ფილოსოფიის შესავალი: ზნეობრივი სამყარო და ეთიკა, როგორც ფილოსოფიური მეცნიერება

ეროვნული ბიბლიოთეკის სურათი ქართველი ფილოსოფოს-მეცნიერებისა

გააზიარე:


ავტორი: ვენორი ქვაჩახია
რედაქტორები: ა. შეროზია, ა. ციმინტია, ო. გაბიძაშვილი

თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1983.

კორექტორი: ნანო კვარაცხელია

სტატია გააციფრულა ნატა გოგიტიძემ

გელა გელაშვილის ბიბლიოთეკიდან

“ვუძღვნი
ჩემი ერთადერთი პირმშოს
ქეთევანის ნათელ ხსოვნას”

ზნეობის საფუძველი – რას ემყარება მორალი? ადამიანის ბედნიერება და ქცევის შინაგანი განმსაზღვრელი.  კატეგორიული იმპერატივი. ავტონომია თუ ჰეტერონომია. ჰედონიზმი და რიგორიზმი. ეგოიზმი და ალტრუიზმი. მორალი და სამართალი. სიზიფოსის შრომა? პიროვნება და შინაგანი სამყაროს ჰარმონია.

  1. „ღმერთი არ არის – ყველაფერი ნებადართულია?“

ზნეობის, მორალის შესახებ მოძღვრებას წარმოადგენს ეთიკა. იგი ერთ-ერთი უძველესი მეცნიერებათაგანია. თავად ზნეობა, მორალი ცნობიერების ფორმათა შორის ერთ-ერთი უპირველესია ისტორიულად. ჩვენ ზევით რომ ვამბობდით, ცნობიერება დაყოფილია საზოგადოებრივი ცნობიერების ფორმებად, იქ ერთ-ერთ ფორმად ზნეობაც ვახსენეთ, ახლა უნდა ითქვას, რომ ზნეობა, როგორც საზოგადოებრივი ცნობიერების ფორმა, ადამიანთა საზოგადოების განვითარების გარიჟრაჟზევე წარმოიქმნა, ხოლო როცა ადამიანებმა მოახერხეს გარემოს მოვლენებისგან ყურადღების საკუთარ თავზეც გადატანა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩაუკვირდნენ საკუთარ შინაგან სამყაროს, მართალია, ეს ჯერ კიდევ პრიმიტიული შეხედულებების დონეზე ხდებოდა, მაგრამ, ერთ-ერთი პირველთაგანი, რაც მათ აღმოაჩინეს, ეს იყო ადამიანთა შორის ურთიერთობა და ამ ურთიერთობის განმსაზღვრელი წესები, რომლებიც, თურმე, გარკვეულ ნორმებად გადაქცეულა. ადამიანთა საზოგადოებისა და შესაბამისად ცოდნის განვითარების შედარებით უფრო მაღალ საფეხურზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანებმა მოახერხეს ფილოსოფიური საკითხების დასმა, ერთ-ერთი მთავარი საკითხი ისიც გახდა, თუ რას წარმოადგენენ ის ნორმები, რომლებსაც ადამიანები ემყარებიან. როგორც მოსალოდნელი იყო, ამ საკითხშიც სხვადასხვა, ერთმანეთის საწინააღმდეგო შეხედულებები გაჩნდა და ეთიკის, როგორც ფილოსოფიური მეცნიერების, განვითარების ისტორია, ეს არის დავის ისტორია – ეგოიზმი თუ ალტრუიზმი? ჰედონიზმი თუ რიგორიზმი? ავტონომია თუ ჰეტერონომია? და ა. შ. ყოველი ეს „იზმი“ მოწოდებული იყო მორალის, ზნეობის ბუნების ასახსნელად. ბუნებრივია, როცა ზნეობის ბუნების საკითხი ისმებოდა, უნდა დაესვათ საკითხი იმის შესახებაც, თუ რას ემყარება ადამიანთა ზნეობრივი, ანუ მორალური ქცევა. რაც ამ მიმართულებით საუკეთესო უფიქრიათ მოაზროვნეებს საუკუნეთა განმავლობაში, ყველაფერს თავი რომ მოუყარა, კანტმა ჩამოაყალიბა ეგრეთ წოდებული კატეგორიული იმპერატივი. კატეგორიული, ესე იგი, უპირობო იმპერატივი, იგივე, რაც ბრძანება. აი, ასეთი უპირობო ბრძანება არისო ადამიანთა ზნეობრივი ქცევის შინაგანი მმართველი. კატეგორიული იმპერატივის ერთ-ერთი ფორმულა ასეთია: „მოიქეცი ისე, რომ შენი ქცევის მაქსიმა გამოდგეს კანონმდებლობის საფუძვლად“. სხვა, მეორე ფორმულის შინაარსია: „მოიქეცი ისე, როგორც შენ გინდა, რომ სხვები მოგექცნენ“. რა განსაზღვრავს იმას, რომ ადამიანებში ყოფილა ზნეობრივი ქცევის წარმმართველი – კატეგორიული იმპერატივი? „ღმერთიო“ – უპასუხებდა ამაზე კანტი. ,,ღმერთის დიდებას ის მიმტკიცებს, – ამბობდა იგი, – რომ ცაზე ვარსკვლავებია და ადამიანში სინდისი“.

კანტი, რა თქმა უნდა, არ იყო ამაში მართალი, მაგრამ უეჭველია ის, რომ საუკუნეების განმავლობაში ზნეობის საფუძვლად ღმერთს მიიჩნევდნენ, – უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, – ღმერთის წინაშე შიშს: თუ ამ ქვეყანაზე წესიერად არ მოიქეცი, ღმერთი დაგსჯის, სამოთხეში ვერ მოხვდები და ა. შ. რელიგიის საკითხებს რომ ვიხილავდით, იქ საკმაოდ მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ღვთის შიში თვით ღვთისმსახურთაც კი ხშირად ვერ აკავებდა და მათ მიერ ჩადენილი უზნეობანი საქვეყნოდ იყო გამჟღავნებული. თანდათანობით, ამ და კიდევ სხვა მიზეზით, ღვთის რწმენა შეერყათ ადამიანებს. ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ წინა საუკუნეში გამოაცხადეს – „ღმერთი მოკვდა!“. კი მაგრამ, მაშინ რაღა ეშველებოდა ადამიანთა ზნეობას, რაზე უნდა ყოფილიყო ის დამყარებული? და ისევ მე -19 საუკუნეში გენიოსმა რუსმა მწერალმა დოსტოევსკიმ სახელგანთქმულ რომან „ძმებ კარამაზოვებში“ ხატოვნად თქვა: „თუ ღმერთი არ არის, ყველაფერი ნებადართულია“ – ეს, რა თქმა უნდა, უზნეობის ქადაგება კი არ იყო, არამედ მხატვრული გამოსახვა იმ სამყაროსი, სადაც ადამიანები, ღვთის რწმენა რომ დაჰკარგვიათ, ყველაფერს სჩადიან. ყოველგვარ უზნეობას სჩადის მამა კარამაზოვი, ხოლო შვილები მამის მკვლელები არიან. რომელი შვილი? – თანაბრად ყველა, ვისაც ღმერთის არ სწამს.

აზრი იმის შესახებ, რომ თუ ღვთის რწმენას, ანუ ღვთის შიშს, არ დაემყარა, ისე ზნეობრივი ქცევა შეუძლებელიაო, მიუღებელია.

მაშ, რას ემყარება ზნეობა, მორალი?

  1. პოლიტიკური იდეალებისათვის ბრძოლა

როგორც ზევით იყო ნაჩვენები, ისტორიას ადამიანები ქმნიან, მაგრამ არა ყველანაირად, არა ნებისმიერად, არამედ გარკვეულად, კანონზომიერად იქმნება იგი. ამაში ისიც იგულისხმება, რომ ადამიანები გარკვეული მიზნების, იდეალების მიხედვით ერთიანდებიან, გარკვეული მსოფლმხედველობის მიხედვით მოქმედებენ. ისტორიის ობიექტური მიმდინარეობა ადამიანთა ამგვარი შემოქმედების შედეგია. ადამიანები ერევიან ამ შემოქმედებაში გარკვეული ცოდნის, მორალური პრინციპების, ესთეტიკური იდეალების ჩამოყალიბებით, მათი შესაბამისი პრაქტიკული მოქმედებით ისინი მუდამ მოქმედებენ საკუთარი სურვილებით, მისწრაფებებით, იდეებით, იდეალებით; ასე მოქმედება სცილდება მათ (ე. ი. ინდივიდუალურ) საზღვრებს და, როგორც ზევით ითქვა, გარკვეულ საზოგადოებრივ შედეგებს იძლევა. ძალიან ხშირად იმის საწინააღმდეგოს, რაც პიროვნებებს ეგონათ. ასეთ იდეათა, შეხედულებათა, პრინციპთა მეტ-ნაკლებად თეორიულ ჭრილში ჩამოყალიბებული სისტემა იდეოლოგიას წარმოადგენს. იდეოლოგიას მუდამ განსაზღვრავს საზოგადოებრივი ინტერესები, კლასობრივ საზოგადოებაში იგი ხდება ამა თუ იმ კლასის ინტერესების გამოხატულება. ეს იმას ნიშნავს, რომ ცალკეულ ადამიანთა, პიროვნებათა სურვილები, ინტერესები, იდეალები მთლიანობას იძენს, ზედნაშენური სისტემის სახით ყალიბდება.

ის ფაქტი, რომ ადამიანთა ეკონომიკური ცხოვრება, ეკონომიკური ურთიერთობანი საზოგადოების განმსაზღვრელია, არ ეწინააღმდეგება ადამიანთა ინტერესების ამგვარ ჩამოყალიბებასა და მის ზემოქმედებას ისტორიის კანონზომიერ ქმნადობაზე, რადგან, როგორც ფ. ენგელსი ამბობს, ყოველი საზოგადოების ეკონომიკური ურთიერთობანი უპირატესად გამოვლინდება როგორც ინტერესები.

ამრიგად, იქმნება ადამიანთა იდეოლოგიური დამოკიდებულება, მათი გარკვეული მიზნებისათვის ბრძოლის დამოკიდებულება და იგი, განისაზღვრება რა არსებითად ეკონომიკური ურთიერთობით, უპირველესად გამოიხატება პოლიტიკურ მიზანდასახულებებსა და ბრძოლაში.

ამ აზრით თქვა ლენინმა, რომ პოლიტიკა კონცენტრირებული ეკონომიკაა. ამასთან, პოლიტიკა, სწორედ იმის გამო, რომ მასში ეკონომიკა არსებითადაა გამოვლენილი, არის დამოკიდებულება კლასთა შორის, ერთა შორის, პარტიათა შორის; პოლიტიკა არის მონაწილეობა სახელმწიფო საქმეებში, მისი წარმართვა; უფრო მეტი – სახელმწიფოს საქმიანობის შინაარსი.

მაგრამ ისევე, როგორც ადამიანთა ეკონომიკური ურთიერთობები არაა მათ ნებაზე დამოკიდებული, ადამიანები თავიანთი ნება-სურვილის მიხედვით ვერ აირჩევენ მათ, ისინი იქმნებიან „ადამიანთა ცნობიერების გავლის გარეშეც“, როგორც ლენინი ამბობს, და ამდენად, მიუკერძოებელი ხასიათი აქვთ. გარკვეულწილად იგივე მდგომარეობა გვაქვს იდეოლოგიური, კერძოდ, პოლიტიკური ბრძოლის შემთხვევებშიც. ცნობილია მარქსისა და ენგელსის დებულება – იდეოლოგია, ნაცვლად იმისა, რომ იგი იყოს გაცნობიერებული, იქმნება ყალბი ცნობიერებითო.

ამ საკითხზე დიდი დავაა. ამჟამად ამ თემის ფართოდ განხილვა აქ შეუძლებელია. უნდა ითქვას მხოლოდ ის, რომ ადამიანთა იდეების, იდეალების, შეხედულებების საზოგადოებრივ ფორმებად ჩამოყალიბება, რაც შემდეგ გვაძლევს ზედნაშენის ერთიან სისტემას იდეოლოგიის სახით, იმასაც გულისხმობს, რომ აქ ყოველი ცალკეული ინდივიდის ცნობიერებისაგან დამოუკიდებელი კანონზომიერება მოქმედებს და ამდენად, იგი ამ ცნობიერების, ასე ვთქვათ, ზურგს უკან მიმდინარეობს, ამ აზრით იგი ყალბი ცნობიერებით ხორციელდება. ამასთან, რადგან, გარდა ცალკეულ პიროვნებათა გაცნობიერებული მოქმედებისა, ფორმები საზოგადოებრივად ყალიბდება – იღებს გარკვეული საზოგადოებრივი განწყობების, მოქმედებისათვის (ვთქვათ, პოლიტიკური მოქმედებისათვის) მზაობის სახეს და ამ მხრივ იგი არ ადის გაცნობიერებამდე ყოველ ცალკეულ შემთხვევაში.

ასე რომ არ იყოს, იდეოლოგიური, კერძოდ, პოლიტიკური მოქმედების განხორციელება გადაულახავ სიძნელეებს წააწყდებოდა და, შეიძლება ითქვას, განუხორციელებელიც იქნებოდა. არსებითი მნიშვნელობისაა ის, რომ იდეოლოგიის, კერძოდ, პოლიტიკური იდეოლოგიის, განხორციელება შეიცავს შინაგან წინააღმდეგობას, რომ აქ, ამის გამო მარტო გაცნობიერებული, წინასწარ განსაზღვრული მიზნებით მოქმედება ყოველთვის არ იძლევა შესაბამის შედეგს  და საერთოდ ეს სფერო, როგორც გაცნობიერების სხვა სფეროები, თავში არ მოიაზრებს საბოლოო შეფასების საზომს.  

განვმარტოთ ეს უფრო კონკრეტულად.

პოლიტიკური ცხოვრება, ესაა პოლიტიკური იდეალების განხორციელებისათვის ზრუნვა, რაც პოლიტიკური ბრძოლის ხასიათს იღებს. ე. ი. ამ შემთხვევაში ადამიანები თავს იდებენ და იბრძვიან სხვა ადამიანთა ბედისათვის; იბრძვიან – ეს იმას ნიშნავს, რომ ებრძვიან სხვა ადამიანებს, გარკვეული იდეალების განხორციელებისათვის საშუალებად მიიჩნევენ ისევ ადამიანებს. ადამიანთა ურთიერთობების უპირველესი შემზღუდველი მორალური ნორმებია. მასში, როგორც ქვევით ვნახავთ, წინააღმდეგობაა. ამასთან, სწორედ მორალური გრძნობა აიძულებს ადამიანს, განიცადოს სხვათა ბედი და იბრძოლოს იმისათვის. ამის გამოა საჭიროება პოლიტიკისა და პოლიტიკოსის. ამგვარად, აქ მორალური მიზეზებია გამოსავალი, ამასთან ისე, რომ ადამიანები ამ გზით მიდიან უდიდეს არამორალურ პოლიტიკურ საქციელამდე, თვით ტირანიამდეც კი. რომელი პოლიტიკური საქციელი ჩაითვალოს გამართლებულად? სადაა აქ საზომი? უპირველესად სწორედ შემეცნების, ცოდნის თვალსაზრისია განმსაზღვრელი. შეიძლება აქ დავემყაროთ ცოდნას ისე, რომ მას სრულად ვენდოთ? ერთი მაგალითი: მეორე მსოფლიო ომის დროს მრავალი გამოჩენილი მეცნიერი პოლიტიკაში მოღვაწეობდა, და დიდი წარმატებითაც. ერთი ასეთი დიდი წარმატება ის იყო, რომ ცნობილი ფიზიკოსის, სცილარდის, თაოსნობითა და დიდი მონდომებით და აინშტაინის მონაწილეობით მიაღწიეს იმას, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, რუზველტს, გადააწყვეტინეს ატომური იარაღის შექმნა – ეს ჩანდა კაცობრიობის ხსნად – ასე ეგონათ ამ დიდ მეცნიერებსა და პოლიტიკოსებს. დამთავრდა გერმანიასთან ომი და აღმოჩნდა, რომ კაცობრიობა კი არ იხსნა, არამედ განადგურების წინაშე დააყენა ამან – არსებობს საშინელი იარაღი, რომლის შექმნა გერმანელების წინააღმდეგ თურმე აუცილებელი სულაც არ ყოფილა (გერმანელებს მაშინ ეს იარაღი არ შეიძლებოდა ჰქონოდათ!). ისევ დიდი პოლიტიკური ბრძოლა გახდა საჭირო, ახლა უკვე ამ იარაღის აკრძალვისათვის…

ეს ბრძოლა მწვავედ მიმდინარეობს ამჟამადაც. როგორც მშვიდობისათვის ბრძოლის განუყოფელი ნაწილის – განიარაღების, ატომური შეიარაღების შეწყვეტის საბჭოთა პროგრამა საყოველთაოდ არის ცნობილი.

ამრიგად, პოლიტიკური ბრძოლის არეალი, დაფუძნებული მორალურ მიზეზებზე, არ შეიცავს სათანადო საბოლოო გარანტიას, შეფასების წინასწარ საზომს, რადგან აქ წინა პლანზე წამოიჭრება ყოველთვის – რა იდეალებისათვისაა ეს ბრძოლა და რა შედეგი შეიძლება მან გამოიღოს.

  1. ადამიანთა საზოგადოებრივი ურთიერთობანი და მორალური ნორმების არსი

მორალისა და სამართლის ურთიერთობა, ზოგადად, სამ ნაწილად დაიყოფა: 1) საზოგადოების იმ მდგომარეობიდან, როცა ადამიანთა ურთიერთობისა და ქცევის მეთვალყურედ მორალური ნორმების მოქმედება საკმარისი იყო, გადასვლა საზოგადოების ისეთ მდგომარეობაზე, როცა ამ წესების მოქმედება არაა საკმარისი და სხვა ხასიათის – სამართლებრივი ნორმები ჩნდება. სხვა სიტყვებით: პირველ საფეხურს მორალისა და სამართლის დამოკიდებულებაში წარმოადგენს მორალური ნორმების არსებობიდან სამართლებრივ-მორალურ ნორმებიან საზოგადოებაზე გადასვლის კანონზომიერება და მათი შესაბამისი ნიშნები და კანონზომიერებანი; 2) მორალური კანონების მოქმედებისა და განხორციელების კანონზომიერება და ხასიათი სამართლებრივი წესების მოქმედებისა და განხორციელების პირობებში; 3) სამართლებრივი კანონების ბედი უკლასო საზოგადოების პირობებში.

მორალისა და სამართლის დამოკიდებულებების ყველა საკითხი ამ ფარგლებშია მოქცეული, ამ სამი განსხვავებული საზოგადოებრივი მდგომარეობითაა განპირობებული მათი დანიშნულება, რადგან მორალიცა და სამართალიც საზოგადოებრივი ცხოვრების ანარეკლია, ასახვაა. ამასთან, ისინი საზოგადოებრივი პირობებით განისაზღვრებიან და წარმოიშობიან იმისათვის, რომ უკუზემოქმედება იქონიონ ამ პირობებზე.

განსხვავებით ცხოველისაგან, რომელიც არსებობს ბუნებაში და მიითვისებს ბუნების ნაყოფს უშუალოდ მოცემული ფორმით, ადამიანის მიერ ბუნებრივ მოვლენათა და ნაყოფთა მითვისება გაშუალებულია – მასსა და ბუნებას შორის დგას ნივთი, რომელიც თვითონაც სახეშეცვლილია გარკვეული მიზნის შესაბამისად – გარკვეული მოთხოვნილების დაკმაყოფილების იარაღს წარმოადგენს. ამგვარად, არსებობა და მოქმედება, თუ მას ამჟამად ჩვენთვის საინტერესო კუთხით გავაანალიზებთ, სამ არსებით დეტალს შეიცავს: 1) გაშუალებული მოქმედებისათვის აუცილებელია ასეთივე ხასიათის ასახვა მოცემული სინამდვილისა. ე. ი. არა მარტო დანახვა იმისა, რაც უშუალოდაა მოცემული – ვთქვათ, რაც იჭმევა, რაც უშუალოდ მოთხოვნილებას (ცხოველურ მოთხოვნილებას) უპასუხებს, არამედ იმასაც, და სწორედ და უპირატესად იმასაც, რაც უშუალოდ არაა მოცემული, რაც უშუალოდ არ დაინახება, რაც არაა მისაწვდომი გრძნობადად. ასეთი ასახვა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ შეძელი თავი დააღწიო უშუალოდ მოცემულის „ცდუნებას“, შეძელი ჩამოიშორო იგი, განერიდო მას. ადამიანური მოქმედებისათვის ეს აუცილებელი ნიშანი – აბსტრაჰირების უნარი, სინამდვილის მოვლენათა გარეგანად დასანახის იქით, მასში დამალულის – არსების დანახვის უნარია. ეს არის უშუალოდ მოცემულის არა გრძნობადი, არამედ გონებრივი დანახვა, გონებრივი შეფასება. მართალია, ეს უკანასკნელი აუცილებელია ადამიანური მოქმედებისათვის, მაგრამ საკმარისი არაა იმისათვის, რომ ადამიანმა იმოქმედოს ცოდნის მიხედვით და შესაბამისად, მას საამისო სხვა ბიძგი სჭირდება – 2) მას უნდა სურდეს ასე მოქმედება, ე. ი. ადამიანი მოვლენებს არა მარტო აზროვნებით, არამედ განცდებითაც უნდა აფასებდეს, მაგრამ არც ესაა სავსებით საკმარისი. უფრო ზუსტად, როგორც ერთი, ისე მეორე მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ შესრულდება შემდეგი პირობაც: 3) ადამიანს უნდა შეეძლოს, თავისი ძალები სწორედ ამ, ე. ი. გარკვეული მიმართულებით, წარმართოს. ამისთვის მას უნდა ჰქონდეს ნებისყოფა, რათა მიიღოს გარკვეული გადაწყვეტილება. რას ნიშნავს ეს?

ადამიანური მოქმედებისათვის დამახასიათებელი ისაა, რომ მისი ქმედების შედეგი გათვალისწინებულია, იცის, რომ მისი ნაბიჯი ამასა და ამას გამოიწვევს, ე. ი. მას აქვს გარკვეული მიზანი და საამისოდ მოქმედებს. მაგრამ ეს შედეგი სწორედ რომ გათვალისწინებულია და მეტი არაფერი. ე. ი. ეს შედეგი ჯერ არაა მოცემული. ეს კი იმასაც ნიშნავს, რომ ის შეიძლება არც მოჰყვეს თუნდაც სწორად მიჩნეულ ნაბიჯს, მას შეიძლება არა ამ, არამედ სხვა მოქმედებით მივაღწიოთ. როგორ უნდა გაირკვეს რომელი ქმედება მოგვცემს სასურველ შედეგს? ამის ყველაზე უტყუარი საშუალება იქნება შედეგის მიღწევა და გარკვევა – ესა და ეს მოქმედება მართლა იძლევა თუ არა ამ სასურველ შედეგს… მაგრამ შედეგი ხომ ჯერ არაა მიღებული და საკითხი ხომ სწორედ იმას შეეხება – როგორ მივიღოთ იგი. გამოდგება ჩვენ მიერ გათვალისწინებული გზა საამისოდ? შედეგის ლოდინი (რათა გზის სისწორეში დავრწმუნდეთ) გამორიცხულია. ეს რომ შესაძლებელი იყოს, მაშინ არავითარი სიძნელე ადამიანის წინაშე არ იქნებოდა, არავითარი სიძნელე არ ექნებოდა მას გადასაწყვეტი. უფრო ზუსტად, გადაწყვეტას აზრი არ ექნებოდა. ამგვარად, ადამიანური მოქმედებისათვის დამახასიათებელია სწორედ გადაწყვეტა – წინასწარ გათვალისწინება არა მარტო გარკვეული მიზნისა, არამედ მისი შესაბამისი მოქმედებისაც.

როგორ სრულდება ეს? ზოგადი პასუხი აქ ასეთია: ადამიანის მოქმედება საგნობრივია და იმასაც გულისხმობს, რომ მისი ცოდნის საზომი ამ საგნობრივშია, რაც საბოლოოდ გამოცდილების, პრაქტიკის ცნების შინაარსშია ნაგულისხმევი. ადამიანური მოქმედება, მართალია, სრული სიზუსტით არასდროს, მაგრამ იმდენად მეორდება, რომ ადამიანს უგროვდება გამოცდილება, რაც მას ააშორებს ყოველი მოქმედების შედეგის ხელახლა გამოთვლის აუცილებლობას. რა იქნებოდა, ადამიანს რომ ცეცხლის ყოველი ანთებისას თავიდან ჰქონოდა გასავლელი ყოველივე! მრავალჯერ განმეორება ყალიბდება გარკვეული გამოცდილების სახით.

მაგრამ გამოცდილების ცნება ჩვენი მიზნებისათვის ძალიან ფართოა. ჩვენთვის საინტერესო მხარე რომ გამოვაცალკეოთ, ამისათვის უნდა გავაანალიზოთ ამ ცნების შინაარსი. გამოცდილება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს შრომითი საქმიანობისას ადამიანის მიერ საკუთარი ორგანოების გამოყენების ჩვევებს. ეს ამჯერად არ გვაინტერესებს. გამოცდილების არც ის მხარეა ჩვენთვის საინტერესო აქ, ყოველ შემთხვევაში არსებითად, რომელიც ცოდნით გამოცდილებას ნიშნავს. თავისთავად ცოდნა, ცოდნის დაგროვება გამოცდილების ერთ-ერთი არსებითი ნაწილია. გამოცდილების სახით იჩენს თავს აგრეთვე მოვლენათა გრძნობების მიხედვით შეფასებაც. ადამიანური საქმიანობისას თვით მისი მოქმედება, ასევე სხვათა, და ამ მოქმედების არეში შემავალი საგნები გარკვეულად ფასდება ადამიანის მიერ – ადამიანური მოქმედება ან წარმატებას აღწევს, ან წარუმატებლობას, რაც შესაფერის ემოციურ რეაქციას, ემოციურ შეფასებას იწვევს – ადამიანი გახარებულია ან მოწყენილი. მისთვის მოვლენა და ქცევა მისაღებია ან არაა მისაღები, მოსაწონია ან არაა მოსაწონი, მშვენიერია ან მახინჯი და ა. შ. ეს ყოველივე გარკვეული ჩვევების, შეხედულებების, გარკვეული გრძნობითი ნორმების სახით ყალიბდება, რაც სრულქმნილად ესთეტიკურ ნორმებში ვლინდება და რაც ადამიანური საქმიანობისა და მოქმედების აუცილებელი ნაწილია (ამაზე ამბობდა მარქსი: ადამიანი მოქმედებს მშვენიერების კანონების მიხედვითაცო).

გამოცდილების არც ეს მხარეა ჩვენთვის აუცილებელი ამჯერად.

გამოცდილების სახით, ასე ვთქვათ, უნდა დაგროვდეს, ჩამოყალიბდეს უნარის მოქმედების შედეგებიც, რასაც გადაწყვეტილებათა მიღება ვუწოდეთ და რის გარეშეც ადამიანური მოქმედება შეუძლებლად მივიჩნიეთ. აღნიშნული  რომც არ ჩამოყალიბდეს (სხვა საფეხურებთან ერთად), როგორც გარკვეული დანალექი განმეორებისა, მაშინ მთლიანად გამოცდილებაზე ვეღარ ვილაპარაკებდით. ეს მართლაც ასეა: გარკვეულად განმეორებული შემთხვევებისას ადამიანი კვლავ როდი გაივლის გადაწყვეტისთვის საჭირო ყველა ნაბიჯს  – მისთვის გადაწყვეტილება გამოცდილებით გამართლებული და გაიოლებულია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, განმეორებული მოვლენების შეფასებაში სიმყარე იჩენს თავს. რა ხასიათის შეფასებაში? ეს ხომ არაა ისეთივე ხასიათის შეფასება, როგორზეც ზევით ვისაუბრეთ? არა! ეს არაა გნოსეოლოგიური ხასიათის შეფასება, ეს არც ესთეტიკური შეფასებაა, ესაა მოვლენათა და ქცევათა მორალური შეფასება. რას ნიშნავს ეს?

ადამიანი მოქმედებს, გარკვეულად იქცევა, თვითონ ამ ადამიანისათვის ამ მოქმედებას გარკვეული შედეგები აქვს და, მაშასადამე, გარკვეული შეფასებაც. ადამიანი მოქმედებს სხვა ადამიანებთან. თანამოქმედთათვის მის მოქმედებას, და პირიქით, გარკვეული შედეგები აქვს და, მაშასადამე, გარკვეული შეფასებაც. ამ მოქმედებაში ყოველთვის ჩართულია უამრავი მოვლენა, რომლებსაც ამ მოქმედებისათვის ასეთი თუ ისეთი შედეგი აქვთ და, მაშასადამე, გარკვეული შეფასებაც.

ყველა ამათ მიმართ იხმარება შეფასებანი: კარგი ან ცუდი, მოსაწონი ან არმოსაწონი, მშვენიერი ან მახინჯი და ა. შ. აქ შეფასების ერთი, შეიძლება ითქვას, არსებითი, მხარეც იჩენს თავს: ჩვენი ან სხვისი მოქმედება, ქცევა კეთილია ან ბოროტი. სხვა სიტყვებით: ჩვენ ჩვენს ან სხვის მოქმედებას ვაფასებთ მორალურად: კეთილისა და ბოროტის, სინდისიერისა და უსინდისოს და ა.შ. სხვა კატეგორიებით. ჩვენ მიერ ქცევის შეფასება – ესაა ჩვენი პასუხი ამ ქცევაზე.

ანალოგიურად ზევით თქმულისა, ეს პასუხი-შეფასება ყოველი ქცევისა ადამიანისთვის რომ ხელახლა იყოს გასაცნობიერებელი, ანუ ასეთი ქცევისადმი ცნობიერი რეაქცია რომ ყოველთვის ახალი იყოს, ამით შეფასების ეს სახე არა თუ ადამიანური საქმიანობისათვის ხელისშემწყობი იქნებოდა, არამედ, პირიქით, დააბრკოლებდა.

და არა მარტო უბრალოდ დააბრკოლებდა! აქაც რომ გარკვეული გამოცდილება არ „გროვდებოდეს“, შედეგისა და მისი მისაღწევი გზის გადაწყვეტის წინააღმდეგობა (ანტინომია) სწორედ აქ მთელი ძალით იჩენდა თავს და ადამიანურ მოქმედებას შეუძლებელს გახდიდა. ეს იწვევს აუცილებლობას ამ ხასიათის შეფასებათა გარკვეული ნორმების ჩამოყალიბებისას ადამიანთა ერთად მოქმედების განმეორებათა საფუძველზე. ესაა, ასე ვთქვათ, ქცევებისადმი პასუხის თავისთავადი ფორმები – გარკვეული ნორმები ნებისყოფის განხორციელებისა, ნორმები გარკვეულ ჩვეულებებად, გარკვეულ ადათებად ჩამოყალიბებული, რომელთა სავალდებულოობა საწინდარია ქცევის ყოველი შედეგის წინასწარ გამოთვლის გადაუჭრელი სიძნელის თავიდან აცილებისა. ასეთ ნორმებს, ჩამოყალიბებულს ადამიანთა ერთობლივი მოქმედებისას, განმტკიცებულს მრავალგზისი განმეორებებითა და ჩვეულების ძალით, დაკანონებულს ადამიანთა საზოგადოების შიგნით, როგორც ამ საზოგადოების ადამიანის ქცევის მომწესრიგებელი, ეწოდება მორალური ნორმები. ნებისყოფა გასაგნებულია, გაქვავებულია ამ ნორმებში და ამ ნორმების სახით.

მათი განხორციელება არაა დამოკიდებული რაიმე გარეგან იძულებაზე. აქ თუ არის რაიმე იძულება – ესაა შინაგანი გრძნობა მოვალეობისა, დაემორჩილო მათ. ამ აზრით მორალური ნორმები – ესაა მოვალეობის ნორმები: მოვალე ხარ, იმოქმედო სწორედ ასე და არა სხვანაირად! ეს არის გრძნობა საკუთარი მოქმედებისათვის პასუხისმგებლობისა, გრძნობა სხვისადმი (საზოგადოება ან ინდივიდი) მოვალეობის. ამდენად, მორალური ნორმები – ესაა ადამიანთა ურთიერთობის თავისებური ცნობიერი ასახვა – მორალი ცნობიერების გარკვეული ფორმაა.

ამრიგად, მორალურად გამართლებულია ქცევა, რომელიც მოვალეობის გრძნობათა შესაბამისად სრულდება. და პირიქით, მორალურად გაუმართლებელია ქცევა, რომელიც ეწინააღმდეგება მოვალეობას.

მორალური ნორმის შესრულებისას თუ რაიმე იძულება არსებობს, ესაა შინაგანი იძულება, მოვალეობის გრძნობით გამოწვეული – არ შეიძლება ასე მოქცევა! ამ იძულების გადალახვა უხდება ადამიანს მორალური ნორმის განხორციელებისას (მაგ., მეგობრისათვის, სამშობლოსათვის თავდადება, თავგანწირვა). მაგრამ აქ გადალახვა სხვა აზრითაც ხდება – მორალური ნორმის შესრულებისას შინაგანი იძულება გადაილახება იმ აზრითაც, რომ ასე მოქცევა შინაგან მოთხოვნილებად იქცევა, და ამდენად, შინაგან კმაყოფილებას იწვევს და არა – იძულებას, შეწუხებას. მორალურად ადამიანი იმიტომ კი არ იქცევა, რომ ის იძულებულია, იძულების იმ გაგებით, რომ მას ეს უმძიმს, არამედ ასე იმიტომ იქცევა, რომ მისთვის ეს მოთხოვნილებაა – სხვანაირად არ შეუძლია მოიქცეს. მისთვის იძულება და შეწუხებაც (თუ გნებავთ სასჯელიც) სწორედ ის იქნება, რომ წაერთვას შესაძლებლობა, მოიქცეს მორალური ნორმის შესაბამისად. ის იძულებულია არა მაშინ, როცა, ვთქვათ, არ მოატყუა ადამიანი ან არ გასცა მეგობარი, არამედ, პირიქით, მაშინ, თუ ვერ შეძლო, არ მოეტყუებინა, ვერ შეძლო, არ ეღალატა და ა. შ.

ამგვარად: ადამიანი თვითვე სჯის თავის მოქმედებას, თვითვე გამოდის საკუთარი ქცევის მსაჯულად – ეს არის სინდისი და ეს ქცევა მას სწორედ მაშინ არ აკმაყოფილებს (სწორედ მაშინ გრძნობს სინდისის ქენჯნას), როცა არ იქცევა მიღებული მორალური ნორმის მიხედვით, ხოლო თუ ის ამას არ სჩადის, ე. ი. თუ ის ნორმას იცავს, ეს მისთვის სიამოვნებაა, კმაყოფილებაა. ასე განიცდება ეს ადამიანის მიერ. ამგვარად, მორალური ნორმები გამოვიყვანეთ რა ადამიანის მოქმედების აუცილებლობიდან, ე. ი. დავსახეთ ისინი მოქმედების, საქმიანობის საშუალებად, მივედით იმ მდგომარეობამდე, რომ თვით ეს ნორმები (მათი შესრულება) არის არა საშუალება ადამიანის მოქმედებისათვის, არამედ მათი განხორციელება თვითონაა შინაგანი კმაყოფილება და, ამდენად, გარკვეული მიზანი ადამიანისა – ადამიანი ცხოვრების ერთ-ერთ იდეალად მიიჩნევს სიკეთის განხორციელებას, პატიოსან, სინდისიერ ცხოვრებას.

რა მივიღეთ? ადამიანის მორალური ქცევა უნდა შეფასდეს სხვასთან მიმართებით. მაგრამ ვისაც არ უნდა მიემართებოდეს, თვით მისი განხორციელება არის შინაგანი კმაყოფილება და, ამდენად, თვითონ ადამიანისკენაა (განმახორციელებლისაკენ) მიმართული. და ამგვარად, სარგებლიანობის მიდრეკილებისგან თავისუფალი, მხოლოდ მოვალეობის გრძნობას დამორჩილებული მორალური ნორმა მიდრეკილებას (ამჟამად უკვე საკუთარი კმაყოფილების) ვერ ასცდა. ცხადია, მორალურ საზომად არც უტილიტარიზმი გამოდგება, რა სახისაც არ უნდა იყოს – იქნება ეს სასიცოცხლო თუ სხვა (სულიერი) მოთხოვნილების დაკმაყოფილება. არ გამოდგება იმიტომ, რომ უტილიტარიზმის პრინციპი, საბოლოოდ, ეგოიზმია, ეგოიზმი კი მორალის არსებას – მოვალეობას – გამორიცხავს, რადგან სხვას არ მიემართება დადებითი შედეგით, ე. ი. სხვის მიმართ მოვალეობას არ ცნობს და, მაშასადამე, კიდეც უარყოფს ამ ცნებას. ალტრუისტული პრინციპიც არ გამოდგება მორალური გრძნობის ამხსნელად, რადგან, თუ დავეთანხმებით ალტრუიზმის იმ გაგებას, რომ ადამიანი სხვის მიმართაა დავალებული, მისი კეთილდღეობისთვის უნდა ზრუნავდეს, ამ შემთხვევაში თვით ამ ქცევის გამართლება იკარგება, ხოლო ალტრუიზმში თუ იმას ვიგულისხმებთ, რომ ადამიანს შინაგან მოთხოვნილებად ექცეს მორალური ნორმების შესრულება, მოვალეობის გრძნობა მისთვის შინაგანი კმაყოფილების გამომხატველი გახდეს, ასეთ შემთხვევაში უკვე ალტრუიზმი ფაქტობრივად გადალახულია. რას ნიშნავს ეს? ისევე ეგოიზმის – უკვე უვარგის პრინციპად გამოცხადებულის – მიღებას?

ცხადია, ასეთი რამ მხოლოდ იმას მოგცემდა, რომ წრეში ტრიალი საქმის მოგვარების შეუძლებლობას დაადასტურებდა.

ნამდვილად კი, როგორც ალტრუისტულ, ისე ეგოისტურ პრინციპებზე აგებული თეორიები საქმის ცალ მხარეს იღებენ, ცალმხრივ გაგებას იძლევიან, რისი უვარგისობა თუნდაც იმაში ვლინდება, რომ ერთი რომელიმე პრინციპის გამზიარებელი (და, მაშასადამე, მეორის უარმყოფელი) სწორედ საწინააღმდეგო და მიუღებლად გამოცხადებული მდგომარეობის მიღების აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდება.

ყოველივე ამის გათვალისწინება მორალური ქცევის შეფასესებისას მართებული გადაწყვეტისათვის აუცილებელია.

ამჯერად კი სხვა გარემოებების გათვალისწინებაა საჭირო ჩვენი მიზნებისათვის.

ზევით უკვე ითქვა, რომ მორალური ნორმის განხორციელება იმდენად მტკიცედ ინერგება საზოგადოებაში, მოვალეობის შეგნება იმდენად იკიდებს ფეხს, რომ სიძნელეს, დაბრკოლებას წარმოადგენს არა დაცვა ამ ნორმებისა, არამედ მათი დაუცველობა. მოთხოვნილებადაა გადაქცეული მათი დაცვა და ყოველი მოთხოვნილების დაუკმაყოფილებლობაა სწორედ პიროვნებისთვის ძნელი და არასასურველი. ამიტომ იძულება მორალური ნორმის შესრულებისას თითქმის არც განიცდება. ენგელსს მოჰყავს მაგალითი ინდიელების ცხოვრებიდან იმის შესახებ, რომ მათთვის არ არსებობს საკითხი, საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობა, სისხლის აღება რას წარმოადგენს – უფლებას თუ მოვალეობას. ეს საკითხი, – განაგრძობს ენგელსი, – მათ ისეთივე სისულელედ მოეჩვენებოდათ, როგორც კითხვა – რა არის ჭამა, სმა, ძილი, ნადირობა – წესია თუ მოვალეობა.

ერთი სიტყვით, მორალური ნორმების შესრულება სრულიად ნორმალური მდგომარეობაა. ამ ნორმების შესრულება კი იმას ნიშნავს, რომ მათი საშუალებით ჩარჩოებშია მოქცეული ადამიანთა დამოკიდებულება ერთმანეთთან, საზოგადოებასთან, ოჯახთან.

ეს მორალური – ე. ი. დაუწერელი და დაუკანონებელი, ჩვევად ქცეული და ჩვეულების ძალით ბუნებრივად განხორციელებადი ნორმები საზღვრავს ადამიანთა ურთიერთობას, მაშასადამე, ამ ურთიერთობათა მოწესრიგებისთვის სხვა სახის ნორმების მოქმედება აუცილებლობას მოკლებული უნდა იყოს, რაც, ცხადია, ასე არ არის. რატომ? რა იწვევს იმას, რომ, სრულიად ბუნებრივი, ადამიანთა შინაგან მოთხოვნილებად ქცეული ნორმების გარდა, გარეგან ძალადობაზე დამყარებული ნორმებიც იწყებს საზოგადოებაში მოქმედებას? უპირველესი პასუხი, ცხადია, ის იქნება, რომ პირველი სახის ნორმათა მოქმედება უკვე საკმარისი აღარ არის. მაგრამ ახსნა სწორედ ამ პასუხს სჭირდება. რატომ არაა საკმარისი? აკი იყო?

  1. მორალური და სამართლებრივი ნორმები

საზოგადოების განვითარების გარკვეულ საფეხურზე, როცა საზოგადოებაში არსებული საწარმოო ძალები მიაღწევენ ისეთ დონეს, რომ ადამიანს შეუძლია აწარმოოს იმაზე მეტი, რაც მისი არსებობის შესანარჩუნებლადაა აუცილებელი, არსებითი ხასიათის ცვლილებები ხდება ადამიანთა ურთიერთობებში. კერძოდ, ენგელსის სიტყვებით რომ ვთქვათ, აქ შესაძლებელი ხდება და ფაქტობრივად ადამიანი აღმოაჩენს კიდეც მონობას  – ადამიანი იაზრებს, რომ შესაძლოა დაიმონოს ადამიანი და მიითვისოს მისი შექმნილი ნაწარმის ის ნაწილი, რომელიც არაა თვით მისივე არსებობის შესანარჩუნებლად საჭირო. ასე შეიქმნა პირველი კლასობრივი უთანასწორობა და, მაშასადამე, მისი შესაბამისი სხვა ხასიათის უთანასწორობაც ფაქტობრივად ჩაისახა. ადამიანს, რომლის ხვედრად შრომა იქცა, შრომა, არა მარტო საკუთარი, არამედ და უპირატესად სხვისი არსებობის შენარჩუნებისა და განმტკიცებისათვის, ადრე არსებული ნორმები – თანასწორობაზე დამყარებული – უკვე ვეღარ აკავებს. მას ეძლევა შესაძლებლობა (და მოთხოვნილებაც!) მოიქცეს ისე, როგორც ადრე არც შესაძლებელი იყო და, მით უფრო, მოთხოვნილებას არ წარმოადგენდა. მას ახლა შეუძლია, მაგალითისათვის, მოიპაროს, საზოგადოებრივი ურთიერთობა რომ ისევ ნორმალური დარჩეს – ეს იმას ნიშნავს, რომ მონური მდგომარეობა ერთი ნაწილისა უცვლელი დარჩეს, საჭიროა ეკონომიკური მდგომარეობის შესაბამისი ცნობიერი ურთიერთობაც დამყარდეს. და მართლაც – ქურდობა არანორმალურ საქციელად მიიჩნიეს. ასევე ამისი მსგავსი სხვა საქციელნიც, ვთქვათ, მონათმფლობელის სიცოცხლის ხელყოფა და ა. შ. მაგრამ წმინდა მორალური, მოვალეობის გრძნობაზე დამყარებული, იძულების გარეშე განხორციელებადი ნორმები თანდათანობით არაა საკმარისი – საკუთარი არარაობა შინაგან მოთხოვნილებად არ შეიძლება ადამიანს ექცეს, ხოლო ასეთი შინაგანი მოთხოვნილების დარღვევა ნიშნავს იმას, რომ მორალური ნორმების შესრულების გარანტია აღარ არსებობს.

საჭირო ხდება არსებული ნორმების დაკანონება – როგორც სავალდებულოსი. მაგრამ აქ ზევით მითითებული ერთი მდგომარეობა მოვიგონოთ – სახელდობრ, მორალური ნორმების შესრულების შინაგანი მოთხოვნილება.

იმას, რაც ისედაც სრულდება, იმას, რაც სრულდება იმის გამო, რომ სხვანაირად არ შეიძლება იყოს, რადგან ეს არის შინაგანი მოთხოვნილება და მისი დარღვევა კი მოთხოვნილების დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებაა, რატომ დასჭირდა დაკანონება? – სამართლებრივი ნორმები კი უმთავრესად მორალური ნორმებია, მიღებული როგორც კანონი, ეს იმასაც ნიშნავს, რომ ასე კანონის სახით მიღებული ნორმის განხორციელებაც გარკვეულ პირობებშია მხოლოდ შესაძლებელი. ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობებში, თუ იარსებებს ძალა, რომელიც განახორციელებს ამ ნორმათა მოქმედებას. ასეთ ძალას სახელმწიფო წარმოადგენს.

ამგვარად, სამართლებრივი ნორმები – ესაა საზოგადოების გარკვეული ჯგუფის (გაბატონებული კლასის) მიერ დაკანონებული ან დადგენილი ნორმები, რომელთა განხორციელება გარეგან ძალას – იძულებას, ემყარება საზოგადოების შიგნით გაბატონებული და დაჩაგრული ჯგუფების გაჩენის შემდეგ და შედეგად საზოგადოებას არსებობის გაგრძელება მხოლოდ იმით შეუძლია, თუ ასე არსებობა, ადამიანთა (კლასთა) ასეთი ურთიერთობა კანონიერ, დაკანონებულ, სავალდებულო სახეს მიიღებს და მას საიმედო დამცველი ეყოლება.

ასე შეიქმნა საზოგადოებაში ურთულესი სისტემა, რომელიც მოიცავს კანონმდებლობის, სასამართლოსა და პროკურატურის ორგანოებს, დამსჯელ და დამცველ ორგანოებს და ა. შ. – ეს არის სახელმწიფო.

ეს ყოველივე სავსებით სწორია და სამართლის წარმოშობის ყველა სხვა თეორია აწყდება გადაულახავ სიძნელეებს, რაც ადასტურებს, რომ ეს თეორიები ამ საკითხს ვერ ხსნიან. მაგრამ საკითხის ამგვარი და სავსებით მართებული წარმოდგენა სრულიადაც ზედმეტს არ ხდის მას, პირიქით, როგორც ზევით ვნახეთ, მოითხოვს კიდეც, დაისვას და პასუხი გაეცეს ამგვარ კითხვას.

თვით მორალური ნორმების განხორციელება, რაც, როგორც ვთქვით, მოვალეობის გრძნობაზეა დამყარებული, მაგრამ გარკვეულად შინაგან კმაყოფილებას უდრის, ხომ არ შეიცავს რაიმეს ისეთს, რაც მას უბიძგებს მისი საზღვრების – საზოგადოების ნორმის ნებაყოფლობითი დაცვის საზღვრების გადალახვისკენ, და, მაშასადამე, იძულებაზე დამყარებულ ნორმებზე გადასვლისაკენ.

საკითხი, რომელსაც აქ ჩვენ ვგულისხმობთ, შემდეგია: მორალური ნორმები, რომლებიც მოქმედებენ საზოგადოების ადრეულ საფეხურებზე და აწესრიგებენადამიანთა ურთიერთობებს, არის სრულიად საკმარისი ზემოხსენებული მიზნით. ეს ნორმები თავად არ წარმოადგენს მთლიანობას და ამიტომ შინაგანად შეიცავს იძულებითი მექანიზმის არსებობის აუცილებლობას, – ახალი ტიპის ნორმებზე გადასვლის აუცილებლობას. ცხადია, ეს რომ განხორციელდეს, საამისოდ გარკვეული საფეხურია საჭირო საზოგადოებრივი განვითარებისა, მაგრამ ასეთი საფეხურის დადგომისას (ქონებრივი უთანასწორობის პერიოდი) თვით მორალური ნორმებიც მათზე სამართლებრივი ნორმების გაბატონების შინაგან შესაძლებლობებს ქმნის და, ამდენად, გარკვეულად თავადვე განაპირობებს ამ ახალი სახის ნორმების წარმოქმნას.

საქმე ისაა, რომ ამა თუ იმ ხალხის მორალური ნორმები არაა ერთი მთლიანობა. შეიმჩნევა, რომ ერთი მორალური ნორმა, მისი განხორციელება არ ეთანხმება მეორეს, მის განხორციელებას. გვხვდება ერთიმეორესთან შეუთანხმებელი, ხშირად ერთიმეორის გამომრიცხავი ნორმები.

ეს უთანხმოება არა შემთხვევით, არამედ ძალიან ხშირად აუცილებლობით იჩენს თავს, და, რაც მთავარია, არსებითად სწორედ „უნდა“, ე. ი. მოვალეობის სფეროში.

ჩვენ მიერ ნაგულისხმევ საკითხზე მსჯელობისთვის საჭიროა სათანადო ფაქტობრივი მასალის მოშველიება, დამადასტურებელი იმისა, რომ ამა თუ იმ ხალხის მორალური ნორმები მართლაც ერთიმეორეს ეწინააღმდეგებიან.

ძირითადი მასალა, რასაც აქ არსებითად უნდა დავემყაროთ, არის თემის მორალური ნორმები. სანამ ამაზე უშუალოდ გადავიდოდეთ, რამდენიმე სხვა ხასიათის მაგალითს მოვიტანთ, რითაც, ვფიქრობთ, ნათელი გახდება, თუ რა ხასიათის მასალაზე ვსაუბრობთ აქ. ცნობილი მწერლის მიხეილ ჯავახიშვილის რომან „არსენა მარაბდელში“ ასეთი ყურადსაღები ადგილია: ბატონყმური წყობილებით უკმაყოფილო გლეხობა აღელვებულია, გამოსასვლელად ემზადება, მათი თავკაცები – არსენა და მამამისი ღვთისავარი – კი ერთიმეორეს წინააღმდეგებიან: არსენა ფიქრობს, რომ საჭიროა ხალხმა ძალას მიმართოს, შეიარაღებული გამოვიდეს, ღვთისავარი უარობს. ამგვარად, უნდა გადაწყდეს საზოგადოებრივი ურთიერთობის, ადამიანთა დამოკიდებულებისა და შესაბამისი მოქმედების საკითხი. როგორც ერთი, ისე მეორე მხარე, ცხადია, დავისას საბუთებს იშველიებს. რა საბუთებს? ორივე საკუთარ მოსაზრებას ამტკიცებს ,,ვეფხისტყაოსნიდან“ აღებული აფორიზმებით, იმ აფორიზმებით, რომლებიც ხალხისათვის მორალურ ნორმებადაა ქცეული.

ღვთისავარი: „მარაბდელებო, არ გაგიჟდეთ, ჭკუა არ წააგოთ, თორემ ამ სოფლის ხსენებაც კი აღარ დარჩება. თავს სინანული სჯობია ბოლო ჟამს დანანებასა… მიეცით კეისრისა კეისარს, უთქომს ჩვენს მაცხოვარსა და „ვეფხისტყაოსანშიც“ სწერიან: წესი არის მამაცთაგან მოჭირვება ჭირთა თმენა; არვის ძალუძს ხორციელსა განგებისა გარდავლენა“.

არსენა: „იმ დალოცვილ რუსთაველს ესეც უთქომს: – ბოლოს შეყარნეს მიწამან ერთად მოყმე და მხცოვანი; სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი“.

ორივე მხარე თავისი მოქმედების გასამართლებლად მორალურ ნორმებს მიმართავს და ორივესთვის უხვი მასალაა ამ მხრივ მათში. ასეთი ხასიათის დავა მათ შორის დიდხანს გრძელდება. რომელი მორალური ნორმის შესრულებაა მორალურად გამართლებული? რომელი მათგანის შესრულება შეესაბამება მოვალეობის გრძნობას? რომელი მათგანის შესრულება იქნება შინაგანი მოთხოვნილება? და თუ რომელიმეს მივანიჭებთ უპირატესობას, ამით ხომ მეორეს ვარღვევთ და, მაშასადამე, ამ პირველის შესრულებას თან დაჰყვება არა მხოლოდ შინაგანი კმაყოფილება, არამედ გარკვეული მორალური ნორმის დარღვევის შედეგად გამოწვეული უკმაყოფილებაც.

ასეთი ხასიათის ნორმები სხვა ხალხების მორალშიც შეიძლება შევნიშნოთ. მარტო იმ ფაქტის აღნიშვნაც საკმარისია, რომ რელიგიური მორალი სავსეა ასეთი ურთიერთგამომრიცხველი ნორმებით (ხოლო რელიგიური მორალი ათეულობით საუკუნის განმავლობაში მოქმედებს საზოგადოებაში).

ასეთ საზოგადოებაში, „შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი“-ს გვერდით, მოქმედებს მორალური ნორმა: მთელი გულით, გონებითა და სულით მხოლოდ ღმერთი გიყვარდესო. ან კიდევ: ,,ყველა თავისთვის, მხოლოდ ღმერთი ყოვლისათვის“. ან: ,,კაცი კაცისათვის მგელია“; ან კიდევ: ,,ჩემი ქოხი განზეა“. ის ფაქტი, რომ ეს უკანასკნელი მორალური ნორმები უშუალოდ ქრისტიანობას არ ეკუთვნის, მდგომარეობას არ ცვლის – ისინი მოქმედებენ ქრისტიანული მორალის გვერდით და მასთან „თანხმობაში“. თანხმობაში, რადგან ამ მორალის ცნობილი 10 მცნების (არა კაც კლა და ა. შ.) გვერდითაა: ,,მოვედი მახვილად…“.

მაგრამ ეს ყველაფერი შეეხება საზოგადოებას, რომელიც კლასებადაა დაყოფილი და, ამდენად, ბუნებრივია, მორალურ ნორმებშიც შეუძლებელია იყოს თანხმობა და ერთიანობა, მით უფრო – ჰარმონია.

ჩვენთვის ამჯერად საინტერესოა არა ამ სახის საზოგადოებაში მოქმედი მორალური ნორმების ურთიერთობა, არამედ ისეთი საზოგადოებისა, სადაც კლასებად დაყოფა, ერთი ჯგუფის მეორეზე გაბატონება, მისწრაფებათა ჭიდილი არა გვაქვს. რა ურთიერთობაა ამ სახის საზოგადოებაში მორალურ ნორმებს შორის?

საამისო მდიდარ მასალას გვაძლევს ვაჟა-ფშაველას შემოქმედება. მართალია, და ამას ახლავე ვნახავთ, ვაჟა აღგვიწერს საზოგადოებას, რომელშიც მორალის განვითარება უკვე მიღწეულია ადათობრივი სამართლის საფეხურამდე, ე. ი. მორალური ნორმის დარღვევა სასჯელს იწვევს და, მაშასადამე, მორალს უკვე აღარა აქვს სიწმინდე განხორციელებისა, მაგრამ თვით ეს ფაქტი, ე. ი. ადათობრივი სამართლის ნორმების გაჩენა და მათი მოქმედება, გვაძლევს სწორედ ჩვენი საკითხისათვის საინტერესო მასალას.

სალიტერატურო კრიტიკასა და ლიტერატურათმცოდნეობაში გავრცელებულია შეხედულება, რომლის მიხედვით, ვაჟა-ფშაველამ მოგვცა პიროვნებისა და თემის შეჯახებათა ნიადაგზე წარმომდგარი ტრაგიკული სურათები. ასეთი ტრაგიკული გმირებია, გავრცელებული აზრის მიხედვით, აღაზა, ჯოყოლა, რომელთაც არ (თუ ვერ) დაიცვეს თემის ადათი, წინ აღუდგნენ მას და მარცხი განიცადეს, ასევე ალუდა ქეთელაური და სხვა გმირები. თუ დავუკვირდებით საქმის ვითარებას, აღმოჩნდება, რომ, მართალია, ყველა ეს გმირი მართლაც წინ აღუდგა თემის ამა თუ იმ ადათს, არ (თუ ვერ) დაიცვა იგი, მაგრამ რატომ, რა მიზეზით? იმიტომ, რომ იგი იცავდა მეორე ადათს, მეორე ნორმას თემისას, რომელიც ასევე სავალდებულოა.

აღაზამ და ჯოყოლამ არა თუ არ დაარღვიეს თემის ადათი მოსისხლე მტრის მტრობისა და არდანდობის შესახებ, არამედ, პირიქით, დაიცვეს, თავი დადეს, დაიტირეს მოსისხლე ზვიადაური. მაგრამ, არღვევდნენ რა ამ წესს, ისინი იცავდნენ მეორე, ასევე წმინდა და სავალდებულო წესს, ნორმას – ადათს სტუმრის პატივისცემისა.

ალუდა ქეთელაურმა დაარღვია თემის ადათი და მარჯვენა არ მოსჭრა მუცალს – მოკლულ მოსისხლე მტერს, მაგრამ მან ამით დაიცვა მეორე სავალდებულო წესი – პატივი სცა, არ შეარცხვინა „კაი ყმა“, ვაჟკაცობას მიუზღო კუთვნილი, თორემ სულაც არ გასძნელებია მუცალის ძმისთვის მარჯვენის მოჭრა (ე. ი. ამ შემთხვევაში ადათის მიხედვით იმოქმედა).

ამ გმირთა ტრაგიზმი სწორედ იმაშია, რომ ისინი ადათის სხვადასხვა ნორმის შეჯახების მსხვერპლნი ხდებიან – ერთს იცავენ, მეორეს უპირისპირდებიან, ერთის წინააღმდეგ გამოდიან მეორის საფუძველზე. თემის ადათია წინააღმდეგობრივი, ის არ იძლევა შესაძლებლობას ადამიანთა ნორმალური ურთიერთობისა, იმის ნაცვლად, რომ იყოს ადამიანთა ურთიერთობის მომწესრიგებელი, გარკვეული აზრით, თვითონვე გამხდარა მათი დაპირისპირების წყარო.

იქნებ ეს იმიტომ, რომ უკვე აღარა გვაქვს მორალური ნორმები სუფთა სახით. იქნებ იმიტომ, რომ მორალური ნორმები უკვე ადათობრივი სამართლის ნორმებადაა ქცეული, რაც სასჯელს ითვალისწინებს და იქნებ ეს იწვევს განხეთქილებებს?

არა! წმინდა მორალური ნორმების ადათობრივი სამართლის ნორმებად ქცევა მიზეზი კი არაა მორალურ ნორმათა შორის წინააღმდეგობისა, არამედ, პირიქით, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს წინააღმდეგობაა მიზეზი, რომ წმინდა მორალურ ნორმებს თავისი სიწმინდე დაუკარგავთ, მისი განხორციელებისა და მოქმედების ხასიათი შეცვლილა და საჭირო გამხდარა მათ დარღვევათა აღკვეთა სასჯელის შემოღებით.

იქნებ ეს უკანასკნელი მდგომარეობა – სასჯელის შემოღება, ე. ი. ქცევის ნორმის განხორციელება იძულების გზით, შედეგი იყოს სხვა რამის, კერძოდ, ეკონომიკური მდგომარეობის, რაც, რა თქმა უნდა, თუ სახეზე იქნება, სავსებით აგვიხსნის მორალური ნორმების ამგვარად შეცვლას. ზევით მოყვანილი მაგალითების ანალიზი გვიჩვენებს, რომ არც ერთ ასეთ შემთხვევაში დაპირისპირების მიზეზი ეკონომიკური ან სხვა სახის უთანასწორობა არაა. ჯოყოლა და აღაზა ისეთივე სრულუფლებიანი წევრები არიან თემისა, როგორიც მუსა. და, მართალია, ალუდა ქეთელაურს ადათის დარღვევისათვის (სხვათა შორის: აქ მოქმედების გაღრმავების თანადროულად ვხვდებით დარღვევათა მთელ მწკრივს, რაც, ერთად აღებული, იწვევს ალუდას დასჯას – თემისაგან მოკვეთას) თემის სახით უპირისპირდება ხევისბერი ბერდია, მაგრამ არც აქ შეიმჩნევა ეკონომიკური ან სხვა უპირატესობით გამოწვეული მოქმედება.

სხვა საქმეა, რომ ეს პროცესი – ეკონომიკური და სხვა სახის უთანასწორობის გაჩენა და ურთიერთობის ამ ნიადაგზე გამწვავება – უკვე ჩანს თემში. მაგრამ ეს კი არაა მიზეზი თემის ადათში წინააღმდეგობისა. ეს წინააღმდეგობა მას გააჩნია ეკონომიკური უთანასწორობისაგან სრულიად დამოუკიდებლად.

ეკონომიკური უთანასწორობა, როგორც ზევით ვნახეთ, ძირითადი მიზეზია იმისა, რომ მორალურ ქცევაზე დამყარებული ურთიერთობებიდან აუცილებლობით მომხდარიყო გადასვლა სამართლებრივ ურთიერთობებზე.

მორალური ნორმების შინაგანი ურთიერთობის ჩვენ მიერ ხაზგასმული თვალსაზრისი მხოლოდ იმას შეეხება, რომ თვით მორალური ნორმების შიგნით მოქმედებს მიზეზი, რომელიც იძულების შემოტანისათვის, ასე ვთქვათ, მზადაა – მორალურ ნორმათა განხორციელება აწყდება წინააღმდეგობას თვით მორალური ნორმების მხრივ და, მაშასადამე, საჭირო ხდება ის, რაც არ ეგუება მორალურად ქცევის თვითკმაყოფილების გრძნობას – იძულება.

ეს იძულება, როგორც ზევით ვნახეთ, საბოლოოდ ჩამოყალიბდება გარეგანი იძულების სახით სახელმწიფო აპარატის შექმნის პირობებში.

ამგვარად, საზოგადოებრივი ცხოვრების პირველი საფეხური აუცილებლობით გადადის როგორც ეკონომიკური, ისე ქცევის ნორმების თვალსაზრისითაც საზოგადოების ახალ საფეხურზე, სადაც მორალურ ნორმათა მოქმედების გვერდით და მათ განმსაზღვრელადაც მოქმედებას იწვევს სამართლებრივი ნორმები.

  1. იძულებისა და ნებაყოფლობის შესახებ

სამართალი არის გაბატონებული კლასის ნების გამოხატულება, სახელმწიფოს მიერ დაკანონებული ან დადგენილი ნორმების ერთობლიობა, რომელთა განხორციელება უზრუნველყოფილია ძალდატანებით.

ზევით იყო ნაჩვენები, თუ როგორ მოხდა, რომ ის, რაც ძალდატანებას არ საჭიროებდა, რისი განხორციელება თვითკმაყოფილებას უდრიდა, სწორედ მას დასჭირდა სანქცირება კანონის სახით, დადგენა ძალით შესასრულებლად.

განსხვავებით მორალისაგან, რომლის ნორმები შინაგანი მოთხოვნილების ძალით სრულდება (უფრო ზუსტად: უნდა სრულდებოდეს), სამართლებრივი ნორმების განხორციელება ძალას, იძულებას ემყარება.

განსხვავებით მორალისაგან, რომლის არსებობა და მოქმედება საზოგადოების არსებობას თან გასდევს, სამართალი იქმნება საზოგადოების განვითარების გარკვეულ საფეხურზე – კლასობრივი უთანასწორობის გამო და ისპობა ამ პირობების მოსპობასთან ერთად.

განსხვავებით მორალისაგან, რომელიც განაგრძობს არსებობასა და მოქმედებას კლასობრივი საზოგადოების პირობებში, მაგრამ სწორედ ამ პირობების გამო არ შეიძლება იყოს ერთიანი საზოგადოების მიმართ, სამართალი ერთია გარკვეული წყობისთვის.

სამართლის უკანასკნელი ორი ნიშანი განსაზღვრულია და გამომდინარეობს მისი იმ ნიშნიდან, რომ სამართალი ძალადობას ემყარება, რომ სამართლებრივი ნორმების განხორციელებისათვის აუცილებელია გარეგანი იძულება – ეს ნიშანია სამართლის განმსაზღვრელი, რაც საკმარისია გამოგვრჩეს მხედველობიდან და მისი ბუნება ჩვენთვის გაუგებარი ხდება.

სამართლებრივ ნორმებს სამ სახედ ყოფენ:

  1. ნორმები, რომლებიც კრძალავენ, ე. ი. ისეთი ნორმები, რომლებიც დადგენილი ან სანქცირებულია სახელმწიფოს მიერ და მოქალაქეებს უკრძალავს გარკვეულ ქცევას (მაგ., სისხლის სამართლის კოდექსი კრძალავს ადამიანის მიერ ადამიანის შეურაცხყოფას, როგორც ფიზიკურს, ისე მორალურს; ადამიანის მიერ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფას) – ასეთი ნორმები იწოდებიან ამკრძალავ სამართლებრივ ნორმებად.
  2. ნორმები, რომლებიც ავალდებულებენ მოქალაქეებს. აქაც ასეთი ნორმები დადგენილი ან სანქცირებულია მორალური ნორმებისგან, ადათებისგან სახელმწიფოს მიერ. მაგ., მშობლები ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ როგორც არასრულწლოვანი, ასევე არაშრომისუნარიანი შვილები.
  3. ნორმები, რომლებიც არც კრძალავენ რაიმე მოქმედებას, არც ავალდებულებენ მოქალაქეებს, არამედ აძლევენ გარკვეულ ნებას, რწმუნებას, უფლებას. მაგ., მესაკუთრეს აქვს უფლება ეძიოს საკუთარი ქონება სხვისი უკანონო მფლობელისაგან. ის არაა ვალდებული ასე მოიქცეს, მას მხოლოდ უფლება აქვს ასე მოქცევისა. მოიქცევა თუ არა ის ასე, ეს მთლიანად დამოკიდებულია მასზე, მის სურვილზე.

სამართლებრივი ნორმა, რა სახისაც არ უნდა იყოს ის, არის დადგენილი (კანონი) თუ სანქცირებული (ადათი და ა. შ.) ნორმა. რა სახითაც არ უნდა იყოს ის გამოთქმული, ყოველთვის შეიცავს 3 ელემენტს. სამართლებრივი ნორმა გამოიხატება კანონში, კანონის რომელიმე ცალკეულ მუხლში ან სახელმწიფოებრივი ძალაუფლების რაიმე სხვა აქტში. ჩვეულებრივ, სამართლებრივი ნორმა კანონის მუხლით გამოიხატება.

ხანდახან ერთი სტატია ერთ ნორმას გამოხატავს, მაგრამ ხანდახან ერთი ნორმა მრავალი სტატიით გამოიხატება და როდესაც ლაპარაკია სამართლებრივი ნორმის შემადგენელ ნაწილებზე, მხედველობაშია სწორედ ეს ნორმები და არა მისი გამომთქმელი სტატიები კანონისა.

სამართლებრივი ნორმის ელემენტებია: 1) მითითება პირობებზე, რომლის არსებობისას ნორმა გამოიყენება. ნორმის ის ნაწილი, რომელიც მიუთითებს პირობებს, იწოდება ჰიპოთეზად; 2) ნორმის ის ნაწილი, რომელიც თვით სამართლებრივ ქცევას გამოთქვამს, არის დისპოზიცია; 3) ნორმის ის ნაწილი კი, რომელიც მიუთითებს ნორმის შეუსრულებლობის შედეგებს, იწოდება სანქციად.

ეს სამი ნაწილი სავალდებულოა ყოველი სამართლებრივი ნორმისათვის. მათ გარეშე არ არსებობს არც ერთი სამართლებრივი ნორმა. ამასთან, მესამე ნაწილი – სანქცია – ან პირდაპირაა მოცემული, პირდაპირ მითითებულია ან ნაგულისხმევია. მაგალითად, შეიძლება მოვიყვანოთ სსრკ კონსტიტუციის მუხლი: ,,სამშობლოს დაცვა ყოველი საბჭოთა მოქალაქის წმიდათაწმიდა მოვალეობაა… ამ მოვალეობის დამრღვევი ისჯება სასჯელის უმკაცრესი ზომით“. აქ მითითებულია სამივე ელემენტი, მათ შორის სანქციაც. სანქცია არაა მითითებული, მაგ. იმავე კონსტიტუციის მუხლში, რომელიც ეხება არჩევნებს, მაგრამ ამ მუხლის დარღვევის შედეგი (სანქცია) მოცემულია სათანადო დებულებებში არჩევნების შესახებ.

მითითებულია თუ ნაგულისხმევი, ეს სულ ერთია, სანქცია არის სამართლებრივი ნორმის ერთ-ერთი აუცილებელი ნაწილი. კიდევ მეტიც: სანქცია არის სწორედ ის ელემენტი, რომელიც გამოხატავს ნორმის შესრულების ძალდატანებას. ე. ი. რომელიც გამოხატავს სამართლის არსს.

სამართლებრივი ნორმის სახეებისა (ამკრძალავი, მავალდებულებელი, რწმუნების მომცემი) და ელემენტების შედარება – ანალიზი გვიჩვენებს ერთ მეტად საინტერესო, დამაფიქრებელ ფაქტს – სამართლებრივი ნორმების იმ სახის მიმართ, რომელიც მოქალაქეს გარკვეული მოქმედების რწმუნებას, ანუ უფლებას აძლევს, მაგრამ არ ავალდებულებს მას, ასე მოიქცეს, რადგან ამ ნორმის მიმართ ყველა ელემენტს სამართლებრივი ნორმის ძალა არ აქვს. კერძოდ, აქ არ ჩანს სანქციის ელემენტი. საქმე ის კი არაა, რომ აქ იგი არაა მითითებული და არც ნაგულისხმევი (შეიძლება, როგორც ითქვა, ის არ იყოს მითითებული, მაგრამ იგულისხმებოდეს), არამედ, რაც მთავარია, ის არც შეიძლება აქ ძალაში იყოს თვით სამართლებრივი ნორმის ბუნების გამო. ეს სამართლებრივი ნორმა ხომ სწორედ იმას გამოხატავს, რისი უფლება აქვს მოქალაქეს, რისი გაკეთებაც მის სურვილზეა დამოკიდებული, რის გამოც არ შეიძლება ის ვაიძულოთ ასე მოიქცეს, ე. ი. არ შეიძლება ამ ნორმას სანქციაც ახლდეს – იგი გამორიცხავს სანქციის შესაძლებლობას.

მართალია, ეს უფლება (რწმუნება) მოქალაქისა შეიძლება არ დაიცვან, შეიძლება ის დაირღვეს მეორე მოქალაქის მიერ, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მოქმედებს კანონი და მას სათანადო სანქციაც ახლავს, უფრო სწორად მოქმედებს კანონი მხოლოდ იმდენად, რამდენადაც მას სათანადო სანქცია ახლავს, თორემ ამ სანქციის გარეშე კანონის მოქმედებაზე ლაპარაკი არ შეიძლება. მაგრამ ეს სანქცია ეხება სხვა მოქმედებას – იმას, ვინც დაარღვია მოქალაქის უფლება, მან არ დაიცვა კანონი, რომელიც კრძალავს ამას და ამ ნორმას კი სანქცია ნამდვილად ახლავს.

ასეთი ნორმები ნამდვილად არსებობენ; ისინი არ არიან მორალური ნორმები, არამედ სწორედ სამართლებრივი ნორმებია; ამ სახის ნორმების შეუსრულებლობა (უფლების გამოუყენებლობა) არ იწვევს რაიმე სასჯელს, მათი შესრულება იურიდიული სუბიექტის ნებაზეა დამოკიდებული და არა გარეგან ნებაზე, გარეგან იძულებაზე.

ახლა მივაქციოთ ყურადღება შედეგს: ადამიანთა ურთიერთობის თითქმის ყოველი უბანი დაქვემდებარებულია სამართლებრივი ნორმების მოქმედებას. ამის საჩვენებლად საკმარისია ასეთი ჩამონათვალიც კი: სისხლის სამართალი, სამოქალაქო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი, საკოლმეურნეო სამართალი, საოჯახო სამართალი და ასე შემდეგ. და ყოველ ამ უბანზე მოქმედებს ადამიანთა ქცევის მარეგულირებელი ისეთი ნორმები, რომელთა შესრულება იძულებას არ ემყარება (რაც არსებითია სამართლებრივი ნორმებისათვის), მაგრამ რომელთა შეუსრულებლობა ისევე დაარღვევდა საზოგადოებას, როგორც მაგ. სისხლის სამართლის ნორმათა დაუცველობა. წარმოვიდგინოთ საზოგადოება, რომელშიც არავინ გამოიყენებდა, ვთქვათ, სწავლის უფლებას.

ამგვარად, უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ, თუ ვაღიარებთ რწმუნების ნორმათა არსებობას, ამ ნორმის მიმართ სანქცია (ე. ი. ძალადობის ელემენტი) უნდა გამოვრიცხოთ. მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივი ნორმის ამ სახისთვის არ ხორციელდება ის, რაც არსებითია სამართლისათვის – ძალდატანება.

ეს ნორმა ეხება იმ სფეროს, რომელიც მოქალაქის უფლებას შეეხება, ე. ი. რომლის განხორციელება მოქალაქის თვით სურვილზე, ნებაზეა დამოკიდებული. ამიტომ აქ უნდა ვივარაუდოთ მორალური და სამართლებრივი ნორმების თავისებური დამთხვევა. ეს ის პუნქტია, სადაც მორალი და სამართალი, როგორც ნებისყოფის ფუნქციები, თანხვდებიან, სადაც, ამრიგად, სამართლებრივი ნორმების განხორციელებისათვის აუცილებელია მისი საზღვრებიდან გასვლა. ზევით კი ანალოგიური მდგომარეობა გვქონდა მორალის მიმართ.

ეს ის პუნქტი უნდა იყოს, ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთი მათგანი, სადაც ხორციელდება ის ჰარმონია, ზევით რომ გვქონდა ნახსენები. ზევით კი ის იყო ნათქვამი, რომ ადამიანი მიელტვის შინაგან ზნეობრივ ჰარმონიას, განიცდის ამას, როგორც უმაღლეს სიამოვნებას, ამასთან, ადამიანი მიელტვის შინაგან ჰარმონიას იმ მხრივაც, რომ ნივთებით დაინტერესების გარეშე ტკბობა მიიღოს, ანუ მშვენიერებას ეზიაროს.



მდევარი