რედაქტორები: ბექა იობიძე, მარიამ გორდაძე.

კორექტორები: მარიამ გორდაძე, ნუცა სეხნიაშვილი, სოფიკო ქურდაძე, ნანო კვარაცხელია, თაკო ინასარიძე, თიკო იობიძე.

აკადემიურ ინტერვიუთა ჯგუფი: ანნა ამილახვარი, სოფიკო ქურდაძე, ზოი პოტამიტი, ანანო ყავალაშვილი.

ტექნიკური ჯგუფი: გიორგი ლექვინაძე, პავლე ერიქაშვილი.


მთა და მის ძირში საზღვარი

De Re Publica, ეპიზოდი 3: რესპუბლიკის საზღვრების დადგენა

ავტორი: ,

სტუმარი: დიმიტრი სილაქაძე

ტრანსკრიპტის რედაქტორი: მარიამ ქავთარაძე

ანი კახიძე: მოგესალმებით. ვაგრძელებთ საქართველოს იდენტობის ჩამოყალიბების შესახებ საუბარს. სანამ უშუალოდ დღევანდელი გადაცემის თემაზე გადავალთ, მოკლედ მინდა, რომ შევაჯამოთ ის თემები, რომლებზეც განვლილი ორი გადაცემის განმავლობაში ვისაუბრეთ. პირველი: ეს იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღება: როგორ გაიაზრეს დამფუძნებელმა მამებმა ინტელექტუალური მემკვიდრეობა და მეორე – საერთაშორისო სივრცეებში როგორ აღიარეს ჩვენი სუვერენიტეტი. რაც შეეხება დღევანდელ გადაცემას, დღეს განვიხილავთ, თუ როგორ დადგინდა საზღვრები და ამ საზღვრების შემოწერისას რა სახის გამოწვევებთან  უწევდა საქართველოს გამკლავება.

ელენე ფილფანი: სანამ ვიტყვით, სიმბოლურად თუ როგორ შემოსაზღვრავენ ქართველობის იდეას და როგორ ათავსებენ, ან ვერ ათავსებენ მას თანამედროვე სახელმწიფოს გვერდით, მანამდე უნდა ვისაუბროთ თვითონ იმ ტერიტორიაზე, სადაც ახალი სახელმწიფო ყალიბდება. იმაზე, თუ როგორ მიემართება სიმბოლური და ტერიტორიული საზღვრები ერთმანეთს, ჩვენი მოხალისის, ოთო გულბანის, სტატიას შეგიძლიათ გაეცნოთ სიღრმისეული ანალიზისთვის. ოთო, ერთი მხრივ, მოკლედ და საინტერესოდ მიმოიხილავს აღნიშნულ პროცესებს და, მეორე მხრივ, ჩვენი ეპიზოდების თანმიმდევრობაზე ზუსტ კონტექსტურ წარმოდგენას შეგიქმნით.

ანი კახიძე: დღეს ჩვენთან სტუმრად არის ისტორიკოსი, ბატონი დიმიტრი სილაქაძე.  ბატონო დიმიტრი, არსებობს მოსაზრება, რომ დაქუცმაცებული საქართველოს გაერთიანება და ტერიტორიული მთლიანობა რუსეთის დამსახურებაა. რამდენად იზიარებთ ამ მსჯელობას? რა გავლენა ჰქონდა იმპერიაში დაქუცმაცებული საქართველოს შესვლას 1918 წლის 26 მაისს განსაზღვრულ საზღვრებთან?

დიმიტრი სილაქაძე: რუსეთის იმპერიამ ქართული სამეფო-სამთავროები ცალ-ცალკე გააუქმა. ამის გარდა, ზოგი ისტორიული მიწის მონაკვეთი, რომელიც ოსმალეთს ეკავა, რუსეთს შეუერთა. ამ ბრძოლებში მე-19 საუკუნეში ქართველებიც მონაწილეობდნენ. ამ პროცესების განმავლობაში რუსეთმა მოახერხა, რომ ქართული მიწების ნაწილი საკუთარ საზღვრებს შიგნით თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების სახით შეეტანა. ხოლო ის მიწები, რომლებსაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1928 წლის 26 მაისსა თუ 1921 წლის თებერვლის მონაცემებით აკონტროლებდა, საქართველომ თავისი იარაღის ძალით დაიცვა და ბრძოლით შეინარჩუნა. რაც შეეხება 1918 წლის 26 მაისს დადგენილ საზღვრებს, ისინი გაცილებით პატარა იყო, ვიდრე დღეს, ხოლო 1921 წლის თებერვალს შემოწერილ საზღვრებში, პირიქით – დღევანდელზე გაცილებით დიდი.  მაგალითად, 1918 წლის საზღვრებში არ შედიოდა ბათუმის ოლქი, რომელიც მოიცავდა დღევანდელ აჭარასა და მასთან ერთად დღეს უკვე თურქეთის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილს. ასევე, 1918 წლის 26 მაისის მონაცემებით, საქართველოს შემადგენლობაში არ შედიოდა ახალციხისა და ახალქალაქის მაზრები, თუმცა შედიოდა ბორჩალოს მაზრის ის ნაწილი, რომელიც დღეს არა საქართველოს, არამედ ჩრდილო-სომხეთის შემადგენლობაშია. იმპერიის შემადგენლობაში შესული საზღვრები გაცილებით დიდი იყო, მაგრამ იმ საზღვრებისთვის ჩამოყალიბების პროცესში მყოფ საქართველოს სახელმწიფოს ომი მოუწია. თუმცა ის საზღვრები რუსეთის იმპერიის საზღვრების ნაწილი იყო და არა სახელმწიფო-საქართველოს ან ავტონომია-საქართველოსი.  ჩვენს საზოგადოებაში ხშირად მოისმენთ მსჯელობას იმის შესახებ, თითქოს რუსეთმა მაშინ საქართველოს მიწები დაუბრუნა, მაგრამ სინამდვილეში ეს მიწები რუსეთმა ოსმალეთის იმპერიისგან თავისთვის წამოიღო.  სრულიად სხვა რამ იქნებოდა, თუ მე-19 საუკუნეში იარსებებდა რუსეთის მოკავშირე საქართველოს სახელმწიფო ან თუნდაც ავტონომიური სახელმწიფო სახელმწიფოს შიგნით. ასეთი პრაქტიკა არსებობდა მე-19 საუკუნის მსოფლიოში, მაგრამ ჩვენთან არაფერი მსგავსი არ ყოფილა. რუსეთის იმპერიამ დამატებით მიიერთა მიწები. რაღაც გაგებით, ეს კარგი იყო, რადგან ქართული ტერიტორიების უმრავლესობა თავს ერთი სახელმწიფოს შიგნით იყრიდა და არა – ორში ან მეტში. ქართველი საზოგადოებაც ამ ყველაფერს სიხარულით ხვდებოდა, მაგრამ რუსეთის იმპერიის ჩანაფიქრი სავსებით სხვა გახლდათ და ეს ჩანაფიქრები სხვადასხვა სახით ვლინდებოდა.  მაგალითად, როცა რუსეთმა ოსმალეთის იმპერიას ჩამოართვა 1828-29 წლების ომის შემდეგ ახალციხე-ახალქალაქი, იქიდან ქართველი მუსლიმები გადაასახლა ოსმალეთის იმპერიაში. მაშინ ქართველი საზოგადოება არ იყო იმდენად ძლიერი და არც მათი იდენტობა არ ყოფილა იმ დონეზე, რომ ამას შეწინააღმდეგებოდნენ,  მაგრამ სრულიად სხვა იყო 1870-იანი წლების ვითარება. 1877-1878 წლებში მიმდინარე ომის შედეგად აჭარა რუსეთმა ოსმალეთს ჩამოართვა. ამ დროს უკვე ქართველი ხალხის  გაერთიანება იმ დონეზე იყო მისული, რომ რუსებმა, მიუხედავად იმისა, რომ ამის სურვილი ჰქონდათ, ვეღარ გაბედეს იქიდან მუსლიმი აჭარლების გადასახლება. ქართველი საზოგადოება ამ დროს სრულიად სხვანაირი იყო, იგი ამ ყველაფერს ისე მარტივად აღარ შეხედავდა, როგორც 20-იან წლებში.

            კიდევ ერთი საინტერესო ამბავია ნიკო ბერძენიშვილის სტატიაში განხილული. ბერძენიშვილი ჰყვება 1828-29 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომში დაღუპული ორი კახელი თავადის შესახებ. მათგან პირველი მდინარე ჩოლოქთან, საქართველოში, გარდაიცვალა, მის საფლავს კი აწერია, რომ ეს უცხო მხარეში მოხდა. მეორე საფლავს, რომელიც იმავე ადგილას გარდაცვლილ თავადს ეკუთვნის, აწერია, რომ იგი საკუთარ სამშობლოში დაიღუპა – ნახევარ საუკუნეში იცვლება აზროვნება. როცა ისტორიაზე ვსაუბრობთ, დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, რადგან კონტექსტი და ეპოქის გადმოსახედი აქ ძალიან მნიშვნელოვანია.  ასე რომ, რუსებს ეს მიწები სჭირდებოდათ თავიანთი იმპერიისთვის, აქ არანაირი კეთილშობილური მიზნები არ იდო. უნდა ითქვას ისიც, რომ ქართველმა საზოგადოებამ ამ ყველაფერში დიდი წვლილი შეიტანა – რუსეთ-ოსმალეთის 1877-78 წლების ომში დაახლოებით 60 000 და, ზოგი მონაცემით, უფრო მეტი ქართველი იბრძოდა. ქართველებმაც დაღვარეს სისხლი. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში საქართველო არ არსებობდა, როგორც რაიმე სახის ერთობა, თუნდაც როგორც ავტონომია. ჩვენ უნდა განვასხვაოთ და ვიმსჯელოთ იმაზე, რა რატომ მოხდა.

ელენე ფილფანი: ალბათ თვითონ რუსეთის იმპერიაში ტერიტორიული მოწყობის გამოცდილებაც დიდ როლს ითამაშებდა შემდეგ უკვე დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდში, სად გაივლებოდა საზღვრები. თქვენ ისაუბრეთ იდენტობის საკითხზე, ტერიტორიულ მოძრაობასა და იმაზე, თუ როგორ შეცვალა ამან „ქართველობის“ მნიშვნელობა და როგორ განაპირობა მასში კუთხურობის ელემენტის შესუსტება. ამიტომ ძალიან საინტერესოა, როგორი იყო თვითონ რუსეთის იმპერიაში ტერიტორიული მოწყობა, შემავალ ერთეულებს შორის გადაადგილება, მიმოცვლა, მათ შორის ურთიერთობა. საინტერესოა ასევე, ეს დაყოფა როგორ აისახა საქართველოს ტერიტორიულ მოწყობაზე დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.

დიმიტრი სილაგაძე: ტერიტორიული მოწყობის მხრივ ყველაზე მსხვილი ერთეული გუბერნია იყო, გუბერნიის შიგნით კი – მაზრები. რადგანაც კავკასია იყო ფრონტისპირა რაიონი, საზღვრები საზღვრებისკენ მიიწევდა და ოსმალეთის ომის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია.  რუსეთის მიერ ამ შიდაადმინისტრაციულმა დაყოფამ პრობლემები შექმნა. ამ პრობლემებს შორის ერთ-ერთი იყო შემდეგი: არსებობდა შავი ზღვის გუბერნია. 1905 წელს შავი ზღვის გუბერნიას მიაკუთვნეს გაგრის ოლქი – ტერიტორია მდინარე ბზიფის დასავლეთით. 1919 წელს საქართველო ეომებოდა დენიკინს. რუსეთის სამოქალაქო ომის დროს წითლები და თეთრები ებრძოდნენ ერთმანეთს. წითლები – ბოლშევიკები, თეთრები – რუსეთის თეთრების მოძრაობა. დენიკინი იყო სამხრეთ-რუსეთის ჯარების სარდალი და თეთრი მოძრაობის მეთაურის მოადგილე. დენიკინს სწორედ ამ გაგრის ოლქისთვის ვებრძოდით. 1918 წლიდან მოლაპარაკებები დაიწყო ქართველებსა და დენიკინს შორის. დენიკინს,  ზოგადად, დიდი ზრახვები ჰქონდა. ის მიიჩნევდა, რომ რუსეთის იმპერიის ნანგრევებზე ჩამოყალიბებული სახელმწიფოების არსებობა დროებითი ამბავი იყო და როცა წითლებს დაამარცხებდა, ამ სახელმწიფოებს მოუბრუნდებოდა და მათ ისევ რუსეთის შემადგენლობაში შეიყვანდა. მაგრამ უშუალოდ იმ დროს, როცა მისთვის მთავარი პრობლემა წითლები იყვნენ და მათ ებრძოდა, საქართველოსთან მიმართებით გაგრის საკითხი მწვავედ იდგა. დენიკინი ამბობდა, რომ ის რუსეთის გუბერნიის შემადგენლობაში იყო, ქართველები კი მას აფხაზეთის ნაწილად მიიჩნევდნენ.  1919 წლის თებერვალში დენიკინმა ჯერ სოჭი დაიკავა, შემდეგ კი გაგრა. 1919 წლის აპრილში ქართველები გადავიდნენ საპასუხო შეტევაზე და გაგრა დენიკინს ხელიდან გამოსტაცეს. შეიძლება ითქვას, რომ იმპერიის შიდაადმინისტრაციულმა დაყოფამ ეს პრობლემა ცხადად დააყენა. სხვა განსაკუთრებული დაბრკოლება ამ მხრივ მას არ მოუტანია, რადგან იმავენაირი დაყოფა საქართველოში გადმოვიდა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ – რა მაზრებიც ამ გუბერნიების შემდეგ იყო, იგივე მაზრებად დარჩა. არსებობდა, მაგალითად, ზაქათალას მაზრა, რომელიც თბილისის გუბერნიაში შედიოდა, მაგრამ 1918-21 წლებში იგი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სადავო ტერიტორიას წარმოადგენდა. ორივე მხარე აღიარებდა მის სადავოობას, რომლის ბედიც უნდა განსაზღვრულიყო საერთაშორისო კონფერენციაზე მოლაპარაკების გზით. როცა რუსეთმა საქართველო დაიპყრო, რუსეთის წარმომადგენლობამ მსჯელობის შედეგად იგი მიაკუთვნა საბჭოთა აზერბაიჯანს.

ელენე ფილფანი: იქნებ მეზობელ სახელმწიფოებთან ჩვენს სადავო ტერიტორიებზე უფრო ვრცლად გვესაუბრა…

დიმიტრი სილაქაძე: საქართველოსა და სომხეთს შორის სადავო იყო ბორჩალოს მაზრის ცენტრალური და სამხრეთ ნაწილი და ახალქალაქის მაზრის კუთვნილება. ორივე მხარეს თავისი არგუმენტები ჰქონდა. სომხური მხარის არგუმენტი იყო იქ მცხოვრები ეთნიკური წარმომავლობის მქონე ხალხის რაოდენობა. ახალქალაქის მაზრასა და ბორჩალოს მაზრის იმ ნაწილშიც, რომელსაც სომხეთი ედავებოდა საქართველოს, სომხები ეთნიკურ უმრავლესობას წარმოადგენდნენ. საქართველოს მხარის არგუმენტი ისტორიული იყო. ბორჩალოს მაზრის სამხრეთ ნაწილი ანტიკურობიდან მოყოლებული ხელიდან ხელში გადადიოდა. განვითარებული შუა საუკუნეებიდან ეს ყოველთვის ქართული ტერიტორია იყო. როცა სომხეთი იყო ძლიერი, ის ეცილებოდა ამ ტერიტორიას და როცა საქართველო – პირიქით. ქართველებს, ისტორიულის გარდა, ჰქონდათ ეკონომიკური არგუმენტიც. ეკონომიკურად ეს მხარეები თბილისზე იყო მიბმული. სწორედ ამ ტერიტორიების გამო სომხეთსა და საქართველოს შორის 1918 წლის დეკემბერში მოხდა ომი. ეს ომი დასრულდა ბრიტანეთის შუამდგომლობით. ჩვენში გავრცელებულია ინფორმაცია, თითქოს ბრიტანელებმა სომხეთის მხარე დაიჭირეს, თუმცა სომხეთში ეს ინფორმაცია  პირიქითაა – იქ ამბობენ, რომ ბრიტანელებმა ქართველების მხარე დაიკავეს. რა მოხდა სინამდვილეში? როცა სომხებმა დაიწყეს შეტევა, ისინი წარმატებით მიდიოდნენ, ჯერ კიდევ ამ პერიოდში, როცა ისინი შეტევაზე იყვნენ, ბრიტანელები ომის შეწყვეტას ითხოვდნენ. სომხეთის ჯარი მოვიდა დღევანდელ ბოლნისამდე, მაგრამ მერე ქართველებმა დაიწყეს კონტრშეტევა და დაახევინეს იქამდე, სადაც დღეს უკვე საქართველო-სომხეთის საზღვარი გადის. ბრიტანეთის დიდი მოთხოვნით სწორედ ამ ადგილას შეწყდა სამხედრო მოქმედებები. მაშინვე დაიწყო სამმხრივი მოლაპარაკებები თბილისში საქართველოს, სომხეთსა და ბრიტანეთს შორის. ამ მოლაპარაკებების შედეგად სომხეთმა უარი თქვა ახალქალაქის მაზრაზე. რაც შეეხება ბორჩალოს მაზრას, მისი სამხრეთ ნაწილი გამოცხადდა სადავო ტერიტორიად, რომლის ბედიც შემდეგში მოლაპარაკებების საფუძველზე უნდა გადაწყვეტილიყო. იქამდე კი მორიგეობით, 2-2 თვის განმავლობაში ხან ქართული მხარე დაიკავებდა ამ ადგილს, ხან –  სომხური. 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ, სომხეთ -საბჭოთა და რუსეთ-საბჭოთა საქართველოს მოლაპარაკებების შემდეგ, ბორჩალოს მაზრის სამხრეთ ნაწილი სომხეთის შემადგენლობაში აღმოჩნდა. რაც შეეხება ზაქათალას მაზრას, იგი თავიდანვე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სადავო ტერიტორიად იყო გამოცხადებული. 7 მაისის ხელშეკრულებით საქართველოს ერგო, მაგრამ, 12 მაისს დამატებული ხელშეკრულების მიხედვით, ისევ სადავო სტატუსი მიენიჭა, თუმცა ისიც საბჭოთა პერიოდში საბჭოთა რუსეთმა და საბჭოთა საქართველოს მთავრობამ (რომელიც მხოლოდ ფორმალური წოდება იყო და საბჭოთა საქართველოს მთავრობას რეალურად არავინ არაფერს ეკითხებოდა) იგი გადასცა საბჭოთა აზერბაიჯანს.

ანი კახიძე: ბატონო დიმიტრი, წინა ეპიზოდებში, როცა 7 მაისის ხელშეკრულებაზე ვსაუბრობდით, გამოიკვეთა, რომ დღესაც არ კარგავს ეს ხელშეკრულება სამართლებრივ მნიშვნელობას  იქიდან გამომდინარე, რომ შეგვიძლია ვამტკიცოთ რუსეთის მხრიდან ისტორიულად აღიარებული ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. რამდენად ეთანხმებით ამ თვალსაზრისს  და როგორ შეიძლება ჩვენმა სახელმწიფომ ეს სამართლებრივი უპირატესობა გამოიყენოს?

დიმიტრი სილაგაძე: საბჭოთა პერიოდში, გარდა ისეთი გამონაკლისებისა, როცა დარღვევების სახით აფხაზეთს აცილებდნენ საქართველოს (ეს უფრო მეტად საბჭოთა კავშირის დასაწყისში ხდებოდა), აფხაზეთი ძირითადად საქართველოს შემადგენელი ნაწილი იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც იურიდიულად რუსეთი ამას აღიარებდა, ეს ასე მოხდა 2008 წლის ომის მერეც. აფხაზეთი რომ საქართველოს ნაწილია, ჩვენ გაგვაჩნია ამის თქმის საფუძველი – თუნდაც 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით, და თუნდაც შემდგომი პერიოდის, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ სახელმწიფოზე, რომელიც ამ ხელშეკრულებებს არ ასრულებს. ეს კარგად ჩანს იქიდან გამომდინარეც, რომ 1920 წლის 7 მაისს ხელშეკრულება დაგვიდეს და არასრული 1 წლის განმავლობაში საქართველო დაიპყრეს. იურიდიულად ეს დოკუმენტი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ისევე, როგორც ის ფაქტი, რომ საბჭოთა კავშირის დაშლისას აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში იყო. იურიდიულად მსოფლიოში არავის, რუსეთის გარდა (არის მცირე გამონაკლისებიც მასთან ერთად: ვენესუელა, სირია, ნიკარაგუა), ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია.

ანი კახიძე: ჩვენი პოდკასტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია მემკვიდრეობითობის დანახვა და დაჭერა. როცა დამოუკიდებლობის აქტზე ვსაუბრობდით, უკვე ვთქვით, სიმბოლურად როგორ განისაზღვრა იდენტობა, რა კავშირი ჰქონდა ამ განსაზღვრულ იდენტობასთან სხვადასხვა თაობას და 90-იან წლებში, როცა დამოუკიდებლობა აღვიდგინეთ, როგორ გავიაზრეთ ეს მემკვიდრეობითობა. ახლა უშუალოდ ტერიტორიულ მოწყობაზე რომ გადავიდეთ, როგორ მოხერხდა საზღვრების გადააზრება 1991 წელს და ითვალისწინებდნენ თუ არა პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობას ამ პროცესებში?

დიმიტრი სილაგაძე: როგორ უყურებდნენ საზღვრებს 1918-21 წლებში, ამის კარგი მაგალითია ის რუკა, რომელიც პარიზის საზავო კონფერენციას წარუდგინეს. სხვათა შორის, ეს რუკა ხშირად ტრიალებს ხოლმე ინტერნეტში, როგორც ერთა ლიგის მიერ აღიარებული საქართველოს საზღვრები, რაც მცდარია. ერთა ლიგას საქართველო თავის საზღვრებში არ უღიარებია. იგი საქართველოს აღიარებდა როგორც სახელმწიფოს, მასთან ურთიერთობა ჰქონდა და განიხილებოდა კიდეც მისი ერთა ლიგაში მიღების საკითხი, მაგრამ 1920 წლის მაისში არ მიგვიღეს და 1921 წლის სექტემბერში გადადეს განხილვა. ამ პროცესებში არ ჩანს, როგორ საზღვრებში ხედავდა ამ დროს იგი საქართველოს, მაგრამ არსებობს რუკა, რომელიც საქართველოს დელეგაციამ პარიზის საზავო კონფერენციაზე პირველი მსოფლიო ომის შემდეგ წარადგინა. ეს ის რუკაა, რომელზეც ინტერნეტში წერენ ხოლმე, თითქოს ერთა ლიგის მიერ აღიარებული საზღვრებია მასზე დატანილი. ეს რუკა ოცნებაა, რომელიც იმ ისტორიულ მეხსიერებას ეფუძნება, რომელშიც საქართველო თავისი ძლიერების ხანაშია არეკლილი. არ ვგულისხმობ თამარისა და დავითის ხანას, მაგრამ მათთან ახლო პერიოდზე ვსაუბრობ. რეალურ პოლიტიკაში ჩვენ ამ საზღვრებზე ვერ გავიწიეთ, ამ მასშტაბის დაკავება მაშინ რიგი მიზეზების გამო შეუძლებელი იყო: სამხედრო-პოლიტიკური, ეთნიკური ფაქტორი და ა.შ. მაგრამ გარკვეულწილად ეს სწორება ისტორიიდან კარგად ჩანდა იმ პერიოდის საზღვრებისადმი დამოკიდებულებაში. 1921 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველო იყო ცოტა უფრო დიდი, ვიდრე დღევანდელი 69 000კვ/კმ. ცოტა დიდში იგულისხმება ის, რომ ართვინი და არტაანი იყო საქართველოს შემადგენლობაში. ამის გარდა, ბორჩალოს მაზრის სამხრეთ ნაწილი და ზაქათალა იყო სადავო ოლქი. დანარჩენი იგივე იყო, რაც 1991 წლის საზღვრებში.

            რაც შეეხება ამ საზღვრების მიმართ დამოკიდებულებას დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ: დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ეს წარსულის მიმართ გაზვიადებული წარმოდგენა პოლიტიკურ დღის წესრიგთან ძალიან შეუსაბამო გამოდგა. მეტიც, დამოუკიდებლობის გამოცხადებისას იმის შენარჩუნების პრობლემა დაგვიდგა. როცა იმასაც ვერ იცავ, რაც გაქვს, საუბარია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე, ამის იქით ისტორიულ საზღვრებთან ჭიდაობის დაწყება არარეალურია და ამისკენ არც გადაუდგამთ ნაბიჯები, მაგრამ ისტორიულ მეხსიერებაში ჩვენ ამა თუ იმ პერიოდში, ძლიერების ხანაში, მსგავსად სხვა ერებისა, მოგვწონს ის საზღვრები, რომლებსაც ვაკონტროლებდით, სიამაყის გრძნობა გვიჩნდება, მაგრამ ამ საზღვრების მოთხოვნა დღევანდელ სინამდვილეში ნიშნავს იმას, რომ ხვალ და ზეგ აღარ იარსებებ. რეალისტები ვართ და რეალობიდან უნდა გამოვიდეთ. დღევანდელ მსოფლიო წესრიგს დიდი სახელმწიფოებიც კი ვერ არღვევენ (რუსეთის გამოკლებით), პატარა საქართველო ხომ მით უფრო ვერ დაარღვევს… ამის მიუხედავად, ისტორიული მეხსიერება  უნდა გვქონდეს, მაგრამ მას თავი არ უნდა დავაღუპვინოთ, სწორად და რაციონალურად უნდა შევხედოთ ყველაფერს.



მდევარი