შემდგენლები: დ.ფარჯანაძე, გ. კეჩხუშვილი, რ.ქვარცხავა
რედაქტორი: გ. მჭედლიშვილი
თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1986
კორექტორი: მარიამ გორდაძე
სტატია გააციფრულა ბექა იობიძემ
გელა გელაშვილის ბიბლიოთეკიდან
დიდი ქართველი ფსიქოლოგი დიმიტრი უზნაძე სიცოცხლეშივე იქცა მეცნიერების კლასიკოსად. მან თავისი სამეცნიერო ნაშრომებითა და მოღვაწეობით უდიდესი როლი შეასრულა ამ დარგის განვითარებაში.
დიმიტრი უზნაძემ შექმნა ფსიქოლოგიური კვლევის ახალი მიმართულება – განწყობის ფსიქოლოგია – მსოფლიო ფსიქოლოგიური მეცნიერების მნიშვნელოვანი მონაპოვარი.
დიმიტრი უზნაძემ შეძლო ის, რასაც ვერ ახერხებს ბევრი დიდი მეცნიერი – დააარსა ქართული ფსიქოლოგიური სკოლა, რითაც საიმედო საფუძველი ჩაუყარა მის მიერ შექმნილი თეორიის ბაზაზე ქართული ფსიქოლოგიის მომავალს.
ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი ო’კონორის მიხედვით, „საბჭოთა ფსიქოლოგიური მეცნიერება მსოფლიო საკაცობრიო საგანძურში სამი მიმართულებით არის წარმოდგენილი – პავლოვის, ვიგოდსკისა და საქართველოში უზნაძის მოღვაწეობით შთაგონებული სკოლით“.
განსაკუთრებულია უზნაძის ღვაწლი, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლისა. ის იყო იმ თავდადებულ ენთუზიასტთა შორის, რომელთაც ივანე ჯავახიშვილის თავკაცობით იტვირთეს ეს მძიმე, მაგრამ საპატიო საქმე და წარმატებითაც გაუძღვნენ მას. ეს იყო პატრიოტთა და საზოგადო მოღვაწეთა შესანიშნავი თაობა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა მთელ ჩვენს დღევანდელ მეცნიერებას.
უნივერსიტეტის – საქართველოში პირველი უმაღლესი სასწავლებლის – სამეცნიერო ავტორიტეტი დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რამდენად შეძლებდა იგი საუნივერსიტეტო კურსების სათანადო დონეზე დაყენებას. უნივერსიტეტის პრესტიჟი ფსიქოლოგიური მეცნიერების განვითარებაზეც იყო დამოკიდებული, რომელიც სასწავლებლის გახსნისთანავე ცალკე დარგად გამოიყო და ერთადერთი ფსიქოლოგით, დიმიტრი უზნაძის სახით იყო წარმოდგენილი. პირველ წლებში, სანამ ფსიქოლოგთა კადრებს მოამზადებდა, ყველა სპეციალურ საგანს თავად დიმიტრი უზნაძე კითხულობდა. კითხულობდა აგრეთვე პედაგოგიკას, პედაგოგიკის ისტორიას და ხელმძღვანელობდა სემინარებს ფსიქოლოგიის სხვადასხვა დარგში. დ.უზნაძე იგონებს: „თებერვლის რევოლუციის მომენტისათვის ქართული ფსიქოლოგიური ლიტერატურა ამოიწურებოდა ამ ერთი წიგნით („ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის შესავალი“), ხოლო ფსიქოლოგიური კადრების რაოდენობა ამ წიგნის ავტორით განისაზღვრებოდა. მაშასადამე, უნივერსიტეტის გახსნისას ქართველთა შორის მხოლოდ ერთი პირი მოიპოვებოდა, რომელიც საგანგებოდ სამეცნიერო ფსიქოლოგიის კუთხით მუშაობდა. ახლად გახსნილ ქართულ უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის კურსის წაკითხვა და კათედრის მოწყობა მას დაევალა. ამრიგად, უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის კათედრას ცარიელ ადგილზე მოუხდა მუშაობის დაწყება – არც ფსიქოლოგიური კადრები, არც ფსიქოლოგიური ლიტერატურა, მაშასადამე, არც ფსიქოლოგიური მეცნიერული ენა, არაფერი ეს მაშინ მზად არ ყოფილა და ყველაფერი გასაკეთებელი იყო“.
თუ გავითვალისწინებთ ზემოთქმულს, გასაგები გახდება ის ზეადამიანური შემართება და ნიჭი, რამაც შეაძლებინა ახალგაზრდა მეცნიერს, უმოკლეს დროში გაეკეთებინა რამდენიმე თაობის გასაკეთებელი საქმე: ახალი, სრულიად ორიგინალური პოზიცია ფსიქიკურის გაგების, ფსიქიკურის ასახვისა და მის საფუძველზე განვითარებისა; ისტორიზმის პრინციპებზე დაყრდნობით ქცევის რეგულაციის ახსნა, უშუალობის პოსტულატის დაძლევა და სუბიექტის ფსიქოლოგიური არსის ჩვენება ნიშნავდა ახალ, უაღრესად პერსპექტიულ ეტაპს ფსიქიკური რეალობის შემეცნების გზაზე.
უნივერსიტეტში მოღვაწეობის პირველივე დღეებიდან დ. უზნაძე ისე ენერგიულად არჩევდა და ამზადებდა კადრებს, რომ ჯერ კიდევ 1927 წელს საქართველოში მისი ხელმძღვანელობით დაარსდა საბჭოთა კავშირში პირველი ფსიქოლოგიური საზოგადოება. ქართული მეცნიერული ფსიქოლოგიის მაღალმა დონემ 1941 წელს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჩამოყალიბებისთანავე, განაპირობა ფსიქოლოგიის ინსტიტუტის შექმნა მის სისტემაში. ეს იყო აკადემიის სისტემაში შემავალი პირველი სამეცნიერო – კვლევითი ინსტიტუტი საბჭოთა კავშირში.
1941 წელსვე დიმიტრი უზნაძე აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად. ესეც პირველი შემთხვევა იყო საბჭოთა კავშირში მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად ფსიქოლოგის არჩევისა.
ქართული უნივერსიტეტის დაარსებისთვის 31 წლის დიმიტრი უზნაძეს ნაყოფიერი შემოქმედებითი გზა ჰქონდა გავლილი.
დიმიტრი უზნაძე დაიბადა 1886 წლის 2 დეკემბერს ქუთაისის გუბერნიის (ახლანდელი ზესტაფონის რაიონი) სოფელ საქარაში, შეძლებული გლეხის ოჯახში. მამა – ნიკო უზნაძე – მშრომელი კაცი იყო, რომელმაც თავის მეუღლესთან, ანა ჭუმბურიძესთან, ერთად შეძლო თავისი შვილებისათვის კეთილშობილების, შინაგანი ტაქტის, ურთიერთპატივისცემის მაგალითი ეჩვენებინა. მშობლებმა ოთხივე ვაჟს უმაღლესი განათლება მისცეს.
10 წლის დიმიტრი ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიაში შეიყვანეს. 1905 წელს მოსწავლეთა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო იგი გარიცხეს გიმნაზიის მერვე კლასიდან. გიმნაზიის დირექტორმა გარიცხვის ოფიციალურ მიზეზად სწავლის ფულის გადაუხდელობა დაასახელა, რათა ნიჭიერი მოსწავლისათვის რეპრესიები აერიდებინა. ეს ფაქტი, ერთ მხრივ, გიმნაზიის დირექტორის დიდი ჰუმანურობის მანიშნებელია, მეორე მხრივ, თვით მოწაფის – დიმიტრი უზნაძის – გამორჩეული ნიჭისა და პირადი მომხიბვლელობის თავისებური აღიარებაცაა.
იმავე 1905 წელს დიმიტრი უზნაძე სწავლის გასაგრძელებლად გერმანიაში გაემგზავრა და შევიდა ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. იმავე ფაკულტეტზე მასთან ერთად სწავლობდნენ აკადემიკოსი გიორგი ჩუბინაშვილი და გერონტი ქიქოძე. „უნივერსიტეტში ამ დროს მეცადინეობის რაიმე გეგმა არ არსებობდა, ე.ი. სავალდებულო საგნები არ არსებობდა, – იგონებს გ. ჩუბინაშვილი, – სტუდენტი თავადვე ირჩევდა სურვილისამებრ კურსებსა და მეცადინეობას, ჩაეწერებოდა და დაწესებულების ჰონორარს იხდიდა. ერთადერთი სავალდებულო რამ იყო ფილოსოფია, როგორც ერთი სამ საგანთაგანი სადოქტორო გამოცდების ჩაბარების დროს, და ამის შესაბამისად ფილოსოფიის ზოგადი კურსის მოსმენა“.
დიმიტრი უზნაძე ფსიქოლოგიის ლექციებს ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის მამამთავართან – ვუნდტთან – ისმენდა. გარდა ვუნდტისა, იმ დროს ლაიფციგის უნივერსიტეტში მოღვაწეობდნენ ფოლკელტი, ბარტი, შპრანგერი, კრიუგერი, რომელთა ლექციების მოსმენამ და სემინარებში მონაწილეობამ ბევრი რამ მისცა დიმიტრი უზნაძეს, მაგრამ ლაიფციგში გატარებული წლები დ. უზნაძისთვის, უპირველეს ყოვლისა, იმით იყო ღირსშესანიშნავი, რომ ვუნდტის ლაბორატორიაში უშუალოდ ვუნდტისვე ხელმძღვანელობით მუშაობდა.
ვილჰელმ ვუნდტმა 1879 წელს ლაიფციგში დააარსა მსოფლიოში პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორია. ამ ლაბორატორიაში ჩამოყალიბდა ექსპერიმენტული ფსიქოლოგია, რომლის შესასწავლადაც ჩამოდიოდნენ ახალგაზრდები სხვადასხვა ქვეყნიდან. შემდგომში სწორედ ვუნდტის მოწაფეებმა გახსნეს ცნობილი ფსიქოლოგიური ცენტრები გერმანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, რუსეთში და საქართველოში ეს მისია წილად ხვდა დიმიტრი უზნაძეს.
ლაიფციგის უნივერსიტეტი დ. უზნაძემ 1909 წელს დაამთავრა და იმავე წელს ჰალეში დაიცვა დისერტაცია ვ. სოლოვიოვის ფილოსოფიაზე („ვლ. სოლოვიოვი, მისი შემეცნების თეორია და მეტაფიზიკა“), მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი და დაბრუნდა საქართველოში.
დ.უზნაძე ჯერ კიდევ მესამე კურსის სტუდენტი იყო, როდესაც ლაიფციგის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიურმა საბჭომ პრემია მიანიჭა მას ლაიბნიცის ფილოსოფიაზე ნაშრომისათვის. ლაიბნიცის ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური მოძღვრების ისტორიული მნიშვნელობის შესწავლა შემდგომში დ. უზნაძის მრავალი გამოკვლევის საგანი გახდა.
შემეცნების, ადამიანის მოქმედების საწყისების ფსიქოლოგიურ გააზრებას დ. უზნაძე პირველ ხანებში სწორედ ფილოსოფიურ შრომებში და მათი დახმარებით ახერხებს. ამ მხრივ, აღსანიშნავია მისი გამოკვლევები: „რა არის შემეცნების თეორია“ (1910) და „ინდივიდუალობა და მისი გენეზისი“ (1910).
1919 წელს უნივერსიტეტის მოამბეში დაიბეჭდა დიმიტრი უზნაძის გამოკვლევა „ლაიბნიცის Petites perceptions – თა ადგილი ფსიქოლოგიაში“, ხოლო 1920 წელს გამოვიდა მისი მონოგრაფია „ანრი ბერგსონი“. ლაიბნიცის მოძღვრება Petites perceptions – ების შესახებ, ისევე როგორც ბერგსონის ანტიინტელექტუალიზმი, არაცნობიერის თეორია, მათდამი განსაკუთრებული ინტერესი, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, სრულიად კანონზომიერი და უაღრესად მნიშვნელოვანი ეტაპი იყო დ. უზნაძის შემოქმედებაში და დღეს მისი განწყობის თეორიის ქმნადობის ერთ-ერთ ეტაპად შეიძლება ჩაითვალოს. როგორც ა. ფრანგიშვილი მიუთითებს, თანამედროვე ფსიქოლოგიური მეცნიერების ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემები, როგორიცაა პიროვნების ფსიქოლოგია, ცნობიერების გენეზისი, არაცნობიერი ფსიქიკა და სხვა, იმ ფილოსოფიური მოძღვრებების კრიტიკასთან გამოიკვეთნენ, რომელნიც ადრევე გახდნენ დ. უზნაძის სამეცნიერო გამოკვლევათა საგანი. ამიტომაცაა, რომ დ. უზნაძის ფილოსოფიური შრომები დღესაც აქტუალურია.
დ. უზნაძის ფილოსოფიური შრომების აღიარებაა ძმები გრანატების ენციკლოპედიურ ლექსიკონში (1913) დ. უზნაძის XX საუკუნის დასაწყისის ქართული ფილოსოფიური აზრის თვალსაჩინო წარმომადგენლად დასახელება.
დიმიტრი უზნაძე ლაიფციგის უნივერსიტეტის დამთავრებისა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხის მიღებისთანავე დაბრუნდა სამშობლოში და დაიწყო მუშაობა მასწავლებლად ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში.
ქუთაისში დ. უზნაძის მოღვაწეობა უაღრესად ნაყოფიერი პერიოდია მის შემოქმედებაში. აქ გატარებულმა წლებმა დიდი გამოცდილება შესძინა მას, როგორც ორგანიზატორს, მკვლევარსა და საზოგადო მოღვაწეს. ქუთაისში ჩამოსვლისთანავე იგი აქტიურად მონაწილეობს ახალდაარსებულ სახალხო უნივერსიტეტის საქმიანობაში, რომლის მიზანიც იყო ხალხის მასების გათვითცნობიერება. დიმიტრი უზნაძემ მრავალი ლექცია წაიკითხა ისტორიის, ლიტერატურის, ფილოსოფიის საკითხებზე. რამდენადაც იგი გიმნაზიაში ისტორიას ასწავლიდა, ხოლო სასწავლებელი ქართულ ენაზე სახელმძღვანელოების ნაკლებობას განიცდიდა, დ. უზნაძემ დაამუშავა და გამოაქვეყნა ისტორიის სახელმძღვანელოები: „პირველყოფილი კულტურა“, „ძველი აღმოსავლეთ“, „ძველი და ახალი ისტორია“. ამ სახელმძღვანელოებმა დიდი როლი შეასრულა მაშინდელი ახალგაზრდობის აღზრდაში.
1912 წელს დ. უზნაძემ გამოაქვეყნა წიგნი „ექსპერიმენტული პედაგოგიკის შესავალი“ ქართულ ენაზე, რომელიც იმდროინდელი პედაგოგიური მეცნიერების უახლეს მიღწევათა გადმოცემასთან ერთად ორიგინალურ შეხედულებებსა და მითითებებსაც შეიცავდა. ეს იყო პედაგოგიკური ხასიათის პირველი ნაშრომი, რომელიც ითვალისწინებდა ბავშვის ფსიქოლოგიურ თავისებურებებს. სწორედ აქედან იწყება საქართველოში ექსპერიმენტული პედაგოგიკისა და ბავშვის ფსიქოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი დარგის, განვითარება.
1915 წელს საზოგადოება „სინათლის“ ბაზაზე დ. უზნაძემ დააარსა ქალთა ქართული სკოლა, სადაც სწავლა-აღზრდის პროცესი მოწინავე პედაგოგიურ პრინციპებს ემყარებოდა. ეს პრინციპები დ.უზნაძემ დაასაბუთა წერილში – „ქალთა საშუალო განათლების პრინციპები“.
ამავე პერიოდს ეკუთვნის დ. უზნაძის შესანიშნავი წერილები ლიტერატურისა და ესთეტიკის საკითხებზე. იგი ავტორია თვალსაჩინო გამოკვლევებისა და წერილებისა ლიტერატურათმცოდნეობის დარგში. დ. უზნაძის სამეცნიერო კვლევის საგანი იყო მე – 19 საუკუნის ქართული ლიტერატურის ძეგლები – ილია ჭავჭავაძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედება. მას ეკუთვნის გამოკვლევები ა. აბაშელის, ი. გრიშაშვილის შემოქმედებაზე. ამ გამოკვლევებში წარმოდგენილი და დასაბუთებულია ლიტერატურული შემოქმედების მეცნიერული შესწავლის გარკვეული მეთოდოლოგია. დ. უზნაძის მიხედვით, არა მხოლოდ ფილოსოფიას, არამედ ხელოვნებასაც აქვს შემეცნებითი, მაშასადამე, სინამდვილის ასახვის ფუნქცია. მას აინტერესებს საკითხი – „რატომ ხდება, რომ სინამდვილეს დაშორებული, მაგრამ მაინც ჭეშმარიტების დაღით აღბეჭდილი ხელოვნების ნაწარმოებები ესთეტიკური ტკბობის უშრეტ წყაროდ გვევლინება, მაშინ, როდესაც თვით სინამდვილე, ფოტოგრაფიულად გადმოღებული, ოდნავადაც არ ეხება ჩვენს გრძნობათა სამფლობელოს“. ხელოვნების ნაწარმოების შეფასებას ის საჭიროდ მიიჩნევს ორგვარი მეთოდით – ესთეტიკური და ფილოსოფიური კრიტიკის თვალსაზრისით. ესთეტიკურია შეფასება მაშინ, როდესაც კერძოს, კონკრეტულს მივყავართ აბსტრაქტულისა და ზოგადისაკენ, რომელიც მის მიღმა მოიაზრება და ფილოსოფიურია მაშინ, როდესაც აბსტრაქტულობასა და ზოგადობას კონკრეტულში ჭვრეტს, როგორც ამ ზოგადს, კონკრეტულში გამოხატულს.
1917 წლიდან დ. უზნაძის მოღვაწეობაში ახალი პერიოდი დაიწყო. იგი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა და ჩაება ქართველ მეცნიერთა იმ დიდ მუშაობაში, რასაც ი. ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით თბილისში სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსება მოჰყვა. 1918 წელს უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის კათედრის დაარსებით თარიღდება საქართველოში მეცნიერული ფსიქოლოგიის დასაწყისი.
თუმცა დ. უზნაძე ამ დროისთვის ცნობილი იყო, როგორც ფილოსოფოსი და პედაგოგი, ის, რომ იგი, პირველ ყოვლისა, ფსიქოლოგი იყო, გამოჩნდა მთელ მის შემდგომ სამეცნიერო და პედაგოგიურ მუშაობაში.
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს დ. უზნაძის მიერ XX საუკუნის დასაწყისის ფსიქოლოგიური კრიზისის მიზეზების ღრმა ანალიზის საფუძველზე ტრადიციული და ახალი დროის ფსიქოლოგიის ძირითადი მეთოდოლოგიური პრინციპების – პოსტულატების – კრიტიკული გადასინჯვა და არსებითად ახალ მეთოდოლოგიურ საფუძველზე ფსიქოლოგიის გადაყვანის აუცილებლობის დასაბუთება.
ცნობილია, რომ კლასიკური ფსიქოლოგია, აგრძელებდა რა გნოსეოლოგიური მოძღვრების ტრადიციას სამყაროს იმანენტური და ტრანსცენდენტური დაპირისპირების შესახებ, თავის საგნად ფსიქიკურს, როგორც იმანენტური კანონზომიერების სინამდვილეს, აღიარებდა.
ფსიქიკურის ამგვარ გაგებას მოგვიანებით მიესადაგება საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში აქსიომად ქცეული „ბუნების დახშული კაუზალობის პრინციპის“ გავრცელება ფსიქიკურ სფეროზე. ამ პრინციპის თანახმად, ისევე როგორც ფიზიკურ სამყაროში, ფიზიკური მოვლენის მიზეზი ფიზიკურ მოვლენათა შორის არსებობს და მათი ერთმანეთზე ზემოქმედებისთვის არავითარი შუამავალი არ არის საჭირო, ასევე თუ რაიმე ცვლილება ხდება ფსიქიკაში, ისევ ფსიქიკურის შემოქმედებით უნდა აიხსნას.
მეორე მხრივ, ფაქტობრივი მასალის საფუძველზე დადგინდა გარკვეული ფსიქიკური მოვლენების შესატყვისობა ფიზიკურ პროცესებთან. ამ გარემოებამ წარმოშვა ფსიქოფიზიკური პარალელიზმის პრობლემა. მაგრამ ის ფსიქოლოგიური მიმართულებაც, რომელიც არ იღებს ფსიქოფიზიკურ პარალელიზმს და რომლის თანახმადაც შესაძლებელია ფსიქიკურ და ფიზიკურ მოვლენებს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა, ფაქტობრივად უშუალობის პოსტულატებს ემყარება, რადგან ამ შემთხვევაშიც იგულისხმება, რომ გარეგანი სტიმული ფსიქიკურ პროცესზე უშუალოდ ზემოქმედებს.
დ. უზნაძემ სავსებით დამაჯერებლად აჩვენა, რომ მთელი კლასიკური ფსიქოლოგია თავისი მრავალრიცხოვანი განშტოებით საბოლოო ანგარიშით ემყარება ფსიქიკურის, როგორც ობიექტურისაგან დამოუკიდებელი რეალობის, აღიარებას და ვერ აღწევს თავს ცნობიერების დახშულ წრეს. თვით ობიექტივისტური ფსიქოლოგიაც კი, რომელიც აღმოცენდა როგორც რეაქცია ინტროსპექციული ფსიქოლოგიისა იმანენტიზმის წინააღმდეგ, ფაქტობრივად აღიარებდა იმას, რომ ცნობიერების არსი და ბუნება ეძლევა და მისაწვდომია მხოლოდ განმცდელი სუბიექტისათვის. სწორედ იმიტომ უარყოფდა ის ფსიქიკას, როგორც შემეცნების შესაძლო ობიექტს.
ჯერ კიდევ 1923 წელს გამოსულ შრომაში „Ympersonalia“ დ. უზნაძე შემეცნების ფაქტს განიხილავს, როგორც ობიექტის ადეკვატური ასახვის უნარს, და ასკვნის: ფსიქიკურის ძირითადი კანონზომიერება ისაა, რომ „ობიექტი თითქოს გადადის“ სუბიექტში და სუბიექტის ცნობიერების პროცესებს ტრანსსუბიექტური საგნის მიხედვით აწესრიგებს. ობიექტის კანონები მართავს და განსაზღვრავს ადამიანის ცნობიერების პროცესებს. იმის გამო, რომ ობიექტს არ შეუძლია ფიზიკური გადასვლა სუბიექტის ცნობიერებაში, ამიტომ, დ. უზნაძის მიხედვით, ეს მართვა უნდა გავიგოთ, როგორც ობიექტური საწყისის ისეთი ზემოქმედება ცოცხალ არსებაზე, რომელიც ამ უკანასკნელში იწვევს ცვლილებებს, მათ კი ობიექტის ადეკვატურ ასახვამდე მივყავართ.
მიუხედავად იმისა, რომ ეს იდეა თავისი განვითარების ამ ეტაპზე ჯერ არ იყო ემპირიულად დასაბუთებული, არსებითად მასში უკვე მოცემულია დ. უზნაძის განწყობის თეორიის ძირითადი პრინციპი, მისი ამოსავალი პოზიცია.
ფსიქოლოგიისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხის – ფიზიკურისა და ფსიქიკურის ურთიერთდამოკიდებულების – გადაწყვეტის გზა დ. უზნაძემ მათ დიალექტიკურ ერთიანობაში დაინახა. ფსიქიკური სინამდვილის ახსნა, მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიკა ტვინის პროდუქტია, დ. უზნაძის მიხედვით, ბიოლოგიურ – ფიზიოლოგიურ პროცესში კი არ უნდა ვეძებოთ, არამედ ფსიქიკის განვითარების ისტორიაში. „ფსიქოლოგიას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება თავისი ახსნითი ამოცანების სწორი გადაწყვეტა, თუ იგი თავის კვლევა-ძიებას ჩვენი ცნობიერების ისტორიული და სოციალური განსაზღვრულობის იდეას დაუდებს საფუძვლად“.
მაგრამ ტრადიციული ფსიქოლოგიის ჩარჩოებში ფსიქოლოგიის ძირითადი ამოცანა – განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით აეხსნა ფსიქიკური სინამდვილე – ვერ ხერხდებოდა. იგულისხმებოდა, რომ ცნობიერებას წინა საფეხური არ შეიძლებოდა ჰქონოდა. ამიტომ საერთოდ საკითხი, რა საფეხურები უსწრებს წინ ცნობიერი პროცესების აღმოცენებას, როგორ მზადდება მათი წარმოშობა და აქტიურ მდგომარეობაში გადასვლა – არც დასმულა. დ. უზნაძემ პირველმა დასვა საკითხი ფსიქიკური განვითარების შესახებ და ამდენად მისი იმ საფეხურების შესახებაც, რომელნიც წინ უსწრებს ცნობიერი ფსიქიკური პროცესების აღმოცენებას.
რამდენადაც ცნობიერება არის ფსიქიკურის განვითარების უმაღლესი ფორმა, მაგრამ მას წინ უნდა უსწრებდეს უფრო დაბალი, ცნობიერებამდელი საფეხური, საჭიროა დადგინდეს ის საერთო და განსხვავებული თვისებები, რომელნიც ახასიათებს როგორც ცნობიერ, ისე არაცნობიერ ფსიქიკურს. დ. უზნაძე ამ საკითხს ქცევის პლანში იხილავს. ფსიქიკურის უზოგადესი ნიშანი არის ასახვისა და მის საფუძველზე მიზანშეწონილი ქცევის განხორციელების უნარი. მხოლოდ ცნობიერებით ქცევის მიზანშეწონილობის ახსნა არასწორია, რადგან ქცევაში ვლინდება ისეთი მიზანშეწონილი მოვლენებიც, რომელთაც ცნობიერება ვერ აკონტროლებს და ვლინდება იქაც, სადაც ცნობიერება ჯერ არ არის მოცემული. სინამდვილე არა მხოლოდ ცნობიერი გზით შემოდის ფსიქიკაში – რამდენადაც იგი (სინამდვილე) აქტიური სუბიექტისთვის ყველა საფეხურზე აუცილებელ პირობას წარმოადგენს, მას უნდა ჰქონდეს ამ სინამდვილის ასახვის უნარი მაშინაც, როდესაც ცნობიერება, როგორც ფსიქიკის საფეხური, ჯერ არ არის მოცემული.
ამიტომ დ.უზნაძე ფსიქიკის განვითარების უკვე პირველ საფეხურზე, მის ჩასახვისთანავე ცდილობს იპოვოს ფსიქოლოგიური მექანიზმი, რომელიც განსაზღვრავს სუბიექტის ქცევას. ქცევის ამ მექანიზმის ერთ-ერთ ძირითად თავისებურებას დ. უზნაძე იმაში ხედავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ობიექტის მოქმედება დამოკიდებულია იმ კონკრეტულ მდგომარეობაზე, რომელშიც იმყოფება სუბიექტი, კერძოდ, სუბიექტის მოთხოვნილებაზე. თავისთავად, განმხოლოებულად აღებულ ობიექტს არ შეუძლია ახსნას ის სპეციფიკური ცვლილებები, რომელთაც იგი იწვევს სუბიექტში. როგორც მახვილგონივრულად შენიშნავს დარეჯან რამიშვილი, „თავისთავად წითელი ფერის თავისებურებებიდან შეუძლებელია იმის გაგება, თუ რატომ უნდა გამოიწვიოს მისმა ზემოქმედებამ ნერწყვის გამოყოფა და საერთოდ კვებისათვის მომზადება. მხოლოდ მოთხოვნილების არსებობა და ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილების ისტორია ხდის გასაგებს გარკვეული რეაქციის ფაქტს“. ზოგ შემთხვევაში, დ. უზნაძის მიხედვით, მოთხოვნილება შეიძლება გავიგოთ, როგორც „ფიქსირებული განწყობის მემკვიდრეობით განმტკიცებული ფორმა“ (მაგალითად, ინსტინქტური ქცევის პირობებში).
ამრიგად, განწყობის თეორიის მიხედვით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ცოცხალი არსება იწყებს მოქმედებას იმიტომ, რომ მას აქვს მოთხოვნილება, მაგრამ როგორ იმოქმედებს იგი, დამოკიდებულია იმ ობიექტურ სიტუაციაზე, რომელშიც ის მოხვდება. გარკვეული ობიექტური სიტუაციის ზემოქმედების შემდეგ შესაბამის მოთხოვნილებაზე ცოცხალ არსებაში ხდება ზოგადი ხასიათის ცვლილებები. ეს ცვლილებები ვლინდება ტენდენციაში, ანუ სუბიექტის მზაობაში – განახორციელოს მოცემული სიტუაციის ადეკვატური ქცევა – სწორედ ეს არის განწყობა.
დ. უზნაძემ ფსიქოლოგიაში შემოიტანა განწყობის ცნება, როგორც ისეთი რეალობისა, რომლისთვისაც უცხოა სუბიექტურისა და ობიექტურის ურთიერთდაპირირსპირებულობა. მასში ფსიქიკური და ფიზიკური თანაარსებობს, თუმცა არ ერწყმის ერთმანეთს. განწყობის შემოტანით დ. უზნაძემ გააშუალა არა მხოლოდ ფიზიკური და ფსიქიკური, არამდე ფსიქიკურ პროცესთა ურთიერთდამოკიდებულებაც. დ. უზნაძის მიხედვით, არც ერთი ცნობიერი ფსიქიკური მოვლენა არ არსებობს განწყობის გარეშე და „იმისთვის, რომ ცნობიერებამ დაიწყოს მუშაობა ამა თუ იმ მიმართულებით, წინასწარ აუცილებელია სახეზე იყოს აქტუალური განწყობა, რომელიც ყოველ ცალკეულ შემთხვევაში განსაზღვრავს ამ მიმართულებას“.
აღნიშნული მიმართულებით კვლევის წარმატების ძირითად საფუძვლად იქცა დ. უზნაძის მიერ შექმნილი კვლევის მეთოდი. ეს მეთოდი განწყობის ხელოვნურად შემუშავების საფუძველზე იძლევა ამ არაცნობიერი მდგომარეობის ზუსტი, ექსპერიმენტული კვლევის შესაძლებლობას. ფიქსირებული განწყობის მეთოდი შესაძლებლობას იძლევა განწყობის შესწავლისა იმ როლის მიხედვით, რომელსაც იგი ასრულებს ილუზიური აღქმის დროს განწყობის აღმოცენებასა და ჩაქრობაში.
განწყობის თეორია განსაკუთრებით აქტუალური და დროული აღმოჩნდა მე – 20 საუკუნის ფსიქოლოგიური მეცნიერების ძირითად ამოცანათა თვალსაზრისით. დიმიტრი უზნაძის ხელმძღვანელობით ჩატარებული ცდებით დამტკიცდა, რომ სიმძიმის აღქმის ილუზიები, რომელნიც თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში მეცნიერთა მთელი პლეადის მიერ აიხსნებოდა, როგორც პერიფერიული (კუნთური) მოვლენა, სინამდვილეში განპირობებულია განწყობით, როგორც მთლიანი პიროვნების დინამიკური მდგომარეობით. ეს გამოკვლევა 1931 წელს გერმანულ ენაზე დაიბეჭდა ჟურნალში „Psychologische Forschung, 1931, 14 № 3-4, 366-379“. გარდა ამისა, დ. უზნაძემ გვიჩვენა, რომ აღქმის ყველა სფეროში კონკრეტულ-ილუზიური შედეგები განწყობის შეცვლის საფუძველზე აღმოცენდება. ექსპერიმენტული გამოკვლევა, – „განწყობის შეცვლა, როგორც კონკრეტული ილუზიის საფუძველი“ – პირველად გამოქვეყნდა ფსიქოლოგთა მე-9 საერთაშორისო კონგრესის მასალებში (IX International congress of Psychology, 1929, Processings and Papers, 1930).
პიროვნებაზე, როგორც მთელზე, ორიენტაცია, რაზეც დ. უზნაძე ჯერ კიდევ ოციან წლებში მიუთითებდა, ძალზე ნაყოფიერი აღმოჩნდა თანამედროვე ფსიქოლოგიისათვის. 70 – იან წლებში იტალიაში გამოცემულ თავის მონოგრაფიას ლუკინო მეკაჩიმ ეპიგრაფად წაუმძღვარა დ. უზნაძის შემდეგი სიტყვები: „ჩვენი მეცნიერება მოწოდებულია, საგანგებოდ დააყენოს საკითხი ადამიანის მოქმედების ფსიქოლოგიური ანალიზისა და კანონზომიერებათა შესახებ“. ადამიანის ფსიქიკური აქტივობის ასეთი გაგებით, რომლის თანახმად იგი შეიცავს სუბიექტის, როგორც მთელის, აქტივობას, იგულისხმება, რომ ფსიქოლოგიამ, პირველ რიგში, უნდა იკვლიოს სუბიექტი, როგორც მთლიანი პიროვნება, და არა ცალკეული აქტები მისი ფსიქიკური მოქმედებისა.
დ. უზნაძის მეცნიერული ინტერესები არ შემოფარგლულა ფსიქოლოგიის მხოლოდ ზოგადი საკითხების კვლევით – მან ფუნდამენტური წვლილი შეიტანა ფსიქოლოგიის არაერთი პრობლემის კვლევაში. ასეთ გამოკვლევათა რიცხვს მიეკუთვნება „სახელდები ფსიქოლოგიური საფუძვლები“, რომელსაც გამოკვლევათა ტალღა მოჰყვა როგორც ჩვენში, ასევე უცხოეთში (ვ.კელერი, გ.ფოქსი, ფ. ირვინი, ე. ნიულენდი, რ. დევისი, ა. ბაინდურაშვილი): „მნიშვნელობის წვდომის პრობლემისთვის“ (1927), „ცნების შემუშავება სკოლის წინარე ასაკში“ (1929), რომელიც პირველად გერმანულ ჟურნალში გამოქვეყნდა, ხოლო შემდეგ ქართულად, „პროფესიების ფსიქოლოგიის აქტუალური ამოცანებისა და თეორიული საკითხების შესახებ“ (1933), „მოძრაობის სისწრაფის ილუზია“ (1940), „ადამიანის ქცევის ფორმები“ (1941), „ენის შინაფორმა“ (1947), „ყურადღების არსის პრობლემა“ (1948), „ობიექტივაციის პრობლემა“ (1948) და სხვ.
1940-50 – იან წლებში დღის წესრიგში დადგა და უფრო და უფრო აქტუალური ხდება ადამიანის სოციალური ურთიერთობის შესწავლა. ადამიანის სოციალური ბუნების ფსიქოლოგიური საკითხების შესწავლისთვის განწყობის თეორია ძალზე ნაყოფიერი აღმოჩნდა. ამავე ხანას მიეკუთვნება დ. უზნაძის მიერ ფსიქიკური აქტივობის მეორე – ობიექტივაციის – დონის გამოყოფა, რითაც საფუძველი ჩაეყარა განწყობის ფსიქოლოგიაში ახალი ეტაპის განვითარებას. განწყობის ფსიქოლოგიის კვლევის საგნად სპეციფიკურად ადამიანის პრობლემა იქცა. ცნობიერების არსებობის ფაქტი, განწყობის თეორიის მიხედვით, იმას ემყარება, რომ ადამიანი მეტყველების გზით ასხვისებს მის განწყობაში ასახულ ობიექტს. მაგრამ ეს გასხვისების პროცესი ამავე დროს ნიშნავს ქცევის მეორე პლანის აღმოცენებასაც, მოვლენებთან თეორიულ დამოკიდებულებას. ადამიანს ცხოველისგან განსხვავებით შეუძლია შინაგანად შეჩერდეს თავისი ქცევის ობიექტზე და გააცნობიეროს, ე.ი. თავისი ქცევის შინაგან პლანში შეიყვანოს იგი. ეს შეჩერების აქტი, რომელიც მოვლენებთან შინაგანი დამოკიდებულების აღმოცენებაა, სპეციფიკურად ადამიანისთვის არის დამახასიათებელი.
სპეციალურ გამოკვლევათა გარდა, დ. უზნაძე აქვეყნებს ზოგადი ფსიქოლოგიის 2 სახელმძღვანელოს (1925 და 1940) და აგრეთვე ბავშვის ფსიქოლოგიის ორიგინალურ კურსს, რომელიც მრავალ ძირეულ საკითხს თავისებურად წყვეტს. ცნობილია, რომ ყოველი ცოცხალი ორგანიზმის შინაგანი შესაძლებლობები მხოლოდ შესატყვისი გარე პირობების ნიადაგზე რეალიზდება. დიმიტრი უზნაძემ ფსიქოლოგიაში შემოიტანა ასაკობრივი გარემოს ცნება. თითოეულ ასაკს, დ. უზნაძის მიხედვით, თავისი სპეციფიკური გარემო აქვს, რომელიც ფიზიკური სინამდვილის ხასიათით კი არა, უწინარეს ყოვლისა, სოციალურადაა განსაზღვრული. მის შინაარსს ამა თუ იმ საფეხურზე სათანადო ასაკის შინაგან შესაძლებლობათა დონე განსაზღვრავს. სწორედ ამ შესაძლებლობათა მიხედვით ხელმძღვანელობს ოჯახი, საბავშვო ბაღი, სკოლა. თუ რა შევა ასაკობრივ გარემოში, დ. უზნაძის მიხედვით, დამოკიდებულია იმაზე, რა სახის და დონის შესაძლებლობები აქვს ბავშვს შესატყვის ასაკში მოცემული ან მზაობაში მყოფი. ამავე შრომაში დ. უზნაძე გვთავაზობს განვითარების პერიოდიზაციის საკუთარ ხედვასა და ბავშვის თამაშის ორიგინალურ თეორიას.
დ. უზნაძე ბევრს მუშაობდა ქართული მეცნიერული ფსიქოლოგიური ტერმინოლოგიის შექმნაზე. ისეთი ტერმინები, როგორიც არის აღქმა, ცნობიერება, შეგრძნება, თვითდამკვიდრება და მრავალი სხვა, დ. უზნაძეს ეკუთვნის.
სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად დიმიტრი უზნაძე პრაქტიკულ საქმიანობასაც ეწეოდა. მან ჩაუყარა საფუძველი საქართველოში გამოყენებითი დარგების განვითარებას. მისი თაოსნობით გაიხსნა რამდენიმე ფსიქო – ტექნიკური ლაბორატორია; თბილისის განათლების განყოფილებასთან გაიხსნა ლაბორატორიები, სადაც გაიშალა მეცნიერულ-პრაქტიკული საქმიანობა ბავშვის ფსიქოლოგიისა და პედაგოგიური ფსიქოლოგიის საკითხების შესასწავლად.
ორმოციანი წლების ბოლოსთვის დ. უზნაძემ ქართველ ფსიქოლოგთა მიერ მისივე ხელმძღვანელობით შესრულებული ექსპერიმენტული გამოკვლევები განაზოგადა მონოგრაფიაში – „განწყობის ფსიქოლოგიის ექსპერიმენტული საფუძვლები“, რომელიც 1949 წელს გამოქვეყნდა. ეს იყო საბოლოო რედაქცია განწყობის თეორიისა, რომელშიც ადამიანის არაცნობიერი და ცნობიერი აქტივობის იერარქიული კანონზომიერებანი ერთიანი განწყობის საფუძველზეა განხილული. ეს შრომა რუსულად 1961 წელს გამოვიდა, ხოლო 1966 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში – ინგლისურად.
დ. უზნაძე გარდაიცვალა 1950 წელს 64 წლის ასაკში ფსიქოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო სხდომაზე, როდესაც მოხსენებას კითხულობდა…
დღეს განსაკუთრებით გაიზარდა ინტერესი დიმიტრი უზნაძის მეცნიერული შემოქმედების მიმართ. მისი ნაყოფიერების მაჩვენებელია განწყობის თეორიის დებულებების ეფექტური გამოყენება ფსიქოლოგიის სხვადასხვა დარგის (სოციალური, სამედიცინო, შრომის) ცალკეული პრობლემების დამუშავების დროს. დიდ დახმარებას უწევს განწყობის დიფერენციალურ-ფსიქოლოგიური მონაცემები პრაქტიკული ორიენტაციის მქონე პროფესიათა წარმომადგენლებს – პედაგოგებს, ექიმებს, რომელთაც პიროვნების ტიპოლოგიასთან აქვთ საქმე.
ღირსეულად ატარებს თავისი დამაარსებლის სახელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი. აქ დიდი და ნაყოფიერი მუშაობა მიმდინარეობს განწყობის თეორიის საფუძველზე ფსიქოლოგიის ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტის მიმართულებით. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის კათედრები წარმატებით ემსახურებიან ფსიქოლოგთა ახალგაზრდა თაობების აღზრდის საპატიო საქმეს; ისინი აგრძელებენ მუშაობას დ. უზნაძის იდეების შემდგომი განვითარებისთვის. ინტენსიურად მუშაობენ განწყობის ფსიქოლოგიის საკითხებზე საზღვარგარეთ – კანადაში, გერმანიაში, უნგრეთში, იაპონიაში და სხვ; ცნობილი ფრანგი ფსიქოლოგის, პიაჟეს, მიერ 1944 წელს განწყობის ექსპერიმენტული საკითხებისადმი მიძღვნილი შრომის გამოქვეყნების შემდეგ მხედველობით სფეროში გამოვლენილი ილუზია „უზნაძის ეფექტის“ სახელით დამკვიდრდა ფსიქოლოგიურ ტერმინოლოგიაში; სულ ახლახან გამოვიდა ოსაკას უნივერსიტეტის პროფესორის ი. კავაგუჩის რედაქციით კრებული, რომელშიც დაბეჭდილია განწყობის თეორიის ექსპერიმენტული საკითხებისადმი მიძღვნილი გამოკვლევები.
როგორც ჭეშმარიტად კლასიკური შემოქმედება, დ. უზნაძის მეცნიერული მემკვიდრეობა ბოლომდე არ არის შეცნობილი – ამას თაობები სჭირდება. ამიტომ მიგვაჩნია, რომ დ. უზნაძის ღვაწლს სავსებით ესადაგება ივანე ჯავახიშვილის სიტყვები: „მოღვაწე ქმნის და ამით თავისი მშობელი ერისადმი ვალდებულებას იხდის. მაგრამ თუ მის შემოქმედებას იმდენად დიდი ღირებულება აქვს, რომ თანამედროვეთათვის კი არა, არამედ შემდეგდროინდელი და მომდევნო საუკუნეების თაობათათვის ძვირფას განძად რჩება, მაშინ მათაც თავის მხრივ ამ მოღვაწის ხსოვნისადმი ზნეობრივი მოვალეობა უჩნდებათ – მისი ქმნილება, მისგან დანატოვარი განძი ისევე შეურყვნელად დაიცვან, როგორც თავის დროზე ავტორს ჰქონდა შექმნილი“.