ავტორი: ოთო გულბანი
კორექტორი: მარიამ გორდაძე
საზღვარი, დღევანდელი გაგებით, არის ხაზი, რომელიც ყოფს ორ ქვეყანას ერთმანეთისაგან. სახელმწიფო საზღვრები გადაჯაჭვულია როგორც ეკონომიკურ, ისე სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებთან. ამერიკელი მკვლევარი ჯონ ჰერცი წერდა, რომ საზღვრები პირდაპირ კავშირშია სახელმწიფოებრივ უსაფრთხოებასთან. საზღვარი ერთგვარ დამცავ გარსს წარმოადგენს, რომელიც მკაფიოდაა გამოყოფილი და რომლის დაცვა სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვასთან ასოცირდება. საუკუნეების განმავლობაში სახელმწიფოებისა და პოლიტიკური ერთეულების უმთავრესი დამახასიათებელი თვისება მათივე ტერიტორიულობა გახლდათ.
ტერიტორიას ორი მთავარი ტიპის ღირებულება შეიძლება ჰქონდეს: თანდაყოლილი და სიმბოლური ღირებულებები. თანდაყოლილ ტერიტორიულ ღირებულებაში იგულისხმება ქვეყნის ბუნებრივი რესურსები, მოსახლეობის ზედამხედველობა, სტრატეგიული მნიშვნელობა და სხვ. რაც შეეხება სიმბოლურ ღირებულებას, იგი უფრო მეტად აისახება კოლექტიურ ცნობიერში იდენტობისა და ეთნიკურობის გაგების სახით. ტერიტორიის სიმბოლური ღირებულების კონსტრუირებაში დიდი წვლილი შეაქვს ქვეყნის ისტორიასა და გარკვეული ისტორიული ფაქტების აღქმას მოსახლეობის მიერ. ტერიტორიას ზოგჯერ „დემოგრაფიულ კონტეინერსაც“ კი უწოდებენ, რომელიც იტევს ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს და მათ იდენტობას ტერიტორიულ სიმბოლიზმს სძენს. განსაზღვრული ტერიტორია ეკუთვნის გარკვეულ ადამიანთა ჯგუფს, იგი მხოლოდ მათია და სხვა – არავისი. ტერიტორიის ამგვარი მიკუთვნებულობითი გაგებისა და თანდაყოლილი ღირებულებების ერთობლიობა არის ის ფაქტორები, რომლებიც ზოგჯერ სერიოზულ უთანხმოებებს განაპირობებენ (Starr, 2006).
ამასთანავე, ტერიტორიის სიმბოლური ღირებულება ტერიტორიის შიგნით და მის გარეთ მყოფ ადამიანებს შორის ქმნის „ჩვენი და სხვისი“ ბინარულობას, რაც, თავის მხრივ, გარკვეულ ტერიტორიაზე მყოფი ადამიანების გაერთიანებას უწყობს ხელს, როგორც ერთიანი ჯგუფისა ერთნაირი სახელმწიფოებრივი მიზნებითა და მისწრაფებებით.
მკაცრად განსაზღვრული ტერიტორიული ერთეულის არსებობას მოითხოვს თანამედროვე პოლიტიკური პროცესები და საერთაშორისო სამართალი. მართალია, გარკვეული ტერიტორიის შიგნით საკუთარი მოსახლეობის მიერ სახელმწიფოებრიობისა და სუვერენობის აღქმას დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა თანაბარმნიშვნელოვნად შეგვიძლია მივიჩნიოთ სხვა ქვეყნების მიერ აღიარებაც. სახელმწიფოებრიობის აღიარება საზღვრების ფარგლებში ნიშნავს გარეგან ლეგიტიმაციას, რომლის გარეშეც საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლა ქვეყნისთვის რთული ან შეუძლებელია.
მსჯელობამ აჩვენა, რომ საზღვრებისა და ტერიტორიულობის არსებობა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია სუვერენული სახელმწიფოს არსებობისათვის. განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს სახელმწიფო ახლად დაბადებულია. ასეთ დროს ერთ-ერთი პირველი სვლა მკაფიო ტერიტორიული საზღვრების გავლება უნდა იყოს, რაც იდეალურ შემთხვევაში არსებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის ისტორიული იდენტობის გრძნობასთან თანხვედრაში უნდა მოდიოდეს. ამასთან ერთად, სახელმწიფო რუკის შექმნისას მნიშვნელოვანია ე.წ. bona fide საზღვრების (ნიშნავს ბუნებრივ საზღვარს – მთათა სისტემები, ზღვები…) გათვალისწინება, რომლებიც მეტ-ნაკლებად ასრულებენ გამყოფების როლს ყოველგვარი სახელმწიფოებრივი გაგების გარეშეც (Smith, 1995).
ბიბლიოგრაფია:
Starr, Harvey. “International Borders: What They Are, What They Mean, and Why We Should Care.” The SAIS Review of International Affairs 26, no. 1 (2006): 3–10. https://www.jstor.org/stable/26999290.
Smith, Barry, 1995, “On Drawing Lines on a Map” in A. U. Frank, W. Kuhn and D. M. Mark (eds.), Spatial Information Theory. Proceedings of COSIT 1995, Berlin/Heidelberg/Vienna/New York/London/Tokyo: Springer Verlag, 475–484.