრობლემა იყო. ახალი სიძნელის, ახალი პრობლემის აღმოჩენა, რომელიც, ერთი შეხედვით, თითქოს აშორებს ადამიანს საძიებელს, მისთვის იყო საძიებელთან მიახლოება, ჭეშმარიტების ნამდვილი სახის გაგების, ან მასთან მისასვლელი გზის სიძნელის უკეთ და უფრო ღრმად გაცნობიერება. 

ფილოსოოფიის ისტორია ს. წერეთლისათვის არ იყო მხოლოდ წარსულის ამბავი. წარსულის მრავალი მოაზროვნე მისთვის ცოცხალი მოკავშირე ან მოწინააღმდეგე იყო. იგი გონით ერთიანობას გრძნობდა მათთან. და ეს ერთიანობა მართლაც იყო. ეს იყო თანამშრომლობა ფილოსოფიის ურთულესი პრობლემების გადაჭრის საქმეში. ფილოსოფიის ისტორიული განვითარების სიღრმეში იგი ფილოსოფიის ლოგიკურ განვითარებას ხედავდა. აქ მისთვის არ არსებობდა დროული ჯერ და მერე. ეს მისთვის ჭეშმარიტების შესაძლებლობის დასაბუთების ერთიანი სისტემა იყო. წარსული ფილოსოფოსი მისთვის ცოცხლობდა მანამ, სანამ მის მიერ წამოყენებული პრობლემატიკა ძალაში რჩებოდა. იგივე ითქმის მასზეც. პროფ. ს. წერეთელი იცოცხლებს მანამ, სანამ მის მიერ დასმული ღრმააზროვანი პრობლემები იარსებებენ და მნიშვნელობა ექნებათ ჩვენს ფილოსოფიაში. 

პროფ. ს. წერეთელი პირველი გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსია, რომელიც მთლიანად და სავსებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განისწავლა და ჩამოყალიბდა. ფილოსოფიური წრთობა მან მიიღო შ. ნუცუბიძის ფილოსოფიურ სემინარებში, რომლებმაც ახალ ქართულ ფილოსოფიას მისცეს დასაბამი. შემდგომში მის მუშაობას წარმართავდნენ: მარქსისტული ფილოსოფიის პრობლემატიკაში ამავე სემინარის ყოფილი მონაწილე პროფ. მ. გოგიბერიძე, კლასიკური გერმანული ფილოსოფიის კრიტიკის დარგში – შ. ნუცუბიძის მოწაფე და მისი სემინარების აქტიური წევრი პროფ. კ. ბაქრაძე, ხოლო ანტიკურ ფილოსოფიაში – ამ საქმის უდიდესი მცოდნე, პროფ. ს. დანელია. ს. წერეთლის აღიარება როგორც ჩვენში, ისე საზღვარგარეთ საბჭოთა ფილოსოფიის ერთ-ერთ წამყვან მეცნიერად იმის აღიარებაც იყო, რომ საქართველოში ფილოსოფიური აზროვნება არა მარტო ითვისებს თანამედროვე მოწინავე ფილოსოფიური აზროვნების მიღწევებს, არამედ უნარი აქვს, საკუთარ ნიადაგზეც მოგვცეს სერიოზული და საყურადღებო შედეგები. 



მდევარი