ძილის მოკლე ისტორია და ზოგადი ნეირობიოლოგიური ანალიზი

ძილის ისტორია ნეიოროლოგია

გააზიარე:


ძილის მოკლე ისტორია და ზოგადი ნეირობიოლოგიური ანალიზი

ძილის მოკლე ისტორია და ზოგადი ნეირობიოლოგიური ანალიზი

“დღეთა ნახევარს ბნელეთში განვლევთ, და ძმა სიკვდილისა ეუფლება მესამედს ჩვენი სიცოცხლის”

  • სერ თომას ბრაუნი

ავტორი: ანა ცაგარეიშვილი

რედაქტორი: ბექა იობიძე

კორექტორი: თიკო იობიძე

წინათქმა

ძილისა და სიზმრების ისტორია დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენის თანადროულია. ცოცხალი არსებები უკვე ათასწლეულებია საკუთარი ცხოვრების საშუალოდ ერთ მესამედს მძინარენი ატარებენ. კაცობრიობა შეეგუა „ტრადიციას“, რომ უკლებლივ ყოველ დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში უნდა მიეცეს მდგომარეობას, რომელშიც საკუთარი ნებისგან დამოუკიდებლად გახევებული, ცნობიერებაწართმეული უნდა წარდგეს მეტად მძაფრი, ხშირად შემაძრწუნებელი ზმანების პირისპირ და დასრულებისთანავე წესისამებრ განაგრძოს ცხოვრება. მოცემულობა ასეთია, რომ ეს ჩვეულება გადაურჩა ევოლუციის მილიარდობით წლიან დინებას, თუმცაღა, აზრთა სიმრავლის მიუხედავად, ერთი პასუხი იმაზე, თუ რატომ გვძინავს ან – რაც გაცილებით ამოუხსნელია – რატომ გვესიზმრება, არ არსებობს. სირთულეს, შესაძლოა, თავად კითხვის შინაარსივე განაპირობებდეს, ვინაიდან მოითხოვს იმ ერთ მიზეზს, „წმინდა გრაალს“, რომელსაც უნდა დაეკისროს ყოფის ამ პარადოქსული მოვლენის სრულყოფილი ახსნის პასუხისმგებლობა. მსჯელობის ამგვარ ცდუნებას კაცობრიობამ გვერდი ვერ აუარა. პასუხების ძიებაში შეიქმნა თეორიები, რომლებმაც მოიცვა თითქმის ყველა სფერო, – მათ შორის მედიცინა, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, თეოლოგია და ოკულტიზმიც კი. 


სიზმრები და ევოლუცია


სანამ უშუალოდ სიზმრების, როგორც ლაბორატორიაში შესწავლადი მოვლენის, განხილვაზე გადავიდოდეთ, უნდა ვიკითხოთ მეტად მარტივი, თუმცა ამავდროულად მნიშვნელოვანი რამ: ვის „მოერია“ ძილი პირველად? – ანუ სად მივყავართ ძილის ევოლუციურ საწყისებს. პასუხები მოსალოდნელზე გაცილებით ადრეულ ეპოქაში უნდა ვეძიოთ. დღესდღეობით საკითხზე მონაცემების შესაგროვებლად ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი გზა არის მძინარე ცხოველთა სხვადასხვა სახეობაზე დაკვირვება და შემდგომ კვლევა, თუ რამდენად განზოგადებადია აღმოჩენილი კანონზომიერებები მათსავე პრეისტორიულ წინაპრებზე. 

ძილის წარმოშობა, სულ ცოტა, 500 მილიონი წლით თარიღდება, – ჯერ კიდევ კამბრიული აფეთქების პერიოდით, რომლის შედეგადაც ჩნდებიან ჭიები, ხერხემლიანთა, მათ შორის დინოზავრთა, წინაპრები. შესაბამისად, ეს გვაძლევს ვარაუდის საკმაოდ მყარ საფუძველს, რომ დინოზავრებსაც ახასიათებდათ ძილი. აღნიშნულზე კიდევ უფრო ადრე, ერთუჯრედიან ორგანიზმებშიც კი, მაგალითად, ბაქტერიებში, ვხვდებით ქმედითობისა და დასვენების ფაზებს, რომლებიც დღისა და ღამის მონაცვლეობასთან მიმართებით წარიმართებოდა, ცირკადული რითმის მსგავსად. 

ცოცხალ არსებათა ნუსხაში, მწერებიდან დაწყებული ძუძუმწოვრებით დამთავრებული, უკლებლივ თითოეული მათგანი თანაზიარია ძილის ან ძილის მსგავსი ქცევის; უხერხემლოებისთვისაც კი, მათ შორის პრიმიტიული მოლუსკებისთვის, კანეკლიანებისა (წყალქვეშა მობინადრეთა ჯგუფი; მაგ.: ზღვის ზღარბები, ზღვის ვარსკვლავები) თუ ჭიებისთვის ნიშანდობლივია დღის განმავლობაში დასვენება, იგივე ლეთარგიული, საღათას ძილი, როდესაც ცოცხალი არსება უგრძნობია გარე სამყაროში არსებული გამღიზიანებლების მიმართ.

სადავოა, რამდენად შესაძლებელია ვისაუბროთ იმაზე, ჰქონდა თუ არა რაიმე მიზეზი ცოცხალ ორგანიზმებში სიზმრების საჭიროებას. ერთი მხრივ, შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამ უკანასკნელის ფიზიოლოგიურ თუ ფსიქოლოგიურ შედეგებზე, თუმცა ეს თავისთავად არ მიგვითითებს ევოლუციას გადარჩენილი სიზმრის თვითმიზანზე. მიუხედავად ამისა, არსებობს მთელი რიგი თეორიებისა, რომლებიც  ცდილობს ახსნას მისი ევოლუციური სიკეთეები.

ერთ-ერთი ყველაზე ფეხმოკიდებული თეორიის თანახმად, სიზმრების დანიშნულება ემოციებისა და ინფორმაციის გადამუშავებაა. პარადოქსული ძილის მეშვეობით (REM ძილი), რომელსაც ყველაზე ცხადი სიზმრები ახასიათებს, წარმოიქმნება ახალი კავშირები წარსულ და აწმყო გამოცდილებას შორის. მიუხედავად ამისა, არ არსებობს მტკიცებულებები, ერთი მხრივ, ეს კავშირები ნამდვილად იქმნება თუ არა, ხოლო, მეორე მხრივ, აქვს თუ არა გავლენა ფხიზელ ცხოვრებაზე.

აღნიშნულისა და ყველა სხვა თეორიის საპირისპიროდ, რომლებიც მიზნად ისახავს სიზმრებისთვის დანიშნულების მინიჭებას, არსებობს ე.წ. „ეპიფენომენალური“ შეხედულება, რომლის მიხედვითაც, სიზმრები ევოლუციის მეორეული შედეგია. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, სიზმრის „სცენარი“ შეიცავს თუ არა სუბიექტისთვის მეტად მნიშვნელოვან მოგონებებს, შიშსა თუ საფრთხეებს, მას არ აქვს რაიმე თვითმიზანი. თეორიის მიხედვით, ტვინი სცენარს სიფხიზლის დროს დაგროვებული მოგონებების შემთხვევითი შერწყმით ქმნის, რაც, თავის მხრივ, ნეირობიოლოგიური მოვლენების თანმდევი შედეგია. 

მძინარე ტვინის მიმოხილვა: რა ვიცით დღეს?

ნეირომეცნიერებების განვითარებამდე, მათ შორის, ფროიდის სიზმრებთან დაკავშირებულ კანონზომიერებას მოკლებულ მკურნალობის გზამდე, სიზმრების წყაროდ ერთმანეთისგან განსხვავებული მიზეზები მიიჩნეოდა. ანტიკურ ეგვიპტესა და საბერძნეთში სწამდათ, რომ სიზმრები ღვთიური გზავნილები იყო –  სტუმრობა ღმერთებისა, რომელთაც რაღაც სათქმელი ჰქონდათ. განსხვავებით ამისაგან, არისტოტელე ნაშრომში Parva Naturalia (მცირე ტრაქტატები ბუნების შესახებ) ძილზე ნატურალისტური მიდგომით საუბრობს, როგორც არათუ ზებუნებრივ ან ღვთაებრივ, არამედ ბუნებრივ ფიზიკურ და ფიზიოლოგიურ მოვლენაზე. მეტიც, უარყოფს მეტად გავრცელებულ საზრისს სიზმრების, როგორც ერთგვარი წინასწარმეტყველების, შესახებ. 

საუკუნეების შემდეგ, 1899 წელს, ფროიდი აქვეყნებს წიგნს – „სიზმრების ინტერპრეტაცია“; წარადგენს თეორიას, რომლის მიხედვითაც, სიზმრები იმ არაცნობიერი, დათრგუნული სურვილების გამოხატულებაა, რომლებიც ადამიანის გონებაშივე არსებულ ცენზურას გადის. ამ უკანასკნელის გარეშე მათთან თვალის გასწორება შეუძლებლად გაართულებდა ძილს. ეს და მისი სხვა თეორიები დღესდღეობით მარტივად გამცდარებადია, თუმცა, მოღვაწეობის პერიოდის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ იგი განცალკევებულად მიუთითებს ინდივიდის ტვინზე, როგორც სიზმრების პირველწყაროზე. ფროიდმა ფაქტობრივად სიზმრები გამოგლიჯა ზეციურ არსებებსა და ანატომიურად დაუზუსტებელ სულის მოვლენას  (რომელსაც ასევე ხშირად მიეწერებოდა სიზმრების წარმოშობა) და შექმნა ნეირომეცნიერების terra firma (მყარი ნიადაგი). 

მე-20 საუკუნის შუა პერიოდიდან იწყება ძილის იდუმალებისგან „გაშიშვლება“. ძილმა, როგორც საკვლევმა ობიექტმა, ახლა უკვე ლაბორატორიებში გადმოინაცვლა. ჩნდება ახალი მიგნებები, რომლებიც აქამდე არსებულ თეორიებს ფაქტობრივად თავდაყირა აყენებს. 1953 წელს ევგენი ასერინსკი წარადგენს რევოლუციურ აღმოჩენას, რომელსაც შემდგომ დაეშენა დღევანდელი ფორმით არსებული ძილის მეცნიერების ყველა სხვა მნიშვნელოვანი საკითხი. გადაისინჯა სიზმრებთან დაკავშირებული ცრურწმენები.

ასერინსკიმ 1950-იან წლებში დაიწყო თვალის კუნთის მოქმედებაზე დაკვირვება, მათ შორის საკუთარ მძინარე შვილზე.  მოგვიანებით შეამჩნია კანონზომიერება, რომ ძილისას გარკვეულ დროს ქუთუთოებს მიღმა თვალის მოძრაობა ძლიერდებოდა, და არა მარტო; თან ახლდა ტვინის რიგი ელექტრული იმპულსების ამოქმედება, რაც ფხიზლად ყოფნისთვისაა დამახასიათებელი. საბოლოო ჯამში, ცალსახა გახდა, რომ ძილისას განსაზღვრული დროის მონაკვეთები გამოიხატებოდა თვალსა და ტვინში არსებული იმპულსების თანადროული ამოქმედებით, ხოლო რაღაც დროის მოანკვეთები,  პირიქით – მათი მოდუნებულობით. აღნიშნული ფაზები კი ერთმანეთს ცვლიდა. ამრიგად, ჩამოყალიბდა  ერთგვარი კანონზომიერება ორი ერთმანეთისგან სრულებით განსხვავებული ფაზების მონაცვლეობისა: თვალის სწრაფი მოძრაობით, იგივე პარადოქსული (REM – Rapid Eye Movement sleep), და თვალის ნელი მოძრაობით დახასიათებული, იგივე ორთოდოქსული ძილი (NREM – Non-Rapid Eye Movement sleep). რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დამტკიცდა მისივე წარდგენილი ვარაუდი REM ძილსა და სიზმრებს შორის ბმის არსებობაზე.

მოგვიანებით NREM ძილი სიღრმის მიხედვით დაიყო 3 ქვესაფეხურად, რომელთაგან მე-3 და მე-4 ფაზები, იგივე ნელი ძილის ფაზები (Slow-Wave Sleep (SWS)), ყველაზე ღრმაა. სიღრმე კი, თავის მხრივ, პირის ხელოვნურად გამოღვიძების სირთულით განისაზღვრა. NREM და REM ფაზების მონაცვლეობა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც საშუალოდ 90-100-წუთიანი ბრძოლა გონებაზე ბატონობისთვის. სწორედ აღნიშნულ „ბრძოლათა“ ერთობლიობა ქმნის ძილის ციკლებს, რაც გრაფიკულად ასე გამოიყურება: 

როგორც მოცემულ ჰიპნოგრამზე ვხედავთ, თითოეულ 90-წუთიან ციკლში განსხვავდება პროპორციები REM და NREM, პარადოქსული და ორთოდოქსული ძილისა. პირველ ნახევარში NREM-ის წილი გაცილებით მეტია, ხოლო მეორე ნახევარში – პირიქით. 

ათწლეულების განმავლობაში მეცნიერებისთვის სინონიმური იყო REM ძილი და სიზმრები. როგორც წესი, REM ძილის დროს გამოღვიძებული ადამიანები საუბრობენ უფრო ხანგრძლივ, ცხად, განცდით და სტრუქტურულ სიზმრებზე NREM – თან  შედარებით. მათ შორის, დაკვირვებადი (ზოგიერთ ქართულ ლიტერატურაში – „გააზრებული“) სიზმრები, რომლებშიც ადამიანი იაზრებს, რომ სძინავს, ძირითადად პარადოქსულ ძილში მჟღავნდება. 

სიზმრებისა და REM ძილის დანიშნულება კვლევათა 40-წლიან პერიოდში ფაქტობრივად გადაფარულია ერთი მეორით. სტატისტიკურმა კავშირებმა აღნიშნულ ორ ცვლადს შორის მეცნიერები აცდუნა ეფიქრათ, რომ ორივეს ერთი ძირითადი მექანიზმი განაპირობებს. მიუხედავად ამისა, მოგვიანებით დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ეს დასკვნა მცდარი იყო; რომ სიზმრები და REM ძილი სინამდვილეში ურთიერთდამოუკიდებელი მდგომარეობებია, ახასიათებთ განსხვავებული ფიზიოლოგიური მექანიზმები და, დიდი ალბათობით, სხვადასხვა  ფუნქციურ მიზნებსაც ემსახურებიან.

აღმოჩენების კვალდაკვალ ყალიბდება ე.წ. ოქროს სტანდარტი ძილისა და სიზმრების შესწავლისა, რომელიც შესაძლებელს ხდის მათზე ემპირიული მონაცემების შეგროვებას განსაზღვრული სიგნალების გაზომვით. აღნიშნული სიგნალები სამ ჯგუფად  შეიძლება დაიყოს: (1) ტვინის ელექტრული იმპულსები (რომლებითაც ტვინი „ურთიერთობს“ გარე სამყაროსთან); (2) თვალის მოძრაობის სიხშირე და (3) კუნთების მუშაობა. აღნიშნული ცვლადები ერთიანდება ტერმინის ქვეშ – „პოლისომნოგრაფი“. 

მეცნიერები სწორედ ამ ცვლადებზე დაკვირვებით ცდილობენ დასკვნას, მათ შორის ახსნას სიზმრების უჩვეულო ხასიათისა. თუმცაღა, სიზმრების მეცნიერება დღემდე, უმეტესწილად, ადამიანების სიტყვიერად გადმოცემულ გამოცდილებას ეფუძნება, – თუ როგორ ჰყვებიან დაკვირვების ობიექტები სიზმრებს, რას განიცდიან, რას უკავშირებენ და ა.შ. აქედან გამომდინარე, ტექნოლოგიური განვითარების მიუხედავად, კვლევის მეთოდოლოგიის სწორედ ეს ნაწილი აჩენს ნაპრალებს, ვერ ხერხდება სუბიექტის სიზმრად მიღებული გამოცდილებისა და გაზომილი ცვლადების ობიექტური კავშირების შექმნა.

მიუხედავად ამისა, გვაქვს ცოდნის ურყევი ნაწილიც, რომელსაც შეგვიძლია დავაკვირდეთ. მაგალითად, შეგვიძლია თამამად ვისაუბროთ იმ ყველა საჭირო „მოთხოვნაზე“, რომლებიც უნდა შესრულდეს ადამიანის ჩაძინებისთვის. 

შუა ტვინში არსებობს ნეირონთა კავშირით შექმნილი გამღიზიანებელი სისტემა, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის სიფხიზლეზე. მის ხარჯზე, როგორც წესი, შეუძლებელია მღვიძარე ადამიანი გადავიდეს REM ძილში (ნარკოლეფსიის შემთხვევის გარდა). მას წინ უნდა უძღოდეს ზემოხსენებული ნელი ძილის ფაზა. იმისთვის რომ ადამიანს ჩაეძინოს, ტვინის გამღიზიანებელი სისტემა არ უნდა იყოს ამოქმედებული. ეს თავისთავად მოიაზრებს, რომ გარე სამყაროში არ არის რაიმე ხელშესახები საფრთხე, რომლის არსებობის შესახებ არ გვემცნობა სმენითი, მხედველობითი ან ყნოსვითი რეცეპტორებით. ამის გარდა, დაკმაყოფილებული უნდა იყოს პირველადი ბიოლოგიური საჭიროებები (ცხოველის შემთხვევაში, მას არ უნდა შიოდეს ან სწყუროდეს, უნდა იყოს შესაბამისი ტემპერატურა, არ უნდა იყოს სექსუალური პარტნიორის ძიებაში და ა.შ.). დაბოლოს, ცირკადული რითმის საშუალებით, უნდა „იცოდეს“ ორგანიზმმა, რომ ეს დრო არის დღის ის მონაკვეთი, როდესაც უნდა დაისვენოს. თუკი ყველა ეს წინაპირობა დაკმაყოფილებულია, გამღიზიანებელი სისტემა ითრგუნება და ძილისთვის საჭირო ყველა სხვა მექანიზმი მოქმედებს.

მას შემდეგ რაც ადამიანს ჩაეძინება, იწყება სიზმართა განმაპირობებელი დაუსაბამო ნერვული ცვლილებები, რომლებზე დასაკვირვებლადაც 1950-60-იანი წლებიდან მნიშვნელოვნად იყენებენ ელექტროენცეფალოგრამას (EEG). სკალპზე დამაგრებული ელექტროდებით შესაძლებელი ხდება თვალის დევნება დაკვირვების ობიექტის ნერვულ იმპულსებზე, თუმცაღა ეს საკმარისი არ არის. ტვინში არსებული იმპულსების მოქმედებას ხშირად თეთრ ხმაურთანაც აიგივებენ; ხმების გამორჩევა და ტვინის გარკვეულ უბანზე მიწერა რთულია. 

თუკი ელექტროენცეფალოგრამა ზომავს და აღნუსხავს ამ ჯამურ „ხმაურს“, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) გვაძლევს საშუალებას გარკვეული იმპულსები მივაკუთვნოთ ტვინის ქვედა, შუა თუ ზედა უბნებს სამგანზომილებიან მოდელში. მაგალითად, REM ძილში ტვინის რიგი უბნები „ინთება“ MRI-ზე, რაც მოქმედების გაძლიერებაზე მიუთითებს, და, რაც მთავარია, გვაძლევს საშუალებას სიზმრებზე და მათ შინაარსზე ვისაუბროთ იმის მიხედვით, თუ რა დანიშნულების  მქონე უბნები ამოქმედდება პარადოქსული ძილის ფაზაში.

ნეიროანატომიასა და ფიზიოლოგიაში სიზმრები ხასიათდება ტვინის გარკვეული უბნების ქერქისა და ქერქქვეშა მოქმედებების დათრგუნვა-გაძლიერებით, რაც თვალსაჩინოა MRI კვლევებზე დაკვირვებისას. ასევე, ნიშანდობლივია, რომ  REM ძილი, რომელიც ცხადი სიზმრებით ხასიათდება, ახშობს შუბლის წილის ქერქის, ლოგიკურ აზროვნებაზე პასუხისმგებელი „ინსტიტუციის“, ჩართულობას. სწორედ ამის გამო სიზმრებს არ ჰყავს ე.წ. „ლოგიკის პოლიცია“, რომელიც თანმიმდევრულად განსჯის სიზმარში განვითარებულ მოვლენებსა თუ გარემოებებს. ამის გარდა, დათრგუნულია მამოძრავებელი ქერქი, რაც განაპირობებს სხეულის გახევებას მძინარე მდგომარეობაში. რაც შეეხება სიზმრების სახებას, თუ რა გამოსახულებებს აღიქვამს გონება ძილად ყოფნისას, იგი მიეწერება თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროების ქერქს. თავის ტვინის ლიმბური სისტემის ნაწილი, კერძოდ, ჰიპოკამპუსი ითვლება ემოციებისა და მიღებული ახალი ცოდნის გადამუშავების მიზეზად. თავის მხრივ,  სიზმრების შინაარსის ნახევარი, სულ ცოტა, ერთ ნაწილს მაინც შეიცავს ნამდვილ ცხოვრებაში მიღებული გამოცდილებიდან. ჰიპოკამპუსი ასევე თანამონაწილეა წარმოსახვითი სცენარის, მათ შორის, მომავლის სავარაუდო განვითარების ისტორიის შექმნაში, რაც შეგვიძლია მივიჩნიოთ სიზმრის „წინასწარმეტყველური“ ბუნების მიზეზად. 

ბოლოთქმა

სიზმრებზე საუბრის დროს აუცილებელია გავმიჯნოთ ისიც, თუ რა არის მსჯელობის ურყევი, ეჭვგარეშე ნაწილი და რა – სადავო. მეცნიერებასაც, როგორც ყველა სხვა სფეროს, ნებისმიერ ეპოქაში აქვს თავისი „პოპ“ მიმართულება, რაღაც დროს ყველაზე მეტად მიღებული მიდგომები. ამის თანადროულად მუშავდება თეორიები, ჰიპოთეზები, რომელთა დამტკიცებამაც შესაძლოა სრულიად გამოცალოს საფუძველი იქამდე არსებულ ურყევ ცოდნებს. აღნიშნულის ერთ-ერთი მაგალითია სწორედ ზემოხსენებული ასერინსკის პარადიგმული გარღვევა, დავა REM ძილისა და სიზმრების სინონიმად ქცევაზე, სიზმართა შინაარსის განმარტებაზე და სხვა. 

ამრიგად, ერთი შეხედვით, ყველასთვის კარგად ნაცნობი მოვლენა დღემდე ამოუხსნელი რჩება მეცნიერებისთვის, და არა მხოლოდ.  მიუხედავად მრავალსაუკუნოვანი მცდელობისა, არც ერთ სფეროს, რომელიც ამ უკანასკნელის ახსნას შეეჭიდა, არ აქვს ამომწურავი პასუხი მის შეუცნობელ მახასიათებლებზე. 

გამოყენებული ლიტერატურა 

Walker, Matthew. Why We Sleep: The New Science of Sleep and Dreams. The Great Britain: Penguin Books Limited, 2017.

Feinberg, T. E., & Mallatt, J.. “The Evolutionary and Genetic Origins of Consciousness in the Cambrian Period over 500 Million Years Ago”. Frontiers in Psychology, 4, Article 667 (2013).

Hartmann, E.. “Making Connections in a Safe Place: Is Dreaming Psychotherapy?”. Dreaming, 5 (1995), 213–228.

Domhoff, G.W.. The Neurocognitive Theory of Dreaming: The Where, How, When, What, and Why of Dreams. MIT Press, 2022.

Segev, Mor. “The Teleological Significance Of Dreaming In Aristotle”, in Brad Inwood (ed.), Oxford Studies in Ancient Philosophy, Volume 43, Oxford Studies in Ancient Philosophy (Oxford, 2012; online edn, Oxford Academic, 24 Jan. 2013), https://doi.org/10.1093/acprof:oso/9780199666164.003.0005, accessed 29 Apr. 2024.

Zhang, W., & Guo, B.. “Freud’s Dream Interpretation: A Different Perspective Based on the Self-organization Theory of Dreaming”. Frontiers in Psychology, 9, Article 1553 (2018). https://doi.org/10.3389/fpsyg.2018.01553 

Solms, M. “Dreaming and REM Sleep are Controlled by Different Brain Mechanisms”. Behavioral and Brain Sciences, 23(6) (2000), 843–850.  doi:10.1017/s0140525x00003988

Patel, A. K., Reddy, V., Shumway, K. R., & Araujo, J. F. (2024). Physiology, Sleep Stages. In StatPearls. StatPearls Publishing, 2024. 

Rechtschaffen, A. & Kales, A. A Manual of Standardized Terminology, Techniques and Scoring System for Sleep Stages of Human Subjects. Public Health Service, US Government Printing Office, Washington DC, 1968.

Jouvet, M. The Paradox of Sleep: The Story of Dreaming. (L. Garey, Trans.). The MIT Press, 1999.



მდევარი