ეშმაკით შეპყრობა და ეგზორციზმი: კულტურულ-ისტორიული გამოცდილება და ფსიქოლოგიური ახსნა

ნახატი: ეშმაკით შეპყრობილი ადამიანს ეგზორციზმი

გააზიარე:


ავტორი: ელენე ნაბახტეველი

კორექტორი: მარიამ გორდაძე

შესავალი

            მრავალი საუკუნის განმავლობაში ადამიანებისთვის ეშმაკით შეპყრობა ზებუნებრივ ძალებს უკავშირდებოდა, ხოლო ეგზორციზმი ამ მდგომარეობის რიტუალურ მკურნალობას წარმოადგენდა. მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში განსხვავებული რწმენა-წარმოდგენების ადამიანები ცდილობდნენ, ეშმაკით შეპყრობის მოვლენა რელიგიურ ჩარჩოში მოექციათ, შესაბამისად, მკურნალებად ეგზორცისტები, ხშირად კი სასულიერო პირები მოიაზრებოდნენ. ფსიქოლოგიური მეცნიერების განვითარების თანადროულად საზოგადოების გარკვეულ წრეებში ეშმაკით შეპყრობასთან დაკავშირებით შეიცვალა დამოკიდებულება და გაჩნდა მოსაზრებები, რომ აღნიშნული მდგომარეობა ფსიქიკურ აშლილობათა რიცხვს მიეკუთვნებოდა. ამის საფუძველს კი ნიშნები აძლევდათ, რომლებიც დამახასიათებელი იყო სხვა ფსიქიკური აშლილობებისთვის, მაგალითად: ისტერია, ეპილეფსია, შიზოფრენია, დისოციაციური აშლილობა და ა.შ. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ფროიდის კვლევები და აღმოჩენებიც. მისი მოხსენება ჰეიზმანის დემონოლოგიური ნევროზის შესახებ სასარგებლო აღმოჩნდა ეშმაკის განდევნის ფსიქოლოგიური ახსნის გამართლებისთვის (Henderson, 1982). ამასთანავე, ფსიქოთერაპიის უკანასკნელი აღმოჩენები ამტკიცებს შეპყრობილობის ფსიქოლოგიურ დარღვევებთან სიახლოვეს.

            მოცემული ნაშრომის მიზანია ეშმაკით შეპყრობასა და ეგზორციზმთან დაკავშირებული ლიტერატურის დამუშავება, რაც კულტურულ-ისტორიულ და ფსიქოლოგიურ ჩარჩოებში მოექცევა. ერთი მხრივ, ეშმაკით შეპყრობას ფსიქიკური აშლილობის მიმართებით განვიხილავ, განდევნის პროცესს კი, როგორც ფსიქოთერაპიული მკურნალობის გზას, აღვწერ. მეორე მხრივ, ამ ფსიქოლოგიურ გამოცდილებას დავუპირისპირებ გავრცელებულ კულტურულ-რელიგიურ რწმენას, რომელიც ეშმაკით შეპყრობას ზებუნებრივ ძალებს უკავშირებს, ხოლო განდევნისთვის საწესჩვეულებო მიდგომას ამჯობინებს.

ეშმაკით შეპყრობის ისტორიულ-რელიგიური განმარტება

            ახალ აღთქმაში ნახსენებია ის, თუ როგორ განდევნა იესო ქრისტემ ადამიანისგან ეშმაკის სული: „ხოლო შებინდებისას მიჰგვარეს მას მრავალი ეშმაკეული, და განდევნა სულები სიტყვით, და განკურნა ყველა სნეული“ (სახარება მათესი, 8:16). იუდა ისკარიოტელის შემთხვევაშიც ქრისტიანები ეშმაკით შეპყრობას უკავშირებენ მის ქმედებებს: „ამ ლუკმის შემდეგ სატანა შევიდა მასში“ (სახარება იოანესი, 13:27). შესაბამისად, იმ რელიგიური მრწამსის მიმდევრებისთვის, რომლებიც წმინდა წერილის, კერძოდ, ახალი აღთქმის, მოსაზრებებს  იზიარებენ, ეშმაკით შეპყრობის მოცემულობა სრულებით მისაღებია.

            კათოლიკური ეკლესია ეშმაკისეულ გავლენათა ფორმების შემდეგ დაყოფას გვთავაზობს:

  1. შეპყრობის დროს ეშმაკი ადამიანის სხეულს მისი ნებართვის გარეშე სრულად ეუფლება. ეს ყოველივე კი ამ ადამიანის ქმედებებმა განაპირობა, რომლებმაც ეშმაკის ყურადღება მიიპყრო;
  2. ეშმაკით შეპყრობა შეიძლება დაუკავშირდეს აკვიატებას, რაც შეიძლება, შეპყრობილის აკვიატებულ აზრებში გამოვლინდეს. როგორც წესი, მსგავსად შეპყრობილ ადამიანებს უეცარი შეტევები და თვითმკვლელობისადმი მიდრეკილება ახასიათებთ, რაც ხშირად სიზმრებზე ახდენს გავლენას;
  3. შეპყრობამ შესაძლოა გამოიწვიოს ადამიანის ფიზიკური, სხეულებრივი დაზიანებები, რომელთა უკანაც, თავის მხრივ, ეშმაკი დგას; 
  4. სუბიექტივიზაციისას კი ადამიანი ერთგვარი მოხალისეა ეშმაკით შეპყრობისა: თავისი ნებით უთმობს სხეულს ბოროტ სულს (Amorth, 1999).

            შუა საუკუნეების რომაულ ტრადიციაში ეშმაკით შეპყრობა რამდენიმე ნიშნით ხასიათდებოდა. პირველ რიგში, ეს იყო არაადამიანური ძალის გამოვლინება. შეპყრობილები საუბრობდნენ იმ ენაზე, რომელიც არავის ესმოდა. ისინი განსაკუთრებული უარყოფითი დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ წმინდა სიმბოლოებისა და ადგილების მიმართ. მათთვის ასევე დამახასიათებელი იყო კიდურებით უცნაური მოძრაობები (Wilkinson, 2007).

            ევროპის ისტორიის ადრეული წლები ხშირად ეშმაკით შეპყრობის ეპოქადაც მოიხსენიება. XVI-XVII საუკუნეებში ბოროტი სულების მიერ ადამიანთა სხეულებში შესვლა და მათი ზედამხედველობა კონტინენტს ეპიდემიასავით მოედო. ამ დროის მონაკვეთში ფრანგულ, იტალიურ და ესპანურ მონასტრებში ეშმაკით შეპყრობილ ადამიანებს ისეთი ნიშნები უვლინდებოდათ, როგორებიცაა პირღებინება, ყვირილი, ყმუილი, გონების დაკარგვა და უცხო ენაზე მეტყველება. როგორც აღმოჩნდა, ჯადოქრების დევნა და შეპყრობილთა რაოდენობის ზრდა ერთმანეთს უკავშირდებოდა. ამ დროს მოღვაწე თეოლოგები ამტკიცებდნენ, რომ ეშმაკს ადამიანის სხეულის დაპატრონება როგორც საკუთარი სურვილით, ასევე ჯადოქრის ბრძანებითაც შეეძლო. ამ შემთხვევაში ჯადოქრის ჩარევა ეშმაკს წარმოაჩენდა მსხვერპლად და არა – პირიქით, რადგან ეს მისი ნებით არ ხდებოდა. ბურგუნდიელმა ანრი ბოგემ, რომელიც XVI-XVII საუკუნეების დემონოლოგისტად მიიჩნეოდა, ჯადოქრობის განსჯა დაიწყო. ამ ყოველივეს საფუძველი კი ფრანსუაზ სეკრეტანმა ჩაუყარა, რომელმაც ჯადოქრობით რვა წლის გოგონას სხეულში ეშმაკი ჩაასახლა (Boguet & Summers, 2009). 1634 წელს საფრანგეთში, ლუდონში, მღვდელი ურბან გრანდიერი სიკვდილით დასაჯეს ჯადოქრობის გამოყენებით მონაზონთა შეპყრობის გამო (Rapley, 1999). რაც შეეხება გერმანიას, საუნივერსიტეტო ქალაქ პადერბორნში 1656-1659 წლებში ეშმაკით შეპყრობისა და ეგზორციზმის ტალღამ ჯადოქრების დევნას შეუწყო ხელი. სწორედ ამ დროს ჯადოქრობის ბრალდებით 50-მდე ადამიანი სიკვდილით დასაჯეს (Levack, 2008). მიუხედავად იმისა, რომ ეშმაკით შეპყრობა და ჯადოქრობა ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდებოდა, ისინი ერთსა და იმავე მოვლენებთან არ იგივდებოდნენ. შუა საუკუნეების ევროპის დიდ ნაწილში, განსაკუთრებით კი გერმანიაში, ეშმაკით შეპყრობას ჯადოქრებს არ მიაწერდნენ (Midelfort, 2019). ევროპის ადრეულ თანამედროვე პერიოდში 45 ეშმაკით შეპყრობის შემთხვევიდან მხოლოდ 5 თუ მიეწერებოდა ჯადოქრის სახელს (Sluhovsky, 2002).

            ევროპის ისტორიაში კრისტიან შოუს, 11 წლის გოგონას, ეშმაკით შეპყრობა ერთ-ერთი გახმაურებული შემთხვევაა. 1696 წლის აგვისტოში შოტლანდიაში ჯონ შოუს ქალიშვილს – კრისტიანს – დაეწყო სხეულებრივი დარღვევები: სიყრუე, სიბრმავე და მეტყველების გაუარესება (Levack, 2008). იგი უცხო სხეულებს ესაუბრებოდა და ისე სწრაფად გადაადგილდებოდა, თითქოს მიწაზე ფეხსაც არ დგამდა. გოგონამ, კრისტიან შოუმ, რამდენიმე ადამიანი დაადანაშაულა თავისი მდგომარეობის გამო და ჯადოქრობაში დასდო ბრალი. ეს ადამიანები გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს, რაც ამ პერიოდის ევროპაში ნორმად მიიჩნეოდა. კრისტიან შოუს ეშმაკით შეპყრობა მხოლოდ დასაწყისი იყო. გარკვეული დროის შემდეგ სხვა ორ ახალგაზრდა გოგონასაც იგივე ნიშნები გამოუვლინდა. ისინი კრისტიანის მეზობლად ცხოვრობდნენ, იმავე მიდამოებში, და მის მსგავსად მათაც სხვა ადამიანები დაადანაშაულეს ჯადოქრობაში. ეშმაკით შეპყრობა მართლაც ეპიდემიასავით გავრცელდა მახლობელ მიწაზე. მარგარეტ მარდოკის, ერთ-ერთი შეპყრობილის, სხეული მშვილდივით იჭიმებოდა, კისერი, ფეხები და ხელები გაშეშებული ჰქონდა, რის გამოც ვერ გადაადგილდებოდა ახალგაზრდა ქალი. მის სხეულზე დამწვრობის კვალიც შეიმჩნეოდა და, როგორც თვითმხილველი აღწერდა, თითქოს რკინით დაშანთეს მისი სხეული (Levack, 2008).

            ეშმაკით შეპყრობის უჩვეულო მოვლენას პროტესტანტული ეკლესიაც  უჭერდა მხარს და რეფორმაციის ყველა ლიდერი აღიარებდა. ლუთერმა ერთხელ ეგზორციზმის რიტუალშიც მიიღო მონაწილეობა. ამ მხრივ პროტესტანტული ქვეყნები კათოლიკურ ქვეყნებს არ ჩამორჩებოდნენ და იზიარებდნენ ეშმაკით შეპყრობის მიდრეკილებას. გერმანიის ჩრდილოეთ ლუთერანულ მიწებზე უფრო მეტი ეშმაკით შეპყრობის შემთხვევა აღინიშნა, ვიდრე კათოლიკურ სამხრეთ რეგიონში (Midelfort, 2019). რაც შეეხება საფრანგეთსა და შვეიცარიას, ამ ქვეყნებში პროტესტანტული და კათოლიკური თემები ხშირად ჯადოქრობას მიაწერდნენ ეშმაკით შეპყრობის შემთხვევებს. XVI საუკუნის ბოლოს ჟენევის კალვინისტურმა რესპუბლიკამ მრავალი ჯადოქარი გაასამართლა იმის გამო, რომ მათ გამოიძახეს ეშმაკის სული და ჩაასახლეს ადამიანთა სხეულებში (William-Monter, 1976). შოტლანდიაში ეშმაკით შეპყრობის შემთხვევები მხოლოდ XVII საუკუნის მიწურულს იწყება, რაც იმით აიხსნება, რომ ამ მოცემულობას ქვეყნის მმართველები არ იღებდნენ.  შოტლანდიის საეკლესიო და საერო ხელისუფლება ეჭვქვეშ აყენებდა ეშმაკით შეპყრობის სინამდვილეს და თაღლითობად მიიჩნევდა მას. შოტლანდიის მეფე ჯეიმს VI-მ უარყო კათოლიკური ეკლესიის მიერ დადგენილი ეშმაკით შეპყრობისათვის დამახასიათებელი ნიშნები და ეგზორციზმის რიტუალების შედეგიანობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. მისი აზრით, ეშმაკისგან თავის დაღწევა მარხვით, ლოცვის ძალითა და ღმერთის სახელის მოწოდებით იქნებოდა შესაძლებელი (King & Warren, 2016).

            რაც შეეხება სხვა რელიგიურ მიმდევრებს, მაგალითად, მუსლიმებს, მიუხედავად იმისა, რომ ყურანში პირდაპირ არ წერია ეშმაკით შეპყრობის შესახებ, მაინც ფართოდაა გავრცელებული ეს მოსაზრება ამ სარწმუნოების ადამიანებში. მუსლიმებისათვის ჯინი წარმოადგენს იმ ზებუნებრივ არსებას, რომელიც ეშმაკთან შეიძლება გაიგივდეს, თუმცა იგივე არაა. ისლამურ მითოლოგიაში ჯინებს ეშმაკების მსგავსად მოაქვთ სხვადასხვა უბედურება, მათ შორის დაავადებები და უიღბლობა. მუსლიმური ტრადიციის თანახმად, ჯინს შეუძლია დაეპატრონოს ადამიანის სხეულს, რაც მრავალი სხვადასხვა მიზეზით არის განპირობებული. ეს შეიძლება იყოს სიყვარული, ანდაც შურისძიება (Dein & Illaiee, 2013). ჯინი არაა აუცილებელი, რომ ბოროტი არსება იყოს, რაც მნიშვნელოვნად განასხვავებს ეშმაკისგან.

ეგზორციზმის კულტურულ-რელიგიური გამოცდილებები

            ეგზორციზმი რელიგიური რიტუალია,  რომელიც ადამიანის სხეულიდან ეშმაკის განდევნას გულისხმობს. აღნიშნული რიტუალი საუკუნეებს ითვლის და მრავალი კულტურისა და რელიგიისთვის რწმენის ნაწილია. ამ რელიგიურ ტრადიციას განსაკუთრებით დიდი ადგილი უკავია ქრისტიანობაში. ის ადამიანი, რომელიც ეშმაკის განდევნის რიტუალს ატარებს, ქრისტიანულ რელიგიაში ეგზორცისტად მოიხსენიება. ეგზორცისტები ხშირად სასულიერო პირები არიან, რომლებიც განსაკუთრებული ძალაუფლებითა და უნარებით არიან დაჯილდოებულნი. სასულიერო პირები, რომლებიც ეგზორციზმის რიტუალს ატარებენ, იყენებენ ეშმაკის განდევნისთვის საჭირო სიმბოლოებს, ხატებს, ამულეტებს, კითხულობენ შესაბამის ლოცვებს და რიგი სხეულის მოძრაობებით ეხმარებიან ეშმაკით შეპყრობილებს. ეგზორციზმის რიტუალის ჩასატარებლად სასულიერო პირი მიმართავს ღმერთს, იესო ქრისტეს ან ანგელოზებს, რაც ეშმაკის განდევნის მცდელობას, რელიგიური თვალსაზრისით, სრულყოფილად აქცევს. პროტესტანტულ ტრადიციაში ეგზორცისტები სამების: მამა ღმერთის, ძე ღმერთისა და სულიწმიდის მხარდაჭერით ცდილობენ ეშმაკის განდევნას (Royal, 2012). იმის გათვალისწინებით, რომ შეპყრობილი ადამიანები პასუხისმგებელნი არ არიან თავიანთ ქმედებაზე და უნებლიედ მოქმედებენ, ეგზორციზმის რიტუალს განკურნების სახე ეძლევა. კათოლიკური ეკლესია ეგზორციზმის რიტუალს იესო ქრისტეს სახელით წარმართავს. ეგზორცისტი ეშმაკის წინააღმდეგ კითხულობს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის ლოცვას, რომელიც პაპ ლეო X-ს ეკუთვნის. კათოლიკური ეკლესიის აზრით, ამ ლოცვას განსაკუთრებული ძალა აქვს ეშმაკით შეპყრობილი ადამიანისათვის ეგზორციზმის რიტუალის ჩატარებისას. პროტესტანტულ ტრადიციაში ეგზორცისტი არ ატარებს რიტუალს მანამ, სანამ არ გამოირიცხება ყოველგვარი სამედიცინო ან ფსიქიატრიული დარღვევა შეპყრობილ ადამიანში. თავად რიტუალი მოციქულთა რწმენითა და ლოცვით წარიმართება. ეკლესიებში ეგზორციზმის გზა საკმაოდ იშვიათია, თუმცა მის შესასრულებლად მაინც არსებობს ორი განსხვავებული ხერხი. პირველი მიდგომა ნაკურთხი ზეთით ზეთისცხებასა და კურთხევას გულისხმობს. მეორე – უფრო გავრცელებულია და განდევნის რიტუალის განსაზღვრული ლოცვებით აღსრულებას გულისხმობს. ეგზორციზმის შესრულება მელქისედეკის წესისამებრ აღმდგარ მღვდელს შეუძლია, რომელიც ეპისკოპოსის, მისიონერი მღვდლისა და სხვა ნებისმიერი სასულიერო პირის სახელით იქნება წარდგენილი.

            ინდუიზმში ეგზორციზმის რიტუალი ინდუსების წმინდა წიგნის, ვედების, ერთ-ერთ ნაწილს – ათჰარვავედას – უკავშირდება. ის მოიცავს ფორმულებსა და შელოცვებს, რომლებიც მაგიასა და ალქიმიასთან დაკავშირებულ საიდუმლოებებს ხსნის (Monier-Williams, 1999). ეგზორციზმის რიტუალისთვის ძირითადად მანტრას გამოიყენებენ, რაც ინდუისტური სალოცავი ფორმულაა სანსკრიტულ ენაზე. აღნიშნული რელიგიის მიმდევრებს მიაჩნიათ, რომ ღვთაება ჰანუმანის ლოცვა განსაკუთრებულად კარგ შედეგს იძლევა. მისი სახელის წარმოთქმაც კი შიშს ბადებს ეშმაკში. როგორც ამბობენ, ჰანუმანის გამოსახულება, რომელიც მისივე სახელობის ტაძარში, სარანგპურში, მდებარეობს, განსაკუთრებული უნარით გამოირჩევა და ერთი შეხედვით შეუძლია შეპყრობილი ადამიანის სხეულიდან გააძევოს ეშმაკი (Saletore, 1981).

            ისლამურ ტრადიციაში შეპყრობილი ადამიანის განკურნება სამ საფეხურად შეიძლება დაიყოს. პირველ რიგში, ადამიანს აშორებენ ისეთ ნივთებს, რომლებიც ყურადღების მოკრებაში უშლის ხელს. შემდეგ მკურნალი ადგენს, ეს პიროვნება ნამდვილადაა ეშმაკით შეპყრობილი თუ არა, და სულთან გასაუბრებას ცდილობს. მესამე საფეხურის დროს იწყება ეგზორციზმი, რომელიც მოიცავს ყურანის გარკვეული ნაწილების კითხვას. შეპყრობილის მკურნალობა, წმინდა წიგნის გარდა, თაფლისა და წყლის გამოყენებასაც მოითხოვს და ნაწილობრივ ცოდვებისგან განწმენდის რიტუალს ემსგავსება (Al-Krenawi & Graham, 1999). როგორც წესი, ისლამურ ტრადიციაში ეგზორციზმის დროს შეპყრობილი წევს, ხოლო მკურნალი თავზე ადგას და ყურანს უკითხავს.

            საუკუნეების განმავლობაში მსოფლიო მასშტაბით მრავალგზის ჩატარებულა ეგზორციზმის რიტუალი. ეგზორცისტები ხშირად წარმატებას აღწევენ და შეპყრობილისგან დევნიან ეშმაკს, თუმცა ისტორიას ახსოვს ის არაერთი შემთხვევა, როცა განკურნების მცდელობა კრახით, საბედისწეროდ დასრულდა. განსაკუთრებით ცნობილი წინა საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში გერმანელი გოგონას, ანელიზ მიშელის, ეშმაკით შეპყრობა და ეგზორციზმი გახდა. ეს ამბავი იმდენად გახმაურდა საზოგადოებაში, რომ რამდენიმე ფილმიც კი გადაიღეს მასზე.[1] ანელიზ მიშელს ერთი წლის განმავლობაში 67-ჯერ ჩაუტარდა კათოლიკური ეგზორციზმის რიტუალი, თუმცა წარუმატებლად და საბოლოოდ არასაკმარისი კვების გამო 23 წლის ასაკში გარდაიცვალა (Forcen, 2017). მისი მშობლები და ეგზორცისტი მღვდელი გოგონას სიცოცხლის გაუფრთხილებლობისთვის გაასამართლეს. ანელიზ მიშელს 16 წლის ასაკში დაუსვეს ეპილეფსიური ფსიქოზის დიაგნოზი და მკურნალობდნენ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. 20 წლის ასაკში გოგონა განსაკუთრებული საზიანო ქცევებით გამოირჩეოდა რელიგიური ნივთების მიმართ, ჰქონდა თვითმკვლელობისადმი მიდრეკილება და სხვა ფსიქოზური ნიშნები, რასაც მედიკამენტური მკურნალობით ვეღარ უმკლავდებოდა. ანელიზის თქმით, იგი დღის სხვადასხვა მონაკვეთში ეშმაკის სახეს ხედავდა. უარს ამბობდა ნაკურთხი წყლის დალევაზე და ეკლესიაშიც თვალს არიდებდა წმინდანთა გამოსახულებებს. სწორედ ამიტომ მისმა მშობლებმა ეშმაკით შეპყრობად მიიჩნიეს გოგონას მდგომარეობა და დახმარებისთვის კათოლიკურ ეკლესიას მიმართეს (Degh, 2001). უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კათოლიკური ეკლესია ოჯახს გოგონასთვის სამედიცინო მკურნალობას ურჩევდა,  რის გამოც სასულიერო პირები დიდი ხნის განმავლობაში არ სთანხმდებოდნენ გოგონასთვის ეგზორციზმის რიტუალის ჩატარებას. მას გარკვეული პირობები უნდა დაეკმაყოფილებინა და უკიდურესად აუცილებელი თუ არ იქნებოდა, სამედიცინო ჩარევას ურჩევდნენ. თუმცა მას შემდეგ, რაც გოგონას მდგომარეობა გაუარესდა, რაც საკუთარი შარდის დალევით, მწერების ჭამითა და თვითდაზიანებებით გამოიხატა, 1975 წელს ორმა მღვდელმა ადგილობრივი ეპისკოპოსისგან მიიღო ნებართვა ანელიზ მიშელისგან ეშმაკის განსადევნად (Goodman, 1988). გოგონა ეგზორციზმის რიტუალის დროსაც იღებდა ანტიფსიქოზურ წამლებს, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ საკვების მიღება შეწყვიტა, რის გამოც მისმა მშობლებმა ექიმების დახმარებასა და რჩევებზე უარი თქვეს, ბოლომდე ეგზორცისტებს მიენდვნენ. რიტუალი დაახლოებით ათი თვე გაგრძელდა. იგი ამ დროის მონაკვეთში ფაქტობრივად ნახევრად მშიერი იყო ხოლმე, რამაც ძლიერ დაასუსტა ორგანიზმი. ანელიზ მიშელი გარდაცვალებისას მხოლოდ და მხოლოდ 30 კილოგრამს იწონიდა. მღვდელთან საუბრისას ანელიზ მიშელმა ახსენა, რომ იგი სხვა ადამიანებისთვის იტანჯებოდა, მაგრამ ძალიან სასტიკი იყო ეს ტანჯვა. გოგონას ნათქვამი თავგანწირვის „ვნებას“ ატარებს. მას ეგონა, რომ იმ ტკივილის ატანა, რაც მას უწევდა, სხვა ადამიანებს დაეხმარებოდა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ქრისტეს გზას იმეორებდა და სხვა ადამიანების გამოსახსნელად და გადასარჩენად საკუთარ თავს სწირავდა. მიუხედავად იმისა, რომ გოგონას მშობლებმა და სასულიერო პირებმა მისი მდგომარეობა ეშმაკით შეპყრობასთან გააიგივეს, თანამედროვე ფსიქოლოგიური ხედვები ყოველი ამ მოვლენის ფსიქოფიზიკურ ანალიზს გვთავაზობს.

ეშმაკით შეპყრობის ფსიქოლოგიური მხარე

            შუა საუკუნეებში ადამიანის ფსიქიკური ტანჯვა და უჩვეულო ქცევა ცოდვილობას მიეწერებოდა. ამასთანავე, ის ეშმაკებისა და ბოროტი სულების გავლენად აღიქმებოდა, ხოლო მათთან ნებისმიერი კავშირი კი ამ ეპოქაში სიკვდილით ისჯებოდა (Henderson, 1977). შუა საუკუნეებში გავრცელებული ეს მოსაზრება XIX საუკუნის ფსიქიკური აშლილობის სამედიცინო ხედვამ სრულიად შეცვალა. XIX-XX საუკუნეში მოღვაწე წამყვანმა ფსიქიატრებმა: გრიზინგერმა, კალბაუმმა, კრეპელინმა და ბლეილერმა აღწერით ნაშრომებში თავი მოუყარეს ფსიქიკური აშლილობის დამახასიათებელ ნიშნებს და მათი დაყოფა-დაჯგუფება დაიწყეს (Zilborg, 2008). ამ ახალი მიდგომით, გარდა იმისა, რომ კლინიკური სარგებელი მიიღო საზოგადოებამ, ასევე ამაღლდა ცნობიერება და უფრო ჯანსაღი დამოკიდებულება გაჩნდა ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით (Henderson, 1982).

            ფსიქიკურ აშლილობათა დაჯგუფებამ და დამახასიათებელი ნიშნების აღწერამ ფროიდზეც იქონია გავლენა: მან ერთი შემთხვევის ანალიზით ჩამოაყალიბა დემონოლოგიური ნევროზის ცნება. ავსტრიელმა ფსიქოანალიტიკოსმა ტაძარში დაცულ მასალებში შეისწავლა მხატვარ კრისტოფერ ჰაიზმანის ცხოვრება, რომელიც ბევრი უცნაურობით ხასიათდებოდა. მამის გარდაცვალების შემდეგ ჰაიზმანს მწვავე მელანქოლია დაეწყო და მეტად პირქუში გახდა. წერილობითი საბუთების თანახმად, 1668 წელს მხატვარმა ეშმაკთან დადო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, შემდგომი ცხრა წლის განმავლობაში კაცის სხეული და სული მას ეკუთვნოდა. ფროიდის აზრით, ჰაიზმანის ეს ქმედება, ეშმაკთან შეთანხმების დადება, გარდაცვლილი მამის ჩანაცვლების სურვილით იყო განპირობებული. იგი იქნებოდა ეშმაკის ვაჟი და შემდგომი ცხრა წლის განმავლობაში სწორედ ის გაუწევდა მამობას. როგორც ჩანს, მხატვარს მამის სიკვდილმა შრომისუნარიანობა სრულად დააკარგვინა, შესაბამისად, ხსნის გზაც ამგვარად მოევლინა. ჰაიზმანსა და ეშმაკს შორის დადებული შეთანხმება ცალსახად მხოლოდ ერთი მხარის, ეშმაკის, სასიკეთოდ იყო. მხატვრის სურვილს, დაუფლებოდა ბოროტი სული, შეგვიძლია მსგავსება მოვუნახოთ რელიგიური ადამიანის სურვილთან, რომელიც, თავის მხრივ, მსგავსია ჰაიზმანისა. ამ შემთხვევაში მას სურს, რომ ეკუთვნოდეს ღმერთს. ორივე მოვლენა მორჩილებაა, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ერთი მათგანი სიყვარულისკენ მიილტვის, მეორე კი მტრობისა და წინააღმდეგობისკენ. როგორც ფროიდი აღნიშნავს, ღმერთი და ეშმაკი თავდაპირველად ერთნაირები იყვნენ, ისინი ერთ არსებას წარმოადგენდნენ, რომელიც შემდგომ ორად საპირისპირო თვისებებით დაიყო (Freud, 1961).

             ფროიდის დემონოლოგიური ნევროზი ღრმა რელიგიურ რწმენას გულისხმობს იმ ადამიანებში, რომლებიც ეშმაკით შეპყრობით იტანჯებიან. ავი სულების არსებობის რწმენა მსოფლიოს მრავალ კულტურაში საკმაოდ გავრცელებული ფსიქიკური პრობლემის მიზეზია. არსებობენ ისეთი შიზოფრენიის მქონე ადამიანები, რომლებიც, რელიგიური მრწამსით ან მის გარეშეც, გრძნობდნენ ბოროტი ძალების გავლენას მათზე (Littlewood, 1981). ამასთანავე, ვხვდებით ისეთებსაც, რომლებსაც სხვადასხვა ფსიქიკური დაავადება აქვთ და ამავდროულად მიდრეკილნი არიან ეზოთერული მსოფლმხედველობისა და ჯადოქრობისკენ (McGuire, 1988). უმეტეს შემთხვევაში რელიგიურ სნეულებს მიზეზ-შედეგობრივი ახსნა აქვთ იმისა, თუ რატომ აქვთ პრობლემები. ამ ყოველივეს კი ეშმაკისეული ძალების არსებობას უკავშირებენ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს ადამიანები თანამედროვე სამყაროში ცხოვრობენ, რომელშიც მეცნიერება მოწოდების სიმაღლეზე დგას და მსგავსი უჩვეულო არსებებისთვის ფსიქოლოგიური და ბიოლოგიური ახსნა მოიძებნება. შვეიცარიის ერთ-ერთ მსხვილ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ჩატარდა კვლევა, რომელმაც 343 პროტესტანტი პაციენტის რელიგიური დამოკიდებულება მოიცვა.  პაციენტების 37% დარწმუნებული იყო, რომ მათი პრობლემები ბოროტი სულების ძალითა და ეშმაკით შეპყრობით იყო განპირობებული. კვლევამ აჩვენა, რომ რელიგიური პაციენტები ხშირად გამოვლენილ ნიშნებს სუბკულტურული, რელიგიური ფასეულობებით ხსნიდნენ. მაგალითად, შიზოფრენიით დაავადებული ადამიანები ხშირად თავიანთ მდგომარეობას, რაშიც უმეტესად ჰალუცინაციები იგულისხმებოდა, ბოროტი ძალების მოქმედებად აღიქვამდნენ. მათი ძალადობრივი ქმედებებიც ეშმაკის სურვილს დაუკავშირეს და საკუთარი თავები წარმოაჩინეს დაზარალებულებად. რაც შეეხება კლინიკური დეპრესიის მქონე პაციენტებს, რომელთა სიმპტომებიც ხშირად ბოდვასთან, წამოცდენებთან იყო დაკავშირებული, რწმენის დაკარგვისა და მისი სამუდამოდ დაგმობის შინაარსს ატარებდა. ნაკლებად მწვავე დეპრესიის მქონე პაციენტებში რელიგიური საქმიანობისა და რწმენის მიმართ  საგრძნობლად შემცირებული სწრაფვა ასევე ეშმაკისეულ გავლენად აღიქმებოდა. ეკლესიის მიერ რელიგიასა და პაციენტს შორის არსებული შეუთანხმებლობა სულიერი ომისა და ბოროტი არსების გავლენის შედეგად განიმარტა. შფოთვითი აშლილობის სინდრომისათვის მნიშვნელოვანია დაძაბულობის, თავკერძული (ეგოისტონიკური)  მახასიათებლებისა და ფსიქოდინამიკური მნიშვნელობის გაანალიზება. ეგოისტონიკური, თუნდაც აკვიატებული, აზრები ინდივიდისთვის ეშმაკისეულ შეტევადაც შეიძლება განიხილოს. იგივე  შეიძლება ითქვას მწვავე სომატური სიმპტომების მქონე პანიკურ შეტევაზე, რომლის დროსაც ადამიანს შფოთვა და უმართავი შიში ეწყება (Pfeifer, 1994).

            ანთროპოლოგი თომას შორდასი თავის ნაშრომში, რომელიც კათოლიკური განკურნების რიტუალებს ეძღვნება, საკმაოდ ვრცლად აღწერს  იმ ეშმაკისეულ თვისებებს, რომლებიც პიროვნულ და სექსუალურ ქცევასთანაა დაკავშირებული (Csordas, 1983). პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანებში სექსუალური არასრულფასოვნება  ხშირად ეშმაკის გავლენით აიხსნება. მიუხედავად იმისა, რომ სექსუალური მიდრეკილებები რელიგიაში ტაბუირებულია, ბოროტი სულების გავლენა სწორედ ამ ქცევისაკენ უბიძგებდა პაციენტებს. პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანებში სექსუალური სურვილები მათი მართვის  გარეშე აღიძვრებოდა, რასაც ისინი ავსულებს მიაწერდნენ (Pfeifer, 1994). შვეიცარიის ფსიქიატრიულ კლინიკაში ჩატარებული ამ კვლევის მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სხვადასხვა ფსიქიკური დაავადების მქონე პაციენტები მათთვის კულტურულად განსხვავებულ ქცევას არა საკუთარ თავს, არამედ ეშმაკს, ავ სულს უკავშირებდნენ. ისინი თავიანთ ქცევაზე პასუხისმგებლობას არ იღებდნენ და მას ეშმაკისეულ გავლენად მიიჩნევდნენ. ცხადია, ეს განწყობა იმ ავადმყოფებზე ვრცელდებოდა, რომლებიც რელიგიურობითა და ღრმა მორწმუნეობით გამოირჩეოდნენ.

            ქცევისა და გამოვლენილი ნიშნების დაკვირვება იმ ადამიანებში, რომლებიც ეშმაკით შეპყრობილად მიიჩნევენ საკუთარ თავებს, მნიშვნელოვან ცნობებს იძლევა საკითხის ფსიქოლოგიურად გადააზრების ჭრილში. ამ ადამიანების სიმპტომები არა მარტო ფსიქიკური, არამედ ფიზიკური დაავადებების სახითაც გამოიხატება. პაციენტები, რომლებიც ეშმაკით შეპყრობილად განიხილავენ საკუთარ მდგომარეობას, ხასიათდებიან ისეთი დაავადებების დამახასიათებელი ნიშნებით, როგორებიცაა ისტერია, ტურეტის სინდრომი[2], ეპილეფსია, შიზოფრენია, დისოციაციური აშლილობა, კონვერსიული აშლილობა[3] (Ross, 2013). ეშმაკით შეპყრობილ ადამიანებში აღნიშნულ დაავადებებთან მიმსგავსებული სიმპტომები სხვადასხვა კულტურაში განსხვავებული სახით გვხვდება, რაც კიდევ ერთხელ გამოხატავს საკითხის მძაფრ კულტურათაშორის და რელიგიურ ფესვებს.

            ანთროპოლოგთა უმეტესობა შეპყრობის სწორედ კულტურულ მხარეზე ამახვილებს ყურადღებას, რასაც ზოგიერთი მკვლევარი ნაწილობრივ უარყოფს.  ანთროპოლოგი მორტონ კლასი მიიჩნევს, რომ ეშმაკით შეპყრობა უნდა მიიჩნეოდეს ადამიანის დისოციაციური აშლილობის ერთ-ერთ ქვეჯგუფად, რომელიც პატერნულ დისოციაციურ იდენტობად (PDI) შეგვიძლია მოვიხსენიოთ (Klass, 2003). დისოციაციური აშლილობის ეს ფორმა  გვიჩვენებს იმას, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი განსაკუთრებულ შესაძლებლობებს იძენს, რაც ხშირად უმართავი ცნობიერებით გამოიხატება. მორტონ კლასი მიიჩნევს, რომ შეპყრობის დროს ადამიანში ჩნდება თვითაღქმა, რომელიც ისეთივე ნამდვილია, როგორიც სხვა ადამიანებში. მისი აზრით, ეს კულტურული მოცემულობაა, რაც ფსიქიკური დაავადების გამომწვევი შეიძლება გახდეს (Klass, 2003). „შეპყრობა“, როგორც დისოციაციური მოვლენა, შეიძლება განვიხილოთ, როგორც ადამიანის თვითმყოფადობისა და თვითაღქმის შემცვლელ გზად. ნეირომეცნიერთა აზრით, დისოციაციური მდგომარეობები, მაგალითად, დერეალიზაცია და დეპერსონალიზაცია, განვითარებად შეგუებად მექანიზმად შეგვიძლია მივიჩნიოთ (Ramachandran, 2004). ეს იდეა ორი  უიშვიათესი სინდრომით შეიძლება აიხსნას. კაპგრას სინდრომი არის ფსიქიატრიული დარღვევა, რომელიც ხასიათდება პაციენტების აღქმის დარღვევით. ამ დაავადების მქონე ადამიანები ვერ ცნობენ სხვებს და ისე აღიქვამენ მათ, თითქოს ნაცნობებთან კი არა, არამედ მათ ორეულებს ესაუბრებიან. აღნიშნული დაავადება წარმოიქმნება ტვინის ტრავმის შედეგად, როცა მხედველობით აღქმასა და განცდას შორის კავშირი ირღვევა (Craffert, 2015). გარდა კაპგრას სინდრომისა, ვხვდებით კოტარდის სინდრომსაც, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება პიროვნების აღქმის პრობლემას. ამ სინდრომის მქონე ადამიანებს ჰგონიათ, რომ გარდაცვლილები არიან. ნეირომეცნიერთა აზრით, ამ შემთხვევაში გრძნობები მოწყვეტილია სნეულთა გრძნობით ცენტრებს. ამ დაავადების დროს ადამიანები ფხიზლად უყურებენ სამყაროს, თუმცა მოკლებულნი არიან მისი განცდის მნიშვნელობას, რაც ლიმბური სისტემის გათიშულობით შეიძლება აიხსნას (Ramachandran, 2004). „ეშმაკით შეპყრობას“, როგორც ფსიქიკურ, ამ შემთხვევაში კი დისოციაციურ აშლილობად აღვიქვამთ და პიროვნების თვითაღქმის პრობლემის ჩარჩოში გავაანალიზებთ, მივხვდებით, რომ ამ სინდრომებსა და „შეპყრობილობას” შორის დიდი კავშირია. ეშმაკით შეპყრობილები დროის სხვადასხვა მონაკვეთში სხვა არსებებთან აიგივებდნენ თავს და მათთვის დამახასიათებელი ქცევებით გამოირჩეოდნენ. ქცევა კი მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული კულტურულ აღქმასთან, შესაბამისად, „ეშმაკით შეპყრობის“ ფიზიკური გამოხატულებაც განსხვავებულია იმის მიხედვით, თუ რას ავიღებთ მის საზომ ერთეულად: რელიგიას, ტრადიციასა თუ გავრცელებულ თქმულებებს. შესაბამისად, „შეპყრობა“ განპირობებულია ადამიანის ბუნებრივი შესაძლებლობებისა და დისოციაციისკენ მიდრეკილებით; ასევე კულტურული შეხედულებებით, როგორც საკუთარ თავთან მიმართებით, ასევე თვითაღქმასა და საზოგადოებრივ გარემოსთან.

ეგზორციზმი, როგორც სამედიცინო მოვლენა, და განსხეულების თეორია

            ეთნოგრაფიულ ჩანაწერებში ეგზორციზმი, ეშმაკის განდევნა, წარმოადგენს „შეპყრობილობის“ მკურნალობის მეთოდს. შესაბამისად, ეგზორციზმი შეიძლება მივიჩნიოთ სამკურნალო საშუალებად, რომელიც მიმართულია მწვავე პრობლემის გადაჭრისკენ. ანთროპოლოგი თომას შორდასის აზრით, ეშმაკით შეპყრობის, როგორც ავადმყოფობის, შესახებ პაციენტმა არაფერი იცის. როგორც წესი, ეს დიაგნოზი საზოგადოების ან მკურნალის მიერაა დასმული და მკურნალობაც, შესაბამისად, მათთვის დამახასიათებელი საზოგადოებრივი ჩვეულებებისა და რიტუალებისგან შედგება. აქედან გამომდინარე, ეგზორციზმი საზოგადოებრივი პროცესია, რომელიც მიმდინარეობს კულტურულ გარემოში და შედგება რომელიმე თემის მოლოდინებისგან, ურთიერთობისა და ღირებულებებისგან (Craffert, 2015).

            იმის მიუხედავად, რომ თანამედროვე სამყაროში საკმაოდ გავრცელებულია ეგზორციზმის რიტუალი, ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანები დახმარებას ფსიქიატრებს სთხოვენ. თვალსაჩინოებისათვის შეგვიძლია განვიხილოთ 21 წლის ქალის მაგალითი. იგი შიგადაშიგ უჩვეულო ძალითა  და საზიანო ქმედებებით გამოირჩეოდა ოჯახის წევრების მიმართ. გარდა ამისა, დროდადრო უცხო ენაზე იწყებდა საუბარს და უცნაური ქცევაც ახასიათებდა. ეს მდგომარეობა 15-20 წუთი გრძელდებოდა, შემდეგ კი ქალს მომხდარი ავიწყდებოდა. ოჯახის წევრების მოთხოვნით ქალი მიიყვანეს იმ სასულიერო პირებთან, რომლებსაც სამკურნალო ძალა შესწევდათ, თუმცა უშედეგოდ. ამის შემდეგ პაციენტი ფსიქიატრიულ კლინიკაში წაიყვანეს შემოწმებისთვის. ფსიქიატრმა დაუნიშნა სათანადო წამლებით მკურნალობა, რამაც შეამცირა იმ გამოვლინებების ხანგრძლივობა, როცა ახალგაზრდა ქალი განსაკუთრებული არადამახასიათებელი ქცევით ხასიათდებოდა. მან ასევე ფსიქოდინამიკურ ფსიქოთერაპიასაც მიმართა, რასაც უნდა გაეუმჯობესებინა მდგომარეობა (Gadit, 2011).

            ამ შემთხვევასთან ერთად შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ 2018 წელს მექსიკაში ჩატარებული ცდისმიერი კვლევით, რომელიც „ეშმაკით შეპყრობის“ მკურნალობის მეცნიერულ გზას გვთავაზობს. 29 წლის ქალს აღენიშნებოდა „ეშმაკით შეპყრობის“ ეპიზოდები, რომლებიც მამის მიმართ თავდასხმითი ქცევებით გამოიხატებოდა. იგი თავად აღიარებდა, რომ ეშმაკით შეპყრობილი იყო. თავდაპირველად გამოიკვლიეს მისი ცენტრალური ნერვული სისტემა. ანატომიური ან ფუნქციური დარღვევები ქალს არ აღენიშნა. ექიმებთან შეხვედრამდე ქალს 5-ჯერ ჩაუტარდა ეგზორციზმის რიტუალი, რომელიც 8 საათი გრძელდებოდა. შემდგომ იგი მივიდა ექიმთა გუნდთან, რომელიც შედგებოდა ფსიქიატრისგან, ნეიროქირურგისგან, ფსიქოლოგისგან, გინეკოლოგისგან, ენდოსკოპისტისგან, ქირურგისა და ეგზორცისტი მღვდლისგან. 29 წლის ქალის დახმარებას 16 ადამიანი ცდილობდა ექიმების, ოჯახის წევრებისა და ეგზორცისტი სასულიერო პირების ჩათვლით, რომელთაგანაც 13-ს სამედიცინო განათლება ჰქონდა. ეს ადამიანები ურთიერთთანამშრომლობით ცდილობდნენ ქალის დახმარებას. რიტუალურ მკურნალობასთან ერთად სამედიცინო გზებით აკვირდებოდნენ მის მდგომარეობას, ქალი სამკურნალო წამლების მიღებას აგრძელებდა. მიუხედავად დიდი ძალისხმევისა და მრავალი ადამიანის ჩართულობისა, პაციენტი ბოლომდე მაინც არ გამოჯანმრთელებულა და კვლავაც აღენიშნება „შეპყრობისათვის“ დამახასიათებელი ხილვები და ქცევები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ შემთხვევამ, პაციენტის გარდა, ეგზორციზმის რიტუალში ჩაბმულ ექიმებზე, ოჯახის წევრებსა და სასულიერო პირზეც იქონია გავლენა. მიუხედავად იმისა, რომ მათ მიერ აღწერილი მოვლენები, რომლებიც რიტუალის შემდგომ განვითარდა, სხვა მოცემულობაში ნორმად შეიძლება მიჩნეულიყო, ისინი სწორედ ეშმაკის განდევნის მცდელობასთან აკავშირებენ ყველაფერს. ეგზორციზმი ტრავმულ გამოცდილებად მიიჩნიეს, რაც მათ ცხოვრებაზე უარყოფითად აისახა (Vazquez, 2017).

            ჩემ მიერ აღნიშნული ფსიქოლოგიური მიზეზების გარდა, რომლებიც, როგორც უკვე ვნახეთ, არა მარტო პაციენტებზე, არამედ იმ ადამიანებზეც აისახება, რომლებიც რიტუალში მონაწილეობენ, გასათვალისწინებელია სხეულებრივი, ფიზიკური მახასიათებლებიც. გარდა იმისა, რომ ეშმაკით შეპყრობილები ხშირად სხეულებრივად გამოხატავენ თავიანთ მდგომარეობას, რაც სცდება ენობრივ ჩარჩოებს და უშუალოდ ფიზიკურ მოქმედებებში აისახება, მნიშვნელოვანია ის ფიზიკური ჩარევები, რომლებიც ეგზორციზმის რიტუალს ახლავს თან. კიდურების უცნაური მოძრაობა, სიარულის თავისებურება, რაც მხოლოდ „შეპყრობის“ დროს  ვლინდება, სხეულებრივი გამოხატულების მიუხედავად, ადამიანის გონებასა და შემეცნებას შეიძლება უკავშირდებოდეს. ასევე, ეგზორციზმის რიტუალის დროს საპასუხო ფიზიკური ქცევები განსხეულებას შეიძლება უკავშირდებოდეს. სტენფორდის ენციკლოპედიის განმარტების თანახმად, შემეცნება განსხეულებულია მაშინ, როცა იგი პირის ფიზიკური სხეულის თავისებურებებზეა დამოკიდებული. ეს გულისხმობს, რომ, ტვინის მიღმა,  სხეულებრივი მხარე მნიშვნელოვან მიზეზობრივ ან ფიზიკურად განმსაზღვრელ როლს ასრულებს შემეცნებისას. ზოგადად, გონებასა და შემეცნებით (კოგნიტურ) მეცნიერებაზე გავრცელებულია მოსაზრება, რომ სხეული ე.წ იარაღია გონების ბუნების გასაგებად. განსხეულებული შემეცნების მომხრე მეცნიერები კი ამას შეცდომად მიიჩნევენ. დამოკიდებულება შემეცნებასა და სხეულს შორის ზოგჯერ მეტად მოულოდნელია, რაც გვთავაზობს შემეცნებითი პროცესების შესწავლის ახალ გზებს (Wilson & Foglia, 2011). განსხეულებული შემეცნების იდეა არა მარტო სხეულს უკავშირდება,  არამედ ხსნის მის გავლენას გონებაზე, რაც ერთ-ერთი ყველაზე არაალღობრივი (ინტუიციური) აზრია კოგნიტურ მეცნიერებაში. წარსულში გონების თეორია, რომელიც რენე დეკარტის, XVII საუკუნის ფრანგი ფილოსოფოსის, მსჯელობას ეყრდნობა, მოიაზრებს გონსა და სხეულს შორის განსხვავებას. რამდენადაც სხეული ბუნებით ყოველთვის იყოფა, გონება სრულად განუყოფელი და, აქედან გამომდინარე, განსხვავებულია სხეულისგან. თანამედროვე კოგნიტურ მეცნიერებაში ეს მსჯელობა ნაწილობრივ გაბათილებულია იმით, რომ ადამიანის შემეცნებაზე ფიზიკურ სამყაროში მიღებული გამოცდილებაც ახდენს გავლენას. განსხეულებული შემეცნების ცნებას შედარებით მოკლე ისტორია აქვს და მეოცე საუკუნის დასაწყისში ისეთი ფილოსოფოსის ნააზრევში ჩნდება, როგორიცაა მარტინ ჰაიდეგერი. მისი ცდისმიერი შესწავლა კი რამდენიმე ათწლეულის წინ დაიწყო. მკვლევარმა პოლ ეკმანმა აღნიშნა, რომ ბედნიერი ადამიანები იღიმიან, სევდიანებს კი, პირიქით, მოწყენილი სახე აქვთ. ეს კარგი მაჩვენებელია იმის ასახსნელად, თუ რატომ აღენიშნებათ „შეპყრობილ“ ადამიანებს გარკვეული ფიზიკური უჩვეულობანი ეგზორციზმის რიტუალის დროს. მათი სხეულებრივი მდგომარეობა ეგზორციზმის დროს იცვლება, ისინი ეხმაურებიან მკვეთრ სინათლესა და სხვა ისეთ გამღიზიანებლებს, როგორებიცაა რელიგიური ატრიბუტიკა, მაგალითად, ჯვარი, ნაკურთხი წყალი, ხატი და ა.შ. გარდა გარეგანი გამღიზიანებლების როლის აღნიშვნისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ რიტუალების დროს „შეპყრობილები“ ხშირად უჩვეულოდ ამოძრავებენ კიდურებს. ნაშრომში განხილულ მაგალითებში კარგად ჩანს მათი სხეულებრივი მდგომარეობა. „ეშმაკით შეპყრობილ“ ანელიზ მიშელს კიდურები უცნაურ, ბუნებრივისგან განსხვავებულ მდგომარეობაში უშეშდებოდა, რაც სწორედ განსხეულებული შემეცნებით შეიძლება აიხსნას. ტორონტოს უნივერსიტეტში ჩაატარეს ცდა, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ ადამიანების მოგონებები უფრო დადებითი იყო მაშინ, როცა ოთახის ტემპერატურა უფრო მეტი იყო. როგორც ჩანს, გარემო ფაქტორები დიდ გავლენას ახდენს ადამიანის არა მარტო ქცევაზე, არამედ შემეცნებაზეც. აღნიშნული ცდის მსგავსი ლოგიკით შეიძლება აიხსნას შეპყრობილების მდგომარეობა ეგზორციზმის რიტუალის დროს. ის გარემოებები, რომლებიც უშუალოდ რიტუალის დროს იჩენს თავს, პაციენტების მიერ მეტად მგრძნობიარედ აღიქმება, რაც მათ სხეულებრივ მდგომარეობაშიც გამოიხატება. შესაბამისად, ის ნიშნები, რომლებიც „ეშმაკით შეპყრობილ“ ადამიანს „შეპყრობილობის“ დროს ახასიათებს და განსაკუთრებით ეგზორციზმის რიტუალის, გამღიზიანებლის, დროს იჩენს თავს, განსხეულებულ შემეცნებას შეგვიძლია დავუკავშიროთ, რაც გონებისა და სხეულის კიდევ ერთი დიდი შემაკავშირებელი რგოლია.

            არსებობს მონაცემები, რომელთა მიხედვითაც საგნების, ადამიანებისა და გარკვეული მოვლენების აღქმა ტვინის მოდალობის თავისებურ სისტემებზეა დაფუძნებული. მოდალობა არის ხელახალი წარმოდგენა, რომელიც აქტიურდება ობიექტების ნამდვილ გამოცდილებაში წარმოსადგენად და მოგვიანებით გამოიყენება მათი არარსებობის შთაბეჭდილების შესაქმნელად. კერძოდ, აღქმისა და მოქმედების ფსიქიკური მდგომარეობის მოჩვენებითი შთაბეჭდილებები ხშირად ჩვენი ცოდნის საფუძველი ხდება. აღნიშნული ხშირად რელიგიური ცოდნის განმაპირობებელიცაა. ამ ვარაუდის მხარდასაჭერად გამოიყენება განსხეულების თეორია, რომელიც რელიგიური გამოცდილების სამ ჭრილშია გაანალიზებული: რელიგიურ ხედვებში, მრწამსსა და რიტუალებში.  მნიშვნელოვანია განსხეულებისა და რელიგიური რწმენის საკითხი. არსებობს მოსაზრება, რომლის თანახმადაც, სხეულისა და გარემოს შესახებ ცოდნა, როგორც წესი, რელიგიურ ჩარჩოებშია მოქცეული და გავლენას ახდენს ყოველდღიური გამოცდილების აღქმაზე (Brill, 2005). ეშმაკით შეპყრობისა და ეგზორციზმის საკითხის ირგვლივ შეგვიძლია რელიგიურ რიტუალებში არსებული განსხეულების ხედვა მიმოვიხილოთ. როგორც წესი, რელიგიური რიტუალები მოიცავს ფიზიკურ ქმედებებს, რაც გვაკავშირებს ადამიანის სხეულებრივ გამოცდილებასთან. ამ კუთხით ადამიანის შემეცნებას შემეცნებითი პროცესების კონტროლის მეტაფორებით გადმოცემის მნიშვნელობა ენიჭება. ხშირად განსხეულებული რიტუალები მეტაფორულად გადმოგვცემენ რელიგიურად მნიშვნელოვან ფსიქიკურ მდგომარეობას. იქიდან გამომდინარე, რომ სხეული და გონება ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული, სხეულის ფიზიკური მდგომარეობა ხელს უწყობს გონების კონტროლს. მაგალითად, თუკი განვიხილავთ მუხლმოდრეკილი მლოცველის მნიშვნელობას ლოცვისას, მივხვდებით, რომ ის ამ მდგომარეობით, კერძოდ დაჩოქებით, გამოხატავს დამორჩილებას. დაჩოქება საზოგადოებრივ ვითარებებში სწორედ დამორჩილების სიმბოლოდ აღიქმება, რელიგიურ ჭრილში კი დაჩოქება ერთგვარი მეტაფორაა ღმერთისადმი მორჩილებისა. ეს რიტუალური მდგომარეობა გამოხატავს მლოცველის ფსიქიკურ მდგომარეობას. აღნიშნული ეგზორციზმს, როგორც რელიგიურ რიტუალს, შეგვიძლია დავუკავშიროთ. თუკი მლოცველი დაჩოქებით საკუთარ მორჩილებას გამოხატავს ღმერთისადმი, ეგზორციზმის რიტუალის დროს შეპყრობილები, პირიქით, დაუმორჩილებლობას გამოხატავენ. მათ განსაკუთრებული პასუხი აქვთ საკრალურ სიმბოლოებსა და მნიშვნელობებზე, ლოცვებზე, ხატებსა და ნაკურთხ წყალზე. ეს გარკვეულწილად იმ ცოდნითაა განპირობებული, რომელსაც რელიგია და წმინდა წიგნი აწვდის სხვადასხვა აღმსარებლობის წარმომადგენლებს.

            თანამედროვე სამყაროში ეგზორციზმის რიტუალთან ერთად მოხშირდა „შეპყრობილობის“ სამედიცინო გზით გადაჭრის, განკურნების შემთხვევებიც. მეცნიერულ მიგნებებთან თანამშრომლობითა და სამედიცინო დაკვირვებით ეგოზრცისტები ცდილობენ ეშმაკით შეპყრობილი პაციენტების დახმარებას. გარდა ამ ფსიქოლოგიური პრობლემის აღმოფხვრისა, ისინი უმკლავდებიან იმ სხეულებრივ პასუხებს, რომლებიც პაციენტებში ეგზორციზმის რიტუალის დროს იჩენს თავს. ეს უკანასკნელი კი მჭიდროდაა დაკავშირებული განსხეულების ცნებასთან, შემეცნების პროცესებისა და ფიზიკური, სხეულებრივი ქმედებების შეერთებასთან. ეგზორციზმის დროს შეპყრობილისთვის დამახასიათებელი ქცევა რიტუალური ხასიათისაა და გამოხატავს შეუგუებლობასა და დაუმორჩილებლობას გარკვეული აღმსარებლობის სიწმინდეებისადმი. ეგზორციზმის რიტუალის მსვლელობისას განცდით აღსავსე  საპასუხო ქმედებები, თავის არიდება და კიდურების უცნაური მოხრილობა „შეპყრობილობის“დამახასიათებელ ნიშნებად აღიქმება, რაც ფსიქიკური მდგომარეობის სხეულებრივი გამოვლინებაა.

დასკვნა

            მსოფლიო ისტორიაში მეტად გავრცელებულ კულტურულ მოვლენებს, ეშმაკით შეპყრობასა და ეგზორციზმს, თანამედროვეობაში მეცნიერული შემცვლელიც გამოუჩნდა. საუკუნეების განმავლობაში ამ ორ მოცემულობას მხოლოდ რელიგიური ფონი გასდევდა, თუმცა ზიგმუნდ ფროიდისა და სხვა მნიშვნელოვანი მკვლევრების ნაშრომებმა ეშმაკით შეპყრობასა და ეგზორციზმზე არსებული წარმოდგენები შეცვალა. საკითხი ამჟამად ორ, კულტურულ და ფსიქოლოგიურ, ჭრილშია გადააზრებული, თუმცა ერთი მეორეს არ უშლის ხელს. ერთი მხრივ, კვლავაც გრძელდება ამ მოვლენების კულტურულ-რელიგიური გაგება, მეორე მხრივ კი, წინ მიიწევს მეცნიერული აღმოჩენები და საკითხი ფსიქოლოგიურ მოვლენადაც მოიაზრება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა მკვლევრმა შეიძლება სრულად უგულებელყოს მათი რელიგიური ან ფსიქოლოგიური ახსნა, ფაქტია, რომ საკითხის ორგვარი გააზრებით უფრო მეტი მასალის ანალიზი შეგვიძლია.

            დღესდღეობით კვლავაც გრძელდება ეშმაკით შეპყრობისა და ეგზორციზმის ტრადიციული ახსნა, რაც რელიგიურ-კულტურულ გამოცდილებას უკავშირდება. ის ფაქტი, რომ მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში „შეპყრობილები“ განსხვავებული სიმპტომებით აღირიცხებიან, მიანიშნებს საკითხის კულტურათაშორის მრავალფეროვნებაზე, შესაბამისად, მხოლოდ ფსიქოლოგიური და მეცნიერული ანალიზით ვერ გადავიაზრებთ აღნიშნულ მოვლენას. მისი ღრმა კვლევისთვის საჭიროა ისტორიულ-რელიგიური გამოცდილების გათვალისწინება და ის ფსიქოლოგიური განმარტებაც, რომელიც დროთა განმავლობაში მეცნიერების წინსვლამ მოუტანა კაცობრიობას. აქედან გამომდინარე, გარდა ცალკეულად ტრადიციული და მეცნიერული მიდგომებისა, წარმოიშვა მათი შუალედური ფორმა, რომელიც აღნიშნულ მოვლენებს, ეშმაკით შეპყრობასა და ეგზორციზმს, ორივე ფორმით განიხილავს და მკურნალობს, კერძოდ, კულტურულ-რელიგიური და ფსიქოლოგიურ-მეცნიერული ცოდნით. ეს შერწყმული ცოდნა შედარებით ახალია პრაქტიკული გამოყენებისათვის, თუმცა თანამედროვე კვლევებში უკვე იკვეთება მისი მცდელობის შედეგები.


ბიბლიოგრაფია:

  1. Al-Krenawi, A., & Graham, J. R. (1999). Social work and Koranic mental health healers. International Social Work42(1), 53–65. https://doi.org/10.1177/002087289904200106
  2. Amorth, G. (1999). An exorcist tells his story (pp. 31–33). Ignatius Press.
  3. Boguet, H., & Summers, M. (2009). An examen of witches drawn from various trials of many of this sect in the district of Saint Oyan de Joux commonly known as Saint Claude in the county of Burgundy including the procedure necessary to a judge in trials for witchcraft. Mineola, Ny Dover Publ.
  4. Brill, K. (2005). Embodiment in Religious Knowledge. Journal of Cognition and Culture5, 1–2.
  5. Craffert, P. F. (2015). What does it mean to be possessed by a spirit or demon? Some phenomenological insights from neuro-anthropological research. HTS Teologiese Studies/Theological Studies71(1). https://doi.org/10.4102/hts.v71i1.2891
  6. Csordas, T. J. (1983). The rhetoric of transformation in ritual healing. Culture, Medicine and Psychiatry7(4), 333–375. https://doi.org/10.1007/bf00052238
  7. Dégh, L. (2001). Legend and belief: dialectics of a folklore genre. Indiana University Press.
  8. Dein, S., & Illaiee, A. S. (2013). Jinn and mental health: looking at jinn possession in modern psychiatric practice. The Psychiatrist37(9), 290–293. https://doi.org/10.1192/pb.bp.113.042721.
  9. Forcen F. (2017). Monsters, demons and psychopaths: psychiatry and horror film. Crc Press.
  10. Freud Sigmund; 1961 [1923]: A Seventeenth-Century Demonological Neurosis. The Standard Edition of the Complete Psychological Works of Sigmund FreudXIX, pp. 72–105. The Hogarth Press, London.
  11. Gadit, A. (2011). Possession: a clinical enigma. Case Reports2011 (mar09 1),
https://doi.org/10.1136/bcr.01.2011.3725
  1. Goodman, F. D. (1988). Front Matter. In How about Demons? Indiana University Press. https://www.jstor.org/stable/j.ctt16gz6j2
  2. Goodman, F. D. (2005). The exorcism of Anneliese Michel. Resource Publications.
  3. Henderson, J. (1977). Object Relations and the Psychotherapy of Sin. Canadian Psychiatric Association Journal22(8), 427–434. https://doi.org/10.1177/070674377702200805
  4. Henderson, J. (1982). Exorcism and Possession in Psychotherapy Practice. The Canadian Journal of Psychiatry27(2), 129–134. https://doi.org/10.1177/070674378202700207.
  5. King, J., & Warren, B. R. (2016). The annotated Daemonologie: a critical edition. (pp. 84-86).
  6. Klass, M. (2003). Mind over mind: the anthropology and psychology of spirit possession. Rowman & Littlefield.
  7. Kleinman, A., Leon, M., Good, B., & Seattle. (1978). Culture, Illness, and Care Clinical Lessons from Anthropologic and Cross-Cultural Research.
  8. Levack, B. (2008). Demonic Possession in Early Modern Scotland. (pp. 169-175). Palgrave Macmillan.
  9. Littlewood, R., & Lipsedge, M. (1981). Acute psychotic reactions in Caribbean-born patients. Psychological Medicine11(2), 303–318. https://doi.org/10.1017/s0033291700052120
  10. Mcguire, M. B., & Kantor, D. (1988). Ritual healing in suburban America. Rutgers University Press.
  11. Midelfort, E. (2019). The Devil and the German People (pp. 227–239). Routledge.
  12. Monier-Williams, M. (1999). Brahmanism and Hinduism; Or, Religious Thought and Life in India, As Based on the Veda and Other Sacred Books of the Hindus. In Google Books. Adegi Graphics LLC. https://books.google.ge/books?id=U5IBXA4UpT0C&redir_esc=y
  13. Monter E. W. (1976). Witchcraft in France and Switzerland: the borderlands during the Reformation. (pp. 60). Cornell U.P.
  14. Pfeifer, S. (1994). Belief in demons and exorcism in psychiatric patients in Switzerland. British Journal of Medical Psychology67, 247–258.
  15. Ramachandran, V. S. (2004). A brief tour of human consciousness: from imposter poodles to purple numbers. Pi.
  16. Rapley, R. (1999). A Case of Witchcraft: the Trial of Urbain Grandier. Mcgill Queens University Pr.
  17. Ross, C. A., Schroeder, E., & Ness, L. (2013). Dissociation and Symptoms of Culture-Bound Syndromes in North America: A Preliminary Study. Journal of Trauma & Dissociation14(2), 224–235. https://doi.org/10.1080/15299732.2013.724338
  18. Royal, K. (2012). Investigating the Practice of Christian Exorcism and the Methods Used to Cast out Demons. The Journal of Christian Ministry.
  19. Saletore.R. N.  (1981). Indian witchcraft. (p. 40). Humanities Press.
  20. Sluhovsky, M. (2002). The Devil in the Convent. The American Historical Review107(5). https://doi.org/10.1086/ahr/107.5.1379
  21. Vazquez, J. L. M. (2017). Experience of health professionals around an exorcism: A case report. Oatext.com. https://www.oatext.com/experience-of-health-professionals-around-an-exorcism-a-case-report.php
  22. Wiklinson, T. (2007). The Vatican’s Exorcists (p. 25). Warner Books.
  23. Wilson, R. A., & Foglia, L. (2011). Embodied Cognition (Stanford Encyclopedia of Philosophy). Stanford.edu. https://plato.stanford.edu/entries/embodied-cognition/
  24. Zilboorg, G. (2008). A history of medical psychology. W.W. Norton.


[1] მათ შორისაა 2005 წელს გადაღებული „ემილი როუზის ეგზორციზმი“ სკოტ დერიქსონის რეჟისორობით და ჰანს კრისტიან შმიტის 2006 წლის გერმანული დრამა „რექვიემი“.

[2] ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება მოტორული და ფონური ტიკით.

[3] მდგომარეობაა, რომლის დროსაც ადამიანის ფსიქიკური დარღვევები სხეულებრივ, ფიზიკურ სიმპტომებში გამოიხატება.



მდევარი